არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლუბა ელიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : Previous  1, 2
AuthorMessage
ნიკა ჩერქეზიშვილი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 277
Age : 35
Location : თბილისი
Job/hobbies : ქრიზანთემები
Humor : ცხოვრება
Registration date : 24.02.09

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Tue Jun 30, 2009 3:59 pm

: )


Last edited by ნიკა ჩერქეზიშვილი on Tue Aug 27, 2013 12:35 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://www.geogen.ge
nuciko dekanozishvili
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 51
Humor : :)
Registration date : 27.12.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Sat Jul 18, 2009 6:05 pm

ლუბა, ჩემი დიდი სიყვარული და მონატრება flower sunny Like a Star @ heaven
Back to top Go down
View user profile
gogona



Female
Number of posts : 23
Age : 29
Location : saqartvelo
Job/hobbies : bodiala :)
Humor : =)
Registration date : 18.04.10

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Sat Mar 12, 2011 4:33 pm

ლუბა ელიაშვილი

საზრისი

"იგი, ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით,
ფრთებით დაიფარე, ამას გევედრები"
გალაკტიონი

ასაკთან ერთად
სხეული დნება... და იცრიცება,
და თურმე, სულიც
იფილტრება, მსუბუქდება,
თავისუფლდება ცოდვებისაგან, -
აღარ აშფოთებს
გრძნობების ბორგვა.
ცხოვრების წლები
ემსგავსება
დახვეულ გორგალს, -
ადამიანის
სიცოცხლეში გადადგმული
ყველა ნაბიჯის გაყოლებაზე
გზად გაბმული
მზის სხივების
თითოეული პატარა ფთილის
აჩეჩილ და თოკად დართულ
სხივმფინავ გორგალს.
ამ გორგალის ის ნაწილი ანათებს მხოლოდ,
სიყვარულით რაც გაიარე.
სულ ეს ყოფილა ადამიანი...
რომ დაბერდება,
უწინდელს არ ჰგავს, -
ვნებებისგან
თავს აღარ კარგავს.
მეც ასე ვარ -
დამრჩა მხოლოდ
სევდა და განსჯა.
ვარ მდუმარედ,
ფიქრებსა და მოგონებებში...
ვიხსენებ იმათ,
ვინც მიყვარდა,
როგორც მიყვარდა...
და რა თქმა უნდა მათაც,
ვინც მიყვარს -
ანუ ვისი კარგად ყოფნისთვის
სიცოცხლეც კი არ მენანება.
ამ გორგლით ხელში
უნდა წარვსდგე უფლის წინაშე,
პირაღმა ვწევარ.
მეასედ ვამბობ "მამაო ჩვენოს",
ამის მეტი, სამწუხაროდ,
არ ვიცი ლოცვა,
ვეღარც ვისწავლი -
რადგან უძლურებამ
საწოლს მიმასრისა.
ღმერთს ბოლო თხოვნას
გალაკტიონის ლექსად ვეტყვი:
"მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა..."

I love you
Back to top Go down
View user profile http://elenlomadze.hi5.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Wed Oct 01, 2014 3:54 pm



წიგნის დასახელება - „მოვიქცეთ ჯაზურად“
ავტორი - ლუბა ელიაშვილი
რედაქტორი - მიხო მოსულიშვილი
დამკაბადონებელი - თამარ ქავჟარაძე
ISBN - 978-9941-0-6861-4
გვერდები - 132
ყდა - რბილი
გამოცემის თარიღი - 2014


„გაჯაზება“,
ანუ
ლუბაურა ლექსების კარნავალი


რედაქტორის წინათქმა

ლუბაურა ლექსებია ამ წიგნში წარმოდგენილი და თამამად უნდა ითქვას, რომ ამათ, ამ ლექსებს „ჯაზურად მოქცევა“, ანუ „გაჯაზება“ უყვართ.
„გაჯაზება“ - თანამედროვე ქალაქური ჟარგონიდან არის და უცნაურ, ლაღად საკვირველ ქცევას აღნიშნავს - თანაც ძალიან ზუსტად, როგორც ეს ჟარგონს სჩვევია ხოლმე.
ერთ ლუბაურა ლექსში - „ლომებიანი სიზმრები“, სადაც ხორხე ლუის ბორხესის მოთხრობიდან „ლურჯი ვეფხვები“ ამგვარი ეპიგრაფია: „ჩემი ცხოვრება არაფრით იყო გამორჩეული, თუმცა სიზმარში სულ ვხედავდი ვეფხვებს“, ხოლო თავად ლექსში ავტორი თავის სიზმრის ლომებზე გვიამბობს, მე გამახსენდა ჯაზური რიტმის ჩინებული მცოდნის, ერნესტ ჰემინგუეის „მოხუცი და ზღვის“ ფინალი - დიდი თევზის, მარლინის დამჭერი და მერე დამკარგავი, თან გამარჯვებული და თანაც დამარცხებული მოხუცი სანტიაგო დაიძინებს და სიზმარში ლომებს ხედავს... ძლიერი ხასიათის კაცია და იმიტომ ხედავს ასეთ სიზმარს...
ამით ის მინდა მიგანიშნოთ, რომ ლუბაურა ლექსებმა იციან, რომ ამ ცხოვრებაში რაც არ უნდა გაიმარჯვო, მაინც დამარცხებული იქნები...
კიდევ ბევრი რამე იციან ამათ, ამ თავისებურმა და არავის მგვანმა ლექსებმა.
ყურადღება იმას უნდა მივაქციოთ, რომ თავიანთ სათქმელს ეს ლექსები კარნავალური ხერხებით გადმოსცემენ: რაც არ უნდა აუტანელ და დარდიან სინამდვილეზე გვიამბობდნენ, სულ ნავარ-ნავარდით გვაკითხებენ თავს და ისიც ძალუძთ, რომ ღამე გაგვათენებინონ და მამლის ყივილამდე გაკითხონ და გაფიქრონ, მერე უკანაც მიგაბრუნონ ხელახლა გადასაკითხად...
ამასთან, თან ადევნებაც მშვენივრად იციან, რომ აგეკვიატებიან და აღარ დაგეხსნებიან.
და ეს ლექსები ისე უხდებიან ავტორს, როგორც - მისსივე შედარებას მოვიყვან, - აყვავებული ატმები - გაზაფხულს...
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მკითხველის გულისკენ მიმავალ გზას დავულოცავ ლუბა ელიაშვილის ლექსების პირველი კრებულს – ამ ლაღ, ალაგ დარდიან და ფიქრიან, ალაგ მხიარულ და იუმორით აღსავსე პოეტურ კარნავალს.
გააჯაზეთ, ლუბაურებო!
ბოლომდე ეგრე გააჯაზეთ!

მიხო მოსულიშვილი
2014



ლუბა ელიაშვილი

ჩამო

ჩამო!
თვალებში ჩაგხედო
ჩემო ბავშვობავ თავხედო..
ასკინკილათი ნარბენი
სიხარულები გავხედნოთ,
ოცნების ეტლში შევაბათ
უდარდელობის რაშები,
ისე ხმამაღლა ვიცინოთ,
შვილებმა მკითხონ:
რას შვები?
ჩამო!
ფოთლებში ვიპოვოთ
თაფლივით ტკბილი თუთები
და სადარბაზოს კუთხეში
კოცნით გავცვითოთ ტუჩები.
ჩამო!
უგონოდ მთვრალებმა
ლექსები ვუთხრათ სახურავს,
მერე ერთმანეთს ვუამბოთ
ცა ქუდად როგორ გვახურავს.
ჩამო!
ჩინური კეტები
გრაციოზულად ვატაროთ,
მუჭში გაცრილი კანაფი
სხვენზე წრედ შემოვატაროთ
ჩამო!
მინდა რომ ვიღაცამ
ისევ ჩამთვალოს სულელად
ჩამო!
ერთმანეთს ვახალოთ
გრძნობითგამსკდარი გულები
ჩამო!
დილამდე ვიცეკვოთ
ჩამო!
მოვიქცეთ ჯაზურად
ჩამო!
შენ მინდა შეგჩივლო
ეს, რამდენი დრო გასულა.
ჩამო!
წარსულის შუკებში
იქნებ მივაგნოთ მეგობრებს...
მ ა გ რ ა მ,
შენ თურმე
წ ა ს უ ლ ხ ა რ,
მე რომ ...
ეზოში მეგონე.

I love you
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Sat Oct 25, 2014 11:29 am

ლუბა ელიაშვილი

სიყვარულის ახსნა
(პირველი წიგნის პრეზენტაციის გამოძახილი)

შვილები -
სულზე დამჩნეული სინათლის ლაქები -
მზის სხივის ტვიფარები.
მშობლები -
მყარად ნაგები ქვითკირის სახლები -
მთელი ბავშვობა კედლებს რომ კაწრავ და
დანგრევის მერეც რომ გიფარებენ.
და-ძმები - მაღალი ხეები -
შრიალით გამშვიდებენ,
ხანგრძლივი ხეტიალით დაღლილს
ძნელ გზაზე ჩრდილებს
უსიტყვოდ დაგიგებენ.
მეუღლე -
ღონიერ მხარზე ლოყით ეყრდნობი, -
სიცოცხლე გიხარია,
ბედნიერი ვარ.
მეგობრებიც აქ ხართ.
ვუსმენ ჯაზს და ვგრძნობ,
თუმცა ზამთარია,
სიკვდილიც ვერ მაფრთხობს,
რადგან ვიცი, -
ყველანი აქ არიან.
ასეა, არა ვტყუი:
მთვარიან ღამეს
ჩემი ცხოვრების მწვერვალზე
ბებერი მგელივით
უშიშრად ვდგავარ -
სიყვარულს შემოგყმუით.

I love you
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Wed Nov 12, 2014 1:01 pm



რუსუდან ადვაძე

ლუბა ელიაშვილის და შალვა შავგულიძის სიყვარულმა დიდ გამოცდას გაუძლო

ჟურნალისტი ლუბა ელიაშვილი, რომელსაც ერთი წლის წინ ინსულტი დაემართა, საზოგადოების წინაშე ახალი ამპლუით წარდგა – პოეტად მოგვევლინა. "მოვიქცეთ ჯაზურად" – ასე ჰქვია ლექსების კრებულს, რომლის პრეზენტაციაზეც ქალბატონი ლუბა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა.
ლუბა ელიაშვილმა ლექსების წერა სკოლის ასაკში დაიწყო. მოზრდილ ასაკში კი მაშინ წერდა, როცა დრო ჰქონდა. საკუთარ ლექსებს ინტერნეტში ფსევდონიმით აქვეყნებდა. მისი ამ გატაცების შესახებ მხოლოდ ძალიან ახლობლებმა თუ იცოდნენ. ამბობს, რომ კომაში ყოფნის დროს საიქიო ნახა და იქიდან მამამ და ბებიამ "გამოაგდეს". უნდა, სიცოცხლეში ისეთი რამ გააკეთოს, რაც მის ამქვეყნად მობრუნებას გაამართლებს.
ლუბა ელიაშვილი ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებს. დარწმუნებულია, რომ მომავალ ზაფხულამდე ხელსაც აამოძრავებს და ზღვაშიც გაცურავს.
ინტერვიუს, რომელიც ქალბატონი ლუბას სახლში შედგა, მისი და, მანანა და ქმარი – იურისტი და ამჟამად პარლამენტის დეპუტატი, შალვა შავგულიძეც ესწრებოდნენ.

ლუბა ელიაშვილი: უზომოდ ბედნიერი ვარ. ჩემი ლექსების წიგნის პრეზენტაციაზე ყველა ლამაზი იყო. ვთვლი, რომ ადამიანებს ბედნიერება და სიხარული ალამაზებთ. სიყვარულით ავივსე და უბედნიერესი მოვედი სახლში. უზომოდ ვღელავდი, მაგრამ ეს სასიამოვნო ღელვა იყო. ძალიან მადლობელი ვარ საჯარო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, გიორგი კეკელიძის, რომელმაც ამ შენობაში დარბაზი დამითმო და დიდი ყურადღებით მომექცა. ძლივს შევედი. რეპეტიციაც კი გავიარე, როგორ უნდა შევსულიყავი. მწერალმა მიხო მოსულიშვილმა უზომოდ გაალამაზა საღამო თავისი შესანიშნავი სიტყვით. ულამაზეს მომღერალს, მარიამ ბარათაშვილს მიჰყავდა საღამო. საოპერო მომღერალია და დარწმუნებული ვარ, მილანსა და ლა სკალაში გვასახელებს.

– ქალბატონო ლუბა, ლექსების წერა ავადმყოფობის შემდეგ დაიწყეთ?
ლუბა: თქვენ ჩემი სტომატოლოგის, ზურაბ ბილიხოძესავით გამოგივიდათ. კბილს მიკეთებდა და პირი ღია მქონდა, ვერ ვლაპარაკობდი. ჩემს დას, მანანას ჰკითხა, ავადმყოფობის მერე როგორ არისო. მანანამ უპასუხა, კარგად არის, ლექსებსაც წერსო. იკითხა, ავადმყოფობის მერე დაიწყოო. მინდა, ბატონ ზურაბს ვაჩუქო ჩემი ლექსების კრებული, რომ მიხვდეს, იმიტომ არ დავიწყე ლექსების წერა, რომ ტვინი "მომიცურდა"... ზურიკელა, ბებიაშენმა თუ იცის, ლექსების წერა რომ დაიწყეო, დაახლოებით ასე გამოუვიდა.
ლექსების წერა ადრეულ ბავშვობაში დავიწყე. ჩქარი წერა არ გამომდიოდა, ასოები აცაბაცა გამირბოდნენ. ნელა ვწერდი და ისე, რომ თითოეულ ასოს ვხატავდი. ამიტომ უცებ მოსული ლექსის ჩაწერას ვერ ვასწრებდი. ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარია ლეილა ხომერიკი, რომელსაც ყველა მაია ბურჭულაძის სახელით იცნობს – შესანიშნავი დეტექტივების ავტორი გახლავთ. ამოაძრობდა ხოლმე კალმისტარს და ჩქარ–ჩქარა იწერდა ჩემს ლექსებს. კომპიუტერზე ბეჭდვა კი ვისწავლე ჩქარ–ჩქარა. ინტერნეტი და ლიტპორტალები რომ აღმოვაჩინე, მაშინ გავიხარე.
ბავშვობაში უფრო ტრაგიკულ ლექსებს ვწერდი. გარდატეხის ასაკში ალბათ ბევრი რამ გროვდება ადამიანში და ძირითადად დარდიანი ლექსები გამომდიოდა. მერე და მერე უფრო ლაღი გახდა. გარდატეხის ასაკში უფრო ფიქრობ სიკვდილზე და ცუდ რამეებზე. უნივერსიტეტში სწავლის დროს სასაცილო ლექსებს ვწერდი. კოტე ყუბანეიშვილი რომ აკეთებდა რეაქტიულ კლუბს, მაშინ მითხრა, მოიტანე ლექსები და ჩვენს კლუბში იყავიო. მაგრამ მაშინ იმედი არ მქონდა, რომ ჩემი ლექსების გამოქვეყნება ღირდა. არ დავთანხმდი, რადგან შემეშინდა. მეგონა, ნიჭი არ მეყოფოდა.

– ამიტომაც არ იცოდა ფართო საზოგადოებამ თქვენი ამ გატაცების შესახებ?
ლუბა: დიახ, მხოლოდ ძალიან ახლობლებმა თუ იცოდნენ. ერთ მშვენიერ დღეს გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე ჩანთა დავკარგე, სადაც ბლოკნოტი მედო. მთელი ჩემი ლექსები იქ ეწერა. ვიფიქრე, იმ ადამიანმა, ვინც ტაბიძის ქუჩაზე ლექსებს დაკარგავს, ლექსების წერა აღარ უნდა გააგრძელოს–მეთქი და კარგა ხანს აღარც დამიწერია. მერე ლიტერატურულ საიტს მივაგენი და ფსევდონიმით დავიწყე ჩემი ლექსების დადება. ამ საიტის მომხმარებლებს დიდხანს ბიჭი ვეგონე. მიუხედავად იმისა, რომ ფოტო მედო, მაინც ყველა ფიქრობდა, რომ ბიჭი ვიყავი. ახალგაზრდობის ფოტო იყო, სადაც გაკრეჭილი თმით ვიყავი. მერე შვილებზე, დიასახლისური ლექსები რომ დავწერე, კი მიხვდნენ, რომ ქალი ვიყავი.

– ბიჭი რატომ ეგონეთ, როგორ ლექსებს წერდით?
ლუბა: მთელი ცხოვრება მინდოდა, რომ ჩემთვის ლექსი მოეძღვნათ, მაგრამ არავის მოუძღვნია. მერე ავდექი და მე თვითონ მივუძღვენი საკუთარ თავს. ეს იყო ქალისადმი ბიჭის მიძღვნილი ლექსები. სინამდვილეში კი მე ვუძღვნიდი საკუთარ თავს იმ ლექსებს. შეყვარებული კაცების ლექსებს ვწერდი. სასოწარკვეთილი დიასახლისების ლექსებიც მაქვს. დიდი ხნის განმავლობაში ოჯახის ფსიქოლოგად ვმუშაობდი და ბევრი ადამიანი ვნახე, ვისაც პრობლემები ჰქონდა ოჯახში. ადამიანები თავიანთ თავში იყვნენ ჩაკეტილები. მუდმივად "სიყვარულსა მალვა უნდა" პოზიცია გვაქვს, არადა სიყვარულს ხანდახან გამხელასჭირდება.

– ბატონმა შალვამ იცოდა, რომ გინდოდათ, თქვენთვის ლექსი მოეძღვნათ? ან თვითონ თუ ეხერხება წერა?
ლუბა: მგონი, არ არსებობს ქალი, რომელსაც არ უნდა, რომ ლექსი მიუძღვნან. მე შალვასადმი მიძღვნილი ლექსებიც მაქვს. როგორც წესი, ჯერ მას ვაკითხებ ხოლმე. რომ მომაწვდის და მეტყვის კარგიაო, უზომოდ მიხარია. ჩემი კრებულიც რომ მოეწონა, ისიც ძალიან გამიხარდა, თორემ ვღელავდი. თუ შალვას არ მოეწონება ლექსი, მერე ის მეც აღარ მომწონს, რადგან ძალიან გემოვნებიანია და პოეზიაც უყვარს.

შალვა შავგულიძე: მე და ლუბას პოეზია ყოველთვის გვიყვარდა. როცა ერთმანეთი გავიცანით, მაშინაც წერდა. დილაობით, რომ გვეჩქარებოდა სამსახურებში, გამოიტანდა ლექსს, დავწერე და წაიკითხეო. ზოგი მომწონდა და ზოგი უფრო მომწონდა.

ლუბა: ხანდახან კი იტყვის, რომ არ მოსწონს. შეიძლება ვიკამათოთ კიდეც, როდესაც რაიმე ცხოვრებისეული აზრი მაქვს ჩადებული. ძირითადად დილაობით, როცა ვიღვიძებ, მაშინ ვწერ ლექსებს და მაშინვე შალვას ვაკითხებ. ხშირად სისხამ დილით მხოლოდ ძირითადი ფრაზა მომდის თავში. მერე კი მასზე ვაგებ ლექსს. მაგალითად, ერთ დღეს მანქანით მოვდიოდი და უცებ ამომიტივტივდა ირინა ენუქიძის სახე და დავწერე ფრაზა – "წლებს გადასწვდება დედის თვალებში ჩაქვავებული დარდი". ეს იყო მთავარი ფრაზა, რომელზეც მერე ლექსი დავწერე. ლიტსაიტზე ბავშვები რომ დებდნენ ლექსებს, ამბობდნენ, რასაც დავწერ პირველად, მას არაფერს ვამატებო. ეს სწორი არ არის. უცებ ნათქვამი არის ის, რისი ამოთქმაც გინდა, მაგრამ, როგორც ნებისმიერ ძვირფას ქვას სჭირდება წახნაგების გაკეთება, ასეა ლექსიც, რომ თავისი სახე მიიღოს.
ავადმყოფობის დროს ვიფიქრე, შეიძლება ისე წავიდე ამქვეყნიდან, რომ ჩემი კრებული ვერ გამოვცე–მეთქი. დას ანდერძად დავუბარე, ისე არ დამტოვო, ჩემი ლექსების კრებული რომ არ გამოსცე–მეთქი. მართლაც მოჰკიდა ხელი და ყველაფერი გამოუვიდა.

შალვა: ლუბას თითოეულ ლექსში მის სულში გამოვლილი სიმართლე ჩანს. სულ მომწონდა და მომწონს მისი ლექსები.

– თქვენ რომ გეძღვნებათ, ისინი უფრო მოგწონთ?
შალვა: ამ თვალით არ შემიფასებია. ზოგზე ვერც ვხვდებოდი, რომ მე მეძღვნებოდა. თავის მამაზე აქვს ძალიან კარგი ლექსი, ასევე – შვილებზე. ზოგი ლექსი, სადაც, ჩემი აზრით, მე მგულისხმობს, შეიძლება არც მომეწონოს. ლექსის წერა ასეთ ქვეყანაში, სადაც ასეთი პოეტები გვყავდნენ, სერიოზული საქმეა. ვფიქრობ, ნიჭიერია და ვნახოთ, როგორი შეფასება ექნება.

– ბატონო შალვა, თქვენ არ გიცდიათ ლექსის წერა?
შალვა: სკოლის პერიოდში, ალბათ 15 წლამდე ასაკში მიცდია.

– კრებულში ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაწერილი ლექსებიც შევიდა?
ლუბა: ამ ბოლო დროს შექმნილი ლექსები "ფეისბუქზე" გამოვაქვეყნე. მინდა, ჩემს მომდევნო კრებულს დავარქვა "თეთრი ღრუბლების ცხენი". ეს ლექსი რომ დავწერე, მივხვდი, რომ ლექსის წერის თავი ისევ შემრჩა, თორემ მანამდე ჩემს დას და ექიმს ვეხვეწებოდი, დამამშვიდებელი წამალი არ დამალევინოთ–მეთქი, რადგან შემოქმედი ადამიანისთვის არ შეიძლება. მერე კიდევ დავწერე, კიდევ, კიდევ... ამ მდგომარეობაში რომ ჩავვარდი, ბევრ რამეზე დავიწყე ფიქრი – სიკვდილზე, სიცოცხლეზე, გარდაცვლილ ადამიანებზე. კომიდან დავბრუნდი და ზუსტად ვიცი, რომ საიქიო არსებობს.

– რა ნახეთ კომაში მყოფმა?
ლუბა: დიდი, ხასხასა მწვანე მინდორი. უამრავი ხალხი იყო. უცებ აღელვებულმა მამაჩემმა მოირბინა და მითხრა, ბებიაშენმა შემოგითვალა, აქედან წადი, შენი ადგილი აქ არ არისო.
კიდევ, იცით, ვინ ვნახე? ჩემი მეგობარი, დათო შალიკაშვილი, რომელიც ახალი გარდაცვლილი იყო. მანაც მანიშნა ხელით, აქედან წადიო. რეანიმაციაში რომ გავახილე თვალი, ვიფიქრე, ეტყობა, სამოთხის ღირსი არ ვიყავი და სალხინებელში გამომაგდეს, რომ ცოდვები აქ მოვინანიო და მერე გადაწყვიტონ, ჩემი ადგილი სად არის–მეთქი. ახლა ზუსტად ვიცი, რომ სიკვდილი საშიში არ არის. მთავარია, ისეთი რამ არ ჩაიდინო, რომ არ გეპატიოს. იქ ისეთი ადგილია, ვინც მონატრებული გყავს, ყველას ნახავ. იქ ვინც ვნახე, ყველა ჩემი შინაური და ნაცნობი იყო. ალბათ ყველას თავისიანები ხვდებიან.
მერე მედიკამენტოზურ კომაში ვიყავი, რომ ზედმეტ ღელვას უკუშედეგი არ გამოეწვია. მე კი ვერ ვისვენებდი და აპარატს ვიძრობდი. ძალიან ვცელქობდი. მეგონა, რომ ექიმები და ექთნები დაფრინავდნენ. ყველა თეთრხალათიანს ერთნაირი სახით ვხედავდი. ექიმი გვერდით რომ მედგა, მერე გავიხედავდი და უკვე შორს იყო. ვფიქრობდი, ასე სწრაფად როგორ გადაადგილდებიან, ალბათ დაფრინავენ–მეთქი. რუსულად დავიწყე ლაპარაკი. თურმე ეს ჩვეულებრივი რამაა ასეთ მდგომარეობაში. ვიღაც ამერიკელის ნაწერი წავიკითხე, რომელიც ინსულტის მერე გონზე რომ მოსულა, ფრანგულად დაუწყია ლაპარაკი. მე კი რუსულად გალიჩის ლექსებს ვამბობდი.

– მეტყველების უნარი არ დაგიკარგავთ?
ლუბა: მეტყველების უნარი ერთი წუთითაც არ დამიკარგავს. სამაგიეროდ, ბევრი სხვა რამ გამიჭირდა. ჩემს დას ვეუბნებოდი, რადგან მეტყველების უნარი მაქვს, იმიტომ გგონივართ ცოცხალი, თორემ სინამდვილეში მოვკვდი და წამიყვანეთ, შუა ოთახში დამაწვინეთ და მერე დამასაფლავეთ–მეთქი. იმდენი ვიწუწუნე, მანანამ მითხრა, თუ დამპირდები, ერთი საათით მაინც გაჩუმდები, არაფერს იტყვი, რომ პანაშვიდზე ხალხი არ შემიშინო, დაგიჯერებო. ვერ დავპირდი, რადგან ვერ ვჩერდებოდი, სულ ვლაპარაკობდი.

მანანა ელიაშვილი: ლუბას იუმორის გრძნობა ერთი წუთითაც არ დაუკარგავს. ექიმი შემოვიდა და იმას ჩემზე ეუბნებოდა, რომ კაპასი და საშინელი ვიყავი. მან უთხრა, რა კარგია, იუმორის გრძნობა რომ შეგრჩათო. გაგვიხარდა, რადგან ეს პირველი ექიმი იყო, ვინც მიხვდა, რომ ლუბა ხუმრობდა.

ლუბა: ეგონათ, გავრეკე. თან ჩქარ–ჩქარა ვლაპარაკობდი და ფიქრობდნენ, აღგზნებული ვიყავი და დამამშვიდებელს მიკეთებდნენ. ვიხვეწებოდი, ეს წამლები აღარ მომცეთ–მეთქი. სანამ ბუნტი არ მოვაწყვე, რეანიმაციიდან არ გამიყვანეს. ვყვიროდი – პალატა! პალატა! ალბათ სწორია, რომ ავადმყოფი სულ ექიმის თვალწინ უნდა იყოს, მაგრამ იქ ვიღაც კვნესის, ვიღაცას უჭირს...
სასწაული იყო ჩემი გადარჩენა. ავსტრიელი ექიმი იმყოფებოდა აქ და მან და დავით ყაზაიშვილმა გამიკეთეს ოპერაცია. თავის ქალიდან ძვალი ამომაცალეს. ტვინის შეშუპება რომ არ დაიწყოს, ადგილს ათავისუფლებენ. ჩემი ძვალი გაყინეს და მერე ისევ ჩამისვეს. ვხუმრობდი, აქეთ მხარეს რბილი ტვინი მაქვს და რამე არ ჩამარტყათ ან არ მიმარტყმევინოთ–მეთქი.
ჩემს ორგანიზმს უდიერად ვექცეოდი. ნერვიულობაც ისეთი ვიცი, რომ... ყველა ნაცნობი, ყველა თანამშრომელი და მათი პრობლემა ჩემი სადარდებელი იყო. თავდაუზოგავად ვშრომობდი. თავს დასვენების უფლებას არ ვაძლევდი. თან, საოცარი ექსტრემალური სიტუაცია მოვიწყვე. 220 მქონდა წნევა, აბაზანაში რომ შევედი და თავჩაღუნულმა ცხელი წყლით თავი დავიბანე. თავი რომ ავწიე, თვალები დამიბნელდა და ტუჩები გვერდით მომექცა.
სასწაული ის იყო, რომ ინტერნეტში ბევრი ადამიანი აზიარებდა ინსულტზე მასალას, სადაც ეწერა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პირველადი დახმარება ინსულტის დროს. ამ დროს ყველა თითში ფრჩხილის ქვემოთ ნემსი უნდა შეურჭო და სისხლი გამოადინო. ამას რომ ვკითხულობდით, შალვამ თქვა, პირველი დახმარება ის იქნება, მაშინვე რომ სასწრაფო გამოიძახოო... მანანამ ყველაფერი გააკეთა – სასწრაფოც გამოიძახა, თითებში ნემსიც შემირჭო და ყურებიც დამიზილა.

მანანა: ყველას უკვირდა, ლუბას სახე რომ სწორი ჰქონდა და არაფერი ეტყობოდა.

ლუბა: დიდი მადლობა მას, ვინც ეს პოსტი დადო თავიდან და ვინც გაავრცელა – იმასაც. მანანას ვეხუმრებოდი, თითებში ნემსი როგორ მიყარე, ეტყობა, წინა ცხოვრებაში ჯალათი იყავი–მეთქი. საავადმყოფოში ჯალათს რომ ვეძახდი, ექიმები ფიქრობდნენ, რას ერჩის ამ ოქროსავით დას, თავზე რომ ყვებაო... შეიძლება მთელი ცხოვრება ფიქრობდე, რომ ვერაფერი მოგერევა, მაგრამ უცებ თავი დაიბანო, ასწიო და მოკვდე!

მანანა: ეს ამბავი ლუბას თავის ლექსში ჰქონდა მოთხრობილი.

ლუბა: 2010 წელს დავწერე ლექსი, რომელსაც "ფინალის ლექსი" ჰქვია. წინასწარმეტყველება გამოვიდა. მიწერია, მუხლებმა მიღალატეს, მხარზე ყორანი მყავს დამჯდარი–მეთქი. არადა მაშინ ქურციკივით დავხტოდი. მხარიც ისე მტკივა, თითქოს მართლა ყორანი მაზის. მარცხენა ხელს ვერ ვამოძრავებ. ხელმოკიდებული დავდივარ. მახსოვს, იმ დღეს სააბაზანოდან კედელ–კედელ გამოვედი ჩემი ფეხით. მერე კი, გონზე რომ მოვედი, აურაცხელი ხალხი იყო გარშემო.

მანანა: საოცრება ის იყო, რომ ყველა, ვინც გვხვდებოდა, გვეუბნებოდა, ლუბას გადასარჩენად ვლოცულობთო.

ლუბა: შალვას მეგობარმა ექიმმა, რომელიც ამერიკაში მუშაობს, თქვა, რომ ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, ის პაციენტები, ვისზეც ბევრი ადამიანი ლოცულობს და ბევრს უნდა, რომ გადარჩეს, უკეთესად გამოდიან მდგომარეობიდან, ვიდრე ისინი, ვინც მარტოსულები, მარტოხელები არიან და არავის ახსოვს. ყველას ვემადლიერები, ვინც ეკლესიაში მოსახსენიებელში ჩემს სახელს წერდა. დედა ნანა ფოკადან სპეციალურად ჩამოვიდა ჩემთვის. რეანიმაციაში შვიდჯერ მაცხო ზეთი. ამ ამბავმა ეკლესიური გამხადა. პირველი აღსარება პალატაში ჩავაბარე და ზიარებაც მივიღე.

– იმ მძიმე წუთებში ქმრის თანადგომა ალბათ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის.
ლუბა: რა თქმა უნდა. შალვა მეუბნებოდა, ნუ გეშინია, ყველა რეფლექსი შენარჩუნებულიაო. ვერ ვხვდებოდი, ეს რეფლექსები რას ნიშნავდა. მერე მითხრა, ერთ წელიწადში ისე იქნები, როგორც მანამდე იყავიო. ვბრაზდებოდი, მე 6 თვის თავზე ვაპირებ, ავდგე და გავიარო და გულს რატომ მტკენს–მეთქი. მანანამ მითხრა, ეშინოდა, თავიდან რომ საერთოდ ვერ ინძრეოდი, ისე არ დარჩენილიყავი და ამიტომაც გამშვიდებდაო. გული გამინათა შალვას თანადგომამ. ასეთიც კი ვუყვარვარ. მზად იყო, ჩემთვის გაშეშებულ მდგომარეობაშიც კი მოევლო, მაგრამ, რომ გაიგო, ყველა რეფლექსი შენარჩუნებული იყო და მალე ჩვეულებრივ ცხოვრებას შევძლებდი, გაუხარდა და მეც მახარა. მე კი ვერ მივხვდი და ვბრაზდებოდი.
შალვა რამდენჯერაც მოვიდოდა საავადმყოფოში, სულ მეუბნებოდა, სახე გაგისწორდა, სახე გაგისწორდაო. ვხუმრობდი, ეს სახემონგრეული რომ დამინახა, იფიქრა, ამას რა დაასაფლავებს და ამიტომაც უხარია–მეთქი. ამით ისიც დადგინდა, რომ ჩემი სახე მოსწონს და უყვარს.

შალვა: კარგია, რომ გაუსწორდა. მგონი, ასე ჯობია.
ურთულესი დღეები გავიარეთ. ლუბას სიცოცხლე რეალური საფრთხის წინაშე იდგა. სანამ გონს მოვიდოდა და კონტაქტური გახდებოდა, ძალიან მძიმე პერიოდი იყო ჩვენთვის. რთულია, როცა ცოლს ასეთი რამ ემართება, ლოგინსაა მიჯაჭვული და მერე – ინვალიდის ეტლს, მაგრამ ოჯახი და სიყვარული იმიტომ არსებობს, რომ ასეთ დროს გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს. თანადგომა და თანაგრძნობა ადამიანს დიდ ძალას მატებს.

– როგორც ჩანს, თქვენმა ოჯახმა, სიყვარულმა ერთგვარი გამოცდაც ჩააბარა.
შალვა: დიდ გამოცდას ამას ვერ დავარქმევ. ჩვენ გვაქვს ოჯახი და გვიყვარს ერთმანეთი. შვილები გვყავს და ერთმანეთს ვეხმარებით.

ლუბა: ყველას ეგონა, ატირებულს მნახავდა და გლოვა გვექნებოდა გამოცხადებული. ლეილა ხომერიკი რომ მოვიდა, ჯერ კიდევ არ მქონდა ჩემი ძვალი ჩადგმული და მარჯვენა მხარეს სამკუთხედად მქონდა თავი ჩავარდნილი. მანანამ უთხრა, ეს თავი ასე რომაა ჩაწეული, ეს ექიმ გოჩა ინგოროყვას სიამაყეა, ნიშნავს, რომ ტვინი არ შეშუპდა და არ გამოიბერაო. ლეილამ თქვა, უი, მე კიდევ გული მისკდებოდა, ეს რა არისო. მართლა საშინელი სანახავი ვიყავი.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?
ლუბა: მალე დამოუკიდებლად უნდა გავიარო. ზაფხულში ზღვაზე უნდა წავიდე და ცურვა შევძლო. ყოველთვის ვამაყობდი ჩემი ლამაზი თითებით და ლაპარაკის დროს მიყვარდა მათი "გამარიაჟება". მეუბნებოდნენ, ისეთი ლამაზი თითები გაქვს, სიგარეტის მოწევას თავს ვერ გაანებებო. ისე კარგად გავანებე... ისევ მინდა, ლაპა–რაკის დროს ორივე ხელი მოვიშველიო. თავიდან ერთი ხელის ამოძრავებაზეც თანახმა ვიყავი, მაგრამ ერთი რაღაც რომ გამომივა, მინდა, მერე სხვა რამე გამომივიდეს. თავიდან ყველაზე მეტად მათი ნახვა მიხაროდა, ვისაც ეს დაავადება ჰქონდათ გადატანილი და უკვე გამოჯანმრთელებულები იყვნენ. მათი ნაამბობის გარდა სხვა არაფერი მაინტერესებდა. თავიდან ფილმს რომ ვუყურებდი, აზრი ვერ გამომქონდა და მხოლოდ რეკლამა მამახსოვრდებოდა, ისე, როგორც პატარა ბავშვს. ახლა უკვე ფილმიდანაც გამომაქვს აზრი და წიგნიც წავიკითხე. რადგან უფალმა ასე სასწაულებრივად გადამარჩინა, ალბათ ისეთი ღირებული რამ უნდა გავაკეთო, რომ ჩემს გადარჩენად ღირდეს.

რუსუდან ადვაძე, ჟურნალი „სარკე“, 2014-11-12 01:39:37 - http://sana.ge/address/news/cat/1/პირადი

:::
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Sat Nov 22, 2014 12:47 pm

ლუბა ელიაშვილი

ცეკვა, სახელად სიხარული

ეძღვნება მარინას და ზაზას


ჰორიზონტზე ცხვრის ფარა რომ გაილალა,
ღრუბლებია - თეთნულდიდან არეკილი.
უკვე მერამდენე გიტარა დაიღალა
ამ ლამაზი კაბის ფრიალ-არეკლილი.
ბოშურს ცეკვავს ცხრამეტი წლის უკარება
(ბოშასავით ბრინჯაოსფრად რუჯიც ეცხო).
სულ მალე კი, სიყვარულსაც შეეყრება
ალპინისტურ ბანაკში - სოფელში ზესხო.
აივანზე ცეკვავს - გოგო ეშხიანი,
მომზირალიც შევრებილვართ ათიოდე.
ფეხშიშველი ციბრუტივით ტრიალებს და
ისე დაჰქრის, თითქოს ცაზე დადიოდეს.
ზაფხულია. ამ გიჟურ რიტმს გვინდა ავყვეთ -
ცეკვის ილეთს ვიმეორებთ ერთი-ორი.
არ გამოგვდის, ის იცინის გულიანად.
ისე ლაღობს, თითქოს, ხვდება, რომ სულ მალე
აქვე, მთაში, უკვე ელის გულისსწორი.
შეხვდებიან, ოთხი შვილიც გაეზრდებათ.
გადის წლები - შვილიშვილებს შეჰხარიან,
ღმერთი მისცემს ტკბილ სიბერეს ზღაპარივით.
სურათზე კი, ყველა ისევ იფარში ვართ,
ტაშს ვუკრავთ და ზეცას ვაწვდენთ
ჩვენს ადრიან ჟივილ-ხივილს.
ეს ვიდეო, მაშინ რომ ვერ გადავიღე,
დღეს გაცოცხლდა და გუნება გამინათა:
ლექსად დავწერ, რაკი ასე გამიმართლა,
რომ ეს განცდა არ დავკარგო არასოდეს, -
გონებაში ის დრო ხშირად გავაცოცხლო.
და ხადახან, როცა დარდი მომერევა,
უცებ შევძლო დაბრუნება სიხარულში, -
მოცეკვავე მარინასთან.



:::
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Mon Nov 24, 2014 10:18 am


http://www.youtube.com/watch?v=DPgjQ-A-bKs -- ვისაც მოსვლა გსურდათ და ვერ შეძელით, ლუბას წიგნის პრეზენტაციის ვიდეო-ვერსია შეგიძლიათ აქ ნახოთ.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Mon Feb 09, 2015 12:44 pm

პირველ თოვლთან ერთად, https://saba.com.ge -მაც გამახარა და ჩემი ლექსების პირველი კრებული დადო გაყიდვაში. წიგნად სულ სამასი ეგზემპლარი გამოვიდა და პრეზენტაციაზევე გაიყიდა მთლიანად. ასე რომ, ვისაც წიგნის შეძენა გინდოდათ და ვერ შეძელით, უკვე შეგიძლიათ ელექტრონული ვერსისი შეძენა აი, ამ ლინკზე --

https://saba.com.ge/books/details/2572/მოვიქცეთ_ჯაზურად

ლუბა ელიაშვილი
09.02.2015

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Wed Feb 17, 2016 11:12 am

ლუბა ელიაშვილი

რა მიყვარს

მე მიყვარს ლექსი...
გასრესილი სოკოს სურნელით.
გამონათება ცელქი სხივის
ბავშვის თვალებში.
ან ის ლექსები, ვაშლებს რომ გვანან,
უფრო კი ატმებს.
ვაშლის და ატმის ხეებს კი არა,
ყვავილებით დამშვენებულ ზიზილ- პიპილოს,
არც ხილის ფაფად გათქვეფილ მასას,
არამედ, უფრო მაგარი, მრგვალი
პრიალა ვაშლის სურნელოვან
ან ატმის მძიმე და ხაოიან
მწიფე ნაყოფებს,
ხარბად, ხრაშუნით რომელსაც ჩაკბეჩ
და მერე ვაშლის ტკბილმჟავე წვენის ან
ატმის კანის ჩხვლეტია სუსხის
უფრო ზუსტად კი
ზოგადად ხილის სრულყოფილების
შთაბეჭდილების ტყვედ რომ გამყოფებს.

მე მიყვარს ფრაზის, რითმის, რიტმის,
ან განცდის ლექსად აკვიატება
და არა ბრძნული ფიქრის, აზრის ან
პერსონაჟის შეყვარება, როგორც პროზაში.
არც კითხვის დასმა ან პასუხის ძიება ლექსში,
ალბათ, ამიტომ მე არ მიყვარს
უკვე ათასჯერ გადაღეჭილი
და გალექსილი ჭეშმარიტება -
ფილოსოფოსთა ნაფიქრალი,
ტვინის ნაჭყლეტი,
ლექსი -ტრაქტატი -
გონის ზეიმი, მანიფესტი,
არც გაკეთებულ- აწყობილი
ლექსი- ლოზუნგი,
აგიტაცია;
გაზეთი-ლექსი;
კიდევ მგონია,
ლექსს არ უხდება
მოწოდებები,
ღრმა წიაღსვლები,
არც იდეების ბუნდოვანება,
არც დიდაქტიკა,
არც პათეტიკა
ან ესთეტიკა, როგორც
მხოლოდ ფერ-უმარილი.
მე მიყვარს უფრო
თრობის და გრძნობის
გულწრფელი ლექსი,
მომნუსხავი და გემრიელი -
ცეცხლი, მარილი,
ძილის გატეხვა, ღამის თენება,
სიტყვის სეტყვა და ლექსი-თქეში, ლექსი- ჭენება,
ასევე მიყვარს ზმანების ლექსიც,
გრაციოზული მოძრაობა დიდი კატების;
ლექსიც, რომელიც
კალმახივით უცბად გასხლტება -
რომ ვერ ამოხსნი, ვით განტოლებას
ორ წერტილს შორის უმოკლეს მანძილს,
ვერც წრფეს გაავლებ უმარტივესად,
უბრალოდ, მსუბუქ ჟრუანტელს მოგგვრის,
ნათქვამი სიტყვის ხიბლით აგავსებს.
მე მიყვარს ჩუმად სათქმელი ლექსი,
ლექსი უჩინო -
ძველი ღვინო, არომატული;
შეკავებული სიყვარულის
გულის ფეთქვა და სუნთქვა ქალების,
ნაზი ჩურჩული იდუმალების,
ბაგე ბაგეს რომ თითქმის ეხება,
ან პოულობენ ერთურთს თვალები.
მზერა სხვა მზერას როდესაც ხვდება
და წამის სულ ერთ მეათასედში
ყველაფერს ეტყვის,-
ასეთი სხარტი,
მოულოდნელი, მე მიყვარს ლექსი.
უცებ გამკრთალი ჩვილის ღიმილში,
ხანაც მოხუცის ბედნიერ ცრემლში,
ლექსად სიცოცხლე, ლექსით სიკვდილი,
ლექსი - სილაღე, ლექსი - ვნება, ლექსი -ალერსი.
ვფიქრობ, ამხელა ტექსტის დაწერას სჯობდა ,
ჩუმად და მოკლედ
ასე რომ მეთქვა:
მე ვცოცხლობ - ნიშნავს:
„მე მიყვარს ლექსი“....

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლუბა ელიაშვილი   Today at 8:40 am

Back to top Go down
 
ლუბა ელიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 2 of 2Go to page : Previous  1, 2

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: