არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 იოსებ ბაქრაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: იოსებ ბაქრაძე   Thu Jan 11, 2018 11:34 pm



იოსებ ბაქრაძე

იოსებ ზოსიმეს ძე ბაქრაძე (დ. 1 თებერვალი/13 თებერვალი, 1850, სოფ. არბო, ახლანდელი გორის მუნიციპალიტეტი ― გ. 14 მაისი/27 მაისი, 1904, თბილისი) ― ქართველი პოეტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი.
1904 წლის 14 (ახალი სტილით 27) მაისს თბილისში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი იოსებ ბაქრაძე.

იოსებ (სოსიკო) ზოსიმეს ძე ბაქრაძე დაიბადა1850 წლის 1 (ახალი სტილით 14) თებერვალს სოფელ არბოში, გორთან ახლოს.

იგი გახლდათ ნიკო ლომოურის დეიდაშვილი და მამით ადრე დაობლებული იზრდებოდა მათ ოჯახში. მწერლობა 1870-იანი წლებიდან დაიწყო. მისი შემოქმედება გამსჭვალულია სამშობლოს სიყვარულითა და უბრალო, მშრომელი ადამიანებისადმი პატივისცემით. რუსულიდან თარგმნიდა სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებებს.

თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან: „დროება“, „ივერია“, „მნათობი“, „კვალი“,“მოამბე“, სადაც გარდა ლექსებისა და თარგმანებისა აქვეყნებდა წერილებსაც. მოღვაწეობდა ქართველ ხალხოსნებთან ერთად. ზრუნავდა ქართული თეატრის რეპერტუარის გამდიდრებისათვის. გ. სუნდუკიანთან ერთად თარგმნა მისი პიესები "პეპო" (1895), "ხათაბალა", "კიდევ ერთი მსხვერპლი".

იოსებ ბაქრაძის ზოგი ორიგინალური თუ თარგმნილი ლექსი - "მე ქართველი ვარ!", "სიმღერა" ("არც სახლი მაქვს, არც კარი"), ჰაინეს "ტურფავ, ტურფავ" და სხვა ხალხურ სიმღერებად იქცა. იოსებ ბაქრაძის ფსევდონიმებია "ი. ელაქიძე", "ი. ოქრიაშვილი", "გ. თენაძე", "გ. ციმაკურიძე".

იოსებ (სოსიკო) ბაქრაძემ თარგმნა კარლ გუცკოვის “ურიელ-აკოსტა”, ნადსონის ლექსები, ბაირონის "ჩაილდ-ჰაროლდი" ("ივერია", 1879), უოლტერ სკოტის "აივენგო" (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1895, 1938), ვ. ალფიერის "ვირგინია" (1873), შილერის "მარიამ სტიუარტი" (1892) და "პაცის ჯალადობა", ვ. პოტოს "საქართველო და მისი ისტორიული წარსული დრო" (დაიბეჭდა ცალკე წიგნად, 1894). ჰაინეს ლირიკის ნიმუშები და სხვა. იგი არის პირველი მთარგმნელი ოვანეს თუმანიანის თხზულებებისა.

როგორც ვთქვით, იოსებ ბაქრაძე გარდაიცვალა 1904 წლის 14 (ახალი სტილით 27) მაისს თბილისში. დასაფლავებულია პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

ლიტერატურა
ბურჯანაძე ქ., რამდენიმე სიტყვა XIX საუკუნის ერთ მივიწყებულ პოეტზე, «ცისკარი», 1972, № 6;
ბურჯანაძე ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 241, თბ., 1977 წელი.

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/იოსებ_ბაქრაძე
* http://www.nplg.gov.ge/ilia/en/00001704/

study


Last edited by Admin on Thu Jan 11, 2018 11:40 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ბაქრაძე   Thu Jan 11, 2018 11:35 pm

იოსებ ბაქრაძე

მე ქართველი ვარ!

მე ქართველი ვარ! ჩემი სამშობლო
ორ ზღვას შუაა გადაჭიმული;
თუმც პატარაა, მაგრამ ბუნებით
ყოვლის სიმდიდრითა არის შემკული.

მის დიდროვანი მაღალი მთები
შეხეთ, თითქოს ცას ებჯინებიან
და იქიდამა ტურფა ქვეყანას
ამაყურათა თავს დასცქერიან:

მე ქართველი ვარ! მთლად ქართველობა
რაღაც ღრმა ძილში არის ჩაფლული
და მამულისთვის არა ღელდება
გაქვავებული იმისი გული!

როს ვაკვირდები ჩვენს ამგვარ ყოფას,
სული და გული კვნესას დამიწყებს,
მაგრამ იმედი, ისევ იმედი
სულით მაშვრალსა მარად მამხნევებს.

მე ქართველი ვარ! მრწამს, რომ როდისმე
წავა, გაივლის ეს დრო ძილისა
და დღესა თუ ხვალ, უეჭველათა,
გამობრწყინდება მზე მომავლისა.

მე ქართველი ვარ! მაგრამ მითხარით:
აწ რაღა არის კაცი ქართველი?
ის იმყოფება სიბნელეშია
და თვალებს სჭვალავს დღისა ნათელი.

აქ აღარ ისმის ხმა ცხოვრებისა,
მის შიშით მტრები აღარა თრთიან
და თვითონ ჩვენი ღვიძლი მოძმენი
სოცოცხლეშივე საფლავს გვითხრიან!

1873 წელი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ბაქრაძე   Thu Jan 11, 2018 11:38 pm

ჰაინრიხ ჰაინე

***

ტურფავ, ტურფავ! რას უყურებ,
მოაცურე ჩემსკენ ნავი,
ერთად დავსხდეთ და ვუყუროთ,
როგორ არხევს წყალა ნიავი.
ნურას ფიქრობ ჩემზე ავსა,
გულს მხურვალედ ჩამეკარი,
თუ რომ შენს თავს ანდობ ზღვასა
მე რითღა ვარ უნდობარი.
მაგრამ გულიც ხომ ზღვა არის,
ხან ღელავს და ხან მშვიდდება
და ძვირფასი მარგალიტი
ამაშიაც იმალება.

თარგმნა იოსებ ბაქრაძემ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4358
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: იოსებ ბაქრაძე   Thu Jan 11, 2018 11:42 pm

თამარ მიქაძე

ერთი პოპულარული ლექსის ისტორიისათვის
„ტურფავ, ტურფავ! რას უყურებ“... და მისი ავტორი

ქართულ მწერლობას მთარგმნელობითი კულტურის საკმაოდ მდიდარი გამოცდილება აქვს. ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში შეიქმნა სამწიგნობრო-მთარმგნელობითი სკოლები, სადაც დაუღალავ მოღვაწეობას ეწეოდნენ. ცნობილი ქართველი საეკლესიო მწერალ-მწიგნობრები: ექვთიმე და გიორგი ათონელები, თეოფილე ხუცესმონაზონი, ეფრემ მცირე და სხვა.
XIX საუკუნეში საუკეთესო ტრადიციების აღმდგენელ-გამგრძელებლები იყვნენ გაზეთები: „დროება“ და „ივერია“, რომლებსაც წლების განმავლობაში მეთაურობდნენ დიდი ილია და ცნობილი ქართველი მწიგნობარი, ლიტერატორი და პუბლიცისტი სერგეი მესხი.
მათ თავის გარშემო შემოიკრიბეს და დარაზმეს იმ დროისათვის აღიარებული მწერალ-მთარგმნელები, მათ შორის წლების განმავლობაში უმართებულოდ მივიწყებული პოეტი, მთარგმნელი, პუბლიცისტ ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მონაწილე და იმ პერიოდის ინტელიგენციის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იოსებ ბაქრაძე.
იოსები თარგმნიდა რუსულიდან. გულმოდგინედ შესრულებულმა მისმა თარგმანებმა საბოლოოდ შეადგინა ავტორთა ერთგვარი „მცირე ანთოლოგია“, რომლშიც შესულია შემდეგი მწერლები: ტომას მური, უოლტერ სკოტი, ფრიდრიხ შილერი, ვიქტორ ჰიუგო, ბაირონი და სხვა.
საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა გერმანელი პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი ჰაინრიჰ ჰაინე (1797-1856). მისი ნაწარმოებების მთარგმნელთა შორის ყველაზე ნაყოფიერი იოსებ ბაქრაძე იყო. სწორედ მას ეკუთვნის ჰაინეს ლექსის „ტურფავ-ტურფავ“ თარგმანი, რაც გადმოკეთებული ქმნილების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს.
სანამ უშუალოდ ამ ლექსს შევეხებით, გავიხენოთ, რაზე გაამახვილა ყურადღება ილია ჭავჭავაძემ, ზოგადად, გადმოკეთებულ ლექსზე საუბრისას. ილიას აზრით, თარგმანში სხვისი ცხოვრება, ხასიათი, ზნე-ჩვეულებაა გამოთქმული, ხოლო გადმოკეთებულში კი: „უცხო ხატი სხვისი ცხოვრებისა ცოტად თუ ბევრად ჩვენი ცხოვრების ხატად გარდაიქმნება და რამდენადაც ეს გარდაქმნა დიდია, იმდენადაა ნაშრომი კარგი და მოსაწონი. გადმომკეთებელს უფრო მეტი საგზალი უნდა,უფრო მეტი ღონე სჭირია, უფრო მეტი ნიჭი, ვიდრე მთარგმნელსა; გადმომკეთებელს ის ღონეც უნდა ჰქონდეს, რაც მთარგმნელს და ამის გარდა თვითმოქმედი ძალიც შემოქმედისა“. 1
ილიასეულ მეტად ლაკონურ და ზუსტ განსაზღვრებაში აღნიშნულია თარგმნილი და გადმოკეთებული ლიტერატურის არსებითი განმასხვავებელი ნიშნები. გადმოკეთებისას, მწერლის მიზანია ხალხისთვის უფრო გასაგები და მისაწვდომი გახადოს ნათარგმნი ნაწარმოებები, სხვა ხალხის საკუთრება თავისი ხალხის საკუთრებად აქციოს. ე.ი. ასეთ შემთხვევაში, თავისებურ ორიგინალურ შემოქმედებასთან გვაქვს საქმე. აქედან გამომდინარე, ტექსტოლოგები საგამომცემლო პრაქტიკაში სავსებით მართებულად გადმოკეთებულ ნაწარმოებებს ორიგინალურ ნაწარმოებთან ერთად ათავსებენ, ე.ი. მას (გადმოკეთებულ ლექსს) პოეტის ორიგინალურ ლექსად თვლიან.
1893 წელს ჟურნალ „ნობათის“ I ნომერში დაბეჭდილია ლექსი „მიპატიჟება სასწავლებელში“, რომელიც თარგმნილია რუსულიდან `приглашение в школу“; რაფიელ ერისთავმა ნაწარმოები განავრცო და მას ქართული იერი მისცა, ამიტომაც ის პოეტის ორიგინალურ თხზულებებშია შეტანილი.
იგივე ითქმის დიდი რუსი იგავთმწერლის ი. კრილოვის იგავ-არაკების ამსახველ თარგმანებზეც.
დაბოლოს, რაც შეეხება ზემოთ ხსენებულ ლექსს „ტურფავ-ტურფავ“, რომელიც 1892 წელს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა, მოგვიანებით კი სიმღერად იქცა და საკმაო პოპულარობაც მოიპოვა ჩვენში. მრავალი რუსული თარგმანიდან იოსებმა მიხაილოვის მიიჩნია საუკეთესოდ და სწორედ ის თარგმნა.
ლიტერატორი ვენერა კავთიაშვილი მართებულად აღნიშნავს: „ტურფავ-ტურფავ“იოსებ ბაქრაძემ ისე დაუახლოვა ქართული ხალხური ლექსის ბუნებას, რომ არა მარტო საქართველოში, თვით გერმანელ მწერალს ადოლფ დირსაც ქართული ხალხური ლექსი ჰგონებია და გერმანულ ენაზე უთარგმნია. იოსებ ბაქრაძის ისე ოსტატურად დაუჭერია ჰაინეს განცდები, თითქოს, საკუთარ ხელში გადაუდუღებია, მთელი სისრულით გადმოუცია იგი“. 2
აი, ლექსიც:

***
ტურფავ, ტურფავ! რას უყურებ,
მოაცურე ჩემსკენ ნავი,
ერთად დავსხდეთ და ვუყუროთ,
როგორ არხევს წყალა ნიავი.

ნურას ფიქრობ ჩემზე ავსა,
გულს მხურვალედ ჩამეკარი,
თუ რომ შენს თავს ანდობ ზღვასა _
მე რითღა ვარ უნდობარი.

მაგრამ გულიც ხომ ზღვა არის,
ხან ღელავს და ხან მშვიდდება
და ძვირფასი მარგალიტი
ამაშიაც იმალება.

1. ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა სრული კრებული, ტომი III, გვ,125
2. ვ. კავთიაშვილი, ეტიუდები გერმანულ-ქართული ლიტერატურული ურთიერთობიდან, თბ, 1991, გვ 118


„ანეული“, 3, 2014

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: იოსებ ბაქრაძე   

Back to top Go down
 
იოსებ ბაქრაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: