არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მანანა ქურდაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: მანანა ქურდაძე   Wed Nov 15, 2017 3:34 pm



Manana Kurdadze

მანანა ქურდაძე

Birthday - September 26, 1967


ბმული:
* https://www.facebook.com/manana.qurdadze.16

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ქურდაძე   Wed Nov 15, 2017 3:43 pm

მანანა ქურდაძე

მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი

მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი,
მტვერი ქატოსი და ფქვილის,
სახსრებმა დამიწყეს მტვრევა
და ფიქრებს წისქვილები ფქვავენ.

მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი,
სასაა თეთრი და გაშრა,
მხურვალე თონე იკრავს
ლავაშებს ქართულს და მლაშეს.

მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი,
თვალები გამექცა ცისკენ,
ისეთი ნათელია, წმინდა...
გუგუნებს თონე და ვისმენ,
ლოცვებს, ლოცვებს
მარჩენალი პურის, პურის
მეპურე რომ აცხობს,
როგორ უხარიათ, როგორ,
გვერდებდაბრაწულა ანცებს.

მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი,
არ ვიცი ფქვილია თუ ქატო,
ისეთი ტკივილია, ღმერთო,
სულში სიმხურვალე ატანს.
გიზგიზებს, გუგუნებს თონე
და აცხობს მეპურე პურებს,
ისეთი მადლია და სევდა,
როცა ხელებს ცომში ურევს.

მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი,
მტვერი ქატოსი და ფქვილის,
აქ ცამაც დაიწყო მტვრევა
და ფიქრებს წისქვილები ფქვავენ.


იქ, სადაც ჩვენ არ ვართ

იქ, სადაც ჩვენ არ ვართ
და გვეძახიან
კედლებს ამოფარებული აჩრდილები,
როცა ჩვენ ბევრნი ვართ
და ვმეორდებით
სულებით, დემონებით, ჩრჩილებივით,
ვფარფატებთ, ვფარფატებთ _ ვიხოცებით,
უსინათლო არის ჩვენი ყოფა
და ვიცით გვითვალთვალებს რეალობა,
კედლებს ამოფარებული აჩრდილები.
ზურგს უკან გვეპარება თითის წვერზე
შემდგარი მოციმციმე ლამპიონი..
და ვიცით, რომ ვიყავით წიგნის გვერდი
და არასასურველი ემბრიონი.
იქ, სადაც ჩვენ არ ვართ
და გვეძახიან,
იქ, სადაც ვიყავით და
არ გაგვიღეს,
როცა ბევრნი ვართ
და ვმეორდებით,
ვავსებთ ყველა ხვრელს და
ყველა ღრიჭოს
და გვაქვს უსინათლო რეალობა
სულებით, ჩრდილებით, დემონებით
და ჩვენ გვაქვს კარგი სამალავი
და კიდევ ბევრნი ვართ და ვმეორდებით.
ჩვენი ჩასაფრება უვადოა,
გვაქვს ჩამონგრეული გალავანი,
ვფარფატებთ, ვფარფატებთ _ ვიხოცებით,
მოვლენ სხვა მავანნი და სხვა მავანნი.
იქ, სადაც ჩვენ არა ვართ
და გვეძახიან,
იქ, სადაც ვიყავით
და არ გაგვიღეს,
ჩვენ ბევრნი ვართ
და ვმეორდებით
როგორც მოკაშკაშე ნეონები.


საპნის, ბაწრისა და სკამის ბალადა

მღვდელსა ვკითხოთ, რომელია
ჩვენში უფრო ცოდვილი...
_ ბაწარს უარს როგორ ვეტყვი,
არის ჩემი დობილი,
მე, საპონი, საამური,
საჭირო ვარ რარიგად,
სისუფთავის ეტალონი
და ავ-კარგის „მამიდა“.
_ მე ბაწარმა რაღა გითხრათ,
რა ბრალი მაქვს ვიცოდე,
თუ საპონი ზედ მომეკრა,
ნეტავ ამით რა ვცოდე.
იქნებ სკამი, როგორც დგამი
არის ცოდვის მიზეზი,
რომ წაიქცა, ტკივილისგან
გუშინ კისერს იზელდა.
_ ახლა ჩემზე შეიხოცეთ
ეგ ბინძური ხელები,
იქ იყავით თქვენც და თქვენი
მეგობარი ხეები,
და იმ ტოტზე გამობმული,
ქანაობდით რარიგად,
მერე თქვენი „მეგობარი“,
ზედ შემდგა და ავიდა...
მღვდელსა ვკითხოთ, რომელია
ჩვენში უფრო ცოდვილი.


ასეთი წესი გვაქვს ქალებს

მტვერი აუვიდა ქალაქს,
დაშრა ყველა ჭა და გუბე,
უბეში ჩავისვი ყვავი,
სული შევუბერე, ცხელა...
ასეთი წესი გვაქვს ქალებს,
გადავარჩინოთ ყველა.
მტვერი აუვიდა ქალაქს,
ხვატი წვავს ამომშრალ გუგებს,
ყრანტალებს, ყრანტალებს ყვავი,
ებღაუჭება უბეს.
ვასვი და ვასვი წყალი,
ვაჭამე ჭყინტი ყველი,
ასეთი წესი გვაქვს ქალებს,
გადავარჩინოთ ყველა.
მტვერი აუვიდა ქალაქს,
დაშრა ყველა ჭა და გუბე...
სიზმარი ვნახე ავი,
თავზე დამჩხავის ჩემი,
შემოხიზნული ყვავი...
ვარ მიუსაფარი მწირი,
მგზავრი ატანილი წერას,
ასეთი წესი გვაქვს ქალებს,
გადავარჩინოთ ყველა.


ხვარამზე

შენ ჩემო თავო ბედკრულო,
დაუწექ ჯავრს და სევდასა,
ჩემი ტკივილი ცოდოა,
სარჩულად რაც რამ ედვასა...
და თუ სიყვარულ, ახია,
ვიყავი ქალი ამაყი,
ვაჟმა დამიგო მახეა
და ჩემი ცრემლით დანაყრდა.
აცრემლა ჩემი ქალობა,
მზეს წააფარა ნაბადი,
მასწავლა ლექსად გალობა,
შემყარა გულზე სახადი..
და მოსთქვამს გული სამიწე,
გზას შევაბერე თვალები,
სხვა მეგზურობას გამიწევს,
მაგრამ გულჩანაბარები
შენი კვნესა მაქვს, ვაჟიკავ,
უფრთო დამტოვე, ხვარამზე,
როს ამიქნიე კაჟი ქვა,
გულის კარიბჭე ჩავრაზე...
და ახლა ლექსებს დაკვირტულს
გიმღერი, შენი კვნესა მე,
მიწის დავიდებ ცხრაკლიტულს,
გულს მომაფინე კესანე.


ოღონდ მოთოვოს...

ქალაქში სძინავთ,
სძინავთ ქალაქში
და ასე ძილში ელიან დილას,
გაუთენებელ დილას უმზეოს,
სადაც ცა არის ლურჯი მიტკალი
და მიწა შავი უტყვი ნაბადი...
და, აბა, ერთი, ოღონდ მითხარი,
თუ არ მოთოვს და
თუ არ დაბარდნის
რაღა თქმა უნდა,
არ გათენდება...
ოღონდ მოთოვოს,
მოთოვოს ოღონდ.
აი, ვიძახი:
„თეთრი თრითინა თეთრ
თოვლზე თრთოდა“,
თრთოლვა როგორი გადამდებია.
ქალაქს სძინავს გახელილი
ფართო თვალებით,
შიშის თვალებით, შუშის თვალებით..
და მე კი ამ დროს
ჩემს აჩრდილთან
ცივ ოთახში დავიარები
და ვეძებ ჩემ თავს
მიმობნეულს ბავშვობის სახლში.
თუ არ მოთოვს,
არ გათენდება,
მოთოვოს ოღონდ...
„თეთრი თრითინა თეთრ
თოვლზე თრთოდა~,
ვიძახი, ხოდა...
ვიცი როგორ შემოვა ჩემში
დილა იანვრის, ცივი ნიავი,
ბავშვობის წინდა და სულიწმინდა.
მოთოვოს ოღონდ,
ოღონდ მოთოვოს.

„ლიტერატურული გაზეთი“, N191, 7 - 20 აპრილი, 2017


ბმული:
* http://www.culture.gov.ge/getattachment/50de0dcc-8363-4efd-a6ad-e63c4f9423aa/N-191.pdf.aspx

Arrow


Last edited by Admin on Wed Nov 15, 2017 3:56 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ქურდაძე   Wed Nov 15, 2017 3:53 pm

მანანა ქურდაძე

***

ჩემს ზამთარს როგორ ყინვის სუნი აქვს,
ხილვები დააქვს თვალის გუგებით
და ზარმაც ფანტელს, - ცივს, უნიათოს, -
ხელისგულები ხაფანგს უგებენ.


***
დღეს ძაღლი ვნახე, დიდი და თეთრი,
ამოთეთრებული თვალებით,
მერე ბავშვმა მითხრა (ჩემმა თეომ),
თოვლია, ყინავს,
სულში ჩაუგუბდა ქარები?
მე ეკლესიიდან მოვდიოდი,
მომდევდა, შიოდა უთუოდ,
მე მეცოდებოდა და თან მეშინოდა,
შევცოდე, აქ რაა სათუო.
მერე ბავშვმა მითხრა (ჩემმა თეომ),
რით ვერ მოიფიქრა
სადარბაზოში შემოსვლა.
მე კი სიბრალულთან ბრაზი მღრნიდა,
მას ხომ ძაღლის ტყავი ემოსა...
ეს ყველაფერი, ხო, დღეს მოხდა,
თეთრია ის ძაღლი, თეთრი თვალებით,
მე ეკლესიიდან მოვდიოდი
აღსარება ჩანაბარები.


შროშანები

შროშანები შარაგზიდან მოშორებით შრიალებენ,
შეშლილ გულებს შლეგი თრთოლვით ახელებენ,
განთიადი მზის სხივებით მოქარგული,
აირეკლა ჭრელა-ჭრულა მნახველებით.
ცისარტყელამ წვიმის წვეთი,
გამოღმიდან გაღმა კიდეს გადააბა,
ხელგაშლილი და გულაღმა მდელოს ვერთვი
და შროშანი სიმორცხვისგან თვალებს ნაბავს.


კუნძულები

ახლა ოთხ კედელში მწიფდებიან
გულზე გამობმული კუნძულები,
სული უმძიმდებათ, მოწყდებიან,
არიან სხეულით უძლურები.
გვანან ეშვებიან ბეგემოტებს,
ერჩიან სუყველას და თან არაფერს,
სიკვდილის კარიბჭეს დარაჯობენ,
სიკვდილის აკლდამებს დარაჯობენ,
სიკვდილის სარდაფებს დარაჯობენ
და მყრალი ხახა აქვთ დაღებული,
რომ შთანთქან წუთები, საათები,
ღმერთო, შენ უშველე დაღუპულებს,
ღმერთო, მოახედე ყველა თვალი,
ღმერთო, მოაბრუნე ყველა გული....
„გულო, ჩადექ საგულესა,
გულო, ჩადექ საგულესა~.
ისევ ოთხ კედელში მწიფდებიან
გულზე ამოზრდილი კუნძულები,
გვანან ეშვებიან ბეგემოტებს,
სულით და სხეულით უძლურები.
მიწა ჭამს ყველაფერ უნაყოფოს,
მიწაში თვალებამდე ჩალპობილებს,
ღმერთო, შენ უშველე უნიათო
სხეულებს, სულები აპოვნინე.
გაძღა ეშმაკი და განზე გადგა,
გვამი დააპურა, ამოივსო,
ისევ წარღვნაა და ისევ ომებია,
ლამა საბაქთანი, უფალო იესო!
ლამა საბაქთანი, უფალო იესო!


***
მე შევინახე ჩანაწერი
ტვინის მარჯვენა ლაბირინთში,
იქ მწიფდება და იბადება
წარმოსახვითი კაფსულები.
ვყლაპავ ხან წყლით
და ხშირად ცრემლით..
სავსე მაქვს ცხოვრება ლაფსუსებით.
აქ არის ღმერთიც
და დრო და დრო (უფრო ხშირად)
მიბიძგებს ვიყო კაცთმოყვარე
და როგორც მუცელი სანოვაგით,
ტვინი ფიქრებით ამოვყორე.
გავუშვი მფრინავი მანქანები,
ღრუბელს ჩიტებივით მოსდებიან
და მსგავსად ერთგული დაქალების,
მათი მონაჭორიც ბოდვებია...
და ტვინის მარჯვენა ლაბირინთში
(როცა მარცხენას სძინავს ტკბილად),
ხდება შეუცვლელი პროცესები,
ამ დროს ისევ ბღუის ჩართული
მაგიდაზე ჩემი პროცესორი,
სავსეა მონიტორი მეგობრებით,
იმედი ციმციმებს მწვანე შუქით,
მონაცვლეობით კი, მაგრამ მაინც....
და ჩემი ტვინის ყველა სფერო,
ახლა ემსგავსება ერთ დიდ საიტს.

„ლიტერატურული გაზეთი“, N173, 1 - 14 ივლისი, 2016


ბმული:
* http://www.culture.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N173/N-173.pdf.aspx

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა ქურდაძე   Fri Nov 17, 2017 7:54 pm

მანანა ქურდაძე

***
აფეთქდნენ შავი ყუთები
და ამბებს სიზმრებად ყვებიან,
გზებს გადავეყარე შფოთიანს,
სიზმრები, ეს ჩემი გზებია.
დახუჭეს მამებმა შვილები,
ალბომებს დაადეს ბოქლომი,
დარბიან ფეხებზე ქოხები
და ფრენა ისწავლეს ცოცხებმა.
გზებს გადავეყარე შფოთიანს,
სიზმრები მოდიან, მოდიან...
ამბობენ, გათხელდა ოზონი,
გასკდება საპნის ბუშტივით,
გარეთ კი, გარეთ ჩიტები,
ჭიკჭიკ-გალობენ-უსტვენენ.
გზებს გადავეყარე შფოთიანს,
სიზმრები ეს ჩემი გზებია,
მზეები მჩხვლეტენ და მზვერავენ,
ვერავინ ვერ მისწვდა შუბის ტარს,
უბეში კვლავ ჩხავის ის ყვავი,
ბავშვობის სიზმარი, ზმანება,
სული და სხეული გავყავი,
არც სისხლი დამენანება...
გზებს გადავეყარე შფოთიანს,
სიზმრები, ეს ჩემი გზებია,
აფეთქდნენ შავი ყუთები
და ამბებს სიზმრებად ყვებიან.


***
ჩემი თვალებიდან გამოდიან
შუქის უხილავი ნაპერწკლები,
არსად არიან და თან არიან...
ჯადოს ავხსნი და დავეწევი
იმ მთასა და ცხრა მთას იქით
გადაკარგულ ჩემს სულს,
უკვდავების წყაროს მძებნელს...
უხილავია ჩემი გასვლა,
სამიზნე მზეა ცხელი ლავით,
ორჯერ-ორი რომ ოთხია ისე,
არაფერი არ იცვლება მალვით.
ჩავკეტე თავი ამ ოთახებში,
ამ კედლებში და სამყაროს გაღმა,
ხილვები ქმნიან ყოფის სიუჟეტს,
ქვას ვეზიდები მაღლა და მაღლა.
და იმ მთასა და ცხრა მთას იქით
შევახე მზერა გვალვის მირაჟებს,
ავხსენი ყველა ჯადო და ნავსი
და თვალებიდან დღე ირიჟრაჟებს.


***
დღეს ხე წაიქცა,
ქარია უსაშველო,
არ მახსოვს როდის
დავმეგობრდით,
არ ვიცი, რით ვუშველო.
იდგა ამაყი და თავმომწონე,
იდგა და ჩიტებს იფარებდა,
ცოდვას გავამხელ და მიფიქრია,
ნეტავ რას ატუზულა ჩემს ფარეხთან...
და ახლა გდია მოცელილი,
ბებერი, ხმელ-ხმელი ფუღურო,
ტანი ნატანჯი და დასერილი
ცრემლი მახრჩობს და ვუყურებ,
როგორ ეზიდება სულს ზეცისკენ,
ხსოვნაში ტოტებ ზურმუხტი,
ახლა კი ქარმა მოცელა და
ბებერმა მუხლებმა უმუხთლა.


***
დაქრის სიო, თუნდაც ქარი,
აჭრიალებს ანჯამებს,
მოვა მიქელ–გაბრიელი,
ცოდვა–მადლს შეაჯამებს...
და ცხოვრება ასეთია,
იწილო და ბიწილო,
გინდა ახტი, გინდა დახტი,
თუნდაც ბევრი იწივლო,
იხურება ყველა კარი
სახლისა თუ სამოთხის,
მერე ვინმე მესაფლავე
ორ ადლ მიწას ამოთხრის,
ცრემლს ღაწვებთან შეიმშრალებს
უცნობი და ნაცნობი...
და სიკვდილი ჩაიქროლებს
ცეკვითა და ანცობით.


***
მე შენი ფიქრების მოწმე ვარ
და შენი დუმილის „ქაჯანა“,
და ჩვენი იწილო-ბიწილო,
რითმაა კიბური, მაჯამა.
რამდენი წრე და გორგალი,
ვიარეთ, ვართეთ, ავბურდეთ,
კუდმაკრატელა მერცხლები
ჩემთან მოვიდნენ, დაბრუნდნენ...


***
ასეთი იყო დედაჩემი,
ოქროსხელება და ოქროსგულა,
თითები ქონდა თლილი, თბილი...
წერომ მომიყვანა ღრუბლის ფთილით.
ასეთი იყო დედაჩემი,
მასწავლა აი-ია, თასი, თითი,
თვალებში ჩემი მზე ჩაიგუბა,
ცხოვრებას ვჩორკნიდით და ხან ვთლიდით.
ასეთი იყო დედაჩემი,
ჩემთვის რძე მოჰქონდა ტკბილზე ტკბილი,
ჰაერს საცერში მიტარებდა,
ერთად მოვიცვალეთ ყველა კბილი.
ასეთი იყო დედაჩემი...


***
ყველა კედელზე ვწერ თეთრი ცარცით,
ჩემი ბავშვობის დაფად ვაქციე,
რომ ორჯერ-ორი არ არის ასი
და ფასდაკლების სრული აქცია
არ მერგო... სულელს დღესაც მგონია,
რომ თამასუქებს ყრიან ზეციდან,
რომ ჩემი ტვინის ფინანსურ სფეროს
ამუნათებს ჩემი არცოდნა მათემატიკის
და ჯამში ყველა უტოლობა
ნულის ტოლია,
როცა არ იცი ანგარიში და
დებ ყალბ ფსონებს,
მაშინ ცხოვრება რა იოლია.


შვიდი ქვა

ჩვენს ეზოში, იქვე სახლთან,
შვიდი ქვა მაქვს დამალული,
დიდ-პატარა, სიპი, ბრტყელი,
გზაა ჩემი, ბავშვობასთან,
ავაწყობ და დარდებს ვდევნი.
შვიდი ქარი, შვიდი ცეცხლი,
შვიდი წვიმა გადმოვლახეთ,
სახელებიც დავარქვი და
მოგონებებს დავეწაფეთ.
შვიდი სევდა, შვიდი ცრემლი,
შიგადაშიგ ღიმილებიც...
ავუშენე ჯებირები
და ბურთს ასე ვემალებით.
როგორ ხშირად დამინგრიეს,
შვიდი ქვა და შვიდი ზეცა,
ვაშენე და ვაკოწიწე,
რკინის ქალამნები მეცვა....
ჩვენს ეზოში იქვე სახლთან,
შვიდი ქვა მაქვს დამალული....

„ლიტერატურული გაზეთი“, N 205, 10 - 23 ნოემბერი, 2017


ბმული:
* http://culture.gov.ge/getattachment/69342fc7-dfce-4b92-a7ee-dcfabe0f82f3/N-205.pdf.aspx

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მანანა ქურდაძე   

Back to top Go down
 
მანანა ქურდაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: