არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ლელა სამნიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლელა სამნიაშვილი   Mon Aug 28, 2017 1:51 pm



Lela Samniashvili

ლელა სამნიაშვილი

დაიბადა 1977 წელს. 1994-97 წლებში სწავლობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის ენისა და კულტურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჯერ ინგლისური ენის ფაკულტეტზე, ხოლო 1999-2000 წლებში — სინქრონული თარგმანის განყოფილებაში. 2005-07 წლებში სწავლობდა ოსლოს უნივერსიტეტში. 2001-03 წლებში ამერიკულ ლიტერატურას სწავლობდა კალიფორნიის უნივერსიტეტში, ბერკლიში. მისი ლექსები თარგმნილია ინგლისურ, ნიდერლანდურ, რუსულ და აზერბაიჯანულ ენებზე. მისი პოეტური ტექსტები სხვადასხვა დროს იბეჭდებოდა “არილში”, “ალტერნატივაში”, “ჩვენს მწერლობაში” და სხვა ლიტერატურულ გამოცემებში. 1996 წლიდან სისტემატურად აქვეყნებს ლიტერატურულ წერილებს და თარგმანებს (ემილი დიკინსონი, თომას ჰარდი, სილვია პლათი, ტედ ჰიუზი, სალმან რუშდი, ჯონ აპდაიკი, იზაბელ ალიენდე და სხვ.).


ბმული:
* http://poetry.ge/poets/lela-samniashvili/poems
* http://tbilisilitfest.ge/index.php?do=full&id=5073
* http://book.gov.ge/en/author/samniashvili-lela/144
* http://www.lit-across-frontiers.org/profiles/lela-samniashvili/

Arrow


Last edited by Admin on Mon Aug 28, 2017 2:45 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   Mon Aug 28, 2017 1:52 pm

ლელა სამნიაშვილი

ზღვამ გა­ი­ტა­ცა მზის ქუ­დი...

ზღვამ გა­ი­ტა­ცა მზის ქუ­დი -
შხე­ფე­ბით, ტალ­ღის მორ­კალ­ვით;
ვი­ღა­ცას – თევ­ზის კუ­დი­ანს -
ტალ­ღა­ში თვა­ლი მოვ­კა­რი;
და ჩემს გარ­შე­მო გაშ­ლი­ლი –
ზღვამ თან წა­ი­ღო ნა­დავ­ლი:
ცა – გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე თავ­შა­ლი,
ნა­პი­რი – ჭრე­ლი სან­და­ლი;
ანაა, თუ – მა­რი­ა­ნა,
თუ კი­დევ ვინ­მე – დო­ბი­ლი?! -
სიტყ­ვე­ბის ელ­ვით, მა­რი­ლით -
ტალ­ღა­ში გა­დად­ნო­ბი­ლი;
ვი­საც ზღვის ლექ­სი აქ­ე­ზებს -
ვარ­დის­ფ­რად შე­ღა­მე­ბუ­ლი:
ქალ­თევ­ზად იქ­ცეს, ნა­პირ­ზე
და­ტო­ვოს – შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   Mon Aug 28, 2017 1:53 pm

ლელა სამნიაშვილი

დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბი

ამ ზაფხულს – წყა­ლი ვერ იქ­ნე­ბა
მი­წის ვე­ე­ბა კო­ცონ­ზე თუ ფერ­ფ­ლ­ზე ძლი­ე­რი;
ვი­ცი და მა­ინც, მა­ტა­რებ­ლის სარ­კ­მე­ლად იქ­ცა
წუ­ხან­დე­ლი ეკ­რა­ნის შა­ვი ჩარ­ჩო; ნაც­რის­ფ­რად
ამ­ო­ი­ბურ­ცა ზღვის ტი­ლო, მე ის
და­მალ­ბობს და და­მაბ­რუ­ნებს ის­ევ სიცხი­ანს.
ეს­ე­ნიც – ჩე­მი დო­ბი­ლე­ბი – წელს კი­დევ უფ­რო
მე­ტად გვა­ნან სა­კუ­თარ თა­ვებს თუ -
ოფ­ი­სის გო­გო­ებს თუ მზე­თუ­ნა­ხა­ვებს;
წვა­ნან ნა­პირ­ზე და ითვ­ლი­ან: ეს ცა არ­ის
პირ­ვე­ლი; სად­ღაც მე­სა­მე­ზე ბრწყი­ნა­ვენ
ჩვე­ნი საქ­მ­რო­ე­ბი; და მეცხ­რე­ზე – კა­დი­ლა­კე­ბი;
და მე­რე მა­ინც ერ­თად ვაბ­რუ­ნებთ
ქვებ­ზე ამ­ოყ­რილ მე­დუ­ზებს ზღვა­ში.
ღა­მის ტი­ლო კი­დევ უფ­რო მე­ტად სველ­დე­ბა:
სვე­ლი ხმე­ბი, სვე­ლი ფე­რე­ბი; აქ­ე­დან -
ღა­მის ბულ­ვა­რი­დან – ვე­ყუ­ჟე­ბით თი­თე­ბის თე­ატრს;
მსა­ხი­ო­ბე­ბი უც­ხო ღმერ­თებს გვა­ნან -
სი­ცოცხ­ლეს გრძნო­ბენ, ატ­ე­ვენ – ხე­ლის მტევ­ნებ­ში.
სუნ­თ­ქ­ვა­შეკ­რუ­ლი ვზი­ვარ და ვცდი­ლობ
არ გა­ვინ­ძ­რე. თით­ქოს ჰა­ერ­ში, ჩვენს თავ­ს­ზე­მოთ
ვი­ღაც ტივ­ტი­ვებს და იმ­ი­სი თი­თე­ბია – ჩე­მი ხე­ლე­ბი,
ჩე­მი ფე­ხე­ბი, რომ­ლე­ბიც მთე­ლი ღა­მე
სვე­ლი მაქვს, გა­ოფ­ლი­ლი; კო­ღო­ე­ბის ნაკ­ბე­ნებს
ვით­ვ­ლი. მეჩ­ვე­ნე­ბა, რომ ამ ზღვას­თა­ნაც
და ხმე­ლე­თის შუ­ა­გულ­შიც – მთე­ლი ქვე­ყა­ნა
და­სიცხუ­ლია, დაკ­ბე­ნი­ლია და გა­უნ­ძ­რევ­ლად,
სა­ზიზ­ღა­რი ნე­ტა­რე­ბით ყვე­ლა­ფერს ით­მენს.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   Mon Aug 28, 2017 2:02 pm

ლელა სამნიაშვილი

***

დრო სერიული მკვლელია. დროა
ვაღიაროთ და მივუტევოთ სხვა ნაძირალებს.
სიმართლე, როგორც კადრების ხროვა -
ხმაამოცლილი სამძიმარია.
ეს კი კვლავ ჩემი სიმდაბლეა -
კატასტროფა ვაქციო ლექსად,
ვწერო სიკვდილზე -
არაფრით რომ არ იმსახურებს
არც ყვავილებს, არ ფერუმარილს.
მკვდარი ნივთების სამყაროში ელავს სიცოცხლე.
არყოფნა ბევრად ბუნებრივია.
ეს ღირს სიმართლე – უპირობო და უეჭველი -
ნელი კვდომა – გაქრობამდე აჩქარებული.
ბოლოს პასუხსაც აგაფარებს – დაუჯერებელს -
მთელი თავისი სისხლჩაქცევებით, ჩალურჯებებით.
უყურე – ტვინის შერყევამდე სახიჩარია -
შეუძლია ამოჭამოს სილამაზე ნებისმიერი.
თვალებს ვერსად გადაუმალავ. მთელი შენი ავტომატური
გაღვიძებები, დაძინებები – არის მხოლოდ მისი ჩახმახი.
სადენებშიც ისევე ჟონავს, როგორც ძარღვებში -
გარდაცვლილმა მეგობრებმა „ფეისბუქშიც“ შემოაღწიეს -
მათი ღიმილი აუქმებს ყველა ვირტუალურ სამოთხეს,
ყველა თამაშს, რომელიც უსაფრთხო ჩანდა -
სასიყვარულო ბარათების წერას,
რბოლას ავტომაგისტრალებზე -
უნდა უყურო როგორც მხოლოდ საბედისწეროს.
გაუქმებული შუქურაა – თავის დაღწევაც.
თვალი კი – გემი – ყინულმჭრელი -
თავის გზაზე ამაოდ წვალობს.



ოთხი წლის ლექსი

ვარდები, შინ რომ დამახვედრე,
მთელი საღამო მხოლოდ ჩვენზე ლაპარაკობენ.
ჩვენს საიდუმლო ტბად იქცევა ლარნაკის წყალი -
მის კრიალა ნაპირებთან ჩათქმულ სურვილად, რომელიც მაშინ
ჭექა-ქუხილში გამოხვეულ თვითმფრინავზე ლამაზი და საშიში ჩანდა.
სხვა გზა არც იყო შინ დაბრუნების.

ოთხი ცალი ხავერდის ვარდი
ყვება ჩვენს ოთხ წელიწადზე -
იშვიათი ლექსებით და ხშირი სიტყვებით სავსე დღეებზე,
რომლებიც გავდნენ ათასფერი საღებავით დათხვრილ მუშებს -
აშენებდნენ სახლს, რომელში შებიჯებაც
იყო მხოლოდ შინ დაბრუნება.

საათმა, შიგ რომ ჩამოვკიდეთ,
თითქოს წარსულის გზებიც იცოდა -
გვიყვებოდა მარტოობის დავიწყების თავგადასავალს -
სავსეს ყოფითი ხიფათებით,
მათი პატარა საკნებიდან
თავის დახსნის ყველა მცდელობას.

როგორც სწრაფი კარუსელი,
შორიდან რომ მხიარული ჩანს,
მაგრამ გზადაგზა, მძიმე ნაყოფი, ხესავით, სცვივა -
მაშინებდა ყოფნის ყველა ატრაქციონი -
თვალისმომჭრელი, სულის წამძლევი,
საფასურით – გარდაუვალი ტრაგედიების.

კედლებს – კედლებთან მიკედლებულს
და მაინც ცალკე ბინადრობას -
ამოევსო ყველა ჩემი ძველი ქალაქი.
მათ სიღრმეში მეგულებოდა გაუქმებული ბავშვობის კარიც.
რომელიც ისევ გამოაღო
ჩვენი შვილის პატარა ხელმა.

შენ კი ფიქრობდი, რომ ქროლვა ღირს თავბრუსხვევად,
რომ ამ გზაზე მთავარია შენი ფირის ფერით ავსება,
საყვარელი ხმებითა და სახეებით,
წარსულიდან მოცქირალ თვალებს
ახალ სიცოცხლეს რომ დაანახვებს
და ამ სიცოცხლის მიღმაც – სიცოცხლეს.

სამი ცალი წითელი ვარდი. და ერთი – თეთრი,
ჯერ გაუშლელი – მომავალივით,
რომ არ ვიცით ზუსტი ფორმა.
ისინი ჩვენზე ლაპარაკობენ.
მთელი საღამო შემიძლია ვიჯდე, ვუსმინო.
მათ ლარნაკში შაქარსა და სიტყვებს ვამატებ.

მინდა ძალიან დიდხანს გაძლონ – ჭკნობის გარეშე.
ვიცი, რომ თითქმის შეუძლებელს ვთხოვ.
მაგრამ ისინი დღეს ისეთი სიყვარულით ლაპარაკობენ,
ეს ძველი დისკი, ლექსი, ამ ხმას თუ შეინახავს,
იქნებ დავსხდეთ და მოვუსმინოთ
ათი წლის მერეც, ოცი წლის მერეც.



წრედის ჩართვა

ალბათ გრძელდება არსებობა
ყოფნის გარეთაც -
უხმოდ, უთვალოდ, უხერხემლოდ, უძვლოდ, უმტევნოდ,
თუკი ახერხებ – ამ მეტალის დასმით გაკვეთო
სიცარიელე და სიტყვებით გამოუტენო
სხეული, რომ ეს უხილავი გახდეს ხილული.
თითქოს რაღაცას გკარნახობენ – ბაგის გარეშე -
ისინი, ვისაც ჩაეღვენთა ცვილად, ყინულად
…მკლავები – ფხვიერ არყოფნაში, წმინდა ხავერდში,
მტვრის სამკვიდროში.
კედლის მიღმა – მათი წრიალი -
გრძელდება. თითქოს არც არყოფნა ეიოლებათ.
ესეც შეკრული წრედი არის, ერთი წრე არის -
ზედ – ნაპერწკლებით – ჯადოსნური ნეირონებით.
უცხო საყვირში შეაღწიეს – შენ ხმას გართმევენ,
ლაპარაკობენ არეულად, ეკრანს აწერენ -
სიტყვებს, რომლებშიც უცნაურად ერთად ანთია -
მათი სურვილი – დაბრუნება,
შენი – გაღწევა.



მესაზღვრის სიმღერა

სამშობლო, მიეცი ძვლები უჟანგავი
ყველა შენს მესაზღვრეს,
რომელიც მოძრავი მიწის გუშაგია,
რომელზეც თესავენ -
ხან ყანას, ხან ბაღებს,
მტრის ჯარისკაცების
მუხლებს და იდაყვებს.

სამშობლო, რკინის და ნერვების მესერზე
ასხმულო, გიყვარდეს
ყოველი მათგანი. იყოს უანგარო -
მსხვერპლიც და ამაგიც.
მიეცი სახელი – ყველას – უჟანგავი.
ნუ მისცემ ჯამაგირს.

ვაშლის ბაღებიდან ასული კვამლი და
ტოტების ტკაცუნი.
ვაშლით დატვირთული ტრაილერები და
თვალები გაცურდა.

სამშობლო, ბაზარი – ის უსაზღვრებოა.
გარშემო უვლიან
ეს მთაგრეხილები, ეს წყალგამყოფები.
ის – მშობლიურია.



ზავის დადება

მრავლდება ხალხი თავ-თავისი სალოცავებით,
ჭრელი ნაკადი – რიცხვებით ბრძოლის,
ვიდრე დღეები უფრო სწრაფად ამოძრავებენ
ყბებს და საკუთარ სხეულებს ძოვენ
ბალახიანად, ხალხიანად.
ეს იარაღი – ბლაგვია, როგორც ყველა ბრძანება,
რომელიც გუშინ მედიდურად მოწყდა ბაგეებს,
დღეს კი სასტიკად აიკრძალება
გამეორებაც, მიდევნებაც.
გამოძევებულს – კმაყოფილების ბერწი ბაღიდან -
ამყვა უთქმელი სიმღერები, ამოცანები,
თავის ქალაში ისე გაღვივდა,
რომ შეიძლება დრო სხეულში გავასრიალო,
როგორც მბრწყინავი ნემსი – ჰაერში,
რომელიც არის უმიზნო და ლამაზი არის
ამ მითიური მიზნის გარეშეც.
და არ ჭირდება გუმბათს – ოქრო და ცას – ვანილი,
არც ლოცვის სიტყვებს -
მახვილები – სიმკვეთრისათვის,
რომ შუბლებიდან – საიმედო გალავნებიდან
ზავი დავუდოთ ძველ მტერს – სიკეთეს.




ანდროგინები

ცის თაღი ადგას დიდ იმპერატორს
და მის მწუხარე, ფრთოსან მინისტრებს,
დრო კი განაგებს ძველ ატელიეს -
ჭრის, აგვირისტებს, ჭრის, აგვირისტებს -
უთვალავ სახედ – ერთ მატერიას.

ისინი კი – უცხო ტომის ხალხი, კარგახნის გარიდებული
ნაყოფიდან ნაყოფის ცვენას,
შორიახლოს დგანან, გვიმზერენ -
სრულყოფილები, როგორც ჰაერი, ან წყალი -
კანის ფერისა და სქესის გარეშე,
რომ არა აქვთ ნაწიბურები, რასაც შიში შეეპარება,
ან სიბერე, ან კიდევ – ვნება.

მათი გაკვეთა ერთადერთი გზა იყო
იმის დასამტკიცებლად, რომ მომავალში გასაღწევად
საჭიროა ქალი და კაცი. მუხტი, რომელიც ამოავსებს
ჰაერის ფორებს – წამიერი, ერთმანეთზე დაგეშილი
სხეულების ბედნიერება, ილუზია უკვდავების,
შემოქმედების, საჭრეთელი – ახალი სახის გამოსაკვეთად.

ყოველი ბავშვი ძღვენია მისთვის.
თითოეული ისტორია სიყვარულის,
სასოწარკვეთა, ერთმანეთის ძებნა,
ტანჯვა მარტოობაში. გზადაგზა კი უსარგებლო,
აკრძალული შეჯვარებები – ვნების ღია ჭრილობები -
ახალ სიცოცხლედ რომ ვერ ხორცდება.
ანდროგინები, თუკი ისინი არსებობენ,
სევდიანად უყურებენ ყველა მოწამეს -

მგრძნობიარე ფერად თოჯინებს -
ერთმანეთის გამოძენძილ ძაფებზე რომ მიშტერებიათ
სხვადასხვა ზომის ღილის თვალები,
რომ იყოფენ ქსოვილს – ხორცისთვის,
უთვალავჯერ ჩაბრუნებულს ჩხრიალა სკივრში,
უთვალავჯერ ამოღებულს, გადაკერილს, გადაკეთებულს,
რომ როგორმე, იღბლიანი და შემთხვევითი შეხამებით
გამოჩნდეს სახე – ღმერთმა თავისი თავი იხილოს.



ლოცვა აბსტრაქციად

რამდენი ძეგლი აუშენეს ამაოებას,
რამდენი შთანთქა, ან ნასვრეტები გაუჩინა, დაიგემოვნა,
გაინაბა, ისე როგორც ჰოლანდიურ ყველში – თაგვი.
თითოეული ქვა, აგური, სიტყვა და ფერი -
ტკბილ საკბილოდ გამოიზოგა.

გახსოვს – ზღაპრებშიც ბრძოლა იყო,
მაგრამ გუმბათებს უელავდათ მამალოები
და მათ თავზე – კარგახანს – ჯვარცმაც შაქრის გეგონა.
წლებთან ერთად რკინად იქცა – ტანჯვის სიმბოლოდ -
ქარი და მზე რომ ვერ დაადნობდა.

დღეს შენი შვილი, სამი წლის, მოდის
დაჯღაბნილი ფურცლით ხელში
და გეუბნება – “ეს არის ომი”.
ეს უცნაური ზიარება აბსტრაქციასთან -
შენში ჩამდგარ ტბას აღვიძებს, აფორიაქებს.

ნიჭმა – კაუჭმა – ოქროს თევზის ამოსაყვანმა -
ტბას წითელი ქორჭილების ჯარი დასტყუა.
შენ კი ისევ ცდას განაგრძობდი -
მცურავ რკალებს ჩაშტერებული,
ვიდრე ნაპირს არ მოადგა სხვა მებადური.

წყალს დაუბრუნე ყველა დიდი და პატარა თევზი,
ყველა მცდელობა – დაგეტყუა ერთი სიტყვა -
სიმართლის მსგავსი – მათი მდუმარე ლაყუჩებიდან.
ადამიანს შეეკედლე. და კედლები და სახურავი -
ერთი სიცოცხლის სამყოფ ფართობს გადაეფარა.

ღმერთო, თუ გვატკბობ, თუ გვამწარებ, თუ გვამწიფებ
რაღაცისთვის – სიკვდილის გარდა,
იმის მიღმაც შეგვინახე ეს სიყვარული.



რომაული არდადეგები

რომი – ლომების ძველი არენა -
მთელი თავისი დიდებული შემოგარენით -
ქვის ძუ მგელია – შთამომავლებს ერთგულად კვებავს.

კოლიზეუმი ტურისტების სკაა, ხაფანგი -
ყურთსასმენებში გიდის ხმის ტემბრი ვერ ფარავს ზუზუნს,
უზარმაზარ ქვის სკაფანდრში შუბლი იზრდება,

იბერება თვალწინ წარსული – იმპერატორის ცერი – ქვემოთ,
მარტის სიზმრები, სერიალი ბრძოლების და შეთქმულებების,
მომავლისათვის – აწმყოს გვემის ქრონოლოგია.

იქნებ ამასაც ხედავდნენ მათი ორაკულები -
ფორუმთან – ფიქრის დრო არ არის – ვერ ანაყრებ ფოტოაპარატს -
კადრები, როგორც კარტის დასტა – ზედ აცვივა ხალხის ნიაღვარს.

ინდოელი მეწვრილმანე ამაოდ ცდილობს
მზის სათვალე შემოგასაღოს – ნახეთ, აქედან
ყველაფერი ბევრად უფრო რეალურია.

ამ ქალაქს ჭერი მოუხატა მიქელანჯელომ -
საკუთარი სიბრმავის ფასად. დღეს ბერლუსკონის ფერ-ხორცს ძერწავენ
სხვისი თითები, რადგან სჯერათ სხვა ესთეტიკის.

არისტოკრატთა ბაღებიდან გამოსულან გარეთ მონები -
ისეთივე ფერადები, როგორც წარსულიში -
იმპერიის ექსპანსიის მონაპოვარნი -

ქუჩა-ქუჩა ყიდიან ჩინურ სუვენირებს -
იტალიის ძველი დიდების ასლის ასლებს
საიდანაც გვიღიმის პაპი – დალოცვისთვის ხელაწეული.

პიეტასთან დიდხანს დგახარ ხელფეხშეკრული -
მოქანდაკე დღემდე ლოცულობს
და ტუჩები და თვალები ექოს ბედავენ.

ღვთისმშობელო, დაიფარე ყველა ჩვენგანი,
ვინც კარავაჯოს ასანთებად
რკინის ყუთში ერთ ევროს აგდებს, თუნდაც, ვერ აგდებს.




სამხედრო წრთვნები

სამი წლის წინათ, ომის დროს, ჩვენი სახლი გაძარცვეს.
დაბრუნებულებს ყირამალა დაგვხვდნენ ნივთები,
რომლებიც ალბათ უცხო თითებს ზიზღით ითმენდნენ.

წაიღეს ჩემი ოქროს ბეჭედი და რამდენიმე ბოთლი ღვინო.
ალბათ ჩქარობდნენ – მარტო უჯრები იყო დაცლილი
და არაფერი აუღიათ თაროებიდან.

მე მაინც დავრჩი მადლობელი, რომ არ დაწვეს ჩემი ალბომი,
არ დახიეს ჩემი წიგნები. რომ საერთოდ, დატოვეს სახლი.
ეს იქნება ჩემთვის მუდამ – სამარცხვინო მადლიერება.

დღეს კი, როდესაც ყურისძირში, თითქმის ქალაქში,
კვლავ გაისმის საბრძოლო წრთვნები, ხოლო ოთახში
ჩემს შვილს სძინავს, სილის გაწვნას გვანან წუთები.

იმუქრებიან თითო კაცის იმპერიები -
ჩვენი ჩონჩხები მათთვის არის ქვები, ჯოხები -
თითქოს ერთმანეთს ჩვენი ძვლებით იგერიებენ.

ჩვენ კი ვატაროთ უხილავი სამეფოები -
ყველა თვალისთვის უცხო მიწით, უცხო მოსავლით,
სადაც თვითონ ვართ მეფეები – გვირგვინოსანი,

ვატაროთ – ვიდრე ჯუჯები და გოლიათები
სათითაოდ არ გაბურღავენ, შემოანგრევენ -
ამ სიმყუდროვეს – დროებითი გვქონდეს სანგარი.

შვილო, მრცხვენია ამ ზღაპრების. არ შეეგუო
“ჭირი იქა და ლხინი აქა-ს” ბოროტ დასასრულს.
ის არ არსებობს. თუ არსებობს, შენ ნუ ისურვებ.

ჩვენი ფარული სამეფოების გარეთ გამოდგმა -
თანდაყოლილი სიმსივნეა ეს სიყვარული -
სამშობლოსი კი არა, მიწის. ეს – ქვემეხების იავნანაა.

თავს ვინ დაიძვრენს საკუთარი თავის ხიბლიდან,
როცა დრო ასე მყარად, ერთგულად
ამაგრებს ყველა ბავშვის ყიფლიბანდს.




***
შენი თვალები – ტბებიანებია -
შიგნით მარილის კვნიტებიც ტკბებიან
და მეც კენჭივით ვისროლე მოწყენა.

სიტყვები – თავნება და ვნებიანი -
ახლა გრძნობებზე ბევრად ნაკლებია,
მე კი ჯიუტად მინდა, რომ მოგწერო -

ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან,
რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს -
სიფხიზლეს ვივიწყებ. ვიძინებ შენთან.

უშენოდ – უშნოა – რაც ადრე ბრწყინავდა -
გზები და მზეები – ყველა წინა დღის -
ამ ძილისათვის მეთმობა.

ვარსკვლავიც დაეწყო – თავისით – კრამიტად -
ხედები – ტბებია – სარკმლიდან, კარიდან -
ეს გავს უთხოვნელ შენდობას.

ვიღაცას ვუყვარვართ, თან ისე ძალიან,
რომ ძილის ნება მივეცი ჩემს თავს -
სიტყვებსაც ვივიწყებ. ვიძინებ შენთან.


სააღდგომო მზადება

თითო ნაჭერი – მამლის ხორცი, ბატკანი, თევზი -
შენი სახელით – გამართლება ჩვენი ნადიმის -
როგორც კვერები – ზიარების – შენი ტრაპეზის
სუფრიდან, შენი ლოდინი რომ გაგვიადვილოს.
უფალო, ჩვენი მოლოდინიც აბეზარია -
ვხმაურობთ, ვგავართ კრაზანების ბუდეს ნამდვილად -
შენი წყალობის თაფლი გვინდა ყველას სადილად.

აღარავისთან არ მაქვს საქმე შენს გარდა, რადგან
სხვა ყველა ზუსტად ჩემი მსგავსია -
თუნდაც კისერი მოიტეხოს, ყირაზე დადგეს
ვერ ამოძვრება სივრცის გარსიდან,
რომელიც ისე გაიწელა, გონებას გაცდა,
ყველა ფორმა და ჩრდილი გასცილდა.

ჰე, ღმერთო, ერთო, გავაყოლე ცხოვრებას თვალი -
(ამ მანძილს მხოლოდ თვალით ამოთხრი)
ვერტიკალური უფსკრულია, თუნდაც რომ იყოს
კაშკაშა, როგორც ბრმების სამოთხე,
წარსული – ცხვრების გაძოვილი, გადათელილი,
აქა-იქ – ნამწვით – განწირული ამბოხებებით.

აღარავისთან არ მაქვს საქმე შენს გარდა, რადგან
სხვა ყველა – ჩემი გენომებიდან
გამოზრდილია – ბრმა კიდურებით
თაყვანს გცემენ თუ გეომებიან -
მათი ეჭვების გარნიზონები -
დამარცხებაში მეორდებიან.

ჰე ღმერთო, ერთო, გავაყოლე ცხოვრებას თითი -
სტრიქონებს შორის პურის ნამცეცებს
და ჭიანჭველებს გადავაწყდი – გაფაციცებით
რომ ირეოდნენ. მათგან არც ერთი
არ მოათრევდა სარჩოს შენსკენ.
მე კი – გეძებდი. ასე დამარცვლით -
მეგონა, რომ პოვნას შევძლებდი.

აღარავისთან არ მაქვს საქმე შენს გარდა, რადგან
ყველას პასუხი მჭლეა, მსუყეა
და მე ვშიმშილობ. ასეთი მარხვაც
არსებობს – ასე კვებავ სულ ყველა უძღებ შვილს,
ასე მტკიცედ, ურყევად
უტოვებ შენთან მოსვლის უფლებას.

გვაქვს სააღდგომო სამზადისი -
ვდგავართ მიჯნაზე -
სიცოცხლისაკენ მობრუნება გვსურს გულმხურვალედ
და ჩემი ხელიც უნებლიედ გადამწერს პირჯვარს,
რადგან აპრილის ხეხილს ვუყურებ.



ისევ ფოტოგრაფია

აი, ბავშვები, ვისი პირველი ფოტოებიც არის ფერადი -
პირველი თვიდან მკაფიოა თვალის ფერი,
ბაფთების ფერი, ყვავილები – ბამბაზიაზე
საყვარელი ტონალობები დედის და მამის,
ნათლიების – ჭრელა-ჭრულა გეტრები და საწვიმარები.
ფოტო-ალბომებს თვალი უსმენს -
სეზონები გიამბობენ თავ-თავის ამბავს -
სხეულებზე მეტად – ფერებით -
… თუ მწვანე ჭარბობს, სააღდგომო სამზადისია -
ხასხასა მწვანე გადასდის ჰაერს,
თეთრი სუფრა – მთელი თავისი სანოვაგით -
შეკუმშულა შინდისფერ კვერცხში.
ბავშვი ხელს იწვდის -
რომ გაზაფხულს, საბოლოოდ, მუქი ნაჭუჭი შემოაცალოს.
ზაფხული კი – ლურჯი, ყვითელი -
სარაფნები – ერთმანეთის გასწვრივ, დღეებზე -
როგორც სარეცხის თოკზე – ფრიალებს -
წითელი, მწვანე, ჟოლოსფერი, მწვანე, წითელი.
მერე მტევანი იწყებს ლაპარაკს -
ფერით გეტყვის ენა რამდენად დაშაქრული აქვს,
რთველში ბავშვებიც გვანან ყმაწვილ დიონისეებს -
მათ თვალებში სხივი თამაშობს -
ერთ ადგილზე ფოტოშიც რომ ვერ გამოიჭერ.

ძველ ფოტოებს როცა დავყურებთ,
თითქოს იქაც ყველაფერი არის წესრიგში -
ნაძვის ხეზე ყველა ბურთს აქვს თავისი ფერი,
წითლად ელავენ ყელსახვევები, დედის კაბა არის ბაცი
აგურისფერი, მზეზე თვალები გვიმწვანდება,
მამა ზუსტად ჩვენი ხნისაა, ლურჯი აცვია,
ბებიას კი ვარდისფერი პომადა უყვარს.
ბავშვებს ვუამბობთ ფერებს – დამარცვლით.
ჩვენს ყველაზე ფერად ფოტოებს შავ-თეთრი ქვია.



***
სახლის მცენარეს რა შეუძლია?
წყალს თუ დაუსხამ – მწყურვალს, უძინარს -
ფესვებით გაშლის ქოთანში ლოცვანს.

თუ არ დაუსხამ – მაინც ილოცებს -
ხველებ-ხველებით, გვალვის ბრონხიტით -
ოთახის ჰაერს მოხვეტავს ბორცვად.

მინდვრის ნარგავებს, ველურ არსებებს -
თუ უწყალობებ წვიმებს – მოსვამენ,
თუ მოაწყურებ – კისრებს დახრიან.

ვინც კი მშიერი სადმე დაგრჩება,
რომც გაგიბედოს და შემოგღრინოს -
მხოლოდ საკუთარ არსებას დახრავს.

სარჩოს – სარჩოსთვის რომ ანაწილებ -
შენი ხორბალი, მხეცი, ფრინველი -
ერთ უზარმაზარ ქვაბში ირევა.

ფოთოლი, ფრთა და ბრჭყალი ყოველი -
სრულქმნილებისთვის გამოყვანილი -
დანაყრებისთვის მაინც მცირეა.

რომ არ გყოლოდი თავისუფალი -
სიყვარულიდან გაზრდილი შიში -
დაკარგვის შიში – ჩემზეც დაგეშე.

ახლა თითების ბალიშებიდან,
თმის ღერებიდან, კიდურებიდან -
ეს შიში ჟონავს და არ გამიშვებს.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   Mon Aug 28, 2017 2:03 pm



ლელა სამნიაშვილი

ჩეჩენი გოგოს ლექსი

ეს ჩემი სული ცეცხლთან არის შეწყვილებული _
შავმა ამიკრა ბაგე და სუნთქვა.
კლდის მიწაზე რომ დამითესეთ ნაღმის პურები,
უბეში მიდევს და თითებით ვეფერები -
ჭაბუკი ქმრის მკვდარი მკერდივით.
არც წამწამი, არც ცრემლის წვეთი
არ მოწყდება რკინის გუგას. ჩემი ნაწნავი
დახვევია ალაჰის მაჯას. კლდის ნატეხი
მიდევს უბეში და თითებით ვეფერები,
ჩემი შვილის მკვდარი შუბლივით.
მე ვარ მძევალი ამ მძევლების. მძევალი -
ტაშის ექოებით სავსე დარბაზის -კლდის დარბაზებში
მომსკდარი ტყვიის ექოებით, ავი ზარით რომ იფარება.
უბეში მიდევს სიძულვილი და თითებით ვეფერები,
როგორც ხსოვნას ჩემი მკვდარი სიყვარულისას.
მკვდარი სამშობლოს, მკვდარი ღმერთის,
მკვდარი ქალის კივილი - თქვენთვის სასურველი -
მკვდარია ჩემში; და ჩემი ტვირთიც - თქვენს ტრამალში
თუ ჩაიმარხა, ალალი იყოს - ნაღმის პური,
კლდის ნატეხი, სიძულვილი - ამოცლილი ჩემი უბიდან.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   Tue Nov 07, 2017 12:02 pm

ლელა სამნიაშვილი

ქალაქი

სურვილს ჩაუთქვამს, როგორც წესია,
ყველა უთქმელად. ყოველდღიური
თხოვნების სია. ოქროს თევზია
ღმერთი და მისი აკვარიუმი -
ტაძარი. თითქოს ბადით მოზიდეს
და მოოქროვილ ჭურჭელში ჩასვეს.
ნოე კი ისევ თავის მორზე ზის
და გადარჩენის გეგმებით სავსე
თავზე გადასდის ზღვა. წყლის შიშინი
ყურებში. ქუჩის ხმაურის სიგრძე.
თუ გადაფარავ შენი სიშიშვლით
სხვებისას, იქნებ წმინდანად იქცე.
და წმინდა წყლები ნიაღვრებისა
მიაქვს დროს, რადგან დრო არის წარღვნა.
და კორპუსების სიმაღლეები
ვეშაპებივით მოუჩანს საზღვარს.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლელა სამნიაშვილი   

Back to top Go down
 
ლელა სამნიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: