არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 11:16 am

მანანა მათიაშვილი - მთარგმნელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სპეციალობით. კითხულობს ლექციების კურსს „თარგმანის თეორიის საფუძვლები“ კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში; მუშაობს თარგმანის თეორიაში; თარგმნის ინგლისური, ნორვეგიული და რუსული ენებიდან პოეზიას, სამეცნიერო ლიტერატურას, პიესებსა და საბავშვო ნაწარმოებებს. 2010 წელს მიღებული აქვს ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსში, ასევე მე-3 პრემია რუსთაველის თეატრისა და მ. თუმანიშვილის ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსში „უცხოური პიესის საუკეთესო თარგმანისათვის“.


Manana Matiashvili

სახელი და გვარი: მანანა მათიაშვილი
დაბადების თარიღი: 30. 11. 1978
ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი ქალიშვილი
წოდება: ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

პროფესიული განათლება:
* 2003-2006 თსუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასპირანტურა
* 2000-2002 თსუ მაგისტრატურა წარჩინების დიპლომით
* 1996-2000 თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრიატი (სპეციალობით: ლიტერატურული ურთიერთობა და მხატვრული თარგმანი) წარჩინების დიპლომით
* 1998-2001 თსუ უცხო ენებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (სპეციალობით: ნორვეგიული ენა)
* 2002 ოსლოს უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა (სფერო: ნორვეგიული ენა)
* 2004 ბერგენის (ნორვეგია) ჩრდილოეთის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლა (სფერო: ნორვეგიული ენა და კულტურა)

შრომითი გამოცდილება:
* 08. 2011- 10. 2012 შპს „ლიტერასი“ (პოზიცია - ელექტრონული წიგნების რედაქტორ-მენეჯერი)
* 2008-2011 “ევროპული სკოლის” ინგლისური ენის კათედრის წევრი
* 2006-2011 თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და თარგმანმცოდნეობის ასოცირებული პროფესორი
* 2003 - 2006 თსუ სიღნაღის ფილიალის ჰუმანიტარული ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის ასოცირებული პროფესორი
* 2003 - 2004 თსუ უცხო ენებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ნორვეგიული ენის პედაგოგის ასისტენტი
* 2002 - 2004 ანდრია ბენაშვილის სახელობის ინგლისური პროფილის საშუალო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი
* 2000-2001 გაზეთ „რეზონანსის“ კულტურის განყოფილების ჟურნალისტი.
* 2001-2002 გაზეთ „ახალი ვერსიის“ ჟურნალისტი.
* 2012 წლიდან კახეთის რეგიონის კულტურული მიმართულების არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე აკადემიის“ წევრი.

წიგნები, თარგმანები:
1. ჯონ ფოსეს პიესა „ჩვენ არასდროს დავშორდებით“ (თარგმანი ნორვეგიულიდან); კრებული „თანამედროვე ევროპული დრამატურგია“, თბ. 2004
2. კნუტ ჰამსუნი, მოგზაურობა ზღაპრულ მხარეში. კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი (თარგმანი ნორვეგიულიდან), თბ. გამომცემლობა “ლიტერა“, 2010
3. „ადამიანი“ - ლიტერატურული და მონოგრაფიული წერილების კრებული; რუსთავი, 2007 (თანაავტორობით).
4. ელიზაბეტ ბიშოპი, ლექსები (თარგმანი ინგლისურიდან), „დიოგენე“, თბ., 2010 (თანაავტორობით).
5. სარა კეინის პიესა „აფეთქებული“ (თარგმანი ინგლისურიდან). წაკითხულ იქნა სამეფო უბნის თეატრში 2014 წლის 24 დეკემბერს.
6. იან ერიკ ვოლდის ლექსები და სტატია ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ (თარგმანი ნორვეგიულიდან); ჟურნალი „ახალი საუნჯე“ #9, 2014.
7. სტაინ მერენის ლექსები და სტატია ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ (თარგმანი ნორვეგიულიდან); ჟურნალი „ახალი საუნჯე“ #5, 2015.
8. კიმბერლი ჯონსონის ლექსები (თარგმანი ინგლისურიდან); ჟურნალი „ახალი საუნჯე“ #4, 2015.
9. ოსბორნის გამომცემლობის გზამკვლევი ტურისტებისათვის ძველ რომში (თარგმანი ინგლისურიდან); ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბ., 2016 წ.
10. ანიმალიუმი - ცხოველების მუზეუმი (თარგმანი ინგლისურიდან); ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, თბ. 2015 წ.
11. ალექსანდრე პუშკინის ლექსები (თარგმანი რუსულიდან); თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1999 წ. (თანაავტორობით).
12. XIV-XV საუკუნეების იტალიური პოეზია, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბ., 1998 წ. (თანაავტორობით).

კონკურსები, ხარისხები და პრემიები:
* 04. 2006 - ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის აკადემიური ხარისხი (დისერტაციის სფერო: თარგმანის თეორია. თემის სახელწოდება: „მოდერნისტული პოეზიის თარგმნის პრობლემა თ. ს. ელიოტის ოთხი პოემის ქართული თარგმანების მიხედვით“)
* 04. 2010 - ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის პოეზიის ახალგაზრდა მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებული
* 06. 2011 - მესამე პრემია უცხოური პიესის საუკეთესო თარგმანისათვის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ხელოვნების განვითარების ფონდის კონკურსზე

უცხო ენები:
* ქართული (მშობლიური)
* ინგლისური (გამართულად)
* ნორვეგიული (გამართულად)
* რუსული (გამართულად)

სხვა ინტერესები: მოგზაურობა, ფოტოგრაფია

Arrow

Manana Matiashvili – literary translator, philologist. Graduated with PH.D from Iv. Javakhishvili Tbilisi state university, specialty in Translation and Literary Relations. Now a lecturer of Translation Theory and Practice at Caucasus University, Tbilisi, School of Humanities and Social Sciences; Works in the field of Translation Studies; Translates poetry, scientific books, drama and children’s literature from English, Norwegian and Russian languages. In 2010 was awarded Vakhushti Kotetishvili prize for young translators of poetry, also the 3rd place in the competition held by Roustaveli State Theatre together with M.Tumanishvili fund for revealing the best Georgian translation of foreign plays.

ბმული:
* https://sangu.ge/images/2015/cvmananamatiashvili.pdf
* https://youtu.be/upC-VYo7IhY - „ხაზის რადიო“ 08.04.16 შეხვედრა მთარგმნელებთან
* http://lit.ge/books/5-11024-manana-matiashvili/
* http://radio1.ge/ge/videos/view/170466.html
* https://www.facebook.com/manana.matiashvili
* https://lcgit-ebook.github.io/lcgit-ebook/B1b_uAMi94b.html

study


Last edited by Admin on Sat Aug 12, 2017 5:14 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 11:53 am



წიგნის დასახელება - „ზღაპრულ მხარეში: კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი“
ავტორი - კნუტ ჰამსუნი
თარგმანი ნორვეგიულიდან - მანანა მათიაშვილი
კატეგორია - კრიტიკა/პუბლიცისტიკა
გამომცემლობა - ლიტერა
ISBN 9789994088317
ფორმატი - 16.5x21
ყდა - რბილი
გვერდები - 190
გამოშვების წელი - 2010
ფასი - 13.00 ლარი

ანოტაცია:
„მარტოდმარტო ვზივარ დედამიწაზე, ცას შევყურებ და რადგანაც, სხვებისგან განსხვავებით, მე ჯერ ვერ გამირკვევია საკუთარი დამოკიდებულება ღმერთთან, ღმერთსა და მის ქმნილებებზე ფიქრში ვარ ჩაფლული. ეს ჯადოსნური და მოზეიმე სამყარო, გადასახლებულთა ეს უძველესი ნავთსაყუდელი, რომელშიც მოვხვდი, მთელ ქვეყნიერებაზე ყველაზე უფრო საოცარი მხარე ყოფილა“.
კნუტ ჰამსუნი.

მოგზაურობა აღმოსავლეთისაკენ 40 წლის მწერალმა 1899 წელს, ახლადშერთულ მეუღლესთან ერთად წამოიწყო. ასე აღმოჩნდა ის საქართველოში. საგზაო ჩანაწერების გაცნობისას, მკითხველი შეიტყობს, როგორ გახდა ჰამსუნი „მტკვარდალეული“ და გაუჭირდება გაარჩიოს, სად გადის ზღვარი მწერლის მიერ რელურად მიღებულ შთაბეჭდილებებსა და გამონაგონს შორის....

Arrow

წიგნის პრეზენტაცია და მთარგმნელობითი კონკურსის შედეგების გამოცხადება

28.09.2010

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალი პროქტი განხორციელდა. გამოიცა გამოჩენილი ნორვეგიელი მწერლის, კნუტ ჰამსუნის ნაწარმოები "ზღაპრულ მხარეში"-კავკასიაში განცდილი და ნაოცნებარი, რომელშიც ნობელიანტმა ავტორმა თავისი საქართველოსა და კავკასიაში მოგზაურობა ასახა. მწერლისათვის საკმაოდ უჩველოდ რომანტიკული სათაური მიგვანიშნებს, რომ წიგნში გასაოცარი ამბებია აღწერილი. მართლაც ჰამსუნის თბილისი, საქართველო და მთელი კავკასია ცოცხალი, შთამბეჭდავი და თვალისმომჭრელია.

წიგნმა დღის სინათლე პირველად 1903 წელს იხილა. მაშინ მწერალს სურვილი ჰქონია, რომ გამოცემაში მისი მოგზაურობის ამსახველი ფოტომასალა მოხვედრილიყო, თუმცა ამ თხოვნაზე თავის გამომცემლისაგან უარი მიუღია და აი 107 წლის შემდეგ ახდა ჰამსუნის ოცნება- მისი "ზღაპრულ მხარეში" უხვი ილუსტრაციებით გამოიცა, ოღონდ ეს მოხდა საქართველოში და არა ნორვეგიაში. წიგნი ქართულ ენაზე გამოვიდა და ის დასურათებულია მე-19 საუკუნის ქართველი ფოტოგრაფების შედევრებით. წიგნი დაიბეჭდა გამომცემლობაში "ლიტერა".
ვფიქრობთ, ქართველ მკითხველს დააინტერესებს ნორვეგიელი გენიოსის მიერ ასეთი სიყვარულით აღწერილი წიგნი მისი სამშობლოს შესახებ.

წიგნის პრეზენტაცია აქამდე უცხო გარემოში, მტკვრის სანაპიროზე მდებარე დედაენის ბაღში, ბუკინისტების დახლებთან მოეწყო. აქვე გამოცხადდა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებული მთარგმნელობითი კონკურსის შედეგები. "ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ჩატარდა მთარგმენლობითი კონკურსი, რომელიც უცხოური და ქართული გამომცემლობებისთვისაა განკუთვნილი და მიზნად ისახავს, როგორც ქართული ლიტერატურის უცხო ენებზე თარგმნასა და გამოცემას, ასევე უცხოური ლიტერატურის ქართულად თარგმნისა და გამოცემის ხელშეწყობას. დასახელდა ქართველი გამომცემლების მიერ მოწოდებული, ქართულად თარგმნილი ექვსი ლიტერატურული ნაწარმოები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩა და უახლოეს მომავალში კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცემა. კონკურსის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის ვებ გვერდზე: www.book.gov.ge


ბმული:
* http://www.culture.gov.ge/News/წიგნის-პრეზენტაცია-და-მთარგმნელობითი-კონკურსის-შედ.aspx

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 12:19 pm

ელიზაბეთ ბიშოპი

თარგმანი ინგლისურიდან - მანანა მათიაშვილი


One Art

„ძნელი არ არის დაკარგვაში დახელოვნება.
დაკარგვის ბედი თან დაჰყვება უამრავ საგანს,
რომელთა კლება ჯერ არ ნიშნავს უბედურებას.

თითქმის ყოველდღე ვკარგავთ რამეს და დაგვაქვს სევდა
დაკარგული გასაღების თუ უქმად ჩავლილი წუთების გამო.
ძნელი არ არის დაკარგვაში დახელოვნება.

თანდათან ვიძენთ უფრო შორს და უფრო სწრაფად დაკარგვის ჩვევას.
ეს შეეხება სხვადასხვა ადგილს, სახელსა თუ სამოგზაუროდ მონიშნულ
სივრცეს. თუმცა ასეთებს არ მოჰყვება უბედურება.

დავკარგე დედის სახსოვარი მაჯის საათი და ამას მოჰყვა
უსაყვარლესი სამი სახლიდან ერთის დაკარგვა.
არ არის ძნელი დაკარგვაში დახელოვნება.

დავკარგე ორი მშვენიერი, მყუდრო ქალაქი და უფრო მეტიც -
ჩემი კუთვნილი სამეფოები, ორი მდინარე და კონტინენტი.
მონატრება მკლავს, მაგრამ არ იყო ეს ყოველივე უბედურება.

შენი დაკარგვაც მოვახერხე (ის ხუმარა ტონი შენს ხმაში
დღემდე მიყვარს). არ მოგატყუებ, დანაკარგი ცხადზე ცხადია:
დაკარგვა სულაც არ ყოფილა ძნელი ხელობა,
თუმც შეიძლება (აღიარე, რომ შეიძლება!) დაემსგავსოს უბედურებას.“


ნორზ ჰავენი

ერთი მილით შორს მე შემიძლია, გავიგონო ის ხმაური,
ზღვაში შხუნას გასვლას რომ ახლავს; შემიძლია დავითვალო
გირჩები ნაძვზე. ეს უნარი გამყვება მანამ,
რძისფერ კანს არ გადაიძრობს ფერმკრთალი ყურე; ცამოწმენდილზე
ერთადერთი ღრუბელი მოჩანს, ცხენის კუდივით მოგრძო და თხელი.

იმ ზაფხულს აქეთ კუნძულები სულ არ შეცვლილა,
რაც არ უნდა თავს მოვაჩვენო, ადგილიდან არცკი დაძრულან.
არადა ვხედავ ოცნების თვალით, როგორ ცურავენ
ხან ჩრდილოეთით, ხან - სამხრეთით, ხანაც - გვერდულად,
ლურჯი საზღვრების ტყვეობაში კუნძულები თავისუფლად დათარეშობენ.

ამ თვეში ჩვენი საყვარელი ერთი მათგანი სულ ჭრელა-ჭრულა
ყვავილებით გადაიპენტა:
წითლად ბრდღვიალებს სამყურა და ყვითლად- ბაია, მოდებულია სარეველა, მწვანე ბალახში
თვალს აკვესებენ გვირილები - ყვითელგულები.
ჩალის ღერებსაც ვარსკვლავები ჰგონიათ თავი. ”ჰგონიათ” რაა,
უფრო მეტიც- ყვავილები დაბრუნებულან, რომ ნეტარებით მოგვიხატონ
მინდორ-ველები.

დაბრუნებულან ნიბლიები, ან შეიძლება ახლა ვერ ვამჩნევ და ესენი
მათი მსგავსი სხვა ჩიტებია,
ისევ გაისმის თეთრყელიანი ბეღურების ხუთნოტიანი სიმღერები, –
ვედრებას რომ ჰგავს და თვალს ცრემლს რომ გვადენს.
ბუნება თავის თავს იმეორებს, ან: იმეორებს დაახლოებით:
ჯერ იმეორებს, იმეორებს, მერე ალბათ გადაამოწმებს.

როგორც მითხარი, მგონი აქ იყო, წლების წინ
(1932-ში?) პირველად რომ აგეხილა ქალებზე თვალი,
ერთდროულად რომ გისწავლია ცურვა და კოცნა.
შენს სიტყვებს თუ გავიმეორებ, ”მაგარი დრო” გიტარებია, კლასიკური ზაფხული გქონდა.
(როგორც ეტყობა, ”დროსტარება” შენ ყოველთვის თავ-გზას გიბნევდა ... )

მაშინაც ხომ ასე მოხდა? - შენ დატოვე ნორზ ჰავენი, მის კლდეებთან ჩაშვებული ღუზა აუშვი
და შესცურე მისტიურ ლურჯში ... ახლაც, მე ვიცი, უკეთესის
იმედით გვტოვებ. რომ იცოდე, შენ ვერასოდეს გადააკეთებ, ვერ გადააწყობ ხელახლა
ლექსებს. (მაგრამ ბეღურებს შეუძლიათ ისევ სიმღერა.)
უკვე დაწერილს ვერაფრით შეცვლი, რადგან შენ თვითონ ვერ შეიცვლები,
ჩემო მწუხარე მეგობარო, ვეღარასოდეს..



მოგზაურობის შესახებ

აქ უთვალავი ჩანჩქერია; მთის წყაროები
ელვის სისწრაფით ეშვებიან ზღვის შესართავთან
და ქედებზე უამრავი ღრუბლის ზეწოლას რომ ვერ უძლებენ,
შხეფების ფრქვევით გადმოდიან კალაპოტიდან,
ჩვენს თვალწინ წამის მეასედში ჩანჩქერებად გარდასახულნი.
- მანამდე კი, ვიდრე წვეთები - ცრემლის ლაქებად მოციმციმე წვრილი ჭავლები,
მგრგვინავ ჩანჩქერად გადაიქცევა,
სულ რაღაც ერთი- ორი საუკუნე მაინც გაივლის,
- აი, ასე იზომება აქ დრო და სივრცე.
მაგრამ თუკი ღრუბლები და ნაკადულები მოგზაურობას, მომთაბარეობას
არ მოიშლიან, მთები მალე დაემსგავსება გადმობრუნებულ გემის ტრიუმებს,
შლამითა და მოლუსკებით ჩამოძენძილებს.

გზაზე, შინისკენ მიმავალზე, უნდა ვიფიქროთ.
ანდა, საერთოდ ხომ არ სჯობდა სახლში დარჩენა,
აქაურობის მხოლოდ ფიქრში მონახულება?
მაშინ, ამ წესით, ნეტავ, ახლა სად უნდა ვიყოთ?
საკითხავია, სწორად ვიქცევით - ამ სცენაზე ჩვენთვის უცნობი
მსახიობების უჩვეულო თამაშს რომ ვუმზერთ?
ან, რა ბავშვური მოუთმენლობა შეგვიპყრობს ხოლმე,
ვიდრე სხეულში სული გვიდგას, მზად რომ ვართ მოვწყდეთ
ნაცნობ ადგილებს, მხოლოდ იმიტომ,
მზეს შევხედოთ მეორე მხრიდან?
მივეშურებით მსოფლიოში ყველაზე ციცქნა მწვანე კოლიბრის სანახავად
ან დავაცხრებით გარდასულ დროის რომელიმე ქვის ნაკეთობას,
რომელიც ყველა მხრიდან იდუმალი და აუხსნელია
და რომელსაც არ დაკლებია მნახველი და შემფასებელი,
თან ყველა ჯერზე, ყველა ნახვაზე ერთნაირად მშვენიერია?!
ან, დანაშაულს ხომ არ ჩავდივართ,
ჩვენს ოცნებებზე როცა ვოცნებობთ
და საერთოდ, ოცნება რომ გვაქვს?
ნუთუ დავტოვეთ სადმე სივრცე
ჯერ კიდევ თბილი, ჩასასვლელად გამზადებული, მორიგი მზისთვის?

სინამდვილეში, დანაშაული ის იქნებოდა,
არ შეგვეხედა ამ გზის გასწვრივ ჩარიგებული ხეებისათვის,
საკუთარ თავს რომ აჭარბებენ სილამაზეში
და ვარდისფერში გამოწყობილი კეთილშობილი მიმებივით
ნიშანს გვაძლევენ მწვანე ხელებით.
- სამწუხარო ის იქნებოდა, საწვავისათვის შეჩერებულებს
არ გაგვეგონა დაცალებული ხის ქოშების
მოურიდებელი ბაკუნის ხმები -
ნაღვლიანი, ორნოტიანი ხის მელოდია
ბენზინგასამართის ცხიმიანი იატაკიდან.
(სხვა ქვეყანაში ყველა ქოშის ცალს შეამოწმებდნენ
და ერთნაირ გუდრონის ძირს გაუკეთებდნენ ხმის დასახშობად).
- ის იქნებოდა სამწუხარო, არ მოგვესმინა
მეორე, ნაკლებპრიმიტიული მუსიკა იქვე
გადატეხილ ბენზინსაქაჩზე მჯდარი დიდი რუხი ჩიტისა
იეზუიტურ ბაროკოთი ბამბუკისაგან ნაგებ ტაძარში,
რომლის ნიშანი 3 სამრეკლო და 5 დიდი ვერცხლის ჯვარია.
- დიახ, საწყენი იქნებოდა, წამით მაინც რომ არ გვეფიქრა,
სულაც ბუნდოვნად და განურჩევლად,
იმის შესახებ, ასწლეულთა განმავლობაში
რა კავშირი შეიძლებოდა გაბმულიყო
ხის მოუხეშავ ფეხსაცმელსა და ხის გალიებში გამომწყვდეულ,
გარანდულსა და ერთობ დახვეწილ, ოცნებებს შორის.
- და სამწუხარო იქნებოდა, არ შეგვესწავლა ისტორია
მომღერალ ჩიტთა გალიების ძლივსშესამჩნევი ხელწერის კვალზე.
- და კიდევ ის, რომ მოსმენილი არ გვქონდეს წვიმა,
ასე რომ გავს პოლიტიკოსთა მწვავე გამოსვლებს:
ორსაათიან ორატორიის შემდეგ უეცრად ჩამომდგარი დუმილის წამით,
როცა მოგზაური კალამს იღებს და რვეულში იწერს:

„ნუთუ მხოლოდ წარმოსახვის ნაკლებობაა, რაც გვაიძულებს
ვიმოგზაუროთ წარმოსახულ გრძედ-განედებზე,
იმის მაგივრად, რომ, უბრალოდ, სახლებში დავრჩეთ?
თუ დავიჯეროთ, რომ პასკალი ოდნავ სცდებოდა,
როცა ამბობდა, რომ ყველაფერს შინ ყოფნა სჯობდა?“

კონტინენტია, ქალაქია, ქვეყანა თუ ნაცნობების წრე
არსად არ არის არჩევანი თავისუფალი.
აქ თუ იქ?.. არა, არსად. მართლაც, ხომ არ სჯობდა სახლში დარჩენა,
ეს სახლი სადაც არ უნდა იყოს?


ჯერონიმოს სახლი

ჩემი სახლი, ჩემი სასახლე,
ზღაპრული თანაც,
ერთი უბრალო ფიცრულია
მალემტვრევადი.
კრაზანების ეს ჩემი ბუდე,
სულ ერთად სამი ოთახია,
ფურთხით გადაბმული
დაღეჭილი ქაღალდებისგან
აშენებული.
ჩემს ბინას, სიყვარულის ამ ჩემ საბუდარს,
რაც თავი მახსოვს,
ზონარივით ვიწრო ფიცრის
ვერანდა აკრავს
და ალამაზებს საწმენდ ღრუბლებში
ჩარგული გვიმრა,
წინა ოთახს კი -
წინა შობიდან შემორჩენილი
წითელ-მწვანე
მოსართავები
კუთხეებიდან
დაშვებული
ოთახის ცენტრში,
ზედ პატარა მაგიდის თავზე.
ჩემი მაგიდა მოწნულია,
ლურჯად ნაღები,
ოთხი ლურჯი სკამიც აქ დგას
და ასევე თოთო ბავშვების
გასართობი
ვარცლი ათი დიდი მძივის ბურთულით.
შემდეგ, კედლებზე:
პალმის ფოთლის
ორი მარაო
და კალენდარი.
მაგიდაზე კი
ერთი თევზი
შემწვარი და შემზადებული
მწველ ალისფერ საკმაზთან ერთად;
პატარა თეფშით
სიმინდის ფაფა;
და ასევე
ოთხი ბრჭყვიალა ქაღალდის ვარდი.
კაუჭზე მაქვს დაკიდებული
ერთი საკრავი -
ძველი ფრანგული საყვირია
ალუმინის საღებავით გადაღებილი.
ყოველწლიურად
საყვირზე ვუკრავ
ხოსე მარტის ხსოვნისადმი
მიძღვნილ აღლუმზე.
ღამღამობით
ჩემი სახლი მიტოვებული
გეგონებათ.
ახლოს მოდით. თქვენ
დაინახავთ და გაიგონებთ
საწერ ქაღალდზე
შუქის ზოლებს
და რადიოს ხმას.
ფლამენკო ისმის
ჩემს რადიოში
ლატარიის ნომერთა შორის.
და საცხოვრებელს როცა ვიცვლი,
თან მიმაქვს მხოლოდ ეს ნივთები,
სხვა არაფერი.
მიმაქვს აქედან - ქარტეხილისგან
თავშესაფარი ჩემი სახლიდან.


***
სასწაულია, გაგვეღვიძოს ორივეს ერთად
და შემოგვესმას სახურავიდან უცაბედად წამოსული
წვიმის ხმაური; სასწაულია, შევიგრძნობდეთ კამკამა ჰაერს,
რომელიც თითქოს ელექტრობამ დამუხტა განგებ
ცაზე გაჭიმულ მავთულების შავი ხლართიდან.
სახლის სახურავს წვიმა ასველებს,
ქვემოთ კი - კოცნა ასხივებს ნათელს.
ელექტროშტორმი ჩადგება თუ ამოვარდება,
გამოგვაღვიძებს დამუხტული ჰაერის ჩხვლეტა,
ახლა მეხი რომ სახლს დაეცეს, ერთიანად ჩამოიქცევა
ოთხცისფერჩინურბურთიანი სახურავიდან –
და დაფარავდა ნამსხვრევები გზებს ჩვენ გარშემო.
სიზმარეულნი წარმოვიდგენთ, როგორ აიტანს
ელვის გალია ჩვენს სახლს ჰაერში
და საყურებლად ეს იქნება უფრო საამო, ვიდრე - საშიში.
და იმ მარტივი თვალთახედვიდან
(რასაც გაუჩენს კაცს ღამე და გულაღმა წოლა),
ამ სამყაროში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს ძალზე ადვილად,
რადგან ყოველთვის იარსებებს შავი ელექტრომავთულების
შერხევის საფრთხე. უმტკივნეულოდ შეიცვლება მთელი სამყარო,
ისე უბრალოდ, როგორც ამინდი იცვლება, ანდა, მოულოდნელად
იელვებს ცაში. ჩვენ რომ კოცნისთვის გვჭირდება ის დრო,
ძირფესვიანად შეცვლის სამყაროს.


მექვიშია

ირგვლივ აღძრული ორომტრიალი მისთვის შეჩვეულ მოვლენად მოჩანს,
რადგან სამყარო თითქოს ყოველწამს აპირებს ისევ მძლავრად შერყევას.
თავგამეტებით მირბის სამხრეთით, ჭირვეული და მოუხეშავი,
დაოკებული შიშით მოცული, როგორც სტუდენტი ვინმე ბლეიკის.

მთელი ნაპირი ცხიმის შიშინის ხმას გამოსცემს. ჩიტისგან მარცხნივ
ხელისშემშლელად მიფრიალებს წყლის ვრცელი ფარდა
და მის მოშავო მყიფე ფეხებზე წყლის ჭიქურს ტოვებს.
ის კი პირდაპირ მიტოპავს წყალში და დაჰყურებს საკუთარ კანჭებს,

- უფრო სწორად, ბრჭყალებს შორის დაგროვებულ ქვიშას დაჰყურებს, -
სწრაფი მიქცევა-მოქცევის გამო აქ იწრიტება ატლანტიკა,
ამ წუთისათვის ყველაფერზე მცირე სიდიდე. სირბილის დროს
მექვიშია აკვირდება ქვიშის მარცვლებს, წყალში ჩათრეულს.

სამყარო მხოლოდ ნისლია ჯერაც. მერე თანდათან პატარავდება
და ხდება ისევ უზარმაზარი და ძალზე სუფთა. ახლა წყალი
მიიქცევა თუ მოიქცევა, მექვიშია ვეღარც კი ამჩნევს, რადგან
გეზი აქვს აღებული ერთადერთი მიმართულებით; რაღაც აწუხებს,

რაღაცას ეძებს, რაღაცას მისდევს გაშმაგებული.
საწყალი ჩიტი, შეპყრობილი დევნის მანიით!
მილიონობით ქვიშის მარცვალში ურევია შავიც და თეთრიც, რუჯისფერიც და მონაცრისფროც
შერეული კვარციტის მარცვლებს - ვარდისფერსა და ამეთვისტოს.


ხუთი აფრენა

ჯერ ისევ ბნელა.
უცნობი ჩიტი ჩამომჯდარა შეჩვეულ ტოტზე,
გვერდით ეზოდან ისმის ყეფა პატარა ძაღლის,
(დაიყეფა მხოლოდ ერთხელ, შეკითხვის ტონით).
და იქნებ, ჩიტმაც დასვა შეკითხვები (როცა ეძინა)
გაუბედავად, ერთი ან ორი.
ამ შეკითხვებზე - თუ შეიძლება, მათ ასე ერქვას -
თვით ახალი დღე გასცემს პასუხს
მიუკიბავ-მოუკიბავად.
უზარმაზარი დილა თენდება, მოსაწყენი და ყველაფრის მჩენი.
ნაცრისფერი შუქი ციმციმებს ხის ყოველ ტოტზე,
ყოველ შტოზე, და ხის ცალ მხარეს
იხატება მეორე ხე - გამჭვირვალეძარღვებიანი...
ჩიტი კვლავ იქ ზის. როგორც ჩანს, ახლა მთქნარების დრო აქვს.
გვერდით ეზოში დარბის შავი პატარა ძაღლი.
და უცებ ისმის პატრონის ხმა, გამკაცრებული:
- „უნდა გრცხვენოდეს!“
რა ჩაიდინა, ნეტავ, ასეთი?
გახარებული დახტის და ცელქობს
ხმელი ფოთლების კორიანტელში.
აშკარად ჩანს, მას სირცხვილის შეგრძნება არ აქვს.
ძაღლმა და ჩიტმა კარგად იციან - ყველა კითხვაზე არის პასუხი,
ყველაფერზე უკვე იზრუნეს,
აღარ არის საჭიროება შეკითხვების გამეორების.
- გუშინდელი დღე ერთობ მსუბუქად გადმოებარა დღევანდელობას!
(ის გუშინდელი, ასე მძიმე ტვირთად რომ მაწვა).


ურწმუნო

[/i]„მას ანძის წვეროზე ძინავს“
ჯონ ბანიანი (1628-88)[/i]

მას, რახანია, ანძაზე ძინავს
და აქვს თვალები დახუჭული ფართოზე ფართოდ,
ქვემოთ აფრები ეშვებიან ფრიალ-ფრიალით, -
მისი საწოლის თეთრი ზეწრები,
და ამ ფრიალში ღამეულ ცაზე მოჩანს ანძაზე მძინარის თავი.
ეძინა, როცა აქ მოიყვანეს,
ეძინა, როცა შემოეხვია
მოოქროვილ ბურთს ანძის ბოლოზე,
ხან მოოქროვილ ფლიგელზე იჯდა
და მერე ისევ ბრუნდებოდა ბრმად ანძის წვერზე.
“მე მარმარილოს სვეტებზე ვცხოვრობ
და არასოდეს არ დავძრულვარ ამ ადგილიდან.
აი, იქ, ზღვაში, სვეტებს ხომ ხედავ?“ - ეტყვის ღრუბელი.
თვითშემეცნებით გარინდებული
მიაჩერდება ისიც წყალში
საკუთარი ანარეკლის დაკლაკნილ სვეტებს.
თოლიამ ფრთები შეასვენა მისი ფრთების ქვეშ
და მაშინ მიხვდა - მარმარილოს ჰგავდა ჰაერი.
მერე ზემოდან ჩამოესმა: „ახლა აქედან ავიჭრები
მაღლა ზეცაში, და ეს იქნება უდიდესი გაფრენა ჩემი
მარმარილოს ფრთების საძებრად“.
მაგრამ მას ახლაც ანძაზე ძინავს
და აქვს თვალები დახუჭული მჭიდროზე მჭიდროდ.
როცა თოლია მის სიზმარში შეიჭრა, იგი
ასე ამბობდა: „არ ჩავვარდები.
თუმცა ზღვას, ახლა ქვემოთ რომ ღელავს, უნდა, ჩავვარდე.
ის სასტიკია, როგორც ალმასი, უნდა, რომ ყველა გაგვანადგუროს.“

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 12:39 pm

ანისურ რაჰმანი

თარგმანი ინგლისურიდან - მანანა მათიაშვილი


მიწვეული პოეტი

მიწვეულ პოეტებს ვერ ნახავთ სკოლებში, ბიბლიოთეკებსა და ლიტერატურულ თავყრილობებზე.
ისინი ცხოვრობენ საპატიმროებში, მინდვრებში, ქარხნებში, ქუჩებში, ბაზრებსა და შრომა-გასწორებით კოლონიებში,
სადაც წარმოთქვამენ გამამხნევებელ შეძახილებსა და ოხრავენ ცხოვრებაზე.
პოეტები კუთხე-კუნჭულებში მიმალული სიცოცხლის კოლუმბები და ვასკო და გამები არიან.

თუ რომელიმე თქვენგანი უფსალაში ჩემ შესახებ იკითხავს,
ეტყვიან, რომ ამ სახელისა და გვარის კაცი უფსალაში მიწვეული პოეტია.

მე კი გეტყვით, რომ ანისურ რაჰმანი სულაც არ არის პოეტი,
ის, უბრალოდ, შტორმში მოყოლილი ჩიტის სულია -

ჩიტის, რომელიც ქარიან ღამით თავს შეაფარებს სასახლეში
და ერთადერთი, რასაც ელის, განთიადია... შტორმის შემდგომი განთიადი...


განა ვინა ვარ, რომ ვიჯავრო?*

ფეისბუქმეგობარი:
„შენ შეიძლება გაწუხებდეს ვარდზე ეკალი და გიხაროდეს, რომ ეკალთან არის ვარდები.“

ჩვენ რატომ უნდა დავზარალდეთ ამ ყველაფრისთვის? ანკი, საერთოდ, ვზღავთ და ვიხდით..?

დიახ, ასეა: ერთიც, მეორეც!
იმედი სადღაც ეკალსა და ვარდს შუა ხარობს! მოდი, ვიკითხოთ, ჩვენც შუაში ხომ არ ვიმყოფით? ჰო, გეკითხები, ვხარობთ თუ ვჯავრობთ?

ხან ეკალიც სიხარულის მიზეზს იძლევა: - აი, სისხლი სცხია ჩემს ხელებს.
ხან კი ვარდსაც მოჰყვება ცრემლი: - მესმის, გული როგორ იმსხვრევა.

შენი ეკლები... ვარდებიც შენი!
ჩემთვის რაღა მნიშვნელობა აქვს, დაიმსხვრევა თუ გახელდება?

განა ვინა ვარ, რომ ვიჯავრო ან ვიზეიმო?


ვიზრდები

1.
მიწის სუნი მაქვს, დედის სუნი,
ვკოტრიალობ მტვერში, ტალახში.

ტალახიან გუბეებში თამაში მართობს, დაუღალავად გადავდივარ ყირაზე ბავშვი.
სულით და ხორცით დაუღალავი ვიყავი მაშინ - ცხრამეტ წლამდე მთელი ბავშვობა.
ჯერ დედის კალთას გამობმული მას ზედმეტად ვეჭიდებოდი, მერე ვტოვებდი
დედის სარის ფრიალა ბოლოს და სხვა ქალისას ვეკედლებოდი.
რაც ძალი და ღონე მქონდა, მახსოვს, გავრბოდი.
ისევ და ისევ ვბრუნდებოდი, ვტრიალდებოდი.

2.
მამაჩემი გლეხია. იგი აღმა-დაღმა დაატარებს სახნისსა და
უღელში შებმულ წყვილ ხარ-ძროხას. მე ვიცი, რასაც ნიშნავს დაბადება.
გლეხები მიწას ამუშავებენ და არსობის პურს მოიპოვებენ. გლეხები სახლში ბრუნდებიან...

მოხიბლული ვარ ჰუკას** ბუყბუყით - შთამბეჭდავი ჟღურტულა ხმებით.
წარმოვიდგენ
როგორ ვუშვებ ფრანს ბიჭობიდან. მიწის სუნი მაქვს,
დედის სუნი გადმომდებია.

3.
მინდვრად დავდივარ, გჰაათზე*** ჩავალ,
მამასთან ერთად ვამუშავებ მიწებს, სოფლის გზებზე დავდივარ,
ოცნებებისკენ მივეშურები.
ვიზრდები და ჩემთან ერთად იზრდებიან ოცნებები.
მიწის სუნი მაქვს და, მასთან ერთად, ქალის სუნიც.

4.
მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა. ოცდახუთზე მეტის ვარ უკვე.
ქალაქში ვცხოვრობ, მივატოვე ჩემი სოფელი.
ჩემი სხეული ეჯახება სხვა მსგავს სხეულებს
უზარმაზარი ქალაქის ბუღში.

დავეძებ მიწის სუნს.
ქალის სუნს დავეძებ.


ძველი თაობის აღთქმა

ძველმა თაობამ აღთქმა დადო, რომ ერთხელაც დედამიწას შემოივლიდა,
მაგრამ ოცნება ვერ აისრულეს
და ის ფიცი საფლავებში თან ჩაიტანეს.

ეს მეორდება განუწყვეტლივ, თაობიდან თაობაზე გადადის აღთქმა,
პოეტი კი თავის სიყვარულს აღმოაჩენს საკუთარ თავში
და ცვლილებების ტალღა ტალღას მისდევს მის სულში.

თანდათან, დროთა განმავლობაში გაცხადდა ჩემთვის - ძველმა თაობამ
შექმნა ოჯახი, მას შემდეგ რაც დაივიწყა ფიცი და აღთქმა,
თავს შეიგრძნობდნენ მარადიულ ნეტარებაში, როცა მუჭაში მოიქციეს მთელი სამყარო.

მოგზაურობდნენ, ჰყავდათ ქალები და ზღვებგაღმა გადიოდნენ. ტურისტებივით იქცეოდნენ.
ჩანაწერებში ცნობა არვის შემოუნახავს, რადგან მიაჩნდათ უმნიშვნელოდ ეს ყველაფერი.
ქალთან ერთად მოგზაურობა მთელი სამყაროს დალაშქვრას ჰგავს.
მგზავრობას კი, საზოგადოდ, დასასრული აქვს.
მე პოეტი ვარ და თეატრის სცენაზე მდგარს ალმური ამდის.

დრო გადის და მე ჰულით**** ვერთობი.

დილა იყო... მე კოტიბარი-დანგულის***** ვთამაშობდი.


მზე ჩადის, ღმერთს ვუახლოვდები. სიყვარულით შეპყრობილმა ჭკუა ვისწავლე.
ორად ორი არჩევანია - ქალი და დედამიწა.
რა უნდა ვქნა? თავს მძაფრად იჩენს მთელი ჩემი მემკვიდრეობა.

იდუმალებამ იმატა ჩემში. ადრეც ვიცოდი -
როცა გყავს ქალი, ჩათვალე, რომ გეოგრაფიის გაკვეთილს სწავლობ.
ვისაც ჰყავს ქალი, მას აქვს ველებიც, ზღვებიც, მთებიც, მდინარეებიც.

ცხარე კამათი არ სრულდება იმ თემაზე, რომ
ქალის ფორმებში დედამიწა აღმოაჩინეს
მაშინ, როცა ქალის არსი ღმერთმა შეიცნო.
სიცოცხლემ იმარჯვა, ღმერთმა ძალა შეისხა თეატრში ცეკვისას.

ქალს შევისწავლი. ჩემს სამყაროს სულს ჩავბერავ და
დავაფუძნებ სამყაროს ქალზე.
ხელს მივყოფ მიწის დამუშავებას, ხილს მოვიყვან, დავთეს მარცვლეულს.
თქმა არ უნდა, ქალი არის ჩემი სამყარო.

სიცოცხლე - წყალი. ისახება სიცოცხლე წყლებში. ხან აქვს ძირი, ხან - უძიროა.


სხვა ქალი

პოეტი-მღამიობი უკაცრიელ გზებზე დადის და
მღამიობ ქალს ხვდება შემთხვევით. გარესამყაროსთვის ის ქალი მეძავია, მაგრამ პოეტისთვის - ადამიანი.
ქალი ათ ან ოც თაკად****** თავის სამყაროს უხსნის პოეტს,
მაგრამ მერე უეცრად იმ სამყაროს კარი იხურება.
მითხარით, როგორ გახსნას პოეტმა კარი, რომელიც ვერ გაუღიათ ცივილიზაციებს?

ყველაფრის გახსნა ხომ სიცოცხლისათვის დედამიწაზე კარის მიჯახუნებას ნიშნავს?!
რა ჩახლართული სიტუაციაა? ეს რა საიდუმლოა ასეთი?

დღეა თუ ღამე ეს შეკითხვა მოსვენებას არ აძლევს პოეტს და მიჰყავს იგი მომდევნო ლექსთან...
მიჰყავს იგი მომდევნო ქალთან!


წყლის ნიმფა

რომ სიარულით სიცოცხლეს გასცდეს
ჩქარი-მჩქეფარე მდინარესავით,
ქალთევზა უფრო ღრმა ზღვისკენ ილტვის
და ერთგულებას ასე ამტკიცებს.

ჩემო წყლის ნიმფა, გესალმები! მართლაც ასეა:
წყალი მკლავებში მოიქცევს ხმელეთს,
როცა მოქცევის ტალღებს დაკოცნი.

და ის მაინც წინ მიიწევს შეუბრალებლად
როს სიყვარულზე საუბრობენ ზღვა და მდინარე.


წყლისა და ქვის ამბავი

საკუთარ გულში გული დავჩეხე,
ავაშენე სახლი ქვებისგან.
წამლეკავი შტორმის ნაირი -
ჩემი ყოფა - შიგნიდან მოჩანს.

ზღვაა ჩამდგარი შენს თვალებში,
ნაპირს გადმოდის,
წყალი წყალს იხვევს იქ, სადაც შენ
ჩვენს სახლს ხედავდი.

ძალზე სწრაფია ზღვის მოქცევა,
მთელ წყალს მზე იწოვს.
ღრუბელი ღრუბლით იჟღინთება
და სიცოცხლე სუნთქვაზე ფიქრობს.


მატარებელი

მატარებელი დანიშნულების ადგილისკენ მიექანება. წინ გრძელი გზა აქვს.
დროსავით მიქრის. დროის სიჩქარით ჩაუქროლა თვალებს, რომელიც მას უყურებდა;
ჩაუქროლა მათაც, ვისი კარ-მიდამოც ცოტა ხნის წინ ჩამოიტოვა.
მიქრის და ტოვებს მტვერს თვალებში და სახეებზე, ბევრ თვალებში და ბევრ სახეზე.
მატარებელს არ ახსოვს მტვერი. არც თვალები, არც სახეები.
მათი აღრიცხვა დიდ დავთარში არ უთხოვიათ.

მატარებელი მიქრის. ჩავლისას ქარისა და მტვრის ბუღს აყენებს,
ლამისაა ამ სისწრაფით დროსაც გაუსწროს.
ვის შეუძლია გაუტოლდეს მას სიჩქარეში?

აბა, როგორ დაინახავენ რკინიგზასთან მყოფი თვალები,
სადამდე წავა მატარებელი? თუმცა მაინც ეცდებიან, ბოლომდე გასწვდნენ.
მატარებელი არ მიიხედავს არც უკან და არც მარცხნივ ან მარჯვნივ,
თვალები მალე დაიღლებიან.
განრიგის დროით მატარებელი დროსავით მიქრის შორეული ადგილებისკენ,
სოფლებს გაივლის, გეზს აიღებს სადგურებისკენ.
ვინ იცის, რა გზა გამოიარა, რა დარჩა უკან?
ვის შეუძლია გამოიცნოს?
დრო არის ძველი მატარებელი.
ეს საიდან ეცოდინება რკინისა და ძელებისგან ნაგებ მანქანას?
ის ვერ გაიგებს. არავინ იცის, რა ფიქრები უტრიალებს სხვას გონებაში.
მატარებელი ვერ გაიგებს, როგორ ედება მტვერი გონებას.
მხოლოდ ის იცის, რომ საჭიროა წინ წავიდეს დღისით და ღამით.
ის ხომ ვერასდროს მიაღწევს სადგურს, თუ მტვერში მყოფთა ტკივილს შეიგრძნობს?!
მტვრით დაბინდულთა გონებამ კი ნამდვილად იცის, როგორია დაფარული
სიმართლის სახე.

ნება მომეცით, ჩემი გითხრათ:
სიმართლეს ბრმები უკეთ ხედავენ.
ბრმამ იცის კარგად.
ბრმა ვინ არის?
ვის შეეძლო, გაძღოლოდა ამ მატარებელს თანაც ისე, რომ ხელთ სჭეროდა
მისი სადავე?


შენა ხარ ჩემი სიგარეტიც და სანთებელაც

ფრთხილად იყავი, არ გაბედო აქ ნარკოტიკის მოხმარება, არც სიგარეტი არ მოწიო.
შესაძლოა, სულაც შეცდომით დაგაპატიმროს პოლიციამ. როგორც შენ ამბობ,
ყველაფერი ხდება ამქვეყნად. ამიტომ, არც პოლიციაში მოხვედრაა გამორიცხული.

დაჭერის შიში ნამდვილია სხვა ჩვეულებრივ შიშებთან ერთად.
შენ თუ იცი, მე რამდენჯერ დავტყვევებულვარ?
ნეტავ, ვინმეს სადმე თუ ახსოვს?
ვინ წუხდა ჩემზე?.. რაც არ უნდა იყოს პასუხი,
მომისმინე: ბევრჯერ ყოფილა - როცა გიყურებ,
შეპყრობილი ვარ, შენი ტყვე ვარ. გულისცემა უცებ მატულობს
და ხმა მიწყდება. ამ დროს უზომოდ მინდა გაქცევა.
გავიქცეოდი, რომ შემეძლოს, ასი მეტრით დაგშორდებოდი.

როცა მთავრდება ეს აგონია, მხნეობას ვიკრებ.
ვცდილობ, ვითხოვო პატიება, მოგიახლოვდე,
შემოგხედო და იქნებ თვალიც კი გაგისწორო.
ჩემს ფიქრებს შენზე კიდევ ერთხელ გადავამოწმებ და გეუბნები,
რაც არ მითქვამს. დასწყევლოს ღმერთმა! ეს სიტყვებიც უმაქნისია!
შეპყრობილი ვარ, ტყვე ვარ შენი და მეშინია, სულ არ დამებნეს გზა და კვალი.
იმას ვდარდობ, პოლიციის წითელ შენობას თუ მიმაყენეს,
შენს თვალებში უხეშ ენაზე დაწერილის წაკითხვა მელის.
ვკარგავ ენას, საკუთარ ენას. აღარ ვიცი, როგორ წარმოვთქვა სიტყვა, რომელიც
შენთვის მომქონდა.
არადა, მსურდა, მომეყოლა რასაც ვფიქრობდი და მომესმინა პატიების ათასი სიტყვა.
არვინ იცოდა, ვერც ხვდებოდა, რომ შეპყრობილს ერთადერთი სურვილი მქონდა,
ჩემს სურვილს კი - თავის სათქმელი.
არვინ იცოდა, ვერც ხვდებოდა, რომ სხეულით დავატარებდი შეშლილობას, მიჯაჭვული
ვყავდი სიგარეტს.
ეს შენ ხარ ჩემი სიგარეტი - ის ნარკოტიკი, რის წარმოდგენაც კი შეეძლო
ჩემს წარმოსახვას.
შეიძლებოდა ვყოფილიყავ სანთებელაც. მონაცვლეობით - სიგარეტი ან სანთებელა,
სანთებელა ან სიგარეტი. წარმოვიდგინე, ერთად როგორ ვითამაშებდით
სიგარეტის და სანთებელას როლების გაცვლას. მე და შენ ერთად.

საბედნიეროდ, შენ აღმოჩნდი ის პოლიცია, რომელმაც შემდეგ
შემიპყრო და დამაპატიმრა.
სიგარეტის როლს ითამაშებ თუ სანთებელის, ჩემი ხარ მაინც.
ირონიაა: როგორც კი თავი ამოვყავი შენს ტყვეობაში,
მხნეობა ისევ დამიბრუნდა. პოლიციის არ მეშინია.
ახლა შენი პატიმარი ვარ.
არ მეშინია არც ტყვეობის. მოდი, ასე ვთქვათ:
შენა ხარ ჩემი სიგარეტიც და სანთებელაც, _
სულ ესაა... სიყვარულის უფლებას ვითხოვ.


ნუ მომიკლავენ ჩემს თოჯინას ჯარისკაცები - 1

მამი, ისინი ვინ არიან? რატომ ისვრიან?
რატომ ისვრიან შუაღამისას?
დღისით ისედაც სულ თოფები უჭირავთ ხელში,
როდისღა სძინავთ?
ნუთუ სახლი არ გააჩნიათ?
ჩვენი სახლისკენ რატომ მოდიან?
სხვა საქმე ნუთუ არაფერი აქვთ?
უმუშევრები ხომ არ არიან?
შინ კატა არ ჰყავთ, ანდა ძაღლი?
ბაღიც არა აქვთ?
არ ურჩევნიათ, ბაღს მიხედონ?
ნეტავ, ბავშვები არა ჰყავთ სახლში?
ვინ დაატარებს მათ სკოლაში?
რატომ ისვრიან წამდაუწუმ ჩვენს სახლთან ახლოს?
წავიდნენ და შვილს ეთამაშონ, არ უჩევნიათ?
თუ არ უყვართ მათთან თამაში,
მაშინ მულტფილმს უყურონ ერთად.
რატომ ისვრიან აქ? მითხარი!
რატომ თესავენ შიშს ჩვენ გარშემო?
რატომ მიშლიან ხელს, დავიძინო?
რატომ მიშლიან ხელს თამაშში?
რატომ მიშლიან ხელს საუბარში?
არ დამაცდიან მულტფილმის ნახვას?
რატომ ისვრიან აქ დღედაღამე?
რატომ თვითონ არ ეშინიათ ამდენი სროლის?
რა უგუნური საქციელია!
ჩვენ გვეშინია, მაგრამ ვხედავ
სულ არ აღელვებთ. რატომ, მამი?

ამ გაუსაძლის ზაფხულის ხვატში
მდინარეზე მაინც წავიდნენ, წყალში გაერთონ.
შეეძლოთ, თუნდაც, სათევზაოდ გადასულიყვნენ
ან საკუთარი ველოსიპედით, ან სულაც ცხენით.
რატომ ისვრიან დაუსრულებლად?
არ ანაღვლებთ ჭამა და ძილი?
რატომ მშობლები არ უკრძალავენ თოფებით თამაშს?
ნუთუ, არ ჰყავთ დედა და მამა?
მთლად ობლები ხომ არ არიან?
რატომ ესროლეს ჩემს თოჯინას ცალ ხელში თოფი?
დავიჯერო, შინ თოჯინები არ ჰყოლიათ?
ასე უწესოდ და ჯიუტად რად იქცევიან?
აი, ნახე, არ იღლებიან, ისევ ისვრიან.
ნეტავ, თუკი რამე ასტკივათ,
რას იზამენ?
მათი მშობლები ხომ იდარდებენ,
მათი მშობლები ხომ იტირებენ? _
ნეტავ ამაზე არ ფიქრობენ?

- შვილო, კარგი იქნებოდა, დაიძინებდე.
- კარგი, მამი, ღამე მშვიდობის! გთხოვ,
დაიცავი სროლისაგან ჩემი თოჯინა,
ნუ მომიკლავენ ჯარისკაცები!


ნუ მომიკლავენ ჩემს თოჯინას ჯარისკაცები - 2

მამი, იარაღს სად შოულობენ?
ასე უწესოდ და ჯიუტად რად იქცევიან?
მათი თოფების შიშით ცაზე ჩიტები გაქრნენ,
სად წავიდნენ, მამი, ჩიტები?
მათი შვილების სახელები ხომ არ იცი,
რა ჰქვიათ, ნეტავ, ან სად ცხოვრობენ?
წერილი უნდა გავუგზავნო
ამ უწესო ჯარისკაცების შვილებს სახლებში.
უნდა მოვუყვე, რას სჩადიან, როგორ ურჩობენ,
ხალხს რომ კლავენ და ტკივილს გვრიან ადამიანებს.
შენ ხომ ნახე, წყალი როგორ გაწითლდა ტბაში?

მაგრამ, ვაიმე, წერილს როგორღა გავაგზავნი?
ფოსტალიონი რომ აღარ მოდის?
იმ საზიზღრებმა მასაც სადმე ხომ არ ესროლეს?
რომ მენახა, ვინ დაურიგა იარაღი ამ გიჟების ჯგროს,
ერთ მაგარ სილას გავაწნავდი.
მერე, ტირილს რომ დაიწყებდა, კანფეტს მივცემდი
და ვკითხავდი: „რატომ მიეცი იარაღი ამ უწესოებს,
უკეთესი ხომ იქნებოდა, ბურთი მიგეცა?“
შეწყვეტდნენ მაშინ უგუნური საქმის კეთებას
და დაიწყებდნენ ვარჯიშს ფეხბურთში -
მომავალი მსოფლიო თასის ჩემპიონატში“.


დილან თომასი

ნება მომეცი, გკითხო როგორ უმკლავდებოდი
გონებაში მოზღვავებულ სიტყვების ნაკადს
რითმისა და რიტმის ზვირთებში; როგორ აწყობდი
ემოციებში სიტყვების წარღვნას, როცა გონება რალს მართავდა
ალიტერაციის მისაგნებად.
მითხარი, როგორ აკავშირებდი სათქმელს და სიტყვებს, რომლითაც მას გამოხატავდი,
ანდა, როგორ იქმნებოდა სოლიდარული მეტაფორები?
როცა კითხულობ მათ, გგონია, ეს თამაშია _ დედის კალთას გამობმული
ბავშვის თამაში,
სათამაშოდ რომ გაუხდია ემოცია, სიტყვა, გრძნობა, მეტაფორა, მუსიკა და
შედარებები, ტკივილები და ნეტარება, მონაცვლეობით
დაკარგვისა და შეძენის ვნება, მონატრება და გამოწვევა, _
გამოხატული შენს სიტყვებში, შენი გონებით ნაკვებ სიტყვებში.
სპონტანურად, უმარტივესად არჩევდი სიტყვებს,
თითქოს ბავშვმა ხელი ჩაჭიდე დედის „სარის“
და დატრიალდი მის გარშემო შეუჩერებლად.
როგორ შეძელი? ასეთი რამ როგორ გამოსდის ადამიანს?

ამ კურთხეული მადლით მოსილი დაემსგავსე ლამის იესოს
სიმართლის თქმაში, სილამაზის პოვნისა და სიყვარულის გამოხატვაში.
დროს სწყურია ამ ხმის მოსმენა, ჩამდგარა მწკრივში ტაძრისაკენ
დუქნის ეზოდან, დუქნის ეზოდან - ტაძრისაკენ, ბოჰემური ტიპებიდან
მღვდლებისაკენ, რომლებსაც ათრობს სიტყვის მუსიკა,
ამ სიტყვების სიახლოვიდან ნაშობი ტრფობა, სტრიქონების ხმა,
მრავალ თვალთაგან დაღვრილი ცრემლი, სახეებიდან გადმოსული
წრფელი ღიმილი, გონის ღიმილი, უამრავი გულის ღიმილი...
ამ ყველაფრის მოწმე მკითხველი გაკვირვებული გეკითხება
- რა ძალაა, რაც პოეზიად აქცევს სიტყვებს?
შენ ამ ხელობის - პოეზიის ქსოვის ხელობის - ოსტატად გთვლიან.
სად იპოვე ის დინამიტი, სიტყვებს შორის რომ დამალე ასაფეთქებლად?
მან დაამსხვრია ყველაფერი, რათა ისევ აგეგო და გეშენებინა.
შენი ერთ-ერთი გულმოდგინე მკითხველთაგანი აქამდე მხოლოდ
ალფრედ ნობელის აღმოჩენილ დინამიტს სცნობდა, ახლა კი ვხედავ,
შენ ხარ მეორე ადამიანი იმ აღმოჩენით,
რათა ქვები ააფეთქო ხალხის გულებში და გონებას უჩვენო
სახლი. ეს უნარი აფეთქების მაგიჟებს შენში. ეს უნარი აფეთქების
შურსაც აღმიძრავს, რადგან მე არ მაქვს შენებური წარმოსახვის ძალა საკმაო.
არ გამომივა შენი ქება, არც საუბარი შემიძლია შენზე ამდენი.

დიდებულ სიტყვებს მომავალშიც იტყვიან შენზე. დაე, სხვებმა თქვან,
ოღონდაც მე გავთავისუფლდე შენი ჯადოსგან. მე მშურს შენი,
უმწეო ვარ, თანაც მარტო ვარ. გთხოვ, მაპატიო.
ძლიერ მაშინებს შენი სიტყვა-დინამიტები ჩემს ცარიელ
მონდომებაში - ჩემი განცდა გადმოვცე სიტყვით.

მას შემდეგ, რაც გამოცალე ყველა სასმისი, აისრულე ყველა ოცნება,
ინეტარე თავისუფლებით, აზეიმე საკუთარი წარმოსახვები,
მოიპოვე მეფის გვირგვინი კეთილხმოვანი სიტყვებისათვის,
სახე-ხატების, შედარებების, მეტაფორის და რითმებისათვის...
ნაუცბათევად, ყოველგვარი ცნობის გარეშე დაასრულე შენი თამაში.
გაუჩინარდი სცენიდან და გზა გააგრძელე იმ სამყაროში,
საიდანაც აქეთ მოხვედი. ეს სამყარო კი გიცქეროდა უამრავი
სულელი თვალით შენთვის და მისთვის მძიმე წუთებში,
გიყურებდა და გხედავდა ჭკვიანსა და თავმოყვარე
ადამიანს, რაღა თქმა უნდა... უდროოდ წასულს.
ნუთუ ასე გეჩქარებოდა აქაურობის დატოვება?

სულელ მკითხველებს ძლიერ დაგვაკლდა შენი წასვლა,
მოგვენატრა შენებური დინამიტები, გულში ქვების მეხთატეხის ხმა და
გონებაში - სახლის შენება. მიუხედავად იმისა, რომ ისევ ისე მშურს
შენი თხრობისა და შექმნის ნიჭის.

ნუთუ ასე სასწრაფო იყო ზეცაში შენი გამოძახება?
რა დაგახვედრეს? პოეზიის უდაბნოები? ზეცის ხალხს
ნუთუ ასე მოშიებოდა შენი სიტყვები? ვინ იცის...
ვის შეუძლია ზღაპრების თქმა? შენ მოგვიყვები?

შენი უელსი შენ გამო ტირის,
იმაზე ტირის, უდროოდ რომ მოგიწია გადასახლება.
ისე, რას იტყვი, როგორ მიდის ცაში ცხოვრება?


ნატალი შინ ბრუნდება

იცი, ალბათ, ვინ თქვა სიმართლე იმის შესახებ, რომ
ღამე დნება და დღე იწყება. არ მჯერა, შუქი თუ გამოჩნდება აქ ოდესმე.

ბავშვი მამას გვერდზე გასწევს, რომ არ გახდეს თოფის სამიზნე.
ჯარისკაცები გადათელავენ მამასაც, ბავშვსაც
მძიმე ჩექმებით. დახვრეტითაც იმუქრებიან.
დღე იქცევა ღამის სიბნელედ.

სად არის ქალაქი? სად ვნახო სახლი?
ღამე დნება და დღე იწყება.
დენი, შუქი და ჩამრთველი ადგილზეა,
კმარა ეს იმისთვის, რომ ბნელი გაქრეს?

რაც უნდა ეცადო, სიტყვები აზრებს გადაუმალო,
რაც უნდა ეცადო, გაერთო ნოტებით და სიმღერებით,
გულში სისხლისღვრა არ წყდება არასდროს.

ღამე დნება და დღე იწყება.
ქალაქის ბაულებს******* ეჭვი იპყრობს,
არ სჯერათ თუკი გამოჩნდება სინათლე სადმე
ან ამ ქალაქში, ან ამ სახლში.

არ მოველოდით, რომ სიმართლე უელსური,
გაცხადებული სახალხო მთქმელი ბაულის მიერ,
ტრანოსშიც ასე გაიჟღერებდა - ისევ სიმართლე.
ეს როგორ ხდება? რატომ ხდება? ვერ ამიხსნია.

რატომ უნდა მოისროდნენ თავდაჯერებით
დამპყრობელი ჯარისკაცები ამ სამყაროს მთელ სინათლეებს
თოფ-იარაღის საწყობებისკენ?

სასტიკმა სამყარომ მუქი ფერით გააფერადა ომში მყოფი
მამებისა და, დედებისა და, ბავშვების თვალები.
ხომ არ გინახავთ სინათლე ბლოკპოსტთან
ღამისა და დღის გასაყარზე?

ღამე დნება და დღე იწყება, სინათლე ჩნდება უელსში ნელა,
როცა საავდრო რუხი ღრუბელი დამძიმდება ტრანოსის თავზე.

ჩახედე თვალებში მიშელს-ბენგტს-ანტონს,
კოლმს-დომინიკსა და ტიშანის - წყლის წვეთებია მათ სახეებზე.
ნატალი შინ ბრუნდება: ღამდება ტრანოსში.
ნატალი შინ ბრუნდება: თენდება უელსში.

აი, რატომ ვამტკიცებ ხოლმე, რომ გურუ ხდება ყველგან ოსტატი.
როგორ შეძლო დღევანდელობის სახის დანახვა
ამდენი წლის წინ?!

ღამე დნება და დღე იწყება.
სინათლე არა და არ გამოჩნდა.
შენ, როგორც გურუს, გიხარია,
რადგან ეს შენთვის გართობაა, დილან თომას!

---
* ლექსის ორიგინალი დაწერილია ინგლისურად, ყველა დანარჩენი - ბენგალურ ენაზე.
** ჰუკა - ნარგილეს ტიპის ტრადიციული მოსაწევი მოწყობილობა ბანგლადეშში.
*** გჰაათი - მდინარის სანაპირო (ბენგალურ ენაზე)
**** ჰული - ტრადიციული ინდური ფესტივალი, სადაც მონაწილეები ფერადი საღებავების შესხურებით ერთობიან
***** კოტიბარი, იგივე დანგული - კრიკეტის ტიპის ტრადიციული საგარეუბნო სპორტი ბანგლადეშში
****** თაკა - ბანგლადეშის ფულის ერთეული
******* ბაულები - ბენგალელი მისტიკოსი პოეტი-მომღერლები.

study


Last edited by Admin on Sat Aug 12, 2017 3:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 12:51 pm

კიმბერლი ჯონსონი

თარგმანი ინგლისურიდან - მანანა მათიაშვილი


ოდა ჩემს ჭიპს

ჩემს იარებში ყველაზე ღრმა ის პირველი იარა იყო:
ნახევარი ინჩის ტოლი ჩაღრმავება, სადაც ეკიდა უსიცოცხლოდ ჭიპლარის ღერო
და გუგუნებდა ყრუ ტკივილი, არასოდეს მოშუშებული,
აქ ჩამოიფცქვნა ჭიპს მოყოლილი ჩემი სახელი,
ახლა უკვე დავიწყებული, ოდესღაც რომ ნიშნავდა „ფლობას“. გავმთლიანდი და
გავმხიარულდი, რომ დავინახე ცხრა თვის მუცელი
გაიბერა გენიალური შიგთავსის გამო, კანდაჭიმული
და ყველაზე გამობერილი იყო ის ცენტრში, სადაც მყიფე
ჭიპი გაბრტყელდა და დაფარულმა შიგნით ხორცმა
ამოხეთქა ჩემ ზედაპირზე, ეს მოხდა, სანამ გაჩნდებოდა ჩემი ტკივილი,
კარგად ნაცნობი და შინაური: მემკვიდრეობით გერგო იარა,
ნაჩქარევი და დაუცველი ჩვენი ორმხრივი (ახლა უკვე შესუსტებული)
კავშირის ფონზე შენი პირველი ნაჭრილობევი.
- შენი თანდაყოლილი მარტოობა.


მწუხრი

გამანადგურებს ეს მზის ჩასვლა! - მისი ბინდბუნდი
ჩემს უმწარეს სინანულებს მოერეკება,
რათა კარგად გამამათრახონ. ეს შემოდგომის შუქის ბრალია,
ალმაცერად და მოყავისფროდ რომ ეცემა სამხრეთისაკენ
სამეზობლოში აყუდებულ შენობებს შორის.
ისე ეცემა შუქი ქვაფენილს, როგორც ხორცის მსხვილი
ნაჭერი, რომელიც თითქოს დაყაჩაღებით ემუქრება გამვლელ გამვლელებს.
ტაძრის ზარები გრუხუნებენ საღამოჟამის ფუტურო ლოცვებს.
განა, არის სადმე სხვა ხმა, უფრო მეტად მიუსაფარი,
ვიდრე ესაა ჩამქრალ ბალახზე სასხურიდან ნაწვიმი წყლის შეხების ხმები?
არის სხვაც: სადაც არ უნდა მიდიოდეს, იმ მანქანის შეცბუნების ხმა,
დაქოქვისას რომ ისმის ხოლმე, როცა ფარები ინთება უკან და ისე ღვივის,
როგორც რეზინის წითელი შტამპი გაყრის ქაღალდზე.
თანდათანობით სიჩქარის კლება - მეტაფორაა
მეტაფორების მარცხის აღმნიშვნელად. ეს მანქანა
ის მანქანაა, რომ მიდიოდა. წავიდა უკვე.


დასანგრევი ბურთი ამწეზე

რა ჯიუტი გაბედულებით მიყვარს
კედელი! - ისე ნამდვილი არის მისი წითელი დგომა,

უნდა დავარტყა. შეხეთქების არამყარი
დაბნეულობით, ჯაჭვის ჩხარუნით,

მთვრალივით უნდა გავიარო გზა-პარაბოლა, რათა ვაკოცო
აგურთა წყებას. თუ ეშველება, ნეტავ, კედელს

მთელი ძალით რომ ვეკვეთები? ყველა ჩემ სატრფოს, ახლა
მტვერში რომ არიან თავჩარგულები, ერჩივნა, ალბათ,

გულგრილობა ეწვნია ჩემგან. რატომ მსურს
ასე? - სიყვარულის დასასრულებლად.


[*************]

ყველა ამინდში და ამინდის ყველა ბრუნვაში,
გაზაფხულის სხვადასხვა ფრთაზე, ხუთნაირი ფორმის თოვლში,
საავდრო ღრუბლის ვნებააშლილ სიმწვანეში, -

გეომეტრიულად დაყოფილ მწვანე ნაკვეთებს რომ ადგას თავზე,
გულის თითოეულ ქარიშხლიან ბრუნვა-ტრიალში, ყველგან
შენს სახელს გავყვიროდი. ეს არ გეგონოს

თეატრალური ლიტანია, წარმოთქმული
ჩემი ჩვეული სადგურიდან „უპასუხო“.
სხვაგან ვერ ნახავ ასეთ ოხვრებს და მღელვარებას, აი, ასეთი
წამლეკავი ვნების ტროპიკებს...


***
რა არის ქარი,
გარდა იმისა, რომ წყურვილის დიალექტია? - : მაღალი
წნევა, დაბლობების ამოსავსებად მოვარდნილი; ზეცა არის,
რომელიც ცდილობს, სიმხურვალე დაიცხროს იქნებ დედამიწის
უსიმპტომო სიგრილის ყლუპით, ცის თავდაყირა სიგრილეებს კი
დედამიწის სიმხურვალისკენ მიაქროლებს. ყველა ამინდი
უშედეგო სურვილების ნიაღვრებიდან იღებს სათავეს. არ გაგიკვირდეს,
რომ ქარი ღმუის, - მას არაფერი არ აქვს სათქმელი.


***
ლტოლვილო ღმერთო, დიდებულო ჩემო მაცდურო,
ჩემმა გულმა ქარიშხლების გრამატიკა შეისწავლა
შენს ნაკვალევზე. მოუსმინე: ჭექა-ქუხილით ამბობს ის ახლა
თავის ყველაზე მართალსა და უიმედო ლოცვებს
შენდამი.


მწყემსვა

სულო, მიუშვი სადავეები შენს გაჭირვებულ ბედაურებს -
წინ პიტალო, გრძელი ღამეა.

ხარები თვითონ ვერ ივლიან. ახლა ისინი
ხვნეშით იცდიან საღამოს ბინდში, უხახუნებენ

რქებს ერთმანეთს და ღობეზე აკრულებივით
გრძნობენ შვებას. მათი ნერვები ეკლიანი მავთულხლართია.

ფეხები უკვე დაგვიწყლულდა, საძოვრები ჩამოვიტოვეთ. გადავლა გვიწევს
ქედზე, რომელსაც არ უჩანს ბოლო, სალბის სტეპები,

შეშინებული საქონელი მოჩვენებითი ხმებისაგან:
ნაცრისფერი დაბნეულობა და ხმაური ჰორიზონტის ყველა კიდეზე.

სასტვენი, მე და შოლტის ტკაცუნი ერთ მთლიანობას
წარმოვადგენთ. ვარ ამათთვის ერთადერთი ნაცნობი სახე,

ამიტომ ყველგან წამომყვებიან: გორაკის წვერზე,
ბოსელში თუ გაწითლებულ მოედანზე

თოფის სამიზნედ. ქარი ატყდა, იკრებს ძალებს,
ტრალით* მოაქვს თავის ამინდი; თოვლი წამოვა მძიმე ბელტებად,

დაენარცხება ძირს სხეულივით და განთიადებს შორს გადადევნის.
ყინვით დამწვარი, დაბრმავებული თოვლის სითეთრით თუ გავბედავთ და

დანიშნულების ადგილამდე შტორმში გავივლით,
დავიღუპებით. სულო ჩემო, სადაც წახვალ, ყველგან მოგყვები.


ბატკნების დაკოდვა

გაზაფხულისკენ, ჭრიჭინები რომ გაიგერობას** მოუხშირებენ, ჩვენ ცალკე ბაკში
შევრეკავთ ყოჩებს. დამწყვდეულები, ერთ ადგილზე მჭიდროდ შეყრილნი, ღობის იქით შეჰბღავიან დარჩენილ ნერბებს. ძირს აღელვება და ცახცახი,
ძირს გულისრევა: აიყვანე ერთი მათგანი და ხელი კარი, დააწვინე ტალახში ზურგით,
ჩაიმუხლე მერე იქვე, მის მკერდთან ახლოს. დუმის ბოლოს მოჭერილი სახვევი მალე
კუდს გაუშავებს, ჩამოახმობს და შეკვეცა ადვილი ხდება. დაკოდვა, თუმცა, ბოროტებაა:
ჯერ ცერათითით მოუსინჯე რბილი მუცელი, რომ უპოვო სათესლე პარკი, მერე მიდი და დაივიწყე წუთით ეს საქმე, ამუშავე მხოლოდ კბილები, დახურე პირი,
გადააფურთხე. ვცდილობ, გემო არ გავუსინჯო, მაგრამ მაინც საკუთარი პირის გარდა
ვერაფერს ვერ ვგრძნობ, მლაშე სისხლი და ლანოლინი ვარ,
ახლა უკვე ცხვრების ბღავილი საკუთარი ენიდან მესმის. ამას დაკოდვას ეძახიან, -
რბილ მუცელში კბილის ჩასობას, - მაგრამ ბოლოს, ამ საღამოს პირს რომ გავაღებ,
ვერაფერს ვიტყვი, დამეფანტება სიტყვები და ენა დამებმის. შენი სახელის წარმოთქმამდე რომ მივა საქმე, პირს გავაღებ და გამომივა „მწუხარების“ თქმა.


აღმოსავლეთით, პირმიქცეული დასავლეთისკენ

1.
ვარსკვლავებმა. ვარსკვლავებმა წალეკეს ზეცა! –
არა, წაშალეთ, რაც ახლა ვთქვი! - ვარსკვლავებმა ცადაქციეს ნიაღვარი, ზღვა
მკრთალად ელავს უვარსკვლავებო სიშავის ქვემოთ...

2.
წაშალეთ ესეც! ეგზოტიკური მეტაფორა ვარ, საწერ-კალამი
უკვე ცოფებს ყრის, დაუხვეწავი წვრილმანებით
არასოდეს კმაყოფილდება.

ნაძალადევი აპოთეოზი - გამუდმებით,
უკანასკნელი ბეღურაც კი - უფრო მეტად თვალშისაცემი,
წყალს ვაიძულებ, ღვინოდ რომ იქცეს. ასე ფაქიზად

მიყვარს ამ სოფლის წარმავალი მიმზიდველობა,
ეს სილამაზე, ასე ცოტა და უკმარისი. პურიტანივით
შინნაქსოვი პერანგიდან ამომყავს არსი.

3.
თუმცა რწმენისგან დაცლილია ეს მონდომება:
რომ ყოფილიყო ეს პურიტანის ჩვეული რწმენა,
გავეხვეოდით ყველანი მადლში - ტანჯვის გზით მოსულ ღვთის წყალობაში,
რაც მით უფრო სათნოს გხდის ღმერთთან, რაც მეტ წვალებას გამოივლი
და შეუდგები სიმაღლის ვნებას. არა, წაშალეთ ისევ ბოლომდე,
ხელახლა ვიწყებ: ვარსკვლავები შავად მოჩანს სანაპიროდან
წამოსულ ქარში; თევზის გუნდებთან შეტაკებისას


წყალმცენარეებს შუქი ჟონავთ დაბეგვილი უჯრედებიდან
და თავიანთ გამნადგურებლებს ნადიმის დროს ასხივებენ პირდაპირ ფოსფორს. ამიტომაც, ნება მომეცით, განვადიდო სილამაზე იმ არსებების,

მიკროსკოპში ძლივს რომ მოჩანან, მაგრამ იმდენს კი ახერხებენ, სიდიადე აბრწყინებდეს მათ ნამსხვრევებში.


4.
მოიხილეთ: ვარსკვლავისებრნი, ყველაფრის შემდეგ.


---
* ტრალი - ტომრისებური დიდი ბადე გემიდან ზღვაში თევზის დასაჭერად
** გაიგერის მანქანა - რადიაციის საზომი აპარატი, რომელიც პულსირებას უმატებს რადიაციის აღმოჩენისას.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 3:11 pm

დენვერ ბათსონი

თარგმანი ინგლისურიდან - მანანა მათიაშვილი


რა უთხრეს ერთმანეთს


ბიჭმა უთხრა რომ მას ეკუთვნოდა
მთვარეზე ერთი აკრი ნაკვეთი
როცა უნდოდათ იქ შეეძლოთ თამამად წასვლა
უთხრა რომ ჰქონდა პატარა ფერმა
რომელსაც ჩუმად ინახავდა
საწოლქვეშ ყუთში
უთხრა „მას აქეთ რაც შესრულდა საათის ხუთი
გაშტერებული ვუყურებდი წლობით შენს ტუჩებს“
უთხრა რომ გოგოს სუსტი კისერი
მას აფიქრებდა სულ სხვა ვინმეს მოგონებებზე
და რომ მისი ხმა აბრუნებდა იმ ადგილებში
სადაც წამითაც არ დაუდგამს არასდროს ფეხი
უთხრა „მე შენი მკერდი მაგონებს ალმოდებულ ყინულის კუბებს“
ეს კომპლიმენტად მიიღე ჩემგან
„მუცელი კი ყავის ჭიქაში აჭრილ ცას გიგავს“
და მერე სთხოვა „სანამ იცეკვებ შეიძლება შენ გვერდით ვიჯდე?“
გოგომ უთხრა როცა ჩელოს ხედავდა
მას ყოველთვის აგონდებოდა ნოემბრის ცაზე მარტოხელა ჩიტის გაფრენა
რომ სულ უკუღმა თვლიდა ხოლმე რაც თავი ახსოვს
უთხრა როდესაც მე ვუყურებ სხვა ქალებს მინდა
მათთან დაწოლა ისე როგორც კაცები წვანან
და მინდა ასე გრძელდებოდეს უგონოდ დიდხანს
ეს ის არ არის რაც შენ იფიქრე
მე ძველებურად მიყვარს კაცები
და შენ მიყვარხარ ისე ძალიან როგორც საღამოს უნდა სიბნელე
მერე უთხრა რომ სიარულის მანერით მიხვდა
ბიჭი რომ წინა ცხოვრებაში წყალში დაიხრჩო
და რომ ახლა მისთვის ცხოვრება
ამოყვინთვის პროცესი იყო
და უჩურჩულა „იქ მატარებლის ბოლო ვაგონში
ჩემი სულია ასე რომ კივის“
აქ კი სწორედ აქ ხაზი გაუსვა
ჩემგან არ დარჩა აღარაფერი
შიმშილისა და წყურვილის მეტი
და უპასუხა „ჰო სანამ ვცეკვავ
შეგიძლია ჩემ გვერდით იჯდე“.


გემშვიდობები

გემშვიდობები კარგად იყავი
შენ ხომ კოცნის მდინარეებით
დაარწყულე ჩემი ტანის ორნახევარი
შენ გამორეკე ძროხები სახლში
რომ დაებუდათ ჩემი ყველაზე
სევდიანი ფიქრების ტევრში
შენ მეძახოდი მე ნიავქარს
მეუბნებოდი „მოდი, კაბა ამიფრიალე“
შენ ამოაშრე ჩემში ზიზღის სასოწარკვეთის
და აგრესიის მდინარეები
კარგად მენახე არ დაივიწყო
რომ მე პირველმა მოვიხილე
მზეთუნახავი შენი ჭორფლები
რომლებიც მერე ჩემს რუკებზე გადავიტანე
შენ დამრთე ნება მაგ უცნობი ტერიტორიის
კარტოგრაფი გავმხდარიყავი
გემშვიდობები
შენს რუკებს მე დიდხანს ვქმნიდი
დიდხანს ვსწავლობდი
და მერე დიდხანს ვამოწმებდი
ყოველ მეორე მეოთხე თუ მეათასე
ექსპედიციის ფინიშის შემდეგ
კარგად იყავი მაგრამ გახსოვდეს
შენი ზღვის წყლებში
ცურვას ვერ შეძლებს სხვა მეზღვაური
არც შენი ტყის დამლაშქრავი
მოგზაური მოიძებნება
და არც მაგ ჭორფლის საათობით მაყურებელი
კარგად იყავი
ახლავე მოვალ
წავალ ცოტა ღვინოს მოვიტან.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 3:13 pm

ჯეი ჰოპლერი

თარგმანი ინგლისურიდან - მანანა მათიაშვილი


მარტოობის ისტორია

1.
მაღალი, რუხი ბალახიდან გამოვარდა უცებ კურდღელი - რუხი, პატარა.
გასწია მინდვრის შუაგულისკენ და თათებზე ჩაჯდა.
სულ ადვილად დაუთვლით ნეკნებს
ასეთ შუქშიც კი -
შემოდგომის საღამოს მომდგარ
მიმქრალ ბინდ-ბუნდში.

2.
ნოემბრის ბოლო დღეებია.
სულ მალე ზამთრის პირველი, სველი, მსხვილი ფიფქები ჩამოცვივა
და ის მინდორი კურდღლებიანად
სადღაც გაქრება.

3.
მინდვრის ზედაპირს დაიკავებს სულ სხვა საფარი -
ზამთრის თხელი თეთრი ფიქალი. მისი მოფენა იქნება ერთობ
უხალისო და .... გამყინავი -

4.
ამ ზედაპირზე შეიძლებოდა
მარტოობის ისტორია
დაწერილიყო.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 3:16 pm

მაია ენჯელოუ

თარგმანი ინგლისურიდან - მანანა მათიაშვილი


ჩემგან წავიდნენ...

ჩემგან წავიდნენ და ცოლებს უთხრეს,
რომ ცხოვრებაში არასდროს არცერთს
არ შეხვედრია ჩემნაირი,
მაგრამ... ჩემგან წავიდნენ მაინც.

უამბეს, ენით ალოკილს რომ მიგავდა სახლი,
რომ სიტყვაძუნწი არ ვყოფილვარ, როცა მათ ვახლდი,
რომ თან მდევდა იდუმალი ყოველთვის ქარი,
მაგრამ... ჩემგან წავიდნენ მაინც.

ყველა კაცს პირზე ჩემი ქება ეკერა კვლავაც,
ახსოვდათ ჩემი გაცინება, ჭკუა და გავა,
სიამოვნებით დარჩებოდნენ ორი-სამი ღამითაც, ალბათ,
მაგრამ...


დამახსოვრება

შენი ხელების სიმსუბუქე
ეთამაშება ჩასახლებულ ჩემს თმაში
ფუტკრებს, შენი ღიმილი დასრიალებს
ჩემი ლოყის დაფერდებაზე. მერე
როცა ზემოდან წევხარ ალმოდებული, მოტკრციალე
ლოდინად მყოფი, იდუმალი მისტერია ძალას ხმარობს
ჩემ საღ აზრებზე.

ხოლო როცა გამოიღებ
საკუთარ თავს და მასთან ერთად მთელ ჯადოსნობას
და მხოლოდ შენი ვნების
სუნი რჩება ჩემს მკერდზე, მაშინ,
მხოლოდ მაშინ ვისრუტავ ხარბად
იმწამიერ შენს არსებობას.


ქალის საქმე

ჯერ ბავშვებს უნდა მოვუარო
ტანისამოსს ხელი შევავლო
იატაკი მაქვს მოსაწმენდი
სანოვაგე შინ მოსაზიდი
დროა შევუდგე ქათმის შეწვას
შემშრალება უნდა პატარას
დასაპურებლად მიცდის ჯარი
გასამარგლია გარეთ ბაღი
პერანგს უთო უნდა დავუსვა
მერე ჩვილებს ტანზე ჩავაცვა
თუნუქის ქილა გავჭრა როგორმე
დავასუფთავო ქოხი ბოლომდე
მოვინახულო ავადმყოფები
და ამის შემდეგ ბამბის მინდორი.


***
აქეთ, მზის სხივო! შემომანათე,
ცივი წვეთები მაწვიმე, წვიმავ,
ცვარ-ნამო, ნაზად დამეპკურე
და გამაგრილე კიდევ ერთხელ.

აქედან გამიტაცე, ქარიშხალო,
ყველაზე ძლიერი სწრაფი ქროლვით,
ლივლივით ზეცა გადავფარო,
სანამ დაღლილი დავეცემი.

თოვლის ფიფქებო, ჩამოცვივდით
და ერთიანად გადამფარეთ,
ყინულის ცივი კოცნების ქვეშ
იქნებ, დავისვენო ერთი ღამით.

მზე, წვიმა, ზეცის მაღალი რკალი,
მთა, ოკეანე, ფოთლები, ქვები
მთვარის სინათლე, ვარსკვლავის შუქი, -
მე თქვენ გიწოდეთ ჩემიანები.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 3:18 pm

კრისტიან კარლსონი

თარგმანი ინგლისურიდან - მანანა მათიაშვილი


დჰაკა #6

დიახ
საცობში ვარ გაჭედილი
ძალიან
საცობში ვარ გაჭედილი
მიყვარხარ
საცობში ვარ გაჭედილი
ახლაც და
საცობში ვარ გაჭედილი
სამუდამოდ
საცობში ვარ გაჭედილი
და მინდა
საცობში ვარ გაჭედილი
მთელი დარჩენილი ცხოვრება
საცობში ვარ გაჭედილი
გავატარო
საცობში ვარ გაჭედილი
შენთან ერთად


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 3:22 pm

იან ერიკ ვოლდი

თარგმანი ინგლისურიდან - მანანა მათიაშვილი


ლექსი თაროებზე
(კრებულიდან „ყიყლიყოს ძახილი“, 1969)

ქვეყნად არსებობს თაროები
ყველაფრისათვის წიგნებისა და
წვრილმანებისთვის
ჩარჩოიანი და უჩარჩოო
ფოტოებისთვის თაროები
ყვავილიანი ვაზებითა და
უყვავილებო ვაზებისათვის თაროები
შაქრის საგოს ფქვილისა და მარცვლეულისთვის
შედარებით პატარაა თაროები
ჯანჯაფილისთვის კარისათვის
შავი ილის და დარიჩინისთვის თაროები
სიყვარულის მარტოობის
უიმედობის და ზიზღისათვის თაროები
შენთვის და ჩემთვის


გოგონა კუნძულ გუამიდან
(კრებულიდან „გულმოწყალე დედის მხიარული ვერსია. დიახ“; 1968)

მე ერთ გუამელ გოგოს ვიცნობ.
ვიცნობდი, ყოველშემთხევაში, დიდი ხანია
არაფერი მსმენია მისგან. სამაგიეროდ,
ხშირად მესმის სიტყვა „გუამი“
მძიმე B-52-ებთან დაკავშირებით,
რომლებიც გაჰყავთ ბაზებიდან -
როგორც ჩანს, ახლა ამ ტექნიკის დიდი ნაწილი
(80 % - „ობზერვერის“ უკანასკნელი მონაცემებით) ტაილანდშია
განლაგებული. იქნებ ოდესმე, მომავალში,
გუამი უფრო მშვიდობიან ადგილად იქცეს,
უფრო უსაფრთხოდ,
ვიდრე ის ამ უკანასკნელ წელიწადს იყო. ეს უთუოდ
გაახარებდა ვერნიტას - გოგოს, ვინც მთელი არსით
წინააღმდეგი იყო ყველაფრის, რასაც
საერთო შეიძლება ჰქონოდა
ომთან; ყველაზე მეტად მას უყვარდა
ფეხშიშველი სიარული სანაპიროზე, ფეხქვეშ
რომ ეგრძნო მოლუსკები და ცხელი
ქვიშა. ბალახის თითო ღერი,
თითო ლექსია, - ამბობდა იგი.


თურ ჰეიერდალის დედა

თურ ჰეიერდალს, ნორვეგიელს
მშვიდს და გაბედულს,
აწვალებდა ერთი იდეა
და მოინდომა,

დაედგინა ამ იდეის
ტყუილ-მართალი.
ბალსას ხისაგან
ტივი ააგო

ძველი ინკების
დროინდელი ტივის
მოდელით, და მოემზადა
ოკეანის

გადასაცურად. მის გარშემო ყველა
ფიქრობდა, რომ ვერ შეძლებდა.
მაგრამ დედას
მისი სჯეროდა.

შვილს გაუგზავნა ტელეგრამა: „გვაცნობე,
როცა მიაღწევ მიზანს“.
მან გადაცურა ოკეანე
და მიაღწია დასახულ მიზანს.


თავს შემოევლეთ!
(კრებულიდან „ყიყლიყოს ძახილი“, 1969)

მეგობრებს უნდა თავს შემოევლოთ,
მეგობრობაზე იზრუნოთ, უნდა. თუ გაქვთ ეს გრძნობა,
აჩვენეთ ყველას. ჩვენი დღეები ზოგჯერ ლურჯია,
ზოგჯერ მწვანეა და ზოგჯერ
თეთრი, - სხვანაირად არ ხდება ჩვენში,
ცხოვრებაა თვითონ ასეთი; ადრე თუ გვიან -
ყველანი წავალთ, take it easy, ადამიანო,
დამშვიდდი და იცხოვრე ისე. ეს არის ჩვენი
სინამდვილე, აბა, უყურე:
ხან 101 სამწუხარო გვაქვს, ხან 101 სასიხარულო,
მეგობრობა კი უფრო მეტია, იზრუნეთ
მასზე. თავს შემოევლეთ თქვენ-თქვენ
მეგობრებს - აი, მეც აქ ვარ. მოგესალმებით! მოდით,
დავიწყოთ ახლავე ზრუნვა.


შეხვედრა ძველ ნაცნობთან რამდენიმე წლის შემდეგ
(კრებულიდან „გულმოწყალე დედის მხიარული ვერსია. დიახ“; 1968)

ჩემო ძმაო და მეგობარო, ჩემო ძვირფასო,
ოჯახის საქმემ დაგამძიმა, გაგიჩნდა ბინა,
დაეპატრონე, კმაყოფილი ხარ. უკვე დაიწყე ლაპარაკი
სერიოზულად ცხოვრების და ფულის
თემებზე; ჰო, როგორ არა, - რასაც ამბობ,
მართლაც ისმის დამაჯერებლად, თუმცა ჩემთან
შეგიძლია, არ იფიქრო,
როგორ მივიღებ შენს არგუმენტებს; გოგო რომ ვიყო,
მკლავებს შორის მოვიმწყვდევდი
მოლაპარაკე მაგ შენს სახეს, ჩამოგიშლიდი
დავარცხნილ თმას და, ვნებიან ტუჩებს
როცა გახსნიდი, დაგიკოცნიდი
უძირო თვალებს, განუწყვეტლივ მოლაპარაკეთ,
მონაცვლეობით - ჯერ რომ ერთი, მერე მეორე
შეპარვით იწყებს. და გეტყოდი ჩუმად, ჩურჩულით
კისერთან, ღარში: მერე, რა მოხდა, მომიყევი, ჩემო ძვირფასო,
მე გისმენ, მიდი -


პატარა წრე

ერთხელ მკითხეს იმის შესახებ,
იქნებოდა თუ არა ომი.
ვითომდა, რასაც ვუპასუხებდი,
გაგრძელდებოდა ცხოვრება ისე. მილადამ,
ჩემმა მეგობარმა, ამაზე მითხრა:
„იცი თუ არა, რომ ყოველღამ
ნელ-ნელა ვკვდებით?“


***
პირსახოცი
სისხლის წვეთებით
და მის გარეშე

გაზეთი
ტექსტით
ანდა უტექსტოდ

სამზარეულოს მაგიდა
შენით
და შენ გარეშე



დიდი ქალაქის სარეკლამო სვეტები
(კრებულიდან „კალენდრის ლექსები“, 1995)

დეკემბერი
მოდის და მოჰყვებიან

სიცივე და შიშველი გოგონები
რომლებიც

დიდი ქალაქის სარეკლამო სვეტებიდან ჩურჩულით

ამბობენ, რომ ეს ყველაფერი მშვენიერი
ტყუილია.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 3:24 pm



მანანა მათიაშვილი

პენელოპე II

***
სულხან-საბას ლექსიკონით - გზა სავალია,
„ზომიერი კაცთა სავალი“ და, საერთოდ, „ყოველ სავალი“.
„შარა“ - ვრცელია, „ბილიკი“ კი ვიწრო გზა არის,
ხოლო „ქაშანი - შამბნართა ან თოვლთა ზედა
სავალი ძნელი”; „კვალად გზად ითქმის შუკანიცა და
ფოლორცნიცა“, კიდევ „წავარნა -
გზა, რომელზეც მხეცები ვლიან”.
გზა გატკეპნილი სივრცეაო, - გვასწავლის საბა.

***
ხოლო მე რა ვქნა, სად წავიდე, რას მივეახლო,
ცით მოწყვეტილი მე რომელი სფერო გავტკეპნო,
რა გზა ვუჩვენო სულს, რომელსაც მეხად დაეცა
თვალუწვდენელი გზის და გზების ნელი მოთმენა;
რა გადავუგდო, სავარცხელი თუ შავი დანა
გზაზე მიმავალს რომ მომდევენ ცხელი ენები;
გზადაგზა უნდა ვცვალო მალ-მალ თეთრი ცხენები,
ვცვალო, დავღალო, გადავლალო და მოვასვენო.

***
არაფერია დაძლეული სიზმრად მანძილი,
რომელსაც დალევს სიცხადეში მცირე ნაბიჯიც!
ფრთაშესხმული თუ გადაივლი, გადაიქცევა
ის უვრცელესი გზა და შარაც მცირე ბილიკად.
არაფრად მოჩანს თვით სიცხადის გამანძილება
თუ შეგიძლია თითით სწევდე ცაზე პლანეტებს!
დამაგდე თუნდაც შენს ქაშანზე, გავივლი შამბში
და მზის ნაპერწკლებს ხელაღებით მოგიტან კარზე!

***
მე - „შაბათის გზა“, შენი გზა და შენი საგზალი,
საგზაური და საზღაური გრძელი ვნებისთვის.
შენივე ნებით მე გავხდები გინდა საზრდელი,
გინდა ვიქნები მცირე ჯერი მოგზაურისთვის,
რომ დაქანცულმა თავისა და გზის ძიებისას,
თავგადასავალს მინდობილმა და თავგასულმა
დააგემოვნოს ქაშან-შარას შვება გვიანი
და გაიაროს გზა ბოლომდე, გალიოს ნება.

***
ნადირნი ვლიან წავარნაზე კლდის ვიწროებში...

study


Last edited by Admin on Sat Aug 12, 2017 5:02 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 3:25 pm

მანანა მათიაშვილი

არიადნე

ჩემ სამსახოვან ლაბირინთში
მოულოდნელად შეიძლება გაიხსნას კარი,
თეთრი პეპლებით აღტაცების უნარს დავკარგავ
და ვხდები წყნარი.
არაფერია იმ სურვილში ცუდი, როდესაც
არ გინდა იყო ნახევარი და ხდები მთელი,
და მოჰყავს იგი ჩემგამძლე მზის სხივს, რომელიც იყო,
მაგრამ ვერ მიხვდა, გადმოევლო ცხრა მთა და ბარი,
რადგან მე ვიყავ ერთადერთი ის არიადნე
და ერთადერთი ის გორგალი მეჭირა ხელში,
იმ ერთადერთის, მიუხვედრელის, სამყოფელამდე,
იჭიმებოდა საიდანაც ცალპირი ძაფი.

2001


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 3:26 pm

მანანა მათიაშვილი

ჩემი ეფემერა

ვუძღვნი სოფოს - რადგან 26 აგვისტოა,
ნესტანს - რადგან მოეწონა,
გიორგის - რადგან ეხება

აქეთ თუ იქით, სად ვეძებო სინამდვილით სავსე სამანი?!
ლაჟვარდოვანი სანაპიროს საუცხოო სამოთხეები
თუ შავი კუპრის სამეფოში მოხარშული თავის ქალები, _
რომელი არის უფრო მეტად ხელშესახები?!
მიწის გორახი უფრო ნამდვილ ხმას გამოსცემს თუ მიწის მადლი?!
რომელი უფრო ნამდვილია - ხელში როცა გიჭირავს თევზი
თუ როდესაც წყალში დაცურავს?!
მუცელში როცა ყურყუტებს ბავშვი, თუ როდესაც გულში იხუტებ?!
როგორ ბედავენ პოეტები თავის მკვლელობას?
წონასწორობის დასაცავად სამზეოს კედლებს ეხლებიან, მაგრამ ხვდებიან,
არ ყოფილა სამყარო მყარი: ჰორიზონტის ხაზს ხელს ვერ ჩაავლებ, რომ მოეჭიდო
და ვერც ისეთ ადგილს მიაგნებ, მიიდრიკო ცოტახნით თავი.
არც სამყაროს ნავსაყუდელი სიყვარული მოჩანს სანდობი.
არც სანდომი, აღარც სანდობი, წამდაუწუმ ღელვამორჩილი.
მას ყოველდღე ჩვენ ვაკრავთ ჯვარზე. ამიტომაც არც ცაშია, აღარც მიწაზე,
შუასკნელში გამოკიდებულს მარადიული სწრაფვა აცოცხლებს.
სამოთხე, ალბათ, სამოთხეშივე არ ჰგავს თავის თავს,
მიწიდან მოჩანს სასურველი და თვალწარმტაცი.
ისევე, როგორც ბრწყინვალე დილა
უფრო მეტად ბრწყინვალე მოჩანს
სახლის ფანჯრიდან.

2016


სიბნელის დრო

თითქოს ვეშაპი ქუთუთოს ხურავს - ღამე დგება დედამიწაზე.
ჭია-ღუების ფუთფუთის დროა - ასე იცნობდნენ ადრე სიბნელეს.
დღე დამთავრდა, სინამდვილეში ფარდის ახდა ამ დროს იწყება:
ფარდა ეხდება ვნებებს, რომელთაც დღე უმოწყალოდ ამუხრუჭებდა.

დაბნელდა, მაგრამ სადღაც თენდება...

2017


study


Last edited by Admin on Sat Aug 12, 2017 5:04 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 3:29 pm

მანანა მათიაშვილი

მრავალძარღვები

„მრავალძარღვების მოსაგროვებლად როცა მიდიხარ, უნდა მოკრიფო ნედლი ფოთლები, მერე გარეცხო და სხვენის ჩრდილში კარგად გააშრო...“ - ასე წერია წიგნში „სამკურნალო მცენარეები“, გვ. 34

მივდივარ,
მაგრამ ვერსად ვპოულობ
დაფოთლილ ბალახს.
მერე უეცრად ჩნდება თანდათან
ერთი, მეორე...
ქვასთან, ღობესთან.
მოვკრიფე.
წყალში იბადება უკვე მეორედ
ზურმუხტისფერი ქოლგის
თეთრი, თეთრი ხაზები...

თითით ავზომავ
უხილავი მთების სიმაღლეს,
ჩემი გოგონა
მწვანე ბურთით რომ ითამაშებს.

2001

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    Sat Aug 12, 2017 3:46 pm

ONCE …

BY MARIAM TSIKLAURI, TRANSLATED BY MANANA MATIASHVILI

1
I’ve devoted these words to people
who made me love at least once in my life.
Now they look like a white moon of the day
on my blue skies
even in the sunshine.

2
So many words have been already uttered,
so many feelings – expressed.
Still once you realize:
all the universe is awaiting
to be revealed again.

3.
Dear my firefly,
what if once I have to believe –
that all the beauty of yours
sparkling just around you –
is the charm of darkness.
What then? What should I do?

4.
Even once
we could not manage to meet each other
Me and someone who
could give me
a name.

5.
Among all the evil epochs
mine is the worst.
I love it because I know:
we’ve met each other just for once.
I know that
once in future
I’ll miss it a lot.

6.
Once you took for granted
A morning – vast and clear.
On ready-made morning
you do invite now
every passer-by here.
Why are you surprised by universe
that doesn’t change?

7.
I do not want (once, when it is)
to be finished without having said nothing about poppies.


***
Originally published in Georgian in Mariam Tsiklauri’s book White Calves (2011) published by Pegasi.

Arrow

მარიამ წიკლაური

ერთხელ...

1.
ეძღვნება იმათ,
ვინც ერთხელ მაინც
შემაყვარა თავი ამქვეყნად
და ჩემ ლურჯ ცაზე
დღის თეთრ მთვარედ
მოსჩანან მზეშიც.

2.
რამდენი სიტყვა დაიხარჯა, რამდენი განცდა,
მაგრამ ერთხელაც მიხვდები, რომ
ხელახლაა ამოსათქმელი
მთელი სამყარო.

3.
ციცინათელავ,
ერთხელაც რომ დავიჯერო,
მთელი შენი სილამაზე
მხოლოდ შენს ირგვლივ გამეფებული
ბნელის ხიბლია,
რაღა ვქნა მერე?

4.
ერთხელაც კი ვერასოდეს შევხვდით
მე და ის,
ვისაც შეეძლო, რომ დაერქმია
ჩემთვის სახელი.

5.
ყველა ცუდ დროთა შორის მაინც
ჩემი დროა ყველაზე ცუდი.
მე კი მიყვარს, რადგან ვიცი,
მხოლოდ ამ ერთხელ შევხვდით ერთმანეთს.
და ისიც ვიცი, რომ ერთხელაც
ო, რა ძალიან მომენატრება.

6.
კეთილსახსოვრად გიძღვნეს ერთხელ
დილა და ახლა
მზამზარეულზე იპატიჟებ
ამვლელ-ჩამომვლელს.
რაღატომ გიკვირს,
რომ არაფერი იცვლება ქვეყნად?

7.
არ მინდა, ერთხელ ისე დავსრულდე,
რომ არაფერი გელაპარაკო ყაყაჩოებზე.

***

Arrow

Mariam Tsiklauri is a Georgian poet, children writer, translator and a “Gala” (annual Georgian prize in Literature) laureate. She graduated from Tbilisi State University in 1983 as a chemist. She has published 10 poetry collections and 14 books for children. She is one of the founders of Children Literature Development Fund “Libo” in Georgia.

Manana Matiashvili is a Georgian translator, literary critic, philologist, and lecturer with a PhD in Translation Studies. She has translated poetry, drama, and children’s literature from English, Norwegian and Russian.

MASQUE & SPECTACLE
AN ARTS & LITERARY JOURNAL, June 1, 2017

* https://masqueandspectacle.com/2017/06/01/once-mariam-tsiklauri-translated-by-manana-matiashvili/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili    

Back to top Go down
 
მანანა მათიაშვილი Manana Matiashvili
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: