არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ფედერიკო გარსია ლორკა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: ფედერიკო გარსია ლორკა   Tue Jul 25, 2017 2:36 pm

ფედერიკო გარსია ლორკა

„დუენდეს“ თეორია და თამაში

ქალბატონებო და ბატონებო! 1918 წლიდან 1929 წლამდე, სანამ მადრიდის სტუდენტურ რეზიდენციაში ვიმყოფებოდი და ვიდრე დავამთავრებდი ჩემს ლიტერატურულსა თუ ფილოსოფიურ განსწავლას, რაფინირებლ სალონში, რომელსაც ხშირად ესწრებოდა ესპანეთის ძველი არისტოკრატია, რათა გამოესყიდა თავისი ფუქსავატური ყოფა საფრანგეთის კურორტებზე, მე მომისმენია ათასზე მეტი ლექცია. ჰაერისა და მზის მონატრულს ამ ლექციების სმენა ისე მბეზრდებოდა, რომ გამოსვლისას, გაღიზიანების წიწაკად ქცეული, ვგრძნობდი, რომ მთლიანად დაფარული ვიყავ ფერფლის თხელი ფენით. მე არ მინდა, რომ ამ დარბაზშიც შემოფრინდეს მოწყენილობის საშინელი კრაზანა, რომელსაც ძალუძს ქინძისთავების წვრილი წვეტებით დაჩხვლიტოს მსმენელთა თვალები და ყველა თავი თვლემის უწვრილეს ძაფებზე აასხას. მე შევეცდები მხოლოდ ჩემი პოეტური ხმის რეგისტრში, რომელსაც არ გააჩნია ხელოვნური ბრწყინვალება, ციკუტის ხვეულები და ირონიის მახვილებად მოქცევადი ცრუმაამებლობის ნასახი, გადმოგცეთ სადა გაკვეთილი ნატანჯი ესპანეთის იდუმალი სულისა.

ვისაც უმოგზაურია ხუკარის, გვადალეტეს, სილისა და პისუერგას მდინარეთა შორის ხარის ტყავივით გადაჭიმულ მიწაზე (მე საგანგებოდ არ ვიხსენებ ლაპლატას წყალუხვსა და ლომის ფაფრისფერ ტალღოვან მდინარეებს), ადრე თუ გვიან, უსათუოდ გაიგონებდა ასეთ გამოქმას: “ამაში არის duende”. დიდ ანდალუზიელ არტისტს, მანუელ ტორესს (მანუელ ტორესი – ლორკას თანამედროვე ესპანელი მომღერალი, ანდალუსიური სიმღერების უბადლო შემსრულებელი – მთარგმნ.) ერთხელ უთქვამს რომელიღაც მომღერლისათვის: “თქვენ გაქვთ ხმაც და სიმღერის საკუთარი სტილიც, მაგრამ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას, ვინაიდან არ გაგაჩნიათ duende”. მთელ ანდალუსიაში, ხაენის მთებიდან კადისის ნიჟარამდე, ხალხი გამუდმებით ახსენებს duende-ს. ეს ხალხი duende-ს მისი გამომჟღანებისთანავე გრძნობს უტყუარი ინსტინქტით. დებლას (დებლა – ანდალუსიური “კანტე ხონდოს” ერთ-ერთი სახეობა; თვით “კანტე ხონდო” ნიშნავს “სიღრმისეულ სიმღერას” – მთ.) შემქმნელს, ლებრიხელ ფლამენკოთა საოცარ მომღერალს განუცხადებია: როდესაც მამღერებს duende, ვერავინ შემედრებაო. ხნიერმა ბოშა მოცეკვავემ, ლა მალენამ ბრაილოვსკის მიერ ბახის მუსიკის შესრულებისას წამოიძახა: “ოლე! (“ოლე” – ესპანურად “ვაშა!” – მთ.) ამაში არის duende!” ხოლო გლიუკის, ბრამსისა და დარიუს მიიოს სმენა კი მოსწყინდა.

მანუელ ტორესმა, რომელსაც სისხლში აქვს მეტი კულტურა, ვიდრე რომელსამე სხვას ჩემს ნაცნობთა შორის, ფალიას მიერ შესრულებული მისივე “ხენერალიფეს ბაღების ნოქტიურნის” მოსმენისას გამოთქვა ეს საოცარი აზრი: “ყოველივე, რისი წიაღიდანაც გამოიცემა უკუნი ხმები, შეიცავს duende-ს”. და არ არსებობს უფრო დიადი სიმართლე. ეს “უკუნი ხმები” არის იდუმალი ფესვები, გადგმული ნოყიერ ნიადაგში, რომელიც ყოველი ჩვენგანისათვის ნაცნობია და მაინც უცნობი; საიდანაც ჩვენ ამოგვაქვს ის, რაც ჭეშმარიტია ხელოვნებაში. ტორესის აზრი აქ თანხვდება გოეთეს გუმანს, რომელიც განსაზღვრავდა duende-ს, ოდეს იგი პაგანინის ანიჭებდა იდუმალ ძალმოსილებას, რომელსაც ყველა გრძნობს, მაგრამ ვერც ერთ ფილოსოფოსს ვერ აუხსნია.

მაშასადამე, duende ძალმოსილებაა და არა მზა საქციელი, იგი ბრძოლაა, და არა აზრი. მე გამიგონია, როგორ ამბობდა გიტარის მოხუცი ჯადოქარი: “duende ყელში არ ბუდობს, იგი ზეაღმოისწრაფვის ტერფებიდან”; რაც იმას ნიშნავს, რომ იგი გაწაფულობა კი არ არის, არამედ – სისხლის, ძველი კულტურისა და ქმნადობის ჭეშმარიტი ფორმა. ეს “იდუმალი ძალმოსილება, რომელსაც ყველა გრძნობს, მაგრამ ვერც ერთ ფილოსოფოსს ვერ აუხსნია”, არის სული მიწისა. სწორედ duende იყო, ნიცშეს გულს რომ ჩაეჭიდა, რომელიც ამ duende-ს გარეგან ფორმებს რიალტოს ხიდზე თუ ბიზეს მუსიკაში ეძიებდა და ვერ პოულობდა. მან არ იცოდა, რომ მისი საძიებელი duende კადისის მოცეკვავეებსა და სილვერიოს (იგულისხმება იტალიელი მომღერალი სილვერიო ფრანკონეტი, რომელმაც ანდალუზიაში დანერგა “კანტე ხონდოს” განვითარებული სახეობა “სეგირია” – მთ.) სეგირიის დიონისურ შეძახილებს ძველი ბერძნებისგან ჰქონდა გადმოცემული.

მე არ მინდა, რომ ვინმეს duende ეგონოს ლუთერის თეოლოგიური ეჭვის დემონი, რომელსაც მან ნიურნბერგში ბახუსური ჟესტით მიახალა სამელნე; არც კათოლიკური გამანაგდურებელი და ნაკლებგონიერი დემონი, რომელიც ძუკნა ძაღლივით დაძრწის მონასტრის თაღებში; არც მოლაპარაკე მაიმუნი, რომელიც აჭარბებდა სერვანტესის თაღლითს ანდალუსიის ეჭვიანობისა და ველურობის კომედიაში. არა! უკუნი და მთრთოლვარე duende, რომელზეც მე მოგახსენებთ, მომდინარეობს სოკრატეს მხიარული დემონისაგან, მარმარილოსა და მარილისაგან, რომლის მომნუსხველი რისხვა შუშხავს ხოლმე მის გაბრუებულ მფლობელს. იგი მომდინარეობს, აგრეთვე, დეკარტეს მელანქოლიური დემონისაგან, პატარა, როგორც მწვანე ნუში, რომელიც წრეებისა და ხაზებისაგან თავგაბეზრებული ამოდის არხებიდან მეზღვაურთა სიმღერების მოსასმენად. ადამიანი, როგორც ნიცშე იტყოდა, არტისტი, თავისი სრულყოფილებისაკენ გადადგმულ ყოველ ნაბიჯს მოიპოვებს სწორედ duende-სთან (და არა ანგელოზთან ან მუზასთან) ბრძოლის ფასად. ყოველი ნაწარმოების ფესვებამდე ჩასაწვდომად, აუცილებელია, ამ ძირეული სხვაობის გამოვლენა.

ანგელოზი წინამძღოლია და მადლმცხებელი, ვით წმინდა რაფაელი, ანდა მცველი და მფარველი, როგორც წმინდა მიქაელი, ან კიდევ წინასწარ მაფრთხილებელი, ვითარცა წმინდა გაბრიელი. ანგელოზს ძალუძს გაოცების გამოწვევა, მაგრამ იგი მხოლოდ თავს დასტრიალებს ადამიანს; იგი გასცემს თავის წყალობას, რის გამოც კაცთათვის ადვილად მიიწვდომვის საქმე, თანაგრძნობა თუ ცეკვა. დამასკოს გზად მიმავალი ანგელოზი, ან ის ანგელოზი, რომელიც ასიზის პატარა კანკლედში შეფრინდა, ან იგი, რომელიც კვალდაკვალ მიჰყვება ენრიკე სუზოს – მბრძანებელი ანგელოზია, როლის ნათების გაძლება არავის ძალუძს, ვინაიდან იგი რჩეულის სიახლოვეს იქნევს თავის ფოლადის ფრთებს. მუზაც მბრძანებელია და ზოგჯერ აღმაფრთოვანებელიც, მაგრამ იგი, შედარებით, ნაკლებმოქმედია, ვინაიდან შორეულია და იმდენად ქანცმიხდილი (მე იგი ორჯერ მინახავს), რომ საჭირო ხდება მარმარილო მის მოსაღონიერებლად. მუზით შთაგონებულ პოეტს ესმის მისი ხმები, მაგრამ არ უწყის, საიდან მიედინებიან ისინი. ეს ხმები მომდინარეობენ მუზისაგან, რომელიც მათ ინახავს და ზოგჯერ კიდეც შთანთქამს ხოლმე. ასე შეემთხვა აპოლინერს, დიდ პოეტს, განადგურებულს შემაზრზენი მუზისაგან, რომლის გვერდითაც დახატა იგი ღვთაებრივმა და ანგელოზურმა რუსომ. მუზა აღაგზნებს ინტელექტს. მას მოაქვს სვეტებიანი ლანდშაფტები და ყალბი შეგრძნება დაფნისა. ინტელექტი პოეზიას, ძალზე ხშირად, მტრად ევლინება; ვინაიდან იგი იმიტაციისკენ ისწრაფვის, ვინაიდან მას პოეტი აჰყავს ეკლიან ტახტზე და აიძულებს დაივიწყოს ის, რომ შესაძლებელია, მას თავზე დაეცეს შხამიანი კიბო, ანდა იგი ჭიანჭველებმა გამოხრან. ყოველივე ამის წინაშე უძლურნი არიან მუზები, რომლებიც მონოკლებში ირეკლებიან ხოლმე პატარა, თბილი სალონების ხელოვნურსა და პრიალა ვარდებს შორის.

ანგელოზი და მუზა გარედან მოილტვიან. ანგელოზი მანათობელია, მუზა – მქადაგებელი (ჰესიოდე სწავლობდა მათგან). პოეტი თავის ნიმუშებს: ოქროს ფოთოლს თუ ტუნიკის ნაოჭს იღებს დაფნის ბუჩქნარიდან, ხოლო duende გაღვიძებულ უნდა იქნას სისხლში. ჩვენ უნდა განვიშოროთ ანგელოზი და გავაძევოთ მუზა, თავი დავიხსნათ იმ შიშისაგან, რომელსაც გვგვრის მეთვრამეტე საუკუნის პოეზიიდან მომდინარე იის სურნელი, თუ დიდი ტელესკოპი, რომლის ლინზებშიც თვლემს დატყვევებული და საზღვრებით დასნეულებული მუზა.

ჭეშმარიტი ბრძოლა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც გაბრძოლებს duende. ჩვენ ვიცით, როგორ ვეძიოთ ღმერთი: განდეგილის უმძიმესი გზით თუ მისტიკოსის დახვეწილობით, წმინდა ტერეზას კოშკით თუ ხუან დე ლა კრუსის (ხუან დე ლა კრუსი (1542-1591) – ესპანელი მისტიკოსი პოეტი – მთ.) სამი გზით. და თუნდაც ჩვენ მოგვიხდეს ესაიას ხმით ღაღადისი: “მკლავი უფლისა ვის გამოეცხადა?!”, ბოლოს და ბოლოს, ღმერთი მაინც ზეგარდმოუვლენს პირველ ცეცხლოვან ეკალს მის მაძიებელს. duende-ს საძიებლად არ არსებობს არც რუკა და არც მოძღვრება. ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ იგი სისხლს გვიწვავს როგორც მინის ნაფშხვენი; გვღლის და გვქანცავს, უკუაგდებს ჩვენს მიერ ნასწავლ გეომეტრიას, უარჰყოფს ყოველგვარ სტილს და აიძულებს გოიას, საუკეთესო ინგლისელ მხატვართა მსგავსად რუხი, ვერცხლისფერი და ვარდისფერი ტონების ოსტატს, თავისი მუშტებისა და მუხლების მეშვეობით ხატოს კუპრივით შავი, შემზარავი ფერით; ანდა იგი პირენეების სუსხში აშიშვლებს სინტო ბერდაგერს (ხასინტ ბერდაგერი – მეცხრამეტე საუკუნის კატალონიელი პოეტი – მთ.); აიძულებს ხორხე მანრიკეს (ხორხე მანრიკე – მეთხუთმეტე საუკუნის ესპანელი პოეტი – მთ.), ელოდოს თავის სიკვდილს ოკანიას უდაბნოში; აკრობატის მწვანე კოსტუმით მოსავს რემბოს დასუსტებულ სხეულს; ანდა შერიჟრაჟებულ ბულვარებზე მკვდარი თევზის თვალებით მიშტერებია ლოტრეამონს. სამხრეთ ესპანეთის დიდმა არტისტებმა, ბოშებმა ანუ ფლამენკოებმა, იციან, რომ სიმღერის, ცეკვისა თუ თამაშის დროს ჭეშმარიტი ემოცია არ იშვის, სანამ თავს არ იჩენს duende. მათ, შესაძლებელია, მოატყუონ კიდეც აუდიტორია და მოაჩვენონ, რომ ფლობენ duende-ს, ისევე, როგორც ყოველდღიურად გვატყუებენ მწერლები, მხატვრები და ლიტერატურულ მოდას აყოლილნი, რომელთაც არ გააჩნიათ duende-ს ნასახიც. მაგრამ საკმარისია დაკვირვება, უყურადღებობისაგან თავის დახსნა, რომ ხელოვნურობა იმწამსვე გამოაშკარავდეს და უკუგდებულ იქნას ყალბი duende.

ერთხელ ანდალუსიური ფლამენკოების მომღერალი პასტორა პავონი, “სავარცხლებიანი ქალიშვილი”, ესპანეთის მრუმე გენია, რომელიც თავისი წარმოსახვის ნიჭით შეედრებოდა გოიას ან რაფაელ ელ გალიოს (რაფაელ ელ გალიო – ცნობილი ესპანელი ტორერო – მთ.), მღეროდა კადისის პატარა ტავერნაში. იგი მღეროდა ჩრდილის ხმით, ხავსით დაფარული ხმით, რომელიც მის გაშლილ თმაში იხლართებოდა. იგი თავის ხმას ხან მანსანილიაში (მანსანილია – თეთრი, ძელგი ღვინო – მთ.) აწებდა, ხან კი ბნელსა და შორეულ ტევრებში ჰკარგავდა. მიუხედავად ამისა, იგი სასტიკად დამარცხდა. ყველაფერი ამაო იყო, საზოგადოება დუმდა. მსმენელთა შორის იმყოფებოდა იგნასიო ესპელეტა, რომაულ კუსავით მშვენიერი, რომელსაც ერთხელ ჰკითხეს, რატომ არ მუშაობო, და მას არგანტონიოს ღირსი ღიმილით უპასუხნია: რატომ ან რისთვის უნდა ვმუშაობდე, მე ხომ წარმოშობით კადისელი ვარო. იქვე იყო ელოიზა, სევილიის ცეცხლოვანი, არისტოკრატიული კახპა, უშუალო მემკვიდრე იმ სოლედად ვარგასი, რომელმაც 1930 წელს უარი სტკიცა როტშილდს ქორწინებაზე იმ მიზეზით, რომ ჩემნაირი წმინდა სისხლისა არა ხარო. იქვე იყვნენ ფლორიდასები, რომელთაც ბევრნი ყასბებად თვლიდნენ, მაგრამ, ნამდვილად, ისინი იყვნენ ძველნი ღვთისმსახურნი, რომელთაც ჯერ კიდევ არ მოეშალათ გერიონისათვის (გერიონი – ჰერაკლეს მიერ განგმირული სამსხეულიანი გოლიათი – მთ.) ხარების მსხვერპლად შეწირვა. ხოლო კუთხეში იჯდა ჯიშიანი ხარების მომშენებელი დონ პაბლო მურუბე, შთამბეჭდავი აღნაგობითა და კრიტოსული ნიღბის იერით. პასტორა პავონმა სიმღერა დაამთავრა სამარისებულ მდუმარებაში. მხოლოდ ერთმა კაცუნამ, მოცეკვავე საჭურისთაგან, რომლებიც თეთრი ბრენდის ბოთლებს მიღმა წამოხტებიან ხოლმე, ჩუმი და დამცინავი ხმით ჩაილაპარაკა: “დიდება პარიზს!” ამით მას თითქოს იმის თქმა სურდა, რომ ჩვენ აქ უნარი, ოსტატობა და ტექნიკა არ გვინდა, არამედ რაღაც სხვას მოვითხოვთო. მაშინ “სავარცხლებიანი ქალიშვილი” კვლავ წამოდგა შეშლილივით. იგი მოტეხილი იყო როგორც შუა საუკუნეების დროინდელი მოტირალი. მან გადაჰკრა დიდი ჭიქით კასალია (კასალია – ცეცხლოვანი არაყი – მთ.), ისევ დაჯდა და ცეცხლმოდებული ყელით წამოიწყო სიმღერა. მღეროდა უხმოდ, უსუნთქველად, ხმათა მიმოხვრის გარეშე, მაგრამ… duende-თი. მან შეძლო სიმღერისათვის ხარაჩოების ჩამოცილება, რათა გზა გახსნოდა გაშმაგებულ და აალებულ duende-ს, ქვიშიან ქართა მოამქრეს, რომელიც მსმენელებს იძულებულს ხდის, რიტმიულად შემოიძარცვონ სამოსელი ისე, როგორც წმინდა ბარბარას წინაშე მტევნად შეყრილი კარიბელი ზანგები იძარცვავენ ხოლმე. “სავარცხლებიანი ქალიშვილი” იძულებული იყო ხმა ჩაეხლიჩა, ვინაიდან იცოდა, რომ მას უსმენდნენ რჩეულნი, რომელნიც მისგან ფორმებს კი არ მოითხოვდნენ, არამედ ამ ფორმათა არსს. მას ხმის ჩახლეჩვა მოუხდა იმიტომაც, რომ მუსიკა თვით წმინდა არსამდე ამაღლდა. მოუხდა თავისი ნიჭისა და შეძლებლობათა გაღარიბება, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, მუზის განდევნა და განმარტოება, რათა წარმოჩენილიყო duende და მასთან სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლაში ჩაბმულიყო. და როგორ მღეროდა! მან მიაღწია უკიდურეს სიწრფელეს და მისი ხმა იყო სისხლის შხეფი, მშვენიერი თავისი უშუალობითა და ცეცხლოვანებით, რომელიც იშლებოდა როგორც ხუან დე ხუნის (ხუან დე ხუნი – მეთექვსმეტე საუკუნის ფრანგი მოქანდაკე (ჟან დე ჟუანი), რომელიც უმთავრესად ესპანეთში მოღვაწეობდა – მთ.) მიერ წარმოსახული ათთითინაი ხელის მტევანი ქრისტეს დალურმნულ, მაგრამ მაინც მთრთოლვარე ფეხებთან.

duende-ს გამოჩენა ყოველთვის გულისხმობს ძველ სტრუქტურაზე დაფუძნებული ყოველი ფორმის რადიკალურ შეცვლას. იგი იძლევა განუცდელი სიახლის განცდას; მას მოაქვს ახლად აფეთქილი ვარდისა და სასწაულის თვისებები და იწვევს თითქმის რელიგიურ ექსტაზსა და ენთუზიაზმს. არაბულ მუსკაში, ცეკვებსა და სიმღერებში duende-ს გამოჩენას ესალმებიან შეძახილებით: “ალლაჰ, ალლაჰ!” (“ღმერთო, ღმერთო!”), რაც შორს არ არის “ოლე”-საგან, რომელიც გაისმის ხოლმე კორიდაზე, ხარებთან ბრძოლისას. სამხრეთ ესპანეთის სიმღერებში duende-ს გამოვლენას ხვდებიან ღაღადისით: “Viva Dios!” (“დიდება ღმერთს!”). ეს არის ღრმა, სათუთი და ადამიანური გულის ხმა ღმერთთან ურთიერთობისა, რომელიც ხორციელდება ხუთი გრძნობის მეშვეობითა და duende-ს დახმარებით. duende-ს საძრაობაში მოჰყავს მოცეკვავის ხმა და სხეული. ეს არის ჭეშმარიტი განდგომა ამა ქვეყნისაგან, ისეთივე წმინდა განდგომა, როგორსაც აღწევდა “შვიდი ბაღიდან” გამომდინარე იშვიათი ესპანელი პოეტი მეჩვიდმეტე საუკუნისა პედრო სოტო დე როხასი (ლორკა გულისმობს გრანადის ბაღებით შთაგონებული პედრო სოტო დე როხასის წიგნს – “მრავალთათვის დახშული სამოთხე, ყველასათვის განხმული ბაღები” – მთ.), ანდა წმინდა იოანე კლიმაკუსი (იოანე კლიმაკუსი – მეექვსე საუკუნის ასკეტი, ავტორი ცნობილი წიგნისა “სასულიერო კიბე” – მთ.) თავის გოდებათა მოცახცახე კიბეზე. როდესაც ეს განდგომა მიღწეულია, მის ეფექტს ყველა გრძნობს: რჩეულნიც, რომელნიც ხედავენ, თუ როგორ იმარჯვებს სტილი საცოდავ მატერიაზე და უმეცარნიც, რომელნიც შეპყრობილნი არიან ჭეშმარიტი მღელვარებით. რამდენიმე წლის წინ ხერეს დე ლა ფრონტერაში გამართულ მოცეკვავეთა შეჯიბრზე ოთხმოცი წლის მოხუცმა ქალმა წაართვა პრიზი მშვენიერ ქალებსა თუ ქალიშვილებს, რომელთაც ჰქონდათ ნაკადულივით წელი. მას ხელები სადად და უბრალოდ ჰქონდა ზეაწეული, თავი უკან გადაეგდო და ერთ ადგილზე როკავდა. ანგელოზთა და მუზათა ამ კრებულში, მშვენიერ ფორმათა და ულამაზეს ღიმილთა შორის, უნდა გაემარჯვა მომაკვდავ duende-ს, რომელსაც მიწაზე მისთრევდა თავისი ფრთების ჟანგიანი დანები. და გაიმარჯვა კიდეც.

ყოველი ხელოვნება უნდა დლობდეს duende-ს, და ბუნებრივია, ყველაზე მეტად მუსიკა, ცეკვა და ზეპირმეტყველი პოეზია, ვინაიდან ესენი მოითხოვენ ცოცხალ სხეულს, როგორც ინტერპრეტატორს; ვინაიდან ესენი არიან ფორმები, მარად მოკვდავნი და მარად შობადნი, რომელთა კონტურები მარტოოდენ აწმყოში იკვეთება. ხშირად ავტორის duende ინტერპრეტატორს გადაეცემა. ზოგჯერ კი, კომპოზიტორი და პოეტი ყალბნიც რომ იყვნენ, თვით ინტერპრეტატორის duende ჰქმნის ახალ სასწაულს, რომელსაც ორიგინალთან ცოტა რამ აქვს საერთო. ასე იქცეოდა duende-ს მფლობელი ელეონორა დუზე, რომელიც საგანგებოდ ეძებდა მარცხებს, რათა ისინი გამარჯვებებად ექცია, იმის შემწეობით, რასაც იგი მათში დებდა; ანდა პაგანინი, რომელსაც, გოეთეს თქმით, შეეძლო უაღრესად ბანალური მუსიკიდან უღრმესი მელოდიების ამოხვეწა; ან კიდევ მშვენიერი ქალიშვილი, რომელიც პუერტო დე სანტა მარიაში ისეთი პაუზებითა და მნიშვნელობის მინიჭებით მღეროდა შემზარავ იტალიურ სიმღერას “O Mari”-ს, რომ მან ეს იაფფასიანი სიმღერა ოქროსგან ჩამოსხმულ გველად აქცია. ერთი სიტყვით, ეს იყო ინტერპრეტატორის მიერ შექმნილი ორიგინალი. ექსპრესიას მოკლებულ ნაწარმოებში შევიდა ცოცხალი სხეული და არტისტული გენია.

(გაგრძელება ქვემოთ)

ესპანურიდან თარგმნეს ელზა ახვლედიანმა და ვახუშტი კოტეტიშვილმა.


Smile


Last edited by Admin on Tue Jul 25, 2017 2:39 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4262
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფედერიკო გარსია ლორკა   Tue Jul 25, 2017 2:37 pm

ფედერიკო გარსია ლორკა

„დუენდეს“ თეორია და თამაში


(დასასრული)

ყოველგვარ ხელოვნებას და ყველა ქვეყანას ძალუძს ფლობდეს duende-ს, ანგელოზსა და მუზას. თუ გერმანია, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, ფლობს მუზას, ხოლო იტალია მარადის ინარჩუნებს ანგელოზს, ესპანეთს ყოველთვის ამოძრავებს და წარმართავს duende. ეს ასეა, ვინაიდან ესპანეთი არის ძველი მუსიკისა და ცეკვის საუფლო, სადაც duende წურავს განთიადის ლიმონს, და ვინაიდან იგი არის სიკვდილისათვის განხმული ქვეყანა. სიკვდილი ყველა ქვეყანაში აღსასრულია. იგი მოდის და ფარდები ეშვება. ესპანეთში პირიქით, ფარდები ზემოთ იწევს. ბევრი ესპანელი ცხოვრობს ოთხ კედელს შორის მომწყვდეული სიკვდილის დღემდე, ხოლო ამ დღეს იგი მზეზე გამოჰყავთ. ესპანეთში მიცვალებული უფრო მეტად ცოცხალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. იგი სამართებელივით კვეთს ესპანეთის პროფილეს. ესპანელთათვის დამახასიათებელია სიკვდილზე ხუმრობა და მისი მდუმარე განჭვრეტა. კევედოს “თავის ქალათა ზმანებასა” და ვალდეს ლეალის “ხრწნად ეპისკოპოსს” შორის, მეჩვიდმეტე საუკუნის მარაბელას, რომელიც შორ გზაზე ამხედრებული მშობიარობისას გარდაიცვალა ამ სიტყვებით:

“ჩემი საშოს სისხლს
დაუფარავს ცხენი,
შენი მერნის ფლოქვები
ცეცხლს აფრქვევენ კუპრივით…”

და ხარის მიერ ახლახან განგმირულ სალამანკელ ჭაბუკს შორის, რომელმაც სიკვდილის წინ წამოიძახა:

“ძმებო, აღსასრულის ჟამი
დამიდგა შიგანში მკვნესარი,
მკერდში ხელსახოცი სამი
ჩამრჩა და მეოთხეც ეს არი…”

ყოველსავე ამას შორის აღმართულია გვარჯილის ყვავილთა ზღუდე, რომლის მიღმაც ბუდობს სიკვდილის მჭვრეტელი ხალხი, რომელიც თავის სიმკაცრეში შთაგონებულია იერემიას სიტყვებით და რომელსაც ლირიზმის გრძნობას უღვიძებს კვიპაროსების სურნელი. ეს არის ქვეყანა, რომელშიც ყოველივეს, რაც ხდება, დაჰკრავს სიკვდილის ლითონის გემო. დანა, ურმის თვალი, სამართებელი, მწყემსების ეკლიანი წვერი, შიშველი მთვარე, ბუზი, ნესტიანი თახჩა, ქვაფენილი, მაქმანით დაფარული ხატები, ჩაუმქრალი კირი, კარნიზებისა და საგუშაგო კოშკების დაკბილული მოხახულობა, აი ისინი, რომელთა შორისაც ესპანეთში მოიბრძვის სიკვდილის წვრილი ბალახი, გაურკვეველი ხმები, საცნაურნი მხოლოდ დაკვირვებული გონებისათვის, რომელნიც ჩვენს მეხსიერებას წარმავლობის გულგრილობის იერს ანიჭებენ. ესპანეთის ხელოვნების ნიადაგთან კავშირი შემთხვევითი არ არის. იგი დიდი რაოდენობით შეიცავს ნარშავს და დასაბამეული ქვებით არის მოფენილი. პლებერიოს გოდება თუ ხოსე მარია დე ვალდივიელსოს ცეკვა გამონაკლისს არ წარმოადგენს. შემთხვევითი არც ის არის, რომ ევროპის ყველა ბალადას შორის გამოირჩევა ეს ესპანური სატრფიალო სიმღერა: “

– თუ შენ სატრფო ხარ ჩემი,
რატომ მარიდებ თვალთა?
– ჩაქრნენ თვალები ჩემი,
ჩრდილმა მოჰფინა კალთა.
– თუ შენ სატრფო ხარ ჩემი,
ბაგეს რად აღარ მიწვავ?
– ბაგის ნათელი ჩემი
დანავლა შავმა მიწამ.
– თუ შენ სატრფო ხარ ჩემი,
მკლავს რატომ აღარ მომხვევ?
– საშენო მკლავი ჩემი
უკვე ჭიებმა მოხრეს”.

არც ის არის საოცარი, რომ ძველ ესპანურ ლირიკულ პოეზიაში ვხვდებით ასეთ სიმღერას:

“ბაღში მელოდება სიკვდილი,
ვარდების ბუჩქნარში მოვკვდები.
დედა, მე წავედი ბაღისკენ,
ვარდების საკრეფად წავედი,
და ბაღში ვიპოვე სიკვდილი.
დედა, მე წავედი ბაღისკენ,
ვარდების საკრეფად წავედი
და ვარდის ბუჩქნარში ვიპოვე სიკვდილი.
ბაღში მელოდება სიკვდილი,
ვარდების ბუჩქნარში მოვკვდები”.

მთვარით გაყინული თავები, რომელთაც ხატავდა სურბარანი, ელ გრეკოს ზეთოვანი და ღია ყვითელი ფერი, სიგუენცეს პროზა, გოიას ყველა ნაწარმოები, ესკორიალის ეკლესიის აბსიდა, მთელი ჩვენი პოლიქრონული სკულპტურა, ოსუნას საგვარეულო აკლდამა, ბონავენტესის სამრეკლო მადინა დე რიო სეკოში, “სიკვდილი გიტარით” – ეს ყველაფერი უდრის წმინდა ანდრეს დე ტეიქსიდოს პილიგრიმობას, სადაც სიკვდილი პროცესიას მიჰყვება; სამგლოვიარო სიმღერებს, რომელთაც ნოემბრის ღამეში მბჟუტავი ფარნების შუქზე ასრულებენ ასტურიელი ქალები; მაიორკისა და ტოლედოს კათედრალთა სიბილების ცეკვას და ვნების პარასკევის უსასრულო რიტუალებს, რაც ხარებთან ბრძოლის ცივილიზებულ სპექტაკლებთან ერთად წარმოადგენს სიკვდილის ტრიუმფს ესპანეთში. მსოფლიოს ყველა ქვეყანათა შორის ამით მარტოოდენ მექსიკას ძალუძს ესპანეთთან გატოლება. მუზა, როგორც კი შეიგრძნობს სიკვდილს, ახშობს კარიბჭეს, ანდა გამოდგამს ურნას და ცვილის ხელით წერს ეპიტაფიას. იგი იმწამსვე წეწავს თავის გვირგვინს ორ ქარს შორის მოქანავე მდუმარებაში. იგი ხოტბათა მოკვეთილ თაღებქვეშ მგლოვიარე ხელებით წნავს ყვავილებს, რომელთაც ასეთი გულმოდგინებით ხატავდნენ მეთხუთმეტე საუკუნის იტალიელი მხატვრები; ანდა იგი მოუხმობს ლუკრეციუსის საიმედო მამალს, რათა განდევნოს მოულოდნელი აჩრდილები. ანგელოზი, როდესაც იგი სიკვდილის გამოჩენას იგრძნობს, ნელი წრეებით უვლის მას გარშემო და ყინულოვანი ცრემლებითა და ნარგიზებით წნავს ელეგიას, რომელიც თრთის კიტსის, ვილია სანდინოს, ჰერერას, ბეკერისა თუ ხუან რამონ ხიმენესის ხელებში. მაგრამ როგორი თრთოლაა, როდესაც ანგელოზი თავის ვარდისფერ ფეხზე იგრძნობს თუნდაც ძლიერ პატარა ობობას?!

duende არ ვლინდება, სანამ არ წარმოიშვის სიკვდილის წინათგრძნობა და სანამ იგი არ დარწმუნდება, რომ მას ხშირად მოუხდება სიკივდილის სამყოფელთა მონახულება. duende არ არის დარწმუნებული, რომ მას ძალუძს იმ რტოების შერხევა, რომელნიც ჩვენ გვიპყრია ხელთ და რომელთაც ჩვენთვის არავითარი ნუგეში არ მოაქვთ. აზრში, ხმაში თუ მოძრაობაში duende შემოქმედთან ჭიდილისას ჭის კიდეს ელტვის. და მაშინ, როდესაც ანგელოზი და მუზა ვიოლინოთი ან ზომიერი რიტმით კმაყოფილდებიან, duende-ს გვაყენებს ჭრილობას, რომლის შეხორცების ცდაში (რაც არასოდსეს მოხდება) ვლინდება ადამიანის საოცარი ქმედითი თვითმყოფადობა. პოემის მაგიური თვისება იმაში გამოიხატება, რომ იგი ყოველთვის უნდა წარიმართებოდეს duende-ს მიერ, რათა მასში მხედველი უკუნეთური წყლით მოინათლოს. duende-ს შემწეობით ადვილია სხვისი სიყვარული და გაგება, და იმის რწმენაც, რომ შენც შეგიყვარებს და გაგიგებს სხვა. პოეზიაში ეს ბრძოლა გამჟღავნებისა და ურთიერთგაგებისათვის სამკვდრო-სასიცოცხლო ჭიდილის ხასიათს იღებს ხოლმე. გავიხსენოთ უკიდურესი ფლამენკო, duende-ს მფლობელი წმინდა ტერეზა, ფლამენკო არა მხოლოდ იმიტომ, რომ მან სამი დიდებული ჟესტით შეაჩერა გახელებული ხარი, და არც იმიტომ, რომ იგი ხუან დე ლა მიზერიას წინაშე თავის სილამაზეს იკვეხნიდა, და არც იმის გამო, რომ მან სილა გააწნა პაპის ნუნციას, არამედ იმიტომ, რომ იგი იყო ერთ-ერთი იმ მცირე რიცხოვანთაგანი, რომელიც თავისი ისრით დაჰკოდა duende-მ (და არა ანგელოზმა, ვინაიდან იგი თავს არ ესხმის არავის, არასოდეს). duende-ს სურდა მისი განგმირვა, ვინაიდან წმინდა ტერეზამ მას მოსტაცა უკანასკნელი საიდუმლოება – შემაერთებელი ხიდი, რომელიც აკავშირებს ხუთ გრძნობას ცოცხალი სხეულის არსთან, ცოცხალ ღრუბელთან, ცოცხალ ზღვასთან და დროისაგან განთავისუფლებულ სიყვარულთან. მან დიდი თავდადებით დაამარცხა duende, წინააღმდეგ ფილიპე ავსტრიელისა, რომელიც მუზისა და თეოლოგიის ანგელოზის მიგნების წყურვილით იმყოფებოდა duende-ს ტყვეობაში, და რომელიც უსიცოცხლო ძიების duende-მ ესკორიალში მოამწყვდია, სადაც გეომეტრია ზმანებას ემიჯნება და სადაც დიდი მეფის სამარადისოდ დასასჯელად duende-ს დააქვს მუზის ნიღაბი.

შეიძლება ითქვას, რომ duende-ს უყვარს საგანთა კიდე, ჭრილობა, და იგი იქ ბუდობს, სადაც ფორმები ერთმანეთს ედუღაბებიან ერთ ვნებიან ლტოლვად შენივთულნი, და როდესაც ეს ლტოლვა უფრო მეტია, ვიდრე მისი ხილვადი გამოვლენა. ესპანეთში (ისევე, როგორც აღმოსავლეთში, სადაც ცეკვა რელიგიურ გამოვლინებად ითვლება) duende განუსაზღვრელ სამოქმედო ასპარეზს პოულობს მარციალის მიერ ხოტბაშესხმულ კადისელ მოცეკვავე ქალთა სხეულში, იუვენალის მიერ შექებულ მომღერალთა გულებსა თუ ხარებთან ბრძოლის ყველა რიტუალში, რომელიც ჭეშმარიტ რელიგიურ დრამას წარმოადგენს, სადაც ისევე სრულდება მსხვერპლშეწირვა და ღვთის მსახურება, როგორც წირვისას. კლასიკური სამყაროს მთელმა duende-მ თითქოს თავი მოიყარა ამქვეყნიურ შესანიშნავ სპექტაკლში, რომელიც ერის განუზომელი მგრძნობელობისა და კულტურის სიმბოლოს წარმოადგენს, სადაც დახვეწილი მრისხანება, ნატიფი მელანქოლია და დაწმენდილი კაეშანი ვლინდება. ესპანური ცეკვებისა და ხარებთან ბრძოლის მზერისას არავინ ერთობა. დრამის მეშვეობით duende გაიძულებს იტანჯო ცოცხალი ფორმებით და იგი ამზადებს ნიადაგს გარემომცველი რეალობისაგან გასაქცევად. duende ისე მოქმედებს მოცეკვავის სხეულზე, როგორც ქარი ქვიშაზე. იგი მაგიური ძალმოსილებით აიძულებს ახალგაზრდა ქალს, იმოძრაოს მთვარეულივით; ტავერნის სიახლოვეს მომათხოვრე მოხუცს ანიჭებს ჭაბუკურ იერს. გრძელი ნაწნავებით მოაქვს ღამეული ნავსადგურების სურნელი და ყოველ წამს ისეთ მოძრაობაში მოჰყავს ხელები, რომელიც ნებისმიერ დროს ბადებს ცეკვას. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ duende არასოდეს მეორდება, როგორც არასოდეს მეორდებიან ქარიშხლიანი ზღვის ფორმები. თავისი გამომსახველობის უმაღლეს მწვერვალს duende აღწევს ხარებთან ბრძოლისას, ვინაიდან იგი ებრძვის, ერთი მხრივ, სიკვდილს, რომელსაც ძალუძს მისი მოსპობა, და მეორე მხრივ, გეომეტრიას, რომელიც სპექტაკლის ძირითად საზომს წარმოადგენს.

ხარს თავისი ორბიტა აქვს, ტორეროს – თავისი. და ამ ორ ორბიტას შორის მოქცეულია ფათერაკის წერტილი, რომელიც ამ შემაზრზენი თამაშის უმაღლეს მწვერვალად გვევლინება. შეიძლება ითვლებოდე შესანიშნავ ტორეროდ, როდესაც გშველის მულეტიანი (მულეტა – ფოლადის ბუნიკიან ჯოხზე დახვეული ალისფერი ფარჩა – მთ.) მუზა და ბანდერილიათი (ბანდერილია – ფერადი ქაღალდებითა და ბაფთებით შემკული პატარა, წვრილი შუბი, რომელიც ხარის გასახელებლად იხმარება – მთ.) შეიარაღებული ანგელოზი, მაგრამ, როდესაც მუშაობ მოსასხამით, როდესაც ხარი ჯერ კიდევ არ არის დაჭრილი, და ბოლოს, როდესაც დგება წამი მისი მოკვლისა, არტისტული სიმართლის ლურმნის ჩასასმელად აუცილებელია duende. ტორერო, რომელიც უგონო სიმამაცით აშინებს მაყურებელს, არ იძლევა ხარებთან ბრძოლის ნამდვილ სანახაობას. იგი ახდენს სიცოცხლესთან აბსურდული თამაშის დემონსტრაციას, რაც ყველას ძალუძს; ხოლო duende-ს მიერ ნაგესლი ტორერო პითაგორული მუსიკის გაკვეთილს გვაძლევს და გვაიძულებს დავივიწყოთ ის გარემოება, რომ იგი თავის გულს წამდაუწუმ ხარის რქებზე ისვრის.

ლეგარტიხოს რომანული duende, ხოსელიტოს ებრაული duende, ბელმონტეს ბაროკალური duende და კაგანჩოს ბოშური duende (ცნობილი ესპანელი ტორეროები – მთ.), შებინდულ არენაზე ტორეროების, პოეტების, მხატვრებისა და მუსიკოსებისათვის იძლევიან ესპანეთის ტრადიციის ოთხი დიდი გზის გაკვეთილს. ესპანეთი არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც სიკვდილი ბუნებრივ სანახაობას წარმოადგენს; სადაც სიკვდილი ყოველი გაზაფხულის დადგომისას გაბმით ახმიანებს ბუკს და ესპანეთის ხელოვნება ყოველთვის წარიმართვის გამჭრიახი duende-ს მიერ, რომელიც ამ ხელოვნებას ანიჭებს სრულიად განსხვავებულ იერსა და გამომსახველობით თვისებებს. duende, რომელიც ქანდაკების ისტორიაში პირველად ავსებს წითელი სისხლით მატეო დე კომპოსტელას წმინდანთა ღაწვებს, იგივ duende-ა, რომელიც სან ხუან დე ლა კრუსს აიძულებს გოდებას, ანდა წვავს გაშიშვლებულ ნიმფებს ლოპე დე ვეგას რელიგიურ სონეტებში.

duende, რომელიც აღმართავს სააგუნის კოშკს, ანდა აწყობს კალატაიუდისა (კალატაიუდა – ქალაქი ესპანეთში, სარაგოსას პროვინციაში, “იერუსალიმის რაინდთა” ძველი დედაქალაქი – მთ.) თუ ტერუელის (ტერუელი – ქალაქი ესპანეთში, არაგონის პროვინციაში – მთ.) გახურებულ აგურებს, იგივ duende-ა, რომელიც აპობს ელ გრეკოს ღრუბლებს, კინწისკვრით ფანტავს კევედოს (ფრანსისკო გომეს დე კევედო ი ვილ ეგას (1580 – 1645) – ესპანელი პოეტი – მთ.) ალგვასილებს (ალგვასილი – სასამართლოს აღმასრულებელი – მთ.) და აღაგზნებს გოიას ქიმერებს. duende წვიმაში ავლენს იდუმალ ველასკესს, თოვლში აჩენს შიშველ ერერას (ხუან დე ერერა – ესკორიალის არქიტექტორი – მთ.), რომელიც გვარწმუნებს, რომ სუსხი მომაკვდინებელი არ არის. გაღვივებული duende ბრწყინვალებამდე აღანთებს ბერუგეტეს (ბერუგეტე (1480 – 1561) – ესპანელი მხატვარი, მოქანდაკე და არქიტექტორი – მთ.) და მას აიძულებს ქანდაკების ახალი განზომილების პოვნას.

გონგორას (დონ ლუის დე გონგორა (1561 – 1627) – ესპანელი პოეტი – მთ.) მუზასა და გარსილაზოს (გარსილაზო (1500 – 1559) – ესპანელი კონკისტადორი, ცნობილი ინკებისადმი უაღრესად ჰუმანური დამოკიდებულებით – მთ.) ანგელოზს მოუხდათ გვირგვინის დათმობა წმინდა ხუან დე ლა კრუსის duende-სათვის, როდესაც

“დაჭრილი ირემი
გადმოდგა სერზე…”

გონსალო დე ბერსეოს (გონსალო დე ბერსეო – მეცამეტე საუკუნის კასტილიელი პოეტი – მთ.) მუზასა და იტის ეპისკოპოსის ანგელოზს მოუხდათ გზის დათმობა ხორხე მანრიკესათვის (ხორხე მანრიკე – მეთხუთმეტე საუკუნის ესპანელი პოეტი და მეზღვაური – მთ.), როდესაც, იგი სასიკვდილოდ დაჭრილი მიადგა ბელმონტეს ციხე-სიმაგრის კარიბჭეს. გრეგორიო ერნანდესის მუზასა და ხოსე დე მორას (ხოსე დე მორა – (1783 – 1863) ესპანელი მწერალი – მთ.) ანგელოზს მოუხდათ უკან დახევა, რათა გზა მიეცათ მენას (ხუან დე მენა – (1411 – 1456) ესპანელი პოეტი – მთ.) სისხლიანი ცრემლებით მოტირალი duende-სათვის. ასევე, კატალონიის მელანქოლიური მუზა და წვიმით გალუმპული გალისიის ანგელოზი გაოცებული სიყვარულით მისჩერებიან კასტილიის duende-ს, ასე დაშორებულს თბილი პურისა და ძროხისაგან, რომელიც ქარით დაცარიელებულ ცისა და დახეთქილ მიწის მიღმა იცოხნება. კევედოსა და სერვანტესის duende, ერთი – ფოსფორული ნათების მქონე მწვანე ანემონებით, ხოლო მეორე – რუიდერის თაბაშირის ანემონებით ამკობენ ესპანეთის duende-ს საკურთხეველს. ცხადია, რომ ყველა ხელოვნება ფლობს სხვადასხვა სახისა და ფორმის duende-ს, მაგრამ მათი ფესვები იქ ერთდებიან, საიდანაც, ტორესის თქმით, გამოიცემიან “უკუნი ხმები”, ანუ პირველადი ნივთიერება, ხის, ხმის, ტილოსა და სიტყვის მთრთოლვარე და დაუოკებელი საფუძველი.

სწორედ ეს “უკუნი ხმებია”, რომელთა მირმაც ჩვენ ვაგნებთ მჭიდრო კავშირში მყოფ ვულკანებს, ჭიანჭველებს, ნაზ სიოებსა და ირმის ნახტომს, რომელსაც ფერდებზე მიჰკვრია დიდებული ღამე. ქალბატონებო და ბატონებო! მე აღვმართე სამი თაღი და გამოუცდელი ხელით მასში მოვათავსე მუზა, ანგელოზი და duende. ანგელოზს შეუძლია თრთოდეს ანტონელო დე მესინას (ანტონელო დე მესინა (1431 – 1477) იტალიელი მხატვარი – მთ.) მიერ დახატულ ნაწნავებში თუ ფილიპო ლიპის (ფილიპო ლიპი – (1406 – 1469) იტალიელი მხატვარი – მთ.) მიერ შექმნილ ტუნიკაში, მაზოლინის (მაზოლინი – (1383 – 1447) იტალიელი მხატვარი – მთ.) ვიოლინოში თუ რუსოსთან (ანრი რუსო – (1844 – 1910) ფრანგი მხატვარი – მთ.).

მაგრამ სად არის duende? ცარიელ თაღში შედის გონების ნიავი, რომელიც დაჟინებით დაჰფარფარებს მიცვალებულთა თავებს ახალი ლანდშაფტებისა და იდუმალ ხმათა ძიების წყურვილით; ნიავი, რომელსაც დაჰკრავს ბავშვის ნერწყვის, გაქელილი ბალახისა და მედუზის გამჭვირვალე აპკის სურნელი; ნიავი, რომელიც ყველგან და ყოველთვის გვაუწყებს ახლადქმნილ საგანთა მარადიულ ნათლობას.


1930 წელი
ესპანურიდან თარგმნეს ელზა ახვლედიანმა და ვახუშტი კოტეტიშვილმა.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ფედერიკო გარსია ლორკა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: