არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 პაატა ბერიკაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: პაატა ბერიკაშვილი   Sat Jun 24, 2017 5:21 pm


Paata Berikashvili

პაატა ბერიკაშვილი

დაიბადა 1961 წლის 5 ოქტომბერს.
გარდაიცვალა 2017 წლის 24 ივნისს.
პოეტი; მწერალი; 52-ე საჯარო სკოლის დირექტორი.
სცენარის ავტორია ფილმის „ომი და ქორწილი“, 2010, რეჟისორი - ზაზა კოლელიშვილი

წინათქმა ლექსების წიგნისათვის „გალიმათიები“, 2012

„ჯერ მთავარი იყო მეპოვნა სამყარო, სადაც ჩემი დახატული სახეები და გარემო ბუნებრივად მიესადაგებოდნენ ერთმანეთს... მერე მთავარი გახდა აღმომეჩინა უნარი მკითხველისთვის უკეთ დამენახვებინა ეს კავშირი, რათა მას უკეთ და სრულად აღექვა იგი – სამყარო, სადაც ის სახეები და სივრცეები დაიბადნენ... ის კიდეცა ჰგავს და არცა ჰგავს ჩვენს რეალურ ყოფას... შექმნილია, მაგრამ არ არის გამოგონილი, ილუზორულია, მაგრამ არ არის დაუჯერებელი... აქ არის ლექსები ტრადაციულნი ფორმითაც და შინაარსითაც, ფანტასმაგორიული ელფერითაც და ისტორიული თვითირონიით დატვირთული... ლექსების ერთ–ერთ წიგნს „გალიმათიები“ ჰქვია... „გალიმათიებში“ თავმოყრილი ლირიკის ერთ–ერთი თავისებურება ის არის, რომ იგი ზოგჯერ „ანტილირიკულია.“ მაგრამ ყოფითი დეტალები, პროზაიზმები მგონია, რომ ხანდახან საპირისპირო ეფექტს იძლევა. არ მინდოდა რომ საგანგებოდ „დამიწებულ“ მეტყველებას, ბალადურ ფაბულას ლირიკა საბოლოოდ „მოეშთო“... შევეცადე ეს პროზაიზმები ფონად მექცია მათში გაბნეული ლირიული „აფეთქებებისთვის,“ რათა ამით უფრო სასურველი ეფექტი მიმეღო... ვნახოთ, გამომივიდა ეს თუ არა“ - ავტორი.

ბმული:
* http://www.literatursalon-euterpe.de/PaataBerikaschwili.php
* https://www.facebook.com/profile.php?id=100005035867361
* https://saba.com.ge/books/shop#author:468
* http://www.geocinema.ge/ge/index.php?filmi=1003
* http://radio1.ge/ge/videos/view/132333.html
* https://declaration.gov.ge/Home/DownloadPdf/76751

study


Last edited by Admin on Mon Jun 26, 2017 9:25 am; edited 8 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sat Jun 24, 2017 5:24 pm

პაატა ბერიკაშვილი

გალიმათია – 1921. თებერვალი. თბილისი

თეთრი ქალაქი თეატრალურ სიმშვიდეს იჩენს,
მალე დროშები სისხლისფერით გაჯერდებიან,
დგას ეშელონი, მთელი ქუჩის საწიერს იჭერს,
მატარებლები დღეს ქალაქში არ ჩერდებიან...

არ ჩერდებიან არც ქარები, არც საათები,
მოსაცდელები გადაიქცნენ შიშის ტაძრებად,
ღამენათევი კახპასავით გასავათდება
დრო და რესტორნის დარბაზებში ჩაინაცრება.

- ჰე, იუნკერნო!
- ვიღაც ყვირის,
- მამაცთა მოდგმავ!
კურთხეულია ვინც კურთხეულ საქმეს აკეთებს,
დროა მორტირებს დავაცადოთ ლოცვა და მოთქმა,
დროა ვეძებდეთ შაშხანისთვის ახალ საკეტებს!

- გადახდილია! - ფეხზე დგება მთვრალი თავადი,
წლებით ნაგვემი,
მოხუცი და ფერმიხდილია,
- ბრძოლა ლხინია,
რა თქმა უნდა თავისთავადი,
აქ ყველაფერი, ყველაფერი გადახდილია!

ორკესტრებს ვაშა!
ვაშა მამაც კაპელმაისტერს!
მაესტრო ქალის მუხლისთავებს უმზერს ქურდულად,
- რად ინაზებით?
ქალი აშარ მზერას აიცდენს,
- მოგვართვით ღვინო, მოგვიდუღეთ ყავა თურქულად!

- გინდათ გაგანდოთ, ქალბატონო, ჩემი სურვილი?
დღეს ბოკაჩოსას ვკითხულობდი დარდთა უცხოთა,
მეზმანა თქვენი ანგელოზი ოქროცურვილი,
თეთრი შევარდნით თეთრ მხედრიონს რომ მიუძღოდა...

- გეყოთ, თავადო!
რა დროს ფლირტი, რა დროს ლექსია!
პოეზიისთვის დღეს მოიცლის მხოლოდ სარდალი,
ნუ ითვლით ტყვიებს,
თქვენს ნაგანში მხოლოდ ექვსია,
ექვსი და ყველა თვითმკვლელივით არის მართალი.

- გახსენით კარი!
დუქნის არა, ბრიყვო, ქალაქის!
ვუჩვენოთ მამებს,
მსაჯულივით რომ ხრიან თავებს,
იცოდნენ, არა ხიბლი ოქროს ძვალთშესალაგის,
საომრად მხოლოდ სიყვარული მიგვათამამებს.

საომრად მხოლოდ სიყვარულმა გაგვათამამოს,
არა ცქრიალა ფიალებმა,
არა ეტლებმა...
- ო, ქალბატონო, რა საამო დადგა საღამო,
როგორ დაგვტოვეს მხიარულმა მატარებლებმა...

- ჰე, იუნკერნო, იუნკრებო, მამაცთა ჯიშო!
უქალბატონო ღამეები გვაქვს სარეცლებად,
ვინც სახლში რჩება,
თავის ქალზე ეჭვობს და შიშობს,
რადგან ლამაზებს ლაჩართათვის აღარ ეცლებათ.

ზეიმურ იყოს ბარიერთან ჩვენი იერი!
ოქროს დეზებით მივატოვებთ მტვრიან ბარაკებს...
- რა კარგი იყო, ქალბატონო, რა მშვენიერი,
მხოლოდ სიმართლე, დამიჯერეთ, მალაპარაკებს...

ყველა სადგურზე!
დრო აჩეხილ გვამებს აბიჯებს!
სანამ დროშები სისხლისფერით გაჯერდებიან,
ეშელონები ისრუტავენ წარბშეკრულ ბიჭებს,
მატარებლები დღეს ქალაქში არ ჩერდებიან!


ბმული:
* https://saba.com.ge/books/details/879/გალიმათიები

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sat Jun 24, 2017 5:30 pm

პაატა ბერიკაშვილი

შენსა და ცას შუა

შენსა და ცას შუა
კრთომა წითელ ფოთოლცვენების
ჰგავს მაგ საკინძზე ათრთოლებულს შევლებას თვალის...
და ვცხოვრობთ ასე
შემოდგომის მომლოცველები...
შენ - მზის ნათელი დიდებული,
მე - ჩრდილი მთვარის...

შენსა და ცას შუა
ნისლში სჩანან მკრთალი ფრესკები...
შენსა და ცას შუა
რა ძნელია თურმე ცხოვრება...
თეთრი სასახლის ოქროსფერი არაბესკები
და ეგ ღიმილი სამუდამოდ მემახსოვრება...

შენსა და ცას შუა
გაფერმკრთალდა ჩემი ქალაქი...
ფასი დაკარგეს მოლხენილმა ღამისთევებმა,
და მეც დავკარგე იმ ქალაქში ბოლო ალაგი,
აღარაფერი უკვე აღარ მომეტევება...

შენსა და ცას შუა
გზად გაყოლილ სიჩუმეს ვითვლი,
ნეტავ იქამდე რა დროა და რა მანძილია...
დრო - შენი სევდა უკარება და ღამის ფითრი...
გზა - თალხი ცოდვის ღიმილია და მანტილია...

შენსა და ცას შუა
ღრუბლის სოველ ბილიკზე ვივლი,
სანამ მივაგნებ შენგან წუთით მოხურულ კარებს,
სანამ მაგ თმების გადამივლის გრძნეული ხიბლი,
სანამ სიცოცხლეს მობეზრებულს გავატან ქარებს...

2012


ბმული:
* https://saba.com.ge/books/details/891/შენსა-და-ცას-შუა

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sat Jun 24, 2017 5:41 pm

პაატა ბერიკაშვილი

გალიმათია – თბილისის ვაგზალი, ზაფხული...

ჩაირახრახა მტვირთავების მატარებელმა,
მოაგარაკეს, თეთრი შარვლით, თეთრი ჟილეტით,
ცოლმა უყიდა სამი ვაშლი, თანაც ებევრა,
და ჩააცივდა დიეტით და იშიმშილეთი...

შავი პუდელი, შავი ბაფთით, შავი ლორნეტით,
დარბაისელი, როგორც ნაღდი ნობელიანტი,
გამცილებელი... სიამაყით თავხედ კორნეტის,
თხოულობს ბილეთს: – რომელია? ნომერი ათი...

იდავეს დიდხანს, როგორც იქნა ბოლოს მორიგდნენ,
– წყალს აქ სად დავლევ, გენაცვალე?
– ვაჟინიანად?
საათს მიწაზე დაახეთქებს ვაგზლის მორიგე,
რადგან საათი ძველებურად გაჯინიანდა.

და დამსხვრეული საათიდან სვენებ-სვენებით,
სქელი პომადით, წარბზე ხალით, სახეზე პუდრით,
გადმოდის თეთრი გამყიდველი წყლის და წვენების,
– ინებეთ, ახლა ცივი წყალი სიცოცხლეს უდრის!

რიგში დგებიან, – ხაჭაპურიც ინებეთ ცხელი!
ვიღაცა მოსთქვამს საფულიდან დაკარგვას ხურდის,
ჯიბეს ასცდა და ქალის თეძოს უფერებს ხელით,
უკაცრავადო, ნაზად ამბობს...
უძახე ქურდი.

– პარდონ, რომელი ვაგონია?
– გმადლობთ, მეათე.
გამცილებელი კვლავ ჯიუტობს: – აი, ბილეთი!
სომეხ ფოტოგრაფს სამფეხები, როგორც მეაფთეს,
მოაქვს თავისი ჩიტებით და „გაიღიმეთი“.

სახლიდან ძლივს-ძლივს გაქცეული სამშვილდიანი,
ნაყინს მიირთმევს, ნება-ნება გასცქერის ქალებს,
ჩანთაში ცოლის მოხარშული სკდება კვერცხები
და წიწილები ერთხმად სჭექენ: ამოგთხრი თვალებს!

შემოდის ცირკი...
ლიანდაგზე დგება შაპეტო,
ქალი ფანჯრებზე გამოჰკიდებს წითელ ფარდაგებს,
ნაღდი თვითმკვლელი ხანჯლითა და მარშლის ლაფეტით
ეულ სიმშვიდეს ხალხის გნიასს მიუსადაგებს.

დღეს ჩამოდგება უცნაური შემადგენლობა,
მზე შეიშალა...
სახლებს ფერი დაჰკრავთ ირისის,
გამცილებელი ირწმუნება (კაცი ენდობა):
მატარებელი შემოდისო თბილის-ივლისის.

– აბა, ვის გნებავთ ზაფხულისკენ გასეირნება?
ლურჯი პალმები, ოქროს ქვიშა, გაწამაწია,
ანგელოსებით სავსე კაფე და ხეივნები...
– რა ბრძანეთ?
– დიახ, ანგელოზსაც კაბა აცვია.

გამცილებელი – დირიჟორი ჭრელი ორკესტრის,
შავი სოლისტი – გაჯგიმული ზის მემანქანე,
პირველი ზარი – უვერტურა... ქარი ნორდ-ვესტის
აიყოლიებს ფერად ბუშტებს და მიაქანებს.

ყვირის რადიო: ვეღარ სცნობენ ძაღლები პატრონს,
იჩქარეთ, თორემ გათავდება მალე ივლისი,
მატარებელი ესა და ეს, ამა და ამ დროს
გადის და, მგონი, აგვიანებს მთელი თბილისი...

2012

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sat Jun 24, 2017 5:47 pm

მალხაზ ხარბედია

პაატა ბერიკაშვილის “შავი პეპლების სერენადა”

ცოტა ხნის წინ პაატა ბერიკაშვილის ვრცელი კრებული გამოვიდა, “შავი პეპლების სერენადა”, რომელიც ბოლო წლებში დაწერილ მის მოთხრობებს უყრის თავს. წიგნში შესული 10 მოთხრობიდან ნახევარზე მეტი პერიოდულ პრესაში იყო დაბეჭდილი, 3-4 კი ახალია და მას პირველად გაეცნობა მკითხველი. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ თემატურად მოთხრობები 90-იან წლებს ეძღვნება. მართალია, ზოგიერთ მოთხრობაში ძალიან თანამედროვე დეტალებიც შემოიჭრება, მაგრამ, მთლიანობაში, ამ მოთხრობების სამყარო მაინც 90-იანებისაა.

პაატა ბერიკაშვილი ძალიან სასაცილოდ წერს და, რაც მთავარია, წერს რეალურ ისტორიებს, რომლებიც მას თავად გადახდენია ან სხვებისგან მოუსმენია.
“ყველა პერსონაჟი, თავიდან ბოლომდე, აბსოლუტურად რეალურია და ცხოვრებიდანაა ამოღებული, ერთ-ორს სახელი და გვარიც კი აქვს შენარჩუნებული, მაგრამ ძირითადად ყველა ეს ისტორია არის ნამდვილი ამბავი. კი არის იქ რაღაც გადახვევები და გადმოხვევები, შელამაზებულია რაღაცები, უფრო დატვირთულია რაღაც კომიკური პასაჟები, მაგრამ ყველა ეს ისტორია რეალურად მოხდა. ერთ-ორ მოთხრობაში - ისინი საკმაოდ ვრცელი მოთხრობებია - მამების და პაპების სიტუაციებს იხსენებენ და ის ისტორიებიც აბსოლუტურად რეალურია და იქაც რეალური პერსონაჟები არიან”.

ახლა სასაცილოს რაც შეეხება. ორ კლასიკოს რეზოს, გაბრიაძესა და ჭეიშვილს თუ არ ჩავთვლით, ლაშა ბუღაძის და დათო ტურაშვილის გარდა, სხვა არავინ მახსენდება თანამედროვე ქართველი მწერლებიდან, ვისაც ასე ახლოს გაევლოს იუმორთან. რეალურ ცხოვრებაში ბევრი მათგანი ძალიან მხიარული მთხრობელია, აგემოვნებენ ანეკდოტებს, გემრიელად მასხრობენ, თუმცა ნაწერში ამას იშვიათად ნახავთ.

აი, მაგალითად, პაატას მრავალპერსონაჟიანი მოთხრობის, “შავი პეპლების სერენადის”, ერთ-ერთი მეორეხარისხოვანი გმირი, გურჯაანელი გადამდგარი კრიშნაიდი და აწ კი ლოთი ივანე ავსაჯანიშვილი არაყს ეხვეწება მეარყეს:

“ლიტრიანი გამატანე და რომელიღაც განსხეულების დროს შენი ვენახისთვის წვიმად მოვალ გაგანია გვალვაშიო.
არყის გამყიდველი ბოლოკს ჭამდა და ასლოკინებდა. თუ გინდა, ბოლოკს მოგცემო, უთხრა, და ორმოცდაათ გრამს დაგისხამ, ჩემი არყის ამბავი კარგად ვიცი - ორმოცდაათზე მეტი მოგკლამსო...
არაო, ავსაჯანიშვილმა, შენ გვალვას ხო არ ეხუმრები, ლიტრა მინდაო.
ვერაო, მეარყემ.
თუ ვერადა, პირველსავე განსხეულებაზე სეტყვად მოგივალ, დედა გეტირებაო”.

ლოთები ბლომად არიან პაატა ბერიკაშვილის პროზაში. სადაც ლოთებია, იქ ფალსიფიცირებული პროდუქტიც უნდა იყოს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არაყი, შემდეგ კი სხვა დანარჩენი. ხშირად შეხვდებით კრიმინალებსაც, ქურდებსაც, არაერთხელ გაიგონებთ ბილწსიტყვაობას, ყაყანს, ჩხუბს და ალიაქოთს. ოჯახურ ძალადობასაც ნახავთ, ჰომოფობიას და ქსენოფობიას ხომ მიაქვს მისი ეზოები.

ეს მისი ეზოები ე.წ. იტალიური ეზოებიცაა და კორპუსისაც. ე.წ. იტალიური ეზო, რომელიც, სინამდვილეში, თბილისური ეზოა, არაერთხელ ზუსტდება წიგნში. ამ ეზო–სახლებს, როგორც წესი, ერთი ვიღაც მფლობელი ჰყავს წარსულში, აწმყოში კი მის შთამომავალს ამ დიდ ეზო-სახლში პატარა ოთახი დაუჭერია და გიტარას აკვნესებს. ამ ეზოებში დიდი გნიასია ხოლმე. აი, ერთ-ერთ ასეთ შეხლა-შემოხლას ასე ახასიათებს პაატა ბერიკაშვილი: „საშინელი, ენით აუწერელი წივილ-კივილი ატყდა შუა თბილისში, ველური კავკასიელებით დასახლებული იტალიური რეზერვაციის ეზოში“. კიდევ არაერთი დეტალია თბილისური ეზოების ისტორიიდან, მაგალითად, ისეთი, როდესაც ეზოში ერთი საერთო ონკანია და ოჯახური კონფლიქტის შედეგად ატირებული და სახეგადღაბნილი ქალი გარეთ გასვლას ვერ ბედავს სირცხვილით. მოკლედ, კოშმარია დახატული.

ხო, მართლა, მეორე კოშმარი დამავიწყდა, ტუალეტი, რომელიც ზოგიერთისთვის სამოთხეა, მაგალითად, ლოთებისთვის, ისინი იმ ტუალეტის ბაკში ვიღაცის მიერ გადამალულ ფრანგულ კონიაკებს პოულობენ, თუმცა არის სოხუმელი ლტოლვილი, ქალბატონი მერი, რომელიც გაჰკივის ხოლმე, „ტვალეტში სისუფთავე დაიცავით“ და რომელმაც საპირფარეშოს კარს ჯერ ნალი მიაჭედა, მერე კი ჯვარიც მიუმაგრა გვერდით.

პაატა ბერიკაშვილი იხსენებს თავის პირველ პუბლიკაციებსაც. პირველად მისი ნაწერები „ცისკარში“ დაიბეჭდა:

პაატა ბერიკაშვილი
„რაც შეეხება „ცისკარს“, ეს იყო რაღაცა გაუთავებელი. და იბეჭდებოდნენ სულ ერთი და იგივე და ერთი და იგივე სახეები, ერთი და იგივე პოეტები, ეს მამათა... მამათა კი არა, მაშინ უკვე შეგვეძლო გვეთქვა, პაპათა თაობიდან. ჩემს წინ შვიდჯერ დაბეჭდეს ერთი და იგივე პოეტი, მეორე ხუთჯერ იყო და ეს სულ მაღიზიანებდა. თუ კარგია და თუ იღებ დასაბეჭდად, რატომ ვდგები ამ უაზრო რიგში? ძალიან შეურაცხმყოფელი იყო. მე შემიძლია დავასახელო ერთი-ორი მეგობარი, ვინც, აი, ამ გარემოებების გამო, რაც „ცისკარში“ იყო მაშინ, თავი დაანება საერთოდ ბეჭდვაზე ფიქრს და, შესაბამისად, ნელ-ნელა წერის ხალისმაც გადაუარა“.

ზოგიერთ ჟურნალ-გაზეთში იყო კისრებებიც, პურ-მარილები, ტკბილი ჭუკჭუკი და ამბავი, თუმცა იყო დაწუნებული და „დაბრაკული“ ავტორების მივარდნებიც:

„ძალიან ბევრი კონფლიქტი ხდებოდა „ცისკარში“, გალახვამდეც კი მიდიოდა საქმე. ხან ერთი რედაქტორი გაილახებოდა, ხან მეორე, ხან რომელიღაც განყოფილების გამგე და ეს ყველაფერი ფსიქოზამდე მიდიოდა. აბსოლუტურად სერიოზულად გეუბნები ამას, მილიციის და პოლიციის ჩარევა ხდებოდა და ა.შ.... „ცისკარში“ რომ დავიბეჭდე, ძალიან მიხაროდა, შემდეგ „ლიტერატურულ საქართველოში“ იყო ერთი პატარა ლექსი, შემდეგ უკვე 2-3 ლექსი და, ბოლოს, მთელი გვერდი ორჯერ დამითმო „ლიტერატურულმა საქართველომ“. „ცისკარში“ დავიბეჭდე 4-5-ჯერ და შემდეგ უკვე დადგა „მნათობის“ ჯერიც. ეტყობა, მივედი „მნათობის“ სიმაღლემდე. იქაც იყო ჩარევის მცდელობები, მაგრამ სულაკაურთან კამათს არანაირი აზრი არ ჰქონდა“.

პაატა ბერიკაშვილის ენა ძალიან პირდაპირია, ხანდახან ზედმეტად არტისტული, ხანაც, განსაკუთრებით დიალოგებში, ზუსტი და, ამავე დროს, რიტმულიც. პერსონაჟებსაც ხშირად ერთი ხელის მოსმით, ერთი ფრაზით ახასიათებს. აი, მისი ერთ-ერთი ეპიზოდური გმირი, არა მთავარეზოელი, სადაც მოთხრობის მოვლენები ვითარდება, არამედ რომელიღაც მეზობელეზოელი, რომელსაც არყის სათხოვნელად გზავნიან და თან ეუბნებიან, „ჩემი სახელით უთხარიო“. ეს პასუხობს, „შენი სახელით უკვე ვუთხარიო“ და „წითლდება რომელიღაცა ეზოელი, ახალი გალოთებულია, ცოტა არ იყოს, ერიდება და ამიტომაც წითლდება“.

თქვენ კი ნუ მოგერიდებათ, ნახეთ ეს სასაცილო და ცოტათი სევდიანი მოთხრობები, ზოგმა იცინეთ, ზოგმაც შეგიძლიათ იტიროთ კიდეც, ან რავი, დაგმეთ მაინც ეს ავტორი.

ივნისი 02, 2013

study


Last edited by Admin on Mon Jun 26, 2017 8:48 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sat Jun 24, 2017 5:52 pm



პაატა ბერიკაშვილი

არა იპარო!

სახლიკაცი სადა გყავსო, როცა ჰკითხეს, მოიღუშა ბექაური. მერე ახლადგაღვიძებულ, აივანზე ნიფხვისამარა გადმოყუდებულ ბიძაშვილს გახედა, თითქოს ეხვეწებოდა – თუ გინდა, შენ უთხარ, სადაცა მყავს, მე თავი გამანებონო, და სახლსუკან, ცეცხლთან მოფუსფუსე ქალებისკენ გასწია.

ვებერთელა ტაფაზე წუხანდელ ხინკალს ხუხავდნენ ქალები. ერთ ქვაბში ცხვრის ხორცი თუხთუხებდა, მეორიდან კი საამოდ იწელებოდა გუშინ ხელუხლებელი ყაურმის სუნი.
“ე რამოდენა ცოცხალი მოუზიდნიათ!” – ვერცხლისფრად თავმობმულ კალათას დახედა, და კისერთან ვიღაცის ნაღვინევი სუნთქვა იგრძნო. მოტრიალდა. სტუმართაგან ყველაზე აბეზარი უკან გამოჰყოლოდა, ისიც იმ კალათას დასცქეროდა. მერე დაამთქნარა, თვალებში ჭკვიანურად ჩახედა და ზმორებით უთხრა – ხო იცი, ძიაკაცო, სანამ თევზს კეცებზე დააწყობდე, კაკლის ფოთოლი უნდა დაუფინო, ჩვენში ესე იციან და ძალიან უხდებაო.
მარჯვენა მტევანი ხელუკუღმა აექავა ბექაურს. წკაპანი ხო არ გავადენინოო, გაიფიქრა და მაშინვე თვალიც აუთამაშდა. თვალის თამაში ცუდად ჰქონდა დაცდილი, სუ ამ თვალის თამაშის ბრალი იყო ხოლმე ყველაფერი… მაგრამ ეჰ… სტუმარი იყო, თან ნათესავადაც ერგებოდა თურმე და… რა უნდა ექნა.
“ბიძაშვილს რო ჰკითხო, მთელი ქვეყანა ჩვენი ნათესავია… ეს იმერელიც და ის მეგრელიც, ზევით რო ჰყავ… თუმცა ის კიდევ ქვისლი ყოფილა, კაცო… ქვისლი კიდე ჰო, მაგრამ ესა? მამიდაჩვენის მეორე ქმარი რო იყოო, ესტატეო, იმის პირველი ცოლის ის არიო… გიჟია, მამაშეღონებული… კეცი საიდან მოუტანო? კაკალი კი აგე, გზაზე დგას… დაკრიფოს და, უნდა კალმახისთვის დაუფენია, უნდა ხინკლისათვის და უნდა ჯანში გაუკეთე… ეჰეე, უკვე ზეიდანაც წამოსულან…”
ბილიკზე გუშინდელი სტუმრები გამოჩნდნენ. ბექაურმა თევზიან ხელებზე წყალი გადაივლო, ქალებს დაუბარა ხორცს ამოურიეთო და სტუმრების დასახვედრად ნელა, ტაატით გასწია.
გაჯავრებული იყო ბექაური. ყველაზე უფრო ბიძაშვილზე ბრაზობდა – ეს ამოდენა ხალხი საღამოს პირზე გაუფრთხილებლად მიაყენა სახლში. ცოცხალი წამოგიღეთო, მხარზე ხელის ტყაპუნით მიახარა. რა ენაღვლებოდა – მაღაროსკარში ქვესადგურის უფროსი იყო, ჩაჰკიდებდნენ არაგვში ბადეებს, დენს ჩაუშვებდნენ და რა… თევზით თუ გინდა ორ “ვილისს” გაავსებდნენ ნახევარ საათში. ნაცნობი ან შინაური მაინც წამოეყვანა ვინმე. ეგრე აღარ მოერიდებოდა. ქვისლი კიდევ ჯანდაბას, მეგრელი… აი, რო რულზე ეჯდა. მაგრამ, ეს მამიდაჩვენის ესტატეს პირველი ცოლისაო, ესა კიდევ მწერალია, ჩემი ძმაკაცი, აი, სუ ტელევიზორში როაო, ეს კიდევ პოეტიო, რადიოში რო ციკლი აქსო… ესეც ძმაკაცი-გინეკოლოგიო, ამაზე მაგარი ერთი-ორი თუ დადის ქვეყანაზე, ბავშვებს ორმოცდაათ-სამოცი წლის დედაბრებსაც კი აჩენინებს (რაო?! – თვალები გადმოკარკლა ბექაურმა), გაგიჟდები კაციო… აი, ეს კიდენ მუსიკოსია, მაგრა უკრავსო, აგე, გიტარით რო მოდის, სათვალიანი, იმაზე თქვა… გარმონი გამოუტანა ბექაურმა… არაო, სათვალიანმა, ფორტეპიანოზე ვუკრავო. ბიძაშვილს შეაჩერდა ბექაური. იმანაც დაამშვიდა – ნუ გეშინია, ფორტეპიანო იგივე პიანინოაო. “პიანინოს კლუბიდან ამოვუტანდი თუ რა?” ორი ქალიც ახლდათ. ერთი ახალგაზრდა, ერთიც ისე რა, ბებერი არ ეთქმოდა… ქალები სულ ერთხელ გამოელაპარაკნენ ბექაურს – შეიძლება თუ არა თქვენს ცუგას მოვეფეროთო, ჰკითხეს. ბექაურმა პირი დააღო – ხუთი წლის, თვალებჩასისხლიანებულ ნაგაზზე ეუბნებოდნენ. ეს არის, ქალო, ცუგა?! – კინაღამ მართლა გაწყრა, “ხელუკუღმა” მაშინ პირველად აექავა, – მაგას დედამისიც არ მოჰფერებია, გულშიაც არ გაივლოთ, ლეკვები რო დაყარა, ძლივს გავარიდეთ, ლუკმად არ ეყოფითო.
“ცუგა” ავი და უზნეო ძუკნა იყო, მაგრამ კაცური სახელი – არხეინა ერქვა. ბექაურის ძმამ დაარქვა თავის მეტსახელი. ისეთ დროს ამოუყვანა ბიძაშვილმა, რომ ბექაურს იმის გაზრდა-მოვლის დრო არა ჰქონდა – ხან ცხვარში იყო, ხან კიდევ, ეს მერამდენე წელი გადიოდა, სახლს აშენებდა. სახლიკაცი კი უსაქმური ჰყავდა, ლოთი და დოღრიალა. არხეინა იმან გაზარდა. ახლაც მის გარდა არავის იკარებს, მაგრამ რად გინდა – გაზარდა არხეინა, მერე ცხვარი მოიპარა, გამოდევნებული ცხვრის პატრონი სცემა, თავი გაუტეხა და ციხეში ჩასვეს. ზნითაც როგორ დაიმსგავსაო, უკვირდა ბექაურს და ძალიან რცხვენოდა. მეცხვარის ოჯახში გაზრდილი რო ცხვარს მოიპარავს, ამაზე უარესი რა უნდა მოხდესო – ყოველთვის გაურბოდა ძმაზე ლაპარაკს.
ჭამის და ახლო-მახლო გამვლელის დაგლეჯის მეტი საქმე არა ჰქონდა არხეინას. ბექაურსაც ნაწვნევი ჰქონდა იმის ეშვები. ლეკვები რო დაყარა, მაინც დაჰგუდავსო, და მაშინვე ერთი გოდერძას გაატანა, მეორე ზელიმხანას.
ცალი თვალით გამოხედა ქოფაკმა, თითქოს ეუბნებოდა – არხეინად იყავ, ამოგყრი მაგათ ჯავრსაო. ეს ცალი თვალით გამოხედვაც ცუდად ჰქონდა დაცდილი ბექაურს. იცოდა, ხალხი არ უყვარდა ქოფაკს, სტუმრები ხო სულ არ ეხატებოდნენ გულზე.
იმ ქალებიდან მეორე, აი, არც ისე ახალგაზრდა რო იყო, მაინც და მაინც, მთლად ქალსაც არ ჰგავდა. ბოხი ხმა ჰქონდა, სიგარეტსაც კაცურად ეწეოდა, ახველებდა, და გამომთვრალი პოეტი რო გადასაფსმელად წავიდა, ისიც თან გაჰყვა. ბანცალ-ბანცალით მიდიოდნენ, “გადასაყენებელ” ადგილს არჩევდნენ, რაღაც სერიოზულზე მასლაათობდნენ კიდეც. ერიჰააო, ბექაურმა თავისთვისა სთქვა, დაგიჟებულა ხალხიო. თვითონაც მთვრალი იყო. მაინც შეეცადა წარმოედგინა პოეტი და ბოხხმიანი ქალი ლაპარაკ-ლაპარაკით როგორ გააკეთებდნენ ამას. ბოლო-ბოლო წარმოიდგინა და ზედ შუა სუფრაზე წასკდა სიცილი. გაკვირვებით შემოხედეს, და შერცხვა ბექაურს – ხმამაღლა რამე ხო არა ვთქვიო. მაგრამ იმათაც გაიცინეს და დამშვიდდა. მაშინ იყო იმერელმა, აი, მამიდის ესტატეს ვიღაცამ, ვითომ ხუმრობით რო წამოტორტლა: მართალია, ცხვარში რო დიდი ხანი ხართ და ქალი რო მოგინდებათ, თეთრ ვირებს დასდევთ ხოლმეო…
გაშრა ბექაური. ჯერ შორიახლო პირზე მუჭმიდებულ თავის ცოლს და გოგოს გახედა, მერე ბიძაშვილს და მერე სადღაც კუკიაზე ორ ქმარშუა გაშოტილ მამიდას ისე შეაგინა, რო ამ დილით სინანულით ფიქრობდა: სამჯერ მაინც გადაბრუნდებოდა საფლავშიო. მეზობლის ბიჭმა, მოსახმარებლად გადმოსულმა ამირანამაც უთხრა ეგრე მაგრა არ უნდა შეგეგინებინა, ძალიან დაფრთხნენ სტუმრებიო. მა რა უნდა მექნა, როდის იყო ვირებ დავდევდი… კაც ლამის არის ცხვარში დავბერდე და თეთრი ვირი ჩემს სიცოცხლეში არცა მყოლია და არც მინახნიაო. მაინც არაო, ამირანამ, გინდა თუ არა, უხერხული იყოო. ბექაურმა თვითონაც იცოდა, რომ სირცხვილი ჭამა. გაბრაზებულმა იქით შეუტია – ის კი არ იყო უხერხული, იმ გოგოს რო ეტორღიალებოდი (უფრო ახალგაზრდაზე უთხრა), მთელი საათი რო მინდორ-მინდორ ატარებდი. ის რა, სტუმარი არ იყო თუ რაო…
რცხვენოდა ამას რომ ეუბნებოდა. ხო უყურებდა – ის გოგო უფრო ეტორღიალებოდა. ამირანა უცოლო ბიჭი იყო, რა უნდა ექნა. არაო, ახლა ამირანა გაწითლდა, სულ ტყუილა ვატარე აქეთ-იქით, კოცნაობით გამხეთქა, მეტი არაფერი გამომივიდა, იმიტომ რომ ციკლი ჰქონიაო. რა ციკლიო, გაუკვირდა ბექაურს, ციკლი მაგას კი არა, პოეტსა აქვს რადიოშიო. არაო, ამოიოხრა ამირანამ, პოეტის ციკლი სხვა ციკლია, ამას კრიტიკული ციკლი აქს, ხო იცი ქალების ამბავიო. ბექაურმა კრიტიკულობის ვერაფერი გაიგო. ეშმაკმა იცის რადიოს თავი, ალბათ რაღაც სასამართლოს ამბები იქნებაო, და მეტიც აღარაფერი უკითხავს.
ის მეგრელი მაინც გაეცნო წესიერად, გამოლაპარაკებოდა… ქვისლი იყო მაინც… მაგრამ ხინკლის ჭამა ძლივს მოასწრო, რო დასაძინებლად გააგდო ბიძაშვილმა – ხვალ ადრე ვართ ასადგომი, წადი, გამოიძინეო. ადრე, როგორ არა… გუშინ ხო არ გაუცვნია – სანამ კარგად არ გამოთვრებოდა, არსადაც არ იყო წამსვლელი. შვიდი-რვა წლით იქნებოდა ის ქვისლი ბიძაშვილზე უმცროსი და ეტყობა ეჩაგვრინებოდა. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით წავიდა და დაწვა. მაგრამ დილამდე არც დაუძინია. გადმოიღო ბექაურის მწყემსური “სპიდოლა” და სანამ ელემენტები არ დასვა, მანამდე დახტოდა სხვადასხვა ტალღებზე. “მეგრულებს” თუ ეძებსო, ფიქრობდა სიმწრისაგან მიყურადებული ბექაური – კი არ ენანებოდა, მაგრამ სოფლის მაღაზიაში ელემენტები არა ჰქონდათ, ესენიც, როგორც იქნა, ბიჭმა ჩამოუტანა ქალაქიდან. ტელევიზორს ჩაურთავდა, მაგრამ შუქი არ იყო. გაეხუმრა კიდეც – ცოცხალს აქაც დავაჭერინებდი, იმ დენს წყალს რო ატანდით, აქეთ გამოგეშვათ, ტელევიზორ “აპკატკას” მაინც გავატარებდიო. არ მიყვარს მე მაგ ცოცხალიო, მეგრელმა, დამხრჩვალი მგონია სულო. არა, ძაან ნაწყენი ჩანდა, მაგრამ ბექაურს იმისთვის აღარ სცხელოდა – მწერალსა და პოეტზე იყო მიშტერებული, იქნება რამე ისეთი სთქვანო. მაგრამ მწერალი მთავრობის გინების მეტს არაფერს აკეთებდა. ქურდებით და მპარავებით გაავსეს ქვეყანაო. მერე თქვა, იმათ სულ ტყუილად ვაგინებთ (მა ამდენ ხანს რა ძალა გედგა? – გულში შეეკამათა ბექაური), ის არის მოსაკლავი, ვინც ეგენი თავზე დაგვასვაო, და ამერიკის გინებაზე გადავიდა. “გაეროს” ამბების გამოკითხვა რო დაიწყო ბექაურმა (მართლა ძალიან აინტერესებდა), მწერალი უკვე პოეტს აგინებდა – ქვეშაფსია ხარ, რო გვეშაირები, რას გვეშაირები, რამე ისეთი თქვი, ავფოფინდეთო (შენ რაღა აფოფინება გინდაო, თვალებაფოთებულ მწერალს აკვირდებოდა ბექაური)… მოკლედ, დაიკარგე შენი ციკლიანაო. პოეტთან სალაპარაკოდ რო გადაჯდა ბექაური (ლექსები ძალიან უყვარდა), მწერალი უკვე ბიძაშვილს დასტაკებოდა – თქვენი ენერგოსისტემების დედაცაო, ჩაჰყვიროდა, თქვენ ხო ხალხი არა ხართ, დაიცათ, მალე გეტირებათ ყოფაო. მართლადა, ბოლო-ბოლო შუქი როდისღა გვექნებაო – ენერგოსისტემებზე თავის “აპკატკაგაუვლელი” ტელევიზორი გაახსენდა ბექაურს. მაგრამ ვერც ამაზე მიიღო პასუხი – ახლა ძმაკაც-გინეკოლოგისთვის დაედგა მწერალს თვალი – ორმოცდაათი წლისა ხარ, შვილი არა გყავს და ძირი, ვის აჩენინებ, რას აჩენინებ, სუ ნარკომანები, კუტიურები, რაღაც ლიდერები და მამაძაღლები გამოდიან, არა გრცხვენია ამხელა კაცს, სად დაძვრები რო დაძვრებიო? იქ რო დავძვრები მაგიტომაც არა მყავს შვილი და ძირიო, ბოხხმიან ქალს თვალი ჩაუკრა გინეკოლოგმა და, წადი ერთი შენიო, მწერალმაც. მერე თევზი შუაზე გადაკვნიტა და ბექაურს ძალიან ირიბად გამოხედა. ჯაჭვზე დაბმული არხეინასავით უყურებდა. მასპინძელს უცბად აზრში მოუვიდა, რომ იმ სუფრაზეც და მთელ დუნიაზეც აემ მწერალს მის გარდა საგინებელი აღარავინ დარჩენოდა. ჩემი ჯერიც მოვიდაო, გაიფიქრა, მერე დედაკაცს ჩუმად უთხრა, მიდი, ცივი წყალი მომიტანეო, და ის იყო დაძაბულ-დოინჯშემორტყმული წამოდგა კიდეც, რომ ყველასდა სასიხარულოდ ფხა გაეჩხირა მწერალს ყელში. ქალაქიდან გამოყოლილი ლუდის ბოთლი მოიყუდა. რა იცოდა – უარესი იყო. ლუდმა სასულისკენ წაიღო ფხა. ატყდა ერთი ამბავი – აბა, ხმელი პურიო, და აიდა, ინდაურის ბუმბულიო (ორად ორი ინდაური თავჯდომარეს ჰყავდა, მერამდენე წელიწადია ერთი ფარშევანგივით დაუდის, მეორე სიბერისგან მოუკვდა და ბრიგადირი დაჰპატიჟა, გაახსენდა ბექაურს. არადა, ბრიგადირმაც იცოდა თავისით რო მოკვდა ის ინდაური, მთელი სოფელი ადგა თავზე, მაგრამ სიბერე სიბერეა – წამალი არა აქვს), მეგრელმა ქვისლმა კი საიდანღაც გამხმარი წკირი გააჩინა, ბამბა დამიხვიეთ, ბამბაო, ყვიროდა. დაუხვიეს… მწერალი უკვე სულს ღაფავდა… მივიდა მეგრელი, ხელებასავსავებულს წკირი შიგ ხახაში ჩასჩარა. მაშინვე გალურჯდა კაცი მაგინებელი, ყელში თითები წაიჭირა, ხროტინით უკან-უკან წავიდა და თვალმილულულ, მთვლემარედ თავმოკატუნებულ ნაგაზს გადააწყდა. აი, აქ კი არხეინამ თავის სიცოცხლეში პირველი და ალბათ უკანასკნელი სიკეთე ჩაიდინა – მწერალს წამოუხტა, შარვლის ტოტზე მიასწრო კბილი და შეაფლითა, სანამ ჯაჭვი გაჰყვა, ხო მისდევდა, ჯაჭვი რო გათავდა ყალხზე შედგა და… მაშინ იყო სეირი – დაფეთებული თამადა ირემივით გადაახტა დაწნულ ღობეს, კივილით დაეშვა მდინარისკენ…
არაგვისპირიდან რო მოაბრუნეს, ფხაც გადაყლაპული ჰქონდა, ის წკირიც თავის ბამბიანად და ენაც. მოსულიერდა და, თქვენ შემოგევლეთო, გაიღიმა, თქვენი ჭირიმე, ძალიან მიყვარხათ… ეს რა ძაღლი ყოფილა, ქართული ჯიშის ყველაფერი კარგიაო. ბექაურს გაეცინა – მისწრება ყოფილა ამისთვის ძაღლიო. ბიძაშვილს ჩასჩურჩულა, ლეკვი გოდერძასთვის კი არა, ამისთვის უნდა გამეტანებინაო. ეეხო, ჩურჩულითვე გაეპასუხა ბიძაშვილი, ამას პირდაპი ქოფაკს თუ მიაბამ ფეხზე, თორე ლეკვს ორ კვირაში დააწყებინებს გინებასაო. იფიქრა, იფიქრა ბექაურმა და ესღა თქვა: მგონი ყაზბეგი არ იგინებოდა, ვაჟა ფშაველა ხო საერთოდაცო… ბიძაშვილმაც მხრები აიჩეჩა – ენერგეტიკოსი ვარ, გინება მარტო ჩემი მინისტრისა გამიგია, ყაზბეგი და ვაჟა თუ ილანძღებოდნენ, არაფერი ვიციო, და მორჩა ყველაფერი – სმა გააგრძელეს. მაგრამ ახლა თამადად პოეტი დანიშნეს. ის ცოტა ხათრიანი კაცი ჩანდა, ამიტომ უკვე ყველამ დაიწყო გინება მწერლის გარდა. ის ბოხხმიანი ქალიც იგინებოდა. იგინებოდა კი არა, ერთხელ გადააწიტა კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ბექაურს ასე მოეჩვენა, გაბრაზდა და სუფრაზე ჯდომის ხალისი წაერთვა. განმარტოვებულ მწერალს ვითომც ყურადღების მისაქცევად გადაუჯდა. ელდაგავლილი მწერალი თავისთვის გაყუჩებულიყო, გაცინებული მიშტერებოდა თვალებმინაბულ არხეინას. გაოცებულმა ბექაურმა აღმოაჩინა – კი იცინოდა ნათამადარი, მაგრამ პოეტს მიყურადებული ჩუმად მაინც რაღაცას ილანძღებოდა. ეგრე არ დარჩეო, ახალმა თამადამ გამოსძახა, ალბათ გული თუ უგრძნობდა რამეს. წადი შენი ემფატიკური დედაცო – ჩაესმა ბექაურს…
“რაო, რა ბრძანეთ?” ­- ბექაურმა. რაო და, რითმაში სულ ემფატიკური ან-ით გადის იოლას, პოეტი კი არა, ჩემი ფეხებია, მაგის უნიჭო შუბაც დავხიეო… – სლოკინით ამცნო თამადობიდან გადაყენებულმა.
მართალია, ამ სიცხეში რა დროს შუბააო, გაიფიქრა ბექაურმა, ახალ თამადას გახედა – რაღაც პრიალა, გაღეღილი და ლურჯყვავილებიანი პერანგი ეცვა – ეგ ემფატიკურიანი ალბათ უფრო გრილიაო. მარტო ის ვერ გაიგო “შუბა” და “ემფატიკურიანი “საროჩკა” პოეტის ნიჭთან რა კავშირში იყო, მაგრამ კითხვა მოერიდა.
ამასობაში სტუმრები ეზოში შემოლაგდნენ. უკან ამირანა მოჰყვებოდა, მოასეირნებდა იმ გოგოს, რომელსაც რომ პოეტისგან განსხვავებული, თავისი საკუთარი ციკლი ჰქონდა, სიცილით უყვებოდა რაღაცას. დილა მშვიდობისაო, ალაქლაქებულმა მწერალმა წამით მოაბრუნა თავი, მოესალმა და ისევ იმერელთან, მამიდის ესტატეს ვიღაცასთან განაგრძო ქაქანი. კეცებს და კაკლის ფოთლებს აგინებდა, შხამებს გამოჰყოფენო. აბა, ამათა ჰყოლიათო, ბექაურმა, რა აუტყდათ ეს კეცებიო. მწერალი სახიფათოდ მოცოცხლებულიყო. პოეტი და ბოხხმიანი ქალი შემოღობილს იქით, ანწლებთან დაბორიალობდნენ. კიდე ხო არ ეფსიათო, შეღონდა ბექაური, უკვე დღეა, ხალხი დადის… თავის “უბორნიას” გახედა – დიდი არაფერი, მაგრამ ბუჩქებში ძრომიალს ისევ იქა სჯობიაო. მერე მწერალს დააკვირდა და დაინახა – სპილენძის ფიალა ამოეჩარა იღლიაში. ეცნობოდა. ეგ რა არიო, ამირანას დაეკითხა. ვაჩუქეო, ამირანამ. რათაო. რათაო და ჩანთაში იტენიდა, თავზე რო წავადექი, რელიქვიიაო, მითხრა… ხელს ხო არ მოვტეხამდი, ავდექი და ვაჩუქეო. ბექაურმა გადააფურთხა, და აბა, დავსხდეთ, დავსხდეთო…
ქალებს მაგიდა ეზოში გამოეტანათ, დილის მზეზე საამოდ ქათქათებდა სუფრა, თეფშებს და ჭიქებს წკრიალი გაუდიოდათ, ამირანა ღვინის ჩამოსხმას შეუდგა, და ის იყო გუნება გამოუკეთდა ბექაურს, რომ დაინახა – მწერალი მაგიდის თავში, ისევ სათამადო სკამისკენ მიიპარებოდა. არა, არაო, თავისდაუნებურად შესძახა, მაშინვე შეცბა, და ახსნა-განმარტებას მოჰყვა – შენაო, ისაო, მწერალი კი ხარ, მაგრამ თამადა ხო უკვე იყავიო… თანაც ეე… რა ჰქვიან… ფხებსა ყლაპავო, აემ პატიოსანმა კაცმაც, ემფატიკურიანი ხალათი რო აცვია, ამანაც უკვე ითამადაო… ეხლა სხვა ვინმე ავირჩიოთ… მაგალითად, ვინა… ვინა და, აი, ეს კაცური კაცი, ორმოცდაათ-სამოცი წლის დედაკაცებს ნარკომან ბალღებ და ლიდერებ რო აჩენინებს, ამის ხმა გუშინ მარტო ერთხელ გავიგე… ამანაც თავისი გვითხრას, როგორც ვატყობ, ამერიკაც ფეხზე ჰკიდია და ენერგეტიკაც, არა მგონია გინება დაიწყოსო – ყველაფერი ძალიან ალალადა სთქვა.
გინეკოლოგმა ჩაიცინა და გასწია სათამადო ადგილისკენ. დანარჩენებმაც ჩაიცინეს, დასხდნენ და ეშმაკურად გაღიმებულები მიაჩერდნენ დილის თამადას.
ჭკვიანი კაცი იყო ბექაური, ამ ჩაცინებებმა შეაფიქრიანა და გულმაც რეჩხი უყო. ხვდებოდა – იჩქარა. შეცდომის გამოსწორებაზე გამალებული ფიქრობდა, რომ თავის ბიძაშვილს მოჰკრა თვალი, ნიფხავზე შარვალი ამოესხა, პირი დაებანა და “უბორნიის” მხრიდან აქელებული მოემართებოდა სუფრისკენ, პირდაპირ ყაურმის სუნზე მოდიოდა. უკან კუნტრუშით მოსდევდა ქვისლი, შარვალს ფაცხა-ფუცხით იკრავდა.
“ფუიჰ… ესენიც ერთადა ფსამენ, რა ოხრობაა, ცოტა ხნის წინ მაინც გამოთრეულიყო მამაცხონებული, ე გინეკოლოგი რაღაც ძალიან ცუდად იცინის.”
“ჩამოასხით! – ბრძანა გინეკოლოგმა და წარბები ძალიან შეიკრა, – ამით ჩვენს ქალებს გაუმარჯოთ!”
რა დროს ქალებია? ჯერ დილის მადლი თქვი, ღმერთს შეხედეო, თავისდაუნებურად გაწყრა ბექაური. თამადა მე ვარო! – ხელის გული აჩვენა გინეკოლოგმა, ეგ მე ვიციო.
“ცოცხალი გადაიღე, ბიჯო!” – ბიძაშვილმა ყაურმიანი ჩანგალი ლამის პირიდან გასტაცა ქვისლს.
“არ მიყვარს ცოცხალი მე, – აწუწუნდა ქვისლი, – დამხრჩვალი მგონია სულ…”
მწერალს ახლა ორი სპილენძის ფიალა ამოედგა აქეთ-იქიდან. მეორე ფიალაც ეცნო, რა ცნობა უნდოდა – თავისი იყო. აივნისკენ ცოლს გახედა. მავედრებელი თვალებით შემოსცქეროდა ქალი. მიხვედრილიყო და, მიაშავე, მიაშავეო, თვალებით ეხვეწებოდა.
ეხლა, საერთოდ, ქალებს გაუმარჯოთო, უკვე მეორე სადღეგრძელოს ჟღურტულებდა თამადა, მე ვიცი ეგენი ვინც არიან, სიცოცხლის სახლის დედაბოძები არიან… სხეულიც კი ჩვენზე უნიკალური აქვთო. ჩვენზე უნიკალური ექნებათ, აბა, რა იქნებაო, იცხადებდა ბიძაშვილის მეგრელი, პირი “ცოცხალით” გამოეტენა, იმხელა მკერდები აქვთ, გაგიჟდები, ჩვენ სადა გვაქვს მაგხელა მკერდები, პატარები გვაქო (პატარა მკერდებზე ბიძაშვილს ცოლისდა გაახსენდა, დამთვრალიყო უკვე).
შემდეგი ჭიქით ქალების გაჭინთვის სადღეგრძელო შესვა თამადამ. თქვენს გაჭინთვას გაუმარჯოსო, ისე ღრიალებდა, მეზობლის დედაკაცები ბალღებიანად მოაწყდნენ ღობეს. გაგიჟდა ბექაური. სპილენძის ფიალებში ჩამჯდარი მწერალი ნიშნის მოგებით უყურებდა. ემფატიკურიანი პოეტი სიცილით კვდებოდა, თამადა კი ქალებს აჯინდებოდა – გაიჭინთეთ, თქვენი ერთი გაჭინთვა, რაიხსტაგის აღებას უდრის, რა იცით, ვიზე იჭინთებითო.
ბექაურს კი უკვე ხუთი ჭიქა ჰქონდა დალეული, წუხანდელი სიმთვრალე შებრუნებოდა. ამ გაჭინთვებზე ვინმემ რამე არ გამომტყუოსო, მოიბოდიშა და თვალებამღვრეული წამოდგა:
“წავალ, პირზე წყალს შევისხამ!” – არ უყვარდა დილაობით სმა. რო დგებოდა, თვალი შეასწრო – ბოხხმიანი ქალი სხვადასხვა თეფშებიდან ძვლებს აგროვებდა. რათ უნდაო, ბუნდოვნად გაიფიქრა და წყლისკენ ბარბაცით გასწია.
“ძველ მანდილოსნებს გაუმარჯოთ! – სახლის უკან გასულს ჩაესმა, – თერთმეტ-თორმეტს ისე გააჩენდნენ, ზემოთხსენებული გაჭინთვა არც კი დასჭირდებოდათ!”
წყალთან ბექაურის გოგო იჯდა, თეფშებს რეცხავდა, შემოხედა მამას, გაუცინა და ჭურჭლიანი ჯამი გვერდზე გასწია. ბექაურს შერცხვა, დავთვერიო, დამნაშავესავით უთხრა. მერე საკინძი მოიღეღა, დაიხარა და წყლის ჭავლს გახურებული კისერი შეუშვირა. წყალი ნიკაპსა და ცხვირზე წამოუვიდა წურწურით, ეამა. პეშვებში დაიგუბა და ახლა პირზე შეისხა. თვალებში თეთრი და ოქროსფერი რგოლები აუთამაშდნენ… კიდევ შეისხა, კიდევ და თითქოს შეგრილდა კიდეც. გოგომ პირსახოცი მიაწოდა. კუნძზე ჩამოჯდა ბექაური, სახეს იმშრალებდა და ძალიან სწუხდა – უღმერთოდ დამთვრალიყო უკვე, წყალი ვეღარაფერს უშველიდა. ცოტა ხანს მზეს გაუსწორა თვალი. იმდენი უყურა, სანამ მზერა არ გაუბაცდა, მერე თვალები დახუჭა და წათვლიმა… არხეინა დაესიზმრა მაშინვე, გასხვისებული ლეკვები აქეთ-იქიდან ამოდგომოდნენ დედას, დაზრდილიყვნენ, ეშვები გადმოეყარათ… იღრინებოდნენ და სამივენი ცალთვალმოჭუტულნი შემოსცქეროდნენ ბექაურს. უნდა დამეხოცაო, ძილში გაიფიქრა გაბოროტებულმა ბექაურმა, ამათგან ხეირი მაინც არ იქნებაო.
არც ახსოვს ასე გაავებულს რამდენ ხანს ეძინა, საშინელმა წიოკობამ გამოაფხიზლა. დაფეთებული წამოხტა, მოურბინა სახლს და რას ხედავს – ყველა ერთმანეთს დარეოდა – პოეტი მწერალს წასწვდომოდა ყელში, მუსიკოსი კომბალივით ატრიალებდა გიტარას, ბიძაშვილს მეგრელი ქვისლი გადაეწვინა მაგიდაზე და პირში რაღაცას თხრიდა, ყალხზე შევარდნილ არხეინას ღობესთან მიემწყვდია ფერდაკარგული ბოხხმიანი ქალი, იმის “ჯინსების” მოზრდილი ნაგლეჯი უფრიალებდა პირში, ქალს სუფრაზე აგროვებული ძვლები შერჩენოდა ხელში, ერთიანად კანკალებდა. გინეკოლოგი კი ბექაურის ცოლს დაბღაუჭებოდა მაჯაში – მესამეს რათ არ აჩენო, უყვიროდა. რას ამბობ, ქააო, თავსაფრის კიდეს სახეზე იფარებდა ქალი, რაღა დროს ჩემი ეგ არის, სადაც არის ორმოცდაათის მოვიყრებიო. მერე რაო! – გინეკოლოგი ღრიალებდა, – მე აქ არა ვარ? მე გაგაჩენინებ, გაიჭინთეო! აქ სად გავიჭინთოო, ემუდარებოდა ჭკუიდან გადამდგარი ქალი.
მე გაგაჩენინებო?! – პირგმშრალმა ბექაურმა ღობიდან მარგილი ამოაძრო. თამადისკენ რომ მიიპარებოდა, ამირანამ მიუსწრო და გააგდებინა: დამშვიდდი, ის არა ჰქონია მხედველობაში, შენ რო იფიქრე, ხო იცი გინეკოლოგების ამბავიო… ბექაურმა მოიქნია და ბურთივით გაისროლა ამირანა. ახლა მაგიდაზე დალაგებულ, მწერლის მოპარულ სპილენძის მძიმე ფიალებს წამოავლო ხელი, გინეკოლოგი მოატრიალა და ჯერ “თავური” დააჭედა შუბლში, მერე უკან გადაქანებულს ის სპილენძის ფიალები ყურებში შემოჰკრა – თავისი მარცხენაში, ამირანასი კიდევ მარჯვნივ გაუსწორა. ეს რა ჰქენიო?! – მაგიდაზე გადაგორებულ ქვისლს თავი დაანება ბიძაშვილმა. ბექაურმა ეხლაღა დაინახა – კი არა სცემდა, ფხას უღებდა თურმე.
“წადი თქვენი პატრონი დედაც და თქვენი “ცოცხალისაც!” – გაცოფებული ბექაური დაუფიქრებლად გატრიალდა და მაშინვე პირსა და ტორებში ჩაუვარდა ყალხზე შემდგარ, გააფთრებულ არხეინას. ჯერ ყბასა და კისერზე იგრძნო მწვავე, გაუსაძლისი ტკივილი, მერე ბარძაყი აეწვა და ცოლის კივილიც ჩაესმა… ამირანა ღობიდან ამოძრობილი მარგილით გამორბოდა, ვიღაცამ თოფიც გაისროლა და… ჩამობნელდა კიდეც.

(გაგრძელება ქვემოთ)

study


Last edited by Admin on Mon Jun 26, 2017 9:24 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sat Jun 24, 2017 5:54 pm



პაატა ბერიკაშვილი

არა იპარო!

(დასასრული)


* * *
მანქანის ხმაური, ცხვრის ბღავილი და მწერლის ლაპარაკი ერთდროულად გაიგონა ბექაურმა. კინაღამ მეორედ წაუვიდა გული: ისევ ქაქანებენ! მაგრამ, დაღამდა თუ რა არი… ან ეს ცხვარი ვინ მორეკა… მერე იოდის და რაღაც წამლების სუნი იგრძნო, მიხვდა – სახე და კისერი ჰქონდა გადაბინტული, და ჯერ არხეინა გაახსენდა, მერე ცოლის მაჯაზე ჩაფრენილი გინეკოლოგი, და უცებ ისე აეწვა ფეხი, კინაღამ ღრიალი მორთო. დამშვიდდი, დამშვიდდიო, ბიძაშვილის ხმა იცნო. ხელი გაითავისუფლა, სახიდან წვალებით გადაიწია სახვევი და შეღონდა – აქედან მწერალი ეჯდა, იქიდან გიტარიანი მუსიკოსი, მანქანის წინა სკამზე გამომთვრალი ქვისლი იჯდა, ტუჩებზე მიჰკრობოდა “ცოცხალის” ფხებიც და ქერცლებიც, ბიძაშვილი თვითონ მისჯდომოდა საჭეს და ქვისლს აგინებდა – როდის მოასწარი დათრობა, ერთი სახლში ჩაგიყვანო, იქ მოგივლიო.
დაღამებით კი მართლა დაღამებულიყო. სად მივდივართ, რა მომივიდაო, ბექაურმა. რაო და, ეშმაკმა იცის მაგ არხეინას თავი, მთელი ადგილი აღარ დაგიტოვა, ვერ გაგაგდებინეთ, ბოლოს ამირანამ თოფი გამოიტანა და მოჰკლაო. წყლისპირზე ნანახი არხეინას ლეკვების სიზმარი გაახსენდა. ისევ ასტკივდა და ახლაღა დაინახა ფეხი – გასისხლიანებული მარლებით შეხვეული წინა სკამებს შუა ედო. ეხლა დუშეთში ჩავირბენთ, გაგკერავენ, გადაგიხვევენ და შრატსაც გაგიკეთებენ, ნუ გეშინიაო.
“ცოფია მოდებული ქალაქში!” – მუსიკოსმა სლოკინით თქვა.
“ეს ფარა სადღა გამოეჩხირა!” – სიტყვა ბანზე შეაგდო ბიძაშვილმა. ბექაურმა ეხლაღა დაინახა ცხვრის ფარაში გახირულიყვნენ. გაუკვირდა: ამ შუაღამისას სად მიჰყავთ ცხვარი?
გოდერძა და ზელიმხანა არიანო, ბიძაშვილმა, ბოგირზე ვერ გადასულან, სხვებს ბოლოში მოქცევიან და ძალიან ჯავრობენ, გოდერძა სულ დედას იგინებოდაო. გინებაზე მწერალს ახედა ბექაურმა. იმანაც ჩამოხედა, დაიმორცხვა და, ეგეთი ყაურმა ჩემს სიცოცხლეში არ მიჭამიაო, შეაქო. მადლობას მიხდისო, უფრო გაბრაზდა. ყაურმის ხსენებაზე, მოულოდნელად ქვისლი გაწიწმატდა:
“რა წესია… რულზე ხო დამსვით და დამსვით… მერე დამხრჩვალი თევზით მომკალით კინაღამ და… ორი ჭიქა არ დამელია? ყაურმა, ყაურმაო, რომ იძახით, სულ არ მიჭამია მე ყაურმა… დილიდანვე მინდოდა ჭამა, მაგრამ ვინ გაჭამა…”
ჰო, კარგი, ჩავალთ და გაჭმევო, ბიძაშვილმა.
“რის ყაურმას მაჭმევ?” – ისე გაბრაზდა მეგრელი, ფანჯარა ჩასწია, რომელიღაც ჭედილას დააფურთხა. ჩამოწეული ფანჯრიდან უფრო ისმოდა ცხვრის ბღავილი.
“რის ყაურმას გაჭმევ და… რის ყაურმას და…”
“მოდი ერთი ცხვარი შემოვაგდოთ!” – მწერალი რის მწერალი იყო – ფანტაზია ოხრადა ჰქონდა. უი, მართლაო, ბიძაშვილმაც, ვინ რა ფეხებს გაიგებს, ამოდენა ცხვარიაო.
“რას ჰქვია შემოაგდოთ?! – უილაჯოდ გაბრაზდა ბექაური, თქვენ მე თვალში ხო არ გეპატარავებით? რა ცხვარი აგიტყდათ, ორი დღეა ცხვარსა ხეთქავთ? ანდა არა გრცხვენია, გოდერძას ცხვარი როგორ უნდა მოჰპარო? რა ჩემი სახლიკაცივით, არხეინასავით იქცევიო…”
მაგრამ ვინ დაგიგდო ყური. ერთი ცხვარი ხო მაინც შეპირებული იყავი… ის გოდერძას მიეცი, ჩვენ კიდევ ეხლავე ავიყვანთ, გოდერძა წინ არის წასული, მაგის ნებართვის აღებას დილამდე ვერ მოვახერხებთ, არადა შრატი გიგვიანდებაო.
ჯანდაბას, რაც გინდათ, ისა ჰქენითო, შეპირებული ცხვარი გაახსენდა ბექაურს. მიდი, ბიჯოო! – იდაყვი გაჰკრა ქვისლს ბიძაშვილმა, მაინც და მაინც დიდი ნუ იქნება, საშუალო თოხლი შემოაგდეო. მწერალი და მუსიკოსი განაბულიყვნენ. ვაი, ამათ პატრონს! – ტკივილმოძალებულმა ბექაურმა გაიფიქრა და თვალი მილულა. დაუმთავრებელი სახლი დაუდგა თვალწინ. ზამთარი მოახლოვებულიყო უკვე.
“რა ვიცი მე თოხლი რომელია!”
“რომელია და, აგე იმას ხო ხედავ, რქებიანს… აგე, იმასაც… რა სუ ჭედილები მოხვდნენ მანდეთ… შუქი ჩააქრეთ, კაცო! ჰოდა, ეგეთი არ უნდა იყოს, გაიგე? უფრო პატარა უნდა იყოს… ურქო… დასტაცე ხელი და ფეხებთან ჩაისვი! მე მუსიკებს ჩავრთავ…” – ბიძაშვილმა გადაატრიალა და რადიო ახრიალდა.
“შენთან სიზმრებში მოვალო…” – მღეროდა ვიღაც. მუსიკა რაღაში უნდა, ამ დედაშეღონებულს, ძილ-ღვიძლში გაუელვა ბექაურს, სიზმარზე კი ისევ კბილებდაღრენილი არხეინა გაახსენდა.
“კისერში ჩაავლე, კისერში! – აფუსფუსებულ და მანქანიდან გადახრილ ქვისლს არიგებდა ბიძაშვილი, – აი, ეგრე… ეგრე და მოკეტე ეხლა კარი!”
“ვოლგის” ჩაბნელებულ სალონში ჯერ ჩუმი ღრენა გაისმა, მერე ქვისლის კივილი… ბიძაშვილმა კარი გააღო და ცხვრებში გადავარდა…
“სულ არ ქონდა რქები!” – ამას ვინ იძახდა, ბექაურმა ვეღარ გაარჩია, – რა ვიცი თოხლი რომელია მე… – სახვევი ისევ გადასწია…
ჯერ მწერლის გასისხლიანებული თავ-ყბა და შიშისგან მოღრეცილი სახე დაინახა, მერე ალმასივით აკრიალებული ეშვები. იცნო – არხეინას ლეკვი იყო, გოდერძას რო აჩუქა და სიზმარში რო ნახა, სწორედ ის. წლინახევრის ნაგაზმა დედამისივით ცერად გამოხედა, ერთი დაიყეფა და ყელში არა, თავი ჩახარა და რატომღაც ფერდში წასწვდა…

* * *

ცარიელ პალატაში მარტო იწვა ბექაური. სხვა ადგილები ცარიელი იყო. გუშინ, გონზე რო მოვიდა და გვერდითა ლოგინზე თავ-ყბაშეხვეული მწერალი დაინახა, წვალებით გადაიხარა, კედელზე აყუდებული სახაზინო ყავარჯენი მოიჩოჩა და შიგ თავში ხეთქა. ძლივს გაარიდეს – კიდე რო დავინახო, მოვჰკლამო, ირწმუნებოდა. ბიძაშვილის ქვისლი უფრო ადრე წაეყვანათ. იმას თვითონ აუტეხია – გონზე რომ მოვა, მომკლავსო. მართალიც იყო.
საწოლის თავთან, თეთრხალათწამოსხმული გოდერძა ეჯდა ბექაურს. გაუპარსავ ლოყაზე ფიქრიანად ისვამდა ხელს:
“ბიჭებმა რო მითხრეს, არ დავიჯერე… აბა, რა დასაჯერებელია… თვითონ მაჩუქა-მეთქი…”
“არა-მეთქი! არა! რით ვერ გაიგე?! – ეს მერამდენედ უმტკიცებდა ბექაური, – ძაღლი რა ოხრობად მინდოდა? დაგლეჯილი სავადმყოფოში მოვყავდით.”
“ჰოდა, მეც ეგა ვთქვი – სავადმყოფოში მიდიოდნენ-მეთქი… ლეკვი კიდენა თითონ მაჩუქა-თქო… ძაღლების მეტი რა ოხრობა გვყავს, მაგრამ ეგ ისეთი ავია, ისეთი ავია… მაგრამ რა, შენ ოღონდ მითხარ და თუ გინდ ემსაათში აქ მოგიყვან.” – გოდერძა ძალიან ნელა, დუხჭირად აზროვნებდა.
ბექაურმა სიმწრით მომუშტა საბნის ქვეშ ხელები. ექთანი შემოვიდა. შპრიცი მაღლა აეწია, მზის შუქზე არყის ჭიქასავით გასცქეროდა.
“კუნთი მიჩვენეთ, ბიძია!”
“რაო, შვილო?”
“ნემსი უნდა გაიკეთოთ-მეთქი!”
“გავიკეთებ, მა სად გავიქცევი,” – ბექაური წვალებით გადაბრუნდა მუცელზე. ნემსს რო უკეთებდნენ, გონება გაუნათდა, ისეთი კარგი რამე მოიფიქრა, რო რაღაცნაირად ბალღურად ჩაიკისკისა კიდეც. ეგეთი რა ნემსიაო, ჩაკისკისებაზე გაუკვირდა გოდერძას, ეგრე რამ გაამხიარულაო.
“გინდა სიმართლე გითხრა?” – ექთანი რო გავიდა, დაეკითხა ბექაური. გოდერძამ თვალები დაახამხამა.
“მე ძაღლი რაში მჭირდებოდა? მე კი არა აი, იმ მწერალმა… აი, სუ ტელევიზორში როა…”
“რომელი ტელევიზორი… რაზე შევაერთო ეგ ტელევიზორი? ზელიმხანას ხო არ შევუერთებ… სად არი დენი?”
“სად არი და, სადაც არი… ჰოდა, აი, მაგან აიჩემა ქართულ ნაგაზზე უკეთესი ჯიში არ მეგულება, ისე მიყვარს, ისე მიყვარს, ვგიჟდებიო… მე კიდევ, შეღონებული ვიყავ, ჭიდაობას ხო ვერ დავუწყებდი, დასტაცა ხელი და შემოაგდო მანქანაში!”
“მწერალმაო?! – გოდერძა ჭერის თვალიერებას მოჰყვა, – მერედა, ეთქვა იმ დალოცვილს, რა თავს აჭმეინებდა… სულაც სახლში ჩავუყვანდი.”
“მაგრად კი დაუგლეჯია, ხო იცი… კინაღამ თან გადაჰყვა. თუ იმ ძაღლს ამოუყვან, სუ შენს ხსენებაში იქნება, ტელევიზორშიც იტყვის… გეფიცები. ის კი არადა, იმოდენა არხეინას ჩემს ეზოში დაეტაკა საფერებლად.”
“საფერებლად?… ხვალვე ამოვუყვან!”
“დილით უნდა გამწერონ. დღეს საღამოსვე ამოუყვანე, მეც მინდა ვნახოო, ბექაურმა, ეგეთ რამეს მეორედ სადა ნახავ… თან ძაღლის საქმეც კარგად იცის. მოუყვან თუ არა, აგე, გვერდით პალატაში წევს… სუ მარტოა, შეუღე კარი და ძაღლი შეუშვი, შენ საერთოდ ნუ გამოჩნდები, ის იქნება… რა ჰქვიან… სურპრიზი იქნებაო.”
ეგრე ვიზამო, წამოდგა გოდერძა, დაღამებისას აქ გავჩნდებიო. თეთრი ხალათი გაიხადა, გასვლისას ექთანი გააფრთხილა – ავადმყოფ კაცს თავის გაზრდილი ძაღლი უნდა ვაჩვენო, დიდხანს არ შეგაწუხებთ, მარტო თვალის შევლება უნდაო, და წავიდა.
შუაღამემდე ფხიზლობდა ბექაური. თორმეტი საათი იქნებოდა “ვილისის” ხმა რო გაიგო.
“გოდერძაა!” – ერთიანად დაძაბა. ცოტა ხანში ძმაკაცმა კარი შემოუღო, შუქები ჩაექროთ, მარტო დერეფანში ბჟუტავდა ლამფა, მაგრამ მაინც შეატყო, გოდერძას რაღაცა თუ ვიღაცა ექაჩებოდა უკან, დაგუდული ღრენაც ისმოდა.
“თანა ჰყავს!” – გაუწკრიალდა გულში.
“რომელ პალატაშია? – ჩურჩულით გამოსძახა გოდერძამ, – მარცხენა მხარეს თუ…”
“მარცხენა! მარცხენა!” – გაუქნია ხელი. გოდერძამაც გავიგეო და კარი გაიხურა. მალე მეზობელი პალატის კარის ჭრიალი მოესმა, მერე ჩაყეფებასავით რაღაც ხმა და გაგიჟებულმა ღრიალმა, რა ვიცი, მერამდენე კილომეტრის იქით, ფასანაურის “ინტურისტის” დარაჯი, ნაარყალი ალმაცერაც კი გამოაღვიძა. დაგვეცნენო, ძილ-ღვიძილში ნაღვლიანად გაიფიქრა ალმაცერამ, მერე ბალიშზე ამოყუდებულ თავის “უზატვორო” კარაბინს მოუთათუნა ხელი და კედლისაკენ გადაბრუნდა. თუ არაყს თავს დაანებებ, “ზატვორსაც” მოგცემო, დირექტორის ნათქვამი გაახსენდა, გაღიმებულმა მილულა თვალები და მალე ხვრინვაც ამოუშვა კიდეც.

იმ ღამის მერე აგე, უკვე მეათე წელი გადის, მანამდეც კარგი ორმოცდაათი ჰქონდა უკან მოტოვებული ბექაურს, მაგრამ რაც იმ კარის დაჭრიალებას და ღრიალს მოჰყვა, იმაზე სასიამოვნო, არც ამ ათ წელიწადში, არც მანამდელ ორმოცდაათში, თავს არასოდეს გადახდენია.
არადა ბოროტი კაცი არ იყო ბექაური – ცხვარიც უყვარდა, ცოლ-შვილიც, მწერლებიც და არც ძაღლები ეჯავრებოდა მაინც და მაინც…

November 24, 2008

ბმული:
* http://arilimag.ge/პაატა-ბერიკაშვილი/

study


Last edited by Admin on Mon Jun 26, 2017 9:24 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 9:53 am

პაატა ბერიკაშვილი

ჩემი ქალაქის იასამნები...

_ ვაჰ, ჩიტი მოკლეს რიყის ნაპირზე...
_ ვინ ჩიტი იყო?
_ გოგო პატარა...
დედა მკერავი, მამა მეთევზე...
დილის ლოცვაზე გადაატარეს...

_ იმ ლოცვის გარდა რითი ჰკვებავდნენ?
_ თევზის ცრემლით და იასამნებით...
და ზამთრის ცივ და უცეცხლო ზღაპარს
შეუფუთავდნენ ვარდის საბნებით...

_ ვარდებიც ჰქონდათ?
_ ვარდს არ სჭირდება
ორანჟერეა, დიდი ფულები...
ვარდებს მაისის წვიმები უყვართ
და უშენობის გაზაფხულები.

_ მე რა შუაში ვარ?
_ შენზე უთქვამთ, რო
არაყს არა სვამს, ეგ გიშველისო...
მარხვასაც იცავს, პირჯვარსაც იწერს
და დარდიც ესმის ობოლ შველისა...

_ ვარდი თუ მოკლეს იასამნების,
შენ რას შვრებოდი, ბიჭო, მერედა?!
სად იყო შენი შავი ნაგანი?
სად იყო ჩემი თეთრი ბერეტა?

_ კაფეში ვანდე
სქელგავა ვანდას
გახსოვს, წითელი ჰქონდა ფარდები...
თმებში რო ოქროს ოფოფი ჰყვანდა,
შინ წასაღები ვანდე დარდებიც...

მე რა ვიცოდი, თუ ჰკლავდნენ ჩიტებს?
ან ჩიტი ასე როდის კვდებოდა?
დედა უქსოვდა ძველებურ ჩითებს,
სიცივისაგან როცა კრთებოდა.

_ როგორ დაათვრეს?
_ მოშივდა ალბათ...
თვალები ჰქონდა ზამთრის შველების...
და შეიტყუეს მატრაბაზებმა
სუფრაზე ობოლ ვერმიშელების...

_ ნამცეცს პეშვიდან კენკავდა, მითხრეს...
_ არაყსაც სვამდა?
_ რა ვიცი, ალბათ...
მთვრალი ვიყავი, მივდევდი ფიქრებს...
და ჩამასმინეს წასაღებ ამბად.

_ თეატრის წინ რო კაფეა ძველი...
ხანდახან იქაც მინთებენ რამპებს...
ტირიან, თხზავენ თვალებით სველით
ათეატრალურ ზღაპრებს და ამბებს.

_ იქნებ ჩვენც მოგვკლეს და...
ჯერ არ ვიცით?
_ არცა შეგვერგო, არც გვაღებინა...
იქნებ იმ გოგომ, ჩიტმა პატარამ,
არყოფნა ჩვენი გაგვაგებინა.

_ და როცა კლავდნენ,
ზარები დაჰკრეს...
ზარიც საქმეა!
_ ვაჰ... და მერედა?
_ სად იყო შენი შავი ნაგანი...
სად იყო ჩემი თეთრი ბერეტა...


პორტრეტები ტილოს გარეშე

_ ალბათ გიყვარდა...
_ მერე რა მოხდა?
_ აღარაფერი...
_ ხანი გამოხდა...
როგორც სპარსული მინანქრის ფერი
გაიცრიცა და სული ამოხდა...

_ რა ჩიტი იყო?
_ ჩიტი არ იყო...
ქალს ჰგავდა
ქარის ჭავლებით ნაქსოვს,
ფრთებს ისწორებდა, ხმა რომ გაიღო,
თეთრი თითების ცახცახი მახსოვს...

ფარდით შემოსილთ უფრთხოდა ქარებს,
თვალები ჰქონდა ლურჯი სავსებით...
გალიის ღია დავტოვე კარი,
ველოდებოდი მთვარის ავსებას...

_ არც ტილო გქონდა და არც ფანქრები?
_ ნუ დახატავო ავსებულ მთვარეს,
_ მთხოვა _ ავდგები და, სანამ ჩავა,
მთვარეს თვალზე მოგიმინანქრებ...

_ ჩიტები იყვნენ და...
ქალებს ჰგავდნენ.
_ ქვიშასაც ჰგავდნენ ძლიერ... ესოდენ,
_ რომ ჩემი სულის ნატამალს სვამდნენ,
მერე თითებში მეკარგებოდნენ.

_ ეგ მტვერი რაა ჭრელი ფერების?
_ ეს მათი ფრთების ნატამალია...
_ ეს იისფერი?
_ ნინო ხომ გახსოვს?
ლურჯი _ მარიკა და ნატალია...

_ არც ტილო გქონდა და არც ფანქრები,
ისე გავიდა მთელი ცხოვრება,
_ ვხატავდი ფრთებს და ნოემბრის ქარებს.
არ მჭირდებოდა დამახსოვრება...

_ ხომ შემომიშვებ?
_ მოდი, მობრძანდი...
_ ჩიტები, ვიცი, მალე კვდებიან,
ფარდების მიღმა გალიის კარი
იცი, არასდროს დამიკეტია...

მთვარეზე რა ვთქვა...
ჩემსავით ცხოვრობს _
სულში ხან ლამაზ ყვავილებს მოთოვს,
ხან იმახსოვრებს გაფრენილ ჩიტებს,
ხანაც იმ ფრთების ნატამალს მოგთხოვს.

2016

ბმული:
* http://culture.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N172/N-172.pdf.aspx

study


Last edited by Admin on Sun Jun 25, 2017 11:39 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 10:11 am

პაატა ბერიკაშვილი

* * *
დედის თვალებში ცხოვრობდი ადრე...
რო დაიშრიტნენ ის თვალები,
ხო მოგაკითხეს?
სახლი გწყუროდა...
ის თვალები აკი წაგართვეს...
მას მერე სიო ძველი სახლის ჩრდილში დაგათრევს.

სიო არ გიყვარს...
არც ჩავლილი უხმოდ დღეები,
დაღლილ ქალივით
სარეცელზე მინავლულები,
შენ ქარი გიყვარს _ საფერავის სუნზე აცრილი
და ხის ტაბლებზე დასანთლული სინანულები.

მერე...
ცხოვრობდი მეგობრების უნდო ლულებში,
სანამ ლულები შენს გუმბათებს არ დაუმიზნეს,
იმ გუმბათებში გადასახლდი...
იყავი მშვიდად,
სანამ ტაძრები წეროებად არ გადაიქცნენ...

მერე გაფრინდნენ...
გადიოდნენ თალხი დღეები,
ამ ქალაქს ძველი, ულაზათო ედგა ემბლემა...
გაიქეცი და ის ნანატრი სამოთხეები
გადაგატარეს ჭრელა-ჭრულა მატარებლებმა...

იმ სამოთხის წინ ფარშევანგი დადის სარკეში...
და თეთრ არკებში
შენი ბაღის რამპა ინთება...
თეთრი ეტლები,
საფერავის ძველი რითმები
გადაქცეულან გაუკვალავ ლაბირინთებად.

და ისევ მზისკენ გაიქეცი ფარდების მიღმა...
და სადაც მიხმე,
წამოგყევი მშვიდად და უხმოდ,
მახსენდებოდა _ გიწუნებდი უცხო ქალაქებს,
რადგან ვიცოდი, იმ ქალაქად
დრო _ ქვიშის ბოთლში
ქალის და ღვინის მოზაიკად გადაალაგეს...

იასამნების დრო გიყვარდა _ აპრილი მახსოვს...
და კიდევ მახსოვს, ცისკრისპირზე უმზერდი მთიებს,
დილის არაყი აივანზე...
ლურჯი ხალათი...
და გადაცვეთილ სამასრეში ითვლიდი ტყვიებს
და მახსოვს, არსად, არავისთვის გიღალატია...

ჩვენ მხოლოდ ქარის და წვიმისთვის
ვღალატობთ ხოლმე...
ფაიფურები, მურაბები, ჩრდილი საბნების...
ჩვენი არ არის...
ჩვენია მხოლოდ გამთანგავი წამი ყოველი
_ დრო ახალ ღვინით დაწინწკლული იასამნების.

ისევ ბრუნდები
ლანდადქცეულ ძმების თვალებში,
დარდით და მტვერით ამოქარგულს მონახავ ბინებს...
იმ ნუკრებს ეძებ,
დედის პეშვით გამოკვებილებს,
დილის არილზე სასთუმალთან რო ჩაირბინეს.

შორიდან იგრძნობ...
ალბათ ბევრი...
ბევრი ხნის მერე,
გასაღვიძებლად ანგელოზნი ხელს რო ახლებენ...
გაგაღვიძებენ,
ძლიერ მკრთალი გექნება ფერი
და დედის სიზმრის საფერებლად დაგიძახებენ...


„ლისიჩკა“

ვარდის მურაბა...
ჩაი...
ლამბაქი...
სოფო _ ლამაზი, თეთრი ბებია...
ეს ყვავილია?
არ გადამიგდო...
შუააზიიდან მიტარებია.

და სოფოს დააქვს სიმშვიდე შენი...
და შენი შვილის ავი შურები...
შენ დაგაქვს ჩემი ჭრელი სიზმრები
და ჩრდილი მწვანე აბაჟურების.

მე?
არაფერი,
ნატვრების გარდა...
ჩემო სოფო და ჩემო ნინიჩკა,
ეს გახეხილი დამაქვს ჯინსები,
და სიფრიფანა ძველი „ლისიჩკა“.

ყური დამიგდე:
ამ დანის პირზე
აგიგებ სახლს და აგიგებ საყდარს,
გაგივლებ ხნულს და ვარდებს დავთესავ
შენი ბებიის ზღაპრების სადარს.

ამ დანის პირზე აშენდებიან
მერე დაბები და ქალაქები,
შენი ბებიაც და დაქალებიც
სულ სიყვარულზე ილაქლაქებენ...

მე?
არაფერი...
მაგ წამწამებში...
გამოვიძინებ _ ბებიის ნებით...
შენც დაბერდიო, წამიჩურჩულა,
ცოტაც და თვალი დაენამება...

ბრაზდება თანაც:
_ ეგ რა დაბები?!
შვილო, თუ ჩემი მოგწონს ნინიჩკა,
ან წაიყვანე, ან მე გაგყვები
ან დამიტოვე შენი „ლისიჩკა...“

სოფი გაგიჟდა...
ან გაუგიჟდნენ
შავ გიტარაზე თეთრი ბაფთები...
მურაბის როზეტს და ედიტ პიაფს
მოსდევს ხმლები და თეთრი აფთები:

_ ვერ დაასახლებ ქალს დანის პირზე...
_ ვიცი _ ქალი ვარ!
მარსელის პირსზე
ხელი ვუკარი მარშალ რეძინსკის,
და ის ღიმილი შევაშრე პირზე...

_ მე ავუშენებ...
_ ლისიჩკის პირზე?
_ კი, ერთხელ უკვე მქონდა ქალაქი...
და ის ლამაზი აივანები
მერმე აქა-იქ გადამილაგეს...

_ მერე ნინიჩკა?
_ ნინიჩკა მოკვდა...
აპრილი იყო, დღე იყო შვიდი...
_ სოფო, ხომ გახსოვს...
გეყოფა ბოდვა...
შავი ღვინო და საღამო მშვიდი...

_ მას მერე ვაგებ სიზმრად ქალაქებს...
იმ დანის პირზე ვუსმენ გიტარებს...
მას მერე ვნატრობ მზიან ალაგებს,
ვიცი აქ აღარ გამოიდარებს...

მე ხვალვე წავალ...
სანამ იტყვიან დილის ლოთები
ჭორსა და მართალს,
სანამ ნინიჩკას შეიცხადებენ
და დანის პირზე გათხრიან საფლავს.

მე მალე წავალ...
დამშვიდდი, სოფი _
ჩემი ტკივილის თეთრო ბებია
იქ არც შურია, არც ტკივილები,
იქ სულ სხვაგვარი აივნებია.


დანა „პეპელა“

გამეღვიძება...
სიზმარს გიყვები...
ჩაი ადუღდა...
ნუ მეფერები...
აგერ... შეხედე _ ნაძვზე ციყვები!
იქით მთაწმინდის ეიფელები...

ვდგები...
გარეცხილს მოვირგებ შარვალს...
ისევ ძველია და ცოტა სველი,
ეს რა წიგნია?
ანრი ბეილი...
რომი, ტოსკანა და სევილია...

აქ ისე ახლოს სახლობს სიკვდილი,
ღამე არ მყოფნის...
დილაა ბინდის...
ერთი წამია
შენს წამწამამდე...
დილა დაღლილი ქალივით მიდის.

ბინდში გაქრება
ფერი მაგ თმების
და შობის ღამის გირლიანდები,
მიგვიანდები...
კარებს აღებენ:
_ ყავა?
_ ჩაის ვსვამ...
რისი ნაღები?!
ღმერთო, რარიგად მიგვიანდები...

_ მე მეშინია შენი თითების...
შენი თითების ჩურჩული მახსოვს...
_ სუფთა კოლომბა...
კაბას ბოლომდე,
კაბას სისხლისფერ ძაძებით ნაქსოვს
გასდევს გარდასულ ღამეთა წყება,
და რაც არ უნდა კარგად ვომობდე,
ის ღამეებიც დაგავიწყდება...

მხოლოდ ამ დანას,
ლამაზს და ცბიერს,
რომ უწუნებენ ფერსა და იერს,
რომელსაც დანის არცა აქვს ტანი,
არც ნატვრებს ეძებს,
და არცა ეტლებს,
ცნობს მატრაბაზებს და ქუჩის ბერებს
და როცა ერთხელ მოგეფერება,
შორეთში თეთრებს გაყვები პეპლებს...

_ ნუ გეშინია...
ეს შენთან დარჩეს...
მივდივარ...
_ რატომ?
_ ბილიკებს ვარჩევ...
რომელსაც გაჰყვნენ მერცხლის გუნდები
ხომ დაბრუნდები?
ჰო, გაზაფხულზე...
მთელი სიცოცხლე ამ გზას ვუნდები,
გზას შავი პეპლის დასასრულისას.

_ ეს დანა რაა?
_ დანა არ არის...
მე ხათრი დამაქვს ძმების ბებრების,
ნუ გეშინია, დანა არ არის,
ეგ აჩრდილია თეთრი პეპლების...

_ მე მომწონს შენი ძველი ხალათი...
ამოქარგული ბზით და თელებით...
_ ოქროს კოშკებით? _ არა, სიცრუით...
რის კოშკებით და ეიფელებით...

გამოცილება...
კარი და ქარი,
დარდი წუხანდელ ღამის ვაების...
_ ეს შენთან იყოს...
დრო მალე მოვა
თეთრი ქუჩის და მზის ტრამვაების...

პეპელა რაა...
ქრება და იცდის...
პეპლის სამი დღე ჩემი ტოლია...
უნდა ვიჩქარო, დილაა სანამ,
სანამ მტკვრის პირზე დაქრის თოლია...

პეპელაა რაა...
დანაა მხოლოდ,
ქალის ტანი და და ქალის გული აქვს...
თუ ძლიერ დაღლი, გაგყიდის ბოლოს,
არცა იდარდებს, არც გალოთდება,
თუ დაივიწყებ, თავს არ შეგაწყენს,
და არც შენსავით გაბოროტდება...

* * *
გამეღვიძება...
სიზმარს გიყვები...
ჩაი ადუღდა...
ნუ მეფერები...
აგერ... შეხედე _ ნაძვზე ციყვები!
იქით მთაწმინდის ეიფელები...


2016

ბმული:
* http://culture.gov.ge/getattachment/Literary-newspaper/literaturuli-gazeti-N172/N-172.pdf.aspx

study


Last edited by Admin on Sun Jun 25, 2017 11:38 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 10:38 am

პაატა ბერიკაშვილი

დახლიდარი

ისე არ მტკივა ეს გაზაფხული,
როგორც აივნის გაყინულ ჩიტებს,
სპარსულ ფარდაგებს, დიბებს და ჩითებს...
და ვერაფერი ვერ დამამშვიდებს,
სანამ აპრილის იქნება შვიდი...

მიყვარს აპრილი...
ღვინოს ვსვამ სანამ,
სანამ იმ ღვინის გავცდები სამანს,
ჯერ დედის ლანდი მახურავს საბანს,
საბანს იისფერს...
და იასამანს
დავკოცნი ხოლმე ლოთი, ნასვამი...

დახლიდარი ვარ მიეთ-მოეთის...
ძველი დღეების სიყვარულისა...
შლაპაც მქონია ძველი პოეტის:
აგერ _ აქამდე არ გაყიდულა...
აქვე, კარებთან ჩამოკიდული....

მოგყიდით დარდებს _
აივნის ვარდებს,
ფოტოს,
სადაც რო ვთამაშობ ლოტოს...
ვყიდი ლოტოში მოგებულ ქალებს
და ჩამოსახსნელს ქალებზე ფარდებს...

ჯერ ნუ ჩამოხსნით...
არ გაყიდულა!
ასე დგას...
გოგო დარდად და ობლად...
არც არაფერი სასიქადულო,
თალხი ობლობის ჩამოსდის ოფლი...

ყველაფერს ვყიდი, რაც მაბადია...
როგორც დახლიდარს შეეფერება,
ვის ვაპატიე, ვინც მაპატია,
ჩემთვის ერთი აქვთ ახლა ფერები...

დილის საარზე ვყიდი ყველაფერს
ღვინით გასისხლულ პერანგის ფასად...
ეგ არაფერი, ჩემო ლამაზო,
თუ დაუცლელი დამირჩა თასი...

წაესევიან იმ თასს ჩიტები,
საფერავს ძველი ზღაპრის ფერების,
მოიპარავენ და მიართმევენ
ჩვენი სიონის კრებას ბერების...

დახლიდარი ვარ მაგ საფერავის,
აგე, სად მოჩანს მოგვთა ალები...
საქონელი მაქვს?
ჯადო მკერავის...
უფლის კვართივით დაჰკანკალებენ.

საქონელი მაქვს?
აურაცხელი...
გზები და შაჰის ფარშევანგები,
ღვინით და სისხლით გასვრილი ერთ დროს
თეთრი სუფრები და პერანგები.

საქონელი მაქვს?
წამექცა მცხეთა...
რაც უზიდნიათ ბერებს ტიტანებს,
ის ნატამალი ნაომარ დღეთა
სულ ჩემს ქალაქში გადმოვიტანე...
ჰოდა, სულ ჭიქა არაყში ვყიდი!
მუქთაა სიფთა...
სხვა ამინდია...
ჯერ სანამ მახსოვს _ სად დავწვი ხიდი
სანამ ჩარჩები გადაგვყიდიან...

P.S.
ლექსსა ვწერ ძველი სახლის პარმაღზე,
ძველი აივნის მხიბლავს რიკული,
ისე მომწყურდა დილის საარი,
„ა“-ც კი ვიხმარე ემფატიკური.

2016

study


Last edited by Admin on Sun Jun 25, 2017 10:44 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 10:44 am



პაატა ბერიკაშვილი

დამშვიდობება

ღამეა...
ცივა, ვალაგებ ჩანთას...
_ ისევ მიდიხარ?
_ ხომ დავბრუნდები?
იქ სადღაც ლურჯი ღრუბელი ჩანდა
და წეროების თეთრი გუნდები...

რომ დავრჩე, იქნებ უეცრად მოვკვდე...
ასე დაღლილი, ასე შიშველი...
და იმ ღრუბლების მივაწყდე კბოდეს...
შენ ვერ მიშველი...
შენ ვერ მიშველი...

შენ გამატანე წყალი და პური...
და ყვავილების ძველი საბანი...
და მომიყევი, წყალს რო აპკურებ,
რეებს გიყვება იასამანი...

მე მიყვარს, როცა დაღლილი გტოვებ,
სიმარტოვემდე რა მანძილია...
როგორ გაუძლო წვიმებს და თოვებს...
მაგ თეთრმა ფარდამ და მანტილიამ...

მაგრამ ჯერ არა...
მე თავად გეტყვი,
როცა სულს დაღლის ყინვის ეკლები,
როცა წავალ და შენს თეთრ ფარდებზე
უკანასკნელად ავირეკლები.

ჰო, ჯერ ადრეა...
არ მიხარია
ბროლის ლარნაკის თეთრი ვარდები...
იქ სხვა მხარეა,
იქ სიბერეა,
იქ სულ სხვაგვარად შეგიყვარდება...

ღამეა...
ცივა, ვალაგებ ჩანთას...
_ ისევ მიდიხარ?
_ ხომ დავბრუნდები?
იქ სადღაც ლურჯი ღრუბელი ჩანდა
და წეროების თეთრი გუნდები...

2016

study


Last edited by Admin on Mon Jun 26, 2017 9:22 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 11:36 am

პაატა ბერიკაშვილი

* * *
ბედნიერი ვარ, თვალს რომ გაახელ...
ცა, მაგ თვალების მიღმა რო ნათობს,
ჩემი სახლია...
მაგ სახლში მხოლოდ
შენი დაღლილი ღიმილი მართობს.

ბედნიერი ვარ _ კონიაკს მისხამ,
წვეთები დაგდის დილის ხალათზე
და მახსენდება ყოველდღე სისხამ
უკანასკნელად რო გიღალატე.

მთვრალი ვიყავი...
თითქოს ქუჩებში
ოქროს იწვოდნენ მგონი არკები,
არ ილეოდნენ, მახსოვს, ქუჩები,
არც ეს წყეული კონიაკები.

ბედნიერი ვარ...
რო მახსოვს ისევ
ჭრელ ყვავილებით სავსე საბანი
და მიხარია, ისევ რო მოგწონს
ჩემი დაღლილი იასამანი.

ბედნიერი ვარ,
ლექსი რო გიყვარს
ჩემი ბიჭების და ენძელების,
გამიძნელდება
ძმების მოძებნა
გადაკარგული ცის მძებნელების.

ბედნიერი ვარ...
თეთრი ფარდების...
ჩემი ბაღის და ცის ალუჩების,
გადავურჩები ალბათ ძველ დარდებს,
თუ უშენობას გადავურჩები.

ბედნიერი ვარ...
გადაღმა ქუჩის
ვუვლი მაგ ბაღის ვარდებს და შინდებს,
შინდს ვარდისფერი ჰქონია ტუჩი,
მხარზე გაკოცებს და დაგამშვიდებს.

2016

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 11:38 am

პაატა ბერიკაშვილი

ქარი დაღლილი ფიქრის ქალია...

ქარს თვისება აქვს _ არ არის ქარი...
ქარი დაღლილი ფიქრის ქალია...
რო მიუხურეს ოდესღაც კარი
და გაუსროლეს ერთი ფალია...
არ უამბიათ ერთი ზღაპარიც,
არც სასთუმალში დაუმალიათ.

ქარი სხვა არის _ ფარდის და დარდის,
სარკის და ვარდის დააქვს ეკლები...
სანამ წავა და იმ შენს სარკეზე
უკანასკნელად აირეკლება...

ქალი სულ სხვაა _ ხან არ ჰგავს ქარებს,
ეტლი ვერ უძლებს გზათა ქვიანებს...
ქალი წავა და გახურავს კარებს,
სანამ მეეტლე შეაგვიანებს.

ქალი სულ სხვაა _ არ არის ქარი.
თალხი სამოსი დააქვს ეკლებად
და ელოდება, ქარის ფარდებზე
ზეიმურად რომ აირეკლება.

P.S.
ნეტაი თქვენდა, ქარნო და ქალნო...
ღმერთმა დღეს საქმე გამოლიაო...
დილის სუფრა მაქვს, დილის არაყით,
თქვენთან რაღა მაქვს სალოლიაო...

2016

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 11:40 am

პაატა ბერიკაშვილი

დალაქები და ანგელოზები

რა ჰქენი, მორჩი, ჩიტო, გალუსტავ?
_ ჩიტი რათა ვარ?
ფრთები მაჩუქეს...
ჩამომიკიდეს გალიის კართან,
დილით ვიცვამ და მივყვები ქუჩებს.

_ სულ ახლებია და ხელუხლები,
მტრედის ღინღლები რო მორთავს ქუჩებს,
ეგ მოგვიქუჩეს...
ბებრის მუხლების
ტკივილზე აგვცრეს და გაგვაყუჩეს.

_ თევზს რო დაიჭერს მტკვარზე თოლია...
_ თოლია იცნობს თევზის ალაგებს!
_ ჩვენხელა არა _ შენი ტოლია,
მოვა, გვაპურებს ბებერ დალაქებს.

_ რათ არ მიფრინავ, ბარო, თათარო,
სოღანლუღელო ჭროღა ყეინო?
_ რავი, დილიდან დარდი ვატარე...
არ გინდა ღვინო დამალეინო?

_ ღვინო რად გინდა თათარს და ოხერს?
_ მიყვარს ღვინოი,
იცის ალაჰმა...
აიღო ჩემი ლაილას ფერი,
საფერავებში გადაალაგა.

_ ლაილა ოვა?
_ ჩემი ცოლია...
მოკვდა და ვიცი ამაღამ მოვა...
ერთი და ჰყვანდა, ერთიც თოლია,
ერთიც კაბა და პერანგი მოვის...

_ რას ჰქვია მოვა?
_ თოლიაც მოსდევს...
ვარდები მოაქვთ... ყოველდღე მოდის,
ხან მეფერება, ხანაც ზის ისე,
ათვალიერებს ჟურნალებს მოდის.

_ ლაილა თურმე _ ანგელოზია...
იმ დღეს გამიწყრნენ თვითონ და ღმერთიც:
_ არც წყალი გისვამს, არც გილოცია...
სანთელიც მომცა კენტი და ერთი:

_ მე მოვკვდი,
_ ორი რაღად გინდაო?
_ მაშ ეგ ბალიშიც წაიღე-მეთქი!
_ კრუხი დასვი და ჩიტებს დასთესამს...
ეგრე გვიბარებს ნინოწმინდაო.

_ გალუსტ, ლაილას იცნობდი, ალბათ...
_ ვაჰ, როგორ არა!
სუფთა პავლინი!
_ ეს ბარო კიდე _ სოღანლუღელი
შეყვარელებული ჩარლი ჩაპლინი.

_ ლაილა ძლიერ სტიროდა მერე...
_ რა ატირებდა?
_ უყვარდა, რავი...
და მოვიტაცეთ მე და გალუსტამ.
ღამე დავკალით მტრედი და კრავი.

_ კრავზე იტირა...
მტრედზეც ტიროდა
_ მტრედიც შეჭამეთ?
_ არა, გაფრინდა...
ლაილას თმებში ბუდე მოქსოვა,
იქ ჩაიკარგა და გაირინდა.

ყავა გაცივდა...
არაყი მორჩა...
გარეთ გოგონა ნაზი და ნორჩი...
იქით ლაილას იხსენებს ბარო,
აქეთ გალუსტას ნოველებს მოვრჩი...

ფრთები ძლივს დააქვთ ბავშვობის ჩიტებს,
რიყის სახინკლის ორთქლში ქრებიან,
ანგელოზები უქსოვენ ჩითებს,
მაგრამ ვეღარსად გაფრინდებიან...

2016

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 1:24 pm

პაატა ბერიკაშვილი

გაგიკვირდება

გაგიკვირდება,
ეს ციცქნა ვარდი,
რამხელა ზამთრის ტკივილებს იტევს,
მაგრამ ხომ გახსოვს,
მაგრამ ხომ გახსოვს,
ეს განა შენთვის, ისე მოვწყვიტე...

გაგიკვირდება,
ისე ქრებიან
ქალაქის თავზე თეთრი ღრუბლები,
როგორც ცისკრისას ლამპიონები
და უშენობის გაზაფხულები.

გაგიკვირდება,
ისე ქრის ქარი,
ქარის ისეთი დაქრის არულა,
თითქოს დაღლილი ქარი ზამთარში
აქ მოსალხენად გამოპარულა.

სადაურია ეს გაკვირვებაც,
აქ იმდენ ზამთარს გადაუვლია...
მაგრამ გაოცებს თბილისში ქარიც,
როცა ასეთი გაზაფხულია.

გაგიკვირდება,
ეს ციცქნა ვარდი,
რამხელა ზამთრის ტკივილებს იტევს...


* * *
_ რა ლამაზია ეს სტრიქონი,
ეს თქვენ დასწერეთ? _
ტიტინებს ნაზად მაგიდაზე დახრილი ქალი,
_ ესეც თქვენია?
რა კარგია, რა მომხიბლავი...

კაბა _ დეკოლტე, ოქროს ხაზი, თეთრი და შავი...
მე ვზივარ მთვრალი,
მიუკიბავ-მოუკიბავი,
გულში ჰაზრი მაქვს ბოჰემური, საამო, ავი...


მიყვარს ეს ქალი

მიყვარს ეს ქალი,
ახლა ვხვდები, ძალიან მიყვარს,
მკრთალი ხელებით,
წვრილმანებზე დამღლელი ფიქრით,
გავცდებით ალბათ უცხოობის ზღვარსა და ტიხარს,
თუნდ ძალიან შორს,
თუნდაც მერე, სიცოცხლის იქით.

მიყვარს ეს ქალი...
ახლა მოვა, მოიტანს ვარდებს,
ვარდები უყვარს,
უვარდებო სასახლის მხევალს,
მოვა და შიშით შეეხება დამტვერილ ფარდებს,
რადგან მეც მუდამ დავიწყებით დამტვერილს მხედავს.

მიყვარს ეს ქალი,
იქნებ ვცდები... რა ვუყოთ ხდება,
მაგრამ როდესაც თავის სულის სალაროს ქურდავს,
ვატყობ, ბავშვივით უხარია
ან იქნებ ხვდება
რომ სიყვარულის არ აბრუნებს არავინ ხურდას.

დრო არის მშვიდი,
სევდის დარი და მაგიერი,
გადავწევ ფარდას, უკვე დროა, უკვე თენდება,
ის წავა ახლა,
ვარდებით და ამაყ იერით,
წავალ და ქალურ სიმარტოვით მოითენთება.


და ეშინიათ ქალებს...

დროა! _ ჩურჩულებს ქალი,
ვერცხლისფრად ელავს ღილი,
ღილი – დარაჯი ავი,
დედაბერივით ფრთხილი.

ცახცახით იკრავს საკინძს,
საკინძს მკერდივით მოვლილს,
იდუმალებით ნაკინძს
უპირველესად ყოვლის.

ბუხართან მშვიდად ვთბებით,
რა დრო გასულა უკვე,
ქალს ნაფერები თმების
გაჯიუტება უკვირს...

თეთრი ფარდების ჩქამი,
შორს ქიმერაა ბინდის,
ქალი მოპარულ ღამის
დასატირებლად მიდის.

მალე ჩამოდის ქმარი,
მობეზრებული მეფე,
რის სინანული – კმარა,
ძველი დარდები ყეფენ.

ხვალ დაალაგებს ოთახს,
დღეს აღარავინ მოდის,
არავინ არღვევს დუმილს
და პენელოპეს ლოდინს...

რადგან სიმშვიდის დროა
ჯერ მოლოდინის ნაცვლად
და ეშინიათ ქალებს
ღამეში მარტო გასვლა...

2012

study


Last edited by Admin on Sun Jun 25, 2017 7:48 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 1:31 pm

პაატა ბერიკაშვილი


* * *
როცა წვიმს და
როცა ელვა
აკრთობს
ალვის ხეივანს,
როცა ქარი დააქროლებს
ჩამოხეულ აფიშებს,

სწორედ მაშინ მოდის
დაღლილ,
უსახლკარო ქალივით,
ფიქრი შენზე
და ჩემს ზღურბლზე ჩუმად გადმოაბიჯებს...


შენში ბიბლიურ დედოფალის სიმკაცრეს ვხედავ

შენში ბიბლიურ დედოფალის სიმკაცრეს ვხედავ,
სულს მისტიური წარმოსახვის რიდე აბოდებს,
სარკმელზე ვერცხლის ვარაყები ნაზამთრალ ხეთა
აკრთობს ფარდების სანთლისმიერ რიბი-რაბოებს.

ხელი სავარძლის სახელურზე – ნება თამარის,
დაღლილი, თითქოს უსასრულო ღამე ათია,
და მიკარნახებს მუხლმოდრეკას მხედართმთავარი –
სიცოცხლე ჩემი, სასაცილო გალიმათია...


* * *
შენ კი არ გძინავს
შენში სძინავს მთვარეს და სიზმრებს,
მეტამორფოზულ სიყვარულის ახსნას ვუნდები,
და მეშინია,
უსაშველოდ დაღლილს და ფხიზელს,
არ ჩამეძინოს, სანამ შენით დავსნეულდები.


ისე მიჰყვება სურო თეთრ სარკმელს...

ისე მიჰყვება სურო თეთრ სარკმელს,
როგორც ღიმილი მაგ ტუჩის კიდეს,
ღამე უცნაურ საკმეველს აკმევს,
ცაზე უცნაურ ნათურებს კიდებს...

მოდი ჩამოვსხდეთ,
ღამეს ერთგული
ტალად დამდგომის შერჩა უფლება,
შავი სამოსით,
მთვარის ორდენით
დგას და თავის თავს ესაუბრება.

სადღაც თენდება,
დღე დადგა სადღაც,
სადღაც მოწყენილ სტუმარს ართობენ,
ქალაქებს ეულ
თილისმად დააქვთ
ცას შეტოვებულ მზის სიმარტოვე.

თენდება,
ვიღაც ნასიზმრალს ტირის,
დღე გოლიათის დროით იზრდება,
ახლა ტრამვაი ჩაივლის დილის,
ახლა ეს ქუჩაც გამოფხიზლდება...


გემშვიდობები...

მთრთოლვარე თითებს – მარმარილოს სანთლების ციაგს –
შორეულ ზამთრის სიზმრებიდან მოფრენილ ჩიტებს,
ქარს, მისხალ-მისხალ ამ სიცოცხლის სითბო რომ მიაქვს
და თეთრ სასახლეს, ასი ზამთრის ტკივილს რომ იტევს,
ვემშვიდობები...
გაზაფხულით მომწყურდა დაღლა.

შენს ცისფერ თვალებს – მათი ფერი მაშინებს რადგან,
ტუჩებს და ტუჩზე გარინდებულ მოთმენას ჩემსას,
ვუმზერ და თითქოს ნაბიჯს გრძნეულ დარბაზში ვადგამ
უკანასკნელის სადაც ვფიქრობ ფიალის შესმას,
ვემშვიდობები,
გაზაფხულის ჟამია ახლა.

შენს თეთრ სასთუმალს _ ერთ ღამეში ავივსე მისით,
როგორც ქუჩაში მოფარფატე ქარი ნისლებით,
ხელით ვეხები, ვიმახსოვრებ, ორივემ ვიცით,
უკანასკნელი განთიადით გარდავიცვლებით...
გემშვიდობები,
ნაზამთრალი მომბეზრდა სახლი...

შენ მხოლოდ ზათრით, მხოლოდ ზამთრით, ცოცხლობ
და სუნთქავ,
როგორც ფარვანა უნატიფეს ყინულებს მიღმა,
თითქოს ადგე და ისევ ზამთრად გაფრინდე უნდა,
თითქოს ყინულის მომაკვდავი სინაზე გიხმობს...
გემშვიდობები,
გაზაფხულის სევდა მღლის ახლის...

2012

study


Last edited by Admin on Sun Jun 25, 2017 7:47 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 4:40 pm



Der Engel, genannt Sali Taschenbuch – 7. Dezember 2015
von Paata Berikashvili (Autor)

PAATA BERIKASCHWILI
Schriftsteller, Dichter und Buchautor Paata Berikashvili ist am 05.10.1961 in Georgien, Tbilissi geboren. Er hat Fakultät Philologie an der Staatlichen Universität Tbilissi absolviert. Seit 1984 werden seine Werke regelmäßig herausgegeben. Es sind seine 4 lyrische und 6 prosaische Sammlungen, auch die Romane "Das vergessene Bahnhofs-Requiem", "Herr des Windes" und "Monoduell im Hintergrund der Fresken von weißen Fohlen." Außerdem, dass er sich mit der Forschung der georgischen und europäischen Literatur beschäftigt, ist er auch im Bereich der Bildung und Journalistik aktiv tätig.

Produktinformation
Taschenbuch: 316 Seiten
Verlag: Frankfurter Taschenbuchverlag GmbH; Auflage: 1. (7. Dezember 2015)
Sprache: Deutsch
ISBN-10: 3863692608
ISBN-13: 978-3863692605
Verpackungsabmessungen: 20,8 x 14,8 x 2,8 cm
Hrsg.: Manana Tandaschwili
Frankfurter Verlagsgruppe, 2015 (ISBN ISBN 978-3-86369-260-5)
Übersetzung: Sergo Okropiridze

Der Titel dieser Erzählsammlung „Der Engel, genannt Sali“ ist gleichzeitig auch der Titel einer seiner Erzählungen in diesem Buch.
Berikashvilis Protagonisten in diesem Buch leben in der post-sowjetischen Zeit, an der Grenze der „neuen“ zur „alten“ Epoche. Das ist die sogenannte „Welt des Grotesk-Daseins“, wo die Helden schon vor langem den Wunsch verloren haben, wieder neu geboren zu werden oder irgendein Ziel vor Augen zu haben. Diese mannigfaltigen Veränderungen verursachen bei ihnen nur groteske Nebeneffekte. Diese Welt ist unserer Welt ähnlich und auch nicht ähnlich. Es ist klar, dass sie erschaffen, aber nicht erfunden worden ist, sie ist illusorisch – aber nicht unglaubwürdig. Es sieht so aus, als ob diese Helden hinter großen Schaufenstern leben, in die man ungleichmäßig große Bruchstücke von Linsen eingesetzt hat und wir schauen sie durch sie an – mal sehen wir sie sehr vergrößert, mal sehr verkleinert und mal sehen wir die Helden und Gegenstände umgedreht. Der Titel dieser Erzählsammlung „Der Engel, genannt Sali“ ist gleichzeitig auch der Titel einer seiner Erzählungen in diesem Buch.

მოთხრობების ამ კრებულის სახელწოდება „ანგელოზი სახელად სალი“ იმავდროულად ერთ-ერთი მოთხრობის სათაურია ამ წიგნში. ბერიკაშვილის ამ წიგნის პროტაგონისტები ცხოვრობენ პოსტ-საბჭოთა ხანაში, „ახალი“ და „ძველი“ ეპოქების საზღვარზე. ესაა ეგრეთწოდებული „გროტესკულ-აბსურდული სამყარო“, სადაც გმირებმა დაკარგეს სურვილი, გარდაიქმნან ან რაიმე მიზანი ჰქონდეთ. ეს მრავალფეროვანი ცვლილებები მათში იწვევენ მხოლოდ უცნაურ გვერდით ეფექტებს. ეს სამყარო ჰგავს კიდეც და არც ჰგავს ჩვენს სამყაროს. რასაც ისინი აკეთებენ, ილუზორულია, თუმცა საეჭვო არ არის.
ამგვარად, ეს ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს გმირები დიდი ვიტრნის მიღმა ცხოვრობენ, მათთვის გამოიყენეს შეუსაბამოდ დიდი ლინზების ფრაგმენტები და ამ ლინზების მეშვეობით ვუყურებთ მათ - ხან ძალიან გადიდებულად გვეჩვნებიან, ხანაც დაპატარავებულად, ხან კიდევ გმირები და საგნები მობრუნებულია.

Link:
* http://www.literatursalon-euterpe.de/DerEngelGenanntSali.php
* https://www.amazon.de/Engel-genannt-Sali-Paata-Berikashvili/dp/3863692608
* https://www.lehmanns.de/shop/literatur/33472379-9783863692605-der-engel-genannt-sali

study


Last edited by Admin on Mon Jun 26, 2017 9:28 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 7:47 pm

პაატა ბერიკაშვილი

ჩაიარა

ჩაიარა, გაზაფხულზე ვამბობ...
თითქოს ყველა გაზაფხულებს ვთვლიდი,
გული უკვე აღარ არის სანდო,
გული _ ყველა გაზაფხულზე ფლიდი.

ჩაიარა, ლამაზ ქალზე ვამბობ...
მახსოვს, გრძნეულ პასიანსებს შლიდი,
გული უკვე აღარ არის სანდო,
გული _ ბებერ დერვიშივით მშვიდი.

ჩაიარა, სიყვარულზე ვამბობ...
დარჩა ფერი გაცრეცილი ფარჩის,
გული, გული აღარ არის სანდო,
გული _ ძველი სიყვარულის ჩარჩი.

ჩაიარა, მეგობარზე ვამბობ,
მერამდენედ ამაცდინეს ტყვია...
გული, გული ვეღარ იტანს ამბოხს,
გული უკვე მოგონების ტყვეა.

ნელა მიდის, სიცოცხლეზე ვამბობ...
მივუყვები პორტრეტების რიგებს,
გული თორემ, სურათების ალბომს
ნაწილ-ნაწილ ხვალვე დავარიგებ.

ჩაიარა...
ვარჩევ ნება-ნება
ხვალ სცენაზე გამოსატან როლებს,
კალენდარი...
დრო თოვლივით დნება
და თავისი გზებით მიმაქროლებს.

ჩაიარა, გაზაფხულზე ვამბობ...


ვიხსენებ შენი ოთახის სითბოს

ვიხსენებ შენი ოთახის სითბოს,
მაშინაც ზამთრით დაღლა მელოდა,
მაშინაც ასე ვნატრობდით თითქოს
გამონათებას რილო-ჭრელოთა.

ენძელით ხელში გასცდები ფარდას...
ყვავილთან ერთად დარდობ და ჭკნები,
დგას თაფლის ქილა გაღებულ კართან,
ქილასთან მშვიდად დაფრენენ ჭკები.

წარსული თეთრი თოვლივით მოდის,
ღამეც წარსულით მოითენთება,
შენ (ეძებ საათს): თენდება როდის?!
მე: აღარ მახსოვს როდის თენდება...

ვიხსენებ შენი ოთახის სითბოს,
თითქოს ზამთარი წარსულში მგზავნის,
შენ: ვიღაც სახლში შემოსვლას ითხოვს...
მე: ალბათ ზამთრის იქნება მგზავრი...


ხანდახან, როცა ყველას ვივიწყებ

ხანდახან, როცა ყველას ვივიწყებ,
როცა ქუჩაში ისევ ქარია,
ვადგები წლებში ჩაკარგულ ბილიკს
და ისევ შენსკენ მომიხარია.

ხანდახან, როცა დამემდურები
(ხდება ასეთი უბედურებაც),
გაშინებს გრძელი ღამის ლოდინი
და ცარიელი ქუჩის ყურება.

ხანდახან ხდება და... მავიწყდები
(ძლივს ავუდივარ ამდენ გადიებს),
ხანდახან ხდება...
ნუ გამიწყრები,
შენ თავად მოდი და მაპატიე.

2012

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 7:48 pm

პაატა ბერიკაშვილი

შეხვედრები და ძიძის მეთვალყურეობა

ავად სწორდება ქალი ძველი ყაიდის სკამზე,
სკამზე თავადის ღერბი და ლეოპარდის თათი...
_ რომელ საათზე მოხვალ? – ასე, საათის სამზე,
გულუბრყვილობავ ჩემო, არის საღამოს ათი.

წინაპრებისას ირგებს გოგონა ამაყ ნიღაბს,
მერე გადადგამს ფინჯანს – გაცივებულა ყავა...
ძიძას, იერით კატის, ფინჯანი ფრთხილად მიაქვს,
მოიხედავს და ზვერვით ფარდების მიღმა გავა.

მე ფრთხილად გავხსნი არაყს...
გოგონა წკიპავს წარბებს...
_ რატომ გაბრაზდით? არაყს ნაპოლეონიც სვამდა...
_ ნაპოლეონი?
_ დიახ! _ აქ ძიძას ფინჯანს ართმევს...
_ სვამდნენ ლუი და ფრიდრიხ, ჰქონდათ კავშირი სამთა.

აიმრიზება წამით, – დიდი ამბავი, ფრიდრიხ,
ვინ იყო ერთი ფრიდრიხ, რომელი ქვეყნის მეფე?!
და აქ ვახეთქებ ტყუილს დილეტანტური რიხით,
_ პრუსიად ედგა ტახტი, ვრცელი პალატა სეფე.

კონტესამ თუმცა ეჭვით, მაინც ირწმუნა ბოლოს,
სურათს შეხედა, სანამ აგემოვნებდა არაყს,
ამბობს: ბაბუა თუმცა, თავადი იყო მხოლოდ,
მაგრამ, იცოდეთ, არვის აპატიებდა ღალატს.

მერე მსახური სახლის და დუენია ავი,
ტრადიციულად მკაცრი, მოსასვენებლად მიდის,
სანამ შეეძლო ბებერს, ფხიზლად ეჭირა თავი,
რა ქნას, დაღამდა უკვე, უკვე ჟამია ბინდის.

ქალი სიცილით კვდება, რომ გაიხსენებს ფრიდრიხს,
სვამს არაყს, ნელა თვრება, მერე ძიძაზე ამბობს:
_ აბა, რა მეთქვა, ისე მომჩერებოდა რისხვით,
ჩიხტიკოპოსან ქალთა მეგონა ვშლიდი ალბომს.
...
თენდება, მზერა სცდება ბინდის გაცრეცილ სამანს,
გამოფხიზლების ჟამი – დილაა, უთენია,
უნდა მოვასწრო წასვლა, გაიღვიძებენ სანამ
ბაბუა – კედლის მეფე და მკაცრი დუენია...

2012

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Sun Jun 25, 2017 7:49 pm

პაატა ბერიკაშვილი

მე აღარ მახსოვს, გეცვა...

მე აღარ მახსოვს, გეცვა, აბრეშუმის თუ მოვის,
კაბა ღამეულ ფიქრის, კაბა ვარსკვლავთა თოვის,

ქარებს ნისლებით სოველს, ამვლელს და ჩამვლელს ყოველს,
ნატვრისთვალივით ვეძებ შენი ბილიკის მპოვნელს.

შენ გეშინია... ითმენ სასტიკ სიჩუმეს ბინდის,
ითმენ საათის წიკწიკს, დრო ფეხაკრებით მიდის,

მოგიტევებენ, ვიცი...
ქარის გხიბლავდა ფრთები,
დედოფლის თეთრი ჩალმა და თეთრი აღმართები.

ნუ მიენდობი ქარში ბილიკს წალეკილს თოვლის,
ქარს ქარის მიაქვს მხოლოდ, უპირველესად ყოვლის.

შეგრჩება მხოლოდ დარდი,
დარდის წაგიღებს ზვირთი,
ქარი – დერვიშის კაბა, ქარი _ ყარიბის ტვირთი.

მე აღარ მახსოვს, გეცვა, აბრეშუმის თუ მოვის,
კაბა ღამეულ ფიქრის, კაბა ვარსკვლავთა თოვის...


* * *
მძივზე შეწყვეტილს
ნელა ვითვლი ნატვრისთვალს ამდენს,
გაკრთდნენ და გაქრნენ,
მახსოვს, ძველი თილისმა გქონდა.
ღელავდნენ თმები...
თმები წვიმის ჩუქურთმებს ჰგავდნენ,
როცა ეს ფარდა წვიმით სავსე ჰაერში ქროდა...

იქნებ სხვა იყო...
შენს მაგივრად სხვა ქალი შერჩა
ამ სანთიობოს სულ სხვა ფერის, შორი და უცხო...
ამიტომ მინდა ჩავიმუხლო და შენთან ერთად
ბნელში გაბნეულ მოგონებებს ძებნა დავუწყო...

2012

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   Mon Jun 26, 2017 8:52 am

პაატა ბერიკაშვილი

მე ვიცი, მალე მოვა აპრილი

დღეს ისე ათოვს შენს ლამაზ ბაღებს
და ისე ცელქობს თოვლის მარულა,
თითქოს ამ სახლში ბერი-ზამთარი
შენს საფერებლად შემოპარულა!

დაიფარება ყინვის მტევნებით
მოოქროვილი ფარდის ქარგები.
შენ მთვრალ ბილიკებს აედევნები
და ამ ზამთარში დამეკარგები...

ისე მოგქანცავს ეგ საოცრება,
ფიქრები ისე გაგატიალებს,
ტუჩებს მიანდობ დასაკოცნელად
თოვას, უგზოოდ მოხეტიალეს.

მე ვიცი, მალე მოვა აპრილი,
თან მოიყოლებს ქარვისფერ ნისლებს,
შერჩები თოვლით დაფარულ ბილიკს
და გაზაფხული სხვაგან მოგისწრებს...

გაგიმეორებ _ დარჩი ამ სახლში,
ჩვენი წარსული იყოს თავდებად,
ნუ წახვალ თოვლში, ან წადი მაშინ,
ამხელა თოვა რომ გათავდება...

ვეღარ გაგიშვებ,
ერთხელ უკვე ვენდე ამ ზამთარს,
გაყინულ ბაღში ღამეს ტეხდნენ როცა ბიჭები,
და მერე დილით, თეთრი სევდით დაფარულ ველზე
ძლივს მოვიძიე შენი მკრთალი დანაბიჯები.

მე ვიცი, მალე მოვა აპრილი,
ღრუბლები ლაშქრად აიყრებიან...

2012

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: პაატა ბერიკაშვილი   

Back to top Go down
 
პაატა ბერიკაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: