არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu   Wed Dec 21, 2016 1:34 pm


Parna-Beka Chilashvili


ფარნა-ბექა ჩილაშვილი

ფარნა-ბექა ჩილაშვილი (დ. 5 ოქტომბერი, 1956, უნიე, თურქეთი) — თურქეთში მცხოვრები ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, მთარგმნელი, პუბლიცისტი და მკვლევარი. მისი თურქული სახელია Fahrettin Çiloğlu. თავდაპირველ ეტაპზე, ქართული გვარის დადგენამდე, ის წერდა ჭილაძის გვარით. წერს ძირითადად თურქულად, მაგრამ ქართულად დაწერილი მოთხრობა და ლექსებიც აქვს.
ფარნა-ბექა ჩილაშვილი დაიბადა უნიეს რაიონის ერთ-ერთი ქართულ სოფელში. განათლებით ჟურნალისტი წლების განმავლობაში ენციკლოპედიურ გამოცემებში მუშაობდა. 1993 წელს აღდგენილი ჟურნალ “ჩვენებურის” 1997 წლამდე რედაკტორი იყო. 1997 წელს კი ჟურნალ “მამულის” გამოცემა დაიწყო. ამ ჟურნალმა გააგრძელა “ჩვენებურის” ძირითადი ხაზი – რაც შეიძლებოდა მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა თურქულენოვანი მკითხველისათვის საქართველოს შესახებ. თარგმნილი აქვს ლექსები, ნოველები და ისტორიული თხზულებები. 2007 წლიდან თურქეთში მისივე დაარსებული თურქულ-ქართული ჟურნალის, ფიროსმანის მთავარი რედაქტორი იყო.
ბოლო წლებში თურქულად გადათარგმნა დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“, ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“, ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“, ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“.
2004 წელს გამოიცა ფარნა-ბექა ჩილაშვილის პოეტური კრებული „აპრილის ლექსები“, მოთხრობების კრებული „დამტოვე შორს“ და კრებული „უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“, რომელიც დღიურების სახითაა დაწერილი. 2006 წელს ქართულად ითარგმნა და გამოიცა ფარნას რჩეული მოთხრობების კრებული „სასაზღვრო ფიქრები“. ეს წიგნი მან გამოსცა ჭილაძის გვარით. ლია ჩლაიძემ 2006 წელს აღნიშნული წიგნის შესავალში საკმაოდ ვრცელი ინფორმაცია მიუძღვნა ავტორს. ფარნა-ბექა ჩილაშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. მათ შორისაა, „ქართველების ისტორია“ (1993). იგი პოპულარული ფორმით ინფორმაციას აწვდის თურქულენოვან მკითხველს საქართველოს შესახებ. წიგნის იმ თავში, რომელსაც “თურქეთის ქართველები” ჰქვია, გამოყენებულია ქართველების თურქეთში მოხვედრის ისტორია. ფარნა-ბექა ჩილაშვილი პირველია თურქეთის მეისტორიეთაგან, ვინც იქაურ ქართველებს სიმართლე უთხრა თავიანთი ვინაობის შესახებ.

2007 წელს სტამბოლში გამოიცა მისი მოთხრობების ახალი კრებული „უჩინმაჩინი“. განსაკუთრებით საყურადღებოა ფარნა-ბექა ჩილაშვილის ბოლო პერიოდში ქართულად დაწერილი ლექსები. 2012 წელს თბილისში გამოიცა მისი მოთხრობების კრებული „სანამ თოვს“, 2014 წელს — პუბლიცისტური წერილების კრებული „ერთი წვეთი ლიმონი“.


წიგნები:
* Gürcülerin Tarihi (1993; „ქართველთა ისტორია“)
* Nisan Şiirleri (2004; „აპრილის ლექსები“)
* Beni Bırak Uzaklara (2004; „დამტოვე შორს“)
* Aşksız Mutluluk Yoktur (2004; „უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“)
* „სასაზღვრო ფიქრები“ (2006)
* Uçinmaçini (2007; „უჩინმაჩინი“)
* „დედა ენა / Deda Ena“ (2008)
* „სანამ თოვს“ (2012)
* „ერთი წვეთი ლიმონი“ (2014)

ბმული:
* https://ka.wikipedia.org/wiki/ფარნა-ბექა_ჩილაშვილი
* https://www.kitapdenizi.com/ucinmacini

study


Last edited by Admin on Wed Mar 22, 2017 12:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu   Wed Mar 22, 2017 11:27 am

ფარნა-ბექა ჩილაშვილი

Fahrettin Çiloğlu

„ჩემი ლექსების, მოთხრობებისა და ნოველების თემა ჩემს ოცნებებში წარმოდგენილი საქართველოა. უფრო ჩემი ხალხის წარსულს, საქართველოდან გადასახლებას, საზღვარს აქეთ და იქით დარჩენილ ადამიანთა განცდებს ასახავს. შემიძლია ვთქვა, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველ მწერალთა შორის ამ თემაზე პირველმა მე დავწერე“, – ეს სიტყვები ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალს, მწერალ ფარნა–ბექა ჩილაშვილის (ფაჰრედინ ჩილოღლუს) ეკუთვნის. იგი 1956 წ. 5 ოქტომბერს დაიბადა თურქეთში, ორდუს ილის უნიეს ქართულ სოფელ აქბაბაში. წინაპართა ენა ოჯახში შეისწავლა. თავად მწერლის ინფორმაციით, მისი წინაპრები ზემო აჭარიდან, კერძოდ კი მაჭახელიდან XIX საუკუნის ბოლოს გადასახლებულან თურქეთში და შავი ზღვის სანაპიროზე, უნიეს რაიონის ერთ–ერთ სოფელში დამკვიდრებულან.

ფარნა–ბექა ჩილაშვილი სამოღვაწეო ასპარეზზე 1980 წ. სტამბოლის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გამოვიდა და მისი ცხოვრებისა და შემოქმედების ერთ–ერთ უმთავრეს მიმართულებად თავიდანვე ქართული საქმეებით დაინტერესება იქცა. ქართველ მუჰაჯირთა შთამომავალმა 1993 წ. მისივე რედაქტორობით აღადგინა ჟურნალი „ჩვენებური“ (რომლის გამოცემაც 1980 წ. აჰმედ მელაშვილის მკვლელობიდან მოყოლებული 13 წლის მანძილზე შეწყვეტილი იყო). 21 ნომრის გამოცემის შემდეგ „ჩვენებურის“ ხელმძღვანელობა ნური მერჯანს (ოთარ იმედაშვილი), აჰმედ მელაშვილის ვაჟს, იბერიასა და გურამ ხიმშიაშვილს გადააბარა. თავად კი ახალი ქართული (თურქულენოვანი) ჟურნალის „მამულის“ გამოცემა დაწყო. სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო მხოლოდ 5 ნომრის გამოცემა შეძლო.

ფარნა–ბექა ჩილაშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია. 1993 წ. სტამბოლში თურქულ ენაზე გამოიცა ფარნა–ბექა ჩილაშვილის წიგნი „ქართველთა ისტორია“, რომელიც თურქულენოვან მკითხველს პოპულარული ენით აწვდის დიდძალ ინფორმაციას საქართველოს პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ.

მწერალმა მიაკვლია ისმეთ–ზადე მეჰმედ არიფის მიერ ოსმალურ ენაზე დაწერილ და 1893 წ. სტამბოლში გამოცემულ წიგნს – „ქართული სოფლები“, რომელშიც თურქეთში ქართველ მუჰაჯირთა დამკვიდრებასთან დაკავშირებული ამბებია მოთხრობილი. აღნიშნული წიგნი ფ. ჩილაშვილმა თანამედროვე თურქულ ენაზე თარგმნა და 2002 წ. გამოსცა. თურქულ ენაზე თარგმნა და სტამბოლში 1998 წ. ცალკე კრებულად გამოსცა ქართული პოეზიის პატარა ანთოლოგია. თურქულ პრესაში სისტემატურად იბეჭდება მისი სხვა თარგმანებიცა და წერილებიც საქართველოს ისტორიისა და თანამედროვეობის პრობლემურ საკითხებზე. 2002 წ. სტამბოლში ცალკე კრებულად გამოვიდა შავშეთისა და ჭოროხის აუზის ქართულ სოფლებში არსებული მდგომარეობის ამსახველი ივანე ჯაიანის ის წერილები, რომლებიც XIX საუკუნის ბოლო წლებში გამოქვეყნდა „დროებასა“ და „ივერიაში“.

ფ. ჩილაშვილის მიერ განხორციელებულ მრავალრიცხოვან ქართულ საქმეთაგან განსაკუთრებით საყურადღებოა 2007-2010 წლებში, თურქეთის ისტორიაში პირველად სტამბოლში ორენოვანი (თურქულ–ქართულ) ყოველკვარტალური ჟურნალის „ფიროსმანის“ გამოცემა. ეს მაღალპოლიგრაფიული დონის პერიოდული ორგანო, სადაც ყველა მასალა ერთდროულად ქართულ და თურქულ ენებზე იყო დაბეჭდილი, ქართველი მკითხველისათვის საქართველოშიც ხელმისწვდომი გახლდათ. „ფიროსმანი“ ქართველ და თურქ მკითხველს მიზანსწრაფულად აწვდიდა უაღრესად საინტერესო ინფორმაციას ჩვენი ქვეყნის როგორც ისტორიული ასევე თანამედროვე ცხოვრებიდან.

ფ. ჩილაშვილი თანამედროვე თურქული ლიტერატურის ერთ–ერთი საინტერესო წარმომადგენელი, ლიტერატურულ სამყაროში ფართოდ ცნობილი პროზაიკოსი, პოეტი და ესეისტია. 2004 წ. გამოიცა მისი პოეტური კრებული „აპრილის ლექსები“, მოთხრობების კრებული „დამტოვე შორს“ და კრებული „უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“, რომელიც დღიურების სახითაა დაწერილი. 2006 წელს გამომცემლობა „არტანუჯმა“ ფარნა-ბექა ჩილაშვილის (აღნიშნულ გამოცემაში მწერლის ქართული გვარი ჭილაძის ფორმითაა ნახმარი) ქართულენოვანი კრებულიც გამოსცა. ხსენებული გამოცემა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იმის გამოც იძენს, რომ მასში მწერლის თურქულენოვანი მოთხრობების ქართულ თარგმანებთან ერთად, ავტორის ქართული ლექსებიცაა დაბეჭდილი.

2007 წ. სტამბოლში გამოიცა მწერლის მოთხრობების ახალი კრებული „უჩინმაჩინი“. 2012 წ. თბილისში გამოიცა მისი მოთხრობების კრებული „სანამ თოვს“, 2014 წელს – პუბლიცისტური წერილების კრებული „ერთი წვეთი ლიმონი“, 2016 წელს – "ნამცეცა".

ფარნა ბექა ჩილაშვილის ქართულენოვანი შემოქმედება განსაკუთრებული მნიშვნელობისაა იმიტომაც რომ ჩვენებურთა მთელი ისტორიის მანძილზე იგი ფაქტობრივად პირველი პროფესიონალი ქართველი მწერალია, რომელმაც მეტ–ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა სცადა ქართულენოვანი ლიტერატურის შექმნის გზაზე.

წყარო:
1. ნიკოლეიშვილი, ავთანდილ. ფარნა-ბექა ჩილაშვილი (ფაჰრედინ ჩილოღლუ) - თურქეთში მოღვაწე ქართველი მწერალი და მამულიშვილი / ავთანდილ ნიკოლეიშვილი // წელიწდეული . - ქუთაისი, 2011. - ტ. III, გვ.187-195.

ბმული:
* www.fereidani.ge/158_parna/158_parna.htm


Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu   Wed Mar 22, 2017 12:49 pm

ფარნა-ბექა ჩილაშვილი

კატა, ბუ და შენ

კატა მეწყვილით იბადება და
თავს ადამიანს, თურმე, ამსგავსებს, –
შენმა ხელებმა მიამბეს ასე.

დედამიწისგან ნაბოძებ სულთქმას
ადამიანებს აძლევს ყველა ხე –
მე შენს ღიმილში ეს დავინახე.

სახლს რომ სახლობას ანიჭებს ქალი,
ვაშლის ჩაიზე ძალზე იოლად
ჩამიჩურჩულა ვაშლის ჩიორამ.

იესო ჯვარზე როდი გაუკრავთ, –
ბუთა სიცრუე ყოფილა ესე!
შაჰმერანია მოწმე ამისი!

ეს ყველაფერი იყო სიზმარი
და, როცა ღამეს დავშორდი, გული
ზარებზე დამრჩა დაკიდებული.

(თურქულიდან თარგმნა თინა შიოშვილმა).


ბმული:
* https://parnabekachilashvili.wordpress.com/2017/01/01/კატა-ბუ-და-შენ/


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu   Wed Mar 22, 2017 12:54 pm



ფარნა-ბექა ჩილაშვილი

დამსხვრეული შუშის დღე
(მოთხრობა)

დილით ჩვეულებისამებრ ვისაუზმე, ჩანთის სახელური თავსა და მკლავებზე გადავიტარე და კისერზე ჩამოვიკიდე. “სიმძიმე ზურგს გაასწორებს” – გამახსენდა ვიღაცის ნათქვამი და მსუბუქად წავტორტმანდი. სკოლის გზას გავუდექი. ჩემთვის გზის დასასრული ის ადგილი იყო, საიდანაც სკოლა მოჩანდა. გზა მერეც გრძელდებოდა, მაგრამ საით მიდიოდა, ჩემთვის უცნობი იყო, კიკის კი ყოველთვის იმ გზიდან მომავალს ვხედავდი.
ახლაც ისევე, როგორც ყოველ დილით, კიკის გზაზე შევხვდი. მხარზე ერთმანეთზე დაწყობილი ყუთები ედო. ყუთები იმსიმაღლე იყო, გეგონებოდა, ცის თაღს წვდებაო. დანამდვილებით არ ვიცი, ყუთების ასეთი სიდიდე ჩემი ბავშვობის გამო მეჩვენებოდა ასე თუ მართლაც ასე იყო. ყოველ ჯერზე კი გაოცებული ვრჩებოდი, თუ როგორ ახერხებდა კიკი ასეთი უზარმაზარი ყუთების ტარებას. კიკი დაბალი, პატარა ტანის კაცი იყო. სახე და თვალები წვერებს შორის ჩამალვოდა. ჩემი იმდროინდელი ფიქრით ძალიან მოხუცი იყო. იმდენად მოხუცი, რომ შეუძლებელი იყო მისი ასაკის გამოცნობა. მაშინ შვიდი წლისა ვიყავი და ალბათ ამიტომ არ შემეძლო კიკის ასაკის გამოცნობა. ახლა კი რატომღაც ვფიქრობ, რომ სამოცდაათი წლისა იქნებოდა.
კიკი მხოლოდ მოხუცი კი არა, განსხვავებული, სხვებისგან გამორჩეული ადამიანიც იყო. კიკის ჩემი მშობლებისნაირ ადამიანებს ვერ ვამსგავსებდი. ამის მიზეზი ის ამბებიც იყო, ხალხი რომ ყვებოდა კიკისა და მისი ოჯახის შესახებ და მე მაფორიაქებდა. კიკის ერთი ვაჟი ჰყავდა – მემედა. მემედა გიჟი იყო. მისი მთელი დღის საქმიანობას ერთი ხის განუყრელი ნაჭრით ზღვის ნაპირზე ჯდომა და ზღვისთვის ცქერა წარმოადგენდა. მემედა არავისთან საუბრობდა, გზასაც კი ისე არჩევდა, არავის გადაჰყროდა. ზღვის პირას მჯდომი შიგადაშიგ ერთი და იგივე სიტყვებს ბუტბუტებდა:
“უსმინე დამსხვრეული შუშის ხმას, ეს სტრუმაა.”
როცა დაბინდდებოდა, გარეთ ყოველ კუთხე-კუნჭულში მემედა მელანდებოდა. საითაც არ უნდა გამეხედა, ვფიქრობდი, რომ მას დავინახავდი; რომელ მხარესაც უნდა წავსულიყავი, მეგონა, რომ ის შემხვდებოდა. ახლა, როცა ამაზე ვფიქრობ, მგონია, რომ მემედა ახლაც თითქოს ისევ ზღვის ნაპირას ზის, ხელში ის ხის ნაჭერი უჭირავს და ისევ ზღვას გასცქერის. ყურში კი ისევ ჩამესმის მისი სიტყვები: “უსმინე დამსხვრეული შუშის ხმას, ეს სტრუმაა”. ამ სიტყვებს რატომღაც როგორც გულშიჩამწვდომი ხმით ნამღერს, ისე აღვიქვამდი.
“ასეთ უზარმაზარ ტვირთს როგორ ატარებ?” – ვკითხე კიკის.
“თუ გინდა, მეორე მხარეს შენც შეგისვამ”, – მიპასუხა კიკიმ ისე, რომ თავი არ აუწევია. თავი რომ აეწია, დავიმახსოვრებდი მისი სახის მაშინდელ გამომეტყველებას. სახტად დავრჩი და თითქოს ენა გადავყლაპე. კიკის მხარზე თუ შემოვუჯდებოდი, ყუთებისხელა თუ არა, მაინც მძიმე ვიქნებოდი და პატარაობაც გაქრებოდა.
“მოდი, მხარზე შემაჯექი”, – დაიჟინა კიკიმ. მე ვერაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ ადგილიდანაც ვერ ვიძროდი. თუმცა მხარზე შეჯდომა ნამდვილად მინდოდა. თან მაინტერესებდა, როგორი იქნებოდა და ისიც მაინტერესებდა,სიმძიმისგან წაიქცეოდა თუ არა კიკი. თუ წაიქცეოდა და ადგომას ვერ შეძლებდა, მეც ბევრი მოსაყოლი მექნებოდა ამხანაგებთან.
“მიდი, შემაჯექი, შემაჯექი”, – დაჟინებით განაგრძობდა კიკი. გასაადვილებლად წინ გადმოიხარა და კიკის მხარზე აღმოვჩნდი. კიკის ერთ მხარზე მე ვიყავი წამოსკუპებული, მეორეზე კი უზარმაზარი ყუთები ედო. კიკი გარბოდა, მაგრამ როდის დაიწყო სირბილი, არც ეს მახსოვს. ვიცინოდი და ვხითხითებდი. კიკის სწრაფი სირბილის გამო თითქოს შიგნეულობა ამომიტრიალდა და თან კი უზარმაზარ სიამოვნებას განვიცდიდი. ცოტა ხნის შემდეგ კიკი გაჩერდა, ცოტა დაიხარა და მიწაზე დამსვა.
“ასეთი ძლიერი როგორ ხარ?” – ვკითხე კიკის.
“იმიტომ, რომ დაბალი ვარ”, – მიპასუხა მან.
“მაღლები ძლიერები არ არიან?” – გავაგრძელე კითხვების დასმა და მამაჩემი გამახსენდა. კიკისთან შედარებით საკმაოდ მაღალი იყო მამაჩემი. ისე, მამაჩემიც ძლიერი ადამიანი იყო. უზარმაზარი რაღაცების აწევა და ტარება შეეძლო, თუმცა, როცა მძიმე რაღაცის აწევა უხდებოდა, მთელი ქვეყნიერების, გამჩენის და ყველას მისამართით საშინელი ლანძღვა-გინების კორიანტელს აყენებდა. კიკი კი ისე ლაპარაკობდა, თითქოს ზურგზე არანაირი სიმძიმე არ ჰქონოდა და თან ყველას უღიმოდა. განსხვავებული, სხვებისგან გამორჩეული ღიმილი იცოდა კიკიმ. ეს ღიმილი მეხსიერებიდან არ წამშლია და ახლაც მახსოვს.
“მაღალი ადამიანები ძლიერებივით გამოიყურებიან, მაგრამ ძლიერები არ არიან”, – მტკიცე ხმით განაგრძობდა კიკი საუბარს. “ჩვენ განსხვავებულები ვართ. ხორცსა და ძვალს ერთიანად ვჭამთ. თევზსაც ფხიანად მივირთმევთ. ძვლები და ფხა ადამიანს ძალას მატებს. პატარა ცხოველებსა და ძალიან ბევრ მცენარესაც უმად ვჭამთ”.
იმ წუთას ისევ გამახსენდა, თუ რატომ მეშინოდა კიკის და მემედასი. რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე. ეს რომ კიკიმ შეამჩნია: “ნუ გეშინია, შესაშინებელი არაფერია”-ო, მითხრა და დაუმატა: “იცი, ჩვენ მხოლოდ ღამღამობით ვჭამთ საჭმელს”.
უბანში ჩემზე უფროსი ბავშვებიც იგივეს ჰყვებოდნენ. კიკისიანები “სხვანაირები არიან და უმ ხორცს ჭამენო”. თანაც იმასაც ამბობდნენ, რომ კიკის ბაბუა, რომელიც დიდი ხნის გარდაცვლილი იყო, პატარა ბავშვებსაც კი ჭამდა ცოცხლადო. კიკი – უბნელების შერქმეული სახელი იყო და ჩემს მსგავსად, მისი ნამდვილი სახელი ძალიან ბევრმა ადამიანმა არ იცოდა. ფიქრობდნენ, კიკიმ არ იცოდა, მას რომ კიკის ეძახდნენ. ამიტომ, როცა უბნის ბავშვები შორიდან კიკის დაინახავდნენ, ასე გაჰყვიროდნენ: “კიკი, მელაკუდა კიკი”. ზოგიერთები ამ სიტყვებს მწყობრ ტემპსაც კი აძლევდნენ:
ერთი ჯგუფი: “კიკი, კიკი”
მეორე ჯგუფი: “მელაკუდა კიკი”-ს გაიძახოდა და ასე აგრძელებდნენ…
კიკიმ იცოდა მოარული ხმების შესახებ და ამიტომაც მითხრა: “ხომ იცი, ჩვენ საჭმელს ღამღამობით ვჭამთ”-ო.
“და ღამღამობით წისქვილის ქვაზეც გძინავს?” – ვკითხე.
“მართალია, აგრამ შენ საიდან იცი? შენ ხომ არასოდეს გინახავს, თუ როგორ მძინავს წისქვილის ქვაზე!”
ნახვით კი მართლაც არ მენახა და ეს მანაც იცოდა. თუ კიკიმ ყველაფერი ასე იცოდა, მაშინ წისქვილის ქვაზე ძილის დროსაც ეცოდინებოდა ყველაფერი, მე რას ვაკეთებდი და სად ვიყავი.
“ამიტომ გელოდება მემედა ღამღამობით წისქვილთან?”
“ხო, მემედა წისქვილს წყალს აძლევს და ბორბალს ატრიალებს. ამ დროს მე მძინავს. მერე მემედა წვება წისქვილის ქვაზე და მე ვაძლევ წყალს და ასე რიგრიგობით”.
“სკოლაში მაგვიანდება” – წამოვიყვირე და კიკის სირბილით გავშორდი.
“ეგრე სწრაფად ნუ გარბიხარ, დაეცემი”, – მომაძახა კიკიმ. ბოლო სიტყვები გავიგონე თუ არა, წავიბორძიკე და დავეცი. თავი აწეულიც არ მქონდა, რომ კიკი ახლოს დავინახე. მე უკვე ფეხზე ვიყავი, მაგრამ კიკიმ როდისღა გამომიწოდა ხელი, ვერ გავიგე.
“არ ირბინო. ჩემ გამო უკვე დააგვიანე, თანაც ახლოს ხარ” – კიკის სიტყვები მაშინ წამომეწია, როცა სკოლის კარებს ვაღებდი. ამ დროს ზურგიდან ჩემი ძმის ხმაც გავიგონე – მე მეძახდა.
“სად იყავი, გაკვეთილი ხუთი წუთია დაიწყო” – მკითხა.
გამახსენდა მე და ჩემი ძმა სახლიდან ერთად გამოვედით და სკოლაშიც ერთად მოვედით. ჩემს ძმას გაკვირვებულმა შევხედე. ჩემი გალურჯებული სახე რომ დაინახა, შეშინებული ხმით მკითხა:
“ავად ხომ არა ხარ?”
მე ხშირად ვავადმყოფობდი და როცა ჩემი ძმა რაიმე უცნაურს შემამჩნევდა, მაშინვე ავად ვიყავი თუ არა, იმას მეკითხებოდა.
“იცი, გზაზე კიკის შევხვდი”.
“რა თქმა უნდა, ვიცი. ჩვენ ხომ ერთად მოვედით …” მიპასუხა უფრო გაკვირვებულმა.
ჩემი ძმა ჩემზე ერთი წლით უფროსი იყო და სხვადასხვა კლასში ვსწავლობდით. სკოლაში ორივენი ერთად დავდიოდით. ჩემ ძმას ალბათ ვერ წარმოედგინა, გზაზე რამე მომხდარიყო და მას ვერ შეემჩნია.
“მაგრამ… მე…მე “, – დავაპირე, რომ რაღაცა მეთქვა.
“რა? რა მოგივიდა?” – მკითხა ჩემმა ძმამ.
“არაფერი, ცოტა თავბრუ მესხმის. ეს არის მხოლოდ!”
საკლასო ოთახში რომ შევედი, მასწავლებელი დაიგვიანების გამო გამიბრაზდა და კუთხეში ცალ ფეხზე დადგომა მომისაჯა.
დასჯილმა შორიდან თითქოს კიკი დავინახე, მიღიმოდა და თითქოს მებოდიშებოდა: “ყველაფერი ჩემი ბრალია”.


(თურქულიდან თარგმნა ციცო კაიკაციშვილმა)


ბმული:
* https://parnabekachilashvili.wordpress.com/2016/09/13/დამსხვრეული-შუშის-დღე/

study


Last edited by Admin on Thu Mar 23, 2017 2:27 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu   Wed Mar 22, 2017 1:29 pm



ჩილაშვილი, ფარნა-ბექა
სანამ თოვს : მოთხრობები / ფარნა-ბექა ჩილაშვილი ; [მთარგმნ.: ზურაბ ბატიაშვილი (დარუჯანაშვილი), ელისაბედ ბჟალავა, ლელა დადიანი და სხვ.. - თბ. : არტანუჯი, [2012]. - 186 გვ. ; 21 სმ.. - ISBN 978-9941-421-40-2

ბელა ჩეკურიშვილი

მწერალი ქართულ-თურქულ კულტურულ დიალოგში

ფარნა-ბექა ჩილაშვილი – თურქული სახელით ფაჰრეთინ ჩილოღლუ – უნიეში დაბადებული, მუჰაჯირების შთამომავალი ქართველი მწერალია, რომელიც ამჟამად სტამბულში ცხოვრობს და, მწერლობასთან ერთად, ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწევა.

წლების განმავლობაში ქართველი მკითხველი ეცნობა მის მიერ დაარსებულ ორენოვან ჟურნალს “ფიროსმანი”, სადაც ქვეყნდება როგორც საქართველოში, ისე თურქეთში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტებისა და მეცნიერების სტატიები. ჟურნალის მისია – გაერღვია საინფორმაციო ვაკუუმი და მის მკითხველს გაეცნო ქვეყანა არა როგორც სავაჭრო პარტნიორი მეზობელი, არამედ წინაპართა მიწა, თავისი კულტურული და ისტორიული წარსულით და დღევანდელობით, რეალურად საგრძნობი და ხელშესახები, კვლავაც აქტუალურია.

თურქეთის ქართველები ტკივილიანი თემაა, რომელთანაც კავშირის დამყარება და სხვადასხვა დონის თანამშრომლობა ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს, თითქოს ისევ რკინის ფარდით ჩაკეტილ საბჭოთა სისტემაში ვცხოვრობდეთ. პოლიტიკას ნუ შევეხებით, ეს პოლიტიკოსის საქმეა, ჩვენ იმაზე ვიფიქროთ, როგორ შეიძლება პოლიტიკის გვერდის ავლით, საზოგადოებრივი ინსტიტუტებით, სახელოვნებო პროექტებით თუ პირადი ინიციატივით იმ კავშირების გაბმა, რასაც სარფს იქით დარჩენილი თანამოძმენი ჰქვია. დღეისათვის რეალობა ისაა, რომ ჩვენც ძალიან ცოტა ვიცით მათზე, ისევე როგორც მათ ჩვენზე. იმისათვის, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველებს წერა-კითხვის შესწავლის საშუალება ჰქონოდათ, ფარნა-ბექა ჩილაშვილმა გადაწყვიტა, იაკობ გოგებაშვილის “დედაენა” ეთარგმნა და თურქული ენის სპეციფიკისთვის მოერგო. ამ წიგნით სწავლობენ დღეს სტამბულში მცხოვრები ქართველები საკვირაო სკოლაში. თურქეთის ქართველთათვის ქართული მწერლობის გაცნობის მიზნით თარგმნა მან კლასიკოსები თუ თანამედროვე ავტორები. იგი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მათ შორის, “ქართველთა ისტორია” 1993 წელს გამოვიდა. სარფის აქეთ და იქით მცხოვრებ ქართველთა შორის კავშირების გაბმას ემსახურება ფარნა-ბექა ჩილაშვილის, როგორც მწერლის, შემოქმედებაც – ცნობიერად თუ ქვეცნობიერად. და შეიძლება ითქვას, მხატვრული სიტყვა ყველაზე მყარი და ეფექტური იარაღია არსებული ვაკუუმის გასარღვევად. მისი სამწერლო დებიუტი 2004 წელს შედგა სტამბოლში, პოეტური კრებულით, რასაც იმავე წელს მოთხრობების კრებულიც მოჰყვა, ხოლო 2007 წელს გამოვიდა კიდევ ერთი კრებული “უჩინმაჩინი”.

ფარნა-ბექა ჩილაშვილი, როგორც მწერალი, ქართველმა საზოგადოებამ 2006 წელს გაიცნო, როცა გამოიცა მისი კრებული “სასაზღვრო პოეზია”, სადაც თურქულიდან თარგმნილ მოთხრობებთან ერთად, ავტორის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი ლექსებიც შედიოდა. რამდენიმე ხნის წინ კი “არტანუჯმა” დასტამბა მისი მოთხრობების კიდევ ერთი კრებული “სანამ თოვს”, სადაც შევიდა მწერლის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი მოთხრობა “ბოლო სურვილი”, ხოლო სხვა მოთხრობები თურქული ენიდან თარგმნეს ზურაბ ბატიაშვილმა (დარუჯანაშვილი), ელისაბედ ბჟალავამ, ლელა დადიანმა, თამარ თევდორაძემ, ციცო კაიკაციშვილმა, ნანა კაჭარავამ და ნანა ჯანაშიამ.

რადგან მხატვრული სიტყვის ძალა ვახსენე, არ შეიძლება არ ვისაუბროთ იმ სიტყვის ხარისხზეც, და იმაზე, თუ რისი გაზიარება უნდა ჩვენთვის ავტორს. სიმართლე გითხრათ, მე მათ წაკითხვას შიშით შევუდექი, არ მინდოდა, იმედი გამცრუებოდა. მიუხედავად წიგნის კულტურული მნიშვნელობისა, მწერალმა სიტყვით უნდა მოგაწონოს მაინც თავი. პირველივე მოთხრობაში, სწორედ იმაში, ქართულ ენაზე რომ დაიწერა და რომელიც მხოლოდ დიალოგებზეა აგებული, ვიგრძენი ის სიხარული, კარგი ტექსტის წაკითხვას რომ მოაქვს: მოთხრობა “ბოლო სურვილი” ახალგაზრდა კაცისა და ზღვის პირას თოკით მიბმული ნავის დიალოგს წარმოადგენს. დიდხანს ვერ ხვდებით, ვის ელაპარაკება ახალგაზრდა შეყვარებული, ერთხანს ეს მოსაუბრეც ადამიანი გგონიათ, მერე – ზღვა, მერე ფიქრობთ, რომ შეიძლება საზღვარიც იყოს, სასაზღვრო ზოლი, ანდა, სულაც დროშა. ბოლოს კი აღმოაჩენთ, რომ მოთხრობის მთავარი გმირი არც შეყვარებული ახალგაზრდაა და არც მწერლის სათქმელი ემსახურება რომანტიკული გრძნობების ჩვენებას, და რომ შეიძლება ერთი შეხედვით მარტივი ადამიანური ემოციები მწერალმა იმის საჩვენებელ ფონად გამოიყენოს, რასაც ყველაზე უმთავრესი მოთხოვნილება – თავისუფლება ჰქვია, თუნდაც ეს თოკით დაბმული ნავის თავისუფლება იყოს.

ფარნა-ბექას მოთხრობებს თან სდევს მოგონებები რაღაც დაკარგულზე, სადღაც, მთების გადაღმა დარჩენილზე, ყველაფერი რაღაცნაირი ნოსტალგიით არის დაფერილი. ამავე დროს, ეს არის ადამიანური ისტორიები, მკვეთრი ტიპაჟებითა და მრავალფეროვანი სიტუაციებით. მწერალი კარგი მთხრობელია, რომელიც სიღრმისეულად გრძნობს ადამიანის ფსიქოლოგიასაც და იმ მარადიული მომენტის მოხელთების ხელოვნებასაც, რითიც მკითხველს თავს ამახსოვრებს. ამავე დროს, ეს ამბები და ისტორიები რაღაც ახალი და უცხო სამყაროს კარს გვიხსნის, რომელზეც ჩვენ თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ არ ვიცნობთ.

და თუ გინდათ, ის ვინმეს შევადარო, ქართველი და კარგად ნაცნობი მწერლებიდან ემოციურად ალბათ რეზო ინანიშვილს შევადარებდი, წაკითხვის შემდეგ, სიამოვნებასთან ერთად, ყრუ ტკივილს რომ გიტოვებს გულში.


გაზეთი „24 საათი“, 05.06.12


ბმული:
* https://tetripiala.wordpress.com/2016/08/30/მწერალი-ქართულ-თურქულ-კუ/

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu   Thu Mar 23, 2017 12:42 am



წიგნის დასახელება - ნამცეცა (ზღაპარი)
ავტორი - ფარნა-ბექა ჩილაშვილი
თურქულიდან თარგმნეს - ელისაბედ ბჟალავამ, ნანა ჯანაშიამ, ზურაბ ბატიაშვილმა (დარუჯანაშვილმა)
მხატვერი - დეა სოსელია
რედაქტორი - ლიანა ახობაძე.
ISBN 9789941463174
გვერდები - 43.
გამომცემელი - არტანუჯი
წელი - 2016


„ნამცეცა“ — ფარნა-ბექა ჩილაშვილის საბავშვო წიგნი. გამოიცა 2016 წელს, თბილისში, გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ. ზღაპარში მოთხრობილია პატარა ბაყაყის, „ნამცეცას“ თავგადასავალი.

ზღაპარი იწყება ამ სიტყვბით: "იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეზღაპრე, რომელსაც ძალიან უყვარდა ზღაპრების მოყოლა. ერთხელაც დამჯდარა და ახალი ზღაპრის მოყოლა დაუწყია. ზღაპარი პატარა ბაყაყსა და მის მეზობლებზეა. ამ პატარა ბაყაყს ნამცეცა ერქვა..." ზღაპარი ითარგმნა თურქულიდან.

და ზღაპარიც იწყება -- ნამცეცა ცდილობს, დაემსგავსოს მინდვრის დევს -- ნამცეცა სუსტნისკარტასავით ცალ ფეხზე დგომას ცდილობს -- ნამცეცას სასიში სიზმარივით ღრიალი სურს -- ნამცეცამ, წითელქუდას მსგავსად, მუხის ხეზე ასვლა მოინდომა -- ნამცეცა შესანიშნავ ჭკუასთან კლასობანას თამშობს -- ... და სრულდება ზღაპარი.

ფარნა-ბექა ჩილაშვილი
„ნამცეცა“
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მეზღაპრე, რომელსაც ძალიან უყვარდა ზღაპრების მოყოლა. ერთხელაც დამჯდარა და ახალი ზღაპრის მოყოლა დაუწყია.
ზღაპარი პატარა ბაყაყსა და მის მეზობლებზეა. ამ პატარა ბაყაყს ნამცეცა ერქვა. თქვენ ამ წიგნიდან გაიგებთ, რა გადახდათ თავს ერთ დღეს ნამცეცასა და მის მეზობლებს.
თურქულიდან თარგმნეს ელისაბედ ბჟალავამ, ნანა ჯანაშიამ და ზურაბ ბატიაშვილმა.
წიგნის მხატვარი დეა სოსელია.
წიგნი გამოიცა ერგუნ ათაბაიას (გურამ ქოქოლაძე) მხარდაჭერით.

ბმული:
* http://www.readersland.ge/?m=show_off&id=13004

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu   Thu Mar 23, 2017 12:51 am



წიგნის დასახელება - ერთი წვეთი ლიმონი (პუბლიცისტური წერილები)
ავტორი - ფარნა-ბექა ჩილაშვილი
თურქულიდან თარგმნეს - ციცო კაიკაცაშვილმა, ნანა ჯანაშიამ, ზურაბ ბატიაშვილმა (დარუჯანაშვილმა), ქეთევან გორგაძემ, ელისაბედ ბჟალავამ, ნანა კაჭარავამ, გელა გუნიავამ
ISBN 9789941445569
გვერდები - 174
გამომცემელი - არტანუჯი
წელი - 2014


„ერთი წვეთი ლიმონი“ — ფარნა-ბექა ჩილაშვილის პუბლიცისტური წერილების კრებული. გამოიცა 2014 წელს, თბილისში, გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ. წიგნში შესული წერილები 2003-2009 წლებშია დაწერილი სხვადასხვა პერიოდული გამოცემისათვის. პუბლიცისტური წერილები ნათარგმნია თურქული ენიდან.

ფაჰრეთინ ჩილოღლუს, იგივე ფარნა-ბექა ჩილაშვილს, ქართველი მკითხველი კარგად იცნობს. გამომცემლობა „არტანუჯმა“ მისი სასაზღვრო ფიქრები, ერთ პროზაულ კრებულში შეკრებილი, საზოგადოებას 2006 წელს გააცნო. ამას მოჰყვა მოთხრობების კრებული „სანამ თოვს“ (2012 წ.).

ამჯერად წარმოგიდგენთ თურქეთში მცხოვრები ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის პუბლიცისტური წერილების კრებულს. წიგნში შესული წერილები 2003-2009 წლებშია დაწერილი სხვადასხვა პერიოდული გამოცემისათვის. ერთი მხრივ, საქართველოდან დანახული თურქეთში მცხოვრები ქართველების ეთნიკური თვითშეფასება, ქართული ენა, ყოფა, მეორე მხრივ კი – თურქეთიდან შეფასებული ქართული რეალობა... ეს არის მთავარი გარემოება, რაც ფარნა ჩილაშვილის პუბლიცისტურ ნააზრევს განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. წერილები, რომლებიც თავის დროზე თურქულენოვანი მკითხველისათვის დაიწერა, ამ წიგნის გამოცემით ხელმისაწვდომი ხდება ქართველი საზოგადოებისთვისაც.

ბმული:
* https://saba.com.ge/books/details/3219/ერთი-წვეთი-ლიმონი
* https://ka.wikipedia.org/wiki/ერთი_წვეთი_ლიმონი

study


Last edited by Admin on Thu Mar 23, 2017 11:18 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu   Thu Mar 23, 2017 9:12 am

ერქან სერჩე

მითოლოგიასა და ლექსთან დაძმობილებული მოთხრობები…

(თურქულიდან თარგმნა ციცო კაიკაციშვილმა)

მოთხრობის ჟანრს ენის თავისებურებანი, რომანისგან განსხვავებით, კიდევ უფრო მეტად გამოაქვს წინა პლანზე. ხშირ შემთხვევაში, რომანში ამბის ქარგაა ზედაპირზე და ენის ფუნქცია აქ, როგორც გამოხატვის საშუალება, თითქოს უკანა პლანზეა. რომანში ძირითადი ამბავი, რომლის თხრობასაც ის შეუდგება, სინამდვილის მგრძნობიარედ აღქმით და ყოველმხრივი მნიშვნელობით, აშკარა ინტერესს იწვევს. მოთხრობაში კი პირიქითაა – ის ფაქტებით, მოვლენებით არ ინტერესდება. მას აუცილებლად აქვს რაღაცა მოსაყოლი. ნებისმიერი ჟანრის მოთხრობის თემა შესაძლებელია იყოს ერთი შემთხვევა, ერთი წამი, ერთი ადამიანი. ამ შემთხვევაში სად იწყება მოთხრობა? ანაც, როცა არსებობს რომანი, რატომ არის მოთხრობის საჭიროება?

ლუის ფერდინანდ სელინიმ რეპორტაჟის მსვლელობისას ჟურნალისტს დაუფარავად, ღიად, რისხვით უპასუხა: “მე ინციდენტები არ მაინტერესებს. წადით პოლიციის განყოფილებაში და ათასობით ასეთი ინციდენტის დოსიე შეგიძლიათ იპოვოთ. აიღეთ და წაიკითხეთ. მე შემთხვევები მაინტერესებს”. აი, სწორედ ეს არის ის წერტილი, რითაც იწყება მოთხრობა – შემთხვევა. შემთხვევების მოყოლა, რეგულირების, წესრიგში მომყვანის არ მქონე, მოცულობის, ფერის გარეშე, წონის არ მქონე რაღაცის გაზომვას ჰგავს. მისთვის ფორმის მიცემა, ენის გამოყენების მეთოდი თქვენს უნარზეა დამოკიდებული, მისი შესაბამისი და ტოლფასია. აპრიორში, ძირითადში ეს არის ის, რასაც მოთხრობა აკეთებს.

ფარნა ჩილაშვილის მოთხრობებში, რომელიც კრებულ “უჩინმაჩინის” სახელით გამოვიდა, ჩვენს მიერ ნახსენები “შემთხვევები” პირდაპირ არის ასახული. მოთხრობაში “უჩინმაჩინი” გმირის უკიდურესად უბრალო და რეალურ, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ინტერესმოკლებული მდგომარეობა, სიტუაციის უფრო ძლიერად გამოხატვის წყალობით, ისეთ სურათად გარდაიქმნება, რომლის ყურებაც არაფრით მოგბეზრდებათ. და ნაცვლად იმისა, რომ დაინტერესდეთ, თუ ვინ არის, რა არის უჩინმაჩინი, მოთხრობის მსუბუქ, ჰაეროვან ატმოსფეროში მოდუნებას ამჯობინებთ.

“უჩინმაჩინი” მოთხრობის ფესვებს შეგვახსენებს. ის ზღაპრისა და ლეგენდის ერთმანეთში შერწყმით ჩვეულებრივი ადამიანების გმირის ტახტრევანზე დამსმელი ქმნილებაა. “მეფე სოლომონის” სახელით დასათაურებული მოთხრობის გმირი იმ ჩვეულებრივ ადამიანთაგანია, რომელმაც ყოფიერების შესახებაც კი არ იცოდა არაფერი და უცებ “მეფე სოლომონად” გარდაიქმნა. მოთხრობა “შაშორთი ქალი” კავკასიის კულტურაში არეკლილი ბერძნული მითოლოგიაა. მწყემსი პირამუსი, ყველა გაგებით ზევსი და სოფლის ყველაზე ლამაზი გოგო, შაშორთი ქალი, ევროპის უფრო რეალისტურ ვერსიას ქმნიან. თუმცა, ჩილაშვილის თხრობის ტექნიკის მიზანს ეპიკური და ლეგენდის ჟანრის სწავლება არ წარმოადგენს. ზეაწეული და გაზვიადებული ტრაგედია “უჩინმაჩინის” მსუბუქ ატმოსფეროში ფორტეპიანოზე დაკრული მისამღერივით დნება და ადამიანებში ღიმილს იწვევს. მკითხველი უმალ გრძნობს, თუ როგორ გადადის შეუმჩნევლად ალაგ-ალაგ მსუბუქი იუმორი დაცინვაში. და ამ მოთხრობებს, ძირითადად, სერიოზული, მკაცრი მოთხრობების ნაცვლად სასიამოვნო და ლამაზი ინტონაციის მქონე მოთხრობებად აღიქვამს.

წიგნში თავმოყრილი ოცდაორი მოთხრობა განსაზღვრული ლოგიკური წესრიგით – ოცნება, ოცნების მიღმა, ზღაპარი, ზღაპრის მიღმა, რეალობა, რეალობის მიღმა, ამ ფორმით არის ერთმანეთისგან გამოყოფილი. მოთხრობები განსხვავებულ თემებზე შეჩერებით, სხვადასხვა შემთხვევებზე მოგვითხრობს. ძირითადად კი ეს არის ზრდასრული ადამიანის მიერ ბავშვობის მონატრება, გეოგრაფიული წიაღსვლა. და ჩილაშვილის მიერ ერთმანეთის მიყოლებით გადმოცემული ყოველი ადგილი სიყვარულითაა წარმოდგენილი, ყოველი მოთხრობის ძირიდათი სიუჟეტი სიყვარულია. ჩილაშვილის მოთხრობებში ცხადი და გაუგებარი განსაზღვრული ქრესტომათიაა, რომელიც ბოლოს წინადადებებად ადამიანის გონებას მისამღერივით აეკვიატება. ეს წინადადებები ხშირ-ხშირად მეორდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი სულაც არ ქმნის მოსაწყენ და მონიტორულ ატმოსფეროს. მწერლის ენა, რომელიც მსუბუქ ტემპში მიიწევს წინ, სინამდვილეში ძალიან ახლოსაა ლექსის ენასთან. ამასთან, გრძნობთ, თუ როგორ შედიხართ ადგილ ადგილ ლექსის ფაზაში. “მსხლის ხის ჩრდილი” პირველი მოთხრობაა, რომელშიც ლექსის ტემპის კალო დგას: “თეთრეული ქარის სიმღერაზე მოცეკვავე ბალერინებს მოგაგონებდათ. თანაც რა თეთრი იყო. თანაც მისი კუთხის მაქმანები…”

“შესაძლოა შენ ახლა ამ სურათში ხარ ჩამალული. შესაძლოა გაქვს რამე კონკრეტული ფერი, ან ხარ ამ ბებერი მსხლის ხის ერთი ფოთოლი. შესაძლოა ხარ მსხლის ხის ჩრდილში, რომელიც სარეცხს ფარავს. რომ შეგეხმიანო, შეიძლება გამოხვიდე.”

ამ სიტყვებს, როგორც ლექსის სტროფებს და როგორც მოთხრობის წინადადებებს შეგვიძლია ისე შევხედოთ, თუმცა, ყველაზე მართებული იქნება, ლექსის ენით დაწერილ ამ მოთხრობას ექსპრესიონისტის მიერ დაწერილ სტრიქონებად თუ აღვიქვამთ.

კრებული “უჩინმაჩინი” ჩვენთვის მომავალი მდგომარეობებიდან ძალიან ნაცნობია. ის ალეგორიებისა და იუმორისგან შემდგარი წიგნია. ის ჩვენთვის უცნობი, თუმცა, ჩვენს გონებაში სწრაფად ჩამწვდარი, მდიდარი გეოგრაფიისა და ენის დროშას ატარებს.


2007 წელი


ბმული:
* https://tetripiala.wordpress.com/2016/09/30/მითოლოგიასა-და-ლექსთან-დ/

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu   Thu Mar 23, 2017 1:53 pm

ლიტერატურა ჩაის თანხლებით

მარიამ გაფრინდაშვილის საავტორო გადაცემა „ლიტერატურა ჩაის თანხლებით’’ „მონატრების სევდა“ - ფაჰრეთინ ჩილოღლუ იგივე ფარნა-ბექა ჩილაშვილი

11.09.2015 ~ 19.03.2017

„მონატრების სევდა“ - ფაჰრეთინ ჩილოღლუ იგივე ფარნა-ბექა ჩილაშვილი

მოგესალმებით. საუბარს განვაგრძობ ასევე ქართული წარმოშობის, თურქეთში, უნიეს რეგიონში 1956 წელს დაბადებულ მწერალსა და მთარგმნელზე ფაჰრეთინ იგივე ფარნა ჩილაშვილზე. სანამ მის მოთხრობებზე გადავიდოდე, მინდა ვთქვა, რომ ფარნა ქართული ლიტერატურული შედევრების თურქულად თარგმნის საკითხში ნოვატორადაც მიიჩნევა. მან თარგმნა ნოდარ დუმბაძის „მზიანი ღამე“, ოთარ ჭილაშვილის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ერლომ ახვლედიანის „კოღო ქალაქში“, დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“. ის ამასთანავე არის ავტორი პოეტური კრებულისა „აპრილის ლექსები“ და ნოველების კრებულებისა „დამტოვე შორს“, „უსიყვარულოდ ბედნიერება არ არსებობს“, „სასაზღვრო ფიქრები“, „უჩინმაჩინი“ და „სანამ თოვს“. ასევე ზღაპრისა, სახელწოდებით „ნამცეცა“, რომელიც ქართულადაც ითარგმნა. დღეს ვისაუბრებთ მისი წიგნის „სანამ თოვს“ შესახებ.

წიგნში „სანამ თოვს“ შესული ამავე სახელწოდების მოთხრობა, მწერლის ბავშვობის მოგონებებზეა. „ახლა ისე ხვავრიელად აღარ თოვსო“ წერს ფარნა. საქართველოს საზღვართან ახლოს გატარებული ბავშვობა და ხვავრიელი თოვლი შორს დარჩა. ფარნა როგორც ამ მოთხრობაში წერს, დიდმა თოვლის გუნდამ იგორა, იგორა და სოფლიდან მოსახლეობა ქალაქში გადაასახლა. დარჩა ქართული სოფლები ობლად. ეს ზოგადი ტკივილია, რაც საზღვრის იქეთაც დიდ იარასავით ატყვია საქართველოს. სოფლების დაცარიელება და ძველი ხის კარებების ჩარაზვა თითქოს ბავშვობისადმი კარების მიხურვასაც ჰგავს.

ფარნას მოთხრობები მისტიურ ელფერს ატარებენ, მასთან ერთად მოგზაურობ წარსულიდან აწმყოში. ჯინები, ზღაპრის დევები და უჩინმაჩინები თითქოს რეალური ცხოვრების ნაწილი გამხდარან ფარნას ნოველებში. მოთხრობებში საოცარი გადასვლებია რეალობიდან ზღაპარში და პირიქით.
ფარნას მწერლური ენა რბილია და ადვილად იკითხება.

ავთანდილ ნიკოლეიშვილმა ერთად შეკრიბა საზღვარს იქეთ, თურქეთში მცხოვრებ ქართველ პოეტთა ლექსები და კრებულს, „თურქეთელ ქართველთა პოეტური შემოქმედება“ დაარქვა. ამ კრებულში შესულია ფარნას რამდენიმე ლექსიც. აი, ერთი მათგანიდან რამდენიმე ტაეპიც. უნდა გითხრათ ისიც, რომ ლექსები მათ ქართულ ენაზე დაწერეს.

„რა ლამაზად წვიმს,
რა მშვენივრად!
მაგრამ აკლია რაღაც
ამ მშვენიერ წვიმას.
შენ აკლიხარ,
მზევ ჩემო,
საქართველო!“

ფარნა-ბექა ჩილაშვილის მთარგმნელობით მუშაობას რაც შეეხება, ამ თუ წინა საუკუნის ქართული ლიტერატურის შედევრების თურქული საზოგადოებისათვის გაცნობის საკითხში ფარნას დიდი წვლილი მიუძღვის. ერთხელაც ქევსერ რუჰს იგივე ქეთევან ხანთაძეს სთხოვეს, რომ ფარნას მიერ ნათარგმნ ნოდარ დუმბაძის რომანის „მზიანი ღამის“ თარგმანის შესახებ თავისი მოსაზრება დაეწერა, როგორც მწერალსა და ლიტერატურის მკვლევარს, ასევე ორივე ენის უბადლოდ მცოდნეს. ქევსერმა კი აი ასეთი სიტყვები დაწერა ფარნას თარგმანების შესახებ და კონკრეტულად ამ რომანის თარგმანის თაობაზე: „თურქ მკითხველს გაუმართლა, მთარგმნელი კარგად იცნობს ისტორიული თვალთახედვიდანაც რომანში აღწერილ ამბებს, მისი თარგმანი ლოგიკური და გასაგებია. ქართული ლიტერატურის კარგად მცოდნე მთარგმნელს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს, რომ ზუსტად ჩაწვდეს ქართული ენის და ლიტერატურის სიღრმეებს. ფაჰრეთინი ამ მხრივაც ვალში არ დარჩა ქართულ ლიტერატურას.
ისევ ქევსერის ჩანაწერიდან ერთ ციტატასაც მოვიშველიებ: „თარგმანი ქალს ჰგავს. თუ ქალი ლამაზია, ერთგული არ არის (ანუ ტექსტის ერთგული), ხოლო თუ ქალი ერთგულია (ანუ ტექსტის ერთგული), მაშინ ულამაზოა. თუმცა „მზიანი ღამის“ თარგმანის შესახებ ეს შემიძლია ვთქვა: ის ლამაზიცაა და ერთგულიც.“
ფარნა თავის მწერლურ ძალებს სხვადასხვა ჟანრში სინჯავს ხოლმე. მან საკმაოდ დიდი მოცულობის ზღაპარიც კი დაწერა პატარა ბაყაყის - ნამცეცას ცხოვრებაზე, სადაც ბავშვებს საინტერესო და მრავალფეროვანი ზღაპრული გარემო დაუხატა.
ბელა ჩეკურიშვილის მიერ ფარნას შემოქმედების შესახებ დაწერილ პატარა რეზიუმეში ასეთ შეფასებას ვხვდებით: „ფარნა-ბექას მოთხრობებს თან სდევს მოგონებები რაღაც დაკარგულზე, სადღაც, მთების გადაღმა დარჩენილზე, ყველაფერი რაღაცნაირი ნოსტალგიით არის დაფერილი. ამავე დროს, ეს არის ადამიანური ისტორიები, მკვეთრი ტიპაჟებითა და მრავალფეროვანი სიტუაციებით. მწერალი კარგი მთხრობელია, რომელიც სიღრმისეულად გრძნობს ადამიანის ფსიქოლოგიასაც და იმ მარადიული მომენტის მოხელთების ხელოვნებასაც, რითიც მკითხველს თავს ამახსოვრებს. ამავე დროს, ეს ამბები და ისტორიები რაღაც ახალი და უცხო სამყაროს კარს გვიხსნის, რომელზეც ჩვენ თითქოს ყველაფერი ვიცით, მაგრამ არ ვიცნობთ.“

თუმცა ალბათ ყველაზე მთავარი საქმე, რაც ქევსერ რუჰმა და ფარნა ჩილაშვილმა მეგობრების დახმარებით, თურქეთში მცხოვრები ქართველებისთვის გააკეთეს, ეს ჟურნალ „ფიროსმანის“ დაარსება და არსებობა იყო. ეს ჟურნალი საქართველოში და თურქეთში მცხოვრებ ქართველებს შორის გადებული ერთგვარი ხიდი იყო. მასში თავიანთ სტატიებს ბეჭდავდნენ თურქოლოგები, სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, დღემდე რადიო გადაცემისთვისაც წყაროს სახით ხანდახან სწორედ „ფიროსმანის“ სტატიებს ვიყენებ. ჟურნალი დაიხურა, ფინანსების არქონის გამო და დარჩა უხიდოდ ორი ქართველობა. იმედს ვიტოვებ, რომ ისევ აღდგება ეს ჟურნალი, ჩვენი ახალი თაობა კი სტატიებითა და თარგმანებით გაამდიდრებს მას.

ბმული:
* http://www.trt.net.tr/georgian/programebi/2015/09/11/literatura-ch-ais-t-anxlebit-17-2015-386200

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu   

Back to top Go down
 
ფარნა-ბექა ჩილაშვილი Fahrettin Çiloğlu
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: