არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლევან გოთუა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლევან გოთუა   Wed Dec 21, 2016 10:01 am


Levan Gotua

ლევან გოთუა

ლევან პართენის ძე გოთუა (დ. 10 მარტი, 1905, თბილისი ― გ. 30 იანვარი, 1973, იქვე) — ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
დაიბადა ცნობილი ქართველი პუბლიცისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის პარმენ გოთუას (1870-1937) ოჯახში. 1926 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტი. ლიტერატურული მოღვაწეობა 1941 წლიდან დაიწყო. გოთუას ჟანრული თვალსაზრისით მრავალფეროვან შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“ (1958-1962). მასში ასახულია საქართველოს ყოფა XVI-XVII საუკუნეებში, როცა დაიწყო ფეოდალური სახელმწიფოს კრიზისი და დღის წესრიგში დადგა ახალი პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი. რომანში, რომელიც ინტერნაციონალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ნაჩვენებია ქართველი ხალხის სულიერი სიმტკიცე, უსაზღვრო პატრიოტიზმი, გლეხობის ცხოვრება, მისი როლი ქვეყნის ისტორიაში. ისტორიული რომანი „მითრიდატე“ (1971, წგნ. I), რომელიც მწერალს დაუმთავრებელი დარჩა, ეხება ქართველური ტომების ბრძოლას გაერთიანებისათვის I საუკუნეში.

ისტორიულ თემაზეა შექმნილი გოთუას მოთხრობები „კრწანისის სევდა“ (1944), „ხანძთის ზარი“ (1945), „უგზო ქარავანი“ (1945) და სხვა. მასვე ეკუთვნის თანამედროვეობისადმი მიძღვნილი თხზულებანი: რომანი „ლეკვი ლომისა“ (1963), მოთხრობები „ნისლი ნახატარის ტყეში“ (1959), „ფიქრები თოკის კიბეზე“ (1960), „ფრესკის მეორე დაბადება“ (1961) და სხვა. გოთუა ავტორია დრამებისა „მეფე ერეკლე“ (1942), „უძლეველნი“ (1943), „დავით აღმაშენებელი“ (1945), „სამსახეობა რაინდისა“ (1946), რომლებიც იდგმებოდა ქართული თეატრის სცენაზე.

აღსანიშნავია, რომ ლევან გოთუა იყო 1920-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი. საბჭოთა რეჟიმის მიერ დაპატიმრებული იყო სამჯერ. თითქმის 20 წელი გაატარა გადასახლებაში.

ბმული - https://ka.wikipedia.org/wiki/ლევან_გოთუა

Smile


Last edited by Admin on Wed Dec 21, 2016 10:59 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან გოთუა   Wed Dec 21, 2016 10:05 am

ლევან გოთუა

უგზო ქარავანი

„გზა არს ზომიერი კაცთა სავალი“ - სულხან-საბა ორბელიანი

იგი დიდხანს უვლიდა ჰალაბის დილეგს. აქ იყვნენ ისინი. კვალმა აქ მოიყვანა. გზაში, ვისაც ჰკითხა, ყველა უდასტურებდა "გურჯების" ჰალაბის ციხეში ჩაყრას. ნოსტეველმა გლეხმა გორგასალ ნასყიდაშვილმა საშინელი სიცხადით იგრძნო მათი განწირულება.
შორს, მეტად შორს, საქართველოდან უკუღმართად გადახვეწილი, თურქთა ქვეყნის შუაგულში ღალატით შეპყრობილი ერთი მუჭა ქართველთა ბედი, რაღა თქმა უნდა, უნუგეშო იყო.
ვინ იყო მათი გამკითხავი... მათი მფარველი?!
აზამ-ვეზირმა – ხოსროვ-ფაშამ თავიდანვე აითვალისწუნა გიორგი სააკაძე. მას თავის მარცხი ერანელებთან ბრძოლაში ისე არ აწუხებდა, როგორც გურჯი მოურავ-ბეგის წარმატება ამავ ბრძოლაში.
ხოლო სააკაძის ყაჰრამან-კონიის ბეგლარ-ბეგად დანიშვნამ სულ გააგულისა. ხოსროვ-ფაშა შეუდგა ფარულ სამზადისს, მრავალი ფანდებ-ხუნდები დაუგო. ვილაიეთის დიდკაცობა აუმხედრა სამჯერ რჯულნაცვალ ""იაფირს""და ვერაგული თავდასხმა შეუმზადა.
აზამ-ვეზირის ქვებუდანობა დროზე აცნობეს სააკაძეს.
მაგრამ კონიაში ჩაჩიხულს გზა ყოველმხრივ მოჭრილი ჰქონდა, ისევ საქართველო ინატრა. სასწრაფოდ შეჰკრიბა მასთან მყოფი ასიოდე ქართველი და ხმელთაშუა ზღვისკენ იბრუნა პირი. მერმე ჰალაბის გზაზე გაიჭრა. მდევრისათვის გზის დაბნევა იყო საჭირო. შემდგომ კი მალათიისკენ შებრუნებას ვარაუდობდა. ამ ვილაიეთზე გადიოდა შორი, იქნებ მიუწვდომელი გზა საქართველოსაკენ.
კუშტად იყო ოტებული ბეგლარ-ბეგი, სიტყვაძვირობდა, არვის უმხელდა განზრახვას.
არც ვინ იცოდა, რა გრძნობა ჰფლობდა, ან რა გოროზი სურვილები ეხატებოდა.
მით უფრო, რა უნდა სცოდნოდა მის უხუცეს რაზმელს გორგასალ ნასყიდაშვილს – ნოსტეველ "უწიგნო" გლეხს, რომელიც მხოლოდ სამ ხატს ფიცულობდა ამ ქვეყანაზე: მისი სამშობლოს მფარველს – ღვთის მშობელს, გიორგი სააკაძეს და თავის შვილს ბეჟანს.
ჰოდა, როცა მათ "ქრისტე ღმერთი" გაუწყრა და დიდმოურავი კვლავ გადიხვეწა საქართველოდან, იგიც კვლავ თან გაჰყვა, ამჯერად თავის წამოზრდილი შვილიც გაიყოლა.
ახლა ყველანი ჰალაბის დილეგში არიან, ხოლო გორგასალი კი გარეთ... ლეკვებწაგვრილი მგელივით უვლიდა ამ დილეგს მოხუცი.
ოდნავ დამრეცილი ქალაქი კეცებ-კეცებით ჩაჰკვროდა ფერდობს. შერუჯული მიხაკის ფერს გადაერბინა ბორცვებზე. გვიანი შემოდგომა ყვითელ ფორეჯებად შესწყობოდა ბაღ-ბოსტნებს. თითქოს თორნედან მობერილი ნიავი ზანტად მოიხვეტდა ხრეშსა და ლოგორებს. შემტვერილ ოფლად ახმებოდა შუბლზე გორგასალს.
უეცრივ ტანში აიძაგრა მოხუცი. ნიავმა რაღაც უჩვეულო ხმა შემოაწია.
უფრო ახლოს მივიდა დილეგთან. დიდ, მოჭედილ ალაყაფს ჩაჟანგებოდა კბილები. მის თავზე, გალავნის გასწვრივ, ვიწრო სათოფურები და სარკმელები თითქოს ბურღავდნენ დილეგის გარემოს. ვეება ბუსავით აჯდა გალავანს კოშკის ქონგური. ნიავს იქიდან მოჰქონდა რაღაც გაურკვევი ხმა. შეიცნო გორგასალმა, იქნებ მიხვდა უფრო, მღეროდნენ. ისინი იყვნენ. ტყვეები. კილოც გაარკვია – "გაფრინდი, შავო მერცხალოს" მღეროდნენ პყრობილნი.
მამამ დამწყების ხმაც იცნო. ბეჟანი იყო. მისი შვილი, მრავალ შვილთაგან ერთადერთი, ამდენ ჭირ-ვარამსა და ომებში ძლივს შერჩენილი. ამას კი არ იშორებდა არსად. ზრდილობაშიც თავად გამოწურთნა და ცხენ-იარაღშიც. ხელმარდი და პირმართალი ვაჟკაცი დაუდგა გორგასალს. ცხოვრების გამოცდილება აკლდა მხოლოდ. იგი ხომ სულ ცხრამეტი წლისა იყო. ჯერ კარგად არც კი ჰქონდა შემკული საულვაშე. და ახლა კი... "გაფრინდი, შავო მერცხალო"?! აი მისი ხმა – იგი იქ, დილეგში... მისი უბედური მამა კი გარეთ. მერმე იქ მყოფთ დილეგს ვინ აკმარებს?! – გორგასალმა პირჯვარი გადაისახა. მაშინ შეამჩნია – მის ათას ომგადახდილ მარჯვენასაც დასჩემოდა ტოკვა. ბადეში გაბმულ მიმინოსავით იფეთქავდა მკლავი.
– ეჰეი დედასა! – ჩაიდუდუნა გულმოკლულმა და მჭმუნვარე მოგონებას მიეცა. რა მოიმოქმედოს? რა ძალა შესწევს? ათასჯერ ზომავდა უპასუხო კითხვებს. ან კი რა შეემთხვათ იმ ბედკრულ დილას? სულ ათიოდ დღეა, რაც ულოდნელად დაშორდა თავისიანებს. განა ასე არ იყო? შეძრწუნებული გორგასალი იღეღავდა გულისპირს, იშმუშნიდა სიცხისაგან დამშხალულ ღაწვებს. მას ყოველთვის კარგი მეხსიერება ჰქონდა. სიბერეშიაც საღად შეჰყვა გულისყური. მახვილი თვალის პატრონი იყო თავიდან. არც ამჯერად გამოჰპარვია რამე. კონიიდან რომ მოსხლიტეს ცხენები, შეუჩერებლივ ვიდოდნენ დასიცხულ ველ-ხრიოკ სავალზე. ქართულად – მარიამობისთვის დამლევი იყო, თურქულად – მუჰარრემის თვე. თაკარა სიცხე უმოწყალოდ თენთავდა ჯანსა და ნებას. ცხენ-აქლემები ვერ უძლებდნენ დღე-ღამ გასწორებულ სვლას. მოურავი მაინც აჩქარებდა ყველას. დავარდნილ ცხენ-აქლემებს სტოვებდნენ ან, თუ შესძლებდნენ, სცვლიდნენ გზადაგზა.
სააკაძე დაუღალავი იყო, თავად დაუვლიდა ჩამორჩენილებს, შეუძახებდა, მათ ცხენებს კი მათრახით შეახსენებდა სისწრაფეს. ერთჯერ გორგასალის ცხენსაც მოსწვდა. წინ გაიგდო, მერმე გაუსწორდა და გაბზარული ხმით შეესიტყვა.
– წამომყე, მისმინე, მოხუცო. ჩემი და შენი ტოლი აღარავინ გვახლავს. ეჰ, გორგასალ, ერთი საქართველო მაჩვენა კიდევ და მერმე... თუნდაც... – ყელში გაენასკვა სიტყვა.
– ვნახავთ! კიდევაც მოვესწრებით, ბატონო, შენი ჭირიმე! – მიუგო გორგასალმა, მაგრამ თვალი ვეღარ გაუსწორა სიტყვას. მათ ცხენთა ფლოქვებქვეშ უკუღმა მირბოდა უსიხარულო ველ-ხრიოკი, უცხო მიწა და ყოველი ნაბიჯი უფრო აშორებდა მათ იმ სანუკვარ მიდამოს, რომელსაც ვერ აფასებ, როცა ახლოს ხარ, და რომელსაც მით უფრო ესწრაფვი, რაც უფრო მიუწვდომელი ხდება იგი.
ამჯერად გორგასალმა თავად შეჰკადრა მოურავს:
– ახლა კი სწორ გზაზე მივალთ? – აჟღერდა სიტყვა, როგორც ოდესღაც უთქმელი საყვედური. – მხარი ხომ არ გვეცვალა ამ ტიალ უდაბნოში, ბატონო?
ირიბად შეხედა გიორგიმ.
– მხარი გვეცვალა?! ვგონებ, ჩვენ დიდი ხანია გვეცვალა მხარი! მთელი სიცოცხლე სწორ მხარს დავეძებდი, სამი რჯული გამოვიცვალე და ბოლოს ყველგან ცოდვილი აღმოვჩნდი. ათ გზას გავყევი და ბოლოს ყველგან მარცხი განვიცადე! – გიორგიმ ხელი ჩამოისვა ჭარბად ჭაღარა წვერზე, მერმე ხელისგულს დახედა. – აი, რა შემრჩა! – და გორგასალს გაუწოდა დამტვერილი და ჭუჭყმოდებული ვეება ხელი. ბრაზმორეულმა მათრახი გადაუჭირა ცხენს და დაწინაურდა.
შეძრწუნებულმა გორგასალმა თვალი გააყოლა მოურავს. თუ უმტყუნა დაღლილმა თვალმა? გიორგის ვეება ზურგი რაღაც მოდუნებული მოეჩვენა, ხოლო მის ჯაჭვის პერანგს მხრებში უეცარი ტოკვა შეამჩნია. მახვილი თვალი ჰქონდა გორგასალს. მაინც ეჭვი შეეპარა. თავი ჩაღუნა და მიჰყვა. ფხაშერეული გრძნობით უმზერდა ბუქის კორიანტელს, გიორგის ცხენის ლაფშურს რომ რჩებოდა ამ უნდო გზაზე.
უეცრივ რეჩხი უყო გულმა. გზაზე მათრახი ეგდო. უმალ იცნო ორშოლტიანი მათრახი. მას მუდამ აკვირვებდა ეს ორი შოლტი. ერთი სამტრო იყო, მაგრამ მეორე?
ახლა გზაზე ეგდო მათრახი. დაქვეითდა. აიღო. გახედა ცხენოსანს.
იქ, წინ, ჩადაისებულ მზის ნასხივზე ტაატით მიილტოდა უზარმაზარი მხედარი. აბოლქვებულ მტვერში მუქ ჭიაფრად ჯერ კიდევ ბზინავდა მისი აბჯარ-ჩაჩქანი... მაგრამ ჩრდილი დაჰკარგოდა მხედარს. ტანის გასწვრივ უძლურად ჩაშვებოდა ბევრის შემძლე ორი ვეება ხელი. ერთი მტრის შემმუსვრელი იყო, მაგრამ მეორე?
სამოცი წლის ნაღვაწი სიბრძნით გორგასალმა შეიმცნო, რომ იმ აბჯარში უდრეკი მებრძოლი კი აღარ იჯდა, არამედ გათელილი და გზადახშული ტყვე ამ აბჯრისა. ხოლო მას მკვდრის მზე უნათებდა, იქნებ უკანასკნელს, ბედის ანაბარა სავალს.
დაეწია. მათრახი მიაწოდა. არაფერი უთქვამს მხედარს.
ამომშრალი ხეობის თავთან ჭას წააწყდნენ. ოდნავი ნოტიო შერჩენოდა ფსკერზე. აქ მოუცადეს ჩამორჩენილთ. ძლივს მობორგავდნენ ილაჯგაწყვეტილი აქლემები და ცხენები.
ღამის თევა შესთხოვა გორგასალმა. აქაც არაფერი უთქვამს გიორგის, ოღონდ ცხენიდან ჩამოსვლისას როყიოდ გადაუგდო მიახლოებულ გორგასალს:
– ეჰ, მოხუცო, ჩემს უნაგირს რაღად უნდა უზანგის დაჭერა? მე უნაგირზე ვიჯექ მეგონა, თურმე მთელი სიცოცხლე სხვას ვუჭერდი უზანგს! – მერმე ხელი ჩაიქნია და ჭის გვერდზე მიჯდა.
გორგასალმა კარავი დაადგმევინა ბეჟანს. უმალ წყალი მოართვა მოურავს, მცირე ხალიც გაუშალა. "იქნებ მაჰმადური წესით ინებოსო ლოცვა". თავად კი პირჯვარი გადიწერა და განზე მიდგა.
ფეხი გაჰკრა ხალს გიორგიმ.
– ჩემი გაჭედილი ხატი ვერ ვიწამე და სხვისას რარიგად ვიწამებ, მოხუცო?! – ბალთა გაწყვიტა, მუზარადი გადიძრო და შუბლი გაიგრილა. ხმალი ამოებორკა ფეხებში. ავად გაჰკრა ხელი.
– ხან წაღმა რომ ვიქნევდი ამ ხმალს და ხან უკუღმა, ან სიბრძნე არ მეყო, ან ზნეობა?
– ღმერთია ჩვენი მფარველი! – გაეხმიანა გორგასალ, თუმცა კარგად ვერ გაეგო ბატონის ნათქვამი.
– კაცად კაცმა ისე უნდა გავლო სავალი, ბოლოს არსად შეგრცხვეს, და თავიდან რომ მოგიხდეს დაწყება, ისევ ის გზა ირჩიო, ისევ ის!
განა გორგასალს არ აწუხზებს გზის ამბავი?
– აგრე, ბატონო! ბოლოს ხომ შემოვბრუნდებით საქართველოსაკენ?
მოურავი კი თავისას ფიქრობდა ხმამაღლა:
– ჩემი გზა ინდოეთიდან – სტამბოლამდე გადასერილა, მაგრამ ვაითუ მისი ნამჯა და ხვავი ერთ ქართულ კალოსაც არ ეყოს სალეწად!
შეშინდა გორგასალი, მიხვდა – მას კი არ ესაუბრებოდა გიორგი სააკაძე, არამედ თავის თავს. ასეთი რამ ავად ჰქონდა დაცდილი.
პირველად ლუარსაბის ქორწილზე შენიშნა თავის ბატონს ასეთი ბაასი. მეფის ქორწილზე – თავისი და რომ მიათხოვა, ალბათ, ქედმაღალი ზრახვებით უკვე ნაპყარმა.
მეორედ შაჰ-აბაზთან გადახვეწის დროს. შემდგომ კახ-წარჩინებულთა ღალატით ამოჟლეტის ღამეს.
ოჰ, გორგასალს დაღად აზის თითო თარიღი.
კიდევ ერთხელ – თავისი შვილის – პაატას მოკვეთილი თავის მიღებისას. დაბოლოს ბაზალეთთან – ქართველთაგან დამარცხებისა და ახლა თურქეთში გადაკარგვის საშინელ დრო-ჟამს.
ჰოი, რაოდენი უკუღმართობის უნებური მოწმე გახდა გორგასალი?! მოწმე არა, მონაწილე! გორგასალი მოურავის ერთგულია, მაგრამ მას თავისი ჯიგარი აქვს. ტაშისკარი, მარტყოფი, მარაბდა, აქ კი იგიც გიორგის დიდი საქმეების გულდაგული მონაწილე იყო.
– ბატონო! მიბრძანეთ რამე... მე მიბრძანეთ! – შეჰღაღადა შეძრწუნებულმა.
– შენ გითხრა? კარგი, ერთ სიბრძნეს გეტყვი – თუმცა მე და შენ კი აღარ გამოგვადგება, მოხუცო... მსხვერპლი შინაგანად წმინდა უნდა, თუ არა, ისე ათასი ხარ-კამეჩი იკვლება სასაკლაოზე! ერთხელ უკუღმა მოქნეულ ხმალს – ათჯერ წაღმა მოქნეული ხმალი ვეღარ გამოაბრუნებს. მე მარჯვენა მიჭრიდა, გული კი გაბზარული მქონია. რაღაც ვერ დავთმე, მომერია, ჩანს, დამძალა. ხმლის მარჯვედ ქნევა კი რა ბედენაა?!
ზეწამოჭრიდმა სააკაძემ ელვის სისწრაფით გაიძრო ხმალი, მიწას ჩასცა. იღმუვლა ფოლადმა. დარეკა. ნახევრად ჩაითხარა მშრალ ბელტში, მერმე გადაჰყვა სააკაძის ფართო მაჯას და მარილივით გადატყდა.
– ისეთი ხმალი მომეცით, ზედ ქართული სისხლი არ ეცხოს! – ყრუდ მიაყოლა სიტყვა გატყორცნილ ვადას.
ჯერ დაიბნა გორგასალ, მერმე შეიხსნა თავისი ხმალი, ემთხვია და მიაწოდა.
– ნასყიდაანთ ხმალია, მაგრამ არ გაყიდულა არაოდეს!
– მერმე ბაზალეთი?
– შემინდე, ბატონო! ხმალი არ გამიძვრია ბაზალეთთან. ქარქაშიანად ვირიდებდი მომხდურებს. აბა, დახედე! – და ქარქაშზე მრავალი ნაჭდევი აჩვენა.
წამოდგა გიორგი. მრისხანე თვლალი გაეყარა. აღარც გორგასალმა დაჰხარა თავი.
საშინელმა სიბრაზემ დაუშარნა სახე მოურავს.
– შენ ჩემზე ბრძენი ყოფილხარ, მოხუცო! გამეცალე! არ დამენახო! – უეცრივ მოიხარა, შეიკუმშა, ქონდრის კაცის ოდენა გახდა. შებრუნდა. კარავში შევიდა და კალთა ჩამოიფარა.
ეს იყო და ეს. მეტი აღარც უნახავს გორგასალს თავისი ბატონი.
ენა ამოეგლიჯა და არაფერი ეთქვა. ფეხი მოსტეხოდა და არ წასულიყო იმ ღამეს. ბანაკში დარჩენილიყო. ახლაც მათთან იქნებოდა. თავის ბატონთან, თავის შვილთან, თვისტომებთან.
მაგრამ რა იცოდა გორგასალმა. იგი საქმისათვის ზრუნავდა, კეთილად გაისარჯა. მდევარი რომ მისდევდა, ეს კარგად იცოდა ყველამ.
მთელი ღამე არ უძინია გორგასალს. მოურავის კარვის ზღურბლზე იყო გარინდული. თვალღია იწვა. თუმც ძილიც ფხიზელი და თვალღია იცოდა.
იმ ღამეს არავინ მიიკარა გიორგიმ. გათენებისას გამოირკვა, რომ ორმოციოდ ცხენ-აქლემი აკლდათ ლტოლვილებს.
ზოგი უკვე დავარდნილიყო, ზოგიც დავარდნაზე იყო მისული. გორგასალმა ითავა საქმე. შვილი წაიყვანა, დილა-ბინდზე დაწინაურდა. აღარც თუ შორს მომთაბარე მეჯოგენი ეგულებოდა. სამარქაფო ცხენების შოვნა გადაეწყვიტა.
თავზე დაათენდათ საჯოგესთან. ორიოდ ფარეხი ჩანდა ცხვრისათვის და ცხენების ქალთა-სადგომი.
ბეგლარ-ბეგის, მოურავ-ფაშის რაყამით მოვიდნენ. ორმოციოდე ცხენის შეცვლა მოსთხოვეს.
გაჯიქდნენ დამხვდურნი. არ ისურვეს მიცემა. არც რაყამი ირწმუნეს. სატევრების ტრიალი დასჭირდათ მამა-შვილს. ოთხი მამაკაცი შეიპყრეს, მიწურში შეამწყვდიეს დათოკილნი. ფარეხიდან გამოსვლა აუკრძალებს ქალებსაც.
ორმოცი ცხენი მოსხლიტეს რემას. გორგასალმა ბანაკისკენ ცხენებითურთ გაისტუმრა ბეჟანი. თავად კი ორი ჭედილა წამოაქცია, ააფეშხოვა ლა ქვაბ-შამფურები შეუდგა შუა ცეცხლს. დაპურება სჭიროდა რაზმეულს.
შუადღემდე მოელოდა ოტებულთ. მალ-მალ გახედავდა სავალს. საამო ოხშივარი ასდიოდა ქვაბ-შამფურს.
არ გაუმართლდა იმედი, ამაოდ ელოდა გორგასალ. ჩამიჩუმი არ იყო გზაზე. შეწუხდა. ლუკმა ვერ გასტეხა, მხოლოდ უნებური ტყვეები დააპურა.
გვიან სამხრობამდე ელოდა, მერე გაათავისუფლა შემწყვდეულნი, თავად კი ცხენს მოახტა და გაჰქუსლა. მზის ჩასვლისას მიაღწია ნაბანაკარს. აი, ამ ხეობის დასაწყისში დასტოვა ისინი.
ბანაკი აღარსად იყო. იქნებ შეცდა, მხარი ეცვალა გორგასალს? არა – აი, ჭა. აქ დაჰკრა სააკაძემ თავისი მახვილი. აი, ხმლის პირიც იპოვნა. თიხა-ქვიშიან სავალზე ნათლივ ემჩნეოდა ქარავნის ახალი კვალი. მისი გეზი ოდნავ უკან ბრუნდებოდა და მერმე ჰალაბისკენ მიჰყვებოდა, უსიხარულო ხევ-ხრიოკს და უგზო სავალს.
გორგასალისათვის ყველაფერი გასაგები გახდა. აუჭირა ცხენს მოსართავი, აიღო სააკაძის ხმლის ნატეხი და ჩორთით უკან დაედევნა წაყვანილთ.
დასახლებულ ადგილებს რომ მიუახლოვდა, ეჭვი რომ არ აეღოთ, ოსმიალური ძონძები გადაიცვა აბჯარს ზემოდან. ცხენიც მალე მოიშორა მუქთ ფასად. ბოლოს მიაღწია ჰალაბამდე. კითხვა-კითხვით გამოარკვია ამბავი.
ესეც ჰალაბის ძველი დილეგი, ჩახავსებულ-ხვიფლოვანი კედლებით, ჩაჟანგებული ალაყაფით. ერთიღა დარჩენია... მისი გზაც და ადგილიც აქ არის, დილეგში. მის ბატონთან, შვილთან, თანამებრძოლებთან ერთად! ნეტავ, ფეხი მოსტეხოდა და არ გაშორებოდა მათ.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან გოთუა   Wed Dec 21, 2016 10:08 am

ლევან გოთუა

უგზო ქარავანი

„გზა არს ზომიერი კაცთა სავალი“ - სულხან-საბა ორბელიანი

(გაგრძელება)

– მაგრამ, არა უშავს რა – ახლა ხომ იცის, სად არიან. მივა, დააკაკუნებს დილეგის კარს. ნუთუ არ გაუღებენ? არ შეუშვებენ? შეშვებას ითხოვს, გამოსვლას ხომ არა! ეტყვის ვინ არის. რა თქმა უნდა, გურჯების ჯგუფს შეუერთებენ. მათ ბედს გაიზიარებს.
მხოლოდ ეს ეჩოთირება – თავის ფეხით, უბრძოლველად როგორ მივიდეს დილეგში?! მაგრამ რაღად უნდა ეს გახრეკილი თავი და ტანი. სააკაძის ხმლისა არ იყოს, თავადაც ხომ რაღაც სხვა დიდი ამბის ნამუსრევსა ჰგავს.
მიიჭრა, ალაყაფის რკინას მიუკაკუნა. ხმა არავინ გასცა.
უმატა კაკუნს. წიხლიც მიაზილა ძგიდეს. ფეხის ხმა მოისმა. შიგნიდან სათვალურში გამოიხედა ვიღაცამ.
– ვინ არის?! რას მოთრეულხარ? – შემოსწყრა თურქულად ვიღაცა.
– კარი გამიღეთ! კარი! მხოლოდ ამ მოწყალებას ვითხოვ! თავად მოვსულვარ... – თურქულადვე შეევედრა გორგასალი და უნებურად ჩაქინდრა თავი. კარი მართლაც გაიღო და უეცრივ ვიღაცამ მათრახი გადაუჭირა გორგასალს.
– აიტ, ძაღლის შვილო! დილეგში მოსულხარ სამათხოვროდ?! – შემოუკურთხა იასაულმა.
ცეცხლი მოეკიდა გორგასალს. ჯერ ვერა გაიგო რა, მერმე ძონძებზე დაიხედა და მიხვდა. მაგრამ უმალ დაავიწყდა ეს მარცხი. მთავარი ის იყო, რომ მან მათრახი იცნო, დიახ, ისევ ის ორშოლტიანი გიორგისეული მათრახი. ახლა მტრის ხელიდან მას ხვდებოდა. ალბათ, მეორე შოლტი.
– დამარტყი, კიდევ დამარტყი! ღირსი ვარ! სად მოვდიოდი?! სად?! – დაბნეულად ჩიფჩიფებდა გორგასალი. იასაულმა არ ახვეწნინა, კიდევ ერთჯერ გადაუჭირა ცალი შოლტი და კარი მიიხურა.
მაგრამ ახლა სულ სხვამ შეაფიქრა გორგასალი. ანაზდად დაინახა – სამი თითი აკლდა იასაულს, სწორედ მარჯვენა ხელზე შუათითი, არათითი და ნეკი. ხმაც ეცნაურა თითქოს! სახის ნაკვთებშიაც აგონებდა ვიღაცას.
"ღმერთო, მიშველე! ვინ იყო, ნეტავ?!" – ფიქრობდა გაოგნებული გორგასალი და შეჰყურებდა გამოკეტილ ალაყაფს.
სულ დაავიწყდა ნამათრახევის ზიზღი და სუსხი. მერმე მოაგონდა:
– ეს ხომ ჰალაბია? ალეპო, როგორც ის იტყოდა!
შუბლზე იტკიცა ხელი და ბაზრისკენ გაეშურა – ქრთამად ნობათის ყიდვა განიზრახა.
ჰალაბის ბაზარზე ჯარასავით ტრიალებდა ნივთი დაკაცი, ხვადაგი თუ ფრინველი. ხმაურ-ყიჟინა იდგა.
ერთგან თვალში სპილოს ძვლის კრიალოსანი აეხირა გორგასალს. ვეღარ მოსწყვიტა თვალი და ფიტრი. ნატიფი ნახელავი იყო – ორმოცდაათი ცალი თხილის ოდენა თავის ქალა იყო აბრეშუმის ძაფზე აცმული. მზაკვრულად ენიშნა სანობათე.
სახონჯრეში შავი დღისათვის ჩაკერილი ბატონის ნაწყალობევი ოქრო ჩაუთვალა გაკვირვებულ სოვდაგარს, გზად ერთი დიდი საზამთროც იყიდა და უმალ დილეგთან გაჩნდა.
ახლა უფრო გაბედულად მიუკაკუნა ალაყაფს. ისევ იმ იასაულმა გამოიხედა. ერთი უწმაწურად შეიგინა და ქადილით გარეთ გამოვიდა.
გორგასალმა მის ფერხთით დაახალა საზამთრო. წითელ მარაოდ გადიშალა ჩაშაქრებული ნაყოფი, ნაპერწკლებად იფეთქეს ღილის ოდენა კურკებმა. გორგასალმა ძონძი გადაიგდო და აბჯარი გამოაჩინა. შეკრთა იასაული. უკან დადრკა. მრუდე სატევარზე მოისწრაფა ხელი.
– ამ საზამთროს სალბუნის მადლი გაგიწყრეს, თუ ვერ მიცნო! აბა მოიგონე, ისკანდერ თურქო! – ქართულად მიაძახა გორგასალმა.
ხელი მოიჩრდილა თურქმა. შემოუარა და ახლა გვერდიდან შეხედა.
– ალლაჰს ვფიცავ! ნოსტეველი გორგასალი უნდა იყო, გიაურო! ისკანდერი ყოველთვის იცნობს კაცურ კაცს! – ენამძიმე ქართულით უპასუხა თურქმა და გადაეხვია. – შენ ნახვას არ მოველოდი ალეპოს! არც გამხარებია აქ შენი ნახვა, ძმავ! შენ, ალბათ, იმათთან ხარ? – უკვე შემკრთალი ხმით განაგრძო საუბარი.
გორგასალმა თავი ჩაჰხარა.
– წადი მალე! ვინმე არ მოვიდეს. ვერც შენ წაუხვალ მათ ბედს.
– მეც ეგ მინდა! ამად მოვსულვარ!
უეცრივ შეტრიალდა თურქი, ფეხის ხმა თუ მოესმა.
– წადი მალე! მოსულხარ – მე შენ გეტყვი ბაირამობაა?! თავის ადგილზე საზამთრო ხომ არ გაბია, ნოსტეში გონიერი იყავ, აქ რამ მოგიყვანა?
– მხარი მეცვალა, ისკანდერ! მხარი! გზა დამიბნიეს!
– იქ ჩადი... ყავახანაში. მალე მოვალ. მე გაგიკვლევ გზას, მე ისკანდერი მქვია. მადლის გადახდა მადლით ვიცი. – თავად მოახურა ძონძები, აბჯარი შეუბურა გორგასალს და შეიკეტა ალაყაფი.

***
ყავახანის კუთხერი მყუდროდ მიჯდნენ. დახლთან სთვლემდა პატრონი. ბიჭმა მოართვა ყავა და გაეცალა.
ისკანდერ-თურქი და გორგასალი დიდხანს უსიტყვოდ უმზერდნენ ერთმანეთს. გორგასალი აუჩქარებლივ მარცვლავდა კრიალოსანს. წყვილ-წყვილად მისდევდნენ თითებს თუ ფიქრებს სპილოს ძვლიდან მოკვეთილი თავის ქალები. თურქმა უთითო ხელზე დაიხედა, თანაც გორგასალის მაჯას შეეხო.
– მაჩვენე ერთი!
გორგასალმა მარჯვენა მკლავი გაიშიშვლა. ნიდაყვიდან მაჯამდე ჩასდევდა შეხორცებული ჭრილობის ნაწიბური.
– ნიშანი მეც დამრჩა, შენი არ იყოს!
მოკვეთილი თითები ჩაუგულისხმა გორგასალმა.
დინჯად შეექცეოდნენ ყავას და წარსულს იგონებდნენ.
ოცი წლის ამბავი იყო. საქართველოზე ერთ-ერთი ლაშქრობის დროს თურქმა ლაშქარს ისკანდერიც ახლდა. მოთარეშედ მოხვდა ქართლში. იქ შეხვდა გორგასალს.
გორგასალი მეწინავე გუშაგად იდგა სოფლის განაპირა ორღობეში. დაზვერვის დროს წააწყდა მას ისკანდერ-თურქი.
შეიბნენ მარტონი. მხნედ შეაკვესეს ხმლები. შესაფერისნი შეხვდნენ ურთიერთს. დიდხანს იბრძოლეს უშედეგოდ. არც ვინ მოსდიოდათ ქომაგად.
ცაცია ხელსაც კარგად ხმარობდა გორგასალი – აქ უგებდა ილეთს, უკან-უკან იწყო დახევა – გაათამამა მტერი, მერმე ხმალი შეათამაშა და ხელი გამოიცვალა. მომხდურმა დაასწრო, მარჯვენა მკლავს სიგრძით გაუკრა ხმალი – ნიდაყვიდან მაჯამდე დააჩინა ღრმა ნაჭდევი, კვლავ მოუნაცვლა მეორედ, მაგრამ გორგასალმა ცაცია ხელით ქვემოდან ამოუქნია ხმალი. ვადის ძირში აწვდინა ფოლადი, სამი თითი წაათალა უმალ.
ხმალი გაუვარდა თურქს. გორგასალმა არ იკადრა ხმალდახმალ მისვლა, თავადაც გააგდო. მარცხენა ხელითვე მოასწრო სატევარი, ნეკნებს შუა დასცა. მერმე ხელდახელ მისწვდა და წამოაქცია მიწაზე. ისკანდერ-თურქი გონზე რომ მოვიდა, ხელფეხშეკრული ეგდო ნაომარ ადგილზე. შორს კი ბრძოლის ყიჟინა ისმოდა. მალე მობრუნდა გორგასალი, თურქების დამარცხება ამცნო ტყვეს.
– წყალი! – ეხვეწებოდა დაჭრილი ისკანდერი.
თურქული კარგად იცოდა გორგასალმა.
– შენ ქვეყანაში განა წყალი არ იყო, აქ რომ მოდიოდი?
– ეჰ! ალეპოში წყალიც კარგია, მაგრამ... ვინ დამაყენა, გურჯო? განა შენ კი სულ ყველგან შენი ნებით დადიხარ?
– ენიშნა გორგასალს თურქის სიტყვა, თან მომაკვდავი ეგონა, წყალი არსად იყო მახლობლად, ღობეზე გადავიდა, საზამთრო მოუტანა. სატევარი გაიძრო. ღარში სისხლი ჩარჩენოდა სატევარს, სამოსის კალთაზე შეაწმინდა თურქს და საზამთრო მოუჭრა, წყურვილი მოუკლა დაჭრილს. თავადაც შეექცა.
– ალლაჰი იყოს ამ ყარფუზის სალბუნის მოწმე! – მადლობის ნიშნად წაილუღლუღა დაჭრილმა.
დრო გავიდა. დაშოშმინდა ქვეყანა, ჭრილობა გადაიტანა თურქმა. გორგასალმა მოარჩინა თავისი ტყვე. თურქების თარეშის დროს დამწვარი სახლი ერთად ააშენეს. ნოსტეს ციხეზეც ერთად იმუშავეს. სამი წლის შემდეგ თურქების მეციხოვნეთ ჩაჰგვარა ერევანს, იქ გაათავისუფლა, ერთი თანამესოფლეც გამოიხსნა სამაგიეროდ. განშორებისას ძმურად გადაჰკოცნეს ურთიერთი. და აი, ახლა ისკანდერ-თურქის სამშობლოში - ჰალაბში, ბედად თუ მარცხად, შეხვდნენ ერთმანეთს.
– ჰო-ჰო! ცაციობით მაჯობე მაშინ! – როხროხებდა თურქი.
– არა, გულით გაჯობე... მე ჩემს მიწა-წყალზე ვიყავი...
– ახლა კი?
– ახლა კი... მე წაგებული ვარ, ძმაო... აი ისინიც, დილეგში რომ არიან! – კრიალოსანივით მარცვლავდა სიტყვებს.
– ეჰ, იმათ კი ავი დილა გაუთენდებათ... – ჩუმად ჩაიდუდუნა თურქმა.
– ყველას?
– არა!.. ამ კრიალოსანს რამდენი მარცვალი აქვს? – სიტყვა გაუბათილა თურქმა.
– ორმოცდაათი თავი. დახედე. ადამიანის თავი... ჩემგან ნობათად გქონდეს, – და კრიალოსანი ორთითა ხელზე მოახვია.
უფრო მოიღრუბლა ისკანდერ.
– მეც ორმოცდაათი თავი უნდა ჩავაბარო კონიაში ხოსროვ-ფაშას. დანარჩენები კი დაბორკილები უნდა მივგვაროთ. გაჰყიდიან, – კარგი მაზანდა აქვთ გურჯ ტყვეებს.
აღარ ესმის გორგასალს.
– ორმოცდაათი... იმეორებს ზარდაცემული. განა არ იცოდა თავადაც, ცუდი დღე მოელოდათ პყრობილთ! მაგრამ სხვისი პირიდან გაგონილი მაინც ზარდამცემი იყო ეს ბავთი.
– ვინ? მაინც ვინ? რომლები? – თავისდაუნებურად შეეკითხა თურქს.
– ყველა მოთავენი და ვარგისნი.
გორგასალს ფიქრი აერია. აზრი გაუწყდა. უნდა ჰკითხოს კიდევ, ყველაფერი უნდა გაიგოს. მაგრამ არ ძალუძს კითხვა. არ ძალუძს.
– რას აკეთებენ? რას? როგორ არიან? – ძლივს ამოღეჭა სიტყვა. და განა ეს უნდა ეკითხნა? არა, სრულიადაც არა. აბა, რას გააკეთებენ განწირულნი.
– რას აკეთებენ? მღერიან! – მხრები შეჰყარა ისკანდერმა და მერმე თითქოს თავისთვის განაგრძო: – საკვირველი ხალხია გურჯები: მუშაობენ – მღერიან, იბრძვიან – მღერიან, ქორწილი აქვთ – მღერიან, კვდებიან და მაინც მღერიან! ან დიდი ჭკუისაგან სჭირთ, ან დიდი უჭკუობისაგან! – მერმე სუფრაზე ორი გროში დააგდო და წამოდგა.
– მღერიან, სულ მღერიან! – იმეორებდა გორგასალი და მოჩვენებითი სიდინჯით იშმუშნიდა წვერს.
– ისიც სასიკვდილოა? აი, ყველაზე ახალგაზრდა. სიმღერის წამომწყები? ბეჟანი? – ხელი გაიშეშა წვერ-ულვაშზე, მაინც შეშფოთებულად მოუვიდა შეკითხვა.
შეკრთა თურქი.
– შენი შვილიხ ომ არ არის? გგავს, იცოდე!
– არა! – იცრუა გორგასალმა.
რად იცრუა, რად? ალბათ, იმიტომ, რომ ეშინოდა, ტყსუილის ეშინოდა – მამას სიმართლეს არ ეტყოდა ისკანდერი.
მიუხვდა თურქი ამ ნაძალადევ უარს. სთავადაც მამა იყო. მასაც ჰყავდა შვილი.
– არა! იგი არა! – მანაც იცრუა, მაგრამ უეცრივ დახედა კრიალოსანს და დადუმდა. ორმოცდაათი მოკვეთილი თავი უმხერდა ხელიდან. განა თავად მას არ ჰქონდა დავალებული ეს მძიმე საქმე? მასვე უნდა ჩაებარებინა კონიაში თავები და ტყვეები.
– ისკანდერ! ბეჟანი შვილია ჩემი. ერთადერთი შემრჩა. არ მომატყუო, სიმართლე მინდა ვიცოდე. იქნებ ვუსაშველო რამე.
– აბა რაღას უსაშველებ! აბა რაღას? – ვეღარ დაჰფარა ისკანდერმაც
გორგასალმა ერთი კი ჩაჰკიდა თავი, ღრმად ამოიოხრა და მერმე უფრო ახლოს მიეახლა:
– ისკანდერ! შვილის თავსა გთხოვ! რას იტყვი?
კრიალოსანი ჩაიქნია თურქმა.
– ანგარიშითაა, უპატრონო! ჩემსას დაადებენ ორმოცდამეათეს!
– რატომ შენსას?! – გულწრფელად გაიკვირვა გორგასალმა.
– მაშ არადა, შენსას? – უკმეხად უპასუხა თურქმა.
– ჰოდა, ეგრე! ჩემი უფრო უპრიანია. ჩემი თავიც მიითვლება ანგარიშში. სპილოს ძვლისა არც ერთია და არც მეორე!
ეს ისე უბრალოდ და უყოყმანოდ იყო ნათქვამი, რომ თურქი გახევდა, მერმე თითქოს ეჭვი შეეპარაო, საკინძე გაუხსნა გორგასალს, კისერზე შეავლო გამოცდილი ხელი. დასაკლავი ხარივით გაუსინჯა ქეჩო.
– აფსუსია, ამ კისერმა თავი სხვის სათვალავში დაჰკარგოს!
– ეჰ! რატომ სხვისი?! შვილის სათვალავში... შენც ხომ მამა ხარ, ისკანდერ! – მერმე კი უფრო დინჯად განაგრძო: – ერთიცაა – მთელი ჩემი სიცოცხლე მოურავ-ფაშასთან გამიტარებია... და ეს რაღა ბედენაა?.. განა მცირე ხანი. მთელი გრძელი და გატანჯული სიცოცხლე. სად არ ახლდა თავის ბატონს. რა ქვეყანაში არ ყოფილა. სად არ უომია. რაოდენი გამარჯვება მდა მარცხი უნახავთ ერთად. რამდენი ჩუმი ფიქრი და ოცნება უტარებიათ. ხშირად თავის
ბატონს სტუქსავდა კიდევაც გუნებაში. აი, როცა იგი ქართველებზე იშიშვლებდა ხმალს; მაგრამ, ვინ იცის, სად იყო სიმართლე ამ ვაზის კლერტივით დაგრეხილ ცხოვრებაში? მაშინ კი, როცა გული რეჩხს უზამდა, ხმალს არ იშიშვლებდა გორგასალი. მისი დასერილი ქარქაშია მოწმე. მას თავისი პატარა სიმართლე მუდამ ჰქონდა და ახლდა. მაგრამ ათეული წლების გამუდმებულ ბრძოლა–ხეტიალში სარდალს რომ შეაბერდები, მერმე სიკვდილიც ერთად სჯობია ბარემ. "შვილსაც იხსნის!", "შვილსაც იხსნის!" ღვიოდა ძირა გრძნობა და ცეცხლმოკიდებული პატრუქივით გასდევდა ყოველ ფიქრს.
არც გაუგია, როგორ გამოვიდნენ ყავახანიდან, როგორ შეუდგნენ აღმართს დილეგისაკენ.
გარეთ ღამე ჩამოწოლილიყო. შემოდგომის მძიმე სიცხე ჯერ არ განელებულიყო. თურქმა ოფლი მოიწმინდა. გულღჯუ კაცად იყო ცნობილი ისკანდერ. თავების "გადათვლასაც" ავალებდნენ ხანდახან. დღეს კი სულ მოიშალა. მარჯვენაზე თითქოს სამი ნათითარი ეწოდა. ფერდის ძველი ნაიარევიც სტკიოდა.
განცვიფრება კი უფრო და უფრო ეუფლებოდა.
– ეს როგორი ამბავია? სად გაგონილა? – ბუზღუნებდა თავისთვის.
– შენთვის განა სულ ერთი არ არის? თავი თავია! მით უფრო მამა-შვილის?. სხვას ხომ არ გთხოვ? შეუძლებელსაც არას ვითხოთ! თორემ იქნებ სარდლისა მეთხოვა?
გალიეს სავალი. უკვე ახლო იყო დილეგი. თურქი კი სდუმდა.
– მაშინ, მეც წამიყვანე მათთან, მეც! იქ, მათთან ერთად... ესღა დამრჩენია სათხოვარი. ოდესმე მადლი მიქნია. იცის ღმერთმა, არ ვნანობ. მადლს გადახდა უნდა. არც თქვენი ღმერთი იქნება ამის წინააღმდეგი, მეც მათ მიმაყოლე.
– ეჰ! – ხელი ჩაიქნია თვრქმა. – აზამ-ვეზირის სისხლისმსმელობა, თორემ, ან კი ამათი გაწყვეტა მართალი საქმეა? შენი ზედმეტი თავი რაღად მინდა?
– შენთვის ბეჟანის თავია ზედმეტი! იგი ჩათვალე მეტად.
გორგასალმა წინ გადაურბინა, მისწვდა და დაუჩოქა.
რამდენი უცხოვრია, რამდენი უბრძოლია, რამდენი რამ გადაუტანია, მაგრამ მუხლებზე არ მდგარა გორგასალი. სწორედ ამიტომ იბრძოდა ისეთი გაშმაგებით. მუხლმორთხმული მხოლოდ ლოცულობდა, დაჩოქილმა მხოლოდ "ღმერთთან საუბარი" იცოდა.
ახლა კი დაუჩოქა, კისერი წარზიდა და ქვევიდან შესძახა ისკანდერს:
- ისეთ რამეს ნუ იზამ - არც კაცისა იყოს, არც ღვთისა!
მაგრამ ისკანდერი აღარ უსმენდა მას.
– უჰ! გურჯი-შაიტან! კიდევ მღერიან! გესმის?
მართლაც, ღამის გარინდებულ ჰაერში მკაფიოდ მოისმოდა ქართული სიმღერა. ჰალაბის დილეგიდან გაყუჩებულ მიდამოს ეფინებოდა ხალისიანი, მაგრამ განწირული ხმა.
გორგასალმა კვლავ გაარკვია ხავერდოვანი ხმა, ლექსს რომ წამოიწყებდა ხოლმე. იგია, მისი შვილი – ბეჟანი! – ბანს კი პაპუნა ეტყვის. მოძახილს გაგია, ეს კი თედოა, ცოტა ხმას რომ შეაცდენს ხოლმე სიმღერას. ბრძოლაში გამოყრუვდა მოხუცი. ყველას ხმებს არჩევს გორგასალი, ყველასი ესმის – გარდა ერთისა. იმის ხმატარ იესმის! – ყველაზე უფრო რიხიანი და ბოხი.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან გოთუა   Wed Dec 21, 2016 10:09 am

ლევან გოთუა

უგზო ქარავანი

„გზა არს ზომიერი კაცთა სავალი“ - სულხან-საბა ორბელიანი

(გაგრძელება)

ის აღარც მღერის. არც ხმას იღებს. არც რამ დარჩა სათქმელი. ყველაფერი თქვა – ზოგი კარგად,? ზოგი ცუდად. გორგასალს თვალწინ წარმოუდგა მკვდრის მზით განათებული ხელებდაშვებული ვეება მხედარი. თითქოს სიჩუმის ხმა ჩურჩულებდა სადღაც: "ხან წაღმა რომ ვიქნევდი ამ ხმალს და ხან უკუღმა – ან სიბრძნე არ მეყო, ან ზნეობა!"
გული ჩასწვდა გორგასალს და სადღაც ქვესკნელში გმინვა ჩაიტანა. მარტოობის საშინელი სუსხი იგრძნო. სიკვდილზე უფრო შეუმძიმდა ეს გრძნობა.
– ახლავე წაიღე ჩემი თავი! ახლავე! დანარჩენი შენს ვაჟკაცობაზე იყვეს! გენდობი. ჩვენ ურთიერთ შორის სისხლიც გვიღვრია და პურიც გაგვიტეხია! – ულოდნელად წასწვდა თურქის მარჯვენას და ნათითურებზე დაასო კბილები. მწარედ უკბინა.
– შეგირცხვეს ეს მარჯვენა, თუ შენი ხელით მათთან არ მაღირსო სიკვდილი!
– ისკანდერმა ერთი დაიგმინა და ხელი ჰკრა მოხუცს.
– ახლა რა ჭირად მინდა შენი თავი! დილაზე უთენია დამხვდი აქ! არ დაიგვიანო – არ მოგიცდი, იცოდე!
მოსხლტა ისკანდერ და შეაღო დილეგის ალაყაფი.
რას დაიგვიანებს გორგასალი! რას დაიგვიანებს?! სულ არ წავა აქედან! აქ, ამ დილეგის ზღურბლზე არის მისი ადგილი. სულაც არ წავა!..
ალაყაფში უფრო ძლიერად მოისმოდა სიმღერა.
მიხურვისას თურქი შემობრუნდა და გორგასალს გაჰხედა.
იგი კვლავ მუხლებზე იდგა და გარედან ბანს აძლევდა ტყვეების სიმღერას.

***
გორგასალს წინ ჰქონდა მთელი ღამე. განწირულისათვის ეს დიდი ვადაა. ჩავიდა იქვე მახლობელ ჭასთან. გადიძრო ჯაჭვის პერანგი, შიგ გაახვია თავისი ხმალი, სააკაძისეული ხმლის ნატეხიც და შეთხელებული ქისაც. ყველაფერი თოფრაში ჩასდო.
მერმე საცვალი გაირეცხა, გაიწურა და გაუშრობლად ჩაიცვა. ფეხები და ხელ-პირი დაიბანა. ოფლიან კისერზე სველი ხელი რომ გადისვა, თითქოს ფოლადის სიცივე იგრძნო. ერთი წუთით თვალები დახუჭა და სიკვდილის მიღმა გადაიხედა. ნათლივ წარმოიდგინა თავისი დაგორებული თავი, მაგრამ სრულიადაც არ აღელვებულა, არც არაფერი სტკენია. საკინძის ქვეშ მცირე ჯვარი მოებორკა ხელში. ჩამოიხსნა და თოფრას გამოაბა. ხახაში შეკვეთილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა, პეშვით ცოტა წყალიც მოსვა და ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯით შეუდგა შეღმართს. დილეგისაკენ მიეტანა. ღამეში მიყუჩებული, უცხო ქალაქი უზარმაზარ ხნულებად, კალოებად, რუებად და წისქვილებად ეჩვენებოდა ნოსტეველ გლეხს და მიწის სიყვარულის მოუკლავი ჟინი თან მიჰყვებოდა გოლგოთაზე იმიმავალს. მაგრამ ბინდმა ეჭვიც იცის. ჩაღამებულ მიდამოს დაეკარგა სხვაობის ნიშანი და იგი საოცრად დაემსგავსა სულ სხვა, შორეულ მხარეს.
იქნებ ახლაც გორის ციხეზე ადის გორგასალი და ქვევით, ღამეში ჩაბუბნული მხარე – ქართლის ველია? იქ, სადღაც, ალბათ, მტკვარი დის, ლიახვიც ჰბორგავს, თეძამიც. აი, ის შავ-რუხი ქედზურგი რით არა ჰგავს თრიალეთს? კალთებზე მეჩხრად სოფლები მოთესილან. ხეობებში შეხიზნულან ბაღ-ვენახები. ზენაქარი კურდღლაობს ნოსტეს ყანებში. ეს უთუოდ ასეა! ჰოდა, რა უჭირს, რომ ეს მართლა ასე იყოს? ვის რა დაუშავდება ამით? ვის რა?!
დილეგის მახლობლად შედგა გორგასალი. ცალ მუხლზე ჩაიჩოქა.
– ღმერთო! დიდება შენდა! რათა-მეთქი? ვის რა დაუშავდება? – ერთი კი აღიმაღლა სიტყვა. მაგრამ უმალ პირჯვარი გადაიწერა და დადუმდა. დიდხანს მდუმარედ "ესაუბრა ღმერთს", მერმე სმენად გადაიქცა.
ადამიანი უსმენდა ზეცას, მაგრამ ახლაც სრული სიჩუმე სუფევდა. ზეცას თითქოს არაფერი ჰქონდა სათქმელი.
აღარც დილეგიდან ისმოდა სიმღერა. შორს უგზოობაში მიმავალი ქარავნის ზინზილაკის ხმაც დიდი ხანია მიწყდა. მხოლოდ დილეგის ირგვლივ შმაშურით ფრინავდნენ ღამურები და აუგად აღრჭიალებდნენ კბილებს.
მეორე მუხლისთავზეც ჩაიჩოქა გორგასალმა. მერმე მოიხარა და მიწას დაადო ყური. ასე გვერდზე მიწვა. მიწის შვილი ახლა თითქოს მიწისაგან მოელოდა ამაო პასუხს.
ასე დაათენდა თავზე, დილა-ბინდისას ფეხის ხმა მოესმა დილეგიდან. ჩუმად გაიღო მცირე კარი. უმალ შეეგება გორგასალი. დიახ, იგი იყო, ისკანდერი. იცოდა გორგასალმა, არ მოატყუებდა უთითო! თურქმა ხელი დაუქნია, ასკერის ფართო მხარსასხამი გადმოუგდო.
კიდევ ერთხელ – ახლა, ალბათ, უკანასკნელად, მოიხურა გორგასალმა სხვისი სამოსი და სხვის ქვეყანაში საზვარაკოდ მზად იყო სხვისი სიკვდილის ქურდი.
თოფრა გზის მიღმა მოზრდილი ქვის ქვეშ ამოაფარა და ისკანდერს დაუბარა:
– იმას გადასცემ! – მერმე ჩუმად გაჰყვა ჯალათს. ალაყაფში შესვლისას ერთხელ კიდევ გაჰხედა დილეგგარეთა სამყაროს.
იქ არაფერი შეცვლილიყო.
მიწაზე კვლავ ბინდი იწვა, ხოლო ცაზე უღვთო განთიადი იფერებოდა.

***
მზე კარგა მაღლა იყო აწვერილი, როცა დილეგის ალაყაფიდან უცნაური ქარავანი გამოვიდა. აქლემები მოზრდილი ხურჯინებით დაეტვირთათ. გარდა ამისა, თითოეულ აქლემს დაბორკილი ტყვეები მისდევდნენ ფეხდაფეხ. ისინი ჯგუფჯგუფად, საერთო თოკით იყვნენ მიბმული აქლემებზე.
მათ ცხენშუბოსნები ახლდნენ.
აქლემი, რომელზედაც ბეჟანი იყო მიბორკილი, სულ ბოლოს გამოვიდა. დილეგის მახლობლად კვლავ შეაჩერეს აქლემი და გზიდან გადასულ ქარავანბაშს დაელოდნენ. მალე იგიც დაეწია. დინჯად იჯდა ცხენზე და კრიალოსანს მარცვლავდა.
ბეჟანმა მთიდან რომ გადახედა ქვევით მიმავალ ქარავანს, მხოლოდ მაშინ დაინახა ტყვეები. ზინზილაკისა და ბორკილების ხმა ირეოდა და შორით განაგონი ზარების სამგლოვიარო რეკვასავით მოისმოდა.
ეცოტავა ტყვეები ბეჟანს.
"ნუთუ მხოლოდ ნაწილს გვაგზავნიან კონიაში?" – გულუბრყვილოდ ფიქრობდა იგი. ქარავანს ჩამორჩენილი აქლემი კი საწყალობლად ბღაოდა, მიისწრაფოდა და მიითრევდა ბეჟანსაც. იგი კი კარგად ვერც კი მოსულიყო აზრზე. რა მოხდა! ან რა მოელოდათ წინ!
ცხენები რომ მოჰგვარა გიორგი სააკაძეს უკანასკნელ ბანაკში, იქ უკვე მდევრის – ზორა-ფაშის მოციქულები დახვდნენ. ჰალაბს იწვევდნენ მოურავს. აზამ-ვეზირის შემორიგების სიგელი
მოართვეს. უვნებლობის ფიცით შეიჯერეს. ახალგაზრდა იყო ბეჟანი, მაინც გრძნობდა, ნდობა არ შეიძლებოდა. რად ენდო ასეთი ეჭვიანი და ფრთხილი გიორგი? რად იბრუნა პირი ჰალაბისაკენ? რად არ დაანება მამის დაძახება?! გორგასალი მიხვდებოდა, ბეჟანს კი ცხოვრების გამოცდილება აკლდა. მხოლოდ შემდეგ... გვიან მიხვდა, რომ სააკაძემაც იცოდა ამ ფიცის ფასი, მაგრამ საბრძოლო ხმალი და ხერხემალი გატეხილი ჰქონდა.
თავისი პირადი სიმართლის რწმენა დაჰკარგოდა, ხოლო სხვა საყრდენი არ გააჩნდა არასდროს.
სდუმდა საქართველოს მოურავ-მეფე, შაჰ-აბაზის უპირველესი სარდალი, ყაჰრამან-კონიის ბეგლარ-ბეგი, კრიჭა შეეკრა – რადგან უგზოდ ვიდოდა მისი ქარავანი. იქაც კი, ჰალაბში მოსვლისას, ფაშასთან რომ მიიწვიეს, მან უსიტყვოდ გადახედა თავის გაოგნებულ თვისტომთ, ხელი ჩაიქნია და გაეცალა... მათთვისაც არ დარჩენოდა სიტყვა და სითბო.
ქართველები დიდი პატივით, ნაწილ-ნაწილ მოათავსეს ცალკე სადგომებში, ხოლო ღამე თავს დაესხნენ და დილეგში ჩაჰყარეს.
ბორკილგაყრილი სააკაძე უკვე იქ დახვდათ.
ორმოცდაათი რჩეული მათ ბელადთან ერთად დილეგის მარჯვენა კოშკში გამოამწყვდიეს, ხოლო დანარჩენები მარცხენაში წაიყვანეს. მარჯვენა კოშკში მოხვდა ბეჟანიც. მას სამუდამოდ დარჩება ხსოვნაში საკანის უცნაური კარი. ქვემოდან ზევით იღებოდა მძიმე, კიდემოჭედილი მორი. დახურვისას გრუხუნით დაემხობოდა ქვედა ზღურბლს.
შეუმძიმდათ ქართველთ თავისუფლების დაკარგვა. მხოლოდ ორფა სიმღერით ირთობდნენ თავს, ურთიერთის ამბავსაც იგებდნენ მარჯვენა-მარცხენა კოშკების ტყვენი.
ერთ დილით, ადრიანად, თითო-თითოდ გაიყვანეს ტყვეები. პირველად დიდმოურავი წავიდა. მან ახლა კი სათითაოდ გადაჰკოცნა ყველა. ბაჟანი ყველაზე ახალგაზრდა იყო და, ალბათ, ყველაზე ნაკლებად ესმოდა, რა ხდებოდა ირგვლივ. მხოლოდ სააკაძის კოცნამ შეაშფოთა – მას საშინლად ცივი, გაყინული ტუჩები ჰქონდა.
კარში ერთხელ კიდევ შემობრუნდა გიორგი:
– არც ხმალი ვარგა ორპირი, არც მათრახი ორშოლტიანი. დიდ სიბრძნეს ზოგი თავში გაიგებს, ზოგი ბოლოს...
დანარჩენი მორის ხმაურმა შთანთქა.
ასე თითო-თითოდ გადიოდნენ. უფრო უსიტყვოდ. არც იცოდნენ, სად მიდიოდნენ. სანამ ჯგუფი განახევრდებოდა, ყველა ფეხს ითრევდა გასვლაზე...
აქ ყოფნა ერჩიათ, მაგრამ როცა წასულთა რიცხვმა გადააჭარბა, მერმე ყველა ჩქარობდა, თავად მიიწევდა გასასვლელად.
გარეთა ურდულის ხმას გაიგებდნენ თუ არა, ერთმანეთს ასწრებდნენ კარისაკენ. ერთი-ორჯერ ბეჟანმაც მიატანა, გასცდა კიდევაც კარს, მაგრამ ვიღაცა ორთითა კაცმა მახინჯი ხელი გაჰკრა გულში და უკან გამოაბრუნა.
– სად გეჩქარება, მამა გიცხონდა! – და სხვა გაიყვანა მის მაგიერ.
ორმოცდაცხრაჯერ დაიგრუხუნა კარმა. გაიცალა კოშკი. ბეჟანი ორმოცდამეათე იყო და ახლა მარტო დარჩა. სულ მარტო.
აღარც ის უცხო ორთითა მოდიოდა. ბეჟანს მეხსიერებაში ნაჭდევად დარჩა მისი სახეშეშლილი იერი, ელმად გასული, მკაწრავი თვალები, ჰინით შეღებილი მეჩხერი წვერი, მოტვლეპილი თავი და კეფაზე შერჩენილი აძაგრული თმა, ვეჟანისფერი წამოსასხამი შილიფად მოეხურა, თითქოს საქმიანობის დროს მისი გაძრობა უხდებაო წამდაუწუმ.
იგი მაინც მოვიდეს... იგი მაინც! ვეღარ აიტანა სიჩუმე ბეჟანმა, ახალგაზრდობას უფრო უჭირს მარტოობა. ჯერ სიმღერა სცადა. არ გამოუვიდა, გატეხილი ქვევრის ხმა გამოიღო დაცარიელებულმა საკანმა. მერე სიარული იწყო. ააჩხრიალა ბორკილი. ვეღარც ამითი გააფრთხო სიჩუმე. მაშინ კარს მისწვდა, დაუწყო უმოწყალოდ ჯაჯგუნი... ხმა არც მაშინ გასცა ვინმემ, თითქოს ყველანი ამოწყდნენ დილეგში.
დაიღალა. უნებურად მიყუჩდა. მამის ირგვლივ შემოიფარგლა ფიქრი. ის ხომ გარეთაა? ასე არ დააგდებს ბეჟანს. ჰალაბის დილეგამდე მოაგნებინებს მამის გული. კიდევ კარგი, რომ არ დაუცადეს მაშინ. არც გაამხილეს გორგასალის გარეთ ყოფნა. მასაც მოელოდა ტყვეობა.
დიდმა დრომ განვლო, ბეჟანის ფიქრით, იმოდენამ, რომ გაეშვათ, საქართველომდე მიაღწევდა, ალბათ. ბოლოს, ფეხის ხმა მოესმა. ადგა. აიშოტა კართან. ხახა დააღო კარმა, თითქოს დაამთქნარა. ასწია ზედა ჩარბი.
კარს იქით ისევ იგი, ორთითა კაცი იდგა. ახლა მას სხვა, ახალი სამოსი ჩაეცვა, ხელ-პირი დაებანა. წვერი ჩამოევარცხნა, ხოლო კეფაზე შერჩენილი აძაგრული თმა ბეწვიან ჩალმა-ქუდით დაეფარა. ორი თითით კრიალოსანს ჰკენკავდა. სახეცვლილი ჩამქრალი თვალებით შემოხედა ბეჟანს და ხელი აუქნია.
ბეჟანმა ხელი ამოავლო ფეხბორკილებს და უსიტყვოდ გაჰყვა. მის უკან დაიგრუხუნა კარმა, დააკაპკაპა ღრჭილები და დადუმდა.
ვიწრო კიბეზე არავინ შეხვედრიათ. ეზოში ჩავიდნენ. ალაყაფში ქარავანი გადიოდა, ხოლო მოშორებით, შეხავსებულ კედელთან მი წას თხრიდნენ თუ ორმოს ავსებდნენ ასკერები.
ალაყაფთან აქლემი ელოდა უკანასკნელ ტყვეს. თოკჯაჭვით მიაბორკეს ბეჟანი აქლემს და ფეხაჩქარებით წინ წასულ ქარავანს აადევნეს.
მარცხენა კოშკისაკენ გაიხედა ბეჟანმა. იქ სრული სიჩუმე სუფევდა. "ქარავანს თუ გააყოლეს ისინიც", – გაიფიქრა და ნაბიჯს მოუმატა. ქალაქს თავიდანვე უგანა ქარავანმა. კონიის გრძელსა და დამტვერილ გზას აედევნა ნელი ტაატით.
ბეჟანს სული უსწრებდა ქარავნის დასაწევად. მაგრამ ქარავანბაში ბოლო აქლემს თითქოს განზრახ ათრევინებდა ფეხს. თავადაც იკავებდა ცხენს. შუბოსნებიც წინ გაისტუმრა – "საბანაკო ადგილის შესარჩევად, კარვების დასადგმელად".
ბეჟანი გზადაგზა განზე აცეცებდა თვალებს, ალბათ, მამამისი სადმე აქ იქნება ახლომახლო, იქნება თვალი მოჰკრას? თითქმის დარწმუნებული იყო და ციხის მარტოობას გადარჩენილი – უკეთ გრძნობდა თავს.
ესაა, რომ აქლემი უშლიდა მზერას. უფრო სწორად – აქლემზე გადაკიდებული მოზრდილი ხურჯინი. ხოლო უფრო ზუსტად რომ ვთქვათ – უშუალოდ ხურჯინი კი არა, არამედ ბუზები, ამ ხურჯინის ორთავ ჯიბეს რომ ედებოდნენ ირგვლივ.
"ან კი რა თაფლი მიაქვთ კონიაში?" – ფიქრობდა ბეჟან, გაშმაგებით იგერიებდა ბუზებსა და მამის დანახვის იმედით თვალებს აცეცებდა გზაჯვარედინზე.
მამის მეხსიერება გამოჰყვა შვილსაც. გზებშიაც კარგად ერკვეოდა. აი, იქ, დიხაშხო ხეობის სათავეში რომ მოჩანს გზის ანატკეჩი, აღმა შებრუნებული რომ მისდევს თხემ-თხემ, იგია – სანუკვარი გზა. ერთი თვე ცხენმარჯვედ რომ იაროს ბეჟანმა, საქართველოში მიიყვანს ეს გზა. ეჰ, იმ საოცნებო საქართველოში, სადაც მან ბავშვობა და ყრმობა გაატარა, ხოლო ვაჟკაცობა კი აღარ დასცალდა. "იქნებ აღარც დაგცალდეს!" – ლაჯებში ყრუდ ჩხრიალებდნენ ბორკილები. "მაშინ მამა მაინც წავა ამ გზით" – ეხმიანებოდნენ ბორკილებს ფიქრები... მაგრამ ბუზები არ აცლიან ფიქრებს. სულში კძვრებიან ხურჯინის ირგვლივ მოზუზუნე ბუზები.
სანუკვარ გზაჯვარედინთან უეცრივ შედგა აქლემი, ქარავანბაშმა შეაჩერა. თავად ჩამოვიდა ცხენიდან.
– აი, ის გზა, იცი, შენ, სად მიდის? – ღჯუდ გამოთქმული ქართულით შეეკითხა ბეჟანს.
– ვიცი! იქ... საიდანაც ამ გზით არ უნდა წამოვსულიყავ არასდროს!
ქარავანბაშმა ორი თითი დაადო მხარზე:
– შენ კარგი ვაჟკაცი დადგები, მამის მადლი შენთვის ალალია!
უეცრივ დაიხარა, წელიდან ჩამოხსნილი გასაღებით ფეხბორკილი გაუხსნა და გააშორა.
გაოგნებული ბეჟანი უძრავად იდგა. ისკანდერმა აქლემს ავშარა დაუწია და მუხლებში მათრახი დასცხო. გაჭირვეულდა აქლემი, მაგრამ ცხვირის ნესტოში გაყრილმა რგოლის სიმწვავემ თავი დაახრევინა და ჩააჩოქა. ისკანდერმა დიდ ხურჯინს ზევით დამაგრებული საკარვე ქეჩა გადასწია და თოფრა გადმოიღო.
– მამის თოფრა?! – უფრო განცვიფრდა ბეჟან. მაგრამ როცა თოფრას ყურზე გამობმული მამის მცირე ჯვარი შეამჩნია, მაშინ შეძრწუნდა.
ოჰ, ბავშვობაში, მამის მკერდზე, რამდენჯერ შეთამაშებია ბეჟანი ამ გადალესილ ვერცხლის მცირედ ჯვარს.
უეცრად ბუზები შემოაფრინდნენ, სახე და ფიქრი დაუკბინეს.
– მამა სად არის?!
– იარე! ხეირი ნახე! – ხელი აუქნია ისკანდერმა და აქლემს მოეზიდა ასაყენებლად.
– ვერ წავალ! უნდა ვიცოდე მამის... – ყველას ამბავი... სად არიან ჩვენები... ორმოცდაცხრანი... ჩვენი საკნიდან?!
– ორმოცდაათი, – გაუწორა ისკანდერმა. – შენ შენი იკითხე ახლა.
მოულოდნელად ბეჟანმა ყველაფერი შეიგულისხმა, ტვირთიც, ბუზებიც. ნესტოები აუთამაშდა. საფეთქლებთან დარეკა ზარმა და წვივებამდე ჩავიდა ზრიალით.
– ანგარიში შეგშლია, ჯალათო, ერთი თავი დაგკლებია! ჩემი თავი... ჩემი!..
– მე გავითავე ანგარიში. არაფერი იმაკლია. ასის ნახევარი მუდამ ორმოცდაათია!
მერმე თითქოს შესამოწმებლად დახედა სპილოს ძვლის კრიალოსანს და ხმა მოილბო:
– მამაშვილობასა, დროს ტყვილად ჰკარგავ! იარე!
საშინელმა მიხვედრამ თითქოს ხმალი შემოჰკრა ბეჟანს.
– ჩემი მაგიერი მინდა ვნახო! ჩემი მაგიერი! – შესძახა და ეძგერა აქლემის ტვირთს. გაწყვიტა ხურჯინის გარსაკრი თასმა და ჩაიხედა. ისკანდერმა შეუძახა აქლემს. ზლაზვნით იწყო წამოდგომა აქლემმა. გახევებულ ბეჟანის წინ ზეადიოდა ხსნილი ხურჯინი საშინელი ნადავლით.
ხოლო იგი ვერაფერს ხედავდა მშობლის ღიად დარჩენილ თვალებს გარდა.
გორგასალს სიკვდილშიაც ღიად დარჩენოდა თვალები.
ბეჟანი მისწვდა ამბორად... მაგრამ წამის შემდგომ უკვე ქვევით ჩამორჩა ხურჯინს. აქლემი ადგა უკვე. შვილს რაღაც სიცივის გრძნობა დარჩა ტუჩებზე.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4151
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლევან გოთუა   Wed Dec 21, 2016 10:11 am

ლევან გოთუა

უგზო ქარავანი

„გზა არს ზომიერი კაცთა სავალი“ - სულხან-საბა ორბელიანი

(გაგრძელება)

მუხლები ჩაეკეცა.
დანარჩენი ბურანით იყო მოცული... რაღაცას ეუბნებოდა მქარავანბაში, არიგებდა, ქისაც კი ჩაუგდო მამისეულ თოფრაში. ისიც კი უთხრა: "არ უწვალიაო მოხუცს". თავის მარჯვენა დაიფიცა, ერთი დარტყმით მოვკვეთეო. სიტყვა შეესრულებინა პირნათლად.
ერთიღა მოახერხა ბეჟანმა:
– კი, მაგრამ, იმათ თუ ირჩია, შენ რაღას უსრულებდი? ურჯულოვ! შენ რაღას?!
– მეც მამა ვარ. შენც გაიგებ, როცა მამა იქნები!
სახსრები მოეშალა ბეჟანს, დაემხო გზაზე, აქვითინდა და... როცა თავი ასწია, შორს, ხრიოკი გორაკის მუხლთან ქარავნის დასაწევად ცხენს მიაჩქარებდა თურქი. მას უკან ძუნძულით მისდევდა ავშარდაჭიმული აქლემი. კუზებს შორის ჩამოტეხილ ფრთებად თრთოდნენ ხურჯინის ამობურთული ჯიბეები... გაფრენას ლამობდნენ თითქოს.
მერმე გაუჩინარდა საშინელი ქარავანი, მიწყდა ბორკილების ჩხრიალი.
ბეჟანი ადგა და საქართველოსაკენ იბრუნა პირი.
მიდიოდა და გულისყურში მიჰქონდა უგზო ქარავნის ზინზილაკის ხმა, ხოლო თოფრაში მამისეული მცირე ჯვარი და სააკაძის ხმლის ნატეხი თუ ნამუსრევი.

***
გარიჟრაჟის წინ, ხრიოკი ხევისაკენ, კედლიდან გადაუშვეს, რაც ციხეში საბელი მოინახა და დაიგრიხა.
საშინელ სიჩუმეში მოხდა ორთავ გზის განწირულთა გაყრა, და სწორედ იმ დროს, როცა მოდიდებულ ტანას გაღმა-გამოღმა გახვეწილთა თავზეხელაღებული ბრძოლა ბორიალობდა, ციხის ალაყაფიდან საბა მოძღვარი, გასაღებითურთ, შაჰ-თამაზის ბანაკისაკენ მძიმე "საელჩოდ" მიემართებოდა.
დიდი პატივით მიიღეს ელჩი. სეფეკარავში აახლეს შაჰს. თავად ჩაიბარა გასაღები. შეწყნარებას შეჰპირდა – არა ტყვეობას. "საოცრად" იწყინა დედოფლის ლოგინად ჩავარდნა. პირადი დოსტაქრები აახლა. ზედაც რჩეული სარანგები მიაყოლა. ციხის კარიბჭე არამცთუ
გააღო, სრულიადაც მოაშლევინა. წყურვილისაგან გაოგნებულ ხალხს კი გზა მისცა მდინარეზე ჩასასვლელად.
იგრიალა ხალხმა და თითქმის მთლიანად ტანას ნაპირზე ჩაიჭრა. დიდ-პატარა წყალს მიესია. დაწაფებით სვამდნენ. სულის ხუთვამდე... იბერებოდნენ და წყურვილს კი ვერ იკლავდნენ.
ბევრს ემლაშებოდა სისხლითა და ცრემლით ნამღვრევი წყალი. და ბოლოს, როცა გული იჯერეს და მოსაზრების უნარი აღუდგათ, უკან მობრუნდნენ, ციხისაკენ, მაგრამ შიგ აღარ შეუშვეს... გარს შემოეწყვნენ ირან-შუბოსნები, დაატყვევეს და ყველანი განურჩევლად გორისაკენ გაირეკეს.
დედოფალმა არ მიიკარა შაჰის დოსტაქრები, არც ელჩი. არც წყალი შესვა. ყველა დაითხოვა, მდადე-მესაწოლეს გარდა.
არც საბა მოძღვრისათვის უთქვამს რაიმე, უბედური ელჩობის შედეგები რომ მოახსენა.
არც მაშინ ამოუღია ხმა, შაჰის ბრძანებით ციხიდან რომ გაიყვანეს და ნაჩქარევად შორეული ირანის გზას გაუყენეს. ეს ყველაფერი უკვე გათვალისწინებული და გამოტირებული ჰქონდა.
მხოლოდ სადღაც, სიცოცხლის ძირში, ოდნავ ბჟუტავდა იმედი... უფრო სურვილი. იცოდა, გრძნობდა, შაჰის ლაშქარს თავს დასტრიალებდა მისი შვილი. ხან კბილს გაჰკრავდა თარეშად გასულთ, ხან აღალს აუშლიდა, ხან ტყვეებს გაიტაცებდა. ყველგან იგრძნობოდა იგი – მთის წვეროებზე ანთებულ კოცონებში; გზადაგზა ჩანგრეულ ხიდებში, ტყის ხერგულებში, ფერდობებიდან დაგორებულ შვავებში.
შაჰის ლაშქარი, დიდი ნადავლითა და ტყვეებით დამძიმებული, ქართველთა იერიშებს იგერიებდა და ეშურებოდა სამშვიდობოზე გასვლას. იჩქაროდა გამარჯვების გადასარჩენად. დედოფალი სანთელივით დნებოდა. განუყრელად მასთან იყვნენ საბა-მოძღვარი და მდადე-მესაწოლე.
– წყალი ინებეთ, დედოფალო! ან ლუკმია რაიმე! – გზადაგზა ემუდარებოდა ყოფილი "წყარო-დეიდო".
ვერც მოძღვრის სიტყვამ გასჭრა, ვერ მოაშლევინა წყურვილის მარხვა, ყოვლის აღკვეთა.
ილეოდა თვალსა და ხელს შუა.
მხოლოდ მაშინ გამოცოცხლდებოდა, როცა მოახსენებდნენ ქართველ მდევართა მოძალებას.
მაგრამ, აი, შიდა ქართლი განვლეს, შემოიტოვეს ქვედაც და ყაზახშამშადილში გავიდნენ.
უკან კვალდაკვალ ტყვეთა გვამები და გადაფარცხული ქვეყანა რჩებოდათ.
და როცა მდინარე არეზს მიაღწიეს, ერთხელ კიდევ აბორგდა დედოფალი, ეს მოსაზღვრე მდინარე მის დასიცხულ თვალებში უშუალოდ იჭრებოდა, აღგზნებას მატებდა, მიჯნის გრძნობას უმახვილებდა, წყურვილს უღვიძებდა, ხოლო იმედს უქრობდა. გაღმა უკვე მოუბრუნებელი ირანი იწყებოდა.
იმ ღამეს მდინარის პირას დაბანაკდნენ, დილიდანვე იზრახებოდა გაღმა სვლა. ამას ნათლივ გრძნობდა დედოფალი.
არეზი გარდაუვალ ლარად ევლებოდა მის გულსა და ფიქრებს. აქ გაღმა, სიცოცხლის გაღმა იყო უკვე. ამას ისე მარტივად და ცხადლივ გრძნობდა, რომ არცთუ მაინცდამაინც ღელავდა. თითქოს უბრალო საქმის ვარაუდში იყო.
რაც პირველ ახალგაზრდული ქამარი შემოაცვდა და ქართლის დედოფლობა იჭირისუფლა, ჭირმედგრობას შეუყენა გული. წვრილად და უშიშრად გაჰხილავდა ფიქრის ყველა კუნჭულს. ჰოდა, ვის არ უფიქრია სიკვდილზე? მასაც ხშირად უფიქრია. სხვანაირად წარმოედგინა იგი... არა, არა ისე, როგორც უცხვირო ცელაღმართული ჩონჩხი, ან ჩამოძალული მაჩხი დედაკაცი. მაგრამ არც ასე, ამ სანდომიანი და სწრაფი მიჯნის მდინარის სახით, ანდა ცისარტყელას, დიახ, ატენის ციხის თავზე მაშინ, გასაღების დაძვრისას ლამაზად გადმომდგარ ცისარტყელას სახით!
"ცისარტყელა და მდინარე!" ახლა ასე შენივთდა ფიქრი. ოდესმე კი! ოდესმე "წყარო და გასაღები" იყო. იქ იყო... მზე რომ ჩაესვენა, იქითა მხარეს. "მაშ, არეზი?!"
– დიახ! – ამოიოხრა მოძღვარმაც და კარვის კალთა უფრო გასწია.
მარჯვნივ ძეძვიანი გორაკი ჩანდა, მის ტერფთან დაყრილიყვნენ ტყვეები. მარცხნივ ჩაბინდული, აჩქარებული არეზი დიოდა. გაღმა კი უდაბურობა. იქით თვალი არ უჭრის არც დედოფალს, არც მოძღვარს.
– ბინდია თუ თვალს დამაკლდა?
– ღამდება, დედოფალო!
– ჰმ, დედოფალო? სიკვდილის დედოფალო? – თავი ჩახარა მწოლიარემ, უნებურად ხელებზე დაიხედა. როგორ გახდომია თითები?! აი ეს ორთვალა ბეჭედი, არათითზე რომ აქვს... დედოფლის ბეჭედი! ოდესმე ხორცში ჰქონდა ჩაჭრილი. ახლა კი, ახლა როგორ მოფოლხვებულა?! ლამის წასძვრეს თითიდან! ლამის დაეკარგოს ბეჭედი!
შეშინდა დედოფალი... ხელი შეკუმშა. მეორე ხელიც შემოაჭდო. გულში... შემჭკნარ, მოწყურებულ გულში ჩაიკრა... ერთადერთი შერჩენილი სიყრმის მეგობარი და მესაიდუმლე.
– აანთეთ!
მდადემ სანთელი აანთო და კარვის კალთა ჩამოხურა.
– იქნებ რაიმე ინებოთ, დედოფალო? – კვლავ შეემუდარა იგი. რამდენჯერ შეჰკითხვია ასევე, მაგრამ უარი მიუღია, ცივი უარი, ახლა კი – მით უფრო, რაღა თქმა უნდა.
აბა, ან თავად კი რა ლუკმა ჩაუვა პირში?! ან რა წყალ-წვეთი.
ამ დროს ბუკის ხმა მოისმა. შორეული ბრძოლის შეხმიანება მოსწვდა კარვის კალთასაც, სანთლის ალსაც, დედოფლის ბეჭედსაც, ერთ კილოზე აათრთოლა.
– მერმე, ბრძოლის შემდგომ! – გვიანი პასუხი გასცა დედოფალმა. ჭირის მდადე ამ პასუხმა უფრო შეაშფოთა, ვიდრე ბრძოლის ხმამ.
საბამაც ლოცვას უტია და კარვის ზღურბლთან მიჯდა.
მთელი ღამე მძვინვარებდა ოდრიკალად შემომდგარი შორიახლო ბრძოლა.
ძეძვის გორაკთან მთელი ღამე გული უკვდებოდა განწირულ ტყეებს.
მთელი ღამე ბეჭდისათვის ხელი არ შეუშვია დედოფალს. ასევე დაათენდათ თავზე. მზის ამოსვლისას ბრძოლა მი წყდა. ღამის იმედი თუ ჰქონდათ მდევრებს.
– გამახედეთ! – ძლივს ამოიდგა ენა დედოფალმა.
მდადემ ფარული ცრემლი მოიწმინდა და კალთა აუზიდა კარავს. არეზი ისევ ისე დიოდა. ფონში უკვე გადიოდნენ ტყვეები. მათ ცხენდაცხენ უწყალოდ ერეკებოდა ბადრაგი.
და უეცრივ... არა, არც უეცრივ – მოსწყურდა დედოფალს. არეზის წყალი მოსწყურდა, აუტანლად, აზრგადასულად მოსწყურდა.
– მასვით!
მესაწოლე გახევდა. თუმცა რა გასაკვირია – ადამიანს წყალი არ უსვამს ატენის შემდგომ. ახლა თხოულობს. უკანასკნელად ცივ წყალს თხოულობს მწყურვალი, ჰოდა, რა?! და მაინც ქალური გუმანით შეჭოჭმანდა მდადე, მოძღვარს შეხედა.
საბა მძიმედ, მეტად მძიმედ წამოიმართა. გულზე დაკრეფილი ხელები მძიმედ, მეტად მძიმედ ჩამოეშალა... და უსაშველო დასტურის ნიშნად თავი დახარა.
– ზიარებას თუ ინებებთ, წილუბედურო?
მაგრამ დედოფალი აზრს თუ ვეღარ ართმევდა სიტყვებს, ან გუმანში წასული – "გარედან" აღარ უსმენდა არავის, მდინარის შხუილის გარდა.
– წყალი, არეზის წყალი!
მდადემ უმალ მოართვა ფიალა, თავად კი გული ვეღარ დაიოკა, კარვიდან გავარდა სულმოუთქმელად.
დედოფალი წამოიზიდა და თვალებში შეაჩერდა თავის მოძღვარს, მერმე გარეთ გაიხედა:
– იმ გორაკზე... ძეძვია, ვგონებ! უპატრონო საფლავზე ხშირად ამოდის ხოლმე უპატრონოთა, უმანდილოთა ჭირისუფალი. იქ მაინც მეგულებოდეს ჩემი საფლავი!
ამ დროს ქარმა კარვის კალთა შეაბორიალა და ჩამოშალა. სანთელიც ჩატრა. კარავში ჩამობნელდა.
– ამბავი გამიგეთ, წუხანდელი ამბავი!
წინამძღვარი მიხვდა, რომ დედოფალმა დაითხოვა იგი, თორემ, აბა რა ამბავი გაიგოს! ყველაფერი ნათელია. ისიც იცის მოძღვარმა, რად იშორებს დედოფალი მას. იცის და ძალა არა აქვს, აღუდგეს, იქნებ სცოდავს, მაგრამ... ვინ იცის, სად არის აქ ცოდვა, ბრძნული სათნოება და უებარი ნუგეში?! უსიტყვოდ ადგა და კარვის გარეთ გავიდა.
ტყვეები უკვე გაერეკათ გაღმა. ახლა ლაშქარი გადიოდა. შაჰ-თამაზის კარავს შემოხვეოდნენ სარდლები. შაჰისათვის ცხენი მიერთმიათ. დედოფლის კარვის აყრის დროც იყო. მობრუნდა მოძღვარი. მიმქრალ ნაღვერდალზე ძლივს აანთო სანთელი და დედოფლის კარავში შედგა ფეხი. ჩუმად, თავდახრილად, როგორც მიცვალებულთან შესულა ხოლმე წესის ასაგებად.
უწინდებურად სარეცელზე იწვა დედოფალი, თვალები დახუჭული ჰქონდა. შუბლის ნაოჭები ოდნავ გაშლოდა, უმანდილო თეთრი უხვად ეხვია ბაიისფერ სახეს. იქვე დაცლილი ფიალა იდგა. როდესაც ახლო დახედა მოძღვარმა, ფიალაში დედოფლისეული ორთვალა ბეჭედი შეამჩნია, ორივე თვალი შეხსნილი ჰქონდა ბეჭედს. სანთელი სასთუმალთან მიამაგრა. პირჯვარი გადასახა, მანდილის მაგიერ სუდარა გადააფარა სახეზე და გავიდა კარვიდან. კარი დახშო.
იქვე, ჩარდახის უკან, უსიტყვოდ და უცრემლოდ ტიროდა მდადე-მესაწოლე. საბა ძეძვის გორაკისაკენ მიბრუნდა, მაგრამ ამ დროს ცხენების თქარუნი შემოესმა.
შემობრუნდა. შაჰ-თამაზი თავისი ამალით არეზისაკენ მიემართებოდა. აიჩქარა საბამ, ჯვარი შეისწორა გულზე. შეეგება და ცხენოსნებს წინ გადაუდგა. კინაღამ დათქერეს ცხენებმა.
არ შეეპუა, შაჰის წინ წარდგა.
– რასა მთხოვ, მოხუცო?
– ძეძვის გორას! – და ხელი მარჯვნივ გაიშვირა.
შაჰმა გახედა იქით, გაიღიმა... საოხუნჯოდ სცალოდა ბრძოლამოგებულს.
– რა სასახლე უნდა ააგო?
– სასახლე, რომელიც ყველას გველოდება სიცოცხლის ბოლოს, დიდსა და პატარას, გამარჯვებულსაც მათ შორის. წარბი შეიკრა შაჰმა.
– ვისთვის შეგჭირვებია?!
– დედოფლისათვის! – ჩაღუნა თავი მოხუცმა.
შაჰმა ცხენს კისერი მოუღერა.
– ევალაჰ! მისთვის ოქროს სასახლე მქონდა თეირანს!
– მან ძეძვის გორაკი ირჩია, არეზის პირას! ასეთი იყო მისი ნება!
– ნებაც ჩემია და გამარჯვებაც! – უკვე გაწყრა შაჰი. ცხენიც კი დასძრა. მაგრამ არ დაცხრა საბა:
– გამარჯვება წაგიღია, ძეძვის გორაკს ნუ დაიშურებ!
უნაგირში შემობრუნდა შაჰი, დაფიქრებულად შეეკითხა:
– თავად ირჩია? სიბრძნე ჰკლებია დედოფალს!
– ვინ ამოიცნო, ვინ, სიბრძნე სიკვდილისა!
– სიბრძნე სიკვდილისა?! – დაკბილულად გაიმეორა შაჰმა, უეცრად მოთმინება დაეკარგა: – შენ ბევრი გცოდნია, მოხუცო! სახიფათოა, მეტი აღარ შემომხვდე გზაზე, გაგსრეს!
შაჰმა ფხიზელი თვალი გაჰკრა ამალას, გრძნობდა, ყველა შაჰინშაჰისაგან ღირსეულ პასუხს მოელოდა, მისი ნათქვამი კი პასუხი არ იყო, არამედ მუქარა.
– ეგრე იყოს! უპატრონო საფლავი დარჩეს! უნიშნო! უსახელო – ეგეც სიბრძნეა! მარტო ეს მოხუცი მიუშვით, გურჯის წესი აუგოს. მერმე იქ მომგვარეთ თეირანს... თუ მოაღწია! – მნიშვნელოვნად დაასკვნა შაჰმა, თანაც დეზი გაჰკრა ქურანს.
როცა არეზის პირას მოსწვდა ლუარსაბის მცირე ლაშქარი, ნაბანაკარში აღარავინ დახვედრია.
შორს, გაღმა, ბუქის კორიანტელი მიჰყვებოდა ცის კიდურს.
ლუარსაბმა არეზში შეაგდო ცხენი, მაგრამ ატენელი ჯამარჯაისძე დაქვეითდა, აღვირში უტაცა ხელი.
– მეფეო, მომიტევეთ! სხვებიც მისწვდნენ, შემოადგნენ. ხმა ამოიღეს.
განა თავად ლუარსაბმა არ იცის, რომ აწ ყველაფერი ამაოა, გათავებულია?! ვეღარ დაიხსნა ტყვეები. ვეღარც დედამისი – საქართველოს მხცოვანი დედოფალი.
წავიდა დედა, სადღაც იქით, არეზს გაღმა, უპატიურობაში, უმანდილოდ წავიდა.
გამობრუნდა გულშემოყრილი, მაღლობზე ააჭენა ცხენი. აქედან გაჰხედა გაღმა მხარეს. სამგლოვიაროდ ქუდი მოიხადა, ძეძვნარში დაქვეითდა. მარტო ყოფნა სწადდა. იგრძნო ამალამ, ჩამორჩა. მხოლოდ ჯამარჯაისძე მიჰყვა. მანვე პირველმა შეამჩნია ახალი სამარე ძეძვნარში.
ასეთები მრავლად მიჰყვებოდნენ ტყვეთა გზადუხჭირს. მოაგონდა ატენის ციხისთავს დედოფლის ბოლო სიტყვა. მიეწია ლუარსაბს.
– მეფეო, უკანასკნელ სამარესთან მიტიროსო! აქამდე ვერ გავბედე მოხსენება. იმედი მქონდა.
მეფემ იგიც დაითხოვა. ამოიღო დედის მანდილი და უპატრონო საფლავთან თავი დახარა.
აქ, ძეძვიან გორაკზე, არეზის პირას გამოიტირა ლუარსაბმა თავისი დედა.
ისე გამოიტირა, არ იცოდა, რომ უპატრონო სამარე დედამისისა იყო ჭეშმარიტად.
იქნებ აქაც იყო იდუმალი და გამოუცნობი სიბრძნე სიკვდილისა?!

(დასასრული)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლევან გოთუა   

Back to top Go down
 
ლევან გოთუა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: