არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ფორე მოსულიშვილი - Pore Mossulishvili

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: ფორე მოსულიშვილი - Pore Mossulishvili   Mon Dec 05, 2016 8:51 pm



Pore Mossulishvili

Pore Mosulishvili

ფორე მოსულიშვილი

ფორე (ქრისტეფორე) ნიკოლოზის ძე მოსულიშვილი (დ. 20 ივლისი 1916, ქვემო მაჩხაანი, სიღნაღის მუნიციპალიტეტი — გ. 3 დეკემბერი 1944, სოფ. ლესა, ნოვარა, დასაფლავებულია ქ. არონაში, ჩრდილოეთ იტალია), ქართველი, ოქროს მედლის „მხედრული მამაცობისათვის“ კავალერი, იტალიის ეროვნული გმირი (1970), საბჭოთა კავშირის გმირი (1990).
ფორე მოსულიშვილი დაიბადა 1916 წელს, სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა კოლმეურნეობაში, შემდეგ სწავლობდა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში, რომლის წარმატებით დამთავრების მერე, 1939 წელს გაიწვიეს წითელ არმიაში.

მეორე მსოფლიო ომის წინ სამხედრო სამსახურს გადიოდა ლატვიის ქალაქ დაუგავპლისში. სწორედ აქედან მიიღო მისი უკანასკნელი წერილი ოჯახმა 1941 წლის მაისში.

ერთ–ერთ ბრძოლაში ფორე დაიჭრა და უგონოდ მყოფი ტყვედ აიყვანეს გერმანელებმა.

სხვა ტყვეებთან ერთად ფორე პოლონეთში გადაიყვანეს, კრუშინას (პოლონურად Kruszyna) საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იყო ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი. აქ ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ ვერმახტის ძალებისთვის.

1943 წლის დამლევს ფორე მოსულიშვილი პოლონეთიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, მერე კი ქალაქ სტრეზაში (იტალია, ნოვარის პროვინცია).

1944 წლის 7 სექტემბერს ფორე მოსულიშვილი სამოცდაათზე მეტ ქართველთან ერთად იტალიელ პარტიზანებისკენ გადავიდა, რომლბიც გარიბალდის ბრიგადის სახელით მოქმედებდნენ პიემონტში. ქართველები პარტიზანულ რამზებში გადაანაწილეს. ფორე მოხვდა გარიბალდის რემო სერვადეის სახელობის 118-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის, „პეპინოს“ ქვედანაყოფ „არმანდოში“.

პირველი საბრძოლო ოპერაცია „არმანდომ“ 14 სექტემბერს ჩაატარა, როცა დაბა ომენიის ჰოსპიტალიდან გამოიხსნა ჯენეზიას მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი ძმები გოგიშვილები და ედო დელ გრატა. ამ შეტაკებისას ფორემ უხმაუროდ მოხსნა დაცვა და საშუალება მისცა რაზმს დაეკავებინა შენობა. მალე ფორეს დიდი შენაერთის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა: ადგილმდებარეობას არ ვიცნობ კარგად და არც იტალიური ვიციო...

1944 წლის სექტემბრის ბოლოს მისი რაზმი იბრძოდა დაბა დომოდოსოლოს რაიონში, სადაც მოსპეს 30 გერმანელი ჯარისკაცი, ხოლო ფორემ დაცვის ცხვირწინ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაიონს ნოვარას პროვინციასთან აკავშირდებდა. ერთხელ მოენის შოვნა იყო საჭირო, ფორემ გადაიცვა გერმანელი ოფიცრის ფორმა და თამამად შევიდა ქ. სტერზას ლუდხანაში, ერთ–ერთი ოფიცერს ჩუმად იარაღი დაადო და ასე მიიყვანა პარტიზანთა ბანაკში. გერმანელი ისე დაფეთდა, კარგა ხანს ხმას ვერ იღებდა.

ნაცისტებმა გადაწყვიტეს გაენადგურებინათ პარტიზანები და ფართომაშტაბიანი შეტევა განახორციელეს გარიბალდის 118-ე „რემო სერვადეის” ბრიგადაზე, რომელიც დაიშალა მცირე დანაყოფებად და ისე განაგრძო ვაფენ-სს-ის მეთექვსმეტე მოტორიზებულ დივიზია „რაიხსფიურერ სს“-ის (მეთაურო - სს-ის ობერფიურერი ოტო ბაუმი) შენაერთებთან ბრძოლა, რაც სავსებით შეესაბამებოდა პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკას.

1944 წლის 3 დეკემბრის გამთენიისას სოფელ კოლონიას ბოლოს, „მოტტა როსსა“-ს გორაკზე მდებარე ერთ „ბაიტაში“ (ბაიტა — იტალიურად, მწყემსების ქოხი, უდუღაბოდ ნაშენი) ღამის გასათევად შეფარებული პარტიზანული ქვედანაყოფი „არმანდო“ დივიზია „რაიხსფიურერ სს“-ის სამასკაციანი დაჯგუფების ალყაში აღმოჩნდა.

პარტიზანულ ქვედანაყოფ „არმანდოში“ იმჟამად მყოფი ჩვიდმეტი პარტიზანიდან შვიდი ქართველი იყო: ფორე მოსულიშვილი, მიხეილ საყვარელიძე, ბაგრატ ესართია, შალვა კვირიკაშვილი (რაჭა), შოთა ბექაია (სამტრედია, დიდი ჯიხაიში), ვლადიმერ ჭეჟია (ზუგდიდი), ზაქარია თომაშვილი. ცნობილია რამდენიმე იტალიელის ვინაობაც: ედო დელ გრატა, რაზმის მეთაური სოფელ რიგლიონედან (ქალაქ პიზა-ს კომუნა); მარიო ძინონი, სოფელ კოლაცადან; ფენტო ფერეტი, ქალაქ ომენიიდან.

გააფთრებულ შეტაკებაში ბევრი გერმანელი დაიღუპა, მაგრამ პარტიზანებიდან ფორე და კიდევ ორი კაცი დაიჭრა, ამასთან ვაზნებიც შემოელიათ.

ფაშისტები მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, დანარჩენებს კი სიცოცხლის შენარჩუნებას პირდებოდნენ.

მარიო ძინონი იხსენებს: „ერთმანეთს გადავხდეთ, ვერც რაზმის მეთაური ედო დელ გრატა და ვერცერთი ჩვენთაგანი ადგილიდან დაძვრას ვერ ვბედავდით. გერმანელებთან გასვლა წამებით სიკვდილს ნიშნავდა. როცა ჩვენს დახოცვამდე, ალბათ, წამები იყო დარჩენილი, სისხლით შეღებილი ფორე მოსულიშვილი კართან მივიდა, გამოაღო და გერმანელებს შესძახა: „მეთაური მე ვარ, თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!“ და თავი მოიკლა. მისმა თავგანწირვამ თექვსმეტ კაცს შეგვინარჩუნა სიცოცხლე...“

იტალიის მთავრობამ სათანადოდ დააფასა ფორე მოსულიშვილის თავგანწირვა და 1970 წლის 28 თებერვალს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ ხელი მოაწერა დეკრეტს ფორე ნიკოლოზის ძე მოსულიშვილის სიკვდილის შემდგომ ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი - ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“ დაჯილდოების შესახებ (d'Oro al Valor Militare alla Memoria).

დაჯილდოების მოტივაციაში ნათქვამია:

ვიკიციტატა
„ქართული ჯგუფის უნტერ-ოფიცერმა გერმანულ არმიას გამოსტაცა სამოცდაათამდე თანამემამულე სრული შეიარაღებითა და აღჭურვილობით და შედიოდა როგორც პარტიზანი იტალიურ მოქმედ შენაერთებთან ლომბარდიაში, რითაც თავი გამოიჩინა სამხედრო ნიჭითა და თავისუფლებისადმი რწმენით. სასტიკი თავდაცვითი აქციისას, თავისი ქვედანაყოფიანად ალყაში მოქცეულმა, გრძელი და სისხლიანი ბრძოლის შემდეგ, როცა საბრძოლო მასალა სრულიად ამოეწურათ და მტერი მოითხოვდა, რომ ყველას სიცოცხლეს შეუნარჩუნებდა, თუკი მეთაური დანებდებოდა, მან სტიქიურად და გმირული ჟესტით შეცვალა თავისი მეთაური და განაცხადა, რომ თავად იყო მეთაური. იმავდროულად, უცაბედად, მან პისტოლეტი ამოიღო და იძულებული იყო, საფეთქელში დაეხალა ბოლო ტყვია, შეძახილით: „გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს იტალიის თავისუფლებას!“
ჯარისკაცის, მეომრის, იარაღის თანამოძმის ბრწყინვალე ფიგურამ, ყოველგვარი წარმომავლობისა და საზღვრების მიღმა, შეძლო ერთ იდეალში შეერთებინა თავისი სამშობლოს სიყვარული, რაც თავისუფალ ადამიანებს ახასიათებს.
მოტარონე - ლესა (ნოვარა), 3 დეკემბერი, 1944[1]“
ოქროს მედალი „მხედრული მამაცობისათვის“ იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი და ყველაზე საპატიო ჯილდოა. ამ მედლის კავალერი იტალიის ეროვნულ გმირად ითვლება და გენერალიც კი ვალდებულია პირველი მიესალმოს იმ ჯარიკაცს, რომელიც ამ მედალს ატარებს. ოქროს მედლის კავალერთა რიცხვი მცირეა და იშვიათად თუ გადაეცემა მფლობელს, რადგან უმრავლეს შემთხვევაში ისინი ცოცხლები აღარ არიან...

ფიოდორ პოლეტაევთან ერთად ფორე მოსულიშვილი მეორე უცხოელია, რომელიც იტალიამ თავის ეროვნულ გმირად აღიარა.

1990 წელს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება (სიკვდილის შემდეგ).

1970 წლის 28 თებერვლის დეკრეტში, რომლითაც ფორე მოსულიშვილი დაჯილდოვდა ოქროს მედლით „მხედრული მამაცობისათვის“[3] მისი გვარი ჩაწერილია ასე: MUSOLISHVILI Phore Nikolaevic, რაც შეცდომაა და იგივე შეცდომა მექანიკურად განმეორდა როგორც ვებ-გვერდებზე[4], ასევე ქალაქ ბელჯირატეს იმ ქუჩის სახელწოდებაში, სადაც თავისფულების ბაიტას მუზეუმი მდებარეობს[5] მოტა როსას გორაკზე.

ფორე მოსულიშვილის მართებული ტრანსკრიფცია იტალიურად ასე იქნებოდა: Pore Mossulishvili.

ბმული - https://ka.wikipedia.org/wiki/ფორე_მოსულიშვილი



Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფორე მოსულიშვილი - Pore Mossulishvili   Mon Dec 05, 2016 8:57 pm



Pore Mossulishvili


Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფორე მოსულიშვილი - Pore Mossulishvili   Mon Dec 05, 2016 9:05 pm



დავით ბრაგვაძე

“პერ ბატალია, ჯორჯანი პარტიჯანი!”
ფორე მოსულიშვილი და ქართველ პარტიზანთა გმირობა
(ქართველი პარტიზანები იტალიაში)

მეორე მსოფლიო ომის წლებში იტალიის წინააღმდეგობის მოძრაობაში 5000 ქართველი მონაწილეობდა. ოფიციალური წყაროებით, მათ შორის 425 დაიღუპა და ჩრდილოეთ იტალიაში განისვენებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნოვარას პროვინციაში მებრძოლი 300 ქართველი პარტიზანი, რომლებიც არაერთ წარმატებულ ბრძოლაში მონაწილეობდნენ.
ისტორიას მრავალი შემთხვევა ახსოვს, როცა ქართველები უცხო ქვეყნის სამსახურში დგებოდნენ და თავს სწირავდნენ მის თავისუფლებას. ისეც ხდებოდა, რომ სხვა ქვეყნის სამსახურში მყოფ ქართველებს თავიანთი სამშობლო არც ახსოვდათ და სიყრმიდანვე შეემეცნებინათ პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის წინაშე, რომლისთვისაც იბრძოდნენ. ისტორიას ისეთი შემთხვევებიც ახსოვს, როცა დიდ ქვეყნებს ქართველები სახელისა და მდგომარეობის მოსახვეჭად მიაშურებდნენ და მიზანსაც აღწევდნენ. თუმცა გვხვდება სხვა მაგალითებიც. ზოგჯერ ქართველები გარემოებათა საბედისწერო დამთხვევის გამო ხდებოდნენ უცხო ქვეყნის ჯარისკაცები, შეიძლება ითქვას, შემთხვევითობის წყალობით. ასეთ დროს ისინი გრძნობდნენ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სწორედ იმ ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო მათთვის უპირველესი ვალი, რომლის მიწაზეც ისინი განგებამ მოახვედრა. ამის ნათელი დადასტურებაა მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველ პარტიზანთა თავდადება ევროპის მრავალ ქვეყანაში, რომელთა შორის გამოირჩევა ქართველთა ბრძოლა იტალიის ეროვნული თავისუფლებისთვის.
იტალიაში ქართველ პარტიზანებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს ფორე მოსულიშვილს. ის 1919 წლის 20 მაისს დაიბადა სიღნაღის რაიონის სოფელ ქვემო მაჩხაანში. წითელ არმიაში გაწვევამდე მისი ბიოგრაფია არაფრით გამოირჩეოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კოლმეურნე გახდა, შემდეგ წარჩინებით დაამთავრა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი. 1939 წელს ფორე მოსულიშვილი წითელ არმიაში გაიწვიეს. მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში სამხედრო სამსახურს ლატვიის ქალაქ დაუგავპილსში გადიოდა. სწორედ ამ ქალაქიდან მიიღო ოჯახმა მისი უკანასკნელი წერილი 1941 წლის მაისში. ამის შემდეგ ფორე ერთ-ერთ ბრძოლაში დაიჭრა და გერმანელებმა ტყვედ ჩაიგდეს. სხვა ქართველ ტყვეებთან ერთად ის თავდაპირველად პოლონეთში მოხვდა, მოგვიანებით კი საფრანგეთში გადაიყვანეს. მისი ბანაკის კომენდანტი სიმკაცრით ცნობილი ობერშტურმფიურერი ჰანს ფონ ფალკენშტაინი იყო. როგორც მისი თანამდროვენი გადმოგვცემენ, ერთ-ერთი შემოვლისას კომენდანტს ფორესთვის დაჩოქება უბრძანებია, მან კი თურმე ბრძანებას წაუყრუა. გაბრაზებულ ფალკენშტაინს მისთვის მათრახი მოუღერებია, რის სანაცვლოდაც მოსულიშვილმა მუშტი გაარტყა სახეში. რამდენიმე წამის შემდეგ გონზე მოსულ კომენდანტს, რომელსაც ცხვირიდან და ყურებიდან სისხლი სდიოდა, ჯიბიდან პარაბელუმი ამოუღია, ჯარიკაცებისთვის უკან დახევა უბრძანებია და იქაურობას გასცლია. ფორე მოხიბლული დარჩა კომენდანტის საქციელით და თავის მეგობარ ისაკ ძამნაშვილს უთხრა თურმე, - ეს კაცი ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილაო!
1944 წელს ტყვეთა ნაწილი და მათ შორის ფორე მოსულიშვილიც საფრანგეთიდან იტალიის ქალაქ სტრეზაში გადაიყვანეს (ნოვარას პროვინცია). ერთ საღამოს, როცა გერმანელები დათვრნენ და სამეთვალყურეოდ ერთადერთი ჯარისკაცი დატოვეს, ფორემ მისი განიარაღება მოახერხა და ბანაკიდან მეგობრებთან ერთად გაიქცა. როგორც ამბობენ, გაქცევისას ქართველებმა თან ტყვეებიც გაიყოლეს. მოსულიშვილი 70 ქართველთან ერთად ტყეში გავარდნილ იტალიელ პარტიზანთა რაზმს შეუერთდა, რომელსაც ედო დელგატო მეთაურობდა. ეს რაზმი აქტიურად მოქმედებდა ვერმახტის ძალების წინააღმდეგ. ქართველებმა პირველ ოპერაციაში მონაწილეობა 1944 წლის 14 სექტემბერს მიიღეს, როცა დაბა ომენიის ჰოსპიტლიდან გამოიხსნეს ჯენეზიის მახლობლად ტყვედ ჩავარდნილი ძმები გოგიშვილები და ედო დელგატო. ამ შეტაკებისას მოსულიშვილმა უხმაუროდ მოახერხა დაცვის ნეიტრალიზება, რამაც მის თანამებრძოლებს შენობის სწრაფად აღების საშუალება მისცა. ამის შემდეგ ფორეს დიდი რაზმის მეთაურობა შესთავაზეს, მაგრამ ორი მიზეზით განაცხადა უარი, - იტალიური არ ვიცი და ადგილობრივებს არ ვიცნობო. მხოლოდ ქართველ პარტიზანთა მეთაურად დარჩენილიც, დიდი სარგებლობის მოტანას ახერხებდა იტალიისთვის. 1944 წლის სექტემბრის ბოლოსთვის რაზმი დაბა დომოდოსოლოს რაიონში იბრძოდა. ამ შეტაკებების დროს მოსულიშვილმა გუშაგის თვალწინ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაიონს ნოვარასთან აკავშირებდა. იმავე პერიოდში გერმანელთა ფორმაში გადაცმულმა მოსულიშვილმა სტრეზას ლუდხანაში ტყვედ აიყვანა ვერმახტის ოფიცერი, რომლისგანაც იტალიელ პარტიზანებს საჭირო ინფორმაციის მიღება სურდათ.
მოსულიშვილისა და მისი თანამებრძოლების ქმედებებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა იტალიაში მყოფ გერმანულ ნაწილებს. საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ გერმანელებმა ფართომასშტაბიანი შეტევის მოწყობა გადაწყვიტეს რემო სერვადეის 181-ე ბრიგადაზე, რომლის ერთ-ერთ ბატალიონ პეპინოში იბრძოდა ფორე მოსულიშვილი 27 ქართველთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ბრძოლების დასაწყისში მოსულიშვილს 70 ქართველი ჰყავდა. 1944 წლის სექტემბრიდან დეკემბრამდე 43 ქართველი დაიღუპა მხოლოდ ერთი ბატალიონის რიგებში.
1944 წლის 3 დეკემბერს სოფელ კოლონიის მისადგომებთან პარტიზანთა რაზმი, რომელიც ქალაქ რონადან ეშელონის აფეთქების შემდეგ შინ ბრუნდებოდა, გერმანელთა ალყაში აღმოჩნდა. ალყაში მოქცეული ჯგუფი 16-კაციანი იყო. მათ შორის იყო შვიდი ქართველი: ფორე მოსულიშვილი, მიხეილ საყვარელიძე, ბაგრატ ესართია, შალვა კვირიკაშვილი, შოთა ბექაია, ვლადიმერ ბეჟია და ზაქარია თომაშვილი.
ხანგრძლივმა სისხლიანმა შეტაკებამ მრავალი გერმანელის სიცოცხლე შეიწირა. თუმცა პარტიზანთა რიგებში ბევრი დაიჭრა და ტყვია-წამლის ამოწურვის საშიშროებაც ახლოვდებოდა. გერმანელებმა მეთაურის დანებების სანაცვლოდ დანარჩენებისთვის სიცოცხლის შენარჩუნების პირობა დადეს. სწორედ ამ მომენტში გამოჩნდა მოსულიშვილის უდიდესი ვაჟკაცობა. მისი თანამებრძოლი მარიო ძინონი იგონებს, რომ ვერც ერთმა მებრძოლმა, მათ შორის ვერც მეთაურმა ედო დელგატომ ვერ გაბედა გარეთ გასვლა. მხოლოდ გასისხლიანებულმა ფორე მოსულიშვილმა გააღო კარი და გერმანელებს დაუყვირა: “მეთაური მე ვარ, თქვენთვის დანებებას სიკვდილი მირჩევნია! გაუმარჯოს პარტიზანებს! გაუმარჯოს თავისუფლებას!” ამ სიტყვების შემდეგ მოსულიშვილმა თავი მოიკლა. მისმა ასეთმა საქციელმა 15 პარტიზანს შეუნარჩუნა სიცოცხლე.
ფორე მოსულიშვილის მიერ იტალიაში გამოჩენილი მამაცობა და გაღებული მსხვერპლი 1970 წელს გაიხსენეს, როცა ქვეყნის პრეზიდენტმა ჯუზეპე სარაგატიმ ხელი მოაწერა მის დაჯილდოებას ქვეყნის უმაღლესი სამხედრო ჯილდოთი. ფორე ნიკოლოზის ძე მოსულიშვილს გარდაცვალებიდან 26 წლის შემდეგ გადაეცა იტალიის რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო “ოქროს მედალი მხედრული მამაცობისთვის”. ამ მედლის კავალერი იტალიის ეროვნულ გმირად მიიჩნევა და ნებისმიერი, გენერალიც კი ვალდებულია, მის მფლობელს პირველ რიგში მიესალმოს. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს მედალი ცოცხალ გმირებს იშვიათად გადაეცემათ. ფორე მოსულიშვილი მეორე უცხოელია ფიოდორ პოლეტაევთან ერთად, ვისთვისაც იტალიის რესპუბლიკამ ეს უაღრესად საპატიო წოდება გაიმეტა. 1990 წელს მოსულიშვილი საბჭოთა კავშირის გმირადაც აღიარეს. ის დაკრძალულია იტალიის ქალაქ არონაში.
თუმცა ფორე მოსულიშვილი ერთადერთი ქართველი როდია, ვინც იტალიის თავისუფლებას თავი შესწირა. საბედნიეროდ, ისტორიამ მრავალი ქართველი პარტიზანის სახელი და მათი გმირობის მაგალითები შემოგვინახა.
იტალიელ პარტიზანთა 42-ე ბრიგადაში შედიოდა ქართველთა 50-კაციანი რაზმი ვლადიმერ გაბისონიას მეთაურობით. სოფელ სტიმასთან გამართულ ბრძოლაში ამ რაზმმა დამოუკიდებლად ჩაიგდო ტყვედ ვერმახტის 180 ჯარისკაცი. საპასუხო შეტაკებაში გაბისონიას რაზმი ბალმაფოლის მთაზე გამაგრდა და გერმანელთა ყველა შეტევა წარმატებით მოიგერია. გაბისონიას რაზმი საუკეთესოდ ითვლებოდა გარიბალდელთა მე-3 დივიზიაში.
სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ გრაველინოსთვის გამართულ ბრძოლაში ქართული პარტიზანული რაზმი ბელტრამისა და სერვადეის ქვედანაყოფების გვერდით იბრძოდა. იტალიელმა პარტიზანებმა გრაველინოს გარეუბნის დაკავება მოახერხეს. კონტრშეტევაზე წამოსული გერმანული ჯავშანტრანსპორტიორი უცნობმა ქართველმა პარტიზანმა ხელყუმბარით ააფეთქა, რამაც ბრძოლის ბედი საბოლოოდ იტალიელთა სასარგებლოდ გადაწყვიტა. გერმანელთა 300-კაციანი გარნიზონი მთლიანად განადგურდა, ბრძოლაში დაიღუპა რამდენიმე ქართველიც.
1945 წლის 16 მარტს ქალაქ ბორგოსეზიაში დაიღუპა ქართველი პარტიზანი მეგონა ღურწკაია. გერმანელთა მხრიდან პარტიზანთა შეტევის მოგერიების შემდეგ ის მარტო შევარდა სახლში, რომელშიც მოწინააღმდეგე იყო გამაგრებული და გმირულად დაიღუპა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი ქართველი პარტიზანი. ვერმახტის ძალებთან უთანასწორო ბრძოლაში, რამდენიმე იტალიელ თანამებრძოლთან ერთად, გმირულად დაიღუპა გიორგი ვარაზაშვილი, იგივე კაპიტანი მონტი. მისმა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა დიდი ხნის განმავლობაში შეძლო მტრის შეტევის მოგერიება და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტყვია-წამალი გამოელია, ტყვეობას სიკვდილი ამჯობინა. განსაკუთრებით ამაღელვებელია ეპიტაფია კაპიტან მონტის საფლავის ქვაზე: “გამვლელო, გაჩერდი, ამ ადგილას განისვენებს პატრიოტი, რომელმაც სისხლი დაღვარა შენი გათავისუფლებისთვის. მან შენ თავისუფალი იტალია გაჩუქა”.
თავისუფალი იტალიისთვის კიდევ მრავალმა ქართველმა გასწირა სიცოცხლე. მრავალი მათგანის სახელი ისტორიას არც შემოუნახავს. მართალია, გმირები არასოდეს ითხოვენ დაფასებას, მაგრამ ყოველი საზოგადოება ვალდებულია, ახსოვდეს თავისი გმირები. მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ დასახელებული ქართველები იტალიის თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, ისინი გმირები არიან საქართველოსთვისაც და მთელი ცივილიზებული მსოფლიოსთვისაც, რადგან იმ კონკრეტულ მომენტსა და კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში სწორედ იტალიის თავისუფლებისთვის ბრძოლა იყო ბრძოლა კაცობრიობის თავისუფლებისთვის.

ჟურნალი ”ისტორიანი”, 2013 წლის აგვისტო, #8/32

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ფორე მოსულიშვილი - Pore Mossulishvili   Mon Dec 05, 2016 9:09 pm

ქართველი ემიგრანტები ფორე მოსულიშვილის ნაკვალევზე

25 აპრილს, ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები მილანის, წმიდა თამარის სახელობის სამრევლოს წინამძღვრის მამა კირიონ მაჩაიძის ლოცვა-კურთხევითა და თანადგომით, კულტურული საზოგადეობა “სამშობლო გულით სატარებელის” თაოსნობით დაესწრნენ იტალიაში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავ ზეიმსა და იტალიის ეროვნული გმირის ფორე მოსულიშვილის ხსოვნისადმი გამართულ ღონისძიებას ლაგო მაჯორეში, დაბა ბელჯირატეში რომელიც თითქმის ოცდაათი წელია სიღნაღთანაა დაძმობილებული.

მრავალი დელეგაცია მიუღია საქართველოდან ბელჯირატეს, რამდენი ოფიციალური თუ კერძო პირი; მთელი რეგიონი ფეხით აქვს მოვლილი ცნობილ ჟურნალისტს ედუარდ სიხარულიძეს, რომელმაც შესანიშნავი წიგნი მიუძღვნა ჩვენს სახელოვან თანამემამულეს მაგრამ ასეთი მრავალრიცხოვანი და უჩვეულო დელეგაცია – სამოცდაათი ქართველი – აქაურობას ნამდვილად არ ახსოვს; ამაზე საგანგებოდ იზრუნეს ორგანიზატორებმა ლ. აბულაძემ, ქ. მამაგულაშვილმა, თ. მაილაშვილმა, ქ. თურმანიძემ, ნ. გელაძემ.საქართველოს წარმომადგენლებიქართული დროშით, ქართული სუვენირებით ხელდამშვენებულნი დიდი ხნის მეგობრებივით, ნათესავებივით მიიღეს ბელჯირატელებმა, ბელჯირატეს მერმა, ქალბატონმა ფლავია ფილიპიმ ხალხმრავალ მოედანზე გამართულ ოფიციალურ ცერემონიალზე თავის მისასალმებელ სიტყვაში ასეც მიმართაქართველებს ,,ეს თქვენი სახლიც არის, აქ თქვენ სტუმრები არა ხართ“-ო.

თითქმის სამოცდაათი წელია ბელჯირატელები არ ივიწყებენ ფორე მოსულიშვილის გმირობას, ყოველი წლის 25 აპრილს, ფაშიზმისაგან იტალიის გათავისუფლების დღეს მოწიწებით იხსენებენ აქ დაღუპულ ქართველ პარტიზანებს და განსაკუთრებით ფორეს, მისი სახელობის ქუჩაც დააარსეს და მისი სახელობის მუზეუმიც, სწორედ იმ ქოხში, რომელშიც “… 1944 წლის 3 დეკემბერს გერმანელებმა ალყაში მოიმწყვდიეს რაზმი, რომელშიც ფორე მოსულიშვილი იყო და სასიკვდილოდ განწირულ პარტიზანებს წინადადება მისცეს, თუ მეთაური ჩაგვბარდება, ყველას სიცოცხლეს შეგინარჩუნებთო… მაშინ მძიმედ დაჭრილმა პარტიზანმა წითელი არმიის ეფრეიტორმა ქართველმა ფ. მოსულიშვილმა განუცხადა გერმანელებს: რაზმის მეთაური მე ვარ, მაგრამ თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია და შეძახილით – “გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს პარტიზანებს!” – მათ თვალწინ მოიკლა თავი” (ე. სიხარულიძის წიგნიდან “იტალიის ეროვნული გმირი”, “საბჭოთა საქართველო”, თბილისი, 1973 წ.).

ქართველი და იტალიელი ხალხების შემაკავშირებელი ეს უმნიშვნელოვანესი ისტორიული ეპიზოდი გაიხსენა საზოგადოება „სამშობლო გულით სატარებელი“-ს თავმჯდომარემ ნუნუ გელაძემ საზეიმო ცერემონიალზე, ბელჯირატეს მუნიციპალიტეტის მესვეურების: მერის – ფლავია ფილიპის, ვიცემერის ანტონელა გალოს, კულტურისა და ტურიზმის ასესორის კლაუდია ბუშერის, დაბა ლეზას მერის რობერტო გრინიოლის, სხვა ოფიციალური პირებისა და მრავალრიცხოვანი სტუმრის წინაშე და მილანის სათვისტომოსა და პირადად მამა კირიონის სახელით მადლობა გადაუხადა ყველას იმ მართლაც მტკიცე მეგობრობისა და სითბოსთვის, რასაც დღემდე გძნობენ სამშობლოს მოწყვეტილი ქართველები (საზოგადოება ”სამშობლო გულით სატარებელმა” ბელჯირატეს მერიის თანადგომით გასულ წლებში აქ არაერთი კულტურული ღონისძიება გამართა).

საზეიმო ცერემონიალის დამთავრების შემდეგ ქართველი ემიგრანტები და ბელჯირატელები, თითო-ოროლად შემორჩენილ პარტიზანებთან ერთად დაადგნენ ტყით დაბურულ აღმართს, რომელიც იმ საბედისწერო დღეს უკანასკნელად აიარა ფორემ და რომელიც “თავისუფლების ქოხისკენ” მიუყვება, იქ, სადაც მან 16 პარტიზანი – ცხრა იტალიელი და ექვსი ქართველი – სიკვდილისაგან იხსნა. ახლა ეს ქოხი ფორეს ფოტოსურათებით, ბარელიეფებითა და მისი მშობლიური მაჩხაანიდან ჩამოტანილი სუვენირებითაა მოფენილი. მადლიერებითა და მოკრძალებით ათვალიერებენ აქაურობას ქართველები, ფოტოებს იღებენ, პარტიზანებს ეფერებიან, მუნიცილაპიტეტის მესვეურებსა და ზეიმის ორგანიზატორებს, გულუხვ მასპინძლებს თავადაც უმასპინძლდებიან ქართული კერძებით და ისმის სამშობლოს, წინაპრების, თავისუფლების სადღეგრძელოები, ისმის ქართული გალობა და მამაოს დალოცვა ძმობის, მეგობრობისა და ქრისტესმიერი სიყვარულის საზეოდ.

ქართველი ემიგრანტებისთვის სასიხარულო ისიც იყო, რომ მრავალი წლის შემდეგ ამ ადგილას მათი გალობის თანხლებით მამა კირიონმა თავგანწირული წინაპრის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღავლინა.

აპრილი 25, 2013

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ფორე მოსულიშვილი - Pore Mossulishvili   

Back to top Go down
 
ფორე მოსულიშვილი - Pore Mossulishvili
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ბალღოო, აეს არი შენ სამშობლო...-
Jump to: