არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნუნუ გელაძე - Nunu Geladze Fusco

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნუნუ გელაძე - Nunu Geladze Fusco   Sat Nov 19, 2016 10:17 pm



Nunu Geladze Fusco

ნუნუ გელაძე
მთარგმნელი იტალიურზე და იტალიურიდან.

დაიბადა 1955 წლის 3 ივნისს.
სწავლობდა ფილოლოგიის ფაკულტეტი-ზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიში.
განათლებით ფილოლოგი, ჟურნალისტთა კავშირის წევრი 1986 წლიდან. არის მილანის იტალიურ-ქართული საზოგადოების “სამშობლო გულით სატარებელის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
2006 წელს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიღებული აქვს ევროპის საერთაშორისო პრემია „წლის საუკეთესო ქალი
- იტალიური კულტურის დივულგაციისა და პედაგოგიურ და სოციალურ სფეროში დაუღალავი შრომისათვის, ხალხთა შორის მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობაზე მუდმივი ზრუნვისთის”.
2013 წელს შვეიცარიის “მშვიდობის უნივერსიტეტისა” და საერთაშორისო ორგანიზაცია “უნივერსუმ ზვიცერლადის” მიერ მიენიჭა მშვიდობის ელჩის წოდება.
2016 წელს საქართველოში მიენიჭა ჯილდო „წარმატებული ქართველი ქალი საზღვარგარეთ“.
იტალიურიდან და რუსულიდან თარგმნილი აქვს: ფრანცისკ ასიზელის, ჯოვანი პაოლო II-ის, ალბერტომორავიას, ალდო პალაცესკის, იტალო კალვინოს, სალვატორე კუაზიმოდოს, ტონინო გუერას, უმბერტო ეკოს, ლეონარდო შაშას, დინო ბუცატის, ჯოვანი პაპინის, ჩეზარე პავეზეს, ვინჩენცო კარდარელის, ელზა მორანტეს, ალესანდრო ბარიკოს, მარიო ლუცის, დავიდე რონდონის, ჯულიანო ლადოლფის, დონატელა ბიზუტის, კლაუდიო პოცანის, იური ნაგიბინის, კარინა ზურაბოვას, ანა ახმატოვას ნაწარმოებები.
ქართულიდან იტალიურ ენაზე თარგმნა და გამოსცა დავით მაღრაძის ხუთი პოეტური კრებული; თარგმნა ანა კალანდაძის, ოთარ ჭილაძის, ვახტანგ ჯავახაძის, იზა ორჯონიკიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას, გივი ალხაზიშვილის, ბორენა ჯაჭვლიანის, თამაზ ბაძაღუას, გიგი სულაკაურის, ელა გოჩიაშვილის, მარიამ წიკლაურის, ზვიად რატიანის, რეზო გეთიაშვილის, ლელა სამნიაშვილის, მანანა ჩიტიშვილის, მაყვალა გონაშვილის, კობა არაბულის, ბაღათერ არაბულის, ნუციკო დეკანოზიშვილის, კატო ჯავახიშვილის, ლია ლიქოკელის, გიო არაბულის ლექსები.
ნუნუ გელაძე ამჟამად იტალიაში, ბორგომანეროში Borgomanero ცხოვრობს იტალიელ მეუღლე, ეჯიდიო ფუსკოსთან ერთად.


Nunu Geladze e Egidio Fusco
* http://www.corrieredisannicola.it/arte-cultura-e-spettacoli/notizie/arte-cultura-e-spettacoli/i-versi-pluripremiati-di-egidio-fusco


ბმული -
* https://ka.wikipedia.org/wiki/ნუნუ_გელაძე
* http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/00000483/
* http://www.culture.gov.ge/News/cockhali-cignebi-emigrantebistvis.aspx
* https://www.medgeo.net/2010/02/18/italia/
* http://www.ghn.ge/com/news/view/116353
* https://youtu.be/IGyGKdA0on0
* https://www.facebook.com/nunu.geladze.9
* http://www.atelierpoesia.it/portal/it/poesia-it-mul/poesia-estera-mul/item/257-testi-inseriti - დათო მაღრაძის „ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან“ იტალიურად თარგმნა ნუნუ გელაძემ
* https://www.worldcat.org/identities/np-gelaze,%20nunu/
* http://www.worldcat.org/search?q=au%3AGelaz%CC%87e%2C+Nunu.&qt=hot_author

study


Last edited by Admin on Mon May 01, 2017 10:14 am; edited 16 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუნუ გელაძე - Nunu Geladze Fusco   Sat Nov 19, 2016 10:37 pm


Nunu Geladze Fusco, 2016

„დიასპორული ჟურნალი“, # 6, 2016
რუბრიკა - „ინტერვიუ საინტერესო ადამიანებთან“

ნუნუ გელაძე: „...ვცდილობ თანამოაზრეები და ქვეყნის სასიკეთოდ უანგარო საქმისთვის განწყობილი ადამიანები გავაერთიანო“


ქალბატონი ნუნუ გელაძე ამჟამად იტალიაში ცხოვრობს იტალიელ მეუღლესთან ერთად. განათლებით ფილოლოგი, ჟურნალისტთა კავშირის წევრი 1986 წლიდან. არის მილანის იტალიურ-ქართული საზოგადოების “სამშობლო გულით სატარებელის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
2006 წელს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიღებული აქვს ევროპის საერთაშორისო პრემია „წლის საუკეთესო ქალი - იტალიური კულტურის დივულგაციისა და პედაგოგიურ და სოციალურ სფეროში დაუღალავი შრომისათვის, ხალხთა შორის მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობაზე მუდმივი ზრუნვისთის”.
2013 წელს შვეიცარიის “მშვიდობის უნივერსიტეტისა” და საერთაშორისო ორგანიზაცია “უნივერსუმ ზვიცერლადის” მიერ მიენიჭა მშვიდობის ელჩის წოდება.
2016 წელს საქართველოში მიენიჭა ჯილდო „წარმატებული ქართველი ქალი საზღვარგარეთ“.
იტალიურიდან და რუსულიდან თარგმნილი აქვს: ფრანცისკ ასიზელის, ჯოვანი პაოლო II-ის, ალბერტომორავიას, ალდო პალაცესკის, იტალო კალვინოს, სალვატორე კუაზიმოდოს, ტონინო გუერას, უმბერტო ეკოს, ლეონარდო შაშას, დინო ბუცატის, ჯოვანი პაპინის, ჩეზარე პავეზეს, ვინჩენცო კარდარელის, ელზა მორანტეს, ალესანდრო ბარიკოს, მარიო ლუცის, დავიდე რონდონის, ჯულიანო ლადოლფის, დონატელა ბიზუტის, კლაუდიო პოცანის, იური ნაგიბინის, კარინა ზურაბოვას, ანა ახმატოვას ნაწარმოებები.
ქართულიდან იტალიურ ენაზე თარგმნა და გამოსცა დავით მაღრაძის ხუთი პოეტური კრებული; თარგმნა ანა კალანდაძის, ოთარ ჭილაძის, ვახტანგ ჯავახაძის, იზა ორჯონიკიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას, გივი ალხაზიშვილის, ბორენა ჯაჭვლიანის, თამაზ ბაძაღუას, გიგი სულაკაურის, ელა გოჩიაშვილის, მარიამ წიკლაურის, ზვიად რატიანის, რეზო გეთიაშვილის, ლელა სამნიაშვილის, მანანა ჩიტიშვილის, მაყვალა გონაშვილის, კობა არაბულის, ბაღათერ არაბულის, ნუციკო დეკანოზიშვილის, კატო ჯავახიშვილის, ლია ლიქოკელის, გიო არაბულის ლექსები.



- მოგესალმებით, ქ-ნო ნუნუ. როგორც თქვენთვის ცნობილია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს ელექტრონული „დიასპორული ჟურნალი“, რომელშიც ქვეყნდება ინტერვიუები უცხოეთში მოღვაწე ჩვენ თანამემამულეებთან, წერილები მათზე, ქართულ დიასპორაში მიმდინარე პროცესებზე... თქვენ გიცნობენ საქართველოშიც და უცხოეთშიც, მაგრამ კარგი იქნება, თქვენ თავად უამბოთ ქართველ საზოგადოებას და ქართველ ემიგრანტებს თქვენი ცხოვრებისა და მოღვაწეობის თაობაზე. ქ-ნო ნუნუ, გვიამბეთ საქართველოში თქვენი ცხოვრების პერიოდზე, სად დაიბადეთ, სად სწავლობდით?

- უწინარეს ყოვლისა, მოგესალმებით და უღრმეს მადლობს მოგახსნებთ ყურადღებისათვის. ცხადია, ვკითხულობ ამ ჟურნალს და დიდი ინტერესითაც. დავიბადე ქალაქ ახალციხეში, აგრონომისა და მასწავლებლის ოჯახში, სადაც პოეზიისა და მუსიკის კულტი სუფევდა. ახალციხის პირველმა საშუალო სკოლამ და არაჩვეულებრივმა პედაგოგებმა უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩემს სულიერ ჩამოყალიბებაში; არანაკლები დამსახურება მიუძღვის თავად ქალაქსაც, ვინაიდან იმხანად (სამოციან წლებში), მიკერძოების გარეშე ვიტყვი, იქ კულტურა ყვაოდა, სხვათა შორის, მრავალეროვნული: არსებობდა მესხეთის სახელმწიფო თეატრი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა თბილისის წამყვან თეატრებს, არსებობდა, ასევე, ოფიცერთა კულტურის სახლი (მოგეხსენებათ,
ახალციხე სამხედრო ქალაქი იყო), სადაც მთელი საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ დრამატული თუ ოპერის თეატრები; ხშირად სტუმრობდნენ ქალაქს ჩვენი სახელოვანი მწერლები, პოეტები, სახელოვნებო წრის წარმომადგენლები, წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის გმირებიც კი და მე მუდამ მევალებოდა სტუმრებისადმი მიძღვნილი ლექსების სცენაზე დეკლამირება. თექვსმეტი წლისამ დავტოვე მშობლიური ქალაქი და აღარასოდეს
დავბრუნებულვარ; თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა და ორმოცდაექვს წლამდე დედაქალაქში დავრჩი. უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე ჟურნალ „დროშაში“ დავიწყე მუშაობა და მრავალი წლის განმავლობაში დიდი მწერლების გვერდით ყოფნა უნივერსიტეტზე არანაკლები სკოლა აღმოჩნდა ჩემთვის. იტალიაში წამოსვლამდე ორი წელი იტალიურ სკოლა „ცისკარში“ პედაგოგად ვიმუშავე, თუმცა მანამდე მრავალი წლის განმავლობაში ქართულს
ვასწავლიდი, მე თავადაც ვსწავლობდი, ვწერდი და ვთარგმნიდი...

- როდის და რატომ წახვედით ემიგრაციაში?

- წამოვედი თხუთმეტი წლის წინ, თუ რატომ, ამაზე ზუსტი პასუხი გამიჭირდება, უფრო სწორად, მეუხერხულება: ასაკოვან კაცს რომ ასაკოვანი ქალი „გარდარეული სიყვარულით“ შეუყვარდება, არ მოასვენებს, შინ მიაკითხავს (მიაკითხავს სამი ათას კილომეტრზე), თავს დაავიწყებს და ყველაფერს მიატოვებინებს, ბედისწერის ხელი ურევია, ალბათ. თუმცა ბედს არ ვემდური, ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება ქართულ საქმეებში, ძალიან უყვარს საქართველო და ქართველები.

- ქ-ნო ნუნუ, თქვენ ხართ მთარგმნელი, არაერთი ქართველი პოეტი თარგმნეთ იტალიურ ენაზე, გვესაუბრეთ ამის თაობაზე.

- როგორც უკვე გითხარით, ვიდრე იტალიაში წამოვიდოდი, მანამდე უკვე თარგმნილი და გამოქვეყნებული მქონდა არაერთი რუსი და იტალიელი ავტორის ნაწარმოებები. იტალიაში ჩამოსვლისთანავე შევუდექი ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე ზრუნვას: ვატარებდი ქართული კულტურისადმი მიძღვნილ კონფერენციებს სკოლებსა და ბიბლიოთეკებში, კულტურის ფონდებში; „ავკიდებდი“ ხურჯინით ჩემს მეუღლეს თუკი რამ წიგნი, სუვენირი და ფილმი გამაჩნდა, გავშლიდი და ვყვებოდი საქართველოზე, ვკითხულობდი ლექსებს. მალევე დავიწყე მონაწილეობის მიღება ლიტერატურულ ფესტივალებში, რომლებსაც ზოგჯერ თავად ქართველი ავტორებიც ესწრებოდნენ. ბედნიერი ვარ იმით, რომ ქართულ პოეზიას ბევრი დამფასებელი გაუჩნდა იტალიაში. იმაზე მეტი სიხარული რა უნდა იყოს, როცა საერთაშორისო ფესტივალებზე მრავალრიცხოვანი აუდიტორია შენს თანამემამულე პოეტს ტაშით აჯილდოებს და შენი სამშობლოს ისტორიითა და კულტურით ინტერესდება. ამის
დასტურად უამრავი მაგალითის მოტანა შემიძლია: გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე, მაგალითად, დათო მაღრაძეს ერთმა ებრაელმა პოეტმა მისი ლექსების ივრითზე თარგმნის ნებართვა სთხოვა; ორტას საერთაშორისო ფესტივალზე ლია სტურუას ლექსის წაკითხვის შემდეგ ერთმა ცნობილმა იტალიელმა პოეტმა ეს შედევრი მაჩუქეთო, მთხოვა; მილანის პოეზიის სახლში გამართული ჩემ მიერ თარგმნილი თანამედროვე ქართველ პოეტთა მცირე ანთოლოგიის „ ვაზი და კალამის“ პრეზენტაციისა და, ასევე, ცნობილი იტალიელი ოკუმენტალისტის მაურიციო ფანტონი მინელას მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ქართული პოეზიის ხმების“ ჩვენების შემდეგ მომიახლოვდა ასაკოვანი მამაკაცი და მეუბნება: „ ფილმში რომ პოეტი კითხულობს - „სად არიან შვილები“... თან კრებულს ფურცლავს და დამარცვლით კითხულობს მის გვარს კა-რა-ნაული, ხომ
ვერ დამაკავშირებდით“. ეს ბატონი ცნობილი უნგრელ-იტალიელი პოეტი ტომაზო კემენი, მთარგმნელი,
დრამატურგი, ესეისტი, და ლიტერატურის პროფესორი გახლავთ. მან თავისი ინიციატივით ბესიკ ხარანაული პოეზიის საერთაშორისო პრემიაზე წარადგინა და სულ ახლახანს შემატყობინა, რომ ბატონი ბესიკი მსოფლიოს საუკეთესო პოეტთა ათეულში მოხვდა. კიდევ ბევრის გახსენება შემიძლია, თუმცა ამით შემოვიფარგლები და ერთს დავსძენ მხოლოდ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების გამართლებად მიმაჩნია.

- ქ-ნო ნუნუ, თქვენ ბრძანდებით ორგანიზაცია „სამშობლო გულით სატარებელის“ ხელმძღვანელი. უამბეთ ჩვენს მკითხველს, როდის და ვინ დააარსა ეს ორგანიზაცია და რა არის მისი საქმიანობის სფერო? და აქვე დავამატებ, ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილი თქვენი უფროსი მეგობარი და ახლობელი ადამიანი იყო, იქნებ ორიოდე სიტყვით გააცნოთ იგი ქართველ ემიგრანტებს, მით უმეტეს, რომ ნინო ყაუხჩიშვილი ძველი ქართული ემიგრაციის წიაღიდანაა.

- ამ ორ შეკითხვაზე, თუ ნებას მომცემთ, ერთად გიპასუხებთ და ნინო ყაუხჩიშვილის შესახებ მოგონებით დავიწყებ: ქალბატონი ნინო, ფაქტიურად, ორჯერ გავიცანი, თითქმის ოცი წლის შუალედით. პირველად 1983 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული კულტურის საერთაშორისო სიმპოზიუმზე და უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. მას შემდეგ აღარც მინახავს. იტალიაში ჩამოსვლისთანავე, 2001 წელს, ქალაქ ორტას პოეზიის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოვაწყე ქართული კულტურისადმი მიძღვნილი საღამო - ვკითხულობ მოხსენებას, ქართველი პოეტების ლექსებს და დარბაზის პირველი რიგიდან, ვხედავ, ჭაღარა
ქალბატონი გამამხნევებელი ღიმილით შემომცქერის; დამთავრებისთანავე მომიახლოვდა, თბილად გამესაუბრა და მითხრა, თქვენ იცნობთ ნინა კაუჩიშვილს? როგორ, ცოცხალია-მეთქი? - ემოციურად შევძახე. მალევე ქალბატონმა ნინომ შინ მიგვიწვია მე და ჩემი მეუღლე, ცხადია, არ ვახსოვდი, მაგრამ დიდი ხნის უნახავი ოჯახის წევრივით მიმიღო. სულ ათი წელი გაგრძელდა ჩვენი ინტენსიური ურთიერთობა და თანამშრომლობა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მან დიდი კვალი დაამჩნია ჩემს დღევანდელ ცხოვრებას და საქმიანობას. სამწუხაროა, რომ დღეს ერთი-ორი ინტელექტუალის გარდა არავინ იცნობს ამ დიდებულ მამულიშვილს, რომლის ცხოვრებაც ქართული ემიგრაციის ერთი უსაინტერესოესი ფურცელია. ქალბატონი ნინო იყო ნოე ჟორდანიას მთავრობასთან
ერთად უცხოეთში გადახვეწილი მიხეილ ყაუხჩიშვილის ქალიშვილი, ბერლინში დაბადებული, შემდეგ ოჯახთან ერთად მილანში დამკვიდრებული და ევროპაში ცნობილი სლავისტი. იგი პირველად 1963 წელს ეწვია საქართველოს და მას შემდეგ, სიკვდილამდე არ შეუწყვეტია სამშობლოზე ზრუნვა. მისი მოწადინებითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოში სისტემატურად ჩამოდიოდნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები,
ქართველოლოგები და არამხოლოდ იტალიელები, – ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, ვინაიდან მას
მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ევროპის თითქმის ყველა სამეცნიერო წრესთან. მისი ინიციატივით (ვახტანგ ბერიძესთან ერთად) საქართველოსა და იტალიაში გაიმართა ქართული ხელოვნებისადმი მიძღვნილი რამდენიმე საერთაშორისო სიმპოზიუმი: ბერგამოში – 1974 წელს, ბარისა და ლეჩეში – 1980 წელს, პავიაში –1986 წელს. 1979 წელს მისივე თაოსნობით ბერგამოში გაიმართა კავკასიოლოგთა სიმპოზიუმი. პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ქართული ხელოვნების სიმპოზიუმებში (1977, 1983, 1989 წწ.). გარდა ამისა, იგი მატერიალურად ეხმარებოდა იტალიაში სასწავლებლად წარგზავნილ მეცნიერებსა და სტუდენტებს, ეკონომიურად შეჭირვებულ ქართველ ბავშვებს, ბევრ მათგანს მფარველებიც მოუძებნა იტალიაში, რითიც უზრუნველყო მათი მკურნალობა და სწავლა. ხანძრით განადგურებული ნ. ჩუბინაშვილის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტისთვის მატერიალური დახმარების გაწევის გარდა, მან შეაგროვა ის მასალები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში იყო დაცული; იტალიის ბევრ უნივერსიტეტში ნინო ყაუხჩიშვილმა სლავისტიკის კათედრა დააარსა. თითქმის ვერ ნახავთ მეტ-ნაკლებად ცნობილ სლავისტს იტალიაში, მისი მოწაფე არ ყოფილიყო. იგი
იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი ბერგამოს უნივერსიტეტისა 1968 წელს, ამავე უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი. აღარას ვიტყვი მის სამეცნიერო მოღვაწეობაზე და აქ საგულისხმოა ერთი რამ: იგი ისეთ რუს ავტორებს ირჩევდა ნაშრომებისთვის, რომელნიც ან საქართველოში იყვნენ დაბადებულნი (მაგალითად: ფლორენსკი, ერნი, ელჩანინოვი), ან ღრმა კავშირი ჰქონდათ საქართველოსთან (გრიბოედოვი, ანდრეი ბელი). საინტერესოა, რომ ნინო ყაუხჩიშვილი იყო იტალიაში სკაუტების მოძრაობის პიონერი ჯერ კიდევ
მეორე მსოფლიო ომის წლებიდან, წარმოიდგინეთ, პენსიაზე გასვლის შემდეგ, გარდაცვალებამდე იგი ციხეში პატიმრებს წერის ხელოვნებას ასწავლიდა. როგორც გითხარით, ქალბატონ ნინოსთან მილანში სტუმრობის შემდეგ დავმეგობრდით და დროთა განმავლობაში დავსახეთ მომავალი გეგმები. როგორც თავად ამბობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში არქეოლოგად იქცა, რათა იტალიაში მცხოვრები ქართველები მოეძებნა და ასეც მოხდა, შემოიკრიბა
გულანთებული ქართველები, საქართველოზე შეყვარებული იტალიელები და 2005 წელს მილანში პირველად აღვნიშნეთ ნინოობა. ამ დღეს თითქმის მთელ იტალიაში გაფანტულმა ქართველებმა მოიყარეს თავი. მახსოვს, ქალბატონი ნინო სიტყვით რომ გამოვიდა, თვალცრემლიანმა თქვა: ჩემი ცხოვრების გამართლებად მიმაჩნია ქართულ-იტალიური საზოგადოების დაარსებაო. და მართლაც, მოგვიანებით, დავაფუძნეთ "სამშობლო გულით სატარებელი", რომლის უმთავრესი მიზანი გახლავთ ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ორ ხალხს შორის
კულტურული და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავება, ქართული ენის შემსწავლელი უფასო კურსების გახსნა მოზარდი ემიგრანტებისა და დაინტერესებულ პირთათვის, ასევე იტალიური ენის სწავლება ემიგრანტი ქართველებისთვის. ამ ხნის განმავლობაში სამოცდაათზე მეტი მნიშვნელოვანი ღონისძიება, კონცერტი თუ კონფერენცია ჩავატარეთ იტალიის სხვადასხვა ქალაქში; მილანის სალიტერატურო ჟურნალ „ა ორიენტესთან“
ერთობლივად გამოვეცით ამავე სახელწოდების ასგვერდიანი ილუსტრირებული ორენოვანი ჟურნალი “ა ორიენტე”, რომელიც მთლიანად ქართულ კულტურას, ისტორიას და ლიტერატურას მიეძღვნა. კონკრეტულად კი ჩვენი კულტუროლოგიური საქმიანობა ამგვარად ხორციელდება: ღონისძიებებზე ვიწვევთ ცნობილ იტალიელ მეცნიერებს, მწერლებს, დოკუმენტალისტებს, ფოტოხელოვანებს, მოგზაურებს, მთარგმნელებს, რომელთაც რაიმე წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, და ამას ძალზე დიდ დატვირთვას ვანიჭებთ, ვინაიდან, ერთია, როცა ჩვენ ვაქებთ ჩვენსავე კულტურას, მეორეა, როცა ამას საქართველოზე შეყვარებული იტალიელები აკეთებენ. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება ჩვენი საზოგადოების საქმიანობა. შეძლებისდაგვარად, ვეხმარებით საავადმყოფოებსა თუ საპყრობილეში მყოფ თანამემამულეებს; სამწუხაროდ, გვქონია შემთხვევები, როცა გარდაცვლილი თანამემამულის გადასვენების ხარჯიც შეგვიკრიბავს; ხშირად მიწევს მე პირადად, რადგან კულტურათაშორის მედიატორად და ნაფიც მთარგმნელად ვმუშაობ, კონსულტაციის გაწევა
ემიგრანტის უფლებებისა და მოვალეობის შესახებ, სხვადასხვა სახის საბუთისა თუ ბლანკის შევსება, თარგმნა, დამოწმება და ა.შ.

- თუ გრძელდება ამ ორგანიზაციის პერიოდული ორგანოს გამოცემა და რა არის მისი თემატიკა? მისი დაფინანსება
შემოწირულობებით ხდება, თუ არსებობს რაიმე ოფიციალური წყარო?

- სამწუხაროდ, უსახსრობის გამო პერიოდული გამოცემა არა გვაქვს. ჟურნალი „ა ორიენტე“, როგორც უკვე გითხარით, 2011 წელს გამოვიდა, მას შემდეგ ოთხჯერ გამოიცა, მაგრამ ეს იყო საზოგადოების მიერ სრულიად
უსასყიდლოდ გაწეული შრომა. “სამშობლო გულით სატარებელი” არავის არასოდეს არ დაუფინანსებია
(ხაზგასასმელად განზრახ ვუშვებ ტავტოლოგიას ) და რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ჩვენი საკუთარი ხარჯით და
თვისტომელთა მწირი შემოწირულობებით. სხვათა შორის, დიდი ხანია, ვაგროვებ მასალებს ნინო ყაუხჩიშვილის შესახებ და ძალიან მინდა, რომ გამოვცეთ პატარა ბროშურა, რათა ქართულმა საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა და რაც მთავარია, ემიგრანტებმა გაიცნონ, როგორი თავმდაბლობით, უხმაუროდ, რუდუნებით და უანგაროდ ზრუნავდა თავის სამშობლოზე ეს მართლაც დიდებული ქართველი. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერც ამას
ვახერხებთ.

- რა ურთიერთობა გაქვთ იტალიის ქართულ სათვისტომოსთან და საერთოდ იტალიაში არსებულ დიასპორულ ორგანიზაციებთან?

- იტალიაში ერთიანი, უფრო სწორად, გაერთიანებული სათვისტომო არ არსებობს, არსებობენ სხვადასხვა ქალაქში მცხოვრები ქართველების ერთობები, კულტურული საზოგადოებები, რომლებთანაც აქტიურად ვთანამშრომლობთ, ჩვენს ღონისძიებებზე ყოველთვის ჩამოდიან მანტოვის, ფლორენციის, რეჯო ემილიის, ემპოლის, ბოლონიის და სხვა ქალაქების სათვისტომოებიდან. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ფლორენციის საზოგადოება „ჟალეთთან“ და
ერთობლივადაც ვაწყობთ ღონისძიებებს. ასე რომ, გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, არ ვღალატობთ ჩვენი პირველი თავმჯდომარის ნინო ყაუხჩიშვილის ნაანდერძევს და ვცდილობთ, მთელ იტალიაში დაქსაქსული ქართველები ერთი იდეითა და სულისკვეთებით გავაერთიანოთ, ცხადია, ფიზიკურად ეს შეუძლებელია, მაგრამ მე ხშირი სატელეფონო კონტაქტი მაქვს თანამემამულეებთან და რაღაცნაირად ვცდილობ თანამოაზრეები და ქვეყნის სასიკეთოდ უანგარო საქმისთვის განწყობილი ადამიანები გავაერთიანო.

- როგორია თქვენი ურთიერთობა იტალიაში საქართველოს საელჩოსთან და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან?

- არაერთხელ მითქვამს იტალიაში, ჩემს გამოსვლებში, რომ დიდი ბედნიერებაა ქვეყნისთვის, როცა მისი ელჩი
მხოლოდ კარგი დიპლომატი კი არ არის, არამედ ინტელექტუალიც და ამიტომაც მეტი ყურადღებით ეკიდება საკუთარი ქვეყნის კულტურის დივულგაციას და ახლაც თამამად შემიძლია გავიმეორო, რომ საქართველოს საელჩოს არცერთ დიპლომატიურ კორპუსს ისე არ უზრუნია იტალიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე, როგორც ამჟამად არსებულს. ბატონი კარლო სიხარულიძე - საქართველოს ელჩი იტალიაში და მისი მრჩეველი
სოფო ქარცივაძე, ყოველთვის ყურადღებით ეკიდებიიან ჩვენს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედით დახმარებასაც გვიწევენ. რაც შეეხება დიასპორის სახელმწიფო მინისტრის აპარატს, შემიძლია იგივე გავიმეორო: საქმიან და გულისხმიერ დამოკიდებულებას ვხედავ ჩვენდამი, თუმცა ყველა თანამშრომელს არ ვიცნობ და თავს ნებას არ მივცემ კატეგორიული აზრი გამოვთქვა. ვისურვებდი, რომ უფრო მჭიდრო იყოს სათვისტომოებთან ურთიერთობა,
უშუალო და სისტემატური ხასიათის, რამეთუ კარგად აწყობილი ბიუროკრატიული საქმიანობა, რაგინდ
მონდომებით ემსახურებოდეს დიასპორას, არ კმარა საიმისოდ, შენი ემიგრანტი დაარწმუნო, რომ მისთვის იღვწი, ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ მეტი სიახლოვე, ხშირი შეხვედრები, ემიგრანტის სატკივარის ადგილზე გაცნობა.

- რას იტყვით ელექტრონულ „დისპორულ ჟურნალზე“, რამდენად საჭიროა იგი როგორც დიასპორისთვის, ისე
საქართველოს ქართველობისთვის?

- პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ კარგი ქართული იკითხება და დღეს, ჩვენი ენის საყოველთაო დაბინძურების ფონზე, ეს უკვე ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, საქართველოში მცხოვრები მოსახლეობისთვის ეს ჟურნალი აუცილებელია, რათა გაეცნოს მისი თანამემამულე ემიგრანტის ყოფას, არცთუ დალხინებული ცხოვრება რომ აქვს უცხოობაში, უპირველეს ყოვლისა კი, იმ გაზულუქებული ქმრებისა და შვილებისათვის (ყველას არ ვგულისხმობ, ცხადია) არის აუცილებელი, ვინც ემიგრანტი დედის მიერ სიმწრით ნაშოვნ ფულს არხეინად ხარჯავს. ამიტომ მე
პირადად, გავზრდიდი ამ ჟურნალის ფორმატს და დავამატებდი პერიოდულ რუბრიკას, რომელიც ყოველგვარი შელამაზების გარეშე ასახავდა ემიგრანტთა ცხოვრებას, მეტიც მივავლენდი ჟურნალისტებს, რომ უშუალოდ გასცნობოდნენ ემიგრანტთა სულიერ, ფიზიკურ, მორალურ ყოფას. თავად დიასპორას კი ეს ჟურნალი წყალივით
სჭირდება, რადგან იღებს მისთვის საჭირო ბევრ ინფორმაციას, ეცნობა მთელ მსოფლიოში გაფანტულ თანამემამულეებს, მათ საქმიანობას და ეს, ერთგვარად, სტიმულსაც აძლევს მათ.

- ხომ არა გაქვთ შენიშვნები ან რაიმე რჩევას ხომ არ მოგვცემდით?

- შენიშვნას არა, მაგრამ სურვილი უკვე გამოვთქვი. კარგია ჩატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაციას რომ
გვაწვდით, წარმატებულ ემიგრანტებს რომ აცნობთ მკითხველს, ვიმეორებ, ეს ყველაფერი შესანიშნავია,
მაგრამ საქართველო არ დგას მათ მხრებზე, საქართველოს არჩენენ ქართველი ემიგრანტი ქალები, რომელთა უმრავლესობა მძიმე სამუშაოს ასრულებს და იმათ უნდა მოვეფეროთ, ისინი არ უნდა დავკარგოთ და
ვაგრძნობინოთ, რომ ქვეყნის სრულყოფილი მოქალაქეები არიან. ამიტომ, შემოვიტანდი რუბრიკას, ერთგვარი ჟურნალისტური გამოძიების მაგვარს და დავინტერესდებოდი ჩვენი ემიგრანტი ქალების ბედით, ხშირად ტრაგიკულითაც. არ ვიცი, რამდენად ცნობილია თქვენთვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა შესახებ, იმ დამსაქმებელი ქართველი ქალების შესახებ, ვინც ადგილობრივ მამაკაცებთან ერთად რაიმე კულტურული საზოგადოების სახელს ამოფარებულნი, სამსახურში დასაქმების სანაცვლოდ პირველ ხელფასს იღებენ, მერე ერთ კვირაში დასაქმებულს
„აგდებინებენ“, რომ მეორისგან იმავე სახით ფული აიღონ; ან ბანკიდან სესხის გამოტანის დახმარების სანაცვლოდ პროცენტებს იღებენ, ანდაც სულ ერთი უბრალო ბლანკის შევსებისათვის უამრავ თანხას ითხოვენ (რასაც მე ხშირად სრულიად უსასყიდლოდ ვაკეთებ); გსმენიათ ოდესმე, რომ სამუშაოდ წაყვანილ ქალებს, ბევრს ერთად, ოთახში კეტავენ, საჭმელს ამადლიან და წყლის ხარჯვას უკონტროლებენ? ამ ყველაფრის გამოსავლენად შემოვიღებდი წერილების თუ საფოსტო რუბრიკას, რომ თავად ემიგრანტებმაც მოგაწოდონ ინფორმაცია, ასე ხომ უფრო დაგვაახლოვებთ სამშობლოს. ბევრი ისეთი საკითხია ქვეყანაში, ემიგრანტის აზრის გაუთვალისწინებლად არ
უნდა გადაწყდეს, აი, მაგალითად, მოქალაქეობის საკითხზე ხომ შეიძლება ჩავრთოთ ემიგრანტებიც? მაპატიეთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ჩვენი ემიგრანტების გულისტკივილია და ამიტომ ვაბობ ასე თამამად.

- თქვენ იტალიაში უმასპინძლეთ პროექტის „ცოცხალი წიგნები ემიგრანტებს“ ხელმძღვანელს ქეთი დუმბაძეს
და პროექტში მონაწილე პოეტებს. რას გვეტყვით ამ პროექტზე, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია ამგვარი კონტაქტები ქართველი ემიგრანტებისათვის?

- შორიდან დავიწყებ: დღეს, საბედნიეროდ, სოციალური ქსელის საშუალებით ემიგრანტებს საშუალება გვეძლევა თვალი ვადევნოთ სამშობლოში მიმდინარე მოვლენებს. ლამის მთელი ერთი წელი ინტერნეტით „ფეხდაფეხ დავყვებოდით“ „ცოცხალ წიგნებს“, მერე ტელეფონით ვუკითხავდით ერთმანეთს ჩვენი საყვარელი პოეტების ლექსებს და თავისთავად გაჩნდა დიდი სურვილი, იტალიაშიც გვეხილა ისინი. მრავალრიცხოვანი ემიგრანტის მოთხოვნის საფუძველზე წერილით მივმართეთ კულტურის სამინისტროს მრჩეველს ქეთი დუმბაძეს, რომელიც
ჩვეული გულითადობით მოეკიდა ჩვენს თხოვნას და ასე დააფინანსა კულტურის სამინისტრომ ეს პროექტი,
დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა. მათი თანადაფინანსების მეშვეობით გვეწვია ქალბატონი ქეთი დუმბაძე და რვა პოეტი. მოვაწყეთ შეხვედრები ბარის, რომისა და ფლორენციის სათვისტომოებში. სამწუხაროდ, სხვა ქალაქებში ეს ვერ მოხერხდა და ნაწყენებიც კი დაგვრჩნენ ჩვენი თანამემამულე ემიგრანტები. უკვე მოგახსენეთ, რომ დიასპორასთან ნებისმიერ კონტაქტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თავად ემიგრანტებისთვის და სახელმწიფოსთვისაც. მით უფრო, როცა საქმე პოეზიას ეხება, ვინაიდან, საბედნიეროდ, ქართული პოეზიისადმი სიყვარული, მძიმე ყოფის მიუხედავად, ჯერ ისევ იგრძნობა ემიგრაციაში და შეიძლება გადაჭარბებულ სენტიმენტალიზმად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვისაც თავისი თვალით არ უნახავს, ვერც წარმოიდგენს, რა ხდებოდა
ამ შეხვედრებზე: ერთმანეთში ირეოდა ცრემლი, სიხარული, აღფრთოვანება, ტაში, მოფერება, ლექსი, სიმღერა, საყვედური - აქამდე სად იყავითო, მადლობა - სამშობლო ჩამოგვიტანეთო... ასე რომ, თავად განსაჯეთ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი ყველა ჩვენგანისთვის.

- რა აზრისა ხართ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატზე, რამდენად საჭირო რგოლია იგი
საქართველოს ხელისუფლებაში?

- არ ვიცი, რამდენად მართებულია, თუგინდ, კორექტულიც ჩემი აზრის გამოხატვა ამ საკითხის ირგვლივ, მით უფრო, რომ ზედმიწევნით არ ვიცნობ აპარატის საქმიანობას, მაგრამ რასაც მე შორიდან ვხედავ, ის არის, რომ აპარატი ვერ იქნება სათანადო სიმაღლეზე, რომ არ იყოს სათანადო სიმაღლეზე მინისტრი, ის კი სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მინისტრი, როგორიც ბატონი გელა დუმბაძეა, ემიგრანტებს ჯერ არ გვყოლია (მაპატიეთ, რაღაც პირში ქებასავით გამომდის, მაგრამ ამას ყველგან, ზურგსუკანაც ვამბობ, თან მარტო ჩემი აზრი არ არის, ბევრი ემიგრანტი ამბობს ამას, და თუ საქებარია, რატომ არ უნდა ვაქო, ხომ არ შეიძლება მთავრობა სულ ლანძღო?!). გარდა ამისა, აპარატში მეგულებიან მინისტრივით თავდაუზოგავი ადამიანები - ზაალ სარაჯიშვილი და თამარ გამილაღდიშვილი და ასეთი გულისხმიერი, ემიგრანტის ტკივილის გამზიარებელი და გვერდში მდგომი სახელმწიფო მოხელეებით დაკომპლექტებული აპარატი საჭირო კი არა, აუცილებელია. ჩვენ, ემიგრანტებს უსათუოდ გვჭირდება ისეთი ინსტიტუციონალური ორგანო სამშობლოში, ვისაც დავეყრდნობით, ვისი იმედიც გვექნება. მეტიც, მჯერა, ბატონი გელა თავისი შემოქმედებითი (კრეატიული არ მინდოდა მეთქვა) ნიჭითა და კარგი გუნდით მეტ და ახალ მექანიზმებს აამუშავებს სახელმწიფოსა და ემიგრანტების კიდევ უფრო დაახლოებისათვის.

- ხომ არაფერს დაამატებდით თქვენი მხრიდან, იტალიის ქართულ დიასპორაზე, იქ მიმდინარე პროცესებზე,
განხორციელებულ კულტურულ ღონისძიებებზე და ა.შ. გვესაუბრეთ ყველაფერზე, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ.

- მე მგონი, ჯობს, ამ აკორდით დავამთავროთ. დამატება აღარ არის საჭირო.

- დიდ მადლობას გიხდით, ქალბატონო ნუნუ, საინტერესო ინტერვიუსათვის. თქვენ ბევრ მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. მადლობას გიხდით ნამდვილად საჭირო და კეთილი რჩევებისათვის, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და „დიასპორული ჟურნალის“ საქმიანობის დადებითად შეფასებისათვის. გისურვებთ წარმატებებს და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას.


ბმული - http://diaspora.gov.ge/nd/wp-content/uploads/2016/06/journal-N6.pdf

Arrow


Last edited by Admin on Mon May 01, 2017 9:12 am; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუნუ გელაძე - Nunu Geladze Fusco   Sat Apr 29, 2017 11:07 pm



ჩეზარე პავეზე

თვითმკვლელები

იტალიურიდან თარგმნა ნუნუ გელაძემ

არის დღეები, როცა ქალაქი, სადაც მე ვცხოვრობ, სხვანაირად იღვიძებს. გარეგნულად თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ გამვლელები, ხეები და მთელი ირგვლივეთი სხვად გეჩვენება, სწორედ ისე, ხანდახან სარკეში ჩახედვისას საკუთარი თავის მაგიერ უცხო კაცს რომ შეეფეთები.
ასეთი დღეები გამორჩევით მიყვარს; თუ მოვახერხე, სამსახურიდან ადრე ვიპარები და ხალხს შევერევი ხოლმე; მოურიდებლად ვაკვირდები ნებისმიერ გამვლელს, ისევე როგორც თავად მომაშტერდებოდა, რადგან იმ წუთებში სითამამე მეძალება და სულ სხვა კაცი ვხდები.
ვიცი, ცხოვრება უკეთესს აღარაფერს გამოიმეტებს ჩემთვის იმის გარდა, თუ საკუთარი სურვილით არ გამოვიხმე ამგვარი წუთები; რამდენჯერმე შევძელი კიდეც მათი გახანგრძლივება, ვთქვათ ასე: მივუჯდები მაგიდას რომელიმე მოდურ შუშებიან კაფეში და ვაყურადებ ქუჩის ყრუ გუგუნს, ვისრუტავ ფერთა და ხმათა უწყვეტ ნაკადს და ჩემივე სულის ყოვლისმომწესრიგებელი სიმშვიდის მოლოდინით ვიტრუნები. რამდენიმე წლის წინ გადატანილმა საშინელმა გულგატეხილობამ და სინდისის ქენჯნამ ისეთ სასოწარკვეთამდე მიმიყვანა, რომ საბოლოოდ დავრწმუნდი – ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება სიმშვიდეა; ბრძოლისა და ქარიშხლებისთვის არ ვარ შექმნილი, ხანდახან დილაობით აფორიაქებული თუ გამოვალ სახლიდან და ჩემი ნაბიჯები გამოწვევად გაისმის, თორემ ამ ცხოვრებისგან მაყურებლის როლის გარდა არაფერს ვითხოვ. თუმცა ეს მოკრძალებული, მოზომილი სიამოვნებაც ჩემსავე უბადრუკობაში მარწმუნებს და ყოფას მიმწარებს.
გუშინ არ აღმომიჩენია, რომ ცხოვრებაში ეშმაკობაა საჭირო, სხვების კი არა, საკუთარი თავის მიმართ. საშინლად მშურს იმ ადამიანების, განსაკუთრებით ქალების, ვინც სიგლახეს, თუნდ მცირე უსამართლობას ისე ჩაიდენს, თითქოს უმნიშვნელო კაპრიზს იკმაყოფილებდეს და თავს ისე დაიჭერს, საკუთარ სინდისთან სუფთა აღმოჩნდეს. არანაირი ავი ზნე არ მჭირს თუ არ ჩავთვლით უნდობლობისა და სიმშვიდის მოთხოვნილების გამო ბრძოლაში უკან დახევის ჩვევას. არც საკუთარი თავის ეშმაკურად გამოყენება მეხერხება და არც თვითფლობა, როცა იმ მცირეოდენით ვტკბები, რაც განგებამ მომისართა. ზოგჯერ შუა ქუჩაში ვხევდები, მიმოვიხედავ და საკუთარ თავს ვეკითხები, მაქვს კი უფლება ამქვეყნად ყოფნისა? ეს უმეტესად მაშინ ხდება, როცა სამსახურიდან გამოპარვას მოვუხშირებ ხოლმე. არა, საქმეს ხელს არ ვაკლებ, საკმაოდ კარგი სამსახური მაქვს, თავსაც კარგად ვინახავ და უპატრონო დისშვილსაც კოლეჯის ხარჯს მე ვუხდი, რომლის სახლში გაჩერება არ უნდა მოხუცს, დედაჩემად რომ დამიწესა განგებამ. დიახ, ხშირად შევყოვნებულვარ ქუჩაში და საკუთარი თავისთვის მიკითხავს, სასაცილო არა ვარ, ასე აღტკინებული რომ დავაბიჯებ?! ასე კი იმიტომ ვფიქრობ, რომ მგონია, არ ვიმსახურებ ასეთ სიხარულს. მსგავსი რამ დამემართა გუშინ დილით: საკმარისი აღმოჩნდა კაფეში შემთხვევით შევსწრებოდი ჩვეულებრივ ვოდევილს ჩვეულებრივი პერსონაჟებით, რომ მიუსაფრობა და უნუგეშობა მეგრძნო. და რაც უფრო ვცდილობ ჩემში დანაშაულის გრძნობა მივაყუჩო, მით უფრო შიშვლდება იგი თავისი უძრავი და საშინლად მტანჯველი არსით. ჰო, ეს იყო თეთრლაბადიანი ჭაბუკის გაარშიყება ახალგაზრდა მოლარესთან. ვითომ გაბრაზებული თეთრლაბადიანი მოლარეს უყვიროდა, ასი ლირის ხურდა დამაკელიო:
– ქალიშვილო, კლიენტებს ასე არ ექცევიან, – თვალს უკრავდა დამორცხვებულ მეგობარს. Mმოლარე იცინოდა, თეთრლაბადიანი უმტკიცებდა, რომ იმ ასი ლირით რომელიმე სადღეღამისო სასტუმროს ნომერში მისი დაპატიჟება შეეძლო ან სულაც ბანკში დააბანდებდა იმ ფულს.
– აბა, კარგად, ლამაზო, ამაღამ ჩემზე იფიქრე! – მიაძახა ბოლოს.
– ესღა მაკლდა! – გადაიკისკისა ვითომ აღშფოთებულმა მოლარემ.
იმ კაფეში საუზმობისას ხშირად დავკვირვებივარ იმ მოლარეს, ხანდახან ნეტარებით გარინდებული ისე გავღიმებივარ, ზედაც არ შემიხედავს. თუმცა ჩემი სიმშვიდე საკმაოდ ხანმოკლეა, საყრდენი არა აქვს და ამიტომაც გამუდმებით მიპყრობს თანმდევი სინდისის ქენჯნა. Uუცნაურია, მაგრამ დილაობით კაფეში საუზმობისას, როგორც გუშინ დამემართა, სულ უფრო მიახლდება გრძნობა, რომ ჩემი ცხოვრების უმთავრესი დანაშაული სხვა არაფერია, თუ არ სიბრიყვე. სხვებს, ალბათ, შეუძლიათ საკუთარი თავისადმი ღრმა რწმენით კარგად გაითვალონ და გააზრებულად ჩაიდინონ დანაშაული, თანაც დაუოკებელი ინტერესი გამოავლინონ მსხვერპლისა და თამაშისადმი, და, ვფიქრობ, ამაში გახარჯულ ცხოვრებას არცთუ უმნიშვნელო კმაყოფილება მოაქვს. პირადად მე კი არასოდეს არაფერი მიკეთებია სულიერი ტანჯვის გარდა. და ჩემსავე სულელურ თავდაუჯერებლობას და საკუთარ თავთან ჭიდილს ხშირად ადამიანებთან უხერხულ და სასტიკ ვითარებამდეც კი მივუყვანივარ. გამოსავლის ძებნას არც ვაპირებ, მაგრამ საკმარისია წამით სინდისის ქენჯნამ შემიპყროს, მაშინვე კარლოტაზე ვიწყებ ფიქრს. წელიწადზე მეტია რაც გარდაიცვალა და ზედმიწევნით ვიცნობ ყველა იმ ბილიკს, რომელზეც მასზე ფიქრი წამომეწევა; თუ მოვისურვე, შემიძლია კიდეც გამოვიხმო ის საწყისი სულიერი მდგომარეობა, როცა იგი ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა, მაგრამ ამას ყოველთვის არ ვაკეთებ, რადგან ჯერ არ გამნელებია მწარე სინანულის გრძნობა, რომელსაც სულ უფრო ღრმად შევყავარ სულის ბნელ კუთხეებში და ისეთი მოუთმენლობით ჩავკირკიტებ, თითქოს წარსული არ იყოს. ისე უთავბოლოდ ნამდვილი ვიყავი კარლოტას მიმართ, რომ მასთან გატარებული ყოველი განვლილი დღე ხსოვნაში მიცოცხლდება არა როგორც გარდასული, არამედ დღევანდელი, არსებული, ცოცხალი.
კარლოტა არ იყო იდუმალი და გამოუცნობი, პირიქით, იგი იმ ზედმეტად პრიმიტიულ და, ვიტყოდი, საცოდავ ქალებს მიეკუთვნებოდა, რომლებიც როგორც კი საკუთარი თავისადმი ერთგულებას ღალატობენ და მამაკაცის მოსახიბვლელად კეკლუცობას იწყებენ, აუტანლად გამაღიზიანებლები ხდებიან, თუმცა კი ვიდრე უბრალოები არიან, ვერავინ ამჩნევს მათ. ვერაფრით ამეხსნა, სად ჰყოფნიდა მოთმინება, ლუკმაპურის საშოვნელად მოლარეობას რომ იტანდა. ის ალბათ საუკეთესო და იქნებოდა. დღესაც ბოლომდე ვერ ამიხსნია ჩემი მაშინდელი გრძნობა და საქციელი. აბა რა დავარქვა ჩემს მოქმედებას იმ საღამოს, როცა კარლოტამ თავის ოროთახიან ბინაში დამპატიჟა და ხავერდის ძველ კაბაში რომ დავინახე, საბანაო კოსტუმი ჩაგეცვა, უკეთესი იქნებოდა-მეთქი, ვუთხარი. ეს იყო ჩემი პირველი სტუმრობა, მანამდე არც კი მეკოცნა მისთვის. საქციელწამხდარმა მორცხვად გამიღიმა, მეორე ოთახში გავიდა და ჩემდა გასაკვირად, საბანაო კოსტუმში გამომეცხადა. იმ საღამოს მოვეხვიე და ტახტზე გადავაწვინე; მერე გამოვუცხადე, ამგვარი ვნებათაღელვის შემდეგ მარტო ყოფნა მიყვარს-მეთქი და წამოვედი. სამი დღე აღარ გამოვჩენილვარ, მერე რომ შევხვდი, თქვენობით დავუწყე ლაპარაკი.
ასე გაგრძელდა ეს სიყვარული – კარლოტას მღელვარე აღსარებებითა და ჩემი ძუნწი ფრაზებით. ერთ დღეს, ჩემდა მოულოდნელად, შენობით დავუწყე მიმართვა, კარლოტამ იუცხოვა, მერე ვკითხე, ქმარს ხომ არ შეურიგდი-მეთქი, ცრემლმორეულმა შემომწუწუნა – ასე თქვენსავით იგი არასოდეს მექცეოდაო. გაუძალიანებლად დავადებინე ჩემს მკერდზე თავი, ვეფერებოდი და ჩავჩურჩულებდი, მიყვარხარ-მეთქი, თან საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ დიახაც შემეძლო მყვარებოდა ეს ვითომ ქვრივი. კარლოტა მომენდო, გამომიტყდა, რომ პირველი შეხვედრისთანავე შევუყვარდი, რადგან არაორდინალურ მამაკაცად მოვეჩვენე, მე კი ამ ხანმოკლე პერიოდში უკვე მოვასწარი მისი გვარიანად გაწამება, საბრალოს, უკვირდა, ყველა მამაკაცი ასე რატომ ექცეოდა.
– დღეს სითბო, ხვალ სიცივე, აი რა ამყარებს სიყვარულს – გავუღიმე ფილოსოფიურად.
კარლოტა ფერმკრთალი იყო, დიდი თვალები დაღლილობისგან ამოღამებოდა, სხეულიც ფერმკრთალი ჰქონდა. იმ ღამეს მის ჩაბნელებულ ოთახში რომ ვისხედით, მორიდებით მკითხა, ალბათ ჩემი სხეული არ მოგეწონათ და იმიტომ დამტოვეთ პირველ ღამესო. არც ამჯერად დავინდე, შუაღამისას წამოვდექი და თავი გავიმართლე, გასეირნება მომინდა-მეთქი; მეც სიამოვნებით გამოვისეირნებ შენთან ერთადო, სხვასთან სეირნობას ვერ ვიტან – მოვუჭერი და სახტად დავტოვე.

II
კარლოტა რომ გავიცანი, ახალი გადატანილი მქონდა ქარიშხლიანი სიყვარული, რაც კინაღამ სიცოცხლის ფასად დამიჯდა. და ახლა ტკბილ-მწარე სიხარულს განვიცდიდი იმის ქუჩაზე ჩავლისას. მე ხომ იქ არაერთი დამამცირებელი ღამე დამთენებია იმ ქალის ჭირვეულობის გამო. ახლა მჯერა, რომ არანაირ ვნებას არ გააჩნია ისეთი ძალა, შეცვალოს იმ ადამიანის შინაგანი ბუნება, ვინც ამ ვნებას გადაიტანს. ვნებისაგან შეიძლება მოკვდე, მაგრამ ამით საბოლოოდ არაფერი იცვლება; დაცხრება ვნებათაღელვა და ისევ რჩები პატიოსანი ან არამზადა, ოჯახის მამა თუ კეთილზნიანი ჭაბუკი, იმის მიხედვით, რაც მანამდე იყავი და ცხოვრებაც ისევ ძველ კალაპოტს უბრუნდება. ჩვენი ჭეშმარიტი ბუნება ხომ კრიტიკულ მომენტში ვლინდება, რაც ჩვენვე გვაძრწუნებს, ნორმალურობა კი ზიზღს აღგვიძრავს. ალბათ სიკვდილს ვირჩევდით სასტიკი შეურაცხყოფის გამო, მაგრამ სხვას ვერავის დავადანაშაულებთ საკუთარი თავის გარდა. მე უნდა ვუმადლოდე იმ ქალს, რომელმაც მიმიყვანა ამ უმიზნო დღიურ, მარტოსულ ყოფამდე, სამყაროსთან, ახლობლებთან კავშირის გაწყვეტამდე, მოყვასისადმი გულგრილობამდე – ძლივს რომ ვიტან დედაჩემს და ლამის მძულს ჩემი დისშვილი; იმ ქალის დამსახურებააესყველაფერი, ან კი სხვასთან უკეთ დავამთავრებდი სასიყვარულო ისტორიას, ან სხვა უკეთ შეძლებდა ჩემს დამცირებას, ვიდრე ამას ჩემი შინაგანი ბუნება მოითხოვდა?! ყოველ შემთხვევაში, მაშინ, იმის ფიქრმა, რომ მე დამჩაგრეს, რომ ჩემი ყოფილი სატრფო ვერაგი აღმოჩნდა, ერთგვარი კმაყოფილების გრძნობა დამიტოვა. ჯოჯოხეთური განცდების გარკვეულ ეტაპზე აუცილებელია ეს ბუნებრივი გამაყუჩებელი საშუალება – დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ უსამართლოდ დაისაჯე, რადგან ეს გიბრუნებს ძალას, საკუთარი თავისადმი პატივისცემას და, ესეც არ იყოს, შენსავე თავმოყვარეობას ეამება. და ახლა სხვისგან მიყენებული უსამართლობისათვის იმავე საწყაულით ვუხდი სამაგიეროს ჩემი ჭრილობების მიმყენებელს კი არა, როგორც საერთოდ ხდება, – სხვა ქალს.
ღამით კარლოტას ბუდიდან დაკმაყოფილებული და ოდნავ დაბნეული გამოვდიოდი; მსიამოვნებდა მარტო ხეტიალი, ყოველგვარ საზრუნავს ჩამოშორებული ვტკბებოდი თავისუფლებით და გრძელ ხეივანში თითქოს ფეხდაფეხ მივდევდი ყმაწვილობისდროინდელ ფიქრებსა და განცდებს. ღამის უბრალოება, სიბნელე და ლამპიონები ნაზად მხვევდა თავის საბურველში და ნებას მრთავდა მივცემოდი ყველაზე აბსურდულ და ლხინისმომგვრელ ოცნებას, ღამეული შუქ-ჩრდილები რომ მიფერადებდა და მიბევრებდა; ის ყრუ გაღიზიანებაც კი რაც კარლოტასაგან მისი წრეგადასული მოკრძალების გამო მომყვებოდა, ერთვებოდა ამ თავისუფალ თამაშში, რომელიც უხერხულობისა და სიბრალულისაგან მათავისუფლებდა, მასთან ყოფნისას რომ განვიცდიდი. მაგრამ მე ყმაწვილკაცი აღარ ვიყავი და კარლოტასთან განშორება რომ არ გამჭირვებოდა, ანატომიური სიზუსტით ვიხილავდი მის სხეულს, მოძრაობას, მის მოფერებას. ვერ მივმხვდარიყავი, ასეთ ახალგაზრდას, ქმართან გაშორებულს და უშვილოს რატომ სჯეროდა, რომ მე ვიყავი ის მამაკაცი, ვისთანაც ბედნიერებას ეწეოდა. საცოდავი, მეტად უბადრუკი საყვარელი იყო და ალბათ ამიტომაც მიატოვა ქმარმა.
ერთ საღამოს კინოთეატრიდან გამოსულები ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩას რომ მივუყვებოდით, კარლოტამ მითხრა:
– რა ბედნიერი ვარ, რა კარგი ყოფილა შენთან ერთად კინოში სიარული.
– შენს ქმართან ერთად თუ დადიოდი კინოში?
– ეჭვიანობ? – გაიღიმა კარლოტამ.
– არა, ისე, – ავიჩეჩე მხრები.
– მეტი აღარ შემიძლია, – ამოიოხრა კარლოტამ და მომეკრო, – რატომ არ გვაძლევს კანონი განქორწინების უფლებას, როცა შვილები არა გვყავს, ან იგივე კანონო რატომ მაიძულებს ქმარი ვუწოდო იმას, ვისგანაც ცუდის მეტი არაფერი მახსოვს?!
იმ ღამეს კარლოტასთან ხანგრძლივი და მგზნებარე სიახლოვით ვინებივრე.
– კიდევ ეჭვი გეპარება ჩემში? – ვკითხე.
– ო, ძვირფასო, რატომ ყოველთვის ასეთი კარგი არა ხარ, როგორც დღეს, ხომ წარმოგიდგენია, რა გველის, განქორწინება რომ შემეძლოს?
არ ვუპასუხე. მაგრამ ერთხელ, როცა ისევ განქორწინებაზე ჩამოაგდო სიტყვა, ვეღარ მივითმინე და ავფეთქდი:
– კარგი ერთი, ვინ ცხოვრობს შენზე უკეთესად, ფაქტიურად თავისუფალი ქალი ხარ და დარწმუნებული ვარ, კარგადაც გარჩენს, სიმართლე თუ გინდა, შენ უღალატე მას.
რაც ერთმანეთს დავშორდით, მისგან არაფერი მომითხოვია, თავს თვითონ ვირჩენ, შემომხედა დაღვრემილმა, – და თუ ახლა მისგან რამეს მივიღებდი, ამით შენ გიღალატებდი.
კოცნით შევაწყვეტინე სიტყვა, მერე სადგურის კაფეში წავიყვანე და ძალით ორი სირჩა ლიქიორი დავალევინე. შეორთქლილი მინების შუქში მაგიდას შეყვარებულებივით ვუსხედით. მე კარგა ბლომად გადავკარი და ხმამაღლა ვუთხარი:
– კარლოტა, მოდი ამაღამ ბიჭი გავაკეთოთ?
ეტყობა ვიღაცამ შემოგვხედა, რადგან მთლად აპილპილებულმა კარლოტამ კისკისით პირზე ხელი მომაფარა. მერე ისიც ალაპარაკდა რაღაც სისულელეებზე, ჩვენს ამბავს რომელიღაც ფილმის სიუჟეტს უდარებდა. და მე ვსვამდი, რადგან ვიცოდი, ეს იყო ერთადერთი საშუალება, რაც კარლოტას სიყვარულს შემაძლებინებდა. გარეთ გამოსულები სიცივემ გამოგვაფხიზლა და სახლისკენ გავეშურეთ.
მთელი ღამე დავრჩი მასთან. დილით რომ გავიღვიძე, გვერდით ნამძინარევი, გაწეწილი კარლოტა დამელანდა, ჩემს ჩახუტებას ლამობდა. ხელი არ მიკრავს, წამოვდექი; ძლიერი თავის ტკივილი ვიგრძენი; კარლოტას ნაძალადევად შეკავებული სიხარულიც მაღიზიანებდა, სამზარეულოში სიმღერით რომ გავიდა ყავის მოსახარშად. მერე ერთად უნდა გამოვსულიყავით სახლიდან, მაგრამ მეკარე ქალი გაახსენდა და წინ გამიშვა, მანამდე კი წინაკარში მომეხვია და მაგრად ჩამკოცნა. იმ გაღვიძებიდან ყველაზე ცხადად დამამახსოვრდა გამზირის ხეთა ტოტები, რომლებიც ნისლში ორთქლავდნენ და ფანჯრების ფარდებს მიღმა წვეთებს ცრიდნენ. დილის ცივი ჰაერი სისხლს მიდუღებდა, ახლა მხოლოდ განმარტოება მჭირდებოდა, რათა სიგარეტის ბოლში გახვეულს ფანტაზიით სხვანაირი გაღვიძება და სხვა ქალი წარმომედგინა.
ხანდახან კარლოტა სინაზეს გამომტყუებდა ხოლმე, მერე, როგორც კი მარტო დავრჩებოდი, თავს ვამუნათებდი ამის გამო; საკუთარი სულის შრეებში ვიქექებოდი, რათა გამეფანტა მისი უმნიშვნელო მოგონებაც კი, ფიცი დამედო, სასტიკი ვყოფილიყავი და მტკიცედაც ვიცავდი ამ ფიცს. კარლოტასთვის ნათელი უნდა ყოფილიყო, რომ უსაქმურობის, უბრალოდ მოთხოვნილების გამო ვიყავით ერთად და არა იმ მიზეზისა, რასაც თავგანწირვით ებღაუჭებოდა. საწოლში კარლოტასთან წუთიერი თავდავიწყების შემდეგ მისი ნეტარი და მადლიერი გამოხედვა ნერვებს მიშლიდა, რადგან ვისგანაც ველოდი მსგავს შემოხედვას, ერთხელაც არ მღირსებია.
– თუ ისეთს მიმიღებ, როგორიც ვარ, ხომ კარგი, – ვუთხარი ერთხელ კარლოტას, – მაგრამ ჩემს ცხოვრებაში შემოჭრას ნუ ეცდები.
– მაშ, არ გიყვარვარ ? – ენა დაება.
– ის მცირეოდენი სიყვარულის გრძნობა, რაც გამაჩნდა, ახალგაზრდობაში გავხარჯე და გადავიწვი.
თუმცა კი იშვიათად, სირცხვილისა თუ აღგზნებულობის გამო ვეთანხმებოდი, რომ ცოტათი მიყვარდა, რაც თავადვე მაცოფებდა.
ასეთ დროს კარლოტა ცდილობდა გაეღიმა:
– კარგი მეგობრები ხომ მაინცა ვართ?
– მისმინე, – ვეუბნებოდი მკაცრად, – გულს მირევს ეს დათაფლულობა, დაიმახსოვრე, რომ მე და შენ მხოლოდ მამაკაცი და ქალი ვართ, რომლებიც მოწყენილობის გამო წვებიან ერთად ლოგინში!
– ჰო, ეს მართალია, მაგრამ მე მიყვარხარ, მიყვარხარ, – მეხუტებოდა თავდავიწყებით.
– ჰოდა მეტს ნურაფერს მთხოვ.
საკმარისი იყო მსგავსი საუბრისას თუნდაც ერთხელ ზედმეტად თავაზიანი მომჩვენებოდა თავი, რომ მერე კვირაობით გავურბოდი კარლოტას. თუ თავისი კაფედან დამირეკავდა სამსახურში, ვპასუხობდი, რომ ბევრი საქმე მქონდა და არ მეცალა.. თავიდან კარლოტა უკმაყოფილების გამოხატვას ეცადა, მაშინ ჩემი ცივი ღიმილის თანხლებით ერთი მტანჯველი საღამო გავატარებინე: შორი-შორ ვისხედით ჩაბნელებულ ოთახში, აბაჟური თეთრ შუქს სცემდა მის მუხლებს და ვუმზერდი მის მწუხარე სახეს. აუტანელი სიჩუმე პირველმა მე დავარღვიე:
– მადლობა მითხარი, ქალბატონო, შესაძლოა ეს საღამო უფრო მეტჯერ გაგახსენდეს, ვიდრე სხვა რომელიმე.
კარლოტა არ შერხეულა.
– რატომ არ მომკლავ, ქალბატონო? თუ შენ ნებიერი ქალი გინდა გაითამაშო, დროს ტყუილად კარგავ, მე ჩემი ჭირვეულობაც მყოფნის.
კარლოტა ასლუკუნდა.
– დღეს საბანაო კოსტუმიც ვერ გიშველის, – ჩავუირონიე.
კარლოტა ჩემს წინ მუხლებზე დაემხო, ინსტინქტურად ხელები გავუწოდე, თეთრ შუქზე გაიელვა მისმა თავმა და ტირილით ჩემს მუხლებზე დაეშვა; მოფერება ვცადე, მაგრამ წამოვდექი.
– ალბათ მეც უნდა ვტიროდე, კარლოტა, მაგრამ ვაი, რომ აზრი არა აქვს. რასაც ახლა შენ განიცდი, მე დიდი ხნის წინ გადავიტანე, თავის მოკვლა მინდოდა, ვაჟკაცობა არ მეყო. ბედის დაცინვაც ეგ არის, ვინც იმდენად სუსტია, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობს, იმ ზომამდეა სუსტი, თავს ვერ მოიკლავს. Aასე რომ, ჭკვიანად მოიქეცი, კარლოტა.
– ასე სასტიკად რატომ მექცევი, – ამოიგმინა.
– სულაც არ გექცევი სასტიკად, მშვენივრად იცი, რომ მარტო ყოფნა მიყვარს. და თუ ამის საშუალებას მომცემ, დაგიბრუნდები თუ არადა, ვეღარასოდეს მიხილავ. ჰოდა ასე.. გინდა რომ მიყვარდე ?
კარლოტამ ტკივილისაგან დასერილი სახე ასწია.
– მაშინ შენ აღარ უნდა გიყვარდე – ჩავუმარცვლე – სხვა გამოსავალი არა გაქვს, ხომ იცი, ძაღლი გადაგდებულ ძვალს მაშინვე არ დასწვდება.
მსგავსმა სცენებმა ისე შეძრა კარლოტა, ჩემთან განშორება აღარც უფიქრია. გარდა ამისა, განა ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩვენ ორივენი ერთი ჩამოსხმისანი ვიყავით?! კარლოტა კი იმდენად პრიმიტული ქალი იყო, ამას ვერც ჩასწვდებოდა, თუმცა კი რაღაცას გრძნობდა. საბრალო, ცდილობდა ვითომ ხუმრობით ჩამხუტებოდა და ამოიხვნეშებდა:
ასე ყოფილა ეს ცხოვრება, ან ვაი შენ ჩემო თავო ... იმ ღამეს რომ ეთქვა, კარგი, დავშორდეთო, ალბათ, პატარა ტკივილს მომაყენებდა, მაგრამ კარლოტას ეს არ შეეძლო. ზედიზედ ორ საღამოს რომ არ გამოვჩნდებოდი, მერე დარდისაგან თვალებამოღამებული მხვდებოდა. თუ იშვიათად მისადმი სიბრალული ან თანაგრძნობა შემომეპარებოდა და კაფეში გავუვლიდი სადმე დასაპატიჟებლად, სიხარულისაგან აწითლებული და შეცბუნებული წამოხტებოდა.
მე კონკრეტულად კარლოტას კი არ ვუბრაზდებოდი, არამედ ნებისმიერი შეზღუდვისა და მორჩილების წინააღმდეგი ვიყავი, რამაც, ღრმად მწამდა, ჩვენი ურთიერთობა დამატეხა თავს. რაკი მე კარლოტა არ მიყვარდა, მის მიერ ყოველი უმნიშვნელო ნების გამოვლენა თავდასხმად მეჩვენებოდა. ისეთი დღეებიც მახსოვს, თავი მეზიზღებოდა, შენობით რომ მივმართავდი. რა უფლება აქვს ამ უცხო ქალს, ხელკავს რომ მიკეთებს?! – ვფიქრობდი. სამაგიეროდ, ისეთი დღეებიც გამოერეოდა, თავი ამქვეყნად ახლადმოვლენილი მეჩვენებოდა. ეს მაშინ ხდებოდა, როცა სამუშაოს დამთავრების შემდეგ შემეძლო მზიან ქუჩებს მარტოდმარტო, კარლოტას გარეშე გავყოლოდი; მისი სხეულით დაკმაყოფილებული და ძველტკივილმიყუჩებული, ხარბად ვიმზირებოდი ირგვლივ, როგორც ყმაწვილობის ჟამს ვივსებოდი ირგვლივეთის ხმებითა და სურნელით. და კარლოტა რომ ჩემდამი სიყვარულის გამო იტანჯებოდა, ეს ძველ ტკივილებს მიამებდა, ჟამთასრბოლის ფერფლს აყრიდა და აბიაბრუებდა მას. კარლოტას როგორც კი მოვშორდებოდი, თავს ხელშეუხებლად და უფრო გამოცდილად ვგრძნობდი. მჯეროდა, რომ იგი ჩემი სულის გსნსაწმენდლს წარმოადგენდა.

(გაგრძელება ქვემოთ) Arrow


Last edited by Admin on Mon May 01, 2017 11:06 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუნუ გელაძე - Nunu Geladze Fusco   Sat Apr 29, 2017 11:08 pm

ჩეზარე პავეზე

თვითმკვლელები

იტალიურიდან თარგმნა ნუნუ გელაძემ

(დასასრული) Arrow

III
გამოხდებოდა საღამოები, გაუთავებლად რაღაცას ვუყვებოდი; ამ თამაშით ყმაწვილივით ვერთობოდი და ჩემი საწუხარი მავიწყდებოდა.
– კარლოტა, – ვეტყოდი ხოლმე, – რას განიცდიან შეყვარებულები? იმდენი ხანია არავინ მყვარებია, აღარც კი მახსოვს, რა ხილია... თუ სიყვარულში გაგიმართლა, ნეტარება შენ, თუ არადა, იმედს მოუხმობ. ამბობენ, შეყვარებულები დღევანდელი დღით ცხოვრობენ, მართლა ასეა, კარლოტა?
სახეზე ღიმილმოფენილი, თავს მიქნევდა.
– ვინ იცის, რაზე ოცნებობს შეყვარებული. ალბათ უფრო ბედნიერია არა ის, ვინც უყვართ, არამედ ის, ვისაც უყვარს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ის – აქ მე გავიღიმე – ვინმე სხვასთან არ იზიარებს სარეცელს და არ დაგვცინის.
კარლოტამ წარბები აზიდა.
– კარგი რამ არის სიყვარული – დავასკვენი ბოლოს – და ვერავინ დაუძვრება მის უღელს.
კარლოტა ჩემი მაყურებელი იყო. ასეთ დროს მხოლოდ საკუთარ თავზე ვლაპარაკობდი, ეს კი საუბრის საუკეთესო სახეობაა.
– სიყვარულს ხშირად ღალატი უსაფრდება, სიყვარულით რომ დატკბე, უნდა უღალატო. სწორედ ეს არ ესმით ჭაბუკებს. აი, თქვენ, ქალები, ამას თავიდანვე უღებთ ალღოს. ღალატობდი შენს ქმარს, კარლოტა?
ის წითლდებოდა და დაბნეულად იღიმებოდა.
– ჩვენ, მამაკაცები, ჭაბუკობის ასაკში ბევრად უფრო გულუბრყვილონი ვართ. შეგვიყვარდება ვიღაც მსახიობი ან მეგობარი გოგონა და მთელს ჩვენ ნათელ ოცნებებს მას მივუძღვნით. ეს არის, მათთვის გამჟღავნება გვეძნელება. მაშინ როცა, ნებისმიერმა ყმაწვილქალმა იცის, რომ სიყვარული ეშმაკური თამაშია. ჭაბუკებს საროსკიპოში გატარებული საათის შემდეგ სჯერათ, რომ გარეთ მყოფი ქალები განსხვავებულნი არიან. შენ რას აკეთებდი თექვსმეტი წლის ასაკში, კარლოტა?
მაგრამ ის სხვა რამეზე ფიქრობდა. ვიდრე ხმას ამოიღებდა, თვალებით მპასუხობდა, რომ მას ვეკუთვნოდი. მე კი მძაგდა ეს გაუთავებელი მზრუნველობა, თვალებში რომ უციაგებდა.
– რას აკეთებდი თექვსმეტი წლისა? – ვუმეორებდი იატაკს ჩაშტერებული.
– არაფერს! – მპასუხობდა პირქუშად და ვიცოდი, რასაც ფიქრობდა.
მერე პატიებას მთხოვდა, თავბედს იწყევლიდა, რომ ჩემზე არავითარი უფლება არ ჰქონდა. ესეც საკმარისი იყო ჩემს წამოსანთებად.
– შენ, ქალბატონო, მართლა ვერა ხარ? Eეგრე შენს ქმარს მიელაქუცე, ეგებ დაგიბრუნდეს.
შინ კმაყოფილი ვბრუნდებოდი. მეორე დღეს ხმის კანკალით მირეკავდა, მე ცივად ვპასუხობდი. საღამოს ისევ ვხვდებოდით ერთმანეთს.
კარლოტა ერთობოდა, როცა ჩემს კოლეჯელ დისშვილზე ვუამბობდი, მაგრამ უნდობლად აქნევდა თავს, როცა ვამბობდი, – მირჩევნია დედაჩემი გამოვკეტო პანსიონში და დისშვილთან ერთად ვიცხოვრო-მეთქი. მე და ჩემი დისშვილი კარლოტას ორ განსაკუთრებულ არსებად წარმოვედგინეთ, რომლებიც ბიძად და დისწულად აჩვენებენ თავს, სინამდვილეში კი ერთმანეთზე გაბოროტებული მამა და შვილი არიან. და იჭვნეულად ჩამეკითხებოდა :
– შემთხვევით შენი საკუთარი შვილი ხომ არ არის ?
– რა თქმა უნდა, იგი მაშინ დაიბადა, როცა თექვსმეტი წლისა ვიყავი და ჩემთვის რომ ეწყენინებინა, ქერა გაჩნდა. რანაირად იბადებიან ეს ადამიანები თეთრყირმიზებად? ჩემთვის ქერა ხალხი ისეთივე ცხოველებია, როგორც, ვთქვათ, მაიმუნები ან ლომები, მათ შემყურეს, თავი მზეზე გგონია.
– ბავშვობაში ქერა ვიყავი – თქვა კარლოტამ.
– მე კი მელოტი, – დავძინე.
ბოლო დროს კარლოტას წარსულისადმი აბეზარ ცნობიმოყვარეობას ვიჩენდი, მაგრამ თვალს ისე ვავლებდი, როგორც საგაზეთო ქრონიკას გადახედავენ ხოლმე, ამიტომაც მალევე მავიწყდებოდა მისი ნაამბობი. ჩემი მოულოდნელი გამოხტომებით ვაბნევდი, დაუნდობელ შეკითხვებს ვაძლევდი და თავადვე ვპასუხობდი; ფაქტიურად მხოლოდ საკუთარ თავს ვუსმენდი.
კარლოტა მიმიხვდა.
– შენზე მიამბე რამე – მეუმბნებოდა საღამოობით და მკლავში ჩამაფრინდებოდა. უკვე იცოდა, რომ ჩვენი ურთიერთობის საუკეთესო საშუალება საკუთარ თავზე საამბობლად ჩემი გამოწვევა იყო.
– შენთვის არასოდეს მიამბნია, – ვუთხარი ერთ სღამოს, – რომ ერთმა კაცმა ჩემი გულისთვის თავი მოიკლა?
კარლოტას სახეზე ღიმილი შეაცივდა.
– გასაღიმებელი აქ არაფერია, – გავაგრძელე, – ჩვენ ერთად ვისროლეთ, მაგრამ ის მოკვდა. ყმაწვილობაში ასეთებიც ხდება.
– უცნაურია, – გავიფიქრე – არასოდეს არავისთვის მიამბნია ამის შესახებ, რაღა ახლა ამას გადავუხსენი გული .
– ჩემი მეგობარი, მშვენიერი ქერა ჭაბუკი. . . აი ის კი ნამდვილი ლომი იყო. თქვენ, ქალებს სად შეგიძლიათ ასეთი მეგობრობა; ყმაწვილობის ასაკში თქვენ ძალიან ეჭვიანობთ ერთმანეთზე. ჩვენ ერთად დავდიოდით სკოლაში, მერე ყოველ საღამოს ვხვდებოდით. როგორც ამ ასაკშია მიღებული, ქალებზე ათას საზიზღრობას ვყვებოდით, მაგრამ ორივეს ერთი ქალი შეგვიყვარდა. ის, მგონი, ახლაც ცოცხალია. ეს იყო ჩვენი პირველი სიყვარული; მთელ საღამოებს სიკვდილსა და სიყვარულზე მსჯელობაში ვატარებდით; არცერთ შეყვარებულ წყვილს ისე არ ესმის ერთმანეთისა, როგორც ჩვენ გვესმოდა. ჟანი...ჰო, ჟანს ვეძახდით. ზოგჯერ ისეთი ნაღვლიანი იყო ხოლმე, საკუთარი თავისა მრცხვენოდა. მხოლოდ მას შეეძლო სევდის განსაკუთრებული ატმოსფერო შეექმნა, როცა საღამოს ნისლში ვსეირნობდით.
– შენც შეყვარებული იყავი?
მე ის მტანჯავდა, რომ ისეთი მელანქოლიური არ ვიყავი, როგორც ჟანი. ბოლოს დავასკვენი, რომ ორივეს შეგვეძლო თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულება და ამის შესახებ ჟანს ვუთხარი. იგი ადვილად იტაცებდა ნებისმიერ იდეას, ამ აზრს კი ნელა შეეგუა. ერთ დღეს ქალაქგარეთ წავედით, ერთი პისტოლეტი გვქონდა ორივეს და უნდა შეგვემოწმებინა. პირველად ჟანმა ისროლა. ყოველთვის თავზეხელაღებული იყო და მგონია, ის კეკლუცა რომ გადაეყვარებინა, მეც მას მივბაძავდი. ზამთარი იდგა და ჩვენ მოშიშვლებულ ბილიკზე ვიდექით. პისტოლეტი გავსინჯეთ და ის იყო, გავიფიქე – რა ძლიერი ხმაა-მეთქი, ჟანმა ლულა პირთან მიიტანა და წამოიძახა:
– ისეთებიც არიან, რომ არ ყოყმანობენ! სროლა გაისმა; ჟანი მიწაზე უსულოდ დაეცა.
კარლოტა გაოგნებული შემომცქეროდა.
– მე არ ვიცოდი, რა მექნა და გავიქეცი.
მერე იმ საღამოს კარლოტამ მკითხა:
– მართლა გიყვარდა ის ქალი?
– ის ქალი? ხომ გითხარი, ჟანი მიყვარდა-მეთქი.
– და შენც გინდოდა თავის მოკვლა?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ვერ შევძელი, ლაჩრულად მოვიქეცი. ზოგჯერ სინდისი მქეჯნის ხოლმე.
მერე კარლოტა ხშირად იხსენებდა ჩემს იმღამინდელ ნაამბობს და ჟანზე, როგორც ახლობელზე, ისე ლაპარაკობდა; მთხოვდა ხოლმე აღმეწერა როგორი იყო იგი გარეგნობით, ან მე როგორ გამოვიყურებოდი იმ წლებში. ერთხელ ისიც მკითხა, ის პისტოლეტი თუ მქონდა შენახული.
– მას მერე აღარასდროს გიფიქრია თავის მოკვლაზე? გთხოვ, ნუ იზამ ამას, – მიყურებდა გამომცდელად.
– შეყვარებულები ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე – გავიღიმე.
კარლოტას არ გაუღიმია.
– შენ რა თვითმკვლელობაზე ფიქრობ ?
– ჟანზე ვფიქრობ ხანდახან.

IV

კარლოტას მიმართ სიბრალული განსაკუთრებით მაშინ მეუფლებოდა, როცა ნაშუადღევს სამსახურიდან დაბრუნებული მის კაფესთან ჩავლისას ვიმალებოდი, რომ არ დავენახე და იძულებული არ გავმხდარიყავი ჩემი შესვლით დღესასწაული მომეწყო მისთვის. შესვენებაზე შინ არ ვბრუნდებოდი, მიყვარდა რომელიმე კაფეში მშვიდად ჯდომა და თვალდახუჭული სიგარეტის გაბოლება. ამ დროს კარლოტა თავის სალაროსთან იჯდა, დასწავლილი მოძრაობით ხევდა ქვითრებს, იქნევდა თავს, იღიმებოდა და იჭმუხნებოდა, როცა კლიენტები ეარშიყებოდნენ. იგი სამსახურს შვიდ საათზე იწყებდა და ოთხ საათზე ამთავრებდა. ცისფერი კაბა ეცვა მუდამ; გასამრჯელოდ თვეში ოთხას ოთხმოც ლირს იღებდა; კმაყოფილი იყო, რომ მალე ამთავრებდა ცვლას და სალაროსთანვე ერთი ფინჯანი რძით სადილობდა.
– სამუშაო თავისთავად ძნელი არ არის, – მეუბნებოდა, – კარის გაუთავებელი ჯახუნი რომ არ მიწყალებდეს ტვინს.
მას შემდეგ, როცა სადმე კაფეში შევდივარ, ყოველთვის ხელს ვაშველებ კარს. კარლოტა ხშირად ცდილობდა ვეეჭვიანებინე და მიყვებოდა კაფეს კლიენტებთან გადახდენილი სცენების შესახებ, მაგრამ ვერ მიყოლიებდა, მერე სიტყვას გადამიკრავდა, რა საძაგლობებს სთვაზობდნენ ბერიკაცები.
– შენც დათანხმდი რა, – ვეუბნებოდი – ოღონდ მე ნუ დამანახებ. კენტ დღეებში მიიღე და გადამდებ დაავადებებს უფრთხილდი.
კარლოტას საცოდავად ებრიცებოდა სახე.
ბოლო დროს ვგრძნობდი, რაღაც ფიქრი ღრღნიდა.
– ჩვენ ისევ შეყვარებულები ვართ, კარლოტა? – ვკითხე ერთ საღამოს.
კარლოტა ნაცემი ძაღლივით შემომცქეროდა, რაც საშინლად მაღიზიანებდა. ეს ანთებული, მოალერსე თვალები, ხელის ხანგრძლივი მოჭერა, ყველაფერი მაცოფებდა. მეშინოდა ჩემი ცხოვრების ამ ქალთან დაკავშირება, მძაგდა თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ კარლოტა ამაზე ოცნებობდა.
ისევ პირქუში და ფლიდი გავხდი. მაგრამ ჩემი მრისხანე აფეთქებები ძველებურად კარლოტას მორჩილებას აღარ იწვევდა; გაუნძრევლად იჯდა და დაჟინებით მიმზერდა და მაშინვე მისხლტებოდა თუ დასამშვიდებლად მივეფერებოდი.
ნელ-ნელა კარლოტამ განაზება დამიწყო:
– თავი მტკივა... ოჰ, ეს საშინელი ჯახუნი. მოდი, ამ საღამოს მშვიდად ვისხდეთ, მიამბე რამე.
მის დასაუფლებლად დიდხანს ლოლიავი რომ მჭირდებოდა, ესეც ზიზიღს მგვრიდა. მაგრამ როცა მივხვდი, კარლოტა მთელი სერიოზულობით განაწყენებულად თვლიდა თავს და სულის სიღრმეში იტანჯებოდა, გულისწყრომა არ გამომიმჟღავნებია, უბრალოდ, ვუღალატე. ისევ მომეახლა ის უაზრო საათები, საროსკიპოდან დაბრუნებული პირველსავე შემხვედრ კაფეში რომ ჩამოვჯდებოდი შესასვენებლად, არც მხიარული, არც სევდიანი, უფრო გამოცარიელებული, დაყუჩებული. და მჯეროდა, რომ სამართლიანად ვიქცეოდი – ან უნდა მიმეღო სიყვარული მთელი თავისი სირთულეებით, ან მეძავიღა დამრჩენოდა.
მეგონა, კარლოტა ეჭვიან ქალს თამაშობდა და ეს სიცილადაც არ მყოფნიდა. ის კი მართლა იტანჯებოდა, მაგრამ იმდენად მიამიტი იყო, სარგებელს არ ეძებდა; დაუშნოვდა კიდეც, როგორც იმათ ემართებათ, ვინც მართლა იტანჯება. ცოტათი კი მეცოდებოდა,, თუმცა ვგრძნობდი, მისი მიტოვების დრო დგებოდა. კარლოტა ხვდებოდა ამას. ერთ საღამოს საწოლში ვიწექით და მე ინსტინქტურად ლაპარაკს გავურბოდი. მოულოდნელად კედელს მიმატმასნა:
– რა მოგდის? – გავღიზიანდი.
– უცებ რომ გავქრე – სახეში ჩამაშტერდა – ოდნავ მაინც თუ აღელდები?
– არ ვიცი, – წავიბუტბუტე.
– რომ გიღალატო?
– განა ეს ცხოვრება სულ ღალატი, არ არის?!
– ქმარს რომ დავუბრუნდე?
იგი მთელი სერიოზულობით ლაპარაკობდა. მხრები ავიჩეჩე.
– უბედური ქალი ვარ, ვერ შევძლებ შენს ღალატს. ამასწინათ ჩემი ქმარი ვნახე.
– რა?!..
– კაფეში მოვიდა.
– კი მაგრამ ამერიკაში არ გაიქცა?!
– არ ვიცი, მე კაფეში ვნახე.
ალბათ არ უნდოდა, მაგრამ წამოსცდა, რომ ქმარს ქურქიანი ქალი ახლდა.
– მაშ, არ გისაუბრიათ?
კარლოტა შეყოყმანდა.
– მეორე დღეს ისევ მოვიდა... მარტო... და სახლამდე მომაცილა.
ჩემდა გასაოცრად შევფუცხუნდი და ხმას დავუწიე.
– აქ შემოვიდა?
კარლოტა მხურვალედ ჩამეხვია:
– არაფერი მომხდარა, მე ხომ შენ მიყვარხარ.
– სახლში შემოგყვა-მეთქი?
– ჰო, მაგრამ თავის საქმეებზე მელაპარაკა. მასთან შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ უზომოდ მიყვარხარ და რომც შემეხვეწოს, არ დავუბრუნდები.
– ესე იგი, შეგეხვეწა?
– არა, მხოლოდ ის მითხრა, თუ ხელმეორედ დაქორწინებას გადაწყვეტდა, ჩემს გარდა არავის შეირთავდა.
– მერე ხომ აღარ გინახავს?
– კაფეში მოვიდა ისევ იმ ქალბატონთან ერთად.
კარლოტასთან გატარებული ის ღამე უკანასკნელი იყო. არც დავმშვიდობებივარ მის სხეულს და არც გამოვტირებივარ. უბრალოდ შევწყვიტე მასთან სახლში სიარული, დროდადრო ჩემთან დარეკვისა და საღამოს კაფეში ლოდინის უფლება დავუტოვე. ყოველ შეხვედრაზე კარლოტა თვალებით მჭამდა. განშორებაზე რომ ჩამოვარდებოდა საუბარი, ხმა უკანკალებდა.
– მას მერე აღარ მინახავს ჩემი ქმარი – წაიჩურჩულა ერთი ასეთი შეხვედრის დროს.
– ძალიანაც ცუდი, – ვუპასუხე, – უნდა ეცადო, რომ დაუბრუნდე.
მაღიზიანებდა ის, რომ, ჩემი აზრით, კარლოტა ვითომ ქმარს მისტიროდა და ამით მე დამიბრუნებდა.
ერთ საღამოს ტელეფონით ვუთხარი, რომ სახლში გავუვლიდი. შეშფოთებულმა კარი უნდობლად გამიღო და შიშით შემეთვალიერა; ხავერდის კაბა ეცვა; მახსოვს, გაციებული იყო და ხელში ნერვიულად აწვალებდა ცხვირსახოცს, რომლითაც დროდადრო შეწითლებულ ცხვირს იხოცდა. ეტყობოდა, ყველაფერს მიმხვდარიყო; თვინიერად და აუღელვებლად მპასუხობდა. მშვიდად მათქმევინა, რაც სათქმელი მქონდა, თან მალულად მიმზერდა ცხვირსახოცმოფარებული. Mმერე ადგა, მომიახლოვდა, მუცლით სახეზე მომეკრო, სხვა რა დამრჩენოდა, უნდა მოვხვეოდი.
– მოდი, ლოგინში ჩავწვეთ, – მითხრა ტკბილად.
ასეც მოვიქეცით, მაგრამ შემაწუხა მისმა გრიპიანმა, დასიებულმა სახემ. შუაღამისას ლოგინიდან წამოვხტი; კარლოტამ შუქი აანთო და შემომხედა; მერე ჩააქრო და მითხრა, – თუ გინდა, წადი.
თავი უხერხულად ვიგრძენი და ბორძიკით გამოვედი.
რამდენიმე დღე შიშით ველოდი ტელეფონის ზარს, არ შევუწუხებივარ. მშვიდად ვიმუშავე კვირების მანძილზე და ერთ საღამოს კარლოტას სურვილმა შემიპყრო; დამცირების შიშმა გადამაფიქრებინა, მიუხედავად იმისა, ვიცოდი, მის კარზე თუ დავაკაკუნებდი, ბედნიერებას მივიტანდი. ეს თვითდაჯერებულობა სულ მქონდა კარლოტას მიმართ.
მეორე დღეს მის კაფეს ჩავუარე, სალაროსთან სხვა ქალი იჯდა. ალბათ მეორე ცვლაში გადავიდა – გავიფიქრე. არც საღამოს დამხვდა; ავად იქნება, ან იქნებ ქმარს დაუბრუნდა? – ეს აზრი აღარ მომეწონა.
მუხლები მომეკვეთა, როცა მეკარე ქალმა ავადმომზირალი თვალით შემომხედა და ჩამისისინა – ერთი თვის წინ მკვდარი ეპოვათ სახლში, გაზით გაეგუდა თავი.

(დასასრული)

ბმული - http://www.bu.org.ge/x3169?page=0&tab=1

study


Last edited by Admin on Sat Apr 29, 2017 11:26 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუნუ გელაძე - Nunu Geladze Fusco   Sat Apr 29, 2017 11:20 pm



ანა კალანდაძე

ვინ ზრუნავს თანამედროვე იტალიაში ქართველი პოეტების კრებულების თარგმნასა და გამოცემაზე

21.03.2016


"46 წლის ვიყავი, როცა იტალიელმა კაცმა მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა"

ქალბატონი ნუნუ გელაძე იტალიიდან თბილისში ერთი კვირით ჩამოვიდა. ის 8-10 მარტს, თბილისში წარმატებული ემიგრანტი ქალებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ერთ-ერთი მონაწილე იყო. ემიგრანტი ქალების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და მათი ღვაწლის დაფასებას ჩვენში რამდენიმე ინიციატორი ჰყავდა. კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი, ორგანიზაცია "მე დავბრუნდები" და "დემოგრაფიული აღორძინების ფონდი". ღონისძიებების ორგანიზატორები გახლდნენ: თემურ ჭკუასელი, ინა ასანიძე და თამარ ჩიბურდანიძე. მათი მიზანია საზოგადოებას გააცნონ ის ემიგრანტი ქალები, რომლებიც საზღვარგარეთის სხვადასხვა ქვეყანაში წარმატებით მოღვაწეობენ და საქართველოს პოპულარიზაციას სხვადასხვა გზით ეწევიან, უცხოეთში მყოფ ქართველებსაც ეხმარებიან და მათი სახელი არაერთ კეთილ საქმეში ფიგურირებს.


ემიგრანტი ქალების დაჯილდოების ცერემონია 10 მარტს, რუსთაველის თეატრში გაიმართა. იქ შეკრებილმა საზოგადოებამ 15 ქალბატონის ღვაწლისა და საქმიანობის შესახებ უკეთ შეიტყო. სამშობლოსგან შორს მყოფი მანდილოსნებისთვის ეს დღეები ერთგვარი სტიმული აღმოჩნდა. ისინი ბედნიერები ჩანდნენ იმ დაფასებითა და წახალისებით, რომელიც აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში დაიგეგმა.

ნუნუ გელაძე:
- საკუთარ თავზე ლაპარაკი მეუხერხულება (იღიმის). დედა რუსული ენის პედაგოგი იყო, ხოლო მამა აგრონომი, რომელიც არაჩვეულებრივ ლექსებს წერდა, გრიშაშვილის პოეზია ზეპირად იცოდა. მე და მამა ერთმანეთს ლექსების ცოდნაში ვეჯიბრებოდით და ის ყოველთვის მჯობნიდა. განათლებით ფილოლოგი ვარ, მთარგმნელი. უნივერსიტეტის თარგმანის კათედრა რომ ჩამოყალიბდა, მისი პირველი ნაკადის გამოშვება ვიყავი. რუსულ ლიტერატურას ქართულად ვთარგმნიდი. უმაღლესის დასრულების შემდეგ იტალიური ენა შევისწავლე. თარგმნილი მაქვს: იტალო კალვინოს, ჯოვანი პაპინის, ვინჩენცო კარდარელის და სხვა ბევრი ცნობილი ავტორის პროზა და პოეზია. 46 წლის ვიყავი, იტალიაში რომ გავემგზავრე. 15 წელია იქ ვცხოვრობ და დავიწყე ქართველი ავტორების თარგმნა იტალიურ ენაზე. ჩემი მისია სწორედ ეს იყო - ქართული კულტურის, ლიტერატურისა და პოეზიის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ.

- რამ გამოიწვია თქვენში იტალიური ენით დაინტერესება?
- უნივერსიტეტში რომ ვსწავლობდი, ყოველთვის მინდოდა, რომელიმე უცხო ენას დავუფლებოდი. რატომღაც, ინგლისური გულზე არ მეფონებოდა. პოლონურის შესწავლით დავიწყე. სომხურსაც "ვეპარებოდი". რადგან ახალციხეში გავიზარდე, სადაც ბევრი სომეხი ცხოვრობდა, ეს ენა ხშირად მესმოდა და მეც ვლაპარაკობდი, მაგრამ შემდეგ გადამავიწყდა. რაც შეეხება იტალიურს: ჯერ ჩერდანცევას "იტალიური ენის თვითშემსწავლელი" წიგნი ვიშოვე და ენის სწავლა ასე დავიწყე, მერე შევყევი და შევყევი. საერთოდ, იტალიური ენისადმი სიყვარული იმ ფაქტმაც განაპირობა, რომ ჩემს ოჯახში ყოველთვის ისმოდა ვერდის მუსიკა. დედას ძალიან უყვარდა კლასიკა და განსაკუთრებით - იტალიური. ბაირონი ამბობდა: ინგლისელები იძულებულები ვართ, საუბრის დროს ვისისინოთ, ვიჩიფჩიფოთ, მაშინ, როცა იტალიელები მღერიანო. ახალ-ახალ მოსწავლეებთან შეხვედრას ბაირონის სწორედ ამ სიტყვებით ვიწყებ. არის ერთი ასეთი გამოთქმაც, - მტერს გერმანულად უნდა ელაპარაკო, მეგობარს ფრანგულად და შეყვარებულს იტალიურადო.

- 15 წლის წინ რა გახდა საზღვარგარეთ თქვენი გამგზავრების მიზეზი?
- ეს ცოტა სენტიმენტალური თემაა. ვახტანგ ესვანჯიას სახელობის იტალიურ სკოლაში ვმუშაობდი. ეს არაჩვეულებრივი სკოლა დღესაც არსებობს. მოსწავლეები გაცვლითი პროგრამით ერთი თვით მიგვყავდა იტალიაში. ისინი ოჯახებში ცხოვრობდნენ და იქაურ სკოლაში გაკვეთილებს ესწრებოდნენ. ერთ-ერთ ჯგუფს წავყევი და სრულიად შემთხვევით, იმ ოჯახში, სადაც ჩემი მოსწავლე დაბინავდა, მომავალი მეუღლე გავიცანი. მაშინ ალბერტო მორავიას ესეები მაინტერესებდა და მითხრა, - ბიბლიოთეკაში წაგყვებით და მათ მოძებნაში დაგეხმარებითო. ერთად წავედით, მერე ჩემი ლიტერატურული გემოვნებით დაინტერესდა. გავისაუბრეთ, ერთმანეთს დავუახლოვდით. ჩემი მეუღლე, ეჯიდიო ფუსკო პროფესიით ეკონომისტია, მაგრამ არაჩვეულებრივ ლექსებს წერს და როგორც ავტორს, რამდენიმე პრემიაც აქვს მიღებული. ძალიან კარგი ადამიანია. როგორც პროფესიონალი, ვთვლი, რომ ის უკეთესი ფოტოგრაფია, ვიდრე პოეტი. უმეტესად, პეიზაჟებს იღებს, ბევრ ფოტოკონკურსში მონაწილეობდა და მისი ნამუშევრები პრემიებითაც აღნიშნულა... მივლინებიდან რომ დავბრუნდი, ძალიან მალევე ჩამომყვა. პირდაპირ მოვიდა ჩემს მშობლებთან და მათ შვილის ხელი სთხოვა (იღიმის). ეს იყო ბედისწერა. 15 წელი გა­ვიდა და დილით რომ გავიღვიძებ, ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, - ღმერთო, აქ რა მინდა? რამ გადამაწყვეტინა გამომგზავრება? 46 წლისას როგორი ძლიერი სიყვარული მეწვია, რომ ასე ავცეტდი ეს ასაკოვანი ქალი (იღიმის)?! ლექსებით დამიპყრო. თბილისში, სკოლაში რომ დავბრუნდი, ლექსებს ფაქსით მიგზავნიდა.

- მაშინ თქვენი მეუღლე რამდენი წლის იყო?
- ეჯიდიო ჩემზე 20 წლით უფროსია.

- რომელ ქალაქში დასახლდით და თავიდანვე თუ გქონდათ გეგმა, რა უნდა გეკეთებინათ უცხო ქვეყანაში?
- რა თქმა უნდა, მქონდა. ბორგომანეროში ვცხოვრობთ, რომელიც მილანიდან 70 კილომეტრშია. ვფიქრობდი, რომ იტალიაში ბევრს ვიმოგზაურებდით და ამავდროულად, ჩემს მთარგმნელობით საქმიანობას დიდ დროს დავუთმობდი. ჩვენთან ახლოს არის ულამაზესი ორტას ტბა, სადაც ყოველწლიურად, სექტემბრის ბოლოს იმართება პოეზიის საერთაშორისო ფესტივალი. ჩასვლიდან 2-3 თვეც არ იყო გასული, რომ 2001 წელს, უკვე დავიწყე საქმიანობა საქართველოსთვის. ინგლისელი პოეტი ქალის ინიციატივით, ფესტივალზე ერთი საათი დამითმეს, სადაც ქართველი ავტორების შემოქმედებას ორ - ქართულ და იტალიურ ენებზე ვკითხულობ. 15 წლის განმავლობაში ბევრი პოეტი წარვადგინე, მათ შორის: ბაღათერ არაბული, მაყვალა გონაშვილი, გივი ალხაზიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე. სამჯერ ჩამოვიდა დათო მაღრაძე და იტალიაში მისი 5 კრებული გამოვეცი. სხვათა შორის, პაზოლინის ადარებენ. ქართული პოეზია დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. ახლახან თბილისის მერიის დაფინანსებით გამოიცა 32 პოეტი ქალის ინგლისურ-ქართული კრებული. მინდა, ახლა ეს კრებული წავიღო ფესტივალზე წარსადგენად. შარშან ვთარგმნე და გამოვეცი პოეზიის მცირე ანთოლოგია, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერით. მასში შესულია 16 პოეტის ლექსები. მახსოვს, ლია სტურუას "სამშობლოს" არაჩვეულებრივი რეზონანსი ჰქონდა, ქართულად კი ის ზაზა კოლელიშვილმა წაიკითხა. დარბაზში ფეხზე იდგნენ ქართველი ქალები და ქვითინებდნენ. ამ მცირე ანთოლოგიის გამოცემასა და სხვა საქმეებში კულტურის სამინისტროს, ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრსა და მის ხელმძღვანელს, დეა მეტრეველს ყოველთვის ვემადლიერები.

- თანამედროვე ქართველ პოეტებს თარგმნით. რომელი ავტორი არის თქვენთვის განსაკუთრებით საინტერესო?
- ჩემს სულთან ბევრი ქართველი ავტორის პოეზიაა ახლოს, მაგრამ დავიწყოთ იმით, რომ დღეს იტალიურ პოეზიაში ისეთი კარგი მდგომარეობა არ არის, როგორიც - საქართველოში. იტალიაში ქართველი პოეტი ქალების რანგის მხოლოდ ერთი-ორი პოეტი თუ იქნება. დღეს შემიძლია, თამამად დავასახელო 7 საუკეთესო პოეტი ქალი. შარშანწინ, ორტას პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე მითხრეს, რომ ორი პოეტის წარდგენა შემეძლო. შევარჩიე მარიამ წიკლაურის - "რა ვუთხრათ შვილებს?" და ლელა სამნიაშვილის - "ჩეჩენი გოგოს ლექსი". საკმაოდ მძაფრი და მტკივნეული ლექსებია. ჩემ შემდეგ არაბი პოეტი უნდა გამოსულიყო, რომელსაც წამღერებით უნდა წარმოედგინა რჩეული ნაწარმოებები. ქართველი პოეტი ქალების ლექსებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მითხრა: ლექსებმა ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, გამოსვლას და სიმღერას ვერ შევძლებ, მაპატიეთო.

- ქალბატონო ნუნუ, ჩვენში ქართველი პოეტებისა და მწერლების ნაწილი ხშირად ჩივის, რომ წიგნს მკითხველი დააკლდა, გამოცემაც ჭირს და ფასის გამო - შეძენაც. ხალხს ახალგაზრდა ავტორების შემოქმედების გაცნობის საშუალება არ აქვს. საინტერესოა, ამ კუთხით იტალიაში რა მდგომარეობაა?
- გაცილებით უარესი მდგომარეობაა. არის ერთი არაჩვეულებრივი და ცნობილი პოეტი, ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი - დავიდე რონდონი, რომლის გადაცემას ღამის 12 საათის შემდეგ, მცირე დრო ეთმობა. ეს არის და ეს! საერთოდ, მე ყოველთვის თვალყურს ვადევნებ ლიტერატურასა და საერთოდ, კულტურაში მიმდინარე პროცესებს და გარწმუნებთ, კულტურა საქართველოში შუქდება, რასაც იტალიაზე ვერ ვიტყვი. არ არსებობს, 60-მილიონიან იტალიაში კვირა ისე გავიდეს, რომ სადმე კულტურული ღონისძიება არ გაიმართოს, მაგრამ თუ ლა-სკალას გახსნა არ არის ან მაგალითად, სტუმრად ჩამოსული სტინგი არ მღერის, არ აშუქებენ. პოეზიასა და ლიტერატურას კი საერთოდ არ წყალობენ.

- რამდენად ხშირად ჩამოდიხართ სამშობლოში?
- საქართველოში წელიწადში ერთხელ აუცილებლად, ზოგჯერ კი ორჯერაც ჩამოვდივარ. შარშან მაისში, კულტურის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ინიციატივით, პირველი ლიტერატურული საერთაშორისო ფესტივალი რომ გაიმართა, მაშინ მომიხდა ჩამოსვლა და ახლა - ემიგრანტი ქალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. რაც შეეხება ჩემს მეუღლეს: 2008 წლის შემდეგ საქართველოში აღარ მოდის, ეშინია. მაშინ ჩვენ ომში მოვყევით, თბილისში ერთი კვირის ჩამოსულები ვიყავით. იტალიის საელჩომ 2 დღეში შეკრიბა თავისი მოქალაქეები და საქართველოდან წაგვიყვანეს. გარდა იმისა, რომ მიმდინარე მოვლენებს განვიცდიდი, ისეთი განცდა მქონდა, რომ სამშობლო მივატოვე. თვითმფრინავში ვტიროდი. მანამდე ჩემს ქმარს ვეხვეწებოდი, - შენ წადი, მე დავრჩები-მეთქი, მაგრამ ამის უფლება დედამ არ მომცა, რომელიც მაშინ ცოცხალი იყო. იტალიაში რომ ჩავედი, მივხვდი, სწორად მოვიქეცი, რადგან ხალხი შევკრიბე და რუსეთის საკონსულოს წინ სამი საპროტესტო აქცია მოვაწყვეთ.

- ყველაზე მეტად, რომელ იტალიურ ტრადიციებთან გაგიჭირდათ შეგუება?
- უმეგობრობა გამიჭირდა. ყოველთვის მეგობრებით ვცხოვრობდი. საყვარელ ადამიანებთან ერთად გამოვიარე უშუქობა, უწყლობა. საჭმელს ეზოში, ცეცხლზე ვამზადებდით და მერე დილამდე ვქეიფობდით. თბილისში, ჩემი სახლის კარი არასოდეს იკეტებოდა. ხშირად ყოფილა, ჩემი მეგობრები რესტორანში იქეიფებდნენ და მერე ჩემთან მოდიოდნენ ან მე გავრბოდი მათთან, გიტარით ხელში. იტალიაში სადღეგრძელოს არ ამბობენ, ჭიქებს მიაჭახუნებენ და იძახიან, - "ჩინ-ჩინ". ქართული სუფრა ხომ ენერგიების გაცვლაა და სადღეგრძელო სამოქალაქო ლოცვა მგონია.

- წარმატებული ემიგრანტი ქალებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვენი გამარჯვება ნინო ყაუხ­ჩიშვილს მიუძღვენით...
- ძალიან სასიამოვნო იყო ამ ღონისძიების ორგანიზება და ჩატარება რამდენიმე მიზეზის გამო. საერთოდ, საზღვარგარეთ ხშირად უსვამ თავს შეკითხვას, - იქნებ აღარ ვჭირდები ჩემს სამშობლოს? კი, ძალიან ხშირად გირეკავენ საქართველოდან, მაგრამ ზოგჯერ, როცა ორი დღე ისე გავა, არავინ შეგეხმიანება, მაშინვე ისეთი განცდა გეუფლება, თითქოს სამშობლოს არ სჭირდები. ახლა კი, გამოჩნდა, რომ თურმე, აქ აფასებენ შენს ღვაწლს და რასაკვირველია, ეს ძალიან სასიხარულოა. რაც შეეხება ნინო ყაუხჩიშვილს, - ის და მისი ძმა, გიორგი ბერლინში დაიბადნენ, შემდეგ კი საცხოვრებლად მილანში გადავიდნენ. და-ძმა მიხეილ ყაუხჩიშვილის შვილები იყვნენ, დედა კი რუსი ჰყავდათ, პეტერბურგელი. მიხეილი ნოე ჟორდანიას მთავრობის დროს წავიდა საქართველოდან. გიორგი ექიმი იყო და სამწუხაროდ, გარდაიცვალა. მისი ქვრივი, ფრანჩესკა საზოგადოებრივ საქმიანობაში ძალიან გვეხმარება.
ნინო ფილოლოგი გახლდათ და პირველად საქართველოში 60-იან წლებში ჩამოვიდა. ის ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა, მაგრამ ამაზე არასოდეს ლაპარაკობდა. ვახტანგ ბერიძესთან ერთად გახლდათ ქართული კულტურის დღეების ინიციატორი. იტალიაში იმართებოდა არაჩვეულებრივი სიმპოზიუმები და პარალელურად, აქტიურად მონაწილეობდა საქართველოში გამართულ ქართული ხელოვნების სიმპოზიუმებში. ამის შესახებ დოკუმენტური ფილმებიც არსებობს. ქალბატონი ნინო რომ გავიცანი, მაშინ იტალიური არ ვიცოდი. წლების შემდეგ, როცა ორტას საერთაშორისი ფესტივალში პირველად ვმონაწილეობდი, ერთმა ჭაღარა ქალმა, კომპლიმენტები მითხრა და შემდეგ ქალბატონი ნინოს გაცნობა შემომთავაზა. ვუთხარი, რომ ვიცნობდი, მაგრამ ის დიდი ხნის განმავლობაში არ მყავდა ნანახი. ჭაღარა ქალბატონს ნინოსთვის ჩემი კოორდინატები მიუწვდია. დამირეკა და თავისთან მიმიპატიჟა. მას შემდეგ ათი წელი ვიმეგობრეთ და ვითანამშრომლეთ. ნინო ყაუხჩიშვილისა და მისი რძლის კარი ყოველთვის ღიაა და ეს არის ქართველების თავშესაფარი იტალიაში. 2005 წელს, მილანში ქართულმა სათვისტომომ პირველად აღვნიშნეთ ნინოობა და ამ დღეს მოხდა იტალიაში გაფანტული ქართველების თავმოყრა. მახსოვს, ნინო სიტყვით რომ გამოვიდა, თქვა, - არქეოლოგად ვიქეციო... მოგვიანებით, დაფუძნდა ქართულ-იტალიური საზოგადოება "სამშობლო გულით სატარებელი" და გარდაცვალებამდე ნინო მისი პრეზიდენტიც გახლდათ. ნინო 2010 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

- დაბოლოს, ალბათ სისტემატურად ეცნობით და უკვე შერჩეული გყავთ ის ქართველი პოეტები, რომლის თარგმნასაც უახლოეს მომავალში აპირებთ. ასეა?
- თბილისიდან სისტემატურად მიმაქვს წიგნები. თებერვლის ბოლოს დავასრულე და გამომცემლობას ჩავაბარე გივი ალხაზიშვილის კრებული, მომავალი წლისთვის კი ლია სტურუას ლექსები გამოვა. უახლოეს მომავალში მინდა, ქართულად ვთარგმნო დევიდე რონდონისა და ჯულიანო ლადოლფის ლექსები. ეს უკანასკნელი ჩემი გამომცემელი გახლავთ. მასთან წლებია, ვთანამშრომლობ, დავმეგობრდით და ერთი სული აქვს, როდის ეწვევა საქართველოს. მსურს, შემოდგომაზე ეს ორი ადამიანი საქართველოში ჩამოვიყვანო.


Arrow


Last edited by Admin on Sun Apr 30, 2017 10:58 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუნუ გელაძე - Nunu Geladze Fusco   Sat Apr 29, 2017 11:48 pm

დავიდე რონდონი

„მიყვარს პოეტები ზედსართავების გარეშე“

ინტერვიუ დავიდე რონდონისთან, ჟურნალი „საგურამო“, 1(12). 2016 წ., გვერდები 86-93

დავიდე რონდონის ბიოგრაფია უჩვეულოდ ვრცელია, მაგრამ არა ასაკის გამო _ იგი საკმაოდ ახალგაზრდაა _ უბრალოდ, ცხოვრობს უაღრესად ინტენსიური და დატვირთული ცხოვრებით, რომელიც იტევს მრავალშვილიანი მამის მოვალეობას, ყველასათვის საყვარელი ლექტორის პასუხისმგებლობას, ტელევიზიის წამყვანისა და პრესის მიმომხილველის სისტემატურ მუშაობას, დაუსრულებელ საქმიან მოგზაურობას იტალიასა თუ საზღვარგარეთ და საოცრად აქტიურ ჩაბმულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში. დიახ, გარდა იმისა, რომ დავიდე რონდონი არის ძალიან ცნობილი პოეტი, განებივრებული როგორც კრიტიკის, ასევე მკითხველის მიერ და მრავალი პრესტიჟული პრემიის მფლობელი, გახლავთ პროზაული კრებულებისა და საბავშვო ლექსების ავტორი, ესეისტი, ლიტერატურისმცოდნე და კრიტიკოსი, დრამატურგი, მთარგმნელი (თარგმნილი აქვს ბოდლერის, რემბოს, შარლ პეგის, ემილი დიკინსონის ლექსები, ასევე ფსალმუნები), არის არაერთი პოეტური ანთოლოგიის შემდგენელი და მეწინასიტყვე. მან ბოლონიის უნივერსიტეტში დააარსა „თანამედროვე პოეზიის ცენტრი“, რომელსაც თავადვე ხელმძღვანელობს; მიჰყავს ლიტერატურისა და პოეზიის სალექციო კურსი ბოლონიის, გენუის, მილანისა და შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში. არის ქალაქ რავენას „დანტე 09“-ს სახელობის ფესტივალის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი. მრავალი წლის წინ დააფუძნა და უძღვება ლიტერატურულ ჟურნალს „კლანდესტინო“. გახლავთ მიმომხილველი გაზეთებისა: „ავენირე“, „ილ სოლე 24 ორე“ და „კორიერე დელა სერა“. 2006 წლიდან სატელევიზიო არხზე TV2000 მიჰყავს ლიტერატურული გადაცემა „ანტივირუსი“. დაბოლოს, ავტორია მრავალი პოეტური კრებულისა, რომლებიც გამოცემულია იტალიაში, ევროპის ძირითად ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში, თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, შვედურ, გერმანულ, არაბულ და რუსულ ენებზე. თუმცა საკუთარ თავს დავიდე რონდონი უკეთ ახასიათებს ერთ-ერთი პოეტური კრებულის ბოლოსიტყვაობაში: „დავიბადე ქალაქ ფორლიში, რომანიის შუაგულში, იმ ხალხის წიაღში, რომელიც ცნობილია თავისი გადაჭარბებული გრძნობებითა და უტეხი ხასიათით. ჩემს
ოჯახში წიგნის დასაწერად არავის აუღია ხელში კალამი. ერთადერთი ჩემი „ლიტერატორი~ წინაპარი დიდედის დედა იყო, რომელიც თურმე ლექსებს წერდა, მაგრამ სახელი უფრო იმით გაუთქვამს, რომ აბეზარი თაყვანისმცემლისთვის თავი გაუჩეხავს. ჩემს პაპას სახელად ენეასი ერქვა და ნინოს ეძახდნენ, მყავდა ბიძა, სახელად დანტე, მაგრამ მწერლობასთან საერთო არაფერი ჰქონდა, სურსათის მაღაზია ებარა და ხელოვნების წვრილმან ნიმუშებსაც ჰყიდდა. ალბათ ამიტომაც ლიტერატურა ჩემთვის მხოლოდ წიგნი არ ყოფილა, არამედ თავად ცხოვრება. ვარ ანარქისტი კათოლიკე ქრისტიანი და ვფიქრობ, რომ უფლისა და თავისუფლების გარეშე ცხოვრება უსასრულოდ მოსაბეზრებელი იქნებოდა. ინკარნაცია მიმაჩნია ყველაზე დიდ სანახაობად. მყავს 4 შვილი, არ ვიცი ფულის კეთება, სამაგიეროდ, მიყვარს საქმის კეთება ადამიანებთან ერთად, მიყვარს თავყრილობები. ვამბობ ყოველთვის იმას, რასაც ვფიქრობ. ამ ყველაფერმა საკმაო უსიამოვნებებს შემყარა არაერთხელ, მაგრამ არა მგონია, ცხოვრების მიზანი თავის დაძვრენა იყოს~. ალბათ, არ იქნებოდა გადაჭარბებული იმის თქმა, რომ დავიდე რონდონი მართლაც გამოირჩევა თავისი თანამედროვე პოეტებისგან, არ არის „ჩაკეტილი~ სპილოსძვლის კოშკში ზოგიერთი კოლეგასავით, ყოველთვის ქვეყნის მოვლენათა ეპიცენტრშია, უყურადღებოდ არ ტოვებს არცერთ საჭირბოროტო საკითხს, არ ერიდება პოლემიკას არანაირ ავტორიტეტთან და პირუთვნელად ასახავს იტალიის დღევანდელობას პუბლიცისტური წერილებით, ლექციებით თუ ლექსებით. მის პოეტურ პორტრეტს რაც შეეხება, თავადვე წერს ერთგან _ „ვიწვი და ვწერო~ და ეს ფრაზა კარგად ახასიათებს მის პოეზიას _ მართლა მწველს, ზოგჯერ მწარეს, ყოველგვარ ნახევარ ტონს მოკლებულს და საოცარი ემოციური სიმძაფრით დამუხტულს. ასეთივე მძაფრია მისი პოეტური ენა, უაღრესად თანამედროვე, ალაგ ნეოლოგიზმებშერეულიც. ხოლო თემა მისი პოეზიისა, უმთავრესად, არის ადამიანი, მისი ყოველდღიური სატკივარით და სიხარულით, წუხილით და იმედით, თუმცა უყურადღებოდ არც ისტორიას ტოვებს და, როგორც უკვე ვთქვი, არც ქვეყანაში არსებულ ყოველდღიურ მოვლენებსა და მწვავე პრობლემებს. დავიდე რონდონიმ აქტიური მონაწილეობა მიიღო ახლახანს წინანდალში გამართულ პოეზიის საერთაშორისო ფესტივალში. ეს საუბარიც მაშინ ჩაიწერა.


_ ერთ -ერთ კონფერენციაზე თქვენ თქვით, რომ პოეზია ლიტერატურა არ არის, მაშინ რა არის? როგორ განმარტავდით მას?

_ პოეზია, ისევე როგორც ცხოვრება, არ განიმარტება; ორივე მისტერიული მოულოდნელობით ვითარდება. შეიძლება გამოყო რამდენიმე არსებითი ელემენტი. უპირველესი კი თავგადასავალია, რაც დასაბამიდან ახლავს ადამიანთა ცხოვრებას და ნებისმიერ განედზე, როცა ვინმე ან რაიმე შესძრავს მათ, უმცირესი ან გრანდიოზული,
აღმოაჩენენ, რომ მის გამოსათქმელად „ჩვეულებრივი სიტყვები“ არ კმარა, საჭიროა განსხვავებული გამოთქმები, განსხვავებული რიტმი, ზედსახელები, მეტაფორები, რათა ცეცხლი შეუნთონ მათ და თქვან ის, რამაც ააღელვა, ის, რაც მათში შემოიჭრა, მათი ბუნება, მათი არსება შეარყია. მეორე ელემენტი ამ შერყევის
შედეგად მიღებული გაოცებაა და სიტყვათა მორევში ჩაყვინთვა, _ ადამიანი ხომ ისედაც სიტყვათა მორევში ცხოვრობს, გინდაც არ წერდეს, ან საერთოდ არ კითხულობდეს წიგნებს _ მერე ეს ყოველი ვიღაცაში ხელოვნებად გარდაისახება; „technes“-ს მეშვეობით მოხდება „შემოწმება“, დაიხვეწება ტალანტი, მოწოდება, რაც საჭიროა იმისთვის, რათა ერთმა ხმამ სხვა ბევრის ცხოვრება გამოთქვას. ასე უნდა იყოს ყველა, მეტი გულისყურით ცხოვრებისადმი და არა ბევრი ისეთი უსაგნობისადმი, ჩვენს ყურადღებას რომ ადუნებს: პირველ ყოვლისა კი ჩვენივე სიზარმაცე და მეშჩანური ცრურწმენები, მერე, ძალაუფლებისადმი სწრაფვა, ჩვენი სიხარბე, რაღაცების მოხვეჭის სურვილი, რაც ყველაზე მიუღებელია ადამიანში.

_ დღეს, გლობალიზაციის ეპოქაში, რა ეთიკური და მორალური ფუნქცია აკისრია პოეზიას, მართლა შეუძლია იხსნას
სიცოცხლე, როგორც დონატელა ბიზუტი ამბობს თავის წიგნში „პოეზია იხსნის სიცოცხლეს~?

_ პოეზიას დასაბამიდან ჰქონდა და „მიყვარს პოეტები ზედსართავების გარეშე“ დღესაც აქვს მხოლოდ ერთი „ფუნქცია“ _ გაგვახსენოს, რომ ცოცხლები ვართ, ვიყენებთ ცოცხალ სიტყვებს, აღსავსეს ცხოვრებით. სიცოცხლის გადარჩენა კი, თუ მაინცდამაინც, ღმერთს შეუძლია, ყოველ შემთხვევაში იმ არსებას, ვისგანაც მოდის სიცოცხლე და არამც და არამც კარგ წიგნს. ხელოვნება რომ საკმარისი იყოს სიცოცხლის გადასარჩენად, მიქელანჯელოს შედევრების ერთხელ ნახვაც საკმარისი იქნებოდა, სამოთხე საკუთარ არსებაში გვეტარებინა. ჩვენ კი ქრისტიანებს მაინცდამაინც გვჭირდება ღმერთი, ჯვარზე გაკრული როგორც მონა, რომელიც ძაღლივით ყმუის... გვჭირდება ეს დამდაბლება, სიკვდილსა და არაფერში სილამაზის ეს დამანგრეველი სტიქია, რათა
ჭეშმარიტად შევიცნოთ აღდგომა, რომელიც თავდაპირველად წმინდანთა ფიგურებში _ სილამაზის წანამძღვრებში ვიხილეთ, და მერე თითოეული ჩვენგანის ცხოვრების მომენტებში. იმის თავდაჯერებით
თქმა, რომ ხელოვნება გადაარჩენს სიცოცხლეს, ყველა დროის ელიტის მიერ მოგონილი ტიპიური გამონათქვამია, ტანჯვას რომ ნაკლებად იყო შეჩვეული და ლოცვას, ან თუნდაც ღვთისგმობას. მე ბოდლერის
აზრს ვიზიარებ, რომ პოეზიას არა აქვს მორალური და ეთიკური ფუნქცია პირდაპირი გაგებით. ხელოვნების ჭეშმარიტი ქმნილება გაღვიძებს, გახვედრებს, რომ ცოცხალი ხარ, რომ ცხოვრება წინ მიდის _ და ინტენსიურად შეცნობილი ცხოვრება კი უამრავ ზნეობრივ საკითხს წამოჭრის. თუმცა, ჩამქრალი კაცი, რომელიც შორსაა ხელოვნებისგან, ამას უფრო ყრუდ გრძნობს. არასოდეს გამიკერპებია ხელოვნება, არა მგონია, თავისთავში გადაარჩინოს ვინმე ან რამე, ანდა უკეთესი გახადოს. ნაციზმის იერარქები მუნქს ადიდებდნენ, კლასიკურ მუსიკას აღმერთებდნენ; ბინ ლადენი ლექსებს წერდა. მორალური არჩევანი ესთეტიკური გამოცდილების
შემდეგ იწყება და ბევრი სხვა ფაქტორითაა ნაკარნახევი.

_ თქვენ ხართ იტალიური პოეზიის დაუღალავი დივულგატორი თქვენს სამშობლოში და მის ფარგლებს გარეთ, რას ეტყოდით ქართველ მკითხველს დღევანდელი იტალიური პოეზიის შესახებ? არაერთი მკვლევარი ამტკიცებს, რომ დღეს იტალიური პოეზია ძალიან „დაქუცმაცებულია~ (ჯორჯო ლინგუაგლოსა, მაგალითად; ბერნარდინელი კი პირდაპირ ამბობს, იტალიური პოეზია მოკვდაო), მართლა ასეა?

_ რა გითხრათ, მე ყურადღებას არ მივაქცევდი იმ „გამწარებულ პოეტებს~, რომლებმაც კრიტიკოსობას იმიტომ მიჰყვეს
ხელი, რომ არავინ აღფრთოვანდა მათი ლექსებით _ სიტყვათა არაფრისმთქმელი თამაშით. პოეზიის ცხოვრება ყოველთვის იყო დაქუცმაცებული, და საბედნიეროდაც, რადგან ყოველი პოეტი, მართალია, თავისი ეპოქის მღელვარებას, დაძაბულობას აძლევს ხმას, მაინც პირად მაგალითებთან გვაქვს საქმე, ფრაგმენტებთან, თუ მაინცდამაინც ეს ტერმინი გვინდა გამოვიყენოთ. კრიტიკოსებს არ ვთხოვ შემაჯამებელი სენტენციები გამოიტანონ, ან იმ მრავალფეროვნების წინაშე დატყვევდნენ, დასაბამიდან რომ გამოარჩევს მდიდარ იტალიურ პოეზიას თავისი მდიდრული ხმებით _ ჩვენ ვართ ქვეყანა სიცილიელი პოეტებისა, გვყავს გუინიცელი, იაკოპონე, ფანტე, პეტრარკა, ტასო, არიოსტო, ფოსკოლო, ლეოპარდი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ... მონტალე, საბა, პავეზე, პაზოლინი, ლუცი, კაპრონი, ბერტოლუჩი... იტალიური პოეზია რომ ფრაგმენტულია, ამით არის მდიდარი და ეს არის სწორედ ბედნიერება! იტალია სასწაულებრივად ანარქიული და ქაოტური ქვეყანაა, სადაც ამაღლებული და მდაბალი, მისტიური და ხალხური ერთმანეთში ირევა და უსასრულოდ ურთიერთობს. მაგ კრიტიკოსებს კი ვთხოვდი (ბევრი კარგი კრიტიკოსიც გვყავს), თავი ანებონ ნაძალადევ სქემებს და ნუ იტყვიან, რომ იტალიური პოეზია მოკვდა მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ლექსებია აბორტირებული, ან მათი რჩეული და მათი პროტექციის ქვეშ მყოფი პოეტები ხალხისთვის ზედმეტად ლიტერატურული და არაფრის მთქმელია.

_ თქვენი ერთ-ერთი პოეტური კრებულის (თუ არ ვცდები, ეს იყო თქვენი პირველი წიგნი „კურდღლიცოცხების საზღვარი~) შესახებ მარიო ლუცი წერს: „ ნეოავანგარდის გამოცდილებამ დავიდეს ბევრი გზა გაუხსნა~; „დაჯგუფება 93~-ს ხომ არ გულისხმობდა? არადა, ამ დაჯგუფების ზოგიერთი წარმომადგენელი, თქვენს სიტყვებს მოვიტან: `ვერ იტანდა პაზოლინის, ამ ბატონების აზრით, იგი, როგორც პოეტი, არ უნდა არსებულიყო, მათ დაუშვებლად მიაჩნდათ, რომ ვინმეს იმხანად დანტესეული ტერცინებით ეწერა~; თქვენ ოთხმოცდაათიანელთა თაობას კი მიგაკუთვნებენ, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, უფრო პაზოლინის მემკვიდრე მგონიხართ, ვიდრე სანგუინეტისა.

_ მარიოს ჰქონდა უნატიფესი ყური და ხედავდა, რომ 60-70-იანი წლების თვითგამოცხადებული ექსპერიმენტების ბევრმა
ბიძგმა გაკვალა ფორმალური გზები, რომლის შემდეგაც მოვედით მე და სხვა პოეტები (ჩემი დებიუტი 85 წელს შედგა,
18 წლის ვიყავი, ასე რომ, ოთხმოცდაათიანელთა თაობას არ მივეკუთვნები... ისე, ყოველთვის ნუ ვენდობით ეტიკეტებს
პოეზიაში), იმის თქმა მინდა, რომ ბოლოსდაბოლოს შეგვეძლო თავი აგვერიდებინა ჩვენამდე არსებულ პოლემიკათა იმ სულის შემხუთველი ატმოსფეროსთვის, რომელიც უმეტესად პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და არა კულტუროლოგიურს. მე მიყვარს პოეტები ზედსართავების გარეშე. პოეტი, რომელიც ავტოდეფინიციას მიმართავს, ან მისაღებად მიაჩნია, ვინმემ
დაარქვას „ ექსპერიმენტული პოეტი~, ყველა სხვას თავი რომ დავანებოთ, საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული. იქნებ
დანტე არ იყო ექსპერიმენტული?! ან პეტრარკა, ან ლეოპარდი?! ყოველი თვითმყოფადი ხელოვანი ექსპერიმენტულია, და
თუ ეტიკეტებს საჭიროებს, ესე იგი, რაღაცას ჩქმალავს _ ან კულტურულ სიმყიფეს ან ფარულ მიზანს და პოეზიისთვის ორივე მიუღებელია.

_ გამოდის, ლიტერატურულ კლასიფიკაციებს არ სცნობთ და თავს არც „დაჯგუფება 93~ მიაკუთვნებთ. დღეს თუ
არსებობს რაიმე ლიტერატურული დაჯგუფება და ვინ არიან ყველაზე ცნობილი პოეტები?

_ როგორც უკვე ვთქვი, არ მივეკუთვნები ოთხმოცდაათიანელთა თაობას (ვინც ამას ამბობს იტალიაში, კარგად არ უსწავლია საგანი) და საერთოდ არცერთი პოეტური დაჯგუფების წევრი არა ვარ. თუმცა ვქმნი ნამდვილ მოძრაობას, ანუ ვაწყობ შეხვედრებს დისკუსიების, აზრთა ურთიერთგაცვლის, ახალი აღმოჩენების შესწავლის, ოსტატებსა და ახალგაზრდებს შორის პაექრობის გასამართად. ამ „მოძრაობამ~ ეტიკეტების გარეშე (ცდილობენ მომაწებონ ყველანაირი ეტიკეტი, მაგრამ კრიტიკოსების ან ფსევდოპოეტების ღვარძლიანი და შურიანი ადამიანების მოგონილი არადჩასაგდები ჭორებია) უკანასკნელი ოცდაათი წლის განმავლობაში ასპარეზზე ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ახალი ხმა გამოიყვანა და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულიც. პოეზიის რეალობას მე მიმდინარეობად და დაჯგუფებებად არ აღვიქვამ. ეს უფრო პოლიტიკის საქმეა. იტალია, თავისი დიდი ლიტერატურული ტრადიციიდან გამომდინარე, წინსვლის სტიმულს გვაძლევს, რაც ბევრი საინტერესო ხმის გამოვლენას უწყობს ხელს. მათ შორის, ჩემი წინა თაობიდან დავასახელებდი დე ანჯელისს, კუკის, კონტეს, მუსაფის, პიერსანტის, ფრაკაკრეტას, მინიელოს, პონტიჯას, დე ვიტას, ემოლოს, გუალტიერის, ანედას, ფუჩის, და სხვებს... ჩემს თანატოლებში საუკეთესო პოეტებიც არიან, ჩემი აზრით, ლაურეტანო, რიკარდი, ვილალტა, პანფიდო, დამიანი, ბულტრინი, მოშე, ლერო, ნიერე, პაჩილიო... ახალგაზრდა თაობაშიც ბევრია კარგი პოეტი, რომელთაც ძალიან პატარა საგამომცემლო სახლები ბეჭდავენ. დაყოფა ისეთი კატეგორიების მიხედვით, როგორიცაა „თაობები~, „დაჯგუფებები~ და ა. შ. არ მაინტერესებს, ვინაიდან სხვა ლექსიკას მიეკუთვნება _ პოლიტიკურს და სოციოლოგიურს, რამაც განსაკუთრებით
იჩინა თავი მეოცე საუკუნეში და პრეტენზია გამოთქვა, რომ ყველაფრის შესახებ უნდა ემსჯელა და ყველაფერი მხოლოდ საკუთარი გადმოსახედიდან განეხილა, რაც არ არის სამართლიანი. არავის მოსდის თავში, იკითხოს, რომელ „თაობას, ან რომელ „დაჯგუფებას~ მიეკუთვნება რაფაელი ან მისი ანტიპოდი მიქელანჯელო ან ვან გოგი. ცხადია, სპეციალიზებულმა
კრიტიკულმა ნაშრომმა `მიყვარს პოეტები ზედსართავების გარეშე~ უნდა გამოავლინოს კავშირი, ნათესაობა, გავლენა თუ წარმომავლობა, მაგრამ პოეზიის და ხელოვნების დაფოსოება ამ ჟარგონით მიმაჩნია, რომ ან სიზარმაცის სინონიმია, ან რაღაც ფარული მიზნისა.

_ ისევ იტალიურ თემას რომ შევეხოთ, საინტერესო იქნებოდა, ტელევიზიის ერთ გადაცემაში თქვენ მიერ გამოთქმული
აზრის განვრცობა: „...ზოგადად კულტურული ვითარება ქვეყანაში სავალალოა, ვინაიდან იტალიური კულტურული სამყაროს ერთი ნაწილი მხოლოდ საკუთარი „ბუტიკის~ ინტერესებზე ფიქრობს და შორს დგას რეალური ცხოვრებიდან~....
ამ კონტექსტში რა მომავალი აქვს იტალიურ კულტურას?

_ ამ ფრაზას თავისი კონტექსტი აქვს. ვამხელ სხვადასხვა სახით და დიდი ხანია იმას, რომ იტალიური კულტურა, რომლის
მართვა მრავალი წლის განმავლობაში დაავადებული იყო სახელმწიფოს ჩარევის გამო, ანუ ბიუროკრატიზმით და იდეოლოგიზმით, სრული ძალისხმევით ვერ გამოხატავს საკუთარ პოტენციალს და ვერ პასუხობს იმას, რასაც მთელი სამყარო მოითხოვს ჩვენი ქვეყნისგან: იყოს მშვენიერების ნიშა ისტორიაში. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვკითხულობ ლექსებს (სავალალო მდგომარეობაში მყოფ ქვეყნებშიც და იქაც, სადაც იტალიურმა პოლიტიკამ მძიმე დანაშაულის კვალი დატოვა) და ყველგან იტალია სასურველია როგორც სიმბოლო შესაძლებელი სილამაზისა. იდეოლოგიზებული და ბიუროკრატიით დაღდასმული კულტურა, იმის მაგივრად, რომ დიალოგში შევიდეს ადამიანებთან, დაინტერესდეს და ჩასწვდეს მათ რეალურ ცხოვრებას, უნივერსიტეტის ბარონთა სნობიზმში იკეტება (როგორც, მაგალითად, უმბერტო ეკო), ან სახსრების ნაკლებობაზე წუწუნებს გაუთავებლად (თუმცა, თავის დროზე გაუჩუმდა იმას, რომ თანხების შემცირებამდე და კრიზისამდე სახელმწიფოს კულტურისთვის არსებული ყველა ხარჯით რამდენიმე ხელოვანის, რეჟისორის და სხვების ჯიბეები გაესქელებინა). საკითხი კომპლექსურია და მოკლედ ჩამოყალიბება ძნელი. ვითარება კი მართლაც მძიმეა და როგორც ყველა მძიმე სიტუაციაში, იბადება წინააღმდეგობის, განახლების წყურვილი, მომავლის იმედი.

_ თქვენ საყვედურობთ სკოლას თქვენს წიგნში „ლიტერატურის წინააღმდეგ. პოეტები და მწერლები. ყოველდღიური ჟლეტა სკოლაში~ და ასევე ლექსში „პოეზია კვდება სკოლებში ყოველდღიურად~... საინტერესო იქნებოდა თქვენი რჩევა ქართველი მასწავლებლებისთვისაც. _ ვერ მივცემ ჩემ თავს ნებას, რჩევა მივცე მათ, ვინც ასწავლის იმას, რაზეც წარმოდგენა არა მაქვს. მაგრამ ვისაც უყვარს გადასცეს ახალგაზრდებს მშვენიერება, ძალა და მღელვარება ესთეტიკური გამოცდილებისა, ვეტყოდი: იყავი თავისუფალი, იყავი თვითმყოფადი, არ წახვიდე კომპრომისზე ფულის გულისთვის ან მშვიდი ცხოვრებისთვის; იხელმძღვანელე მეთოდით, რომელიც თავისუფლებას აყენებს ცენტრში. ხელოვნებასთან ახალგაზრდა უნდა მიიყვანო ფრთხილად და იქ დატოვო თავისუფალი, რათა თვითონ გაუღვივდეს ინტერესი; ფაკულტატური გახადო (ოღონდ უმაღლეს სკოლაში) ლიტერატურის კითხვისა და ხელოვნების ნიმუშების დათვალიერების საათები. ამიტომ არის საჭირო ისეთი მასწავლებლები, რომელთაც შეუძლიათ ამ ინტერესის აღძვრა; ამისათვის არის საჭირო მეთოდი, და კიდევ ვნება, ოღონდ ენთუზიაზმის გაგებით კი არა, (არამხოლოდ ენთუზიაზმი, რომელმაც ზოგჯერ განელება იცის), არამედ „პატიორ~-ისა (ლათ. ტანჯვა _ მთარგმნ.), მზაობისა, იტანჯოს მისთვის, ვინც უყვარს. ჩემი წიგნი იყო იტალიაში პირველი, რომელშიც დოკუმენტურად ვასაბუთებ ამ პრობლემებს და რომელზეც პოლემიკა დღესაც გრძელდება.

_ „პროზის მთარგმნელი მონაა ავტორისა, პოეზიისა _ მეტოქე~, იზიარებთ ამ გამოთქმას? რომელი თანამედროვე პოეტის თარგმნას გვირჩევდით?

_ ნამდვილი მთარგმნელი საყვარელია. პოეტურ ტექსტს კი არა, „აფექტუსის~ გარეშე, კავშირის უნარის გარეშე სამყაროსაც ვერაფერს გაუგებ. არ არსებობს სხვაობის ნულოვანი ხარისხი ენებს შორის. როგორც დანტე ამბობდა, შეუძლებელია ერთი ენა „გადაიტანო~ მეორე ენაში, მით უფრო „პოეტურად შეკავშირებული ჰარმონიზებული სიტყვების~ ტექსტში, ანუ პოეზიის შემთხვევაში, სადაც ჟღერადობას და რიტმს აქვთ დიდი მნიშვნელობა. მთარგმნელი ალქიმიკოსი არ არის და არც სამოთხის შექმნა შეუძლია დედამიწაზე. ზღვარზე ვდგავართ, უნდა ვთარგმნოთ გამუდმებით, და ეს არის შეუქცევადი პროცესი, ან უნდა მივიღოთ როგორც ბედუკუღმართობა, ან როგორც განსხვავებულობის სიმდიდრე. ერთმანეთსაც ხომ ვთარგმნით ერთი და იმავე ენიდან.

_ თანამედროვეებში ცოცხალს გულისხმობთ? ასეთია ლოი (ფრანკო ლოი 86 წლის მილანელი პოეტი, წარმოშობით სარდინიელი, წერს ძირითადად მილანურ დიალექტზე _ მთარგმნ.). თუ უკვე თარგმნილი არა გაქვთ, უსათუოდ სათარგმნია უკანასკნელ წლებში გარდაცვლილი ლუცი და კაპრონი.

_ ცხადია, ამ ინტერვიუში ვერ შევძლებთ თქვენი ვრცელი პოეტური სამყაროს შესახებ საუბარს, მაგრამ მინდოდა მეკითხა, მეჩვენება, თუ მრავლადაა თქვენს პოეზიაში ავტობიოგრაფიული ელემენტები? ვთქვათ, ქალის თემა, რასაც საკმაოდ დიდ ყურადღებას უთმობთ, იმდენად რომ მთელი წიგნი მიუძღვენით „ხუთი ქალი და ერთი ტალღა~.

_ ცხოვრება მოგზაურობაა და ადამიანებთან შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბედისწერას ცეცხლზე შედგამ. დამაკმაყოფილებელია ეს ჩემი სინთეზური პასუხი?
(იცინის)

_ რა გაეწყობა. მაშინ ის მითხარით, რაზე მუშაობთ ახლა. თქვენ ხომ პროზაიკოსიც ხართ, გამოცემული გაქვთ: „შენ რომ აქ იყო~, `სულელი წმინდანები~, „იესო, მარად ახალი მოთხრობა~, „ბავშვები ლექსებივით იბადებიან~...

_ მე არა ვარ პროზაიკოსი აბსოლუტური გაგებით, არ ვთხზავ ამბებს, არ ვიგონებ, ხელახლა ვწერ უკვე არსებულ ისტორიას. ამ დღეებში გამოვა „სევილიის კოცნა: მიგელ მანიარა, კაცი, რომელიც დონ ჟუანი იყო~. წლის ბოლოსთვის კი გამოცემლობა „მონდადორი~დასტამბავს ჩემი კომენტარების წიგნს `ორმოცდაათი ლექსი, რომელთაც ცეცხლი წამიკიდეს~.

_ თქვენ ხშირად გიწევთ ვიზიტები უცხოეთში, როგორი იყო საქართველოში მოგზაურობა?

_ მოულოდნელად განსაცვიფრებელი... დამღლელი, მაგრამ არაჩვეულებრივი. საქართველო თავისი უძველესი ისტორიით, კაცობრიობის ერთ-ერთი აკვანია და პირადად დავრწმუნდი, რომ ეს არ არის მხოლოდ რიტორიკა, ან წარსულის ანარეკლი, რადგან ეს საკუთარი თვალით ვნახე ადამიანთა სახეებზე; მათი ღირსება, სურვილი ერთად სმის, ერთად სიმღერის, ერთმანეთისა და უცხოს მოფერების _ არ შეგამჩნევინებენ, რა სტკივათ, რა ნაღველი აქვთ _ ერთგვარი მეფური ღირსების მატარებლები არიან. ვნახე _ დავწერე კიდეც იტალიურ ყოველდღიურ გაზეთში _ თითოეული მათგანის სულში გამოვლენილი ძვირფასი ნიშანი _ ოქრო და ეს მეფურობის ნიშანი, რაგინდ დაფარული იყოს პატივმოყვარეობით, ტანჯვით, მძიმე ჯაფით, ყოველ მათგანს უსაზღვროდ დიდ და ძვირფას პიროვნებად წარმოაჩენს.

ესაუბრა ნუნუ გელაძე




Davide Rondoni - https://it.wikipedia.org/wiki/Davide_Rondoni

დავიდე რონდონი

კავკასია, ღვინო და პოეზია, მოგზაურობა საქართველოში

არიან ერები, რომელთა შესახებაც აუცილებელია დაიწეროს, რადგან უძველესი და საინტერესო ისტორია აქვთ; ხანდახან მძაფრი გეოპოლიტიკური აქტუალობის გამო ავანსცენაზე გამოდიან, მერე ქრებიან ჩვენი თვალსაწიერიდან, ათასწლოვან ბინდში. ცოტა რამ ვიცით მათ შესახებ, ან თითქმის არაფერი; ქართველებს ვგულისხმობ. და მათთვის, ვინც გააგრძელებს ამ სტატიის კითხვას, ამთავითვე ვიტყოდი, რომ ქართველები იტალიელებს ჰგვანან, დიდი ისტორია აქვთ და დიდი სურვილი, ბედნიერები იყვნენ. და კიდევ, აქვთ მეგობრობის საოცარი უნარი. როდესაც ბორის პასტერნაკი საბჭოთა მწერლების კავშირიდან გარიცხეს, ყველა ერიდებოდა მასთან შეხვედრას, მხოლოდ ქართველი პოეტები და მწერლები აკითხავდნენ. მოგვიანებით ერთ წიგნად გამოიცა ქართველი მწერლებისადმი გაგზავნილი მისი შესანიშნავი წერილები. ერთი მათგანი ამ მწერლებიდან ტიციან ტაბიძე იყო, ოცდაჩვიდმეტ წელს საბჭოთა ციხეში დახვრეტილი. მისი სერიოზული და ნათელი ყმაწვილური სახე თან მდევდა ხანმოკლე მოგზაურობის დროს პოეზიის ფესტივალზე თბილისიდან ორი საათის სავალზე მდებარე მამულში; თან მდევდა წინანდლის მუზეუმსა და პარკში, გიორგისა და მუზეუმის სხვა მესვეურების, ჭავჭავაძეთა, გენერლების, ბატონიშვილებისა და ლიტერატორების ფოტოების, შესანიშნავი პოეტის დათო მაღრაძისა და მისი მეუღლის, ელეგანტური ლალის, მიწვეული სტუმრების, მეგობრების და ნათესავების გარემოცვაში. აი, კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ეს გიჟმაჟი ქართველები იტალიელებს ჰგვანან. და ამას იმითაც მიხვდები, როგორ უყვართ ღვინო, ან როგორ მღერიან, ანდა როგორი სიამაყით ყვებიან თავიანთი ქვეყნის უხსოვარ ამბებს: რომ აქ იყო ანტიკური კოლხეთი, აქ მოვიდნენ არგონავტები ოქროს საწმისის საძებნელად, აქაური იყო ჯადოქარი კირკე. მერე უფრო შორს მიდიან და ამბობენ, რომ ეტრუსკები პროტოქართველები იყვნენ, რომ აქ არის ნაპოვნი პირველი ევროპელის ჩონჩხი, რომ ოქრო აქ უხვადაა. ყველაფერს ძნელად დაეთანხმები, როცა აღარ თავდება სადღეგრძელოები და ეჭვობ, რომ ღვინის კიდევ ერთხელ ჩამოსასხმელად აგრძელებენ მათ წარმოთქმას. მართლაც გვგვანან, თუმცა, ზოგჯერ ისეთი კადრებიც გაიელვებს, გაგეფიქრება: „ნეტავ სად მოვხვდი?” არ ვგულისხმობ ექსტრავაგანტურ ვარდისფერ `როლს როისს~, თბილისის ერთ ქუჩაზე რომ წავაწყდი; ისეთი ამბების და თვალხილული მოვლენების მოწმეც გავხდი, მათ ნამდვილობას რომ ადასტურებს. მაგალითად, ოქროს ანტიკური სამკაულები, სუნთქვას რომ შეგიკრავს, ხმლები და ხანჯლები... აქაურობა ნამდვილად მეფეთა, წარჩინებულთა და მეფის ასულთა სამფლობელოა. მეფე დავით მეოთხე აღმაშენებელი, რომელმაც ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნეში გაქრისტიანებული ეს მიწა ისლამს გამოგლიჯა, ახლაც დიდებით მოიხსენიება; ისევე როგორც მეფე ერეკლე მეორე კახეთის რეგიონში, რომლის ცენტრი თელავი პატარა ქალაქია კავკასიონის მთის ქვეშ მდებარე მიმზიდველი ბორცვებით. დიახ, აქ მეფური სისხლი იგრძნობა. საქართველო ხიდია და ამას უნდა უმადლოდეს თავის იღბალსაც და უიღბლობასაც. იპყრობდნენ მუდამ დიდი ძალისხმევით მონღოლებიდან კომუნისტების ჩათვლით. ახლა დამორჩილების სხვა მეთოდები არსებობს. ამის მიუხედავად, საქართველოს შეუძლია თავისი ბედისწერის განმგებელი იყოს. აქვს სათანადო გეოპოლიტიკური პირობები (მათ შორის ევროპასთან თავისუფალი ურთიერთგაცვლის შეთანხმების პრივილეგია) და, ასევე, საკუთრების განკარგვის სათანდო პირობები, რაც კარგ პერსპექტივას უქმნის სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარებას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, იტალიელებთან მეგობრობას კარგი ნაყოფის გამოღება შეუძლია, ასე ფიქრობს აქ ბევრი, მათ შორის, იტალიის ელჩიც ანტონიო ბარტოლი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვანი დიპლომატიური სამსახურის დასრულების შემდეგ შვიდი თვეა საქართველოშია მივლინებული. ვგავართ და არც ვგავართ, ერთი სიტყვით.

თავადი ანდრონიკოსის საუბარს და სიმღერას კარგად ნაცნობი არისტოკრატული და დაუძლეველი მელანქოლია დაჰყვება, მაგრამ ისეთი ფაქიზი აღმოსავლური სიტკბო ახლავს, ჩვენში რომ უცხოა. ქალები ელეგანტურები არიან და გახელებაც შეუძლიათ; ზოგიერთი სულში დიადემასავით, ნასროლი ტყვიასავით ატარებს ტკივილს, სხვები, როგორც ნუნუ გელაძე, ბრწყინვალე მთარგმნელი, სიმღერისას ისეთ ხმას გამოსცემენ, თითქოს ხშირი ტყეებიდან და კავკასიონის ფართოდ გაშლილი ზეგნებიდან გამოდიოდეს. აქ ბევრს შეხვდებით, ახლობლები რომ დაკარგეს, გაქრნენ მთელი ოჯახებიც. ამას მოწმობს საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმიც, რომლის შესასვლელში სისხლისფერში ჩაძირული ტყვიამფრქვევით დაცხრილული დაწყევლილი ვაგონი დგას, რომელშიც ბევრი ინტელექტუალიც დახვრიტეს; ათასი წლის წინანდელ ექსპონატს ჰგავს, არადა, სულ ოთხმოცი წლისაა. უფროსი რუსი ძმა აქვე საზღვართან დგას და ბორგავს, პარტია ჯერ არ დასრულებულა. მთელი მსოფლიოს პრესამ დოკუმენტურად გააშუქა მის მიერ ჩადენილი ზოგიერთი რეპრესიული ქმედება, ვიდრე ’92 წელს თავისუფლებას მოიპოვებდნენ, მერე 2003 წლის ვარდების რევოლუციაზეც ითქვა და ამჟამინდელ პოლიტიკურ სტრუქტურაზეც.

აბეზარი მეზობლის ჩახუტებიდან თავისუფლებაზე გადასვლა უმტკივნეულო არ ყოფილა. მუზეუმის ერთ ფოტოზე მოჩანს ლამაზი ქალიშვილი, მანქანიდან დროშას აფრიალებს, სიმტკიცე და იმედი აღბეჭდვია სახეზე დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დღეებში. მეუბნებიან, რომ ახლა ის ქალიშვილი მომვლელად მუშაობს იტალიაში. თბილისი უცნაური ქალაქია, მუდმივად ვიღაცის ჩარევის ობიექტი; დაარსებაც უცნაური აქვს, მისი გაჩენა ცხელ მდინარეში ჩავარდნილი ხოხბით იწყება, ვახტანგ გორგასალმა აღმოაჩინა გოგირდის ცხელი წყლების სამკურნალო თვისებები. საქართველო სტრატეგიულ პუნქტში მდებარეობს, ხიდი იყო, კორიდორი, ოდესღაც აბრეშუმის, ახლა გაზის გამო. არცთუ მრავალრიცხოვანია მისი მოსახლეობა, ინდუსტრიაც ნაკლებად განვითარებული აქვს. უფრო მეტი ქართველი ცხოვრობს თურქეთში, ვიდრე საქართველოში, როგორც ციფრები ცხადყოფენ. თუმცა ყველგან შეხვდები მათ, ბარიში, მილანში, პალერმოშიც, სადაც ახალგაზრდა მწერალი რუსკა ჟორჟოლიანი ცხოვრობს, ბავშვობაში აფხაზეთიდან დევნილი. შეიძლება არც არავის ჰგვანან ქართველები. სექტემბერში პაპი ჩადის, სპეციალურად მათთვის, რადგან უნიკალურები არიან, ისევე როგორც მათი ანბანი, სხვებისთვის გაუგებარი, მარტო ისინი ხმარობენ ამ ანბანს მთელ მსოფლიოში, და ეს ცოტას არ უნდა ნიშნავდეს...

გაზეთი „ავენირე“, 2 ივნისი, 2016 წელი

იტალიურიდან თარგმნა ნუნუ გელაძემ.

ბმული - http://ichavchavadze.ge/wp-content/uploads/2017/02/saguramo1.pdf

Arrow


Last edited by Admin on Sun Apr 30, 2017 10:15 am; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4069
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუნუ გელაძე - Nunu Geladze Fusco   Sun Apr 30, 2017 9:59 am



“სალვე” რომში
დავით მაღრაძის შემოქმედებითი საღამო

31 იანვარს რომში პონტიფიკატის გრეგორიანას მრავალსაუკუნოვან უნივერსიტეტში შედგა ცნობილი ქართველი
პოეტის დათო მაღრაძის წიგნის “შალვე” პრეზენტაცია (გამომცემლობა “ლა ლონტრა”, ფ. ფაძარი, მთარგმნელი ნ.
გელაძე, რედაქტორი ა. ბელორა). ქართული კულტურისთვის ესოდენ მნი­შვნელოვანი ღონისძიების სულისჩამდგმელებმა: საქართველოს ელჩმა ვატიკანის სახელმწიფოში მისმა სამეფო უმაღლესობამ ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელმა და საქართველოს ელჩმა იტალიაში ზაალ გოგსაძემ ძალისხმევა არ დაიშურეს, რათა ღირსეულად წარმოჩენილიყო ქართული კულტურა და მასპინძლობის ქართული ადათი – მოწვეულ სტუმარს ეგებებოდა ქართული სიმღერა, საქართველოს ისტორიული ძეგლების ამსახველი სტენდები და დიდ ეკრანზე გაშუქებული საქართველოს დოკუმენტური კადრები.
მასპინძელი უნივერსიტეტის სახელით მონსინიორი სპიდლიკი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და აღნიშნა,
რომ საქართველო უცხო არ არის ამ გარემოსათვის, ვინაიდან ორი ქართველი ეუფლება აქ განათლებას და დღეს კულტურისა და განათლების ეს უძველესი კერა ფართოდ უღებს კარს ქართულ პოეზიას.
მისასალმებელი სიტყვები წარმოთქვეს ელჩებმა – ზაალ გოგსაძემ, რომელმაც საზოგადოებას გააცნო დავით
მაღრაძე, როგორც შესანიშნავი პოეტი და თავისი ქვეყნის ღირსეული შვილი – და ქეთევან ბაგრატიონმა, რომელმაც
ქართული კულტურის ღირსებებსა და ქართულ-იტალიური კულტურის ურთიერთობაზე ისაუბრა. ელჩებმა მადლობა მოახსენეს, ერთის მხრივ, მასპინძლებს და მეორე მხრივ, მათ, ვინც უშუალოდ წიგნის გამოცემისთვის იღვაწა.
ქართველი ემიგრანტების გარდა, საღამოს ესწრებოდნენ სხვა ქვეყნების ელჩები, იტალიის პრესისა და ტელევიზიის
წარმომადგენლები, რომის წარჩინებული პირები, უწინარესად კი ქეთევან ბაგრატიონის მეუღლე რაიმონდო
ორსინი დ’არაგონა და ვაჟიშვილი ლელიო ორსინი დ’არაგონა, ბარონი ამედეო მიჩელი, თავადი ალვიზე მემო, გ.
ჯ. მარკონი, “ნანდო პერეტი ფონდეიშენის” დირექტორი სტეფანო პალუმბო, რომელმაც ბოლო ხანს მომხდარი
სტიქიური უბედურების დროს საქართველოს ჰუმანიტარული დახმარების ხელი გაუწოდა. საზოგადოებას “შალვე” წარუდგინა მჭევრმეტყველებით სახელგანთქმულმა, თავისი ქვეყნის ღვაწლმოსილმა შვილმა, პრინცმა სფორცა
რუსპოლიმ, რომელმაც განაცხადა, რომ საგულდაგულოდ წაიკითხა ეს პოეტური კრებული და მასში აღმოაჩინა
კაცი, რომელიც, მისივე ლექსის პერიფრაზი რომ მოვახდინოთ, “სამოთხიდან შორს არ არის”, რომელიც “მიდის
მამის სახლიდან” და გამუდმებით ბრუნდება თავისი მშობლების წიაღში, საიდანაც წამოიღო დიდი კულტურა,
ტრადიციები, სიყვარული, სულიერება, რომლითაც გაჟღენთილია ეს წიგნი. ამ ძველი რომაული მისალმებით წიგნი გვეპატიჟება საქართველოში, რომ გავიცნოთ ის გარემო, რომელიც მასშია აღწერილი, ის პერსონაჟები და სანახები, რომელთაც ასეთი სიყვარულითა და მხატვრული ოსტატობით გვაცნობს ავტორი. “მე დაუდგრომელი მოგზაური ვარ და და ძალიან მინდა საქართველოს ნახვა, მინდა წავიდე, გავიცნო ქართველი გლეხი, ვიცი, რომ ის იყო და არის გადამრჩენელი ერისა, ვუსურვებ მათ, ვუსურვებ ამ დიდებულ პოეტს შეენარჩუნებინოთ ის თვითმყოფადობა, რაც დღეს ბევრ ერს აღარა აქვს. გმადლობ, ჩემო დათო, რომ არსებობ.”
დამსწრე საზოგადოებისთვის უაღრესად საინტერესო აღმოჩნდა ვენეციის უნივერსიტეტის კა’ ფოსკარის დოცენტის,
ახალგაზრდა, მაგრამ უკვე სახელმოხვეჭილი მეცნიერის გაგა შურღაიას მოხსენება ქართული პოეზიის სათავეებისა
და მისი შემდგომი განვითარების შესახებ.
ცნობილმა იტალიელმა პოეტმა, გენუის საერთაშორისო ფესტივალის დირექტორმა კლაუდიო პოცანიმ ისაუბრა, თუ როგორ დაიბადა ამ წიგნის იტალიაში გამოცემის იდეა გენუის ფესტივალზე წარმატების მოპოვების შემდეგ და თქვა:” პოეტური კრებული “შალვე” ღირსსახსოვარი წიგნია. და არა მხოლოდ პოეტური მიღწევების თვალსაზრისით, რამაც პოეტ დათო მაღრაძეს აღიარება და მრავალი პოეტური პრემია მოუტანა, არამედ იგი დამუხტულია მძაფრი სიმბოლიკით, რაც, უწინარესად, სათაურში მჟღავნდება _ მამისეული სახლის შესასვლელის
წარწერა “შალვე” – ასერიგად ნაცნობი ბევრისთვის და ასერიგად ძვირფასი დათო მაღრაძისთვის. სწორედ ამ სტუმართმოყვარე ზღურბლზე დაიბადა ჩემი სიმპათია, რომელიც სპონტანურად წარმოიშვა ამ წიგნის ავტორთან
და ქართულ დელეგაციასთან გასულ წელს პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე. სწორედ მაშინ დათო მაღრაძის
პოეტური სიტყვის ძალამ, მშობლიურ მიწასთან და საკუთარ კულტურასთან ძლიერი ფესვებით დაკავშირებულმა, იქ გაცნობილი ქართველების ენთუზიაზმმა აღმომაჩენინა დედამიწის პატარა კუთხე, სავსე აურეცხელი sიმდიდრით, რომელსაც აქამდე არ ვიცნობდი და რომელმაც ჩემს გულსა და კულტუროლოგიურ გამოცდილებაში ახალი კარი შეაღო. თუმცა, თავი რომ დავანებოთ სიმბოლურ ასპექტებსა და ჩვენს ფესტივალსა და საქართველოს შორის ერთობლივი ძალისხმევით ახლადდამყარებულ კულტურულ ურთიერთობას, ეს წიგნი დიდი ოსტატის მიერაა შექმნილი, უფაქიზესი ლირიზმითა და წარსულის გამოძახილით რომ ხასიათდება და ამავდროულად არ კარგავს წონასწორობას, გვერდს უვლის, მეტიც, ლამის ებრძვის ადვილადმისაგნებ სტერეოტიპებსა და ფარისევლურ პოეტურ ხატებს. დათო მაღრაძის პოეზია თავანკარა ენერგიის ნაკადია, რომელიც თავისი მაღალმხატვრული პასაჟებით იპყრობს თვალსა და გულს, ისევე როგორც მთელი კრებული, ავტორის სტილისტიკური რემინისცენციებისა და ყველა მისი იდეა-გზამკვლევის ერთობლიობას რომ წარმოადგენს:

“... იელვოს თუნდაც ციდან დელგმამ,
პურის ტალღებს თუ მხარულით გავჭრი,
და ოცნება შემეწევა ყველგან, –
ნატვრის ხეზე განასკვული ნაჭრის”.

ალბათ არც არის საჭირო ამ კრებულის კრიტიკული ანალიზი, ვინაიდან თავად ავტორი გვიკვლევს გზას მისკენ და გამჭვირვალე, შეუცდომელი მანერით გვიხსნის: “რაც კი რამ ხდება ამ ახალ წიგნში, ყველა ამბავი, იცოდე, მე ვარ, მქონდა ცხოვრების აცდენის შიში, რომელიც ყველა კრებულში შევა”.
სწორედ ამგვარ მსოფმხედველობაშია დავანებული დათო მაღრაძის შემოქმედებითი გასაღები, რომელიც, ვფიქრობ,
იგივე გასაღებია, ავტორის მეხსიერებას რომ აღებს და მისსავე პოეტურ სამყაროში გვეპატიჟება სალმით “შალვე”.

საღამოს წამყვანმა და წიგნის რედაქტორმა ა. ბელორამ წაიკითხა საქართველოს უდიდესი მეგობრის, სცენარისტის,
მხატვრისა და პოეტის ტონინო გუერას მიერ გამოგზავნილი წერილი:
“ყოველთვის, როცა საქართველოდან ჩამოღწეული სიტყვა ჩამესმის, გული საოცარი სიხარულით მევსება, მახსენდება, რა სიყვარულით გაგვაცნო პასტერნაკმა იტალიელებს დიდი ქართველი პოეტები, რომელთაც უაღრესად დიდ პატივს სცემდა და დღეს მე ბედნიერი ვარ, რომ სწორედ დათო მაღრაძის მეოხებით გაეცნობით ამ სასწაულ ქვეყანას და მისი აფეთქებული აღსარებით სავსე ლექსები დაგიმშვენებთ საღამოს.”

პოეტური კრებულის მთარგმნელმა ნ. გელაძემ მადლობა მოახსენა ელჩებს ქართულ კულტურაზე ასეთი დაუღალავი ზრუნვისათვის და საგანგებოდ გაუსვა ხაზი, რომ ეს წიგნი პირველი პოეტური კრებულია
თანამედროვე ქართველი პოეტისა, რომელიც იტალიაში დაისტამბა, რაც უწინარესად ზაალ გოგსაძისა და კლაუდიო პოცანის დამსახურებაა; თუმცა აქამდე აქა-იქ გამოქვეყნებულა თანამედროვე ქართველ პოეტთა ლექსები,
მაგრამ წიგნად არასოდეს გამოცემულა და სწორედ დათო მაღრაძის “შალვე”-ს ხვდა წილად ბედნიერება, ამ
თვალსაზრისით უნიკალური ყოფილიყო, რაც ქართული კულტურის უმნიშვნელოვანეს მოვლენად შეიძლება
ჩაითვალოს. “თარგმანის თეორიაში არსებობს ამგვარი გამოთქმა: “პროზის მთარგმნელი ავტორის მონაა, პოეზიისა კი – მისი მეტოქე”, ცხადია, ასეთი პოეტის მეტოქეობას ვერ გავბედავდი, პირიქით, ვეცადე მთარგმნელი ვყოფილიყავი და არა მოღალატე (იტალიურ ენაში ამ სიტყვებს მხოლოდ ერთი ასო-ბგერა განასხვავებს: ტრადუტორე – ტრადიტორე)” – თქვა მან და მოკლედ შეეხო, იმ სირთულეებს, რასაც რედაქტორთან ერთად თარგმანის პროცესში შეხვდა.
საღამოს განუმეორებელი ელფერი შესძინა რომის თეატრის ცნობილმა მსახიობმა ვალენტინა კუკიმ, რომელმაც
საოცარი არტისტიზმით მსმენელის გულამდე მიიტანა დათო მაღრაძის ყოველი პოეტური სტრიქონი; საზოგადოების მხურვალე ტაში არც თავად პოეტს დაჰკლებია, რომელმაც ჩვეული დახვეწილობითა და გამორჩეული ხმით მართლაც აზიარა იტალიელები ჭეშმარიტ ქართულ სიტყვას.
საღამო გულუხვი ქართული სუფრით გასრულდა.

ჟურნალი „თანამემამულე“, 2 (28), 2008, გვ. 11-12

ბმული - http://civiclab.narod.ru/tanamemamule_2_28.pdf

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნუნუ გელაძე - Nunu Geladze Fusco   

Back to top Go down
 
ნუნუ გელაძე - Nunu Geladze Fusco
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: