არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნუნუ გელაძე - Nunu Geladze

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნუნუ გელაძე - Nunu Geladze   Sat Nov 19, 2016 10:17 pm



ნუნუ გელაძე -
მთარგმნელი იტალიურზე და იტალიურიდან.

დაიბადა 1955 წლის 3 ივნისს.
სწავლობდა ფილოლოგიის ფაკულტეტი-ზე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიში.
განათლებით ფილოლოგი, ჟურნალისტთა კავშირის წევრი 1986 წლიდან. არის მილანის იტალიურ-ქართული საზოგადოების “სამშობლო გულით სატარებელის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
2006 წელს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიღებული აქვს ევროპის საერთაშორისო პრემია „წლის საუკეთესო ქალი
- იტალიური კულტურის დივულგაციისა და პედაგოგიურ და სოციალურ სფეროში დაუღალავი შრომისათვის, ხალხთა შორის მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობაზე მუდმივი ზრუნვისთის”.
2013 წელს შვეიცარიის “მშვიდობის უნივერსიტეტისა” და საერთაშორისო ორგანიზაცია “უნივერსუმ ზვიცერლადის” მიერ მიენიჭა მშვიდობის ელჩის წოდება.
2016 წელს საქართველოში მიენიჭა ჯილდო „წარმატებული ქართველი ქალი საზღვარგარეთ“.
იტალიურიდან და რუსულიდან თარგმნილი აქვს: ფრანცისკ ასიზელის, ჯოვანი პაოლო II-ის, ალბერტომორავიას, ალდო პალაცესკის, იტალო კალვინოს, სალვატორე კუაზიმოდოს, ტონინო გუერას, უმბერტო ეკოს, ლეონარდო შაშას, დინო ბუცატის, ჯოვანი პაპინის, ჩეზარე პავეზეს, ვინჩენცო კარდარელის, ელზა მორანტეს, ალესანდრო ბარიკოს, მარიო ლუცის, დავიდე რონდონის, ჯულიანო ლადოლფის, დონატელა ბიზუტის, კლაუდიო პოცანის, იური ნაგიბინის, კარინა ზურაბოვას, ანა ახმატოვას ნაწარმოებები.
ქართულიდან იტალიურ ენაზე თარგმნა და გამოსცა დავით მაღრაძის ხუთი პოეტური კრებული; თარგმნა ანა კალანდაძის, ოთარ ჭილაძის, ვახტანგ ჯავახაძის, იზა ორჯონიკიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას, გივი ალხაზიშვილის, ბორენა ჯაჭვლიანის, თამაზ ბაძაღუას, გიგი სულაკაურის, ელა გოჩიაშვილის, მარიამ წიკლაურის, ზვიად რატიანის, რეზო გეთიაშვილის, ლელა სამნიაშვილის, მანანა ჩიტიშვილის, მაყვალა გონაშვილის, კობა არაბულის, ბაღათერ არაბულის, ნუციკო დეკანოზიშვილის, კატო ჯავახიშვილის, ლია ლიქოკელის, გიო არაბულის ლექსები.
ნუნუ გელაძე ამჟამად იტალიაში, Borgomanero-ში ცხოვრობს იტალიელ მეუღლესთან ერთად.



ბმული - https://www.facebook.com/nunu.geladze.9


Last edited by Admin on Tue Nov 22, 2016 7:15 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნუნუ გელაძე - Nunu Geladze   Sat Nov 19, 2016 10:37 pm

რუბრიკა - „ინტერვიუ საინტერესო ადამიანებთან“

ნუნუ გელაძე: „...ვცდილობ თანამოაზრეები და ქვეყნის სასიკეთოდ უანგარო საქმისთვის განწყობილი ადამიანები გავაერთიანო“


ქალბატონი ნუნუ გელაძე ამჟამად იტალიაში ცხოვრობს იტალიელ მეუღლესთან ერთად. განათლებით ფილოლოგი, ჟურნალისტთა კავშირის წევრი 1986 წლიდან. არის მილანის იტალიურ-ქართული საზოგადოების “სამშობლო გულით სატარებელის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
2006 წელს შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიღებული აქვს ევროპის საერთაშორისო პრემია „წლის საუკეთესო ქალი
- იტალიური კულტურის დივულგაციისა და პედაგოგიურ და სოციალურ სფეროში დაუღალავი შრომისათვის, ხალხთა შორის მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობაზე მუდმივი ზრუნვისთის”.
2013 წელს შვეიცარიის “მშვიდობის უნივერსიტეტისა” და საერთაშორისო ორგანიზაცია “უნივერსუმ ზვიცერლადის” მიერ მიენიჭა მშვიდობის ელჩის წოდება.
2016 წელს საქართველოში მიენიჭა ჯილდო „წარმატებული ქართველი ქალი საზღვარგარეთ“.
იტალიურიდან და რუსულიდან თარგმნილი აქვს: ფრანცისკ ასიზელის, ჯოვანი პაოლო II-ის, ალბერტომორავიას, ალდო პალაცესკის, იტალო კალვინოს, სალვატორე კუაზიმოდოს, ტონინო გუერას, უმბერტო ეკოს, ლეონარდო შაშას, დინო ბუცატის, ჯოვანი პაპინის, ჩეზარე პავეზეს, ვინჩენცო კარდარელის, ელზა მორანტეს, ალესანდრო ბარიკოს, მარიო ლუცის, დავიდე რონდონის, ჯულიანო ლადოლფის, დონატელა ბიზუტის, კლაუდიო პოცანის, იური ნაგიბინის, კარინა ზურაბოვას, ანა ახმატოვას ნაწარმოებები.
ქართულიდან იტალიურ ენაზე თარგმნა და გამოსცა დავით მაღრაძის ხუთი პოეტური კრებული; თარგმნა ანა კალანდაძის, ოთარ ჭილაძის, ვახტანგ ჯავახაძის, იზა ორჯონიკიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ბესიკ ხარანაულის, ლია სტურუას, გივი ალხაზიშვილის, ბორენა ჯაჭვლიანის, თამაზ ბაძაღუას, გიგი სულაკაურის, ელა გოჩიაშვილის, მარიამ წიკლაურის, ზვიად რატიანის, რეზო გეთიაშვილის, ლელა სამნიაშვილის, მანანა ჩიტიშვილის, მაყვალა გონაშვილის, კობა არაბულის, ბაღათერ არაბულის, ნუციკო დეკანოზიშვილის, კატო ჯავახიშვილის, ლია ლიქოკელის, გიო არაბულის ლექსები.


- მოგესალმებით, ქ-ნო ნუნუ. როგორც თქვენთვის
ცნობილია დიასპორის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატს აქვს ელექტრონული
„დიასპორული ჟურნალი“, რომელშიც ქვეყნდება
ინტერვიუები უცხოეთში მოღვაწე ჩვენ
თანამემამულეებთან, წერილები მათზე, ქართულ
დიასპორაში მიმდინარე პროცესებზე...
თქვენ გიცნობენ საქართველოშიც და უცხოეთშიც,
მაგრამ კარგი იქნება, თქვენ თავად უამბოთ ქართველ
საზოგადოებას და ქართველ ემიგრანტებს თქვენი
ცხოვრებისა და მოღვაწეობის თაობაზე.
ქ-ნო ნუნუ, გვიამბეთ საქართველოში თქვენი
ცხოვრების პერიოდზე, სად დაიბადეთ, სად
სწავლობდით?

- უწინარეს ყოვლისა, მოგესალმებით და უღრმეს
მადლობს მოგახსნებთ ყურადღებისათვის. ცხადია,
ვკითხულობ ამ ჟურნალს და დიდი ინტერესითაც.
დავიბადე ქალაქ ახალციხეში, აგრონომისა და
მასწავლებლის ოჯახში, სადაც პოეზიისა და მუსიკის
კულტი სუფევდა. ახალციხის პირველმა საშუალო
სკოლამ და არაჩვეულებრივმა პედაგოგებმა უდიდესი
წვლილი შეიტანეს ჩემს სულიერ ჩამოყალიბებაში;
არანაკლები დამსახურება მიუძღვის თავად ქალაქსაც,
ვინაიდან იმხანად (სამოციან წლებში), მიკერძოების
გარეშე ვიტყვი, იქ კულტურა ყვაოდა, სხვათა შორის,
მრავალეროვნული: არსებობდა მესხეთის სახელმწიფო
თეატრი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდებოდა
თბილისის წამყვან თეატრებს, არსებობდა, ასევე,
ოფიცერთა კულტურის სახლი (მოგეხსენებათ,
ახალციხე სამხედრო ქალაქი იყო), სადაც მთელი
საბჭოთა კავშირიდან ჩამოდიოდნენ დრამატული თუ
ოპერის თეატრები; ხშირად სტუმრობდნენ ქალაქს
ჩვენი სახელოვანი მწერლები, პოეტები, სახელოვნებო
წრის წარმომადგენლები, წარმოიდგინეთ, საბჭოთა
კავშირის გმირებიც კი და მე მუდამ მევალებოდა
სტუმრებისადმი მიძღვნილი ლექსების სცენაზე
დეკლამირება. თექვსმეტი წლისამ დავტოვე
მშობლიური ქალაქი და აღარასოდეს
დავბრუნებულვარ; თბილისში, ივანე ჯავახიშვილის
სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,
ფილოლოგიის ფაკულტეტზე განვაგრძე სწავლა და
ორმოცდაექვს წლამდე დედაქალაქში დავრჩი.
უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე ჟურნალ
„დროშაში“ დავიწყე მუშაობა და მრავალი წლის
განმავლობაში დიდი მწერლების გვერდით ყოფნა
უნივერსიტეტზე არანაკლები სკოლა აღმოჩნდა
ჩემთვის. იტალიაში წამოსვლამდე ორი წელი იტალიურ
სკოლა „ ცისკარში“ პედაგოგად ვიმუშავე, თუმცა
მანამდე მრავალი წლის განმავლობაში ქართულს
ვასწავლიდი, მე თავადაც ვსწავლობდი, ვწერდი და
ვთარგმნიდი...

- როდის და რატომ წახვედით ემიგრაციაში?

- წამოვედი თხუთმეტი წლის წინ, თუ რატომ, ამაზე
ზუსტი პასუხი გამიჭირდება, უფრო სწორად,
მეუხერხულება: ასაკოვან კაცს რომ ასაკოვანი ქალი
„გარდარეული სიყვარულით“ შეუყვარდება, არ
მოასვენებს, შინ მიაკითხავს (მიაკითხავს სამი ათას
კილომეტრზე), თავს დაავიწყებს და ყველაფერს
მიატოვებინებს, ბედისწერის ხელი ურევია, ალბათ.
თუმცა ბედს არ ვემდური, ჩემი მეუღლე ძალიან
მეხმარება ქართულ საქმეებში, ძალიან უყვარს
საქართველო და ქართველები.

- ქ-ნო ნუნუ, თქვენ ხართ მთარგმნელი, არაერთი
ქართველი პოეტი თარგმნეთ იტალიურ ენაზე,
გვესაუბრეთ ამის თაობაზე.

- როგორც უკვე გითხარით, ვიდრე იტალიაში
წამოვიდოდი, მანამდე უკვე თარგმნილი და
გამოქვეყნებული მქონდა არაერთი რუსი და
იტალიელი ავტორის ნაწარმოებები. იტალიაში
ჩამოსვლისთანავე შევუდექი ქართული კულტურის
პოპულარიზაციაზე ზრუნვას: ვატარებდი ქართული
კულტურისადმი მიძღვნილ კონფერენციებს სკოლებსა
და ბიბლიოთეკებში, კულტურის ფონდებში;
„ავკიდებდი“ ხურჯინით ჩემს მეუღლეს თუკი რამ
წიგნი, სუვენირი და ფილმი გამაჩნდა, გავშლიდი და
ვყვებოდი საქართველოზე, ვკითხულობდი ლექსებს.
მალევე დავიწყე მონაწილეობის მიღება
ლიტერატურულ ფესტივალებში, რომლებსაც ზოგჯერ
თავად ქართველი ავტორებიც ესწრებოდნენ. ბედნიერი
ვარ იმით, რომ ქართულ პოეზიას ბევრი დამფასებელი
გაუჩნდა იტალიაში. იმაზე მეტი სიხარული რა უნდა
იყოს, როცა საერთაშორისო ფესტივალებზე
მრავალრიცხოვანი აუდიტორია შენს თანამემამულე
პოეტს ტაშით აჯილდოებს და შენი სამშობლოს
ისტორიითა და კულტურით ინტერესდება. ამის
დასტურად უამრავი მაგალითის მოტანა შემიძლია:
გენუის პოეზიის საერთაშორისო ფესტივალზე,
მაგალითად, დათო მაღრაძეს ერთმა ებრაელმა პოეტმა
მისი ლექსების ივრითზე თარგმნის ნებართვა სთხოვა;
ორტას საერთაშორისო ფესტივალზე ლია სტურუას
ლექსის წაკითხვის შემდეგ ერთმა ცნობილმა
იტალიელმა პოეტმა ეს შედევრი მაჩუქეთო, მთხოვა;
მილანის პოეზიის სახლში გამართული ჩემ მიერ
თარგმნილი თანამედროვე ქართველ პოეტთა მცირე
ანთოლოგიის „ ვაზი და კალამის“ პრეზენტაციისა და,
ასევე, ცნობილი იტალიელი დოკუმენტალისტის
მაურიციო ფანტონი მინელას მიერ გადაღებული
დოკუმენტური ფილმის „ქართული პოეზიის ხმების“
ჩვენების შემდეგ მომიახლოვდა ასაკოვანი მამაკაცი და
მეუბნება: „ ფილმში რომ პოეტი კითხულობს - „სად
არიან შვილები“... თან კრებულს ფურცლავს და
დამარცვლით კითხულობს მის გვარს კა-რა-ნაული, ხომ
ვერ დამაკავშირებდით“. ეს ბატონი ცნობილი უნგრელ-
იტალიელი პოეტი ტომაზო კემენი, მთარგმნელი,
დრამატურგი, ესეისტი, და ლიტერატურის
პროფესორი გახლავთ. მან თავისი ინიციატივით ბესიკ
ხარანაული პოეზიის საერთაშორისო პრემიაზე
წარადგინა და სულ ახლახანს შემატყობინა, რომ
ბატონი ბესიკი მსოფლიოს საუკეთესო პოეტთა
ათეულში მოხვდა. კიდევ ბევრის გახსენება შემიძლია,
თუმცა ამით შემოვიფარგლები და ერთს დავსძენ
მხოლოდ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ცხოვრების
გამართლებად მიმაჩნია.

- ქ-ნო ნუნუ, თქვენ ბრძანდებით ორგანიზაცია
„სამშობლო გულით სატარებელის“ ხელმძღვანელი.
უამბეთ ჩვენს მკითხველს, როდის და ვინ დააარსა ეს
ორგანიზაცია და რა არის მისი საქმიანობის სფერო?
და აქვე დავამატებ, ქალბატონი ნინო ყაუხჩიშვილი
თქვენი უფროსი მეგობარი და ახლობელი ადამიანი იყო,
იქნებ ორიოდე სიტყვით გააცნოთ იგი ქართველ
ემიგრანტებს, მით უმეტეს, რომ ნინო ყაუხჩიშვილი
ძველი ქართული ემიგრაციის წიაღიდანაა.

- ამ ორ შეკითხვაზე, თუ ნებას მომცემთ, ერთად
გიპასუხებთ და ნინო ყაუხჩიშვილის შესახებ
მოგონებით დავიწყებ: ქალბატონი ნინო, ფაქტიურად,
ორჯერ გავიცანი, თითქმის ოცი წლის შუალედით.
პირველად 1983 წელს თბილისის სახელმწიფო
უნივერსიტეტში ქართული კულტურის საერთაშორისო
სიმპოზიუმზე და უზარმაზარი შთაბეჭდილება დატოვა
ჩემზე. მას შემდეგ აღარც მინახავს. იტალიაში
ჩამოსვლისთანავე, 2001 წელს, ქალაქ ორტას პოეზიის
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში მოვაწყე
ქართული კულტურისადმი მიძღვნილი საღამო -
ვკითხულობ მოხსენებას, ქართველი პოეტების ლექსებს
და დარბაზის პირველი რიგიდან, ვხედავ, ჭაღარა
ქალბატონი გამამხნევებელი ღიმილით შემომცქერის;
დამთავრებისთანავე მომიახლოვდა, თბილად
გამესაუბრა და მითხრა, თქვენ იცნობთ ნინა
კაუჩიშვილს? როგორ, ცოცხალია-მეთქი? - ემოციურად
შევძახე. მალევე ქალბატონმა ნინომ შინ მიგვიწვია მე
და ჩემი მეუღლე, ცხადია, არ ვახსოვდი, მაგრამ დიდი
ხნის უნახავი ოჯახის წევრივით მიმიღო. სულ ათი
წელი გაგრძელდა ჩვენი ინტენსიური ურთიერთობა და
თანამშრომლობა, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ
მან დიდი კვალი დაამჩნია ჩემს დღევანდელ ცხოვრებას
და საქმიანობას. სამწუხაროა, რომ დღეს ერთი-ორი
ინტელექტუალის გარდა არავინ იცნობს ამ დიდებულ
მამულიშვილს, რომლის ცხოვრებაც ქართული
ემიგრაციის ერთი უსაინტერესოესი ფურცელია.
ქალბატონი ნინო იყო ნოე ჟორდანიას მთავრობასთან
ერთად უცხოეთში გადახვეწილი მიხეილ
ყაუხჩიშვილის ქალიშვილი, ბერლინში დაბადებული,
შემდეგ ოჯახთან ერთად მილანში დამკვიდრებული და
ევროპაში ცნობილი სლავისტი. იგი პირველად 1963
წელს ეწვია საქართველოს და მას შემდეგ,
სიკვდილამდე არ შეუწყვეტია სამშობლოზე ზრუნვა.
მისი მოწადინებითა და უშუალო მონაწილეობით
საქართველოში სისტემატურად ჩამოდიოდნენ
ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები,
ქართველოლოგები და არამხოლოდ იტალიელები, –
ფრანგები, გერმანელები, ინგლისელები, ვინაიდან მას
მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა ევროპის თითქმის
ყველა სამეცნიერო წრესთან. მისი ინიციატივით
(ვახტანგ ბერიძესთან ერთად) საქართველოსა და
იტალიაში გაიმართა ქართული ხელოვნებისადმი
მიძღვნილი რამდენიმე საერთაშორისო სიმპოზიუმი:
ბერგამოში – 1974 წელს, ბარისა და ლეჩეში – 1980 წელს,
პავიაში –1986 წელს. 1979 წელს მისივე თაოსნობით
ბერგამოში გაიმართა კავკასიოლოგთა სიმპოზიუმი.
პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა
საქართველოში გამართულ ქართული ხელოვნების
სიმპოზიუმებში (1977, 1983, 1989 წწ.). გარდა ამისა, იგი
მატერიალურად ეხმარებოდა იტალიაში
სასწავლებლად წარგზავნილ მეცნიერებსა და
სტუდენტებს, ეკონომიურად შეჭირვებულ ქართველ
ბავშვებს, ბევრ მათგანს მფარველებიც მოუძებნა
იტალიაში, რითიც უზრუნველყო მათი მკურნალობა და
სწავლა. ხანძრით განადგურებული ნ. ჩუბინაშვილის
სახელობის ხელოვნების ინსტიტუტისთვის
მატერიალური დახმარების გაწევის გარდა, მან
შეაგროვა ის მასალები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში
იყო დაცული; იტალიის ბევრ უნივერსიტეტში ნინო
ყაუხჩიშვილმა სლავისტიკის კათედრა დააარსა.
თითქმის ვერ ნახავთ მეტ-ნაკლებად ცნობილ
სლავისტს იტალიაში, მისი მოწაფე არ ყოფილიყო. იგი
იყო ერთ-ერთი დამფუძნებელი ბერგამოს
უნივერსიტეტისა 1968 წელს, ამავე უნივერსიტეტის
ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანი და პრორექტორი.
აღარას ვიტყვი მის სამეცნიერო მოღვაწეობაზე და აქ
საგულისხმოა ერთი რამ: იგი ისეთ რუს ავტორებს
ირჩევდა ნაშრომებისთვის, რომელნიც ან
საქართველოში იყვნენ დაბადებულნი (მაგალითად:
ფლორენსკი, ერნი, ელჩანინოვი), ან ღრმა კავშირი
ჰქონდათ საქართველოსთან (გრიბოედოვი, ანდრეი
ბელი). საინტერესოა, რომ ნინო ყაუხჩიშვილი იყო
იტალიაში სკაუტების მოძრაობის პიონერი ჯერ კიდევ
მეორე მსოფლიო ომის წლებიდან, წარმოიდგინეთ,
პენსიაზე გასვლის შემდეგ, გარდაცვალებამდე იგი
ციხეში პატიმრებს წერის ხელოვნებას ასწავლიდა.
როგორც გითხარით, ქალბატონ ნინოსთან მილანში
სტუმრობის შემდეგ დავმეგობრდით და დროთა
განმავლობაში დავსახეთ მომავალი გეგმები. როგორც
თავად ამბობდა, სიცოცხლის ბოლო წლებში
არქეოლოგად იქცა, რათა იტალიაში მცხოვრები
ქართველები მოეძებნა და ასეც მოხდა, შემოიკრიბა
გულანთებული ქართველები, საქართველოზე
შეყვარებული იტალიელები და 2005 წელს მილანში
პირველად აღვნიშნეთ ნინოობა. ამ დღეს თითქმის
მთელ იტალიაში გაფანტულმა ქართველებმა მოიყარეს
თავი. მახსოვს, ქალბატონი ნინო სიტყვით რომ
გამოვიდა, თვალცრემლიანმა თქვა: ჩემი ცხოვრების
გამართლებად მიმაჩნია ქართულ-იტალიური
საზოგადოების დაარსებაო. და მართლაც, მოგვიანებით,
დავაფუძნეთ "სამშობლო გულით სატარებელი",
რომლის უმთავრესი მიზანი გახლავთ ქართული
კულტურის პოპულარიზაცია, ორ ხალხს შორის
კულტურული და მეგობრული ურთიერთობის
გაღრმავება, ქართული ენის შემსწავლელი უფასო
კურსების გახსნა მოზარდი ემიგრანტებისა და
დაინტერესებულ პირთათვის, ასევე იტალიური ენის
სწავლება ემიგრანტი ქართველებისთვის. ამ ხნის
განმავლობაში სამოცდაათზე მეტი მნიშვნელოვანი
ღონისძიება, კონცერტი თუ კონფერენცია ჩავატარეთ
იტალიის სხვადასხვა ქალაქში; მილანის
სალიტერატურო ჟურნალ „ა ორიენტესთან“
ერთობლივად გამოვეცით ამავე სახელწოდების
ასგვერდიანი ილუსტრირებული ორენოვანი ჟურნალი “
ა ორიენტე”, რომელიც მთლიანად ქართულ
კულტურას, ისტორიას და ლიტერატურას მიეძღვნა.
კონკრეტულად კი ჩვენი კულტუროლოგიური
საქმიანობა ამგვარად ხორციელდება: ღონისძიებებზე
ვიწვევთ ცნობილ იტალიელ მეცნიერებს, მწერლებს,
დოკუმენტალისტებს, ფოტოხელოვანებს, მოგზაურებს,
მთარგმნელებს, რომელთაც რაიმე წვლილი მიუძღვით
ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში, და
ამას ძალზე დიდ დატვირთვას ვანიჭებთ, ვინაიდან,
ერთია, როცა ჩვენ ვაქებთ ჩვენსავე კულტურას, მეორეა,
როცა ამას საქართველოზე შეყვარებული იტალიელები
აკეთებენ. თუმცა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება
ჩვენი საზოგადოების საქმიანობა. შეძლებისდაგვარად,
ვეხმარებით საავადმყოფოებსა თუ საპყრობილეში მყოფ
თანამემამულეებს; სამწუხაროდ, გვქონია შემთხვევები,
როცა გარდაცვლილი თანამემამულის გადასვენების
ხარჯიც შეგვიკრიბავს; ხშირად მიწევს მე პირადად,
რადგან კულტურათაშორის მედიატორად და ნაფიც
მთარგმნელად ვმუშაობ, კონსულტაციის გაწევა
ემიგრანტის უფლებებისა და მოვალეობის შესახებ,
სხვადასხვა სახის საბუთისა თუ ბლანკის შევსება,
თარგმნა, დამოწმება და ა.შ.

- თუ გრძელდება ამ ორგანიზაციის პერიოდული ორგანოს
გამოცემა და რა არის მისი თემატიკა? მისი დაფინანსება
შემოწირულობებით ხდება, თუ არსებობს რაიმე
ოფიციალური წყარო?

- სამწუხაროდ, უსახსრობის გამო პერიოდული გამოცემა
არა გვაქვს. ჟურნალი „ა ორიენტე“, როგორც უკვე
გითხარით, 2011 წელს გამოვიდა, მას შემდეგ ოთხჯერ
გამოიცა, მაგრამ ეს იყო საზოგადოების მიერ სრულიად
უსასყიდლოდ გაწეული შრომა. “სამშობლო გულით
სატარებელი” არავის არასოდეს არ დაუფინანსებია
(ხაზგასასმელად განზრახ ვუშვებ ტავტოლოგიას ) და
რასაც ვაკეთებთ, მხოლოდ ჩვენი საკუთარი ხარჯით და
თვისტომელთა მწირი შემოწირულობებით. სხვათა
შორის, დიდი ხანია, ვაგროვებ მასალებს ნინო
ყაუხჩიშვილის შესახებ და ძალიან მინდა, რომ
გამოვცეთ პატარა ბროშურა, რათა ქართულმა
საზოგადოებამ, ახალგაზრდებმა და რაც მთავარია,
ემიგრანტებმა გაიცნონ, როგორი თავმდაბლობით,
უხმაუროდ, რუდუნებით და უანგაროდ ზრუნავდა
თავის სამშობლოზე ეს მართლაც დიდებული
ქართველი. სამწუხაროდ, უსახსრობის გამო ვერც ამას
ვახერხებთ.

- რა ურთიერთობა გაქვთ იტალიის ქართულ
სათვისტომოსთან და საერთოდ იტალიაში არსებულ
დიასპორულ ორგანიზაციებთან?

- იტალიაში ერთიანი, უფრო სწორად, გაერთიანებული
სათვისტომო არ არსებობს, არსებობენ სხვადასხვა
ქალაქში მცხოვრები ქართველების ერთობები,
კულტურული საზოგადოებები, რომლებთანაც
აქტიურად ვთანამშრომლობთ, ჩვენს ღონისძიებებზე
ყოველთვის ჩამოდიან მანტოვის, ფლორენციის, რეჯო
ემილიის, ემპოლის, ბოლონიის და სხვა ქალაქების
სათვისტომოებიდან. მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს
ფლორენციის საზოგადოება „ჟალეთთან“ და
ერთობლივადაც ვაწყობთ ღონისძიებებს. ასე რომ,
გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, არ ვღალატობთ
ჩვენი პირველი თავმჯდომარის ნინო ყაუხჩიშვილის
ნაანდერძევს და ვცდილობთ, მთელ იტალიაში
დაქსაქსული ქართველები ერთი იდეითა და
სულისკვეთებით გავაერთიანოთ, ცხადია, ფიზიკურად
ეს შეუძლებელია, მაგრამ მე ხშირი სატელეფონო
კონტაქტი მაქვს თანამემამულეებთან და რაღაცნაირად
ვცდილობ თანამოაზრეები და ქვეყნის სასიკეთოდ
უანგარო საქმისთვის განწყობილი ადამიანები
გავაერთიანო.

- როგორია თქვენი ურთიერთობა იტალიაში
საქართველოს საელჩოსთან და დიასპორის საკითხებში
საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან?

- არაერთხელ მითქვამს იტალიაში, ჩემს გამოსვლებში,
რომ დიდი ბედნიერებაა ქვეყნისთვის, როცა მისი ელჩი
მხოლოდ კარგი დიპლომატი კი არ არის, არამედ
ინტელექტუალიც და ამიტომაც მეტი ყურადღებით
ეკიდება საკუთარი ქვეყნის კულტურის დივულგაციას
და ახლაც თამამად შემიძლია გავიმეორო, რომ
საქართველოს საელჩოს არცერთ დიპლომატიურ
კორპუსს ისე არ უზრუნია იტალიაში ქართული
კულტურის პოპულარიზაციაზე, როგორც ამჟამად
არსებულს. ბატონი კარლო სიხარულიძე -
საქართველოს ელჩი იტალიაში და მისი მრჩეველი
სოფო ქარცივაძე, ყოველთვის ყურადღებით
ეკიდებიიან ჩვენს ნებისმიერ ინიციატივას და ქმედით
დახმარებასაც გვიწევენ. რაც შეეხება დიასპორის
სახელმწიფო მინისტრის აპარატს, შემიძლია იგივე
გავიმეორო: საქმიან და გულისხმიერ
დამოკიდებულებას ვხედავ ჩვენდამი, თუმცა ყველა
თანამშრომელს არ ვიცნობ და თავს ნებას არ მივცემ
კატეგორიული აზრი გამოვთქვა. ვისურვებდი, რომ
უფრო მჭიდრო იყოს სათვისტომოებთან ურთიერთობა,
უშუალო და სისტემატური ხასიათის, რამეთუ კარგად
აწყობილი ბიუროკრატიული საქმიანობა, რაგინდ
მონდომებით ემსახურებოდეს დიასპორას, არ კმარა
საიმისოდ, შენი ემიგრანტი დაარწმუნო, რომ მისთვის
იღვწი, ამიტომ მიმაჩნია საჭიროდ მეტი სიახლოვე,
ხშირი შეხვედრები, ემიგრანტის სატკივარის ადგილზე
გაცნობა.

- რას იტყვით ელექტრონულ „დისპორულ ჟურნალზე“,
რამდენად საჭიროა იგი როგორც დიასპორისთვის, ისე
საქართველოს ქართველობისთვის?

- პირველ რიგში, ვიტყოდი, რომ კარგი ქართული
იკითხება და დღეს, ჩვენი ენის საყოველთაო
დაბინძურების ფონზე, ეს უკვე ბევრს ნიშნავს.
ვფიქრობ, საქართველოში მცხოვრები
მოსახლეობისთვის ეს ჟურნალი აუცილებელია, რათა
გაეცნოს მისი თანამემამულე ემიგრანტის ყოფას,
არცთუ დალხინებული ცხოვრება რომ აქვს უცხოობაში,
უპირველეს ყოვლისა კი, იმ გაზულუქებული ქმრებისა
და შვილებისათვის (ყველას არ ვგულისხმობ, ცხადია)
არის აუცილებელი, ვინც ემიგრანტი დედის მიერ
სიმწრით ნაშოვნ ფულს არხეინად ხარჯავს. ამიტომ მე
პირადად, გავზრდიდი ამ ჟურნალის ფორმატს და
დავამატებდი პერიოდულ რუბრიკას, რომელიც
ყოველგვარი შელამაზების გარეშე ასახავდა
ემიგრანტთა ცხოვრებას, მეტიც მივავლენდი
ჟურნალისტებს, რომ უშუალოდ გასცნობოდნენ
ემიგრანტთა სულიერ, ფიზიკურ, მორალურ ყოფას.
თავად დიასპორას კი ეს ჟურნალი წყალივით
სჭირდება, რადგან იღებს მისთვის საჭირო ბევრ
ინფორმაციას, ეცნობა მთელ მსოფლიოში გაფანტულ
თანამემამულეებს, მათ საქმიანობას და ეს, ერთგვარად,
სტიმულსაც აძლევს მათ.

- ხომ არა გაქვთ შენიშვნები ან რაიმე რჩევას ხომ არ
მოგვცემდით?

- შენიშვნას არა, მაგრამ სურვილი უკვე გამოვთქვი.
კარგია ჩატარებულ ღონისძიებებზე ინფორმაციას რომ
გვაწვდით, წარმატებულ ემიგრანტებს რომ აცნობთ
მკითხველს, ვიმეორებ, ეს ყველაფერი შესანიშნავია,
მაგრამ საქართველო არ დგას მათ მხრებზე,
საქართველოს არჩენენ ქართველი ემიგრანტი ქალები,
რომელთა უმრავლესობა მძიმე სამუშაოს ასრულებს და
იმათ უნდა მოვეფეროთ, ისინი არ უნდა დავკარგოთ და
ვაგრძნობინოთ, რომ ქვეყნის სრულყოფილი
მოქალაქეები არიან. ამიტომ, შემოვიტანდი რუბრიკას,
ერთგვარი ჟურნალისტური გამოძიების მაგვარს და
დავინტერესდებოდი ჩვენი ემიგრანტი ქალების ბედით,
ხშირად ტრაგიკულითაც. არ ვიცი, რამდენად
ცნობილია თქვენთვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა
შესახებ, იმ დამსაქმებელი ქართველი ქალების შესახებ,
ვინც ადგილობრივ მამაკაცებთან ერთად რაიმე
კულტურული საზოგადოების სახელს ამოფარებულნი,
სამსახურში დასაქმების სანაცვლოდ პირველ ხელფასს
იღებენ, მერე ერთ კვირაში დასაქმებულს
„აგდებინებენ“, რომ მეორისგან იმავე სახით ფული
აიღონ; ან ბანკიდან სესხის გამოტანის დახმარების
სანაცვლოდ პროცენტებს იღებენ, ანდაც სულ ერთი
უბრალო ბლანკის შევსებისათვის უამრავ თანხას
ითხოვენ (რასაც მე ხშირად სრულიად უსასყიდლოდ
ვაკეთებ); გსმენიათ ოდესმე, რომ სამუშაოდ წაყვანილ
ქალებს, ბევრს ერთად, ოთახში კეტავენ, საჭმელს
ამადლიან და წყლის ხარჯვას უკონტროლებენ? ამ
ყველაფრის გამოსავლენად შემოვიღებდი წერილების
თუ საფოსტო რუბრიკას, რომ თავად ემიგრანტებმაც
მოგაწოდონ ინფორმაცია, ასე ხომ უფრო
დაგვაახლოვებთ სამშობლოს. ბევრი ისეთი საკითხია
ქვეყანაში, ემიგრანტის აზრის გაუთვალისწინებლად არ
უნდა გადაწყდეს, აი, მაგალითად, მოქალაქეობის
საკითხზე ხომ შეიძლება ჩავრთოთ ემიგრანტებიც?
მაპატიეთ, ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის, ჩვენი
ემიგრანტების გულისტკივილია და ამიტომ ვაბობ ასე
თამამად.

- თქვენ იტალიაში უმასპინძლეთ პროექტის „ცოცხალი
წიგნები ემიგრანტებს“ ხელმძღვანელს ქეთი დუმბაძეს
და პროექტში მონაწილე პოეტებს. რას გვეტყვით ამ
პროექტზე, რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია
ამგვარი კონტაქტები ქართველი ემიგრანტებისათვის?

- შორიდან დავიწყებ: დღეს, საბედნიეროდ, სოციალური
ქსელის საშუალებით ემიგრანტებს საშუალება
გვეძლევა თვალი ვადევნოთ სამშობლოში მიმდინარე
მოვლენებს. ლამის მთელი ერთი წელი ინტერნეტით
„ფეხდაფეხ დავყვებოდით“ „ცოცხალ წიგნებს“, მერე
ტელეფონით ვუკითხავდით ერთმანეთს ჩვენი
საყვარელი პოეტების ლექსებს და თავისთავად გაჩნდა
დიდი სურვილი, იტალიაშიც გვეხილა ისინი.
მრავალრიცხოვანი ემიგრანტის მოთხოვნის
საფუძველზე წერილით მივმართეთ კულტურის
სამინისტროს მრჩეველს ქეთი დუმბაძეს, რომელიც
ჩვეული გულითადობით მოეკიდა ჩვენს თხოვნას და
ასე დააფინანსა კულტურის სამინისტრომ ეს პროექტი,
დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, ასევე, დიასპორის
საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა და
ქართული წიგნის ეროვნულმა ცენტრმა. მათი
თანადაფინანსების მეშვეობით გვეწვია ქალბატონი
ქეთი დუმბაძე და რვა პოეტი. მოვაწყეთ შეხვედრები
ბარის, რომისა და ფლორენციის სათვისტომოებში.
სამწუხაროდ, სხვა ქალაქებში ეს ვერ მოხერხდა და
ნაწყენებიც კი დაგვრჩნენ ჩვენი თანამემამულე
ემიგრანტები. უკვე მოგახსენეთ, რომ დიასპორასთან
ნებისმიერ კონტაქტს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს
თავად ემიგრანტებისთვის და სახელმწიფოსთვისაც.
მით უფრო, როცა საქმე პოეზიას ეხება, ვინაიდან,
საბედნიეროდ, ქართული პოეზიისადმი სიყვარული,
მძიმე ყოფის მიუხედავად, ჯერ ისევ იგრძნობა
ემიგრაციაში და შეიძლება გადაჭარბებულ
სენტიმენტალიზმად მოგეჩვენოთ, მაგრამ ვისაც თავისი
თვალით არ უნახავს, ვერც წარმოიდგენს, რა ხდებოდა
ამ შეხვედრებზე: ერთმანეთში ირეოდა ცრემლი,
სიხარული, აღფრთოვანება, ტაში, მოფერება, ლექსი,
სიმღერა, საყვედური - აქამდე სად იყავითო, მადლობა -
სამშობლო ჩამოგვიტანეთო... ასე რომ, თავად განსაჯეთ,
რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი ყველა
ჩვენგანისთვის.

- რა აზრისა ხართ დიასპორის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის აპარატზე, რამდენად საჭირო რგოლია იგი
საქართველოს ხელისუფლებაში?

- არ ვიცი, რამდენად მართებულია, თუგინდ,
კორექტულიც ჩემი აზრის გამოხატვა ამ საკითხის
ირგვლივ, მით უფრო, რომ ზედმიწევნით არ ვიცნობ
აპარატის საქმიანობას, მაგრამ რასაც მე შორიდან
ვხედავ, ის არის, რომ აპარატი ვერ იქნება სათანადო
სიმაღლეზე, რომ არ იყოს სათანადო სიმაღლეზე
მინისტრი, ის კი სრული პასუხისმგებლობით შემიძლია
ვთქვა, რომ ასეთი მინისტრი, როგორიც ბატონი გელა
დუმბაძეა, ემიგრანტებს ჯერ არ გვყოლია (მაპატიეთ,
რაღაც პირში ქებასავით გამომდის, მაგრამ ამას
ყველგან, ზურგსუკანაც ვამბობ, თან მარტო ჩემი აზრი
არ არის, ბევრი ემიგრანტი ამბობს ამას, და თუ
საქებარია, რატომ არ უნდა ვაქო, ხომ არ შეიძლება
მთავრობა სულ ლანძღო?!). გარდა ამისა, აპარატში
მეგულებიან მინისტრივით თავდაუზოგავი ადამიანები
- ზაალ სარაჯიშვილი და თამარ გამილაღდიშვილი და
ასეთი გულისხმიერი, ემიგრანტის ტკივილის
გამზიარებელი და გვერდში მდგომი სახელმწიფო
მოხელეებით დაკომპლექტებული აპარატი საჭირო კი
არა, აუცილებელია. ჩვენ, ემიგრანტებს უსათუოდ
გვჭირდება ისეთი ინსტიტუციონალური ორგანო
სამშობლოში, ვისაც დავეყრდნობით, ვისი იმედიც
გვექნება. მეტიც, მჯერა, ბატონი გელა თავისი
შემოქმედებითი (კრეატიული არ მინდოდა მეთქვა)
ნიჭითა და კარგი გუნდით მეტ და ახალ მექანიზმებს
აამუშავებს სახელმწიფოსა და ემიგრანტების კიდევ
უფრო დაახლოებისათვის.

- ხომ არაფერს დაამატებდით თქვენი მხრიდან, იტალიის
ქართულ დიასპორაზე, იქ მიმდინარე პროცესებზე,
განხორციელებულ კულტურულ ღონისძიებებზე და ა.შ.
გვესაუბრეთ ყველაფერზე, რასაც საჭიროდ მიიჩნევთ.

- მე მგონი, ჯობს, ამ აკორდით დავამთავროთ. დამატება
აღარ არის საჭირო.

- დიდ მადლობას გიხდით, ქალბატონო ნუნუ,
საინტერესო ინტერვიუსათვის. თქვენ ბევრ
მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. მადლობას გიხდით
ნამდვილად საჭირო და კეთილი რჩევებისათვის,
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის
აპარატისა და „დიასპორული ჟურნალის“ საქმიანობის
დადებითად შეფასებისათვის. გისურვებთ წარმატებებს
და კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის
განხორციელებას.

ბმული - http://diaspora.gov.ge/nd/wp-content/uploads/2016/06/journal-N6.pdf

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ნუნუ გელაძე - Nunu Geladze
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთარგმანებელთა და თარგმანთათვის-
Jump to: