არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მერაბ აბაშიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: მერაბ აბაშიძე   Sat Sep 10, 2016 11:03 pm



Merab Abashidze

მერაბ აბაშიძე (1 ივლისი, 1950 - 8 იანვარი, 2000)

დაბადების თარიღი: 1 ივლისი, 1950
გარდაცვ. თარიღი: 8 იანვარი, 2000 (49 წლის ასაკში)
კატეგორია: ექიმი, მწერალი
ბიოგრაფია
დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მწერალი მერაბ აბაშიძე დაიბადა 1950 წლის 1 ივლისს ქალაქ თბილისში.
საშუალო განათლება მიიღო 29-ე სკოლაში და სწავლა განაგრძო სამედიცინო ინსტიტუტში, რომელიც 1975 წელს დაამთავრა.
მერაბ აბაშიძე წერდა ლექსებს, მოთხრობების წერა 19 წლის ასაკში დაიწყო. პირველი მოთხრობაა „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“, მას მოჰყვა „პოეზიის ხანძრის ქალიშვილი“, „წყალში გადაყრილი მიხაკები“.
მწერლის მოთხრობები პირველად ჟურნალ „ცისკარში“ დაიბეჭდა და დიდი რეზონანსიც გამოიწვია, შემდგომ ჟურნალ „მნათობში“, „მერანში“.
სხვადასხვა დროს გამოცემულია მწერლის ნაწარმოებები – „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“, „ცეროდენა ანგელოზი“, „ჯვარი“.

მოთხრობები თარგმნილია რუსულ ენაზე.

მწერლის შემოქმედების მიხედვით გადაღებულია სამი ფილმი – „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“, „სერაფიტა“, „მეთევზე“; დადგმულია სპექტაკლები და რადიო-სპექტაკლები.

2001 წელს გამოიცა ორტომეული, რომელშიც მერაბ აბაშიძის სრული შემოქმედებაა თავმოყრილი.

მწერლის მოთხრობა „აქეთ მაშხლები, კვაზიმოდო!“ შესულია ქარჩხაძის გამომცემლობის გამოცემულ წიგნში – მე-20 საუკუნის ქართული მოთხრობის ანთოლოგია.
მერაბ აბაშიძე გარდაიცვალა 2000 წლის 8 იანვარს.

ბიბლიოგრაფია
ჯვარი : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1997. - 135გვ.
ცეროდენა ანგელოზი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1989. - 139გვ.
ზარის ხმა შუაღამისას (ავტორი). - თბილისი, 1988. - 38გვ.

ბმული -
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001089/
* http://www.geocinema.ge/ge/scenari.php?kod5=276


Last edited by Admin on Sun Sep 18, 2016 11:09 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   Sat Sep 10, 2016 11:13 pm

რუსუდან გაბროშვილი

განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით

2002-05-31


ორი წლის წინ, 2000 წლის 8 იანვარს გარდაიცვალა 49 წლის მწერალი მერაბ აბაშიძე. ეს ამბავი, სამწუხაროდ, მისი შემოქმედების ბევრ თაყვანისმცემელსაც კი არ შეუტყვია, ანდა მხოლოდ დაგვიანებით თუ გაიგო - ესეც დროის მორიგი "სიურპრიზია" - ბოლო ათწლეულის სულიერებაგამოცლილმა ყოფამ ზოგი ფიზიკურად მოსპო (რომ არც გაგვიგია და ვერც დავიტირეთ!), ზოგს კი სული გაუნარეკლა. "თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი"...

მერაბ აბაშიძე სიცოცხლის ბოლო პერიოდში უკვე იმდენად იყო დაუძლურებული, მისი ლანდიღა დადიოდა, სულიღა იყო... ნაინფარქტალმა გულმა ვეღარ გაუძლო სასტიკ დროს, სასტიკ ზამთარს და ყველაფერს წერტილი დაუსვა. მწერალთა ამქარს გამოაკლდა ერთი უცნაურად ნიჭიერი კაცი - მაღალი, რიხიანი, გვემული, მაგრამ ამაყი, ღმერთთან და ეშმასთან მებრძოლი რაინდი. ეს სიტყვები რომ ცარიელი პათეტიკა არ არის, ბევრი დამეთანხმება.

მერაბ აბაშიძეს სულ 6 წიგნი აქვს გამოცემული. აქედან 5 სიცოცხლეშივე მოასწრო. მეექვსე კი სულ ახლახან დასტამბა გამომცემლობა "აჭარამ" (დირექტორი დავით თედორაძე). ეს გახლავთ მწერლის ორტომეული. მასში თავმოყრილია მერაბ აბაშიძის შემოქმედების სრული სპექტრი - პირველი ლექსიდან თუ მოთხრობიდან დაწყებული ბოლო სტრიქონამდე.

- ამ ჩემს კვაზიმოდოს გადააკვდნენ, თითქოს იმის მეტი არაფერი დამეწეროსო, - იტყოდა ხოლმე ხუმრობანარევი სინანულით. ისე კი, თავადაც უყვარდა იგი. 19-20 წლისა იყო, როცა "აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!" და "პოეზიის ხანძრის ქალიშვილი" დაწერა. დაბეჭდვით კი, უკვე 26 წლისას, 1978 წელს გამომცემლობა "საბჭოთა აჭარამ" დაუბეჭდა ისინი. საოცარი დამთხვევაა - პირველიც და ბოლო წიგნიც ბათუმმა გამოსცა.

რაც შეეხება თბილისს, აქ ცოტა არ იყოს, გაძნელდა საქმე. მერაბის მოთხრობები წლების მანძილზე "გაყინული" იყო "ცისკრის" რედაქციაში, რასაც იგი მტკივნეულად განიცდიდა. ბატონ რეზი თვარაძეს წააკითხა ისინი, რომელმაც ძალიან მოიწონა, 1984 წელს, როგორც იქნა, კრიტიკოს გურამ ასათიანის "გზის დალოცვით" დაიბეჭდა. ასეთი ლიტერატურული "ნათლობა" ბევრს არ ხვდომია წილად.

გურამ ასათიანი წერდა: "ახალი, ნამდვილად საინტერესო პიროვნების შემოსვლა ლიტერატურაში მძაფრად აღიქმება დამხვდურთა მიერ.

დაახლოებით ისეთი გრძნობაა, როცა კარგად მილაგებული, მყუდრო ოთახის კარი გაიღება და ვიღაც, წვიმაში გაწუწული, შემოაბიჯებს ტალახიანი ფეხებით, რომელიღაც ძვირფას ნივთს გამოედება, ყველაფერს ააწრიალებსირგვლივ და უცერემონიოდ, სულ სხვა კილოთი ჩაებმება ოთახში მყოფთა საუბარში".

გურამ ასათიანს თავის წერილში ჰქონდა შენიშვნებიც, მითითებებიც. ერთი რამ უდავო გახდა. იმ დროისათვის მერაბ აბაშიძე ახალი ლიტერატურული ესთეტიკის დამამკვიდრებელი იყო. იგი აუჯანყდა საყოველთაო სიყალბეს - ხელოვნებაში, ღმერთთან მიმართებაში, ზნეობაში თუ ჩვეულებრივ, ადამიანურ ყოფაში, ლამაზ, მაგრამ ყალბ კეთილშობილებას მახინჯი სიმართლე დაუპირისპირა და მისი რეაბილიტაცია მოახდინა... "შეინახეთ მკერდი კაბის ქვეშ, სულით კი ოქროს საპირფარეშოს კედლები წმინდეთ" - წერდა იგი.

მისი პირველი მოთხრობა "აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!" თვით ჰიუგოს კვაზიმოდოსაც კი უპირისპირდება თავისი სითამამით, ბრძოლის უნარით, ირონიით - ამ უტყუარი იარაღით, რომელსაც მერაბ აბაშიძე ბრწყინვალედ ფლობდა თავის მწერლურ სამყაროში. იმ დროისათვის ამგვარი გაბედულება, რა თქმა უნდა, ბევრისთვის მიუღებელი იყო.

არსებობს აზრი, რომ მერაბ აბაშიძე ტრაგიკული პიროვნება იყო. სად არის ამის სათავე? დედამისი, ქალბატონი ლილი თაყაიშვილი იხსენებს, რომ მერაბს ჯერ კიდევ მოსწავლეობისას მოუწია არსებულ რეჟიმთან შეხლამ. მე-9 კლასში ყოფნისას (თბილისის 29-ე სკოლაში სწავლობდა) ოლიმპიადაზე გამოიყვანეს და "კომკავშირული დაკვეთით" დაწერილი ლექსი წააკითხეს თურმე. ის კი წაიკითხა, მაგრამ პროტესტის ნიშნად, საკუთარი ინიციატივით, პატრიოტულიც მიაყოლა. ამის გამო დიდი საყვედური მიიღო ადმინისტრაციისაგან.

უცნაური ბედი დაჰყვა. 17 წლისა იყო, სამედიცინო ინსტიტუტის პირველკურსელი (იგი პროფესიით ექიმი-რენტგენოლოგი გახლდათ!), საკონკურსოდ წარდგენილ 150 ლექსში მერაბის ლექსი საუკეთესოდ სცნეს და სატელევიზიო ჩაწერაზე მიიწვიეს. მან იქ სულ სხვა ლექსები წაიკითხა თურმე: ერთი - საქართველოზე ("დედის რძიდან რქაწითელზე გადავდიოდით") და მეორე - ტიციან ტაბიძეზე, რასაც იმ გადაცემის რედაქტორი შეეწირა, ხოლო მერაბი ცეკაში დაიბარეს "გასასაუბრებლად". რამდენიმე დღეში ტიციანის რეაბილიტაციაც მოხდა. ეს პერიოდი იყო მაშინ... აქედან დაიწყო მისი სულიერი კრიზისი. იგი ბავშვობიდანვე ძალზედ მგრძნობიარე, ფაქიზი სულის იყო თურმე.

ამ ეპიზოდებით არ დასრულებულა მისი ახალგაზრდობის ჭექა-ქუხილილ. მთავარი წინ ელოდა... 70-იანი წლების დისიდენტურ ჟურნალში "ოქროს საწმისი" მერაბ აბაშიძის მოთხრობა დაიბეჭდა, რომელიც ზვიად გამსახურდიას ეძღვნებოდა. ამის გამო უშიშროების კომიტეტში დაიბარეს და მკაცრად გააფრთხილეს, რომ აღარ ჩაედინა ამგვარი საქციელი.. თუმცა, მარტო გაფრთხილება არ აკმარეს - დაიწყო მისი თვალთვალი, დევნა სუკის აგენტების მიერ. ერთხელ სახლშიც კი მიაკითხეს. ყოველივე ამან მერაბი დეპრესიაში ჩააგდო, ჩაიკეტა.

ქალბატონმა ლილიმ, ყველასგან ფარულად, უშიშროების კომიტეტს მიაკითხა, სადაც მისი თანაკლასელი მუშაობდა და მერაბის მდგომარეობაზე შესჩივლა. მან თურმე "დაამშვიდა", - არ გვინდა გზას ასცდესო, და ახალგაზრდა მწერლის მიმართ გამოჩენილი "ყურადღება"მასზე ზრუნვით ახსნა; თანაც, მერაბის წიგნის გამოშვება შესთავაზეს, რაზეც ქალბატონ ლილის კატეგორიული უარი განუცხადებია - ეს საკითხი ლიტერატორთა საზოგადოებაში უნდა გადაწყვეტილიყო, რისი დროც, მჯეროდა, დადგებოდაო.

...ბუნებით მორიდებული იყო მერაბი. არასოდეს უსარგებლია ზვიად გამსახურდიასთან ძველი მეგობრობით და არაფერი უთხოვია მისთვის პრეზიდენტობის დროს. ასეთი იყო მეგობრებთანაც, ოჯახის წევრებთანაც: რამდენადაც შემოქმედებაში მეამბოხე, იმდენად ცხოვრებაში - დამთმობი. სამედიცინოზეც მშობლების ხათრით ჩააბარა, თურმე. თავისი პროფესიით ძალზე მცირე ხანს იმუშავა... მისი მთავარი საქმე მწერლობა იყო. ოჯახსაც მხოლოდ ჰონორარით არჩენდა.

გარდაცვალებამდე ათი წლით ადრე ინფარქტი გადაიტანა. ზუსტად მაშინ დაიწყო ის საშინელი წლებიც: მატერიალურად ძალიან გაუჭირდათ. მისი მეუღლე - ელზა უმუშევარი დარჩა, მერაბის ჰონორარმაც იკლო. ერთადერთი, მერაბის ძმით ედგათ სული. ბოლო დროს, თურმე, ძირითადად იწვა - ლოგინში წერდა, კითხულობდა. სიცივის გამო ასე მიეჩვია და მერე უკვე სხვაგვარად აღარც შეეძლო. ყველაზე მეტად მაინც მარტოობას განიცდიდა. მეგობრების აუდიტორიის უქონლობას, რითაც ერთდროს განებივრებული იყო. პირველად ვოვა სიხარულიძე, შემდეგ ბადრი ჭოხონელიძე გარდაიცვალნენ, რამაც დიდი სიცარიელე დაუტოვა; ნათელა წამალაიძე საბერძნეთში წავიდა; ბოლო დროს მხოლოდ მელანო კოპაძე, მაკა ჯოხაძე და მისი მეუღლე, აკაკი მინდიაშვილი ეხმიანებოდნენ. ძალიან რელიგიური გახდა - ყოველდღე ლოცვებს კითხულობდა. სანამ შეეძლო, სიონში დადიოდა, შემდეგ - ლურჯ მონასტერში. ბოლო პერიოდის ლექსები მთლიანად მისტიკაა... მიწიერ ყოფას განრიდებული, სიკვდილზე ფიქრი დაღმერთთან შერიგება:

სულით და ხორცით
უფლისკენ ვილტვი,
მიწიერ ყოფას
სული დასცინის!
ო, სული ჩემი, უკვდავი სული,
ირგვლივ სიბნელე - სიჩუმე სრული,
ირგვლივ - ფერმკრთალი
შუქი ყვავილთა,
გონი მაღალთა შინა აღვიდა!
... ვდგავარ მდუმარი,
ჩამოყრილ ფრთებით,
და არც კი ვიცი, -
ვცოცხლობ თუ ვკვდები!
სულში მშფოთვარე
შრიალებს ქარი,
იხურება და იღება კარი,
მე, ალბათ, მალე გავაღწევ გარეთ...

- ეს მისი უკანასკნელი ლექსის სტრიქონებია.

...7 იანვარს დილით თავი დაიბანა და გარეთ გავიდა. ქუდს არასოდეს იხურავდა. რომ დაბრუნდა, ჩაწვა - ტანში მაჟრიალებსო. იმ ზამთარს მთელი ქალაქი რაღაც საშინელი ვირუსით იყო შეპყრობილი. ღამით ტემპერატურამ 40 გრადუსამდე აუწია. წამალი მისცეს. შუაღამისას სიცხემ დაუკლო, დაუძახა მეუღლეს და უთხრა: მე თუ რამე დამემართოს, არ დაიბნე, არც შეგეშინდესო. თითებზე პუნქტებად ჩამოუთვალა, რაც უნდა გაეკეთებინა. გული სიკვდილის მოახლოებას უგრძნობდა. მეორე დღეს დათომ - ძმამ მოაკითხა. წამლები მოუტანა. ისაუბრეს. მისი წასვლის შემდეგ უთქვამს, - ახლა წავუძინებო. 5 საათი იყო დაწყებული. წამლის დალევის დრო ჰქონდა. იფიქრეს, შევაღვიძებთო. ცოცხალი აღარ დაუხვდათ... ისევ თბილი კი იყო.

დადუმდა მეგობრების, ახლობლების "მაღვიძარა". დილის ძილს აღარავის დაუფრთხობს მისი ტელეფონის ზარი, - მე რომ მოვკვდები, ჩემი შესანდობარი ყავის დიდი ჭიქებით დალიეთო, - ასეთი ორიგინალური "ანდერძი" დაუტოვა მეგობრებს. ...კიდევ ბევრი რამ, რაც ნელ-ნელა ითქმება და ხშირად შეგვახსენებს თავს, როგორც მისივე სტრიქონები, რომელსაც ხშირად გვიკითხავდა მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს:

"განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით და შეაბიჯე ტანჯვასა შინა... ნუ შეგაშინებს ცეცხლის ტკაცუნი და ნუ შეგაკრთობს უხილავის კვნესა და გმინვა... განაღე კარი და განიბანე ცეცხლში, რომელიც დიდხანს გელოდა, და განინათლე სული წყვდიადში, ყოვლის განმჭვრეტი, მაღალი სული! იყავ ნათელი ამ უზღვავ ბნელში და მალე იგრძნობ, - უკვალოდ ქრება ყოველი, გარდა სიყვარულისა! ქარში დაშლილი ვარდის ფურცლებად გადაეფანტე იისფერ მინდორს, გახდი უფალი საკუთარ თავის, რათა კუთვნილი სამყარო ზიდო! დაიცხრე რისხვა! მოთოკე ვნება! დამალე ცრემლი! ღმერთი იყავი! რახან გაბედე ეშმასთან შებმა, არ გაიკეთო ყალბი ნიღაბი! ო, ვნება შენი, ვნება ხელოვნის, უზარმაზარი ყოვლისდამნთქმელი, სევდანი შენნი, უსაშველონი, წარიხოცება, როგორც ფანტელი, წარიხოცება, როგორც უმწეო და უსუსური ნისლი დილისა, ჰოი, სინათლევ ბნელის ქაოსში! მშვენიერებავ, ნათლის სხივისა! განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით და შეაბიჯე ტანჯვასა შინა!"

ბმული -
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=57&y=2002&art=9469


Last edited by Admin on Sun Sep 11, 2016 12:20 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   Sat Sep 10, 2016 11:26 pm




მერაბ აბაშიძე

აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!


ნელა ავუყევი აღმართს...

მზე ჩადის...

ცივა...

პალტოს საყელო ავიწიე... (ვერც ამან მიშველა).

თავბრუ მესხმის...

ხელები მიცახცახებს...

არ იქნა და ის უცნაური გრძნობა ვერ მოვიცილე...

ვგრძნობ, რომ საცაა გადმოსკდება ამდენ ხანს დაგუბებული და დაგროვილი...

ყელი მიშრება...

ეს რა არის?

მეხდაცემულივით გავშეშდი!

გზაზე მთვრალების ხორხოცი ისმის.

ფრთხილად მივიპარები და არემარეს ვზვერავ.

გული უცნაურად მომეწურა და შემიფართქალდა!

ანდრო და მისი ამხანაგები!

წელმოწყვეტილი მივბრუნდი უკან და ხეს ამოვეფარე.

ველოდები, სანამ ჩაივლიან...

ისინი კი, ეტყობა, ჯერჯერობით არსად არ აპირებენ წასვლას;

რა ვქნა? გავიქცე, გავარღვიო ეს ბრბო და... პირდაპირ სახლისკენ... თუ?

თუ რა?

რომ ჩამავლონ?

მიმასიკვდილებენ!

ჯანდაბას! მიმასიკვდილონ... წამლიანი ბოთლი რომ გატყდეს?

ვერც კი ვიგრძენი, ისე ჩავცურდი ხეს მიყრდნობილი და პირდაპირ ტალახში ჩავჯექი. წამლის ბოთლი წინ დავიდე და გაყინული თვალებით ვუყურებ.

- "ცუდად ვარ" აფარფატდნენ ჰაერში მომაკვდავი ბგერები - "ძალიან ცუდად".

თავი გადავწიე და ცას მივაშტერდი...

სპილენძისფერ ცას ვარდის ბუჩქივით შელეკოდნენ ჩამავალი მზის შუქში გახვეული ღრუბლები.

გალაკტიონის ლექსი გამახსენდა.

შენი ცხოვრება არის ბუჩქი,

ჩამოფლეთილი ყოფნის კარამდის.

სადაც სიკვდილი და სადაც ჭუჭყი

განუყოფელად მიდის მარადის...

შენი ცხოვრება, - ვით შემოდგომა

არასდროს აღარ დაიზამთრება...

აცივდა და შენს გარშემო დგომა

ახლა არავის არ ენატრება...

შენი ცხოვრება ღონემიხდილი

არის ტალახი, ბოსელი, ქართა,

რისთვის გაშინებს, მითხარ, სიკვდილი,

თუ არვინ მოვა, სიკვდილის გარდა?

ვიცი, თუ როგორ გადიხარხარებს,

როცა გაიგებს სიკვდილის ხველას,

შენი ცხოვრება არვის ახარებს...

შენი სიკვდილი ახარებს ყველას.

ღაპაღუპით გადმომცვივდა ცრემლები, წამალი ავიღე და გულზე მივიხუტე. ჯერ ჩუმად ვტიროდი, მერე უცებ ხმამაღლა, გულამოსკვნით ავქვითინდი.

წამოვდექი.

ჩემთვის ახლა ყველაფერი სულ ერთი იყო.

ბარბაცით ავუყევი აღმართს.

აი, გამოჩნდნენ მთვრალი, დამცინავი ღიმილით დაბრეცილი სახეები.

ერთბაშად ყველამ შეწყვიტა ხორხოცი და მე მომაშტერდა...

მაღლა აღვმართე წამლიანი ბოთლი!

- ნინკა! - ვამბობ ჩახლეჩილი, გაბზარული ხმით და ვქვითინებ. - გამატარეთ ბიჭებო... გატყდება ბოთლი... ნინკა ცუდად არის! ძალიან ცუდად... გამატარეთ... ძალიან გთხოვთ!..

აღარ შეგაწყენთ თავს ფუჭი ყბედობით.

გამოვტოვებ რამდენიმე ფურცელს ჩემი ისტორიიდან.

ისე, თუ გაინტერესებთ, მოკლედ მოგახსენებთ, როგორ განვითარდა მოვლენები თუმცა ჭკვიანი მკითხველი ისედაც მიხვდება, როგორ შეტრიალდებოდა საქმის ვითარება.

ანდრო, რა თქმა უნდა, "ჩახვდა" რაღაც-რაღაცეებს, "გჰული მჰოულბა", ჩემმაიმდღევანდელმა მოქმედებამ აღძრა მის არსებაში კეთილშობილური ჰიმ... პუჰ... ლსე... ბი დაჰ... დავ... ძმა... კაც... დით!

მკითხველი, ალბათ, ფიქრობს, რომ ვაჭარბებ, როცა ასეთი აგდებული ტონით ვყვები, მაგრამ ეს ნერვიულობის ბრალია.

ახლა შევიხედოთ ოთახში, სადაც მე და ანდრო ვზივართ (უჰ! ბოდიში, პატივცემულო კონსტანტინე, - ვსხედვართ).

ღმერთო კი მომკალი... ეს რა არის... ჰა?

რამდენი ვუტრიალე ამ ოხერ ოთახს და ვერსად ჭუჭრუტანა ვერ ვუპოვე.

კარი კიდევ ისე მაგრადაა ჩაგმანული, რომ... ფჰიუეეე... კაი ქურდიც ვერ გააღებს...

ჯანდაბას, ისევ მოგიყვებით:

ჩვენი დამეგობრება იმით დაიწყო, რომ მეორე დილას ანდრო თვითონ გვეახლა, ავადმყოფი მოინახულა, მერე გვერდითა ოთახში გამიყვანა და მითხრა - თუ რამე დაგჭირდეთ, ჰა ჩემი კისერი და თქვენი ხმალიო.

ამის შემდეგ ჩვენი ხშირი სტუმარი გახდა.

მკითხველისათვის, ალბათ, საინტერესოა, მოვახსენო ამ ურთიერთობის შესახებ.

ე.ი. დამეგობრდნენ მტარვალი და მსხვერპლი...

რა გინდ სათნო და კეთილშობილი არ უნდა გახდეს მტარვალი მსხვერპლის მიმართ, როგორც არ უნდა ეცადოს ძველი შეცდომების გამოსწორებას, მაინც დიდ ტკივილებს აყენებს ტანჯულს, რადგან ამ უკანასკნელის თავმოყვარეობას მისდამი ეს თბილი, მამაშვილური დამოკიდებულება წარსულ წამებზე ნაკლებ როდი აღიზიანებს.

თანაც, მაყურებლის თანდასწრებით ხომ სულ უფრო ეწეწება და ეძაბება ნერვები.

(მაყურებელი - ნინკა გახლდათ).

ბატონებო! რომ გეყურებინათ ჩემი საცოდაობისთვის...

მკითხავდა რამეს ის ვირიშვილი ალერსიანად და... ჰაჰ! ხელად დაფეთებით ვუყურებდი თვალებში, ვეგრიხებოდი, ვეპრანჭებოდი, ფინიასავით ვწკავწკავებდი, მკერდზე ვახტებოდი თათებით (თან მეშინოდა, მისი ახალთახალი კოსტუმი არ დამესვარა), ხანდახან ვებუტებოდი...

მაშინ ის ძვალს მომიგდებდა, თავზე ხელს გადამისვამდა, ქეჩოს მომფხანდა და მეც ვმშვიდდებოდი და ისევ მორჩილად შევყურებდი თვალებში.

ჰო... ერთი სასაცილო ამბავი გითხრათ... გივი ეჭვიანობდა...

და რაზე?

ეგონა, რომ ანდრო ნინკას სანახავად მოდიოდა ხოლმე (ისაა. ნინკას და ანდროს ამბავი მაინცდამაინც არც მე მომწონდა. ნამეტანი ხშირად ისხდნენ ცალკე და რაღაცას ტკბილად ჭუკჭუკებდნენ).

თუმცა, რა მეგივიებოდა და მენინკებოდა, ისე ვიყავი ჩემი ახალი მეგობრით გატაცებული. მთელი ჩემი ფიქრები მისკენ იყო მიმართული.

იმდენს საყვარელ ქალზე არ იფიქრებს, ალბათ, კაცი, რამდენსაც მე იმაზე ვფიქრობდი.

საწყალი გივი!

მოვიდოდა, ჩამოჯდებოდა სკამზე და გვიყურებდა.

სცენები იყო! ჰო და ჰო!

თეატრებში რომ ასეთი სპექტაკლები იდგმებოდეს, ზღვასავით მიაწყდებოდა ხალხი.

ჰოდა... ჩემო პელაგიე, ქეც მიხაროდა შინ ყოფნა და ქეც ვგიჟდებოდი...

ანდროს, ეტყობა, მაინცდამაინც არ სიამოვნებდა მისი იქ ყოფნა და იგესლებოდა, მაგრამ გივი მაინც ერთი წუთით არ გვცილდებოდა განუყრელ სამეულს.

ერთი სიტყვით, ანდროს გარდა, ყველანი ადუღებული კუპრით სავსე ქვაბში ვიჯექით.

ვიწოდით, მარა... ვიცინოდით და კაცს, რომელიც ფიჩხს უმატებდა კოცონს, ხელებს ვულოკავდით.

თქვენ, ალბათ, მკითხავთ, - ნინკა რაღაზე იხრაკებოდაო?

რაზე და იმაზე, რომ ანდროს სიტყვაზე თუ შემოხედვაზე ისიც ჩვენსავით წითლდებოდა და ფერადდებოდა...

ბოლოს გივიმ გადაწყვიტა, ხმა აემაღლებინა არსებული წესწყობილების წინააღმდეგ.

იმჟამად შინ არ ვიყავი. როცა სახლში მივედი, ნინკა ტახტზე ჩამხობილიყო და ქვითინებდა.

ირგვლივ ყველაფერი ყირაზე იდგა.

- რა მოხდა?

არაფერი მიპასუხა.

უხმოდ გავედი სამზარეულოში, ჩამოვხსენი კედელზე ჩამოკიდებული პატარა ხორცის საკეპი ნაჯახი და კართან მივედი.

ნინკა წამოდგა და...

- ვთხოვდებიო, - მითხრა.

გავშეშდი...

- ვიზე? - ამოილუღლუღა "ვიღაცამ".

- ანდროზე!

აღგზნებული იყო. თვალები უცნაურად უბრწყინავდა.

გაოგნებული მივედი და გვერდით მივუჯექი.

- ეს რაა? - მივუთითე დამსხვრეულ ავეჯზე და დაბდღვნილ საბნებსა და ბალიშისპირებზე.

ისევ ტირილი წასკდა.

- იჩხუბეს! - ამოიღნავლა.

- მერე?

გულზე მომეყრდნო, ერთიანად ცახცახებდა.

- მერე?

- საწყალი გივი!..

ეს იყო და ეს.

ორ კვირაში იქორწინეს კიდეც.

ძალიან მინდოდა ხელის მოწერას დავსწრებოდი, მაგრამ ანდროს და ნინკას შევატყვე, რომ მაინცდამაინც არ ესიამოვნებოდათ ჩემი იქ ყოფნა, ასე რომ... ავდექი და იმ დღეს საერთოდ არ გამოვჩენილვარ.

(ჰო, მართლა... - არ დაგავიწყდეთ, მთელი ეს ხანი თითქოს სიზმარში ვიყავი). ვერ წარმომედგინა, - ნინკა და ანდრო - ცოლ-ქმარი. ნინკა - ანდროს მიერ შეცდენილი და მიგდებული - კიდევ ჰო, მაგრამ - ნინკა მისი მეუღლე? ეს ნამდვილად გადასარევი რამ გახლდათ... მაგრამ მე მაინც არ გადავრეულვარ და ხელის მოწერის დღეს გივისთან ავედი.

ერთი გენახათ, რას გავდა.

ეტყობა, ამ ორი კვირის განმავლობაში, რაც ჩვენი სახლიდან შინ ნაჟეჟი მიბრუნდა, ტანსაცმელი არ გამოეცვალა. თვალები ამოლურჯებული ჰქონდა, თავი შეხვეული, გახეთქილ ღაწვზე იოდი წაესვა.

- როგორა ხარ?

არაფერი მიპასუხა, წავიდა და პატარა ტაბურეტზე ჩამოჯდა.

- ჰა, რა ცხვირი ჩამოუშვი, - ვცადე გამემხნევებინა.

დუმდა. მერე ნაცემი ძაღლივით ამომხედა, მომაკვდავი კაცის ღიმილით გამიღიმა, საჩვენებელი თითი სახეზე დაიდო და...

- ხედავ, რა მიქნაო, - ამოიხრიალა.

- რა მოხდა, შე კაცო, - დავამშვიდე, - ისე, რატომ მოგივიდათ ჩხუბი?

გაბრაზებულმა შემომხედა, ხელი ჩაიქნია, რაღაც ჩაიბურდღუნა.

- ჰა... ამოღერღე... (ვითომ არ ვიცოდი).

- დიდი უთავმოყვარეო კაცი ხარ! - დაიღრინა უცებ.

ჩავიცინე.

- რა გაცინებს შე...

- ჰმჰ... დაამთავრე!..

წამოდგა, ზიზღით ამათვალიერა, ... დაჰ! ისევ ტაბურეტზე დასკუპდა.

- მართლა... - (არ ვიტყოდი, მაგრამ ამ შემოხედვამ საშინლად იმოქმედა) - ქორწილში ხომ არ წავსულიყავით?

... წარბშეკრულმა შემომხედა.

მაგიდასთან მივედი, სიგარეტის კოლოფი ავიღე, ერთი ცალი გამოვაძრე, პირში გავირჭე, მოვუკიდე, გავაბოლე... ფჰიუ-მეთქი!

- ჰა... (რაღაც სადისტური გრძნობა დამეუფლა, თუმცა, რა გასაკვირია, სადიზმი დაგემართოს კაცს ჩემს მდგომარეობაში) - რას იტყვი, ხომ არ წავსულიყავით?

- ვის ქორწილზე? - ხრინწიანი ხმით იკითხა.

- ჩემი დაიკოსი და ანდროსი...

გაოცებით შემყურებდა.

- რა იყო? - ვკითხე და მის წინ ჩავიცუცქე.

- ...

- რაო, რას მომაშტერდი? რა გეგონა აბა, მეძავი იყო ნინკა, თუ როგორ? უყვარდათ ერთმანეთი, მაშ! უყვარდათ!

- ...

- რა მოგივიდა? - ვკითხე შეშინებულმა, როცა დავინახე, როგორ ჩაეტეტკა უეცრად სახე და მიცვალებულს დაემსგავსა.

- რა დაგემართა? - ვუმეორებ!

- რა დაგემართა! - ვყვირი!

ის კი ზის...

თავით ფეხებამდე ცახცახებს...

უცებ წამოვარდა, საყელოში ჩამავლო ხელი და მაგრად შემაჯანჯღარა... მინდა, თავი გავითავისუფლო, მაგრამ ისე ჩამბღაუჭებია, რომ განძრევის საშუალება არა მაქვს... კბილები საზარლად დაუკრეჭია და ახრჭიალებს, ხროტინებს... იხრჩობა...

- რა მოგივიდა? - ვჩურჩულებ ათრთოლებული. ხელს მიშვებს.

- წადი! - მეუბნება.

უხმოდ მივდივარ.



* * *

ორი დღის შემდეგ გავიგე, გივიმ თავი მოიკლა.

ორლულიანი თოფიდან გამოვარდნილი ჟაკანი წერტილივით დაესვა მის ხანმოკლე სიცოცხლეს.

და მართლაც, თვითმკვლელების სიცოცხლე რაღაცით მაგონებს ლექსის სტრიქონებს.

ახლა ერთი სასაცილო ამბავი გითხრათ:

ჩემს მეგობარს სიკვდილის წინ ბარათი დაეწერა, რომელიც აღელვებულს იმავე ლოგინზე დაეგდო, სადაც შემდეგ წამოწოლილიყო და თავი მოეკლა. სასამართლო ექსპერტიზამ მხოლოდ ერთი სიტყვის წაკითხვა შეძლო - "ძვირფასო"... დანარჩენი სისხლში მოთხვრილიყო.

როცა ეს ამბავი გავიგე, ჩემმა ავადმყოფურმა გონებამ იმ წუთშივე წარმოიდგინა, როგორ მოჭმუჭნიდნენ საქმისათვის გამოუსადეგარ ქაღალდს და ფანჯარაში მოისროდნენ.

იმ დღეს, ალბათ, ქარი იქნებოდა...

აფარფატდებოდა ქარში უკანასკნელი განწირული გოდება, აილუფხებოდნენ სისხლში მოთხვრილი ბგერები და ჰაერში მორიალე ყვითელი ფოთლები ერთმანეთში...

გაბრწყინდებოდნენ უჩვეულოდ...

წამოვიდოდა ციცინათელების წვიმა და ლაჟვარდოვან შარავანდედად დაედგმებოდა მათგან წამოსული სინათლის სხივებისაგან დაწნული გვირგვინი ჩემი მეგობრის გამხმარ სხეულს, რომელიც - მოკრუნჩხული და გაშეშებული, - ყინულის ქანდაკებასავით იწვა დიდი ქალაქის რომელიღაც ჭუჭყიან, შავ პროზექტურაში.

* * *

გამოხდა ხანი (ძველი მემატიანის თქმისა არ იყოს).

ანდრო ჩვენთან დაბინავდა.

სახლში მამამისს სამი რძალი ეჯდა... ასე რომ, ჩვენი სენაკი არჩია.

თუმცა... რატომ სენაკი? სამოთახიანი ბინა არ არის პატარა. თანაც, მე იმათ ხელს არ ვუშლიდი. სამზარეულოში მიმიჩინეს კუთხე. ალბათ, იქიდანაც გამომაგდებდნენ, მარა - ჰუმანურობა, პატენი, ადამიანურობა!

ბოლო დროს სიძუკელამ ისევ გაიხსენა ძველებური ჰოფოფები და... ღამით მთვრალი რომ მობრუნდებოდა, მეც მომინახულებდა ხოლმე სამზარეულოში, მაგრამ მე მის ასეთ გულისხმიერებას ფილოსოფიურ ახსნა-განმარტებას ვაძლევდი. იგი - რელიგიის შვილი გახლდათ - იეზუიტი... წმინდანი! მე კი - ალქაჯი. ასე, რომ, ის ჩემთვის ზრუნავდა და ცდილობდა უწმინდური სული ამოებერტყა ეშმაკის გვამიდან.

მაგრამ ჩემი სული არ გახლდათ ასე ადვილად გასაძევებელი თავისი სამფლობელოდან. მე კი არ მგავდა - სამზარეულოში რომ გავფრინდი და თუ მეტყოდნენ, სახურავზეც ავიდოდი.

იგი ჯიუტად ებღაუჭებოდა ხორცს და გლუვი კუნთებისაგან აშენებულ, წითელი და ლურჯი ძარღვებით მოფარდაგულ კედლებიან სანგარში ჩამჯდარი ერთ ნაბიჯს არ დგამდა, არც წინ, არც უკან.

ჰო... მართლა! ნინკა ფეხმძიმედ იყო, - მეშვიდე თვეში.

ხანდახან, როცა ესმოდა, როგორ მირახუნებდნენ სამზარეულოში, შემოვიდოდა და დაჩოქილი ემუდარებოდა ჩემს ჯალათს - თავი დაანებე ძმა არის ჩემიო.

მაშინ ანდრო კიჭებს გააკრაწუნებდა და (ჭ-არა, წ!) ერთს იმასაც წაუთაქებდა ხოლმე.

ერთხელ ისე უთაქა, რომ ნინკას მუცელი მოწყდა და საავადმყოფოში წასაყვანი გაგვიხდა.

ჰოჰ... როგორ დაგვიტკბა ხელად ანდრო-ბატონი...

მაგრამ... ჩემი მოწამეობრივი სიმშვიდე, სანამ საავადმყოფოში ნინკას თავზე ვადექი, თანდათან სიშ-ლე-გე-ში გადადიოდა და... ერთ დილას, როცა სანოვაგით ხელში საავადმყოფოში მივედი... ხოლო ექთანმა შეწუხებული სახით გამიყვანა გვერდით და გაბზარული ხმით მითხრა, - წუხელ ისევ სისხლისდენა აუტყდა და გარდაიცვალაო, - ექთნის წინ უკვე გიჟი იდგა, რომელსაც სანოვაგით სავსე კალათა გულზე მიეკრა და შემზარავად ხარხარებდა.

დავმარხე თუ არა ერთი მიცვალებული, იმ დღიდანვე შევუდექი მეორეზე ფიქრს... ჩემს წარმოსახვაში ანდრო უკვე მოარული გვამი იყო და სხვა არაფერი.

ახლა საჭირო იყო ყველას დაენახა, რომ მიცვალებული მხოლოდ მიწაში უნდა იწვეს!

იარაღში, რომელსაც ყველასათვის კიდევ ერთხელ უნდა ეუწყებინა ეს უძველესი ჭეშმარიტება, - ცხრა ცალი ახალთახალი, შავად მოელვარე ტყვია იყო!

სამ ცალზე - ნ ი ნ კ ა ეწერა!

სამზე - გივი!

დანაჩენთ ჯვრები დავუსვი!

მაგრამ... ანდრო გარეთ არ გამოდიოდა.

ამიტომ გადავწყვიტე თვითონ მომენახულებინა...

ბატონებო! სადღაც ყური მომიკრავს - სამართლიანი შურისძიება ბედნიერს ხდის ადამიანსო. არ ვიცი, რამდენად სწორად მოგაწოდეთ ეს სადღაც გაგონილი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ახლაც ბედნიერად ვგრძნობ თავს, როცა იარაღმომარჯვებული ვდგავარ ჩემი მტრის სახლის კარის წინ, ერთიანად ვცახცახებ და დაკაკუნება ვერ გამიბედავს; ვაითუ მამამისმა ან სხვა ვინმემ გააღოს კარი, ყვირილი ასტეხოს და დამნაშავემ ფანჯრიდან გადახტომით უშველოს თავს.

მაგრამ არა! ეს არ შეიძლება მოხდეს!

დამერწმუნეთ, ძვირფასო სკეპტიკოსებო, რომ კარს მხოლოდ ანდრო გააღებს და სხვა არავინ!

და როგორც კი გააღებს, - გადაწყვეტილი მაქვს პირველი ტყვია მუცელში ვხეთქო, როცა იგი დაეცემა, ტკივილებისაგან მთლად დაკრუნჩხულს მკერდზე ფეხი დავადგა, დავჭირო და აუღელვებლად, მშვიდი ღიმილით დავცხრილო!

ო, რა წკვარამი ღამეა!

მე მგონი, მკითხველი ვერ დაინახავს ამ სამართლიანი განჩინების აღსრულებას!..

მაშ... გავაჩირაღდნოთ ეშაფოტი!

ა ქ ე თ მ ა შ ხ ა ლ ე ბ ი... კ ვ ა ზ ი მ ო დ ო!


ბმული -
* http://www.opentext.org.ge/index.php?m=28&y=2001&art=489]


Last edited by Admin on Sun Sep 11, 2016 1:43 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   Sat Sep 10, 2016 11:29 pm



მერაბ აბაშიძე

აქეთ მაშხალები, კვაზიმოდო!

რადიოსპექტაკლი ჩაწერილია 2002 წელს

მონაწილეობენ:
გოგა გორგასანიძე,
ლილი ხურითი,
არჩილ ბარათაშვილი,
ნანა ხურითი,
რევაზ თავართქილაძე,
კახა ჭოლაძე.

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი - ლევან ლორთქიფანიძე

ხმის რეჟისორი – რომეო ტერ–გრიგორიანი

ბმული -
* http://radio1.ge/ge/videos/view/129839.html


Last edited by Admin on Sun Sep 11, 2016 2:10 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   Sun Sep 11, 2016 12:31 am



მერაბ აბაშიძე

განაღე კარი

განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით
და შეაბიჯე ტანჯვასა შინა...
ნუ შეგაშინებს ცეცხლის ტკაცუნი და
ნუ შეგაკრთობს უხილავის კვნესა და გმინვა...
განაღე კარი და განიბანე ცეცხლში,
რომელიც დიდხანს გელოდა,
და განინათლე სული წყვდიადში,
ყოვლის განმჭვრეტი, მაღალი სული!
იყავ ნათელი ამ უზღვავ ბნელში
და მალე იგრძნობ, - უკვალოდ ქრება
ყოველი, გარდა სიყვარულისა!
ქარში დაშლილი ვარდის ფურცლებად
გადაეფანტე იისფერ მინდორს,
გახდი უფალი საკუთარ თავის,
რათა კუთვნილი სამყარო ზიდო!
დაიცხრე რისხვა! მოთოკე ვნება!
დამალე ცრემლი! ღმერთი იყავი!
რახან გაბედე ეშმასთან შებმა,
არ გაიკეთო ყალბი ნიღაბი!
ო, ვნება შენი, ვნება ხელოვნის,
უზარმაზარი, ყოვლისდამნთქმელი,
სევდანი შენნი, უსაშველონი,
წარიხოცება, როგორც ფანტელი,
წარიხოცება, როგორც უმწეო
და უსუსური ნისლი დილისა,
ჰოი, სინათლევ ბნელის ქაოსში!
მშვენიერებავ, ნათლის სხივისა!
განაღე კარი, დაგმანული თორმეტი კლიტით
და შეაბიჯე ტანჯვასა შინა!

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მერაბ აბაშიძე   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
მერაბ აბაშიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: