არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ჯონ სტაინბეკი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ჯონ სტაინბეკი   Mon Aug 22, 2016 1:30 pm

ჯონ სტაინბეკი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯონ სტაინბეკი   Mon Aug 22, 2016 1:31 pm

ჯონ სტაინბეკი და საქართველო

1947 წელს, ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ნაწილში, მეორმოცე ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ბედ­ფორდის“ ბარში, ერთი მნიშვნელოვანი, შემთხვევითი, შეხვედრა შედგა...

როდესაც ჯონ სტაინბეკი, „ტორტილა ფლეტის“, (1935წ.) „თაგვებსა და ადამიანებზე“, (1937წ.) „მრისხანების მტევნების“, (1939წ.) და არაერთი სხვა ნაწარმოების ავტორი, საკუთარ პიესას ჩაჰკირკიტებდა, ბარში რობერტ კაპა შევიდა. (ფოტოგრაფი, ფოტოჟურნალისტი, სხვადასხვა დროს - ესპანეთის სამოქალაქო ომს (1936-1939), იაპონია-ჩინეთის მეორე ომსა (1937-1945) და მეორე მსოფლიო ომს (1939-1945) აშუქებდა).

ბარმენის მიერ მომზადებული „სუისესის“ დაგემოვნების პარალელურად, საუბრისას, სტაინბეკმა და კაპამ აღმოაჩინეს, რომ „იყო რაღაც-რაღაცები რუსეთის შესახებ, რაზეც არავინ წერდა და რაც ჩვენ ყველაზე მეტად გვაინტერესებდა. როგორ ეცვათ იქ? სადილად რას ჭამდნენ? წვეულებებს თუ მართავდნენ და რითი უმასპინძლდებოდნენ სტუმრებს? როგორი სექსი ჰქონდათ, ან როგორ კვდებოდნენ? რაზე ლაპარაკობდნენ? თუ ცეკვავდნენ, მღეროდნენ და თამაშობდნენ? ბავშვები სკოლაში დადიოდნენ თუ არა? ვიფიქრეთ, კარგი იქნებოდა ეს ამბები გაგვერკვია, ფოტოები გადაგვეღო და ამაზე დაგვეწერა. [...] აი, ასე გადავწყვიტეთ, რეპორტაჟი გაგვეკეთებინა რუსეთიდან და ფოტოებიც გადაგვეღო“.

საბჭოთა კავშირი სტუმრობისას, ჯონ სტაინბეკი და რობერტ კაპა საქართველოშიც ჩამოვიდნენ და ამ ქვეყანასთან დაკავშირებულმა შთაბეჭდილებებმა, მოგონებებმა და ფოტოებმა - 1948 წელს გამოცემულ წიგნში - „რუსულ დღიურში“ მოიყარა თავი.

***

„სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, მოსკოვში, უკრაინასა თუ სტალინგრადში, ყველგან, გამუდმებით საქართველოს ჯადოსნური სახელი ჩაგვესმოდა. ისინიც კი, ვინც არასდროს ყოფილან იქ, და ვერც ვერასდროს ჩავლენ ალბათ, საქართველოზე მონუსხულები აღტაცებით ლაპარაკობდნენ. ისინი ქართველებზე ისე ყვებოდნენ, როგორც სუპერმენებზე, დიდებული მსმელები არიან, დიდებული მოცეკვავეები, დიდებული მომღერლები, დიდებული მშრომელები და საყვარლებიო. თან ისე ლაპარაკობდნენ, თითქოს ეს კავკასიის მთებსა და შავ ზღვას შორის მოქცეული ქვეყანა მეორე სამოთხე იყოს. ეგ კი არა, ისიც გვგონია, რომ ბევრ რუსს სჯერა, წესიერად, პატიოსნად თუ იცხოვრებს, სიკვდილის შემდეგ სამოთხეში კი არა, საქართველოში მოხვდება. ამ ქვეყანაში კარგი კლიმატია, ნაყოფიერი მიწა და ზღვის პირასაა. საბჭოთა კავშირის კეთილდღეობაში დიდი ღვაწლის შეტანისთვის ადამიანი საქართველოში მოგზაურობით ჯილდოვდება. აქ, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც დიდხანს ავადმყოფობენ, გამაჯანსაღებელი კურორტებია. ომის დროსაც გამორჩეული ადგილი იყო, რადგან გერმანელები იქ არ შესულან, არც თვითმფრინავებით დასხმიან თავს და არც ქვეითი ჯარით. იქაურობა ამ ომის დროს საერთოდ არ დაზიანებულა.

[...]

ცაში ავიჭერით და კავკასიონს გადავუფრინეთ. მაღალი მწვერვალები და სალი კლდეები მოჩანდა, მათ შორის კი მდინარეები მოჩქეფდა და უძველესი სოფლები იყო გაშენებული. ზოგი მწვერვალი ზაფხულშიც კი თოვლით იყო დაფარული. ამდენ ხანს მოვაკებული მიწისთვის ცქერის შემდეგ მთების ხილვამ გულში სითბო ჩაგვიღვარა.

[...]

ქართველებს სხვანაირი გარეგნობა აქვთ. შავგრემნები არიან, ბოშებს წააგვანან, ელვარე კბილები და გრძელი, ლამაზი ცხვირი აქვთ, თმა კი ტალღოვანი. თითქმის ყველა კაცი ულვაშს ატარებს, და ისინი ქალებზე ბევრად მიმზიდველები არიან. გამხდრები და ენერგიულები არიან, შავი თვალები უციმციმებთ. ადრეც წაგვიკითხავს და მოგვიყვნენ კიდეც, რომ ისინი ძველი სემიტი ხალხია, ევფრატის ხეობაში ცხოვრობდნენ ჯერ კიდევ ბაბილონის დროს. ისინი შუმერები არიან და მათი მოდგმა ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. ფიცხი, ამაყი და მხიარული ხალხია. რუსი ხალხები აღტაცებულნი არიან მათით. ყოველთვის მათ ძალასა და ენერგიაზე, მათ მოხერხებულობაზე ლაპარაკობენ, დიდებული კავალერები და კარგი მებრძოლები არიანო. ქართველი კაცები რუს ქალებს შორის დიდი მოწონებით სარგებლობენ. პოეტი ხალხია, კარგი მოცეკვავეები და მომღერლები არიან, და როგორც ამბობენ, დიდებული საყვარლებიც. ასეც იქნება, ისეთ ბუნებაში ცხოვრობენ და ამ ორი ათასი წლის მანძილზე იმდენი ომი გადახდათ თავს.

[...]

უღელტეხილს გადავუფრინეთ და თბილისის ხეობაც გამოჩნდა. უზარმაზარი მშრალი ხეობაა, რომელიც ნიუ-მეხიკოს წააგავს. როცა დავეშვით, ჰაერი ცხელი და მშრალი იყო, რადგან ზღვას ძალიან არის მოშორებული, მაგრამ სასიამოვნოდ ცხელოდა, სიცხე არ გაწუხებდა. მთელი ეს ხეობა, მაღალი მთებით გარშემორტყმული, სრულიად უნაყოფოს ჰგავდა. დასავლეთით, მაღალი მთის თხემზე, ძველისძველი ციხესიმაგრე იდგა, ქონგურებიანი, უზარმაზარი, და ცის ფონზე შავად მოჩანდა.

[...]

„ვოკსის“ (Всесоюзное общество культурной связи с заграницей) თბილისის განყოფილებიდან დელეგაცია დაგვხვდა, დიდი მანქანით მოსულიყვნენ, სასიამოვნო ხალხი ჩანდა. მოვაკებული ადგილები გავიარეთ მთებს შორის და თბილისში შევედით, ლამაზ ქალაქში, რომელზეც მრავალი საუკუნის მანძილზე სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავარი გზა გადიოდა. აქა-იქ ძველისძველი ციხესიმაგრეები გვხვდებოდა, და ქალაქშიც მთის თხემზე სასახლე დგას. ხეობის მეორე მხარესაც ციხესიმაგრე დგას, რადგან ეს ვიწრო ხეობა სამხრეთიდან სპარსელების, ირანელების, ერაყელების, ჩრდილოეთიდან კი თათრების და სხვა მძარცველების გზად ქცეულიყო. ამ ვიწრო ხეობაში იმართებოდა ბრძოლები, ამიტომ ციხესიმაგრეები შენდებოდა.

ქალაქის ნაწილი ძალიან ძველია, ხეობას მდინარე კვეთს, რომელსაც ერთ მხარეს მაღალი კლდეები მიუყვება, და ამ მაღალ კლდეებზე ძველისძველი სახლებია ჩამწკრივებული. მართლაც ძველისძველი ქალაქია, მაშინ როცა მოსკოვი წელს თავის მერვაასე იუბილეს აღნიშნავს, მომავალ წელს თბილისი ათას ხუთასი წლის იუბილეს აღნიშნავს. და თან ეს ახალი დედაქალაქია, ძველი დედაქალაქი კი ამავე მდინარის სანაპიროზე, ოცდაათი კილომეტრის იქით არის გაშენებული.

თბილისის ქუჩები ფართო და ხეებით დაჩრდილულია, ბევრი შენობა კი ახალაშენებულია. ორივე მხარეს ქუჩები მთებზე იკლაკნება. დასავლეთით, მთის წვერზე, სათამაშო მოედანია და სკვერი, სადაც ფუნიკულიორის გზა ადის. უზარმაზარი სკვერი, იქვე დიდი რესტორანი დგას, რომელიც ხეობას გადაჰყურებს. ქალაქის შუაგულში, მთის თხემზე, უზარმაზარი მრგვალი კოშკები დგას და მაღალი ქონგურებიანი კედლები, ჩამონგრეული და ძრწოლისმომგვრელი ციხესიმაგრისა.

ქალაქშიც და მთის თხემებზეც ძველი ეკლესიებია, საქართველოში ქრისტიანობა მეოთხე საუკუნეში შემოვიდა, და ის ეკლესიები, სადაც ახლაც მიმდინარეობს წირვა-ლოცვა, ჯერ კიდევ მაშინ აშენდა. თბილისი უამრავი ძველისძველი ამბის შემომნახველი ქალაქია, და სავარაუდოდ, აქ მოჩვენებებიც ბინადრობენ. ერთი თქმულება არსებობს მუსლიმი ირანელი მეფისა, რომელიც ლაშქრით შემოესია ქალაქს, მან აიძულა თბილისელები ხიდზე დადებულ ღვთისმშობლის ხატზე გადაევლოთ და მიეფურთხებინათ მისთვის. ყველას, ვინც უარი განაცხადა, თავი მოაჭრეს. ამბობენ, რომ იმ დღეს მდინარეში ათასობით მოკვეთილი თავი ტივტივებდა.

თბილისელებს უკეთ ეცვათ, უკეთესადაც გამოიყურებოდნენ და უფრო ამაღლებული განწყობაც ჰქონდათ, ვიდრე სხვა რუს ხალხებს. ქალაქის ქუჩებში მხიარულება სუფევდა და იქაურობა ფერადი იყო. ლამაზი ტანსაცმელი ეცვათ და ქალებს ფერად-ფერადი თავსაფრები ეხურათ.

ეს ქალაქი წარმოუდგენლად სუფთაა. პირველი სუფთა აღმოსავლური ქალაქია, რომელიც ოდესმე მინახავს. მდინარეში, რომელიც ქალაქს შუაზე ჰყოფს, ასობით პატარა ბიჭი დაცურავს. და აქ არსად არაფერია დანგრეული, თუ დროთა განმავლობაში ჩამონგრეულ ძველისძველ სახლებს არ ჩავთვლით.

[...]

სასტუმრო „ინტურისტში“ ორი დიდი ოთახი დავიკავეთ. ... ძალიან ადრე ვდგებოდით, რადგან ქალაქი გვნუსხავდა და გვსურდა ყველაფერი დაგვეთვალიერებინა. როგორც ყოველთვის, ახლაც კარგი მძღოლი შეგვხვდა, ყოფილი სამხედრო, და მას, არც მეტი, არც ნაკლები, ჯიპი ჰყავდა. ჯიპი არავიზე კარგად არ მოქმედებს, მაგრამ ამ სამხედრო კაცში კოვბოის სული გააღვიძა. ... გიჟი კაცივით ატარებდა, მას არავისი ეშინოდა. გადატვირთული მოძრაობის დროს გამძვინვარებული მძღოლები აიძულებდნენ მშვიდად ევლო, ისინი ქართულად აგინებდნენ ერთმანეთს, ჩვენი მძღოლი კი ღიმილით აგრძელებდა გზას.

[...]

ჯიპი აღმართზე აჰყავდა, ქალაქის უძველეს ნაწილში, სადაც ძველი ქართული ხის სახლები დგას. ისინი უცნაური არქიტექტურისაა, როგორც წესი, ორი-სამი სართულის სიმაღლისაა და ღია, დიდი აივნები აქვთ. კედლები კი ეგზოტიკურადაა მოჩუქურთმებული და მოხატული.

მთის თხემზეც ავძვერით, ძველი ციხესიმაგრის სანახავად, რომელსაც მრგვალი კოშკები და მაღალი სქელი კედლები ჰქონდა. სამუდამოდ აუღებელი დარჩებოდა, რომ არა არტილერია, რადგან არტილერიის გარეშე მასზე თავდასხმა შეუძლებელი იყო.

ქალაქის ბოტანიკურ ბაღში გავისეირნეთ, რომელიც აყვავებული ხეებითა და იშვიათი მცენარეებით იყო დამშვენებული, ბევრი მცენარე მანამდე არც გვენახა. გრილოდა და იქვე მდინარეც მორაკრაკებდა.

თბილისში თავს უცხოდ არ ვგრძნობდით, რადგან აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის, და უცხოელებს მიჩვეულნი არიან, ასე რომ დიდად არ გამოვირჩეოდით ადგილობრივებისგან, როგორც თუნდაც კიევში, ეგ კი არა, თავი ლამის სახლში ვიგრძენით.

თბილისში ბევრი ეკლესია დგას, და უნდა იყოს კიდეც ასე, რადგან რელიგიური ტოლერანტობის ქალაქია, აქ ხომ ძველისძველი სინაგოგები და მუსლიმური ტაძრები დგას, და არც ერთი მათგანი არასდროს არ დაუნგრევიათ.

მაღლა, იმ მთაზე, ქალაქს რომ გადაჰყურებს, მამა დავითის ეკლესიაა, რომელიც, როგორც მახსოვს, მე-7 საუკუნეშია აშენებული, ძალიან უბრალო და ლამაზია. ჩვენმა მძღოლმა მანქანით იქამდე აგვიყვანა, სადამდეც სიარული შესაძლებელი იყო, დანარჩენი გზა კი ფეხით გავიარეთ. ბევრი ადამიანი ადიოდა იმ მიხვეულ-მოხვეული გზებით ეკლესიაში, ბევრი აღავლენდა იქ წირვა-ლოცვას.

ეს ძველი ტაძარი ქართველებს ძალიან უყვართ და იქვე ეკლესიის ეზოში ქართველი მწერლებისა და კომპოზიტორების სასაფლაოა. სტალინის დედაც იქაა დაკრძალული და მის საფლავს ერთი უბრალო ქვა ადგას. ერთი კომპოზიტორის საფლავთან სამი მოხუცებული ქალი და ერთი ბერიკაცი იდგა, რომლებიც ტკბილად, ძველებურ ყაიდაზე გალობდნენ.

იმ ძველ ტაძარში წირვა-ლოცვა აღევლინებოდა, და იქაც გალობდნენ. ხალხი ამოდიოდა, შემოდიოდა ეკლესიის ეზოში, თითოეული მათგანი იჩოქებდა და ეკლესიის კედლებს კოცნიდა.

მოწყვეტილი და მშვიდი ადგილი იყო, იქიდან კრამიტით გადახურული სახურავები მოჩანდა. ბოტანიკურ ბაღებს ვხედავდით, რომლებიც თამარ მეფეს გაუშენებია, მე-12 საუკუნეში მოღვაწე მითიურ მეფეს, რომელმაც ქალაქზე თავისი გმირული კვალი დატოვა. თამარ მეფე ლამაზი, კეთილი და ფიცხი ყოფილა. სახელმწიფოს მართვისა და აღმშენებლობის უნარს ფლობდა. მან ციხესიმაგრეები ააშენა, პოეტები წააქეზა, და მუსიკოსები ერთად შეჰყარა, - ის ერთ-ერთი ზღაპრული მეფე იყო სამყაროში, ისევე როგორც ელისაბედი, არაგონელი კატერინა, აკვიტანიელი ელეანორი.

მამა დავითის ეკლესიიდან რომ ჩამოვედით, საკათედრო ტაძრის ზარები ისე მქუხარედ რეკდნენ, რომ იქ შევედით. მდიდრული ტაძარი იყო, აღმოსავლური, საკმეველსა და დროს ფრესკები სულ გაეშავებინა. ხალხით იყო გადაჭედილი იქაურობა. წირვა-ლოცვას მოხუცი კაცი უძღვებოდა, თეთრთმიანი, თავზე ოქროს მიტრა ედგა, და იმდენად ლამაზი იყო, ირეალური გეგონებოდა. იგი კათალიკოსი და საქართველოს ეკლესიის წინამძღოლია, მისი კაბა ოქროსფერი ძაფითაა ნაქსოვი. ღვთისმსახურება დიდებული იყო, და მუსიკოსების გუნდი წარმოუდგენლად გალობდა. საკმეველი ეკლესიის გუმბათამდე ადიოდა, გუმბათიდან კი მზე შემოდიოდა და იქაურობას ანათებდა.

კაპამ ბევრი ფოტო გადაიღო. საოცარი იყო, ისე ჩუმად მოძრაობდა და იღებდა ფოტოებს, რომ ვერავინ ამჩნევდა. მოგვიანებით პატრონიკეშიც შევიდა და იქაც გადაიღო ფოტოები.

ახლა უკვე მუზეუმები გადამავიწყდა, მაგრამ ისინი მოვინახულეთ, მოვინახულეთ ყველგან. როგორც კაპამ ბრძანა, მუზეუმი თანამედროვე რუსეთში ეკლესიასავით არის, და იქ წასვლაზე ისევე ვერ განაცხადებ უარს, როგორც ეკლესიაში წასვლაზე. ისინი ყველა მეტ-ნაკლებად ერთმანეთს ჰგავს. ერთი დარბაზი ყველგანაა, სადაც რევოლუციამდელი რუსეთის წარსულია განთავსებული, ისტორიის დასაწყისიდან 1918 წლამდე, და დანარჩენი მუზეუმი რევოლუციის შემდგომ რუსეთს უკავია, თავმყორილია მათი ყველა ნაღვაწი, ყველა მოღვაწე გმირის გიგანტური და ასევე რევოლუციის ამსახველი სურათები ჰკიდია.

თბილისში ორი მუზეუმი იყო. ერთი ქალაქის მუზეუმი იყო, მთის თხემზე აშენებული, იქ ძველი სახლების მინიატურული მოდელები და ძველი ქალაქის გეგმები დავათვალიერეთ. ყველაზე საინტერესო ამ მუზეუმში მეგზური იყო, კაცი, რომელიც მსახიობი უნდა ყოფილიყო. ის ყვიროდა და იმანჭებოდა, სიტყვით გამოდიოდა, დრამატული იყო, ქვითინებდა და ხმამაღლა იცინოდა. ერთხელ ყვირილისას მუშტიც კი მოგვიღერა, რა თქმა უნდა, სულ ქართულად ლაპარაკობდა და ძველისძველ ქალაქს ხოტბას ასხამდა. ისე სწრაფად ლაპარაკობდა, თარგმნა შეუძლებელი იყო. ... იმ მუზეუმიდან დაყრუებული, მაგრამ ბედნიერი გამოვედით.

ამ მუზეუმისკენ მიმავალ გზაზე ალბათ საბჭოთა კავშირში სტალინის ყველაზე დიდი და ყველაზე შთამბეჭდავი პორტრეტი ჰკიდია. გიგანტური რამეა, ასობით ფუტის სიმაღლისა უნდა იყოს და ნეონის განათება აქვს, რომელიც ახლა კი დაზიანებულია, მაგრამ ამბობდნენ, რომ როცა მუშაობდა, ოცდარვა მილის მოშორებიდანაც ჩანდაო.

თბილისში იმდენი რამ იყო დასათვალიერებელი, დრო კი ისე ცოტა გვქონდა, რომ მთელი იქ ყოფნის მანძილზე სულ სადღაც მივიჩქაროდით.

შუადღით ფეხბურთის მატჩზე წავედით, თბილისისა და კიევის გუნდები ხვდებოდნენ ერთმანეთს. კარგად ითამაშეს დიდებულ სტადიონზე, სწრაფად, გააფთრებით. დაახლოებით ორმოცი ათასი მაყურებელი იქნებოდა მოსული, ხალხი ძალიან ემოციურად გულშემატკივრობდა გუნდებს, რადგან მსგავსი თამაშები მეტისმეტი პოპულარობით სარგებლობს. და მიუხედავად იმისა რომ უხეში და სწრაფი თამაში იყო, და მიუხედავად სასტიკი მეტოქეობისა, მოთმინება არავის დაუკარგავს. თამაშისას მსუბუქად წაკინკლავდნენ ვიღაცები. თამაში 2-2 დასრულდა და მატჩის ბოლოს ორი მტრედი გაუშვეს. ადრე საქართველოში, ნებისმიერი შეჯიბრის დროს, ბრძოლის დროსაც კი, გამარჯვების აღსანიშნავად თეთრ მტრედს გაუშვებდნენ ხოლმე, დამარცხების ნიშნად კი - შავს. და სწორედ ეს მტრედები ამცნობდნენ ხალხს ამბავს. იმ დღეს კი, რადგან თამაშის ანგარიში ფრედ დასრულდა, თეთრი მტრედიც გაუშვეს და შავიც, მათ სტადიონს გადაუფრინეს.

[...]

მთელი ის დღე საცურაო აუზებსა და პარკებში სიარულში გავატარეთ. მუშტაედის სკვერში ბავშვების მატარებელმა მოგვხიბლა. ნამდვილი მატარებელი იყო, პატარა ზომისა, ყოველი დეტალი იდეალური ჰქონდა, ინჟინერიც ჰყავდა, მეისრეც, სადგურის მმართველიც, ისინი ბავშვები იყვნენ. მათ თავიანთი ადგილები დაეკავებინათ და ბავშვებისთვის ან უფროსებისთვის განკუთვნილ მატარებლებს მართავდნენ. ჩვენ იმ მატარებლით უზბეკი ბავშვების დელეგაციასთან ერთად გავისეირნეთ, ისინი თბილისელ ბავშვებს დაეპატიჟებინათ აქ, და ახლა მატარებლით სეირნობდნენ. პატარა ინჟინერი ბიჭი ძალიან თავმომწონე ჩანდა. სადგურში რკინიგზის გასამართად საჭირო ყოველგვარი საშუალება იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, ცოტა რაოდენობით. ბავშვები ზედმიწევნითი სიბეჯითით ასრულებდნენ თავიანთ საქმეს. თბილისში საბავშვო რკინიგზაში მუშაობა ძალიან დიდი პატივია და აქ ყველა ძალიან ირჯება.

ქართული სამზარეულო მთელ საბჭოთა კავშირში სახელგანთქმულია, მაგრამ ჩვენს სასტუმროში მის შესახებ არაფერი სმენოდათ. ცოტა მოგვბეზრდა მათი მენიუ, რადგან მწვადისა და დაჭრილი პომიდვრისგან შედგებოდა. იმ ღამით, ხმარსკიმ, კაპამ და მე გადავწყვიტეთ, ექსპერიმენტის სახით სხვა რესტორანში წავსულიყავით. სასტუმრო „თბილისში“ წავედით, სადაც სასადილო საკათედრო ტაძრის ნეფივით დიდია. მარმარილოს თაღები იკავებდა ჭერს, ორკესტრი ძალიან ცუდად და ხმამაღლა უკრავდა, საჭმელი კი საერთოდ არ იყო. მწვადის მაგივრად შემწვარი ხორცის პატარა ნაჭრები და დაჭრილი პომიდორი მოგვიტანეს.

[...]

თბილისის ღამეები ჯადოსნური იყო. ჰაერი მსუბუქი, მშრალი და რბილი იყო. გოგო-ბიჭები უმიზნოდ დახეტიალობდნენ ქუჩებში და ასე ირთობდნენ თავს. ახალგაზრდა კაცებს გემოვნებით ეცვათ - ტუნიკა, ზოგიერთს მძიმე თეთრი აბრეშუმისა, წელზე ქამარშემორტყმული, და გრძელი, ვიწრო შარვლები, შავი ფეხსაცმელი. ძალიან მომხიბვლელები არიან ქართველი კაცები.

ძველი სახლების აივნებიდან ღამღამობით მუსიკის საამური ჰანგები შემოგვესმებოდა ხოლმე, რომელსაც აკომპანიმენტს იმ ინსტრუმენტით უწევდნენ, რომელსაც მანდოლინას ჟღერადობა ჰქონდა, და დროდადრო ბნელ ქუჩებში ფლეიტაზე უკრავდნენ.

ქართველი ხალხი სხვა ხალხებთან შედარებით უფრო ლაღი ჩანდა, უფრო ფიცხები და უფრო მხიარულები. და იქნებ სწორედ ამიტომ ეთაყვანებიან მათ რუსები. იქნებ სწორედ ასეთები უნდათ რომ იყვნენ.

დასავლეთით, მთების თავზე ვეებერთელა მთვარე ეკიდა, და ქალაქს მისტიკურ, იდუმალ იერსახეს სძენდა, მთის თხემზე უზარმაზარი შავი სასახლე იდგა. და სამყაროში სადმე თუ მოჩვენებები არიან, ისინი აქ, ამ ქალაქში უნდა იყვნენ, და თუ თამარ მეფის მოჩვენებაც დახეტიალობს სადმე, იმ ღამით, იმ მთვარის შუქზე, იქ, იმ მთის თხემზე უნდა ესეირნა.

[...]

ის ქართველები, რომლებიც ჩვენ გავიცანით, (დასავლეთ საქართველოში) უელსელებს ჰგვანან. ნებისმიერი ათი კაცი თუ თავს ერთად მოიყრიდა, მათგან შვიდი მაინც კარგად მღეროდა. ამ მაგიდასთანაც სიმღერა წამოიწყეს, გუნდური, მომაჯადოვებელი. მღეროდნენ ქართველი მწყემსებისა და საომარ სიმღერებს. იმდენად კარგი ხმები ჰქონდათ, ისე შეხმატკბილებულად მღეროდნენ, რომ პროფესიონალი მომღერლების გუნდი გეგონებოდათ, არადა, არ იყვნენ. როცა ტემპს აუჩქარეს, ორმა კაცმა სკამებს მოჰკიდა ხელი, მუხლზე გადაიდო და დოლივით დაუკრა. ცეკვაც გაჩაღდა. ქალები გამოვიდნენ სამზარეულოდან, კაცები მაგიდიდან წამოიშალნენ, ყველამ ცეკვა დაიწყო. მუსიკას კაცთა გუნდის, სკამზე ცემისა და ტაშის ხმა ქმნიდა.

მომაჯადოვებელი საცეკვაო მუსიკა იყო. ზოგჯერ კაცი ცეკვავდა მარტო, ზოგჯერ – ქალი, ზოგჯერ ერთად ცეკვავდნენ, სწრაფი ნაბიჯებით, ქართულ ეროვნულ ცეკვებს. და ეს ყველაფერი მოხდა მაშინ, ორი ლუკმის შესაჭმელად და თითო ჭიქა ღვინის შესასმელად რომ შევჩერდით სადღაც...

[...]

მოსკოვში გაფრენამდე კიდევ ერთი საქმე გვქონდა დარჩენილი. იმ ღამით ჩვენთვის წვეულება უნდა გაემართათ თბილისელ ინტელექტუალებსა და ხელოვანებს. ეს ამბები უკვე ალბათ ჭამა-სმაში გამართულ შეჯიბრს დაემსგავსება თქვენთვის. მართლაც, რაც იქ ვიყავით, ჭამის გარდა თითქმის არაფერი გვიკეთებია.

... ქართველი ინტელექტუალების გამართული წვეულება გვაშინებდა. იმდენად დაქანცული ვიყავით, და აღარ გვინდოდა სადღეგრძელოების მოსმენა, განსაკუთრებით კი მაღალინტელექტუალურ თემებზე ლაპარაკი არ გვსურდა. არ გვსურდა გვეფიქრა ხელოვნებაზე, არც პოლიტიკაზე, არც ეკონომიკაზე, არც საერთაშორისო ურთიერთობებზე, უფრო მეტად კი ის არ გვინდოდა, რამე გვეჭამა, ან დაგველია. მხოლოდ ის გვსურდა, სასტუმროში ვყოფილიყავით და თვითმფრინავის გაფრენამდე არ გაგვეღვიძა. მაგრამ ქართველები იმხელა კეთილგანწყობას ამჟღავნებდნენ ჩვენ მიმართ, ისეთ თავაზიანობას იჩენდნენ, რომ ვიცოდით, სადილად აუცილებლად უნდა მივსულიყავით იქ, სადაც მიგვიპატიჟეს. ეს იყო ერთადერთი ფორმალობა, რომლის შესრულებაც გვთხოვეს მათ. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თავიდანვე უფრო მეტი ნდობა უნდა გამოგვეჩინა ქართველების მიმართ, რადგან ის სადილი ისეთი სულაც არ აღმოჩნდა, როგორიც ჩვენ წარმოგვედგინა.

[...]

ფუნიკულიორის რკინიგზით აგვიყვანეს მთის წვერზე, საიდანაც უზარმაზარი რესტორანი მთელ ხეობას გადაჰყურებდა. იქ რომ ავედით, უკვე მოსაღამოვებულიყო და ჩვენ ქვემოთ ქალაქი ციმციმებდა. საღამოს ცა კავკასიონის შავი მწვერვალების უკან ოქროსფრად მოჩანდა.

დიდი წვეულება იყო. ერთი მილის სიგრძის მაგიდა გაეშალათ, ოთხმოც სტუმარზე იყო გათვლილი. მოეწვიათ ქართველი მოცეკვავეები, მომღერლები, კომპოზიტორები, კინო-რეჟისორები, პოეტები და მწერლები. მაგიდა ყვავილებით იყო მორთული. ქვემოთ, კლდისპირა ქალაქი კი ბრილიანტების ასხმას წააგავდა. მშვენიერი მომღერალი და მოცეკვავე ქალები ტრიალებდნენ ჩვენ ახლომახლო.

სადილი ტრადიციულად, გრძელი სიტყვით დაიწყო, თუმცა ქართველების ხასიათსა და ბუნებას ამის გაძლება დიდხანს არ შეუძლია და მალე იქაურობა პატარა ჯგუფებად დაიყო. ქართველები მკაცრები არ არიან, ამიტომ დიდხანს ვერ უძლებენ დაძაბულობას. მალე აქეთ-იქიდან სიმღერა გაისმა, გუნდური სიმღერა. ცეკვაც დაიწყეს. ღვინოს ერთმანეთს აწვდიდნენ. კაპამაც იცეკვა, ვერც მაინცდამაინც კარგად, მაგრამ მაინც ღირდა აღნიშვნად. ალბათ ძილმა ძალ-ღონე შეგვმატა, ალბათ ღვინომაც თავისი ქნა, რადგან წვეულებას გვიანობამდე შემოვრჩით. მახსოვს, ერთმა ქართველმა კომპოზიტორმა ღვინის ჭიქა რომ მაღლა ასწია, გაიცინა და დაიყვირა, ჯანდაბასაც წაუღია პოლიტიკაო. ისიც მახსოვს, ლამაზი ქართველი ქალი რომ გამოვიცეკვე, რომელიც მსოფლიოში ქართული ცეკვების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოცეკვავე აღმოჩნდა. ბოლოს მახსოვს, ქუჩაში რომ მღეროდა გუნდი, მერე მილიციელები რომ მოვიდნენ იმის გასარკვევად, რა ამღერებდა იმ ხალხს, და ისინიც რომ სიმღერით შემოუერთდნენ იმ მომღერალთა გუნდს. ენობრივმა ბარიერმა უკანა ფონზე გადაიწია, ნაციონალურმა ბარიერმაც, და თარგმნის საჭიროებაც გაქრა.

მშვენიერი დრო ვატარეთ, სადილი, რომელსაც შიშითა და კანკალით მოველოდით, საოცარი წვეულება აღმოჩნდა.

[...]

საქართველო ჯადოსნური მხარეა და სიზმრისეულ ზმანებას ემსგავსება იქიდან წამოსვლის შემდეგ. ქართველებიც ზღაპრული ხალხია. მართალია რომ ამბობენ, ერთ-ერთი უმდიდრესი და უმშვენიერესი ქვეყანაა მსოფლიოშიო. მივხვდით, რატომ გვეუბნებოდნენ რუსები, „ვიდრე საქართველო არ გინახავთ, ჩათვალეთ, არაფერი გინახავთო“.

***
ჯონ სტაინბეკმა და რობერტ კაპამ საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის საწყის პერიოდში იმოგზაურეს და იქ ორი თვე დაჰყვეს. მოგზაურობის ფარგლებში მათ მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, უკრაინის რამდენიმე სოფელი და საქართველო მოინახულეს. „რუსული დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს.


ინგლისურიდან თარგმნა თამარ სუბელიანმა

ბმული -- http://bu.com.ge/geo/news/story/2-johnsteinbeckGeorgia

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ჯონ სტაინბეკი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: