გულს რომ პეშვივით შეუშვერ
ციდან წამოსულ წყაროსა_
მტერიც დაგლოცავს ზურგს უკან
აღარ გაგითხრის ხაროსა
შუქი რამ აუმღვრეველი
შემოგეხვევა სამოსად
ისეთი სითბო ექნება
როგორც წინაპრის ჯვალოსა
ტყვია და ხმალი კი არა
ელვაც ვერ გაეკაროსა.
ფიქრი გასცდება სივრცეებს
რომ მზის თვალს ეწამწამოსა
უფალი გეტყვის სიტყვებსა
სურნელოვანსა ამოსა
იის ხმით მოგეფერება
მგალობელს უსახლკაროსა.
მაღლა ცამ დაბლა ქვეყანამ
როგორ არ გაიხაროსა_
გულს რომ პეშვივით შეუშვერ
ციდან წამოსულ წყაროსა.