არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 რეზო გაბრიაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: რეზო გაბრიაძე   Sat May 07, 2016 10:53 am



Rezo Gabriadze

რეზო გაბრიაძე

რევაზ (რეზო) გაბრიაძე (დ. 23 ივნისი, 1936, ქუთაისი) — ქართველი მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი და მწერალი.
1964 წელს რეზო გაბრიაძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყუფილება.1967 წელს კი მოსკოვში უმაღლესი სარეჟისორო და სასცენარო კურსები.

იგი ავტორია 35-ზე მეტი ფილმის, რომელთა შორისაა: “არაჩვეულებრივი გამოფენა” (ქართული ფილმი 1968), “სერენადა” (ქართული ფილმი 1968), “არ დაიდარდო” (მოსფილმი 1969), “ქვევრი” (ქართული ფილმი 1970), “ფეოლა” (ქართული ფილმი 1970), “შერეკილები” (ქართული ფილმი 1973), “მიმინო” (მოსფილმი 1977), “ქინძაძა” (მოსფილმი 1987) და სხვა.

როგორც მხატვარმა რეზო გაბრიაძემ მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა: გერმანია,(მიუნხენი), საფრანგეთი (რენე, დიჟონი), შვეიცარია ,(ლოზანა), რუსეთი (მოსკოვი და პეტერბურგი), მათ შორის პეტრე დიდის “ჩაის სახლში და რუსულ-ამერიკულ გამოფენაში “ერმიტაჟში”.2012 წელს მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების ნაციონალურ მუზეუმში რეზო გაბრიაძის ნამუშევართა დიდი პერსონალური გამოფენა გაიხსნა, რომელზეც მხატვრის 182 ფერწერული, გრაფიკული, კერამიკული, სკულპტურული და თოჯინური ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.

მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული: სანქტ-პეტერბურგის თეატრალური და მუსიკალური ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში; ანა ახმატოვას მუზეუმში “შადრევნის სახლში” ფონტანკაზე, (სანქტ-პეტერბურგი); ფიოდორ დოსტოევსკის მემორიალურ მუზეუმში (სანქტ პეტერბურგი); ალექსანდრე პუშკინის სახელობის მუზეუმში (სანქტ-პეტერბურგი);ბულატ ოკუჯავას სახლ-მუზეუმში (პერედელკინო); ა. ბახრუშინის სახელობის თეატრალურ მუზეუმში,(მოსკოვი)

ფერწერული ნამუშევრების გარდა რეზო გაბრიაძის სკულპტურები ოდესასა და სანქტ-პეტერბურგშია. მხატვარი 50-ზე მეტი წიგნის ილუსტრაციის ავტორიცაა: საქართველოში; საფრანგეთსა და რუსეთში.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დააარსა, რომელიც თბილისში, შავთელის 13-ში მდებარეობს, ანჩისხატის ბაზილიკის გვერდით. ავტორმა პირველი სპექტაკლით „ალფრედი და ვიოლეტა“ დაიპყრო მაყურებელთა გულები.

რეზო გაბრაძე თავისი სპექტაკლების პიესის ავტორი, რეჟისორი, მხატვარი და მუსიკალური გამფორმებელიცაა. ეს ერთი რეჟისორის თეატრია თანაც გამორჩეული იმითაც, რომ თოჯინური სპექტაკლები უფროსებისთვისაა. მარიონეტულ სპექტაკლებში როლებს ქართული კინოსა და თეატრის ვარსკვლავები ახმოვანებენ: ვერიკო ანჯაფარიძე, მედეა ჯაფარიძე, რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე, გოგი გეგეჩკორი, და სხვა.

მომდევნო წლებში სპექტაკლებმა როგორებიცაა: „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“ (თბილისი 1982), „ტრაპიზონის იმპერატორის ქალიშვილი“ (თბილისი 1989), „სტალინგრადი“ (საფრანგეთი, დიჟონი 1996), „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ (შვეიცარია, ლოზანა, 2002), თეატრს საქვეყნოდ გაუთქვა სახელი.

რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრი სხვადასხვა ქვეყნებში დღესაც მართავს გასტროლებს. 1994-1995 წლებში რეზო გაბრიაძე მოსკოვში სერგეი აბრასცოვის სახელობის აკადემიური ცენტრალური თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობდა.

90–იან წლებში რეზო გაბრიაძე მუშაობდა შვეიცარიასა და საფრანგეთში, სადაც ორი დრამატული სპექტაკლი დადგა: „რა სევდაა – ხეივანი დასრულდა“ ლოზანაში და „ქუთაისი“ პარიზში. ამ ორ დადგმაში მონაწილეობდნენ პიტერ ბრუკის თეატრის ცნობილი არტისტები – ნატაშა პერი' (Natasha Parry'), ბაკარი სანგარე (Bakary Sangaré) და სხვები.

2004 წელს რეზო გაბრიაძემ დაწერა და ბროდვეიზე დადგა პიესა „აკრძალული შობა ანუ ექიმი და ავადმყოფი“, სადაც ჩიტოს როლი შეასრულა ბალეტის არტისტმა მიხაილ ბარიშნიკოვმა, ხოლო ერმონიის – ლუის პერესმა, ჩიკაგოს ცნობილი „ჯოფრი–ბალეტის“ დასის ყოფილმა სოლისტმა. პრემიერა მინეაპოლისში (აშშ), თეატრ გატრიში გაიმართა.

რეზო გაბრიაძის თეატრი არა ერთხელ მონაწილეობდა თეატრალურ ფესტივალებში ავინიონში, ედინბურგში, ნიუ–იორკში, ტორონტოში, ბელგრადში, ჩარლსტონში, მოსკოვსა და სხვა ქალაქებში.

2010 წელს რეზო გაბრიაძის პროექტითა და უშუალო მონაწილეობით თბილისში მარიონეტების თეატრის გვერდით აშენდა უნიკალური საათის კოშკი. მისი ფასადი მოპირკეთებულია ათასობით შორენკეცით, რომლებიც მხატვრის ხელითაა მოხატული.

2012 წელს მოსკოვში თეატრ, “თეატრალური ხელოვნების სტუდიაში” სპექტაკლ “რამონას” პრემიერა გაიმართა, რომლის ავტორი, დამდგმელი რეჟისორი რეზო გაბრიაძეა.

რეზო გაბრიაძე არის – საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორი; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1989), სსრკ–ს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; ლაურეატი პრემიებისა: „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“ (1997, მოსკოვი), „ოქროს სოფიტი“ (1997, მოსკოვი), და ცარსკოე სელოს პრემიისა (1997, პეტერბურგი).

ბმული - https://ka.wikipedia.org/wiki/რევაზ_გაბრიაძე

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გაბრიაძე   Sat May 07, 2016 10:55 am

რეზო გაბრიაძე

თეთრი ხიდი

Стою
на мосту,
Плюю в реку.
Не в рифму
– Но факт!

В. В. Маяковский

მე დედიკოს შვილი ვიყავი. წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა ვინმე მივლინებულის, ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული ჭირისუფლისა, თუმცა ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც, გასვენების დროს.

ომი ახალი დამთავრებული იყო, ცხოვრება ძნელი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს სიხარული და სიამოვნება.

ბიბლიოთეკა №6-ის ბეჯითი მკითხველი ვიყავი. ბიბლიოთეკაში შესვლა სიფრთხილეს მოითხოვდა. ვინმეს რომ დავენახე – მცემდა, როგორც სირისტიანს, ამიტომ მეც ვფრთხილობდი: ჯერ იქითა ტროუტუარზე უნდა ჩამევლო უინტერესოდ, მერე ასევე უინტერესოდ ხიდიდან უნდა გადამეფურთხებინა და როდესაც დავრწმუნდებოდი, არავინ მიყურებს – ჩქარა შევსულიყავი ბიბლიოთეკაში.

იმ დღეს ბიბლიოთეკაში ვიჯექი. უცებ ახმაურდა რიონი – მივხვდი, კარი გაიღო. ავხედე ბიბლიოთეკარებს: ორი გაუთხოვარი ქალი იყო, ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდათ ერთმანეთისათვის. წინა, ფეხებგაშლილი, ნავთქურას ადგა თავზე და კარს უყურებდა გაფითრებული. ფეხების შიდა მხარეებს წითელი ვარდები მოდებოდა სიცხისაგან. ქეთო პავიდლოიანი კოვზის პირიდან გამოღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ იძრობდა და საჯდომის ნელი ტრიალით სკამს ეძებდა. შიში მოედო ბიბლიოთეკას.

ჯერ ვიფიქრე – იპოლიტე დაინახეს-თქო. იმ წლებში ჩვენს ქალაქში ერთი ვირთხა ცხოვრობდა, იპოლიტეს ეძახდნენ, რადგან ოდესღაც მსახიობ ხვიჩიას დაუმდუღრავს. სად არ შეგხვდებოდათ ეს იპოლიტე: ქუთვაჭრობასთან, ლომბარდთან, ბაზართან, ბანკთან, გრუზვტორსირიოსთან – იისფერი, გრძელი მწვანე კუდით მართლაც ძნელი შესახედი იყო.

№6 ბიბლიოთეკაში მხოლოდ მე და იპოლიტე დავდიოდით. იმ ხანებში ორივე კლასიკოსებით ვიყავით გატაცებული: იპოლიტე ყდებით, მე კი – რაც მას დარჩებოდა, დღემდე ვგრძნობ ამ დანაკლისს.

რიონი გაჩუმდა – კარი დაიხურა, ფრთხილად მივიხედე უკან.

კარებში ადრახნია იდგა!

ადრახნია მარტო კაცი იყო. ჰქონდა მხოლოდ პროფილი, რომელსაც სხვადასხვა სიძველის შრამები ხაზავდა, მათ შორის ერთი იყო სხვებზე შესანიშნავი. ეს შრამი იწყებოდა თმებში, დიაგონალად კვეთდა მაღალ შუბლს, გადადიოდა წარბზე, ოდნავ ეხებოდა ცხვირს, მკრთლად აჩნდა მშრალად ნაძერწ ტუჩებს, ღრმავდებოდა ნიკაპზე და იკარგებოდა მის ქვეშ. განსაკუთრებით საშიში იყო დაღამებისას, ნისლში და კინოფილმ „შურისმაძიებელი ელდორადოდან“ მსვლელეობის დროს. მის გამოჩენაზე ქუჩა იმრუდებოდა და ცერად მიედინებოდა ფეხქვეშ.

აი, ასეთი კაცის თვალები მიყურებდნენ მე.

ადრახნია დაჯდა ჩემს მაგიდასთან, შავყდიანი რვეული ამოიღო ჯიბიდან. დამიდო წინ, მიყურა, თქვა: „შენ დაწერ წერილს“, – და საჩვენებელი თითით, რომელიც არ ჰქონდა მიმითითა რვეულზე. „მე ვერ ვწერ“ – მაჩვენა ისევ საჩვენებელი თითი, რომელიც არ ჰქონდა. „კაციშვილმა არ უნდა იცოდეს“, „კუბო“ – ვთქვი მე უხმოდ. „კუბო“ – გაახმოვანა ჩემი ტუჩები ადრახნიამ. „დაწერე: ძვირფასო მარგალიტა, წყალში ვდგავარ – ცეცხლი მიკიდია“ - მიკარნახა ადრახნიამ.

მარგალიტა საკომისიოს საქონელმცოდნის რაფიელის ქვრივი გახლდათ. ორი წლის წინ რაფიელი რევიზიას გადაჰყვა. მეოთხე წელია მარგალიტა შავებს არ იხდიდა. მეოთხე წელია იჯდა ძმრით გაწმენდილ ფანჯარასთან და გარდაცვლილის საკუთარ მანქანას უყურებდა, რომელიც არაფრისგზით არ გაყიდა და სიყვარულის ძეგლად იდგა აგურებზე ყვითელ ყვავილებში ჩაფლული. იჯდა ასე მგლოვიარე: ბალს ნემსით მიირთმევდა, ნემს ცხვირსახოცით წმენდდა და ცხვირზე მიიდებდა სევდის ნიშნად.

არ მახსოვს რამდენ ხანს ვწერდი, ბევრი კლასიკას დავესესხე, ბევრიც ჩემი იყო – ორიგინალური. ახლაც მახსენდება უდროო დროს და უადგილო ადგილას, წნევის გასინჯვისას, ან გადასასვლელზე, სვეტაფორთან ფრანკფურტში, მაგალითად: „ო, ძვირფასო, რატომ შევხვდით გობელენში?!“

იმ წერილში იყო ადგილები, რომლის შინაარსის გაგება ახლაც მიჭირს: „ჩემი ყველა თვალის ეჭვიანობის მიზეზი შენ ხარ! თვალნი ჩემნი ეჯიბრებიან რა ერთმანეთს შენი ხილვის დანახვაში, ფხიზლად სძინავთ და როს ბალიშის მაგიერ თავქვეშ უდევთ წამწამები, ხან პირველი თვალი იღვიძებს მეორეზე ადრე, ხან მეორე პირველზე ადრე, რათა დაასწრონ ერთმანეთს სილამაზის წყაროსა და სათნოების ჩირაღდანის ხილვა!!!“

ადრახნიამ დიდხანს იკითხა ტუჩებით რვეული, მერე ფანჯარაში ასევე ტუჩებით ქალაქის საათი წაიკითხა, ქვედა ქუთუთოებით თვალები დახუჭა და თქვა: „საცემი ხარ“. ჩემი გული გაჩერდა. მის მაგიერ ბინტში შეხვეული თითი ჩქარა-ჩქარა ფეთქავდა.

ადრახნია წამოდგა. „მერე იმას ვინც შენ გცემს, ფეხებს, ხელებს დავაძრობ და მოგიყვან სკოლაში თავის ფეხით“ – თქვა და წავიდა.

მის მერე ბარე ორმოცდაათი წელი გავიდა. ამასწინათ ისევ მოვხვდი ქუთაისში, დავეხეტებოდი ქუჩებში და ვეუბნებოდი ჩემს თავს: „აი შენ მშობლიურ ქალაქში ხარ, შენ უნდა იგრძნო სევდა, გულის ტკივილი, სინაზე და სილამაზე“. აქეთ წავედი – ვერ ვიგრძენი, იქით წავედი – ვერ ვიგრძენი. ტყავის კეპკა, ვიყიდესავით, დავყნოსე – ვერაფერი ვიგრძენი. ნოსტალგიის ძებნაში თეთრ ხიდზე აღმოვჩნდი – „მოდი გადავაფურთხებ, ეგებ რამე ნაზი, სათუთი შეეხოს ჩემს გულს-მეთქი", ასეც ვქენი, მაგრამ ესეც არ გამომივიდა. რამდენჯერაც არ ვცადე ყველა მოღუნულად წავიდა ქვევით და ბოლოში არ აჩქარდა. „სულ სხვაა ახალგაზრდობაში „თეთრი ხიდიდან“ გადაფურთხება“ – ყალბად დავღონდი მე.

არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა: აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი, ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ. ნიავს ქუდი მოვუხადე, ჩამიარა, ვითომ ვერ მიცნო, ქუჩის კუთხეში საყურე გაათამაშა, მაინც გამომხედა და გაქრა.

ჩამოვჯექი ლიმონათის ყუთზე. ჩემს წინ ტროტუარზე ვიღაცამ უქუსლო ჩექმა შემოადგა, ავხედე, გადავუდექი წინ. ეს გახლდათ ადრახნია. ლამაზად დაბერებულა, არ მოუმატია, პროფილი ქაღალდივით გამჭვირვალე გაუხდა. ვერ მიცნო. გავახსენე მარგალიტას წერილი. გვერდზე გაიხედა, სიგარეტი შემომთავაზა. თურმე ხვალ სრულდება ხუთი წელი, რაც მარგალიტა გარდაიცვალა. დამპატიჟა სასაფლაოზე.

მეორე დღეს ავედი საფიჩხიაზე. იქ სამთითა ცაცხვის ქვეშ გავიცანი მარგალიტას და ადრახნიას ორი შვილი. გოგო მამას ჰგავდა, ხმელი, უხმო. ბიჭს მარგალიტას თვალები და ხმა ცრემლიანი ჰქონდა, ტუჩები ატმიდან გამოთლილი, მორცხვი იყო, ჩრდილში იდგა.

მარგალიტას თეთრი ქვა ედო საფლავზე. ზედ გაფერადებული ფოტო იყო დამაგრებული. ცოტა წამოწვიმა, ქვა მოფირუზო გახდა.

აი, სწორედ იმ ქვასთან გავიგე, მადლიერების გრძნობით, რომ ჩემი პირველი ნაწარმოები ღრმად არის ჩამარხული მიწაში, მშვენიერი მარგალიტას მკერდზე.

ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გაბრიაძე   Sat May 07, 2016 11:00 am

რეზო გაბრიაძე

უცხო ჩიტი

აქ მოთხრობილი ამბავი ნამდვილია მეთქი, რომ დავიჟინო, მკითხველი მაინც არ დამიჯერებს. ოღონდ ერთში უნდა მენდოთ, პირადად ჩემთვის ნამდვილზე უნამდვილესი რომ არის ეს ამბავი, რადგან ბავშვობისას მაქვს მოსმენილი ბუხრის პირას - არ ვიცი ქუთაისში, გუმბრინში, საქარაში თუ საკუთრივ ძუყნურში. მაშინ დავიჯერე მიზანასა და არისტოს, ერთაოზისა და მარგალიტას, ქრისტეფორესა და თამუნიას ამბავი და მერე კაციშვილმა ვერ გადამათქმევინა. კინოს ხალხმაც ირწმუნა მისი სინამდვილე, გადაიღეს "შერეკილები". მე კი გულმა ვერ მომითმინა და ის ბუხრის პირას გაგონილი ამბავი ახლა უფრო წვრილად აღვადგინე მეხსიერებაში. თანაც ბევრი წაკითხული დავუმატე, ბევრიც ჭკვიანი ხალხიდან განაგონი, ბევრიც მეცნიერული, ბევრიც ქუჩაში ან სუფრაზე მოსმენილი და ეგებ შენი ნათქვამიც, საყვარელო მკითხველო!

ძუყნური, მიზანას დედულეთი, ზეციერს ცოტა მაღლა აუტანია. თესლს კი ჩაიტევს სადმე ქვებში, მაგრამ მერე უზრდელობას დამართებს, კოჭს არ ააცილებს.

დაბადების წელი მიზანას არც თავისი ახსოვდა და არც ერთაოზისა აინტერესებდა მაინცდამაინც.

მიზანა მსხლის ძირში ჩამოჯდა. ხის ტანზე ორ რიგად, ზევიდან ქვევით და პირიქით, ჭიანჭველების რიგი მოძრაობდა. "რა დროს მუშაობაა ამ წვიმაში", - გული მოუვიდა მიზანას და სველი თითით გზა გადაუჭრა მშრომელებს. დაბრკოლების წინ ჭიანჭველებმა თათბირი გამართეს. ერთი შეასახელეს, რაღაცა უთხრეს, გადარიეს და თავზე ხელაღებულმა მიზანას თითს შეუტია. - ვინ დაგიფასებს მერე, ჩემი არ იყოს, ვაჟკაცობას! - უთხრა მიზანამ და თავდადებული ჭიანჭველა უგზო-უკვლოდ გადაკარგა წკიპურტით.

ერთაოზი ხეს მიეყუდა, ცარიელმა კუჭმა ყურყურს უმატა, მიზანას კუჭმაც თანაუგრძნო.

ამოიოხრა მიზანამ და ცალი თვალით შვილს გადახედა, სიტყვა თუ ჭრის ამ დამშეულზეო.

მიზანა შეჭირდა. ერთხანს გაჩუმებული იჯდა და თითს შუბლზე ატარებდა, თითქოს ხვრელს ეძებსო აზრის გამოსატანად.

ასე სიმღერაში მიიცვალა მიზანა ბერგვაძე ერთ გაღლეტილ შემოდგომას, აუშვა ცაში ხმა და ვეღარ დაიბრუნა, ამოისუნთქა და ვეღარ ჩაისუნთქა, ისესხა სამი ჩაფი ღვინო და ვეღარ ჩაასესხა, დაფლეთილი ყავარი ამოიღლიავა და სასულეთში გადაინაცვლა მამაზეციერთან, ვარდის ყანაში, ბუმბულის ბალიშებზე, მურაბის ტაშტებს სალოკავად.

მიზანა მთლიანი ყავრით გაზომეს, სასახლეში ჩაასვენეს, სარტყელში ხაჭაპური ამოუდვეს სამგზავროდ, ვენახს სამჯერ შემოატარეს, წაიყვანეს და შუაგულ ეკლესიაში დაისვენეს, წირვა მოასმენინეს, ტირილი გაუმართეს და მიწას მიაბარეს. - კაცის სული პეპელას მიაქვსო... - ითქვა უკანობისას.

დათიკია მღვდელი ამ ქვეყნის კაცს აღარ ჰგავდა, სიბერისგან ძალზე დაცოტავებულიყო, მჭლეხორციანი, ფოთოლივით კრთოდა, ნაჩუქარ წლებს ხარჯავდა მოწიწებით და ღმერთს მადლობას სწირავდა ყოველ გამთენიისას. წებოს სვამს ღამღამობითო, ხმა დაირხა მრევლში, სული რომ ჩეიმაგროს სტომაქში და არ გაეპაროს, იმიტომო...

- ზრდილობამ ამოგვწყვიტა იმერლები, თვარა თათარზე მეტი ვყოფილვართ ჩვენ!

ერთაოზი ნალიაში აძვრა ღამის გასათევად. დიდხანს ვერ მოეწყო, რადგან მისი სიგრზე ადამიანი უნაშთოდ ნალიაში ვერ ჩაეტეოდა. მიხვდა ამას და ფეხები გარეთ დაუტოვა ღამეს. მეჩხერ კედლებში შემოსულმა მთვარის სხივებმა ზოლებად დაყვეს ერთაოზი.

- ქალაქში ვინც წავიდა, ყველა შავი დედალით გაკეთდა! მიდი, შვილო, მიდი! - ალერსიანად უბიძგებდა ქალაქისკენ ისიდორე ერთაოზს, მარა ფაიტონებს ერიდე, იცოდე, ღმერთი არაფერ შუაშია მაგენის გაჩენაში!

***

ქალაქი, რომლისკენაც ერთაოზი დაიძრა, დღესაც არ აღინიშნება ყველა რუკაზე და ცვენს დროშიაც "სხვადასხვა დასახლებულ პუნქტად" ასახელებენ. ამ ქალაქს შუაში პატარა მდინარე ჩაუდიოდა, რომლისთვისაც უფრო სწორი იქნებოდა, მოსიარულე წყალი გვეწოდებინა. ეკლარის ქვით ნაშენი სახლებიდან მუდამჟამს გიტარის სევდის მომგვრელი კვნესა ისმოდა. ღორები ქუჩაში სამყურას გლეჯდნენ. ვენახებით დატყვევებულ ქალაქში ნახევარი მოსახლეობა მთვრალი იყო, მეორე ნახევარი კი უფრო მთვრალი, ანდა პირიქით. გუბერნატორს ჭუშკარს პარავდნენ და ნალებს ჭედავდნენ. ღამღამობით მგლები ტყიდან ტყეში ქალაქის ქუჩებით გადადიოდნენ მოკლეზე. სახელგანთქმულ ტრაგიკოსს, უბადლო ჰამლეტს დუქნებიდან წამოყოლილი ღვინის მწერები დასდევდნენ სცენაზე, ტაშის დროს კი ჭერიდან კეტეტილები ცვიოდნენ. ცხენოსნები ტროტუარზე დასეირნობდნენ. უყვარდათ სიტყვები: "გენიოზი", "გრადუზი", "ბალზაკი". სწამდათ სიზმრების, ჭიამაიების, მარჩიელების, ჭინკების, სწამდათ, რომ ხოჯავა მეთულუხჩეს ორი გული აქვს და სრიალა კუდი წინიდან. ოქროთი სავსე თასით მთელ ქალაქს მოივლიდა კაცი შუა ღამით უშიშრად, ლობიო მესამე წყალში იხარშებოდა. მოქალაქეთა ფიქრები და აზროვნება დაბურული იყო, დამოკიდებულებანი კი ტკბილი, როგორც გაჩენის პირველ დღეს. ვაჭრობდნენ მტკნარად, ღიმილით.

ოცდასამი თერძი, ოცდაორი მეთოფე, სამასი გიტარა, ბერუჩევის ბაღი, ქინაქინა, ბანოჯის წურბელები, საპონი იარმურკის, თევზი რებეცი, ჩაი კონტონის, სახლი ღვთისშვილის, სახლი საჯდომად - ორას სამი, სახლი გირაოთი - ორმოცდათორმეტი. დროშის მტვირთველი - ერთი.

უბედურ შემთხვევათა რიცხვი: მეხდაცემულობა - 3 კაცი, 0 ქალი. მკრეხელობა - 7 კაცი, 29 ქალი. გაყინვა - 1 კაცი, 0 ქალი. ჩინოვნიკთა უპატივცემულობა - 0 კაცი, 0 ქალი. ქამასოკოთი მოწამვლა - 78 კაცი, 78 ქალი. კბილების დაგდებინება - 25 კაცი, 0 ქალი. კბილების ჩაგდებინება - 57 კაცი, 0 ქალი. გარეული ცხოველებისგან დაკბენა - 2 კაცი, 1 ქალი.

ქუჩებში ისეთი სიჩუმე იდგა, რომ პეპელას ფრთების ფრთქიალს გაიგონებდით და ყველა დღე უქმეს მოგაგონებდათ.

ასეთი იყო ქალაქი, როდესაც ერთაოზი პირველად გამოჩნდა მის ქუჩებში.

***

მარგალიტა მეორე ცოლი იყო ტრიფონისა. პირველი - ჩიტოლია ვერ გამოადგა ტრიფონს, სხვანაირი ქალი იყო, საჯარო, ნაზად მჭამელი, ლოტოს თამაშობდა, დაჯდომისას კაბინიდან ფეხი გამოუჩნდებოდა, მოდას აყოლილი "სუხარებსაც" ახრამუნებდა, ქვიშანს ნემსით მიირთმევდა და მარაოს სუნამოთი ნამავდა. ერთხელ ტრიფონმა რეისიდან ორი ნესვი ჩამოიტანა, დუთმა, ისპაჰანიდან. ჩიტოლია სახლში არ დახვდა. ტრიფონმა ერთხანს უცადა, უცადა, შემდეგ ჯიბიდან ჯაყვა ამოიღო, გახსნა, მტვერი გამობერა ტარიდან და ნესვი გაჭრა. ჩიტოლიას ლოდინში ტრიფონს ჩასძინებოდა. რომ გაეღვიძა, მზე უკვე გადასულიყო, ცოლი მაინც არსად ჩანდა. მაშინ ტრიფონს მოწყენილობა რომ გაეფანტა, თავში ერთი აზრი მოუვიდა: მოდი, ამ მეორე ნესვსაც გავჭრი, ჩავიხედავ შიგნით, როგორიაო. ტრიფონმა ნესვისკენ რომ წაიღო ხელი, ნესვი აღიღინდა და ქალად იქცა. ეს გახლდათ მარგალიტა.

დაღლილ დაქანცული ერთაოზი მოუნათლავ კატასავით დაეხეტებოდა ქუჩა-ქუჩა.

საყასბოს წინ გახუნებული ძარლი ხორცის საჩეხ ჯირკს ღრღნიდა. ერთაოზმა სულგრძელად გადაუგდო ნაზუქი, ძაღლმა ჯირკი უარყო და ნაზუქს ეცა.

***

მარგალიტამ ღილები აიწყვიტა მკერდზე და ერთაოზს ორ თეთრ გორაკს შორის ჩამოკიდებული მინანქრიანი წმინდა გიორგის ხატი თითით უჩვენა, - რაც უნდა მოხდეს, ხმა-კრინტი არ დაგცდება ჩემზე, შემომფიცე!

ამ სულისწამღებმა სანახაობამ ერთაოზი ააცახცახა.

[...]

- ვფიცავ! - ღრმად ჩაისუნთქა ერთაოზმა და ანთებული ბაგეებით კიდევ ერთხელ ეამბორო ხატს, მაგრამ ამჯერად ტუჩები ასცდა წმინდა გიორგის და მის ძებნაში დიდი დრო დაიკარგა.

[...]

მარგალიტამ გულ-მკერდი გადაუსალა და ერთხელ კიდევ გაასესხა წმინდა გიორგი. გულუხვმა მლოცველმა კი ერთხელ კიდევ მოიარა ხევ-ხუვები მხურვალე ლოცვით.

- რას შობი, ბიჭო?!

- წმინდა გიორგის ვეძებ... - წაიკვნესა ერთაოზმა.

- რა უნდა მერე მაქ წმინდა გიორგის?! - თეძოებიდან ძლივს აიგლიჯა რელიგიურ ექსტაზში გადავარდნილი ერთაოზას ხელები მარგალიტამ.

***

ერთაოზი ჩააკვირდა და სიბნელეში რაღაც მოარული ძონძები ამოიკითხა, რომლებსაც გრძელთმიანი, გაბურძგნალწვერიანი კაცის თავი ამშვენებდა. ეს გახლდათ ქრისტეფორე მგალობლიშვილი, სამოცდაათ წელს გადაცილებული ნასტუდენტარი ქართლელი კაცი. უცნაირი, მუდამ მოღუშული, თავის ფიქრებში წასული ტუსაღი, რომლის ამ სატუსაღოში მოყვანა აღარავის ახსოვდა. რას არ ამბობდნენ მასზე ჭურებში, თითქოს ოდესღაც გორში თუ კასპში შუშის ქარხანა აეშენებინოს, შემდეგ კი მიეტოვებინოს. თითქოს 500 კვერცხის უკრუხოდ გამოჩეკა სცოდნოდეს, იმასაც ამბობდნენ - მეხის დაჭერა შეეძლოო. მაგრამ რატომ მოხვდა აქ, ეს კაციშვილმა არ იცოდა.

- ეჰ, - სინანულით გადააქნია თავი მოხუცმა - აი, ეს ვართ ქართველები, ამ საპყრობილეში მიჯნურები და რასტრატჩიკები ვსხედვართ მხოლოდ. არც ერთი მოაზროვნე, არც ერტი პოეტი... ანარქისტი მაინც იყვეს ვინმე...

***

- ოხ... - სამარისებურ სიჩუმეში დაიწყო ქრისტეფორემ და ერთაოზიც სმენად იქცა. - მე არასოდეს დამავიწყდება გაზაფხულის ის მშვენიერი დილა. ჟენევიდან ახლად დაბრუნებული მარტოდმარტო მივდიოდი ქუჩაში. ანაზდად დაჰქროლა ქარმან სასტიკმან. დავინახე, რომ ჩემსკენ მოგრინავს ჩალის ნაცრისფერბაფთიანი ქუდი მანდილოსნისა. დავიჭირე. გადავხედე არემარეს, რათა პატრონ შემენიშნა, ოხ... - ამოიოხრა მოხუცმა.

- მერე?

- ჩემს წინ ბუნების უმშვენიერესი ქმნილება იდგა. მე მივხვდი, რომ ეს ის არის და ის მიხვდა, რომ მე მე ვარ... ანდამატისებრ მიმიზიდა, მიმზადა მსწრაფლად ცნობანი მშვენიერებამ. ის დღე და ის ღამე, მთვარის შუქზე შემდგარმა, მე თამუნია ყიფიანის სარკმელთან გავატარე. გამტენიისას ვიწრო სარკმელში ბროლის ხელი გამოჩნდა, რომელმაც ტუბეროზა გადმომიგდო... ჩვენ გადავწყვიტეთ ჯვარი დაგვეწერა. ასპიროზის მამა განრისხდა და საცოდავი გოგონა მონასტერში დაამწყვდია. ვეახელი მას და ვთხოვე თამუნიას ხელი, "როგორ! - მიყვირა გენერალმა, - ჩემი ერთადერთი გოგონა ვიღაც სუხარებით გამოტენილ ფიზიკოსს გავაყოლო?! როგორ გამიბედე ეს, შე ნაძირალავ!" რარიგ დიდი არ იყო ჩემი სიყვარული, მაინც ვერ მოვითმინე შეურაცხყოფა და სილა ვსტიკცე გენერალს!

ამის შემდეგ შეყვარებული ფიზიკოსი გაუსამართლებიათ, მოსამართლეს, თავად ფალავანდოვს, მისთვის სამი წელი მიუსჯია. "აჰ, შე ნაძირალავ!" - შეჰყვირა მაშინ სტუდენტმა, სტაცა ხელი თურმე ფალავანდობს. კვლავ გაასამართლეს, ამჯერად მოსამართლის შეურაცხყოფისათვის, მოსამართლე ციციანოვმა იმ სამ წელს ხუთი წელი დაუმატა და, რადგანაც სტუდენტს სასამართლოზე ხელფეხდაბორკილს, მეტი ვერაფერი მოუხერხებია, თავი უთავაზებია მოსამართლისათვის სახეში. ისევ გაასამართლეს. კიდევ ხუთი წელი მიუმატეს ციციანოვის შეურაცხყოფისათვის. "აჰ, შე იშკილბაზო!" ისევ გაისმა შეყვარებულის ხმა.

- ერთის ლექსით, თვრამეტი წელი დავაგროვე. ფარ-ხმალი მაინც არ დამიყრია. გადავწყვიტე საფრენი აპარატი გამომეგონებინა თამუნიას მოსატაცებლად, როცა ორივენი ჰაერში ავფრინდებოდით, მაშინ რაღა დაუდგებოდა წინ ჩვენს სიყვარულს! დღედაღამ ვმუშაობდი გამოთვლებზე. ოხ, რა მოულოდნელად ჩამოჰკრა უბედურების ზარმა! თამუნიას სიყვარულის ნიადაგზე ტუბერკულოზი განუვითარდა. კონსილიუმი კონსილიუმს მოსდევდა, სურამი, ნიცა, კუმისი! ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა, მისი უკანასკნელი თხოვნა ჩემი ხილვა იყო, აბა, ამას ვინ დაუდგებოდა წინ. წამიყვანეს ბორკილიანი, ცოცხალს ვერ მივუსწარი... სევდიანი ღიმილი ამშვენებდა მის ნაწამებ სახეს... მისთვის შევიქმენ ცრემლთა ფონები! უკანასკნელი სიტყვები ქცევამზიანის, სხივცემულისა ყოფილა: "შენ, მხოლოდ შენ"...

ერთაოზი გაოცებით ისმენდა ამ ამბავს. თურმე ნუ იტყვით, მოხუცი ყოველ 5 წელში ერთხელ ახერხებს აქედან გაპარვას სატრფოს საფლავსი სანახავად და უბედურს ყოველთვის სასაფლაოზე იჭერდნენ. მოჰყავთ საპყრობილეში და მოსახდელ წლებს უმატებენ. ის კი ისევ გარბის, კაციშვილი მისი დამკავებელი არ არის თურმე!

***
დილიდან ერთაოზი მძიმე ამოცანას აკლავდა თავს: 6:2=; ახლაც იდგა ამოცანის წინ ჩაფიქრებული.

ვორი, შე უპატრონო, ვორი, - ჭურის თავში ხუტა ოდიშარიას სახე იგო გაჩხერილი, - არ მომშალა კაცი? ხუთი დღეა ამას რავა მოვუმდომებ!

ერთაოზმა ხუტას ჯინაზე დაწერა სამიანი, მაგრამ ჭურში შემოსულმა სარზე წამოცმულმა სარეცხელმა ჭეშმარიტება წაშალა.

- აქედან ვერ წაშლი, - მტკიცედ უთხრა ციხის უფროსს ახალგაზრდა მეცნიერმა და შუბლზე დაირტყა ხელი.

***

ტრიფონმა ტომრები იატაკზე დაუშვა, უბიდან მოზრდილი ქვა ამოიღო, მეუღლეს გადასცა და ჩუმად უთხრა: - მოლა ვნახე. ცოცხალი კატა გაპუტოსო და ბიჭი გეყოლებათო, ალბერტიკა დაარქვითო...

- ქალბატონი მარგალიტა იტანჯება, მოგეხსენებათ: ნემსის ნუგეში ძაფია...

***

ქრისტეფორემ მონახა სწორი ადგილი და გადაზომა ათი ნაბიჯი.

- სიგრძე უდრის სიყვარულს, - თქვა მან და განის გაზომვა დაიწყო.

- ჩაიწერე, - უბრძანა სანიტარ შვანგირაძეს ნოშრევანმა.

- სიგანე - რწმენას! - თქვა ქრისტეფორემ.

შემდეგ ქრისტეფორემ ცაში აიხედა, თავზევით ხელი ასწია და თქვა:

- სიმაღლე - იმედს!

***

ელვა. აკადემიკოს შარკოს, ძვირფასო მასწავლებელო და კოლეგავ! ფრენოლოგებმა განაცხადეს, რომ ხვალ გაფრინდებიან. იდეაფიქსის აუცილებელი მარცხი გამოიწვევს შოკს. მზადყოფნაშია ბროწეულის წვენის ოყნები, საშხაპო აპარატურა, აცნობეთ ლომბროზოს, მუდამ თქვენი იდეების ერთგული ნოშრევან ქეთევან მომენტი დომენტი კუჭუხიძე - კავკასიელი.

- დედალი?! - გაახსენდა ერთაოზს და მიწას ჩახედა, - შავ დედალს შავი მამალი ღობის ძირში ტკეპნიდა. - სიყვარული ვერტიკალურია! - აგრძელებდა სიტყვას ქრისტეფორე, მეტის გაგონება ვერავინ მოახერხა.

***

ტრიფონმა ეზო გადაირბინა და ის იყო კიბის საფეხურზე შედგა ფეხი, რომ უცებ მარგალიტამ დამცრობა და დამჩატება იწყო. ტრიფონმა კარს ფეხი ჰკრა, ოთახში შეიჭრა, მაგრამ ხელში მარგალიტას მაგიერ პატარა შაქრის თოჯინა შერჩა.

- ვაი... - წაიჩურჩულა ტრიფონმა და თოჯინა ხელიდან გაუვარდა.

შაქრის თოჯინა წყლით სავსე ვედროში ჩავარდა. ტრიფონი დაიხარა. მაგრამ უკვე გვიანი იყო, თოჯინა თითქმის დამდნარიყო. ტრიფონს მუხლები მოეკეცა, ვედროსთან ჩაჯდა, წყალში ჩაიხედა - თოჯინა სრულიად დადნა. ო, ტანჯვის შავმა, ბანჯგვლიანმა ხელმა მოუჭირა ტრიფონს გულზე, ცრემლით აევსო ობერს თვალები, ვედროში თითი ჩაჰყო, ერთხანს ნაზად ატარა წყალში, შემდეგ ენაზე გასინჯა. ო, რა ტკბილი და მწარე იყო ეს წყალი!

- ვაი, ჩემო კუკლიკი, თურმე რაფრა მყვარებიხარ... - თქვა ტრიფონმა, გულზე დამბლა დაეცა და მოკვდა.

***
- ეჰა, ჩემო ერთაოზ. აბა გსმენიათ, რომ პირველი სიყვარული ბედნიერი ყოფილიყოს? პირველი სიყვარული თუ აგაფრენს ცაში, თორე მეტი არაფერი მისგან არ ხდება, - ამ სიტყვებით ქრისტეფორემ მუხრუჭი აუშვა და "თამუნია" სწრაფად მოშორდა "ნემეცის" ქუჩას.

დათიკია მღვდელს სალამი დასუსტებოდა, ისე გაფუღურებულ-დაცოტავებულიყო, რომ ჩრდილი დაჰკარგოდა.
ისევ გამოჩნდა მათ თავზე ლურჯი, უძირო, სულისწამღები ცა - მამაზეციერის წამიერი საჩუქარი, და ყველაფერი გაქრა.

გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", ქუთაისის ფილიალი, 1978წ.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო გაბრიაძე   Sat May 07, 2016 11:04 am

რეზო გაბრიაძე

ქუთაისი ქალაქია
რომანი

პირველი ნაწილი

ეს ნამდვილი ამბავი ვარლამს ბავშვობის სიბერეში გადახდა, ათი წლისა
რომ იყო. ტანად პატარა ვარლამს დიდი თავი ჰქონდა, დიდი ყურები და
დიდი თვალები. იოლი და გემრიელი საცემი იყო. იშვიათად თუ ჩაუვლიდა
ვინმე, თავში რომ არ წაეყოლებინა სიამოვნებისათვის. ომი ახალი
გადახდილი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს გართობა და სიხარული: პური არ
იყო, მიხვრა-მოხვრა დაიკარგა, ვიღას ახსოვდა ხალვა, პაემანი და
პადრუჩკი?
ვარლამი გარეგნობისა და მკაცრი სინამდვილის გამო ადრე დგებოდა,
მარტო დადიოდა ცარიელი ქუჩებით, მოკლე გადარბენებით, მალვითა და
აქეთ-იქით მალ-მალ ყურებით.
ავადმყოფობდა ხშირად – თავდავიწყებით, წიგნებით და ფანტაზიებით.
სტრეპტოციდს ჯერ მუჭში მალავდა, მერე ლეიბის ქვეშ.
დედა ჰყავდა მევიოლინე, აგრეთვე მკერავი, აგრეთვე გერმანულის
მასწავლებელი, მამაც ჰყავდა, მაგრამ ხარკოვში, თუ, ეგებ, კაზახისტანში.
მამის ფოსტის ნომერი იყო 12\ \89423\6793.


ოცნება

აპრილი. სკოლა. ფანჯარაში ლურჯი ცა. არითმეტიკის გაკვეთილი. ვარლამი
თითქოს შუშაში ზის, გამაყრუებელ სიჩუმეში. რვეულში სამაკატკას ხატავს.
ვარლამი სამაკატკით მიჰქრის კიროვის ქუჩაზე.
ეშვება ცხაკაიას ქუჩით რიჟინაშვილის ქუჩისკენ.
ცენტრალურ მოედანზე არტყამს წრეს.
გადაიქროლებს თეთრ ხიდზე.
მისდევს აეროდრომზე თვითმფრინავს.
გამოვარდება ტყიდან.
შარაგზით მიჰქრის სოფელში.
წამით ჭასთან ჩერდება.
ბებია ვედროდან ასმევს წყალს.
ვარლამი ისევ შევარდება ტყეში.
ვარლამი ისევ გამოვარდება ტყიდან.
შეუტევს გერმანულ ტანკს.
ტანკი აფეთქებულია!
1 მაისი!
პარადე!
ვარლამი სამაკატკით მოუძღვის სკოლას წინ!
აპოგეა!
მასწავლებელს ვარლამი ყურით გამოჰყავს კლასიდან და თან მის ნახატს
აჩვენებს კლასს.
სიცილ-ხარხარი.

განვაგრძოთ კითხვა -- http://litklubi.ge/biblioteka/admin/files/ქუთაისი%20ქალაქია.pdf

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: რეზო გაბრიაძე   Today at 4:03 am

Back to top Go down
 
რეზო გაბრიაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: