არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 დავით გაბუნია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: დავით გაბუნია   Wed Apr 22, 2015 12:03 pm


David Gabunia

დავით გაბუნია დაიბადა 1982 წლის 12 აპრილს ფოთში.

2003 წელს დაამთავრა თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

2003 წლიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ინგლისური და შვედური ენებიდან იბეჭდება სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალებში. ნათარგმნი აქვს სტრინდბერგის, იბსენის, შექსპირის, ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებები.

2008 წელს დავით გაბუნიას პიესამ „ჩემი საქორწინო კაბა“ გაიმარჯვა ფესტივალზე ARDIfest (სამეფო უბნის თეატრი).

2010 წელს გაიარა სტაჟირება ლონდონის ნაციონალურ თეატრში.

მისი პიესები დადგმულია სამეფო უბნის, რუსთაველის, ფოთისა და ბათუმის თეატრებში.

წიგნები
* სხვისი შვილები, საპნის ოპუსი (ორი პიესა) თბ., გამომცემლობა სიესტა, 2010, ISBN 978-9941-414-48-0
პიესები, თბ., გამომცემლობა დიოგენე, 2013, ISBN 978-9941-11-446-5
თარგმანები[რედაქტირება]
* ავგუსტ სტრინდბერგი - რომანი და პიესები, თბ., ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2013, ISBN 978-9941-15-778-3

თეატრი
* სხვისი შვილები — სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე, 2008
* საპნის ოპუსი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2012
* ტროელი ქალები — სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე, 2013
* ბეჩავი, სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2014

თარგმნილი და დადგმული პიესები
* ბრმა ფერი — პენელოპა სკინერი, სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე, 2011
* კატცელმახერი — რაინერ ვერნერ ფასბინდერი, სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2012
* ფრეკენ ჟული — აუგუსტ სტრინდბერგი, სამეფო უბნის თეატრი, რეჟისორი დათა თავაძე, 2012
* ანტიგონე — სოფოკლე, მუსკომედიის თეატრი, რეჟისორი პაატა ციკოლია, 2013
* მოჩვენებები — ჰენრიკ იბსენი, მუსკომედიის თეატრი[7], რეჟისორი მიხეილ ჩარკვიანი, 2013
* დორიან გრეის პორტრეტი — ოსკარ უაილდი, მუსკომედიის თეატრი[8], რეჟისორი ნინი ჩაკვეტაძე, 2014

ჯილდოები
2012 — თუმანიშვილის ფონდის კონკურსის „ახალი ქართული პიესა-2012“[9] გამარჯვებული; პიესისათვის „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“
2012 — მარჯანიშვილის თეატრისა და გაეროს ქალთა ფონდის მიერ გამოცხადებული კონკურს-სემინარის, „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ პროექტის გამარჯვებული; პიესისათვის „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“
2012 — დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პიესა“; ბათუმის თეატრში დადგმული პიესისათვის „საპნის ოპუსი“
2013 — დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პიესა“; ფოთის თეატრში დადგმული პიესისათვის HOLLAND HOLLAND

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/დავით_გაბუნია
* http://lib.ac.ge/index.php?option=com_djcatalog2&view=item&id=5064&cid=400:all&Itemid=487&auth=533&prod=0
* http://www.geotheatre.ge/ge/person.php?ID=2321
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით გაბუნია   Wed Apr 22, 2015 12:06 pm

დავით გაბუნია

ჩემი საქორწინო კაბა
პიესა

მოქმედი პირები:
ქმარი – ახალგაზრდა მამაკაცი
ძიძა – ახალგაზრდა მამაკაცი, ქმარზე ოდნავ უმცროსი

ქმარი და ძიძა ერთად შემოდიან სცენაზე. ქმარს ნავაჭრით სავსე პარკები უჭირავს ხელში, მაღაზიებიდან ახალი დაბრუნებულია. პარკებს იქვე მიყრის და ძიძას ოთახის შუაგულისკენ შემოუძღვება.

ქმარი:
დიდხანს გალოდინეთ, არა?

ძიძა:
არა, რას ამბობთ, პირიქით, ძალიან ადრე მოვედი. (მიმოიხედავს) ბავშვი სადაა?

ქმარი:
საყიდლებზე გავდიოდი და დედაჩემს დავუტოვე, თუ არ გეჩქარებათ, დედაჩემი ახლოს ცხოვრობს და მალე მომიყვანს.

ძიძა:
არა, არ მეჩქარება, დაველოდები.

ქმარი:
ჭკვიანი ბავშვია, ძალიან არ გაგაწვალებთ. (ყოყმანით) მოდი, შენობით ვილაპარაკოთ, კარგი? ჩვენი ოჯახის წევრი უნდა გახდე და რაღაც უხერხულად ვგრძნობ თავს.

ძიძა: (ღიმილით)
კარგი.

ქმარი:
მოკლედ, ჩემი ცოლი დილით ადრე მიდის სამსახურში, მე 11 საათზე მეწყება და 6-ზე ვთავისუფლდები. ეს დრო ხომ გაწყობს?

ძიძა:
კი, რა თქმა უნდა.

ქმარი:
არა, მართლა კარგი ბავშვია... ფისი რომ მოუნდება გეტყვის, მოკლედ, ჭკვიანი ბიჭი მყავს.

ძიძა: (თავშეკავებულად)
მშვენიერია!

ქმარი:
მოდი, ყავას დაგალევინებ, თუ ჩაი გირჩევნია?

ძიძა:
არა, არა, არ შეწუხდე, არ ვსვამ ყავას.

ქმარი:
არც ჩაის?

ძიძა:
არა, არც ჩაის.

ქმარი: (ჩამოჯდება, ჩანთიდან სიგარეტს ამოიღებს, მოუკიდებს. მოგვიანებით მოისაზრებს და ძიძას გაუწვდის)

ძიძა:
არა, მადლობა, არ ვეწევი.

ქმარი:
რამდენი წლის ხარ?

ძიძა:
ოცის.

ქმარი:
ცოლიანი ხარ?

ძიძა:
არა.

ქმარი:
არც იჩქარო! მერეც მოასწრებ, მაგ საქმეში აჩქარება არ ვარგა. მე რა მეჩქარებოდა, ნეტავ გამაგებინა (ყალბად ჩაიცინებს) მაგრამ ვინ დამაცადა (თვითკმაყოფილი ღიმილი).

ძიძა:
პატარამ მოიყვანე ცოლი?

ქმარი:
ნუ, მთლად პატარა არ ვყოფილვარ, 21 წლის ვიყავი, სამხატვრო აკადემია დავამთავრე იმ წელს.

ძიძა:
მხატვარი ხარ?

ქმარი:
დიპლომში ”მხატვარ-დეკორატორი” მიწერია, მაგრამ შეხედე ერთი ჩემს სახლს, რა ეტყობა აქაურობას...

ძიძა:
არა, რატომ...

ქმარი:
ჩემი ცოლია ეგეთი, თავის ჭკუაზე უნდა ყველაფერი, მე არ მიჯერებს!...

ძიძა:
შენი ცოლი რას საქმიანობს?

ქმარი:
მე-3 არხის მთავარი პროდიუსერია.

ძიძა: (იკვირვებს)
ნინა შენი ცოლია?

ქმარი:
რა სასაცილოა, პირველად მესმის ეგრე ნათქვამი, ადრე სულ ”შენ ნინას ქმარი ხარო?” მეკითხებოდნენ. და შენ რას საქმიანობ? სწავლობ სადმე?

ძიძა:
ხო, მომავალი ჟურნალისტი ვარ.

ქმარი:
უი, რა კარგია, ნინას დაველაპარაკები შენზე აუცილებლად, კარგი ბიჭი ჩანხარ.


ძიძა:
არა, რა საჭიროა.

ქმარი:
უფ, როგორ არა, თუ ნაცნობი არ გყავს, ხომ იცი... (სიგარეტს აქრობს) შეგაწუხე არა? რა კარგია, რომ არ ეწევი, ბავშვთან არც მე ვეწევი და ძალიან მიჭირს, შენ არ გაგიჭირდება... (პაუზა) ისე, ბავშვების მოვლის გამოცდილება გაქვს?

ძიძა:
კი, მაქვს.... უფროსი დის ბავშვებს ვუვლიდი, სანამ ჩვენთან ცხოვრობდნენ.(მეტისმეტად მიუახლოვდება)

ქმარი:
ძალიან კარგი... (იბნევა. უხერხული პაუზა) სად დაიკარგა ეს დედაჩემი ამდენ ხანს? წავალ, დავურეკავ, რას შვრება. არ მოიწყინო. თუ გინდა, ტელევიზორი ჩართე ან მუსიკას მოუსმინე, მე ახლავე მოვალ. (გადის)

ძიძა: (წამოხტება და კუთხეში, მუსიკალურ ცენტრთან მიდის, სიმღერას ჩართავს)

ქმარი: ( მეორე ოთახიდან ყვირის)
ეგ ნინას საყვარელი სიმღერააა...

ძიძა:
მართლა? (არ მოსწონს სიმღერა, იჯღანება)

ქმარი: (ისევ მეორე ოთახიდან ყვირის)
ხო, რაღაც უცნაური გემოვნება აქვს... მე თვითონ მეცინება ხანდახან, აი, არაფრით არა ვგავართ ერთმანეთს და ერთად რატომ ვართ, ვერ ვხვდები... მოკლედ, სასაცილო ამბავია...

ძიძა:
გასაგებია (მუსიკას გამორთავს)

ქმარი: (ოთახში ბრუნდება. შეშფოთებულია)
დედაჩემი ყურმილს არ იღებს, ეტყობა, ბავშვი სასეირნოდ გაიყვანა. ძალიან ვღელავ, ბავშვის მოვლის გამოცდილება არა აქვს, ქალია და რა გასაკვირია... რაიმე არ დამართოს, მეშინია. ერთხელ დავუტოვე მთელი დღით და საჭმელი არ მიუცია, საშინელ დღეში იყო ბავშვი... (ღელავს)
არა, რაც მართალი, მართალია, ჩემი ბიჭი ძალიან მოგეწონება. დედამისის ასლია! იცი, როგორ გავს? არა, მსგავსება როგორ არ მინახავს, მაგრამ ასეთი?

ძიძა:
შენი ცოლი ბევრს მუშაობს, არა? (თავისთვის დადის და ქმრის ქაქანს არც უსმენს)

ქმარი:
დღე და ღამე ტელევიზიაშია, მარტო კვირაობით ისვენებს. შვილი რომ შეგვეძინა და პირველი ორი წელი სახლში ვიჯექი, კინაღამ გავგიჟდი. წარმოგიდგენია, მთელი დღე დამლაპარაკებელი არავინ არ მყავდა... ცოტა ხნით დედაჩემი გადმოვიდა ჩვენთან, ახლა ეს სამუშაოც ვიშოვე... მამაჩემი ცოცხალი აღარ არის, თორემ სალაპარაკო კი არ გახდებოდა ეს ამბავი... აბა, დედა ხომ ვერ მოუვლის ბავშვს, ხალხი რას იტყვის! ხოდა, ნინამ შემომთავაზა, ძიძა ავიყვანოთო...

ძიძა: (აწყვეტინებს)
ცოლი უფრო გიყვარს თუ ბავშვი?

ქმარი: (იბნევა)
როგორ?

ძიძა: (უფრო გაბედულად)
ცოლი უფრო გიყვარს თუ ბავშვი–მეთქი!

ქმარი:
რა კითხვაა... რა ვიცი, აბა... (არ სიამოვნებს ფამილარული ტონი)

ძიძა:
მაინც?

ქმარი:
როგორ გეტყობა, გამოუცდელი რომ ხარ! ბავშვი რომ გყავდეს, ეგეთ კითხვას არ დამისვამდი...

ძიძა:
მაპატიე რა, ასე პირდაპირ რომ გეკითხები, მაგრამ მართლა მაინტერესებს. რა გრძნობაა?

ქმარი:
ვინმე გყავს?

ძიძა: (ვერ ხვდება კითხვის აზრს)
ანუ?

ქმარი:
ქალი გყავს? გოგო, მეგობარი?

ძიძა: (ღიზიანდება)
არა.

ქმარი:
აბა, როგორ გითხრა. ვაჟიშვილი ხარ? მაპატიე, მეც პირდაპირ გეკითხები, მაგრამ...

ძიძა: (მოწყვეტით და მკაცრად)
არა, არა ვარ ვაჟიშვილი!!!

ქმარი:
ხო....... (აღარ იცის, რა თქვას) იცი, როგორ გავაკეთოთ? რაღაც დრო დავთქვათ, ნუ, იყოს ერთი კვირა, გამოსაცდელი ვადა... ვნახოთ, როგორ შეეწყობი ბავშვს და მერე გადავწყვიტოთ... რა იცი, რა ხდება.

ძიძა: (ინდიფერენტულად)
კარგი.

ქმარი: (მოჩვენებითი სიმშვიდით)
დედაჩემი სადაცაა მოვა და პატარასაც გაგაცნობ.

ძიძა:
პატარას რა ქვია?

ქმარი:
უი, არ მითქვამს? (იცინის) ეგრეა, მთავარი გავიწყდება, ისე ერთობი ლაპარაკში... სახელი ნინამ შეურჩია, მე საბა მინდოდა, მაგრამ ნინამ იოსები დაარქვა...

ძიძა:
კითხვაზე მაინც არ მიპასუხე.

ქმარი:
რა კითხვაზე?

ძიძა:
ცოლი უფრო გიყვარს თუ ბავშვი?

ქმარი:
რა ბავშვური კითხვაა...

ძიძა: (სწრაფად უახლოვდება, სახეზე ადებს ხელს)
რა კარგი კანი გაქვს.

ქმარი: (მოულოდნელობისგან შეხტება)
რას შვრები?

ძიძა:
შენი ცოლი გეფერება ხოლმე?

ქმარი: (გაოგნებულია)
რა...

ძიძა:
თუ უკვე მობეზრდი?

ქმარი:
ახლა იცი რა...

ძიძა: (აწყვეტინებს)
რატომ არ მპასუხობ? გრცხვენია? ნუ მოგერიდება, მელაპარაკე.

ქმარი:
ახლავე მიბრძანდი აქედან! სანამ დედაჩემი მოსულა.

ძიძა:
დედაშენი არ მოვა!

ქმარი:
შენ საიდან იცი... ვაიმე, ღმერთო! შენ საიდან იცი?!

ძიძა:
ნუ გეშინია, არ მომიკლავს (ბოროტად იცინის) მე დავურეკე და ვუთხარი, რომ დაგაგვიანდება, რომ შენი თხოვნით ვრეკავ.

ქმარი:
პოლიციას გამოვუძახებ!

ძიძა: (მკაცრად) დაჯექი!

ქმარი: (დაბნეულია. ემორჩილება. ჯდება.)

ძიძა:
შენი ცოლი ლოგინში როგორია–მეთქი?

ქმარი:
გიჟი ხარ?

ძიძა:
არა. უბრალოდ, გეკითხები.

ქმარი:
იცოდე, ბავშვს თუ რამე დაუშავე...

ძიძა:
შენს ბავშვს არაფერს არ ვერჩი! და საერთოდ, ვერ ვიტან ბავშვებს!

ქმარი:
ვაიმე, მამიკოო!

ძიძა:
დაწყნარდი და მიპასუხე, რასაც გეკითხები!


ქმარი:
რა კითხვაა?

ძიძა:
ძალიან ჩვეულებრივი. სანამ არ მიპასუხებ, არ გაგიშვებ აქედან!

ქმარი:
ჩემი ცოლი მალე მოვა!

ძიძა:
ნუ მატყუებ, არ მოვა მალე, გვიან ბრუნდება სახლში.

ქმარი:
ვერ შემაშინებ! (წამოხტება, დაეძგერება, ჭიდაობენ, ძიძა ხელებს გადაუგრეხს და ზედ დააჯდება)

ძიძა:
არ მინდა, ხელი მოგტეხო. უბრალოდ მიპასუხე.

ქმარი: (სიმწრით) გაეთრიე აქედან, თორემ ვიყვირებ იცოდე!

ძიძა:
იყვირე და რაც გინდა ის ქენი! კედლები სქელია, შენს ხმას მეზობლები მაინც ვერ გაიგებენ!

ქმარი: (ყვირის)
მიშველეთ!

ძიძა: (ხელებს უგრეხს)
იყვირე, იყვირე! მაინც არ გაგიშვებ, სანამ არ მიპასუხებ.

ქმარი:
რა გინდა ჩემგან, რას მერჩი? თავი დამანებე, არავის არაფერს ვეტყვი, ოღონდ ახლავე წადი აქედან და თავი დამანებე!

ძიძა:
სიმშვიდე დაგირღვიე, არა? ჩემს ხელში ხარ, იცოდე! ზედმეტი არ გაბედო! (ურტყამს)

ქმარი: (სიმწრისგან იმანჭება, ყვირის)
აააააააა!

ძიძა:
იყვირე, შე ცხვარო! შე ქალების მონავ!

ქმარი: (უფრო ხმამაღლა ყვირის)
აააააააააააა! მიშველეეთ!

ძიძა:
ოჰო, რა ხმა გქონია! ყვირილი მაინც შეგძლებია! (კიდევ ურტყამს)

ქმარი:
რა გინდა ჩემგან, რას მერჩი?

ძიძა:
ნერვებს მიშლი. შენისთანები ჩვენს საერთო საქმეს აფუჭებენ!

ქმარი: (დამშვიდდება)
რა საქმეს?

ძიძა: (ხელს გაუშვებს, იატაკზე დაჯდება)
დამპირდი, რომ ბოლომდე მომისმენ!

ქმარი:
ხო, კარგი... კარგი... (ტანსაცმელს ისწორებს, მტვერს იფერთხავს)
იატაკი მოსაწმენდი ყოფილა, როგორ დამავიწყდა...

ძიძა:
ჰა–მეთქი ახლა!

ქმარი: (შეშინებული)
ჰო, კარგი, კარგი. გისმენ, რა საქმეს გულისხმობდი?

ძიძა:
რას და კაცების გათავისუფლებას!

ქმარი: (გაოგნებულია)
კაცების რას???

ძიძა: (სიგარეტს ამოიღებს, მოუკიდებს, ნაფაზს დაარტყამს და ქმარს გაუწვდის)
მოწიე!

ქმარი: (ჩამოართმევს)
აკი არ ვეწევიო? (უხერხულად ეწევა, ეტყობა, რომ ნაფაზის დარტყმა არ იცის.)

ძიძა: (სიგარეტს წაართმევს)
უნდა მიგაწვას კაცმა სახეზე! მოწევაც კი არ იცი წესიერად! (ხელს მოუქნევს)

ქმარი:
რა გინდა ჩემგან, არ ამიხსნი?

ძიძა:
არა ვარ დარწმუნებული, რომ გამიგებ, მაგრამ მაინც გეტყვი. რა იცი, იქნებ შენისთანა ჩმორისგანაც გამოვიდეს რამე!

ქმარი:
რა უნდა გამოვიდეს, გამაგებინე! საერთოდ ვინ ხარ და რა გინდა?

ძიძა:
შენ გგონია, მართლა შენი ბავშვის მოსავლელად მოვედი აქ? (იცინის) არასამთავრობო ორგანიზაციამ გამომაგზავნა.

ქმარი:
როგორმა ორგანიზაციამ?

ძიძა:
საიდუმლო ორგანიზაციაა, „კაცები გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობისთვის“.

ქმარი:
ღმერთო, ნუთუ მასონები ხართ?... გენდერული რას ნიშნავს?

ძიძა:
რა სისულელეა! ჩვენ თავისუფალი კაცები ვართ და შენისთანა მონებს ცხოვრებას ვუადვილებთ! შენი გენდერი კი ისაა, რასაც ბავშვობიდან გასწავლიან! მონობაა შენი გენდერი! რახან კაცი ხარ, ასე გზრდიან, ქალების მორჩილი უნდა იყო! და სულ ძუძუზე კიდია ყველა ქალს, შენ რა გადარდებს, რა გინდა ცხოვრებაში!

ქმარი:
ნამდვილად მასონები ხართ!

ძიძა:
არა ვართ–მეთქი მასონები! თავისუფალი კაცები ვართ და ოდესმე მივაღწევთ იმას, რომ შენსთანებიც აზრზე მოვლენ.

ქმარი:
მე რა შუაში ვარ?

ძიძა:
შენ განზრახ ამოგირჩიეთ. ჩვენმა უფროსობამ ახალი პროექტი დაიწყო, „20 ძიძა“. შევარჩიეთ 20 ყველაზე წარმატებული ქალი და მათ ოჯახებში ძიძებად ვიწყებთ მუშაობას, რომ დაჩმორებულ ქმრებს ჭკუა ვასწავლოთ, მწარე სიმართლეზე თვალები ავუხილოთ!!!

ქმარი:
ღმერთო, რას ბოდავ! ახლავე წადი აქედან, არ მაინტერესებს მე თქვენი პროექტი!

ძიძა:
სულ ძუძუზე კი არადა... ყლეზე მკიდია, შენ რა გაინტერესებს!

ქმარი: (სიტყვა „ყლეს“ გაგონებაზე ყურებზე იფარებს ხელებს)
რა სიტყვებს ამბობ!

ძიძა:
ხო, რა იყო! ყლეზე მკიდია!!! კაცებს არ უნდა გვრცხვენოდეს ჩვენი გენიტალიების! უნდა შეძლო და ხმა ამოიღო!

ქმარი:
ღმერთის მაინც არ გეშინიათ?!

ძიძა:
ღმერთი რა შუაშია! ეს ქალები გვაბოლებენ საუკუნეების მანძილზე, რომ ღმერთმა კაცი ქალის შემწედ და დამხმარედ შექმნა! თავის სასარგებლოდ იყენებენ ყველაფერს!

ქმარი:
ნუ მკრეხელობ! გთხოვ!

ძიძა:
შეგეშინდა, არა? შე მართლა ცხვარო!

ქმარი:
ღმერთო, კიდევ კარგი, ბავშვი არ არის სახლში! რა სიტყვებს იძახი! ქალი ხომ არა ხარ!

ძიძა:
არა, კაცი ვარ! და როცა გამიხარდება, მაშინ შევიგინები! გაიგე, შე ჩმორო?

ქმარი: (გაქცევას ცდილობს)

ძიძა: (დაიჭერს)
არ გაინძრე–მეთქი! თორემ მიგაკლავ, იცოდე! პროექტი რომ ჩაგვიგდო, თავს მოგაჭრით! შენისთანებს ჭკუაზე მოვიყვანთ და საერთო საქმეს მაინც გავაკეთებთ! სრულიად საქართველოს საწყალ კაცებს მაგალითს მივცემთ!

ქმარი: (აღარ უწევს წინააღმდეგობას)
მე რა დავაშავე? რატომ ამომირჩიეთ?

ძიძა:
ხომ გითხარი, 20 ყველაზე გავლენიანი ქალი შევარჩიეთ. პრეზიდენტის ქმართან უნდა წავსულიყავი, წესით, მაგრამ კენჭისყრის შედეგად შენთან (ხაზგასმით დამცინავად) აღმოვჩნდი, ასე რომ, იცოდე, თავიდან ვერ მომიშორებ!

ქმარი:
მე კიდევ სულ ძუძუზე მკიდია თქვენი პროექტი! ვერ მაიძულებთ! ჩემს კაცობას არ დავთმობ!


ძიძა:
სულელი კაცი ხარ! ჩემი ნება რომ იყოს, შენისთანებს თავებს დავაჭრიდი!

ქმარი:
თქვენ ყველანი გაგიჟებულხართ, როგორ არ გრცხვენიათ!

ძიძა:
მე უნდა მრცხვენოდეს თუ შენ? კარგად დაფიქრდი, რას გთავაზობთ: შენ დამოუკიდებელი კაცი იქნები, ოცნებას აისრულებ, ნუთუ არ გინდა თავისუფლება?

ქმარი:
ღმერთო, დედაჩემი გაგიჟდება!

ძიძა:
დაიკიდე დედაშენი! დაიკიდე ყველა, ვინც მონობას გაიძულებს. არასოდეს არ გიფიქრია, რამდენი შესაძლებლობა გაუშვი ხელიდან მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კაცი ხარ? როგორ არ მოგბეზრდა ცოლისთვის სადილების კეთება და მოსამსახურესავით სახლში ჯდომა!

ქმარი:
აღარ ვზივარ სახლში, აი, ნინამ უფლება მომცა, რომ მემუშავა, ძიძა აიყვანეო, მაგრამ რას წარმოვიდგენდი, თუ შენისთანა...

ძიძა:
ნუ მაცინებ! ეგ მათხოვრული მოწყალება არ უნდა დაიჯერო! ვის რა ჯანდაბად უნდა ეგეთი მოჩვენებითი თავისუფლება? ძიძის აყვანა რომ საქმეს შველოდეს... შენ უნდა მოსთხოვო შენს ცოლს, რომ ბავშვს თვითონაც მოუაროს, საჭმელიც გააკეთოს, სახლის დალაგებაშიც მოგეხმაროს...

ქმარი:
რა საშინელებებს ამბობ! ღმერთო, რა საშინელებებს ამბობ!

ძიძა:
აბა, კარგად დაფიქრდი! გთხოვ! (ოდნავ მოულბება გული) მე შენთვის სიკეთე მინდა. თავიდან ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ ჩვენ ხომ მოვახერხეთ, შენც შეძლებ გათავისუფლებას.

ქმარი: (აღშფოთდება)
რა ადვილი სათქმელია! შენ არასოდეს არ გყოლია ცოლი! მე კიდევ თუ გავთამამდები, ცოლი სახლიდან გამაგდებს, ბავშვს ჩამომართმევს! მერე რაღა ვქნა? დედაჩემთან დავბრუნდე? ხომ იცი, რომ დედები დაბრუნებულ ბიჭებს უკან აღარ იღებენ! ქუჩაში დავრჩები, რა მეშველება... ცხოვრება გინდა დამინგრიო?

ძიძა:
არა, რა თქმა უნდა. არა, მართლა ქალი კი არა ვარ, შენი რომ არ მესმოდეს. (ხელზე ხელს მოუჭერს) ნუ გეშინია, მთავარია, შენ დაიწყო და ნელ–ნელა ყველაფერი შეიცვლება.

ქმარი:
არა, არ შემიძლია!

ძიძა:
შეგიძლია, ახალგაზრდა კაცი ხარ, შენ ნამდვილად შეძლებ ყველაფერს, ცხოვრება წინ გაქვს. მე დაგეხმარები.

ქმარი:
როგორ უნდა დამეხმარო?

ძიძა: (კმაყოფილია)
აი, ეს უკვე მომწონს! ახლა კარგად მომისმინე, ყველაფერს მოგიყვები. ნუ გგონია, რომ ერთბაშად გთხოვ სახლიდან წასვლას და ოჯახის მიტოვებას. ეს გამოსავალი არ არის...

(ისმის ზარის ხმა)


ქმარი: (იბნევა)
გავაღო? ალბათ, დედაჩემია. დამცოფავს, ამდენი ხნით რომ დავუტოვე ბავშვი.

ძიძა:
მიდი, გააღე.

(ქმარი გადის. ძიძა ანერვიულებული, ჩქარი ნაბიჯით ბოლთას სცემს ოთახში, ეტყობა, რომ ძალიან ღელავს. როგორც კი ქმარი შემობრუნდება, მშვიდდება, ამაყად იმართება წელში.)

ქმარი:
მეზობელი იყო, სარეცხი ფხვნილი მთხოვა... ნახა რა იმანაც დრო...

ძიძა:
რატომ არ გაიქეცი?

ქმარი:
არ ვიცი... გიჟი კი ხარ, მაგრამ... შენი უკვე აღარ მეშინია.

ძიძა: (გაუღიმებს)
ყოჩაღ! ძალიან მიხარია, ამას რომ ვისმენ შენგან. მოდი, გავაგრძელოთ.

ქმარი: (ცოტა დამფრთხალია)
ესე იგი, რა უნდა ვქნა?

ძიძა:
შენმა ცოლმა უნდა შეიგნოს, რომ კაციც ადამიანია და ქმარი მისი საკუთრება არ არის.

ქმარი:
სათქმელად ადვილია, მაგრამ...

ძიძა:
თუ არ გებედე, არაფერი არ შეიცვლება.

ქმარი:
მაინც არ მესმის, რა უნდა შევცვალო და როგორ. რას მთხოვ, რომ ჩვენს ტრადიციებს ვუღალატო? ხალხი რას იტყვის? ქუჩაში როგორ გავიდე? დედაჩემს როგორ შევხედო თვალებში?

ძიძა:
დამიჯერე, თავიდან ყველა ასე ფიქრობს, მერე იცვლებიან და თამამდებიან. დედაშენიც შეეგუება ამ ამბავს და შენი ცოლიც... თუ არა და, ოჯახი უნდა მიატოვო.

ქმარი:
არა, არა!

ძიძა:
შენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი უნდა გახდეს!

ქმარი:
არა–მეთქი, არ შემიძლია!

ძიძა:
აკადემიაში კარგად სწავლობდი?

ქმარი: (გაკვირვებულია, კითხვის აზრს ვერ ხვდება)
აა?


ძიძა:
აკადემიაში კარგად სწავლობდი?

ქმარი: (გატაცებით ყვება)
სადიპლომო ნამუშევარში ყველაზე მაღალი შეფასება მე მივიღე, იცი, რა საინტერესო რაღაც გავაკეთე? უზარმაზარი პანო იყო, ნაჭრებით აწყობილი აპლიკაცია, ძალიან პატარა ნაკუწებით...
(ჩერდება, ხვდება, რომ ძალიან შეტოპა)

ძიძა:
მერე? არ გენატრება შენი საქმე?

ქმარი:
ნინა მაშინ გავიცანი, ჯერ დამწყები პროდიუსერი იყო. ერთმანეთი შეგვიყვარდა. იცი, რა ლამაზია ნინა? თავბრუ დამახვია და ეგრევე ქმრად გავყევი...

ძიძა:
მერე?

ქმარი:
ჩემი დიპლომის ხელმძღვანელი მთხოვდა, სწავლა გააგრძელეო...

ძიძა:
ჰოო?

ქმარი: (ღელავს)
მეც ძალიან მინდოდა გაგრძელება, მაგრამ ნინა მალევე დაორსულდა და ვინ მოუვლიდა, სიმამრი არა მყავს, არც მამაჩემი იყო ცოცხალი... მერე ბავშვი გააჩინა და სამსახურში გავიდა. მე–3 არხის სული და გულია, იცი, როგორ უყვართ სამსახურში? ორიოდ წელიწადში ფეხზე დააყენა იქაურობა... მართალია, ბავშვისთვის სულ ვერ იცლის, მაგრამ...

ძიძა: (მიუახლოვდება, მეგობრულად ჩაეხუტება და ბეჭებზე ხელს დაუტყაპუნებს)
კარგი, დამშვიდდი.

ქმარი: (ნაწყვეტ–ნაწყვეტად, პაუზებით. ტირილამდე ღელავს)
ნინა მეორე ბავშვის გაჩენას აპირებს... გოგო უნდა ძალიან... გვარის გამგრძელებელი ხომ უნდა მყავდესო... თვითონ დედისერთაა... ალბათ, ისევ სახლში დაჯდომა მომიწევს. ვთხოვე, იქნებ ჯერ არ გვეჩქარა–მეთქი, მაგრამ არ მიჯერებს.

ძიძა:
ნუ გეშინია, ჩვენ დაგეხმარებით.

ქმარი:
რაში უნდა დამეხმაროთ? რაღაც სისულელეები მოგიფიქრებიათ და გგონიათ, რომ ამით კაცებს უშველით? უგულოები ხართ! რას მთავაზობ, ცოლ–შვილი უნდა მივატოვო, დედას მივაფურთხო და ხალხს გიჟად მოვაჩვენო თავი? ვინ მოიგონა საერთოდ ასეთი სულელური პროექტი! იდიოტურ მოდას ხართ აყოლილები!

ძიძა: (მუდარით)
ახლა კარგად მომისმინე! ცოლ–შვილის მიტოვებას არავინ გთხოვს: ოჯახები უკიდურეს შემთხვევაში უნდა დავანგრიოთ, როცა სხვა გამოსავალი მართლა არ არსებობს.

ქმარი:
აბა, როგორ წარმოგიდგენიათ? რა უნდა ვქნა?

ძიძა:
გეტყვი!... მე შენთან დავრჩები, ძიძად ამიყვანე, ოღონდ, ცოლს არაფერი უთხრა. ნინამ არ უნდა იცოდეს, რომ ორგანიზაციის მოგზავნილი ვარ. მოკლედ, პროექტის აზრი ისაა, რომ კაცებს მეტი თავისუფალი დრო გაუჩნდეთ, ძიძებად ამიტომ ვუდგებით. ბავშვის მოვლა მძიმე ტვირთად აღარ დაგაწვება. მეგობრებთან დროის გატარებას უფრო ხშირად მოახერხებ, სამსახურშიც წინ წაიწევ, კარიერას გაიკეთებ და როცა მოძლიერდები, თამამად დაელაპარაკები შენს ცოლს. იმდენის უფლებას ვეღარ მისცემს თავს!

ქმარი:
მაინც ვერ წარმომიდგენია... ძნელი იქნება.

ძიძა:
ვინ გითხრა, რომ ადვილია? ასე ერთბაშად რომ კეთდებოდეს საქმე, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა, მაგრამ ნუ შეგეშინდება, მე აქ სწორედ ამიტომ მოვედი, უნდა დაგეხმარო... (პაუზა) ახლა მითხარი, როგორ მოვხიბლო შენი ცოლი, რა უყვარს განსაკუთრებით? როგორმე ყურადღება უნდა გადავატანინოთ შენგან.

ქმარი:
ტირამისუ უყვარს, მკვდარი ზღვის მარილებიანი ცხელი აბაზანა და მარტინი.... ოღონდ – ბიანკო!

ძიძა: (ჩანთიდან ბლოკნოტს ამოიღებს და ინიშნავს)
სპორტის რომელი სახეობა აინტერესებს?

ქმარი:
ფიგურული სრიალი და სინქრონული ცურვა. ვერ იტანს ფეხბურთს.

ძიძა:
ღმერთო, რა უგემოვნოები არიან ეს ქალები!

ქმარი:
ეს ყველაფერი რაში გჭირდება? რატომ ინიშნავ?

ძიძა: (დიდი პაუზა)
მოკლედ, ჩვენი გეგმა ასეთია – შენი ცოლი უნდა შევაცდინო.

ქმარი: (აღშფოთდება)
რაო?!!

ძიძა: (სხაპა–სხუპით მიაყრის)
ახლავე აგიხსნი! როგორც გითხარი, ჩვენი პროექტის მიზანია, ცოლიან კაცებს თვითრეალიზაციის საშუალება მივცეთ. ჰოდა, ამის მისაღწევად აუცილებელია, ცოლების ყურადღება სხვა რამეზე გადავრთოთ, მაგალითად – სხვა კაცზე. შენ შენი საქმეებით დაკავდები, იმუშავებ, კარიერას აიწყობ, გაერთობი... (ეშმაკურად) თუ მოგინდება, სხვა ქალებშიც ივლი...

ქმარი:
რა სისულელეა!

ძიძა:
ხო, კარგი, რა იყო! თუ არ გინდა, არავინ გაძალებს. უბრალოდ, მთავარია, არჩევანი გქონდეს, თორემ რას იზამ და როგორ იზამ, შენი ნებაა.

ქმარი:
ჩემს ცოლთან დაწოლა მართლა აუცილებელია?

ძიძა:
აუცილებელი არ არის, ეგეც უკიდურესი ზომაა, თუ საჭირო გახდება, სხვა რა გზა მაქვს, ვალდებული ვიქნები. ჩვენი საერთო საქმისთვის ყველაფერზე წამსვლელი ვარ.

ქმარი:
მაინც მგონია, რომ ცოტა გიჟები ხართ იმ რაღაც ორგანიზაციაში!

ძიძა:
არა უშავს, გავა დრო და მიხვდები.

ქმარი:
და უარის თქმა შემიძლია? თუ პროექტში ბოლომდე უნდა დავრჩე?

ძიძა:
კარგი რა! შენ მე ქალი ხომ არ გგონივარ! ერთი კვირა მომეცი, გამოსაცდელი ვადა და აი, ნახავ, თუ არ მოგეწონება. თავს დავდებ, შენ თვითონ მომთხოვ, პროექტში დამტოვეო.
ქმარი:
არ ვიცი, არ ვიცი...

ძიძა:
ნუ ღელავ, ყველაფერი კარგად იქნება.

ქმარი:
ერთი კვირა კარგი აზრია, დავიწყოთ და ვნახოთ... (უცებ შეშფოთდება) ვაიმე, ბავშვი დამავიწყდა!

(რეკავს ტელეფონი, ქმარი ადგილიდან არ იძვრის. ირთვება ავტომოპასუხე. ისმის ქალის ძლიერი ხმა)
ქალის ხმა:
დედა, სად ხარ ამდენ ხანს?! სინდისი გაქვს?! ტელეფონს რატომ არ პასუხობ?! წაჭამა ამ ბავშვმა ტვინი! მამას ითხოვს, ტირის. დროზე მომაშორე, ნერვები დამაწყვიტა! სულ გაგიჟდი, რაც მუშაობა დაიწყე! ასე არ შეიძლება, დედა. 7 საათზე დეიდაშენთან უნდა გავიდე და დროზე გამოჩნდი. იცოდე, დიდხანს არ მალოდინო! გკოცნი!

ქმარი:
რა ვქნა?

ძიძა:
დაჯექი!

ქმარი:
არა, წავალ, ბავშვს მოვიყვან.

ძიძა:
დაჯექი–მეთქი! და მომისმინე. ახლა აიღებ ტელეფონს, დაურეკავ შენს ძმაკაცებს, სახლში დაპატიჟებ და აი, ამას ითამაშებთ. (ჩანთიდან დომინოს ამოიღებს, იატაკზე ყრის ქვებს და ურევს)

ქმარი:
ეგ რა არის?

ძიძა:
ო, ღმერთო! დომინოა, დომინო!!!

ქმარი:
დომინო რა არის?

ძიძა: (გამოკვეთილად და ძალიან ამაყად)
უძველესი თამაშია, რომელსაც საუკუნეების წინ კაცები თამაშობდნენ. ჩვენი ორგანიზაციის სიმბოლოა!

ქმარი:
ძნელი სათამაშოა?

ძიძა:
არც ისე. მე აგიხსნი. ახლა აიღე ტელეფონი და შენს ძმაკაცებს დაურეკე.

ქმარი:
მერე დედაჩემი?

ძიძა:
დაიკიდე–მეთქი!

ქმარი: (ვერ გადაუწყვეტია, რა ქნას)
მოდი, ჯერ დომინოს თამაში მასწავლე!


ძიძა:
კარგი, მოდი აქ, დაჯექი! ესე იგი, როგორც გითხარი, ეს თავისუფალი კაცების თამაშია, პრინციპი არ არის რთული. ახლავე აგიხსნი, მოკლედ, თავიდან იწყება იმით, რომ მოთამაშეებს ურიგდებათ....

(თანდათან ძლიერდება მუსიკის ხმა. ძიძა და ქმარი დომინოს თამაშს განაგრძობენ. სცენა ბნელდება და ზემოდან ეშვება უზარმაზარი ფოტო, სადაც გამოსახული არიან ნინა და ქმარი. ნინას სმოკინგი აცვია, ქმარს – თეთრი საქორწინო კაბა.)

დასასრული

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: დავით გაბუნია   Wed Apr 22, 2015 12:33 pm

დავით გაბუნია

მთავარი არის ტექსტი

დავით გაბუნია ახალგაზრდა დრამატურგი და მთარგმნელია. 2003 წლიდან მისი რეცენზიები და თარგმანები ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდება. გადმოქართულებული აქვს ავგუსტ სტრინდბერგის, ჰენრიკ იბსენის, შექსპირის, ასევე თანამედროვე დრამატურგების ნაწარმოებები. თუმცა მის ორიგინალურ ტექსტებს მკითხველი უფრო ადრეც იცნობდა. როგორც ავტორი, დრამატურგიაში 2008 წლიდან მუშაობს. პირველივე პიესით _ „ჩემი საქორწინო კაბა“ _ გაიმარჯვა სამეფო უბნის თეატრის ფესტივალზე ARDIფესტ და ერთი წლის შემდეგ იმავე თეატრის სცენაზე რეჟისორმა დათა თავაძემ მისი პირველი პიესა „სხვისი შვილები“ დადგა, მოგვიანებით კი რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა `ბეჩავი~ განახორციელა. დავით გაბუნიას პიესებს
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში, ასევე, ფოთისა და ბათუმის დრამატულ თეატრებში თამაშობენ. „სხვისი შვილების“, „ბეჩავის“, „ტროელი ქალების“, „საპნის ოპუსის“ გარდა, სხვადასხვა სცენაზე აქტიურად იდგმება მის მიერ თარგმნილი პიესებიც: პენელოპა სკინერის „ბრმა ფერი“, ავგუსტ სტრინდბერგის „ფრეკენ ჟული“, რაინერ ვერნერ ფასბინდერის `კატცელმახერი~, ჰენრიკ იბსენის „მოჩვენებები“, ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“...
2010 წელს, როგორც დრამატურგმა, ლონდონის ნაციონალურ თეატრში გაიარა სტაჟირება. თანამშრომლობს ბრიტანულ, შვედურ, გერმანულ თეატრებთან. 2012-2013 წლებში ზედიზედ გადაეცა დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ წლის საუკეთესო პიესისათვის, 2012 წელს არაერთი თეატრალური ჯილდოს მფლობელი გახდა პიესისთვის „რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება“.
დავით გაბუნიას შეხვდებით ლიტერატურული კონკურსების ფინალისტებს შორისაც. მის მიერ გამოცემული სამი წიგნიდან, პირველი ორი _ „სხვისი შვილები“ და „საპნის ოპუსი“ (გამომცემლობა „სიესტა“) _ „საბას“ შორთ ლისტში მოხვდა, შარშან კი „დიოგენეს“ მიერ გამოცემულმა მესამე კრებულმა _ „პიესები“ _ „საბას“ ლაურეატობა მოუტანა ავტორს.
2013 წელს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ გამოსცა ავგუსტ სტრინდბერგის „რომანი და პიესები“, რომლის თარგმანზეც ბაკურ სულაკაურთან და ლიკა ჩაფიძესთან ერთად დავით გაბუნიაც მუშაობდა.
დავითთან შეხვედრა ადრე დაიგეგმა „ლიტერატურულ გაზეთში“, თუმცა მას გარკვეული ხნით შვედეთში გამგზავრება მოუწია. საუბარიც სწორედ ამ თემით იწყება.

_ ახლახან დაბრუნდით შვედეთიდან, სადაც რეჟისორ დათა თავაძესთან ერთად იმყოფებოდით. შეხვდით გეტებორგის მუსიკისა და დრამის აკადემიის სტუდენტებს და თქვენი გამოცდილება გაუზარეთ. მაინც, რა სახის ვორქშოფი იყო?
_ ვორქშოფის თემა იყო „ტროელი ქალები“ _ სპექტაკლი, რომელიც ჩვენთან 2013 წელს დაიდგა და რომლის პრემიერა გაიმართა შვედეთში, შვედური თეატრის ბიენალეზე. დადგმას მოჰყვა დიდი გამოხმაურება, დაიწერა რეცენზიები. მაყურებელი დიდად დაინტერესდა და დამატებითი სპექტაკლებიც კი დაინიშნა. სწორედ მაშინ გაჩნდა თბილისის სამეფო უბნის თეატრისა და გეტებორგის აკადემიის თანამშრომლობის იდეა. ჯერ იქაური სტუდენტები ჩამოვიდნენ პედაგოგთან ერთად, ახლა ჩვენ ვიყავით იქ. „ტროელი ქალები“ დოკუმენტური სპექტაკლია, ეხება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის ომების ამბებს და მთლიანად აგებულია ნარატივზე _ ომგამოვლილი ქალები ნამდვილ ამბებს ყვებიან. მათი ინტერვიუები სტილის შეუცვლელად გადავიტანეთ სპექტაკლში. თუ როგორ იდგმება სცენაზე დოკუმენტური მასალა და როგორ უნდა ითამაშოს მსახიობმა ამ ტიპის დადგმაში _ ეს იყო ჩვენი შეხვედრის თემა.

_ შემოქმედებითი კავშირები გაქვთ შვედეთის, ინგლისისა და გერმანიის თეატრებთან, ვიცი, რომ თქვენი ერთ-ერთი პიესა თარგმნილიც არის ინგლისურ ენაზე.
_ ლონდონის როიალ ქორთ თეატრმა საქართველოსა და უკრაინაში გამართა ვორქშოფი, რომელშიც 7 ქართველი და 7 უკრაინელი დრამატურგი მონაწილეობდა. ვორქშოფი პიესის განვითარებას ეხებოდა.
იგულისხმება პიესის შექმნის ყველა ეტაპი _ დაწყება, განვითარება, მეორე-მესამე ვერსია. ქართული პიესები, რომელიც პროექტის ფარგლებში დაიწერა, ინგლისურად თარგმნა დონალდ რეიფილდმა. ჩემი პიესა ფრანგულ და რუსულ ენებზეც არის თარგმნილი, მაგრამ საზღვარგარეთ ჯერ არ დადგმულა.

_ პიესის ვერსიები ახსენეთ. ასე მუშაობენ დრამატურგები? ერთ პიესას რამდენიმე ვარიანტად ამუშავებენ?
_ ჩვენთან პიესები ასე არ იწერება, თუმცა, ზოგადად, დრამატურგიაში მიღებული პრაქტიკაა. და იგულისხმება, რომ თეატრში, რომელიც თანამშრომლობს ახალგაზრდა, და არა მხოლოდ ახალგაზრდა,
არამედ უფროსი თაობის ცნობილ ავტორებთანაც, იდგმება არაერთხელ გადამუშავებული პიესები. იქ ძალიან ძლიერია ეგრეთ წოდებული ლიტნაწილი. ლიტერატურულ მხარეს დიდი ყურადღება ეთმობა. ინგლისში განსაკუთრებით ბევრს მუშაობენ ვერსიებზე და ხშირად სცენაზე პიესის მუხეთე, მეექვსე, მეშვიდე ვერსია
გააქვთ.

_ თეატრის ლიტნაწილი რა დონეზე მონაწილეობს ტექსტის გადამუშავებაში?
_ ცხადია, გააჩნია ავტორს. თუმცა ტომ სტოპარდსაც კი უსწორებენ ხოლმე ნამუშევარს. ცხადია, ახალგაზრდების პიესებს უფრო მეტად სჭირდება ჩარევა, თუმცა, როგორც გითხარით, ჩვეულებრივ,
სტოპარდის, ჩერჩილის და სხვა დიდი ავტორების პიესებიც კი გადის ამ პროცესს. მიღებული გამოცდილებაა და არც არავის სწყინს.

_ თქვენ წარმოადგენთ სამეფო უბნის თეატრის ლიტნაწილს. რა ფუნქცია აქვს ჩვენთან ამ ინსტიტუტს?
_ მაგალითად, დიდ თეატრებში ლიტნაწილი შემოიფარგლება, ძირითადად, თარგმანების ადაპტირებით, გადამუშავებით. ამაზე მუშაობს არა ჯგუფი, როგორც საზღვარგარეთის თეატრების ლიტერატურული
ნაწილების უმეტეს შემთხვევაში _ არამედ ერთი ადამიანი. ჩვენთან ამ ინსტიტუტის ყველაზე ცნობილი წამომადგენელია ლილი ფოფხაძე, რომელიც წლების განმავლობაში ამუშავებდა ტექსტებს რობერტ სტურუას სპექტაკლებისთვის. ინგლისში ლიტნაწილი არ გულისხმობს მხოლოდ რედაქტირებას. იქ ტექსტებში
ერევიან. ძალიან ბევრი პიესა იწერება და შერჩევა რთულია. შემოსული ტექსტების კითხვა, რეპერტუარის პრინციპზე შეთანხმება, შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია თეატრისთვის, სწორედ ამაზე მუშაობს უცხოური თეატრების ლიტნაწილი.

_ თქვენ გაიარეთ სტაჟირება ლონდონის ნაციონალურ თეატრში. მაინტერესებს განსხვავებები, იქაურ ტრადიციასა და ჩვენს, შედარებით ახალგაზრდა, თეატრსა და დრამატურგიას შორის.
_ ძალიან დიდი განსხვავებაა, თუნდაც მასშტაბებში. ლონდონში ძალიან ბევრი, სრულებით სხვადასხვანაირი თეატრია, მათ შორის, მაგალითად, ხუთია ისეთი თეატრი, მხოლოდ თანამედროვე ბრიტანულ დრამატურგიაზე რომ მუშაობს. მაყურებელი ყველა თეატრს ბევრი ჰყავს. ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მაინც ის არის, რომ ბრიტანულ თეატრში მთავარი არის ტექსტი. ტექსტი და არავითარ შემთხვევაში რეჟისურა. ვთქვათ, ლონდონის ნაციონალური თეატრის რომელიმე სპექტაკლის აფიშაზე შეიძლება ამოიკითხოთ
შემდეგი: ალან ბენეტი, ესა და ეს პიესა, ხოლო რეჟისორი არც იყოს მითითებული, ან _ ეწეროს პატარა შრიფტით. ტექსტი არის სპექტაკლის უმთავრესი ღირებულება და მაყურებელიც, როგორც დავაკვირდი, დიდი ყურადღებით ისმენს მას. თუ ის ამა თუ იმ ნიშნით საინტერესოა, მაშინ სპექტაკლი, საშუალო ხარისხის
დადგმაც რომ იყოს, ხიბლავს, როგორც კრიტიკოსებს, ასევე _ მაყურებელს.

_ როგორი ტიპის ტექსტებია?
_ ყველანაირი. ყოფითი, ყოვლად ტრადიციული სიუჟეტებით დაწყებული, მარტინ კრიმპის აბსურდით დამთავრებული. კრიმპი ჩემი საყვარელი ავტორია. მისი თხრობის არეულ-დარეული, ექსპერიმენტული
სტრუქტურა მიყვარს, თუმცა მისნაირი დრამატურგები გამონაკლისები არიან. თანამედროვე ბრიტანული დრამატურგია ძალიან ჭრელია. ლონდონის თეატრებში უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ენის სიზუსტეს. მათი პერსონაჟები ხასიათდებიან იმით, თუ რამდენად ბუნებრივად ლაპარაკობენ ისინი, რა აქცენტები,
რომელი დიალექტები იკითხება მათ მეტყველებაში. ბოლო დროის რამდენიმე სუპერწარმატებული პიესა მახსენდება, რომელიც წავიკითხე, ზოგიერთი ვნახე კიდეც სცენაზე და მიუხედავად იმისა, რომ ენა კარგად ვიცი და მთარგმნელი ვარ, ის მშობლიური ენა მაინც არ არის ჩემთვის. ამიტომ, მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერც კი მივხვდი იმ სპექტაკლების ასეთი წარმატების მიზეზს. ქართული და უცხოური თეატრების
მეორე განმასხვავებელი ნიშანია პიესების თემატიკა და აქტუალურობა. არ მახსენდება ძალიან წარმატებული პიესა თუ სპექტაკლი, რომელიც აქტუალობის მიღმა იქნებოდა და თავისთვის იტივტივებდა სადღაც, ლიტერატურულ სივრცეში. ძალიან მნიშვნელოვანია სოციალური თემები. ირჩევენ პოლიტიკურ, ეკოლოგიურ თემატიკასაც, მაგრამ სოციალური პრობლემატიკა, რაღაც დოზით მაინც, ყველგან იკითხება.
საშურია, როგორც ვთქვით, მათი უნარი, იმუშაონ ტექსტებზე. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რამდენად დიდია კონკურენცია დრამატურგებს შორის _ ასეულობით ავტორი წერს პიესებს და იდგმება სცენაზე _ ტექსტების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება გასაკვირი არ იქნება. ძალიან რთულია, გახდე ცნობილი
დრამატურგი ბრიტანეთში. დარგის განვითარებას კონკურენციაც უწყობს ხელს და ის ინსტიტუციებიც, სახელმწიფოსგან რომ ფინანსდებიან. სახელმწიფო თეატრები, მათ შორის როიალ ქორთი, მუშაობენ
იმაზე, რომ ხელი შეუწყონ თანამედროვე ბრიტანულ დრამატურგიას, ისინი აქტიურად თანამშრომლობენ ახალგაზრდა ავტორებთან, ათასგვარ ვორქშოფს ატარებენ მათთვის, სხვადასხვა პროექტს ახორცილებენ, სტიპენდიებს აწესებენ. შედეგი კი ის არის, რომ ყოველწლიურად დაწერილი სამასი პიესიდან ხუთი მაინც
ძალიან კარგი გამოდის. ახლა, რით განსხვავდება იქაური ვითარება ქართული თეატრის დღევანდელობისგან? ყველაფრით.

_ ლონდონის ნაციონალურ თეატრში სტაჟირების გავლა, მით უფრო ამგვარი სხვაობის ფონზე, ალბათ ძალიან
მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის.
_ არა მხოლოდ ბრიტანულ, არამედ გერმანულ და შვედურ თეატრებთან ურთიერთობაც უმნიშვნელოვანესია ჩემთვის და _ მხოლოდ დრამატურგიაზე რომ ვილაპარაკოთ _ დიდი გამოცდილება შემძინა. ერთი ავტორის წაკითხვაც კი, რომელიც სხვა ფორმებს ფლობს, სხვანაირად წერს იმ თემებზე, რომელიც შენც გაწუხებს, ძალიან აფართოვებს თვალსაწიერს. კარგია შექსპირის, ჩეხოვის, იბსენის შემოქმედების ცოდნა, ამის გარეშე
საფუძველი არ აქვს ადამიანს და განათლებულს ვერ უწოდებ, მაგრამ იმისთვის, რომ თანამედროვე დრამატურგი იყო, აუცილებელია, იცოდე, რა იწერება და რა იდგმება დღეს მსოფლიოში. ამის შესაძლებლობა საქართველოში ნაკლებად არის. მოგეხსენებათ, თითქმის არ ითარგმნება პიესები. სხვა ჟანრის მწერლებს საშუალება აქვთ, იცოდნენ რა ლიტერატურული პროცესებია საზღვარგარეთ, იკითხონ რომანები და გარკვეული გამოცდილება შეიძინონ, თანამედროვე პიესებთან წვდომა კი გაცილებით ნაკლებია. ამასთან, დიდი ხანია, დრამატურგია აღარ ისწავლება თეატრისა და კინოს უნივერისიტეტში. ამ ფონზე საზღვარგარეთ
გასვლა, რაღაცების ნახვა, გაცნობა და ბევრი კითხვა უმნიშვნელოვანესია ავტორისთვის, რომელიც ჩვენთან პროფესიულ ცოდნას ვერ იღებს და, ფაქტიურად, თვითგანათლებაზე, თვალსაწიერის გაფართოებაზე
ზრუნავს. მახსოვს, პინტერის „ღალატი“ რომ წავიკითხე, თავდაყირა დამიდგა შეხედულება სტრუქტურაზე.
აღმოვაჩინე, რომ თურმე შეიძლება სიუჟეტი არალინეარულად განავითარო, დროში ნახტომები გააკეთო და ამან იმუშაოს. ასეა სხვა დრამატურგების შემთხვევაშიც, ისინი გიჩვენებენ ახალ ფორმებს, ტექნიკას, გამოცდილებას გიზიარებენ ტექსტებით და ხვდები, რომ აი, ასეც შეიძლება წერო.

_ წერა თავიდანვე პიესებით დაიწყეთ?
_ თავიდან ლექსებით დავიწყე, რამდენიმე ლექსი „ალტერნატივაში“ დაიბეჭდა, სხვა პერიოდულ გამოცემებშიც, მაგრამ პოეზიით გატაცება საყმაწვილო სენი უფრო იყო და მალე გაიარა. პროზაშიც მქონდა მცდელობები, მოთხრობები ქვეყნდებოდა კიდეც პერიოდიკაში, მაგრამ წიგნამდე არ მისულა საქმე და ეს ძალიან კარგია, რადგან ახალგაზრდა ავტორთა უმეტესობისგან განსხვავებით, მიმაჩნდა, რომ რასაც დაწერ, მითუმეტეს „შემოქმედების“ პირველ ეტაპზე _ შემოქმედება აუცილებლად ბრჭყალებში _ ყველაფერი
უმალვე წიგნად არ უნდა აქციო. ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნება კი, პირიქით, კარგიც არის
იმ თვალსაზრისით, რომ შეფასებას, კრიტიკულ აზრს ისმენ. ეს ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდია, საფუძველია შემდგომი, უფრო სერიოზული მუშაობისთვის. ილიას უნივერსიტეტში დასავლეთ ევროპის
ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე სწავლის პერიოდში ძალიან ბევრს ვთარგმნიდი, განსაკუთრებით _
პოეზიას. ერთხანს ბიტნიკებით ვიყავი გატაცებული, მათ შორის ალენ გინსბერგით. მაინტერესებდა XX საუკუნის მეორე ნახევრის ამერიკული პოეზია. ვცდილობდი კლასიკოსი ავტორების თარგმნასაც. პარალელურად კრიტიკულ წერილებს ვაქვეყნებდი აქა-იქ. მოგვიანებით პროზის გადმოქართულება დავიწყე, მათ შორის პიესებისაც. ორიგინალურ დრამატურგიამდე კი მოგვიანებით მივედი, 2008 წელს.

_ სამეფო უბნის თეატრთან როდიდან თანამშრომლობთ?
_ სამეფო უბნის თეატრში მისვლა სწორედ ჩემ პირველ პიესას უკავშირდება. 2008 წელს თეატრმა გამართა მოკლე პიესების ფესტივალი. უნდა დაგეწერა ტექსტი 25-წუთიანი სპექტაკლისათვის. ჩემმა პიესამ გაიმარჯვა. მაშინ მონაწილეობაც კი მივიღე, როგორც მსახიობმა იმ პიესის დადგმაში, ერთ-ერთმა მსახიობმა
რაღაც კონფლიქტის გამო უარი თქვა თამაშზე და მის ნაცვლად მე აღმოვჩნდი სცენაზე. მართალია, მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ჯილდო არ მერგო, მაგრამ დამაჯილდოვეს, როგორც პიესის ავტორი, მთავარი პრიზი კი ასეთი იყო _ გამარჯვებულს უნდა დაეწერა სხვა, უკვე ვრცელი პიესა, რომელიც იმავე თეატრის სცენაზე დაიდგმებოდა. მაშინ დავწერე `სხვისი შვილები~, ჩემი პირველი დიდი ნამუშევარი, რომელიც 2009 წელს დადგა დათა თავაძემ. ასე დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა, შეიკრა შემოქმედებითი გუნდი და დღემდე ერთად ვმუშაობთ. მგონი, ჩვენი თეატრი ერთადერთია საქართველოში, რომელიც ფიქრობს რეპერტუარზე, მისი შერჩევისას აუცილებლად იცავს გარკვეულ მოთხოვნებს.

_ რა კრიტერიუმით არჩევთ პიესებს რეპერტუარისთვის?
_ უპირველესად, გვაინტერესებს პიესები _ როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე _ რომლებიც ქართულ სცენაზე ჯერ არ დადგმულა. ამას მხოლოდ პრეტენზიული განაცხადის სახე რომ არ ჰქონდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რეჟისორისგან მოვისმინოთ ხოლმე არგუმენტირებული პასუხი კითხვაზე, თუ რატომ
ირჩევს ამა თუ იმ მასალას და არა, ვთქვათ, სხვას რომელიმეს, რატომ უნდა მისი განხორციელება, სწორედ დღეს ქართულ თეატრში. „რა ვიცი, მომწონს“, _ ცხადია, პასუხად არ მიიღება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამოკიდებულება ტექსტთან, შესაბამისად სამეფო უბნის თეატრს რეჟისორისა და
დრამატურგის ერთობლივი მუშაობის გამოცდილება აქვს. სხვა თეატრებში ეს პრაქტიკა ნაკლებად არის. არადა, თანამშრომლობა აუცილებელია. დარამატურგმა ხშირად არ იცის, რა სჭირდება სცენას, პროფესიულ განათლებას, როგორც ვთქვი, საქართველოში ის ვერ იღებს და თეატრში მოდის სუფთა ლიტერატურული
გამოცდილებით, ამიტომაც ბევრია ისეთი ტექსტი, რომელსაც ვერცერთი მსახიობი ბუნებრივად ვერ იტყვის სცენიდან. ცხადია, ვგულისხმობ ისეთ დადგმებს, სადაც სწორედ ბუნებრივობაა საჭირო და არა გამიზნული სიყალბე. იმისთვის, რომ დრამატურგმა იგრძნოს სცენა და გაიგოს, თუ როგორ მუშაობს სიტყვა სცენაზე, საჭიროა დასწრება რეპეტიციებზე, თანამშრომლობა რეჟისორთან. რეჟისორებიც, თავის მხრივ, ტექსტის
მიმართ პატივისცემით თუ კულტურული დამოკიდებულებით არ გამოირჩევიან, სიუჟეტი მნიშვნელოვანია მათთვის, თუმცა ტექსტი _ სულერთია, ხშირად ხელსაც კი უშლით, ვერ იგებენ და ჩეხავენ უმოწყალოდ.
ერთადერთი რეჟისორი, რომელიც პატივს სცემს სიტყვას, თემურ ჩხეიძეა. ის თითოეულ სიტყვას უკირკიტებს, ეძიება, მის ამოხსნას ცდილობს, რომ რაღაცნაირად მოერგოს მას, ისე აამუშაოს, რომ არც ადგილი შეუცვალოს, არც დაამახინჯოს. სინამდვილეში მისი სპექაკლები თავიდან ბოლომდე ინტერპრეტაციაა, ოღონდ ინტელექტუალური ინტერპრეტაცია. არ ვიცი, კიდევ რომელი რეჟისორი
ეპყრობა ტექსტს ასე...

ესაუბრა თამარ ჟურული
„ლიტერატურული გაზეთი“, 27 მარტი - 9 აპრილი, 2015, # 6 (142)

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: დავით გაბუნია   Today at 12:14 am

Back to top Go down
 
დავით გაბუნია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: