არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ჯანო ჯიქიძე

Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4528
Registration date : 09.11.08

PostSubject: ჯანო ჯიქიძე    Mon Dec 15, 2014 1:53 pm


Jano Jikidze

ჯანო ჯიქიძე

დაბადების თარიღი - 1958 წლის 9 ოქტომბერი
მუშაობდა - Dentist
სწავლობდა - Tbilisi State Medical University
2007 წელს „პენ-მარათონზე“, მეორე პრემია მოთხრობისათვის "იშმადაგური".

გამოცემული წიგნები:

* შემეცნების პრაქტიკუმი : [რომანი] / ჯანგულ ჯიქიძე // ცისკარი. - , 1989. - N12. - გვ.53-77. - დასაწყისი და 1990. - N1. - გვ.88-101. - N2. - გვ.71-92. - N3. - გვ.74-93. - N4. - გვ.105-112. - N5. - გვ.49-69

* მთვარის ყმა ანუ მრავალსერიანი ფილმი "ბაო-ბაო!.." მინიშნებით 16 წლამდე ნახვა აკრძალულია : რომანი / [რედ.: როსტომ ჩხეიძე ; მხატვ.: ლორეტა აბაშიძე-შენგელია]. - თბ. : ლომისი, 2002. - 376გვ. ; 17სმ.. - ISBN 99928-0-495-5

* Pen-მარათონი-2010 : ლიტ. კრებული / [რედ.: ანა ჭაბაშვილი, ლალი ქადაგიძე ; ფოტოები გურამ წიბახაშვილი]. - [I-ლი გამოც.]. - [თბ.] : დიოგენე, [2010]. - 146გვ. : ფოტ. ; 20სმ.. - გარეკანზე სათ.: მგზავრის წერილები. - ISBN 978-99941-11-217-1
Content: ჯანო ჯიქიძე; ირმა არჩუაშვილი; თამუნა ნადარეიშვილი; პაატა ბერიკაშვილი; მაკა ლდოკონენი; ბესო სოლომონაშვილი; თამაზ დევიძე; ნინო გუგეშაშვილი; სოფო ვარდიაშვილი; ლევან ლორია

* ზეგზებზე : მოთხრობები / ჯანო ჯიქიძე ; [რედ. როსტომ ჩხეიძე ; ბოლოთქმა მაია ჯალიაშვილი ; მხატვ. კოტე სულაბერიძე] ; ალექსანდრე ორბელიანის საზ-ბა. - თბ., 2012 (შპს "ფავორიტი პრინტი"). - 392გვ. ; 20სმ.. - ISBN 978-9941-0-3399-5

* რონინი, Trippeln და იგავი მარტისა : [მოთხრობა] / ჯანო ჯიქიძე ; [რედ. როსტომ ჩხეიძე ; მხატვ. კოტე სულაბერიძე] ; ალექსანდრე ორბელიანის საზ-ბა. - თბ., 2012 (შპს "ფავორიტი პრინტი"). - 76გვ. ; 17სმ.. - ყდაზე: ტრაგიკულად დაღუპული თბილისელი უსინათლო მუსიკოსისა და კომპოზიტორის, ვიქტორ ტოკარევის ფოტო. - ISBN 978-9941-0-4410-6

* ფარშევანგის სოლო : ომი თუ მშვიდობა : [რომანი] / ჯანო ჯიქიძე ; [რედ. როსტომ ჩხეიძე ; მხატვ. კარლო ფაჩულია]. - თბ. : საარი, 2013. - 516 გვ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9941-427-64-0

ბმული:
* https://www.facebook.com/jano.jikidze
* http://www.nplg.gov.ge/ec/en/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aჯიქიძე+ჯანო

Arrow


Last edited by Admin on Wed Apr 18, 2018 9:07 pm; edited 10 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4528
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯანო ჯიქიძე    Mon Dec 15, 2014 2:05 pm



წიგნის დასახელება - „ზეგზებზე“ (16 მოთხრობა)
ავტორი - ჯანო ჯიქიძე
გამომცემლობა - შპს „ფავორიტი პრინტი“
რედაქტორი - როსტომ ჩხეიძე
ბოლოთქმა - მაია ჯალიაშვილი
მხატვარი - კოტე სულაბერიძე
ISBN 978-9941-0-3399-5
ყდა - რბილი
ყდის ზომა - 145X205
გვერდების რაოდენობა - 392
გამოცემის წელი - 2012
ფასი - 10.50

ანოტაცია:
ჯანო ჯიქიძის პროზაული ნაწარმოებები ქართულ პერიოდულ გამოცემებში 1983 წლიდან იბეჭდება; მათ შორის თხზულება „ზეგზებზე“ 2001 წლის საუკეთესო პროზაულ ნაწარმოებად დასახელდა და „ომეგას“ პრემია დაიმსახურა, მოთხრობა „იშმადაგური“ კი 2007 წლის PEN-მარათონის მეორე პრემიით აღინიშნა.
წიგნში თავმოყრილია თექვსმეტი მოთხრობა: იშმადაგური; ორლესული; რუსტიკო და მისის ჯანი; ზღაპარი; საფულე; წერტილი; მონოფონი; ორუცნობიანი; კვირის ბოლოს ბოლო; ნაცრისფერი; ვაფლი მდოგვით; ზეგზებზე; თორნიკე ერისთავი; რეპორტაჟი ფქვილის უდაბნოდან; "მგზავრის წერილები"; სხუაი.
ეს კრებული ავტორის მიერ განვლილი შემოქმედებითი გზის ერთგვარ შეჯამებას წარმოადგენს.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4528
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯანო ჯიქიძე    Wed Dec 17, 2014 6:37 pm



წიგნის დასახელება - „ფარშევანგის სოლო“ (ომი თუ მშვიდობა)
ავტორი - ჯანო ჯიქიძე
გამომცემლობა - „საარი“
რედაქტორი - როსტომ ჩხეიძე
მხატვარი - კარლო ფაჩულია
ISBN 978-9941-427-64-0
ყდა - რბილი
გვერდების რაოდენობა - 516
გამოცემის წელი - 2013
ფასი - 10.50

ანოტაცია:
ყველა ხალხის ისტორია სავსეა ომებით, ბრძოლებში გამარჯვებულის თავმოწონებით, რადგან ისტორიას წერენ გამარჯვებული მხედართმთავრის მემატიანენი; ისინი თავს იწონებენ ომში წარმატებებით და, ასევე, მომგებიანი ზავებით... თითქოს ადგილი აღარ რჩება მშვიდობისათვის მებრძოლთათავის (მემატიანენი ამის შესახებ სდუმან); შეუძლებელია, რომ მათ თავიანთი სიტყვა არ ეთქვათ საჭირო დროს და შესაბამის მომენტში - ისინი იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალშიც.
გმირებს, დიდ მხედართმთავრებს, ომით სახელგანთქმულებს პატივი მივაგეთ, ხოტბა შევასხით; თუმცა ისიც უნდა ითქვას, ნამდვილ მებრძოლს სამართლიან ომში მეომარს, ყველაზე მეტად ენატრება მშვიდობა - სანუკვარი მიზანი.


Arrow


Last edited by Admin on Wed Dec 17, 2014 6:50 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4528
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯანო ჯიქიძე    Wed Dec 17, 2014 6:49 pm



წიგნის დასახელება - „რონინი, Trippeln და იგავი მარტისა“
ავტორი - ჯანო ჯიქიძე
გამომცემლობა - „ფავორიტი პრინტი“
რედაქტორი - როსტომ ჩხეიძე
მხატვარი - კოტე სულაბერიძე
ISBN 978-9941-0-4410-6
ყდა - რბილი
გვერდების რაოდენობა - 76
გამოცემის წელი - 2012
ფასი - 10.50

ანოტაცია:
ეს მოთხრობა ეძღვნება ტრაგიკულად დაღუპული თბილისელი უსინათლო მუსიკოსის, კომპოზიტორის ვიქტორ ტოკარევის ხსოვნას. მისი ფოტო ამ პატარა წიგნის გარეკანს ამშვენებს. გუშინდელივით მახსოვს, როგორ ვარონინებდი ხოლმე ვიქტორს „ფიჭვების ხევის“ ეზოში. ის და რონინი (ვიდრე მეხსიერება მაქვს) დავიწყებას არ მიეცემა.


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4528
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯანო ჯიქიძე    Wed Dec 17, 2014 7:27 pm



ჯანო ჯიქიძე

ამბავი ათასწლოვანი მუხისა
(აბაღა და სულეიმანი)


მოთხრობა დაწერილია ისტორიულ ფაქტზე დაყრდნობით - 1121 წელს დავით IV აღმაშენებელმა (აფხაზეთიდან წამოსულმა) მოულოდნელი თავდასხმით გაანადგურა ქართლში, მტკვარზე ჩამომდგარი თურქ-სელჯუკების ბანაკები.


იმ მუხას ახსოვს საუბარი სელჯუკებისა, მამა-შვილისა – აბაღასი და სულეიმანისი.

მამა-აბაღა – ტომის ბელადი, ჩვეულებრივ ნომადზე მეტი იყო – იცოდა არაბულად წერა-კითხვა, ისლამის დოგმები, ყურანის სურები. პირადი გამოცდილებით ეწეოდა ცხოვრების ჭაპანს; მიზანსწრაფული იყო იმდენად, რომ წინა წელს საქართველოდან ორჯერ უკუქცეული, ამჯერად უკვე უერთგულესი მეომრებით, სახლეულით, მთელი ტომით იყო წამოსული ზამთარში, დასწრებაზე, რათა თოვლის დნობამდე მომაგრებულიყო და დავით IV-ის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა.

შვილი-სულეიმანი სამარყანდში განათლებულიყო; მამაზე 18 წლით უმცროსს მეტად ესმოდა სულიერება, ნაკლებად – ყოფიერების სიმძიმილი.

დღე იდგა განსაკუთრებული – ახლოვდებოდა ის ჯადოსნური საათი, როცა წინასწარ დათქმული პირობის თანახმად, შვილს ნებისმიერი შეკითხვის დასმის უფლება ეძლეოდა, მშობელი კი ვალდებული იქნებოდა, ეპასუხა.

ამ შეხვედრისთვის სულეიმანი საგანგებოდ ემზადებოდა, აბაღა – არა, რადგან საამისო დრო და მოცალეობა არ ჰქონდა; ან საიდან უნდა ჰქონოდა – მთელი ტომი: მეომარი და მწყემსი, კაცი და ქალი, დიდი თუ პატარა, მორჩილად, უთქმელად, მაგრამ დაჟინებით ითხოვდა მისგან სწორ გეზს, გადამწყვეტი ნაბიჯს – გამარჯვებას, ალაფს, სარჩოს, საძოვრებს...

იმ თოვლიან-ყინვიან დილას მამა-შვილმა მთელი ბანაკი დაიარა; ნახა ყველა: კარგადმყოფიც და ავადმყოფიც...

სელჯუკებს კარვებს შორის კოცონები ენთოთ – დიდებიც და პატარებიც ცეცხლს ეფიცხებოდნენ. მამა-შვილის გამოჩენას მოწიწებული სალმით ხვდებოდნენ. მათ არ იცოდნენ, სად დაბანაკდნენ, მაგრამ სჯეროდათ, რომ ეს იცოდა მეთაურმა. მათ არ იცოდნენ, რას ნიშნავს სა-ქართველო, მაგრამ სწამდათ ტომის ბელადის, რადგან აბაღა გამჭრიახი და შეუპოვარი, მკაცრი და სამართლიანი მეთაური იყო. მისი ვაჟისა რა გითხრათ და, დიდად არ მოსწონდათ, უცხოდ მიაჩნდათ ახალმოსული; უცხოდაც გამოიყურებოდა, უფერულადაც – მამის ფონზე უკანსვლას ჰგავდა.

ეს აბაღამაც იცოდა და განგებ იახლა ბევრისთვის უცნობი სულეიმანი, რათა ტომის უფროსს და უმცროსს პატივი ეცათ მისთვის და ეს პატივისცემა ჩვეულებად გადაქცეოდათ; ყველას უნდა ენახა „სტუმარი“, იმას კი – თავისი ხალხი.

მამა-შვილმა ასობით კარავი დაიარა: ზოგი სამხედრო-მეომრული, ზოგი – საოჯახო, ზოგი – სავაჭრო, ზოგიც – სახელოსნო... ჩამოუარა ყველა საგუშაგოს და გუშაგს, დათბუნულ კვიცებს და რძეგამშრალ საქონელს; ყველა და ყველაფერი შეამოწმა – ყველას და ყველაფერს გაზაფხული და სითბო ენატრებოდა...

სიმშვიდეს მონატრებულმა აბაღამ კი თავის ვაჟს, 18 წლის სულეიმანს თოვლში გასეირნება შესთავაზა.

ამხედრდნენ, ბანაკს გაშორდნენ, მტკვრის მარჯვენა ნაპირს აღმა აუყვნენ, გაივაკეს, გაიჯირითეს – თავი ტრიალ ტრამალზე ეგონათ. ყიჟინა დასძახეს, მანამდე აჭენეს ცხენები, ვიდრე არ დასცხათ... ნაბიჯზე გადავიდნენ, მერე ის მარტომდგარი მუხა დაინახეს და, თითქოს რაღაც ენიშნათო, შეჩერდნენ, ჩამოხდნენ, პეშვებით თოვლი აკრიფეს და აწითლებულ სახეებზე პირისბანასავით მიმოისვეს, მწყურვალებივით პირში გამოისვეს, შეჭამეს-ჩაიდნეს-ჩაყლაპეს – ეგრილათ-ეგემრიელათ, ესიამოვნათ, სული მოითქვეს... მიმოიხედეს... თვალი კარგად უჭრიდათ – მზერა მიმოატარეს...

მაშინაც ყველაფერი თავის ადგილზე იყო: დათოვლილი თრიალეთი, თეთრი ლიხი, თოვლიანი ჭერათხევი, ქართლის ქათქათა მინდვრები და ამ ერთგვარი სისპეტაკისგან თითქოს დაჩაგრული, ნაცრისფერი მტკვარი; თითქოს მოღალატე მტკვარი – კოცონებიდან ადენილი კვამლის სუდარაში გახვეული სელჯუკების ბანაკის სიცოცხლის ელექსირი, სამტროდ მოსული უცხოტომელი კაცების ცხენებისა და ძროხების დამრწყულებელი, სამტროდ მოსული უცხოტომელი კაცების ცოლების ჯამ-ჭურჭლის მრეცხავი მტკვარი...

ამასობაში დადგა ის ჯადოსნური წამი, მამისა და შვილის გულახდილად საუბარს რომ ითხოვდა. იმ თოვლიან ველზე მხოლოდ ერთი, ტანადი, თითქოს ზამთრის ძილში წასული მუხა იდგა – აბაღას და სულეიმანს სხვა მსმენელი არ ჰყავდათ.

მამავ-ბატონო! რატომ ვიპყრობთ სხვის მიწებს? – იკითხა სულეიმანმა და თავი დამნაშავესავით დახარა. რაც გაბედა, ამას სხვა დროს ვერ გაბედავდა – ეს მხოლოდ ახლა შეიძლებოდა – გულახდილი მამა-შვილობისას...

ჯადოსნური წამების ათვლა დაიწყო: ერთი, ორი, სამი, ოთხი..

ყველანაირ შეკითხვას ელოდა აბაღა, ასეთს კი – არა. ვაჟს მაშინვე არ უპასუხა. იქნებ, ინანა კიდეც, რად მივეცი შვილს განათლება; ნუთუ იმისთვის, რომ ასეთ დღეს შემტევი შეკითხვა დაესვაო...

– რადგან არ იცი, აგიხსნი, შვილო! – თქვა აბაღამ, თვალი მოავლო თოვლიან ველს, მერე მზერა იქვე მდგარ მუხაზე შეაჩერა, მათრახით მიათითა და იკითხა, – ჯერ ეს მითხარი, სულეიმან, ეს ხე სადაურია?

– აქაური! – უყოყმანოდ უპასუხა სულეიმანმა.

– არა! შემცდარხარ, რადგან ასე გგონია, – თქვა აბაღამ, – ეგეც საიდანღაც არის მოსული, ქარით მოტანილი; ალაჰის ძალით მოვლენილი. ღმერთმა ინება და რადგან ასეა, ამანაც შეძლო აღმოცენება. ამ მიწაში ფესვები გაიდგა, დაემკვიდრა და ახლა აქაური ჰქვია. ჩვენც იმავეს ვაკეთებთ და ამაში გასაკვირი არაფერია. ჩვენც ამ ხესავით უნდა დავმაგრდეთ ამ მიწაზე, ფესვი გავიდგათ და დავფუძნდეთ. იქნებ სხვაგან უკეთესია, მაგრამ ჩვენდა ბედად რაც გვერგო, ამასაც ბრძოლით უნდა მოპოვება... ეს შენთვის სამარყანდში რომ ესწავლებინათ, შეკითხვის დასმაც არ დაგჭირდებოდა.

– ერთი შეკითხვაც, მამავ-ბატონო!

– მკითხე, შვილო.

– ამ ქვეყანას რატომ ვერ ვიპყრობთ?

აბაღამ სულეიმანს მყისიერი პასუხი არც ამ შეკითხვაზე გასცა, ცხენზე ამხედრდა და დაიძრა; მაგრამ შეკითხვას სად გაექცეოდა – აკი განსაკუთრებული დღის ჯადოსნური წამები იდგა და შვილის კითხვაზე მამისგან პასუხის გაცემა სავალდებულო იყო.

სულეიმანიც ამხედრდა და მიჰყვა. გაბედა, წამოეწია, მაგრამ არ გაუსწორდა, მოერიდა, ცხენის თავ-კისრით ჩამორჩენა ამჯობინა, შესაფერის მომენტს დაელოდა; როცა აბაღამ ცხენი შეაყენა, 18 წლის შვილი 36 წლის მამას გვერდით ამოუდგა და, ცოტა არ იყოს, გაკვირვებულმა უსმინა ტომის ბელადის ნათქვამს.

– აქაურების მეფე – დაუდ-ხანი – შლეგია. ჩვენი ჯავრით დღისით ვერ მოუსვენია, ღამით არ სძინავს, – თქვა აბაღამ, – ვერ ხვდება, რომ ამაოდ გვეომება. ამას ორ კვირაში მიხვდება – საკუთარი თვალით იხილავს, რომ ეს ბარი ჩვენ გვიჭირავს.

– კი მიკვირდა, მამავ-ბატონო, რატომ გამოვილაშქრეთ ამ ზამთარში, თოვლსა და ავდარში.

– ახლა ხომ ხვდები?!

– ვხვდები. თუ ჩვენ აქ გამოვიზამთრებთ, თოვლის დადნობამდე მოვძლიერდებით, საომარ სამზადისს დროულად მოვასწრებთ და მტერსაც მოვერევით.

– რაც შეეხება შენს შეკითხვას, – თქვა აბაღამ და შვილს თვალი შეავლო, – ისეთი შვილის ყოლას, როგორიც დაუდ-ხანია, ნებისმიერი მამა ინატრებდა; თუმცა თვითონ მას კი არ გაუმართლა – ყურანი იცის, მაგრამ ჯვაროსანია. ალაჰისაგან ძალა არ მიეცა და რადგან ასეა, საბოლოოდ ჩვენი მსხვერპლი შეიქნება უეჭველად...

კითხვა-პასუხი დამთავრდა, მაგრამ თავისით – არა. რაღაც უხილავმა ძალამ შეწყვიტა – ალბათ, დანახულით შთაბეჭდილების ძალამ.

სიჩუმე იდგა. უნებლიეთ მოღალატე მტკვარიც კი იმედიანად გატრუნულიყო. შორს, თოვლით დაფარულ ლიხის ქედზე მანამდე არარსებული მდინარე გადმოსულიყო – ჩვეულებრივთან შედარებით მძიმედ, ნელა, ავად მოიკლაკნებოდა დაღმა და მთების ძირში გუბდებოდა.

სულეიმანს მსგავსი რამ არასდროს ენახა.

აბაღას უნახავს: ზვავის ჩამოზვავება, მეწყრის ჩამოწოლა, მაგრამ ასეთი რამ, ახალშობილი მდინარის ქედზე გადმოხეთქვა-გადმოდინება კი – არასოდეს.

მამა და შვილი თვალის დაუხამხამებლად, მზერაგაშტერებულები, გაოგნებულები, უტყვად უყურებდნენ უცხო ქვეყნის ზამთრის სასწაულს...

მერე აბაღას ცხენმა დაიფრუტუნა, მამა-შვილი შთაბეჭდილებიდან გამოარკვია და რეალობას დააბრუნა – ლიხის ქედზე დავით IV აღმაშენებლის ჯარი მოედინებოდა და ბოლო არ უჩანდა...

ისევ დამასწრო, ისევ მაჯობა! – შეჰყვირა აბაღამ უიმედოდ და ბანაკისკენ გაიხედა – გვიანი იყო. დიდი-დიდი ერთი საათის სიცოცხლე ეწერა მის გეგმებს, მის სახლეულს, მასზე მონდობილ დიდ-პატარას... სათქმელი მაინც ლიხის ქედზე გადმოსული ქართველი მეომრების „მდინარის“ შემყურემ თქვა: სულეიმან, ხედავ?! დაუდ-ხანს თავისი ქვეყნის თოვლიც კი არ ემეტება მტრისთვის! თუ ცოცხალი გადარჩი, ჩემი ნათქვამი დაიმახსოვრე – აი, ასეთი მეთაური უნდა ჰყავდეს ხალხს, ასეთი შვილი უნდა ჰყავდეს მამას!..

სულეიმანმა დამნაშავედ ჩათვალა თავი, დამნაშავესავით დახარა თავი, თუმცა, არანაირი დანაშაული ჯერ არ ჩაედინა. გული დაწყდა, რომ მამასთან გულახდილი საუბარი ბოლომდე არ დასცალდა. დასცლოდა, ეტყოდა, რომ სამარყანდში მათემატიკა შეიყვარა და სამხედრო საქმის ათვისებას ასტროლოგიის სწავლა ამჯობინა.

სწრაფად! – გაიგონა მამის ბრძანება და მორჩილად მიჰყვა.

მამა და შვილი მიბრუნდნენ და ბანაკისკენ გაქუსლეს, თან დაუზოგავად სცემდნენ ცხენებს მათრახებს; თუმცა თოვლში სწრაფად სრბოლა ძნელი არის, ეს მათ შეძლეს, რადგან თავზარი მიერეკებოდათ...

ამ ყველაფერს შეესწრო მუხა-ბერმუხა და ახლაც იქა დგას...

2014



ბმული:
* http://lit.ge/საკონკურსო_ნაწარმოები/ამბავი_ათასწლოვანი_მუხისა/1004

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4528
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯანო ჯიქიძე    Wed Mar 04, 2015 6:05 pm



წიგნის დასახელება - „ტუიაჰ!“
ავტორი - ჯანო ჯიქიძე
გამომცემლობა - „საარი“
რედაქტორი - როსტომ ჩხეიძე
მხატვარი - მაია სუმბაძე
ISBN 978-9941-427-97-8
ყდა - რბილი
გვერდების რაოდენობა - 220
გამოცემის წელი - 2014

ოთხი მოთხრობა: „ჯანიშინისა!“, „ინდაურების მწყემსი“, „ტუიაჰ!“, „იგნაციადა“


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4528
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯანო ჯიქიძე    Sun Apr 15, 2018 9:40 am



წიგნის დასახელება - „ჩემი“ (Fiction, nonfiction)
ავტორი - ჯანო ჯიქიძე
გამომცემლობა - „საარი“
რედაქტორი - როსტომ ჩხეიძე
გარეკანის დიზაინი - მაია წერეთელი
ტექნიკური რედაქტორი - ნინო ტალახაძე
ISBN 978-9941-477-02-7
ყდა - რბილი
გვერდების რაოდენობა - 220
გამოცემის წელი - 2017

თექვსმეტი მოთხრობა



Arrow


Last edited by Admin on Thu Apr 19, 2018 8:56 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4528
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯანო ჯიქიძე    Wed Apr 18, 2018 3:47 pm



ჯანო ჯიქიძე

ჩემი ხევსური

ყოველ დილით, ჩემი ნაცნობი ხევსური შინიდან გამოდის ხმლით ხელში, ვადაზე ეამბორება მამა-პაპურ იარაღს, გააღებს მანქანას და შიგ ყველაზე საპატიო ადგილზე დააბრძანებს. შემდეგ ცას ახედავს, შეაფასებს, რა საითაა: დარი ავდრისკენ, თუ პირიქით – ავდარი დარისკენ... მერე მიუჯდება საჭეს და მიდის სამსახურში...
15 წელია ერთიდაიგივეს ვხედავ – გამოვა ხმლით ხელში, ეამბორება, მანქანაში შეაბრძანებს, დააბრძანებს... იმედიანი და კმაყოფილი მიუჯდება საჭეს და დაიძვრება ,,მშრალი ხიდისკენ“. ზაფხულში და დარში ადრიანი დილით მიდის, წვიმიან ამინდში კი – ცოტა მოგვიანებით... იცის, როდის იწყებს მოსვლას ,,მშრალი ხიდის“ მყიდველი. ამასაც, შესაბამისად, ან ეჩქარება, ან საერთოდ არ ჩქარობს.
ჩემი ნაცნობი ხევსურის მანქანა (სსრკ-ს დროინდელი ,,ავტოლავკასავით“) სავსეა გასაყიდი საქონელით: ხანჯლებით, ყანწებით, ქუდებით, წინდებით, ფარდაგებით, ტალავარით... კაცმა იცის თავის საქმე – ამით არჩენს ოჯახს.
თავისთავად მახსენდება ოთარ იოსელიანის ,,და იქმნა ნათელის“ ფინალური ეპიზოდი – სოფლიდან ქალაქში გადასახლებული კაცი თავისი სალოცავი კერპის ასლებს ყიდის... იმას ,,ავტოლავკა“ არ აქვს – პირდაპირ ქუჩაში, ტროტუარის ბორდიურზე ჩაუმწკრივებია თავისი ტომის სალოცავი კერპის (ხისგან დამზადებული) ორიოდე ციდა-ზომის ქანდაკება-ასლები.
ვინ იცის, ეგებ ის აფრიკელი კაციც ყოველ დილით ეამბორება და მერე მიაქვს გასაყიდად ის ღმერთკაცუნები?..
ასეც რომ არ იყოს, იმ ფილმის პერსონაჟის და ჩემი ხევსურის ბედ-იღბლის მსგავსებას ისედაც ვხედავ.


კი მაგრამ რა არის ამაში ცუდი?
ო. იოსელიანის აფრიკელ პერსონაჟს, ქალაქში გადასახლებულს, აღარ ჭირდება თავისი კერპი. უფრო სწორად, აღარ არის იმის საჭიროება, რომ კაცმა თავის კერპს თაყვანი სცეს, მსხვერპლი შეწიროს და გვალვისას წვიმა სთხოვოს. ეს იქ იყო საჭირო – სოფელში, ბუნებაში, ტყეში, სადაც ყველაფერი ბუნებრივად მოსავალია. ქალაქისთვის კი სულ ერთია გვალვა და წვიმა. უფრო სწორად, მისთვის (ქალაქისთვის) ამინდს სასიცოცხლო მნიშვნელობა არ აქვს – ქალაქის მოსავალი შემოსავალ-გასავალია. ამიტომაც ერთდროს სოფლის სათაყვანებელი კერპი, გაქალაქელებული სოფლელის ხელში ღმერთ-კაცუნას ასლებად, ტურისტებისთვის სუვენირად, ანუ საბოლოოდ ვაჭრობის, აღებ-მიცემობის საგნად და მავანისთვის შემოსავლის წყაროდ ქცეულა...
ჩემი ხევსური წარსულთან, მამა-პაპურ ტრადიციასთან დამაკავშირებელ ბოლოსწინა ძაფს ინარჩუნებს – დილაობით ხმალს ვადაზე ეამბორება და სავაჭროდ გამოტენილი მანქანის სალონში საპატიო ადგილზე დააბრძანებს...
მეუხერხულება, რომ ვუცქირო, მაგრამ მაინც მაინტერესებს, მინდა დავაზუსტო: ერთიდაიგივე ხმალია თუ სხვადასხვა – უკვე გაყიდულის სანაცვლო...
ერთხელაც, რომ შენიშნა, მიყურებსო, უფრო ხაზგასმით, უფრო ნერვულად დაკოცნა ხმლის ვადა და თითქოს საგანგებოდ მაჩვენა – როგორი მოწიწებით დააბრძანა მართლაცდა ლამაზად გაწყობილი იარაღი მისთვის მიჩნეულ ადგილზე, ანუ ქუდებისა და ყანწების გროვის წინ, ე.წ. ,,მგზავრის სკამზე“...
აღარ ჭირდება ხევსურს ხმალი, როგორც იარაღი. არც იმ აფრიკელ სოფლელს ჭირდება თავისი გვარ-ტომის კერპი; თუმცა ორივე მათგანს სხვასთან შედარებით უკეთ ესმის სიძველეების ადრინდელი დანიშნულება და მნიშვნელობა. ორივე მათგანი სხვაზე ადრე მიხვდა მისახვედრს – ვიდრე ის ,,სხვა“ სულ გააუფასურებდეს ამათ ძირძველს, მამა-პაპურს, ტრადიციულს, თვითონ უნდა დაადონ ფასი ასლის დონეზე მაინც, თან ისე, რომ ბოლომდე არ შეელიონ...

ამიტომაც ჩემს ხევსურს მამაპაპურ იარაღთან ამბორით ძაფი გაუბია სიძველესთან, ტრადიციულთან და ამას ხაზგასმით მიჩვენებს. ამით მეუბნება, რომ ის კი ვაჭრობს, მაგრამ იარაღით მოვაჭრესავით მარტო სარგებელზე არ ფიქრობს – მილიტარისტებთან საერთო არაფერი აქვს – მისგან ნაამბორალ ხმალს და ხანჯალს საომრად არავინ ყიდულობს... ,,მშრალ ხიდზე“ შეძენილ სუვენირს ახალი პატრონი, ანუ ტურისტი შინ წაიღებს; თავის საცხოვრებლის კედელზე, თვალსაჩინო, საპატიო ადგილზე გამოფენს სადმე კალიფორნიაში, ან ციმბირში, ან ალპებში... ან იქნებ სულაც იმ ოკეანისპირა აფრიკულ ქალაქში, სადაც იოსელიანის ფილმის პერსონაჟი, ღმერთ-კაცუნა კერპის ასლების გამყიდველი ცხოვრობს.

Arrow


Last edited by Admin on Wed Apr 18, 2018 9:00 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4528
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯანო ჯიქიძე    Wed Apr 18, 2018 3:48 pm

ჯანო ჯიქიძე

ჩემი სალოსი

ხალხმრავლობას ვერიდები.
ვერიდები, რადგან მაეჭვებს.
მაეჭვებს, რადგან ამას გამოცდილება მკარნახობს.
ხალხმრავლობა შებღალვით ემუქრება იმ ხატს, ჩემს წარმოსახვაში რომ არსებობს და ამიტომ:
ფეხბურთი მიყვარს, მაგრამ სტადიონზე აღარ დავდივარ;
ჯაზი მიყვარს, მაგრამ ჩიკ კორიას კონცერტზე არ წავედი;
უსამართლობის მიმართ ჩემი პროტესტის მიუხედავად, მიტინგებს არ ვესწრები.
მცხეთიდან თბილისში – სამების ტაძარში, მამა გაბრიელი რომ გადმოაბრძანეს, ლამის მთელმა საქართველომ მიაკითხა – ყოველდღიურად ათასობით ადამიანმა იარა და ნახა წმინდანის ნეშტი.
მე კი არ მივსულვარ.
ჩემი საქციელი ახირებულობას ჰგავს, დინების საწინააღმდეგოდ სვლას ჰგავს.
მაინც ასე ვარჩიე.
რაც შეეხება დინების საწინააღმდეგოდ სვლას.
ეს პირდაპირ კავშირშია იმ ხატთან, ჩემს წარმოდგენაში რომ


არსებობს და მამა გაბრიელის ერთადერთხელ ნახვით სამუდამოდ დარჩა მეხსიერებას:
იმ არეულ დროში, 1992 წლის სექტემბერში, კვირადღის ნაშუადღევს, რუსთაველზე მივდიოდი ,,საუნჯიდან“ დამწვარი I სკოლისკენ. ტროტუარზე ხალხმრავალი მიმოსვლა იყო; არა იმიტომ, რომ ცხოვრება დუღდა და გადმოდუღდა, არამედ იმიტომ, რომ ავტობუსი-ტროლეიბუსი არ დადიოდა და ქალაქის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, ჩემსავით, იძულებული იყო, ქვეითად ემგზავრა.
,,ოფიცერთა სახლს“ რომ მივუახლოვდი, მამა გაბრიელი დავინახე.
ტროტუარის ბორდიურის იქით, იქვე, მანქანის სავალ ნაწილზე მოდიოდა, ავტოტრანსპორტის მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით – იქიდან აქეთ.
გაბრიელ სალოსზე ადრე კი მსმენოდა, მაგრამ არასდროს მენახა. ნაბიჯი შევანელე, ჭადრისკენ მივდექი, დავდექი და ვუცქირე.
ბერის თალხი კაბა ემოსა; ზემოდან, ლამის მუხლამდე წვდებოდა მოსაცმელი. სიგამხდრის გამო სამოსში იყო ჩაკარგული, როგორც კაფანდარა, საშუალოზე დაბალი ადამიანი.
ჭადრების ტოტებს შორის ალაგ-ალაგ ჩამოღწეული მზის შუქი წინიდან სცემდა, თვალს ჭრიდა და დროდადრო თავს დაბლა ახრევინებდა.
მის აღნაგობასთან და ტანის ზომასთან შედარებით, უსაშველოდ დიდი, ტილოსგან ნაქსოვი, შემოდგომისფერი ჩანთა მარჯვენა მხარზე ეკიდა; თანაც წინ, მკერდისკენ გადმოეტანა და თითქოს ორივე


ხელით მოჰქონდა; ორივე ხელით ეჭირა, უფრო ზომის და არა სიმძიმის გამო (ჩანთა დაშრეტილი იყო, ცარიელივით).
მამა გაბრიელი მოდიოდა ზომიერად ჩქარი ნაბიჯით, თვალებს წკურავდა და იღიმოდა; შეიძლება არც იღიმოდა, მაგრამ მზის სხივები და შუქ-ჩრდილები, მის სახეს და ქვეითად მოძრავ ფიგურას ზედ ისე გადასდიოდა, იფიქრებდი, ამ ადამიანს ეს-ესაა სასიხარულო ამბავი შეუტყია და ახლა თან მიაქვს, რომ იქ მიიტანოს, სადაც მისი კუთვნილი ადგილიაო.
მიდიოდა დინების საწინააღმდეგოდ; ვინც ,,საუნჯისკენ“ მიდიოდა, მათგანაც განსხვავებული გეზი ეჭირა, რადგან ტროტუარზე კი არა, ბორდიურს იქით, მანქანების გზაზე მიაბიჯებდა.
ასეთი ქვეითი უცნაურად გამოიყურება, მაგრამ უმრავლესობა ვერ ამჩნევს – ის ხომ საფეხმავლო გზაზე არავის შეეჩეხება, არავის გადაუსწრებს, თავს არავის დაათვალიერებინებს... ბორდიურის იქით, მით უმეტეს – არავინ შეეჩეხება, არავინ წამოეწევა და გადაუსწრებს... და ამგვარად, მის საფიქრალთან განმარტოების სურვილს ხელს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის...
ასეთი ხატი დარჩა ჩემს წარმოდგენაში.
ამ ხატს ხელი არ ვახლე არც მაშინ, იმ დღეს, როცა შეიძლებოდა მამა გაბრიელთან მივსულიყავი, შევჩეხებოდი და მისი თაყვანისმცემელივით გულითადად, რამდენიმე თბილი სიტყვა მეთქვა; ამ ხატს არ ვეხები არც მას შემდეგ დღემდე, როცა მამა გაბრიელი ყველასთვის წმინდანია...


ასე, დინების საწინააღმდეგოდ სვლა (ამავდროულად, თანმხვედრი მიმართულებით მიმავლებთან შედარებით, მაინც განსხვავებული გეზით სიარული) ჩვეულებრივ ადამიანს არ შეჰფერის... სალოსს კი, მე თუ მკითხავთ, ჰშვენის კიდეც...
იმ დღეს სწორედ ასე იყო:

რუსთაველის გამზირზე, მომავალი წმინდანი მარტო მოდიოდა, სრულიად მარტო... მაგრამ, მადლობა ღმერთს, ეს მას არ ადარდებდა; ჭადრების ტოტებს შორის მოციგლიგე მზის სხივების ათინათებით შემოსილი სალოსი, შემოდგომისფერი ტილოს უზარმაზარი, დაშრეტილი ჩანთით ხელში, მსუბუქად, თითქოსდა ფეხისწვერებზე მიიჩქაროდა, ბერობიდან წმინდანობისკენ...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4528
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ჯანო ჯიქიძე    Wed Apr 18, 2018 3:50 pm



ჯანო ჯიქიძე

NEWAY

სტომატოლოგიურ კაბინეტში, საკონსულტაციოდ ჩაწერილი, ახალგაზრდა პაციენტი შემოვიდა - 20-22 წლის მოღუშულსახიანი გოგო. ერთმანეთს მივესალმეთ - მე გავუღიმე, მან კი წარბი არ გახსნა. მე ხელის ბანას შევუდექი, ის კი სავარძელზე დაჯდა, ამოიოხრა. ვიფიქრე, რაღაც სტომატოლოგიური პრობლემა აქვს, ალბათ რამე აწუხებს-მეთქი. არ გამკვირვებია - ყოველდღიურად ტკივილთან შეხება იმდენჯერ მაქვს... არც ის მიკვირს, რომ სწორედ ამან ზედმეტად დამტვირთა და ნაადრევად დამაბერა... და კიდევ, არც ის მიკვირს, რომ სტატისტიკის მიხედვით სუიციდის მსოფლიო ჩემპიონატში დანტისტები და ადვოკატები პირველობენ და მესამე (ღირსეული კონკურენტი) დღემდე არ ჩანს.
მოვრჩი ხელის ბანას. ინსტრუმენტებით შევიარაღდი და პაციენტი გავსინჯე. არაფერი განსაკუთრებული - პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელი იყო. ასეც ვუთხარი.
მაინც დაიჟინა: კარგად ნახეთ. თუ რამე მცირე პრობლემა მაქვს, ისიც მინდა ახლავე მოვიგვარო. ამერიკაში ამისთვის კარგა ხანს ვერ მოვიცლიო.
ამერიკა რა შუაშია-მეთქი, - ვითომ გავიკვირვე.
გონზე არა ვარო, - მითხრა, - სულ არ ვგეგმავდი, არ მოველოდი, მაგრამ გათამაშებაში green card მოვიგე. ახლა, უარს ხო არ ვიტყვი. ორ კვირაში ამერიკაში მივდივარ... მოკლედ, ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად იცვლება, ჭკუაზე არა ვარ - ბოლომდე არც მესმის, ჩემს თავს რა ხდებაო.
ჰმ!..
ინსტრუმენტებით ხელახლა შევიარაღდი, აპარატურა ჩავრთე. როგორც საჭირო იყო, ყველაფერი დავუმუშავე - სქეილინგი, პოლიშინგი, ეარფლო... გავედი ბოლოში და იგივე მოვახსენე: ყველაფერი რიგზეა, მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია, გადაუდებლად არაფერი გჭირდება. თუ ცოტათი თანკბილვას გაისწორებ ორთოდონტთან (ეს კი საუცბადო საქმე არ არის და ორ კვირაში ვერ მოასწრებ), ამერიკაში გადაწყვიტე-მეთქი. ახლა პირის ღრუს სავლებს დაგინიშნავ, ამერიკულს - ნაზს და ეფექტურს. აქ დაიწყებ გამოვლებას. იქ რომ ჩახვალ, ადგილზე მოიკითხავ, შეიძენ და გააგრძელებ მოხმარებას. სავლები სამკურნალოდაც კარგია და პროფილაქტიურადაც, ოღონდ (ეს რამ მათქმევინა, ენა მაქვს მოსაჭრელი) ეს სავლები მორმონების ნაწარმია. თავისთავად პატიოსანი ხალხია, მაგრამ არ გაგიკვირდეს - მორმონებს ამერიკაში ალაგ-ალაგ დასცინიან მრავალცოლიანობის და ალკოჰოლთან მიუკარებლობის გამო-მეთქი (მართლა ასე იყო. მრავალცოლიანობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ის კი მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ სოლტ-ლეიკ-სიტიში, ზამთრის ოლიმპიადის დროს, ალკოჰოლური ბარები და რესტორნები გაიხსნა დროებით, სულ სამიოდე კვირით. ანუ რისი თქმა მინდა: მთავრობამ მორმონებს პირობა მისცა, რომ ოლიმპიადის დამთავრებისთანავე იმ ბარებს და რესტორნებს ისევ აეკრძალებოდათ ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობა თუ მოხმარება, თუ რაც ქვია. მთავრობამ პირობა შეასრულა - სპორტული შეჯიბრების დამთავრებისთანავე დახლებიდან და საწყობებიდან ,,ამოიღო“ ალკოჰოლი და ასეე - სტუმრები წავიდნენ, იქაური მორმონები კი ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდნენ).
პაციენტს, ამ ახალგაზრდას არ მოეწონა ,,მორმონების“ გაგონება. არ მოეწონა კი არადა, თვალებით გაკვესა და აენთო. მე მართლმადიდებელი ქრისტიანი ვარ და ვიღაც სექტანტებისგან წარმოებულ წამალს პირში არ გამოვივლებ, სხვა რამე დამინიშნეთო.
კი გამაკვირვა თავისი სიჯიუტით თუ პრინციპულობით, მაგრამ არ შევიმჩნიე და ვუთხარი: არ არი პრობლემა, ლისტერინს დაგინიშნავ. ამერიკა ნახევარ საუკუნეზე მეტია მაგ საშუალებას მოიხმარს, ოღონდ იცოდე, ეგ სავლები სხვადასხვანაირია. უკეთესი იქნება, თუ უალკოჰოლო ვარიანტს გამოიყენებ-მეთქი.
ამ ,,უალკოჰოლოს“ გაგონებისთანავე ერთხელ კი ეჭვიანად გამომხედა - ალბათ (წამიერად) ისევ მორმონების თემას დაუკავშირა, თუმცა მალევე დარწმუნდა, რომ სავსებით სერიოზულად ვეუბნებოდი და დამთანხმდა, კაიო.
მადლობა მითხრა და წავიდა. მას შემდეგ აღარ მინახავს.
ორი-სამი დღის შემდეგ პატრიარქი გვესტუმრა. სამუშო დღის ბოლოს დადიოდა კლინიკაში (ანუ იმ დროს, როცა პაციენტების ნაკადი წდებოდა). სწორიც იყო, რომ მაშინ დადიოდა, როცა კლინიკაში ხალმხრავლობა არ იყო და თითქოს სიმშვიდე სუფევდა. თავისი წილი სიმშვიდე კი თვითონ პატრიარქს მოჰქონდა. როგორც ყოველთვის, იყო დინჯი, ხმადაბლად მოსაუბრე, უაღრესად განათლებული და შესაბამისად - ბევრის მცოდნე, ბევრის ცოდვის მცოდნე და მიმტევებელი პიროვნება.
ამ შემთხვევაშიც საქმე ექიმურ რჩევაზე მიდგა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ (დღემდე ვნანობ ამას) უკუღმა მოვიქეცი - ის ნაზი და ეფექტური ამერიკული სავლები (,,გრინკარდიანი“ გოგოს ფეთიანი საპასუხო რეაქცია რომ მახსოვდა) არ შევთავაზე. მაშინ მეგონა, ჭკვიანურად მოვიქეცი, რადგან წინასწარ გავთვალე: ახლა ამას რომ პატრიარქს შევთავაზებ, მისი უახლოესი გარემოცვიდან ვინმე - ფხიზელი ჭკუის ცნობიმოყვარე - გამოიკვლევს-აღმოაჩენს, რომ სავლები ამერიკული ან ახალზელანდიურია - მორმონების ნაწარმი. ამის გამო შეწუხდება, შეშფოთდება, ჩაერევა ექიმური დანიშნულების საქმეში და უარამდე დაიყვანს-მეთქი.
აი, ასეთი გამჭრიახი მეგონა ჩემი თავი.
სხვა, მძაფრი გემო-არომატის სავლებიც არ დავნიშნე და ხალხურ მედიცინა-ფიტოთერაპიას დავესესხე. მცენარეული ნაყენის დაყენება შევთავაზე - თავშავას, ფარსმანდუკის, გვირილას შემადგენლობით. ამ შიგთავსის მქონე რამდენიმე პაკეტიც გადავეცი, მაგრამ მხოლოდ ერთი გამომართვა სანიმუშოდ. ჩაიდუდუნა: ეს გვაქვს, ამ ბალახეულს ჩემები ცალ-ცალკე აშრობენ და ინახავენ. ახლა ნაზავს საჩემოდ დავამზადებინებ, ოღონდ პროპორცია მითხარიო. სავლების ინგრედიენტების პროპორციები ფურცელზე დავუწერე და გავისტუმრე. პატრიარქისგან ნათქვამმა მადლობამ ჩემს ყურთასმენაში სასიამოვნოდ გააგრძელა ჟღერა... უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მადლობა მითხრა - ჩემი საქციელით ერთობ კმაყოფილი დავრჩი, თუმცა ეს კმაყოფილება დიდხანს არ გაგრძელებულა. დიდხანს კი არადა, როგორც კი პატრიარქმა და მისმა თანმხლებმა კაბინეტის კარი გაიხურეს და წავიდნენ, მაშინვე ჩემმა თავმა თავში ჩამძახა: ხარ უპრინციპო და სხვის ფეხისხმას აყოლილი ვაიექიმი!..
თავიდან ვერაფერს მივხვდი, მერე კი დავფიქრდი: რატომ არ დავუნიშნე ის ნაზი და ეფექტური სავლები (რისი დადებითი მოქმედებაც წლების განმავლობაში გადამოწმებული მქონდა და თვითონაც მოვიხმარდი, რადგან მის ,,მორმონული წარმოშობას“ ანთების პრევენციისთვის, მკურნალობისთვის და ზოგადად, პირის ღრუს მოვლისთვის მნიშვნელობა არ ქონდა)?
იმიტომ, რომ ამას შეიძლებოდა ,,გრინკარდიანი“ მართლმადიდებლის მსგავსი რეაქცია მოჰყოლოდა?
უნდა მივმხვდარიყავი, უნდა შემეთავაზებინა. რაც ექიმურად საუკეთესოდ მიმაჩნდა, ის საშუალება უნდა დამენიშნა. პატრიარქი უარს იტყოდა თუ მოიხმარდა, თავისთავად გაირკვეოდა. ეს იყო XX საუკუნის ბოლოს.
ახლა, 2017 წელს მგონია, რომ მოიხმარდა და რატომ:
ამ ათიოდე წლის წინ, წინანდალში ყოფნისას ტ.დ. თავის ამბავს ყვებოდა, - სულ მინდოდა ტიბეტში მემოგზაურა და როცა ამის შანსი მომეცა, გამოვიყენე კიდეცო. წასვლის წინ მაინც შევყოყმანდი, ეს ქრისტიანი კაცი ბუდისტების ქვეყანაში რომ მივდივარ, იქნებ არასწორად ვიქცევი, იქნებ რამე ცოდვას ჩავდივარ. იქნებ კურთხევა, დალოცვა მჭირდება, რომ მერე იქაურებთან კონტაქტი, იმ სიმაღლეზე ასვლა-მოგზაურობა მშვიდობით და სასიკეთოდ დამთავრდეს-მეთქი. ჩემი პირადი ურთიერთობა ეკლესიის პატრიარქთან იმის უფლებას მაძლევდა, რომ მასთან მივსულიყავი და რჩევა მეკითხაო.
ვუსმენდი და მართალი გითხრათ მეც მინდოდა (ახლაც მინდა), რომ ისეთი ვინმე მყოლოდა, ვინც გამგზავრების წინ გზას დამილოცავდა.
პატრიარქს ჩემს ეჭვებზე გაეცინაო, - განაგრძობდა თხრობას ტ.დ., - რა ცოდვა, რის ცოდვა. ეგ რამ გაფიქრებინაო, დამამშვიდა. ეგ არაფერი, პირიქით ერთი თხოვნა მაქვს და იქნებ შემისრულოო. რაც გინდათ, მთხოვეთ-მეთქი. მითხრა, მე ვიცი, რომ ტიბეტელ ბერებს დალაილამას აღზრდის განსაკუთრებული მეთოდი აქვთ შემუშავებული. ლჰასაში რომ მოხვდები, გაიკითხ-გამოიკითხე. იქნებ სათანადო ტექსტებს გაეცნო, ან მთლად უკეთესი - ასლი მოიპოვო და ჩამომიტანოო... აი, მაშინ კი მივხვდი, რომ, რომ ბუდისტურ გარემოში მოგზაურობა ჩემს მართლმამადიდებლობას რაიმე საფრთხეს კი არ შეუქმნიდა, პირიქით - სასარგებლოც შეიძლებოდა აღმოჩენილიყოო.
აი, ასე!
განათლებულმა ადამიანმა უკეთ იცის, რა არის ცოდვა და რა - არა. ,,გრინკარდიან“ გოგოს განათლება არ ეყო და იმიტომ გამოვიდა წონასწორობიდან - ისე დაფრთხა მორმონების ხსენებაზე, ერთ წამში ჰორმონების ქარიშხალი დაატრიალა... ცხადია პატრიარქს მსგავსი რამ არ დაემართებოდა. ამას უნდა მივმხვდარიყავი, მაგრამ ვერ მივხვდი.
მას შემდეგ მეოცე საუკუნე მიიწურა და 2001 წლის 1 იანვარს ახალი ათასწლეული დადგა. ეს 2001 იმიტომ ვახსენე, რომ თავის დროზე მსოფლიო მასშტაბით დედამიწის მოსახლეობის აზრი ორად გაიყო არასაკმარისი განათლების გამო - უმრავლესობას ეგონა, რომ მილენიუმის დასაწყისი 2000 წელი იყო. სასაცილოც იქნებოდა, საზეიმოდ, ფოიერვერკებით რომ არ აღენიშნათ ეს უვიცობა 2000 წლის 1 იანვარს. თუმცა რაღაც მსგავსი მეც მემართება ხოლმე, ახალ წელს აღვნიშნავ ორჯერ: 1 იანვარს და 14 იანვარს...
რას ვამბობდი, ჰო, ერთი შეკითხვა გამიჩნდა და მაშინ, წინანდალში ყოფნისას ტ.დ.-ს ვკითხე: პატრიარქს დალაილამას აღზრდის მეთოდი რატომ აინტერესებდა-მეთქი. პასუხმა არ დააყოვნა. სამეფო ოჯახის აღდგენას აპირებსო, - მითხრა ტ.დ.-მ, - უფლისწულის აღზრდისთვის საჭირო მეთოდს ტიბეტელების გამოცდილებასაც წააშველებს, თუ საჭიროდ ჩათვლისო...
აქ უკვე გავიჭედე - მონარქიის აღდგენის მომხრე არ ვარ და იმიტომ გავიჭედე. ამან დამაბნია და კიდევ ერთი შეკითხვის დასმა დამავიწყა.
აგერ ახლა გამახსენდა ის, რაც უნდა მეკითხა: მერე რა ქენი, ტიბეტში რომ იმოგზაურე, ლჰასაში რომ იყავი, დალაილამას აღზრდის მეთოდის ასლი თუ მოიპოვე, პატრიარქს თხოვნა თუ შეუსრულე-მეთქი... მას შემდეგ ტ.დ. არ მინახავს, არც დამირეკავს. როცა ვნახავ, მაშინ ვკითხავ, თუმცა არა მგონია ამას აზრი ქონდეს.
ალბათ ვერ მოიპოვა. ალბათ ტიბეტელ ბერებს ზედმიწევნით გასაიდუმლებული აქვთ ის ცოდნა-გამოცდილება. ასე მგონია. აბა, ტ.დ.-ს რომ ის საიდუმლო ტექსტი ჩაეწერა-გადაეწერა, ამის თქმას არ დამზარდებოდა. სიამაყით იტყოდა, მოვიპოვე და ჩამოვიტანეო. რადგან არ თქვა, მაშ შეუძლებელი ყოფილა პატრიარქის თხოვნის შესრულება - ასე გამოდის.
მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა. სამეფო ოჯახის აღდგენის საქმეს თითქოს თავი დაედგა, მერე კი საეჭვოდ მიჩუმათდა. არც უფლისწულზე და მის აღზრდაზე მსმენია რამე საყურადღებო... არც იმ ,,გრინკარდიანი“ ქართველ-ამერიკელი გოგოს შესახებ გამიგია რამე და ცხადია, პირში რას ივლებს, არც ის ვიცი. ერთი კი ვიცი და ჩემი ვარაუდი-მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ:
სამუშაო კაბინეტში პატრიარქის ფოტო მაქვს. ადრინდელია - ვარდის ფურცლობის რევოლუციისა და რუსეთის ჯართან ხუთდღიანი ომის შუა პერიოდისდროინდელი. პატრიარქი ეზოშია, ღია ცისქვეშ - მზეზე. ზის საზურგიან-სახელურებიან ე.წ. გრძელ სკამზე, მარჯვენა კიდეში, მზის შუქზე თავი დაუხრია, ხელები-ხელისგულები მუხლებზე დაუწყვია და ფიქრობს - ფოტოკამერისკენ არ იყურება. აცვია სპეტაკი თეთრი სამოსი და წითელი თავსარქმელი.
რატომ ზის სკამის მარჯვენა კიდეში?
თუ ვინმეს ნებას დართავს, მასთან ერთად ფოტო გადაიღოს, ის ვინმე მარცხნიდან უნდა მიუჯდეს - გრძელი სკამი მართლა გრძელია - სამი კაცი თავისუფლად დაეტევა პატრიარქის მხარმარცხნივ, მხარმარჯვნივ კი ადგილი არ არის, ვერავინ მიუჯდება, რადგან პატრიარქი კიდეში ზის.
მე რომ ფოტოს გადაღება მომსურვებოდა, გრძელი სკამის კიდეში არ დავჯდებოდი. ჰო, გრძელი სკამის ზედ შუაში გავადენდი ტკაცანს, ფეხს ფეხზე გადავიდებდი და ჩემთან ერთად ფოტოს გადაღების მსურველები თუ გამოჩნდებოდნენ, მარცხნიდანაც მოვისვამდი და მარჯვნიდანაც. ასე, პატრიარქივით კიდურა ადგილზე არ დავჯდებოდი, დარწმუნებული ვარ.
მაშ, რაშია საქმე?
2003-2008 წლების შუალედში პატრიარქს თავისი მემკვიდრე ჯერ კიდევ არ ჰყავს დაგულებული (ანუ ის, ვინც მარჯვნიდან დაჯდებოდა). მარცხენა მხარეს კი, მობრძანდით, დაბრძანდით, ვისაც გსურთ (უფრო სწორად, ვინც ერთმანეთს გამოასწრებთ და სკამზე დაეტევითო).
იქნებ სულაც არ არის ასე? იქნებ პატრიარქს მსგავსი რამე არც უფიქრია და ვთქვათ, ეზოში გასეირნების შემდეგ უბრალოდ მოუნდა სკამის კიდეზე ჩამომჯდარიყო, სახელურს ხელით დაყრდნობოდა, საზურგეს ზურგით მიყრდნობოდა, მაგრამ ამ ფოტოზე ასე არ არის - ილია ll- -ს ხელები მუხლებზე უწყვია, საზურგესაც ოდნავ ეყრდნობა, თავდახრილი ფიქრობს და ფოტოკამერას ჩანაფიქრს უმალავს...

ახლა პატრიარქი ხშირად ავადმყოფობს, მკურნალობს და ღმერთმა უშველოს, ცუდის მოლოდინი არ მაქვს... მაგრამ დრო გადის, 2017 წელია, ფოტოს გადაღებიდან მინიმუმ 10 წელია გასული. მე მგონი დროა, პატრიარქი სკამის შუაში დაჯდეს, მარჯვენა მხარე დაიმშვენოს (მარცხენაც - ესეც კარგი იქნებოდა) და ამით თავის ჩანაფიქრზე პირდაპირ მიგვანიშნოს, რომ შემდეგ... რაც მოხდება, იმაში სწორად ორიენტაციის შანსი წინასწარ მომეცეს.

2017

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ჯანო ჯიქიძე    

Back to top Go down
 
ჯანო ჯიქიძე
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: