არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თამრი ფხაკაძე - ნანა კობაიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4106
Registration date : 09.11.08

PostSubject: თამრი ფხაკაძე - ნანა კობაიძე    Fri Nov 28, 2014 8:27 pm



„საბავშვო ლიტერატურა ბედნიერების კუნძულია“
(ნანა კობაიძის ინტერვიუ თამრი ფხაკაძესთან)

Astrid Lindgren Memorial Award (ALMA) ერთგვარი საბავშვო ნობელის პრემიაა – უმნიშვნელოვანესი ამ სფეროში მოღვაწე ნებისმიერი ავტორისთვის, რადგან ყველასთვის საყვარელი მწერლის სახელს უკავშირდება. პრემია შვედეთის სახელმწიფომ 2002 წელს დააარსა (სწორედ ამ წელს გარდაიცვალა ასტრიდ ლინდგრენი) და ყოველწლიურად გადასცემენ მწერლებს, ილუსტრატორებს,დიქტორებს, რომელთა ნამუშევრები ყველაზე ახლოს დგას დიდი მწერლის შემოქმედებასთან. ALMA შესაძლოა მიენიჭოს პირს ან ორგანიზაციას, რომელიც ბავშვებში წიგნისა და კითხვის პროპაგანდას ეწევა. მისი მიზანი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურისადმი ინტერესის გაზრდა, ბავშვთა უფლებების დაცვა და კითხვის პროცესში ახალგაზრდა თაობის ჩართულობაა.
გამარჯვებულს ავლენს ჟიური, რომლის შემადგენლობაში შედიან საბავშვო მწერლები, ლიტერატორები, კრიტიკოსები, ილუსტრატორები და ბიბლიოთეკარები. როგორც წესი, ერთ-ერთი წევრი ასტრიდ ლინდგრენის ოჯახის წარმომადგენელია.
შარშან მაგალითად, ეს პატივი მწერლის შვილიშვილს, ანიკას ერგო. ლაურეატის ვინაობა 31 მარტს ირკვევა, დაჯილდოების ცერემონიალი კი მაისის თვეში იმართება. კონკურსის საპრიზო ფონდი 5 მილიონი შვედური კრონია. სხვადასხვა დროს ALMA-ს ლაურეატები გახდნენ ცნობილი ამერიკელი საბავშვო მწერალ-ილუსტრატორი მორის სენდაკი, ინგლისელი ფილიპ პულმანი (ქართველი მკითხველი მას `ოქროს კომპასის~ ტრილოგიით იცნობს), ავსტრალიელი შონ ტანი და სხვები. პირველად ამ პრემიის ისტორიაში შარშან შვედეთის წარმომადგენელმა გაიმარჯვა. საპატიო პრემია და ფულადი ჯილდო საბავშვო მწერალს, ბარბრა ლინდგრენს ხვდა წილად, რომლისთვისაც კარიერის დასაწყისში საქმიანი რჩევები თავად დიდ ასტრიდს მიუცია.
წლევანდელი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარე ბოელ უესტინი გახლავთ. სწორედ მან დაასახელა 9 ოქტომბერს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ALMA-ს ნომინანტები, რომელთა შორის საქართველოდან ილუსტრატორი სოფიო კინწურაშვილი და მწერალი თამრი ფხაკაძე არიან. ისინი პრემიაზე საქართველოს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ წარადგინა. ქალბატონ თამრის სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ ვეწვიეთ.



_ ლინდგრენის პრემიაზე წარდგენა მწერლისთვის არცთუ უმნიშვნელო ფაქტია, რა ემოცია გქონდათ, როცა ამის შესახებ შეიტყვეთ?
_ ძალიან მნიშვნელოვანი საბავშვო კონკურსია, რომელშიც მთელი მსოფლიო მონაწილეობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პრემიის ნომინანტობაც. ეს ერთგვარი აღიარებაა შენი ქვეყნიდან. ამას წინათ რუსი მწერლისა და პოეტის, სერგეი მიხალკოვის ბიოგრაფიას ვკითხულობდი, სადაც განსაკუთრებულად არის აღნიშნული, რომ 2009 წელს ლინდგრენის პრემიის ნომინანტი იყო. წელს 61 ქვეყნიდან 197 კანდიდატია წარდგენილი.

_ ვინ არიან დანარჩენი ნომინანტები, თუ იცით რამე მათ შესახებ?
_ ლინდგრენის პრემია მხოლოდ მწერლებისთვის არ არის გამიზნული. მათ გარდა ილუსტრატორები, პრომოუტერები და წარმატებული საბიბლიოთეკო ქსელებიც მონაწილეობენ. არცთუ იშვიათად ლაურეატებიც ხდებიან. 2006 წელს ვენესულაში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაცია Banko del libro-მ გაიმარჯვა, 2009 წელს პრემია პალესტინურ ორგანიზაცია Tamer institute for Community Education-ს მიანიჭეს, რომელიც ღაზას სექტორში საბავშვო წიგნის პოპულარიზაციას ეწეოდა. ამ კონკურსში მონაწილე მწერალს გარკვეული ბეგრაუნდი უნდა ჰქონდეს. მხოლოდ ერთი წიგნით წარდგენა იშვიათია, თუ ძალზე მასშტაბური ქმნილება არ არის. მე მთელი ჩემი შემოქმედებით წარმადგინეს.

_ ეს ყველაფერი ნათარგმნი უნდა იყოს?
_ პირველ ეტაპზე აუცილებელი არ არის. თავიდან ინტერესდებიან, რამდენად აქტუალურია შენი სახელი და ნაწერები ინტერნეტ-სივრცეში _ ვებ-გვერდიდან დაწყებული, სოციალური ქსელების ჩათვლით. მომდევნო ეტაპზე ჟიური ნომინანტის შემოქმედებას ეცნობა, ამისათვის კი მისი თარგმნაა საჭირო. არ ვიცი, ვის ევალება და ვინ განახორციელებს ამას ჩემ შემთხვევაში, მაგრამ ერთი შემიძლია ვთქვა: პრემიაზე წარდგენილი მწერალი ქვეყანამ შუა გზაზე არ უნდა მიატოვოს. მათ საიტზე წავიკითხე, რომ მესამე ეტაპზე დაწვრილებით უნდა შეისწავლონ ავტორების შემოქმედება. როგორ შემისწავლიან, სულ ცოტა ხუთი ზღაპარი მაინც თუ არ ითარგმნა?

_ ნომინანტი ავტორი რაიმე განსაკუთრებულ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს?
_ განსაკუთრებულს არაფერს ითხოვენ, მაგრამ იმ ღირებულებებისა და ფასეულობათა ერთგულება, რაც ლინდგრენის შემოქმედებისთვისაა ნიშანდობლივი, აუცილებელია. ყველამ ვიცით, როგორია მისი წიგნები – ლაღი და თავისუფალი, როგორც პეპი. მათთვის ძალზე მნიშვნელოვანია მწერლობამ ბავშვს თავისუფალი აზროვნებისა და ქმედების ჩვევა
ჩამოუყალიბოს. გაწკიპინებულ სტილსა და გაზეპირებულ ზრდილობას არ მოითხოვენ. პირიქით, ეს კონკურსი ჩარჩოებს ებრძვის, რაც ძალიან მომწონს. ჩემს წიგნებშიც სწორედ ეს მუხტი დევს, თუმცა იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ჟიურიმაც დაინახოს და შეაფასოს, მათი თარგმნაა საჭირო. ველოდები, როდის შემეხმიანებიან, რადგან თებერვლამდე, როცა ტექსტები უნდა გადავცეთ, დიდი დრო აღარ დარჩა.

_ რას შეარჩევდით თქვენი შემოქმედებიდან ამ კონკურსისთვის?
_ „გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას, მეფე ბუთხუზ პირველსა და სხვებს“. ეს არის ვრცელი სათავგადასავლო ზღაპარი, რომელიც რამდენიმე წლის წინ პრემია `ოქროს ბუმბულის~ გამარჯვებული გახდა. არაჩვეულებრივი ილუსტრაციები აქვს, რომელთა ავტორი ნანა მელქაძე გახლავთ. გამოსაცემად გამზადებული წიგნი გამომცემლობა „ტრიასში“ დევს, მაგრამ
სამწუხაროდ, ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც უფასო სახელმძღვანელოების თემას გადაეჯაჭვა, მოლოდინის რეჟიმშია. ეს ძალიან კეთილი პროექტი იყო, რომელიც მშობლებსა და ბავშვებს დაეხმარა, მაგრამ გამომცემლობები და ავტორები დააზარალა. სხვათა შორის, ბავშვებიც, რადგან აქ ჩემი სამი წიგნი გაჩერდა, იქ – ვიღაცის ორი და საბოლოოდ
ეს ყველაფერი მკითხველს დააკლდა. უფრო გააზრებული ნაბიჯი იყო საჭირო, თუმცა ეს სხვა თემაა. ისევ კონკურსს დავუბრუნდები: გავაკეთებდი „გრძელცხვირა ჯადოქარ მარსიას“ ანოტაციას და პირველ თავს ვთარგმნიდი. აქედან უკვე გასაგებია, რა ტიპის ტექსტია – იუმორით სავსე, დაძაბული სიუჟეტით, ჩახლართული ამბებით.

_ ამბების მოყოლა თქვენი სტიქიაა.
_ ძალიან მიყვარს ამბავი _ სადიდო ტექსტებში, საბავშვოში და ლექსებშიც კი. ვიღაცისთვის სწორ ხაზზე სიარული უფრო მისაღებია, ფიქრებში ხეტიალი, სიღრმეებში ჩასვლა, მე კი წრეზე სიარული მიყვარს, ამბების ქსოვა. საბავშვო ტექსტებში ეს კიდევ უფრო მძაფრად უნდა იგრძნობოდეს. ჩემი ოცნებაა გავაკეთო „365 პლუს ერთი ძილისპირული თამრისგან“. აქედან
100-მდე უკვე დაწერილი მაქვს, თუმცა უდროობა მიშლის ხელს. ეს ჩემი ყველაზე დიდი პრობლემაა. სამწუხაროდ, არსობის პურს ჩვენთან შემოქმედებით ვერ იშოვი, ამიტომ ისეთი საქმის კეთება გიწევს, რაც უამრავ დროს და ენერგიას გართმევს. გამოდის, რომ მორჩენილ დროში ვწერ, არადა, მერჩია, პირიქით ყოფილიყო. მეოთხე წელია რომანს ვეჭიდები. ორი საბავშვო პოემა მაქვს დაწყებული და მხოლოდ დილაობით ვიცლი მათთვის. აქამდეც ასე იყო. რომანი „(შ)ორი მე“ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით იატაკქვეშეთში გავაკეთე. იმ პერიოდში „ინტერნიუსში“ ფილმების რედაქტორი ვიყავი და ქურდულად, მუშაობის პარალელურად ვწერდი. საკუთარ თავს ვპარავდი დროს. სწორედ ამას მიეძღვნა რომანი „CV“, რომლის მთავარ გმირს ლეთარგიულად დაეძინება და იმქვეყნად აღმოჩნდება, სადაც ყველანაირი პირობა აქვს წერისათვის, მაგრამ არ გამოსდის. ექსტრემალურ ვითარებაში მუშაობას შეჩვეული, უკან დაბრუნებას ნატრობს. მეც იგივე მჭირს, ექსტრემალურ წერას მივეჩვიე. ალბათ ამიტომ იყო პენმარათონი ჩემი სტიქია. მარტო მე არ ვარ ასე. ბევრი თანამედროვე მწერალია მსგავს პირობებში. ვინ არ წვალობს? ვერავის დაგისახელებთ, ვინც მორჩენილ დროში არ წერს. წავიდა ზურა რთველიაშვილი შვედეთში და ალბათ ის ცხოვრობს წერით. ასევე აკა მორჩილაძე – ლონდონში, თუმცა აკა განსაკუთრებული მოვლენაა, ჰიპერაქტიული მწერალი, რომელსაც წერა ყველა ვითარებაში შეუძლია. ამ ყველაფერს ქალობაც ემატება, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს პრობლემებს.

_ მწერლისთვის სქესი ხელისშემშლელია?
_ ხელოვანისთვის ხელისშემშლელია. ალბათ ამის გამოა დარღვეული გენდერული ბალანსი შემოქმედებაში და არა იმიტომ, რომ კაცის ტვინს უფრო დიდი გაქანება აქვს, ვიდრე ქალისას, როგორც ზოგიერთები ამტკიცებენ. ქალს უფრო მეტ ყოფით წვრილმანზე უწევს ფიქრი.

_ ვერ დაგეთანხმებით, რადგან ბოლო 20 წელიწადში არცთუ ცოტა მწერალი ქალი გამოჩნდა, რომლებიც ურიგოდ არ წერენ.
_ საბედნიეროდ, მწერლობაში მათმა რიცხვმა იმატა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მხატვრობაში, კინოსა და თეატრში ბევრი ქალია. კაცი უფრო გლობალურად უყურებს მოვლენებს, აქვს ამის ფუფუნება, ქალი კი ასე ცხოვრებას ვერ ახერხებს.

_ მთელ მსოფლიოში საბავშვო ლიტერატურა ძალიან მომგებიანი სფეროა გამომცემლობისთვისაც და ავტორებისთვისაც, ჩვენთან რა ხდება ამ თვალსაზრისით?
_ მომგებიანი ნამდვილად არის, მაგრამ არა ავტორისთვის. 15 საბავშვო წიგნი მაქვს დაწერილი, რომ არ ჩავთვალოთ გადმოქართულებული და გაპიესებული ტექსტები. ბევრი არ არის, მაგრამ არც ცოტაა იმისთვის, რომ მორჩენილ დროში არ ვწერდე. ვოცნებობ, გამომცემლობებისგან ჩემი წიგნები გამოვისყიდო და თავად განვკარგავდე მათ ბედს, თუმცა ამ
ეტაპზე ეს ძალიან რთულია. სერიოზულ საწყის კაპიტალს მოითხოვს.

_ ახალ რომანზე მუშაობთ, რომელსაც „თურმელები“ ჰქვია. როდის გამოვა ეს წიგნი?
_ ეს ჩემი მეოთხე რომანია, საგა ერთ დიდ საგვარეულოზე, სადაც ერთმანეთს ეჯაჭვება ირეალური სამყარო და რეალობა. ამიტომაც უწოდეს ასეთ სტილს მაგიური რეალიზმი _ მარკესის სტილს ვგულისხმობ, სადაც მისტიკური ამბები რეალისტურადაა მოთხრობილი. სხვათა შორის, სიურეალიზმი ყველა ჩემს რომანში ფიგურირებს, ნამდვილ ცხოვრებას მხოლოდ მოთხრობებში აღვწერ. ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს გამოუვალ მდგომარეობაში მისტიკის მოხმობა. ამას წინათ ერთმა ქალბატონმა დამირეკა და მითხრა, რომ „CV“-ში აღწერილი მიღმური სამყარო თავისი შრეებით ძალიან ჰგავს იოანეს გამოცხადებას „ახალი აღთქმიდან“. რომ ვუთხარი, სასულიერო ლიტერატურის ღრმა ცოდნით ვერ დავიკვეხნიდი, გაოცდა. ახლა ვაპირებ დეტალურად წავიკითხო, ასეთი რა დამთხვევაა. ფაქტია, როცა ვწერდი, მიწაზე მყარად არ ვიდექი. ჩართული მქონდა დარიო მარიონელის მუსიკა, სადაც საბეჭდი მანქანის კაკუნი ისმის – მწერალი რაღაცას წერს, ამ დროს მეც ვაკაკუნებდი და თითქოს ტრანსში გავდიოდი. ძალიან მიჭირდა რეალობაში დაბრუნება, განსაკუთრებით იმ მომენტებში, როდესაც ჩემს გარდაცვლილ მეგობარზე, დინარაზე ვწერდი. სხეულებრივად ვგრძნობდი მასში შესვლისა და გამოსვლის მომენტებს _ ძალიან ახლოს მყავდა, სადღაც აქვე იყო. ხანდახან ვტიროდი კიდეც. რაღაც უცნაური ხდებოდა, თითქოს ამ ყველაფერს კი არ ვწერდი, უბრალოდ ვატარებდი. ამას ახლა ვაანალიზებ, მაშინ არ დავფიქრებულვარ.

_ ანუ, ამ შემთხვევაში წერა არ არის მხოლოდ ნააზრევის ფურცელზე გადმოტანა?
_ სრულებითაც არა. ეს იყო რაღაც ირეალური, მისტიკური პროცესი: მე, ავტორი უკან მივყვებოდი მოვლენებს. წერის დროს საკუთარ თავს გვერდიდან ვხედავდი. სხვათა შორის, ამ წიგნს ბედი არ ერგო, რაღაცნაირად ჩაიძირა. არადა, ურიგო რომანი არ არის. მეც ასე ვფიქრობ. ის კი არა, შეიძლება უკეთესი ვეღარც დავწერო.

_ ცოტა მძიმედ კი იკითხება, ემოციურ ფონს ვგულისხმობ.
_ გეთანხმებით, თუმცა არც სიმსუბუქე აკლია. შედარებით მძიმეა შუა ნაწილი, სადაც კონსილიუმი მიმდინარეობს. სხვათა შორის, ვანგა, ფროიდი, იუნგი, კასტანედა და სხვები იმდენად თავისთავად შემოდიოდნენ ტექსტში და ისე უნდოდათ ამ წიგნში მონაწილეობა, მეგონა, მე არაფერ შუაში ვიყავი. ხელახლა რომ დავიწყო ამ რომანის წერა, არცერთი წინადადებით არ შევამცირებდი. ზუსტად ისე დავტოვებდი, როგორიც არის.

_ დიდხანს მუშაობთ დაწერილ ტექსტზე?
_ თითქმის არასოდეს. შეიძლება წერტილ-მძიმე ჩავასწორო. ხანდახან გონებაში რაღაც ადგილს ვასწორებ და აღმოჩნდება, რომ დედანში ზუსტად ისე წერია, ამიტომ ამ საქმეს თავი დავანებე. ტექსტზე გზადაგზა იმდენს ვმუშაობ, ზედმეტ წვალებას აღარ ითხოვს.

_ ახალი რომანი რა პროცესშია?
_ ფინალისკენ მივდივარ. ორი ვარიანტი მაქვს: შემიძლია ერთი თავის შემდეგ დავასრულო ან კიდევ გავაგრძელო. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საკმაოდ მძაფრსიუჟეტიანი რომანია, რომელიც თურმელების საგვარეულო განძის ისტორიას მოგვითხრობს. თურმელები არარსებული გვარია, `თურმე~- დან მოდის. მისტიკა აქაც არის, თუმცა არც ამბების ნაკლებობაა. მაგალითად, აღვწერ სახლის ერთ-ერთ ოთახს და შემდეგ ჩავურთავ, რა მომხდარა ერთხელ ამ ოთახში; აღვწერ სამზარეულოში მდგარ ბუხარს და მასთან დაკავშირებულ ისტორიას ვყვები. პატარ-პატარა ამბები სულ არის. ამბების გიჟი ვარ. ტრანსპორტშიც კი სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე ადამიანების მონათხრობს. მიყვარს ადამიანში შესვლა, თუმცა საკუთარ თავზე იგივეს ვერ ვიტყვი. ზომიერების ფარგლებში საკმაოდ გახსნილი ვარ, იმის იქით კი ჩემი სამყაროა და არავის ვუშვებ. სხვათა შორის, კასტანედა პიროვნების გახსნის სასტიკი წინააღმდეგია, გასაიდუმლოებული უნდა იყოო, ამბობს. ამიტომ არც მისი დაბადების ზუსტი თარიღია ცნობილი და არც ის – ცოცხალია თუ მკვდარი. ფოტოც კი არ შემორჩა. კასტანედას მოწაფე და მიმდევარი არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ შენი ცხოვრება ადამიანებს ზედაპირზე არ უნდა დაუდო. ძალიანაც რომ გინდოდეს, ბოლომდე მაინც ვერ გაიხსნები, რადგან თავადაც არ იცი, ვინ ხარ და რა გინდა _ ცხოვრება გზადაგზა გხსნის.

_ ამ რთული სამყაროდან როგორ ახერხებთ ისეთ ლაღ და მარტივ სფეროზე გადართვას, როგორიც საბავშვო ლიტერატურაა?
_ ჩუკოვსკის ნაწარმოებებზე ვარ გაზრდილი. ბაბუა რუსი მყავდა და სულ მიკითხავდა მის არაჩვეულებრივ ლექსებს, ამიტომ ეს ყველაფერი სისხლში მიზის. მე თუ მკითხავთ, საბავშვო ლიტერატურას განსაკუთრებული მოხერხება არ უნდა: ან გამოგდის, ან _ არა, თუმცა ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ბავშვებისთვის წერა უფრო რთულია.

_ თქვენი საბავშვო ნაწერების, განსაკუთრებით, ლექსების კითხვისას ნამდვილად ვერ იფიქრებ, რომ ავტორს მათი წერისას უწვალია – წყალივით მიდის და ძალდაუტანებლად გამახსოვრდება – ბავშვსაც და დიდსაც.
_ კარგად გამოგდის ის, რაც სიამოვნებას განიჭებს. ჩემთვის საბავშვო ლიტერატურა ამ ქაოტურ სამყაროში ბედნიერების კუნძულია. თუ მინდა, დილით კარგ ხასიათზე დავდგე, საბავშვო ლექსებს ვწერ. თან პროცესს ვიხანგრძლივებ _ ყოველ დილით თითო სტროფს ვამატებ. ასე ნელ-ნელა, სვენებ-სვენებით დაიწერა ორი პოემა _ „ბუზბუზელა“ და „ქონდრისკაცი ბაკი-ბუკა“. ცოტა ხანში დავასრულებ და გამომცემლობაში მივიტან – სხვამაც ხომ უნდა ისიამოვნოს? ორივე წიგნს ალბათ „პალიტრა L“ გამოსცემს _ მათთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ. ეს ადამიანები პიროვნულადაც მიყვარს და ვფიქრობ, საზოგადოებამდე წიგნის მიტანისა და პოპულარიზაციის საქმეშიც დიდი წვლილი მიუძღვით. ჩემს ახალ რომანსაც სიამოვნებით ვანდობდი მათ.

_ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, რომელს უფრო მიაკუთვნებთ საკუთარ თავს – საბავშვო მწერლობას თუ სადიდოს?
_ ასე ვერ ვიტყვი. ერთმანეთს აბალანსებენ. ხანდახან რომანზე ვმუშაობ და ისე მოულოდნელად ამომიხტება ხოლმე საბავშვო თემა, გაანალიზებასაც ვერ ვასწრებ. პარალელურად შეიძლება მოთხრობა ვწერო. მატრიოშკებს ჰგავს _ ერთმანეთში დევს და ყოველ ჯერზე ახალი თოჯინა ამოდის.

_ ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ ლინდგრენის პრემიაზე საბავშვო შემოქმედებით აღმოჩნდით. როგორ ფიქრობთ, გაქვთ გამარჯვების შანსი?
_ მინიმალური შანსი ყველა მონაწილეს აქვს. სხვათა შორის, მწერლების რიცხვი არც ისე ბევრია _ 20-მდე ვიქნებით. მეტი წილი ორგანიზაციებს, საბიბლიოთეკო ქსელებს, პრომოუტერებს უჭირავთ. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დამიდგება გვერდში სახელმწიფო, რას თარგმნიან და რამდენად მსუყედ და გემრიელად მიაწოდებენ ამ ყველაფერს ორგანიზატორებს.


„ლიტერატურული გაზეთი“, #21 (133), 14-27 ნოემბერი, 2014 წელი.

ბმული -
* http://www.culture.gov.ge/misc/topic/1417071719.pdf

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
თამრი ფხაკაძე - ნანა კობაიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: