არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბათუ დანელია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ბათუ დანელია   Fri Jul 25, 2014 10:54 am



Batu Danelia

ბათუ დანელია

დაიბადა 1950 წლის 20 აგვისტოს, აბაშის რაიონის სოფელ ზანათში.
დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი, 1987 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
მწერალთა საერთო - ეროვნული კავშირი, წევრი (1983-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ღირსების ორდენი, ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის

ბიბლიოგრაფია
* სიყვარული ბალასტია (ლექსები), თბილისი, დიოგენე, 2013, გვ. 236 - ISBN 978-9941-11-395-6
* მთვარის დღესასწაული : ლექსები (ავტორი). - ქ. თბილისი, მერანი, 2003. - 172გვ.. - ISBN: 99928-950-1-2
* გადასახედი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1998. - 448გვ.
* მარტოობის ზამთარი : ლირიკა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1997. - 148გვ.
* მოგესალმებით არსაიდან (მთარგმნელი). - თბილისი, ხომლი, 1993. - 116გვ.
* ტიხარი : ლირიკა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1987. - 111გვ.
* წყნარი ქუჩა : ლირიკა (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1986. - 58გვ.
* ქალაქი ფრთებქვეშ : ლირიკა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1982. - 51გვ.

ბმულები:
* http://gf.ghn.ge/view.php?post=221
* http://translationlab.ge/authors/batu-danelia/
* http://www.diogene.ge/ka/books/book/339
* https://www.youtube.com/watch?v=YkVnDTFrWOQ


Last edited by Admin on Fri Jan 01, 2016 1:36 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბათუ დანელია   Fri Jul 25, 2014 11:00 am

ბათუ დანელია



გზის გამყვანი

ჩემი თავიდან უნდა დამეწყო
გზის გაყვანა და გავსულიყავი
ისევე ჩემი თავის ბოლოში.

თურმე ჩემიდან უნდა დამეწყო!
აი, დღეს ვიწყებ გზის გაყვანას ჩემი თავიდან
და როდისმე გავალ ჩემივ თავის ბოლოში,
ოღონდ ყველაფრის გავლით, რასაც კი
თუნდაც ერთხელ მაინც შევეხე:

მე ვარსკვლავების წინააღმდეგ
უსასრულობის რიკ-ტაფელა მითამაშია
და დამარცხება მომიგია…

მე კარგ სიზმრების სანახავად
ღამეები გამომიშიგნავს,
მაგრამ არასდროს ჩავწოლილვარ
შიგნით, კმაყოფილ წრუწუნასავით…

სულ გზა გამყავდა და მოვდიოდი,
ოღონდ საიდან – საკვირველი სწორედ ესაა -
ჩემი ბავშვობა არ ყოფილა ისეთი კარგი,
რომ მოვდიოდე მე ბავშვობიდან…

მე მოვდივარ მარტოობიდან -
მარტოობა იყო ჩემი
მიწა ყველაზე მოსავლიანი,
სადაც ვრგავდი გიგანტ ყვავილებს
გვირილისხელა დედაჩემისთვის.

მარტოობა იყო ჩემი ის მუსიკა ულამაზესი,
სადაც ყურებზე ხახვს ვერ მაჭრიდნენ…
ღამით ჩემს ციცქნა საძინებელში
შემოდიოდა მთვარის ბაღი თვალუწვდენელი,
ხელში მარკ ტვენის “ტომ სოიერით”
და უნახავ და კარგ სიზმრებით
გაფოთლილი და აყვავებული,
მაგრამ – მარტო, მარტო ვიყავი!..

ღამის გუმბათზე უძინარი
დავდიოდი სიზმრის ფეხებით
და ჩამოვარდნის არ მშინებია,
რადგან სად უნდა დავვარდნილიყავ,
თუ არა ისევ მარტოობის ფაფუკ ლოგინში!

გზა კი გამყავდა, სულ გამყავდა
გზა სინათლიდან სიბნელემდე
და სიკეთიდან ბოროტებამდე,
რომ მეშველა ვიღაცებისთვის,
მაგრამ იმას რას ვიფიქრებდი,
თუ ლონდონიდან ბომბეიმდე
გვირაბის გათხრას დამაბრალებდენ!

ჩემი თავიდან უნდა დამეწყო -
ჩემი თავიდან უნდა გამეყვანა გზა და ჩემივე
თავის ბოლოში გავსულიყავი.

და, ჰა, დღეს ვიწყებ გზის გაყვანას ჩემი თავიდან.




პასუხი კითხვაზე: “როდის წერთ?”

ვწერ, როცა წვიმა სულში გამიარს,
როცა შორს, თითქოს, მელნის ჩქამია,
როცა დღე შარვალს აიკარწახებს,
როცა არც ხურავს ცას და არც აღებს
ელვა და ღრუბლებს უჩენს ბარძაყებს…
ვწერ, როცა ფეხქვეშ ვიგრძნობ ნამიან
მარადისობის მოლს და ვცახცახებ…

ვწერ, როცა ქარი, თითქოს, ცის კიდეს
გამოანგრევს და, როგორც რისხვის ტყე,
გაიფოთლება მსტვენ ამბოხებით
და ებერება სივრცეს ლოყები,
ვიდრე დადგება დრო დაოკების…
ვწერ, როცა კვირტი ხეზე კისკისებს,
ტაეპებს ვიხვევ და ვითოკები…

როცა სურნელი თოვლის ქათქათის -
სულმა თუ იცის, გზებად სად გადის
და აღარ მყოფნის მე მის საყნოსად
ნესტოები და, როგორც აკრობატს,
ცად მსურს ახტომა, ანდა გაქრობა -
მაშინ ავყავარ გრძნობას კვადრატში
და ვწერ, ქცეული მიუსაფრობად…

ვწერ, როცა სევდა ხდება მოსისხლე -
სულს მივაქროლებ ანგელოსისკენ…
გულს კი სტრიქონის დანა დაკეპავს…
ვწერ, როცა გრძნობის პაპანაქებას
ჩემში სურს ლაშქრის დაბანაკება…
ვწერ, როცა მთები ღვთის სამოსისფერ
ნისლს იხურავენ ფაფანაკებად.



სული და მუსიკა

რატომ გვიცახცახებს სული აგრერიგად,
როცა ამქვეყნიურ ყოფნას ვეთხოვებით?! -
უნდა მოგვესმინა მეტი ვაგნერი და
მეტი მოცარტი და მეტი ბეთჰოვენი.

ჩვენც რომ გაგვეშიფრა ვარსკვლავთ ფუსფუსი და
ჩვენც რომ დაგვქნეოდა ხელი სასწაულის -
ჰანგად დაგვათოვდა ლოცვა კოსმოსიდან,
სული დაგვრჩებოდა მისგან განსწავლული.

მერე, სიკვდილისას, აღარ ვიშფოთებდით,
აღარ მოგვიწევდა შიშით გატაცება… -
თავთით გვედგებოდა დედა ღვთისმშობელი,
ხოლო მაცხოვარი პირჯვარს გადაგვწერდა.

და სულს დაგვიცხრობდა ქნარიც ეოლესი,
რომ არ გვემწუხარა წასვლის მოლოდინით,
რადგან, რაც აორტა არის სხეულისთვის,
იმად ევლინებათ სულებს მელოდია.

მხოლოდ მუსიკაში სუფევს სასუფევლის
მსგავსი ატმოსფერო უსათნოესი და -
ღრუბლებს მიწისათვის წვიმის ნაზუქები
სწორედ მერწყულივით უნდა მოეზიდათ…

და ჩვენც აგვამაღლებს ფუგა მონატრების!
და ჩვენც დაგვამშვენებს ლტოლვის ფორტისიმო!
ქარის სკერცოებიც, თოვლის სონატებიც,
წვიმის სიმფონიაც უნდა მოვისმინოთ,

როგორც ვაგნერზედაც მეტი ვაგნერი და,
როგორც ბეთჰოვენზეც მეტი ბეთჰოვენი
და არ დაგვიფრთხება სული აგრერიგად,
როცა ამქვეყნიურ ყოფნას ვეთხოვებით.




ავტობუსი №39

გადახურა ცამ მიწა ღრუბლის კრამიტით,
წვიმის შიშით გამევსო მკერდის განჯინა…
ავტობუსი (ნომერი ოცდაცხრამეტი)
მოვიდა და გალუმპვას გადამარჩინა.

სხვა – ვინ ჯიხურს, ვინ – ქოლგას, ვინ – კაპიუშონს,
მე – ავტობუსს მივენდე, ბრალი მაგათი,
რომლებზედაც ცამ წვიმა ისე მიუშვა,
როგორც ცეცხლზე მეხანძრემ მძლავრი ნაკადი.

ჩემთვის “ორი” ადგილი სულ აქვს ავტობუსს…
ფანჯარასთან დავჯექ და ფიქრი დავიწყე.
შემომესმა შენი ხმა, შენი ნაკვთებიც
მომაგონდა და ცეცხლი ვიგრძენ ლავიწზე.

ყველა ქუჩა წვიმაში, როგორც სელაპი
იწვა, ხოლო ნათურებს სურდათ ანთება,
ვიღაცები გარბოდნენ – წვიმით სველები,
ვიღაცები – ხეებქვეშ ჩანდნენ ლანდებად.

იქნებ სადმე შენც იდექ სოველ კაბაში.
მეც სოველი ვიყავი – ცრემლით ოღონდაც.
ავტობუსში ვიჯექი, როგორც კაფეში
ვმჯდარვარ შენთან, ღვინო კი არვის მოჰქონდა.




წერილი მარგარეტს ფსიქიატრიულიდან

ჩემსავით ჩაგრულო, უცნობო მარგარეტ,
მომწერე ჩელსიდან, რომიდან, პრაღიდან…
მეც, როცა სიგიჟე მომივლის, ვხარხარებ
და მჯერა, რომ ჩემში სამყარო აყვირდა.

ცუდი რამ სრულებით არაა სიგიჟე -
ის, ზოგჯერ, მოუვლის მოცარტებს, ნიკიშებს…
ხიდიდან დაგიშვებს, კოცონთან მიგიშვებს,
ან შიშვლად გატარებს ჭკვიანთა ხრიგინში.

ფანჯრიდან – ყვავილებს მიცინებს გარგარი.
ჭერიდან – ჩამომდის ნაკადი გველებად.
შენ როგორ განიცდი, რასა გრძნობ, მარგარეტ,
როცა ცას ღრუბლებში უტყდება ხველება.

მომწყინდა ამდენი კაფსული, აბი და,
ნეტავი, ვეღირსო სიცოცხლის ეპილოგს!
მსურს ჩემი ექიმი გავიდეს კაბიდან -
ამაზე მირტყამს და დამძახის: “დებილო!”

ქცევით და მოპყრობით მაბრაზებს ექთანიც,
ათივე თითი რომ მოუჩანს ნემსებად…
ჭკვიანის ხალათს გიჟ ტანთ იცვამს – ეგ ტანი
სულ ნაკლულ ბოთლს უგავს და უნდა შევსება.

შენ უნდა გესტუმრო, გეფერო, გაგათბო -
ის სითბო სიკვდილის ბოლომდე გეყოფა.
ჭკვიანებს აშინებთ სიგიჟე – მაგათ ხომ
არ უწყით, თუ გრძნობის რას ნიშნავს შეფობა…

მარგარეტ, ძვირფასო, უცნობო მარგარეტ,
არ მცნობ და რატომღაც მგონია – ვერ მიტან
და, მაინც, ვიდრე ამ კედლებში ვხარხარებ,
მომწერე რიგიდან, ოსლოდან, ბერნიდან.




შინ და გარეთ

ოთახთა უდაბნო, შავი ზღვა აბაზანის -
შენია, ვერავინ წაგართმევს ვერასოდეს.
აქ განვლე-გამოვლე რომიც და ტრაპიზონიც,
აქ ყოველ კუთხეში სტროფები ტერასობენ.

დაჯექ და უსმინე “რეკვიემს”, “ტანგეიზერს”,
ან თარგმნე ბლოკი ან ბროდსკი ან ჰოფმანსტალი,
ან როლი მოირგე – ხან მონის, ხან კეისრის,
მათ გატკბონ სამოთხის ბაღნარში ყოფნასავით.

შინ გინდა იყავი კარუზოც, კუროსავაც -
შინ ყველა – ჭერის და კედლების ზიარია,
გარეთ კი, მაშინვე, ყურებში უროსავით
მოგხვდება ულმობელ ცხოვრების რია-რია.




მესაფლავე

ზოგჯერ, სიჩუმეში, უცებ დაგეცემა თავზარად
ის, რომ მარჩენალი შენი ოჯახისა – მკვდრებია
და რომ მარკეტებში ბავშვებს ვერაფერზე გაგზავნი,
თუკი არ დამარხე სხვისი ბაბუა და ბებია… -

ვინმეს დამარხავ და სახლში ფულიანი ბრუნდები,
როგორც თივიანი – ბოსელს უბრუნდება მარხილი…
ასე – ვიღაცების მარხვით გიმაგრდება კუნთები,
რასაც გირჩევნია იყო საიდუმლოს მმარხველი…

თუმცა მიწისათვის ცხედრის მიბარება – მადლია,
მკვდარი იმაზე მეტს სულიერისაგან არც ითხოვს,
ჩადებ საფლავში და ბელტებს ჭიანსა და მატლიანს
ისე გადააყრი, თითქოს იფარავდე მარცხისგან…

მაგრამ ღამღამობით ხშირად წარმოიდგენ სახეებს,
კუბოს დახურვამდე გაქვალოდებულებს მელნისფრად,
მაშინ გეჩვენება, რომ შიშს პალტოსავით გახვევენ
და ძგერს ჭერ-კედელი შენი ცხრაბალიან ღელვისგან.



ჩიტი ჭადარზე

სკვერში ჩემ წინ დაჯდა პატრული,
მისმა მზერამ ყველა გატრუნა,
მე კი ფიქრიც მიყვარს მხატვრული
და ეს, მგონი, იცის პატრულმა.

სკვერში სხედან, დგანან, დადიან,
თვლიან ხეებს, სკამებს, ჩიტებსაც,
ისმის ჰანგი, მღერის მატიე,
მე კი ფიქრი სულშიც მიდევს და

თავში ხტიან რაღაც რიცხვები,
თავზე, თითქოს, ვიდგამ ჯიხურებს,
თითქოს ცირკი ვარ და ვიწყები
და წინ მჯდომი შიშით მიყურებს.

სკვერში ფიქრი უდრის კათარსისს,
როცა ყოფნა გაცლის არაქათს…
ერთი ჩიტი ცეკვავს ჭადარზე
და მე ვშიშობ – რამე არა ქნას.



გრანელი

“სალხენად, სამღერლად, სალაღოდ არა ვარ მოსული” -
გავაკარ განცხადება.
აქ ჩემთვის ოქრო და ბრინჯაო, კოშკი და ბოსელი
არაფრით განსხვავდება.

არც ვარდი, არც დაფნა, არც ძეგლი – არც ერთი ამათგან
არაა თავანკარა,
აქ, გავჩნდი თუ არა, მყის თვალი სტრიქონმა დამადგა
და აღარ გამახარა.

და, რადგან სულ ვწუხვარ, თქვენ ცდილობთ როგორმე მალაღოთ,
მზელთ ლხენის ტალახებად…
პოეტებს, ამქვეყნად, მდინარევ, მინდორო, ბალახო,
არ ძალუძთ გალაღება.

და ჭურვებს, ლხენისას, ნუ უშენთ პოეტის სადარდელს -
კურცხალთა ცვრიან თაროს!..
თუ ავდრის დრო არი, უდროოდ რად უნდა გადარდეს? -
იავდაროს!



ანთებული ტყემლები

დღეს ვერ გეახლებით ამ ნამცხვარს, ამ ჩაის,
ერთიც და მეორეც ყელზე ვერ გადამივა… -
ფანჯრებში ანთია ტყემლები ავჭალის,
მე კი ჯერ აუყვავებელი ატამი ვარ.

შენ რა ხარ, მითხარი, შინდი თუ ნუში თუ…
რაცა ხარ – დრო არი პაემნის, შეხვედრების.
რა მეჩაიება – ოთახის დგუში ვარ
და კედელს კედლიდან გიჟივით ვეხეთქები.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბათუ დანელია   Fri Jul 25, 2014 11:02 am




ტაბუცაძე სოსო


ბათუ

ბათუ დანელია პოეტი კაცია. პოეტია იმიტომ, რომ ლორკასებურად იცის _ პოეზია შეუძლებლობაა, რომელიც უეცრად შესაძლებლობად გადიქცევა, და იმიტომაც, რომ მიაჩნია - მას ყველა უნდა უგებდეს. სადაგი ყოფის ფაქტზე ერთი შეხედვით ეს მეორე, გულუბრყვილო წარმოდგენა არსებითად ყველა პოეტის მოლოდინი, წადილი და დაუოკებელი წყურვილიც კია. აბა, რად უღირს პოეტს ის ახლადაღმოჩენილი ქვეყანა თუ სხვასაც არ აჩვენა და თავგადასავალი სხვასაც არ უწილადა. ეს წილადობა, რასაკვირველია, ვერ იქნება რიგითი ნარაცია - ეს სწორედ შეხების და ამდენად გაგებისა და წვდომის აქტია.

ბათუს უთქვამს ჩემთვის, - მთელი ბავშვობა ტირილში მაქვს გატარებულიო. ჩემს სახლში, ყოველ საღამო ჟამს გამოიტანდა ბებიაჩემი ფრონტიდან გამოგზავნილ, გადიდებულ, კარგ ჩარჩოში ჩასმულ შვილის ფოტოს და მწარედ დასტიროდაო. მე რა უნდა მექნა, ბებიას ტირილზე მეც ლაფაროში გავიდოდი, ჯორკოზე ჩამოვჯდებოდი, გულამომჯდარი ვტიროდი და ცრემლს ვიწურავდიო. გაგებისა და თანაგრძნობის უკეთესი მაგალითი შეიძლება ვერც ბევრი მოვიძიოთ, თუ მაინცდამაინც (ღიმილმოშველიებით!) “ვეფხიტყაოსანს” არ მივაშურებთ, მაგრამ ასე ხელიერთპირად თანაგრძნობას იქაც ვერა ვხედავთ, რადგან გონებაფხიზელი ავთანდილი ცრემლადქცეულ მეგობარს საყვედურს შეაგებებს ხოლმე, - ტირილით “რას წადილსა აღისრულებო”. ტარიელის საწადელი ცოტა სხვა რიგისა იყო, ვიდრე მესიტყვეობა და პოეტობაა, მაგრამ ტირილის იმ სერიალებიდან, რაც ბათუს ცხოვრების გზაზე გამოუვლია, პოეტობა კი ნამდვილად გამოდნა. მწუხარების დემონისადმი ეს მორჩილება, სოციალურ პლანში, რასაკვირველია, ძვირი უჯდება, მაგრამ სადაგი ყოფის შემოტევებს ვერა და ვერ დაუხარა თავი. ასე რომ, პოეტობა მისი სულიერი მდგომარეობა კი არ არის მხოლოდ, არამედ სოციალური არჩევანიც. ნურავინ იტყვის, რომ ყოფა, ყოველდღიურობა, წუთისოფლიური არსებობა მეორეული რამაა და შემოქმედმა იგი უნდა უყოყმანოდ ძლიოს. ადამიანური ცხოვრების, მისი ხერხიანობის გადალახვა, - ასე უცერემონიოდ რომ შემოქმედის სამოქმედო პროგრამადა ვსახავთ ხოლმე, - ასევე დიდი ადამიანური ტკივილის წიაღ თუ მიიღწევა; ტკივილისა, რომელიც შეიძლება შეშლილობის ზღვარზედაც კი გადიოდეს. სოციალური სტატუსისა და პოეტობის შეთავსება ყველაზე რთული რამაა და ხშირად პიროვნების ტრაგიკული ნახლეჩი სწორედ ამ ორ მოვლენას, ამ ორ საგანს შორისა ჩნდება. ვფიქრობ, ბათუს აწი აღარაფერი ეშველება და საბოლოოდ დარჩება პოეტად - როგორც სულიერი, ასევე სოციალური მდგომარეობით, რადგან იგი საკუთარ თავს იმდენსა სთხოვს, რომ ვერა გარემოება ამ სავალს ვერ გაუმრუდებს და, კიდევ იმიტომ, რომ ღმერთის მითითებას და საკუთარ თავს უფრო მიაგებს პატივს, ვიდრე ამ ყბადაღებულ გარეგანფენილობას. მისი საფიქრალის გეზი და ვექტორი შინისკენაა მიმართული, რადგან ნეტარი ავგუსტინეს სიტყვას მის გულზეც გადაუვლია:”გარეთ ნუ გადიხარ, შენს თავს დაუბრუნდი. შინაგან კაცშია ჭეშმარიტება”. საკუთარი პოეტური გზის გაწალდვისას ბათუმ იარაღად თარგმანიც გამოიყენა. მისი ამ მიმართულების ცდანი სალექსო მეტყველების გაფართოების ერთგვარ საპილოტე პროგრამად წარმომედგინა, მაგრამ მერე, მოგვიანებით ეს ყველაფერი ახალი სამყაროს მოფლობის ვნებად ექცა და სწორედ ამიტომ, პოეტური თვითდადგინების სიმძიმე თარგმანებზედაც გადაანაწილა. ორიგინალური ვერ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ლექსის თარგმნა პრინციპულად შეუძლებელია, რადგან ლექსი იმ ენის აქტი და ფაქტია, რომელშიც იშვის. ამ ფაქტის გაცნობიერება ხელს მაინც ვერავის ააღებინებს მთარგმნელობით საქმიანობაზე, რადგან თარგმანი პოეტთან ერთგვარი გაჯიბრების, შეტოქების და, გნებავთ, ძლევის ცდაცაა. ამ დაპირისპირებაზე ბათუს ამბიციის კაცი უარს ვერ იტყვის, მაგრამ, აბა, გაითვალისწინეთ, ვის ეტოქება იგი - ბორის პასტერნაკსა და იოსიფ ბროდსკის. უთანასწორო ბრძოლაა, დამეთანხმებით, მაგრამ სად არის საშველი?

აქვე ერთი ჩანართი უნდა გავაკეთო: ეს ჩანაწერი ბათუს ჩავუკითხე და დამში რომ გავედი, მითხრა, - უთანასწორობაზე რო ამბობ, შენ რა იცი რა მაქვს დაწერილი, რა მიდევს სახლში, ჯერ გამოუქვეყნებელიო. ამ სითამამეშიც, რასაკვირველია, პოეტი გამოსჩანს, რადგან იგი საკუთარ თავს კი არ თხოვს მხოლოდ, არამედ ცხოვრებასაც.

...მაგრამ, ისევ ჩემს გზა-კვალს გავაგრძელებ: ვფიქრობ, ბათუმ აირჩია მართებული მთარგმნელობითი პოზიცია - იგი კი არ ეტოქება, არამედ უგებს (“გაგება” და ბათუსგამგებიანობა უკვე ვახსენეთ), ერთგულობს, ახალ ენობრივ სივრცეში ცდილობს ადგილი მოუზომოს დიდ პოეტებს. თუ შედარება არ დაგეზარებათ, ნახეთ და დაუკვირდით, როგორ მისდევს, რა ზომა-წონით მიჰყვება თარგმანი დედანს. სწორედ ასე ვამბობ - “თარგმანი” და “დედანი”, რადგან მთარგმნელი “მამა-პოეტის” (ჰაროლდ ბლუმის პარადიგმას თუ მივმართავთ) მოზომილ ნიადაგზე საკუთარ ბაღს კი არ აპოხიერებს, არამედ ამ ნიადაგს ახალ ფართობსა ჰმატებს. ეს არც კარგია და არც ცუდი, ეს შემოქმედი მთარგმნელის გამოცდილების ქურაში გამოტარებული პოზიცია და ამდენად პატივსაცემი. და მაინც ასეც ვიტყვი: შეიძლება მე პირადად ამ წახნაგით ნათარგმანები არ მექართულლექსებოდეს და არ მელაღებოდეს, მაგრამ ისიც ხომ ვიცი, რომ არც ბათუს ლექსია ლაღი. ამ აზრით, ეს თარგმანებიც, ცხადია, მთარგმნელის ესთეტიკაში თავსდება, მისი სუნთქვის მიხედვით ჩამოიფქვება და ლაგდება. ისიც სათქმელია, რომ იოსიფ ბროდსკის პოეზიის ცივი ნათების გადმოცემა სწორედ ამე ესთეტიკით უფროა შესაძლებელი.

და ბოლოს: “...ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეში ცხენოსანთა რაზმის ერთმა უფროსმა ბრძანა, ყოველდრე მათრახით ეცემათ ცხენები, რათა ხანგრძლივი დგომისა და უმოქმედობისაგან არ დასნეულებულიყვნენ... ახლა მეც ალყაშემორტყმულივით ვცხოვრობ და ხანგრძლივმა უმოქმედობამ ხელი რომ არ დამატყოს, განუწყვეტლივ ვტირი; ვტირი დაოსებამდე”. ეს სიორენ კირკეგორია, რომელიც პოეტის ბედს ფალარისის სპილენძი ხარში ცოცხლად დამწვათა ხვედრს ადარებს და რომელსაც ადამიანები ვერ უგებენ. Mარადა საქმის გულისგულს თუ ჩავწვდებით, პოეტისათვის სწორედ ვერგაგებაა პროდუქტიული, რადგან მისთვის წინააღმდეგობის ყოველი ცდა პოეტურ მომენტად გადაიქცევა.

და სულ ბოლოს: ვფიქრობ, რომ ბათუს პოეტურ ბუნებას ყმაწვილობისას მიღებულმა ტირილის იმ გაკვეთილებმა ფრიად არგო, რადგან ეს ყოფისეული ფაქტი მისი სულიერი აზნაურების საწინდარი აღმოჩნდა. და დღეს ასეც შეიძლება ითქვას: პოეტს ეშინია ტანჯვის დაკარგვისაც და შენარჩუნებისაც, რადგან თუ განსაცდელმა თავისი სიტკბო დაკარგა, პოეზიის წყაროსთვალიც დაიშრიტება; ეს კი შემოქმედს კრიზისული თვითდადგინების შანსს უკარგავს და ნიათს აცლის, რადგან პოეზიის სარწყული ჭირთათმენაა. ჩვენს ბათუს კი ეს მდგომარეობა აქამდე არ მოჰკლებია და ადამიანური საწუხარისგან გათავისუფლებას ნამდვილად ვუსურვებ, მაგრამ იმასაც ვეტყვი, რო შემოქმედებითი საწუხარი ღმერთამ არ მოაკლოს. ხომ გახსოვთ, - მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებულო...

ბმული - http://www.bu.org.ge/x562?lang=geo


Last edited by Admin on Fri Jul 25, 2014 11:59 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბათუ დანელია   Fri Jul 25, 2014 11:05 am

ბათუ დანელია


ფიქრი

კარგია ფიქრი – დრო ჩქარა გადის:
ახლა თუ ხუთი წუთია ათის,
ფიქრში ხუთ წუთში ათი გახდება...
ამიტომ ხშირად იფიქრე მათთვის,
ვინც გაყვარებდა ლუკას და მათეს,
სიტყვებიც ფიქრში დადგი ტახტებად,
ფიქრში გაავსე გოდორიც, ბადეც...

ფიქრში გაუხდი მეგობრად ზიფრიდს...
ფიქრში შეიძელ გაცურვაც ტიბრის,
ფიქრში ებრძოლე ავს და მაზალოს,
ფიქრში დღე-ღამე წუთივით მიჰქრის,
ფიქრში ჯობია დავაც და ჯიბრიც...
და ამ ცხოვრებამ რომ არ გაწვალოს,
გაცხოვროს ფიქრმა! იცხოვრე ფიქრით!



სარკე და პოეტი

პოეტებს სარკეში ჩახედვას არ ვურჩევ,
რადგან პოეტისთვის ზოგჯერ სარკეში
შეიძლება მზე ამოვიდეს, მთვარე ჩავიდეს
თავად კი არ გამოჩნდეს,
ღრუბლით დაფარული...
სარკეში შეიძლება წინწყარო ჩამოიაროთ
და წინ ლამაზი ქალი კი არა
ყივჩაღი შემოგხვდეთ.
სარკეში შეიძლება ნერონმა
თავისი ლექსები წაგაკითხოთ
და თქვენს ხელნაწერებს ხანძარი გაუჩნდეს...
სარკეში შეიძლება გადაყვარებული
ქალი აყვავდეს
და მისი ყვავილების სურნელი შემოგეფრქვათ.
სარკეში შეიძლება...
მოკლედ, ბევრი რამ შეიძლება სარკეში ნახოთ,
პოეტად თუ ხართ დაბადებული,
მაგრამ პოეტად თუ არა ხართ დაბადებული,
სარკეში ყოველთვის გამოჩნდებით თქვენ,
საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი,
პირს გაიპარსავთ,
თმას დაივარცხნით,
ჰალსტუხს გაიკეთებთ და...
ერთი სიტყვით, სარკეში თქვენი თავის გარდა,
არავის და არაფერს დაინახავთ,
რაც იმას ნიშნავს,
რომ პოეტად არ გაჩენილხართ,
და თუ ამის გაგება არ გსურთ,
ან ლექსების წერას შეეშვით,
ან სარკეში ნუ ჩაიხედავთ!




სიყვარულის ზღვაში

შენი მზესავით სიშიშვლის ბორცვოვან ფართობს
ასდის სურნელი დასაკრეფ მარწყვის და ქვიშნის.
ქალი და კაცი ასეთ დროს – არიან მარტო...
ჩქარა, გაშალე!.. – გაშალე აფრები ფართოდ!
აფრების გაშლას, ამ ზღვაში, არავინ გიშლის.
აღელვებული ზღვა, ნავებს, ისევე გვამსხვრევს
და გვაბურთავებს ვნებათა ტალღების ზვავზე...
და არი შტორმი... და როგორც საათი ქვიშის,
ვართ ზევით-ქვევით, უხილავ სინათლით სავსე...

არაფერია, ამ ცისქვეშ, იმაზე კარგი,
როგრც ვნებათა დარჩენა პირისპირ შიშვლად
და, როგორც ჟამი – საკუთარ არსების კარგვის,
როცა ხელები გართულან ალერსის ქარგვით
და ერთმანეთში ერთმანეთს ჟრუანტლად ვნიშნავთ,
და სიყვარულის დროშები გაშლილან ისე,
როგორც მუსიკის წიაღში – მოცარტი, ბიზე...
და არ არსებობს არაფრის ზღვარი და მიჯნა,
ვიდრე სიამის შუბ-ისრებს ვისევთ და ვისევთ.

რაღაცა, ჩვენკენ, სინათლის გემივით, მოდის,
დაგვეჯახება და ზღვაში ჩაგვძირავს – ნავებს,
ზემოთ დარჩება მსხვრევის ხმა სხვადასხვა ნოტის
და ამოყვინთვას, ვინ იცის, შევიძლებთ როდის!
ისე ვართ, თითქოს მიწისძვრის ხელები გვძრავენ,
მაგრამ უვნებლად ვაწყდებით სიმშვიდის ქარაფს...
და გონზე მოსვლის სიმწარე, ნელ-ნელა, გვზარავს
და ზღვისგან ძლეულთ, ნაპირზე გაგვრიყავს ზღვავე,
იქ, სადაც ყრია სიცოცხლის ურიცხვი ტარა.




სიყვარულს უყვარს

... და ჩვენ მოთმენა გავაგდეთ კარში
და უსასრულოდ მარტონი ვართ შინ...
და მე მაშინვე დაგიწყე გახდა
და ვლიან ჩემი თითები მარშით
და ვერ არჩევენ პერანგს და კორსეტს
და სავარძელთან, დივანთან, ტახტთან
გაისმის ჩვენი გრძნობების მორზე.

შენი უარი – ფართხალი მერცხლის,
ვეღარ დაგიცავს ვერც ბიკინს, ვერც ლიფს,
მათ თვითონ უნდათ – მომართვან ძღვენად,
შენი სხეულის ოქრო და ვერცხლი...
სიყვარულს იცავს ალერსის ღობე...
სიყვარულს უყვარს შიშველი ფრენა,
როცა მას მთელი არსებით გრძნობენ.




ფოთლები და დღეები

ხეები მიოცებენ ცხოვრებას ქაცვიანს:
საზამთროდ შიშვლდებიან, ზაფხულში აცვიათ...
და გავცქერ შემოდგომის ხეივნებს მელოტებს...
– ფოთთლებმა მიგატოვეს? არასდროს ელოდე! –
ბერმუხა გადასძახებს მზეჭაბუკ ჭადარს და
ალვაც ჰგავს სანახევროდ განძარცულ პატარძალს,
ფოთლებმა უღალატეს ხეებს და ბუჩქებს და
მათ ტოტებს ეს ფოთლები სისხლივით უჩქეფდათ
და, უცებ მიატოვეს... და განზე გადგა ცაც...
მოდიან, მიილტვიან ფოთლები სადღაცა,
მიდიან, შორდებიან ქონდაქარ ნოემბერს,
დროებით მოსულები, მუდმივად გვტოვებენ,
არავინ ემუქრებათ, არავინ მიდენით
და მაინც მიილტვიან ფოთლები ყვითელი,
თითქოსდა იზიდავდეთ მაგნიტი მკვდარი ცის –
არც ქარი, არც ნიავი... ღრუბელიც არ იძვრის
და მაინც მიილტვიან, მიდიან თავიანთ
არყოფნის სახლებისკენ და უხმოდ ხავიან
და ჰგვანან დაფხრეწილი დროშების ნაჭერებს...
მიდიან ფეხაკრეფით, ვერაფრით ვაჩერებ,
დავიჭერ რამდენიმეს, მგონია ვშველი და
ყვითელ წყლად მეღვრებიან, როგორღაც, ხელიდან...
წყალი თუ შემოხვდებათ, მაშინვე ხიდიან
ადგილებს იპოვნიან... და ისევ მიდიან,
მიდიან არსებობის უმწარეს ნაღვლებად... –
ადვილად მოახერხეს ხეების გაყვლეფა...
და თითქოს მოუთმენლად და თანაც მოთმენით,
ბავშვების სულებივით მიდიან ფოთლები...
დღეებიც, ფოთლებივით, წვითა და დაგვითა,
მიფრენენ, მიილტვიან, მიდიან აქიდან...
დღეებიც, სიზმარიან-ცხადიან-მითიან,
მიდიან – წუთისოფლის ფოთლებად მიდიან! –
ჩვენ მათგან ვერასოდეს მივიღებთ მესიჯებს –
სიცოცხლე სიშორიდან ერთადერთ დღეს იჭერს!..




წარწერა დოქზე

დოქი იდგა მაგიდაზე, ჭიქა იდო დოქთან
და მუცელზე დოქს ეწერა: ყველაფერი მოკვდა.
გამაკვირვა, მაგრამ მერე დამაფიქრა მე მან:
იქნებ მოკვდა სიყვარული, სისადავე, კდემა!
იყო ხალხი: გრიალებდნენ აბედით და კვესით...
თვითონ იყვნენ სახელმწიფოც, კანონიც და წესიც.
იყო ხალხი: ერთი გაკვრით მთას აქცევდნენ ღველფად.
ჩვენზე რაღას იტყვი, მტკვარო? შენ რას იტყვი, ელბა?

იყო ხალხი: მდინარეებს აბრუნებდნენ უკან...
გამოხედვის სხივს აქცევდნენ თვალისმომჭრელ შუქად.
დღეს სხვა დროა, დღეს ლაზერის სხივი ლოდებს აპობს.
დღეს არავინ მოუსმენდა ბონაპარტეს – ნაპოს...
მის განვლილ გზას დღეს რაკეტა ერთ-ორ წუთში გალევს.
დღეს არავინ არ მოუსმენს მაკედონელს – ალეს.
არც კეისარს – იულიუსს, არც ხმელნიცკის – ბოგდანს.
ნუთუ მართლა ყველაფერი დაეცა და მოკვდა!

ძალიან მშურს იოგების, კიდევ უფრო – მოგვთა:
სულ ერთია მათთვის, კაცი სულდგმულობს თუ მოკვდა.
რა კარგია სუფრის გაშლა დედაჩემის ქოხთან,
მაგრამ რისთვის ვილხინო, თუ – ყველაფერი მოკვდა!
და შენს განსხვავებულობას! და შენს იერს, კოხტას,
რა ფასი აქვს, თუკი ცისქვეშ ყველაფერი მოკვდა!
დოქი იდგა მაგიდაზე, ჭიქა იდო დოქთან
და მუცელზე დოქს ეწერა: ყველაფერი მოკვდა.





ცა წყაროს პეშვიდან

როცა გზას გულად უცემს ბავშვები,
ან როცა ვხედავ ამაყ თრიალეთს
ტანში დამივლის უცებ სამშობლო,
გამაჟრჟოლებს და გამაჟრიალებს,

თითქოს სულეთის ზეცა მეხუროს
და სულს სამოთხის ბაღში ვაწობდე,
სადაც ანათებს ღვთის ნაფეხური
და ვერ ჩააქრობს დრო ვერასოდეს

და ანგელოზიც თითქოს მისმენდეს
სიმღერით მცურავს ზეცის რძეში და...
სინამდვილეში აქ ვარ ისევე,
მიწა ცას მასმევს წყაროს პეშვიდან...

და როცა სულზე ვარდის ნამივით
გადვივლებ ნეტარ წამთა ციალებს
უცებ სამშობლო ტანში დამივლის,
გამაჟრჟოლებს და გამაჟრიალებს.





მწიფობის ქარიანი ღამე

ქარი კბილებით ღამეს ამტვრევდა,
მიწასაც, თითქოს, ძვრებოდა ძრო და
მეც ვიმტვრევოდი, როგორც სამტრედე
სახლის ნგრევისას. და ქარი ქროდა
და პირველ ღამის ძუძუებივით
უხათქუნებდნენ მტევნები სარებს...
ყველა ღრუბელი დაძუნძულებდა
და ყველას ფეხქვეშ ყვიროდა მთვარე,
და მე ვუსმენდი ასეთ ცისქვეშეთს,
როგორც ოპერას უცქერენ ყრუნი...
და ვიფქვებოდი გრძნობის წისქვილში,
გაბრუებული მწიფობის სუნით...

როცა გვიყვარდა

შეგრძნებებს შორის რაცა ჩანს, ვითარცა ხიდი –
მარტოობა, რომელსაც სიცოცხლე დღითი
დღე მეტს მოითხოვს სულისთვის... ყველაზე დიდი
მარტოობა კი – უდიდეს სიყვარულს ახლავს,
რადგან მაშინღა დავფრინავთ ყველაზე მაღლა...
როცა გვიყვარდა, მოსავალს თესვისას ვმკიდით
და შორი სივრცე მიგვაჩნდა მშობლიურ სახლად...

როცა გვიყვარდა, ლხინებად ვთვლიდით ვარამებს.
როცა არ გვიყვარს, ნათელშიც გავიწკვარამებთ
და, თითქოს, გული კი არა, გვქონდეს სხვა რამე.
როცა გვიყვარდა, ვიცდენდით სულის მღვრიობას,
სივრცე მოჩანდა – თვალების ნაძოვ ღიობად...
როცა არ გვიყვარს, არათუ სული, არამედ –
მღვრიეა მთელი – ეს ჩვენი კაცობრიობა...




ზამთრის ლექსი

სად არის ახლა გაზაფხული?
ვინ ზრუნავს მასზე ამ სიცივეში?
დღისით სად თბება?
ღამით სად სძინავს?
მე მგონია, რომ მისი უმშვენიერესობა,
როგორც კი მაისის უკანასკნელი დღე ჩათავდება,
პატარა ბავშვების საფლავებს უვლის
შემოდგომის მიწურულამდე,
ზამთრის დღეებში კი
ახალგაზრდობაში გარდაცვლილ
ცოლების მაგივრობას ცდილობს...
ამიტომ ის შეიძლება
ზოგჯერ იწვეს შენს საწოლზეც,
რომელიც ჯერ კიდევ
ჩემი საწოლის გვერდით დგას!
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბათუ დანელია   Fri Jul 25, 2014 11:08 am

ბათუ დანელია

მთვრალი კაცი

ხსოვნას მზეც ვეღარ მითბობს.
ვეძებ კორპუსებს მაღლივს.
სახლთან ვერ მიველ, თითქოს
აორთქლდა ჩემი სახლი.
მოსახვევებში ვუხვევ
და მაბნევს ჩემი ჩრდილიც...
ღვინით დავთვერი წუხელ,
სახლს ვეღარ ვაგნებ დილით.
დავალ აღმა და დაღმა,
მაფრთხობს ჩიტების გუნდი,
ხიდით გადაველ გაღმა
და უკან გამოვბრუნდი.
დავალ, გზადაგზა ვკარგავ
ჯიბეში მცხოვრებ საგნებს...
ვეხვევი ყველა ნარგავს,
სახლს კი ვერაფრით ვაგნებ
და ლამის ჩავიძინო,
ამ დროს, უეცრად, მოდის –
ხელკავს მიკეთებს ღვინო
და მეუბნება ბოდიშს.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბათუ დანელია   Fri Jul 25, 2014 11:10 am



ბათუ დანელია

მთაწმინდის წერილი მეტეხს

როდესაც გადათოვს მადათოვს,
თბილისმა სხვა საქმე გადადოს,
შეეშვას სათითე-სათათეს _
როგორც კი მადათოვს გადათოვს.
მტკვრისაკენ არ მისცე გზა ტატოს,
უთხარი, ფიქრები გადადოს...
ელოდოს თიბათვეს, მკათათვეს
და გულში დაგროვილ წვათათვის
დაზოგოს გაძლება ცხრა დათვის...
არ მისცე, არ მისცე გზა ტატოს, _
უთხარი, დარდები გადადოს,
როდესაც გადათოვს მადათოვს!
როდესაც მადათოვს გადათოვს!

Arrow


Last edited by Admin on Thu Jan 28, 2016 10:21 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბათუ დანელია   Fri Jul 25, 2014 11:12 am

ბათუ დანელია

MIRABILE VITA

ზოგჯერ, მარტოობაში, ჯალათია ჭერიც -
მხრებზე დამადგება და ბარიტონით მღერის.
ზოგჯერ კედელს თვალები ეხილება ფართოდ,
მიცქერს, უნდა გაიგოს, ასე რაზე ვდარდობ.
ზოგჯერ, ჩემი ფანჯარა შიშველია როცა,
ვხედავ, სტირის სიშორის როიალი - მოცარტს...
და მინდება, ცრემლები გამოვწურო ქვიდან...
და ვარ გაოცებული - Mirabile vita*.

ზღვა მთვრალივით გორაობს, ტანზე იხევს სამოსს.
მიწას უნდა - ვარსკვლავი მოწყვიტოს და ჭამოს.
ქედი, პრომეთესავით, მიუჯაჭვავთ ცისთვის,
როდის გამოიხსნიან - საწყალს სული მისდის.
ქარი ლაოკოონ ტყეს - ასევს თავის გველებს...
მთვარის ბურთს ეუფლება ღრუბლის თეთრი პელე...
მე კი, ამათ ვუყურებ და ყველაფერს ვიტან
და ვარ გაოცებული - Mirabile vita.

როცა ელვის სატევრით ცა გადიხსნის ვენებს -
მაშინ ვხედავ: ცის თაღზე საფლავები ფრენენ,
როგორც თვითმფრინავები და გიჟივით ვხდები:
მფრინავებად როდისღა გადაიქცნენ მკვდრები!
მინდა აღარ იელვოს... შიში ტანში მზარავს,
ვყვირი: "არ ჩამოვარდეთ! არ შეასკდეთ ქარაფს!"
მყვირალს, მხარზე ვარსკვლავი მასკუპდება ჩიტად
და ვარ გაოცებული - Mirabile vita.

ზოგჯერ ვხედავ, ქვა ვარ და სამარისკენ მწევენ,
მერე იმ ქვის გამწევი აღმოვჩნდები მევე...
არ მსურს მაბზრიალებდეს ჟამი, როგორც ჩიკორს:
ან არ ვიყო ასეთი, ანდა ნამი ვიყო!
ვიყო, მედუზასავით, უთვალყურო რაღაც -
აღარაფერს მოვისმენ, აღარაფერს ვნახავ,
თორემ ჭიამარია მიცქერს, როგორც ტიტანს
და ვარ გაოცებული - Mirabile vita.

---
* Mirabile vita - ცხოვრება მშვენიერია.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბათუ დანელია   Sat Nov 19, 2016 9:59 am

ბათუ დანელია

ღმერთის სახელზე

(ციკლიდან "artეკლები")


ტაჯ-მაჰალს, ანდა
ვარძიას, ანდა ქააბას
იქნება ძალუძს ბაასი ღმერთთან გააბას!
ვინ იცის, იქნებ ვერცერთი
ცუდი ჟამივერ
აბრკოლებს მათ და ბაასობს ღმერთთან სამივე!
იქნებ მათ ღმერთთან საუბარს ჟამი ვერუშლის
მაშინაც, როცა საქმეს იქმს ღმერთი პერუში,
ანდა ციმბირში, ან ზღვაში, ანდა მთვარეში,
იქნებ ის არსად არაა მაგათ გარეშე!
და მე დღეიდან ადგილს და საშველს დავეძებ,
რომ ქოხი მაინც ავაგო ღმერთის სახელზე...

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბათუ დანელია   Thu Nov 24, 2016 11:56 am

ბათუ დანელია

ქალები

(ხალხურ მოტივზე)

ვეღარ ვუგებ ამ ქალებს -
გულის სამკელ ნამგალებს,
მკიან ჩემ გულს, მკიან და
ირგვლივ ჰყრიან ნამკალებს,
ვერც სიმშვიდეს მგვრიან და
ვერც კოცნაში დამფალეს,
ზოგს სურს ვგავდე ფიანდაზს...
ზოგს სურს ვგავდე ცანგალებს...
ზოგს სურს ვგავდე ბოღლიწოს -
პურებს ღვინით დამბალებს,
ზოგს სურს შარი მომიწყოს,
ვიდრე მომაფამფალებს...
ვერ გავუგე ამ ქალებს -
გულის სამკელ ნამგალებს...

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბათუ დანელია   Wed Nov 30, 2016 3:06 pm

ბათუ დანელია

გიორგობისთვე
(ფუგა)

ნაღვლიანად დასცქერენ წვეროები თავშიშველი წიფლის -
გარდაცვლილი ფოთლებით მოთამაშე ნიავქარის დრიბლინგს
და გრძელდება ყვითელი ოდისეის დამპყრობლური ციკლი...
სიყვითლეში ჩრდილისგან განსხვავება აღარა აქვს მზვარეს,
მაგრამ მალე სითეთრე ამ სიყვითლეს თავის თავში ჩარეკს...
ამ დროს უფრო იგრძნობა წუთისოფლის იდუმალი ხიბლი,
ამ დროს უფრო უნდებათ ბურთაობა საგაისო ხარებს -

ბუღრაობენ მოზვრები და და ხეებზე ცეროდენა მთვარედ
არ კრთის ერთი ფოთოლიც და შიშველი ვარჯებიდან არე
მოჩანს, როგორც ვეშაპთა ჩონჩხებიდან, საიქიოს გარეთ.
ისე დავალ ეზოში, თითქოს ნაღველს მივტოპავდე, ანდა,
თითქოს ჟანგით დაფარულ უდაბნოში დავდიოდე ლანდად,
ყვითელ ფერში უთუოდ ურევია რაღაც ძალზე მწარე,
მაგრამ მალე ხეები ჩაიცვამენ თეთრ კაბას და სანდალს...

ჯერ ყვითელი ჟამია და ობობაც ყვითელ ჰამაკს ბლანდავს
და მზეც არის სიყვითლით გავსებული მარტოობის ჩანთა,
შორს კი თეთრი ქედები ჩანან, როგორც კელაპტრები სვანთა.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბათუ დანელია   Today at 1:38 pm

Back to top Go down
 
ბათუ დანელია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: