არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია - „ერთგულება“.

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია - „ერთგულება“.   Sat Jul 19, 2014 9:46 am



გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია -- „ერთგულება“.



2014 წელს სრულდება 60 წელი შესანიშნავი ქართველი მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის დაბადებიდან.

საერთაშორისო ინკორპორაცია -- ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრ „ამირანის“ საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ირმა სანაძე, „სარეას“ პარტნიორობით და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, აფუძნებს გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ პრემიას „ერთგულება“.
პრემიის მიზანია -- გამოავლინოს წლის საუკეთესო მინიატურა.
პრემია გაიცემა ყოველწლიურად და დაჯილდოების ცერემონია ჩატარდება ოქტომბრის თვეში.
პრემია „ერთგულება“ გადაეცემა სამი საუკეთესო მინიატურის ავტორს.
პრემია წარმოადგენს სპეციალურ პრიზს 1 საუკეთესო მინიატურისათვის და სამ ფულად ჯილდოს:
პირველი ადგილი -- სპეციალური პრიზი და 800 ლარი;
მეორე ადგილი -- 500 ლარი;
მესამე ადგილი -- 300 ლარი.
სამივე გამარჯვებული მინიატურა დაიბეჭდება ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში.

საუკეთესო საკონკურსო მინიატურას შეარჩევს ჟიური 7 წევრის შემადგენლობით. შემადგენლობა იქნება ცვალებადი.
ჟიურის ეყოლება თავმჯდომარე -- ქ-ნი ელისო წიკლაური, საერთაშორისო ინკორპორაცია -- ნიუ-იორკში ქართულ-ამერიკული კულტურის ცენტრ „ამირანის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი
ჟიურის წევრებს არ ექნებათ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

კონკურსის პირობები:
* საკონკურსო ნაწარმოები არსად უნდა იყოს გამოქვეყნებული. -კონკურსის თემატიკა არ არის განსაზღვრული.
* საკონკურსო ნაწარმოები უნდა იყოს ქართულ ენაზე და არ უნდა აღემატებოდეს 2 (ორი) გვერდს
(Sylfaen – 11 (ინტერვ. - 1.15 ))
* თარგმანის შემთხვევაში ქართულ ვერსიას თან უნდა ახლდეს ორიგინალური ტექსტიც.
* ავტორთა ასაკი არ არის შეზღუდული


საკონკურსო ნაწარმოებთან ერთად ავტორმა უნდა წარმოადგინოს ანკეტა:

• სახელი, გვარი: ______________________________
• პირადი ნომერი: ______________________________
• სასწავლებლის ან ორგანიზაციის სრული სახელწოდება (სწავლის ან მუშაობის შემთხვევაში) ___________________________
• მისამართი /ფაქტობრივი/: __________________________
• საკონტაქტო ტელეფონი: __________________________
• ელ.ფოსტის მისამართი: __________________________

საკონკურსო მასალის წარდგენის ბოლო ვადაა 20.09.2014.

გთხოვთ, საკონკურსო მასალაგამოგზავნოთ შემდეგ ელ.მისამართზე: konkursiertguleba@gmail.com

საკონტაქტო ინფორმაცია: 599 491 884; maciklauri@yahoo.com;
599 729 938; ilego@yahoo.com


ბმული -- https://www.facebook.com/events/327598507414170/?ref_newsfeed_story_type=regular





გოდერძი ჩოხელი

ერთგულება
(მინიატურა)

დრო რომ იცვლება, ადამიანმა საათი რომ გამოიგონა, მამალი კი ჯერ ისევ წინანდებურად ამცნობს თავის პატრონს გათენებას, აი, ეგ არის ერთგულება.


Smile


Last edited by Admin on Wed Oct 29, 2014 11:23 am; edited 5 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია - „ერთგულება“.   Mon Aug 18, 2014 1:05 am

ლიტერატურული კონკურსი „ერთგულების“ 2014 წლის გამარჯვებულები:

I და II პრემია - ნათია როსტიაშვილი
III პრემია - ლია ლიქოკელი - http://youtu.be/Ryh7GTkxT4M

ათეულში მოხვდნენ:
გივი ჩიღვინაძე,
მარიამ წიკლაური,
მინდია არაბული,
თამარ ნიკოლეიშვილი,
ხატია ჭანიშვილი,
ლია რუსიაშვილი



ჟიური (მარცხნიდან მარჯვნივ):

ნონა კუპრეიშვილი,
გიორგი კაკაბაძე
ნუგზარ მუზაშვილი,
ამირან არაბული,
ლევან ბრეგაძე


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია - „ერთგულება“.   Wed Nov 05, 2014 10:46 am

ლიტერატურული კონკურსი „ერთგულების“ 2014 წლის გამარჯვებულები:

I და II პრემია - ნათია როსტიაშვილი


I.

არდასავიწყებელი დღე

_ ჰერკულესი გაგიცივდა. ჭამე, რომ დიდი ბიჭი გაიზარდო. - ხელუხლებელ საუზმეზე ვუთითებ გიოს. - ჩაიც მიაყოლე. მიდი, მიდი...
ჩაისფერი თვალები აქვს ჩემს ბიჭს. ოღონდ მისთვის კი არა, ჩემთვის დასხმული ჩაის ფერის - მუქი. ისეთი სევდა აქვს ჩამდნარი მზერაში, ისეთი... გული მეკუმშება. თვალს ვარიდებ. ვდგები, ჩემს მოპრიალებულ თეფშზე გაუცნობიერებლად ვიღებ ჰერკულესის მეორე ულუფას. არადა, მძულს ჰერკულესი. გიოს გამო თავს ვაძალებ ხოლმე, დიდი ძალისხმევით ვღეჭავ და ორი ვარიანტიდან ერთ-ერთ ფრაზას ვამბობ: ,,იფ, რა გემრიელიააა!“ ან ,,რა გემრიელია, იიიფ!“
_ დე... ამდენს ნუ ჭამ. გეხვეწები. - ბზარგაჩენილი ხმით მეუბნება გიო. _ არ ვჭამოთ ხოლმე, რა, დე. არ მინდა მოვკვდეთ.
გიოს თვალების ზღვა შრება - ცრემლს უკან იბრუნებს - ყლაპავს.
ის ყლაპავს და მე მეჩხირება ყელში - ჩემები, უკან ჩაბრუნებული და ვერგადაყლაპული.
_ ჩვენ არ მოვკვდებით, ნუ გეშინია. - ტყუილის ღუზას ვუგდებ სიცოცხლის მარადიულობის იდეაზე მოსაჭიდებლად.
_ მოვკვდებით, - მიხსნის, - თუკი ძალიან გავიზრდებით... ვახო ძიას ვკითხე, პაპა რატომ მოკვდა-მეთქი და მოხუცი იყო, ძალიან დიდი გაიზარდაო... ჩვენც თუ ბევრს შევჭამთ - გავიზრდებით... მეტი აღარ გაიზარდო, რაა, დე!
ღმერთო, როგორი პატარაა ასეთი ფართოდ გახელილი თვალებისთვის!..
_ დე... - ვამბობ, - დე... - ამის მეტს ვეღარაფერს ვეუბნები.
,,წამო!“ - ვანიშნებ, თქმა არ გამომდის - ყელში ჩაჩხერილი ბურთის ოინებია...
მომყვება. რაღაცნაირად, მძიმედ მომყვება. მხრებდამძიმებულად.
ოთახის ცენტრიდან მაგიდას კედლისკენ ვახოხებ. სკამებსაც. გარდერობის კარებს ბოლომდე ვაღებ. ანჯამები ღრჭიალებენ... უჯრიდან, წუხელ რომ ჩაცმა ავუკრძალე, იმ ახალ ბოტასებს ვიღებ და ვუწვდი.
_ ჩავიცვა, დე? ბაღის დაწყებამდე აღარ შევინახოთ?
უხარია, უკვირს, უხარია... ისევ ბავშვად იქცა. მხრები ბუმბულივით აუმჩტდა. თვალები უკამკამებს, ტალღის ნასახიც აღარაა, გადაიდარა.
მზესავით გავარვარებული ბურთი ყელში მიდნება.
ვყლაპავ. ვსუნთქავ. მლაშეა.
ჩემს ყველაზე ძვირფას კაბას საკიდიდან ვხსნი. ვირგებ. სუნამოს, ყელიდან კოჭებამდე უხვად ვიპკურებ. გამოზოგვას ნაჩვევ ფლაკონს უკვირს. ისე ძალიან უკვირს, რომ გაოცებისგან წარწერა თავსახურზე ასდის.
_ გამოიქეცი, დე! - მკლავებს ვშლი.
_ უნდა მაბზრიალო?! ვაშაააა!
ვუღიმი და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რომ ,,ვაშას“ ნაცვლად, თანატოლებივით არ ამბობს: „იეეეს!“
ჯერ ნელა ვბზრიალებთ. ვბზრიიიიიიალებთ...
მერე ტემპს ვუჩქარებთ: ვბზრიალებთ-ვბზრიალებთ...
და ბოლოს: ვბზრიალებთვბზრიალებთვბზრიალეეებთ!
იცინის, იცინის... ფერად კენჭებზე ფეხი უსხლტებათ ნაკადულებს.
ვფიქრობ: აი, მოზვირთდებიან წლები. გაიზრდება გიო დიდი ბიჭი. სასახელო კაცი დადგება. მოვა მასთან ჟურნალისტი და ბავშვობის ამბების გახსენებას სთხოვს.
_ ახლა, რატომღაც, ერთი დილა გამახსენდა ჩემი ბავშვობიდან. ასე, ოთხი-ხუთი წლის ვიქნებოდი... - დაიწყებს გიო. მაშინ უკვე - ბატონი გიორგი. რიხით ჩაახველებს. ჟურნალისტ, სიფრიფანა გოგონას ჩაის შესთავაზებს. გოგონასაც ჩაისფერი თვალები ექნება. ოღონდ, ისეთი, ახლა როგორ ჩაისაც ვუმზადებ ხოლმე გიოს - ბაცი, მზისფერი.
„ბატონი გიორგი“ მოყვება, რომ დანამდვილებით ვერ იხსენებს, რა ამბავს აღვნიშნავდნენ, მაგრამ ზუსტად ახსოვს, რომ დედა კარგ ხასიათზე იყო. ბაღისთვის ნაყიდი ახალი ფეხსაცმლის სახლში ჩაცმის უფლებაც კი მისცა. საუზმის ამბავი არ ეხსომება. პირდაპირ იქიდან დაიწყებს, მაგიდა რომ კედელს მივადგი. იტყვის, რომ ახლაც ახსოვს დედის სუნამოს სურნელი.
... რომ უცანური კია, მაგრამ დედასთან ერთად ბზრიალს ქვეყნად არაფერი ერჩივნა.
... რომ დედის იმ კაბის ღილების ფერი და ფორმაც კი ახსოვს - ოქროსფერი, ტრაპეცია.
... რომ ბზრიალისას დედის გრძელ, ცრემლის ფორმებად ჩამარცვლულ მძივს შემთხვევით ხელი გამოსდო და გაწყვიტა. იტყვის, რომ ძალიან შთამბეჭდავი კადრი იყო. ,,ეგებ, სულაც ამ კადრის გამო ჩამრჩა ეს დღე მეხსიერებაში: მთელ იატაკზე გაბნეული მძივის მარცვლები, ფანჯრიდან შემოჭრილ მზის შუქზე, ზღაპრულად ბრჭყვიალებდნენ.“

... რომ დედა, საერთოდ, ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ იმ დღეს... როგორღაც...
... რომ დედა, იმ დღეს, გამაოგნებლად ლამაზი იყო...
გაიხსენებს, რომ დედა -
,,ი - ყ - ო“ (!) ...

***
_ დე, ტირი?.. - თვალები უმუქდება გიოს.
_ არა, დე, თვალში რაღაც ჩამივარდა...
სჯერა. ვბზრიალებთ.
,,მთელი ცხოვრებაა იქამდე. მზისფერთვალება გოგონა, ალბათ ჯერ არც დაბადებულა...“ - თავს ვიმშვიდებ. ჩემი მძივის ფორმის ცრემლებს საყლაპავი მილისკენ მივერეკები, მივაწკარუნებ. მლაშეა.
_ ხელი გამოგედო... არა უშავს. - ვუღიმი გიოს და ჩემს უსაყვარლეს მძივს, გიოსთვის შეუმჩნევლად, ვქაჩავ. არ მენანება.
მთელ იატაკზე გაბნეული მძივის მარცვლები, ფანჯრიდან შემოჭრილ მზის შუქზე, ზღაპრულად ბრჭყვიალებენ.



II

ფილმი წიფის გენერალზე

,,კიუუ!“ - კივის მატ
არებელი. ,,ახრრ...“ - ჩაახველა, ძრავა-ფილტვებში ჩამდგარი ხრინწი ჩაიწმინდა და დაიძრა. მაგრამ მანამდე:
_ სიცხიანი ხარ, რა გებათუმება, დარჩი. - გეგა შუბლზე ტუჩებს მადებს და ცოტა ხანში ,,მპუს“ გარეშე მაცილებს. აქაოდა, მართლა სიცხის გასაზომად გავისარჯე, კოცნის საბაბი არ გეგონოსო. შეუმჩნევლად ოხრავს. მე მაინც ვამჩნევ, ოხერი ვარ.
_ კინოში წავიდოდით… - მეუბნება და სადღაც სიღრმეში მიცურავს. - კარგი ფილმია. - გეგას ხმა აქვეა, სახეზე ვგრძნობ ჰაერის მოკლე-მოკლე ნაკადის შეხებას. მაგრამ სახე - შორსაა. ასე მემართება ხოლმე, როცა მაღალი სიცხე მაქვს: ჩემი მზერა სიბრტყეს სამგანზომილებიან, ტრიდე გამოსახულებებად შლის. თვალსა და რეალობას შორის ეკრანს ,,მიმონტაჟებს“ და ეკრანს იქით ვისაც სად მოეპრიანება, იქ მიუჩენს ადგილს.
_ ხომ შევთანხმდით, განშორება გვჭირდება, ყველაფრის ,,გადასახარშად...“ თან, ხომ იცი, სიცხე როცა მაქვს, ისედაც სულ კინოს ვუყურებ. - ვუღიმი.
გეგამ შუბლზე მაკოცა. სწრაფად მაკოცა, უცებ მომაცილა ტუჩები. ალბათ ხაზი გაუსვა, სიცხის გასინჯვა არაფერ შუაშია, ისე გკოცნიო.
_ კარგი, დღესაც ვნახავ და მერეც. აი, რომ ჩამოხვალ, მერე გამომყევი შენც. საინტერესო ფილმია, საჩვენო. - ახლა გეგას სახე აქვეა და ხმა სადგურის ბოლოდან მესმის. ვერ ვარ ჯანმრთელად.


***
,,კიუუ!“ - კივის მატარებელი. ,,ახრრ...“ - ჩაახველა, ძრავა-ფილტვებში ჩამდგარი ხრინწი ჩაიწმინდა და დაიძრა. მატარებლის ჩახველება მახსოვს, ჩემი ჩაძინება - აღარ. თვალი რომ გავახილე, ფანჯრის ადგილას ეკრანი დამხვდა. ე.ი. ისევ სიცხე მაქვს.
თავქუდმოგლეჯილები, მწკრივად გარბიან ხეები. მიცოცავენ მთები, მიიზლაზნებიან. საიდანღაც გამოსხლტნენ ცხენი და კვიცი. ცხენი კვიცს ლოკავს. კვიცი - ბალახს. ადგილიდან არ იძვრიან. ადგილმა სამივე დაძრა და სადღაც გააქანა. ფილმისწინა ჟურნალივითაა: ნაწყვეტი კადრები ყველაფერზე და არაფერზე. მზერას ფეხი უცდება, ვერცერთ ნაწყვეტზე ვერ ჩერდება, ვერ ეჭიდება. სიცხე მაქვს. ფანჯარა აღარაა. ეკრანია.
შენელებული კადრი: მატარებელი სადგურს უახლოვდება. ფანჯარა-ეკრანზე ფილმის სათაურივით იკვეთება წარწერა: ,,წ ი ფ ა“
გაბრუებულ გონებაში ვიმეორებ: ,,წიფის სადგური“ ,,წიფის გაჩერება“... არა, რაღაც სხვა, გაცილებით ახლობლური, ნაცნობი სიტყვათაშეთანხმების გახსენება მინდა და არ გამომდის.
მატარებელი გაჩერდა. ფანჯრის მართკუთხედში ფოტოგრაფიულად მიმზიდველი კადრი ჩაჯდა: ძველი შენობა, სევდიანი. აქა-იქ ადამიანის ხელით შეღებილი მზისფერი, და ადგილ-ადგილ, უმზეობისა და ნესტის ერთობლივი ნახელავი: ობი. შენობის მეორე სართულზე - ერთკაციანი აივანი. მიწიდან აივნამდე აცოცებული სისველის უფორმო ბილიკი, აივანზე - ხმელ-ხმელი კაცი, სადგურის უფროსი. მოხუცი, შეძლებისდაგვარად წელში გამართული. ამაყად ისწორებს თავზე ქუდს. გენერალივით. მის გვერდით - სკამი. უკან - ოთახი. ორივე ცარიელი.
,,გენერალი“ ჩვენკენ ზურგით ტრიალდება და ოთახში შედის. სავარაუდოდ - მოკლე, მტკიცე ნაბიჯებით, მაგრამ მე ხომ სიცხე მაქვს, ასე უბრალოდ როგორ შევა... უცებ, ერთი შესუნთქვით ისრუტავს ოთახის სიღრმე და თავის ცარიელ ფაშვში აუჩინარებს.
თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ სადგურის უფროსს დგომით დაღლილმა მუხლებმა უმტყუვნა, მაგრამ ამ ფილმში გენერლის როლი აქვს და უბრალო მოკვდავების წინ სკამზე ვერ ჩამოჯდება, მუხლზე ხელს ვერ გადაისვამს დასაზელად.
იმავე აივანზე ახალგაზრდა, ღიპიანი კაცი გამოდის. ამთქნარებს. თითზე ქუდს ატრიალებს. სკამზე ეშვება.
,,მემკვიდრეობითი აივანი“ - ვფიქრობ.
ერთი ხელი ჯიბეში, მეორეში - ქუდი. ვერც გაამტყუვნებ, რომ პირზე ხელის აუფარებლად ამთქნარებს... თითქოს კედლებზე ნესტი შრება, მის ზურგსუკან, აბაჟურით ძლივსგნათებული ოთახიც აღარ ჰგავს მიტოვებულს. კადრის კომპოზიცია დარღვეულია. სრული სერიოზულობით ვფიქრობ, რომ კანონი უნდა კრძალავდეს სხვა ჟანრის ფილმიდან სხვაში პერსონაჟთა თვითნებურ გადაადგილებას!!!
სადგური ოხრავს. ,,კიუუ!..“ გაჰყვირის მატარებელი.
ბიჭი გადის, სადგურის უფროსი ბრუნდება. ,,ხშშ...“ შვებით ამოიფშვინა მატარებელმა.
აივანზე მოხუცის სილუეტი. გვერდით - სკამი. არ დაჯდება, სანამ მატარებელი თვალს არ მიეფარება - არ დაჯდბა. ნესტი თვისებებს იბრუნებს. კედელს ფერი უბრუნდება - ყვითლის სევდიანი ტონალობა. ოთახს - აბაჟურის ბაცი ყვითელი ნათება.
მემანქანეს ნიშანს აძლევს მოხუცი ,,გენერალი“. მემანქანე, ალბათ ვერც ამჩნევენ ამ ნიშანს. გრაფიკს მიჰყვება. მოხუცი ამ ვერშემჩნევას არ იმჩნევს და ათუხთუხებული მატარებლის ხმაზე ვალმოხდილი ბრუნდება ოთახში.
,,კიუუ!“ - კივის მატარებელი. ,,ახრრ...“ - ჩაახველა, ძრავა-ფილტვებში ჩამდგარი ხრინწი ჩაიწმინდა და დაიძრა. მიხარია, რომ სანამ მისი გზააბნეული შვილი სხვა ფილმიდან აქ შემოფრატუნდება და ყველაფერს გააფუჭებს, მანამდე მივდივარ.
,,დგნ-დგნ...“ ძველმოდურ რითმს რთავენ მუსიკალური რედაქტორები - ბორბლები.
მძიმედ ეშვება ნისლის დაფლეთილი ფთილა - დაჩრჩილული ფარდა. წარმოდგენა დამთავრებულია.
ცისფერი ცა მწკრივ-მწკრივად გახაზეს ჩიტისფერმა ჩიტებმა - ტიტრებმა.
კადრი შავდება, გვირაბში შევდივართ.
,,თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?“ - ჩურჩულებს ჩემი მთვლემარე მეხსიერება. - ,,თქვენ ხომ არაფრის შეგეშინდებათ?“


***
,,კარგი ფილმი იყო.“ - გეგა მირეკავს.
,,აქაც კარგი ფილმი გაუშვეს: ,,წიფის გვირაბი. სადგურის გენერალი“ - ვეუბნები.
,,ნუ ხუმრობ. - იცინის გეგა. - ეგეთი მხატვრული ფილმი ბუნებაში არ არსებობს. აი, მე წაგიყვან მაგარ ფილმზე. რომ ჩამოხვალ, გამომყევი, მეორედაც სიამოვნებით ვნახავ.“
როცა ასეთ დროს ბიჭი ,,ნუ ხუმრობს“ ამბობს, ე.ი. ,,ნუ იტყუების“ არ გაკადრებს. თუ ბიჭი ,,ნუ იტყუების“ არ გაკადრებს, ე.ი. არ ხუმრობს, მართლა უყვარხარ.
გადავწყვიტე: როგორც კი ბათუმიდან დავბრუნდები, გეგას გავყვები... კინოს არ ვგულიხმობ. ისე გავყვები - სულ.




Last edited by Admin on Wed Nov 05, 2014 11:14 am; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3970
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია - „ერთგულება“.   Wed Nov 05, 2014 10:48 am

ლიტერატურული კონკურსი „ერთგულების“ 2014 წლის გამარჯვებულები:

III პრემია - ლია ლიქოკელი


არ ტირიან ქალები თავის კაცებს


პირველი ყვითელი ფოთლები ჩამოატარა მდინარემ.
იჯდა წყლის პირას, ბეჭებზე ეყარა შემოდგომის მზესავით ფერმიბნედილი თმა.
შიშინით ქრებოდნენ წყალში მზექალის ცრემლები - ნაკვერჩხლები.
იჯდა, კალთაზე თავისი კაცის სისხლიანი პერანგი ეფინა. თითებს უყრიდა ნატყვიარებში.
წყალმა იცოდა: არ ტიროდნენ აქ ქალები ქმრებს, სირცხვილი იყო - დაინახავდა ვინმე და ჰყვარებიაო, იტყოდა.
არ ტიროდა მზექალი: ნაკვერჩხლებს ყრიდა თვალებიდან თრთვილისფერ წყალში და წითლად იჭორფლებოდნენ დამწვარი კალმახები.
იმ დილას ჩვეულებრივად გააცილა თავისი კაცი: არ შეუხედავს, საგზლიანი გუდა ისე გაუწოდა, იმანაც ისე გამოართვა, თვალები კარის თავზე მიშენებულ მერცხლის ბუდეს წამოსდო, სულაც შემთხვევით მოუხვდა ხელი ქალის მხარზე და წავიდა. მზექალი ცეცხლზე შემოდგმულ რძეს მიუბრუნდა და ზურგით იდგა, სანამ კაცი თვალს მიეფარებოდა. დაჰყურებდა, როგორ ამოფუვდა რძე, როგორ გადმოიღვარა ქვაბიდან და სულის შებერვაც არ შეეძლო: უკვე იცოდა. ტანით იცოდა.
მარხილით მოასვენეს შებინდებისას. ახალნათიბი ბალახი გაეფინათ ქვეშ. ჯერ სისხლში დამბალი ბალახის სუნი შემოვიდა სახლში, მერე იმის ცივი სხეული. ბნელ ღამეებში ჩუმად ნაფერები, ტყვიით დახვრეტილი მკერდი და ბეჭები.
უსიტყვოდ გაშალა ფარდაგი ტახტზე. თითქოს ლოგინი გაუმზადა დაღლილს.
გადააწვინეს.
ჭრელი ჩიტები ეხატა ფარდაგზე.
გადაუარა გვრინმა ბანებს. მოდგა სოფელი.
ქალების კივილში გასხლტა ეზოში, მარხილს მიადგა, ჩუმად მობღუჯა სისხლიანი ბალახი, გომურის კედელს მოეფარა და უბეში ჩაიფინა. ვინმეს რომ დაენახა, ჰყვარებიაო, იტყოდა.
რომ მარხავდნენ, ქადებს აცხობდა.
მეორე დილას კაცის სისხლიანი პერანგი მდინარეზე წაიღო გასარეცხად.
იჯდა, თეთრ თითებს უყრიდა ნატყვიარში. წყალი პირველ ფოთლებს მოიყოლებდა.
მერე ყოველდღე მიჰქონდა პერანგი მდინარეზე. არ ირეცხებაო ეს სისხლი, დაიჩივლებდა, თუ გზად ვინმე შემოხვდებოდა. შეიღიმებდა კიდეც, თორემ სატირლად მიდისო, იფიქრებდა ის ვინმე და ჰყვარებიაო, იტყოდა.
გაირინდებოდა დილაობით ცეცხლზე შემოდგმული რძის სუნში და მხრებზე აწვებოდა უკაცო, ბანჩატეხილი სახლი. როგორც მტრის ტყვია, ისე ხვდებოდა გულში მზის პირველი სხივის ნატეხი.
არც სახელის თქმა შეიძლებოდა - სირცხვილი იყო: გაიგონებდა ვინმე და ჰყვარებიაო, იტყოდა. მოეფარებოდა გომურის კედელს, მიიფარებდა პირზე ხელს, ჩაიკვნესებდა კაცის სახელს, ხელისგულზე გადაიცოცებდა, დადებდა მერე მიწაზე და დააფარებდა ქვას.
მრავლდებოდნენ სახელის საფლავები, მკვდარი კაცის სახელზე დაფარებული ქვები.
მრავლდებოდნენ მდინარეში წითელჭორფლიანი დამწვარი კალმახები.
ნელა მიილია შემოდგომა.
იშვიათადღა არხევდნენ დათვები პანტის ხეებს უკანასკნელი ნაყოფის ჩამოსაგდებად.
უკანასკნელი ფოთლები ჩამოატარა მდინარემ.
იმ დილას მზე რომ შემოდგა გორის წვერზე, ბანჩატეხილი სახლიდან გარმონის ხმა გამოიღვარა. მოდიოდა ხმა, როგორც მეწყერი და ფესვიანად მოგლეჯილი ტანაღერილი არყის ხეებივით მოიყოლებდა ქალის სიმღერას.
თავგადაგდებული მღეროდა მზექალი. ლაღი, მზეგამჯდარი, ზარივით ხმა ამოსდიოდა თეთრი ყელიდან.
იდგა სოფელი და ქალის ხმაზე ხავსის ბუსუსი წამოშლოდა მიწური სახლების დაფხეკილ კედლებზე.
მიიკნავლა ნელა გარმონი. ჩალღვა ქალის ხმა. გამოიბერა სიჩუმე და გამოსკდა თოფი.
იწვა მზექალი. ტუჩზე სიცილის ჩიტი ეჯდა.
შემწიფებული ბალახის სუნი მოტკბილდებოდა სისხლის გუბეში გაფენილი ყვითელი თმიდან.
იწვა მზექალი. გადახსნილ მკერდზე დაეფარებინა ორივე ხელი, გული დაემალა: დაინახავდა ვინმე და ჰყვარებიაო, იტყოდა.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია - „ერთგულება“.   

Back to top Go down
 
გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურული პრემია - „ერთგულება“.
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურული კონკურსები-
Jump to: