არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი - დეა ცუცქირიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4168
Registration date : 09.11.08

PostSubject: მიხო მოსულიშვილი - დეა ცუცქირიძე   Sun Jan 05, 2014 10:40 am

დეა ცუცქირიძე

მიხო მოსულიშვილის სასწაული


„მინდა, ისე ვგავდე ჩემს სამშობლოს, როგორც ქართული ნაგაზი ჰგავს...“
მიხო მოსულიშვილი



რედაქციისაგან: მწერალი მიხო მოსულიშვილი შემთხვევით არ შეგვირჩევია საახალწლო ნომრის სტუმრად... ასეთი ადამიანები ხომ თითზე ჩამოსათვლელი გვყავს ქართველებს? ჰოდა, მოვეფეროთ!


- ბატონო მიხო, გილოცავთ ახალი წლის მობრძანებას...
როგორი განწყობით ხართ?

- დიდი მადლობა მომიხსენებია მოლოცვისათვის. მეც ასევე მოგილოცავთ შობა-ახალ წელს თქვენ, ჟურნალ „გზას“ და მის მრავალრიცხოვან მკითხველს.
განწყობა ისევ ძველებური მაქვს, - მარტო საკუთარი თავზე და საკუთარი თავისთვის არ ვიცხოვრო...

- ეგებ ვიღაცას არც უყვარდეს, მაგრამ ახალი წლის მოსვლას ხალხი ძირითადად მაინც სიხარულით ხვდება. უკეთესის მოლოდინის... თუ ბედნიერების მოლოდინის გამო, რომელიც მცირე ხნით თავადაც გაბედნიერებს. მოლოდინი გვაბედნიერებს? აბა, მაგ ლოგიკით ბედნიერება მოლოდინი ყოფილა?

- მოლოდინი მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერება ვერ იქნება, მარტო ხანდახან იცის ხოლმე ეგრე მოქცევა და ეს ძალიან კარგია. ისე კი, უკეთესის მოლოდინის იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა.

- თუ ეს „გულთბილი დახვედრა“ ტრადიციების მიმდევრობაა? მიხო მოსულიშვილი და ტრადიციები... მომიყევით თქვენს ოჯახურ ამბებზე, როგორ ხვდებით ახალ წელს? რა გიყვართ (სასმელი, საჭმელი) რა გინდათ, რომ იყოს ან როგორ გინდათ, რომ იყოს ახალ წელს?

- მიხო მოსულიშვილი და ტრადიციები ურიგოდ არ არიან ერთმანეთში, ოღონდ ყველა ტრადიციასთან კარგად ვერ იქნები კაცი, ზოგი დრომოჭმულად მოგეჩვენება და არ მიჰყვები, ზოგიც მარადიულად და იმათ კი დაუმეგობრდები და გვერდით ამოუდგები...
როგორ მინდა და, ისე, რომ ოჯახი ერთად უნდა ხვდებოდეს ახალ წელს, თავისი ტრადიციული გოზინაყით, საცივით და კარგი კახური ღვინით. ჩემნაირებისთვის თუ რამე მაგარი სასმელიც მოიძებნება, ამას რა აჯობებს. კიდევ ჩიბუხის კარგი თამბაქო მინდა ხოლმე და ვინც უცხოეთში მყავს, იმათ ან რამე ინგლისურ წიგნს ვთხოვ ანდა თამბაქოს... ყავა მიყვარს კიდევ მუშაობისას. ახლა კოლუმბიიდან ჩამომიტანეს სახელგანთქმული ხუან ვალდეზის ყავა, რომელიც ძალიან თავისთავადი და განუმეორებელია...
ჰო, არც ის უნდა დამავიწყდეს, რომ ჩემთვის მოსატან საჩუქრებში საპატიო ადგილი უკავია ბლოკნოტებს და ფანქრებს. ბლოკნოტი გვერდზე კი არა, მაღლა უნდა გადაიშლებოდეს ხოლმე და უკვე გამოცდილი მაქვს, ამისთანა ბლოკნოტებში პიესები და კინოსცენარები იწერება კარგად. ადრე, როცა მასალების მოძიებაზე ვმუშაობდი ან ვწერდი, თაბახის ფურცლებზე ჩავიწერდი ხოლმე და მერე აქეთ-იქით მეფანტებოდა და რომელი ფურცელი რომელ ნაწარმოებს ეკუთვნოდა, ძნელი მისახვედრი ხდებოდა ხანდახან, თანაც ზოგჯერ ისე ვწერ, მერე ჩემივე ნაწერს ვეღარ ვკითხულობ ხოლმე და კაი ხანი ვფიქრობ ხოლმე, ნეტავი, აქ რისი თქმა მინდოდა მეთქი...
ზოგადად კი ყოველ ახალ წელს მინდა და ვნატრობ, რომ, როგორც ილია ჭავჭავაძე ათქმევინებს ლელთ ღუნიას, - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს“.

- თქვენ ჩემს აღქმაში სიტყვით მხატვარი ხართ... წესით უნდა დამეთანხმოთ, რაკი „ჰელესას“ წინასიტყვაობაში წერთ, რომ თქვენი კინორომანი გაცოცხლებულ ნახატებადაც შეგვიძლია მივიღოთ... აი, მივედი კითხვამდე - შემიფასეთ 2013 წელი რამდენიმე სურათად... ან ერთ ნახატად, როგორც ხედავთ - ფერადად ან შავ-თეთრად. შეგიძლიათ გასული წლის ყველაზე ამაღელვებელ მომენტზე მითხრათ... პირადზე ან საზოგადოზე.

- მხატვრობა ძალიან მიყვარს და თუ მხატვრების ნამუშევრებს კარგად დაუკვირდება მწერლობას მოწადინებული კაცი, უმარავ რამეს ისწავლის მათგან. მეც სულ ვცდილობ, რომ ლიტერატურა სიტყვით ნახატი იყოს, - თავისი კომპოზიციით, ფერთა გამით, ნათქვამითა და, განსაკუთრებით, რაც არ ითქმება, მაგრამ ნაწარმოებში მაინც არის. ხოლო რაც შეეხება კინორომან „ჰელესას“ ეს ნაწარმოები შეიძლება ჩაითვალოს დიდი ლაზი მხატვრის, ჰასან ჰელიმიშის გაცოცხლებულ ნახატებად. ეს განსაკუთრებული მხატვარია, სამყაროს თავისებური ხედვით და ყველას ვურჩევდი მისი ნახატების ნახვას.
2013 წელი რომ შევაფასოთ ერთ ლამაზ და ფერად სურათად, ეგრე გამოვა: „იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. ნურავის დაგვავიწყდება, რომ წამსვლელები ვართ ყველანი და ვეცადოთ, ნაკლები ცუდი ვაკეთოთ, სანამ ამქვეყნად ვართ...
გასული წელი ჩემთვის იმით იყო ამაღელვებელი, რომ ჯერ იყო და, რუსთავის დრამატულ თეატრში რეჟისორმა გურამ ბრეგაძემ დადგა ჩემი კომიკური თრილერი „საშობაო ბატი კომშით“, მერე კი რეჟისორმა ზურაბ ხვედელიძემ ბოლნისის მუნიციპალურ თეატრში დადგა ჩემი სევდიანზე სევდიანი კომედია „ჩემო მეჟოლია“. ბოლოს კი, სულ ახლახანს, 20 დეკემბერს ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში რეჟისორმა ეკატერინე სირაძემ დადგა ჩემი საბავშვო პიესა „მოპარული ახალი წლის ზღაპარი“. ამ სამივე სპექტაკლზე ის შემიძლია ვთქვა, რომ ურიგო არც ერთი არ არის და გავსებული დარბაზების რეაქციის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ცუდად არც ერთი არ მიუღია მაყურებელს. საკუთარ ნაწარმოებზე ამდენ ლაპარაკს ვერ გავბედავდი, მაგრამ სპექტაკლებზე ეგრე თამამად იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ისინი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფია და მარტო დრამატურგებიი კი არა, რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები და სხვაც უამრავი ადამიანი მონაწილეობს მათ შექმნაში.

- მწერალი ჩემს ბავშვობაში ჯადოსნური სიტყვა იყო. ახლა როგორი დატვირთვისაა ეს სიტყვა, საერთოდაც როგორია წიგნის ავტორის ბედი 21-ე საუკუნის საქართველოში? ჰო, ახალი წელი კია, მაგრამ არ შემიძლია, რომ ეს არ ვთქვა - ოკუპირებული ქვეყნის მწერლის ბედი?

- ამასწინათ მომიწია ჩემი მოკლე ბიოგრაფიის დაწერა, რასაც დიდი წვალებით მოვახერხებ ხოლმე და ეგრე გამოვიდა, რომ დაწერილი მაქვს პიესების, რომანების, მოთხრობების, ნოველების, მინიატურებისა და თარგმანების ოცამდე წიგნი, საქართველოს თეატრებში დადგმულია ათი სპექტაკლი, ტელევიზიებში – ორი, რადიოში – ოთხი; დაწერილი მაქვს ოთხი კინოსცენარი, თუ არ ჩავთვლით სხვადასხვა გამოცემებში გაბნეული ესეებსა და ინტერვიუებს.
ჰოდა, ამ ყველაფრის ავტორის ბედი როგორია დღევანდელ საქართველოში და, - სწორედ ისეთი ბედისაა, როგორც ოკუპირებული ქვეყნის მწერალს ეკუთვნის, ანუ მე ძირითადად უხელფასო ვარ და ამას საწუწუნოდ არ ვამბობ, - ჩემს ქვეყანაზე უკეთ არც მიცხოვრია, არც ვაპირებ და არც მინდა.
თუ მეტისმეტად უცნაური არ მოგეჩვენებათ, მე მინდა, ისე ვგავდე ჩემს სამშობლოს, როგორც ქართული ნაგაზი ჰგავს...

- ბატონო მიხო, საქართველოს გარეთ თუ იცნობენ თქვენს შემოქმედებას?

- ხომ გაგიგონიათ, ძაღლი შინ არ ვარგოდაო და სანადიროდ გარბოდაო... მთლად ამ ძაღლივით არ უნდა გამოგვივდეს ხოლმე გარე-გარე სირბილი, თუმცა არც ადგილობრივ „გენიოსად“ ყოფნა უნდა იყოს მომხიბლავი. ამიტომ საქართველოს გარეთაც უნდა ვცადოთ ჩვენი ზოგიერთი ნამუშევრის გატანა, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურების თანადგომა არის ხოლმე ამისთვის საჭირო...
მე, პირადად, არც არავინ არასოდეს დამხმარებია რომელიმე ნაწარმოების თარგმნაში და უცხოეთში გატანაში. რამდენჯერმე ჩემით ვცადე ამის გაკეთება და... ჯერ-ჯერობით უშედეგოდ...
სულ ეს არის.
იმედია, მომავალში რამე შეიცვლება ამ მხრივ.

- გეგმები... მე არ ვიცი, შეიძლება თუ არა, რომ გეგმა ჰქონდეს მწერალს და იმას მიყვეს... მოკლედ, თუ გაქვთ გეგმები, გამიმხილეთ.

- გეგმებზე მე არაფერი ვიცი და, - როდის, რა, როგორ და რანაირად დაიწერება, ჩემგან დამოუკიდებლად გადაწყდება ხოლმე სადღაც. მე ბევრი ჩანაწერი მაქვს დაგროვილი და, დავუშვათ, რომელიმეს თავი მივაკალი, გინდა თუ არა, ეს უნდა დავწერო მეთქი, - მაინც არაფერი გამოვა და რომელ ჩანაწერსაც დაწერის დრო არ მოუვა, არც დაიწერება და თუ მაინცდამაინც დაიწერება, სისულელე გამოვა და გადასაგდები იქნება მერე.
მოკლედ, ჩემმა ჩანაწერებმა თავად იცან, როდის რომელი უნდა დაიწეროს ხოლმე. საიდან იგებენ ამას, მე არ ვიცი...

- საახალწლო სასწაული რა იქნება თქვენთვის?

- სასწაული ის იქნებოდა, რომ მთელ საქართველოს ხელახლა შეყვარებოდა წიგნების კითხვა...



ჟურნალი „გზა“, # 1, 02.01.2014, გვერდები 24-25


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მიხო მოსულიშვილი - დეა ცუცქირიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: