არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სოსო პაიჭაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: სოსო პაიჭაძე   Wed Aug 21, 2013 9:50 am



Soso Paichadze

სოსო პაიჭაძე

სოსო ნესტორის ძე პაიჭაძე დაიბადა 1943 წლის 21 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში.
1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, მრავალი წლის მანძილზე ჟურნალ "მნათობის" მთავარი რედაქტორის მოადგილე იყო.
ლიტერატურული მოღვაწეობა 1969 წელს დაიწყო, როცა გაზეთ "ლიტერატურულ საქართველოში" გამოქვეყნდა მწერლის პირველი ლიტერატურულ-კრიტიკული სტატია.
პირველი მოთხრობები კი 1970 წელს გამოჩნდა.
1977 წელს გამომცემლობა "მერანმა" მისი მოთხრობების პირველი კრებული "უკანასკნელი დუბლი" გამოსცა. 1985 წელს გამოვიდა მწერლის მეორე კრებული.
1990 წელს ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნებული მოთხრობისათვის "თბილი გრძნეული წვიმა" მწერალთა კავშირის პრემია მიენიჭა.
სოსო პაიჭაძე გარდაიცვალა 1994 წლის 30 აგვისტოს, 51 წლისა.
1995 წელს, სიკვდილის შემდეგ დაიბეჭდა მწერლის ბოლო წიგნი "სადაით დაეცი". მისი მოთხრობები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, უნგრულ, ჩეხურ, გერმანულ, იუგოსლავიურ ენებზე.

ჟურნალები:
* მეთევზე : [მოთხრობა] / სოსო პაიჭაძე // ცისკარი. - , 1970. - N1. - გვ.81-96[MFN: 117404]; UDC: 821.353.1-3
* უკანასკნელი დუბლი : [მოთხრობა] / სოსო პაიჭაძე // ცისკარი. - , 1973. - N8. - გვ.31-68[MFN: 181409]; UDC: 821.353.1-3
* "ბაქანი"; "ბოტანიკური ბაღი"; "იროდიონი"; : [მოთხრობები. 1978, N3] / სოსო პაიჭაძე ; ილ. დ. ერისთავისა // ცისკარი. - , 1997. - N9. - გვ.100 [MFN: 206029]; UDC: 821.353.1-3

წიგნები:
* სადაით დაეცი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1995. - 456გვ.
* სასიყვარულო თამაშები / თარგმნა სოსო პაიჭაძემ ; [რედ.: იზოლდა ლეჟავა, ; მხატვ.: სპარტაკ ცინცაძე]. - თბ. : მერანი, 1994 (წიგნ. ფაბრიკა). - 456გვ.
* მოთხრობები. - თბ. : მერანი, 1985. - 335გვ.
* უკანასკნელი დუბლი : მოთხრობები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 143გვ.
* Сосо Нестерович Пайчадзе - Платформа "Ботанический сад" : Повести / Сосо Пайчадзе ; Пер. с груз. Динары Кондахсазовой. - Тбилиси : Мерани, 1984. - 124 с. ; 20см.. - 55 к., 20000 экз.[MFN: 19273]; Иродион; Последний дубль; Платформа "Ботанический сад"
* Сосо Нестерович Пайчадзе - Где-то на обочине: Повести; Москва: Сов. писатель, 1989
* Sosso Paitschadse - Erlesenes 5. Erzählungen. Neue Namen aus zehn Sowjetrepubliken. Aus dem Russischen, Estnischen, Lettischen, Litauischen und Ukrainischen. Ausgewählt und mit biographischen Notizen von Marijke Lanius unter Mitarbeit von Inna Sergejewa.
Marijke Lanius und Inna Sergejewa (Herausgeber):
Bookseller: antiquariat ESEL, Inhaber Gerhard Kahle
(13353 Berlin, BLN, Germany) - http://www.amazon.de/Erlesenes-5-Erz%C3%A4hlungen-Autorenteam/dp/B002YE5P0A
Berlin. Verlag Volk und Welt. 1982., 1982. 1.Auflage. 339 S. Paperback. Leichte Lesespuren. Unterer Schnitt fleckig. Enthalten sind Erzählungen von Arvo Valton, Jüri Tuulik, Anatoli Kim, Timur Pulatow, Saulius Tomas Kondrotas, Ramunas Klimas, Sosso Paitschadse, Pjotr Krasnow, Alexander Maisjuk, Timur Sulfikarow, Juri Stscherbak, Wolha Ipatawa, Oralchan Bökejew, Andris Jakubans und Vizma Belsevica. Bookseller Inventory # 78458AB -- http://www.abebooks.com/book-search/author/marijke-lanius-und-inna-sergejewa-herausgeber/page-1/



ბმული:
* http://ka.wikipedia.org/wiki/სოსო_პაიჭაძე
* http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00001086/



Last edited by Admin on Wed Dec 30, 2015 7:02 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოსო პაიჭაძე   Wed Aug 21, 2013 10:30 am

ბრეგაძე ლევან

ოცი წლის შემდეგ

ჩვენს კრიტიკაში უკვე აღინიშნა _ “საკმარისია სოსო პაიჭაძის შემოქმედებას ტრადიციული პროზის კრიტერიუმებით მიუდგე, რომ ან განიარაღებული აღმოჩნდე, ანდა მწერალს მოსთხოვო ის, რაც მის მხატვრულ ამოცანას არ წარმოადგენდა” (თ. დოიაშვილი). მართლაც, თვალის ერთი გადავლებითაც აშკარაა, რომ სოსო პაიჭაძის პროზა გადის კონვენციური, ტრადიციული პროზის ფარგლებიდან. იგი ისეთ მოტივებს ამუშავებს, ადრე რომ ყურადღება არ ექცეოდა, გვერდი ევლებოდა ან მხოლოდ ქვეტექსტებში იგულისხმებოდა. არაორდინარული, რთული, ძნელად გასაცნობიერებელი განცდების გადმოსაცემად, ბუნებრივია, ახლებური მხატვრულ-გამომსახველობითი ხერხები შეიქნა საჭირო. რთული სინტაქსი, რთული და უჩვეულო ასოციაციები, რთული შედარებები, რთული კომპოზიცაა დამახასიათებელი სოსო პაიჭაძის მოთხრობებისათვის. მოკლედ, ამ ბოლო დროს გავრცელებული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, იგი “ძნელ” მწერალთა რიცხვს განეკუთვნება. ერთადერთი, რაც შედარებით მარტივია მის ნაწარმოებებში, ეს არის ფაბულა.

მოთხრობაში “ბაქანი “ბოტანიკური ბაღი” პირველ სიყვარულთან ოცი წლის შემდეგ მოულოდნელი შეხვედრის ამბავია გადმოცემული. კობამ, რომელიც ორი თვით იყო მივლინებული ერთ ზღვისპირა ქალაქში პროფტექნიკური სასწავლებლის მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე ლექციების წასაკითხად, ერთ მშვენიერ დღეს თავის მსმენელთა შორის შენიშნა ქალი, თორმეტი წლისას გაუმხელელი და ძლიერი გრძნობით რომ უყვარდა. მასზე ხუთი წლით უფროსი გოგონა მაშინ კობას მშობლიურ სოფელში დასასვენებლად იყო ჩამოსული ნათესავებთან და შემდეგ აღარსად უნახავს. გამოხდა ხანი, კობა დაოჯახდა და ეს პირველი სიყვარული ამ ოცი წლის განმავლობაში არც არასოდეს მოჰგონებია. ის კი თურმე არ ჩამქრალა, მისი სულის სიღრმეში ყოფილა მინავლული და ახლა, ხელმეორედ შეხვედრისას, ახალი ძალით იფეთქა.

ძლიერმა განცდამ ვაჟს ადვილად დააძლევინა ჩვეული მორიდება, გამოელაპარაკა ქალს, დაუახლოვდა, ოღონდ ბავშვობისდროინდელი ნაცნობობა არ შეუხსენებია მისთვის, ამ საიდუმლოს გულში ინახავდა: მოსწონდა, რომ ეს ამბავი იდუმალების შარავანდით მოსავდა მის ურთიერთობას ივლიტასთან (ასე ჰქვია ქალს). გაირკვა, რომ ისიც დაოჯახებულა, დედაა. ურთიერთობა, კობასთვის მოულოდნელად, ძალიან ადვილად გაიბა, თუმცა მათ შორის ჯერჯერობით არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ერთად სეირნობენ ლექციების შემდეგ და ასე ატარებენ მივლინების დამთავრებამდე დარჩენილ რამდენიმე დღეს. ოღონდ ვაჟი იმას კი გარკვევით გრძნობს, რომ მისმა ახლადაღორძინებულმა სიყვარულმა ქალის გულში გამოძახილი პოვა.

აქ, წესით, კობა ლიტერატურაში კარგად ცნობილი ზნეობრივი პრობლემის წინაშე უნდა დადგეს (ქალიც, რასაკვირველია, მაგრამ მარტო კობაზე იმიტომ ვლაპარაკობ, რომ მოთხრობა, ბოლო რამდენიმე პასაჟის გარდა, მისი პოზიციიდანაა დაწერილი, მის განცდებს გვაცნობს): ვაჟის არსებაში ერთმანეთს უნდა შეეჯახოს ოჯახის წინაშე მოვალეობის გრძნობა და მისი ახლანდელი გატაცება. ასეც იქნებოდა, ეს რომ ჩვეულებრივი სასიყვარულო თავგადასავალი იყოს. მაგრამ კობას არსებაში უცნაური რამ მოხდა: იგი ახლა ერთდროულად ცხოვრობს აწმყოშიც და თავის გარდასულ ბავშვობაშიც. მისთვის აწმყო და წარსული გაერთიანდა, იგი თავის თავს აღარ ეკუთვნის. მთელი ეს დღეები ბურანში დააბიჯებს, ბავშვობისდროინდელი სიყვარული ყოვლისწამლეკავ სტიქიონად მოევლინა.

“ეს იყო, _ როგორც მწერალი გვეუბნება, _ რაღაც პირველყოფილი, ველური ლტოლვა არა ქალისადმი, არამედ თვით ბუნებისადმი, მისი სილამაზისა და დაუჯერებელი ჰარმონიის შეცნობით გამოწვეული ღვთაებრივი ძრწოლა, პირველხილვის შიში და სასოება...”

მარტო ეს განცხადება, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის და მწერალი დაწვრილებით გვიხატავს პერსონაჟის განსაკუთრებულ სულიერ მდგომარეობას; იგი ახერხებს ჩვენს დარწმუნებას, რომ კობას წინაშე არ შეიძლებოდა ზემოთ ნახსენები მორალური პრობლემა დამდგარიყო, რადგან იგი ამ დროს ლამის შეურაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა. “ოჯახი ახლა მოუხელთებლად გამფრინვალე, გაუაზრებელი ცნება იყო კობასათვის და ამაზე არც ფიქრობდა, რადგან წამოუდგენელი იყო სხვა, ნამდვილად არსებული ძალის მეტოქეობა იმ გრძნობებთან, მის გულს რომ ავსებდა”.

აქ მწერალს დიდი ოსტატობა მართებდა, რათა დამაჯერებლად დაეხატა თავისი გმირის არაჩვეულებრივი სულიერი მდგომარეობა და იგი წარმატებით ართმევს თავს ძნელ ამოცანას. პირველ სიყვარულთან შეხვედრით გამოწვეული სულის ამაფორიაქებელი განცდა იმ კონკრეტულმა ვითარებამ გააძლიერა, რომელშიც ეს შეხვედრა მოხდა. ორთვიანმა, მისთვის და მისი მსმენელებისთვისაც ძალიან დამღლელმა, მოსაწყენმა, “გაგანია სიცხეში” უთუოდ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით მოწვეულმა კვალიფიკაციის ასამაღლებელმა კურსებმა სულიერად გამოფიტა კობა. რეალისტური, შთამბეჭდავი შტრიხებით არის დახატული მისი და მისი მსმენელების თავმომაბეზრებელი ყოფა ლექციებზე. და აი, ასეთ ვითარებაში “მის დაოსებულ და ზიზღიან გულს უცებ გამოეცხადა რაღაც შორეული და ძვირფასი გრძნობა, სადღაც ჟამის წიაღში ჩაძირულმა და აქამდე უჩუმრად გალურსულმა მოგონებამ გაიფაჩუნა ანაზდად და მონატრებულ სამყაროში მოუხმო”. არასასურველ გარემოს კობას ცნობიერება “მონატრებულ სამყაროში” _ საკუთარ ბავშვობაში გაურბის. ეს რთული ფსიქიკური პროცესი ასეთი მხატვრული ხერხით არის მინიშნებული მოთხრობაში: ავტორს წინასწარი გაფრთხილების გარეშე გადავყავართ აწმყოდან წარსულში და პირიქით, ისე, რომ დროში განსხვავებულ პასაჟებს ხშირად აბზაცებითაც არ გამოყოფს ერთმანეთისგან. ოღონდ ეს გადასვლები უთავბოლოდ და ნებისმიერად კი არ ხდება, არამედ აწმყოსეული ვითარება წარსულში მომხდარ მსგავს სიტუაციაში პოულობს გაგრძელებას. მაგალითად, პირველი გასაუბრების შემდეგ, როცა ქალ-ვაჟი ერთმანეთს დაშორდა, კობას დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა, რომ აუცილებლად იმ დღესვე ხელახლა ენახა ქალი. მობრუნდა და ძებნა დაუწყო. “სამჯერ შემოირბინა მთEელი პარკი, შადრევნის ირგვლივ შემოწყობილ მერხებზე ჩამომსხდარ ხალხსაც შემოუარა და ბოლოს ქუჩაში გავიდა... მაგრამ ქალი არსად იყო... სასოწარკვეთილი განაგრძობდა ძებნას. სად უნდა წასულიყო!..”

ეს აწმყოში ხდება. და იქვე, ყოველგვარი გადასვლის გარეშე, ვკითხულობთ: “სულმოუთქმელად გაირბინა ტრიფოლიატების ღობე და მინაძეების ეზოს მიადგა, იქნებ სადმე თვალი მოეკრა გოგოსთვის” და ა. შ. და ა. შ. ეს უკვე ოცი წლის წინათ იყო, როცა ბავშვური ეჭვებით შეპყრობილი იგი მას სოფელში დაეძებდა.

ცხადია, ეს არ იწვევს მკითხველის დაბნევას; ვხვდებით, რომ ამ ხერხით ავტორი პერსონაჟის განსაკუთრებულ სულიერ მგომარეობას გვიხატავს.

თვითონ ივლიტასაც, მის საუბარსა და ქცევას კობას თვალში რაღაც ბავშვური ელფერი დაჰკრავს. ერთგან, მაგალითად, ვკითხულობთ: კობა “იმასაც ხვდებოდა, რომ თვითონ ქალიც გრძნობდა თავის უპირატესობას კაცის წინაშე _ ასეთი უპირატესობის შეგნებით მიაქვს პატარა გოგონას შინიდან გამოტანებული ტკბილეული ან საყვარელი სათამაშო თავის ავადმყოფ მეგობართან სინანულისა და ვერგამეტების, მაგრამ, ამასთანავე, გამარჯვების, საკუთარი ღირსებისა და მარადიული სიკეთის ბუნდოვანი შეგრძნებით...”. სხვა ადგილას ივლიტა კობას “სცენაზე გამოსულ ბაბთიან გოგონას” აგონებს, რომელიც “ქალური სიკეკლუცითა და უხერხულობის მომგვრელი დედაკაცური მანერებით კითხულობს ყველასათვის ნაცნობ საბავშვო ლექსს და თოჯინების საუბარში მისთვის შეუფერებელი ამაზრზენი სიბრძნით გადააქვს დიდი ცხოვრების სერიოზული და ყალბი ინტონაციები”.

ეს რთული, ობიექტური და სუბიექტური პლანების შემცველი ასოციაცია-შედარებებია. ცხადია, არ არის გასაკვირი, რომ ყურადღებით განებივრებული ლამაზი ქალის ქცევაში ბავშვური კეკლუცობის ნიშნებმა იჩინოს თავი, მაგრამ, მეორე მხრივ, კობას მიერ ამ ნიშნების ასეთი სიმძაფრით აღქმა ვაჟის ფსიქიკის საგანგებოდ მომართულობაზე მეტყველებს _ ქალში იგი პატარა გოგონასაც ხედავს.

კობასთვის გარემოც კი როგორღაც ბავშვური გახდა. აი, რა თვალით უყურებს იგი აეროპორტის შენობას: “შუშის კედლებს მიღმა თითქოს თვითმფრინავის მომლოდინე მოწიფული ადამიანები კი არა, ბავშვები დაცუნცულებდნენ თავიანთი ბავშვური საზრუნვებით და საერთოდ, მთელი ეს ფერადი, მოფუთფუთე შუშის კოლოფიც თითქოს საბავშვო სათამაშო იყო, სათამაშო მაგიდებითა და ჩანთებით და ყველაფერი საყვარლად და ღიმილისმომგვრელად ჰგავდა ნამდვილს”.

ეს პასაჟიც იმას მიგვანიშნებს, რომ სუბიექტურად კობა თავის ბავშვობაში იმყოფება, ობიექტურ პლანში კი ამ სტრიქონებით გარემოსა და ადამიანებისადმი მისი გაუცხოებული დამოკიდებულებაა ნაჩვენები.

სოსო პაიჭაძის მოთხრობებში ძალიან ხშირად გვხვდება განუსაზღვრელი ნაცვალსახელი “რაღაც” (ზემოთ მოყვანილ ციტატებშიც რამდენჯერმე შეგვხვდა ეს სიტყვა). მისი ასეთი ხშირი გამოყენება იმითაა გამოწვეული, რომ მწერალი, როგორც წესი, ისეთ განცდებს ასახავს, რომელთაც გარკვეული სახელი არა აქვთ, ეს უფრო ხშირად არის სიამოვნება-უსიამოვნების, კმაყოფილება-უკმაყოფილების ნაზავი, რასაც ზუსტად ვერც ეს ანტინომიური გამოთქმები გამოხატავს. ერთგან, მაგალითად ასეთ რამეს ვკითხულობთ: “ის, რაც ქალს წასასვლელად ეძახდა, ოჯახი და ქმარ-შვილი კი არ იყო... არამედ ბუნდოვნად ნაცნობი და მაინც გასაგები რაღაც, რომელიც ისევე იყო დაკავშირებული ოჯახთნ, როგორც ყვავილთან მისი სურნელი ან მდინარესთან წყლის ჩხრიალი...”

დააკვირდით, რა საინტერესო, უჩვეულო და რთული შედარებებით ცდილობს მწერალი წარმოდგენა შეგვიქმნას პერსონაჟის სულში გაჩენილ მოუხელთებელ “რაღაცაზე”! სოსო პაიჭაძის მხატვრულ კონცეფციაში ეს განუსაზღვრელი ნაცვალსახელი ცნებითი კატეგორიის ხარისხშია აყვანილი. ამ აზრს ისიც განგვიმტკიცებს, რომ ერთგან მას წიწკლებშიც სვამს: “მას სულ სულ სხვა რაღაც მოსწონს შენში და შენ უნდა გეშინოდეს ამ “რაღაცის” დაკარგვისა, რომელიც თურმე ისე ყოფილა შენში, რომ არც კი იცოდი......”

ერთი სიტყვით, სოსო პაიჭაძის “რაღაც” წინააღმდეგობრივი, ამბივალენტური ფენომენია. იგი რთული, არაერთმნიშვნელოვანი, ურთიერთგამომრიცხავი და, ამავე დროს, ურთიერთგანმაპირობებელი მომენტებისაგან შემდგარ განცდათა მხატვარია. თუ ეს არ გავითვალისწინეთ, ზოგი რამ შეიძლება გაუგებარი დაგვრჩეს. ერთი შეხედვით უცნაური ჩანს, მაგალითად, კობასა და ივლიტას განშორება ისე, რომ მათ შორის არაფერი “სერიოზული” არ ხდება, თუმცა თითქოს ყველაფერი მზად იყო ამისათვის. იმ საღამოს, როცა ივლიტა შინ უნდა გამგზავრებულიყო მატარებლით, ქალ-ვაჟი, ზღვაში ერთად ბანაობის შემდეგ, გვერდიგვერდ წევს უკაცრიელ პლაჟზე. კობა დარწმუნებულია, რომ მისი ერთი სიტყვაც საკმარისია და ქალი წასვლას გადადებს. მან “გაუბედავად გასწია ხელი, გრილ მკლავზე მიეფერა, შემდეგ ტუჩებიც შეახო იდაყვს ზემოთ და გიგონა ქალის წყნარი, უნაზესი სათნოებით და მადლიერებით გამსჭვალული ხმა და უცებ, მისი სიტყვების აზრს რომ ჩასწვდა, სისხლი გაეყინა, გაოგნებული მოსცილდა და ძლივს ჰკითხა: “რა თქვი?” “როგორ მიცანი... _ გაიმეორა ქალმა, სიყვარულით გაუღიმა და სახეზე ხელი მოუსვა, _ როგორ მიცანი... ჯერ ვიფიქრე, შევცდი-მეთქი, ახლა კი მივხვდი, რომ შენც მიცანი...”

და აქ, როდესაც მოულოდნელად გაირკვა, რომ ოცი წლის წინანდელი ამბები ივლიტას გულსაც შემოუნახავს, კობამ უცებ იგრAნო, რომ “თურმე ამ ხუთი დღის განმავალობაში არც არსებობდა ქალისათვის, ივლიტა მასთან არც ყოფილა, იმ შორეულ, თორმეტი წლის ბიჭთან მიდიოდა ასეთი თავგანწირული გაბედულებით და კობა მხოლოდ იმ ბიჭისკენ მიმავალი გზა იყო და მეტი არაფერი”.

და, აი, გამოიკვეთა არაორდინარული მოტივი: ეჭვიანობა საკუთარი ბავშვობის მიმართ. მაგრამ იბადება კითხვა: როგორ დაიზუსტა კობამ, რომ ქალს მასში მამაკაცი კი არა, მხოლოდ ბავშვობისდროინდელ განცდებთან მიახლოება იზიდავდა? ალბათ, უპირველეს ყოვლისა, ქალის ბავშვურ მოფერებასა და იმ უცნაურ გაცინებაზე მიხვდა ამას, რომელიც წყალში ჩასვლისას მოესმა (ივლიტას ამ გაცინებასა და მისგან მოგვრილ ფიქრებს ვრცელი პასაჟი ეძღვნება). მაგრამ განა ეს საკმარისი იყო იმ უცნაური ეჭვების წარმოსაშობად? ან სხვანაირად: მართალია, კობამ სწორად გამოიცნო მის მიმართ ქალის დამოკიდებულების შინაარსი, მაგრამ ხომ შეეძლო თვალი დაეხუჭა ამ დამოკიდებულების გამოვლენის ფორმებზე (რაც, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ ბუნდოვანი მინიშნებები იყო და სხვა არაფერი) და თავისი გრძნობები ივლიტას მიმართ არ მოეთოკა? ცხადია, ეს არ იქნებოდა ძნელი, თუკი კობა ამას მოიწადინებდა. მაგრამ საქმე ის არის, რომ ხსენებული ეჭვიანობის გრძნობა, რომელმაც ასე გაუბზარა სული, ამავე დროს მხსნელადაც მოევლინა ვაჟს, ამ ეჭვიანობას იგი მაშველი რგოლივით ჩაეჭიდა. ამაში რომ გავერკვეთ, უნდა მოვიშველიოთ ნაწარმოების დასაწყისშივე გახმიანებული ერთი მოტივი, რომელზეც აქამდე განგებ არაფერი გვითქვამს.

მოთხრობა იმით იწყება, რომ კობა აეროპორტში ელოდება ივლიტას, რომელიც კურსების დამთავრები შემდეგ რაღაც გადაუდებელ საქმეზე თბილისში გაფრენილა და ვაჟისთვის დაუბარებია, ხვალ პირველივე რეისით დავბრუნდები, გნახავ და აქედან ღამის მატარებლით გავემგზავრები ფოთში, ოჯახშიო. კობა აეროპორტის მოსაცდელში ზის და მღელვარებით ელოდება თვითმფრინავს. და აქ ასეთ რამეს ვკითხულობთ: “...უკვე ერთადერთ საშველად გაუხმიანდა გონებაში ამდენ ხანს გაუბედავ სურვილად მოფათურე აზრი: “იქნებ არ ჩამოვიდეს!”

ეს მოტივი, კობას გაორებული დამოკიდებულება ივლიტას მიმართ ასევე აშკარად არის გამოხატული მოთხრობის ფინალში, როცა საბლოოდ ეთხოვებიან ერთმანეთს: “არ წახვიდე”, _ კინაღამ დაიყვირა კობამ, _ არ წახვიდე!”... მაგრამ ხმა არ ამოუღია, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, რადგან შეეშინდა მართლა არ დარჩენილიყო ქალი”.

აშკარაა, კობა მთელი არსებით მიილტვის ივლიტასაკენ, მაგრამ რაღაც ძალა ასევე ძლიერად განიზიდავს მისგან. მოთხრობაში ძალიან ზუსტი დეტალებითა და, როგორც თვითონ ავტორი ამბობს ერთგან, “ერთადერთი, საჭირო და შეუცნობლად ზუსტი ინტონაციით” არის დახატული ქალ-ვაჟის ამბივალენტური, წინააღმდეგობრივი, ურთიერთგამომრიცხავ განცდებზე აგებული დამოკიდებულება. ეს ლამის ყოველ ფრაზაში, ყოველ მხატვრულ სახეში იგრძნობა (რამდენიმე ნიმუში ზემოთ განვიხილეთ), მისი ანალიზის ენაზე “თარგმნა” უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია (ეს რომ ხერხდებოდეს, მაშინ ანალიზი წარმატებით შეცვლიდა თვითონ მხატვრულ ნაწარმოებს).

რა უნდა იყოს ამ წინააღმდეგობრივი გრძნობის, ამ გაორებული დამოკიდებულების საფუძველი? ზემოთ ვთქვით, რომ კობას წინაშე იმ დღეებში არ მდგარა ოჯახის მიმართ მოვალეობის ზნეობრივი პრობლემა. ახლა ეს აზრი უნდა დავაზუსტოთ: არ მდგარა მისიცნობიერების წინაშე; ცნობიერება მთლიანად მოიცვა ახლადაღორძინებულმა სიყვარულმა, მაგრამ დათრგუნული მოვალეობა “იატაკქვეშიდან”, არაცნობიერიდან თურმე მაინც მოქმედებდა და ჯიუტად აკეთებდა თავის საქმეს, მოთხრობის ბოლოს კი იგი უკვე ცნობიერების ზედაპირზე წამოტივტივდა. ახლადაღორძინებულმა სიყვარულმა და ოჯახის მიმართ მოვალეობის გრძნობამ ადგილები გაცვალეს: პირველი ნელ-ნელა უკანა პლანზე ინაცვლებს, ხოლო მეორე უკვე ნათლად იკვეთება. ეს ორივე პერსონაჟს თანაბრად ეხება. ერთ-ერთ მათგანშიც რომ დარღვეულიყო იდუმალი წონასწორობა, ალბათ სულ სხვაგვარად დამთავრდებოდა ყოველივე, ისე, როგორც ეს არაერთხელ ყოფილა ასახული მხატვრულ ლიტერატურაში. მაგრამ სოსო პაიჭაძEეს ამგვარი, მკითხველისთვის კარგად ნაცნობი მოტივები არ აინტერესებს, იგი უფრო რთულ ზნეობრივ პრობლემებს მიელტვის და მხატვრული დამაჯერებლობით წყვეტს ძნელ შემოქმედებით ამოცანებს.

......კობამ უცებ იგრძნო, “როგორ მოენატრა სახლი, ცოლ-შვილი, ვინ იცის, საჭმლის ფულიც აღარ აქვთ უკვე. რაც ჰქონდათ, თითქმის მთლად წამოიღო მივლინებაში... ხელფასს რომ აიღებს, დიდ საზამთროს იყიდის ბაზარში. გაიაფდებოდა უკვე, როგორ მოენატრა თავისი სამუშაო ოთახი......”

ასეთივეა ივლიტას ფიქრთა მდინარებაც, როცა იგი ვაგონში ადის: “...ავტობუსიც თუ დახვდა სადგურში, ადრიანად მივა შინ, ბავშვები გაღვიძებულებიც არ იქნებიან. შეიძლება ქმარი დახვდეს ამდგარი და როცა სახლში შევა, სააბაზანოდან ელექტროსაპარსის ხრიალს გაიგონებს. ამის წარმოდგენაზე ნეტარებით გაიღიმა”.

უკვე სინტაქსიც გამარტივდა, აღარც რთული შედარებები და ასოციაციები გვხვდება... კონტურები გამოიკვეთა, საგნებმა ჩვეული სახე დაიბრუნეს. მოთხრობის გმირთა ცხოვრებაში დიდი შინაგანი ჭიდილის ფასად მოპოვებული სიმშვიდის ხანა დგება. ოღონდ ეს სევდანარევი სიმშვიდეა.

1981 წ.

ბმული - http://litsakhelebi.ge/index.php?page=14&lang=geo&author=50&composition=84

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოსო პაიჭაძე   Wed Aug 21, 2013 11:19 am



სოსო პაიჭაძე

რეკომენდაცია

მიხო მოსულიშვილი, ჩემი დაკვირვებით, ამ ბოლო ხუთ-ექვს წელიწადში ლიტერატურულ სარბიელზე გამოსულ ახალგაზრდა პროზაიკოსთაგან განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. მისი მოთხრობები 1984 წლიდან იბეჭდება "ლიტერატურულ საქართველოში", "ცისკარში", "მნათობში", ახლახანს დამწყები მწერლისათვის საკმაოდ სოლიდური მოცულობის წიგნიც გამოვიდა გამომცემლობა "მერანში".
ასე რომ, თამამად შეგვიძლია მსჯელობა ახალგაზრდა პროზაიკოსის შემოქმედებით სახეზე.
ვფიქრობ, ჩვენს წინაშეა ჭეშმარიტი ნიჭით დაჯილდოებული მწერალი, რომლის მხატვრული ოსტატობაც მოთრობიდან მოთხრობამდე იზრდება, იხვეწება და მომავლის იმედებით გვავსებს. ამის თქმის უფლებას გვაძლევს მიხო მოსულიშვილის ბოლოდროინდელი მოთხრობები: "ძველი მთავრის აღსასრული" (1988 წ.). "პარიზს მიიჩქაროდნენ..." (1989 წ.), "სიკვდილი გუარამ მამფალისა" (1990 წ.). "დიდი ძუ დათვი" (1989 წ.) და სხვა, რომელთაგან ზოგიერთი რატომღაც არააა შეტანილი ახლახანს გამოცემულ კრებულში.
თუ პირველ ნაწარმოებებს, ავტორის უდავო ნიჭიერებასთან ერთად, გარკვეული გამოუცდელობა, თუ შეიძლება ითქვას, "ზედემეტი მღელვარება" და ეგზალტაციაც კი ეტყობა (რაც სრულიად ბუნებრივია დამწყები მწერლისათის და იქნებ უკეთესიც კი იყოს), ხსენებულ მოთრობებში უკვე აშკარად ჩანს დაკვირვებული, საკუთარი სათქმელისა და ხელწერის მქონე შემოქმედი, სერიოზულ ცხოვრებისეულ პრობლემებზე დაფიქრებული დინჯი შემოქმედი, გემოვნებიანი ხელოვანი, რომელსაც სამწერლო ოსტატობის თვალსაზრისით საგულისხმო წარმატებებისთვის მიუღწევია.
მშვენიერია მიხო მოსულიშვილის მოთხრობების ენა, შინაარსთან და კოლორიტთან შეხამებული, ზომიერად სტილიზებული ფრაზა, სახეობრივი აზროვნება, დაძაბული, თითქმის ნოველური სიუჟეტები, შეუნელებელი ინტერესით რომ იკითხება. აღსანიშნავია ამ მოთხრობების თემატური მრავალფეროვნება, რაც ახალგაზრდა მწერლის დიდ ღირსებად მიმაჩნია. ხოლო უცნაური ზღაპარი "ცათა ქალაქი", რომელიც იუმორის გრძნობითაა დაწერილი, ავტორის მრავალმხრივ ჟანრულ შესაძლებლობებზე მეტყველებს.
ჟურნალ "მნათობში", სადაც მე ვმუშაობ, 1988-89 წ.წ. მიხო მოსულიშვილის ორი კარგი მოთხრობა გამოქვეყნდა. ამდენად, მის ავტორს პირადადაც ვიცნობ. ის შესანიშნავი ახალგაზრდაა - ზრდილი, თავმდაბალი, განათლებული. პროფესიით გეოლოგია, რამდენადაც ვიცი, კარგი სპეციალსიტიც არის და ეს გარემოებაც, ალბათ, ხელს შეუწყობს შემოქმედებაში. ახალგაზრდა კაცი შესანიშნავი ქართული ოჯახის უფროსია - ჰყავს მეუღლე და შვილი.
მჯერა, რომ მიხო მოსულიშვილის სახით ქართულ მწერლობას კიდევ ერთი ნიჭიერი, უაღრესად საინტერესო შემოქმედი და კარგი ადამანი შეემატა.
სიამოვნებით ვაძლევ მას რეკომენდაციას, რათა მიღებულ იქნას საქართველოს მწერლათა კავშირის წევრად.

სოსო პაიჭაძე
მწერალთა კავშირის წევრი 1978 წლიდან, ბილეთის # 14820
26. 09. 1990 წ.



Last edited by Admin on Wed Dec 30, 2015 7:02 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოსო პაიჭაძე   Wed Aug 21, 2013 11:36 am

მიხო მოსულიშვილი

მწერალი ზღვის სტილით
(სოსო პაიჭაძე დღეს სამოცდაათი წლის გახდებოდა)

აიღებ სოსო პაიჭაძის წიგნს “სადაით დაეცი”, მისი სიკვდილიდან ერთი წლის შემდეგ, 1995 წელს რომ გამოვიდა, კიდევ ერთხელ კითხულობ.
თავისებური სტილი - ღონიერი წინადადებები, თითქოს რომ ანაცნაურებს საგნებსა და მოვლენებს, თან ფარავს კიდეც.
სტილი, რომელსაც გაუგონარი სიღრმეები აქვს, - ზღვას ჰგავს, ზღვას, დიადსა და ვრცელ, პირველყოფილ სტიქიას.
იქვე ჩანს გრძნობების მორევები - აციმციმებული, მარადცვალებადი, თუმცაღა წამებში გაქვავებული (და არც გაქვავებული) პერსონაჟების ცხოვრება, შენს საკუთარ გამოცდილებასაც რომ შეგახსენებს უსათუოდ.
რაღაც უცნაურ, ბოლომდე გამოუცნობ მოვლენასთან გვაქვს საქმე - სწორედ ეს ამოუხსნელი, სიტყვაში გამოუხატავი (თუ გამოხატული) ქმნის იმ თავისთავადსა და განუმეორებელ მთლიანობას, ზღვისებრ მთლიანობას, რომელიც ზღვის სიმფონიად გამახსოვრდება და ჩაგესმის მერეც.
და ამას, ამნაირ პროზას ქმნიდა მწერალი, ვინც ბათუმში დაიბადა და მთელი ცხოვრება თან გამოიყოლა იქაური ზღვა და იმისი განსაკუთრებული სურნელი, მერე ჟურნალ “მნათობის” პროზის განყოფილების გამგედ რომ მუშაობდა, სოსო პაიჭაძე, - წყნარი, ფიქრიანი, თავის თავში ჩაღრმავებული მზერით... იურა ბაქანიძის, "ბრატის" არცთუ მრავალრიცხოვან მეგობართაგან ერთ-ერთი...
იურა ბაქანიძე ტყუილად არ მიხსენებია, სწორედ ის მიმაჩნია, თუ შეიძლება ასეც ითქვას, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის დასავლეთ საქართველოს პროზის სკოლის, გინდაც "ზღვის სკოლის" ერთ-ერთი წარმომადგენელად, სოსო პაიჭასესთან ერთად...
და რა უცნაურია, რომ ეს ორი "ზღვის სკოლის" პროზაიკოსი ბედისწერითაც როგორ გამოემგვანა ერთმანეთს...
იურა ბაქანიძის არ იყოს, სოსო პაიჭაძეც ნაადრევად წავიდა ამქვეყნიდან, 1994 წლის 30 აგვისტოს გარდაიცვალა, ორმოცდათერთმეტი წლისა, და შენც რომ უკვე იმისი ტოლი ხარ, ეგებ დაიდარდო კიდეც, - რომ ეცოცხლა, რამდენ რამეს დაწერდა და მოასწრებდაო, - მაგრამ რაც დაგვიტოვა, ნაღდი, ღრმა და ტკივლიანი პროზაა, - და იმის ბოლომდე აღქმასა და დანახვას დიდი დრო დასჭირდება კიდევ...
მიქელანჯელო ანტონიონის კინოს მომაგონებს სხვაც ბევრი და, განსაკუთრებით, ერთ-ერთი იმისი დიდებული მოთხრობა “თბილი, გრძნეული წვიმა” და სწორედ ამ ნათქვამით მაქვს გადაცემული ეს წიგნი ჩვენი ერთ-ერთი ცნობილი კინორეჟისორისთვის, რომ ეგებ ამისი ფილმად გადაღება ისურვოს და როგორც ამ შემთხვევისთვის სცენარისტი, თავს არ დავზოგავდი - თუ ინდომებდა, რასაკვირველია...

21. 08. 2013

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: სოსო პაიჭაძე   Today at 1:39 pm

Back to top Go down
 
სოსო პაიჭაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: