არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნატა ღეჩუაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ნატა ღეჩუაშვილი



Female
Number of posts : 1
Age : 53
Location : tianeti
Job/hobbies : tatishvilis samedicino centri/poezia, musika
Humor : kargi
Registration date : 09.07.13

PostSubject: ნატა ღეჩუაშვილი   Tue Jul 09, 2013 3:33 pm



ნატა ღეჩუაშვილი

მირზა გელოვანს

ჩვენ დროში ავცდით, მე რომ გავჩნდი-
თქვენ არ იყავით ...
უფრო და უფრო დანგრეული დამხვდა
ცხრაკარა..
თუმც მპირდებოდით–ჩემი თმები დაგაბრუნებენ–
თქვენ არ დაბრუნდით..
მე დავეწაფე თქვენი ლექსის ულევ წყაროს,
გრილს და ანკარას!
ჩვენ დროში ავცდით, თითქმის ერთი
გრძელი ცხოვრებით,
მე რომ მოვედი, დამხვდნენ მხოლოდ
ნატყვიარი თქვენი ლექსები,
მე გავიზარდე თქვენს რითმებზე, დავქალდი და
კვლავ მაინც ველი, როცა იქნება
ზეცის ქორწილის სუფრის თავში
მაინც შევხვდებით!

ჩვენ დროში ავცდით, სიყვარული არ შეგვხებია,
ნუ გაიკვირვებთ,
ეს სჩვევია მრავალ ხელოვანს-
ცალმხრივ სიყვარულს შემოგბედავთ
ჩემი ლექსებით_
მე თქვენ მიყვარდით ბავშვობიდან,

მე თქვენ მიყვარდით-




ბმული --
* https://www.facebook.com/nata.gechuashvili

* https://www.youtube.com/watch?v=x06IAy4Q15o

* https://www.youtube.com/watch?v=hPh_Bh3FGfc



Arrow


Last edited by Admin on Sun Aug 17, 2014 9:15 am; edited 9 times in total (Reason for editing : შეცდომა)
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Tue Jul 09, 2013 5:19 pm

ნატა ღეჩუაშვილი

თიანეთის პატარძლები

ჩემს თიანეთში ხეები,
ყვავილად აფეთქებულან,
უმანკოები, თეთრები,
ვნებებით გადარეულან!
აფეთქებულან ხეები,
როგორც ღრუბლები წვებიან,
და ალუბლების ტოტები
ჯვრისწერას ელოდებიან...
ჩემს თიანეთში ხეები,
გაგიჟებულან ვნებებით,
გადაუკვრიათ ფატები
პირველი პატარძლებივით!..
ჩემს თიანეთში ხეები,
ღრუბლებად გადაქცეულან!..

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Sat Aug 16, 2014 12:50 pm

ნატა ღეჩუაშვილი

ისე მიყვარხარ!...
(ვუძღვნი ყველა შეყვარებულს)

ისე მიყვარხარ, რომ მაჟრიალებს,
თითქოს იანვრის მკაცრია სუსხი,
თითქოს დაგკარგე, როგორც სიზმარში,
და გათენებას კანკალით ვუცდი...
ისე მიყვარხარ,რომ მათენდება,
თითქოს სულაც არ დაღამებულა,
არ ამოსულა სისხლსავსე მთვარე––
ჩემს სარკმელს სულ არ დახამებულა...
ისე მიყვარხარ, რომ მავიწყდება,
სად ვარ, რატომ ვარ, წლის ვარ რამდენის,
მგონია სადღაც რომანში ვცხოვრობ
და სისულელის მზად ვარ ჩადენის...
ისე მიყვარხარ, რომ ვიჩხვლიტები,
როგორც მოჭრილი უწყალოდ ვარდი,
მე რა ვიცოდი,რომ შენც ჩემსავით
მოჭრილი ხარ და ჩემთან დავარდი...
და აქ, სიცოცხლის დასალიერში
ჩვენ დავუყვებით ბოლო დაღმართებს...
ჩვენ ვიოცნებებთ მხოლოდ კარგზე
და სულ არ ვიფიქრებთ ბოლო სამანზე...
ისე მიყვარხარ, რომ მაჟრიალებს,
თითქოს იანვრის მკაცრია სუსხი,
თითქოს დაგკარგე, როგორც სიზმარში,
და გათენებას კანკალით ვუცდი...

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Sat Aug 16, 2014 12:58 pm



ნატა ღეჩუაშვილი

ჩემზე ამბობდი...

ჩემზე ამბობდი, ბრბოში გარჩევო
ფერით თვალების,
ჩემზე ფიქრობდი,
ქალღმერთიაო ყველა ქალების,
და შორ ოცნებებს კოცნა–კოცნით
სულში მაწნავდი,
სულ სხვა იყავ
და ქვეყნად არვის,
არვის არ გავდი!
მე ახლაც ვამჩნევ მრავალ მხრებში
შენს მხრებს ადლიანს
და შენს შმაგ ტუჩებს,
ნუ მახსენებ კოცნას მადლიანს,
სულ ერთის წამით გულს აკაწრავს
პატარა ეჭვი, აიკინძება
მტანჯველ ფიქრთა უგძესი ძეწკვი––
შენი მზერა და დაიშლება
სულ ყველა ჯაჭვი,
ჩემს წინ იშლება, იფანტება
მალული კარტი...
მჯერა, რომ ყველგან გამომარჩევ
ფერით თვალების,
ვგრძნობ,ქალმერთი ვარ
ქვეყანაზე
ყველა ქალების!...

Smile


Last edited by Admin on Sun Aug 17, 2014 9:57 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Sat Aug 16, 2014 1:03 pm



ნატა ღეჩუაშვილი

მე კვლავ დაგტოვე

მე კვლავ დაგტოვე, როგორც ტოვებენ
შემოდგომაზე ხეებს ფოთლები,
იციან, მაინც დაბრუნდებიან
გაზაფხულობით, განმეორებით...
წავედი, რადგან დარჩენა მსურდა,
და თუ არ წავალ, როგორ დავბრუნდე?
თუ არ დავიწვი ფრთები ალებით,
პეპელასავით როგორ გავბრუვდე?
მე წავალ, შენ კი ნუ გეშინია,
ჩემო სინაზევ და ჩემო სისხლო,
ერთი იცოდე – წავალ ათასჯერ,
იმისთვის, რათა ათასჯერ მიხმო...

Smile


Last edited by Admin on Sun Aug 17, 2014 9:19 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Sat Aug 16, 2014 1:12 pm

ნატა ღეჩუაშვილი

ვერ დაგპირდები!!!

ვერ დაგპირდები,
რომ შეგინახავ ამ საიდუმლოს,
სულ ყველას ვეტყვი–
როგორ გიყვარვარ,
როგორ ვეღარ ძლებ,
რა საშინლად გიჭირს უჩემოდ,
სულ ყველას ვეტყვი–
როგორ გტკივა,
როგორ ის არ ხარ,
სულ ყოველთვის ვინც რომ იყავი!...
ვერ დაგპირდები,
რომ შევინახავ ამ საიდუმლოს,
სულ ყველას ვეტყვი–
როგორ მიყვარხარ,
როგორ ვეღარ ვძლებ,
რა საშინლად მიჭირს უშენოდ.
სულ ყველას ვეტყვი–
როგორ მტკივა,
როგორ ის არ ვარ,
სულ ყოველთვის ვინც რომ ვიყავი!...
ვერ დაგპირდები,
რომ შევინახავ ამ საიდუმლოს,
თუნდაც ლაშარის გორზე ზვავმა
უცებ იხუვლოს,
სულ ყველას ვეტყვი,
ყველას ვანდობ,
ამ საიდუმლოს––
ვერ დაგპირდები...
ის აღარ ვარ, ვინც რომ ვიყავი!..

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Sat Aug 16, 2014 1:18 pm

სალომე გველესიანი


როგორ მოახდენს გვანცა დარასელია დედის შოუ-ბიზნესში „რეინკარნაციას”


ლამაზი, ხალისიანი, ჭკვიანი გვანცა დარასელია შეუძლებელია, ისეთი დედის შვილი არ ყოფილიყო, როგორიც ქალბატონი ნატა ღეჩუაშვილია. მართალია, ერთმანეთს არ ჰგვანან, მაგრამ ორივეს განსხვავებული, საინტერესო გარეგნობა აქვს. დედა მღერის, ლექსებს წერს, მის ლექსებზე სიმღერები იქმნებოდა, თუმცა დღეს ცნობილი კლინიკის ცნობილი ექოსკოპისტია.

– მიამბე შენს დედიკოზე, რომელსაც როგორც აღმოჩნდა, საოცრად დატვირთული და საინტერესო ბიოგრაფია ჰქონია.

გვანცა დარასელია: ასე ვინახავდი ჩემს დედიკოს სიურპრიზად (იცინიან). ჩვენი თაობის ადამიანებისთვის ნაკლებად ცნობილია, მაგრამ დედაჩემის თაობაში თითქმის ყველა იცნობს, განსაკუთრებით ისინი, ვინც სტუდენტურ ცხოვრებაში იყო აქტიურად ჩართული. იმ პერიოდში დედა ძალიან პოპულარული გახლდათ, კლიპებიც კი ტრიალებდა მისი. ხშირად მონაწილეობდა კონცერტებში, საღამოებში, დატვირთული და სავსე ცხოვრება ჰქონდა. ახლა, სხვათა შორის, როცა იგებენ ვისი შვილი ვარ, ჯერ ძალიან უკვირთ და მერე ვერ წარმოუდგენიათ, რომ შეიძლება, მას ამხელა შვილები ჰყავდეს.

– რატომ უკვირთ?

ნატა ღეჩუაშვილი: არ ვგავართ ერთმანეთს. გვანცა უფრო მამის მხარესაა, მე კი უფროსი ბიჭი მგავს.

გვანცა: ამიტომ, ბევრისთვის ეს სიურპრიზია. მერე ახსენდებათ – ა, ეს ის ნატა არ არის, სტუდენტობის დროს ხშირად რომ მღეროდა, საღამოებს აწყობდაო?!

ნატა: თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი დავამთავრე. ტატიშვილის სამედიცინო ცენტრში წამყვანი ექოსკოპისტი ვარ. იყო ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, როცა არჩევნის წინაშე მომიწია დადგომა – საით წავსულიყავი, დავრჩენილიყავი სცენაზე თუ გამეგრძელებინა ექიმის კარიერა. ამ არჩევანს ის წლები დაემთხვა, როცა შოუ-ბიზნესი კი არა, საერთოდ არაფერი იყო, შუქის მოსვლა გვიხაროდა. მართალია, იმ დროს ხშირად მქონდა საღამოები, კონცერტები, მაგრამ პერსპექტივა არ ჩანდა.

– ვიცი, რომ საავტორო სიმღერებს მღერით.

– კი, საავტორო სიმღერები მაქვს, რომელთა შემსრულებელი მეც ვარ და კიდევ – ძალიან ბევრი ცნობილი მომღერალი. სამედიცინოში სწავლის პერიოდში სულ სცენაზე ვიდექი.

გვანცა: სხვათა შორის, სამედიცინოზე ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი სწავლობდა, მრავალმხრივ ნიჭიერი.

ნატა: მაშინ ეს პროფესია მოდაში იყო და რისი ნიჭიც არ უნდა ჰქონოდა ადამიანს მაინც სამედიცინოზე აბარებდა. კონცერტებს რომ ვატარებთ ხოლმე – „ექიმები ხუმრობენ”, იქ შეგიძლიათ, ნახოთ რა დონის ხალხი გამოდის, როგორი გემოვნება აქვთ.

– თუმცა, ისინი თავის ძირითად პროფესიას თავს ანებებენ, ოთარ ტატიშვილს თუ არ ჩავთვლით.

– ოთარი სულ რამდენიმე თვეა, რაც ტომოგრაფიაზე აღარ მუშაობს. აქამდე სულ პრაქტიკოსი ექიმი იყო. ახალ სერიალში, „მეზობლები”, მთავარი გმირიც ექიმია – კეპულაძე, იცით, ალბათ, ჯონი, ჯანაშია, რომელიც ჩვენი კონცერტების ორგანიზატორია, ლაშა ღლონტი და კიდევ ბევრი სხვა.



– ანუ, სცენაზე უარი თქვით.

– კი. იყო პერიოდი, როცა კონცერტებს ვატარებდით და ამაში საკმაოდ ნორმალური ანაზღაურებაც გვქონდა. მაგრამ მერე უკვე კონცერტები კი არა, შუქი და გაზიც აღარ იყო, კონცერტს ვინ ჩიოდა. თან, ამ პერიოდს დაემთხვა, რომ სრულიად შემთხვევით, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა. მაშინ ეს საქართველოში სრულიად ახალი სიტყვა იყო და შესაბამისად, სპეციალისტების დეფიციტი იყო. სრულიად შემთხვევით მოვხვდი ამ ტალღაში და უკვე თხუთმეტი წელია, ამ საქმით ვარ დაკავებული.

– ასეთი ბუნების ადამიანები, შემოქმედები ვერ თმობენ ხოლმე სცენას მეცნიერული სამუშაოს გამო.

– მართლა ძალიან მწყდება გული ბევრ რამეზე. ისეთი დაკავებული ვარ, დილიდან გვიან საღამომდე სამსახურში ვარ და ვერ ვახერხებ, ამ მიმართულებითაც გავაკეთო რაღაც. გვანცას სულ ვეხვეწები, შენ დამეხმარე-მეთქი და მაინცდამაინც დიდ ინიციატივას არ იჩენს.

გვანცა: დახმარებაში გეტყვი, რა იგულისხმება. წლების წინ ჩავწერეთ დედას სიმღერა, რომლის განახლებაცაა საჭირო და ამ სიმღერით მოხდება დედას რეინკარნაცია ქართულ შოუ-ბიზნესში (იცინიან). ძალიან დიდი ნოსტალგია აქვს და მესმის ეს. იმ პერიოდის ნაცნობები რომ ხვდებიან, სულ სთხოვენ, რამე დაგვიწერე, რაღაც გავაკეთოთ ერთადო.

ნატა: გიორგი ცაბაძეს აქვს ორი სიმღერა დაწერილი ჩემს ლექსზე. ბატონმა გიორგიმ სულ შემთხვევით წაიკითხა ჩემი ლექსები ერთ-ერთ ჟურნალში და სიმღერაში გამოიყენა.

გვანცა: ოღონდ არ ჰკითხო, რომელ ჟურნალში და რომელ წელსო. ძალიან დიდი ხნის წინ იყო. (იცინიან).

ნატა: სტუდენტი ვიყავი მაშინ და ჩემი ლექსები პირველად ჟურნალ „დროშაში” დაიბეჭდა. ამ სიმღერებს, სხვათა შორის, ბატონი გიორგი თვითონ ასრულებდა. ერთხელაც მეგობარი მირეკავს და მეუბნება, მგონი, შენს ლექსზე იმღერა ცაბაძემ სიმღერაო. რა თქმა უნდა, არ დავიჯერე. მეორე დილით სპეციალურად დავრჩი სახლში, „მოამბე” დილით მეორდებოდა და ვუყურე, როგორ მღეროდა ის ჩემს ლექსზე. მერე დავურეკე, ვისაუბრეთ, კონცერტზე დამპატიჟა. კონცერტის დროს სცენაზე ამიყვანა, გამომაცხადა, როგორც თანაავტორი და ვიყავი უბედნიერესი. ამის შემდეგ ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. ახალ სიმღერაზე დავიწყეთ მუშაობა და ამ დროს გარდაიცვალა.

– ბევრს აქვს თქვენი სიმღერები ნამღერი?

– კი, ძალიან ბევრს – გია მაჭარაშვილს, ეკა კვალიაშვილს, ია ჩანტლაძეს, მამუკა ონაშვილს... იმ პერიოდში თუკი ვინმე მღეროდა, ყველას ჰქონდა ერთი სიმღერა.

– გვანცა, შენ ძალიან სასიამოვნო გარემოში გაზრდილხარ.

გვანცა: ის, რომ დედა შემოქმედია, ძალიან დამეხმარა იმაში, რომ ჩემი ნიჭი – ხმამაღლა ნათქვამია, პოტენციალი მაქსიმალურად გამომევლინა. იგივე, წერის თვალსაზრისით. ბავშვობიდანვე რომ განმესაზღვრა დედა, ბებია, მამიდა ექიმები არიან და მეც ექიმი უნდა გავხდე-მეთქი შეიძლება, არც დღიურებისა და ჩანახატების წერა დამეწყო. დედა ყოველთვის იყო ჩემი გულშემატკივარი, სულ მიჩენდა მუხტს.

ნატა: ყველა დედა შვილში რაღაც პოტენციალს ხედავს. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჟურნალისტი იქნებოდა. ოთხი წლის იყო, კითხვა რომ ისწავლა და გაზეთების წაკითხვა დაიწყო. „კომუნისტს” და რაღაც ეგეთ გაზეთებს კითხულობდა.

გვანცა: სტუმრები რომ მოდიოდნენ, დატანჯული ვიყავი, სულ გაზეთებს მაკითხებდნენ (იცინიან).

ნატა: ნომერი ჰქონდა, ვიღაც რომ მოდიოდა, აუცილებლად უნდა წაეკითხა გაზეთი. ერთხელ, ძალიან სასაცილო იყო, სტუმრები გვყავდა და რატომღაც, არავის გაახსენდა, მისთვის გაზეთის წაკითხვა ეთხოვა. გვანცა კი თურმე გამზადებული, გაზეთით ხელში ზის და ელოდება როდის მოვა მისი დრო. რეფლექსურად, სულ მზად იყო (იცინიან). მეცხრე კლასის შემდეგ ზურა ოშხნელის სატელევიზიო სკოლაში შევიყვანე, ძალიან საჭირო განათლება მიიღო. მერე „დუბლიორში” ვთხოვე, წასულიყო. დილით სკოლაში იყო ან ეძინა და ეს პროექტი არ ჰქონდა ნანახი. ერთ დღესაც გავაცდენინე სკოლა და ვაყურებინე. თუმცა, დიდი აღფრთოვანება არ გამოუხატავს.

გვანცა: ბევრ რამეში დამეხმარა ის, რომ დედა გაცილებით თამამია გადაწყვეტილებებში ვიდრე მე. ამიტომ მეც სულ თავისკენ მექაჩებოდა, ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთო. უფრო ინიციატივიანია.

ნატა: სულ ვეჭიდავები. თავიდან განსაკუთრებით. ახლა გამექცა და რაღაც-რაღაცეები ვერ მოვასწარი. მაგალითად, მართვის მოწმობა არ აქვს, თავს ვერ აბამს. არადა, ჩემს ხელში უკვე ორი ექნებოდა. „მის საქართველოზე“ სულ ძალით გავიყვანე, მართლა ძალიან ვეცადე. ჩემმა ქმარმა რომ გაიგო, გვანცა უკვე ფინალში იყო გასული. სულ ხუმრობდა, ისე უნდა გვანცა „მის საქართველოზე” გავიდეს, რომ მის მაგივრად გავაო (იცინიან).

– ანუ, მაინც უჯერებ თუ ნებდები?

– არა, ხშირად ჯიუტობს, ყოველთვის არ გამომდის. ასეთი დამყოლიც არ არის.

გვანცა: ძალიან მაგარი ინტუიცია აქვს და ეს სულ მახსოვს. „მის საქართველოზე” გასვლა აზრადაც არ მომივიდოდა. გულახდილად ვამბობდი, რომ ეს იყო გოიმობა, მაგრამ მერე გავედი და აზრი შემეცვალა.

– თქვენი ოცნებების განხორციელებას გვანცაში ხომ არ ახდენთ?

ნატა: ალბათ. როდესაც რაღაცას ვეუბნები, მიტრიალდება და მპასუხობს – დედა, მე ნატა არ ვარ, მე მე ვარ! ბევრი რაღაც, რაზეც მიფიქრია, მიოცნებია, მინდა, გვანცამ მაინც განახორციელოს. ტელევიზიაშიც მქონდა რაღაც მომენტები, „ალიონში” რუბრიკის წამყვანობაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ იმის გამო, რომ სამსახური და შვილები მყავდა, ეს ვერ შევძელი. მიხარია, რომ ჩემი ოცნებების რეალიზება, მან მოახდინა. კიდევ ბევრი რაღაც მინდოდა თუ მინდა კიდევ.

– შენ რა გერჩივნა, დედა სცენაზე თუ იმ საქმეში, რასაც ახლა აკეთებს?

გვანცა: ახლა რომ ვფიქრობ, დედა მირჩევნია და მომწონს იმ საქმეში, რომელშიც დღეს ძალიან წარმატებულია.

ნატა: სადაც ხარ, იქ უნდა იყო ძალიან მაგარი... სულ რაღაცას ვფიქრობ, გეგმები მაქვს, რაღაცეების გაკეთება მინდა. ხან ვიღაც თხოვდება, ოჯახში ძალიან დიდი მოვლენები ხდება, მაგრამ ერთ პატარა საღამოს, აუცილებლად გავაკეთებ. ექიმების კონცერტები რომ ტარდება ხოლმე, გიჟივით გავრბივარ. მგონია, სტუდენტობა ბრუნდება და ისევ იქ ვართ, საიდანაც დავიწყეთ.

– გვანცა როგორი გოგო იყო, ხომ არ გაწვალებდათ?

– არა. ეს დაბადებიდან ანგელოზი იყო. ვერც გაიგებდი, სახლში თუ იყო. აქეთ დაგაწყნარებდა თუ ავად გახდებოდა – დედა, არ ინერვიულო, ახლავე დამიწევს სიცხეო. ერთხელ თერმომეტრი უდევს და ვუთხარი, ახლა რომ კიდევ ორმოცი გქონდეს სიცხე, გავგიჟდები-მეთქი, ცოტა ხანში მაწვდის თერთმომეტრს და მეუბნება, არ გაგიჟდე, გთხოვო. არ ყოფილა შემთხვევა, სადმე გაფრთხილების გარეშე წასულიყო და რამე არ გვცოდნოდა. ერთადერთი, ბუნებრივია, გათხოვებაზე ვინერვიულეთ, ისიც სანამ ვახოს გავიცნობდით.

– მოკლედ, ერთი საღამო გვანცაზეა, რომელსაც თვითონვე გააშუქებს.

გვანცა: აუცილებლად გავაკეთებთ.



2011-05-31


ბმული -
* http://www.tbiliselebi.ge/?mas_id=9807&jurn_id=19&rubr_id=4

* https://www.youtube.com/watch?v=KjpVT_iGZPA

* https://www.youtube.com/watch?v=7TXFBIjswOE

* https://www.youtube.com/watch?v=6INlndkModo
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Mon Aug 18, 2014 1:48 pm

ნატა ღეჩუაშვილი


მე შევიცვლები


მე შენი არ ვარ,
და არასოდეს არავისი აღარ ვიქნები,
საწამლავს დავლევ განშორების
და შევიცვლები...
მე შენი არ ვარ,
მე წავედი და დავტოვე ცივი სამოთხე,
და არასოდეს დავბრუნდები,
მოხდეს–არ მოხდეს...
მე შენი არ ვარ,
აღარ მითხრა ტკბილი ტყუილი,
მე მირჩევნია სიმართლის ტყე–
მგლების ყმუილი,
მე არც ჩემი ვარ,
და საერთოდ ვინ ვარ, არ ვიცი...
ბევრი ვარსკვლავი მეგონა
და შევცდი, რომ მივწვდი...
მე შენი არ ვარ,
არ გეგონოს რამეს ვიღონებ...
არავის, არსად, აღარასდროს
გამოვიგონებ!
და სიმარტოვე, როგორც დასჯა
და ეშაფოტი...
მე შენი არ ვარ,
წყალს მივყვები,
როგორც ნაფოტი...



04.01.2014
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Tue Aug 19, 2014 2:58 pm

ნატა ღეჩუაშვილი


გვირილა

შენზე ვუამბე გაზაფხულს,
გრძნობა ვასინჯე ცისკარს,
ამ ქარსაც გამოვკითხე და
სიტყვა ვაწიე იმ ქარს.
ბოლოს მივაგენ გვირილას
ათასფურცელა მთის ქალს,
სულ ფურცელ-ფურცელ ვამისნე:
მიყვარს? არ მიყვარს! მიყვარს!
არ დამიმალა გვირილამ:
გიყვარს, ძალიან, გიყვარს!


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Tue Aug 19, 2014 3:00 pm

ნატა ღეჩუაშვილი


რა გავაკეთო?

თუ ისე ძლიერ აღარ მყოფნი,
რომ სუნთქვა მიჭირს––
რა გავაკეთო?
როგორ ჩავრაზო სიფაქიზე–
როგორ ჩავკეტო?
თუ გადავიწვი,თუ დამტოვე
ბედო––თავხედო...
თუ დამამთავრე,
თუ დამწყევლე,
გრძნობები რომ ვეღარ
გავხედნო...
რომ ჩემი დარდის ლოგინებიც
ვერ გავამზევრო...
თუ ისე ძლიერ დამავიწყდი––
განსხეულება
რომ ვერ გავბედო...
ორივემ ვუწყით, რომ ვიქნები
სევდის საბედო...
ერთს გეხვეწები––
უშენობით უჰაერობა
არ დამაბედო,
მე ისე ძლიერ აღარ მყოფნი,
რომ სუნთქვა მიჭირს––
რ ა
გ ა ვ ა კ ე თ ო?


Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Tue Aug 19, 2014 3:02 pm

ნატა ღეჩუაშვილი

ერთი და იგივე

ერთი და იგივე,
ერთი და იგივე,
თუ გინდა იტირე,
თუ გინდა იღიმე,
არავინ არ მოვა,
რაც გინდა ისიზმრე,
დარჩება სითეთრედ
ერთი და იგივე...
რაც გინდა იშოვე,,
რაც გინდა იმწირე,
ისევ იქ იქნება...
ერთი და იგივე...
არსებობს სიმართლე,
არსებობს სიმძიმე,
ვერავინ ვერ უძლებს,
რაც გინდა იმძიმე...
ერთი და იგივე,
ერთი და იგივე...
რაც გინდა იგანე,
რაც გინდა იგრძივე,
ვერ გადაურჩები––
იგივე,იგივე...
თუ გინდა საღამოს
ხალიჩით იფრინე,
თუ გინდა სისხამზე
მამალად იყივლე,
მაინც სულერთია–
იგივე, იგივე...
თუ გინდა იფხიზლე,
თუ გინდა იძინე,
ვერავინ ვერ დათვლის
ღრუბლების ფითილებს,
და დედამიწაზე
დადგება მყისივე
ერთი და იგივე...
ერთი და იგივე...
ამბობენ, ძნელია
იმქვეყნად სიცივე,
და აქ კი რა არის?–
ერთი და იგივე..
და ყველა მოკვდავი
ამ კითხვას იცილებს–
აქ რისთვის მოხვედი?
იცი და არც იცი–
ეს კარგად იცი შენ!
და რისთვის მოვედით,
და რა გზას დავიგებთ,
ვიცით და არ ვიცით–
იგივე, იგივე...
და ერთი რაც არის,
ერთმანეთს ვიფიცებთ...
ესეც მერამდენეთ...
ერთი და იგივე...
იქნება ეს არის
სათქმელი მისივე,
შენივე, ჩემივე,
მისივე, სხვისივე...
ყველა მე განვკუნე,
ყველა მე მივიღე...
იქნება არ ღირდეს
წუწუნი ძირშივე...
იქნება ეს არის
სიცოცხლის სიფხიზლე...
ერთი და იგივე,
ერთი და იგივე...
და ბედნიერებაც
იქნება ჩემშია,
იქნება შენშია,
იფიქრე, იფიქრე...
და მაინც ძნელია
ყოველდღე იწვნიო–
ერთი და იგივე,
ერთი და იგივე!



Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Tue Aug 19, 2014 3:03 pm

ნატა ღეჩუაშვილი


როდესაც ვმღერი


როდესაც ვმღერი, ბანს მაძლევს გრემი,
როდესაც ვმღერი, გუგუნებს მთები,
როდესაც ვმღერი, სულდგმულობს ფერი,
მეორედ ვცოცხლობ, როდესაც ვმღერი...
როდესაც ვმღერი, თოვლია მტვერიც,
როდესაც ვმღერი, გრძნობებით
ვთვრები,
ჩემია ყველა,
სიცოცხლე მთელი.
...არ დაიჯეროთ სიტყვები ჩემი,
მხოლოდ შენ გელი, როდესაც ვმღერი...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Tue Aug 19, 2014 3:05 pm

ნატა ღეჩუაშვილი


პასუხი კონსტანტინეს


ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები,
სხვისი ცოლი ვარ კვლავ,
ისევ შორიდან მელაციცები
ისევ შორიდან გკლავ...
ო, რა ტყუილად დაგიქადნია-
მე მოვუკლავო ქმარს,
შენი სიფიცხე, შენი მუქარა
გაჰყვა შარშანდელ ქარს..
ისევ სხვისი ვარ, ჩემი თითები
სხვისთვის გაიშლის თმას,
სხვის წისქვილს ვასხავ ცრემლიან პეშვებს,
სხვისი საფქვავით ვფქვავ...
მაინც ზღვისფერი დამაქვს თვალები
ვისაც რა უნდა თქვას!...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Tue Aug 19, 2014 3:06 pm

ნატა ღეჩუაშვილი


მალე შემოდგომა მოვა


მალე შემოდგომა მოვა,
ჯანღი შემოწვება გულში
ისევ მენატრები, ისევ
როგორაც მწყუროდი გუშინ,
ისევ დაფეთდება ზეცა
ღვინო აქაფდება ჭურში,
მალე ფოთოლცვენა მოვა
შემოიძარცვება ნუშიც...
ფერთა რემა რიალს ასტეხს
ყვითლად აცეკვდება რუში,
ვაზი დაიმძიმებს ჭიგოს,
ცხვარსაც წაუძღვება თუში,
მალე ფოთოლცვენა მოვა,
ჯანღი შემოწვება გულში,
მე კი... მენატრები ისევ,
როგორაც მწყუროდი გუშინ...

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ნატა ღეჩუაშვილი   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
ნატა ღეჩუაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: