არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 ადამ ბობღიაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:33 pm

ადამ ალვანელმა (ბობღიაშვილმა) მეორე მსოფლიო ომისას ჩამოაყალიბა პოლიტიკური ორგანიზაცია "სამანი" (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები)და მათი მიზანი იყო საქართველო არ ჩარეულიყო ომში. სურდათ საბჭოთა სისტემა დაენგრიათ და აღედგინათ საქართველოს დამოუკიდებლობა. 1942 წელს 17 ოქტომბერს ამ ორგანიზაციის 17 ქართველი ახალგაზრდა დახრიტეს, მათ შორის 12 უნივერსიტეტის ასპირანტი და ერთიც სტუდენტი.
ადამ ბობღიაშვილი ხელიდან გაუსხლტათ(ისიც ასპირანტი იყო), მაგრამ მთაში ღალატის მსხვერპლი აღმოჩნდა, გასცეს მისი ადგილსამყოფელი და თუშეთში რამოდენიმე თუშ თანამებრძოლთან ერთად მოკლეს 1943 წელს. შემდეგ თავები დააჭრეს და თან წაიღეს. ადამის ნაწერების ნაწილიც გაუნადგურებიათ.

***
დააგვიანა მეტეხიდან მთვარემ ამოსვლა,
სივრცე ოქროსფერ შადრევნებით ვეღარ დათოვა,
ცას გადაეკრა შავი ნისლი ამ საღამოსაც
ამ საღამოსაც დემონივით ისევ მარტო ვარ.
ჩემი ნაბიჯი წინაპართა ბილიკებს ასცდა
და დავემსგავსე უდაბნოში მავალ მათხოვარს,
ადრე ჩამიქრა ჭაბუკურად მღელვარე განცდა,
ქრიან დღეები და მე მაინც ისევ მარტო ვარ.
ბევრი დაადნა სანთელივით თბილისის ქუჩებს,
ბევრმა მათგანმა ვაჟკაცური კვალი დატოვა,
მე კი გავქრები სამზეოდან ჩრდილივით უცებ,
რადგან სიცოცხლის მიწურულშიც ისევ მარტო ვარ.
რად მინდა ლექსი ჟამთა ქროლვას თუ ვერ გადვურჩი,
თუ არ მიმიღებს მომავალი, როგორც სახსოვარს,
ცა დამეღრუბლა ცას სადარო პირი არ უჩანს
და ამ საღამოს სიჩუმეშიც ისევ მარტო ვარ.

***
დგას ტყე უღრანი, სურნელებით პირამდე სავსე,
მზის სიმხურვალე მოხეთქილა ციდან ზვარებად,
და ვხედავ ახლა, ამ ცხოვრების უდაბურ გზაზე
ოცდამეათე გაზაფხულის შემოღამებას.
სისხლდაშრეტილი ვაჟკაცობის ბჭესთან მოვედი,
გავყურებ უკან გადაქროლილ დღეთა ქარავანს
იქ შემოდგომის სუსხდაკრული მოსჩანს ყოველი,
მაგრამ ჯერ კიდევ დაღუპული მაინც არა ვარ.
ვისაც ეწადა მზე ხმელეთზე ჩამოეტანა,
ვისაც სურვილი აუყვავდა ია-ვარდებად,
ვინც ბრძოლის ჟინით შეაჯერა ცა და ქვეყანა,
იმას სიცოცხლე თავგანწირვით შეუყვარდება.
მე კი დავეცი უდროობით მხარდასეტყვილი,
თუმცა მრავალჯერ საკუთარ გულს მკაცრად შევები,
დავკარგე რწმენა, გაზაფხულმაც მოისხა ჩრდილი
და კვლავ უაზრო გატაცებით ქრიან დრეები.
ქრიან დრეები, მზიანიც კი არ მახსოვს ერთიც,
ბედთან ბრძოლაში ოცდაათი წელი გავიდა,
რა იქნებოდა რა სიძუნწე რა ჯოჯოხეთი,
ჩემი ცხოვრება, რომ დამეწყო ისევ თავიდან.

1942 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:39 pm

"ერთ ასაკიან თუშს მოვაყოლინე სამანელების მიმართ ღალატის და დახოცვის დეტალები და გავოცდი.
თუ არ ვცდები 4 სახის შეიარაღებული დაჯგუფება ასულა მაშინ თუშეთში და ცენტრალური შტაბი სოფელ ბოჭორნაში ქონიათ. მთელ ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა ვინმე კვაშალი. სეხელმწიფოს ეს 4 სხვადასხვა დაჯგუფება თუშეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე იყვნენ განლაგებული და პირველი მუშაობა ზუსტად მოღალატეებთან გადმობირებაზე გასწიეს. ამ საკითხზე დაინტერესებული ვიყავი, მოვიძიე, გავიცანი და დეტალებით მოვაყოლინე ოპერაციის უშუალო მონაწილესა და შეიძლება ითქვას მოთავე ერთ-ერთ მოხუც თუშს. როგორც ეჭვი იყო სამანელების ნაწერები დარჩენილი უნდა ყოფილიყო სოფელ დოჭუში, ერთ-ერთი კოშკის სამალავში".


"მე მამისეულ ბილიკებს ავცდი,
სამშობლოს როგორ დავემდურები"

ადამ ბობღიაშვილი


ვიკიპედიიდან:
„სამანი“ (საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტები), იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია მეორე მსოფლიო ომის დროინდელ საბჭოთა საქართველოში, რომელიც მიზნად ისახავდა საბჭოთა რეჟიმის დამხობას შეიარაღებული აჯანყების გზით და საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

„სამანი“ 1942 წ. შექმნეს ახალგაზრდა და ნიჭიერმა წოვა-თუშმა პოეტმა ადამ ბობღიაშვილმა (ალვანელი) და მისმა მეგობარმა მიხეილ იმედიძემ მას შემდეგ, რაც გაიცა წინამორბედი ფარული ორგანიზაცია, რომელსაც მათი პედაგოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მიხეილ ზანდუკელი თავკაცობდა. 1941 წ. სექტემბერში ზანდუკელი და მისი თანამოაზრე 17 ასპირანტი თბილისში დააპატიმრეს. 1942 წ. შემოდგომაზე რეპრესიებს გადარჩენილმა „სამანელებმა“ თბილისიდან თავი დააღწიეს და კახეთს, 1942 წ. ადრიან გაზაფხულზე კი თუშეთს შეეხიზნენ. მათი მიზანი იყო თუშეთის ტერიტორიაზე მომხრეების შემოკრება და ჩეჩნეთის მთიანეთში მოქმედ ანტი-საბჭოთა მეამბოხეებთან კავშირის დამყარება. მთავრობამ მთა-თუშეთში გამაგრებული „სამანელების“ წინააღმდეგ რამდენიმე ასეული გაგზავნა თელავის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის უფროსის, გამოცდილი ჩეკისტის ალიოშა კვაშალის მეთაურობით. კვაშალმა შეძლო ორგანიზაციის განადგურება: შეთქმულთა ნაწილი გადმოიბირა, ნაწილი დააპატიმრა, მეთაურები, მ.შ. ბობღიაშვილი, 1944 წ. მოკლეს. მათ თავები მოჰკვეთეს და ხალხის დასაშინებლად თუშთა საგანგებოდ შეკრებილ კრებას წარუდგინეს. ორგანიზაციის ლიკვიდაციას თან ახლდა მასობრივი დაპატიმრებები თუშეთში.


ლიტერატურა
ცოცანიძე, გ., თუშური ქრონიკები: მენშევიკური პერიოდი; სამანელები. თბ., 2004. ISBN 99940-16-70-9


Last edited by არჩანდა on Sat Dec 20, 2008 9:59 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:41 pm

1912 წლის 28 მაისს, როცა სოფელ ფშაველას მთაზე მდგარ ეკლესიაში ამაღლებას დღესასწაულობდნენ, სოფელ ზემო ალვანს მოევლინა პატარა ადამი.
ბობღიაშვილები წოვა მთაში ცხოვრობდნენ, სოფელ ინდურთაში, იქ დაიბადა ადამის მამაც იასონ ბობღიაშვილი - პედაგოგი. სოფელი მას "ბუნტოვჩიკს" უწოდებდა, რის გამოც ხშირად აპატიმრებდნენ. 1905 წელს პარიზში ჩავიდა და სხვებთან ერთად ზუბალაშვილის თანხით საქართველოში იარაღი ჩამოიტანა.
ადამის დედა - მარიამ ჭყოპიშვილი. მდიდარი ოჯახის შვილი ყოფილა, გონიერი, ლაზათიანი ქალი იყო. შვილის სიკვდილის შემდეგ 33 წელიწადი კიდევ იცოცხლა, იჯდა ციხეში, ყველაფერი გაუნადგურეს, მაგრამ მას არასოდეს დაუწუწუნია და არ გატეხილა.
ქალბატონი ლიზა ვახვახიშვილი (ადამის საცოლე) იხსენებს: "მისი ტირილი რაღაც ზეამაღლებული განცდებით იყო სავსე. მე ცრემლი მიშრებოდა. გაოცებული ვუსმენდი მის ლამაზ განუმეორებელ გოდებას".
ადამმა შვიდწლედი თელავში ნადიკვართან არსებულ სკოლაში დაამთავრა. მე-8 კლასში მისთვის ყველაზე საყვარელმა ქართულის მასწავლებელმა ნინო ყაზარაშვილმა მოსწავლეებს "გლახის ნაამბობი" დაადგმევინა, დათიკოს როლს ადამი ასრულებდა, შემდეგ მე-9 კლასში იყო, როდესაც თელავის თეატრში შეასრულა რამდენიმე როლი. აქედან დაიწყო ადამის ოცნებები მსახიობობაზე.
მერვე კლასიდან პირველ საშუალო სკოლაში გადავიდა, სწორედ იქ გაიცნო ლიზა: მაშინ კარგად გავიცანი მშრომელი, დარბაისელი, მრავალჭირვარამგადატანილი სწავლას დაწაფებული, ენამოკლე ხალხი - თუშები. ბევრი სასიამოვნო მოგონება დამრჩა. როგორ დამავიწყდება, როცა პირველად გავიგე: "მტრის მიწაზე მოკლულის შესანდობარი იყოსო".
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:42 pm

ჩემი სიტყვა - მარტინ იდენს

ოკეანედან მოსულ მეზღვაურს,
ხმელეთზე მოგყვა შუქი დიდების
და მოკრივეთა ამაყ მეთაურს,
გქონდა მარაგი ლოთურ გინების.
გოლიათური მკლავის უნარით,
შეაზიარე მკერდი ოკლენდის,
დიდ სასახლეში უცხო სტუმარი,
პირისპირ შეხვდი მშვენიერ ლედის.
ბრილიანტები ეფინა თმაში,
სათუთ სახეზე მზის ბრწყინვალება,
შემოგხედა და იგრძენი მაშინ -
გულმა დაიწყო ფერისცვალება.
და მეზღვაურის ტლანქი ხელებით
ვნება აზიდე ნიაღვარული,
ვით საჩუქარი დანაელების,
ტროას ქალაქში შემოპარული.
რუთის ძუძუზე ფერფლად იწოდი,
ოქროდ გიღირდა ყოველი წამი,-
გატაცებულმა როდი იცოდი,
რომ ბედისწერად გდევნიდა ჟამი.
ღამეულ განცდას მთვარეში ჰბანდი,
სხივებს იკეცდი თვალში დასტებად, -
ლანდად ქცეული მეზღვაურს ჰგავდი,
ღამეულ ტყეში გზას რომ ასცდება,
საკუთარ თავთან, ნაბიჯდარხეულს,
დაგეწყო ბრძოლა გულისხმიერი,
მაგრამ ესოდენ ბუმბერაზ სხეულს
არ აღმოაჩნდა ნება ძლიერი.
მსხვილი მაჯები ფოლადის ჯურა,
ზღვით ავსებული გაშლილი მკერდი.
ათეულ ტომმა ათჯერ დაწურა
და შენც დაღლილი გრძნობით შეჩერდი.
დასვი წერტილი შეჩერდი მაშინ,
როცა სახელი მზესაც მოედო,
ნუთუ ფიქრობდი მშობლიურ ზღვაში
თავის დახრჩობით ბრძოლა მოგეგო.
გატეხილ ნებით ბედს დაემალე,
მოიერიშეს ვეღარ დაჰკარი,
და რაც ყიჟინით უთქვამს ალვანელს,
ისიც უთოოდ მართალი არი.
რომ ძიებაში სახელმქუხარე,
ბევრი ვარამი დაუთმენიათ,
ასეულ წლიდან ამომდუღარე,
ტანჯვის საშოდან მოდის გენია.
თუკი მსოფლიოს მოთესავ ღვაწლით
და შესრულებ მოვალეობას,
წამოჩოქებას ვიღა დაგაცლის,
ვიღა დაგაცდის თავისმკვლელობას.
აბა, რას გარგებს წახვიდე ისე,
არ მოიხადო კაცური ვალი, -
უნდა ქვეყანას საკვები მისცე
და დააჩნიო ცხოვრებას კვალი.
ვერ გაარღვიე ბურუსი - იდენ,
გაუდრეკელი ორბის თვალებით,
შენი სიცოცხლე წვალებით ზიდე,
ზღვას მიაბარე იმავ წვალებით.
გმირის მიზანი ეგ თუა მხოლოდ,
ასეთი გმირი გმობის ღირსია, -
მე - უძლეველი ნების სიმბოლოდ -
თვალები ცეცხლით ამომივსია.
შენ ზღვაზე იყავ და მე კი მთებში,
შენ იცნობ ტალღას მე კი ფრიალოს,
სადაც მიუვალ ხევ-ღრანტეებში
ქარი ზუილით დახეტიალობს.
როცა მხარს შვიდი წელი მოება,
დაბლა, ბარისკენ გავჭერი სივრცე,
პატარა ბიჭი შევხვდი დროებას
და საიმედო მეგზურად მიცნეს.
იმ ხანებიდან უვალი გზებით,
ბედით დარახტულ რაშებს ვაჭენებ,
მაგრამ სიცოცხლეს თუ ვეღირები,
შენსავით წყალში არ ჩავასვენებ.
ჩვენ ორნი ვდგევართ: სცილლა - ქარიბდა,
ორ პოლუსიდან, ორი წერტილი,
თუ ფიქრი ბრძოლით გამიღარიბდა
დეე, დავეცე ფრთამოწყვეტილი.
მტვრად ავიგავო, შიშით მოხრილი
ტიალი ძვლები ქარმა გარიყოს.
სიცოცხლე ფუჭად გადაცოხნილი,
სჯობია გაქრეს და აღარ იყოს.
იმათ მკვდრებიც კი შავი მიწიდან
სცნობენ სამყაროს ღირსეულ შვილად,
ვინც საკუთარი სისხლი მოზიდა
დიდი საქმისთვის უმცირეს წვლილად.
თუ ფიქრი განცდას მოეხმარება,
მიზანს არა დროს არ გავაცილებ
ამ გულს, ქვეყანას თუ ეკმარება
რყევის გარეშე გავუნაწილებ.
მთიდან მოვდივარ მთის ნაშიერი,
ჯანღებში ელვად გადატეხილი,
ოკიანეზე უფრო ძლიერი,
ჟამთა ჯარაზე ამოგრეხილი.
ხმელეთის ზურგზე დასაყრდენს ვეძებ,
დამყვება ფიქრი მარად მგზნებარი,
სამარეშიაც სულს ავაფეთქებ,
ბედის მეტოქე დაუდეგარი.
აგრიგალებულ ველურ სტიქიას,
თვალში ჩავისხამ და დავაოკებ,
გამბედაობაც სწორედ იგია,
თუ ბედს მუხლებზე წამოაჩოქებ.
აი, ეს შუბლი - სალი კლდეა და
მასზე ნაოჭი - მთების ხეობა,
თუკი სიცოცხლე ბრძოლას შეადნა,
დარჩება მაინც გამბედაობა.
მე ჩემი სული გრიგალს ვადარე
და გრიგალივით მინდა თარეში,
პრომეთეოსის ცეცხლს დავატარებ
ბედნიერ ქვეყნის მზიურ მხარეში.
რომ ყოველივე მქონდეს ნახული,
ორი სიცოცხლე როდი მეყოფა,
ვერ გადასწვდება მთებური გული,
იმდენად დიდი არის ეპოქა.
მაინც უშიშრად ვთელავ ბილიკებს,
ერთი შეხედვით მზესაც დავაცხრობ,
თუ საქართველო შვილად მიმიღებს,
თუშურ სტიქიას ბარსაც გავაცნობ.
დეე, მაგინოს ვინც კი გაბედავს,
მაღალი შუბლი გესლმა დაღაროს,
სირცხვილი მაშინ აწყვეტილ მხედარს,
თუ მან ოდესმე თავი დახაროს".


1939 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:44 pm

ივანე ჯავახიშვილს

როცა ლაჟვარდი ქარვის ათასებს
დაკენკავს გველის მოხრილი კბილით,
როცა მთაწმინდის გაშლილ კალთაზე
მიეძინება დაქანცულ თბილისს.
მე, შენს წიგნებთან მჯდომარე მაშინ
ღია თვალებით ვხვდები განთიადს,
სტრიქონებიდან ჭიხვინებს რაში
და სტრიქონებში ცეცხლი ანთია.
ხმალდაკრულივით იხსნება ბწკარი,
ყველა სიტყვიდან წარსული დგება,
ნარიყალასთან გუგუნებს ჯარი,
ნარიყალასთან ვაჟკაცი კვდება.
თემურ ლენგები თარეშით მოვლენ,
მოაქვთ წკრიალი ოქროს ნალისა
და გრიგალივით შეარყევს ხოლმე
მიწას ფარ-შუბი გორგასალისა.
იწვის არაგვზე ჩალური ქოხი,
ყანის მაგიერ სისინებს ნამჯა
და კრწანისიდან ამდგარი ჩონჩხი
მკერდზე იხუტებს სისხლიან ხანჯალს.
მეტეხი ქუხს და ემხობა პირქვე,
მეტეხს ბუზივით მტერი არტყია
და სააკაძე დაჭრილი, იქვე
ჩოხის ნაგლეჯით იფენს ნატყვიარს.
მოუჩანს სისხლი ხშირ ჭაღარაზე,
ქრება თვალები ქრება სანთელი,
გაედევნება სოფლის შარაზე
გაქცეულ მხედრებს კორიანტელი,
გულში ქუხილით ჩამდგარა წყევა
გადანამულა წამწამი ხშირი,
ხელხანჯლიანი ბელტს ჩაეხვევა
მთიდან მოსული ასპინძის გმირი.
ქართულ ლეჩაქებს ნამუსსა ხდიან,
წითლად შეღებეს ანკარა მტკვარი,
ტიალ მიწაზე ტიალად გდია
ვაჟის ჯურხაის ნელეწი ფარი. . .
მეფეს ლაშქარი ყიჟინით ხვდება,
მაგრამ ნუგეშად ვერაფერს ეტყვის,
წითელ ლაქებად კრწანისზე რჩება
ნატოტარები დაჭრილი ვეფხვის.
თითქო ატორილ ქურანის გავას
შემოელეწა საძუე თითბრის
და ნახტომებზე გაკრული შავად
არაგვისაკენ მხედარი მიჰქრის.
მიჰქრის მხედარი იხსნება ბწკარი,
ნალს ბილიკებზე ცეცხლი ედება. . .
დავხურავ წიგნს და ჯურხაის ფარი
ისევ სტრიქონში ჩაიჭედება. ..
დავხურავ, მაგრამ კარგა ხანს მესმის
მუზარადებზე ბეგთარის ცემა,
ამ ლეგენდებში გაიდგა ფესვი
შენი ცხოვრების გადასულ დღემა.
და შემიყვარდა იგი ლეგენდა -
ქართლოსიანთა ძველი სიგელი, -
ყოველ ტყიდან და ყოველ ღელედან
შავი ნანგრევი სტუმრად მიგელის.
შემოგივლია - მშობლიურ არემ
გმირთა აკვანი სადაც არწია,
მოგიგონებენ ყოველ ცისმარე
შენი არმაზი შენი ვარძია.
წიგნით გასდევდი მლოცავთა ურემს
მაძიებელი გარდასულ დღეთა.
შენ მოგიტანა საჩუქრად თურმე
თამარ დედოფლის ბეჭედი მცხეთამ.
და ეგ ვარდები, უბეს რომ ივსებს,
მოგიტანია სამშობლოს დროშით,
ცაზე ცისკარი ანთია ისე,
როგორც უზანგში თამარის ქოში.
თუ გრიგალების იყავ მნახველი,
ახლა გაზაფხულს შეჰხარი - ვიცი,
მზის მონათალი შენი სახელი
სიამაყეა ქართული მიწის.
დაგიბერტყია წარსულის კალთა,
შუბლზე არქივის მტვერი გდებია,
დამიდასტურებ, ერეკლეს კართან
თუშის აჩრდილიც მოგლანდებია.
მე, იმ ჩრდილის ნარჩენი ღერი
ვერ გიმასპინძლებ თამარისთანად, -
აჰა, მიიღე მთიდან ნამღერი,
არწივმა კლანჭით გადმოგიტანა.

1936 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:49 pm

სამანელები

უკანასკნელ სამანელს თავისი წარსული არასოდეს უნანია

მან სამანის მეთაურების - ადამ ბობღიაშვილისა

და მიხეილ იმედიძის - მოჭრილი თავები ნახა,

ღალატიც, ათი წელი გადასახლებაში გაატარა,

მერე კომუნისტურ პარტიაში შესვლას

სთავაზობდნენ, მაგრამ დაწყებულ საქმეს ვერ აკადრა.

შეთქმულების გაცემის შემდეგ ‘’სამანელები დაიქსაქსნენ’’

ზუსტად 60წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1941წლის სექტემბერში პოლიტიკური ორგანიზაცია ,,სამანის’ შეთქმულება გასცეს როგორც ცნობილია ორგანიზაცია ,,სამანი” (ეს სიტყვა თურმე ასე იშიფრება-საქართველოს აყვავებისათვის მებრძოლი ახალგაზრდა ნაციონალისტთა ინტერნაციონალი) 1941 წლის ზაფხულში შეიქმნა თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტში, პროფესორ მიხეილ ზანდუკელის ხელმძღვანელობით და მალე ეს მოძრაობა ფართოდ გაიშალა ქვეყანაში. ორგანიზაციის მიზანი

იყო საბჭოთა წყობილების დამხობა, საქართველოს განთავისუფლება რუსეთისაგან რუსეთ-გერმანიის ომიდან ხალხისა და ქვეყნისათვის უვნებლად გამოყვანა.

,,სამანის” ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ორგანიზაცია მთათუშეთში მოქმედებდა. მას მეთაურობდნენ მიხეილ ზანდუკელის ასპირანტი გიორგი ქადაგიძე, პოეტი ადამ ბობღიაშვილი, გოგი ქააძე და მიხეილ იმედიძე. თბილისში შეთქმულების გაცემის შემდეგ ,,სამანელები” დაიქსაქსნენ და იძულებულნი გახდნენ იატაკქვეშეთში ემუშავათ. თუშთა მეთაურებმა რაზმებით თავი მთათუშეთს შეაფარეს, სადაც ანტისაბჭოთა პროპაგანდა გააჩაღეს.

იმ დროს გოგალე ხოხიაიძე 17 წლის შინსახკომის რაზმელი ბიჭი იყო. ,,სამანელებთან’’ გასაუბრების შემდეგ შეთქმულებს ისიც შეუერთდა. მოხუცი იხსენებს, რომ ყველა მამაკაცი, ვინც თუშეთში ცხოვრობდა სულით ,,სამანელი’’ იყო-ორგანიზაციას გულშემატკივრობდნენ და, როგორც შეეძლოთ, ეხმარებოდნენ კიდეც.

გოგალე ხოხიაიძე: ` 1942 წლის შემოდგომაზე ორგანიზაციის მეთაურები თუშეთში, სოფელ დოჭუში, ჩემს სახლში გადმოვიდნენ საცხოვრებლად. დოჭუ თუშეთშის ცენტრ ომალოდან უფრო მოშორებული და უსაფრთხო ადგილი იყო. პირველი კრებაც ჩვენი სახლის ეზოში გამართეს. კრებას 50 კაცი ესწრებოდა და გაგვაცნეს ორგანიზაციის წესდება, შემდეგ კი ,,სამანში” გაწევრიანებას მოვაწერეთ ხელი. შეთქმულების ჩახშობის შემდეგ ყველა-22 კაცი ვისაც ხელი გვქონდა მოწერილი, გაგვაციმბირეს.

კრების აზრი ასეთი იყო: საქართველოში ,,სამანის’’ ყველა ორგანიზაციას ერთნაირად უნდა დაეწყო გამოსვლები და ეროვნული მოძრაობა. ვუცდიდით, ცენტრი როდის გვაცნობებდა აჯანყების ნიშანს. ამასობაში ხელისუფლებმა ჩვენი შემორიგება სცადეს მაგრამ ,,სამანის’’ ხელმძღვანელობამ სასტიკი უარი შეუთვალა. ამის შემდეგ დასმენილთა დაპატიმრება დაიწყეს.

დამსმენი და გამცემი ბევრი იყო. გაიცა ბრძანება, რომ ,,სამანის’’ მეთაურები დაეხოცათ. იძულებულნი გავხდით, შინსახკომის რაზმებისაგან დასაცავად სოფელი გაგვემაგრებინა. ამავე დროს თბილისში ორგანიზაციის მთავარ შტაბთან დაკავშირებაც ვცადეთ. მე ორ მოკავშირესთან ერთად გამაგზავნეს ბარში, სადაც უნდა გვენახა თელავის ,,სამანის’’ ხელმძღვანელი კიმო ლაგაზიძე, რომელიც თავის მხრივ, შეგვახვედრებდა მთავარი შტაბის ერთ-ერთ წარმომადგენელს მაგრამ აღმოჩნდა, რომ ლაგაზიძემ 3 დღის წინ აეყვანათ.

მე ისევ მთათუშეთში დავბრუნდი. იქ უკვე დიდი არეულობა იყო. ორგანიზაციის ომალოს შტაბმა გვაცნობა რომ თელავის ჩეკას უფროსის, ალიოშა კვაშალის ხელმძღვანელობით შინსახკომის 250-კაციანი რაზმი ყადორის გზით შემოვიდა ომალოში, დიკლოსა და შენაქოში მდგომი ჯარებიც ომალოში გადმოისროლეს. სასწრაფოდ ჩატარდა ორგანიზაციის კრება და გადაწყდა, რომ უფროსობა ბარისაკენ უნდა წამოსულიყო. ბარში უფრო ადვილად დაიცავდნენ თავს, უფრო მეტი გასაქანი ექნებოდათ, ბოლოს და ბოლოს, ტყეს მაინც შეაფარებდნენ თავს. ,, სამანის’’ მეთაურების გამგზავრება გასაიდუმლოებული იყო, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვეგონა. ბობღიაშვილისა და იმედიძის თავების მომჭრელს თუშებმა ,,მეხაშე’’ შეარქვეს.

,,სამანური’’ მოძრაობის მკვლევარი, მწერალი როსტომ ჩხეიძე თავის წიგნში ,,დაწყევლილი თაობა’’ ერთგვარ პარალელებს ავლებს 1924 წლის აჯანყებასა და 1941-43წ.წ შეთქმულებას შორის. განსაკუთრებით გულში ჩამწვდომი არის ამაზრზენი ეპიზოდი, რაც ღალატის დაგვირგვინების საზარელ სიმბოლოდ იქცა: 1924 წლის ეროვნული გვარდიის უფროსის, ვალიკო ჯუღელის ტანსაცმელი მის მკვლელს ვინმე ჩეკისტ ზარგინავს ერგო, ხოლო ,,სამანელთა’’მოთავეებს ის ტანისამოსი-თუშ მეცხვარეს, სვიმო ღუბაქელიძეს, რომელმაც მოკლულ ადამ ბოღიაშვილსა და მიხეილ იმედიძეს თავები მოაჭრა.

გაგრძელება ქვემოთ
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:50 pm

სამანელები

რაც შეეხება ,,სამანელთა’’ მეთაურების მკვლელს, მათე წვერაიძეს, იგი დეზერტი იყო ჩეკამ ამ საქმეში გამოიყენა შემდეგ დეზერტირმა აპატია. იმასაც ამბობდნენ, რომ წლების შემდეგ ისევ ჯიუტად იმიორებდა: ის სახლი რომ შემთხვევით გაცოცხლდეს, ისევ დავხოცავდიო. მათე წვერაიძის და სოფო კი იხსენებს : `იმ ამბების მერე ძალიან გულჩათხრობილი გახდა. ამ თემაზე საუბარი საშინლად არ უყვარდა. მხოლოდ სიმთვრალეში წამოსცდა ერთხელ- ისინი ყაჩაღები იყვნენ და საკუთარ თავს დააბრალონ, რაც მოუვიდათო. შეიძლება ცოლს მოუყვა ყველაფერი, მისი შიშით ჩემი რძალი მაინც ვერაფერს იტყოდა’’.

როსტომ ჩხეიძის მიერ მოძიებული ერთ-ერთი ვერსიით, მათე წვერაიძე შეიძლება არც ყოფილიყო მკვლელი-ბობღიაშვილი და იმედიძე ჩეკისტებმა დახოცეს, წვერაიძემ კი მკვლელობა თავის თავზე აიღო-როგორც ჩანს ხელისუფლებას ასე უფრო აწყობდა. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, თუმცა წვერაიძიეს ბრალდება არ მოუხსნეს-ამ ქვეყნიდან ის მკვლელის სახელით წავიდა და საიდუმლოც (თუ მართლა რაიმეს მალავდა) თან წაიღო.

გოგალე ხოხიაიძე: დოჭუდან 1993 წლის 21 თებერვალს გავიდა ,,სამანის’’ მეთაურთა რაზმი: ადამ ბობღიაიშვილი, მიხეილ იმედიძე, გოგი ქააძე, არჩილ კიტოშვილი, დეკანოზ თავბერიძე და გამცილებელი-პეტო და ბიჭიკო ბუჟაიძეები. იმავე დღეს ჩეკას უფროსმა კვაშალმა მათ თორმეტკაციანი მდევარი დაადევნა ომალოდან. ,,სამანელთა’’ რაზმი საღამოს თორღვას აბანოს თავში დაბანაკდა. ღამით ორ ჯგუფად გაიყვნენ და დასაძინებლად ცალ-ცალკე წავიდნენ. მდევარი დილით დაესხა თავს. ერთი ჯგუფი-ბობღიაშვილი, თავბერიძე და იმედიძე ამოხოცეს მეორე ჯგუფმა ზვავის ქვეშ მოასწრო მიმალვა და მხოლოდ მეოთხე დღეს დანებდნენ. ცნობილია, მას მდევარი თუშების დანახვაზე აღმოხდა: ,,ყოჩაღ თუშებო, გაიმარჯვეთ თუშებზე’’.

სამივე ,,სამანელი’’ წვერაიძემ მოკლა. ღუბაქელიძემ კი თავები მოაჭრა. ეს ჩეკას უფროსმა კვაშალმა მოითხოვა იმის დასტურად, რომ ,,სამანელები’’ მართლა მოკლულები იყვნენ. თავმოჭრილ ბობღიაშვილსა და იმედიძეს გრძელი წვერი ჰქონდათ. ამ წვერებით მოჭრილი თავები ზურგჩანთაზე დაკიდეს და პოეტი არჩილ კიტოშვილი აიძულეს სოფელ ხისოდან ომალომდე ეტარებინა. მე ეს ყველაფერი თვითონ არ მინახავს , მიამბეს. ჩვენ ამ დროს საპატიმროში ვისხედით ნარჩომაანთ ბოსელში. ბოსლის თავზე კვაშალს ჰქონდა შტაბი. ერთ დღესაც ლაპარაკი მოგვესმა, დაპატიმრებულები მოიყვანესო.

ომალოში კვაშალმა მეორე დღესვე მოიწვია თუშეთის ოთხივე ხეობის მოსახლეობის კრება. ხალხს მოჭრილი თავები აჩვენეა შესაშინებლად-ვინც გაიმეორებს იგივე დღე მოელისო. შემდეგ კი კვაშალისვე ბრძანებით საბერაცოს გორიდან ალაზნის ხეობაში დააგორეს. მოკლულთა ტანები იმდენ ხანს ეყარა მკვლელობის ადგილას, ვიდრე მათგან ძვლებიღა არ დარჩა. მერე ვიღაცამ ერთი ძვალი ბობღიაშვილის დედას ჩამოუტანა. მან კი მალულად დამარხა ეზოში.

შეთქმულების მონაწილენი გაასამართლეს მუხლით- შეიარაღებული აჯანყება ხელისუფლების წინააღმდეგ. მათ უმრავლესობას მუდმივი გადასახლება მიუსაჯეს. მათ შორის გოგალე ხოხიაიძესაც.

გ. ხოხიაიძე : `შვიდი კაცი ერთი ეტაპით წაგვიყვანეს. ჩაგვიყვანეს კრასნოიარსკში, მაგრამ მესამე დღეს უკანვე გამოგვაბრუნეს, ამბობდნენ თითქოს იაპონიასთან ომი უნდა დაწყებულიყო და პოლოტიკური პატიმრების იქ ყოფნა არ აწყობდათ. ჩამოგვიყვანეს ასტრახანში. ჩემთან ერთად მყოფი ექვსი თუშიდან ხუთი ასტრახანში დაიღუპა, ერთი-იორამ ქააძე სხვა ბანაკში მოხვდა, ხოლო მე მოგვიანებით ჩრდილოეთ ურალში გადამიყვანეს, მოლოტოვის ოლქში. ისეთ ტყეებში ვმუშაობდით ცას ვერ დაინახავდი. ხე-ტყეს ვამუშავებდით. ბოლო სამი წელი ყაზახეთში, ყარაგანდაში ვიყავი პოლიტიკურ ბანაკში. სულ ათი წელი გავატარე გადასახლებაში. ბანაკში ჩემი ნომერი იყო IX-184‘’. 1956 წელს გაანთავისუფლეს და მაშინვე მშობლიურ სოფელს, ქვემო ალვანს მოაშურა, მაგრამ ნათესავმა იურისტმა ურჩია უკან გაბრუნებულიყო. წავიდა ისევ ყაზახეთში და 1985 წლამდე ყამირზე მუშაობდა. 22 წელი მხოლოდ ერთ სოფელს აშენებდა ინჯინერ-მშენებელი იყო. ამაყობს იმით, რომ ყოველთვის პირნათლად აკეთებდა თავის საქმეს. იქ, შორეულ ყაზახეთში ხალხი საოცრად აფასებდა და პატივს სცემდა. ცოლიც იქვე მოიყვანა-უკრაინელი-მარია ტიშჩენკო. შვილები არ ჰყავთ. უკვე დაბერდნენ და კონფლიქტი არ ჰქონიათ. პენსიაზე რომ გავიდა, გულმა ისევ სამშობლოსკენ გამოუწია, მიატოვეს კეთილმოწყობილი სახლი და ალვანში ჩამოვიდნენ 1985წ.

კითხვაზე მართლა აპირებდნენ თუ არა `სამანელები’’ გერმანელებთან გაერთიანებას მპასუხობს :`ვინც არ უნდა ყოფილიყო, თუნდაც მტერი, მასთან უნდა გავერთიანებულიყავით საბჭოთა წყობის წინააღმდეგ’’. ხუთმილიონიანი საქართველო რუსეთის დამარცხებას მარტო ვერ შესძლებდა-ასეთი იყო მაშინდელი ეროვნულ-პოლიტიკური აზრი ჯერ კიდევ 1924 წლიდან.


Last edited by არჩანდა on Sat Dec 20, 2008 9:52 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:51 pm

ავდარია ქედებზე
იზას

ქარი მთებზე ჯირითობს,
ქარმა ჯანღი დაწეწა,
ჩადგა ღამე ხევებში,
ფრთები მძიმედ დაკეცა.
თალხი ბინდი ჰკიდია
ტყის კენწერო წვერებზე,
ტყდება ელვა დროულად,
ავდრობს ბებერ სერებზე.
ქოხის თავზე იბნევა
ქვიმის კრიალოსანი,
შორით მოჩანს კერასთან
შავი მადილოსანი.
გადალეულ დედის გულს
დღეს ჯანღებმა აუწყეს,
თურმე იმის ობოლას
დანით გული გაუპეს.
ერთადერთი ნუგეში
ბალახივით გადახმა,
თითქოს ტყიურ მოზარედ
ყმუის მგელი გადაღმა.
ავდარია ქედებზე,
დედის გულშიც ქარია,
ბოღმა ცრემლად ნაჟური
თითქოს ნიაღვარია.
ჭირნახული ღაწვები
ჯავრმა უნდა დაადნოს,
მთაში ქისტი გოგონა
აღარ მოვა არასდროს.
ღამე დაყუდებულა
ქოხის მიწნულ კარებთან,
დედას ბოღმა აწუხებს
ცრემლი ბზინავს თვალებთან.
ავდარია ქედებზე,
ქოხთან ქარი ხრიალებს,
დედის შავი მანდილი
კლდოვან ქიმზე ფრიალებს.

1936 წელი, ივნისი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:53 pm

ნანა
(ძველი თუშური ნანა)

ჩრდილი ჩამოდგა აგერა,
ჭიუხს დაეცა საღამო,
დამივაჟკაცდა ბადერა,
თავს შემოევლოს ნანალო.
დაჩაგრულ დედის ნუგეშო,
ბალღო, ნაშობო წვალებით,
დავკარგეთ მამა უგეშოდ,
ჩაქრა ვაჟკაცის თვალები.
ამ დღის მოსწრებას, ნეტავი,
დავმარხულიყავ ცოცხლადა,
გადავიქეცი ბეჩავი
ფეხზე მოარულ ჩონჩხადა.
ვინ დამიბრუნებს სიმთელეს,
ბაგეს ვინ მოსდოს ღიმილი,
ყელშივე ვახრჩობ სიმღერებს,
უკუღმართ ბედზე ჩივილით.
თვალებში ცეცხლი ჩამიქრა,
ბოღმამ წაიღო ხალისი,
ზამთრის ზვავებად დაიმქრა
ხავერდოვანი მაისი.
ქარი მეძრახვის ზუილით
ლოყაზე ცრემლი გორდება,
ძაღლმა აგვიკლო ყმუილით,
თეოს აღარა შორდება.
ხევშია შავრას ნალეწი,
კლდეს გადაევლო ჭიხვინით,
და მეც ლოგინად დავეცი,
გულდალეული ქვითინით.
გახედე, თოვლის ნამქერად
მტაზე დაყრილა ფარები,
ჯავრიანია საცქერად
ციხის დამპალი კარები.
ხავსი მოედო სათოფეს,
მიდამოც შაბმა დაფარა,
ღმერთო, შავ დღეში ამყოფე,
ვინც ამ შავ დღეში ჩაგვყარა!
რისხავდეს ხატი ზევიდან,
ხმალი გადუტყდეს ყუაზე,
და მიუტანონ ცხენითა
დედას, გაჭრილი შუაზე.
ნუღა გვარობდეს ჯიშითაც
დიდო, ლეკი და ჩაჩანი,
ჩვენი მშობლიურ მიწიდან
გაქრეს იმათი ჭაჭანი.
რამდენი დასვეს მდუმარედ
საკუთარ ბედის მგმობელი,
შავად მოსილი მწუხარე,
ხევებს ჩასტირის მშობელი
მძიმე ბალღამის სნეულის
ცრემლიან გულის ტარება,
სიცოცხლე შხამად ქცეული
ჯოჯოხეთს დაედარება.
აწიოკების ლოდინით
კერასთან თეთრად თენება,
გვერდზე შეკრული ლოგინი
არც ძილი, არც დასვენება.
როცა დადგმული ყორედა
მთა ჩამოწვება ღამეში,
მაშინ იწყება სწორედა
მტრის ზათქიანი თარეში.
დატრიელდება საზარი
დუმით ნაპოხი ფრანგული,
შესაბრალებლად სად არი
კაცური გრძნობა ან გული?
სისხლი იღვრება, როგორაც
წყარო, ღარიდან ნადენი,
სისხლხანჯლიანი მიგორავს
მკვდარი ვაჟკაცი რამდენი!
მამამ ქისტებმა მოგიკლეს,
ძვლები ტიალად ეყარა,
იმ მოუნათლავ მოსისხლეს
პასუხს მოსთხოვდე ნეტარა!
მხოლოდ ის გამახარებდა,
რომ დროზე თვალით მაჩვენა,
მიკრული ციხის კარებთან
იმის გამხმარი მარჯვენა!
როცა გიხილავ წვერითა,
გულს დაედება მალამო,
მანამდე ცრემლის დენითა
ჩამოგიდნები ნანალო.
როდის იქნება, გმირული
სახელი ცეცხლად ელავდეს,
და შენი გველისპირული
დუშმანს ხარბადა ცელავდეს.
მაჯა ურყევი წადილით
ბრძოლებში უნდა დაღალო,
არ სემირცხვინო მანდილი,
შენ დაგენაცვლოს ნანალო.
გულშედურეკი, მაგარი,
გადმოდგებოდე ნეტავი,
საფერხედ გყავდეს საღარი,
კბილით ლაგამის მკვნეტავი.
შენს გმირობაზე ყოველი
ქალი მრეროდეს შაირებს,
მაშინ იმქვეყნად მშობელი
საგზლად სიხარულს წაიღებს.
მინდა ვაჟკაცის საფერად
წინაპრებს მიესალამო,
გამოიზარდე, `ბადერა~,
და გაახარე ნანალო.
თუ ეყოლები ამ არეს
შეუვალ რკინის კარებად,
ნანა წოვათის სამარეს
გულმშვიდად მიებარება.
მაშ, დაიძინე პატარა,
მეც დავიღალე ფიქრებით,
ნეტა ვიცოდე რა და რა
ტანჯვის მოწამე ვიქნები.
თვალის გახელას, ბადერა,
განა ბურანი არა სჯობს,
მეც დავისვენებ, ამჯერად,
ინდურთას ზეზვა დარაჯობს.
მოუსვენარო წოვათა,
თუშეთის მთებო, მაღალო,
თქვენ დამიფასეთ შრომა და
დამივაჟკაცეთ ნანალო.
დასატირებელ სუდარად
კოშკს დაეკიდა საღამო,
ყოველთვის კვნესა-მუდარა;
ვაი, ჩვენს ბედსა, ნანალო!

1936 წელი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:54 pm

მოგონება შორეული

კვლავ გამახსენდა ათი წლის შემდეგ
ჩვენი ბავშვობის თქმულება ძველი,
კვლავ გამახსენდა, თუ როგორ გენდე,
როგორ შევავლე ნაწნავებს ხელი;
მაშინ, ო - მაშინ მთვლემარე ქედებს
ბინდი მოესხათ ყუჩი და ვრცელი.
შენზე ოცნებას ავყევი მთაში
გულთან ჭიდილით დაღლილი ერთობ, -
შეგხვდი პირისპირ და ორი ბავშვის
ჩრდილი აცურდა წყაროში ერთდროს;
ამ მთების გაღმა მაშინაც, მაშინ
ერთი ობოლი ვარსკვლავი ენთო.
მერე ის ერთიც მოვწვყვიტე ციდან,
თვალით დავლიე მანძილი შორი,
ქარი ოქროსფერ დალალებს შლიდა
და ღამეს ჯიქურ ვებრძოდით ორნი;
მაშინაც სთვლემდა ბორბალა მშვიდად,
ნიავს ჩხავილი მოჰქონდა ყორნის.
ქალწულმა გული ჩემთვის გააღე,
გული რო გვქონდა ქვეყნის დამტევი, -
რამდენი განცდა ვაიალაღეთ,
ციდან ვარსკვლავი ვკრიფეთ რამდენი;
მაშინაც ბინდში დაფლულ ბალახებს
ნისლი ეხურათ, როგორც ფარტენი.
და ბევრი ღამე დავწვით ბაასით,
შამბნარში ერთად ვფრინავდით,
რომ მქონებოდა გული ათასი
სუყველას ერთად შემოგწირავდი;
ვთელეთ ბორბალას მწვანე ატლასი
ჩამოფენილი ხევის პირამდი.

1940 წლის მარტი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4191
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   Sat Dec 20, 2008 9:55 pm

***
ეგ ყორნისფერი თვალები ღია
დაბინდულ სივრცეს ხარბადა სვამენ,
მოსწყვიტე მზერა მიდამოს მთიანს,
ალაპარაკდი, მითხარი რამე.
ქვევით ალაზნის ზვირთები კრთიან
და იდუმალად შრიალებს ღამე.
ნუთუ მოგწყინდა ჩემი ალერსი,
ნუთუ მანძილმა გრძნობა დაბინდა?!
იყავ ღადარზე უმხურვალესი
და განთიადის ლაჟვარდზე წმინდა.
აგერ, ფიქრით და ცრემლით ნალესი,
ჩამოიშალა ჯანღები მთიდან.
რატომ ჩააქრე ცეცხლი ვნებათა
ჩემს განშორებას რატომ იჩქარი?!
მეტს რაღას მთხოვდი, სხვა რა მებადა,
თუ არა ეშხი ობოლი ბწკარის.
მორჩა ეს ღამეც წაიშლება და
ალაზანს კვნესით გაჰყვება ქარი.
და მოვიგონებ ოდესმე, კიდევ,
როგორ ვებრძოდით ორნი იმ ღამეს,
როგორ წამართვი სულის სიმშვიდე,
და მოლოდინით როგორ დამღალე;
დეე, ჩემს ნაცვლად ნიავი შლიდეს,
ნიავი შლიდეს მაგ შენს დალალებს.

1940 წელი.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ადამ ბობღიაშვილი   

Back to top Go down
 
ადამ ბობღიაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: სტუმრები და მასპინძლები :: "მზე ხატავს სახლის ფერად რიკულებს..." - სტუმრად კესოსთან-
Jump to: