არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 გია არგანაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: გია არგანაშვილი   Sat Dec 20, 2008 7:15 pm


Gia Arganashvili - გია არგანაშვილი

ზებულონის ტრაგედია

ორი წლის წინ ხელახლა გამოიცა ჯემალ ქარჩხაძის გახმაურებული რომანი „ზებულონი“. ხმაური მის დაწერას არ მოჰყოლია, ის უფრო გვიან ატყდა, მწერლის გარდაცვალების შემდეგ, როდესაც კრიტიკამ ძველ სტერეოტიპებს თავი დააღწია და ახალს დაემორჩილა.
მაშინ არა მხოლოდ ეს რომანი, არამედ ჯემალ ქარჩხაძის მთელი შემოქმედება გადაფასდა, უფრო სწორედ ხელახლა შეფასდა და დაფასდა.
საკვირველი ის იყო, რომ მწერლის ტექსტები პირველად წიგნის „მოძულე“ მოზარდებმა აიტაცეს. მახსოვს „იგის“ განსაკუთრებით აქებდნენ, აღტაცებულნი იყვნენ მისით, ეს პატარა მოთხრობა და მერე სხვა ნაწარმოებებიც ხელიდან ხელში გადადიოდა.
„ზებულონი“ მწერლის შემოქმედებაში ერთ-ერთ საუკეთესოდაა მიჩნეული.
წიგნს ყდაზე რომანის მოკლე ანოტაცია, სარეკლამო ტექსტი ერთვის, საიდანაც მკითხველი შეიტყობს, რომ წინ ადამიანური სულის შემძვრელი თავგადასავალი, ღრმა ჭვრეტითა და უკომპრომისო სიმართლით გადმოცემული დაუვიწყარი ხასიათები, წარუშლელი ხატები, უზადო ქართული, დაძაბული თხრობა და წერის საოცრად მსუბუქი მანერა ელოდება.
ახალგაზრდა მკითხველის ასეთი ფორმით შეპატიჟება მხატვრული ტექსტის სამყაროში გამართლებულია, ხოლო მათთვის, ვინც ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებას დიდი ხანია იცნობს ზედმეტი მეჩვენება.
რომანის მთავარი პერსონაჟი ზებულონია.
მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოებში დრო ერთი შეხედვით ძალზე კონკრეტულია, ზებულონის ხასიათში ბევრი ნაცნობი დეტალი შეინიშნება, მისი სახე ძალზე ზოგადია ქართული სინამდვილისთვის, პერსონაჟის ბუნებაში მითოლოგიური გმირის ხასიათიც იკვეთება.
მწერალმა ის ისტორიიდან გამოიხმო, არა სულის მოსახსენიებლად, არა ქვეყნისათვის გაწეული ღვაწლის დასაფასებლად (ზებულონი ხომ მეომარი იყო), არამედ ახალი საგმირო საქმეების ჩასადენად. მწერალმა პერსონაჟს ძველი იდეალების მსხვრევა და გმირის ახალი სახის შექმნა შეუკვეთა, პირადული და საზოგადოებრივი ინტერესი შეეჯახა ერთმანეთს და მსხვერპლშეწირვის იდეას პიროვნული თავისუფლების იდეა დაუპირისპირდა.
ზებულონს მოუწია იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც თვითონ, როგორც ძველი მხედარი, იყო ჩამომჯდარი. ბუნებრივია, მისი ამგვარი ქმედება შესაბამისი შედეგითურთ ტრაგიკულ დასასრულს გამოიწვევდა, ამიტომ რომანიც ნაღვლიანი გამოვიდა, თუმცა სასარგებლო. მხატვრული ტექსტი აუცილებელ გამოცდილებას შესძენს მას, ვინც მომავალში ზებულონის გზაზე სიარულს გადაწყვეტს.
და თუ რატომაა ზებულონის გზა ასეთი სახიფათო, ამაზე გვექნება ამ წერილში საუბარი.
ამ მხრივ ეს ნაწარმოები შეგვიძლია ერთგვარ საზოგადოებრივ დაკვეთადაც კი ჩავთვალოთ, რადგან როდესაც მწერალმა ამ თემაზე დაიწყო მუშაობა, დასავლური იდეალების (პიროვნული თავისუფლების იდეა) პროპაგანდა ჩვენში უკვე კარგ ტონად ითვლებოდა, თუმცა ეს ახალი იდეა რატომღაც უპირისპირდებოდა ძველს (მსხვერპლთშეწირვის იდეას და არა კოლექტიურ ცნობიერებას), რომელსაც მანამდე ეროვნული იდეოლოგიის სახელი ჰქონდა მოპოვებული.

გაგრძელება ქვემოთ



Last edited by გამრიგე on Tue Jan 11, 2011 10:52 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გია არგანაშვილი   Sat Dec 20, 2008 7:16 pm

ზებულონის ტრაგედია

ნურავინ იტყვის, რომ პიროვნული თავისუფლების ცნება დღევანდელ დასავლურ ცივილიზაციაში, ადამიანის საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, სახელმწიფოებრივ განცდას ეწინააღმდეგება, ქვეყნისათვის თავგანწირვის მაგალითებიც დასავლური ქვეყნების ისტორიაში და დღევანდელობაშიც საკმაოდ მრავლადაა, ეს იმიტომ რომ იქ სახელმწიფოებრიობის და მოქალაქეობის უფრო მეტი და სასარგებლო გამოცდილება დაგროვდა, იქ მრავალთა მოვალეობებისადმი ერთგულება ცალკეულ ინდივიდთა თავგანწირვის აუცილებლობას გამორიცხავს, ეს მართლაც ახალი მსოფლმხედველობაა, რომლის მიბაძვაც ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მოთხოვნაა.
ამიტომ პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია ნაწარმოებში ორი აზრის, ორი მსოფლმხედველობის ასეთი ფორმით დაპირისპირება, კათალიკოსისა: „განა მართლაც ნადირად დაიბადე, რომ ქვეყანა შენს პატარა, დუხჭირ ცხოვრებას ანაცვალო“ და ზებულონისა (ავტორისა): „ვინ მისცა ქვეყანას იმის ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!“
ზებულონი და ზებულონი _ ამგვარი გამოთქმა ძალიან ხშირად გვხვდება წიგნში. ზებულონი გაორებულია (თუმცა ამ გაორების მიზეზი კარგად არ ჩანს, რადგან შურისძიების აქტიც მხოლოდ შედეგია), ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს პერსონაჟის შინაგან გათიშულობას, რომელიც საბოლოოდ მისი ტრაგედიის მიზეზიც ხდება.
ჩვენ ვისაუბრებთ ზებულონზე, ვეკამათებით და ვედავებით უშუალოდ პერსონაჟს, რადგან ის ნამდვილი ადამიანია. მწერლის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ გმირი იმდენად ცოცხალია, რომ ავტორისაგან დამოუკიდებლად შეუძლია მოქმედება, პასუხისმგებელია საკუთარ აზრებზე და მოქმედებებზე, შეუძლია თავის მართლებაც და დაცვაც.
მისი ბუნებრივი შესაძლებლობა უფრო აქტიური მოქმედების საშუალებასაც იძლევა, თუმცა ეს ცოცხალი ადამიანი მაინც იზღუდება, და არა იმიტომ, რომ ის ქართველია და ქართველს რაიმე განსაკუთრებული მისია აკისრია საკუთარი ქვეყნისადმი, ზებულონი ტყვეა მწერლის მიერ თავსმოხვეული ბედისწერის ნებისა, რომელიც პერსონაჟს აიძულებს ავტორის მტკიცე ხელს დაყვეს და ნახედნი ბედაურივით წრეზე იტრიალოს.
ზებულონი მარტოსული ადამიანია, თუმცა მისი მარტოსულობა ჩვეულებრივ კომპლექსებით დატვირთული, ამპარტავნებით სავსე მოზარდის განმარტოებაა (ზებულონს ჯიუტი ხასიათი ჰქონდა და სხვების ჭკუაზე სიარული არ შეეძლო), რომელსაც არაფერი აქვს საერთო იმ დიდებულ მარტოსულობასთან, სიბრძნის დედად რომ უნდა იქცეს. ჩვეულებრივ ასეთ ადამიანებს ბუნებასთან სიახლოვე უფრო იზიდავთ, მათ ბუნების ენა უკეთ ესმით, ვიდრე ადამიანებისა, ამიტომ გაურბიან საზოგადოებას და ხალხმრავალ ადგილებშიც მარტოდ ყოფნას ახერხებენ.
ზებულონს იოველ ბატონიშვილის შეგირდად დადგომა სურდა.
ზებულონი არჩევანის წინაშე იდგა, იოველ ბატონიშვილთან წასულიყო თუ შური ეძია დაროაშვილებზე (დაროაშვილებმა ზებულონს მამა მოუკლეს), მან შურისძიება გადაწყვიტა, რადგან ხალხის მოთხოვნით, როგორც ფიცით, ისე იყო შეკრული. სწორედ ამგვარი არჩევანის წინაშე იდგა ზენონი („გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება“) და მან ერის ხმას ღვთის ხმა არჩია.
ზენონი შემთხვევით არ გვიხსენებია, ზებულონისა და ზენონის შედარება მართლაც შეიძლება (შესაძლოა ავტორსაც ჰქონდა ასეთი სურვილი), მათი გზები მაშინ გაიყარა, როდესაც ზებულონმა შურისძიება გადაწყვიტა, ზენონმა კი მონასტერში წასვლა აირჩია (ზებულონსაც შეეძლო ასეთი გადაწყვეტილების მიღება), ზენონის გადაწვეტილების შედეგი კარგად ვიცით (აგიოგრაფი მას დიდ ზენონად იხსენიებს), ზებულონი კი.. ზებულონი მიხვდა, რომ მთელი მისი ცხოვრება ცრუ და უსაგნო ჩვენება იყო.
ზებულონმა შური იძია დაროაშვილებზე, მან სოფელი გააოცა თავისი სისასტიკით, არა მარტო გააოცა, არამედ დაიმორჩილა კიდეც, თუმცა მას მორჩილება არაფრად ეპიტნავებოდა, არაფერში სჭირდებოდა (როგორც თინია), შურისძიებამ ის შემსრულებლად, იარაღად ჩამოაყალიბა და გაუყენა გზას, სადაც ის საკუთარი შესაძლებლობების შემკვეთს მოძებნის.
ზებულონის შურისძიება გაუგონარი ქმედებაა, ავტორი ამბობს, რომ ეს მას სოფელმა მოთხოვა (ბუნებრივია, რომ ავტორი პერსონაჟის მხარეს იჭერს და მის გამართლებას ცდილობს), მაგრამ შურისძიების ფორმაც სოფელმა უკარნახა? საიდანაა ახალგაზრდა კაცში ამდენი სისასტიკე? ეს არაა რიტორიკული კითხვა, მკითხველი მის პასუხს ტექსტში დაუწყებს ძებნას და სამწუხაროდ ვერ იპოვის.
არავინაა ისეთი მიამიტი, რომ მებრძოლი ადამიანი გულჩვილ პაციფისტად წარმოიდგინოს, საეროდ ქვეყნისადმი, მოყვასისადმი თავგანწირვის უნარს ხშირად დიდი დანაშაულის (ცოდვის) გამოსყიდვის სურვილი ჰბადებს (გავიხსენოთ როგორი თავგანწირვით იბრძვის ონისე („ხევისბერი გოჩა“ _ ალექსანდრე ყაზბეგი), რომელსაც ჩადენილი დანაშაულის გრძნობა არ ასვენებს), მაგრამ ზებულონის შურისძიება ჩვეულებრივ დანაშაულად ვერ ჩაითვლება, გაკვირვებას იწვევს არა დანაშაულის სიმძიმე, არამედ მისი ფორმა, ღრმა ფანტაზიის შედეგი, რომელიც ზებულონს სრულიად სხვა კუთხიდან გვაჩვენებს.
თუმცა ამ ხაზს აღარ გავყვებით, რადგან მწერალიც საგანგებოდ არ უღრმავდება ამ დეტალს (ამ მხრივ რომანი არათანმიმდევრულია). ზებულონმა თავისი ცხოვრება შურისძიებით დაიწყო, ასეთი ცოდვის მტვირთველი ახალგაზრდა ადამიანისთვის არაფერს შეუძლია სიმშვიდის მოტანა, გარდა ქვეყნისადმი, მოყვასისადმი ზრუნვას (დანაშაულის გამოსყიდვის ერთადერთი გზა), მართალია, ზებულონი თავდაუზოგავად ემსახურა ქვეყანას, მაგრამ ეს იყო მისი ნების საწინააღმდეგოდ, ეს იყო იძულება, სამწუხაროდ ზებულონს სინანულის გრძნობა აკლია და შესაბამისად არც მსახურების უნარი გააჩნია, რომელსაც შეუძლია მისი გახლეჩილი ცნობიერება გაამთელოს და სინდისი დაუმშვიდოს.
თუმცა, ზებულონი ხსნის გზას შეგნებულად არიდებს თავს, ამ შემთხვევაში (გავიმეორებ) პერსონაჟი ტყვეა მწერლის მიერ თავსმოხვეული უჩვეულო მსოფლმხედველობისა.

გაგრძელება ქვემოთ
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გია არგანაშვილი   Sat Dec 20, 2008 7:20 pm

ზებულონის ტრაგედია

ამის განცდა კი ზებულონს მოუწია:
ზებულონი ბუნებაში გაიზარდა, მას ჰქონდა საშუალება ბუნების წესრიგი და ურთიერთდამოკიდებულება შეეცნო, თუმცა იქ, სადაც სხვა თავისუფალი ნების გამოვლენას დაინახავდა, ზებულონმა სულ სხვა რამ შენიშნა, ნაწარმოებში სრულიად ახლებურადაა გააზრებული მუხის სიმბოლო.
ერთხელ ზებულონი მუხებს შუა ჩადგა, ფეხები რაც შეეძლო ღონივრად დააბჯინა მიწას, ხელები მაღლა შემართა, თვალები დახუჭა და წარმოიდგინა, ვითომ თვითონაც მუხა იყო. დიდხანს იდგა ასე, თვალდახუჭული და გატრუნული. მანამ იდგა, სანამ მუხად არ იქცა და არ მიხვდა რა დიდებული რამ ყოფილა მუხა, რა მძლავრი, რა მშვიდი, რა ღონიერი...
შემდეგ ეს ნეტარი განცდა უკვალოდ გაქრა და მის ადგილას ერთბაშად შიშისა და გაუვალი უმწეობის გულის შემკუმშველი ზვირთი შემოვარდა. ზებულონმა უეცრად იგრძნო _ მუხის სიამაყე მოჩვენებითი ყოფილა, მუხის ძალა უქმი ყოფილა, მუხის მოთმინება უძლური და შემგუებელი ყოფილა,
მუხა მიწის ტყვეა, მუხა დაბმულია ფესვებით და უცხო მინდორთა სილამაზეს იგი ვერასოდეს იხილავს, მუხა განწირულია მის ფუტურო სიამაყეს არავითარი ფასი არა აქვს.
ასე ფიქრობდა ზებულონი.
თუმცა ზებულონმა არ იცოდა, რომ მუხის არსი მის ტყვეობაშია, რადგან ღვთისგან შექმნილ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთზეა დამოკიდებული, თვით ჩვენი პლანეტაც ორბიტის ტყვეა და სწორედ ეს დამოკიდებულება უნარჩუნებს მას თვითმყოფადობას. ამ ცოდნის გარეშე ზებულონი თავის გზას დაადგა.
ამ გზაზე ზებულონი ბექა ამილახვარს, ერთსა და იმავე დროს ბელზაბელსა და წმინდანს, გადაეყარა, ეს ასეც უნდა მომხდარიყო (ვინმე ბექა აუცილებლად გამოჩნდებოდა), ვინმეს უნდა სასიკეთოდ გამოეყენებინა ზებულონის სტიქიური ძალა, რომელსაც კალაპოტი სჭირდებოდა, რადგან უამისოდ მას შეეძლო მთელი სამყაროს ნგრევაც კი გამოეწვია.
აზნაურ ისახარის ვაჟს სწორედ აზნაურის კეთილშობილება, პიროვნული თავისუფლების ნება აკლდა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, ამიტომ იგი მუდამ სხვის კარნახს ელოდება. ზებულონი ინსტიქტის ადამიანია, მას საკუთარი სურვილების გაცნობიერებაც უჭირს, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაშიც მის მოქმედებას მოკრძალებას ვერ დავარქმევთ.
ჰოდა, ასე უაზროდ გალია საკუთარი წუთისოფელი წყაროსთვალელმა ჭაბუკმა ზებულონმა.
ნეტავ, ვის აუჩუყებს გულს ზებულონის უკანასკნელი მონოლოგი, სიკვდილისწინა აღსარება?Gგანა ეწადა დაროაშვილების დახოცვა? მაგრამ დახოცა, ვინაიდან სოფელმა ჩუმი რისხვით უბრძანა დახოცეო.Gგანა წიგნი არ ერჩივნა ბრძოლას? მაგრამ ბრძოლაში დააღამა, ვინაიდან მანუჩარ ბატონიშვილმა უთხრა, ქვეყანას მეომარი სჭირდება და არა სწავლულიო, განა...
„ჰე უფალო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა.“
... ყველაფერი უკუღმა უკეთებია ზებულონს... არ უნდა დაეხოცა დაროაშვილები ზებულონს. ისახარს რაღას უშველიდა! უნდა მისულიყო იოველ ბატონიშვილთან ზებულონი. ვითომ რატომ არ მიიღებდა? ნესტანი არ უნდა დაეთმო ზებულონს. ვინ მისცა ქვეყანას იმისი ნება, ყველაფერი წაგართვას და არაფერი დაგიტოვოს?!
Qქვეყანას მართლაც არა აქვს ამისი ნება, რომ ადამიანს ყველაფერი წაართვას და არაფერი დაუტოვოს, მაგრამ ადამიანს აქვს უფლება მსხვერპლად შეეწიროს მას, თუმცა ამის აუცილებლობას საზოგადოება არ ითხოვს, ამას ადამიანს მხოლოდ საკუთარი სინდისი კარნახობს, რადგან, საბედნიეროდ, ადამიანი ნადირი არ არის. მართალია, ადამიანი სინდისის ტყვეა, მაგრამ სწორედ ამ ტყვეობაშია მისი არსის გამოხატულება.
ამას რომ ვერ მიხვდა ზებულონი, სწორედ ეს იყო მისი ტრაგედიის მიზეზი, ამან ათქმევინა ეს სიტყვებიც:
ნუთუ მართლა ეს იყო ცხოვრება?
ძველი მხედარს ზებულონს სიმღერის ნიჭი არ ჰქონდა (არ ჩანს), მაგრამ რომც ჰქონოდა მაინც ვერ იმღერებდა „მხედართა ძველ სიმღერას“

სამშობლოსათვის სიცოცხლეს
ისე ვწვავთ, როგორც ჩალასა,
ვკვდებით გულდამშვიდებულნი...

ისტორიიდან გამოხმობილი გმირი განუხორციელებელი წავიდა ამ ქვეყნიდან.
ზებულონი მოკვდა.
ირგვლივ ყოველივე ისე კაშკაშებდა, რომ ზებულონი ვერ მიხვდა, სინათლე იყო ეს თუ სიბნელე.


* * *
რომანში ბევრი საინტერესო პერსონაჟი შეგხვდებათ, ზოგიერთი მათგანი (განსაკუთრებით ბექა, კათალიკოსი) ლიტერატურული ტიპაჟის სიმაღლესაც კი აღწევენ, თუმცა რომანის ძირითად ტვირთს მაინც ზებულონი მიათრევს. ისტორიული რომანი ჩვენში ყველაზე პოპულარული ჟანრია, სქემები და სახეებიც ჭარბად დამუშავებულა, ასეთ დროს ძალზე ძნელია სტერეოტიპებიდან თავის დაღწევა, რადგან ისტორიაში ხედვის კუთხე ჩვენს მწერლობაში ათწლეულებიდან ათწლეულებამდე, თაობიდან თაობამდე არსებითად არ იცვლება.

იოველ ბატონიშვილი თითქმის იმეორებს ილია ჭავჭავაძის აზრს წიგნისა და ხმლის დროულობაზე. ხოლო მისი და ისახარის საუბარი ზებულონის მომავალ ბედ-იღბალზე მღვდლისა და პეტრეს საუბარს („გლახის ნაამბობს“) გვაგონებს.
გათათრებული მეფის მონოლოგი, სადაც იგი ქართველ ხალხს სდებს ბრალს მის გამუსლიმანებაში, ძალიან ჰგავს კონსტანტინე ბატონიშვილის მსჯელობას (ლევან გოთუა „გმირთა ვარამი“), მისი არგუმენტებიც იმდენად საფუძვლიანი ჩანს, რომ შეიძლება დაეთანხმო, თუმცა...
უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნაცნობი პასაჟები მწერლის მიერ შეგნებულადაა მოხმობილი, ეს ძველი აგურით ახალი შენობის აშენებას მაგონებს, ავტორის სურვილიც ალბათ ეს იყო, სხვა საქმეა თუ რამდენად მყარია ეს შენობა, რამდენხანს გაუძლებს დროთა დინებას, თუ მხოლოდ დროებითი საცხოვრებლის ფუნქცი აკისრია?
სტერეოტიპულია წერა-კითხვის უცოდინარი მღვდლის სახეც, არა მგონია ეს ბუნებრივი იყოს იმდროინდელ, თუნდაც გაუნათლებელი ქვეყნისთვის, ვფიქრობ, რომ ეს ერთგვარი ხარკია, რომელიც ქართულმა მწერლობამ გადაიხადა ათეისტური მსოფლმხედველობის წინაშე და რომანის ავტორიც შესაძლოა იძულებითი გადამხდელი შეიქმნა.
ჯემალ ქარჩხაძე პროფესიონალი მწერალია. მის ტექსტებში შემოქმედებითი ან საშემსრულებლო ხელოვნების პრობლემა თითქმის არ არსებობს. მწერალი იმას აღწევს, რაც სურს. თუნდაც ის ფაქტი, რომ ლიტერატურულ გმირთან ამდენი გვაბრძოლა და გვაკამათა, ესეც რომანის მხატვრულ ღირსებაზე მეტყველებს.
სხვა რამ მწერალს, ალბათ, არც მოეთხოვება.

დასასრული
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გია არგანაშვილი   Mon Mar 15, 2010 6:36 pm

ამ პიესას სცენური ცხოვრება უწერია: მანანა დოიაშვილის პიესა "თამაში რემარკის გარეშე"


ჩემი ბრალი ნამდვილად არ არის, ახალი მხატვრული ნაწარმოების წაკითხვამდე ერთგვარ გამოუცნობ შიშს რომ განვიცდი, წინასწარ ხომ არ ვიცი რა მოულოდნელობას მიმზადებს მწერალი, სასარგებლო ლიტერატურასთან მომიწევს შეხვედრა თუ მომხიბლავ სიცრუესთან, მაცდუნებლად შენიღბულ მანკიერებასთან, ყოველგვარი ნაკლის ახსნას და გამართლებას რომ ცდილობს.

განსაკუთრებით თანამედროვე ქართულ დრამატურგიას ვუფრთხი.

სამწუხარო გამოცდილება მახსენებს, რომ იქ (პიესაში) ჭეშმარიტი სათნოების ნაცვლად შეიძლება უმწეო პატიოსნებას წავაწყდე, ნამდვილი ცხოვრების ნაცვლად რომანტიკულ ბუტაფორიას ან ყოფით ნატურალიზმს, რომელიც ასევე უცვლელად გადადის სცენაზე და იქიდან დიდხანს, ძალიან დიდხანს სტანჯავს მაყურებლის გემოვნებას.

განუსჯელად ვერც შემფასებელთა აზრს ვენდობი, რადგან მას შემდეგ, რაც ჩვენში კრიტიკაც სამოქალაქო დაპირისპირების ასპარეზი გახდა, ბევრი კარგი ხელოვანი საკუთარმა ბიოგრაფიამ იმსხვერპლა, ზოგიერთს კი პარტიული დამსახურება და ღირსების გვირგვინიც შემოქმედებით წარმატებად ჩაეთვალა.

ვერც ბოლოდროს მომრავლებულმა ლიტერატურულმა კონკურსებმა და მარათონებმა დამარწმუნა, რომ პრინციპით "ცუდია, მაგრამ ჩვენიანია" დამკვიდრებულმა საარჩევნო სისტემამ, მხოლოდ უმაღლეს სახელისუფლებო დონეზე გაამრუდა სამართალი.

ის კი უნდა ვაღიაროთ, რომ ამგვარი შემოქმედებითი შეჯიბრის შედეგები მუდამ აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ზედმეტი ხმაური კი მკითხველის ცნობისმოყვარეობას აღვიძებს, თავისთავად არც ისაა ცუდი, თუ კონკურსის ორგანიზატორები ასეთი ფორმით ცდილობენ ლიტერატურის პოპულარიზაციას.

მანანა დოიაშვილის ახალი პიესისთვის "სარეკლამო რგოლი" პირველად ჟურნალ "კვალის" მიერ გამოცხადებულ კონკურსზე დატრიალდა. ხმა გავარდა, პიესა უსამართლოდ დაიჩაგრა, ჟიურის უფრო მაღალ შეფასებას იმსახურებდაო.

თავიდან ვიფიქრე, შეიძლება, ბამბა ჩხრიალებს-მეთქი.

გიორგი ლობჟანიძის და როსტომ ჩხეიძის მოსაზრებებს რომ გავეცანი პიესაზე (გაზეთი "ჩვენი მწერლობა") არ დავმალავ, მკითხველისათვის აუცილებელი კეთილგანწყობა უკვე მქონდა ამ ნაწარმოების მიმართ.

თუმცა, არ გამოდგა პიესა თავშესაქცევად საკითხავი და ვგრძნობ, არც საუბარი გამოვა ხალისიანი. მანანა დოიაშვილის პიესა "თამაში რემარკის გარეშე" ჟანრობრივად დრამაა (ვიწრო გაგებით). სიუჟეტი პოლიტიკური მმართველის ყოველდღიურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. პიროვნული კონფლიქტის ფონზე ნაჩვენებია ხასიათის განვითარების მრავალმხრივი პროცესი. ტრადიციული შეფასებით პიესის მთავარი გმირი არ არის დადებითი პერსონაჟი, თუმცა დღევანდელი გაგებით ის არც უარყოფითია, მისი მოქმედება შეიძლება განსაჯოს მკითხველმა, მაგრამ ის არ უნდა გახდეს მიბაძვის ობიექტი. რაც შეეხება პიესის სხვა პერსონაჟებს (ნესტანი - მეუღლე, მაგდა - საყვარელი, ხოზე - მეგობარი, ბებია და უმცროსი მამაო) მათდამი ინტერესს მთავარი გმირისადმი დამოკიდებულება განსაზღვრავს, ზოგიერთი მათგანი ნაწარმოების ბოლომდე ინარჩუნებს ინდივიდუალურ ხასიათს, ზოგი კი სტერეოტიპულ ჩარჩოში ეტევა. ისინი არც დიდი საკაცობრიო მიზნებისთვის მებრძოლი ადამიანები არიან და არც ძლიერი ნებისყოფითა და ვნებით გამოირჩევიან. ამიტომ მოქმედება მშვიდი და ნაკლებად ექსპრესიულია.

დარწმუნებული ვარ ნაწარმოების ამგვარი ზედაპირული ანალიზი სრულიად არ დააკმაყოფილებს თეატრმცოდნეთა (ფართო გაგებით) პროფესიულ ინტერესს, ვერც პიესის წაკითხვის სურვილს აღუძრავს (ამ წერილის მიზანი ხომ ეს არის) და თუ ეს მაინც მოხდა, თუ პიესას სცენური ცხოვრება უწერია (მე ამას ვისურვებდი), მაშინ ისინი (თეატრმცოდნენი) თვითონ უკეთ გაარკვევენ ნაწარმოების შინა არსს, გაშიფრავენ მეტაფორულ-ალეგორიულ კოდებს, დაადგენენ თუ რამდენად სცენურია სიტყვა, დიალოგი; დაცულია თუ არა წონასწორობა პროცესსა და ნიშნებს შორის, როგორია პიესის ზეამოცანა (გამჭოლი მოქმედება?!), როგორც წარმოსახვითი ხაზი მოქმედებისა და მისი საბოლოო მიზნისა... და როგორ მიექანება ის ფიზიკურ ქმედებათა სისხლძარღვებში...

სპექტაკლის განხილვაზე ალბათ ფსიქოლოგებსაც მოიწვევენ, ისინი გახსნიან პერსონაჟებს, ამისთვის მიმართავენ ფსიქოანალიზს, როგორც ლიტერატურული ნაწარმოების გაგების ყველაზე მარტივ და ეფექტურ ხერხს, შეაწუხებენ ფროიდს, ოლპორტს, ადლერს, როჯერსს, უზნაძეს, ნიცშეს; ახსენებენ ინსტინქტს, ქცევას, ნიშნების თეორიას, არასრულფასოვნების კომპლექსს, ძალაუფლების ნებას.

ასე მოხდება თუ პიესას სცენური ცხოვრება უწერია.

მანამდე მე მომიწევს რაღაც მსგავსის გაკეთება.

მანანა დოიაშვილის პიესა მართლაც ფსიქოლოგიური დრამაა, მხოლოდ არა ფსიქოლოგიზმის მეთოდოლოგიური კონცეფციის მიხედვით, რომელიც ფილოსოფიის, ლოგიკის, სოციოლოგიის, შემეცნების, ეთიკის, ესთეტიკის და სხვა დარგების ან კერძო მეცნიერების საბოლოო საფუძვლად ფსიქოლოგიას აცხადებს.

პიესაში იგრძნობა რომელიმე ფსიქოლოგიური სკოლის ან თეორიის გავლენა, თუმცა "გავლენა" ჩვენში ისეთი სახელგატეხილი ცნებაა, ჯობია ასე ვთქვათ, პერსონაჟთა თითოეული მოქმედება ფსიქოლოგიურად მოტივირებულია, დრამატულ ნაწარმოებში მეცნიერული (ფსიქოლოგიური) კონცეფციის მიხედვით შექმნილი სქემა, ლიტერატურული სახე, ხასიათი ან კონფლიქტი კი ამბის შინაგანი ლოგიკური თანმიმდევრობის მყარ საფუძველს ჰქმნის, მთავარია თუ როგორ მოხდება იდეურ-მხატვრული განზოგადება, ესთეტიკური ორგანიზაცია, იმ რთული ტექნიკური მექანიზმის დეტალების ხორცშესხმა, მომართვისთანავე რომ იწყებს მუშაობას.

მკითხველს სურს თავად დარწმუნდეს თუ როგორ ახერხებს ამას ავტორი?

შვილიშვილი (მთავარი გმირი) ბებიის წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს და დავით აღმაშენებლობაზე ოცნებობს.

მისი ოცნება ფანტაზიის თავისუფალი გამოვლინებაა, ოპტიმისტურად ილუსტრირებული, აქტიური და ქმედითი. "... აი დავით მეფე მინდა ვიყო, აღმაშენებელი და ჩვენი ქვეყანა მთლიანი იყოს... ვიჯდე საფიხვნოს თავში... ხალხიც იქვე, ირგვლივ მიმსხდარნი მისმენდეს გაფაციცებით დღედაღამე".

ოცნება სტიმულია რეალურ ცხოვრებაში გარკვეული მიზნებისთვის საბრძოლველად.

მაგრამ რა მანძილია ბიჭის ოცნებასა და იმ მოთხოვნილებებს შორის, საზოგადოება რომ ავალდებულებს თავის მომავალ წევრს, დიადი ოცნებების ფონზეც ბავშვი ხომ იძულებულია აღიაროს, რომ "... ძლივს პიონერი გახდა".

შეუსაბამობა წარმოსახვით და რეალურ ცხოვრებას შორის იმდენად დიდია, რომ შეთავსების მცდელობაც სასაცილო ხდება (ეს ერთადერთი ადგილია პიესაში, სადაც მკითხველს შეიძლება გულწრფელად გაეცინოს) როდესაც ბავშვის დაბნეული, მაგრამ ამავე დროს მოქნილი გონება დროთა დარღვეული კავშირის აღდგენას ცდილობს: "... მეჩქარება, ბებიკო, ჯართი უნდა შევაგროვოთ! მინდა სუყველაზე მეტი მივიტანო, ... მზე რომ შუბისწვერზე დადგება შინ ვიქნები".

დავით აღმაშენებელზე, "ვეფხისტყაოსნის" გმირებზე ფიქრი, გმირის მუდმივ ოცნებად რჩება, განუხორციელებელი სურვილები კი არაცნობიერ სფეროში ინაცვლებს და იქიდან განაგრძობს ცნობიერზე აქტიურ მოქმედებას შენიღბული კოდირებული ფორმით, ნევროტული სიმპტომების სახით.

პიესის ერთ-ერთ ეპიზოდში (პირველი სცენა საყვარელთან) ერთი შეხედვით ეროტიული, სქესობრივი მგრძნობიარობით აღბეჭდილი სასიყვარულო აქტი, ფსიქოლოგიური მეთოდით გამოხატული ლიტერატურული ხერხია, გმირის იმ ნაკლოვანების საჩვენებლად, რომელიც არაცნობიერის სფეროში განდევნილ მისწრაფებათა ირგვლივ ყალიბდება და რომელსაც არასრულფასოვნების კომპლექსი ჰქვია.

მკითხველისთვის კარგად ცნობილი, ჩვენში ესოდენ პოპულარული "კომპლექსის" ახსნა ავტორმა მთავარ გმირთან მიმართებაში ლამის ცდისპირის დონეზე დაიყვანა, ვფიქრობ ასეთი გადაწყვეტა შეგნებულად აირჩია, რათა უფრო თვალსაჩინოდ გამოეხატა პერსონაჟის ხასიათში გამოვლენილი ფსიქოლოგიური სამყარო, რომელიც გარემოსთან მიმართებით არის განპირობებული და ეპოქის კონკრეტულ-ისტორიულ თავისებურებებსაც აირეკლავს. გმირის ფსიქოფიზიოლოგიური ნაკლოვანებით (სქესობრივი უძლურება) გამოწვეულ მკითხველის ემოციას (აღშფოთებას?) კიდევ უფრო აძლიერებს სქესობრივი აქტის პროცესში "ვეფხისტყაოსნის" ტექსტის კითხვის (მოსმენის) მოთხოვნილება:

"კაცი - მთავარზე გადადი...

ქალი - ... მაღალი, უხვი, მდაბალი...

კაცი - ... გააგრძელე!.. კარგია!.. კარგია!

ქალი - მრავალყ, ბოდიში, ლაშქარმრავალი, ყმიანი..."

გაიდეალებული წარსული განუხორციელებელი ოცნებაა, დაუძლეველი კომპლექსია, რომლის კომპესაცია ხასიათის ან ქცევის საპირისპირო ნიშნების განვითარებას მოითხოვს. ეს წარსულის სრულ უარყოფას ნიშნავს. ეს საფრთხე უკვე ემუქრება ჩვენს ეროვნულ ცნობიერებას. ტრადიციული საზოგადოებისთვის იქნებ ნაკლებ მტკივნეული იყოს მასზე მსჯელობა (თუნდაც სცენაზე), ვიდრე იმ ტრაგედიის ცხოვრებაში განცდა, რომელიც ამ პიესის მიხედვით დაპირისპირებულმა ბრძოლამ (პიროვნული კონფლიქტი, უმცროსი მამაოს მკვლელობა) გამოიწვია.

ამავე ეპიზოდში გმირის წარმოსახვითი ფანტაზიით შექმნილი პრეზიდენტის ხილვის სცენაა. "... შურს, შურს ჩემი... მე... მე ის ვიცანი!.. ვიცანი!.. მაშინვე ვიცანი... ეს ის არის... ეგრე... ეგრე... ის არის ჩვენი პრეზიდენტი!!! ჩვენი პრეზიდენ!!! აუუუ!.. როგორ ვიცანი!.. რა კარგია!.." ემოციური, მხატვრულად უნაკლოდ და ზუსტად შესრულებული სცენური ეტიუდი მომეჩვენა, რომ ოდნავ ზედმეტი ფსიქოლოგიზმით ტვირთავს პერსონაჟთა მოქმედებას, მით უმეტეს, რომ ფსიქოანალიტიკური ვარაუდები, ფროიდის მოსაზრება განვითარების ფაზების შესახებ (კასტრაციის კომპლექსი, პენისის შური) ბევრი რამ ჯერ კიდევ არ დადასტურებულა ან უკვე არ დადასტურებულა.

პიესის სათაურზეც მინდოდა მეთქვა.

"თამაში რემარკის გარეშე", ორი დამოუკიდებელი სიტყვა "თამაში" და "რემარკი" მკითხველში თეატრის ასოციაციას აღძრავს (თამაში როგორც ესთეტიკური ფენომენი მხატვრული შემოქმედების, თეატრის მსგავს მოქმედებადაა მიჩნეული, რემარკი - ავტორისეული მითითება დრამატულ ნაწარმოებში) თუმცა მგონია, რომ ავტორის არჩევანი მხოლოდ ამ მიგნებით არ არის გამოწვეული.

ფსიქოლოგიაში თამაში ბავშვისთვის დამახასიათებელი პროცესუალური ქცევის ფორმაა, ბავშვისთვის თამაშის მიზანი თვით თამაშია. თამაში "წინასწარი ვარჯიშია" იმ მოქმედებისა, რომლის შესრულება ბავშვს მომავალ ცხოვრებაში მოუწევს.

ავტორმა ამ ხერხით (როდესაც ნაწარმოების სათაური მის იდეასაც გამოხატავს) წინასწარ მოამზადა მკითხველი, შეაჩვია იმ აზრს, რომ პიესაში პერსონაჟები კი არ ცხოვრობენ, არამედ ცხოვრებას თამაშობენ, თამაშობენ სიყვარულს და სიძულვილს, თამაშობენ ტკივილს და სიხარულს, თამაშობენ ოჯახობანას და სახელმწიფოებრიობას.

თამაში ვარჯიშია მომავალი მოქმედებისთვის, მანევრია ომის წინ.

პიესის მთავარი გმირი ამ ვარჯიშით გამოიწრთო, გაძლიერდა, დაძლია კომპლექსი (უმცროსი მამაოს სიკვდილის ფასად) ემოციებისგან თავისუფალი, გრძნობებისგან თავდახსნილი (უგრძნობელი) წინასაარჩევნო (ალბათ საპრეზიდენტო) კამპანიით გართული კანდიდატი ახლა უკვე მზადაა მომავალი ცხოვრებისთვის, გასავლელი მანძილი კი მას ასჯერა (სამასჯერ) აქვს გაზომილი.

პიესაში ცხოვრება-თამაში რემარკის გარეშეა წარმოდგენილი.

რემარკი დრამატული ნაწარმოების ტექსტში ჩართული მითითებაა, სადაც ავტორი მოკლედ აღწერს მოქმედების ადგილს, გარემოს ახასიათებს, პერსონაჟთა გარეგნობას, მათ საზოგადოებრივ მდგომარეობას.

ბავშვობაგამწარებულნი, კომპლექსიანნი, ამბიციურნი, თვითდაჯერებულნი, ფლიდნი, უზნეონი, გარეწარნი, ტაკიმასხარანი (ასე ახასიათებს მთავარ გმირს საკუთარი მეუღლე) - ყველა ამ ზემოთჩამოთვლილ ნაკლს კი ისე ვიყენებთ, სხვის ყველა ღირსებაზე მაღლა ჩანს - აი ამ ცხოვრების რემარკი, რომლის წინასწარ გამხელა არ ისურვა ავტორმა და პერსონაჟები შიშველი თოჯინებივით ჰაერში გამოკიდებულნი წარმოადგინა ჩვენს თვალწინ.

პიესა მრავალთემიანია. პატარ-პატარა თემები მდინარის შენაკადებს ჰგვანან, თავთავიანთ კალაპოტში რომ მოედინებიან და ბოლოს იმ ჭაობში იყრიან თავს, რომელსაც ქვეყნის სამასხარაოდ და ჩვენდა სამარცხვინოდ ჩვენც ცხოვრებას ვეძახით.

იმ შენაკადებს ღალატი, ფარისევლობა, სიცრუე, მანკიერება, უაზრო აწმყო და უიმედო მომავალი ჰქვია.

წარსულში რეპრესირებული ოჯახის ბედზეა საუბარი.

ბოლო წლებში ეს თემა ძალზე პოპულარული გახდა ჩვენს ლიტერატურაში. მრავალი დოკუმენტური მასალა გამზეურდა, რომანებიც დაიწერა, ნოველებიც, ლექსებიც, თუმცა საუკეთესო ნიმუშებიც ვერ გაცდა ლამაზი ეპიტაფიის (ხსოვნის) დონეს. ვერ განივრცო იმ დიდი ტრაგედიის შედეგი დღევანდლამდის, ვერ მოიძებნა ეპოქათა ის უხილავი კავშირი ჩვენი უღიმღამო ცხოვრების ერთ-ერთ პირველმიზეზსაც რომ აგვიხსნიდა.

თუ რეპრესიებში მხოლოდ დახვრეტას,გადასახლებას ან ციხის ტყვეობას არ ვიგულისხმებთ, თუ აზრის, სიტყვის, რწმენის, მოქმედების თავისუფლებას მოკლებულ თაობასაც რეპრესირებულად ჩავთვლით, მაშინ გასაგები იქნება თუ რატომ არ ვჯერდებით იმ სულიერ მემკვიდრეობას, რომელიც ჩვენმა უახლოესმა წინაპრებმა დაგვიტოვეს, რატომ ვდებთ ხიდებს უშორეს საუკუნეებთან, როცა ბურჯები უკვე ჩაშლილია, რატომ დავრჩით წარსულში თავშეფარებულ ერად (როგორც კაკლის ჩრდილში), რატომ არის რომ გმირსაც კი წარსულიდან ველით და არა მომავლიდან. ღვთითა და ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში კაცობრიობის ცხოვრება ისეა მოწყობილი, რომ ერთდროულად, ერთმანეთის გვერდით სამმა სრულფასოვანმა თაობამ (შვილი, მამა, პაპა) უნდა იღვაწოს, ადამიანი საკუთარ თავს ყრმად, ზრდასრულად და მოხუცებულად უნდა ხედავდეს, აწმყოდან ერთი ხელის გაწვდენაზე უნდა სუნთქავდეს ცოცხალი წარსული და ცოცხალი მომავალი, ეს ადამიანისთვის ნორმალური ცხოვრებაა, სრული ციკლია ჯანსაღი თაობის აღსაზრდელად, ბუნებრივი მონაცვლეობის შესანარჩუნებლად, მაგრამ თუ რაიმე მიზეზით, ერთი თაობა გამოაკლდა, თუ მოულოდნელად ჩატყდა კიბის ერთი საფეხური, ჩაწყდა ბიოლოგიური ჯაჭვის ერთი რგოლი, მაშინ გენეტიკური წყვეტილობის მაუწყებელი ზარიც არ დაჩუმდება, ვიდრე არ აღსდგება მემკვიდრეობითობის სრული ციკლი.

პიესის მთავარი გმირი რეპრესირებული ოჯახის შვილია, ბიჭის მშობლები რეპრესირებულნი არიან. მთელი თაობა რეპრესირებულია, გადასასვლელი ხიდი წარსულში არ არსებობს, ჩნდება უფსკრული, კულტურის, ტრადიციის ამოუვსები სიცარიელე, ბიჭს (უფროსი მამაო) დაკარგული აქვს აწმყო, ხოლო შვილს (მემკვიდრე, რომელიც ინგლისში სწავლობს და... გათხოვდა) წარსული.

თუ რა მომავალი ელის წარსულის გარეშე დარჩენილ თაობას, ამას მკითხველი პიესიდან შეიტყობს.

არ უნდა გამომრჩეს ერთი დეტალი. მთავარ გმირს პიესაში სახელი დაკარგული აქვს და მეტსახელით "მამაოდ" იხსენიება.

ყოველი ადამიანისთვის (ბავშვისთვის) საკუთარი სახელი მისი ინდივიდუალობის ერთ-ერთი მთავარი ნიშანია. სახელი პიროვნებასა და გარემომცველ სამყაროს შორის კონტაქტის დასამყარებელი აუცილებელი სტრატეგიული პუნქტია.

მთავარი გმირი ჰკარგავს სახელს, ჰკარგავს სტრატეგიულ პუნქტს, ჰკარგავს ინდივიდუალობის ნიშანს.

პიესაში ამას თავისი მიზეზი აქვს. ფსიქოლოგიურად მოტივირებული მიზეზი.

ბებიის ცხოვრების ტრადიციული წესი და აღზრდის მეთოდი ბიჭს ყოველდღიური ლოცვების შესრულებას ავალდებულებს, ის რაც ადვილი შესასრულებელია ოჯახში, სრულიად შეუძლებელია ათეისტურ საზოგადოებაში. ბიჭის განვითარება კი სოციალურად მიუღებელი ქცევიდან სოციალურად მისაღებ ქცევაზე გადასვლას ითხოვს, ცდილობს გულში ილოცოს, ვერ ახერხებს, თანატოლები დასცინიან, ბიჭი იტანჯება, თვით მეტსახელი "მამაოც" ხომ ბიჭის გულწრფელი გრძნობების აბუჩად აგდებაა, ხელისკვრასავით ბიძგია, რომ ისედაც წონასწორობადაკარგულს ერთადერთი საყრდენიც გამოაცალონ, ბიჭის წყენა შეუმჩნეველ აგრესიად გუბდება... საკუთარი ბავშვობის მიმართ, პიესის ბოლომდე ის აუცილებლად გაარღვევს ჯებირს და კალაპოტიდან გადმოვა.

მართლაც გულისშემძვრელია სცენა, სადაც მთავარი გმირი უმცროსს მამაოს, საკუთარ ბავშვობას, საკუთარ თავს დასტირის:

"... ბიჭო! გენაცვალე! არ დამღუპო! რა ვქნა? როგორ ვიცხოვრო უშენოდ?!.. მიდი მამაო, შენი ჭირიმე, ილოცე! ილოცე! ილოცე, მა-მა-ო! ხმამაღლა ილოცე!.. უფრო ხმამაღლა! ისე რომ ცა ჩამოიქცეს და ქვეშ მომიტანოს!.. მიწა გაიპოს და შიგ ჩამიტანოს!.. ცეცხლმა დამდაგოს და შენ, ოღონდ შენ კარგად მყავდე ბიჭო!.. ილოცე მამაო! ჩუმად შენთვის... თორემ თუ ვინმემ გაიგო დაგვცინებს! გესმის?.. გულში ილოცე... იჩურჩულე... ჩაეძინა... ძლივს! ჩუ! ჩუ! არ გააღვიძო... ეს მართალი ამბავია?"

ასეთ დროს ამბობენ, რომ ზღვარი წარმოსახვით და რეალურ სამყაროს შორის წაიშალა. ავტორიც თითქოს დაეჭვებულა "ეს მართალი ამბავია?" მართლა მოხდა მკვლელობა თუ ჩვეულებრივი ჰიპნოთერაპიული სეანსის მოწმენი გავხდით.

ნამდვილი ტრაგედია იყო - იტყვის მაყურებელი, თუ გმირში კერძო ადამიანი შეიცნო, თუ ამ კერძოში ერთ სახედ ჩამოყალიბებული ჩვენი თვალსაჩინო თვისებები დაინახა (ტიპი), საზოგადოებრივი ტენდენციების გამომხატველი ტიპური ხასიათი, ცოცხალი ადამიანების ხასიათი.

ამ პიესაში ტრაგედიის ელემენტი ტექსტის გარეთაა გატანილი და გარეშე მოქმედ გმირთან (მკითხველი, მაყურებელი) ურთიერთობის დროს ავლენს თავს, ის რაც კერძო ადამიანის ცხოვრებაში პიროვნული კონფლიქტია, დრამაა, საზოგადო ნაკლად გავრცობილი ტრაგედიის სახეს იძენს...

ცხოვრების მკაცრი რეალობა როდესმე ჩვენც გვაიძულებს, გავთავისუფლდეთ გულწრფელი განცდებისგან, უმწიკვლო გრძნობებისგან, სოციალური ვალდებულებებისგან. ვიმოქმედოთ მტაცებელი მხეცის უმწიკვლო სინდისით (ნიცშე)...

რადგან, ჩვენთვისაც ცხოვრება მხოლოდ შეჯიბრის ასპარეზია (ბებია: - მხოლოდ მეფეებს შეეჯიბრე...) საზოგადოება კი ძალის გამოცდის ობიექტი...

ჩვენც გვახასიათებს თანდაყოლილი კეთილშობილება ("რაც კარგები ვართ...") და არისტოკრატიული (დიდებული წარსული) წარმომავლობა.

თუმცა ეს მაინც ზოგადი მსჯელობაა, პიესას კი ეს არ უხდება. აქ პერსონაჟები კი არ საუბრობენ ამ თემებზე, არამედ თემებში ცხოვრობენ. ყოველი სიტყვა სულიერი განწყობილების შედეგად იბადება, ამიტომ დიალოგებში არაფერია ზედმეტი, პიესა დატვირთულია დიალოგთაშორისი ფსიქოლოგიური პაუზებით, ტექსტის სიღრმეში შეიძლება აღმოვაჩინოთ მოულოდნელი კონფლიქტებიც...

პიესა კარგი საფუძველია სპექტაკლისთვის, თუ მოხდება აზრის სცენური გამოსახვა, რეალიზაცია, თუ მოიძებნა შესაფერი სცენური მეტაფორა, ალეგორია, დეტალი, აქცენტი, თუ დიალოგები ფილოსოფიური სფეროდან შესაბამის მოქმედებით სფეროში გადაინაცვლებს, თუ მოიძებნა ფორმის იდეა...

ამ პიესას კიდევ ერთი ღირსება აქვს, რომელიც ლიტერატურულ პირველწყაროს ჩვეულებრივ არ მოეთხოვება, ესაა სპექტაკლის რიტმი, რომელსაც ნაწარმოებში ტრენაჟორის მოძრაობის სიჩქარე ჰქმნის (იგივე დილის ვარჯიში). ამ რიტმს თითქმის არა აქვს პაუზა, ეს ოცდაოთხსაათიანი სამუშაო დღის რიტმია, რომელიც ერთნაირი განცდით, დროის თანაბარი ინტერვალებით აღიქვამს სხვადასხვა ხასიათის და სიმძაფრის შეგრძნებებს, ინტიმურ გრძნობებს თუ კონფლიქტებს. ეს სპექტაკლის, ზოგადად კი ეპოქის მომქანცველი რიტმია.

ნაწარმოებში ლოცვას ფიზიკური ვარჯიშის მაუწყებელი დათვლა ენაცვლება. სიტყვებს "მშრალი რიცხვები" ებრძვიან, ეს მკითხველში პოეტურ ასოციაციებს იწვევს (გალაკტიონ ტაბიძე) შესაძლოა ამ შენიშვნამ დამატებითი სტიმული მისცეს რეჟისორის ფანტაზიას, რა თქმა უნდა, თუ...

მე მაინც ასე ვიტყვი, ამ პიესას სცენური ცხოვრება უწერია.


***

დაბოლოს, ისევ ლიტერატურულ კონკურსებზე, მარათონებზე, ჯილდოებზე და პრიზებზე.

"პრიზებს უბედურება მოაქვს. აკადემიური პრიზები, სათნოების პრიზი, მედლები, ყველა ეს ეშმაკისეული გამოგონება ბიძგს აძლევს პირმოთნეობას და თავისუფალ გულს ბუნებრივ მისწრაფებებს უყინავს. როცა ვხედავ, როგორ მოითხოვს კაცი საპატიო ჯვარს, თითქოს მესმოდეს მისი თხოვნა მეფისადმი: მართალია მე ჩემი მოვალეობა შევასრულე, მაგრამ თუ თქვენ ამის შესახებ ყველას არ ეტყვით, გეფიცებით, მეტს აღარ ვიზამო".

(შარლ ბოდლერი)

კარგია, რომ მანანა დოიაშვილისა ამ პიესას არავითარი პრიზი არ მიუღია, რადგან მჯერა, რომ მას უკეთესის დაწერაც შეუძლია.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გია არგანაშვილი   Mon Mar 15, 2010 6:38 pm

გამრიგე wrote:




***

დაბოლოს, ისევ ლიტერატურულ კონკურსებზე, მარათონებზე, ჯილდოებზე და პრიზებზე.

"პრიზებს უბედურება მოაქვს. აკადემიური პრიზები, სათნოების პრიზი, მედლები, ყველა ეს ეშმაკისეული გამოგონება ბიძგს აძლევს პირმოთნეობას და თავისუფალ გულს ბუნებრივ მისწრაფებებს უყინავს. როცა ვხედავ, როგორ მოითხოვს კაცი საპატიო ჯვარს, თითქოს მესმოდეს მისი თხოვნა მეფისადმი: მართალია მე ჩემი მოვალეობა შევასრულე, მაგრამ თუ თქვენ ამის შესახებ ყველას არ ეტყვით, გეფიცებით, მეტს აღარ ვიზამო".

(შარლ ბოდლერი)

კარგია, რომ მანანა დოიაშვილისა ამ პიესას არავითარი პრიზი არ მიუღია, რადგან მჯერა, რომ მას უკეთესის დაწერაც შეუძლია.

Arrow

cheers

მაგარია არგანი!

Wink
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ვაჟა ხორნაული
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 1351
Location : თბილისი
Job/hobbies : პოეტი
Humor : სანაქებო
Registration date : 09.12.08

PostSubject: Re: გია არგანაშვილი   Mon Mar 15, 2010 7:08 pm

ვერაფერს იტყვი-არგანი
ჯიგარია და მაგარი!


king cheers
Back to top Go down
View user profile http://www.urakparaki.ge/?m=7&WUID=1466
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გია არგანაშვილი   Tue Jan 11, 2011 10:48 am

გია არგანაშვილი

ხევისბერი გოჩა აიძულეს საკუთარი შვილი მოეკლა


ხევისბერი გოჩას ამბავი ავტორისთვის სიტყვა-სიტყვით უამბნია მოხუც მოხევეს ღინჯა ხულელს.
ამის შესახებ თვითონ ალექსანდრე ყაზბეგი წერდა. აქ, რა თქმა უნდა, გადამეტებულია მინიშნება “სიტყვა-სიტყვით”, ისე კი არავითარი მიზეზი არ არსებობს, რომ ნათქვამის სიმართლეში ეჭვი შევიტანოთ, რადგან ამ ისტორიის ხალხური ვერსიებიც არსებობდა და ღინჯა ხულელიც რეალური პიროვნება იყო. მის პორტრეტს ავტორი “ელგუჯაში” გვიხატავს: “... ეს იყო მთაში განთქმული მეფანდურე და ჭკუამახვილი, გრძნობით სავსე მოლექსე, მაშასადამე, ყველასგან პატივცემული და საყვარელი სტუმარი. ტკბილი მოსაუბრე, ამაღლებული გრძნობით აღსავსე, მოაზრებული ღინჯა ყოველი სიმის ჩაკვრაზედ ფანდურს ისეთ ხმას აღებინებდა, რომელიც კაცს გულს უწურავდა, ჟრუნტელს აღუძრავდა და ოფლს დაასხამდა”.
ასეთ კარგ მთხრობელს მართლაც შეეძლო დრამატული ამბის შესაბამისი განცდა ეგრძნობინებინა მკითხველისათვის.
მაინც, რა უამბო ღინჯა ხულელმა ალექსანდრე ყაზბეგს?
ამის შესახებ შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ. ჩვენი მსჯელობა ტექსტის იმ ხალხურ ვარიანტებს ეყრდნობა, რომელიც ალექსანდრე ყაზბეგის კრებულშია (1955წ. “საბჭოთა მწერალი”) შეტანილი.
აქ სამი ვარიანტია წარმოდგენილი. მესამე ვარიანტის (მთქმელი აბრამ ოდიშვილი) ხალხურობა ნაკლებად დამაჯერებელია, რადგან ის თითქმის მთლიანად იმეორებს ლიტერატურულ ვერსიას (მხოლოდ პერსონაჟთა სახელებია ხალხური ვარიანტიდან აღებული). გარდა ამისა, აბრამ ოდიშვილი თავს ყაზბეგის მწყემსობის ამხანაგად აცხადებდა. რაც გვაფიქრებინებს, რომ მისი მონათხრობის თავდაპირველი საფუძველი სწორედ ლიტერატურული ტექსტი
იყო.
დანარჩენი ორი ჩანაწერის მიხედვით, ონისეს (ვანისეს) გუგუა (გაგაი), ძიძიას (მათიკოს) ქმარი ჰკლავს.
გამოდის, რომ ხევისბერი გოჩას მიერ, საკუთარი შვილის მკვლელობის ვერსიას არცერთი ფოლკლორული ვარიანტი არ იცნობს და ეს ძნელადსააღსარებო ცოდვა მთლიანად ავტორის სინდისზეა.
საერთოდ, თავის მოთხრობებში ალექსანდრე ყაზბეგი თითქმის ყოველთვის ამძიმებს სიტუაციას. ამას პერსონაჟთა თვითნებური მოქმედებაც ემატება, რასაც ავტორი, მკითხველთან ერთად შორიდან ადევნებს თვალს და აღტაცებას ვერ მალავს, თუ როგორი ოსტატობით, საყოველთაო წესისა და რიგის დაურღვევლად, სძლევენ ისინი ავტორის მიერ შექნილ ხელოვნურ წინააღმდეგობებს.
ალექსანდრე ყაზბეგი თითქმის არ ჰქმნის ლიტერატურულ ტიპებს. მისი პერსონაჟები, საკუთარ გარემოს მოწყვეტილი ბიბლიური, უფრო ხშირად კი ლიტერატურული გმირები არიან, რომლებიც დროისა და სიტუაციის შესაბამისად იცვლიან სახეს, ისე რომ ხანდახან მათი ცნობაც კი გვიჭირს.
ამ მხრივ, არ “ხევისბერი გოჩაა” გამონაკლისი. თუმცა, ვიდრე ამ მოთხრობის პერსონაჟებს გავეცნობით, ხევის სამართალზე უნდა ვისაუბროთ.
თემის მარლმსაჯულებას ხალხის მიერ არჩეული კაცები (მსაჯულები, ხევისბერი) ანხორციელებენ. ხოლო ხალხი, როგორც ღვთის უზენაესი ნების (ხმა ღვთისა და ხმა ერისა) გამომხატველი, იმავდრულად, განაჩენის აღმსრულებელიცაა, რათგან თემს არა ჰყავს სასამართლოს გადაწყვეტილების აღმსრულებელი (ჯალათი), სასჯელიც ფორმაც (ჩაქოლვა, მოკვეთა) მისი აღსრულების შესაძლებლობას (კოლექტიური ქმედება) ითვალისწინებს.
მსაჯულთა საბჭო (ხევისბერთან ერთად) ისმენს მოწმეთა ჩვენებას, მსჯელობს დანაშაულის გარემოებებზე და უფლებას აძლევს დამნაშავეს თავი იმართლოს.
უმაღლესი მსაჯული, ხევისბერი საბოლოო განაჩენს აცხადებს და თემისაგან მისი აღსრულების თანხმობას ითხოვს.
თუ თემი არ ეთანხმება მსაჯულთა გადაწყვეტილებას, მაშინ ხალხის ნება იმარჯვებს და არ არსებობს მართლმსაჯულების უფრო მაღალი ინსტანცია, სადაც დამნაშავე განაჩენის გასაჩივრებას შეძლებს.
ამ წესის მიხედვით ასამართლებენ “ხევისბერ გოჩაში” ორ ოსსა და გუგუას. ოსების დანაშაული სახეზეა. ისინი ხევის წინაშე ღალატს აღიარებენ და მზად არიან ახალი დანაშაულიც (ხევისბერზე თავდასხმა) ჩაიდინონ, თუ მათ ამის საშუალება მიეცემათ.
გუგუას არ უმტკიცდება დანაშაული (პროცესზე ის დუმილის უფლებას იყენებს). თუმცა, ეს ხელს არ უშლის საბჭოს, ნაწილობრივ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს და მოხევე თემიდან მოიკვეთოს.
გუგუას მიმართ განაჩენის გამოცხადებამ მაპროვოცირებელი გარემო შექმნა ნამდვილი დამნაშავის გამოსავლენად. საბჭოს წინაშე აღიარებითი ჩვენებით უმაღლესი მსაჯულის შვილი გამოდის. თუმცა, ონისეზე ჯერ არაფერი გვითქვამს...
ვინ არის ონისე და რა ბრალი მიუძღვის მას ხევისა და თემის წინაშე?
ონისე გავლენიანი და შესაბამისად მდიდარი ოჯახის შვილია. თანატოლებისგან ის ჩაცმულობითაც გამოირჩევა, რადგან მისი ტანსაცმელი მთლად ოქრო-ვერცხლითაა შეჭედილი.
გამორჩეულობა ძნელად სატარები ტვირთია მთაში. (იქ დღესაც საწყევარ სიტყვად ითვლება _ გამორჩეული). გარეგნული ბრჭყვიალება კი ერთადერთი როდია, რაც მას, მამისა და ოჯახის მდგომარეობის გათვალისწინებით, უპირატესობას აგრძნობინებდა სხვების წინაშე. დაუმსახურებელი უპირატესობის განცდას კი შეუძლებელია ონისეს ხასიათისთვის თავის კვალი არ დაემჩნია.
გავიხსენოთ მისი მდგომარეობა ძიძიასთან შეხვედრის წინ:
“... ონისეს კი რომ ქორებრივი თვლი გაეყარა ვისთვისმე განურჩევლად, ვინც უნდა ყოფილიყო ისა, ოღონდაც არის მის თვალებსაც ელვარება ჰქონოდა, ტუჩებს მიმზიდველობა, ლოყებს სიყმაწვილის ელფერი და გულს სისხლის ამაჩუხცუხებელი ძალა”.
ონისეს გული თავისუფალია. ამ ახალგაზრდა კაცს ხევში თავისი სწორი და ფერი ვერ უნახავს და სიყვარულს მოწყურებული, ახლა მხოლოდ შესაფერის ობიექტს დაეძებს...
და სულერთია, თუ ვინ იქნება ის?!
მკითხველისთვის ამგვარ საორჭოფო მდგომარებაში ჩავარდნილი ონისე, ბუნებრივია, პირველივე შესაძლებლობას იყენებს და რაწამს ძიძიასთან მარტო რჩება მარხილში... აღარ გვიკვირს, ასე იოლად რომ დაიწყო მათი ურთიერთობა.
ონისეს სიტყვა-პასუხში (ხაზუასთან) იგრძნობა ერთგავარი ქედმაღლობა და თავმომწონება თავისი ვაჟკაცობის (თუ მდგომარეობის) გამო: “ _ვინც მაგას აწყენიებს, იმას ჩემთან ექნება საქმე და ღვთის მადლმა ჩემთან მასხარაობას კი არცვის ვურჩევ”.
მიუხედავად ასეთი ქადილისა, მან ვერ შეძლო ძიძიას დაცვა. ქალმა ტრაგიკულად დაასრულა ცხოვრება. ხოლო, ონისე, გახდა მიზეზი მისი უბედურებისა..
თუმცა, ხასიათის ეს თვისება ნაწილობრივაც ვერ ავსებს ონისეს პორტრეტს, მაგრამ სრულიად შეიცვლება სურათი თუ ვიტყვით, რომ ბედისწერის ჩაკეტილ წრეში კლასიკური ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გრძნობადი პერსონაჟი ტრიალებს...
მკითხველს შევახსენებ, რომ რუსთაველის შემდეგ, ქართული ლიტერატურა არ იცნობს ონისესავით გახელებულ მიჯნურს.
თუმცა, მარტო შეხსენება არ კმარა. მკითხველიც თუ გაიზიარებს ამ მოსაზრებას, იმის ახსნაც მოგვიწევს, თუ რას მატებს ონისეს სახეს ამგვარი დაშვება?
იცვლება ხედვის წერტილი, განუზომლად იზრდება მოქმედების მასშტაბი, საკაცობრიო სიმაღლემდე ადის ხეობაში ვერდატეული ადამიანური ვნება და შვიდსაუკუნოვანი წყვეტის ფონზეც აშკარად იგრძნობა დაკარგული ჰარმონიის ძიების სურვილი.
“ონისე ოხრავდა, ქშინავდა, მოსვენება ვერ ეპოვა და დაჭრილს ლომსავით გამედგრებული გმინვით დადიოდა მთა-ბარად”.
ასეთია ტარიელივით ველად (ფშავში) გაჭრილი, შინაგანი წინააღმდეგობით სავსე, ონისეს სულიერი მდგომარეობა.
ონისეს არ გამოუჩნდა კაცი, რომ ხელი ჩაეჭიდა და და სამშვიდობოს გაეყვანა. ორი სხვადასხვა ეპოქის შედარებითი ანალიზი, უსამართლო საზოგადოებრივ გარემოში, ადამიანის უპერსპექტივო ყოფასაც აჩენს. ეს კი ისაა, რაც ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებისთვის დამახასიათებელ ტრაგიზმს იწვევს, როგორც ტექსტის შიგნით, ისე, მის გარეთ, ავტორთან დამოკიდებულებაში.
თუმცა, ეს უფრო ვრცელი თემაა...
ონისეს დანაშაულებათა ნუსხა ასე გამოიყურება: ხელისმომკიდეობის ინსტიტუტის შეეურაცხყოფა, სხვა კაცის ცოლთან სამიჯნურო ურთიერთობის გაბმა და საკუთარი მოვალეობისადმი ღალატი, რამაც ქვეყნისთვის საგანგებო სიტუაციაში (ომი) ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია.
ონისე თავგანწირვით ცდილობდა დანაშაულის გამოსყიდვას (ბრძოლის ეპიზოდი). სასამართლოზე კი, სადაც გუგუას მკაცრი განაჩენი გამოუცხადეს, სინდისის მხილებას ვეღარ გაუძლო და თავის ბრალზე ალაპარაკდა:
_ ... რაიღა დავმალო?... მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზედა. ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა ...
არავინ იცის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, საბჭოს, გუგუას მიმართ, მკაცრი განაჩენი რო არ გამოეტანა.
თუმცა, ყველაფერი საათივით აეწყო და ქართული ლიტერატურის ისტორიას მართლაც საინტერესო ფრაზა შეემატა, რომელიც ყველა დროში, უსამართლობის მიმართ პროტესტად ხმიანდება:
“ _ შესდეგ! ხევისბერო! გუგუა მართალია!”
ონისემ აღიარა დანაშაული. საძიებო და გასარკვევიც აღარაფერი დარჩა. სასამართლოს შეუძლიათ განაჩენის გამოსატანად გავიდეს. თუმცა მანამდე მამის სახე უნდა დავინახოთ, რომელიც ჯერ გონზე არ მოსულა და ერთიანად აცახცახებული ყვედრებით მიმართავს შვილს:
“_ მაშ ეგრე გაიგონე ჩემი დარიგება? წყეულიმც იყავ, ყველასგან მოძულებულო, დედ-მამის საფლავიდან ამომგდებო!... რა სასჯელი არის, რომ შენ გადაგიწყვიტოთ!...
მაინც რომელ დარიგებას ახსენებს მამა შვილს? რომელს ანიჭებს ამ შემთხვევისთვის უპირატესობას? გოჩას დიდაქტიკური მორალი, რომლითაც ის თავისი შვილის აღზრდაში ხელმძღვანელობდა, ხომ ერთ ფრაზაში ეტევა:
“_ვინძლო, ქვეყანა არ გააცინო!”
_ ვინძლო, სალექსოდ არ გაეხადა ონისეს საქმე...
ონისემ კი ქვეყანა გააცინა. სალექსოდ გაიხადა საქმე, არა თავისი გაუფრთხილებელი საქციელით, არამედ თავის უუნარობით, შებრძოლებოდა იმ გრძნობას, რომელსაც ერთნაირად უშლიდა როგორც საღვთო, ისე საზოგადოებრივი მორალი.
სწორედ ეს აშინებდა გოჩას.
ხევისბერმა კარგად იცოდა, რომ ეს ბრძენი ხალხი, თავგანწირული მხედრობა, ხვალ მოყაყანე, მოლიზღარ ბრბოდ გადაიქცეოდა და ხევისბრის ოჯახს თვალიდან დირეს ამოაცლიდა.
ხალხს უფლება ჰქონდა დაეცინა გოჩასთვის, რომელმაც საკუთარ ოჯახში ვერ შეძლო თავისი მორალის განხორციელება, რასაც მთელ თემს ასწავლიდა და მოძღვრავდა.
ონისემ კაცობა შეირცხვინა. ჩვენ ვიტყვით, რომ მან ვერ გაუძლო სიყვარულის ყოვლისმომცველ ძალას, ხალხი კი უფრო უბრალოდ განმარტავს, _ონისე საკუთარ სურვილს დაემორჩილა, ონისემ საკუთარ “ქეიფზე” იარა...
მამა შვილს აყვედრის ყველაფერს, რაც კი ოდესმე მისთვის გაუკეთებია. თუმცა, კი კითხვა: “_ რა არის სასჯელი, რომ შენ გადაგიწყვიტითოთ”, _ მაინც რიტორიკულად ისმის, კონკრეტულად არავის მიემართება და პასუხასაც არავისგან ელის...
თუმცა, ხევისბერის კითხვა მთლად უმისამართოც არ არის. ის მიმართავს უზენაეს, რათა შთააგონოს საკუთარი ნება. ის რასაც ხევის მშვიდობიანობა მოითხოვს. მოხუცი პასუხს იღებს და მსაჯულებს უფლის ნებას უფლისავე სიტყვებით ამცნობს.
“მოძმეთა სისხლი ცაში ღმერთს შესჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს”.
მკითხველს “დაბადებიდან” გაახსენდება ღმერთის სიტყვა კაენისადმი:
“_ აბელის სისხლი ცაში შემომჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს...”
ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებაში მეტად იგრძნობა ბიბლიურ ტექსტებთან სიახლოვე. თუმცა, ეს გავლენა იმდენად ორგანულია, რომ მკითხველს უჭირს გამყოფი ხაზის მოძებნა, სად მთავრდება ბიბლიის ციტირება და სად იწყება მწერლის შემოქმედება.
ხევისბერი ონისეს დანაშაულს კაენის ცოდვას ადარებს, ღვთის სიტყვებს იმოწმებს და მსაჯულებს მკაცრი განაჩენის მიღებისაკენ მოუწოდებს:
“_ გადასწყვიტე, თემო! “ _ მიმართავს საბჭოს.
ხევისბერი დარწმუნებულია, რომ საბჭო გაუძლებს მისი ავტორიტეტის სიმძიმეს და მოძმეთა დაღვრილი სისხლის წილ, სამართლიან მსჯავრს დადებს სასწორის მეორე მხარეს.
ონისეს აღსარებიდან ყველაზე მეტი გოჩამ (და გუგუამ) შეიტყო. ის დარწმუნდა, რომ ონისეს დანაშაულის მიზეზი, სწორედ მოვალეობისადმი გულგრილი დამოკიდებულება გახდა, რის შესახებაც ყოველთვის აფრთხილებდა შვილს:
“ _გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ და კაცი ტანჯვისთვის არის გაჩენილი”
მართალია, ონისეს თემი არ გაუყიდია, _ ეს გოჩამაც იცის, მაგრამ ნამუსი დაივიწყა, _ ეს კი მხოლოდ გოჩამ და გუგუამ იციან.
რა იცის თემმა მისი შვილის დანაშაულის შესახებ? მხოლოდ ის, რაც ონისემ თვითონვე აღიარა: “ _ რაღა დავმალო? მოძმეთ ცოდო მე მაძევს კისერზე, ჩემი ბრალია მათი გაწყვეტა... მე დავკარგე გონი, მტერი მე გამომეპარა.”
ამის ცოდნა კი სრულიად საკმარისი საფუძველია იმისთვის, რომ მსაჯულებმა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი განაჩენი გამოიტანონ.
“კარგა მღელვარებისა და ჩოჩქოლის შემდეგო” _ ამბობს ავტორი და იგულისხმება, რომ ამ ხნის მანძილზე ხევისბერი მორჩილად ელოდა გადაწყვეტილებას. ხოლო მსაჯულთა საბჭო მსჯელობდა და საბოლოო სიტყვის სათქმელად ემზადებოდა.
და აი, თემის თავნი მიუახლოვდნენ გოჩას:
“_ გოჩავ! შენს შვილს ხევი არ გაუყიდნია... მხოლოდ ყმაწვილკაცობას გაუტაცნია და თავდავიწყებაში ჩაუგდია...”
ახლა ყველაზე საინტერესო გოჩას პასუხია, მაგრამ ერთი წუთით გავაჩეროთ კადრი და იქვე სამსხვერპლოზე, დასაკლავი ცხვარივით მორჩილად მდგარ ონისეს შევხედოთ.
თუ მკითხველს შეუძლია მის სახის წარმოდგენა, მას არც იმისი მიხვედრა გაუჭირდება რას ჩაიდენს ონისე იმ შემთხვევაში თუ ხევისბერი მსაჯულთა გადაწყვეტილებას დაეთანხმება.
პირდაპირ ვიკითხოთ, ეყოფოდა ვაჟკაცობა ონისეს, რომ თავისი შერცხვენილი სახელი, გუგუას მსგავსად, სისხლით გამოესყიდა?
ჩვენ მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ვიდრე გოჩა სიტყვებს დაეძებდა თავისი მრისხანების გამოსათქმელად, სიუჟეტის ამგვარად გაგრძელების ალბათობა მაინც არსებობდა, რადგან ახლა ონისეს სულიერი მდგომაროებას ყველაზე ზუსტად ეს სიტყვები ამჟღავნებს:
“...უფალი დიდი ყოფილა!... დღენი მომეწამლა, სიცოცხლე გამიშავდა, გულში მეტი შხამი ჩაესხა...დავდიოდი, ვჭამდი, ვსვამდი, მეძინა, თუ მეღვიძა _ ვერ გამეგო...ყველა შავად, ნაღვლიანად და მწარედ მეჩვენებოდის... წყალ-ტიალას რაღამ შეუცვალა გემო?! მზისთვის ვერ შემიცქერია, მთვარესთვის ვერ მიმიხედნია, მრცხვენის...მრცხვენოდის... ჩემი ჩრდილის დანახვაც კი მარცხვენდის...
თუმცა, ეს მონოლოგი “სხვა” ონისეს (“მოძღვარი”) ეკუთვნის, მაგრამ ალექსანდრე ყაზბეგის შემოქმედებისთვის შემთხვევითი არც სახელების დამთხვევაა და არც დანაშაულის სიმძიმის ქვეშ გასრესილი ადამიანის ხვეწნა-მუდარა, ხსნის ერთადერთ გზად სიკვდილი რომ დაუსახავს:
_ მომკალ, მომკალ! _ დაიძახა იმან გახარებულმა და მკერდი უფრო მეტად გადაიწია.
თუ ეს სურათი, ბუნებრივად არ ჯდება ამ მოთხრობის ფინალში, იმის თქმა ხომ თამამად შეგვიძლია, რომ სასამართლოს მოედანზე, სადაც ორი სიმართლე (თემის და ხევიბერის) დაუპირისპირდა ერთმანერთს (როსტომ ჩხეიძე “ყაზბეგიანა”), ონისე მამის მხარეს იდგა.
მაშ ეს მსაჯულები რას მიედებ-მოედებიან? რა ყმაწვილკაცობა, რის თავდავიწყება, ონისეს საქციელმა ამდენი თანამოძმის სიცოცხლე შეიწირა და საბჭოს წევრები მის გამართლებას აპირებენ?!
განა, ამას ელოდა ხევისბერი, როცა თვითონ განზე გადგა (რადგან ინტერესთა კონფლიქტი არ აძლევდა უფლებას სასამართლო პროცეში მონაწილეობა მიეღო) და დამნაშავის გასამართლება მსაჯულებს მიანდო?
იქნებ, მართლაც ასე ფიქრობს თემი? იქნებ, ყმაწვილკაცური გატაცება და ამის გამო თავდავიწყება (თავის დაკარგვა), მართლაც შემამსუბუქებელი გარემოებაა კაცისთვის, ისეთი მძიმე შედეგის შემთხვევაშიც, როგორიც ადამიანთა მსხვერპლია?
ნაკლებად სავარაუდოა. ონისე რომ ხევისბერის შვილი არ ყოფილიყო, საბჭო ალბათ უფრო მკაცრ განაჩენს გამოიტანდა დამნაშავის მიმართ. სამართლიანი მსჯავრს კი იქნებ დაემშვიდებინა კიდეც მოხუცის სინდისი.
ონისეს დანაშაულის ყმაწვილკაცობით გამართლება, რაც ხევის მშვიდობიანობის შენარჩუნებას ისახავდა მიზნად, მდგომარეობის განმუხტვის ყველაზე უსუსური მცდელობა იყო მსაჯულთა მხრიდან. სწორედ, მათმა გადაწყვეტილებამ აიძულა ხევისბერი თავად გამოეტანა მსჯავრი და თავადვე განეხორციელებინა.
როდესაც დავით წინასწარმეტყველის შვილმა აბესალომმა მამას და ქვეყანას უღალატა, ჯარის უფროსმა იოაბამმა, მამის თხოვნის მიუხედავად აბესალომი მოკლა.
ხევის მსაჯულებმა კი ვერ გაბედეს იოაბამის საქციელის გამეორება. თუმცა, ამას მამა, ხევისბერი ითხოვდა:
“_მით უფრო მეტი საბუთია, რომ მკაცრად გადახდეს... კაცს ულვაში ნამუსისთვის გამოუვა... ონისე ეხლავე მკვდარია... მაგის სასჯელი ცეცხლში დაწვაა!
აჰა, მამისა და უმაღლესი მსაჯულის საბოლოო სიტყვა. იქნებ, ახლა მაინც მიხვდნენ მსაჯულნი, რომ ვერც ხევის სამართალს გაამრუდებენ და ვერც ხევისბრის სახელოს შეურაცხყოფენ, ასე ადვილად...
მაგრამ მსაჯულები მხოლოდ გოჩას დამშვიდებას ცდილობენ.
მსაჯულები თავს არიდებენ მძიმე პასუხისმგებლობას და უკვე აშკარად ღალატობენ თავიანთ მოვალეობას.
უმრავლესობის მხრიდან მოვალეობისადმი თავის არიდება, ცალკეული ადამიანებისგან თავის გაწირვას ითხოვს.
ახლა გოჩამ უნდა გაწიროს თავი, რათა, თემის უპასუხისმგებლო საქციელი, საკუთარი თავგანწირვით გადაფაროს.
“_გოჩაუ, _ სცადეს მოხუცის შეყენება...”
გოჩა გაცეცხლებულია, კიდევ უფრო მეტად მსაჯულთა საქციელით...
“ _ უნდა მოკვდეს, შეუბრალებლად..”
დრო აღარ ითმენს, კიდევ მცირედი დაყოვნება და ტრაგედია შეიძლება ფარსად იქცეს.
“ და თუ თქვენ ვერ გაგიბედნიათ სამართლიანად მოიქცეთ... მე მიყურეთ...”
მსაჯულებმაც ნახეს, რომ გოჩამ ის გაბედა რაც მათ ვერ გაბედეს. თემმა, თავისი გაუბედაობით, ხევისბერი დაღუპული თანამოძმეების, შერცხვენილი გვარის და ოჯახის, შეურაცხყოფილი მამის შურისმაძიებლად აქცია.
მოხუცის შეჩერება ვერავინ შეძლო.
აქვე შევნიშნავთ, რომ არც ონისეს უცდია მახვილის არიდება.
იღუპება ონისე, გოჩა, ძიძია, გუგუა...
რჩება თემი და მისი რჩეული წარმომადგენლობა (ბომონდი), რომელიც მანამდე ამჟღავნებს ბელადისადმი პატივისცემას, ვიდრე ის საბედისწერო ზღვარს გადალახავს, ვიდრე ის ქვეყნის სასაცილო გახდება, რათა შემდეგ, ისეთივე წარმატებით დააყაროს თავზე ნაცარი, როგორც მანამდე გუნდრუკს უკმევდა.

study

წყარო - http://lib.ge/body_text.php?9592
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2015 12:54 pm

გია არგანაშვილი

საათში ჩარჩენილი დრო

„თქვენ ბედნიერები ხართ, ადამიანებო! მე დიდხანს ვფიქრობდი, რატომ ხართ ბედნიერები და მივხვდი. სამყარო შეიფერეთ, გახადეთ ის იმოდენა, რამოდენაც თქვენთვის იყო საჭირო. თქვენი სურვილები, თქვენი ფენომენი შეუფარდეთ თუ შეაფარდეთ იმ შესაძლებლობებს, რასაც ეს დედამიწა აიტანდა. თქვენ ზუსტად იმოდენები ხართ, რამოდენებიც უნდა ყოფილიყავით. ქარიც კი, მთაც კი, ველიც კი იმ სიძლიერისაა, რომ არ წაგიღოთ, იმსიმაღლეა, რომ ვერ ახვიდეთ, ისეთი მშვენიერია, რომ ბედნიერი იყოთ."
ერლომ ახვლედიანი „კოღო ქალაქში“


მთელი ზაფხული ვკითხულობდი ერლომ ახვლედიანის ამ რომანს და მივხვდი, რომ მას შეუძლია მკითხველი საკუთარ ბედნიერებაში დაარწმუნოს. ბედნიერება კი (თუ ავტორის აზროვნების სტილს დავესეხებით), უცნაური რამ არის, ის არსებობს. სწორედ ისე, როგორც არსებობს სიცოცხლე და სიკვდილი, და რომ „სიკვდილი სიცოცხლე არ არის -ეს ყველამ იცის. ვინც არ იცის, დრო მოვა და გაიგებს“.
ქართველი მკითხველი (და არა მხოლოდ ქართველი) უკვე მიეჩვია ერლომ ახვლედიანის აზროვნების უცნაურ სტილს. ამისთვის მას ორმოცდაათ წელზე მეტი ჰქონდა. ეს ის დროა, რომელიც ერლომ ახვლედიანის ბოლო რომანს „კოღო ქალაქში“ მის პირველ მხატვრულ ტექსტთან „ვანო და ნიკო “აშორებს.
ვკითხულობ ახალ რომანს „კოღო ქალაქში“ და ვეძებ „ვანო და ნიკოსთან“ კავშირს ისე, როგორც მწერლის ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის და რა საკვირველია, თუ ვპოულობ, რადგან ერლომი სწორედ „ვანომ და ნიკომ“ დააბერა და მას შემდეგ ის აღარ შეცვლილა. აქ, ახალ რომანში კი გია („კოღო ქალაქში“} ნიკოსავით („ვანო და ნიკო“) ჭკვიანია, ხოლო ლია („კოღო ქალაქში“) ვანოს („ვანო და ნიკო“) ჰგავს, ის ჭკვიანი არ არის. საერთოდაც, ერლომის მხატვრულ სამყაროში ოპზიციურ წყვილს არა ბოროტი და კეთილი, არამედ ჭკვიანი და სულელი ჰქმნიან, სადაც სულელები ძალიან განიცდიან, რომ ერთხელ დაიბადნენ და ისიც ასეთი სულელები. აი, ჭკვიანებს კი მართლაც გაუმართლა, რადგან ჭკვიანები დაიბადნენ.
(აქვე ვიტყვი, რომ ლიას („კოღო ქალაქში“) ავტორის მზერა აქვს (ვინც ერლომს იცნობდა, დამემოწმება). ის ყველაფერს ისე უცქერს, თითქოს პირველად ხედავდეს. ასეთი მზერა ანახლებს სამყაროს, თითქოს ის ეს-ესაა შეიქმნა - შენიშნავს ავტორი.
რომანი წიგნად 2010 წელს გამოიცა (გამომცემლობა „სიესტა“). ხოლო 2011 წელს საუკეთესო რომანის ნომინაციაში ლიტერატურული პრემია „საბას“ პრემია დაიმსახურა.
წიგნზე საგანგებოდ შევჩერდები, რადგან ეს ნამდვილი წიგნია და არა მხოლოდ ყდებში ჩასმული რომანი. ამას ხაზგასმით აღვნიშნავ, რადგან ყოველწლიურად ჩვენში უამრავი მოთხრობა, ლექსი, ნოველა, რომანი, გამოდის. გამოდის მაგარ ან თხელ ყდებში, მაგრამ მათი უმრავლესობა ჯერ წიგნი არ არის. ისინი მხოლოდ ყდებში ჩასმული მხატვრული ტექსტებია. ეს ტექსტები რომ წიგნად იქცეს მას, სულ მცირე, თან უნდა ერთვოდეს ლიტერატურული ექსპერტის აზრი ამ წიგნის შესახებ. ეს თანდთან უფრო აუცილებელია ხდება, რადგან მკითხველს უჭირს მხატვრულ ტექსტში გარკვევა. უჭირს კოდირებული ინფორმაციის ახსნა. აღარფერს ვამბობ იმის შესახებ, რომ ერთად შეკრული და გამოცემული შიშველი ტექსტი აფთიაქში გაყიდულ იმ წამალს ჰგავს, რომელსაც არც დანიშნულება აწერია, არც შენახვის ვადა და არც მოხმარების წესი.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, რომანი „კოღო ქალაქში“, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინ გამოიცა (გამომცემელი ქეთევან კიღურაძე), ნამდვილი წიგნია. მისი წიგნობის უტყუარი ნიშანი ბატონ ზურაბ კიკნაძის წინასიტყვაა, რომელიც მეცნიერული ჩაძიებით ახერხებს ავტორის ძალზე რთულ აზროვნებაში ჩაწვდომას, ცდილობს ნაწარმოებში გაბნეული სიმბოლოებისა და დაშიფრული კოდების გახსნას.
მე ვიტყოდი, ავტორს გაუმართლა, რომ მისი წიგნის წინასიტყვა ბატონ ზურაბ კიკნაძეს ეკუთვნის, რადგან ერლომ ახვლედიანის შემოქმედების მკვლევარი სულ ცოტა ორ პირობას მაინც უნდა აკმაყოფილებდეს. პირველი ის, რომ კარგად უნდა იცნობდეს ავტორს, მისი აზროვნების სტილს, ხოლო მეორე ის, რომ ის კარგად უნდა ერკვეოდეს იმ იგავური ენის სპეციფიკაში, რომელიც ერლომ ახვლედიანს აქვს არჩეული თავისი შემოქმედების მკითხველამდე მისატანად.
ბატონი ზურაბ კიკნაძე ორივე პირობას აკმაყოფილებს.
რეცენზენტის აზრით, ერლომისთვის იგავური ენა არა მხოლოდ სათქმელის გამოხატვის ჟანრული მეთოდი, არამედ მისი ბუნებრივი შინაგანი ხმაა, რომლითაც ის ეძებს სინამდვილეში დაფარულ თუ არყოფილ სხვა სინამდვილეს, ამ სინამდვილის ალტერნატივას...
თუმცა... არა, ამ სინამდვილის ალტერნატივას ავტორი არ ეძებს, - შენიშნავს თვითონ მკვლევარი, რადგან ამ შემთხვევაში ის ვეღარ გაიმეორებს იოანე ოქროპირის სიტყვებს: „დიდება ღმერთს ყველაფრისათვის“.
“მე ის მენანება, რომ მარტო ეს კოღო გამოდგა მთელი სინთეზი მისი შემოქმედებისა“ - უთქვამს სხვაგან ბატონ ზურაბ კიკნაძეს. გამოდის, რომ ბატონ ზურაბს არასაკმარისად მიაჩნია ეს რომანი. ფიქრობს, ერლომის პიროვნება უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი ნაწარმოები, ავტორი ბევრად მეტი იყო, ვიდრე ეს ტექსტი.
ეს ზოგადი აზრია და თითქმის ყველა შემთხვევაში, ყველასთან მართლდება. თუმცა არ გამიკვირდებოდა ერლომის შემთხვევაში რომ სხვანაირად მომხდარიყო...
რადგან ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, რა მემკვიდრეობა დატოვა ერლომ ახვლედიანმა. ჯერ შესასწავლია მისი არქივია. შესასწავლია მისი გამოცემული ტექსტები. გამოსაკვლევია „ვანო და ნიკო“. გამოსაკვლევია ეს რომანიც, რადგან მიუხედავად მასზე დაწერილი რამდენიმე რეცენზიისა და მიუხედავად ბატონი ზურაბის მცდელობისა, ის მაინც შეუღწევადია მკითხველისთვის და ალბათ, ასეთად დარჩება ამ წერილის შემდეგაც, რადგან წინასწარ ვგრძნობ, რომ ამ ფორმატში ქარის გატარებაც კი ძნელია ამ სიმძიმისთვის.
წერილის დასაწყისში ვახსენე, რომ მთელი ზაფხული ვკითხულობდი ამ წიგნს. თუმცა რა არის სამი ან ოთხი თვე კითხვა წიგნისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება იწერებოდა. ამიტომ მე ახლაც მხოლოდ შავ სამუშაოს ვასრულებ „კოღო ქალაქში“ გაგებისთვის. თითოეულ თავს თავიდან ვკითხულობ და შთაბეჭდილებებს ერთმანერთთან დაუკავშირებლად ვთავაზობ მკითხველს. ამით მეც ერთგვარად მასალას ვაგროვებ (ერლომიც საკუთარ თავს ხომ მასალის შემგროვებელს უწოდებს), რათა ჩემს შემდგომ მკვლევარებს გზის სიძნელე გავუადვილო.
ტექსტის ამგვარი ინტერპრეტაცია კი შესაძლოა ყანის გათელვას დაემსგავსოს. როცა ყანაში შედიხარ და კი არ მკი, არამედ მხოლოდ თელავ. ერლომ ახვლედიანთან დაკავშირებით ყანის მეტაფორა სრულიად გამართლებულია, რადგან ავტორი ამ რომანის დასაწყისში თავის სამუშაო მაგიდას სწორედ ცუდად გამარგლულ ყანას ადარებს (ეს შედარება მე ჰამლეტის მონოლოგსაც მახსენებს: „თითქოს ქვეყანა იყოს ყანა გაუმარგლავი“), თანაც რაც უფრო ბევრს ვფიქრობ ერლომის შემოქმედებით პორტრეტზე, მით უფრო ხშირად მახსენდება ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პოემის პერსონაჟი უიღბლო იღბლიანი და რაღაც კავშირს ვხედავ ერლომის პიროვნებასთან.
საქმე ისაა, რომ სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე ერლომ ახვლედიანი არ ჩქარობდა ამ რომანისთვის ფორმის მიცემას, თუმც კი განუწყვეტლივ წერდა . უნდოდა, რომ წერის მომენტში რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო სიცოცხლიდან სიკვდილში გადასვლის წამთან... ამით ის ხელს უწყობდა, რომ ამ ტექსტზე რაღაც ლეგენდებიც შექმნილიყო. თუმცა ბოლოს აფუსფუსდა. მგონი, იგრძნო, რომ მოსასწრებად ჰქონდა საქმე. ამ დროს ის მართლაც ძალიან ჰგავდა უიღბლო იღბლიანს (ვაჟა-ფშაველა „უიღბლო იღბლიანი“), რომელსაც პირობა ჰქონდა დადებული, რომ ყანას მზის ჩასვლამდე მომკიდა. თუმცა, აჰა, ჩაიწურა მნათობი და მას ერთი ძნა კიდევ დარჩა შესაკრავი. სთხოვა მან მზეს, რომ არ ჩასულიყო, მაგრამ მზე ჩავიდა. უიღბლომ კი ვერ მოასწრო ბოლო ძნის შეკვრა... ერლომ ახვლედიანისთვის ეს რომანი ბოლო ძნაა. არა მგონია, რომ მას რომელიმე მნათობისთვის რამე ეთხოვა. ისე, ლამის ალალბედზე ჩაყარა მზა ტექსტები (გარდა გამართული სიუჟეტისა) და ეს იყო ნაწარმოების ის ბუნებრივი კომპოზიცია, რომლის ლოგიკურობაში ძნელია ახლა ეჭვის შეტანა.
რომანში მოთხრობილია კოლხეთის დაბლობზე ჭაობების დაშრობის შემდეგ შემთხვევით გადარჩენილი კოღოს თავგადასავალი, რომელსაც, როგორც ყველა ჭეშმარიტ კოლხს, ლურჯი თვალები ჰქონდა და რომელიც მთელი ნაწარმოების განმავლობაში დაეძებდა საკუთარ მკვლელს, რათა მომკვდარიყო აქ და ამის შემდეგ ის ყველგან ყოფილიყო... დიახ, კოღო ლურჯთვალა მტვერია, სიცოცხლის საწყისია, თვით სიცოცხლეა, რადგან მთელი ეს მკვდარი სამყარო ამ პაწაწინა მტვრით გახდა ცოცხალი. კოღო სიყვარულის გადამტანია. ის ადამიანებს კბენს და ამით მას სიყვარული გადააქვს..
მხატვრული ტექსტი რვა თავისგან შედგება და ამაში არაფერია სიმბოლური. ავტორს ასეთი გაცვეთილი სიმბოლოები არ უყვარს. ამბის განვითარება გარკვეულ ეპიზოდამდე ქრონოლოგიურად მიმდინარეობს (ვიდრე საათი მასში ჩარჩენილ დროს ამოანთხევდა). თუმცა თითოეულ თავში რამდენიმე პატარა მოთხრობა და ნოველაა, რომელთაც დამოუკიდებლადაც შეუძლიათ არსებობა. მათ შორისა უპირველესად „წიგნი სიყვარულისა“, რომელსაც მკითხველი ჯერ კიდევ ერლომ ახვლედიანის პუბლიცისტური კრებულიდან „ძველი და ახალი“ იცნობს.
აქ მოთხრობილია, თუ როგორც (ვერ) დაწვა ავტორმა წიგნი სიყვარულისა. ფორმითა და შინაარსით უნიკალური ეს ნოველა თემატურად და განწყობითაც ძალიან ახლოს დგას ამ რომანთან (არ ვიცი მის ამ რომანში ჩადება ავტორის სურვილით მოხდა თუ რედაქტორების ჩარევით). თუმცა სიუჟეტურად ამ რომანთან თითქოს კავშირი არ აქვს, გარკვეული მიზეზების გამო (ნოველა ღრმა ინდივიდუალობის ნიშანს ატარებს), არც საერთო ფონის შესაქმნელად ვარგა.
ასევე სრულიად დამოუკიდებელი ნოველის შთაბეჭდილებას ტოვებს ქვების ისტორია (ქვები აღუსრულებელი სურვილებია), „როცა თევზები ვიქნებით“, აქ ავტორი ორი ქვის თავგადასავალს გვიყვება. ეს ისტორიაც სამყაროს შექმნის ამბავს იმეორებს.
(ამ ნოველას ავტორის რეცენზიაც ერთვის, რომელშიც ის საკუთარ თავს შიშვლად ფილოსოფოსობას საყვედურობს. აქ კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე ავტორის ცოდნისადნი თავისებური დამოკიდებულებისა.“
ასე თითოეულ თავში, თითოეულ მოთხრობაში მრავალი თემა, იდეა და სიუჟეტია (აქ თავს იჩენს ერლომის პროფესიული (სცენარისტის) ჩვევა, ყველაფერში დასრულებული ამბავი ეძებოს). რომანი ამ მხრივაც სრულიად გამორჩეულია. გარდა ამისა, აქ მარტივი ენით ისეთი რთული აზრებია გადმოცემული, რომ თუ ვინმე მის გავრცობას მოიწადინებს, ის ლამის მთელ ლიტერატურულ სკოლას ეყოფა სამუშაოდ.
მთლიანობაში კი ეს წიგნი ბიბლიის ცალკეული წიგნების ინტერპრეტაცია. აქ ხდება მითის ხელახალი წაკითხვა. წარმოვიდგინოთ, რომ შესაქმის სხივმა გაიარა ავტორის აზროვნების პრიზმაში და ამგვარად გადატყდა. და ეს არის ამბავი ლურჯთვალა კოღოსი, დაკარგული ჯიმშერის, მეცხრეკლასელი ლიასი, გრაფომანი მწერლისა, ლიას ძმა - გიასი, მანანასი, ნიავის, მალარიის, ცისა და მიწის, ჩიხის, გისოსიანი სარკმლისა და ყველა იმათი, ვინც არის ამ ამბავში და ვინც არ არის..
ამავე დროს რომანში რამდენიმე ცნობილი მწერლის შემოქმედებასთან კავშირიც იკვეთება. ავტორს ახსენდება ნიკოლოზ ბარათაშვილის და ვაჟა-ფშაველას პოეზია. ასეთივე შემოქმედებითი სიახლოვე იგრძნობა დანტე ალეგიერის, შექსპირის, ვოლტერის, ხუან რამონ ხიმენესის, გურამ რჩეულიშვილის ნაწარმოებებთან... ეს ურთიერთობა ზოგან საძებნია, ზოგან კი ზედაპირზე ძევს.
სამაგალითოდ, შეგვიძლია ამ რომანის ეპილოგად გამოტანილი სიტყვებიც გავიხსენოთ:
“აი, მე მთელი ცხოვრება დავდივარ უკუნ ღამეში ხანდახან შორიდან გამოკრთება რაღაც სინათლე და მე მისკენ მივისწრაფი მწერივით, მაგრამ მერე ამ სინათლესაც წყვდიადი შთანთქავს და მე კვლავ უკუნ ღამეში დავეხეტები“.
აქ ბუნებრივად ჩნდება პარალელი დანტე ალიგიერის „ჯოჯოხეთის“ შესავალთან:
„უსიერ ტევრში, ამ ცხოვრების ნახევარგზაზე ანაზდეულად გამოვფხიზლდი გზადაკარგული...“
„ზე ავიხედე, დავინახე: ცთომილი სხივებს ზეთავი მთისა შეემოსათ უცხო არილით...“
ალეგორიულად უკუნი ღამე და უსიერი ტყე ორივე შემთხვევაში უმეცრების სიმბოლო, ხოლო „რაღაც სინათლე“ და „ცთომილის სხივები“ მეცნიერების, ცოდნის სიმბოლოა, თუმცა ერლომთან ეს ცოდნაც ილუზიურია და ამიტომ ავტორს კვლავაც უღრან ტყეში უხდება სიარული.
თუ ამ ვარაუდს გავყვებით, ორი რამ უდავო იქნება. პირველი ის, ამ ტექსტის კლასიკურ ლიტერატურასთან ალუზია სრულიად შეგნებულადაა ავტორის მიერ დაშვებული, ხოლო მეორე ის, რასაც ავტორი ღიად ამბობს, რომ ჩვენ აქ სულ სხვა რამეს ვკითხულობთ, ხოლო სინამდვილეში ის სრულიად სხვა რამეს წერს.
ცალკე თემაა ერლომ ახვლედიანის ცოდნისადმი დამოკიდებულება (ამის შესახებ ბატონი ზურაბ კიკნაძეც წერს შესავალში) და მისი გამოყენება მხატვრულ პროზაში. დღევანდელ ლიტერატურაში ხშირად ვაწყდებით დაუმუშავებელ მასალას. დღეს იშვიათად თუ ვინმე მიმართავს იმგვარ ხელსაწყოს, ვაჟა-ფშაველა რომ ქურას უწოდებს. ავტორისთვის კი ეს ჩვეულებრივი მოთხოვნაა, რადგან ის ცოდნას ყოველთვის შიგნით დაეძებს... ამიტომაა, რომ კითხვის დროს თითოეული პასაჟი უამრავ ასოციაციას აღძრავს. ეს ის გადამუშავებული ცოდნაა, რომელიც უკვე ავტორის ცნობიერებაშია ჩაბუდებული და კარის თითოეულ გაღებაზე (როცა ავტორი აზრის ფორმებს ეძებს) ფრინველებივით წამოიშლებიან ხოლმე.
ერლომისთვის ყველაფერი, რაც კაცობრიობის ცოდნის სახით „გარეთ“ არსებობს, „შიგნიდან“ არის გამოტანილი. ამ ცოდნის ერთადერთი წყარო თვითონ ადამიანია. ამით ის გარედან შემოსულ ცოდნას კი არ აპროტესტებს, არამედ ადამიანს არწმუნებს, რომ ამ ყველაფრის წაკითხვა ადამიანის „მეხსიერების ბარათზეც“ შეიძლება. თუმცა ეს შემეცნების ძალზე რთული გზაა, შედარებით ადვილია გარეთ გამოტანილი ცოდნის გაცნობა. თუმცა არასოდეს უნდა დაავიწყდეს ადამიანს, რომ გარედან შემოტანილი ცოდნა ავტომაქანის აკუმლატორის მოვალეობას ასრულებს, ის აუცილებელია შემეცნებით შიდა მექნიზმის ასამუშავებლად, ხოლო შემდეგ მერე ენერგიის (ცოდნის) წყარო თავად ეს მექანიზმი ხდება.
ამიტომაა, რომ ერლომის მხატვრულ ტექსტებში ენციკლოპედიური მასალა ისეა „გადაღეჭილი“, რომ უკვე ჭირს მასში პირველადი ნედლეულის გამორჩევა. ლიტერატურათმცოდნეებს კი სჩვევიათ, რომ მთლიანად დაშალონ ტექსტი და ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან. ერლომის შემთხვევაში სამეცნიერო ინსტრუმენტით შესრულებული დეტალური ანალიზი თითქმის შეუძლებელია, რადგან ნებისმიერი მხატვრული სახის ახსნა აქ მხოლოდ ისევ მხატვრული სახითაა შესაძლებელი, მაგრამ ამ დროს იკარგება ის სიმარტივე, რომელსაც ავტორი აღწევს. ამიტომ, შესაძლოა, რომ მკითხველს წიგნის რეცენზიის გაშიფრვა ისევ ავტორის ტექსტის დახმარებით მოუწიოს(!).
ალბათ, ესაა მიზეზი, რომ დღემდე ჩვენში ერლომ ახვლედიანის მხატვრული შემოქმედების სამეცნიერო კვლევა თითქმის არ შესრულებულა.
( ხანდახან გგონია, რომ ერლომ ახვლედიანის შემოქმედებაზე დუმილით უფრო მეტს იტყვი, ვიდრე ცოდნითა და მჭევრმეტყველებით. თუ ეს ასეა, მაშინ მე „კოღო ქალაქში“ გამოსვლის შემდეგ იმდენ ხანს (ოთხი წელი) ვდუმდი და რომ ახლა ამ წერილით მხოლოდ ჩემი დუმილის რედაქტირებას ვახდენ).
საერთოდ კი, ერლომ ახვლედიანის შემოქმედება მკითხველისთვის ყოველთვის სიახლე იყო. ამ სიახლეში იგულისხმება როგორც თანამედროვე ლიტერატურული მიმდინარეობისადმი ერთგულება, ისე ჟანრობრივი ეკლექტიკა, რაც ყოველთვის დიდ თავსატეხს უჩენდა მკითხველს. ამ მხრივ არც ეს ნაწარმოებია გამონაკლი. ის, ალბათ, მაგიურ რეალიზმს ან გროტესკს განეკუთვნება. თუმცა მასში მკითხველისთვის კარგად ნაცნობი ფოლკლორული და ზღაპრული ელემენტებიც ჭარბადაა. ეს კი ყველაზე „ღია“ კარია მის შემოქმედებაში შესაღწევად, ვიდრე ეს რომანიც ზღაპრულ ცამცუმის კოშკს დაემსგავსება, რომელსაც არსაიდან შესასვლელი არა აქვს და დრო არის საჭირო, რომ კარი გაიღოს...
ზოგიერთი მკითხველი ტექსტში თანამედროვე პოსტმოდერნისტული მიმდინარეობის აშკარა ნიშნებს დაუწყებს ძებნას და აუცილებლად მიაგნებს. რეალურისა და ილუზორულის ამგვარ აღრევას, რაც ამ ნაწარმოებში ხდება, მრავალ პოსტმოდერნისტულ მწერალთა ნაწარმოებებში შეხვდებით. ჩვენ ვხედავთ როგორ შედის ავტორი ტექსტში და იქ თავის პერსონაჟებს ესაუბრება, ან როდესაც კოღო იკარგება და ავტორი შიშობს, რომ ის სხვა ამბავში არ შეფრინდეს, ვთქვათ „ვეფხისტყაოსანში“ ან „ღვთაებრივ კომედიაში“,ან „რომეო და ჯულიეტაში“, ან „ალუდა ქეთელაურში“, ან ლექსში „ბინდისფერია სოფელი“.
მკითხველს შესაძლოა გულიც დაწყდეს, რომ ასე არ ხდება და კლასიკური ნაწარმოებების პაროდირების ეს უნიკალური შანსი იკარგება (წარმომიდგენია, რა ამბები მოხდება, იქ რომ მართლაც შეფრინდეს კოღო გ.ა.) თუმაც ავტორი უთუოდ მადლობელი რჩება, რომ კოღოს კვლავ მიაგნო და მისი ეს მოთხრობა კოღოს გარეშე არ დაცარიელდა.
თხრობის დროს ერლომი სიტყვის გამხატვრულებას (მხატვრულ სიტყვას) გაურბის. ზედმეტია იმის თქმა, რომ ის არ ებრძვის სიტყვას, წერს უბრალო და მარტივი ენით. ერიდება ზედმეტი სიტყვების გამოყენებას. მის ტექსტში სიტყვაც (როგორც სამყარო) პირველადი ბრწყინვალებით იწონებს თავს. ამით ავტორი კედლის იმ მშენებელს მაგონებს, რომელიც ქვას არ არჩევს. მისთვის ნებისმიერი ფორმისა და ზომის ქვა შეუცვლელია, რადგან მას აქვს იშვიათი უნარი, ქვის სიმრუდეც კედლის სისწორისთვის გამოიყენოს.
თუმცა მის შემოქმედებაში სულ სხვა დატვირთვა აქვს წინადადებას, დასრულებულ აზრს. ავტორის უჩვეულო აზროვნება სწორედ წინადადებაში იჩენს თავს. ის აზრის ოსტატია და მხატვრულობასც აზრებში აღწევს. „აზრები ძაფზე ასხმულ მარგალიტებს ჰგავს. თუ ძაფი გაწყდა, აზრები იფანტება და იკარგება. დასცქერი ქვაფენილს და გეზარება მათი აკრეფა. ამ ღამეში ყველას მაინც ვერ იპოვი და სადაც ერთი დაიკარგა, დაე ყველა იქ იყოს. იქნებ ასეც ჯობდეს - ხვალ დილით სკოლისკენ მიმავალი გოგო-ბიჭები წიწილებივით სათითაოდ აკენკავენ მათ და გაიხარებენ.“
მხოლოდ ამნაირი აზრებით არის შესაძლებელი, რომ მაგიური რეალიზმი ზღაპარს არ დაემსგავსოს, გროტესკი დაცინვად არ იქცეს. მწერალმა მკითხველი დააჯეროს, რომ კოღოს წვიმის წვეთი ნამდვილად შეუყვარდა.
და მაინც, ვინ არის ეს კოღო (რომელიც კოლხეთის დაბლობზე ჭაობების დაშრობის შემდეგ შემთხვევით გადარჩა და მთელი ნაწარმოების განმავლობაში დაეძებს საკუთარ მკვლელს, რათა სიკვდილის შემდეგ ყველგან იყოს...) რა ალეგორია იმალება სამიოდე ბეწვში მოქცეული სიცოცხლის არსებობაში?!
(მე ვერიდებოდი წინასწარ ამის გამხელას, რადგან მკითხველს ინტერესი ხშირად სწორედ მაშინ იკარგება, როცა შემთხვევით ბოლო გვერდს გადაშლის. თუმცა ახლა კი სწორედ იმიტომ უნდა ვთქვა, რომ მკითხველმა ეს ინტერესი არ დაკარგოს).
თავდაპირველად კოღო ღმერთთან იყო. იყო უკიდეგანო, უსასრულო, ლაჟვარდისფერი, განუსაზღვრელი და განუზომელი.
ადამიანებმა იწამეს ის.
შემდეგ ადამიანებმა დაკარგეს რწმენა და ის მხსნელად, ადამიანის სახით მოევლინა კაცობრიობას. ლურჯი თვალები ჰქონდა. ნიშანი მისი მარადისობისა. და ადამიანებმა მოკლეს ის, რადგან უკვდავი იყო.
ამგვარად ადამიანებმა მოკლეს რწმენა.
შემდეგ ადამიანებმა მოკლეს თავიანთი სიძლიერე და იმედი.
ბოლოს ის მოვიდა, როგორც კოღო (კოღოსაც ლურჯი თვალები ჰქონდა. ნიშანი მისი უკვდავებისა). ამჯერად ის ადამიანის სისუსტესა და უძლურებას წარმოადგენდა და მოელოდა მათგან სიკვდილს, რათა ადამიანს დაბრუნებოდა იმედი, ძალა და სიმშვიდე.
მან იპოვა (ამოარჩია) თავისი მკვლელი, მაგრამ ჯიმშერმა მაინც ვერ გაბედა კოღოს მოკვლა. თუმცა ის აუცილებლად უნდა მოეკლა ვინმეს, რათა ეს ამბავი დასრულებულიყო.
„სიგარეტიანი ხელი უცებ აღიმართა იმ ხელზე, რომელიც წერდა, რომელზედაც კოღო იჯდა, რომელსაც კოღომ უკბინა, რადგან ის მას სიკვდილივით შეუყვარდა. კოღოს, რა თქმა უნდა, შეეძლო გაესწრო, სანამ მეორე ხელი დაეშვებოდა პირველზე, მაგრამ დაეზარა, თან არ უნდოდა, სიკვდილის ეს ნაღდი შანსი გაეშვა.“
ზოგიერთი რეცენზენტი ამ რომანს პოეტურ პროზას აკუთვნებს. თუმცა მე არ ვეთანხმები ამ აზრს, არ ვფიქრობ, რომ ეს ნაწარმოები პოეტური პროზაა. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ავტორს პოეტური ფორმები არ ჰყოფნის და პროზას მიმართავს. ჩემი აზრით, პოეზიას პროზისგან შეკუმშული (ბოთლში ჩატეული ღრუბლის ქულა) ენერგია გამოარჩევს. აქ კი ყველაფერი ნებისად გაშლილია. იშვიათია ამგვარი გარინდება და სამყაროს შექმნაზე თვალის დევნება. როდესაც შენ ტახტზე წევხარ, სიგარეტს აბოლებ, ხოლო სამყარო შენ გვერდით, მტვერში იქმნება. შენ კი თვალს ადევნებ სიცოცხლის პირველ გაფაჩუნებას, როდესაც ლურჯთვალა მტვერი ჯიუტად იწყებს მზისკენ სვლას...
„ ის ახლა თვითონ არის ის ლურჯთვალა მტვერი, რომელიც ჯიუტად მზიკენ მიიწევს“.
მთელი ეს მკვდარი სამყარო ამ პაწაწინა მტვრით გახდა ცოცხალი.
( აქ მეტისმეტად დიდია ცდუნება, რომ მკითხველს მთელი აბზაცები გავაცნო დედამიწაზე სიცოცხლის დაბრუნებისა, თუმცა ამ უკანასკნელი აზრის ციტირებაზე ვერაფრით ვიტყვი უარს).
(„არ ვიცი, ვინ იყო - ლურჯი ფერი თუ ლურჯთვალა მტვერი თუ თვით სიცოცხლე, თუ თვით იმედი, თუ თვით სიყვარული, თუ თვით სასწაული სამყაროს შექმნისა, რომელიც ყოველ მოცემულ მომენტში კვლავ იქმნება, კვლავ იმეორებს ამ შექმნას?!)
„..არა, ეს არ იყო ავი ქარი. ეს ის სუნთქვა იყო, რომელიც ჯიუტად უბერავდა მზეს - მიმქრალ ნაღვერდალს, რათა როგორმე გაეღვივებინა იგი“.
ეს ეპიზოდი („დაბრუნება“ ეპილოგის მაგიერ) ჩემთვის რომანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილია. საინტერესოა, რომ ცალკეული ფრაგმენტების ასეთი გამორჩევა (მე უკვე ვთქვი, რომ ცალკეული თავები დამოუკიდებელი ნაწარმოების შთაბეჭდილებას ტოვებს) წიგნის გამოსვლისთანავე დაიწყო. ზეპირ საუბრებში ხშირად მომისმენია, რომ მკითხველი თავისთვის საუკეთესო ეპიზოდს არჩევს და ცდილობს ერთი მეორეს ამჯობინოს. ამ მხრივ „სასამართლო“ და „ჯიმშერის ოთახი“ უდავო ფავორიტები არიან. პირველში - სასამართლო პროცესზე (სადაც მოსამართლე ისეთ ადგილას იჯდა, რომ ვერავინ ხედავდა) მიმდინარეობს გამოძიება იმის შესახებ, თუ ვინ მოკლა კოღო, ხოლო „ჯიმშერის ოთახში“ მკითხველი გაიგებს იმის შესახებ, თუ როგორ ჩაისუნთქა ჯიმშერმა ნივთებით სავსე ოთახი და ამოისუნთქა გაბოლილ ნოტიო ფიქრები.
ყველაფრის ახსნაც რომ შევძლოთ, ყველა კოდირებული ინფორმაციაც რომ გავშიფროთ ამ რომანში მკითხველი რამდენჯერმე მაინც დაიბნევა მისი კითხვის დროს. ერთხელ ეს მოხდება მაშინ , როდესაც ნახავს, თუ როგორ დაეძებს ქუჩაში მეექვსე საკუთარ თავს და ვერ პოულობს (მეექვსე თვითონ ჯიმშერი იყო), ხოლო მეორედ მაშინ, როდესაც ჯიმშერი და ლია წიგნში შევლენ, რათა ერთმანეთს შეხვდნენ. მკითხველმა კი არ უნდა იჩქაროს ამ დაბნეულობიდან გამორკვევა, რადგან დაბნეულობა ამ წიგნისთვის ერთგვარი შემოქმედებითი მდგომარეობაა. ამ დროს ის აუცილებლად გადააწყდება მწერალს, რომელიც წიგნშიც ისეთივე დაბნეულია, როგორიც საკუთარ სახლში.
ამ თემაზე მუშაობის დროს პრინციპულად უარი ვთქვი ერლომის ჩანაწერების, დღიურების, მოგონებების გამოყენებაზე. მათ შორის, ეჭვი არ მეპარება, რომ მრავალი ჩანაწერი მოიპოვება ამ ტექსტის გასაგებად. გადავწყვიტე მხოლოდ გამოქვეყნებულ ტექსტს და მეხსიერებას დავყრდნობოდი, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ მხოლოდ მეხსიერებას შეუძლია ტვინის უჯრედებში ძველ, უსარგებლო შთაბეჭდილებას ახალი გადააწეროს, ან სრულიად წაშალოს. ამგვარი ბუნებრივი პალიმფსესტები ჩემთვის ბევრად უფრო სანდოა, ვიდრე დღიურის გაყვითლებული ფურცლები, რომელშიც მაინც იკითხება კონკრეტული დროის ანარეკლი, თუმცა ქაღალდს უცდია მისი სრულად გაქრობა.)
რომანში გარკვეულ კითხვებს ნაწარმოების ფინალიც აღძრავს. ეს მაშინ ხდება, როდესაც შევიტყობთ, რომ ჯიმშერმა მარცხნივ გაუხვია. ეს არის ყველაზე არსებითი შედეგი (კვანძის გახსნა) აქამდე მომხდარი მოვლენებისა, ამდენად ძალზე მნიშვნელოვანი. ეს ეპიზოდი, ალბათ, ამგვარ ცხოველ ინტერესს არ გამოიწვევდა, ჯიმშერს რომ უკანასკნელი წლების მანძილზე პირველად არ გაეხვია მარცხნივ. მკითხველს გავახსენებ, რომ ჯიმშერი არასოდეს უხვევდა მარცხნივ, რადგან ცვლილების ეშინოდა. ეშინოდა ცოდვის. ეს იყო მისი ცრურწმენა. მისი სისუსტე და უუნარობა. კოღომ თავისი სიკვდილით დააძლევინა ჯიმშერს ეს ნაკლი (მიუხედავად იმისა, რომ ჯიმშერს იგი არ მოუკლავს) და ჯიმშერმაც გაბედა უკანასკნელი წლების მანძილზე პირველად გაეხვია მარცხნივ....
ჯიმშერის მხრიდან ეს ძალზე სერიოზული გადაწყვეტილება, რადგან შესაძლოა ის ამ გზაზე დაღუპულიყო... ან იქნებ, შინ როცა დაბრუნდებოდა ყველაფერი დალაგებული, გარეცხილ-გაუთოებული დახვედროდა. ან იქნებ დედა დახვედროდა სახლში, ან მამა, ან ორივე ერთად. იქნებ ისინი ცოცხლები არიან. იქნებ აღმოჩენილიყო, რომ ჰყავს და-ძმა, იქნებ უყვარს ვინმე და ისიც დახვდებოდა ოთახში, იქნებ...
იქნებ, მკვდარი დაბრუნებულიყო ჯიმშერი?!
მკითხველს ახსოვს, რომ კოღოს ეთნიკური კუთვნილებაც აქვს. ის კოლხია და როგორც ყველა ჭეშმარიტ კოლხს, მასაც ლურჯი თვალები აქვს. შემთხვევითი არც ისაა, რომ პროლოგში ავტორს უძველესი კოლხური სიმღერა ჯერ მეგრულად, ხოლო შემდეგ ქართულად აქვს მოყვანილი:
„მზე დედაა ჩემი,
მთვარე - მამაჩემი,
მოციმციმე ვარსკვლავები,
და და ძმაა ჩემი“.
ეს ლექსი ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებას აღვიძებს და გვაიძულებს ის დრო გავიხსენოთ, როცა ჩვენ ქვები ვიყავით. ტეხურის ფსკერზე ვიწექით. ტეხურაში ჩაისახა ჩვენი ყველაზე დიდი ნატვრა– ცოცხლები ვყოფილიყავით (თუმცა მაშინ არ ვიცოდით რაში გვჭირდებოდა სიცოცხლე)... ჩვენ ქვები ვართ (ქვები აუსრულებელი სურვილებია). ჩვენი ცაც და ჩვენი სიყვარულიც გაქვავებულია. ქვა ჩვენი ღმერთია. შემდეგ ამოდის მზე. ჩადის მთვარე. წამები შეავსებენ წუთებს, წუთები შეავსებენ დღეებს. დღეები შეავსებენ წლებს. საუკუნეები აავსებენ მარადისობას. შემდეგ ჩვენ გავქრებით. შემდეგ ჩვენ დავბრუნდებით. როცა ჩვენ დავბრუნდებით... მაშინ ჩვენ თევზები ვიქნებით. შენ დედა იქნები, მე - მამა. შენ მამა იქნები, მე - დედა.
-როცა დავბრუნდებით
-როცა თევზები ვიქნებით...
და ბოლოს, არაფერი ადასტურებდა, რომ ამ სამყაროში კიდევ არსებობდა სიცოცხლე. პლანეტები გარინდებულიყვნენ რაღაცის მოლოდინში... ლაგდებოდა ოდესღაც ამოდენა იმედით და შთაგონებით აშლილი მტვერი. უბრუნდებოდა თავის პირველსაწყისს...
და ამ მკვდარ სამყაროში მხოლოდ ავტორი იყო ცოცხალი და ცდილობდა ვიღაცისთვის დაემტკიცებინა. რომ ის ნამდვილად ცოცხალი იყო (ამისთვის მან მოუკიდა სიგარეტს და გააბოლა). დიახ, ავტორი ბეჯითად ცოცხალია (მან ხომ უკვე იხილა სიკვდილი და გარდაცვალება). ის მაშინაც კი ცოცხალია, როდესაც ნაწარმოებში კვდება („მწერლის სიკვდილი“). ის ოთახშია და ელოდება ლურჯთვალა მტვერი თუ თვით სიცოცხლე როდის გააღწევს გარეთ (აქ იგრძნობა, ერთი მხრივ, წარსულისადმი ნოსტალგია, ხოლო მეორე მხრივ, უსასრულო განახლებისადმი სწრაფვა), ელოდება, როცა ის კვლავ კოღოდ იქცევა, მერე კოღო გადაიქცევა თევზად, თევზი გადაიქცევა ლომად, ლომი ადამიანად.
ყველაფერს ამას ავტორი თავის მკვდარ ოთახში დაელოდება.
უსაზღვროა მისი მოლოდინი!
უსაზღვროა მისი მოლოდინი!
უსაზღვროა ჩემი მოლოდინიც!

***
ტექსტის გარეთ დარჩენილი აზრები:
უცნაურია ერლომ ახვლედიანის რომანზე რეცენზიის დაწერის სურვილი, ხანდახან გგონია, რომ ის შესაძლებელია...

***
მგონი, ამ წერილში ერლომ ახვლედიანის შემოქმედებასთან დაკავშირებით წარმოსახვა და ფანტაზია ერთხელაც არ მიხსენებია. არაფერი მეშლება. ეს ორი უნარი ერლომის შემოქმედებით პროცესში საერთოდ არ მონაწილებს. აქ ყველა განცდა ნამდვილია. სამყაროც სრულიად რეალურია. უბრალოდ, ოპტიკური ლინზების დიოპტრია სინამდვილის ამგვარ სახესხვაობას წარმოგვიდგენს.

***
რომანის ერთ-ერთ ქვეთავს ავტორმა „საათში ჩარჩენილი დრო“ უწოდა. ამ დროში კოღო ხვდება ჯიმშერს, უყვება თავის შესახებ და სთხოვს მას მოკლას... თითქოს განსაკუთრებული არაფერი ხდება. საათში ჩარჩენილი დრო თითქოს არაფრით განსხვავდება იმ დროსგან, რომელსაც საათი ტიკტიკებს. თუმცა დრო, რომელიც საათში რჩება, მაინც უფრო მეტია, რადგან ის მუდამ აწმყოში რჩება, ვიდრე დროდადრო ვინმე მთელი ძალით არ დაჰკრავს მაგიდას მუშტს და საათი მასში ჩარჩენილ დროს არ ამოანთხევს.
შესაძლოა, ეს სწორედ ის დროა, რომელიც ნამდვილ ლიტერატურას ინახავს.

study

წყარო - https://www.facebook.com/gia.arganashvili/posts/934962539861293
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4286
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გია არგანაშვილი   Fri Feb 13, 2015 1:11 pm

გია არგანაშვილი

რა მოიგონე ახლა შენ, პლატონ?

(ვარაუდი)

აი, უკვე რამდენიმე ათწლეულია, ცხოვრების წესი და გარემოება მაიძულებს წელიწადში რამდენჯერმე ხელახლა გადავიკითხო ქართული კლასიკური ლიტერატურის მხატვრული ტექსტები. ვიმსჯელო, ხანდახან ვიკამათო კიდეც მის ავ-კარგზე.
ტექსტები აღარ იცვლება. იცვლება დრო, ვიცვლებით ჩვენ და რადგან მოწყენა ჩვენი ცხოვრების თანამდევი პროცესია, ეს დამოკიდებულება პირობითად უძრავ ღირებულებებს, მათ შორის, კლასიკურ მხატვრულ ლიტერატურასაც ეხება.
ამ ხნის მანძილზე ბევრი თემა მოძველდა, ზოგიერთი ტექსტი ისე გაუფასურდა, რომ, როდესაც ჩემს ახალგაზრდა ოპონენტებთან მისი დაცვა მიწევს (სამწუხაროდ, ეს ჩემი მოვალეობაა), ერთგვარ უხერხულობას ვგრძნობ და მოსაუბრესთვის თვალის გასწორება მიჭირს.
ასეთ ტექსტებს, ეკონომიკური კრიზისის პირობებში, მხოლოდ ქაღალდის ფულის კუპიურს თუ შევადარებ, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მსყიდველობით უნარს ჯერ კიდევ ინარჩუნებს (ამის ვალდებულებას განათლების სამინისტრო უწესებს მომავალ თაობას), იმდენად გაიცრიცა, რომ თავდაპირველი ფერი და პეწი სრულიად დაკარგული აქვს.
აქედან მხოლოდ ზოგიერთს, ლითონის მონეტის თვისება აქვს შეძენილი. მუდმივი ბრუნვა და ხელიდან ხელში გადასვლა მის ზედაპირს უფრო მეტად აპრიალებს, გარეგნული ბრწყინვალება კი ერთიორად აძლიერებს მომხმარებლის ნდობას.
ასეთ ნაწარმოებთა შორის ერთ-ერთია დავით კლდიაშვილის “სამანიშვილის დედინაცვალი”.
საკვირველია, რომ ერთი შეხედვით ანეგდოტურმა ამბავმა, რომელიც თითქოს მალე უნდა მისცემოდა დავიწყებას, იშვიათი სიცოცხლისუნარიაობა გამოამჟღავნა.

* * *
თავის ბიოგრაფიულ წიგნში დავით კლდიაშვილი ბათუმის ბულვარში პეტრე უმიკაშვილთან საუბარს იხსენებს:
- მე შენ ხმას არ გცემ! – შემომიტია პეტრემ. რიგიანი კაცი მეგონე, თურმე კი ზარმაცი, ამჩატებული, უხეირო ყოფილხარ.
- რატომ, ბატონო პეტრე, რატომ? – შევეკითხე.
- რატომ და იმიტომ, რომ ასე მალე დაათავე სამანიშვილის მოგზაურობა!... გადმოვიყვანდი ქართლში, იქიდან კახეთში – რა სურათი იქნებოდა, რა იქნებოდა! შენ კი ასე მალე მოანახვიე დედინაცვალი...
ამ საუბრიდანაც კარგად ჩანს, რომ ნაწარმოებში მკითხველის ყურადღება პერსონაჟთა მხიარულმა მოგზაურობამ უფრო მიიზიდა და ნაწარმოების კომპოზიციაც “კომიზმის შესასიტყვ ფორმად” (გრიგოლ კიკნაძე) შემორჩა მის მეხსიერებას. Kკრიტიკამაც მომეტებული ინტერესი სწორედ ამ ეპიზოდს დაუთმო. სიძე-ცოლისძმის მოგზაურობამ აპოვნინა გურამ ასათიანს ნაწარმოების კლასიკურ ლიტერატურასთან დამაკავშირებელი ძაფები და მკითხველმაც ადვილად მიიღო ამ ორი ეპიზოდის მსგავსების (თუმცა პაროდირებული) დამაჯერებელი არგუმენტები, რადგან სწორედ ნაცნობ საგანთან ან მოვლენასთან მსგავსებაა ის აუცილებელი პირობა, რომელიც ტექსტის ადვილად აღქმის შესაძლებლობას იძლევა.
ამ მიმართულებით განსაკუთრებით ნაყოფიერად თეატრმა იმუშავა. Mმიუხედავად იმისა, რომ მწერლის პოპულარობას სწორედ თეატრმა და კინომ შეუწყო ხელი, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთსაც და მეორესაც ლიტერატურაში მხოლოდ ის აინტერესებს, რაც “სცენიური” და აქედან გამომდინარე, ნაკლებად ლიტერატურულია. Aამიტომ გასაკვირი არ არის, რომ სწორედ კინოსა და თეატრში დაიშტამპა ასე უშნოდ დავით კლდიაშვილის პერსონაჟთა სახეები.
სამაგალითოდ კირილეს ხასიათიც იკმარებს, რომლის ეპიზოდური როლი ნაწარმოებში მხოლოდ მოგზაურობის დროს ჩნდება. კირილეს სხვებზე მეტად შეუძლია მხატვრულ ტექსტს ეროვნული (კუთხური) კოლორიტი და კომიკურ ელფერი შესძინოს. ამიტომ, ფილმებში თუ სპექტაკლებში, მეტ დატვირთვას სწორედ ამ როლის შემსრულებელს აკისრებდნენ. მსახიობებიც თავს არ ზოგავდნენ, რომ კოსტაიას თუ პროსტაიას თქმის დროს უფრო კარგად ეგრძნობინებინა მკითხველისთვის იმერული დიალექტის მთელი მომხიბლველობა.
ამ მხრივ ნაკლებ საშუალებას იძლეოდა პლატონი, თვით ერთობ გადაპრანჭული ბეკინა და ელენე, რომელსაც საერთოდ ვერ მოუძებნეს ხასიათი. ალბათ, სიამოვნებით შეელეოდნენ კიდეც პერსონაჟს, ნაწარმოების მტკიცე კომპოზიციური ჩარჩო რომ იძლეოდეს ამის საშუალებას.

ბიბლიური არქეტიპი

ბეკინას პროტოტიპის აზნაურ ივ. ავ-ლი-ს შესახებ საინტერესო ცნობას გვაწვდის სერგო კლდიაშვილი. ივ. ავ-ლი სინამდვილეში შეძლებული მაცხოვრებელი ყოფილა. მას მეორე ცოლი მართლაც შეურთავს, რამდენიმე ვაჟის დაოჯახებასაც მოსწრებია და ბეკინა სამანიშვილსგან განსხვავებით, სიბერეც მოლხენაში გაუტარებია.
მაშ, რისთვის დასჭირდა მწერალს ბეკინას “გაღარიბება” და “ცხოვრების ასე გამწარება”? ბუნებრივია, ამბის დრამატიზება ნაწარმოების მთავარმა იდეამ მოითხოვა, მაგრამ პლატონი? იქნებ, სწორედ ამ ცვლილებებმა დაასრულა პლატონის სახე ისე, როგორც ეს მწერალს ჰქონდა ჩაფიქრებული?
გამოდის, რომ პლატონის სახე, რომელიც თავისთავად გარკვეული იდეის მქონე იყო, ავტორს წინასწარ ჰქონდა ჩამოყალიბებული. ანტიადამიანური და ანტიჰუმანური პერსონაჟი თავიდანვე ჩაჯდა რაღაც სქემაში და გარემომამაც მის მიმართ შესაბამისი ადაპტაცია განიცადა.
სწორედ პლატონის გამო “გაღარიბდა” ივ. ავ-ლი”, გახდა უნებური მამა და სიბერე ტანჯვა-წვალებით გაატარა.
სამაგიეროდ, შესანიშნავი პირობები შეექმნა პლატონს, რომ ეს შრომისმოყვარე იმერელი აზნაური, რომლის ერთადერთი ნაკლი, ალბათ ბუნებისადმი წინააღმდეგობა იყო, მამის მოძულედ და ძმის მკვლელად ჩამოყალიბებულიყო.
ეს ორი მახასიათებელი კი საკმარისი პირობაა იმისთვის, რომ პლატონში ბიბლიური პერსონაჟი კაენი ამოვიცნოთ.
დამეთანხმებით, რომ ძალზე ძნელია ბიბლიური, მით უფრო ყველაზე სასტიკი პერსონაჟის ყოველდღიურობაში მოხელთება, თანაც ზემო იმერეთის ერთ მიყრუებულ სოფელში, ყანაში (მიწათმოქმედი) თავწაკრული, ოყიანი თოხით ხელში... ამ მხრივ, ეჭვი – ნამდვილად გულისხმობდა თუ არა ავტორი პლატონის სახეში ბიბლიურ არქეტიპს _ საფუძვლიანია, ამიტომ დასაწყისითვის იმ მცირედზე თუ შევთანხმდებით, რომ ამ ვარაუდსაც აქვს არსებობის უფლება (დანარჩენზე ქვემოთ), წარმატებად ჩავთვლი.
გაგვიჭირდება მტკიცება, შეგნებულად მიდიოდა ამაზე ავტორი თუ ბეკინას მამობისა არ იყოს, ესეც უნებური საქციელი იყო, ამჯერად ავტორის მხრიდან. თუმცა, პლატონის მიერ ჩატარებული მსხვერპშეწირვის რიტუალი, რაც პირდაპირ მიგვანიშნებს ბიბლიურ პერსონაჟთან მსგავსებაზე, გვარწმუნებს, რომ ავტორი შესანიშნავად იყო გარკვეული თავისი “პლატონის ვინაობაში”.

ეპოქათა მიჯნაზე

“სამანიშვილის დედინაცვალი” ჟანრობრივად ტრაგი-კომიკური ნაწარმოებია. Nტრაგიზმის საფუძველი, ერთი შეხედვით, საერთო გაჭირვება და სიღარიბეა.
ცხოვრების ამ გაუსაძლის პირობებს, ფორმაციათა ცვლილებისა და ქონების ხელახალი გადანაწილების პირობებში, ადამიანთა “სოციალური დაბნეულობა” და “დროში გაურკვევლობაც” ემატება.
თავისთავად, ეპოქალური ცვლილებებით გამოწვეული სოციალური სიდუხჭირე ლოკალური მნიშვნელობისა რომ არ იყო, ამას კარგად გრძნობდა ავტორი. ფეოდალური კარჩაკეტილი ცხოვრებიდან კაპიტალიზმში გადასვლის მტკივნეული პროცესი სხვადასხვა დროს, თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო და იმერეთიც (საქართველო) ვერ იქნებოდა გამონაკლისი. აქ მრავლად შეგვიძლია მოვიყვანოთ პარალელები ესპანური, რუსული ლიტერატურიდან, საიდანაც შევიტყობთ, რომ სამანაშვილები, ბრეგაძეები, ქვათაძეები, ქამუშაძეები თითქმის ყველა ქვეყანაში, ყველა კულტურაში ხასიათის ერთსა და იმავე თვისებებს ამჟღავნებენ.
მართლაც, თუ “სამანიშვილის დედინაცვალს” სიძე-ცოლისძმის მოგზაურობის სცენას (დროებით) ჩამოვაცილებთ, ნაწარმოებში თითქმის აღარაფერი დარჩება იმ ყბადაღებული კომიზმისა. გვრჩება მხოლოდ ტრაგიკული საგა მამა-შვილის ურთიერთობისა, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში (იქ, სადაც ღარიბი ადამიანები ჯერ კიდევ ცხოვრობენ) თანაბარი წარმატებით შეიძლება მომხდარიყო.
დავით კლდიაშვილმა სწორედ ამოიცნო ამ პრობლემის ზოგადსაკაცობრიო ხასიათი და ამის გამო მისი ინტერესი იმ სოციალურ-პოლიტიკური თეორიებსადმი გაღვივდა, რომლებიც მეცნიერების “ახალ სიტყვად” ითვლებოდა პრობლემების გადაწყვეტის გზაზე.

მომავლის შიში

მშრომელი, პატიოსანი, მოხუცებულ მამაზე მზრუნველი, თავშეკავებული, ზრდილი – ასე ახასიათებს ავტორი პლატონს და ამ თვისებების გამო, პერსონაჟზე თავსადატეხილ უბედურებაში თითქოს მკითხველის თანაზიარობასაც ითხოვს.
პლატონის ეს თვისებები მთლიანად აკმაყოფილებს გარემოს და იმ მდორე ცხოვრებას, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მაგრამ ის, რაც საკმარისი იყო ჩვეულებრივი ცხოვრებისათვის, სრულიად უსარგებლო გამოდგა იმ განსაკუთრებულ შემთხვევაში, რომელიც ცხოვრებამ სამანიშვილების ოჯახს მოუწყო.
როცა დედინაცვლის მოსაკლავად გამხეცებულ პლატონს ვხედავთ, უნებურად (დაეჭვებულნი) ვუბრუნდებით რომანის პირველ თავებს, რათა პლატონში ჩაბუდებული მხეცის ნიშანი აღმოვაჩინოთ.
არაფერი, ან თითქმის არაფერი იძლევა იმის საფუძველს, რომ ეს პატიოსანი და ზრდილი “აზნოურიშვილი” ამგვარი სისასტიკეს მალავდეს საკუთარ თავში. გარეგნულად მაინც, პლატონიც ისეთივე უვნებელი ჩანს, როგორც დავით კლდიაშვილის ყველა პერსონაჟი, მის თითქმის ყველა ნაწარმოებში.
ისინი თავისუფალი ადამიანები არიან. ბუნებით ყველა თანასწორია. აქ ვერ ვხედავთ, ვერც პოლიტიკური და ვერც სოციალური ჩაგვრის კვალს... ამ საზოგადოებაში დაცულია აზროვნების თავისუფლება, იდეათა თავისუფალი გაცვლა...
მართალია, მათ უკვე დაუთრგუნავთ ღვთის შიში, მაგრამ ისინი უფრო დიდ შიშს შეუპყრია, რომლის წინაშეც ისეთივე უძლურნი არიან და მტანჯველ მოლოდინშიც ისევე განილევიან, როგორც მათი შორეული წინაპარნი...
ეს არის მომავლის შიში. მომავლისა, რომლისადმი წინააღმდეგობის ერთადერთი ბერკეტი – რწმენა, მათ უკვე ხელიდან გაუშვიათ და ახლა წონასწორობადაკარგულნი, ათასნაირ საყრდენს ეპოტინებიან, რათა თავი შეიკავონ დაცემისაგან…
მათში რაციონალური აზროვნება უფრო სჭარბობს. ისინი დარწმუნებულნი არიან ადამიანის გონების უსაზღვრო ძალაში და სწორედ ამ გონების კარნახით, მიდიან იმ დასკვნამდე (პლატონისა და გვერდევანიძის საუბარი), რომ ომია საჭირო (“ჩხუბით თუ გაიწმინდება ცოტაზე ქვეყანა, თვარა...…”), რათა მოსახლეობა შემცირდეს და დარჩენილმა ნაწილმა ბედნიერად იცხოვროს.
პლატონისა და გვერდევანიძის საუბარში პირდაპირა ციტირებული მალთუსის აზრები (ინგლისელი ბერის გვარი ამ ნაწარმოებთან მიმართებაში პირველად ბეჟან ბარდაველიძემ ახსენა), რომელიც საკვების რაოდენობის მოსალოდნელი სიმცირის გამო, მოსახლეობის ზრდის ტემპის შესაჩერებლად მათზე “პოზიტიური კონტროლის” დაწესებას ემხრობოდა.
ამ თეორიის მქადაგებლად პლატონი და განსაკუთრებით კი, ეს “კაციჭამია” გვერდევანიძე გვევლინება: ..” ი დალოცვილი ღმერთიც ჩვენზე მოწყალებას ძველებური წესით გვიცხადებს: ხალხს ამრავლებს და ყოველ ოჯახს შვილებით ავსებს…- მადლიანს თითო-ოროლა შვილი დაეკლო, ამათ მაგიერათ სარჩო მოემატებინა. ის არ აჯობებდა, შენი ჭირიმე? ა? “
“სამანიშვილის დედინაცვალში” დავით კლდიაშვილმა თავისი პერსონაჟები სწორედ ამ თეორიის ცდისპირებად აქცია და ისედაც ყოველმხრივ “გაღატაკებულ” აზნაურობას, მძიმე ტვირთად ახალი მსოფლიოს სევდა აჰკიდა.
საინტერესო ეს იყო, სად მიიყვანდა მალთუსის გზა პლატონს და გაუძლებდა თუ არა ჩვენებური იმერელი (ქართველი) გლეხკაცის მხრები პრობლემებით დამძიმებული ზოგადსაკაცობრიო ლიტერატურული ტიპაჟის ტვირთს?
ეს კითხვა საშინაო დავალებასავით გაჰყვა დავით კლდიაშვილის მთელ შემოქმედებას.

პლატონის მანქანება

მეცხრამეტე საუკუნის ქართულ ლიტერატურა ადამიანის საქციელში ჯერ კიდევ განარჩევს ღვთის საამებელ მოქმედებას _ განმგებლობას და ადამიანური სიბრძნის ნაღვაწს _ მანქანებას (განმგებლობა კეთილი, ხოლო მანქანება _ არა. სულხან-საბა).
მანქანება არს საქმისა კაცობრივისა სიბრძნით ბრუნება საძლევლად სხვათათვის _ განმარტავს გრიგოლ ღვთისმეტყველი.
იმ დღიდან, როდესაც პლატონმა მამის გადაწყვეტილების შესახებ შეიტყო და ცხადად იგრძნო მოსალოდნელი საშიშროება, სწორედ თავის კაცობრივ სიბრძნეს მოუხმო საშველად. მისი ტვინი წისქვილის ბორბალივით (ჭახრაკივით) დაბრუნდა და ცოლსაც აიძულებდა რაიმე ხერხი მოეგონებინა:
“_ იფიქრე, ქალო, იფიქრე, ეგებ შენც მოიგონო რამე... ე ოხერი თავი აღარ მუშაობს! ბრუ მესხმის მხოლოდ...”
თურმე, პლატონს წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თავის გონებრივ შესაძლებლობაზე. ავტორი მკითხველს ქართული ანდაზას: “გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას განახვებო,” ახსენებს და დასძენს, პლატონ სამანიშვილი კი ქართველი კაცი იყო...
გაჭირვებული ქართველი კაცის გონებამ კი ისეთი რამ მოიფიქრა, რომ ბეკინაც, რომელსაც ეჭვიც არ ეპარებოდა შვილის სიმარჯვესა და მოხერხებულობაში, გაოცებული დარჩა:
“_ მამაშვილობას მითხარი! ჰა! შენს ცოლ-შვილს გაფიცებ!... რა მოიგონე ახლა შენ?”
პლატონიც ხვდება, რომ მისმა კაცობრივმა სიბრძნემ, ამჯერადაც საეჭვო ღირებულების ნაყოფი დაბადა. ამიტომაც, თავის საიდუმლოს, რომ სადედინაცვლოდ ორნაქმარევ, უშვილო ქალს დაეძებს, საგანგებოდ მალავს. თუმცა, ეს სიფრთხილე სრულიად ზედმეტი ჩანს, რადგან საზოგადოებას კარგად ესმის მისი. სალობერიძეებთანაც განსაკუთრებული “გაგებით” ეკიდებიან პლატონის გადაწყვეტილებას (მათ არ უკვირთ პლატონის მანქანება, რადგან თვითონ ამ ოჯახის უფროსს, დღემდე იმავე მანქანებით შეუნარჩუნებია ქონება...), არისტო კი უთქმელადაც ხვდება მის სურვილს.
როგორც ჩანს, ამგვარი მცდელობები არცთუ იშვიათი იყო იმდროინდელ საზოგადოებაში. ერთადერთი, ვისაც სასაცილოდაც კი არ ყოფნის პლატონის ეს გადაწყვეტილება, კირილეა (ვეთანხმები მაკა ჯოხაძეს, რომელმაც კირილეს ჯანყში მისი გაუცნობიერებელი სურვილი, მოძრაობისკენ ლტოლვა დაინახა), რომლისგანაც, მიუხედავად მისი ქცევისა, ბევრად მეტი სიკეთე მოდის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

ეშმაკი თხრიდა მის გულს

მას შემდეგ, რაც პლატონი დარწმუნდა, რომ ელენე ფეხმძიმედ იყო (მკითხველსაც არ ჰქონდა იმედი, რომ ის ამ ამბავს შეეგუებოდა) და ნიადაგიც მომზადდა, მისი ბოროტი განზრახვის შესასრულებლად, პლატონს მხოლოდ ერთი ნაბიჯიღა აშორებდა კაენობამდე. თუმცა, ავტორმა აქ უკანასკნელ საშუალებას მიმართა და პერონაჟს სინდისთან გამამრთლებელი რამდენიმე ქმედების ჩატარება კიდევ დავალა.
პირველი და უმთავრესი, პლატონისთვის მსხვერპთშეწირვის რიტუალია, რომელსაც ის მორწმუნის გულმოდგინეობით ასრულებს.
პლატონმა რომ მიუსაფრად იგრძნო თავი, დაფიქრდა იმის შესახებ, თუ რატომ მოუვლინა ღმერთმა ამგვარი სასჯელი. მან გადახედა თავისი ცხოვრების გზას და ვერაფერი ნახა იქ ისეთი, რასაც შეეძლო ღვთის რისხვა გამოეწვია:
“კაცი არ მოულავს, არ დაუჩეხია, არ უეშმაკნია ჯერეთ, ჯერეთ არ უქურდნია, არაფერი მოუპარავს, არავისთვის არაფერი წაურთმევია...”
აქ პლატონს ახსენდება, რომ ბრეგაძეებს ართმევს.. დაირწმუნებს თავს, რომ ესაა მიზეზი მის თავზე დატრიალებული უბედურებისა და გადაწყვეტს ეს სადავო საქმე მოსპოს...
პლატონმა თვითონ გადაუხადა გვერდევანიძეს გასამრჯელო, რათა ბრეგაძეები ზედმეტი ხარჯისგან გაეთავისუფლებინა... ეს იყო ის მსხვერპლი, რომლის გაღებაც პლატონმა შეძლო, რათა უზენაესისთვის გული მოელბო. ამის შემდეგ, პლატონს გაეღვიძა იმედი, რომ მის მსხვერპლს ღმერთი შეიწირავდა და დედინაცვალს მისთვის თავზარდამცემი მოზიარის ჩანასახი მუცელში გაუწყალდებოდა...
ღმერთთან ურთიერთობაში პლატონიც ლუარსაბ თათქარიძის მაგალითს იმეორებს. თუმცა, მათი სურვილები განსხვავდება ერთმანერთისგან. ლუარსაბი შვილს სთხოვს ღმერთს, ხოლო პლატონი ნაყოფის მოსაშორებლად სწირავს მსხვერპლს...
(დროის იმ მცირე მონაკვეთში, რომელიც ამ ორი ნაწარმოებს აშორებს ერთმანერთისგან, ქართველ საზოგადოებას მართლაც არნახული ნახტომი გაუკეთებია.)
მაგრამ ღმერთმა არ მოხედა პლატონის შესაწირს და ისიც იძულებული გახდა ისევ საკუთარ გონებას მინდობოდა.
გონებამ უკარნახა, რომ ბეკინასთან მისულიყო და ეთხოვა ცოლისთვის მუცელი მოეშლევინებინა.…
პლატონისთვის ეს ნაბიჯი უფრო სახიფათო გამოდგა, ვიდრე უზენაესთან ურთიერთობა. რადგან, თუ ყოვლისმპყრობელმა მამამ უპასუხოდ დატოვა პლატონის თხოვნა, ხორციელმა მშობელმა ლამის ცა დააქცია თავზე:
“_ ღმერთი დეივიწყე, შე უბედურო?... ღმერთი აღარ გაგახსენდა, მაგისთანა აზრები რომ თავში მოგივიდა?! მოხუცებულ კაცს მაძალებ სულის წასაწყმედი საქმე ჩევიდინო?... ღვთის ჩასახული კაცი მოვკლა?... გაგიჟდი, შე ღმერთგამწყრალო? რავა მეუბნები დედაკაცს მუცელი მოვაშლევინო?! რამ გაფიქრებია ამნაირი უღვთო საქმე, რამ?...”
მართალია, უღვთო საქმე განიზრახა პლატონმა, მაგრამ ღმერთი როდი დავიწყნია? პირიქით, მას არ უთქვამს ბეკინასთვის, რომ მას შემდეგ, რაც ეს თავზარდამცემი ამბავი შეიტყო, მსხვერპლიც კი შესწირა ღმერთს... არ უთხრა, თორემ რომ ეთქვა, იქნებ ბეკინაც მიეხვედრებინა, რომ მისი პასუხი პლატონის თხოვნაზე, უფლის სიტყვადაც შეეძლო ჩავთვალა, ისევე როგორც ის ხელი, რომელმაც ელენე პლატონის თავდასხმისგან იხსნა.…


უნებური მამა

ბეკინა უნებური მამაა. ის მხოლოდ შესაფერი ამხანაგს დაეძებდა, სიბერე რომ ტკბილად გაეტარებინა, მაგრამ ბუნებამ სხვაგვარად ინება და თამაში სინამდვილედ უქცია.
ბეკინა გულწრფელადაა შეწუხებული თავისი ახირების გამო:
“_შევცდი, შვილო, შევცდი – აღარ მეპატივება?! ნუ მომიძულებ, შე კაცო, საბოლოოდ! მინდოდა ასე რომ მომხდარიყო? მეგონა?
შემაცდინა ეშმაკმა...
თუმცა, იქვე, თითქოს სურს თავისი როყიოდ წამოსროლილი სიტყვები უკანვე დაიბრუნოსო, დასძენს:
_ ღმერთმა ასე ინება,… ჩვენ რა გაგვეწყობა! _
გულსაკლავია დაბეჩავებული მოხუცის ხვეწნა-მუდარა საკუთარი შვილის მიმართ. თუმცა, ასეთად რომ არ დარჩეს ის ჩვენს მეხსიერებაში, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველთვის ასეთი როდი იყო ბეკინა სამანიშვილი. ერთ დროს ერთობ გადაპრანჭული და მაინც ბატონკაცურად ყაბალახით მხარდამშვენებული მოხუცი, თუმცა ოდნავ ფერმკრთალი და შელახული (არა სიბერის გამო), მაგრამ მაინც გვირგვინია ბუნებისა და ბუნებამაც სწორედ ის აირჩია (ღმერთმა ასე ინება) მომავლის მამად... ის და არა შეუბრალებელი, სისხლისმსელი მხეცი, რომელმაც პლატონში დაიბუდა.

ლიტერატურული საიდუმლო

ლიტერატურაში მოულოდნელად არაფერი ხდება. მხატვრული სინამდვილე შემთხვითობას არ ცნობს. ტექსტში სასწაულებს არ ელის მკითხველი, აქ ყველა ქმედებას მოტივაცია სჭირდება. მაგრამ არსებობს ისეთი მოვლენები, რომლებიც ლოგიკურ ახსნას არ ექვემდებარება და მკითხველიც ამაოდ დაიწყებს მასში რაციონალური მარცვალის ძებნას.
სწორედ ასეთ ლიტერტურულ საიდუმლოდ მეჩვენება ელენეს დაფეხმძიმების ამბავი, რომელიც თავისი ხასიათით აშკარად დაუჯერებელია და ისეთივე მრავლისმეტყველ ღიმილს იწვევს მკითხველში, რომელსაც მხოლოდ ბიბლიური სარას გაოცებული სახე თუ შეედრება, როდესაც მან თავისი მომავალი დედობის შესახებ შეიტყო.
არა, არისტოს ამ შემთხვევაში ნამდვილად არ მოუტყუებია პლატონი. ელენე თხუთმეტი წელიწადი უცნობილაძეს ჰყავდა ცოლად, რვა წელიწადი ბრეგაძეს, შვილი კი არცერთთან არ ჰყოლია. ბეკინას ხელში კი სწორედ საოცრება მოხდა. ტყუილად კი არ ამბობს არისტო ქვაშავაძე, მართლაც უცნაური კაცი ყოფილა ბეკინა სამანიშვილი...
ამიტომაც გაუჭირდა მისი ცნობა მკითხველს.

ის მაინც დაიბადა

“და სწუხდა საშინლად, თვალები სისხლით ევსებოდა, მთელის ტანით, ბოროტ-მღელვარებისა გამო, თრთოდა... მაშ უნდა დაიბადოს? არ შეიძლება განა ჩავშალო განკარგულება ღვთისა? _ ამბობდა იგი დაჟინებით, ეკითხებოდა თავის თავს...”
Pპლატონსაც მოუხდებოდა ასეთი ტექსტი, მაგრამ ეს არაა პლატონი. თუმცა ბოროტი ძალის გამძვინვარებული სახე, რომელიც ახალი ადამის დაბადებითაა გამოწვეული (ვაჟა-ფშაველა “ეშმაკი”), ისევე ზუსტად მიესადაგება მის გარეგნულ და სულიერ მდგომარეობას, როგორც ბოროტზე არანაკლებ გაბოროტებული მისი ქცევა და სიტყვები:
“არ მოკვდები! არ მოკვდები! ახლაც არ მოკვდები! _ და ელენე მარჯვედ გადმოისროლა კარებისკენ.”
არ მოკვდა. დაიბადა და ოთხი- ხუთი წლის წლის პატარა შავთვალა მალხაზი ბავშვი, ჩითის ბლუზით, წითელი წუღებით, კიზიროკიანი ქუდით თავზე, რომელიც სასამართლოს კარზე იზრდება, ერთადერთი ლიტერატურული მემკვიდრეა მეცხრამეტე საუკუნისა, რომელიც ამანათივით გადმოეცა ჩვენს მხატვრულ სინამდვილეს.
მან ჯერ არ იცის, თუ რამდენი უსიამოვნება მოიტანა მისმა გაჩენამ და რომ არა ის, ეს ქვეყანა მთლიანად პლატონ-კაენის შთამომავლობას დარჩებოდა.
ამიტომაც იცქირება ასე ხალისიანად და მომავალსაც ჯერ კიდევ იმედით შეჰყურებს...

****
ნაწარმოების ფინალში, პესონაჟები, რომლებიც აქამდე ერთგვარად “არბილებდნენ” სიტუაციას და ტრაგედიისთვის უჩვეულო თეატრალიზებულ, სანახაობით მხარეს ქმნიდნენ, სადღაც გაუჩინარდნენ. კირილე, არისტო, დარიკო, რომელთაც შეეძლოთ ხალისი თუ არა, მეტ-ნაკლები ნუგეში მაინც შემოეტანათ სამანიშვილების ოჯახში, უკვალოდ გაქრნენ. ისინი ლანდებივით გადაცვივდნენ სცენიდან, მოშალეს დეკორაცია, თან წაიღეს რეკვიზიტი და რაც მთავარია, მათი წასვლის შემდეგ სრულიად დაიკარგა იმერული დიალექტის ის სიმსუბუქე (ვიღაცამ ფონოგრამა გამორთო), რომელიც ერთგვარად, თითქოს ძალას აცლიდა სისასტიკეს.
სცენაზე კი, მხოლოდ სამყაროს უამური ფერები და ხმები გაბატონდა. მთლიანად გაშიშვლდა შესახედავადაც კი უსიამოვნო ჩონჩხი ბიბლიური სქემისა, რომელიც მთელი ამ ხნის მანძილზე კარგად იფარავდა თავს.
ამ გაუსაძლის გარემოს ახლა მხოლოდ მელანო დაჰფუსფუსებს და მარადიული დედის მზრუნველობით ცდილობს მომავლის გადარჩენას.


study

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გია არგანაშვილი   

Back to top Go down
 
გია არგანაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: