არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ავთანდილ ზედგინიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ავთანდილ ზედგინიძე   Sat Dec 22, 2012 12:53 am

ავთანდილ ზედგინიძე

ბმული:
* https://www.facebook.com/mrmglisa
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ავთანდილ ზედგინიძე   Tue Dec 25, 2012 1:08 am



ავთანდილ ზედგენიძე

მეფე-მგელი


დღე-ღამის გასაყარზე ბინდს სიცარიელე, სიცარიელეს კი სიცივე მოეტანა.
საშინელი უწესრიგობა სუფევდა ამ მხარეში. თითქოს ყველა სულიერს მიეტოვებია
აქაურობა. ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ მოჩანდა ადამიანთა თუ შინაურ-გარეულ
ცხოველთა აჩრდილები. ვერავინ იტყოდა მათ სულიერებას. მძიმე განცდებში იყო
მოხუცი: ფალის ჩინი წართმეოდა, თუმცა მის სიბრძნეს არა დაკლებოდა რა...
"ადამიანის გონება ჭეშმარიტებას ისევე კარგად შეიცნობს, როგორც ეს თვით
ბუნებას ძალუძს. მაგრამ იდუმალი და პარადოქსია , ის რომ ბუნების ძალა ბევრად
აღემატება ადამიანის ძალას. მართალია ადამიანი სუსტია,მაგრამ ეს არ ნიშნავს
ბუნების სწრაფი და ზუსტი მოძრაობების ვერ შემჩნევას. ყველაფერი მასში იმპულსს
იწვევს. იმპულსს კი არ შეუძლია განავითაროს საკმარისი ფიზიკური ძალა ბუნებას
რომ გაუმკლავდეს. ბუნებაც თავის მხრივ ლოგიკურად დიდი ხნის უკან მოსპობდა
ადამიანს, რომ არა ადამიანის შეუპოვრობა და მკვირცხლი აზროვნება. შეუპოვარია
იგი სიყვარულის გამო ნაშიერისადმი. მისი მკვირცხლი აზროვნება კი ამბობს: რომ
ძლიერია არა ძალა, არამედ ძალის მართვის უნარია... ‘’
ამ ფიქრებში იყო მოხუცი,როდესაც ქარმა შემოგლიჯა კარი და ოთახში შემოიჭრა.
ჩაუქრო სანთელი და მინავლული ბუხარი,თითქოს შურისძიება სურდაო მოხუცზე.
თავაწყვეტილი იწყო ბორიალი ოთახში. მაგიდიდან ღვინის ჭურჭელი
გადმოაგდო. მიწაზე დაიღვარა სისხლისფერი სითხე. მოხუცი გაჭირვებით წამოდგა.
კარის დაკეტვა სცადა , მაგრამ ახლა მას ეტაკა გულმოსული . ქარმა მოხუციც
წააქცია,სულ არ მორიდებია მის ასაკს. მისთვის ხომ სულერთი იყო ყველა და
ყველაფერი . აღარც უცდია წამოდგომა, დანებდაო თითქოს... "აღსასრული
დამდგარაო ჩემი "-გაიფიქრა და უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, რათა ღირსეულად
შეხვედროდა მომავალს. სინანულის ცრემლმა დაუნამა გადათეთრებული ღაწვები.
ერთ წამში ჩაუქროლა წარსულმა ცხოვრებას... დაენანაოა თითქოს , აწმყო
შორდებოდა წარსულს... სევდამ, ტკივილმა, ცრემლმა შეცდომებისა, დანამა
გარდასვლა. წარსულად ქცეულმა იხილა ის შორეული გზა,რომელიც
გამოიარა.ყველაფერი შეიცვალა ,ქარიც თითქოს უხილავი და იდუმალების არსით
გაირინდა,აღარ სციოდა მოხუცს ,პირიქით სასიამოვნო სითბოც კი იგრძნო. -"ღმერთო
დიდებულო"-ჩაიჩურჩულა მოხუცმა, რა დაინახა რომ თავზე ვიღაც დადგომოდა და
ხელს უწვდიდა."წარმოდექი მოხუცო"-გარკვევით გაიგონა ხმა. მძიმედ წამოიწია.
გარჩევა გაუჭირდა მის დანისლულ მზერას. სინათლე მცირე იყო ოთახში,მაგრამ
მოსულის მომღიმარ სახეს კი ხედავდა,ოქროს კბილიც კი შეუნიშნა,რამაც გააკვირვა
მოხუცი,რაღაც მოგონება აღძრა,მაგრამ ვერ გახსნა...
–"ვინ ხარ შვილო?"–ძლივს გასაგონად ამოთქვა მოხუცმა მოსულს.
–"შვილი მიწოდე თავად "–ღიმილით მიუგო ვაჟმა. საოცარ სიმშვიდეს გვრიდა
მოხუცს მისი ღიმილი. უებარი მალამოსავით ცხებდა მის ნაჭრილობევ გულს. უცხო
ვაჟმა წამოაყენა მოხუცი, ბუხართან დასვა და თვითონ შებრუნდა,რათა კვლავ
დაენთო ცეცხლი.მოხუცი კი აფორიაქებული გულით უმზერდა მას."რა დედამ შობა?"
"საიდან მოვიდა?"
–და მაინც..ვინა ხარ შვილო, ვისი გვარისა?
–ვერ არის კარგი საქმე მშობელო, ნაშობი ვერ გიცვნია–ვაჟის ღიმილმა კვლავ ნეტარი
სითბო მოგვარა მოხუცს–თავად არ მიწოდე შვილი? პირველი აზრი მოსული
ყოველთვის ჭეშმარიტებაა.შემდეგ ვბოჭავთ ზედმეტი ფიქრით და ეჭვით,რაიც
გვდევნის რწმენისგან. შენი გვარის რომ არ ვიყო,ვერ დაგინთებდი ცეცხლს–უთხრა
და ხელები ცეცხლისკენ გაწია,თავადაც შეცივნოდა. მოხუცმა თავი ვეღარ
შეიკავა,თვალები აუწყლიანდა. გული ჩვილად ქცეულიყო,ის უემოციო მოხუცი აღარ
იყო,შიგნიდან რომ იწვოდა და გარეგნულად წყალივით მშვიდი და ცივი ჩანდა.
–"მოდი ჩემთან შვილო"–მიიხუტა გულზე ვაჟი. და ამჯერად მის გულში აგიზგიზდა
კოცონი,რომელიც მოგიზგიზე ბუხარსაც კი გაათბობდა.–,,ჩემი პატარა გოგო
მომტაცეს, ჩემი დედოფალი, ვერაფერი მოვახერხე"–აქვითინდა მოხუცი. თან
მოსულს ეფერებოდა თმებზე,თითქოს მისი გოგონას თმებს ჰგავდა. თითქოს მართლა
მისი შვილია.თითქოს ძმაა მისი. განცდები უფრო უწურავდა გულს და მოწვიმდა
ცრემლებად. მოსულის დიდ თვალებშიც სევდა ჩადგა,მოხუცი კარგად დააკვირდა
მის სახეს.
–"შენ სად იყავი მაგ დროს, დაჭრილი ხარ შვილო?–ჰკითხა მზრუნველი,
მთრთოლვარე ხმით.
–ავად ვიყავი მშობელო, სარეცელს მიჯაჭვული.–თვალები დახარა ვაჟმა. დანაშაული
იგრძნო,რომ იქ არ იყო იმ დროს, როცა მოხუცს გაუჭირდა.–დედოფლის ამბავი რომ
გავიგე, მაშინვე შენსკენ გამოვეშურე. აუცილებლად დავიხსნი, გამთენიისას
გავუყვები გზას ...
ამის გაგონებაზე მოხუცი უცებ მომაგრდა,თითქოს სიბრძნე კვლავ შემოეჯავშნა მის
გულს.
–"ნუ შვილო, ნუ, მას უკვე ვეღარ დაიხსნი და შენც დაიღუპავ თავს. იქ სხვა ცაა , იქ
წასული ბევრი მინახავს, უკან მობრუნებული არავინ. იქაური ჰაერი აგყრის
ყოველივე ძალს და ფარს. ნუ შვილო ნუ–ეფერებოდა მოხუცი ვაჟს–ყველგან ის ცაა
შვილო,რა ხალხიც არის მის ქვეშ. იმათი ცის ქვეშ ჰაერში, ეშმაკთა საბუდარია. არც
შენ გაცოცხლებენ. ჰაერს ჩვენი ფიქრები და გულისთქმა ქმნის შვილო. ჩვენი ცაც კი
დაპატარავდა. ჩვენი სიონი...ჩვენი ფიქრი და გულისთქმაც კი წაიბილწა შვილო.
მაგიტომ ვეღარ ფარობს ჩვენი სიონი. მაგიტომ აღარ ჭრის ჩვენი ხმისალი–
განაგრძობდა მოხუცი–ჩვენი სიონის გარეშე ჩვენ ჩვენ აღარ ვართ, აჩრდილებს
დავემსგავსეთ ყაენისას. სულზე აღარავინ ფიქრობს. ყველამ უღალატა სამშობლოს,
ვინც მისთვის სანთელს არ ანთებს გულში. ნუ შვილო, ნუ –ცდილობდა
გადაერწმუნებინა ვაჟი. შეეშინდა მისი დაკარგვის, განა რამდენი შვილი უნდა
დაკარგოს? დიახ, მისმა გულმა უცებ მიიღო მოსული. თითქოს, დიდიხნის უკან
დაკარგული დაუბრუნდა. ასე განცდებით მოუბარს და შვილზე ფერებით დაღლილს
მიეძინა მოხუცს. ყველანაირად ეცადა გადაეთქმევინებინა ვაჟისთვის, მაგრამ ვაჟმა
მაინც არ დაიშალა.
დილით გაღვიძებულს აღარ დახვდა გუშინდელი სტუმარი ოთახში. გულში
გაკრა მოხუცს. ძებნა იწყო. ვერსად პოვა. კარი გამოაღო. თვალი მიმოავლო
უჩვეულოდ განათებულ არე–მარეს. სიმშვიდეს დაესადგურებინა ირგვლივ. ეამა. ცას
ახედა, თეთრი ღრუბლები შენიშნა. თითქოს ყველაზე წინ წასული მიამსგავსა კიდეც
მხედარს და მის თეთრ რაშს...
-"ღმერთო დაიფარე შვილები, მამა ხარ, შენი ხატება ვარ მეც...ვიცი უღირსი,მაგრამ
მაინც მაქვს იმედი არ გაწირავ ჩემს გულს. შენ ხომ იცი ,რომ შენთვის ანთია იქ
კოცონი....
ახალი წლის ცამეტში შეაბიჯა ჭაბუკმა უცხო ცის ქვეშ. გამართლდა მოხუცის
სიტყვები,იარაღი აყარა სხვა ცამ. უიარაღოდ მიაღწია მთავარ მოედანს. რაშიც თავის
ცის ქვეშ დამალა. უამრავი რჯულის ხალხს მოეყარა თავი მიწაზე და ურჯულოთ
ცაში. ცის ქვეშ წინასწარ იყო გამართული ზეიმი, მიწაზე მოლოდინი სუფევდა
სანახაობის. და, აი ისიც ...მზეთუნახავი... გამოჩნდა, მშობლის დაუშრეტელი
ცრემლი, პატარა გოგო–დედოფალი. მისი ნათელი ნაცრისფერს აფრქვევდა უკუნში.
მრავალი უწმინდური აზრი დაახშო მისმა ნათელმა სახემ. ზოგი სამუდამოდ, მაგრამ
სანახაობის წყარო კვლავ უშრეტად მიედინებოდა ცის ქვეშ. უამრავ ლამპარს ამოეშვა
იმ დღეს თავ– თავისი ჯინები და ისინიც მორჩილად ერთიდაიმავეს იმეორებდნენ:
..."შესრულებული იქნება ჩემო მბრძანებელო!"..ვაჟი უხმოდ და უჩინრად იდგა,
მხოლოდ დედოფლის ბაგეთ ხედავდა, რომელიც სიმართლე–სადგომს დაეძებდა და
ვაჟმაც გაუღო კარი. სწორედ იმ წამს, რა წამსაც შეერთდა მათი ბაგენი. გულის ლარები
ერთად შეირხნენ. სევდამ სევდა განაქარვა. სინანულმა სინანულს უმღერა ნანა.
სიყვარული მადლით დაიფარა. ვაჟმა მუხლი მოიდრიკა და ხელები გაშალა:
"ჩემი დედოფალი’’...
პატარა გოგო მისკენ გამოიქცა, გაცისკროვნებული სახით, კისერზე მოხვია ხელები.
–მეგონა ტყეში დავიკარგე, გამიხარდა შენი დანახვა,მეშინოდა ძალიან...–-
გულისნადები გაანდო გოგონამ და უფრო ძლიერ მიეკრა ვაჟს.
–ჩემთან ხარ, ნუღარაფრის გეშინია.
–იცი რა გავაკეთე?–ღიმილით ამოხედა ქვემოდან პატარამ.
–რა, კუდრაჭავ?
–ჯვარი–გოგონამ ქამრიდან ამოიღო ვაზის ჯვარი და უჩვენა ვაჟს.–ჩემი თმებით
შევკარი–უცებ სახე ეცვალა გოგონას. აღარ იღიმოდა,თითქოს წამში განვლო მთელი
ცხოვრება და შეიგრძნო ჯვრის არსი სრულად.
–-ულამაზესია შენი ჯვარი.
–ვაიმე–შიშმა შეიპყრო პატარა დედოფალი.–-რა სირცხვილია თმები რომ შევიჭერი,
მამა გამიწყრება ალბათ.
–ნუ გეშინია. მე მიგყვები მამასთან, ძალიან გაუხარდები–ეს უთხრა ვაჟმა და ორივე
მუხლი მოიყარა.
იქ, იმ მოედანზე ყველაფერი დასრულდა და უკუნი გამეფდა. წამი გაიყინა.
მხოლოდ ახლაღა შენიშნეს უცხო ყმა ვინმე, მუხლებზე მდგარი და ჩუმად
მტირალი. საშინელმა ძრწოლამ მოიცვა იქაურობა. უკან დაიხიეს, თავები დახარეს.
დადგა წამი ,როდესაც ყველამ იგრძნო სიცარიელე როგორ დაპატრონებოდა მათ
სულებს. წამი, როდესაც მცირედნი მიწას ჩაშტერებოდნენ. მრავალნი კი სასახლის
აივანს უმზერდნენ ,თითქოს მთავარ დამნაშავეს ეძებდნენ ლომთალომს…ოქროს
საწამისი, მარადისობა, როდესაც ერთი წამი კვდება და იბადება მეორე.
გარდაცვალება. გარდასვლა. გზა წამებიდან წამებამდე,როდესაც თუ არ ეწამე ვერ
იწამებ და თუ ვერ იწამე ეწამები. იწამებს ის ვინც, იხილავს და საკუთარ თავს
მოკითხავს. ვინც ეწამება,ვინც შეიგრძნობს ცოდვას თვისას და სინანულით
მოემადლება რწმენა. ის ვინც ვერ მოიმადლის რწმენას, ის მუდამ ეწამება.რადგან
ყოველთვის სხვასში დაიწყებს ძებნას ცოდვისას და ვერასდროს იხილავს მადლს
რწმენისა. ოქროს საწამისი, წამებიდან წამებამდე. რწმენა და ურწმუნოება წამებში
ცვლიან ერთმანეთს,ვინც რწმენით აღივსება ის გარდაიცვლება ჭეშმარიტებად,
ნათელად მყოფი. ვისაც ურწმუნოება დაძლევს და დასცემს, მას სიცარიელე
დაიპატრონებს და აქცევს უკუნად. დიახ,მათ ვინც აღაპყრო მზერა ლომთალომისკენ
იქ ის ვერ იპოვეს,უკან მოხედილთ არცა უცხოდ მოსული დახვდათ და ის წამიც გაქრა
...
ვაჟი თავის რაშზე ამხედრებულიყო და მშობლისკენ მიქროდა. ერთი შეხედვით
თითქოს უკუნი მისდევდა ნათელს, მაგრამ უფრო მცირედი ნათელი ეცლებოდა
უკუნს. ბრძოლა ყოველთვის საკუთარ ცის ქვეშ ღირს. ამად მოისწრაფოდა ჭაბუკი.
მხოლოდ 9 დღეღა ჰქონდათ მარაგში. წამოსვლისას უნახავს დიდი მამა,რომელსაც
გაუნდვია რომ ლომთალომი შურისძიებას მის ზეცაზე ახალი წლის ოცდაორს
აპირებდა. იმ დღეს მოხუციც დილიდან ლოცულობდა ტაძარში, მანამდე არ
გამოსულა, სანამ სარკმლიდან ცად არ იხილა თეთრი რაში. ისე სწრაფი იყო მისი
რბოლა,რომ მხოლოდ სამადლობელიღა მოასწრო მოხუცმა და ტაძრის კართან რაშის
ფლოქვების თქარუნი მოისმა. მოხუცი გარეთ გამოვიდა. რაშს მიეფერა და კვერი
აჭამა. შორიახლო ქვაზე ჩამომჯდარი ვაჟი შენიშნა და მისკენ წავიდა. მართალია
სევდიანი იხილა ჭაბუკი,მაგრამ მოხუცის გულს მაინც უხაროდა,რადგან ის კვლავ
იხილა, სევდა ადრე თუ გვიან განქარდება...
–-შენ ნამდვილი რაინდი ხარ, სიტყვა არ გატეხე. შვილი დამიბრუნე, ჩემი ფალის
ჩინი. ყველაფერი მიამბო. ისიც ძალიან მადლიერია.მითხრა, რომ შენ ხარ ის, ვისაც
უნდა გავყვეთ. შენ მე გამაცოცხლე შვილო."-უთხრა მოხუცმა და თავზე ხელი დაადო,
ლოცვა წარმოსთქვა ჩურჩულით.
–-მადლობელი მე ვარ მისი მშობელო, მან მიხსნა სარეცელს მიჯაჭვული. მისმა
ჯვარმა მომცა ძალა–-უპასუხა ვაჟმა. შემდეგ ამოიოხრა. ცას გახედა და განაგრძო–-
მაგრამ... მე ვიხილე ცის ქვეშ მყოფნიც, ურიცხვნი არიან...მტერი კარიბჭესთან არის
მშობელო. ახალი წლის ოცდაორში შემოიჭრებიან…მე უნდა გამომყვეთ? მე არ ვიცი რა
გზას დავადგე. განა იოლია წაიყვანო ხალხი იქ, სადაც მათ ცივი რკინით სიკვდილი
ელით?...არა მე კი ვიცი, რომ სამშობლო წმიდათაწმიდაა,რადგან მშობელთა
საბუდარია. ცოცხალი მშობელი კი ის არის, ვისი ჯვარიც ჩვენი ჯვარია. მე კი ვიცი,
რომ თუ ამ ჯვარს ვუღალატებ,იქ სიონში ვუღალატებ ჩვენს მშობლებს და ყველანი
დავიღუპებით. მათ ჩვენი იმედი აქვთ, ჩვენ მათი. მაგრამ თავად არა სთქვი მშობელო,
ჩვენი სიონიც დაპატარავდაო? გამომყვებიან კი? ალბათ მცირედნი და იმ მცირედით
ურიცხვთ შევაჩერებთ? არა, მშობელო არა. შენ ხომ იცი მე სიკვდილის არ
მეშინია.ყველანი მოკვდავნი ვართ ამ წუთისოფელში. მე იმის მეშინია რომ ჩვენი
სიონი დაეცემა. რომ ძმები გვიღალატებენ და ამის ხილვა მომკლავს.მუდამ მსურდა
გამარჯვებული სიონი მენახა,თუნდაც იმ წამსვე უფსკრულს დავინთქა–ვაჟმა
ყვავილი მოწყვიტა და დააცქერდა. მის გულისთქმას გრძნობდა მოხუციც, მაგრამ არ
აწყვეტინებდა სათქმელს,რადგან გულისთქმა ხომ სიონს აძლიერებდა,რომელიც
ველად გაიჭრებოდა და მრავალთ შეურხევდა გულის ლარს... მოხუცს სწამდა რომ ის
ოცდაორი იქნებოდა ძლევაი საკვირველი. ის ამას გრძნობდა,როცა ვაჟს თმებზე
ეფერებოდა.არ ესმით შვილებს და ვერ ხედავენ რწმენას. ძნელია მათი
დაჯერება,სანამ თავად არ შეიგრძნობენ და არ გააცნობიერებენ. ჭაბუკი კვლავ
უსასრულობაში იხედვიდა სევდიანად.
–-„მე ვიხილე ლომთალომი როგორ უმაწყალოდ ჰგლეჯდა მიწიდან ამოხეთქილ
ულამაზეს ყვავილს. ცდილობდა როგორმე ისევ უკან მიწაში ჩაეფლო,დაემარხა“
–-ლომი და ყვავილი შვილო?–-ჩაეკითხა მრავალმნიშვნელოვნად მოხუცი–-განა
ლომი ლომია როდესაც ყვავილს ებრძვის? ადრე, ლომებს ღირსება ჰქონდათ შვილო.
ძაღლის გამოწვევას უარს აგებებდნენ: მიჯობს ძაღლებმა დამცინონ შიშისგამო,
ვიდრე ლომებმა დამცინონ რომ ძაღლს გავუყადრე თავიო…მისი არ უნდა
გვეშინოდეს შვილო. არა, ის ლომია მხოლოდ ძაღლთათვის.
––ჰო, არარაობა…ის ვერასდროს გაიმარჯვებს–-დაეთანხმა ვაჟი–-არარაობა რაობის
გარეშე ვერ იარსებებს. ის ხომ უარყოფაა. უარყოფამ რომ იარსებოს ჭეშმარიტებაა
აუცილებელი. საკუთარ თავს ებრძვის, მანამ სანამ მტვრად არ იქცევა
გათანგული…რაობა კი არარას მოშორებას ცდილობს და შედეგად ჭეშმარიტებაში
დამკვიდრდება. უკვდავება …
–-უკვდავება…–-გამოეხმაურა მოხუციც. მზად იყო ეთქვა სიტყვა. მოეყოლა ის, რაც
განიცადა მაშინ სანამ ვაჟი გამოჩნდებოდა მასთან. მაგრამ დაელოდა თავად ვაჟი თუ
რას ეტყოდა. ის, კვლავ სევდიანი უმზერდა ჰორიზონტს. მოხუცს კი დუმილი არ
სურდა,ისედაც დიდხან იყო მდუმარედ–-უკვდავება შვილო ჩემო, კვლავ და კვლავ
გამუდმებით სიკვდილია,როდესაც უკეთესი იბადები. დაცემა და წამოდგომა.
როდესაც დაცემის შემდეგ,სულ მცირედით მაინც უკეთესი წამოდგები და ასე
გამუდმებით სრულყოფამდე. კვდომას კი ფასი მაშინ აქვს, როცა სხვისთვის
იფერფლება გული. თავგანწირვა შვილო. თავგანწირვა, როდესაც სხვისი ტკივილი,
გოდება შენი ხდება. სწორედ მაშინ კვდები. მაშინ დგება წამი სანთელივით რომ
ილევი და ფენიქსივით ფერფლისგან ახლად იბადები. სულ უფრო და უფრო
სხვისთვის ხანგრძლივად დანთებული სანთელი. მილიონობით უჯრედი თავს იმად
სწირავს, რომ დედის წიაღში ბავშვი გამოძერწოს. განა იშვება ბავშვი უჯრედთა ერთმა
ჯგუფმა რომ უარი თქვას გარდასახვაზე და თავგანწირვაზე? არ იშვება, ან იშვება
ძლიერ ხარვეზიანი. ასე ვართ ჩვენც: თუ არ გარდავისახეთ, თუ არ შევეწირეთ სიონს
მარადისობა არ მიგვიღებს და მტვრად მივიქცევით-–კიდევ დიდხანს ისაუბრეს.
კიდევ დიდხანს ეფერა მოხუცი ვაჟს იმ მზიან ღამეში. ის იყო ვაჟმა უთხრა მოხუცს,
შევიდეთ ტაძარს მოვისვენოთო,რომ უეცრად ქვემოთ უამრავი ვარსკვლავებად
მოციმციმე ნათებები შენიშნეს.
–-ეს რა არის მშობელო?
–-არ ვიცი შვილო. მგონი ხალხია გამოსული ველად, მაგრამ ამ ღამეში ნეტავ რად ?–-
თითქოს თავის თავს ჩაეკითხაო მოხუცი...
–-ჩემი მხლებლებია–-გაისმა უეცრად ხმა უცხო ყმაწვილისა.–-ვუბრძანე იქ
დარჩენილიყვნენ, მე კი აქეთ გამოვწიე. უცნაური ნათება იყო აქ ამ გორაზე, გულმა
აქეთ გამომიწია.მოველ და თქვენ გიხილეთ. საინტერესო საუბარი აღარ
შეგაწყვეტინეთ. გადავწყვიტე აქვე დავრჩენილიყავ სამალავში და თქვენთვის მესმინა.
დიდიხანია აქ ვარ“- მტკიცე ხმა ჰქონდა სტუმარს, თუმც ძალიან ახალგაზრდა იყო.
–-სტუმარი ღვთისაა–-შეაგება მოხუცმა და ტაძარში შეიპატიჟა. ბუხარი დაანთეს.
სუფრა გაშალეს. ღვინო დაასხეს. სტუმარს შესთავაზეს. მან კი თავიდან
მისდაუნებურად უარი თქვა. წამიერად იფიქრა: არ იქნება კარგი ჩემი დათრობა,
მაინც უცხონი არიან. რას იტყვის ჩემი ხალხი მათთან მთვრალი რომ დავბრუნდე ხომ
შევრცხვებიო. მაგრამ მოხუცმა მხოლოდ შვიდი სასმისის დალევა შესთავაზა.
ყმაწვილიც დაჰყვა. ცოტა დაიმორცხვა კიდეც, რომ შეეშინდა თრობის და იეჭვა
მასპინძლებზე. მართალია ცნობისმოყვარეობა სძალავდა გაეგო თუ ვინ იყვნენ მისი
მასპინძლები,მაგრამ თავს იკავებდა. მოხუცი გაუძღვა სუფრას და პირველი უფლის
სადიდებელი თქვეს. სამივეს სასმისი ერთად გაწკარუნდა და ერთხმად
წარმოთქვეს:“უფალი მეფობს!“
–-და მაინც ვინ არის იგი?–-იკითხა სტუმრად მოსულმა დარცხვენით.
–-უფალი ღმერთი ჭეშმარიტებაა შვილო. მის გარეშე არ არს არაფერი. განა შეიძლება
იყოს ჭეშმარიტების გარეშე რაიმე? ჭეშმარიტებაა მარადისობა. იგია ყოველი. როგორც
ჭეშმარიტებაა ერთი და არ არსებობს ორი ჭეშმარიტება–-მიუგო მოხუცმა და დაამატა-
ერთის დაშლით მიიღება ორიც,ოთხიც და მილიონიც. ასევე ვინც არ ყოფს და
აერთიანებს, ის იღებს ერთს.. ვიღაცისთვის ცოლ-ქმარი ორია. ჭეშმარიტებისთვის კი
ერთ ხორცი. ვიღაცისთვის მათ ხუთი შვილი ჰყავთ, ჭეშმარიტებისთვის კი ერთი
ოჯახი. ერთი სოფლისანი ვართ. ერთი მართალის შვილები. ხოლო ვინც ყოფს და ვერ
დგება ჭეშმარიტებაში, მათ ეშმაკის შვილებს უწოდებს უფალი. რადგან ანგარება,
ამბიცია ვერ დგება შეჭმარიტებაში.ის სიცრუის შვილია. მხოლოდ სიმართლის
მადიდებელთ ძალუძთ გაერთიანება გულით და გონებით. სხვანი ამას ვერ შეძლებენ.
ამად არის ბოროტება ამ ქვეყნად. ყველას სურს გაერთიანება, მაგრამ ამას საკუთარი
ძალის მეშვეობით. ტყუილით ცდილობენ და არა უფლის მართალი ძალით.
–ლომთალომის წადილიც ეგ არის: ძალით მოახერხოს ყველას ერთი ცის ქვეშ
მოქცევა–-გააგრძელა მოხუცის ნათქვამი ვაჟმა–ძალიან ძლიერია, თუ მოგვერევა
დავიღუპებით სამუდამოდ. ძალიან ბევრნი არიან, ძალა მათ ხელთაა..
–-სამწუხაროდ ეგრეა შვილო, მრავალნი არიან.–-დაეთანხმა მოხუცი–-მართალნი
მცირედნი,როგორც ზღვა და ზღვის ერთი წვეთი. მაგრამ უფალი ჩვენთან არს! არც
ხმლით და არცა სიმრავლით.ჩვენ მტერს ჩვენი რწმენით დავამარცხებთ, ჩვენი
ლოცვებით .
–-განა არ ვიომებთ? განა ლოცვა გვიშველის მხოლოდ?–-უკმაყოფილოდ იკითხა
სტუმარმა
–-ბრძოლას მაშინ აქვს აზრი,როცა კეთილგონიერი ხარ. კეთილგონიერი მაშინ ხარ,
როცა ღმერთთან ხარ. ღმერთთან მაშინ ხარ, როცა სამართალია შენი კანონი.
დაკარგულს ბრძოლით ვერ დავიბრუნებთ. მხოლოდ დაცვით იმისა, რაც ეხლა
გვაქვს.–-უპასუხა სტუმარს ვაჟმა და ახლად შეავსო სასმისები. შემდეგ სამშობლოს
სადღეგრძელო შეისვა და რადგან სუფრაზე უფროსი კაცი თამადა იყო, ორივე ვაჟი
ფეხზე წამოუდგა და მისი თამადობით შესვეს ის ფიალა.
–-სამშობელო…დღიდან გამოძევებისა ადამის სამოთხიდან, მუდამ სამოთხეს
დაბრუნება გვწადია. მუდამ მას დავეძებთ…მშობელნი,წინპარნი სიყვარულით
ქმნიდნენ ამ მამულს. რომელსაც ჩვენივე უწმინდურება ანადგურებდა მუდამ. დიახ,
ჩვენი მამულია სამოთხე. სამშობელო, მაგრამ მის აღმოჩენის მაგივრად, ისევ ფალის
ჩინ წართმეულნი დავიარებით. მშობელთა სიყვარულით შექმნილ სილამაზეს
შვილნი ურწმუნოებით ანადგურებენ. რადგან საუცხოოს დაეძებენ და მხოლოდ
მცირედნი ხვდებიან რომ ცხონება აქ არის,სადაც შობილხარ , გაზრდილხარ...
–-რად გამოძევდა ადამი მშობელო?–-იკითხა სტუმარმა
–-ვაშლი შეჭამა შვილო. ჭეშმარიტებაში ვერ დადგა, რადგან ვაშლი ალეგორიულად ის
არის ვინც არსს შლის. ვინც ჭეშმარიტება დაშალა…ჭეშმარიტება შესული დედის
წიაღში შობს სიყვარულს შვილო. მამა იქ, ჭეშმარიტება აქ, დედის საშოდან
ამობადებული სიყვარულია.–-მოხუცმა შესვა სასმისი და დაჯდა.
შემდეგ ვაჟკაცთა სადღეგრძელომ მოაწია. აქაც ფეხზე წამოდგა სტუმარი და
ამჯერად მის წინ მჯდომი მასპინძელი ვაჟის თამადობით თქვა ვაჟკაცთა
სადღეგრძელო. ფიალა დაცალა და წამიერად მოკრა თვალი, როგორი მოციმციმე
თვალებით გადახედა მოხუცმა ვაჟს. სტუმარსაც ესიამოვნა. მიხვდა, რომ მისმა
საქციელმა ასიამოვნა მასპინძლებს. არა არ იცოდა რომ მის წინ მჯდომი ვაჟი ვაჟკაცი
იყო. მერე რა რომ ტანადი და რაინდული იერსახე ჰქონდა,ხომ შეიძლებოდა სულაც
არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც ჩანდა? მაგრამ უბრალოდ სტუმარი გრძნობდა ამას,
აქამდე თუ ყველაფერს ცნობისმოყვარედ ხედავდა და გამოთვლებს აკეთებდა,
ამჯერად გრძნობდა და სჯეროდა,თუნდაც შემცდარიყო,რა მერე? იმ წამს ასე სურდა
და ის წამი ამაღლებდა სწორედ მასაც. რადგან რასაც სხვაში ხედავ, სწორედ ის ხარ
შენც. დიახ, რაინდობის მსურველს რაინდები მასპინძლობდნენ. ვაჟმა სამადლობელი
მოიხადა:
–-დღეგრძელნი არიან ვაჟკაცნი,რადგან არსის, ჭეშმარიტების კაცნი არიან. მათი
სახელები უკვდავყოფილია. რადგან გაწირეს თავი სხვათათვის და რაოდენ დიდია
დედოფალი ,რომელიც ვაჟკაცურად მოიქცა. ყველანი მუხლს ვიდრეკთ მის წინაშე. ის
არის ჩვენი წმინდა დედა, და და გულის ფეთქვა!–-ჭაბუკებმა მუხლი მოიყარეს.
პირჯვარი გარდაისახეს...
მეოთხე სასმისი აღმა შენების, გამარჯვებისა შესვეს. რა გამოცალეს ფიალა,
მოხუცმა სალმასის ჯაჭვის პერანგი ამოიღო სკივრიდან და აჩუქა სტუმარს. ვაჟი
გარეთ გავიდა და მობრუნებულმა მგლის სახა–მუზარადი შემოიტანა. მანაც სტუმარი
დაასაჩუქრა. მგლის მუზარადის დანახვაზე მოხუციც და ყმაწვილი სტუმარიც
შეკრთნენ. მოხუცი იმად, რომ ეხლაღა იცნო თავისი შვილი, მისი გერი,რომელიც
დიდიხნის უკან განდევნეს ამა სოფლიდან. სტუმარი იმად შეკრთა, რომ ვერ დამალა
აღტაცება. მგლის სახა–მუზარადი დიდხანს ათვალიერა ხელში და რომ გაითავისა
მერეღა ჰკითხა მასპინძელს ღიმილით:
–-მაშ ლომთალომს მეფე მგელი დაამარცხებს? , განა ნადირთ მეფე ლომი არ არის?
–-ნადირთ მეფე არის, მაგრამ არა კაცთ მეფე –-გაუღიმა საპასუხოდ ვაჟმაც–-ტყეში
ლომია ძლიერი ცალსახად. მაგრამ კაცთა გულებში მგელია უძლეველი, რადგან
სამართალია მისი კანონი.
მეხუთე სასმისი სიყვარულისა თქვეს. სტუმარმა სიყვარული დედის იმედის
სახელით შესვა, მასპინძელმა კი მტრის სიყვარულით.
–-მაგას რად ამბობ ძმის გულო?–-იკითხა წუხილით ყმაწვილმა–-განა მტრის
სიყვარული გაგონილა?
–-იმად ვამბობ, რომ მტერმა შეგვყარა ერთად. რომ არა მტერი, განა ღმერთს
ვადიდებდით? განა მშობელი და მათი შვილები წმინდა იქნებოდა ჩვენთვის? იმად
ვამბობ, რომ მტერს თუ შევიძულებ მეც მის მსგავსი არ ვიქნები? თუ სიყვარული
სიძულვილით ჩავანაცვლე სწორედ ეგ არ სურს მტერსაც? განა მაშინ უფრო იოლად
არ დამამარცხებს მადლ გამოცლილს? მტრის სიყვარული არ ნიშნავს რომ მისი
საქმენი გიყვარს. ის მტერია,მაგრამ გიყვარს. ესე იგი სამართლიანი იქნები მის წინაშე
და არ დაეცემი მასავით. ხმლით მოვა, ხმლით დახვდები. სიტყვით მოსულს სიტყვით
და სიყვარულია ის ძალა,რომელიც შეგეწევა ბრძოლაში. რომელიც გააქარწყლებს
მტრის მრავლიანობას. იგი მსგავსია ღატაკის გამოწვდილი ხელისა, რომელიც შანს
გაძლევს გააკეთო მადლი. ღატაკიც იმად არსებობს, რომ არ ვიზრუნეთ მათზე და
მივატოვეთ როცა უჭირდათ...
–-ხილული მტერი, მტვერია შვილო–-გააგრძელა ვაჟის სიტყვა მოხუცმა–-ის მტვერია,
რომელიც მხოლოდ იმად გედება, რომ უმოძრაოდ ხარ. აღარ იკვალავ გზას. უხილავი
მტრის, დემონის არსებობა რომ დაგვიწყებია და ლხენას მისცემიხარ. მთავარი
ბრძოლა ამ ქვეყნად და იმ ქვეყნადაც ჩვენი სულებისათვის მიდის. ჩვენ კი
ხორცთათვის ვიბრძვით. უხილავ მტრისთვის დემონისთვის, მთავარი სიყვარულის
მოკვლაა შვილო. შემდეგ უკვე ციხე როდესაც შიგნიდან გატეხილია,მისი აღება
მცირედთაც შეუძლიათ იოლად, არა თუ მრავალთა. განა არ იცი, რომ:
სიბრაზით,სიშმაგით მწყობრიდან გამოსული ადამიანი, შეცდომას შეცდომაზე
უშვებს? აი სწორედ ეს სურს დემონს. სიყვარულით სავსე გული კი აუღებელი
ციხესიმაგრეა.
–-და მაინც რა არს სიყვარული მოხუცო?
–-სიყვარული, ეს ჭეშმარიტების უხილავი საკრავია შვილო. ის რაც ჰყვა რაობას
ლარით. საკრავის დაღვრილი ჰანგებია შვილო. იმ საკრავისა, რომელიც წმინდაა და
ამაღლებულს ემსახურება. გამოსცემს ბაგეთაგან ბგერებს,რომელიც ჭეშმარიტებას
უმღერს. შვიდ სიმად იყოფა შვილო და მათი არითმული რხევა ქმნის ლასარეს.
რომელიც გარეთ გამოდის და უფლობს. ჯადოსნური ლარი, ძალიან სათუთია. მას
მხოლოდ მცირედნი ეხებიან ,რადგან მხოლოდ მცირედთ ძალუძთ მის კარავში
შესვლა, მისი კარის გაღება.
–-რა აღებს მის კარს მშობელო, ეგეც მიამბე–-სთხოვა სტუმრად მოსულმა.
–-ახალი სასმისი შევსვათ და მაგასაც გეტყვი შვილო–-სიყვარულით მიუგო მოხუცმა.
სტუმარმა თავად ითავა სასმისების შევსება და რა შეავსო ბოლოს თავის სასმისი,
ერთი წვეთი მაგიდას დაეცა და თითქოს გაიწკარუნა, წამი გაირინდა,მოხუცმა
სასმისით სპეტაკი ცრემლისა სთქვა.
–-სინანულის გარეშე არ გაიღება კარი. მხოლოდ სინანულით არს შესაძლებელი
გულის კარის გაღება. იქ, სადაც არის შვიდი სიმი ფარული. სუფთა, სპეტაკი
რომელსაც მხოლოდ მონანი შეეხებიან. სინანულია,რომელიც დაუკრავს
ნანას,რომელიც გაბრუნებს ჩვილობაში. მხოლოდ ჩვილი ბავშვის სათუთ თითებს
ემორჩილება ლარი შვილო ჩემო...
მალე გათენდებოდა უკვე. სტუმარი დიდად ნასიამოვნები წამოდგა.
––აწ უკვე წასვლის დროა, იშფოთებენ ჩემები ამდენხანს რომ მივატოვეო. –თითქოს
მოიბოდიშაო.
შეავსეს მეშვიდე სასმისიც და მადლობა უთხრა მასპინძლებს. მათ კი თავის მხრივ
მადლის, წყალობის არ მოკლება უსურვეს. გარიჟრაჟზე გამოვიდნენ გარეთ. ვაჟი
დაემშვიდობა სტუმარს.
–-მიხარიხარ მგლის გულო. მართალია, დრო ცოტა გვაქვს, მტერი მალე მოადგება
ჩვენს სიონს. მაგრამ იქამდე ყველაფერი მზად გექნება ვიცი. ბრძოლის წინ მეც მოვალ.
უტყუარ გამარჯვების ცნობად.–-უთხრა და ხელი გაუწოდა. მათი ხელის ჩამორთმევა
იყო ძმობის შესაკრავი. მოახტა ვაჟი თავის რაშს და სწრაფად გაუჩინარდა, ისე რომ
თვალიც ვერ გააყოლეს მოხუცმა და სტუმარმა. მხოლოდ ახლაღა ჰკითხა მოხუცს:
–-ვინ არის იგი მშობელო?
–-ის მგელთა მეფეა შვილო,ჩემი საყვარელი გერი–-გულისტკივილით ამოთქვა
მოხუცმა–-წყაროსთან ვიპოვე თოთო. საოცრად ლამაზი ბავშვი იყო. მისი თავდადება
საქმეში, ხომ ყველას აცვიფრებდა. საოცარ ბედის ვარსკვლავზე იყო დაბადებული.
გამორჩეულს ზურგი აქციეს,უღალატეს და ლომთალომმა დაამარცხა დიდი ხნის
უკან. მას მერე განერიდა ყველას. რჩეულის ღალატმა გამოაცალა ძალა.
–-რად უღალატეს მშობელო? რად არ უყვართ გამორჩეულები?
–-სასტიკი იყო შვილო, სასტიკი მათთათვის. მისი კანონი სამართალია. არ ცნობს არც
ხორციელ ძმას არც ხორციელ დას, მხოლოდ მართალს. მას სწამს, რომ ძალა
სიმართლეა. მაგრამ ტყუილმა და ორპირობამ დაამარცხა. შმაგმა და მრავალმა
დაჯაბნა. ამად იყო დაწყლულებული ამა სოფლისგან, მაგრამ საოცრად ერთგულია.
ყოველი ღამე მის გულს ბასრ ხანჯალს ასობს. ამად არის, რომ ყოველ ღამით ისმის
შემზარავი ყმუილი. ყოველ ღამით მზეს უხმობს, რომ გათენდეს. ყოველი დღის
იმედი ყოველი ღამის კოშმარით ეცვლება. მაგრამ ის მეფეა შვილო,რადგან ჯვარს
ატარებს გულით.
–-რად არ ინდობს უფალი,მშობელო? რად არ შეისმენს მისას?
–-უფალს ის ძალიან უყვარს შვილო, რადგან თავად გააკეთა არჩევანი. გაყვა გზას
მართლისა. უფალი დიდიხნის უკან წაიყვანდა თავისთან ნათლულს, მაგრამ თავად
არ გაყვა. ის მეფეა შვილო. ვერ მიატოვებს თავის სამწყსოს.
–-თუ თავის სამწყსო ჰყავს, მაშ დაგვეხმარება ლომთალომის წინააღმდეგ თავის
ამალით?
მოხუცმა გაუღიმა კეთილად ვაჟს–-„იმედია შვილო იმედი, რომ კვლავ შეკრებს
ამალას. დახმარება კი შენგან დაჭირდება, თავად არ გეტყვის“...
–-ჩემგან? მე რით შემიძლია მშობელო?-გულწრფელად გაუკვირდა ვაჟს.
–-მისი გულის ხმა ყველგან ისმის შვილო, მიყურადებაა საჭირო. აუწყე შენი გულის
ცემა. მგლის მუზარადი ბევრს მისცა, დიდი იყო მისი ამალა. ეხლა კი მხოლოდ შენღა
ხარ.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ავთანდილ ზედგინიძე   Tue Dec 25, 2012 1:10 am



ავთანდილ ზედგენიძე

მეფე-მგელი

(დასასრული)

ვაჟი ჩაფიქრდა და მოხუცს ფიქრით ახედა. მოხუცი ზეცას უმზერდა, თითქოს თეთრ
რაშს დაეძებდა... წავიდა ვაჟიც და მოხუცი მარტო დარჩა,თუმც ამჯერად სავსე
გულით. იმ დღიდან დაიწყო მზადება რაღაც დიადის. ყმაწვილი მგლის მუზარადით
სამართალს ამყარებდა ქვეყნად. მგლების მეფე კი მთად წასული ლოცულობდა
მგელთათვის. ზომიერებამ მოიცვა ყოველი. ყველამ შავები ჩაიცვა, რადგან
სალაღობოდ არავინ იყო გაჩენილი. ერთმანეთს სიტყვით და საქმით ხელს
უმართავდნენ. ეფერებოდნენ. კეთილ საქმეთა კეთება იწყეს. გულები გააერთიანეს.
პატარების ლაღობით ხარობდნენ და გულში მადლობას ამბობდნე უფლისა. და
მართლაც, რა იყო სალაღობო ვაჟკაცთათვის? მშობელთა ცრემლი და სისხლი
უსაზღვროდ დაღვრილი? თუ ის, რომ სამშობელო წაბილწა მტერმა და მათ
შთამომავალთ მონობა ემუქრებოდა აქ, და იქ ცეცხლი გეენიის? ყველა გრძნობდა
მტრის–ლომთალომის მალე გამოჩენას. მაგრამ რატომღაც ეს არ იწვევდა მათში შიშს.
პირიქით, ცდილობდნენ ბრძოლამდე განწმენდილიყვნენ: თუ ბედი უმუხთლებდათ
იმ ქვეყნად მართალნი რომ ასულიყვნენ. თუ გამარჯვება იქნებოდა მათი წილი, მაშინ
მართლად დარჩენაც აუცილებელი იყო რადგანაც შთამომავალი ღირსეულად
გაეზარდათ და აღარასოდეს დასდებოდათ მტვერი. რადგან ამ ქვეყნად ჯერ არავის
მოუხდია ვალი ლაღობით. ღვინით თრობაც სირცხვილად იქცა ვაჟკაცთათვის. განა
შეჰფერის ვაჟკაცს ღვინით დაჯაბნულს, ეშმასავით ტლინკვა? არა,მთვრალი მაშინვე
ჩუმად დარცხვენით გაიპარებოდა და გამოიძინებდა, ან მეგობარნი,სიტყვით
კეთილით გაიყვანდნენ. დიახ ,დადგა დრო როდესაც მიხვდა ყოველი სულიერი იმ
ქვეყნად,რომ ის,ის იყო. რომ ის რასაც გაუკეთებდა სხვას,იმასვე მიიღებდა. რომ
ყოველივე არი: ვარ ხარ ალი, რასაც გასცემდნენ ,მხოლოდ ის იყო მათი. სიკეთეც და
ბოროტებაც გაცემული, ორმაგად ბრუნდება... ყოველი ოჯახი თვის მოგების ერთ
მესამედს მეფეს უხდიდა. მეფეც თავის მხრივ ცდილობდა ყველას მეტი ჰქონოდა.
რათა შეექმნა რეზერვი,ხორცის,ხორბლის და თაფლის მათთვის, რომელთა
ოჯახებსაც გამრჯე ვაჟკაცის მარჯვენა მოაკლდებოდა. სნეულთათვის. მეფე
მდიდარი სამეფოთი იყო ძლიერი. მას სიმდიდრე არ სჭირდებოდა,რადგან მისი იყო
ყოველივე. ხალხი შრომობდა მეფისთვის და მისი თორმეტი რაინდისთვის.
დიახ,მეფე და მისი თორმეტი რჩეული განაგებდა სახელმწიფოს. მეფე როგორც
მეშვიდე ხმა. მხოლოდ ბრძოლის წინ ხდებოდა ის ერთპიროვნული
მმართველი,თუმც თორმეტს ითვალისწინებდა მაშინაც. მეფე, რომელმაც ყოველ
სოფელს სოფლისავე მკვიდრი აარჩევინა მოსამართლედ, კაცი არა ნაკლები 36
წლისა,გამოცდილი და არა ნაკლებ 2 შვილის მამა,რათა მამა-შვილობისა სცოდნოდა.
ასე შრომობდა ერი ერთად. ყოველი დღე და ღამე. მოხუცის გული სულ უფო ძლიერ
სცემდა დაფდაფებს. ყოველი დღე და ღამე მაღალ მთაზე მდგომი გადასცქეროდა
ქვეყანას და ხარობდა ,თითქოს საფრთხეს ვეღარ ამჩნევდა გული. იქითაც ისმოდა
ყიჟინა, რკინის ჟღარუნი,მაგრამ დისციპლინაშიც კი, რკინის ჟღარუნი მაინც დიდად
უწესრიგოდ ჟღერდა. ორივ ხმა ებრძოდა იქეთ აქედან, და მიუხედავათ აქ
სიმცირისა,თითქმის თანაბრად ისმოდა ხმა გუგუნისა და ჟღარუნისა.
ამასობაში, მგელთ მეფე მთად მარული, თავის თავთან ვით მარტო ისიც ხარობდა.
ვაჟის გული თუ გადასცემდა, რომ მგლები იბადებიან ალგეთს. გამოღვიძებამ
მოგონებების აშლა იცის, ამად თუ ხედავდა ყველგან მას–მშვენიერს, ულამაზესს,
პირველს და ერთადერთს, ოქროსთმიანს, ცისფერ თვალებას. უღალატა? არა, ამის
გახსენება არ სურს მეფეს. ის უნდა ახსოვდეს, როცა მისით ხარობდა. მაშინაც და
ახლაც. მას სიყვარული ჰქვია. ვერაფერი გაწყვეტს უკვდავ ძაფს. ის მასთან იყო და
არის. საწუხარი ის ჰქონდა მეფეს, რომ მისი სიყვარული მხოლოდ მოგონებად
დარჩენილიყო მხოლოდ. ვერ ხარობდა მისით აწყმოში. ამჯერადაც მის თვალწინ
იდგა...ამჯერად ზმანებას არ ჰგავდა. თითქოს ხორცი შეესხა. ისევ ის თვალები, როცა
უკანასკნელად იხილა, შეპყრობილისა...
–-მეფე კვლავ ეულია?–-ჰკითხა ჩვენების ხმამ–-შენი სიმართლე, როდემდე?
–-ბოლომდე...
–-შენი ბოლო მალე მოაწევს მეფეო. კარგად იცი თავადაც რომ ლომთალომს ვერ
დაამარცხებ. ერთხელ უკვე დაგამარცხა, თუმც გადაურჩი...
–-მაშინ შენით მოახერხა...ეხლა შენ აღარა ხარ ჩემთან...აღარც ეული ვარ, ალგეთს
ლეკვები იზრდებიან!!!
–იმ პატარა მეფისწულის იმედად ხარ რომ მგლად იქცევა?–-ჩაჰკითხა ქალმა–-
რეალობას რად არ შეხედავ თვალებში? არ გეყო ბრძოლა საკუთარ თავთან?
განწირული ხარ, ნუთუ ვერ ხვდები? შენი რწმენა: რომ გული გულს დროისა და
სივრცის გარეშე აკავშირებს, მაშინ საშინლად მაღიზიანებდა. ვერასდროს ხვდებოდი
რა სურდა ჩემს გულს ჩემთან მყოფი .
–-კარგად ვხედავდი რაც გსურდა და ეგ გვაშორებდა. თუმც ველოდი შენგან ღალატს,
არ შემეძლო არ მოგნდობოდი. რეალობაო რომ ამბობ, რა მოგცა შენმა რეალობამ
გრძნეულო? სისხლს სვამ წყლის მაგიერ და ხორც სჭამ პურის ნაცვლად. რაიც მაშინ
გსურდა, განა ასმაგი არ მიიღე? მაშ რად ვერ ისვენებ? კიდევ ასმაგი რად მოგდომებია
ბედშავო უფრო ძლიერ და შმაგობით?
–-შენ? განა შენ კმაყოფილი ხარ? შენ რად არ გაჩერდი? რისთვისღა იბრძვი თუ
არაფერი გსურს ამ ქვეყნად? მეფე…საკუთარი თავის მეუფე…არადა შეგეძლო
ნამდვილი მეფე ყოფილიყავი, ლომთალომი შენ იქნებოდა და მიიღებდი იმას რაც
გსურდა...
–-მე მხოლოდ ვიცავ და ვიცავდი რაც მქონდა. არასდროს მიბრძოლია არც შენთვის და
არც სხვისთვის, მხოლოდ გიცავდი სანამ ჩემთან იყავ. ეხლაც დავიცავ იმას რაც
ძვირფასია და ჩემია. ტყუილად გაქვს იმედი გამარჯვებისა. ვინც ზედმეტს
მოინდომებს იმასაც დაკარგავს რაც აქვს. მე რაც მაქვს ის მქონდა ადრეც. შენც გქონდა
იგივე, თუმც ვერ აღიქვამდი, მეტი გსურდა და უღალატე საკუთარ არსს, რადგან არც
მშობელი არცა და-ძმა დაინდე. და რა მიიღე? სანამ საბოლოოდ მტვრად არ
მიიქცევით, ზომას და ძღომას ვერასდროს იგრძნობთ.
–-მხოლოდ იცავდი...და რას იცავდი? განა ყოველი ადამიანი ერთი არ არის? განა რა
არის ცუდი იმაში თუ ერთ ცის ქვეშ ვიცხოვრებთ, ერთი მეფის და დროშის ქვეშ? განა
შენი მრწმასი არ გვყოფს ერთიანებს? განა შენ არ ხარ წინააღმდეგობა ერთობის?
--ჩემი მრწამსი,ერთადერთი ცოცხალი მამაა.ერთ ცის ქვეშ,მხოლოდ ერთი მამის
შვილნი გაერთიანდებიან,ერთი გულის და მრწამსის.განა არის სადმე ერი,რომელიც
მამის წინაშე მუხლს სიყვარულის გამო იხრის?განა ჩვენსავით უყვართ მამა
სხვათაც?ფარისევლობით ,შიშით და ვალდებულებით არიან მხოლოდ.განა ყოველი
ადამიანი ერთია?განა ყოველი ნაყოფი ხისა ჯანსაღია?მაშ რად არა სჭამ ჭიანს და
დამპალს,რად განაგდებ?გსურს გამხმარ-უსიცოცხლო ხეს ვეთაყვანოდ?გამხმარი
ხე,მხოლოდ შეშად გამოდგება,რომელსაც ცეცხლს მისცემენ,რადგან ვეღარასდროს
გამოიღებს ნაყოფს.უამრავ სისხლით და ცრემლით ცისკრის ვარსკვლავად
მყოფნი,რად ჩამოვემხოთ?როგორც შენ ჩამოემხე და სხვაიც გსურს დაჰღუპო.
–-მაშ ოლიმპოზე ხარ? ეს მთები და სიმარტოვეა შენი ოლიმპო? უგვირგვინო მეფევ,
გინდა სახელი უკვდავჰყო? მსხვერპლად გინდა შეეწირო შენს სიჯიუტეს და გგონია
ჯილდოდ უკვდავებას მიიღებ არა?
-–ჯილდოც და გვირგვინიც შენ იყავ ჩემი. ჩემი ცისკრის ვარსკვლავი...სანამ მზეს
ვიხილავდი, ჯერ შენ გხედავდი…ეხლა მე არაფერი მსურს გარდა ერთისა: დავიცვა
ის რაც მამის არს–ჩემი არჩევანი.
-–მსურდა გამეფრთხილებინე. მსურდა გასცლოდი ლომთალომს. არ მსურს შენი
მოკვდინება, მაგრამ თავად იწევ სიკვდილისკენ. იყოს ნება შენი, არჩევანი
გაკეთებული გვაქვს და ამას აღარა შეცვლის რა–-უთხრა ქალმა და განეშორა
აჩრდილი ბნელისა. მხოლოდ განშორებისას გააყოლა თვალი მეფემ. მისი
დამაატყვევებელი თვალებისთვის რომ არ ეცქირა, მხოლოდ ახლაღა ამოხედა
მიმავალს.
ოცდაერთის ახალ წელს,მოადგა ლომთალომის ურიცხვი მომდევარი,პატარა
ქვეყნის სიონს.დიდად შეაჭირვეს ყოველი მხრიდან ნათელი...ყმაწვილი მეფე თავის
ლაშქარით მზადმყოფნი დახვდნენ მტერს.მშვიდნი და დიადნი,სიმართლით
წელგაშლილნი,რწმენით ალმასნი.მხოლოდ ერთხელ ვერ შეიკავეს თავი,რა იხილეს
მხედარი თეთრ რაშზე ამხედრებული,როგორ მოდიოდა მთებით,თითქოს ღრუბლები
მოაცილებდნენ.უმალ დაიკავა თავის ადგილი,ყმაწვილი მეფის გვერდით.ამის
მნახველთ ძლიერ გაუჭირდათ თავის შეკავება,რაღაც უჩვეულოთი აივსო
ყოველი,მაგრამ თავს იმად იკავებდნენ რომ არვის სურდა ყოფილიყო მეფის და
სამეფოს უღირსი.მეფის ნიშანს ელოდა ყველა და აჰა,დადგა წამი,როდესაც შესძახა
მეფემ:“ეჰა!“ აი მაშინ კი მოხდა ის რაც არასდროს უნახავთ მოკვდავთ,თითქოს
სიონიც ზამბარასავით შეკუმშული უცებ გაიშალა.ამას მტრისთვის,საშინელი
შემზარავი ხმა მოჰყვა ციდან.ნათელმა ბნელი განაპო.მტრის მტვერიღა მოსჩანდა
მხოლოდ.გარბოდნენ რათა გადაერჩინათ თავები,მაგრამ არსად იყო მათი
თავშესაფარი.მგლისთავა მეფემ ბოლომდე სდია ლომთალომს,მისავე საზღვრებამდე
მისდევნა.მართალია ლომთალომი დაუსხლტა მეფეს,მაგრამ ამის დარდი აღარ იყო
ქვეყნად,რადგან თავზარდაცემული,აღარასოდეს მოიხედავდა აქეთ.მოხუცი
რომელიც მთად იდგა ამაყი იყო,როგორც არასდროს.ამჯერადაც სტიროდა
მშობელი,რადგან სტკიოდა,ეამაყებოდა და სტკიოდა. ყმაწვილი მეფე მთად
ავიდა,რათა მოხუცი ენახა მადლობის სათქმელად,თან ძმობილი მგელთა მეფის
ნახვაც სურდა,რომელიც ბრძოლის დროს თვალთაგან მიეფარა.მოხუცმა
ყმაწვილი,საზღვრისკენ გაახედა.ნათელი მხედარი ლომთალომს მისჭროდა და
სასტიკი ბრძოლა გამართულიყო.გრძნეული ყოველ ფიქრს ხედავდა მგელთა
მეფისას,ამას მიმხვდარი მხედარი,ცდილობდა არა ეფიქრა რა,ნათლულს მინდობილი
ებრძოდა ურჩხულს.სწორედ ასე ხედავდნენ მოხუცი და ჭაბუკი მეფეც.მხედარს
თეთრი მოსასხამი ჯხვრის ფორმით,შინდისფრად შეჰღებვოდა.ურჩხული კი
იმდენად ბნელი იყო,რომ ვერას გაიგებდი უჭირდა თუ ულხინდა ბრძოლისას.ბოლოს
კი მოსახდენი მოხდა და მგელთ მეფემ განგმირა ურჩხული.ურჩხული რომელიც
დაცემისას ქალის სხეულად იქცა.ამან ძლიერ განაცვიფრა ყმაწვილი მეფე,მთად
მდგომი.მგელთ მეფე რაშიდან ჩამოხტა,მივიდა სასიკვდილოდ განწირულ ქალთან.ამ
დროს გაისმა ნაცნობი,შემზარავი ხმა,რომელი ხმითაც ყოველი ღამისას ნათელს
უხმობს მგელი.
–-მშობელო ვინ არის ის ქალი? რად ტირის მგელი?–-ჰკითხა ყმაწვილმა მეფემ.
–-მისი გვირგვინია შვილო. ერთადერთი სიყვარული–-მთრთოლავი ხმით უპასუხა
მოხუცმა.
–-რაოდენ დიდია მისი სიყვარული, მართლა მტერი ჰყვარებია...
-–ჰო შვილო, ჰო... დიდი გული აქვს მეფეს. მას ურჩხული სძულდა, როგორც ცოდვა.
ცოდვილი კი, რომელიც მძიმედ არს დაჩაგრული ცოდვისგან უყვარდა ძლიერ.
სნეულს და სუსტს ხომ უფრო მეტი სითბო და სიყვარული სჭირდება შვილო.
მგლის ყმუილი კი კვლავ ძლიერად გაისმოდა იმ მხარეში. ყველას გულში
აღწევდა და ყველანი თავიანთ სიყვარულს ეფერებოდნენ თუ სტიროდნენ.
მოძმეთ და მტრის უსულო სხეულებს ერთნაირი პატივით ეკარებოდნენ. ქალმაც
მხოლოდ დაცემის წინ ამოხედა მისი ულამაზესი ცისფერი თვალებით მგელთა
მეფეს. პატიებას თუ სთხოვდა, მაგრამ მეფე თავად გალობდა სინანულს...
თითქოს მელანი გაერია წყალს. ლილისფრად შეიღება ცის ქვეშეთი.
„დალიშ გვი სვისტ ლი ყვავილშალ, დალიშ გვი სვისტ
სიყვარულის ტკივილისგან კვდება დალი .
ლალცხატისას გზებს გაგიხსნი იქეთ სავალს
სიყვარულით მოეახლე დალის სამანს
ღამით კლდისპირ დაგიდგები ადიუხად
ოქროს თმებით და ხელებით ავინთები
უხვაანში შენთვის გზაა შინისაკენ
მამბერ,ლოცვით გამთბარია ჩემი ძვლები...“
––შეხედე მშობელო–წამოიყვირა ყმაწვილმა მეფემ. ქალი გაცოცხლდა.
სასწაულია,როგორ მოახერხა?
––ეს შენ მოახერხე–უთხრა მოხუცმა ყმაწვილს, რა შეხედა მის აცრემლებულ
სახეს.––შენმა გულწრფელმა უანგარო ცრემლმა შეძლო. მგელს ცრემლი აღარ
ჰქონდა თავისთვის შენახული, სულ სხვას დაახარჯა.
მგელთმეფემ ქალი გულში ჩაიკრა. ერთი მოხედა სამადლობელი მთაზე მდგომ
მოხუცსა და ყმაწვილს და მგელი ქალითურთ ჯერ ერთხორც, შემდეგ კი ნათელში
გაუჩინარდნენ.
–– და მაინც ვინ იყო მშობელო?
––ქარიანს ვეძახდი შვილო, როცა პირველად ვიხილე ქარის მოყვანილად
მივიჩნიე. მუდამ სადღაც ქროდა მისი გონება. ეხლაც ვერ გაიგებ სად არის,იქარის
თუ აქარის––სიტყვა არ დაემთავრებინა მოხუცს, რომ მათ შორის თბილმა ქარმა
ჩაირბინა, სახეზე თუ მიეფერა ორივეს...…
აღარც მოხუცი ჩანდა. მთაზე მაღალზე მხოლოდ ყმაწვილი მეფე იდგა. ქვემოთ
კი მისი ლაშქარი, რომელიც მეფის დიდებას ერთხმად ქუხდა. მეფემ იცოდა,რომ
მთავარი ბრძოლა მოიგო, მაგრამ უკეთ იცოდა ისიც, რომ სამეფოს სიმშვიდე
მუდამ მზადყოფნას გულისხმობდა. დიახ, რისთვისაც მზად ხარ, ის არ
მოხდება,მტერი მხოლოდ მოუმზადებელს, სუსტს ესხმის თავს. ყმაწვილმა მეფემ
ფერხთ დიდი და საამო სითბო იგრძნო. მშობელი მიწა თუ გადმოსცემდა.
მარცხენა ხელით მგლის მუზარადი აღმართა ცად, მარჯვენა ხელით გვირგვინი
თვისი და წარმოსთქვა:
“უფალი მეფობს“

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ავთანდილ ზედგინიძე   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
ავთანდილ ზედგინიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: