არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ირაკლი ლომოური - ეკა ლემონჯავა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4038
Registration date : 09.11.08

PostSubject: ირაკლი ლომოური - ეკა ლემონჯავა   Mon Nov 26, 2012 5:55 pm



ეკა ლემონჯავა

ირაკლი ლომოური:"ეკლესიაში სიცარიელე რომ დამხვედროდა, ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ ექნებოდა"



2012-10-19 09:50:42


იყო დრო, როცა მწერალი ირაკლი ლომოური ბოჰემურ ცხოვრებას ეწეოდა, 26 წლის ასაკში მომხდარმა შემთხვევამ კი მისი აზროვნება, ღირებულებები ამოატრიალა. მანამდე ზოგადად ადამიანის სიცო ცხლეზე არცთუ მაღალი წარმოდგენის გახლდათ, იგი აბსურდად და ტანჯვად ეჩვენებოდა, სამყაროს სკეპტიკურად უყურებდა, ღმერთზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო.
უბედური შემთხვევა ქეიფის დროს მოხდა. მძიმედ დაშავდა, სასიკვდილრდ იყო გადადებული. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი არ ჰქონდათ. თუ მაინც გადარჩებოდა, ცოცხალ გვამად ყოფნა ემუქრებოდა. დიდხანს იყო ლოგინს მიჯაჭვული. გადარჩა, ფეხზე დადგა, სასიცოცხლო ფუნქციებიც დაიბრუნა, მაგრამ მძიმე კვალი ახლაც ატყვია – კოჭლობს, მხედველობა და სმენა დაზიანებული აქვს. განსაცდელმა ეკლესიასთან და ღმერთთან მიიყვანა, თუმცა ამ ნაბიჯის გადასადგმელად 5 წელი დასჭირდა.
მწერალი გვიამბობს:
– 1985 წელს ისტორიის ინსტიტუტში ვმუშაობდი. ქეიფი და დროსტარება ძალიან მიყვარდა. სამსახურში ახალი თანამშრომელი გოგონა მოგვივიდა, რომელიც ცხოვრებაში სულ სამჯერ მყავდა ნანახი. სამსახურიდან რომ გამოვედით, ამ გოგონას ვუთხარი, ჩვენს სამსახურში რომ გადმოხვედი, ხომ უნდა გვაქეიფო, აღვნიშნოთ ეს ღირსშესანიშნავი მოვლენა–მეთქი. მასაც უარის თქმა მოერიდა და სახლში ასე ძალით დავაპატიჟებინე თავი. შამპანურები ვიყიდეთ, კონიაკიც მივაყოლეთ. იმ დღეს თავი ძალიან მტკიოდა. ამ გოგონასთან სახლში რომ მივედით, ვკითხე, ტკივილგამაყუჩებელი თუ ჰქონდა. რაღაც ფრანგული წამალი მომცა. სასმელმა და ფრანგულმა წამალმა ერთად ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ რაღაც მომენტში გავითიშე, აღარაფერი მახსოვს. ბოლოს ჩემი თავი საავადმყოფოში აღმოვაჩინე.
– რა მოხდა იმ დღეს?
– როგორც შემდეგში გავიგე, აივანზე გავსულვარ და აღარ შემოვსულვარ. მოსაძებნად რომ გამოვიდნენ, ძირს ვეგდე. მეორე სართულის აივნიდან გადავვარდი. ეს სახლი მაღალ ადგილას იდგა და თითქმის მესამე სართულის სიმაღლეს უტოლდებოდა. რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში მიმიყვანეს. ჩემი გასინჯვის შემდეგ ექიმებმა თქვეს, რომ არაფერი მეშველებოდა.
– რა დაზიანებები გქონდათ?
– ქალა–ფუძე მქონდა მოტეხილი, ხელ–ფეხი – დამტვრეული, ნეკნები – ჩამტვრეული. მთლიანად ნაკუწებად ვიყავი დაშლილი. 17 დღე უგონო მდგომარეობაში ვიყავი, რეფლექსებიც არ მქონდა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ვიყავი შეერთებული. მისი კვალი ყელთან ახლაც მეტყობა.
ჩემი და ექიმია. მისი კურსელი რეანიმაციის მთავარი ექიმი იყო. როგორც კოლეგას და როგორც ამხანაგს, ისე გეუბნები, ამის გადარჩენის შანსი არაა, თუ გადარჩება, მთელი ცხოვრება ლოგინად იქნება ჩავარდნილი, არც მეტყველების უნარი ექნება, არც აზროვნების, ასეთი ცოცხალი რად გინდათ, ჯობს, მოკვდესო – უთქვამს ექიმს ჩემი დისთვის. მამაჩემიც, დედაჩემიც, ჩემი სიძეც ექიმები იყვნენ. მოსკოვიდან იმ დროს ძალიან ცნობილი რეანიმატოლოგი, პროფესორი პოტაპოვი ჩამოიყვანეს. რომ გამსინჯა, ჩემებს ჰკითხა, თქვენ თვითონ ხომ ექიმები ხართ, მე რისთვის ჩამომიყვანეთ, სასწაულს ხომ ვერ მოვახდენ, ამას რა ვუშველოო და იმავე დღეს უკან გაბრუნებულა. ორი თვე საავადმყოფოში ვიწექი, თითქმის მთელი წელი ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში სახლში ვიყავი. ჯერ ყავარჯნებზე დავდექი, მერე ჯოხით დავიწყე სიარული. დარღვეული ფუნქციებიც ნელ–ნელა აღმიდგა.
– გონზე როგორ მოხვედით, გახსოვთ?
– ბუნდოვნად. მახსოვს, რომ რაღაც მაწუხებდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, რა. გარკვევა მინდოდა, სად ვიყავი. ხმა ამოვიღე, მაგრამ ვერ ვლაპარაკობდი, აპარატზე ვიყავი შეერთებული და, ხრიალის გარდა, პირიდან სიტყვები არ ამომდიოდა. საშინელი განცდა მქონდა. არ ვიცოდი, რა მჭირდა. ნელ–ნელა გავაცნობიერე, რომ საავადმყოფოში ვიყავი... ერთი წლის შემდეგ მე და დედაჩემი მოსკოვში წავედით და იმ პროფესორთან, პოტაპოვთან მივედით. დედა იცნო. რომ შემომხედა, გაგიჟდა და იკითხა, ეს ის არისო. ნახევრად გვამი მნახა და რას წარმოიდგენდა, თუ მასთან მივიდოდი და დაველაპარაკებოდი.
– მართლაც მომხდარა სასწაული. როგორ ფიქრობთ, რამ გადაგარჩინათ?
– ამ ყველაფრის შემდეგ ფიქრი დავიწყე, ეს შემთხვევითობა იყო თუ ამაში რაღაც ლოგიკა არსებობდა. დავასკვენი, რომ, რაც მე დამემართა, კანონზომიერად მოხდა. როცა დაკუნტრუშებ, ყოველთვის კისერს იტეხ. ჩავთვალე, რომ ეს გადარჩენა ბოლო შანსი იყო, რომელიც უფალმა მომცა. თუ ჩემს ცხოვრებას არ შევცვლიდი და ასე გავაგრძელებდი, ეს ცუდად დამთავრდებოდა. მანამდე ჩემი ცხოვრება დროსტარება და ქეიფი იყო, თუმცა ნარკომანი არასდროს ვყოფილვარ.
– ამ ყველაფრის გაცნობიერებამ როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება?
– დიდხანს ვიფიქრე, რომ ეკლესიაში უნდა მივსულიყავი. მენახა, იქ მართლა იყო რამე თუ სიცარიელე სუფევდა. ისეთი განცდა მქონდა, რომ სამყარო ცარიელი და აბსურდული იყო. კი ვფიქრობდი, რომ ღმერთმა კიდევ ერთი შანსი მომცა, მაგრამ ამის ბოლომდე არ მჯეროდა და მეეჭვებოდა, იქნებ ეს ყველაფერი შემთხვევითია–მეთქი. ამიტომ გადავწყვიტე, ეკლესიაში მივსულიყავი. ამ ნაბიჯის გადადგმის ძალიან მეშინოდა, იქაც რომ ვერაფერი მეპოვა, სიცარიელე დამხვედროდა, მაშინ ჩემს ცხოვრებას ნადვილად აზრი აღარ ექნებოდა. ეს შინაგანი შფოთვა და ყოყმანი დიდხანს გაგრძელდა. ჩემს თავს ვუთხარი, თუ ღმერთი არსებობს, ვთხოვ და ძალებს მომცემს–მეთქი და ძილის წინ გულში ვლოცულობდი, ღმერთო, თუ არსებობ, ძალა მომეცი, რომ ეკლესიაში მივიდე–მეთქი. დადგა კიდეც ეს მომენტი, როცა ამ ნაბიჯის გადადგმა შევძელი.
მას შემდეგ ეკლესიაში ვარ. სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე. მისი დამთავრების შემდეგ იქ ლექტორად დამტოვეს და დღესაც ლექციებს ვკითხულობ ორ საგანში, ქრისტიანულ ეთიკასა და შედარებით ღვთისმეტყველებაში.
– როგორც ვიცი, იმ შემთხვევამ ფიზიკური დაზიანებები დაგიტოვათ.
– კი. ერთი ფეხი მოღრეცილი და დამოკლებული დამრჩა. ამჟამად მარჯვენა ყურში არ მესმის და მარჯვენა თვალით ვერ ვხედავ.
– წარსული ცხოვრების ჩვევები აღარასოდეს გაგიხსენებიათ?
– როცა სახლში გამომწერეს და ჩავთვალე, რომ ისევ ისეთი ვიყავი, როგორიც იქამდე, გადავწყვიტე, სიგარეტი ისევ უნდა მომეწია, სასმელი ისევ უნდა დამელია... არადა ექიმებმა გამაფრთხილეს, ცხოვრებაში ერთი წვეთიც კი არ უნდა დამელია და არც მომეწია. როგორც კი დრო ვიხელთე, ბიჭებს ვუთხარი, მომაწევინეთ, სასმელი დამალევინეთ–მეთქი. ჯერ კიდევ ვიწექი. სახლში ბიჭებმა კარგად დავლიეთ, მერე აბაზანაში შევედი, გონება დავკარგე, წავიქეცი, თავი რაღაცას ჩამოვარტყი. ხმაურზე დედაჩემი შემოვიდა. თავი გასაკერი მქონდა.
– ჭკუა როდის ისწავლეთ?
– ჭკუა შეიძლება არ მისწავლია, მაგრამ ცხოვრება შევცვალე. მივხვდი, რომ ცხოვრების ასე გაგრძელება დროის ფუჭად და უაზროდ გაგრძელებას ნიშნავდა. პირველი შემთხვევა 1985 წელს დამემართა და ეკლესიაში 5 წლის შემდეგ მივედი, მთელი ეს პერიოდი ამ ნაბიჯის გადასადგმელად დამჭირდა. აღმოვაჩინე, რომ ეკლესიაში ჭეშმარიტებაა, ღმერთი მართლა არსებობს, ის ცოცხალია. ამან კი ჩემი ცხოვრება გადაატრიალა.
– ეს ფაქტი რომ არ მომხდარიყო, ეკლესიის გზას დაადგებოდით?
– ალბათ – არა. ალბათ ასეთი რაღაც იყო საჭირო, რომ ეკლესიაში მივსულიყავი. ვფიქრობდი, რომ ეს ცხოვრება აბსურდი, ტანჯვა იყო და არაფერი ჭეშმარიტი.
– ოჯახს როდის მოეკიდეთ?
– 1992 წელს სასულიერო აკადემიაში ჩავაბარე. იქ გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, ნანა ჩარკვიანი. მას უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. სასულიეროში კი ქრისტიანული ხელოვნების ფაკულტეტზე სწავლობდა. მოკლედ, 1995 წელს ჯვარი დავიწერეთ. ორი ვაჟი, ილია და ლევანი გვყავს. ერთი – მეთერთმეტე კლასშია, მეორე – მეექვსეში. მეუღლე სკოლაში ხელოვნებას ასწავლის, სასულიერო აკადემიაში კი – არქიტექტურას და ორნამენტს.



ბმული - http://sana.ge/address/news/cat/8/id/198257/%EF%BB%BFბოლო შანსი მწერალ ირაკლი ლომო
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ირაკლი ლომოური - ეკა ლემონჯავა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: