არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გაგა ლომიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: გაგა ლომიძე   Sun Nov 18, 2012 12:15 pm


Gaga Lomidze

გაგა ლომიძე

დაბადების თარიღი: 1973 იანვარი,
საცხოვრებელი ადგილი: მცხეთის ქ. #8; თბილისი, 0179; ტელ.: 23 16 06
სამუშაო ადგილი: რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, (მერაბ კოსტავას 5, ტ.: 93-18-81);

განათლება: 1990-1995 - ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივრსიტეტი; წარჩინების დიპლომი; 1998 - გოეთეს ინსტიტუტი; სერთიფიკატი “გერმანული როგორც უცხო ენა” (ZDaF);


სამეცნიერო ხარისხი: ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, 1998; (გათანაბრებულია დოქტორის ხარისხთან)


სამსახურეობრივი გამოცდილება:

1999-დღემდე - უფრ. მეცნ. თანამშრომელი; რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი;
2005-დღემდე - მთარგმნელი/რედაქტორი - ინტერნიუს-სერვისი;
.2005-დღემდე - სტილისტი - ჟურნალი “ცხელი შოკოლადი”;
2006-დღემდე - სტილისტი - ჟურნალი “ფოკუსი”;
2006-დღემდე - სტილისტი - ჟურნალი “კინო”;
2005-დღემდე - სარედაქციო საბჭო - ჟურნალი “სჯანი”;
2000-2005 - სარედაქციო საბჭო - ჟურნალი “კრიტერიუმი”;
2002-2005 - თავისუფალი მწერალი - გაზ. “წიგნები”;


მონაწილეობა ადგილობრივ კონფერენციებში:

მოხსენება: რამდენიმე მოსაზრება დემნა შენგელაიას “სანავარდოს“ შესახებ;

“ქართული მოდერნიზმის პრობლემები”, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2000;

მოხსენება: მამის წიაღში დაბრუნების გოეთესეული კონცეფცია და გრიგოლ რობაქიძის “გველის პერანგი“;

“გოეთეს დაბადებიდან 250 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია”, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2000


სამეცნიერო გრანტები;

წარდგენილია საქართველოს ეროვნულ ფონდში საგრანტო პროექტი – “XX საუკუნის ლიტერატურის თეორიის ქრესტომათია”, 2006;
პროექტი “East translates East” სოროსის ფონდი, 2004;
მე-20 საუკუნის ძირითადი მეთოდოლოგიური კონცეფციები; - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2002-2005;
ქართველ მწერალთა ლექსიკონი; - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 2000-2001;
BBM (ბრიტანული წიგნები მენეჯერთათვის) 2001;
BBM (ბრიტანული წიგნები მენეჯერთათვის) 2001;
მთარგმნელობითი პროექტი - ფონდი - “ღია საზოგადოება - საქართველო”, 2000;


ენების ცოდნა: ქართული - მშობლიური, ინგლისური - სრულყოფილად, რუსული - სრულყოფილად, გერმანული - კარგად.

ბმულები:
* http://www.litinstituti.ge/gagalomizege.htm
* http://lib.ge/books.php?author=460
* http://burusi.wordpress.com/literature/gaga-lomidze/
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გაგა ლომიძე   Sun Nov 18, 2012 12:19 pm

გაგა ლომიძე

ექსტაზის პოეტიკა


“სინამდვილე მეტაფორების, მეტონიმიების, ანთროპომორფიზმების მოძრავი არმიაა.”
ნიცშე. “ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ”

“ერთ საღამოს კალთაზე დავისვი სილამაზე. მწარე მეჩვენა. და შეურაცხვყავი. სამართლიანობას ავუმხედრდი. გავერიდე ყოველივეს.”
რემბო. “ერთი სეზონი ჯოჯოხეთში”

“სიზმრიდან გამოფხიზლებისას ჩვენ როდი ვიღვიძებთ, არამედ წინა სიზმარს ვუბრუნდებით; სიზმარს, რომელიც სხვა სიზმრის ნაწილია და ასე უსასრულობამდე.”
ბორხესი. “ლაბირინთები”

“ღმერთი ადამიანების მარტოობაა.”
გაბრიელ მარსელი



ძვ. წ. მე-4 საუკუნეში ჩინელი ფილოსოფოსი ჭუან ძი წერდა: “ერთხელ მე, ჯუან ძის, მესიზმრა, თითქოს პეპელა ვიყავი... ჩემი ცნობიერება მხოლოდ პეპლური ოცნებებით სულდგმულობდა და არაფერი იცოდა ჩემი ადამიანური ბუნების შესახებ. უცბად გამომეღვიძა... და ახლა აღარ ვუწყი, კაცი ვარ, რომელსაც ესიზმრა, რომ პეპელა იყო, თუ პეპელა ვარ, რომელსაც ესიზმრა, რომ კაცი იყო.” გიორგი კეკელიძის პოეზია, თავისი ფსიქოსომატური განწყობით, trip-აქცენტებით, ცნობიერების მყიფე საზღვრებით თუ ნიკ ქეივისებური წარმავლობის გოთური ესთეტიკით, რომელიც სიზმრის/სიკვდილის და ცხადის/სიცოცხლის ზღვარზეა, მითის თუ ზღაპრის შთაბეჭდილებას ქმნის, სადაც სინამდვილე, ედგარ პოს სიტყვებით რომ ვთქვათ, “ოდენ სიზმრის სიზმარია”. ოდაში “სიკვდილის შესახებ” ხომ წერს: “ერთხელ ქუთუთო ჩამერაზა/ და სხვაგან დავრჩი” და აქ სიზმარი თუ ხილვა თითქოს უფრო დიდ სინამდვილესთან, საგნების არსთან მიახლოების გზაა.
არის ცდუნება, რომ ფორმულიდან - “ცხოვრება ოდენ სიზმრის სიზმარია” მეორე ფორმულაც გამოვიყვანოთ - “პოეზია ოდენ სიზმრის სიზმარია”. უნებლიედ, შეიძლება პლატონისეული მოდელიც გაგვახსენდეს და პოეზია მესამე რიგის სინამდვილედ დავსახოთ. ამისკენ თვითონ გიორგი კეკელიძის ერთი სტრიქონიც გვიბიძგებს: “მე თქვენ მოგატყუეთ მზეო და მთვარეო,/ისევე, როგორც სევდა გავიტყუე/და ლექსი მოვიტყუე –/ ლექსი არის ჩემი უდიდესი ტყუილი.” (“აღმსარებლის ეპისტოლე”). ამგვარი “ტყუილი”, ან, გნებავთ, “სიზმრის სიზმარი” სინამდვილის აბსტრაგირებაა, ისევე როგორც რემბოს “გასხივოსნებებში” თუ “ერთი სეზონი ჯოჯოხეთში”, რაც სინამდვილიდან გაქცევას და ინტროვერსიას გულისხმობს. ინტროვერსია კი გიორგი კეკელიძის პოეზიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია – ამ პრიზმაში კი სამყარო ისეთია, როგორსაც ვხედავ.
პარადოქსულია, მაგრამ რატომღაც საბჭოთა პერიოდი გამახსენდა. ახლა რომ ძველი დრო იყოს, ცხადად წარმომიდგენია, რას დაწერდნენ. იტყოდნენ, რომ კეკელიძე სინამდვილეს ლანდების სამყაროში გაურბის. მაშინვე დეკადენტურის იარლიყს მიაკერებდნენ და უკეთეს შემთხვევაში, მწერალთა დიადი კავშირის “ნახევრადღმერთების” რიგებიდან გარიცხავდნენ. მაგრამ, საბედნიეროდ, დღეს სხვა დროა, იმის მიუხედავად, რომ დღესაც არსებობენ “ნახევრადღმერთები”, რომელთათვისაც წარსულის პრივილეგიები მხოლოდ შაბათის ღამის სიზმრის ამარაღა დარჩა. ალბათ ამაზე მიგვითითებს გიორგი კეკელიძის ერთგვარი სტრიქონი-გამოწვევა: “და ახლა ყველა სახრჩობელა ყელზე მკიდია/და გასაღების ასხმასავით მივაჩხრიალებ” (“მესამე მარტო ოდა”), რომლის ადრესატებიც სწორედ ასეთი “ნახევრადღმერთები” არიან და სადაც სიტყვათშეთანხმება “ყელზე მკიდია” ჰიპოგრამად გარდაიქმნება და სემანტიკურად და ასოციაციურად ყველასთვის ცნობილ ჟარგონულ გამოთქმას უკავშირდება. მაგრამ, მოდით, ისევ გაქცევას დავუბრუნდეთ.
გიორგი კეკელიძის ლექსების ლირიკული “მე”-ს ამ ერთგვარი გაქცევის დახიასიათებისთვის შეგვიძლია პირობითად ორი ეტაპი გამოვყოთ. პირველ შემთხვევაში უფრო მეტად ყოფიერების აბსურდულობის შეგრძნება არის აქცენტირებული, მეორე შემთხვევაში კი სინამდვილე გარდაიქმნება, სინამდვილის მეტაფორიზების გზით და მეორე რიგის სინამდვილე, ანუ ერთგვარი მითიური გარემო იქმნება.
პირველ შემთხვევაში ესაა ბუდისტური “ყოფიერების მეტაფიზიკა”, სადაც გაქცევის წინაპირობად ეგზისტენციური კრიზისი იქცევა და “მე”-სგან გათავისუფლება თითქოს ეგზისტენციური სევდისგან თავის დაღწევის საშუალება ხდება (“სიზმრებს ჭრილობაში ბალახივით ვიფენ”); სადაც ლირიკული “მე” ცისკენ “ისვრის” “მკვდარ ოცნებებს” და ამით გაბრიელ მარსელის სტრიქონებთან ალუზიას ქმნის; სადაც ურბანისტული სივრცის ბინადარი “მე” ბოდლერისეულ flaneur-ს მოგვაგონებს, რომელსაც ისეთ გარემოში უწევს არსებობა, რომელშიც ცნებები დევალვირებულია (“მე ვეღარ გეტყვი –/მენატრები./ეს ისე გაცვდა,/როგორც სევდა,/ბეჭდის მაგიერ რომ გავცვალეთ”); ხოლო სტრიქონებში “მუზავ,/ ნუ მიფარავ ცრუ რათაგან,/ სხივები სუროს ფრჩხილებივით/ ეხვევიან ჩემი თვალის თოთო კედლებს” რუსოსეულ tabula rasa-სთან ინტერტექსტობრივი კავშირი იკვეთება. თითქოსდა მყარი, შემართული, მაგრამ სინამდვილეში მყიფე ლირიკული “მე”-ს რიტორიკაში ყოველთვის ადვილი შესამჩნევია საკუთარი “მე”-ს დაკარგვა და საგნებში განზავება. მაგალითად, იქ, სადაც ეგზისტენციური სევდის მძაფრ შეგრძნებას ავტორი კატაქრეზისის საშუალებით გადმოცემს: “...ასე მგონია, სულით წლების ლურსმნებზე ვწევარ/ და მიწა მომდის,/ მიწით ვიცლები,/ ცოტა დავრჩი,/ ისე ცოტა,/ რომ ლანდი მტკივა”.
ხშირად ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ამ ლექსების ლირიკული “მე”, საკუთარი წარმავლობის შეგრძნებით, მცენარეა და არა ადამიანი. სწორედ ასე იქმნება საფრთხობელას ხატი, რომელიც ალბათ ადამიანის მეტაფორ/მ/ა უფროა: “ჩვენ მძინარე ხის/ ნეკნისგან /შეგვქმნეს და მერე სული შეგვიბერეს,/ რომ ჩვენი მტვერი გაგვცლოდა /და სხვისი ტანი მოგვეთმინა”; ხატი, რომელიც თავისი სიძლიერით და ინტენსივობით შეიძლება უიტმანისეული ბალახის გვერდით დავაყენოთ “ბალახის ფოთლებიდან”. თუმცა, უიტმანისეული ბალახის სიმბოლოსგან განსხვავებით, რომელშიც რეინკარნაცია იკითხება, საფრთხობელა, როგორც სიმბოლო, თავისი უმაღლესი მიზნისკენ, არარსში გადასვლისკენ, რეინკარნაციის დასასრულისკენ ილტვის, რაც იმავდროულად, შეიძლება წავიკითხოთ, როგორც სამოთხის მონატრება, პირველყოფილ წიაღში დაბრუნება და რაც სხვა სტრიქონებში კიდევ უფრო ცხადად ჩანს: “და ახლა უკან სავალ ბილიკებს/ ვეძებ,/ რომ დავბრუნდეთ,/ ჩავისუნთქოთ/ და გავიპაროთ” ან თუნდაც ბიბლიური კონოტაციების მატარებელ სეზონურ მეტაფორაში: “გაძარცულ სიშიშვლეს ვგლოვობ”. თუმცა, გიორგი კეკელიძისეული ადამიანი-მცენარე იმთავითვე გულისხმობს წრებრუნვას, სადაც კატაბაზისი სხვა არაფერია თუ არა მარადიული დაბრუნება, სეზონურ მეტაფორებში თუ ისეთ სტრიქონში გაცხადებული, როგორიცაა: “მე რა თქმა უნდა/ დეკემბერში გარდავიცვლები” (“ანანკეს თეორემა”).
აქ უკვე აღარც მითია შემთხვევითი, ვინაიდან სინამდვილის აბსტრაგირება, ცნობიერების დონეზე, ახალი მითის ქმნას უკავშირდება. თითქოს გიორგი კეკელიძის პოეზია ტროპების გაყინვას გაურბის, რომ სიტყვებმა მყარი მნიშვნელობა არ შეიძინონ და ამ ერთგვარი სიკვდილით ენა არ დაზარალდეს. ამიტომაც, ეკონომიკური მეტაფორა რომ მოვიხმოთ, პოეტის გონებასა და წარმოსახვას შორის გაცვლა-გამოცვლის და სიტყვებისთვის ახალი მნიშვნელობების მინიჭების გზით, ენას ახალ სიცოცხლეს ანიჭებს. კეკელიძისეული პოეტური ენის რევოლუცია ჩვეულებრივი ენის პირობით ბუნებას პოეტური ენის პირობითსავე ბუნებას უპირისპირებს და ენის გათავისუფლებას სიტყვებისთვის ჩვეული მნიშვნელობების შეცვლით ცდილობს, როგორც ეს ხდება სიურრეალისტურ “დედულეთის ბუკოლიკში”, სადაც ლექსის ეპიგრაფად, ავტორის გაანონიმურების გზით, ერთგვარი ინსტრუქციაა მოცემული: “წვიმის ქოხი – გუბე/ ზეცა – ლურჯად ითქმის/ ღრუბელი – თვალი/ ელვა – კაპილარი/ ღამე – ქუთუთო”. ამგვარად იქმნება სამყარო, რომელიც სინამდვილისა და გამონაგონის მიღმაა, ისევე როგორც ესაა “მეთორმეტე თურქულ ყავაში”, სადაც სტრიქონებს შორის წაღმა-უკუღმა დასმული ფრჩხილები /SmileSad/, ერთსა და იმავე დროს, ე.წ. “სმაილიკებით” ლირიკული “მე”-ს განწყობასაც გადმოგვცემენ და ორ სამყაროს შორის (ძილსა და ღვიძილს შორის) საზღვარზეც მიგვითითებენ, სადაც ის, ვინც პირველი პირით მეტყველებს, ფენომენალურსა და ნუმენალურ სამყაროებს შორის მედიუმია.
ამგვარი ამბივალენტურობა გიორგი კეკელიძის პოეზიისთვის უცხო როდია. ამაზე თუნდაც მისი ოდების ერთ-ერთი ციკლის დეკონსტრუირებული სათაურიც კი მიგვითითებს - “ამბით ვალენტური ოდები”. ამ გზითვე შეგვიძლია წავიკითხოთ მისი ოდების ელეგიურ, სევდიან განწყობასა და, ზოგადად, ოდების სადღესასწაულო განწყობას შორის, ერთი შეხედვით, გარკვეული დისონანსი. თუმცა, ამგვარი სევდანარევი ექსტაზი ნიცშესეულ “ცხოვრების ფილოსოფიას” გულისხმობს. მართლაც, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ნიცშესეული “ზარატუსტრადან” ფრაგმენტი: “ეს გვირგვინი მოცინარისა, ეს გვირგვინი ვარდებისა: თქვენ გესვრით ამ გვირგვინს, ჩემო ძმებო! მე ღვთაებრივად ვაღიარე სიცილი; თქვენ, მაღალნო ადამიანნო, ისწავეთ სიცილი!”, როდესაც ამ სტრიქონებს ვკითხულობთ: “მე მესმის ღმერთის – საიოლე საქმე როდია,/ სხვენში იჯდე და სარდაფებში ჭიები თვალო./ და ალბათ ასე უცხოები დიდხანს დავრჩებით,/ ჩირგვში ვიჯდები და სიცილი მექნება შენთვის,/ სანამ ცაში არ დაიცლება ღვინის კასრები/ და ძველ ტანსაცმელს არ გვიპოვის ფხიზელი ღმერთი” (“ემბიენტი”), სადაც სიცილი არსებობის ტრაგიკულობის შეგრძნების წინააღმდეგ მიმართულ ერთადერთ ეფექტურ იარაღად იქცევა. ამგვარ ნიცშესეულ დიონისურ ექსტაზში, ერთდროულად, გაუცხოებაც იკითხება (ისეთი თვალსაჩინო, როგორც ესაა, მაგალითად, UNKLE-ის ვიდეოში Rabbit in your Headlights) და სიკვდილის მოშინაურებაც (როგორც ამას პოპულარულ, შავი იუმორით გაჯერებულ ანიმაციაში Happy Three Friends-ში ვხვდებით). ამ გზით უკავშირდება დიონისური ექსტატურობა ოდის სადღესასწაულო განწყობას და სამყაროსეული კანონზომიერების აღიარებას, სადაც სიზმარი და ცხადი, ოცნება და სინამდვილე, სიყვარული და სიძულვილი, ფიქრი და მოქმედება, მოუხელთებელი და ხელშესახები ერთ მთლიანობად იქცევა. ასევე გარდაიქმნება ყოველდღიურობა პოეზიად გიორგი კეკელიძის სტრიქონებში: “შინ, კარადაში სიზმრის ცოტა ნამცეცი დარჩა/ და/ ცრემლის ჩაი”, სადაც პარატაქსისის გზით, გამონათქვამის თითოეული წევრი ასოციაციურ კავშირებს ქმნის და “დღიური პროზა” და მეტაფიზიკა ერთ მთლიანობად წარმოგვიდგება. არის ამ სტრიქონებში ერთგვარი ირონიული კონოტაციაც, რაც ყოფიერების აბსურდულობის აღქმასაც უკავშირდება. პარატაქტიკური სტრიქონები უკვე ექსპრესიულობის გამოხატულებად იქცევა “ომის ოდაში” - ლექსში, სადაც ჩვეულებრივი გრამატიკული სტრუქტურის დანაწევრება და მნიშვნელობის განზრახ შენიღბვა ექსტატურ განწყობას ქმნის: “ჰო, ექვსი დღე ტყვიებს ვჭამდით/ და მშრალ ცრემლებს ვაყოლებდით”.
გიორგი კეკელიძის თითოეულ ლექსში საგნები თავიანთ ჩაკეტილ მყოფობას ცდებიან. ამის დასტურად თუნდაც ერთი სტრიქონის მოხმობაც საკმარისია: “მაგრამ ჟოლოსფერ ტანსაცმელებს ვეცოტავე”, სადაც გრამატიკული კონსტრუქციის წყალობით, ლოგიკური სუბიექტი ობიქეტად იქცევა, ობიექტი კი - სუბიექტად. მისთვის თითოეული საგანი მხოლოდ მის აღმნიშვნელს როდი უკავშირდება; უფრო მეტად, პოეტის სტრიქონებში იცვლება აღმნიშვნელის აზრი, აღმნიშვნელსა და აღნიშნულს შორის ახალი შრე გამოიყოფა, თითქოს პირველი ადამიანი საგნებს ხელახლა არქმევს სახელებს - სადაც ნისლები სინამდვილეში შეიძლება “ქარით დაკემსილი ხალიჩები” აღმოჩნდეს (“გუგულების ეპისტოლე”); სტრიქონებში - “მთებს შიშის ფერი აქვს,/ ველებსაც./ ნუ გიკვირთ -/ დედამიწას გარდაცვლილი მზე ესიზმრება” საგნების და მოვლენების ტროპული აღქმა შეიძლება სინამდვილედ იქცეს და ირიბი გზით შევიტყოთ, რომ ეს ღამე მეტყველებს. სხვაგან სტრიქონები “და ნუ გაშინებთ, რომ მზე თითქმის საღამოვდება” დამატებით მნიშვნელობას იძენს და ესქატოლოგიურ მეტაფორად გარდაიქმნება. იუდას და “ლექსი ვეფხისა და მოყმისა”-ს ინტერტექსტობრივად დაკავშირებულ “დედის წიგნში” კი გიორგი კეკელიძის პოეზიიდან უკვე ნაცნობი, ერთსა და იმავე დროს, ეთერულობით და სევდით გაჯერებული მეტაფორა გვხვდება: “დახუჭე თვალი.../ დაახურე ღამეს ქუთუთო”.
ბოლოს, გიორგი კეკელიძის ლექსიდან ერთ სტრიქონს გავიხსენებდი - “და მე დავლეწე ლექსებიდან დაწნული ღობე”, რომელიც თავისი მნიშვნელობით, გალაკტიონისეულ “მაქვს მკერდს მიდებული/ ქნარი როგორც მინდა”-ს უახლოვდება. თუკი შევთანხმდებით, რომ პოეტური ენა მეტაფორულია, პოეზიის ღირსებაც მისი მეტაფორულობით და ენის გაცოცხლების შესაძლებლობით, ანუ თვით პოეტის სიტყვების პერიფრაზირებით რომ ვთქვათ, “სიტყვის ურდოებისთვის ფერადი სამოსის დართვით” განისაზღვრება. ამას კი ყველაზე უკეთ გიორგი კეკელიძის პოეტურ ფიგურებში, გრამატიკულ სტრუქტურებში, სხვადასხვა ტექსტს შორის ალუზიური პარალელების გავლების უნარში და, საერთოდ, მის ესთეტიზებულ პოეზიასა და მეტაფორებში ამოიკითხავთ.

© „ლიტერატურა – ცხელი შოკოლადი“

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
გაგა ლომიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: