არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნანა კუცია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: ნანა კუცია   Sun Nov 18, 2012 11:48 am

Nana Kutsia

ნანა კუცია



ბმულები:
* http://www.litinstituti.ge/zveli-saiti/journal/sityvisziebashi.htm
* http://www.nplg.gov.ge/ec/ka/amat/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3Aკუცია+ნანა
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4062
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ნანა კუცია   Sun Nov 18, 2012 11:49 am

ნანა კუცია

"სევდის ფარვანებით შებურვილი"
(მარიამ წიკლაურის „მეფარნე“)

მარიამ წიკლაურის უნატიფესი, ბიბლიური პარადიგმებითა და სიუჟეტებით განათებული ლექსების კრებულმა [„მეფარნე“, თბ., გამომცემლობა „ზენაარი“, თბ., 2009, რედ. ნინო დარბაისელი] გურამ დოჩანაშვილის სიტყვები მომაგონა: „ვერასოდეს მოიგონებს და შექმნის ადამიანი იმას, რაც ბიბლიაში არაა. მწერლის უპირველესი და უმთავრესი მოვალეობაა, ბიბლიის მარადი სიბრძნეები და გაფრთხილებები მთელი თავისი მწერლური ხერხებითა და საშუალებებით მიაწოდოს მკითხველს“ [ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან, „ცისკარი“ #3, 1999, 103]*.
ქართული მწერლობის უმკვიდრესმა ლიბომ _ ჰაგიოგრაფიამ _ თავისი უსაზმნო სიღრმით, „საღმრთოდ გასაგონის“ გზნებით იმთავითვე განსაზღვრა მხატვრული სიტყვის გეზი _ აერეკლა სიტყვა-ლოგოსი, მეტაფორა-პარადიგმებს დაემარხა „უცნაური და უთქმელი“ _ შეუცნობელ-გამოუთქმელი.
სიტყვა უნდა მიმსგავსებოდა ლოცვას _ სიტყვათაგან ყველაზე მაღალს, განწმენდილს.
მწერლობის „განწვალვა“ „სასულიეროდ“ და „საეროდ“ ლიტერატურული პირობითობაა, ქრესტომათიული კლიშე, მაგრამ მაინც არსებობს ერთგვარი სამანი, უზენაესობის ნიშატით რომ გამოარჩევს სასულიერო სიტყვას: „ქრისტიანთა სულებისათვის განმზადებულ ტაბლაზე სამეუფო საზრდელს ღვთაებრივი სიტყვა ანუ სასულიერო მწერლობა წარმოადგენდა. უგულებელყოფილი და დაუფასებელი არასოდეს ყოფილა საერო მწერლობაც. მას ბასილი დიდი წყალში არეკლილ მზეს ადარებს, რომელსაც თვალი უნდა შევაჩვიოთ, რათა შემდეგ ნამდვილი მზის ჭვრეტა შევძლოთ“ [გვანცა კოპლატაძე, გრიგოლ რუხაძე, ჰაგიოგრაფიის ღვთისმეტყველება, თბ., 1997, 34].
„სამეუფო საზრდელი“ _ იაკობ ცურტაველის, იოვანე საბანისძის, გიორგი მერჩულის, ათონელების, ეფრემ მცირის, იოანე პეტრიწის, არსენ იყალთოელის, ჰიმნოგრაფთა დასის _ ღვთიური სიტყვა (სახარების ეროვნულ ტრანსკრიფციასთან _ „ვეფხისტყაოსანთან“ (გ. ასათიანი) ერთად) საუკუნეთა მანძილზე რჩებოდა სულის პურად, ციურ მანანად, საღმრთო გეზის იდუმალ მიმნიშნებლად.
ქართული მწერლობის უკეთესი ნიმუშები სწორედ „სამეუფო საზრდელის“ მადლს, სურნელს იმარხავს.
„წინ, მერჩულისაკენ!“ _ კონსტანტინე გამსახურდიასეული, ფორმულად ჩამოწურული გეზი მწერლობისა უზუსტესად ირეკლავს ღირსეულთა დამოკიდებულებას ქართული მხატვრული სიტყვის თავანკარა ენგადისადმი.
მარიამ წიკლაურის ლექსები ამ თავანკარა ენგადიდან მოედინება, ბინულიდან, სადაც „სიტყუაი ჰეი ჰეა და არაი _ არა. ხოლო უმეტესი ამათსა უკეთურისაგან არს“ (მათე 5, 37).
ლექსთა ცრემლოვანი მარგალიტების თვალთაიში ყოველი ტექსტი მეტატექსტია, ზედაპირს მიღმა სიღრმეს რომ აღგითქვამს და არ გაწბილებს (კითხვისას არ გტოვებს განცდა, თითქოს მარგალიტის გრილ, ლიცლიცა, გლუვ კრიალოსანს მარცვლავდე და ლოცულობდე, ხელისგული ცრემლით _ სულიწმიდის მადლით გენამებოდეს).
წიგნი უსარჩევოა და ეს სწორია _ არჩევანი (ლექსისაც კი!) იმთავითვე გაიძულებს ჩხრეკას.
არც ფსალმუნსა აქვს ზანდუკი _ ყოველი საგალობელი თვითმკმარია, ცვარში სამყაროს ამრეკლავი.
მხოლოდ სათაურები _ მხმობი, ყუჩად მომლოდინე: „დამიმახსოვრე“ (არაფრით რომ ჰგავს ლედი კაროლინა ლემის პრეტენზიულ-კაპრიზულ “ღემემბერ Mე”-ს), „შროშანების მონასტერში“, „ჯუჯახე“, „ლექსის ნაჭრელა“, „ვიყო ყვავილი ველისა“, „ვითარცა ირემს“, „სინათლის ყვავილი“, „ვინ არის უფლის მესაიდუმლე?!“, „წვიმის ბატონები“, „მარადისობა წამს მემართლება“, „მზისფერი ქვიშა“, „მესევდე“, „მოვა საღამო“, „ჩიტის ბუდეში“...
თავისსავ ლექსებს ჰგავს მარიამ წიკლაურიც _ ფოთოლივით, ბუმბულივით, ცრემლივით ქალი, პაწია კრებულს ცისნამივით რომ ჩამოგაწვეთებს, თითქოს სულის პურს შეგიზიარაო, ჩურჩულით გეტყვის _ „ეს _ თქვენ“ და ისე სწრაფად გაგეცლება, ნიავქარივით, მადლობის თქმასაც ვერ მოასწრებ, ბედნიერი და დაბნეული, რომ „ფრთათა საგრილთა“ სიგრილის ღირსგყო.
[უნებლიეთ წამოგაგონდება მარინა ცვეტაევასეული: «Давать нужно было бы на коленях, как нищие просят» (Марина Цветаева, Сочинения в двух томах, т. 2, Проза, Письма, М. 1988, 325)].
საარაგვე პოეზიის ერთი ნაშალია მარიამ წიკლაურის ლექსები _ პეპლის ფრთებივით, ყაყაჩოს ნაფერთალივით მსუბუქი, ცრემლივით მძიმე.
მთის საქართველოს მადლი ჩამოჰყოლია, ბალახივით უბრალოსი (ბრალის არმქონესი), ბალახივით მზისაკენ გაწოდებულისა.
მთის ნაშალით ცასთან ახლოს ქვითკირის კოშკებს იგებდნენ, სატრფოს ნაკვალევს სიყვარულის ღობეს ავლებდნენ მზექალ-აშექალ-პირიმზენი.
მთა ინახავდა დავიწყებულ, წანისლულ მისტერიას ერთსულერთხორცობისას, ცრემლი რომ პურად იქციო და უფლის ტაბლად გაშლილ საქართველოში გახსოვდეს:

„რა ვქნისა“ ციხე ავაგე,
ჯავრი შევაბი კარადა.
საიქიოდან მოიდენ
იმ ციხის სანახავადა.
ბევრი უარეს ციხესა,
კარ ვერ გატეხეს ძალადა,
მერმე თქვეს, დრო რომ მოალის,
კარ გაიღების თავადა.“

კარი ჯავრისა იღებოდა ჟამით-ჟამ: ფშავით _ ვაჟა-ფშაველათი, ხევით _ სანდრო ყაზბეგით, გუდამაყრით _ გოდერძი ჩოხელით, თუშეთით _ ეთერ თათარაიძით...
მზექალ-აშექალ-პირიმზეთა მემკვიდრე თუა მარიამ წიკლაური.
ციურ ნამად მჭვირვალებს მისი უჩვეულო პოეტური საბრძანისი, სულშესაფარი, „უცხო ნაპირი.“ მისი „სიტყუანი სულისანი“ არაგვითაა განწმენდილ-განსპეტაკებული. სიპი ქვისაა ნაშალი, „ნისლად მოვიდეთ საარაგვოზე“ („საარაგვოზე“) კი _ პოეტის (თუ პოეტურ) ოცნებათაგან აღმატებული.
„აქა არს ქვა, რომელ აიყრების კლდისაგან ფიქალ-ფიქალად. სხდის მას ქვასა, ვითარცა ოქრო და ვერცხლი, ნარევი, მბრჭყვინავი ფრიად“, _ იტყვის მემატიანე.
კლდის ანასხლეტია, ნისლის ფთილაა, არაგვის ზვირთის ანაშხეფია მარიამ წიკლაურის მუხლადი სიტყვაც, ოქროვერცხლიანი, ართქმულის მთქმელი.
კლდის ანასხლეტში, ნისლის ფთილაში, ზვირთთა ანაშხეფში ერთს ავირჩევთ, ცვარივით რომ ირეკლავს კრებულის მზიურ სათქმელს და თავად ავტორსაც მთელი წიგნის სათაურად აურჩევია _ „მეფარნეს.“
ლექსზე ნაფიქრი არ იქნება არც „ანალიზი“, არც „კვლევა“ _ „სულის ანატომირება“, როგორც დოსტოევსკი იტყოდა დაცინვითა და წუხილით (ერთდროულად), რომ „ღვთაებრივი ცრემლის წვეთები წუმპეში არ გადაგვეწუროს“ (ანა კალანდაძე).
მხოლოდ _ მადლიერება სულის პურისთვის, „ფრთეთა საგრილისთვის“, შუქისთვის.
სულის ფარნის იმ ყუჩი სინათლისათვის, ლექსიდან რომ გეღვრება და, მიმოდაზრუნვით დაღალულს, გესალბუნება, გეიმედება.
მარიამ წიკლაურის ლექსთა კრებულის მხატვარი ნანიკო ბურდულია, დიზაინერი _ ბაჩო გაგუა.
ღვთისმშობლის კვართივით მეწამული, შავნარევპორფირისფერი სასთუმლის წიგნის მარცხენა (გულისკენა!) კუთხეში ყუჩად ლიცლიცებს დაყურსული შუქი ფარნისა [„ბაღის ფარნისა _ ორიბესი“, _ იტყოდა იასუნარი კავაბატა, „ათასფრთიანი წერო“, თბ., 2005, 209].
ეს მცხრალი, მოკრძალებული ნათელი არაფრითა ჰგავს „დღის უტიფარ ნათებას“ (ნოვალისი). იმ „უმიზეზო ნაღველს“ აღვიძებს, „არსაიდან რომ არაფრითაა ნაკარნახევი“, მაგრამ შუქად იღვრება სულის მღვიმეებიდან, რადგან „ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“...
ანჩისხატიდან ორბელიანების ბაღისკენ რომ ამოუხვევ, ფიროსმანის „მეეზოვეს“ რომ გამოსცდები, ირაკლი წულაძის „მეფარნე“ მოგტაცებს მზერას. ქანდაკი უცნაურად უხდება ძველ უბანს, მშვიდი სტატიურობით (და ექსტატიურობით!) მარადიულობის, წარუვალობის, სიმდოვრის განცდას გაღვრიდეს თითქოს.
მეფარნე ზეთს თუ უმატებს ლამპარს გონიერი ქალწულივით [„ნუ ჩამიქრები და იქაც, შიგნით, სულში“ _ უნებლიეთ წამოგაგონდება გალაკტიონისეულიც].
იქნებ, მეფარნის ყუჩი ქანდაკით, ან სახარების იგავის ლამპრითაა ინსპირირებული მარიამ წიკლაურის ლექსი-პარაბოლა „მეფარნე“ _ როგორც ყოველ ნამდვილ ლექსს, ვერაფრით რომ მოჰყვები, მხოლოდ რომ უნდა მიჰყვე _ პოეზიის „მზიანი ჩრდილებისაკენ“?!...
იქნებ, გალაკტიონისეული მესაფლავის ცინიკური ხატებაც გასხლტეს ხსოვნაში მეფარნის რეპლიკის გაგონებისას [„სიბნელე ბევრად სჯობს სინათლეს, არ მოსჩანს მასშიო მისხალი ხინჯიც...“].
კონტრაპუნქტის პრინციპით იგება ლექსი, უფრო პოსტმოდერნისტულ ნოველას რომ წამოგაგონებს ამბავთა დაწურულობით, ან გობელენს, ლაქებად რომ ჩასწვნია ლექსის სტრიქონებად ჩამოღვრილი მოგონებები _ დარდის მეწამული, სიხარულის ბაცი ლაჟვარდი (იგივე ფერები, რაც _ წიგნის ყდისა) [«Как пламенно в лазури» _ ეს ცვეტაევაა].
კონტრაპუნქტში ერთიანდება დარდიანი, ტკივილიანი, ბედნიერი ამბები, მოგონებები, და პოლიფონიზმი წარმოჩნდება ლექსის „სტრუქტურულ ღერძად.“
ინტერვალით გაყოფილი ხუთი თორმეტსტრიქონედია ტექსტის მხატვრული ქსოვილი. ხუთივე ნაწილი მეფარნისადმი მიმართვაა, შუქის გამოთხოვა, ვედრება _ ფსალმუნის კლიშე-მოდელი მეორდებოდეს თითქოს.
მესაიდუმლედ აღირჩევა მეფარნე, შუქის მფლობელი [„ყუჩი მფლობელი“ (რ. ინანიშვილი)].
აღსარებად გაიჟღერებს პირველი თორმეტსტრიქონედის ტაეპები:

„მეფარნევ, მეფარნევ, აანთე ფარანი!
ღამის სიბნელეს ფრთა მოჰკვეთო, ეგებ,
რომ არსად გაფრინდეს და არ გაიყოლოს
ჩემი ნამზეური სიზმრების ნეფე.
სინათლის ბადეში გავაბათ ეს ღამე,
დამღალა, მეფარნევ, ფრენამ და სიბნელემ.
ვაითუ, სიყვარულს ტყუილად დავეძებ,
ვაითუ, სიცოცხლეს ტყუილად ვიფერებ.
სანამ დრო სამკვიდრო მიწის ფრთებს მომახვევს,
კისერს მტკენს სიზმრების უტკბესი ყულფი
და ბედნიერების ულუფის მონარჩენს
ცისკარზე მგალობელ ჩიტუნებს ვუყრი.“

ნამზეური სიზმრების ნეფე უფლის პარადიგმა თუა, მხოლოდ მზიურ
ხილვაში გამოცხადებული მეუფისა, გულით ნაგზნები. სინათლის ბადეში
გაბმული ღამეც [მარიამ წიკლაურის სტრიქონი უცნაურად ეხმიანება
გალაკტიონისეულს:
„წმინდა ნათელში, ამბობს ჰეგელი, წმინდა სინათლის დიად ბადეში,
ისე ცოტაა გასაგებელი, როგორც რომ წმინდა სიწყვდიადეში“].
„სიბნელეში ფრენის“ პარადიგმა „შეშლილი სახეების ჩონჩხიანი ტყეების“ ხატებასაც ამოიყოლებს მეხსიერებიდან და აღარც გაძრწუნებს შემაძრწუნებელი ეჭვი _ „ვაითუ, სიყვარულს ტყუილად დავეძებო...“ ნესტან-დარეჯანის [„ვისი მსგავსიც არ არის ქვეყნად“ _ ასე ითარგმნება ეს სახელი] მძებნელი ტარიელის სულიც რამდენგზის უღრღნია იმავ ეჭვს... უფალს დანატრული ყოველი სულიც!
იჭვი ეშმასეულია და დიდი სიყვარულის ციდა ანამცვრევები _ სულის პურის მიწიერი ორანის ნამცეცები _ არსობის პურისა _ ცისკრის ჩიტუნებს ეწყალობება _ გასცემ და შენია... ისე ძველია, ისე იოლი და ძნელი სიყვარულის ეს ძველთუძველესი დეფინიცია _ გაცემული შენია...

„მეფარნევ, მეფარნევ, ამინთე ფარანი!
უკუნი ღამეა. მარტო ვარ, ხედავ?
რომც მოვკვდე, სიზმარიც ვერ იგრძნობს. დილამდე
ღამის ანგელოზი ფრთებით გადამხვეტავს
ქუჩაზე, რომელზეც დარდიანს მივლია,
ბრახუნით ვიკლებდი ჩარაზულ სახლებს,
მაგრამ ის შენობა, რომელშიც მელოდნენ
არ მდგარა მიწაზე და ვერსად ვნახე.
განა თავს გაცოდებ, შემინდე, მეფარნევ,
ქარად მივებარე წვიმიან ქუჩებს,
შენ, ალბათ, ვერცა მცნობ ასე ცრემლით მორთულს,
ჭრელი გრიმისა და ცრემლების უჩვევს.“

მეორე თორმეტსტრიქონედის პეიზაჟი გრაფიკაა. მხატვარი რომ ვიყო, დავხატავდი ქარიან ღამეში მეფარნის სუსტად მბჟუტავ ძეგლ-სანათურთან სასოწარკვეთით ატუზულ პოეტს, „ჭრელი გრიმის და ცრემლების უჩვევს“ (ან რა გრიმი გაუძლებს სულის ქარებს და წვიმებს?!), სველი კაბის კალთებს რომ უფრიალებს აბეზარი [ვისთვის აბეზარი... ვისთვის _ მესაიდუმლე... _ „პოეტები იბადებიან ქარში და მიჰყვებიან ქარების ნაკვალევს“ (ტერენტი გრანელი)] სტიქიონი და უნებლიე კითხვა _ ეს ფარანია, თუ პოეტის სხეულიდან ამოფრენილი, ამოწურული, ქარის ნებაზე მოლივლივე გული ანათებს?! თუ გული თავადვე იქცევა ქარად [„ქარად მივებარე წვიმიან ქუჩებს“?!]. U
ტრაგიკულია და მშვენიერი ქარადქცეული ქალის პარადიგმა თუ პარაბოლა.
ჩარაზულია სახლები, ჩარაზულია გულები...
გულმოკლული ჩავა ჭუჭყიანი მატარებლიდან გრიგოლ რობაქიძის გმირი, რადგან [თანამგზავრის] გული [თანამგზავრის] გულს ვერ (თუ არ) გაეხსნა, მისტერია არ შედგა...
„შენობა, რომელშიც მელოდნენ, არ მდგარა მიწაზე და ვერსად ვნახე“ _ კონსტატირდება ტრაგიკული მიუსაფრობა, თუ მიუსაფრობის ტრაგიზმი...
„საოცარი შენობა“ [გალაკტიონი, „დომინო“] უფლის სახლი თუა, ერთადერთი სახლი, სადაც ლოდინით დაღალული არსთაგამრიგე მაინც მარად ელის ყოფით დაღალულთ, „ირეკდით და განგეღებათო“...
მეფარნეც ისე ჰგავს წუთისოფლის ყიამეთში ასე მონატრებულ ნათელს, რომელსაც „ბნელი ვერ ეწია“...
„დევნილ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ“ _ ისეთი შუქია ახალი აღთქმის სტრიქონ-ნამცვრევში...

„მეფარნევ, მეფარნევ, ამინთე ფარანი!
აქ ჩემს შეყვარებულს ვხვდებოდი წინათ,
იმ სკამზე თამაშით დაღლილი კაცი ზის,
ხსნასავით მოელის მეძავთა წირვას.
მეფარნევ, ჩვენც ხომ სულ სინათლით ვთამაშობთ,
დალახვროს ეშმაკმა მომგონი დარდის!
ზურგსუკან ცერებზე დამყვება სიკვდილი,
ნაბიჯებს აყოლებს გულის რიტმს, მარტივს.
ნუ მეტყვი, სიბნელე ბევრად სჯობს სინათლეს,
არ მოსჩანს მასშიო მისხალი ხინჯიც!
აანთე, მეფარნევ, მახინჯს და ცრემლიანს
მიყურონ ნეტარი სიმართლის ჯიბრით.“


„ყველას რაიმე აქვს სახსოვარი“, სულისმოსაბრუნებელი, მაგრამ „ხანი უნდობარი“ ერთ მშვენიერ (რა ცინიზმია!) დღესაც იმ „სკამზე, „შეყვარებულს რომ ხვდებოდი წინათ“, თამაშით დაღალულ ნიღაბს შემოგაფეთებს.
„თამაში რიოში მარგალიტებით“ ჩაენაცვლება მაღალ ძიებას იმ მარგალიტისა, „ვაჭარნი სასუფევლისანი“ რომ მოინატრებენ, რადგან სპეკალის ლიცლიცა, ცრემლოვანი შუქია ფარანი ყოფის წკვარამში... მეძავთა წირვის ბაქკანალია წამით გალაკტიონის „სილაჟვარდის“ პეიზაჟსაც გააცოცხლებს ხსოვნაში, მესაფლავის მეფისტოფელურ ხარხარსაც[შდრ. მარიამ წიკლაურთან: „სიბნელე ბევრად სჯობს სინათლეს,
„არ მოსჩანს მასშიო მისხალი ხინჯიც!“
ან ბაირონისეული ეშმას ცინიკური თვითწარდგინება კაენისადმი _ „მე ვარო იგი, ვინც სამყაროს შექმნიდა სხვაგვარს“].
მარიამ წიკლაურის „მახინჯი და ცრემლიანი“ ორანი იგივ გალაკტიონისეული „ღამენათევი და ნამთვრალევი“ „სხუაი ჩემი“ თუა _ პოეტის, კაცთაგან უკეთესის უკეთესი დეფინიცია, თვითგვემის (თუ „მაღალთა თავმდაბლობის“)სარკაზმით ნაკმაზი.
ნიღაბს ავტოპორტრეტი ჩაენაცვლება:

„მე თავად ცეცხლის სულს მეძახდნენ, მეფარნევ,
ალის ფრთაც დამემტვრა... საშინლად მტკივა.
მელევა სინათლე და ცეცხლის სისხლი მდის,
ღამის პეპლები ცრემლებად მცვივა.
მაგ კვარს შეუკეთე, რაც ჩემგან დარჩება,
აანთე, აანთე ეს ბნელი ღამე.
ვინ იცის, ჩემსავით სხვებიც დაგეძებენ,
სანთლებად საკუთარ სიცოცხლეს წვავენ!
მაგრამ შენ მარწმუნებ, ბნელში ადვილია,
ტკივილი დავმალოთ სულში და გავძლოთ!
ღამის მონასტერში უნდა აღვიკვეცოთ,
სინათლის ჯვარცმა რომ ქვეყანას ვამცნოთ?!

ფრთებდამსხვრეულ ანგელოზს ემსგავსება პოეტი [ბოდლერის
ალბატროსიც ფრთებდამსხვრეული ეთრევა გემბანზე, უბირ მეზღვაურთა
უგვანი ჟივილ-ხივილით დაღალული].
კვლავ უზუსტესია მარიამ წიკლაურისეული მეტაფორა: „ცეცხლის სისხლი მდის“ _ „სული სისხლშია“ [ლევიტელთა 17, 11] და „ცეცხლია სული.“
სანთლად საკუთარ სხეულს გაწირავს [უფალს შესწირავს] პოეტი [„რაც არ იწვის, არ ანათებს“], მაგრამ, ტკივილით გათანგულს, წამით მეფარნეშიც, ვინც და ვისიც ასე ეიმედებოდა, ეჭვი შეეპარება [„რად დამიტევე მე?!“ _ რა ძველია და ძნელი სასოწარკვეთის ბასრი ფორმულა!], სულმოკლეობის პაროლად გასხლტება სტრიქონი: „ღამის მონასტერში უნდა აღვიკვეცოთ, სინათლის ჯვარცმა რომ ქვეყანას ვამცნოთ?!“
ელვად გაკრთება გაუსაძლისი ტკივილი ჯვარცმის...
მანათობელი, დამაბრმავებელი ტკივილი _ აღდგომის შუქის წინამორბედი...
„ღამის პეპლები ცრემლებად მცვივაო“, დასცდება პოეტს. ფახრედდინ გორგანის იგავში ცეცხლის მაღალი არსი მხოლოდ იმ ფარვანამ უწყის, კოცონში რომ ჩაიფერფლა... მაგრამ ფარვანა ვერავის მოუყვება სიცოცხლის ფასად ნაგზნებს...
[სტრიქონი „სევდის ფარვანებით შებურვილი“ მარიამ წიკლაურის სხვა ლექსის ნამცვრევია.
პოეტი უცნაურად გზნებს შამიფარვანიანის ტრაგიკულ ოქსიმორონს (სუფიზმში საღმრთო სიყვარულის ალეგორიული ხატებაა ფარვანას ბედისწერული ლტოლვა ალისკენ)].

„მეფარნევ, დაგიჯერო? ღამეს გავუყუჩდეთ?
ჩავქრეთ, ვერ გვიპოვნოს ფარვანა დარდმა?
იქნებ, ვიმყოფინოთ, რაც გულში გვინთია
და რაც სიყვარულის ცეცხლიდან დაგვრჩა?
ნათლის და სიბნელის სამართალს ვინღა სჭედს,
ღმერთო, გულების მეფარნევ, მანიშნე,
მაცოცხლე ცისკრამდე, სიყვარულს ვისიზმრებ,
ცეცხლის ფრთებს ტკივილით ზეცამდე ავიქნევ.
ისე გავთენდები, რომ გულის სინათლე
არასდროს,
არასდროს,
არასდროს ჩამიქრეს.“

საწუთროს ქარების ხმაურში ღმერთს _ სიყვარულს დაისიზმრებს პოეტი.
მაღალი სულისთვის ტკივილიც ჯილდოა, უფლის მაღალი ნების „ექსტატიური მოციქული“ [ნაირა გელაშვილი].
ცეცხლის ფრთებს [ვაჟა იტყოდა _ „ფრთეებს“] ტკივილი დააქნევინებს ცეცხლოვან სულს _ ზეცად უხმობს [გოდერძი ჩოხელის „ცასწავალას“ კათარსისიც წამოგაგონდება უნებლიეთ] _ უფლისკენ _ „გულების მეფარნისაკენ“, იმ მარადი შუქისკენ, „ბნელი რომ ვერასდროს ეწევა“...
უფლის მაღალი ნებისადმი მდაბალი მორჩილებით განიწმინდება, განათდება სული და მერე... თუნდ იკაროსის ფრთებივით დადნეს პოეტის ცეცხლოვანი ფრთები...
ასეთ ნათელში „დარდიც ფარვანაა“ _ სხეულის წამიერი აბრიალება და... დაბრუნება შინ _ მამასთან... შუქში...

P. S. რეზო ინანიშვილის ერთ ნოველაში ახალგაცნობილი მეშუქურე და
მევიოლინე საუბრობენ. თავისი ხელობის არსს ასე განუმარტავს მეშუქურე
წვეულს _ „გემებს რომ გზა არ აებნეთო.“
როდესაც მევიოლინემ რამდენიმე მელოდია დაუკრა, „მეშუქურემ
ფრთხილად, ძალიან ფრთხილად გადაუსვა ხელი ვიოლინოს და
გაღიმებულმა თქვა: კარგი საქმე გცოდნია. ადამიანთა სულებს რომ არ
აებნეთ გზა“ [რევაზ ინანიშვილი, თებრო, თბ., 1983, 23].
მარიამ წიკლაურის „მეფარნეც“ იმისთვის თუ ჩამოიწურა პოეტის
მაღალი წარმოსახვიდან, „ადამიანთა სულებს რომ არ აებნეთ გზა“...
„მეფარნის“ _ ამ პატარა (დიდი!) წიგნის წაკითხვის შემდეგ გათბობს ბედნიერი (თუ ბედნიერების) განცდა (გურამ დოჩანაშვილის სიტყვებით დაწყებულ წერილს მისივე სტრიქონებით დავასრულებ): „ჩვენი პაწია საქართველო მსოფლიო პოეზიურ(!) რუკაზე ერთ-ერთი დიადი, ძლევამოსილი სახელმწიფოა“ [გურამ დოჩანაშვილი, მოთხრობები, თბ., 1976, გვ. 451].

---
* [ინტერვიუ გურამ დოჩანაშვილთან, „ცისკარი“ #3, 1999, 103] -- "მწერალი სერვანტესი პლუს ვინმე ვიგინდარა არ არის ორი", ანუ კარგი ხართ, მაესტრო! / გურამ დოჩანაშვილი ; ინტერვიუ მწერალთან მიჰყავდა მ. მოსულიშვილს // ცისკარი. - , 1999. - N3. - გვ.101-106. - ახლავს ავტორის ფოტო[MFN: 313447]

UDC: 821.353.1.09

• მოსულიშვილი, მ. (ჟურნ.);

მატიანის რუბრიკა: ფილოლოგიური მეცნიერებანი; მხატვრული ლიტერატურა; ლიტერატურათმცოდნეობა; ქართული ლიტერატურა.

ბმული -



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ნანა კუცია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: