არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი - ეკა ლემონჯავა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: მიხო მოსულიშვილი - ეკა ლემონჯავა   Mon Nov 12, 2012 12:15 pm



კლდიდან გადაჩეხილმა მიხო მოსულიშვილმა იმქვეყნიური ნათელი იხილა


მწერალი მიხო მოსულიშვილი წლების წინ, ახალგაზრდობაში, ქრისტიანობას არ აღიქვამდა, როგორც სულიერ მდგომარეობას, სიცოცხლის საზრისს, ღმერთთან ურთიერთობის ფორმას, არამედ ის მისთვის მითოლოგიის სფეროს განეკუთვნებოდა. არც თავმდაბლობით გამოირჩეოდა, რადგან 20 წლის ასაკში მის მოთხრობებს უკვე ბევრი იწონებდა. ცოტაღა აკლდა, რომ ამპარტავნების გზაზე შემდგარიყო, მაგრამ ერთმა შემთხვევამ საკუთარი თავი სულ სხვანაირად დაანახვა და მისი ცხოვრებაც შეცვალა. მაშინ ჯერ კიდევ თავისი პირვანდელი პროფესიით, გეოლოგად მუშაობდა და ხიფათი კლდეზე შეემთხვა. იმ საბედისწერო დღეს მწერალი ასე იხსენებს:

– არაგვის ხეობაში, სოფელ უკანაფშავის გადმოღმა, მე და გოგი ხორნაული კლდიდან ჩამოვდიოდით. გეოლოგები კლდეზე ზურგჩანთებით და ჩაქუჩით ადიან, რომ გზადაგზა ქანის ნიმუშები მოამტვრიონ. ზურგჩანთა რომ გაევსებათ, უკან ბრუნდებიან. მე და გოგი ქვებით სავსე ზურგჩანთით ფერდობზე დავეშვით. გეოლოგის სქელი შარვალი და ბათინკები მეცვა. ფერდობის ბოლოში საკმაოდ დიდი და სქელი ტოტი ჩანდა. ამ მძიმე ჩანთით ფეხით რატომ ვიარო, რატომ ვიწვალო, დავცურდები და ის ტოტი დამიჭერს–მეთქი, ვიფიქრე. დავცურდი, საკმაოდ დიდი სისწრაფით დავეშვი, მაგრამ იმ ტოტთან რომ მივედი და ხელი მოვკიდე, გატყდა. მახსოვს, ჰაერში ორჯერ ამოვტრიალდი, კლდის შვერილებს მივეჯახე და დავეცი. ამაზე მერე მოთხრობაც კი დავწერე – "კლდედ მომევლინა ფათერაკი".



– რა მოხდა შემდეგ?

– რაღაც ვარდისფერ სივრცეში გადავეშვი. ვარდისფერი სივრცე რომ დამთავრდა, ლურჯი კამკამა ცა იყო. იქ რომ გავედი, თეთრი ღრუბელი მოცურდა და უკან წადიო, მითხრა. ის გვირაბი ისევ უკან გამოვიარე. სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, ნელ–ნელა ვპატარავდებოდი, უკან–უკან მივდიოდი. ყველაზე პირველი, რაც მახსოვდა, იქამდე უკან–უკან სვლით მივედი. ჯერ გეოლოგი ვიყავი, მერე სკოლაში დავდიოდი, მერე – საბავშვო ბაღში, პატარაობაში ელექტროღუმელის სადენთან სახიფათოდ რომ ვთამაშობდი, იმ ასაკამდე მივედი. მერე გავიარე გვირაბი, ღრუბელმა უკან გამომიშვა და ისევ დავიწყე ზრდა, ჯერ – ბაღში, მერე სკოლაში დავდიოდი, მერე უნივერსიტეტში და თვალიც გავახილე...

– ანუ იმ დროს გონება გქონდათ დაკარგული?

– კი, გონებადაკარგულს რაც შემემთხვა, ის მოგიყევით. ეს სწრაფად, წამებში მოხდა, მაგრამ იმ წამებში ძალიან დიდი დრო, მთელი ცხოვრება ჩაეტია.

– უგონოდ რამდენი ხანი იყავით?

– არ ვიცი. თვალი რომ გავახილე, ძალიან ბევრი მზე იყო. გოგი მადგა თავზე, წყალს მასხამდა და მიყვიროდა, გამოფხიზლდიო.



– რაიმე ტრავმა მიიღეთ?

– მარჯვენა ხელი მაჯასთან მოვიტეხე. მეშვიდე მალის მოტეხილობაც მქონდა. ისე დავეცი, რომ ორი მალა, ზედა და ქვედა, ერთმანეთს დააწვა და მეშვიდე მალა დააზიანა. საკმარისი იყო, ეს მეტი სიძლიერით მომხდარიყო, რომ წელქვემოთ მოვწყდებოდი და ვეღარ გავივლიდი. ამას გარდა, სახეზე მივიღე ბევრი დაზიანება, აი, შუბლზე ასო "ანიც" მაწერია, მერე ნაკერები დამადეს. ყური ნახევრად ახეული მქონდა და მიმიკერეს. მარჯვენა ხელისგულზე მყესები მაქვს გაწყვეტილი.

გოგი რომ არ ყოფილიყო, იქიდან ჩამოსვლა გამიჭირდებოდა, იმან გადამარჩინა. დაღმართზე ჩამომიყვანა, არაგვი გამოვტოპეთ, იქვე დამაწვინა, გაიქცა, მანქანა მოიყვანა, საკაცეზე დამაწვინეს და თბილისში, ტრავმატოლოგიურში წამომიყვანეს. ექიმები გაგიჟდნენ, ასე როგორ დაიმტვერი, ასეთი არაფერი გვინახავსო. ერთ ექიმს ჩემი ცოლისთვის უთქვამს, ეს ვერ გადარჩებაო. საშინლად ვიყავი დამტვრეული და ეშინოდათ, შინაგანი ორგანოებიც მძიმედ არ მქონოდა დაშავებული. ორი თვე საავადმყოფოში ვიწექი. ექვსი თვე რეაბილიტაციას დასჭირდა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კორსეტი მეცვა, რომელსაც რკინები ჰქონდა გაყრილი და ხერხემალს იჭერდა. ჯერ ხელებით და მუხლებით დავდიოდი, დავღოღავდი...

– რატომ, ყავარჯნით ვერ ივლიდით?

– არ შეიძლებოდა. მერე ნელა–ნელა ყავარჯნით სიარული დავიწყე.

– ასეთ მდგომარეობაში ფიქრისთვის ბევრი დრო გექნებოდათ. შინაგანად შეიცვალეთ?

– როცა ავად ხარ, იმაზე იწყებ ფიქრს, რატომ გადარჩი. მერე ხვდები, რომ ეს ყველაფერი შენზე არაა დამოკიდებული. შენი სიცოცხლე ვიღაცამ მოგცა და უფლება არ გაქვს, მასზე ან ხელი აღმართო, ან ცუდად მოექცე. ეს სიცოცხლე მაღლიდან გეძლევა. ის, ვინც მაღლიდან გვხედავს და ჩვენი ყველაფერი იცის, გვჩუქნის ამ სიცოცხლეს და სწორედ იმას სჭირდები რაღაცაში. ეს იმიტომ შემემთხვა, რომ იქ, მაღლა, ჩემში რაღაც არ მოსწონდათ. ალბათ ამპარტავანი ვიყავი. მაშინ მოთხრობა "ტყის კაცი" უკვე დაწერილი მქონდა და მეგონა, ყველაფერი მე ვიყავი. ეს მოთხრობა უნივერსიტეტში დავწერე, მაშინ 20 წლის ვიყავი. ყველა მეუბნებოდა, რომ ძალიან მოსწონდათ და მეც მეგონა, ჩემნაირი არავინ იყო... ამიტომ დავისაჯე და ღირსი ვიყავი, სწორედ ასე უნდა მომსვლოდა.

– ამ შემთხვევის შემდეგ კიდევ თუ ასულხართ მთაზე?

– კი. მე ხომ იქაურობა არ შემძულებია, პირიქით, კიდევ უფრო შემიყვარდა. ვაგრძელებდი მუშაობას... გეოლოგი აღარ ვარ. საბჭოთა პერიოდში სამინისტრო მოსკოვში გვქონდა, აქ სამმართველოები, დეპარტამენტი იყო, ჰოდა, როცა საქართველომ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა დაიწყო და საბჭოთა კავშირიც დაინგრა, დაფინანსება შეწყდა და ჩვენი გეოლოგიური სამმართველო დაიშალა, თორემ ახლაც გეოლოგად ვიმუშავებდი. მოსკოვში წასვლა და იქ მუშაობა შემომთავაზეს, მაგრამ მე ჩემს ქვეყანაში ყოფნა ვარჩიე.



– ამ შემთხვევამდე თუ გიფიქრიათ, რომ სიცოცხლე მაღლიდან გამოგზავნილი საჩუქარი იყო?

– მანამდე – არა. ქრისტიანული რელიგია ერთ–ერთ მითოლოგიურ სისტემად მიმაჩნდა. როცა ჩამოვვარდი, ეს ჩემთვის უკვე აღარ იყო მითოლოგიური სისტემა. ეს ჩემი წინაპრების რწმენაა, ეს ჩემი რწმენაა და მე ამით უნდა ვიცხოვრო.

რაც მოგდის, ყველაფერი მოსახდენია. მე ნაჩუქარი სიცოცხლით დავდივარ. წესით, იქ ვერ უნდა გადავრჩენილიყავი. ჩემ სიმაღლე კაცი რომ ორჯერ ამოტრიალდება, თხუთმეტი–ოცი მეტრიდან მაინც უნდა იფრინოს. ამხელა მანძილიდან ჩამოვვარდი და გადავრჩი.

– ფიზიკურად მეორედ რომ დაიბადეთ, ფაქტია. სულიერად?

– სულიერად დაბადება ძალიან რთული რამეა. საკუთარ თავზე წლების განმავლობაში მუშაობა და შრომა გჭირდება. როგორც სპორტსმენმა ყოველდღე უნდა ივარჯიშოს, რომ ფორმაში იყოს, ასევე უნდა მოახმარო შენი შინაგანი სამყარო რაღაცეების შესწავლას. ერთია შესწავლა და მეორეა, როგორ დაინახავ, შეიგრძნობ, როგორ იფიქრებ. სულიერი დაბადება ადვილი ნურავის ჰგონია, ამისათვის საკუთარ თავში ურთულესი პროცესები უნდა გაიარო.

სულ სხვანაირად დავინახე ძალიან ბევრი რამ და, პირველ რიგში, საკუთარი თავი. ერთია და ადვილია, იფიქრო, მწერალი გავხდები, რაღაცეებს დავწერო, მაგრამ საქმე ისაა, ამით რას გამოხატავ, რაზე ყვები და რა გინდა, ადამიანებს უთხრა; შენ ზურგს უკან, შენში რა პიროვნებაა და იმ პიროვნების უკან ღმერთი არის თუ ეშმაკი. მანამდე ეს ყველაფერი არ ვიცოდი. ახალგაზრდა და ჩიტირეკია გიჟ–გადარეული ვიყავი.

– თქვენი ოჯახი ვისგან შედგება?

– მეუღლე მაკა ვარაზანაშვილი პროფესიით ფინანსისტია. გვყავს ერთი შვილი, ანი. ოცდაექვსი წლისაა. ჰააგაში მმართველობის და დემოკრატიის სამაგისტრო კურსი გაიარა და ახლა სპეციალობით მუშაობს კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში. მაკაც და ანიც ჩემი პირველი მკითხველები და უსასტიკესი კრიტიკოსები არიან, რაც ძალიან მახარებს.



ეკა ლემონჯავა - "კლდიდან გადაჩეხილმა მწერალმა იმქვეყნიური ნათელი იხილა" (რუბრიკა: "მეორედ დაბადება").
ჟურნალი "სარკე", # 45 (760), 7 - 13 ნოემბერი, 2012

ფოტოსესიის ავტორი - ქეთო ყირიმლიშვილი




ბმულები:
* http://sana.ge/address/news/cat/8/%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90

* https://www.facebook.com/notes/mikho-mosulishvili/კლდიდან-გადაჩეხილმა-მიხო-მოსულიშვილმა-იმქვეყნიური-ნათელი-იხილა/493478280687099


Albert Heim

ასევე იხილეთ შვეიცარიელი გეოლოგისა და გლაციოლოგის, ალბერტ ჰეიმის გამოცდილება - http://armuri.4forum.biz/t820-topic#11832

study


Last edited by Admin on Tue Nov 13, 2012 5:41 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4298
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მიხო მოსულიშვილი - ეკა ლემონჯავა   Mon Nov 12, 2012 12:19 pm



მიხო მოსულიშვილი

შუაფხო. ცრემლი
(უცაბედი ჩანახატი)

შუაფხოვლები მემდურიან, - რაად არ გვნახულობ, მიხოო... შენ აქ მეორედ ხარ დაბადებული კლდიდან ჩამოვარდნის მერე, ჩვენიანი ხარ, იმის მერე მეოთხედი საუკუნე გავიდა და ერთხელ არ ამოხვალ, ლაშარობაზე მაინცაო... სხვებზე არც რას ვიტყვით, მაგრამ შენ არ გეკადრება ჩვენი უნახაობა, არაო... აგერა, გაჰხედე იახსრის გორსა, ცაბაურთასა, როგორ არ გენატრებოდა ეგენი მაინცაო...
ჯერ იახსრის დაბინდულ გორს ავხედავ, მერე უფრო მაღლა, ცაბაურთას ავყურებ, - იქნებ ცრემლი შევიკავო როგორმე, თავის სამართლებელი სიტყვებიც უგზო-უკვლოდ გადამკარგვია და ამასღა ვპასუხობ: მენატრებოდა...
დაღრუბლულია ცა და ქვეყანა, - წვიმას აპირებს...

2012 წლის 8 ნოემბერი


ბმული:
* http://www.facebook.com/notes/mikho-mosulishvili-ミホモスリシュヴィリ/შუაფხო-ცრემლი/299167786850500

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მიხო მოსულიშვილი - ეკა ლემონჯავა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: