არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლია ტოკლიკიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლია ტოკლიკიშვილი   Sun Nov 11, 2012 10:11 am


Lia Toklikishvili

ლია ტოკლიკიშვილი


გაზეთ “ახალი 7 დღის” და მასთან არსებულ ჟურნალ “სიტყვის” თანაგამომცემელი და თანარედაქტორი;

ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი: ხელმძღვანელი ლექციების კურსისა: კონფლიქტების ასახვა თანამედროვე ქართულ მედიაში; ჟურნალისტური გამოძიება; ჟურნალისტური ოსტატობა;


განათლება

თბილისის სახელმწიფო უნუვერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი; ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიური ენების განყოფილება (დიპლომი).


პროფესიული გამოცდილება

1987-1989 - გაზეთ “თბილისის” კორესპონდენტი;

1991-1997 - გაზეთ “7დღის” კორესპონდენტი; პოლიტიკის განყოფილები წევრი, რეპორტიორი აფხაზეთის ომიდან, გამომძიებელი ჟურნალისტი;

90-იან წლებში მომხდარი პოლიტიკური, სამხედრო, კრიმინლური დანაშაულების ფაქტებზე ჩატარებული გამოძიებების ავტორი, მათგან ერთ-ერთს, ასლან აბაშიძის კრიმინალური რეჟიმის შესახებ ჩატარებულ გამოძიებას შედეგად მოჰყვა სასამართლო პროცესი, რომელიც დამთავრდა გაზეთ “7დღის” გამარჯვებით;

1997-2007 - გაზეთ “ახალი 7დღის” თანაგამომცემელი და თანარედაქტორი;

2007-დან დღემდე ჟურნალ “სიტყვის” თანაგამომცემელი და თანარედაქტორი.


განხორციელებული პროექტები

1998 - საქართველოში მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის ბიუროს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის ”ცხოვრების ჯანსაღი სტილისთვის” დირექტორი;

2000 - ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის “საქართველო-ოსეთის კონფლიქტის მიზეზების, ისტორიიისა და მისი გადაწყვეტის გზების ძიების კვლევა” მონაწილე;

2004 - ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის “კორუფცია საქართველოს პენიტენციალურ სისტემაში: პრობლების სამართლებრივი და ზნეობრივი განზომილებები” მონაწილე;

2006 - ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით განხოერცილებული პროექტის “ თბილისის მუნუციპალური ბიუჯეტის. მეტი გამჭვირვალობისთვის, 2004-2005 წწ” დირექტორი;

2007-2008- ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ მხარდაჭერილი პროექტის - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გადაცემის "ღამის საუბრების" თვისობრივი კვლევა - კოორდინატორი;

2008 - 2009 - ევრაზიის ფონდის მხარდაჭერით განხოერცილებული პროექტის “სასამრთლო სისტემის მონიტორინგი” დირექტორი.


ბმული:
* https://www.facebook.com/lia.toklikishvili
* http://7days.ge/index2.php?newsid=1936
* http://7days.ge/index2.php?newsid=2390

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია ტოკლიკიშვილი   Sun Nov 11, 2012 10:21 am

ლია ტოკლიკიშვილი

უკანასკნელი დღე აფხაზეთში


27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღეა. ამ დღესთან მეც მძიმე მოგონებები მაკავშირებს. 18 წლის წინ ამ დღეს სოხუმსა და აღმოსავლეთ აფხაზეთის სხვა რაიონებში უკვე კანტიკუნტად იყო დარჩენილი ქართული მოსახლეობა. უმეტესობამ რამდენიმე დღით, საათითა და წუთით ადრე მოასწრო სახლების დატოვება, ნაწილმა ვერ მოასწრო ან შეგნებულად არ დატოვა სახლი. მათგან, ვინც დარჩა, უმეტესობა სიკვდილით დასაჯეს აფხაზებმა. ამდენი წლის შემდეგ ისევ ძველებურად ვამბობ, რომ ეს ადამიანები აფხაზებმა დახოცეს, რადგან მთავარი არ არის, ვინ იყო შემსრულებელი – რუსი თუ ჩეჩენი – მთავარი ის არის, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, აფხაზებს არაფერი გაუკეთებიათ თავიანთი ახლობელი, მეზობელი, მეგობარი ქართველების გადასარჩენად.

სოხუმის დაცემა პირადად არ მინახავს, თუმცა მისგან რამდენიმე კილომეტრში ვიყავი ჩემს მეგობარ შორენა ლებანიძესთან და სოხუმიდან აქეთ, გალი–სენაკის მიმართულებით მომავალ უამრავ დევნილთან ერთად. 16–ში სოხუმის შტურმი დაიწყო. რამდენიმე ჟურნალისტი ჩვენი გაზეთიდან ყოველდღე მივდიოდით აეროპორტში და ვცდილობდით, ჯარისკაცებით სავსე თვითმფრინავებს წავყოლოდით ნახევრად ალყაში მყოფ ქალაქში. მახსოვს, როგორ მივიღე წასვლის გადაწყვეტილება.

22 ან 23 სექტემბერი იყო. დილაუთენია გადასცა ტელევიზიამ საქართველოს სახელმწიფო მეთაურის მიმართვა, რომლის სიტყვები პირველ კლასში ნასწავლი პირველი ლექსივით მახსოვს: „ჯარისკაცებო, ექიმებო, ჟურნალისტებო, მოგმართავთ ყველას ამ უმძიმეს წუთებში. სოხუმი საფრთხეშია. ყველანი სოხუმის გადასარჩენად!“ თუ ვინმესი არ მჯეროდა ამქვეყნად და, მით უფრო ჩემს ქვეყანაში, ეს ამ სიტყვების ავტორი იყო. მე უკვე რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი ამ ომში და ვწერდი უამრავ შეცდომასა და დანაშაულზე, რომელსაც შევარდნაძის ხელისუფლება უშვებდა, ვიცოდი ყველა პოლიტიკური შეცდომა, რომლითაც ამ სიტყვების ავტორმა ქვეყანა ომამდე მიიყვანა, ვიცოდი სამხედრო–პოლიტიკურ წრეებში გაბატონებულ კორუფციაზე, რუსეთთან ურთიერთობაში არჩეულ ორმაგ სტანდარტზე, დათმობაზე, ღალატზე, მაგრამ დღესაც ზუსტად ვიცი, რომ სწორედ ამ მოწოდებამ გადამაწყვეტინა ნახევრად დაცემულ სოხუმში წასვლა. ჩემსავით ბევრი მოიქცა. აეროპორტში მისულებს, სოხუმში წასვლის იმდენი მსურველი დაგვხვდა, რამდენი თვითმფრინავიც უნდა დაემატებინათ, მათი მესამედიც ვერ წავიდოდა. აშკარა იყო, რომ სოხუმის დაკარგვის საფრთხე გვიან გააცნობიერა ხალხმა. სხვა მიმართულებიდან ხსნიდნენ თვითმფრინავებს და სოხუმში უშვებდნენ, მაგრამ ორ დღეში სოხუმის აეროპორტი დაიხურა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც თბილისიდან ჩასული თვითმფრინავი ააფეთქეს ბაბუშერაში. თვითმფრინავი ჯარისკაცებით იყო სავსე. ნაღმმა შუაში გადახსნა თვითმფრინავი. ჯარისკაცების უმეტესობა დაიწვა. მათ შორის ჩემი ნაცნობი ჯარისკაცებიც იყვნენ. სხვათა შორის, ამ რეისს მხოლოდ იმიტომ ვერ გავყევით, რომ იმ ჯარისკაცებმა გააპროტესტეს ჩვენი ასვლა, ვისთვისაც ადგილი აღარ იყო. სოხუმის დაცემის დღეებში სიკვდილს ასე გადავურჩით.

მაგრამ სოხუმამდე ჩაღწევის სურვილი იმდენად დიდი იყო, სხვაზე ვერაფერზე ვფიქრობდი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გარკვეული, ბოლომდე ჩაკეტილი იყო თუ არა კოდორი, თუ კოდორის ხაზს გაარღვევდნენ ჩვენები, სამანქანო გზა სოხუმისკენ გაიხსნებოდა. ამ იმედით მე და შორენამ სენაკში ჩასვლა გადავწყვიტეთ. ეს დღე ზუსტად მახსოვს – 26 სექტემბერი იყო.

სენაკი ზვიადისტი ჯარისკაცების ხელში იყო. მათთან ნაცნობობის წყალობით იმავე დღეს მოვახერხეთ ოჩამჩირისკენ წასვლა. სენაკი უკვე სავსე დაგვხვდა ოჩამჩირიდან და გალიდან დევნილებით. აკაკი ელიავამ და მისმა მოადგილემ, ამირან ბებიამ, ერთი ტრაქტორისტი იპოვეს, რომელმაც იმ დღეს ოჯახი გამოიყვანა ოჩამჩირიდან და ახლა ტრაქტორით უკან მიდიოდა სახლიდან ბარგის წამოსაღებად. მე და შორენა ტრაქტორის ძარაზე ავძვერით. სენაკის სოფლები იოლად გავიარეთ. გზაზე აქა–იქ გვხვდებოდნენ ბარგაკიდებული ადამიანები. გალის რაიონს რომ მივაღწიეთ, ტრაქტორით გავლა თითქმის შეუძლებელი გახდა. გზა სავსე იყო მანქანებით, ურმებით, ველოსიპედებით, ფეხით მოსიარულეებით. ბარგაკიდებული ხალხი რამდენიმე მწკრივად, ერთმანეთში არეული მოდიოდა გალიდან სენაკის მიმართულებით. „მოდიოდა“ პირობითი სიტყვაა, ისინი თითქმის გაუნძრევლად იდგნენ ამ გზაზე. იმდენი ხალხით იყო ჩახერგილი გზა, რომ მათი გადაადგილება შორიდან არც შეიმჩნეოდა. ჩვენმა ტრაქტორმა გზის სავალი ნაწილი დატოვა და ტყე–ტყე გააგრძელა სვლა. ეს ტრაქტორი ერთადერთი იყო, რომელიც ამდენი ხალხის საპირისპირო მიმართულებით მიდიოდა. გზაზე ჯარისკაცებსაც გადავეყარეთ. მთელი შენაერთი იყო. მათ წინ გადაღობებოდნენ სხვა ჯარისკაცები და უკან დახევის უფლებას არ აძლევდნენ. მძღოლს ტრაქტორი გავაჩერებინეთ. კიტოვანისა და ქობალიას ჯარისკაცები აღმოჩნდნენ. ზვიადისტები „სამთავრობოებს“ იარაღის ჩაბარებას სთხოვდნენ, დახვრეტით ემუქრებოდნენ, მოღალატეებს უწოდებდნენ. საქმეში ჩარევა ვცადეთ. თითქმის მათი შეჯახების ეპიცენტრში აღმოვჩნდით. კიტოვანის ჯარისკაცებს ბურთი ყელში ჰქონდათ გაჩრილი. ამბობდნენ, რომ აფხაზები თითქმის უკვე შემოსულები არიან ოჩამჩირეში, რომ ისინი მიატოვეს ოფიცრებმა, მეთაურებმა. დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა თითო ავტომატისა და თითო მჭიდის ამარა. ამიტომ წამოვიდნენ. ჯარისკაცებს ვერაფრით დავეხმარეთ. ზვიადისტებმა იარაღი აჰყარეს და ზუგდიდისკენ გაუყენეს გზას.

ოჩამჩირეში საღამოს ჩავედით. ქალაქი ცარიელი იყო. რამდენიმე ჯარისკაცი ჯერ კიდევ დადოდა ქალაქში. რამდენიმე სახლსაც ის იყო ტოვებდნენ პატრონები. ჯარისკაცებმა გვითხრეს, რომ მათ რაციით მიიღეს უკანასკნელი შეტყობინება სოხუმიდან. ელაპარაკნენ პირადად ჟიული შარტავას, რომელმაც უთხრა, რომ აფხაზები და რუსები უკვე მინისტრთა საბჭოს შენობას უახლოვდებიან. შარტავა ოჩამჩირის ფრონტის ხელმძღვანელებთან ითხოვდა დალაპარაკებას. რიგითებმა აუხსნეს, რომ ხელმძღვანელობიდან ოჩამჩირის შტაბში აღარავინ იყო. შარტავამ მათ უთხრა, რომ ოჩამჩირიდან ელოდა გია ყარყარაშვილის მიერ კოდორზე გადაყვანილი მაშველების დახმარებას. ჯარისკაცებმა გვითხრეს, რომ ყარყარაშვილმა რამდენიმე ათეული ჯარისკაცი გადაიყვანა კოდორზე. მათ, რა თქმა უნდა, იმედი არ ჰქონდათ, რომ ასეთი მცირე ძალებით გია რამეს შეცვლიდა სოხუმში. თუმცა, გვითხრეს, რომ შარტავა გაამხნევეს და უთხრეს, ყარყარაშვილმა მთელი ბატალიონი გადმოიყვანაო.
ჯარისკაცებმა ოჩამჩირის დატოვება გვიბრძანეს. აგვიხსნეს, რომ ისინი პატრულირებას ატარებდნენ ქალაქში, რათა ყველა მშვიდობიანი მოსახლე გაეფრთხილებინათ, რომ რამდენიმე საათში და შესაძლებელია უფრო ადრეც ოჩამჩირეში რუსები და აფხაზები შემოვიდოდნენ. ჯარისკაცების ბრძანებას დავემორჩილეთ. უკვე უბრძოლველად დათმობილ ოჩამჩირეში სულ ერთი საათი დავყავით. ვნახეთ რამდენიმე ოჯახი, რომლებიც სახლებს ტოვებდნენ. ეს იყო შემზარავი სურათი. ასეთი რამ აქამდე წაკითხულიც არ მქონდა არსად. სახლის პატრონები წამოსვლის წინ სახლებს წვავდნენ. ოჯახის ყველა წევრი სახლთან იდგა საწვავში დასველებული და გრძელ ჯოხებზე დახვეული ჩვრებით. სახლებსა და სამზადებს ბენზინს ასხამდნენ. შემდეგ ჩვრებდახვეულ ჯოხებს ისროდნენ სახლებისკენ. უკან მოუხედავად მოდიოდნენ. რა თქმა უნდა, სახლი ყველა ოჩამჩირელს არ დაუწვავს. ჩვენი თანდასწრებით ასე მოიქცა ორი ოჯახი. ჯარისკაცები ცდილობდნენ, გადაეფიქრებინათ მათთვის ამ სასტიკი რიტუალის შესრულება, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ.

ოჩამჩირიდან გამოსულები ჩვენც მთელი დღე–ნახევრის განმავლობაში მოვდიოდით ჯერ გალისკენ და შემდეგ სენაკისკენ. სენაკში ჩასულ დევნილებს ღამის გათევა პირდაპირ ღია ცის ქვეშ უწევდათ. როდის–როდის ადიოდნენ მატარებელში და თბილისისკენ მოემართებოდნენ. სამუდამოდ თავინთი აფხაზეთიდან.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია ტოკლიკიშვილი   Sun Nov 11, 2012 10:24 am

ლია ტოკლიკიშვილი

მიწა
(დოკუმენტური მოთხრობა)


ეს ამბავი აფხაზეთში მოხდა. მასში აღწერილი ყველა ამბავი დოკუმენტურია და თვითმხილველთა მიერ არის მოთხრობილი. სოფელ ახალდაბას, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში წმენდდნენ ქართველებისგან, კარგა ხანს აფხაზები ვერ ეკარებოდნენ იქ მოწყობილი გენოციდის შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებების გამო. ფაქტების ერთი ნაწილი თავად შევკრიბე ოჩამჩირის დაცემის დღეებში.
ლია ტოკლიკიშვილი



სოფელს ოთხი დღე ოთხი მხრიდან უტევდა მტერი. მერე დევნილები დიდხანს მუნჯებივით დადიოდნენ და ერთმანეთთანაც არ იხსენებდნენ იმ დღეებს. ზოგს სოფელში დარჩენილი ნათესავების გამო არ უნდოდა ლაპარაკი, ზოგი გადატანილს დაემუნჯებინა, უმეტესობა სირცხვილს, რაც დროთა განმავლობაში ყველას გაუჩნდა.
რაც ერქვა, ერქვა სოფელს. იმ დღეებში მასავით ასობით სოფელი დაეცა. ყველა ლამაზი იყო. რა თქმა უნდა, ლამაზი იქნებოდა ზღვის პირზე, მწვანე მთების ძირში, სოხუმისკენ მიმავალ შარაზე გადამდგარი, ფართოეზოებიანი, ყვითელი ბაღებით გაჭედილი, ზამთარ-ზაფხულ სამზადებიდან ამომავალი კვამლით გაგუდული კოხტა დასახლებები, სადაც ადამიანებს არასდროს სჭირდებოდათ ერთმანეთთან მისასვლელად განსაკუთრებული მიზეზი.
სოფელში მხოლოდ ქართველები ცხოვრობდნენ, გადაღმა სოფელში მხოლოდ აფხაზები. საერთოდ, ამ მხარეში იშვიათად ნახავდით სოფელს, რომელიც ქართველებითაც იქნებოდა დასახლებული და აფხაზებითაც. ქართულ და აფხაზურ სოფლებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, თუმცა ერთმანეთში არასდროს არეულან. თითქოს ზღვრის შენარჩუნება ადათით ჰქონდათ გადაცემული და, ამ ადათით, აფხაზები თავიანთ მიწას ამაგრებდნენ, ქართველები - თავიანთსას. ასე იყო ომამდე ოცი წლით ადრე, ერთი წლით ადრე და ერთი დღით ადრე...

ომმა სოფლიდან წასვლა ვერავის აიძულა. რამდენჯერმე ბავშვები გაიყვანეს, მაგრამ იმდენჯერ მიბრუნდა და მობრუნდა დაწყევლილი ომი, რომ ბოლოს ხალხი მიეჩვია კიდეც მას. ომი თითქოს დიდს არაფერს აშავებდა. მარტო პირველ დღეებში მოიტანა ელდა, როგორც მთიდან წამოსული ლავა, ისე გადაესხა და დაადუღა სოფელი. ეს მაშინ მოხდა, როცა მათ გზაზე თბილისიდან მომავალმა სამხედრო ტექნიკამ და ჯარმა გაიარეს. ტექნიკა გასრიალებულ ასფალტს თხრიდა, ჯარისკაცები აგვისტოს ცხელ ხილს კრეფდნენ ხეებზე. მეთაურებს მკაცრი სახეები ჰქონდათ, რიგითებს –- დაღლილი, მაგრამ მაინც ხალისიანად დაჰყურებდნენ რკინის მაღალი მანქანებიდან უკან ჩამოტოვებულ ეზოებს, რომლებშიც ხალხი მწვანე ღობეებს გულამოვარდნილი მოსწყდომოდა და მაამებლური, თუმცა შიშიანი ღიმილით მიაცილებდა ჯარს.

ავთანდილ ცირდავას მოხუცი არ ეთქმოდა. სამოცს რამდენიმე წლით გადაცილებული იყო. ამ სოფელში გააჩინა დედამ, ამ სახლში, რომელსაც წინ მოზრდილი ეზო, უკან კი ციტრუსების დიდი ბაღი ერტყა. თუმცა ცირდავა ქალაქში ნაცხოვრებიც იყო, ავტონომიური რესპუბლიკის მაღალი თანამდებობებიც გამოევლო, მაინც ხშირად ამბობდა, - ჩემი სახლის, ქალისა და შვილების უფროსობაზე დიდი თანამდებობა არასდროს მქონიაო. ავთო ცირდავაც თავის ეზოში იდგა, როცა ჯარმა ჩაიარა. დიდხანს დინჯად და მშვიდად უყურებდა სოფლის ცენტრისკენ მიმავალ ჯარს, მერე ჩუმად ჩაილაპარაკა, მაგრამ ისე, რომ მარტო მის გვერდით ჩამომდგარმა ცოლმა და შვილებმა კი არა, რამდენიმე მეზობელმაც კარგად გაიგონა: - დიდი ამბები მოხდება აქ! მერე შინ შევიდა, კედლიდან სანადირო თოფი ჩამოიღო, მეზობელ კაცებს გასძახა და მათთან ერთად სოფლის ცენტრისკენ გაემართა.

ჯარი სოფლის ცენტრში მდგარ კულტურის სახლთან გაჩერდა. სოფელიც და კლუბიც, როგორც მას სოფელში ეძახიან, საბჭოთა წლებში ააშენეს, ავადსახსენებელი ბერიას დროს, რომელსაც სულაც არ მოიხსენიებდნენ აქ ავად. ბერიას აქ ქალაქის გაშენება უნდოდა, ქალაქისთვის დაპროექტდა დასახლება, გაიჭრა ერთმანეთის პარალელური გრძელი და ფართო ქუჩები, რომლებსაც შედარებით პატარა ქუჩები კვეთდნენ. საბოლოოდ, ქალაქი ვერ აშენდა, თუმცა, ახლომახლო სოფლებში მცხოვრებ აფხაზებს ახალდაბადებულმა პატარა ქართულმა დასახლებამ კიდევ ერთხელ გაახსენა ქართველების მიმართ ძველი ქიშპი და კიდევ უფრო გაუძლიერა ზიზღი მეგრელი ბერიასადმი, რომელსაც აფხაზიც ქართველივით მოსისხლე მტრად მიიჩნევდა...

ჯარის მეთაურმა სოფლის თავკაცები მოიკითხა. კითხვა არც სჭირდებოდა, ავთანდილ ცირდავა ისედაც ყველაზე წინ იდგა. კოლხური შუქიანი თვალებით უყურებდა მეთაურებს, რომლებიც ძუნწად იძლეოდნენ განკარგულებებს. მათი დავალებით, ქართული სოფლები თავად იქაურებს უნდა დაეცვათ. ჯარი იარაღს უტოვებდა სოფლის კაცებს, რომლებიც ასე, ერთ საათში ოჩამჩირის ბატალიონის შენაერთად გააფორმეს, გააფრთხილეს, რომ აფხაზური სოფლებიდან თუ ვინმე გამოჩნდებოდა, ეძლეოდათ იარაღის გამოყენების უფლება. შენაერთის წევრების სია შეადგინეს და გზის გასაგრძელებლად მოემზადნენ.
ავთანდილ ცირდავამ ჯარს სოფელში სახელდახელოდ შეგროვილი პროდუქტები გადასცა, ყველაზე მეტი თავისი რესტორნიდან ჰქონდა გამოტანილი. ჯარისკაცებმა ტანკების უკან მომავალი მსუბუქი ავტომანქანა პროდუქტებით დატვირთეს და სოფლიდან გასვლა დაიწყეს.

ცირდავამ შენაერთს სოფლის სამი გასასვლელიდან ერთადერთის ჩაკეტვა უბრძანა: - ერთ საათში ადიუბჟის გასასვლელთან შევიკრიბებით. ბარიკადების აგებას ვიწყებთ, -გააფრთხილა კაცები და თვითონაც, როგორც სხვები, შეკრების დაწყებამდე შინისკენ გაემართა. ნახევარი გზაც არ ჰქონდა გავლილი, რომ ზურგს უკან ჰორიზონტი წითლად გადანათდა. ადიუბჟისა და სოხუმისკენ, ყოველ საღამოს ამ მხარეს მზეც ზუსტად ასე ანათებდა, სანამ ზღვისკენ გადავიდოდა, მაგრამ ახლა ეს სხვა წითელი იყო, რომელსაც დამწვარი ხეების ტკაცუნი, ხალხის ღრიალი, საქონლის ბღავილი და ძაღლების გადარეული ყეფა მიჰყვებოდა. ცირდავა კვესელავას ღობესთან გაჩერდა და რკინის ბოძს მიეწება. თვალწინ ადიუბჟა დაუდგა, რამდენჯერ გადასულა ფეხით თავის ნათლულებთან და მეგობრებთან. ახლა ალბათ უკვე შუა სოფელში არიან... მიწას მილურსმული - აფხაზებისგან მოღწეული სროლისა და კივილის მიხედვი^თ ადგენდა ჯარის მდებარეობას.„ახლა საავადმყოფოსთან იქნებიანო, - გაიფიქრა და გულზე თითქოს ყინული ჩამოუსვეს. საავადმყოფოს მთავარი ექიმი მისი საუკეთესო მეგობრის, ბარგანჯიას, ცოლი იყო. სწორედ ამ ბარგანჯიამ გადაურჩინა რამდენიმე წლის წინ შვილიშვილი, რომელიც თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კვდებოდა. უკანასკნელი იმედი წამალი იყო, რომელსაც თბილისში ვერ შოულობდნენ. ბავშვს საათები დათვლილი ჰქონდა. ოჯახს უკვე შეცხადებული ჰყავდა გოგონა, რომ ავთანდილის ცოლს, ნადეჟდას, ციცინო ბარგანჯია გაახსენდა. ტელეფონს ეცა და ადიუბჟაში კივილით დაურეკა, - ბადიში მიკვდებაო. მან მოსკოვში ნაცნობ-მეგობრები შეძრა და მეორე დღეს თვითმფრინავის პირველსავე რეისს გამოტანებულ წამალს ავთანდილ ცირდავა აეროპორტში დახვდა.

...ბოძთან მდგარ ავთანდილს თითქოს ფეხზე რაღაც შეეხო. სანამ დაიხედავდა, თავისი ძაღლის კუდის ქიცინი იცნო. გაუხარდა. ბოძს მოშორდა და სახლისკენ ნელა წავიდა. არ ჩქარობდა. ფიქრის დამთავრება არ უნდოდა. იცოდა, რომ ფიქრის შეწყვეტა ბარგანჯიას მიერ გადარჩენილ შვილიშვილთან სიცოცხლეს გაუმწარებდა. და უცებ, თითქოს სინდისმა აქამდე უქმად მყოფი ხელები აიღო და პირი მოსწმინდაო, ცირდავას გაახსენდა, რომ ბარგანჯიებმა შარშან ეშერაში ორსართულიანი სახლის მშენებლობა დაამთავრეს. თავი დაიიმედა, რომ წასვლას მოასწრებდნენ, რომ კივილში, რომელიც ზურგზე სახრესავით უჭერდა, მათი ხმა არ ერია. ადიუბჟას ქართულმა შვეულმფრენებმა გადაუფრინეს და ყუმბარები ჩამოყარეს. ავთანდილ ცირდავა უკვე თავის ეზოში შედიოდა. ქართველების სახლებიც ადიუბჟასავით შეხტნენ და აკანკალდნენ, კედლებმა და მინებმა ზრიალი გაიღეს და აქედან მისცეს ხმა აფხაზური ოდების ძახილს.

- მოჭო მოცოდ, ძღაბი!–- აფხაზებისკენ პირმოქცეულ ნადეჟდას თავსაფარი მოეძრო და ფეხშიშველა მირბოდა თავისი ბაღის ბოლოსკენ, იქით, საითაც ადიუბჟა იწვოდა და გულში ხელის ცემით ბარგანჯიას ტიროდა.
მთელი ღამე სოფელი ბარიკადებს აშენებდა. სოფლის მხარეს გაშლილი ბაღებიდან, რომელსაც აქაურები ბალღამს ეძახდნენ, ხეები ამოჰქონდათ. ტომრებს სილითა და ნაფოტით ტენიდნენ და სოფლის შესასვლელთან ერთმანეთზე აწყობდნენ. სოფელი მდიდარი იყო, თავიანთ მცველებთან, რომლებმაც მთელი წელი დღე და ღამე ბარიკადებზე გაატარეს, ყველა ოჯახს მორიგეობით საჭმელი აჰქონდა. ბარიკადების წინ დაცლილი, ნახევრად დამწვარი აფხაზური სოფელი იწვა, საიდანაც იშვიათად თუ ჩამოვიდოდა გზაზე ერთიანად შავებში ჩაცმული გაძვალტყავებული ქალი ან ბავშვი, რომლებიც აქეთ, ქართველების სოფლისკენ, არასდროს იყურებოდნენ. ცირდავამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან საფრთხე სწორედ ამ გარინდებული, გაქვავებული სოფლიდან წამოვიდოდა და, თუმცა მთელი წელი სოფლის მეორე შესასვლელსაც ამაგრებდნენ - ათარის მხარეს –- ღამე ჩაშავებულ, ყოველ დილას კი თვალსაწიერზე გადაშლილ ადიუბჟას, განსაკუთრებული სიფრთხილით უყურებდნენ.

აფხაზების შეტევა სოფელში ჯარის შესვლიდან ერთი წლის შემდეგ, 16 სექტემბერს, დაიწყო. სოფელთან ბარიკადები აღარ იდგა, ერთი თვის წინ მოშალეს. 27 ივლისის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომელიც ქართველებისა და აფხაზების პრეზიდენტებს შორის დაიდო, იმავე დღეს დაიგზავნა ფრონტის ყველა ხაზზე და ჯარს იარაღის ჩაბარება დაევალა. სოფელში ოჩამჩირის შტაბის უფროსი ამოვიდა, ხალხი შეკრიბა, ხელშეკრულება გააცნო, ომი დამთავრდაო, განაცხადა და იკითხა:

- ვინ წავა ათარაში აფხაზებთან შესახვედრად? ნაბრძანები გვაქვს, ფრონტის ყველა ხაზზე პირადად მოხდეს მხარეებს შორის მოლაპარაკება.
სოფელმა ცირდავას გადახედა, რომელსაც უკვე წინ გადაედგა ნაბიჯი.
- მე წავალ, - თქვა და აყაყანებული კაცები ჩააჩუმა, - მარტო წავალ, სისხლი ბევრია დაღვრილი, ადიუბჟა ყელში აქვთ გაჩრილი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერთის წასვლა ჯობია.

თავისი "ჟიგული" დაქოქა. ერთ-ერთი მეზობელი თითქმის ძალით ჩაუჯდა მანქანაში.
მოსაღამოვდა. კლუბთან, სადაც შტაბი იყო მოწყობილი, ხალხი არ იშლებოდა. დაღამდა. ცირდავა არ ჩანდა. გათენდა. ასობით ყური ათარის მხრიდან ძრავის ხმის გაგონებას დაძაბული ელოდა. მოშუადღევდა. სოფელს მანქანის ხმა შემოესმა. ცირდავას მანქანა იყო. აწითლებული სახე და ჩაშავებული თვალები ჰქონდა. აფხაზებმა ათარაში ხარი დაგვიკლეს და მთელი ღამე შერიგების სადღეგრძელოს ვსვამდითო, - თქვა. სოფელს უხაროდა. მხოლოდ რამდენიმე შუახნის კაცი იყო ჩუმად. ცირდავა ისე ლაპარაკობდა, თითქოს მხოლოდ მათ მიმართავსო. მიხვდა, რატომ იყვნენ ჩუმად ხანდაზმულები. თვითონაც გაჩუმება ამჯობინა. დაღლა მოიმიზეზა და შინ წავიდა.
მას შემდეგ ცირდავა, მისი 30 წლის ვაჟი, სიძე და უფროსი შვილიშვილი, რომლებმაც მთელი წელი ბარიკადებზე გაატარეს, სოფლის საქმეებში იშვიათად ერეოდნენ. მარტო ერთხელ, 27 ივლისის შემდეგ, 3-4 დღე იქნებოდა გასული ათარაში ხარის დაკვლიდან, ოჩამჩირის შტაბიდან მოსულებმა კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ცირდავას რაზმის შეკრება, ერთი წლის წინ დარიგებული იარაღი ჩაიბარეს, ცირდავას ხელი მოაწერინეს და სოფელს გამოეთხოვნენ. იმავე ღამეს ცირდავა და მისი სიძე მანქანაში ჩასხდნენ და სადღაც წავიდნენ. სოფელში მითქმა-მოთქმა დაიწყო, ცირდავამ აფხაზებისთვის ბარჟებით საიდუმლოდ შემოტანილ იარაღში მთელი რესტორანი მისცა და სოფლისთვის ავტომატები შეიძინაო. ამას უფრო ქალები ლაპარაკობდნენ, კაცები ხმას არ იღებდნენ. ისე კი, მოუხშირეს ცირდავების ვაზით დაბურულ ეზოში ახალ მოსავლამდე შემორჩენილი ადესის დასაჭაშნიკებლად სიარულს.

ასე იყო თუ ისე, შეტევის დაწყების დღეს სოფელს იარაღი ჰქონდა. შეტევა გამთენიისას დაიწყო. ჯერ რამდენიმე კილომეტრში მდებარე სოხუმს დაარტყეს გრადებითა და ქვემეხებით. სოფელი ფეხზე წამოაგდო გამაყრუებელმა ხმებმა. მერე ათარის მხრიდან ხალხი მოცვივდა, აფხაზები სოფელს მოადგნენო.
ავთანდილ ცირდავა ლოგინში იწვა, როცა ქვემეხების ხმა გაისმა. მამა ესიზმრებოდა, თითქოს ეზოში იდგა, წელს ზემოთ შიშველი, და ბარავდა. ბარის ყოველ დაკვრაზე მიწიდან ადამიანები ამოდიოდნენ და მოხუცს მხიარულად ესალმებოდნენ, მიწას ბარს დაჰკრავდა თუ არა, ახალი ადამიანი ამოდიოდა ზემოთ. მოხუცი სტუმარს ღვთის კაცად თვლიდა და ეზოს წინ გადაჭიმულ სუფრასთან ეპატიჟებოდა, სადაც ყოველი ახალი მოსულის გამოჩენაზე მხიარულ ყიჟინას სცემდნენ და თოფებს ცლიდნენ.

გამაყრუებელი აფეთქების ხმამ გამოაფხიზლა. სიზმრიდან გამოყოლილი დენთის სუნი იგრძნო. გუმანმა ყველაფერი სწორად უკარნახა. ნელა, ზლაზვნით გადმოყარა ფეხები ლოგინიდან, თითქოს ეზარება ყველაფერი, რაც ამის შემდეგ უნდა მოხდესო. მერე კი უცებ, თითქოს ბზიკმა ზედ გულის ხორცზე უკბინა, წამოხტა, ეზოში გასძახა, " დავიწყეთ სარდაფიდან ავტომატების ამოტანაო და ბიჭებს თვითონაც უკან მიჰყვა.

სახლიდან სახლში გადარბოდნენ და თითო ოჯახს თითო ავტომატს უტოვებდნენ. დანარჩენებს უბარებდნენ, ვისაც რა მოგხვდებათ ხელში წალდი, ცული, დანა აიღეთ და ათარის მხარეს შემოგვიერთდითო.

ავთანდილ ცირდავას სიძე და უფროსი შვილიშვილი მიჰყვებოდნენ. ბიჭს ავტომატი არ შეხვდა, მაგრამ მაინც გაბედულად მისდევდა მამასა და ბაბუას. ავთანდილს ცივი იარაღით გამოსულები მეორე და მესამე ფლანგზე დასაყენებლად სჭირდებოდა, რათა, თუ ვინიცობაა, პირველ პოზიციას გაარღვევდა რომელიმე თავდამსხმელი, ქალებამდე და ბავშვებამდე ვერ მიეღწიათ. მხოლოდ ავთანდილმა გაიგო სიძის ნათქვამი, რომელიც შვილს ეუბნებოდა:

- ბაბა, უიარაღოდ, მარტო ამ წალდითა და დანით რას გახდები, შინ დარჩი და ქალებს მიხედე.

ავთანდილს, რომელსაც აქამდე ერთი ხმამაღალი სიტყვა არ ჰქონდა ნათქვამი სიძისთვის, სისხლი სახეში მოაწვა:

- რა კაცი იქნება, რომ დარჩეს და ქალებთან სახლში ჩაიკეტოს!

მერე ორივეს გაუსწრო და, წინ წასულმა, ბრტყლად იგრძნო მთელი ზურგის გასწვრივ, რომ შვილიშვილი უფრო ახლოს მოჰყვებოდა, ვიდრე სიძე და სოფლის სხვა კაცები. გულზე თბილმა და ძლიერმა ტალღამ გადაუარა და ძალის მომატება იგრძნო. ათარამდე რამდენიმე წუთში ჩავიდნენ.

პირველი, რაც ცირდავას გაუკვირდა, ის იყო, რომ სოფლის შესასვლელთან, ათარელი აფხაზების ნაცვლად, რუსებისა და ჩრდილოკავკასიელების რამდენიმე რიგი დაინახა. აფხაზები ყველაზე უკან, მეხუთე თუ მეექვსე რიგში იდგნენ და რუსებსა და ჩეჩნებს მოჰყვებოდნენ ქართულ სოფელზე. ცირდავას მწარედ გაეცინა და ყელში მოაწვა ათარაში დაკლული ხარისა და დალეული ღვინის გემო. აქამდე არასდროს სძულებია ადამიანი, აფხაზი მით უმეტეს. სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე გაუჩნდა ეს გრძნობა და თავის ღმერთთანაც ამ გრძნობით შერცხვენილი წავიდა...

რაზმს სოფლის შემოსასვლელში გზის ორივე მხარეს ჩასაფრება უბრძანა და თვითონ პირველივე სახლის ღობესთან მოიწყო საფარი. ჩაფიქრებული ჰქონდა, რომ მტერი რამდენიმე მეტრზე შემოეშვა სოფელში და მერე ქუჩის ყველა ეზოდან ერთდროულად დაერტყა. დამარცხებაზე ან გამარჯვებაზე არ ფიქრობდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ რუსები სოფლის შესასვლელთან რაც შეიძლება დიდხანს უნდა შეეყოვნებინა. იქამდე, სანამ ოჩამჩირიდან კიტოვანი ან ზღვის მხრიდან ქობალია არ მოიყვანდნენ დამხმარე ძალას. სიძე და მეზობელი ყურაშვილი ოჩამჩირის შტაბში გაუშვა, ცოცხალი ძალისა და იარაღის გამოგზავნას ითხოვდა. სოფელი ოჩამჩირესა და სოხუმს შორის იყო, ორივე ქალაქიდან თითქმის თანაბრად დაშორებული, ორივესთან სულ ახლოს. "კიტოვანი და ქობალია წამოვლენ, " გულში ფიქრობდა, " ჩვენთვის თუ არა, სოხუმის დასახმარებლად ხომ წამოვლენ. ამ გზას როგორ ასცდებიან, ცოტა უნდა გავუძლოთ".

- ბაბუ, ხომ არ გეშინია? - გუნებაზე მოსულმა გასძახა შვილიშვილს, რომელიც შიდა ქუჩების დასაკავებლად მიდიოდა სხვებთან ერთად. ბიჭმა უარის ნიშნად თავი გააქნია.

- კუდით ქვას ვასროლინებთ ამ უჯიშოებს. აბა, ეზოში ხომ არ გადავუშვებთ გადამთიელს!

ბიჭებს ემშვიდობებოდა, რომ ზურგს უკან ბალახის შრიალი შემოესმა. ყველანი გადახსნილი ავტომატებით ელდანაკრავივით შეტრიალდნენ. კაცის სიმაღლეზე აზრდილი სიმინდებიდან ლერი ქირია გამოვიდა, ადიუბჟის პოზიციიდან ჩამოსულიყო.

- აფხაზები ადიუბჟიდანაც შემოდიან, "დაჩების" მხრიდანაც და ზღვიდანაც... სოფელი ალყაშია. ოჩამჩირესთანაც და სოხუმთანაც გზა მოჭრილია. ოჩამჩირე ნახევრად აღებულია, კიტოვანმა და ქობალიამ ქალაქი უბრძოლველად დატოვეს.

ავთანდილ ცირდავამ პირში სიმწარე იგრძნო. გვერდზე გადააფურთხა და უკვე მის საფართან ჩამოსულ რუსს იარაღი შიგ სახეში დაახალა. სხვა საფრებიდანაც სროლა ატყდა.

საათი გავიდა, რაც სოფლის ოთხივე შემოსასვლელთან სროლის ხმა შეწყდა. გადარჩენილი რაზმელები ცირდავამ ახალ პოზიციაზე გადაიყვანა. ათარის მხრიდან რუსები მხოლოდ რამდენიმე მეტრზე შემოვიდნენ სოფელში. 16 სექტემბერს ვერც "დაჩების" მხრიდან წაიწიეს წინ. ადიუბჟიდან შემომავალი ბენდელიანის ქუჩა 17-ში გამთენიისას აიღეს. ათარის პოზიციაზე მყოფ ცირდავას შეატყობინეს, რომ პირველი მსხვერპლი ბენდელიანზე იყო. აქ სკოლის დირექტორი ლერი მიქაია დაიჭირეს, მის მიერ მოკლული ორი აფხაზის გვამთან დააყენეს, ჯერ სურათი გადაუღეს და მერე დასახვრეტად ღობეზე მიაგდეს. სახლში მიქაიას ოჯახი იმალებოდა. როცა სამალავიდან დედამ დაინახა, რაც ხდებოდა, გარეთ გამოვარდა და შვილს გადაეფარა. კაზაკმა ავტომატი დაუშვა და ქალისკენ წავიდა. რომ მიუახლოვდა, ჩექმიდან დანა ამოიღო და ყელში გამოუსვა. ლერი არ დახვრიტეს. მის მიერ მოკლული აფხაზები ზურგზე ააკიდებინეს და ადიუბჟის შტაბამდე ათრევინეს.

ცირდავა მიხვდა, რომ სოფლისთვის ბრძოლა დამთავრებული იყო. ბრძოლის გაგრძელების ბრძანებას ვეღარ გასცემდა. ყველას თვითონ უნდა გაეკეთებინა თავისი არჩევანი. სოფელზე შეტევის დაწყებიდან მეოთხე დღე თენდებოდა. რაზმს სოფლის სიღრმეში შესვლა უბრძანა. ყველა მიხვდა, რომ ცირდავას კაცები თავიანთი სახლებისკენ მიჰყავდა. ბრძანება ისე გასცა, რომ ყველას თავ-თავისი ქუჩისკენ წასვლა უწევდა. მეთაური მათ აქ შორდებოდა. მისი უკანასკნელი ბრძანება ყველამ ზუსტად გაიგო - თქვენი სახლების ჭიშკრებთან დადექითო.
თავის ეზოში შესულ ავთანდილ ცირდავას იქ ჯერ კიდევ სიმშვიდე დახვდა. ჯანღიანი დილა შემოდიოდა. ვაზის ქვეშ გავლილს, ნამი დაეწვეთა. ესიამოვნა. თითქოს ეზომ შეახსენა, რომ რაღაც სხვაც ხდებოდა ამქვეყნად ომის გარდა. პარმაღზე ფეხი ძველი ჩვეულებით გაიწმინდა და წინა ოთახში შევიდა, ცოლს ორ შვილიშვილთან ერთად ტახტზე გაუხდელად მისძინებოდა. ფრთხილად გააღვიძა. ხმადაბლა დაიწყეს ლაპარაკი.

- უნდა გაიყვანო ბავშვები. არხზე გადადით. მე აქედან ცოცხალი არ წავალ. ეზოში არ გადმოვუშვებ გადამთიელს. სანამ სამშვიდობოს არ გახვალთ, ეზოში ვერავინ შემოვა.

ნადეჟდა ცირდავა ქმრის ხნისა იყო, სოფლის კულტურის სახლის დირექტორი, დინჯი, გონიერი ქალი. შვილიშვილები გააღვიძა. ქვაბში წინასწარ მომზადებული ფაფა ჩაასხა, ჩანთაში წინა საღამოს გამომცხვარი პური ჩაალაგა. უხმოდ ირჯებოდა. ავთანდილი ბაღში ჩავიდა და ორიოდე წუთში სახლში გიჟივით შემოვარდა.

- კანკავას სახლამდე ტანკებით არიან შემოსული. აბა, შენ იცი, ბავშვები უნდა გადაარჩინო!

ნადეჟდას იმ წუთში ქმრის გარდაუვალ სიკვდილზე არ უფიქრია. ორივე ხელზე ჩამოკიდებული ბავშვები, მათი არხისკენ გაყვანის მიზანი ყველა დანარჩენს ავიწყებდა. მერე გაახსენდა, ძალიან გვიან, სამშვიდობოზე მყოფს, რომ ღობესთან ჩასაფრებულმა ავთომ მიაძახა, - ჟენია, იჩქარეო და ხმა ცოტა სუსტი ჰქონდა. ჟენიას ახალგაზრდობაში ეძახდა, მერეც, წლების შემდეგაც, მაგრამ იშვიათად. მაშინ, როცა რამე თბილის თქმა უნდოდა ცოლისთვის. მაშინ ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია. თავქუდმოგლეჯილი გარბოდა და მიარბენინებდა შვილიშვილებს. არხი მეზობლის ბაღის ბოლოში გადიოდა და ზაფხულში შრებოდა. შემოდგომაზე წვიმები ავსებდა და მისი წყლით სოფლის ამ კიდურზე მოსახლე ოჯახები ბაღებს რწყავდნენ. ჯერ წვიმები არ დაწყებულიყო და არხი დამპალი ფოთლებითა და შლამით იყო სავსე. ბავშვები ხელებს არ უშვებდნენ მის კაბას. როცა ფაფის ქვაბი და პურებიანი ჩანთა ხელში აიღო, ბავშვებს უთხრა, ხელები კაბაზე ჩამკიდეთ მაგრად და თუ კაბა გამეხა, ბლუზაზე ჩამეჭიდეთო. ყურაშვილების ეზომდე შეუსვენებლად ირბინეს, ეზო-ეზო გადადიოდნენ. როგორც ავთომ უთხრა, ყურაშვილების ეზოში გადავა და არხში ჩაწვება. ჯერ ბავშვებს ჩააწვენს, ზემოდან ფოთლებსა და ბალახს დააყრის. დაღამებამდე აქ დარჩებიან და მერე როგორმე გაძვრებიან სოფლიდან. "ავთო გაგვიყვანს!" " გაიფიქრა.

ყურაშვილების ეზოში მავთულის ღობიდან გადაძვრნენ. ღობეზე კაბა ჩამოეხა. ქვედატანი ოდნავ გვერდზე შემოიტრიალა და თავი რომ ასწია, გაშეშდა. ჭიშკართან თავზე მწვანელენტებგაკრული ჯარისკაცები იდგნენ. სანამ რამეს მოიფიქრებდა, ჭიშკრიდან ტყვიების ჯერი წამოვიდა და, თუმცა ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია, ინსტინქტმა მიწაზე დაამხო, ან იქნებ თვითონ მიწამ, როგორც ყველაფრის თავმა და ბოლომ, ზურგზე დაინარცხა. დაემხო და ბავშვები ქვეშ მოიქცია. თავად ქალს ზევიდან სახლიდან გადმოყოლილი ძაღლი დააწვა. ოთხივე გატრუნული იწვა.

ბავშვები, ქალი და ძაღლი, რომლის ბალანი მიწაზე ლოყამიჭყლეტილ ნადეჟდას პირში ეჩრებოდა... ძაღლის ცხელი მუცელი, რომელიც მძიმედ და მთელი შიგნეულით სუნთქავდა, ზურგს უთბობდა და ერთგული ჭერივით იფარავდა.
ჭიშკრიდან ნაღმი ისროლეს. ძაღლმა ორჯერ საწყლად ამოიწკმუტუნა და გაჩუმდა. ზემოდან ცხელი, მოტკბო და სქელი სითხე წამოვიდა და ძაღლის ქვეშ მოქცეულ ადამიანებს დაედინა. ნადეჟდა მიხვდა, რომ ნაღმი ძაღლს თავში მოხვდა, რადგან სისხლი წინიდან ესხმებოდათ, ძაღლის ქვეშ გუბდებოდა და ქალსა და ბავშვებს პირში ჩასდიოდათ. ნადეჟდამ იფიქრა, რომ შეიძლება სისხლს ბავშვები გაეგუდა. ხელით ბიჭის პირი მოძებნა და ზედ დააფარა. მეორე ხელით ყურები დაუცო. ბიჭს ჩუმად, მაგრამ ბრძანებით უჩურჩულა: შენს დას პირი და ყურები თითებით დაუცე! გოგო პატარა იყო. იმდენად პატარა, რომ ვერც კი გაიგებდა, რა იყო დაცობა.

დროს ვერ ითვლიდა. რამდენი საათი გავიდა, რაც ასე იწვნენ... შეიძლება, ერთი ან ორი. შეიძლება საათიც არ გასულა. ეზოდან ჯარისკაცები წეღანვე სადღაც გაიკრიფნენ. ნადეჟდა ამას იმით მიხვდა, რომ მათ ვიღაცამ მეორე ეზოდან აფხაზურად დაუძახა:

- ბანგლო, ბარა, ბანგლო! მოდი, ბიჭო, აქეთ გადმოდითო.

საითაც ჯარისკაცები გაიკრიფნენ, სროლა გახშირდა. ნადეჟდას გულმა რეჩხი უყო, რადგან სროლა მათი სახლის მხრიდან ისმოდა. ჯარისკაცები ვიღაცას აფხაზურად უყვიროდნენ, - იარაღი დაყარეო. ნადეჟდას ცოტა აფხაზური ესმოდა. ამ მხარეში ყველას ესმოდა ერთმანეთის ენა. აფხაზს ქართულიც და მეგრულიც, ქართველს - აფხაზური.

ენები ადამიანებივით დაუმეგობრდნენ ერთმანეთს, მაგრამ ადამიანებმა, როგორც თავიანთ სოფლებს შუა, ენებს შორისაც მკაცრი ზღვარი გაავლეს. არც ერთი აფხაზი ქართულად არ ლაპარაკობდა, თუმცა ყველას ესმოდა ქართული, არც ქართველები ლაპარაკობდნენ თუნდაც საყველპურო აფხაზურს, თუმცა მათაც ესმოდათ ცოტა აფხაზური. ერთმანეთთან სალაპარაკოდ მეგრული აირჩიეს, რადგან მეგრელს აფხაზი ქართველად არ თვლიდა.

ნადეჟდამ კიდევ ცოტა ხანს მოიცადა მკვდარი ძაღლის ქვეშ. რაც ჯარისკაცების ხმა მიწყდა, მას შემდეგ უკვე ხუთჯერ დაითვალა ასი. მაინც არ ენდობოდა საკუთარ სათვალავს, ყურს უგდებდა, უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ჯარისკაცები ნამდვილად წავიდნენ. მერე მკვდარი ძაღლი ოდნავ ასწია და თვალები მიწის პირზე ჭიშკრისკენ დაკვირვებით ჩაატარა. მიწა ცარიელი და მშვიდი იყო. ძაღლის ლეშს უფრო ძლიერად მიაწვა ქვემოდან და ადვილად გადააგდო გვერდზე.

მთლიანად სისხლში მოსვრილი წამოდგა ფეხზე. ბავშვები მძიმედ სუნთქავდნენ. წებოვანი წითლით აზელილ თმაში გოგოს მიწა და ბალახი შეზელოდა. არც ერთი არ ტიროდა. ბებია ფეხზე ამდგარი დაინახეს თუ არა, ისევ აქეთ-იქით ამოუდგნენ და კაბაში ჩაავლეს ხელები. მიწაზე დამხობილი ქვაბიდან დაღვრილ ფაფას ინდაურები მიესივნენ. ქალმა პურები მოკრიფა. მიწა ფრთხილად მოაცილა პურს და ისევ ჩანთაში ჩაალაგა.

უცებ ქვემოდან, თითქოს მიწიდან, თავისი სახელი შემოესმა. ხომ არ მომეყურაო, გაიფიქრა. ხმას კარგად მიუგდო ყური და რამდენიმე ნაბიჯზე არხი დაინახა. ხმაც იცნო. მეზობელი გივი ფრუიძე იყო. არხზე გადაფარებული თუნუქი აეწია და ხელს უქნევდა, აქეთ წამოდითო. ბავშვებმა უფრო მაგრად ჩაავლეს ხელი კაბაში და მკვდარ ძაღლს, მიწაზე დაღვრილ ფაფასა და სისხლიან ბალახს სირბილით გაეცალნენ.

არხი მოკუნტული, ერთმანეთზე მიჭეჭყილი ადამიანებით იყო სავსე. 15-20 კაცი იქნებოდა. ყურაშვილის გოგოები, ფრუიძის შვილიშვილები, დაჭრილი მეომარი ჯეირან ჩაკვეტაძე. თითქმის მთელი ქუჩა არხში იწვა. ნადეჟდა და ბავშვები ქვემოთ ჩაუშვეს და ციტრუსებით დაფარულ არხის ამ მონაკვეთს ისევ თუნუქი დააფარეს. ხალხი ხმაგაკმენდილი და გასუსული იჯდა ხავსიან შლამში. იცოდნენ, რომ დაღამებამდე უნდა მოეცადათ, მერე კი არხს უნდა გაჰყოლოდნენ და მეორე ეზოში გადასულიყვნენ. იქ თუ არაფერი შეუშლიდათ ხელს, გზას შემდეგ ეზოებზე გააგრძელებდნენ. ასე შეიძლება გაეღწიათ კიდეც სოფლიდან.

(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია ტოკლიკიშვილი   Sun Nov 11, 2012 10:27 am

ლია ტოკლიკიშვილი

მიწა
(დოკუმენტური მოთხრობა)


ეს ამბავი აფხაზეთში მოხდა. მასში აღწერილი ყველა ამბავი დოკუმენტურია და თვითმხილველთა მიერ არის მოთხრობილი. სოფელ ახალდაბას, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში წმენდდნენ ქართველებისგან, კარგა ხანს აფხაზები ვერ ეკარებოდნენ იქ მოწყობილი გენოციდის შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებების გამო. ფაქტების ერთი ნაწილი თავად შევკრიბე ოჩამჩირის დაცემის დღეებში.
ლია ტოკლიკიშვილი


(გაგრძელება)

დაღამდა. სოფელში ჯოჯოხეთური ბნელი გამეფდა. აღრენილ და დაძაბულ სიჩუმეს მხოლოდ ცეცხლის ტკაცუნი და ალმოდებული სახლების ლეწვის ხმა არღვევდა. საღამოს სოფელს თვითმფრინავებმა გადაუფრინეს. არხში მყოფებმა ვერ გაიგეს, ქართველები იყვნენ თუ რუსები. ჯარისკაცების სიმშვიდის მიხედვით ივარაუდეს, რომ რუსები უნდა ყოფილიყვნენ. დაღამებამდე სოფლიდან სროლები კანტიკუნტად ისევ ისმოდა. მერე კი რამდენიმე ენაზე მოლაპარაკე ჯარის ხმაც მიწყდა. წასვლის დრო იყო.

წინ კაცები წავიდნენ. არხი კაცის სიმაღლეზე იყო გაჭრილი, მაგრამ ფეხზე დადგომის მაინც ეშინოდათ. მთვარიანი ღამე იყო და შეიძლება ჩრდილები შეემჩნიათ. წელში მოხრილები მიდიოდნენ. ფეხები შლამში ეფლობოდათ. ნადეჟდამ ჩანთა კისერზე დაიკიდა. ბავშვები აქეთ-იქით დაიყენა და ხელები მაგრად ჩასჭიდა. უკვე გადავიდნენ მეორე ყურაშვილის ეზოში. ჩამიჩუმი არსაიდან ისმოდა. უცებ ნადეჟდამ მარცხენა მხარეს, საითაც ბიჭი ედგა, იგრძნო, რომ ხელს სიმძიმე მოემატა. რამდენიმე წუთი იქნება, ბავშვებისთვის აღარ დაუხედავს. მარტო მოხრილი ხერხემლისა და მუხლებამდე შლამში ჩაფლული ფეხების ტკივილს გრძნობდა. ელდანაკრავივით დახედა ბიჭს. ბიჭი წელში მოხრილიყო და მუცელზე ხელს ისვამდა.

გზის მხრიდან ჯერ ავტომანქანის ხმა გაიგონეს, მერე ამ ხმას ეზოს სიღრმისკენ მომავალი ჯარისკაცების ნაბიჯების ხმა მოჰყვა. ნაბიჯები ჯერ კიდევ შორიდან ისმოდა. დევნილებს გადარჩენის ერთადერთი შანსი რჩებოდათ - მეორე ეზოში გადასვლა უნდა მოესწროთ.

ბიჭს გული ერეოდა. ნადეჟდა მიხვდა, რომ ის და მისი ბადიშები გზას ვეღარ გააგრძელებდნენ. მეზობლები ცოტა ხანს შეჩერდნენ და და ქალს კითხვითა და დაფარული ბრაზით შეხედეს.

- წადით, - თქვა ნადეჟდამ. ხელები მაღლა ასწია და ჯერ ბიჭი ამოსვა არხიდან, მერე გოგო. ბოლოს თვითონაც ამოფორთხდა. ზურგს უკან რამდენიმე წამში შლამის შეუმჩნეველი ტკეპნის ხმა შემოესმა. მეზობლები წავიდნენ.
ბავშვები არხს მოაშორა. რაც შეიძლება, შორს უნდა გაეყვანა არხიდან, რომ სხვები არ დაეღუპა. ეზოს შუაგულს მიაღწია. ბალახში დაწვა. ბიჭი გულზე დაიწვინა და ხელით ჭინთვისგან დაძარღვული, გახურებული შუბლი დაუჭირა, რომ რამით დახმარებოდა ღებინებისგან გატანჯულს.
იწვა და ელოდა, როდის მიუახლოვდებოდნენ ჭიშკრიდან წამოსულები. მერე ქვემოდან სამი წყვილი გაჩაჩხული ფეხი და ამდენივე მწვანე გალიფე დაინახა.

- ქორთხინთ გომიტეთ უდეშა, - ბიჭის ამონაღებით სახემოთხუპნილმა ამოიხრიალა, - გთხოვთ, შინ გამიშვათო, ითხოვდა. ფეხზე ადგომაში დაეხმარნენ. ერთმა, სხვებზე მაღალმა, მეგრულად უთხრა:
- დეიდა, მე ხოჭავა ვარ, აფხაზი. გაიყვანე ბავშვები და ეზოდან გადი. შტაბისკენ არ წახვიდე, არც ქუჩაში იაროთ. რამდენიმე წუთში "პალაჩები" შემოვლენ და დაგხვრეტენ.
ნადეჟდას გული მოეცა. მტერი პირველად დაელაპარაკა ძველ, საერთო ენაზე. იქნებ რამე გამოუვიდეს.
- ქორთხინთ გომიტეთ უდეშა, - თითქოს სხვა სათხოვარი არ ჰქონდა და არც სხვა სიტყვა არსებობდა. აფხაზმა ჯარისკაცებს რაღაც გადაულაპარაკა და ნადეჟდას უთხრა, წადიო.

ეზოდან გამოვიდნენ და სახლისკენ გასწიეს. ბავშვებს კაბის კალთაზე ისე ჰქონდათ ხელები ჩაბღუჯული, რომ მოგეჭრა, ხელს ვერ გააშვებინებდი... გზაზე გავიდნენ, ყველგან ჯარისკაცები ირეოდნენ. ირგვლივ დახოცილი ქართველები რიყის ქვებივით ეყარნენ. უმეტესობა თავის ღობესთან იწვა.

ისიდორე ბენდელიანი, ქალის შორეული ნათესავი, 70 წლის მოხუცი, თავისი სახლის წინ სკამზე დაუსვამთ ჯარისკაცებს, მკერდზე თეთრი ნაჭერი აუფარებიათ და გაზით ოქროს კბილებს აძრობენ. ისიდორე დასაკოდი ღორივით ყვირის, ფეხებს პატარა ბავშვივით მონაცვლეობით ურტყამს მიწას, პირიდან სისხლი გადმოსდის.
მევლუდ გაბისკირია თავის ღობესთან გდია, პირი აქვს დაღებული. წვრილთვალებიანი ტანდაბალი ჯარისკაცები ირევიან მის ირგვლივ და რაღაცაზე იცინიან. ნადეჟდას წინ, გზაზე, ნიჩბიანი ჯარისკაცი გადარბის. ნიჩაბზე ძროხის ნაკელი დაუდვია, ცხელს, ოხშივარადენილს, მიარბენინებს ჯარისკაცებისკენ. ნადეჟდა თვალებს მთელი ძალით ატრიალებს მევლუდის ღობისკენ, თავი კი ისევ წინ აქვს მიმართული და ხედავს, ცხელ ნაკელს როგორ უტენიან პირში მომაკვდავ გაბისკირიას.

კაბით მიათრევს ბავშვებს, რომლებიც ბებიას ძლივს მისდევენ. თავ-თავიანთ ჭიშკრებთან ყრიან ქართველები: ლერი მირცხულავა, ვალია გოლეთიანი, შალვა ხვადაგიანი, გრიშა ხაინდრავა.
იოსებ ბერიას ჯარისკაცების ერთი ჯგუფი ცეცხლმოკიდებული სახლისკენ მიათრევს. გაურკვეველ ხმებში ნადეჟდა არკვევს მხოლოდ მოხუცი იოსების გვარს, რომელსაც ჯარისკაცები რამდენჯერმე იმეორებენ. იოსები ასწრებს და ჭიშკრის ბოძს ეჭიდება, მისი ხმა არ ისმის, თორემ ნადეჟდა აუცილებლად იცნობდა. მოხუცი მარტო ხელებით იბრძვის, მერე ნადეჟდამ შემაძრწუნებელი, აქამდე არგაგონილი ღრიალი გაიგონა. თავი მიაბრუნა და თვალნათლივ დაინახა, როგორ ჩამოცურდა ჭიშკრის ბოძიდან მიწაზე მაჯაში გადაჭრილი ხელი, მერე როგორ ასწია ოთხმა ჯარისკაცმა ჭიშკრიდან აღლეტილი იოსები, რამდენიმე თვლაზე წინ და უკან გააქანა და ორიოდე ნაბიჯში აალებული სახლისკენ ისროლა.

ოფლში გახვითქულმა ნადეჟდამ თავი ჩაღუნა და ნაბიჯს მოუმატა. ქუჩა სასაკლაოს ჰგავს. სისხლიანი და ხორცის სუნით აქოთებული. გვამების ირგვლივ ღორი და ინდაური ირევა, რომლებსაც ძაღლები არ უშვებენ გვამებთან. ჯარისკაცები თავიანთ მკვდრებს სატვირთოზე აწყობენ და სოფლიდან გაჰყავთ. ღორებს ავტომატის ჯერით მიცვალებულების გვერდზე აწვენენ. არც მათ სიამოვნებთ ადამიანის მჭამელი ღორების ყურება.

ცირდავების სახლი გამოჩნდა. ნადეჟდას გულმა რამდენჯერმე ისე ღონივრად დაარტყა, რომ შეეშინდა, სხვებმაც არ გაიგონონო. ავთანდილი თავისი ღობის წინ იწვა. აწეულ ხელში ჩაბღუჯულ იარაღს რუსი აცლიდა. ეტყობა, ტყვია მაშინ მოხვდა, როცა სროლას აპირებდა. ეს ყველაფერი ნადეჟდამ შორიდან დაინახა. კისერზე ჩამოკიდებულ ჩანთაში ოფლის წვეთები წკაპუნით ჩადიოდნენ. როცა თავის ღობეს გაუსწორდა, რუსი უკვე რამდენიმე მეტრზე გასულიყო. ქმართან შეჩერება მაინც არ ივარგებდა. რამდენიმე ნაბიჯზე, ყველგან, ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ ფორმიანები და შეიძლება, შეემჩნიათ. "ალბათ "პალაჩები" არიან, როგორც ხოჭავამ თქვა". ქმარს გვერდით ჩაუარა, მერე "პალაჩებისკენ" თვალი გააპარა და ავთოსგან რამდენიმე მეტრით დაშორებულ სისხლის დიდ გუბეს, საიდანაც თავისიანების გვამები უკვე აკრეფილი ჰყავდათ ჯარისკაცებს, გზაზე დაგდებული თუნუქის დიდი ნაჭერი დააფარა, რომ სისხლის სუნზე ღორები აქეთ არ წამოსულიყვნენ. სახლს გვერდი აუარა და თავისი ჭიშკრიდან მესამე მოსახლის ეზოში შევიდა. იცოდა, მათი სასიმინდე ყანის ბოლოში, მოფარებულში იდგა და ბავშვები იქით წაიყვანა. როცა ჭას ჩაუარა, რომელიც მთლად გზის პირზე იყო, იქიდან ძლივს ამოღწეული ხმა გაიგონა, მიშველეთო. Aმიწიდან ხმა კიდევ რამდენჯერმე განმეორდა, ეტყობა, იქაც იგრძნეს, რომ ახლოს ადამიანებმა ჩაიარეს და უკანასკნელი იმედის ნაპერწკალი გაუჩნდათ. ქალი არ შეჩერებულა, "პალაჩები" რამდენიმე მეტრში იდგნენ და ხმაურზე მათ ყურადღებას მიიქცევდა.

დაღამდა. ისევ მიწყდა ყაყანი, ადამიანებით გამძღარი ღორების ღრუტუნი და ინდაურების რუყრუყი. ბავშვებს ერთი პური სასიმინდეში შესვლისთანავე აჭამა. სულმოუთქმელად ჭამდნენ. მეორე პური ხელიდან გამოჰგლიჯა გამგელებულებს და დაღამებულზე აჭამა. ორი პურიღა რჩებოდა. არ იცოდა, რა იქნებოდა ხვალ. როგორმე სახლში უნდა შეპარულიყო და სამზადში”წინაღამეს მოცომილი პური გამოეცხო.
შუაღამისას ბავშვები ფრთხილად გააღვიძა. მუნჯებივით ლაპარაკობდნენ. ხელებით. უცნაური ის იყო, რომ სამი წლის გოგოც კი უხმოდ ემორჩილებოდა სინამდვილეს - ეტყოდნენ, გაჩუმდი და ჩუმდებოდა. ეტყოდნენ, ადექი და დგებოდა. წამოდი - მიდიოდა. გაჩერდი - ჩერდებოდა. გადარჩენისა და სიცოცხლისთვის ბრძოლაში დიდივით იქცეოდა.

თავის ეზოში მეზობლის ღობიდან გადაიპარნენ. დამწვარი სახლი ეზოს სიღრმეში ჯერ ისევ ხრჩოლავდა. სამზადისკენ გაემართნენ. ცომი გობიდან გადმოსულიყო და ირგვლივ სიმშვიდის ძველ სუნს აყენებდა. რკინის დიდ ღუმელში იქვე მიწყობილი შეშა შეყარა. სწრაფად ირჯებოდა. ცეცხლი უცებ დაანთო. მიხვდა, რომ კვამლს შეიძლება გაეცა და შავი, დაკუპრული მილის ქვემოთ ჩამოწევა სცადა. დამდნარი კუპრი ხელზე ჩამოეღვარა და ტკივილისგან სახედამანჭული ქალი იატაკზე დააგდო. ბავშვები ბებიას მისცვივდნენ და ფეხზე წამოსაყენებლად დაეჭიდნენ. ნადეჟდამ ღონე მოიკრიბა, მარცხენა ხელს დაეყრდნო და ტანჯვით ადგა. განჯინიდან არყის ბოთლი გამოიღო და დამწვარ ხელზე დაისხა. მერე არყით ჭიქა გაავსო და სულმოუთქმელად დალია. ტკივილმა თითქოს უკლო. ღუმელში შეწყობილი კეცები გახურდა. შიშმა, რომ ბავშვები შეიძლება უპუროდ დარჩენოდა, ტკივილი ცოტა კიდევ გაუყუჩა. ცომი მარცხენა ხელით ამოზილა და მარცხენითვე ამოგუნდა პატარა მაგიდაზე. მერე გუნდები გახურებულ ტაფაზე დააწყო და დაელოდა. ოდნავ შეცხვება თუ არა, გადმოყრის. მერე მეორე პარტიას შეაწყობს და იმასაც ცოტა ხანს დაელოდება. სულ 30-40 წუთი უნდათ. მერე წავლენ. გარიჟრაჟამდე უკვე სასიმინდეში იქნებიან.

გათენდა. ნადეჟდამ ბავშვები სასიმინდეში დატოვა და ბოსტანში გამოვიდა. ხელის ტკივილი გონებას აკარგვინებდა. მიწაზე დაწვა და გრილ მიწას დაადო გახურებული ხელი. მიწა ესიამოვნა და პირიდან რაღაც შვების გამომხატველი ბგერები ამოუშვა. რამდენიმე ნაბიჯზე მკვახე, შემრეშილი პამიდორი დაინახა. ხელი გადაყო და ორი ცალი მოწყვიტა. მოუთმენლად ჩაკბიჩა და ისევ ესიამოვნა. ახლა ფიქრის გაგრძელება შეეძლო. პური ბავშვებისთვის 2-3 დღის სამყოფი აქვს. მერე კიდევ რაღაცას მოიფიქრებს. მაგრამ ისე ვერ წავა, კაცი ქუჩაში დაგდებული რომ დატოვოს. ზის და ფიქრობს, რა უნდა ქნას? ჯერ კიდევ არხში უამბეს ავთანდილის უკანასკნელი წუთების ამბავი. მეზობელმა მამია დანელიამ უთხრა:

- ნადეჟდა, შენს ქმარს ცოცხალს ვეღარ ნახავ. ავთანდილი თავის ჭიშკართან იყო გამაგრებული, მე - ჩემთან, ვართაგავა - თავისთან. რუსები რომ შემოვიდნენ, დიდხანს მოდიოდნენ ზემოთ. ქვედა ჭიშკრები ერთმანეთის მიყოლებით ჩააჩუმეს. ავთანდილს ვუთხარი, სროლას აზრი აღარ აქვს, ეზოებით გადავიდეთ, სოფლიდან წავიდეთ-მეთქი. ვართაგავამაც ეს უთხრა. თქვენ გაიქეცით, მე ვერ წამოვალ, ჩემები არხში იმალებიან, სროლა რომ შეწყდეს, ეზოებში შევლენ და ბავშვებს არხში ჩახოცავენო. სამი საფარი მოაწყო:L ბაღის მხარეს ერთი ავტომატი ჰქონდა დამაგრებული, შუა ღობეში - მეორე, ჭიშკართან სანადირო თოფითა და რევოლვერით იდგა. სამივე საფრიდან აპირებდა გადარბენით სროლას.

როცა კაბაზე გამობმული ბავშვებით გამოიარა გზაზე, ნადეჟდამ უკვე იცოდა ეს ამბავი და მაშინვე მიხვდა, რატომ იდგა მისი ღობის გასწვრივ სისხლის გუბეები - ბაღის მხარესაც, შუა ღობესთანაც და ჭიშკართანაც, ან ავთანდილს რატომ ჰქონდა აწეული მარჯვენა ხელი თავს ზემოთ, საიდანაც რუსი იარაღს გლეჯდა.

ავთანდილის დამარხვის გადაწყვეტილებით სიმინდებიდან გამოვიდა და ბავშვებთან ერთად გზისკენ გაემართა. გოლეთიანის ჭიშკართან ჯარისკაცებს სატვირთო მანქანა მიეყენებინათ და სახლს ცლიდნენ. როგორც ხანძრის ჩასაქრობად თავშეყრილი ხალხი გადასცემდა შორეულ დროში ერთმანეთს ხელიდან ხელში წყლით სავსე ჭურჭელს, ისე გადასცემდნენ სახლიდან სატვირთომდე ჩამწკრივებული ჯარისკაცები ხელიდან ხელში სკამს, ნოხს, ჭურჭელს, ლოგინს, თეთრეულს. თეთრეული! აი, რა გამოადგება ავთანდილის დასამარხად. კაბაზე ხელჩავლებული ბავშვები მანქანისკენ წაიყვანა. ბავშვები საცოდავი შესახედავნი გამხდარიყვნენ. გოგოს ძაღლის სისხლით დასვრილი გრძელი თმა გასჩეჩოდა. სისხლი თმაში ჰქონდა ჩამხმარი. ბიჭს ფეხები ჭუჭყიანი და გადატყავებული ჰქონდა. ქალი მიხვდა, რომ ამ ბავშვებთან ერთად "პალაჩებთან" გამოჩენაც კი არ იქნებოდა სახიფათო. ძარასთან ახლო მივიდა და გაუბედავი ხმით ითხოვა;

- რებიატა, დაიტე ოდნუ პროსტინუ.
ძარიდან ერთი ზეწარი ესროლეს. როგორც დიდი წვალებით მოპოვებული ფასდაუდებელი სიმდიდრე, ისე მოხვია ზეწარს ორი ხელი და სახლისკენ ძუნძულით წავიდა. Mდამწვარ ხელს ცივი ზეწარი მოხვდა და გაუგრილა. უფრო კარგად მიიდო იარაზე. ზეწარი წუთში გათბა. ქსოვილის ცივი ადგილი მოანაცვლა ხელისკენ.
გზა ორმა ჯარისკაცმა გადაუჭრა. გუმანმა უკარნახა, რომ აფხაზები იყვნენ. გაბედა და მეგრულად დაელაპარაკა:
- დამეხმარეთ, შვილო, ჩემი ქმარი გდია ქუჩაში მკვდარი და სახლში შემაყვანინეთ.

აფხაზები ქალს უსიტყვოდ გაჰყვნენ. ავთანდილის ცხედართან მივიდნენ. გვამი, მეორე დღე იყო, მზისგულზე ეგდო და უსიამოვნო სუნი ასდიოდა. შეიძლება, სუნს მზეზე შედედებული სისხლის გუბეები უშვებდნენ. ქალს შეეშინდა, სუნდაცემული გვამის ხელის ხლება არ იუკადრისონო. და პირველმა თვითონ მოჰკიდა ავთანდილს ფეხებში ხელი. აფხაზმა გააშვებინა და კაცის სქელლანჩებიან ბატინკებს მაგრად ჩაეჭიდა. მეორემ მიცვალებული მხრებით ასწია. მიწასთან სულ ახლოს, დაშვებული ხელების სიმაღლეზე აწეული მიჰქონდათ ავთანდილი თავისი სახლისკენ. ქალი ჯარისკაცებს სამზადისკენ წაუძღვა და სუფთად და კარგად მოწყობილ ოთახში, რომელსაც აქაურები სასადილოდ იყენებენ, ტახტზე დაასვენებინა. როცა აფხაზები გარეთ გამოვიდნენ, ხელები დაიკაპიწეს, უბიდან საპნები ამოიღეს და ხელებს დიდხანს და გულდასმით იბანდნენ. მერე წავიდნენ. ჭიშკრამდე არმისული ერთ-ერთი აფხაზი უკან დაბრუნდა. საპონი ქალს გაუწოდა და უთხრა:

- გქონდეს, დეიდა. დაგჭირდება.
მერე სისხლით, ჭუჭყითა და მიწით თმააზელილი გოგოსკენ წაიღო ხელი, თითქოს შეხება უნდაო, გოგომ სისხლიანი პირით გაუღიმა, ჯარისკაცმა ხელის შეხება გადაიფიქრა, შეტრიალდა და წავიდა.
ბავშვები მკვდართან დატოვა და ისევ გზაზე გავიდა. როგორმე ფილიების სახლამდე უნდა მიაღწიოს. ისინი აფხაზური სოფლიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვიდნენ აქ. ფილია დიდ პატივს სცემდა ავთანდილს, უარს როგორ ეტყოდა მკვდრის მიწისთვის მიბარებაზე.

ფილიას სახლამდე სულ რამდენიმე ნაბიჯი აშორებდა, როცა ჯარისკაცების ახალ ჯგუფს გადაეყარა. პირი ადიუბჟისკენ ჰქონდათ. ჯგუფის წინ სწრაფად მიმავალ კაცში წლების განმავლობაში მათი საბჭოს თავმჯდომარე და ავთანდილის კარგი მეგობარი ედიკ ჟვანია იცნო. მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ომის დაწყებიდან ჟვანია აფხაზებს შტაბის უფროსად ჰყავდათ დანიშნული. ჯგუფს, რომელსაც ჟვანია მიუძღოდა, ქართველების შტაბის უფროსი გოლე|იანი ჩაეყენებინა შუაში და ადიუბჟაში მიჰყავდა.

ნადეჟდამ გვერდის ავლა დააპირა, მაგრამ ნაცნობმა ხმამ უკან მოატრიალა:
- ნადეჟდა, ეტო ტი?
- კაკ ი ვიდიშ, ედიკ!
ქმრის მეგობარს რამდენიმე ნაბიჯიდან ისე უპასუხა, რომ მისკენ არ მიუხედავს. ედიკი ჩქარი ნაბიჯით წამოვიდა. ქალის წინ გაჩერდა. არც ხელი ჩამოურთმევიათ, არც გამარჯობა უთქვამთ ერთმანეთისთვის. საქმეზე ლაპარაკობდნენ. ედიკმა ქალს ხელი გადახვია და გვერდზე გაიყვანა. მეგრულად უთხრა, რუსებს რომ არ გაეგოთ:

- ჩემთან წამოხვალ, იქ უსაფრთხოდ იქნები.
- ვერ წამოვალ. ავთანდილი მკვდარია. უნდა დავმარხო.
ნადეჟდა მოლოდინით გაიტრუნა. იქნებ შესთავაზოს დახმარება. ერთი ბიჭი მაინც რომ გააყოლოს სამარის გასათხრელად...
აფხაზმა ჯიბეში ჩაიყო ხელი. ჭუჭყიანი ქაღალდი ამოიღო. ჩაჯდა, ქაღალდი მუხლზე დაიდო და დაწერა: "ნე ტროგაიტე! ედიკ ჟვანია".

ქალს არ გამომშვიდობებია. შეტრიალდა და წავიდა.
მესამედ დაღამდა. არავინ. სულ არავინ. თვითონ უნდა შესჭიდებოდა თავის მიწას. დაღამებამდე ისევ მესამე მოსახლის სასიმინდეში მოიცადა. შებინდდა თუ არა, ბავშვები ჯერ მეზობლის აბანოში შეყარა და სამი დღის წანწალში თმებით, კანით, ფრჩხილებით აკრეფილი ჭუჭყი, მიწა და ძაღლის სისხლი დაბანა, მერე ორი ეზო გაიარეს და თავის მიწაზე ისევ ქურდებივით შეიპარნენ. მკვდარი სამზადის ტახტიდან ფრთხილად ჩამოაცურეს ძირს გაშლილ ზეწარზე. ავთანდილს თვალები ღია, ხელი კი მაღლა აწეული გაშეშებოდა. ქალი მკვდარს წინიდან მოექცა და მარცხენა საღ ხელში ზეწრის ერთი მხარე მოიქცია. ბავშვები მეორე ბოლოში მარცხნივ და მარჯვნივ დააყენა და ზეწარი კუთხეებით დააჭერინა. დაიძრნენ. სამზადის ორსაფეხურიან კიბეზე ავთანდილის გაშეშებულმა სხეულმა ყრუ ბრაგვანი მოიღო. გულგაქვავებულმა ქალმა თრევა განაგრძო. ცდილობდა, მოკლე გზა მოეძებნა ბეტონიანი ეზოდან რბილ მიწამდე, საიდანაც ბოსტანი იწყებოდა.

მიწის თხრა გაძარცვას გადარჩენილი გრძელი სოლით დაიწყო. ბავშვებს კრამიტის ნატეხები მისცა და ისინიც მიწაზე მიუშვა. მთელი ღამე თხრიდნენ რბილ, გრილ მიწას. მტკივანი ხელი ჯანმრთელს შუა საქმეში ღალატობდა. დუნდებოდა, ძირს ვარდებოდა და პატრონს ოფლითა და თვალებიდან სიმწრით წამოსული მლაშე სითხით უსველებდა სახეს. გამთენიისას თხრა შეწყვიტეს. ერთი მეტრიც არ ექნებოდათ გათხრილი. მიწაში რამდენიმე კრამიტი და თუნუქის ნაჭერი ჩააწყო და ქმარი ორმოს პირამდე მიაცურა, ხელით უბიძგა და მიწაში ჩააგდო. მერე თვითონაც ჩავიდა. პირქვე დამხობილი გადმოატრიალა, სახესა და მკერდზე ერთი ჩაყოლებით ჩამოუსვა დამწვარი ხელი და მაღლა ამოვიდა.

მიწა ფაცხაფუცხით მიაყარეს. ხმა ისეთი არ ჰქონდა მიწას, როგორიც დიდ, ნამდვილ საფლავებში ჩაყრისას. ეტყობა, ასეთი რიხისთვის მანძილი არ ჰყოფნიდა და ჩუმად, უხმაუროდ ეყრებოდა პატრონს. ამოვსებულ საფლავს ქვიშა მოაყარეს და სიმაღლის მიხედვით დაწყობილი ერთი დიდი და ორი პატარა მესაფლავე ბოსტნიდან გამოვიდნენ. მეზობლის ეზოში აპირებდნენ გადასვლას, რომ თავისი ჭის ვედროს რახუნმა ნადეჟდას მუხლები მოკვეთა. უკვე ნათელი იყო ირგვლივ. და ამ ნათელში ხუთი ჯარისკაცი ასვეტილიყო.
- სტოიატ! - ავტომატის საკეტმა გაიჩხაკუნა... არც ნადეჟდა და არც ბავშვები არ განძრეულან.

ქალმა გვიან მოიფიქრა და ნაბიჯი გადადგა წინ, ბავშვებს ხელი მოუსვა და ზურგს უკან გადაიყვანა.
ეზოს ნაცრისფერი ედო. დამწვარი სახლის ჭვარტლიანი ფანჯრები დათხრილი თვალებივით იყურებოდნენ ზემოდან და ბრმების გაცხოველებული ინსტინქტით გრძნობდნენ ხიფათს. ნადეჟდას ხელებზე მიწა ჰქონდა აკრული. პირი დამუწა. ჯარისკაცებს შეხედა და მიხვდა, რომ მათში აფხაზებიც ერივნენ. ერთს, რომელიც მაშინვე აფხაზად ჩათვალა, მოშვებული წვერი მკერდამდე სცემდა. წვერიანი ავტომატმომარჯვებული წამოვიდა მათკენ. ნადეჟდას ხელი ჰკრა, გვერდზე მიაგდო და ბიჭს ავტომატის კონდახი მკერდში ჩაარტყა.

- იქით გაიხედე, ძაღლიშვილო, შენებმა სვანეთში სამი შვილი ამომიწვეს თვითმფრინავში. გვანჯია ვარ. ცოლი მეგრელი მყავს და ამაზე რომ ვფიქრობ, ზოგჯერ ისიც სიკვდილივით მეჯავრება.
ბიჭი შტერივით მისჩერებოდა აფხაზს. ნადეჟდამ ბავშვს თვალებზე ხელი ააფარა. მეორე ხელი გოგოს დაადო თვალებზე. რომელიც ციებიანივით კანკალებდა და ჩუმად, კნავილით ტიროდა.
გვანჯიამ ავტომატი გადახსნა. უკან დაიხია, სასროლ მანძილზე რომ დამდგარიყო. ქალმა გულში გადათვალა ავთანდილის საფლავამდე მანძილი. სხვა არაფერი გახსენებია. დახუჭული თვალები მაშინ გაახილა, როცა ჯერ ავტომატის ჯერმა მათ თავზემოთ ვაზის უკვე სავსე მტევნები გადაცხრილა და წითელი წვენი გადაასხა თავზე, შემდეგ კი ღრიალი გაისმა:

- ამათი სიკვდილით შენს შვილებს ზეცა არ მიიღებს, ტაიფ!
მეორე ჯარისკაცი აფხაზს ხელებში ჩაფრენოდა და ანჯღრევდა. აფხაზმა მას ხელი ჰკრა და ეზოდან გავარდა. მეორეც მიჰყვა. ნადეჟდა და ბავშვები სამი ცხვირპაჭუა რუსის წინ დარჩნენ.
"პალაჩებს" თეთრი, მაგრამ მზისგან კარგად ჩამუქებული სახეები ჰქონდათ. საქმიანად, თითქოს პროფესიული სიდინჯით ირჯებოდნენ, რის თანახმადაც, დასახოცებთან კავშირის დამყარება იკრძალება. ღონიერი, დაკუნთული ხელები მოჰკიდეს ქალსა და ბავშვებს და სამზადში შეყარეს. ქალი რაღაცას ყვიროდა. სამზადის ყველა მხარეს გაღებულ ფანჯრებზე თოვლივით თეთრი ფარდები აფრიალდა. "პალაჩს" ფარდის დანახვამ გადაწყვეტილების მიღება გაუიოლა. ფარდასთან მივიდა. ასანთს გაჰკრა და კუთხიდან მოუკიდა. ფარდის კიდემ ჯერ უხალისოდ დაიწყო შავ-წითლად ხრჩოლა, თითქოს ეზარება ადგილიდან დაძვრა და ცეცხლად ქცევაო. მერე კი, გეგონება, ცხვირპაჭუა, დაძარღვული "პალაჩის" შეეშინდაო, ამოიქშინა, უნივთო და უსაგნო, იკლიბიკლო წითლად იქცა და, როგორც ყველაფერი არანივთიერი და ლამაზი, მაღლა წავიდა. მწარე კვამლით, ჯოჯოხეთური ცხელი და ზარდამცემი სიჩუმით გაიტენა ოთახი.

"პალაჩები" სამზადის შესასვლელთან ავტომატებით დადგნენ და ერთმანეთს დროის გასაყვანად ლაპარაკი დაუწყეს. დრო უნდა ყველაფერს. ჯერ მხოლოდ ერთი ფარდა ჩამოიწვა და მეორეზე რამდენიმე წამის წინ გადავიდა ალი. მთელი ოთახისა და ხალხის ამობუგვას ერთი საათი მაინც დასჭირდება. "პალაჩებიც" ადამიანები არიან. ჯიბიდან ერთმა "ჩეკუშკით" არაყი ამოიღო, მოსვა და მეგობარს გადასცა.

ნადეჟდამ ფიქრი იმ წუთიდან შეწყვიტა, როგორც კი კვამლის პირველი ტალღა ჩაისუნთქა. გრძნობას არ კარგავდა, რადგან ბავშვები, განსაკუთრებით - ბიჭი, მთელი ძალით უჭერდნენ ფრჩხილებს ხელისგულზე.
დანებებას არ აპირებდა. "უფრო მაგრად ჩამარჭვე ფრჩხილები!"–- ეუბნებოდა ბიჭს, რომ გონება არ დაეკარგა. ფიქრი კი იმიტომ შეწყვიტა, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და მისი შეცვლა აღარ უნდოდა. რუსს ჭკუით მოუგებს. იცოდა, რომ ჯერ სამზადის წინა მხარე დაიწვებოდა, რადგან რუსმა წინა ფარდას მოუკიდა ცეცხლი. როგორც კი წინ ალი აეფარებათ, ბავშვებს უკანა ფანჯრიდან გადაყრის. ეს მოიფიქრა თუ არა, თავს გადაწყვეტილის აწონ-დაწონა აუკრძალა.

"პალაჩებთან" რაღაც ხმაური ატყდა. არაფერი ჩანდა, მაგრამ ყური რომ მიუგდო, გაიგო, რომ კარებთან რუსები ვიღაცას ეყაყანებოდნენ. მერე ეტყობა, წავიდნენ, ოთახში კი ის აფხაზი შემოვარდა, ცოტა ხნის წინ გვანჯია რომ გაიყვანა ეზოდან. ჯერ ბავშვებს მოჰკიდა ხელი და თითქმის მიწის პირთან გაჭრილი ფანჯრებიდან სათითაოდ ისროლა. მერე ქალს დაუყვირა:

- გადახტი!
ქალი ვერ ინძრეოდა. საწყლად გაიღიმა, რადგან იგრძნო, რომ გონებას კარგავდა. ჯარისკაცმა ფანჯრამდე მიათრია, ხელი ჰკრა და გადააგდო. მერე თვითონაც გადახტა...


(გაგრძელება ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია ტოკლიკიშვილი   Sun Nov 11, 2012 10:32 am

ლია ტოკლიკიშვილი

მიწა
(დოკუმენტური მოთხრობა)


ეს ამბავი აფხაზეთში მოხდა. მასში აღწერილი ყველა ამბავი დოკუმენტურია და თვითმხილველთა მიერ არის მოთხრობილი. სოფელ ახალდაბას, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში წმენდდნენ ქართველებისგან, კარგა ხანს აფხაზები ვერ ეკარებოდნენ იქ მოწყობილი გენოციდის შედეგად გავრცელებული ინფექციური დაავადებების გამო. ფაქტების ერთი ნაწილი თავად შევკრიბე ოჩამჩირის დაცემის დღეებში.
ლია ტოკლიკიშვილი


(დასასრული)

ნადეჟდა გონს უცნობ და უკაცრიელ ოთახში მოვიდა. ვერ მიხვდა, სად იყო. რატომ იყო გარეთ ისეთი სიჩუმე, ჩიტების ხმაც კი ისმოდა. სად არიან ბავშვები, სად წავიდნენ "პალაჩები" და დამწვარი სამზადი.
"სად არიან ბავშვები!" - ტვინმა გაიაზრა და წეღან უცებ გავლილი კითხვა უკან აწრიალებულმა დააბრუნა. წამოწევა სცადა. ხელი ასწია, რაღაც მოხვდა ხელში. მოეჭიდა, რომ ამდგარიყო. თავზე ხმაურით გადმოეყარა რაღაც საგნები. თურმე ხელი მაგიდაზე გადაფარებული სუფრისთვის მოუკიდია. თვითონ მაგიდის ფეხთან წოლილა.
სინათლისკენ გაიხედა, რომელიც უცებ გაჩნდა ოთახში.

გაღებულ კარში კაცი გვერდულად იდგა და შიგნით ორ მომცრო ტანის ადამიანს უშვებდა. ბავშვები მურიანები და ჭუჭყიანები იყვნენ. ნადეჟდას დამწვარი ხელის ტკივილი დაავიწყდა, რომელიც ალბათ ასე მაშინ გადაუტყავდა, როცა აფხაზმა ალმოდებული სამზადის ფანჯრიდან გადმოაგდო. ორივე ხელი მოხვია ბავშვებს და ენადაკარგულივით, რომელიც ბედნიერების დროს სიტყვებს ვერ ამბობს, კრუსუნი დაიწყო.

- სად ვარ? - კარს გასძახა.
- ადიუბჟაში ხარ, ნადეჟდა, მე ვიზრუნებ შენზე! - ედიკ ჟვანიას ხმა იცნო და სთხოვა, ამაყენეო.
ჟვანიასთან ერთი კვირა დარჩნენ. საჭმელს ედიკი სასადილო მაგიდაზე აწყობინებდა და ქალსა და ბავშვებს გვერდით ისვამდა. არაფერზე ლაპარაკობდნენ. მარტო ერთხელ უთხრა ნადეჟდამ ქმრის მეგობარს:
- მარტო ეს ბეჭედი მაქვს, ედიკ, ძველია და ძვირფასი. მოგცემ ამას და მთელ სიცოცხლეს, ოღონდ ბადიშები აქედან გამაყვანინე.

ედიკმა ხელზე ხელი მოჰკიდა, უკან, კალთაზე დაადებინა და უთხრა:
- ცუდი დროა, ნადეჟდა. აქედან რომ გაგიშვა, სულ დაიკარგები. ამაღამ "დაჩებისკენ" გავდივართ. ქართველები "დაჩებს" მოაწვნენ. თუ დავბრუნდი, როგორმე გადაგიყვან ენგურზე, თუ არა და, სოფლიდან ნუ გახვალ. აფხაზის ოჯახში მიდი და შეგიფარებენ.

ედიკი შუაღამეს გავიდა სახლიდან. ნადეჟდა ფანჯარასთან იდგა და უყურებდა ჯარისკაცების კოლონას, რომელიც ედიკს პოზიციაზე მიჰყავდა.
მეორე დღე დაღამდა, მერე მესამე და მეოთხე. ნადეჟდა დიდხანს ვერ ბედავდა მასპინძლის გარეშე დარჩენილ სახლში შესვლას, მაგრამ როცა ბავშვებს შიმშილისგან თვალები ჩაუშავდათ და ჟვანიას მიერ დატოვებული უკანასკნელი პურის ნამცეცებიც შეჭამეს, ნადეჟდამ სახლის კარი შეაღო.

სახლი ცარიელი იყო. არც ავეჯი, არც ტანსაცმელი. ყველაფერი გაეზიდათ. ნადეჟდა ჟვანიას ოჯახში ადრე ნამყოფი იყო და იშვიათი სიმდიდრის სახლში მარტო ცარიელი კედლები რომ დახვდა, პირი გაუშრა. კარში მდგარს მხოლოდ სამი გადიდებული ფოტო უყურებდა კედლიდან, როგორც სახლის მოდარაჯე თვალები. ნადეჟდა დააკვირდა: ორი ედიკის შვილი იყო, ორივეს ჯარისკაცის ფორმა ეცვა. მესამე - ჟვანიას ცოლი. სურათები გაძარცული სახლის კედლებზე ნიშნებივით დარჩენილიყვნენ და ნადეჟდამ ამ ნიშნების გამოცნობა სცადა.
ბავშვებს ხელი მოჰკიდა და ჭიშკარი გაუბედავად გააღო. მთავარ გზაზე გასასვლელად ეს მოკლე ქუჩა უნდა ჩაიაროს. იცნობს ადიუბჟას. აი, იქით, გზიდან მარჯვნივ გადაუხვევს თუ არა, ბარგანჯიების სახლი დგას. იქით არ წავა. რისთვის უნდა წავიდეს. ედიკმა უთხრა, რომ რაც ქართული გვარდია შემოვიდა, ბარგანჯიები მას მერე სოფელში არავის უნახავს.

მთავარ გზაზეც მკვდრული სიცარიელე და სიჩუმე დახვდა. მაინც უნდა იჩქაროს. ედიკისგან ისიც გაიგო, რომ ადიუბჟას "პალაჩები" არ ეკარებიან. მათი პირობა ქართულ სოფლებზე თავისუფლად მიშვება იყო და მიუშვეს. აფხაზების სოფლებში შესვლა აკრძალული აქვთ. მაგრამ ნადეჟდა მაინც კურდღელივით მიიპარება გზაზე და შორიდან მოღწეულ მცირე ჩქამზეც კი ხეებში ან ცარიელ ეზოებში მალავს ბავშვებს.
მთავარი გზიდან გადაუხვია და წინ წავიდა. პატარა ქუჩას ორივე მხრიდან დამწვარი, დასახიჩრებული სახლები და ათხრილი, ღობემორღვეული ეზოები მიუყვება. დამწვარ სახლებში აქა-იქ ჩანან ადამიანები, რომელთა შორის წვერმოშვებული კაცები და დათალხული ქალები სჭარბობენ.

ნადეჟდას დაძაბულ სმენას ადამიანის ფეხის ხმა მისწვდა. ბავშვები უჭიშკრო ეზოში შეყარა და სიმინდებში ჩააწვინა. მალე გზაზე ადამიანების პატარა ჯგუფი გამოჩნდა. ხუთნი ან ექვსნი იქნებოდნენ. როცა ქალის სამალავს გაუსწორდნენ, ნადეჟდამ სიმინდებიდან თავი ამოყო და მომავლებს დააკვირდა. თავისი სოფლელები იცნო. არ უფიქრია. აღარ შეეძლო ვირთხასავით მარტო წრიალი ლუკმისა და თავშესაფრის საშოვარზე. ბავშვები წინ გამოიგდო და ეზოდან გამოვიდა. წინ მომავალ შუახნის ქალს თეთრი ნაჭერი დაეხვია ჯოხზე და თავს ზემოთ ოდნავ აწეული მოჰქონდა. ნადეჟდა იცნეს. ამბავი მოკლედ გამოჰკითხეს და გზა განაგრძეს.

დამწვარი სახლებიდან ხალხი კანტიკუნტად გამოდიოდა გარეთ, ღობეებშეურჩენელი ეზოების პირას მოდიოდა და ზოგი სინანულით, ზოგი გაბრაზებით უყურებდა ჩამოძონძილი, ჭუჭყიანი ადამიანების ჯგუფს.
ქართველები რამდენიმე ნაბიჯში შეჩერდნენ, ერთმანეთს რაღაცაზე მოელაპარაკნენ და მერე ყველაზე ახლოს მდგარი სახლისკენ აიღეს გეზი.

ეზოში შევიდნენ. მწვანე ბალახს სულ ოდნავი ყავისფერი შერეოდა. სახლი ცარიელს ჰგავდა. ბალახში ჩასხდნენ. ჭიდან წყალი ამოიღეს დასალევად. ვიღაცამ თქვა, წყალი მოწამლული იქნება, ქართველები აქ რომ შემოვიდნენ, თუ "ბოევიკის" სახლს მიაგნებდნენ, ჭაში ყრიდნენ მისი ოჯახის წევრებსო. წყალი მაინც ყველამ დალია.
ნადეჟდამ თავის გვერდით მჯდარ ლილი მაკალათიას უჩურჩულა:

- საცვალი ხომ არ გამოგყოლია სახლიდან. მომეცი. აღარ შემიძლია მეტი.
ლილიმ ჩანთიდან ქვედა საცვალი ამოიღო და ნადეჟდას მიაწოდა. ქალმა თავი ჩაღუნა, მერე გაიხედ-გამოიხედა, ბალახში ჩაგდებული პატარა, ჟანგიანი კოლოფი დაინახა, საიდანაც ოდესღაც ალბათ ქათმები სვამდნენ წყალს. კოლოფი კარგად გამორეცხა. მერე ვედროდან წყალი გადმოასხა და სიმინდებში შევიდა.

სიმინდებში ჩამჯდარმა ძირს ბლომად დაყრილი თხილი და ქლიავი შეამჩნია. ადგა. თხილი წამოკრიფა, კაბის კალთა აიწია და ხილით გაივსო. ცდუნებას ვერ გაუძლო. რამდენიმე ქლიავი ხარბად შეჭამა და თავისიანებისკენ წამოვიდა.
ჭასთან არ იყო მისული, რომ სახლის ქვედა სართულის კარი გაიღო და შავებიანი ქალი გამოვიდა. კარგა ხანს გაოცებულმა უყურა თავის ეზოში შემოსულ დაკონკილ ხალხს, თითქოს ფიქრობს, ღირს თუ არა ამ საცოდავებთან გამოლაპარაკებაო, მაგრამ მერე თმიდან შავი თავსაფარი მოიძრო, ლოყაზე ხელი ჩამოისვა და ცივი, გამყინავი ხმით მეგრულად იყვირა:

- აქედან გადადით, ძაღლის ჯიშისებო. სამი მყავს დამარხული ამ მიწაში, თქვენი აყროლებული ფეხებით რომ ეხებით. ქმარი მაგ ჭაში ჩამიხრჩვეს ქართველებმა. მარტო მე არ მომკლეს, რადგან ისინი იმათ ხოცავდნენ, ვისაც სიკვდილი არ ენატრებოდა.
წაქცეული ვედროდან დაღვრილი წყალი ფეხზე წამოცვენილ ადამიანებს უკან გასავლელ გზას უტალახებდა, ერთმანეთს ბარბაცით მიჰყვებოდნენ და გზაზე გასულები ცდილობდნენ, ამოეღებინებინათ დალეული წყალი, რომელიც მიწიდან ამოყოლილი ცოდვით წამლავდათ.
ნადეჟდას გაახსენდა, რომ სადღაც აქვე, ამ ქუჩის გადაღმა მცხოვრებ ნაჭყებიას მეგრელი ცოლი ჰყავდა. უკანასკნელი იმედი ნაჭყებიების მოძებნა იყო.

ჯგუფი ისევ გზაზე გამოვიდა. წინ ისევ თეთრნაჭრიანი ქალი დაიყენეს. ნადეჟდას დახეული ბლუზისა და ქვედატანის გარდა აღარაფერი ეცვა. პერანგი ორი დღის წინ დახია და გოგოს თავშალივით შემოახვია თავსა და მხრებზე. უკვე ოქტომბერი იწყებოდა და დილა-საღამოს გვარიანად ციოდა.
ნაჭყებიას სახლთან შეჩერდნენ. ნამდვილად ის სახლია. რამდენიმე თვის წინ სოხუმიდან მანქანით მომავალ ავთანდილსა და ნადეჟდას დაემგზავრა ნაჭყებიას მეგრელი ცოლი და ავთანდილმა ჭიშკრამდე მოიყვანა ქალი.
ნადეჟდამ ფრთხილად, მორიდებით დაიძახა ჭიშკართან. რამდენიმე წუთში სახლის ფანჯარა გააღეს და გამოიხედეს.

- ის არის, - გაუხარდა ნადეჟდას და თანმხლებებსაც გაუზიარა თავისი სიხარული.
ფანჯარა მიიხურა. მერე კარი გაიღო და ქალი ჭიშკრისკენ წამოვიდა.
- გამარჯობა, მერი, - მეგრულად მიესალმა ნადეჟდა, - მიცანი, ხომ? ცირდავას მეუღლე ვარ გადაღმა სოფლიდან. შემოგვიშვი. საბძელში შეგვიშვი ერთი ღამე. აქამდე ჟვანიას სახლში ვიდექით. ღამე ნუ დამტოვებ გარეთ, ბადიშები გამეყინება.

მერიმ შიშით და ფრთხილად მიმოიხედა ირგვლივ, თითქოს ამოწმებს, ხომ არავინ გაიგო ამ ხალხის აქ მოსვლაო. მერე ნადეჟდას უჩურჩულა:

- ვერ მიგიღებთ, მომკლავენ, სოფელმა რომ გამიგოს. თქვენ არ იცით, რა ამბები მოხდა აქ.
მერე ხმას კიდევ უფრო დაუწია და სახეში შეჩერებულ მაწანწალებს ასწავლა:
- ასე წადით, პირდაპირ და მარულიას სახლში მიდით. მოსკოვიდან ჩამოსულია. მაგას არ უნახავს ომი და თან გავლენაც კარგი აქვს. გუშინწინ გადაიყვანა ენგურზე ქართველები.
შებრუნდა და სახლისკენ ლამის სირბილით წავიდა.

მარულიას სახლისკენ წავიდნენ. ამ სოფელშიც, როგორც იქით, საიდანაც მოვიდნენ, ჯოჯოხეთური, კუპრისფერი სიბნელე იდო მიწაზე, თითქოს ათხრილ და დაჯიჯგნილ პირზე ეფარებოდა.

მარულიას ეზოში მკრთალად ანათებდა ეზოს ფარანი. მაგიდა ტოტებგაშლილი ხის ქვეშ ყვითელ შუქში იდგა და ირგვლივ რამდენიმე კაცი შემოსხდომოდა. დევნილები ღობესთან შეჩერდნენ და სიბნელეში ჩამალულები ეზოს მიაჩერდნენ. ასე მხოლოდ უსახლკაროს შეუძლია სახლის ყურება. მარულიას ეზომ ყველა წუთით თავის წარსულსა და სახლში დააბრუნა. ნადეჟდას ისე ცხადად ჩაესმა თავისი ჭიშკრის რახუნი, რაც ზამბარიანი კარის ყოველ გახურვაზე ისმოდა, რომ იფიქრა, ხომ არ შევიშალეო. ასე უსხდებოდნენ ყოველ საღამოს ცირდავები მრგვალ მაგიდას ადესის ხეივნის ქვეშ. ჯერ ვახშმობდნენ. ნადეჟდას ელარჯი და კეცის მჭადები გამოჰქონდა სამზადიდან. ქალიშვილი და რძალი თეფშებს შლიდნენ მაგიდაზე. ავთანდილი ღვინოს ასხამდა თიხის ძველისძველ ყურიან სურაში. ნავახშმევს კაცები ნარდს ან დომინოს თამაშობდნენ, ბავშვები მინდორზე კოტრიალობდნენ. ქალები სუფრის ალაგებას რომ მორჩებოდნენ, ან კარტის თამაშს იწყებდნენ, ან სოფლის ამბებს უყვებოდნენ ერთმანეთს.
ბუჩქებით შემოღობილ ეზოსთან მდგარი დევნილები ძაღლის ღრენამ გამოაფხიზლა. უშველებელი ქოფაკი შორიახლო იდგა და ნადირივით იღრინებოდა. ძაღლი მარულიასი არ იქნებოდა, რადგან ისიც გარედან მისდგომოდა ეზოს. მტვრიანი, გაქუცული ბეწვი და ავი თვალები ჰქონდა. ძაღლი შინაურს არ ჰგავდა. ეტყობოდა, რომ უცხოობის გამო კი არ უღრენდა ეზოსთან შეკრებილებს, არამედ უღრენდა, როგორც მტრის მოდგმას.

დევნილებს გაახსენდათ, რომ მათ სოფელში ხმა დაირხა ადიუბჟის გაუკაცურების შემდეგ ტყეში ყაჩაღებივით გასულ ძაღლებზე, რომლებიც თავიდან სახლებიდან წასულ პატრონებს გაჰყვნენ, მაგრამ რადგან ბოლომდე ვერ მისდიეს მათ ავტოებს, აღარ დაბრუნდნენ ცარიელ სახლებში, სადაც უცხო ხალხი თავის ნებაზე მიდი-მოდიოდა.
გაველურებულმა ძაღლმა თავი მგელივით მაღლა ასწია და დაიყმუვლა. შორიდან სხვა ძაღლმა მისცა ხმა. მერე მეორემ, მესამემ... ძაღლები დევნილების ირგვლივ წრეს ავიწროებდნენ. მიტოვებული სახლის ღობესთან ნადეჟდამ წყვილი ფოსფორიანი თვალის გაელვებას შეასწრო თვალი. მარჯვნივ, საითაც ქუჩა უკუნ სიბნელეს უერთდებოდა, მეორე წყვილმა ფოსფორმა გაანათა. მერე ცხოველის ქშენა უფრო ახლოდან მოისმა.
დევნილები ღობეს აეკვრნენ. ნადეჟდამ ბავშვები ღობეს მიაჭყლიტა, თვითონ ზურგით აეფარა წინიდან და სიბნელისკენ, საიდანაც ძაღლების ყეფა მოიწევდა, ხელები გაშალა.

ეზოდან ვიღაცამ აფხაზურად დაიძახა:
- ვინ ხართ მანდ?
ხმაზე დევნილებიც და ძაღლებიც გაიტრუნენ. მერე ეზოშიც გაისუსნენ და ყური მიუგდეს სიბნელეს. ძაღლების ღრენა ეზოდან რამდენიმე ნაბიჯზე განმეორდა. მარულიას ეზოში თოფი გავარდა. ფარანი ჭიშკრისკენ დაიძრა და ალაყაფთან მიკუნტული დევნილები გაანათა...

მარულია ომის დროს მოსკოვში ცხოვრობდა. ნადეჟდამ ამ ოჯახზეც იცოდა ბევრი რამ. მდიდარი და გავლენიანი კაცი იყო აფხაზეთში. მოსკოვში დიდი ბიზნესი ჰქონდა. ქართველებმა იცოდნენ, რომ მარულია ომის დროს იარაღით ამარაგებდა თავის ხალხს.
ის და მისი ცოლი, რუსი ლილია, ნადეჟდაზე ასე, ათიოდე წლით უმცროსები იქნებოდნენ. ლილიას დალევა უყვარდა და "ოტკას" სამზადში საჭმელების მოსამზადებლად გამწესებულ ნადეჟდას ამალვინებდა. დილით ადრე შევიდოდა სამზადში და ნადეჟდას შესძახებდა:
- ნუ, ნადია, ვიპიმ?

ერთს თვითონ გადაჰკრავდა, ერთს ნადეჟდას დაალევინებდა და ეზოში ღიღინით გადიოდა.
ბიჭს მარულიასთან მისვლიდან მესამე დღეს ღებინება დააწყებინა. ჭაში ჩაგდებული აფხაზის სისხლი ბავშვს ყელში ამოსდიოდა, გულ-მუცელს უწვავდა და დღითი დღე აძაბუნებდა. მეხუთე დღეს გოგოსაც პირღებინება დაეწყო. მარულიას არაფერი უკითხავს ნადეჟდასთვის. თითქოს ყველაფერს მიხვდაო, ისე იქცეოდა. დიდები თავს კარგად გრძნობდნენ და ქალი თავს იიმედებდა, იქნებ გვამით წაბილწული ჭა არაფერ შუაშია და ბავშვებს სხვა რამემ აწყინაო. ერთ დღეს მარულია ქალაქიდან რომ დაბრუნდა, ჭიშკარში უცხო კაცს შემოუძღვა. ნადეჟდა სამზადში თავის საქმეს აკეთებდა. გოგო და ბიჭი მარულიას ცოლმა დიდი სახლის მეორე სართულზე გადაიყვანა, თეთრ, გახამებულ ქვეშაგებში ჩააწვინა და თავადაც მთელ დღეებს მათ გვერდით ატარებდა. ნადეჟდას მხოლოდ საჭმლის შეტანის დროს შეეძლო ბავშვების ნახვა. სხვა შემთხვევაში უფლებას არ აძლევდნენ, სამზადი დაეტოვებინა, რადგან სახლის პატრონებისა და ხიზნებისთვის სამყოფი საჭმლის მომზადებას ზოგჯერ მთელი დღეც კი არ ჰყოფნიდა.
კაცი, რომელიც მარულიას მოჰყვა, მაღალი და წარმოსადეგი იყო. ნადეჟდა მიხვდა, რომ მარულიამ სოხუმიდან ექიმი ჩამოიყვანა. წინსაფარზე ხელები შეიწმინდა და ჩამწყდარი, ჩალეული ხმით ითხოვა:

- ამიყვანეთ ჩემს ბადიშებთან, როცა ექიმი გასინჯავს მათ.
ექიმმა ქალს ხელი მოჰკიდა, ჯერ ნადეჟდა გაატარა, თვითონ უკან მიჰყვა.
ექიმის თქმით, მდგომარეობა საგანგაშო არ იყო. ბავშვები ნაწლავის ინფექციას ებრძოდნენ და, სწორი მკურნალობის შემთხვევაში, აუცილებლად მოერეოდნენ. მარულიას წამლების გრძელი სია გაუწოდა. ნადეჟდამ ქვემოდან გახედა მასპინძელს, თვალებით მადლობის თქმა უნდოდა, მაგრამ მარულია მას არც უყურებდა, ექიმს ელაპარაკებოდა და სადილად დარჩენას სთხოვდა.

ბავშვები ორი კვირა ებრძოდნენ სიცხესა და მუცლის გვრემას. მარულიას ცოლმა ნადეჟდას უფლება მისცა, ღამე ბავშვებთან ერთად ყოფილიყო. "ოტკას" გადაჰკრავდა მაღალი, თლილი ჭიქით და ნადეჟდას იმ დღეებზე უყვებოდა, როცა არც ომი იცოდნენ, რა იყო, არც შიმშილი და არც ქართველების სიძულვილი.
მარულიას ცოლს უყვარდა ძველი, კარგი ამბების მოგონება, რომლებშიც ზოგჯერ თავის ნაცნობ ქართველებსაც ახსენებდა. საღამოს ნადეჟდას დაუძახებდა, "ოტკას" ამოატანინებდა გრძელ, ზღვისკენ მიქცეულ აივანზე და სევდიან რუსულ სიმღერას შემოსძახებდა. მხიარული ქალი იყო მარულიას ცოლი. ნადეჟდას გაშვება არ უნდოდა, კარგი დიასახლისი ხარო, ეუბნებოდა, ჩემს ქმარს შენი მომზადებული ღომი და ხაჭაპური მოსწონს და სულაც სამუდამოდ რომ დარჩე ჩვენთან შენს შვილიშვილებთან ერთად, მეც და ჩემი კაციც თანახმანი ვიქნებითო.
მარულია დევნილებს შეჰპირდა, რომ ენგურის ხიდამდე მისვლაში დაეხმარებოდა და პირობა შემოდგომის ერთ ჯანღიან დილას შეასრულა.

დევნილები წინა საღამოს გააფრთხილა, რომ დილაადრიან გავიდოდნენ სოფლიდან.
ნადეჟდას ბავშვები ღამე ლოგინში არ ჩაუწვენია, მარულიას ცოლმა სქელი ჟაკეტი და ბამბაზიის ორი ხალათი მისცა. ნადეჟდამ ჟაკეტი შუაში გაჭრა, მკლავებიანი ნაწილი გოგოს ჩააცვა, რომელსაც ჟაკეტის კალთა მუხლებამდე სწვდებოდა, მეორე კი ბიჭს შემოახვია ტანზე. ბამბაზიის ხალათიც დაჭრა და ფეხებზე დაახვია ბავშვებს, რადგან თხელი ფეხსაცმელი, რომლითაც სექტემბრის ცხელ დღეს წამოვიდნენ სახლიდან გვიანი შემოდგომის სუსხიან დილას ფეხებს გაუთოშავდა.

დაღამებულზე საწოლზე სამგზავროდ გამზადებულები დასხდნენ. ბავშვებს შუაღამისას ერთმანეთზე თავმიდებულებს მიეძინათ. ნადეჟდა რამდენჯერმე გავიდა აივანზე და ლილიას ოთახის კართან მივიდა. სულგანაბული უსმენდა ოთახს. ლილია საღამოს შემდეგ ვეღარსად ნახა და არ უნდოდა, ისე წასულიყო, რომ მადლობა, რომელიც ვალად ჰქონდა, არ დაეტოვებინა. ლილიამ საღამოს "ოტკა" დალია, მერე კარგა ხანს ბაღში იჯდა და ჩახლეჩილი ტკბილი ხმით სასაცილო ჩასტუშკას მღეროდა. ცოტა ხანში ისევ მოითხოვა "ოტკა", ნადეჟდას დიდი ჭიქა გაავსებინა და დალია. სანამ დალევდა, რასაც აქამდე ყოველთვის უსიტყვოდ აკეთებდა, ჭიქა ასწია, ქალს გაუღიმა და უთხრა:

- კარგი მოსამსახურე ხარ, ნადეჟდა, სულ დაგიტოვებდი...
ნადეჟდამ თავი დახარა და მადლობა უთხრა, მერე სამზადში წაიღო არყის ბოთლი. ლილიამ ისევ სიმღერა წამოიწყო. უკან რომ გამოვიდა, ვეღარსად დაინახა, ახლა ლილიას ოთახიდან მისი ბოხი, კაცური ხვრინვა ისმის, ნადეჟდას გული სწყდება, რომ ვერ ეუბნება წინასწარ მომზადებულ სიტყვებს. ამ ქალისგან წყენა ვერ დაამახსოვრდა, არც მაშინდლიდან, როცა მთვრალმა ლილიამ ერთი-ორჯერ კარგად გამოლანძღა, არც მაშინ, როცა ერთხელ თავისი მაზლის სახლის დასალაგებლად წაიყვანა ნადეჟდა და დამტვრეულ პიანინოსთან მიმჯდარმა ქართველებზე ჩასტუშკების სიმღერა წამოიწყო.

ლილია ასეთ სიმღერებს არასდროს მღეროდა მარულიას თანდასწრებით. ახლა კი მთელი ხმით გაჰყვიროდა. მერე ნადეჟდას მოსთხოვა, შენც ამყევიო. ნადეჟდას გული ყელში მოებჯინა და ტირილით სთხოვა:
- ნუ მამღერებ, არ შემიძლია.
ლილიას აღარ დაუძალებია, თვითონ გააგრძელა სიმღერა...
გვიან ღამემდე დარჩნენ ლილიას მაზლის სახლში. შარდით აქოთებულ, ფეკალიებშემხმარ ძვირფას იატაკს ხელით რეცხავდა ნადეჟდა და მაშინაც მადლიერებას გრძნობდა ამ ჭკნობაშეპარული კახპის მიმართ, რომელმაც მის ცრემლს დაკეტილი სადინარი გაუხსნა და ფსიტიან იატაკზე გამეტებით დაღვარა.
...მარულიამ გამთენიისას კარზე მიუკაკუნა ნადეჟდას. ქალმა ბავშვები გააღვიძა. გოგო ხელში აიყვანა. ბიჭი მიჰყვა ბებიას. დანარჩენები უკვე ეზოში იყვნენ. ინათა. ჭიშკართან პატარა, მწვანეცხვირიანი ავტობუსი იდგა. ხალხი შიგ შეყარეს და ფანჯრებზე ჩამოფარებული შავი ფარდები დაანახეს:

- ფარდებს არ მიეკაროთ. რამდენიმე პოსტი უნდა გავიაროთ და თუ გაგვიგეს, რომ ქართველები მიგვყავს, დიდი პრობლემები შეგვექმნება.

ხალხი სკამების ქვეშ ჩამალეს. სკამებზე კი ტომრები ეწყო. უჰაერობით რომ არ გაგუდულიყვნენ, ავტობუსის იატაკზე რამდენიმე ადგილას თუნუქი ამოეჭრათ. ავტობუსი დაიძრა. თავის ორ ბადიშთან ერთად უკანა სავარძლების ქვეშ ჩაწოლილი ნადეჟდა სახეს ამოჭრილი თუნუქისკენ იშვერდა, ბავშვებსაც თავი იქით მიუტრიალა. ადიუბჟიდან ენგურამდე რომ მივიდნენ, ჯერ ამათი სოფელი უნდა გაიარონ. ნადეჟდამ ზუსტად იცის, რამდენი წუთი დასჭირდება ჯერ სოფელში შესვლას, მერე მის სახლთან გავლას, რომელიც ცენტრალურ გზაზეა. ავტობუსის მძღოლ აფხაზ ქორთიკო გაბუნიას წეღანვე გაურიგდა, როცა ჩემს სახლთან გაივლი, ნიშანი მომეცი, ეგ დასაწვავი რადიო სულ ერთი წამით გამორთე და ყველაფერს მივხვდებიო. ამ ქორთიკო გაბუნიას დედა ქართველი, მხეიძე ჰყავდა და როცა მისმა ორივე შვილმა აფხაზურ გვარდიასთან ერთად ქართველების დასჯა დაიწყო, დედამ თავი მოიკლა. ნადეჟდამ იცოდა, დედაზე მგლოვიარე წვერმოშვებული გაბუნია ასეთ სათხოვარზე უარს არ ეტყოდა.
ავტობუსმა სვლა შეანელა და ნჯღრევა-ნჯღრევით გადაიარა თხრილი.

სოფელში შედიან. ეს თხრილი ქართველებმა მაშინ გათხარეს, როცა ადიუბჟის გასასვლელთან ბარიკადები აღმართეს. ნადეჟდას სული შეუგუბდა. გოლეთიანის ქუჩას გაივლიან, მერე ოდნავ მოუხვევენ მარცხნივ და რამდენიმე მეტრში მათი სახლი გამოჩნდება. მოემზადა. დეკემბერი იყო. ავტობუსის ამოჭრილი თუნუქებიდან აქამდე ამომავალ სუსხს დამპლის სუნი შეერია. ჩამიჩუმი არ ისმოდა გარედან. ყველამ გაიგო მარულიას შეძრწუნებული ხმა, რომელიც ალბათ დანახულით აღშფოთებას გამოხატავდა. ავტობუსის სავარძლებს ადამიანების გმინვამ გადაუარა. გაბუნიამ რადიო გამორთო...

ნადეჟდამ სველი, ჭუჭყიანი თვალი დაადო ამოჭრილ იატაკს და ჭირხლით პირშეკრული მიწის ზოლი დაინახა, მოეჩვენა, რომ მიწამაც დაინახა და იცნო. თუნუქის ნახვრეტი პატარა იყო. მასში თვალის გარდა ვერაფერი გაივლიდა...


(01-10-2012
(დასასრული. დასაწყისი "კვირის პალიტრა" ##38-39)


ბმული - http://www.kvirispalitra.ge/politic/13911-mitsa.html?add=1

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ლია ტოკლიკიშვილი   Today at 8:42 am

Back to top Go down
 
ლია ტოკლიკიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: