არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მიხო მოსულიშვილი - შურთხია ბეროშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: მიხო მოსულიშვილი - შურთხია ბეროშვილი   Sat Sep 22, 2012 12:49 pm


საბერძნეთში 10 000-იანი ტირაჟით გამოცემული ΓΕΩΡΓΙΑΝΗ ΕΦΗΜΕΡΙΔΑ (Georgiani Efimerida) "ქართული გაზეთის" 2012 წლის 8 - 14 სექტემბრის # 33 (69)


შურთხია ბეროშვილი

უნახავის დასანახად


რეზო ინანიშვილისთვის ერთ რუს მწერალს უთქვამს: მწერლის კი არა, გლეხის ხელები გაქვთ, ამიტომ, უფრო მეტად მიწაზე წერეთო... ბატონმა რეზომ, ალბათ, იმ მწერალზე უკეთ იცოდა, რაზე და როგორ უნდა ეწერა...
მიხო მოსულიშვილს ეს რომ მოვუყევი, ხელისგულზე ჩაწყვეტილი მყესი მანახა და გაიღიმა: არ ვიცი, როგორი ხელები მაქვს, მაგრამ ეს მყესი მაშინ გამიწყდა, კლდიდან რომ ჩამოვვარდიო. მწერლობაშიც ეგრე ვარ, ხან უფსკრულში ცხვირპირს ვიმტვრევ, ხანაც ზემოთ, მწვერვალზე ავცოცდები და იქიდან ვუყურებ ჩემ წინ გადაშლილ სივრცეს, _ მთაში დიდხანს მომიხდა მუშაობა და, შეიძლება, ამის ბრალიც არისო. განსაკუთრებით ვაჟა-ფშაველა და იაპონური მწერლობა უყვარს, თარგმნილი აქვს ბორის აკუნინის სამი რომანი, წერს განცდილს და გაგონილს, მაგრამ მაინც "უნახავის დანახვა" უნდა, ეს გრძნობა არ სცილდება.



- მიხო, როგორც მომიყევი, ბავშვობაში ბევრი გატაცება გქონდა, რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც მწერლობა?

- ბავშვობა კახეთში, არაშენდაში გავატარე, სკოლაც იქ დავამთავრე. მართალია, თავისუფალ თემებს კარგად ვწერდი, მაგრამ მაინცდამაინც მწერალობის ამბიცია არ მქონდა. ერთი პერიოდი, ეგზიუპერის გავლენით სამხედრო მფრინავობაზე ვოცნებობდი, შემდეგ _ მოგზაურობაზე, არქეოლოგობაზე, არქიტექტორობაზე, ვხატავდი კიდეც, მაგრამ ყველაზე მეტად კინოს სამყარო მაინტერესებდა, რეჟისორობა მინდოდა. ჯერ "გეპეის" თელავის ფილიალში, საინფორმაციო-გამზომი ტექნიკის ფაკულტეტზე ამოვყავი თავი. ჩემი პირველი ჩანახატიც სწორედ იმ პერიოდში დაიბეჭდა "ალაზნის განთიადში", თუ არ ვცდები, "ტირიფი" ერქვა. ერთი წლის მერე საბუთები გამოვიტანე და კინო-სარეჟისოროზე ვაბარებდი თეატრალურ ინსტიტუტში; მაშინ, 1981 წელს სარეჟისოროზე დიდი კონკურსი იყო, თანაც ჩაწყობაც "მოდიოდა" ხოლმე და, რასაკვირველია, ვერ მოვხვდი და უნივერსიტეტში ჩავაბარე, გეოლოგიის ფაკულტეტზე. თუმცა მთავარი გატაცება _ კინო არ დამვიწყებია. ძირითად ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად ერლომ ახვლედიანისა და დავით აგიაშვილის ლექციებს ვისმენდი თსუ-ის მეორად, სასცენარო ფაკულტეტზე. ეს საუკეთესო პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. დღესაც ცხადად მახსოვს, როგორ გატაცებით გვიამბობდა კინომცოდნე ტატა თვალჭრელიძე მიქელანჯელო ანტონიონის, ინგმარ ბერგმანის, ფედერიკო ფელინისა თუ აკირა კუროსავას შემოქმედებაზე, მოჰქონდა და გვიჩვენებდა ისეთ ფილმებს, რომლებსაც სხვაგან ვერსად ნახავდით. მწერალი და კინოსცენარისტი ერლომ ახვლედიანი მართლაც დიდი ხელოვანი იყო, გარეგნულად დაბნეული, მაძიებელი, ლექციის კითხვის დროსაც კი რაღაც ახალს დაეძებდა ჩვენთან ერთად... კინოსცენარისტი დათო აგიაშვილიც პროფესიონალი იყო, მისი სცენარის მიხედვით უკვე გადაღებული იყო მხატვრული ფილმი "ათოვდა ზამთრის ბაღებს"... აი, ასეთი ადამიანები გვასწავლიდნენ, როგორ უნდა გაგვერჩია ერთმანეთისგან სიყალბე და სიმართლე და არა მარტო ეკრანზე, ცხოვრებაშიც...

- ალბათ, ამიტომაც აშკარად ჩანს შენს მოთხრობებში სცენარისტის "კვალი"...

- ალბათ... არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ბოლო ნაწარმოები _ "ჰელესა" კინორომანია, სადაც 105 ეპიზოდია თავმოყრილი. ჩემი პიესები სხვადასხვა დროს დაიდგა ქართულ თეატრებში, თუმცა კინოდან შეთავაზება არ მქონია, თუ არ ჩავთვლით სატელევიზიო სერიალს "წვრილვარსკვლავთა ღამე"...

- ვაჟა-ფშაველაზე დაწერილ წიგნში, რომელმაც ლიტერატურული პრემია "გალა" მოიპოვა, ცოტა არ იყოს, უცნაურ პარალელებს ავლებ. მაგალითად, რა საერთო აქვთ ვაჟას და ჯუზეპე ვერდის ერთმანეთთან?

- ვაჟა ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს. მამა სამუშაოდან დაღლილი რომ ბრუნდებოდა, დედას მის შემოქმედებას ხმამაღლა აკითხებდა. რაც შეეხება პარალელებს, ჯუზეპე ვერდის იმიტომ ვადარებ, რომ ისიც უბრალო გლეხი იყო და ბოლოს თავის მშობლიურ სოფელში, სანტ-აგატაში გადასახლდა. გლეხივით კი ცხოვრობდა, მაგრამ სამი გენიალური ოპერა მაშინ დაწერა, როცა თავის ფუძეს დაუბრუნდა. ვაჟა-ფშაველაც შინ დაბრუნდა და ჩარგლიდან გადმოჰყურებდა სამყაროს... საკუთარ ფესვებთან დაბრუნებულები გენიალურად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს... როცა უცხოელებს მინდა ავუხსნა, ვინ იყო ვაჟა-ფშაველა, ვეუბნები, რომ ეს არის ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე და კიპლინგი ერთად მეთქი. ერთი რამ უდავოა _ ვაჟა იმდენად მასშტაბური მწერალია, რომ დიდი ხნით გაუსწრო როგორც მე-19 საუკუნეს, ისე ჩვენს ეპოქას და მომავალშიც გველოდება. თუნდაც ის რად ღირს, რომ ბუნების დაცვასა და შენარჩუნებაზე ჯერ კიდევ მაშინ წერდა, როდესაც სანთლები ენთო და ტექნიკური პროგრესისგან შორს ვიყავით. სწორედ მან მიგვანიშნა, რომ ბუნება დარტყმას დარტყმითვე პასუხობს. მთავარი კი, რაც ვაჟამ გვასწავლა, ეს არის: "გიყვარდეს მტერი შენი..." სწორედ ამ სახარებისეული მცნების მაღალმხატვრული განსხეულებაა მისი შემოქმედება. დღეს, როდესაც მსოფლიოში ძლიერი დასავლურ-აღმოსავლური დაპირისპირებაა, ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია.

- მართალია, ვაჟას ბუნების ენაც კარგად ესმოდა, თუმცა "გველისმჭამელის" მინდიასთვის ეს ტრაგიკულად დასრულდა...

- ეს პოემაც საკუთარი გამოცდილებით დაიწერა. ვაჟას საოცარი ინტუიცია ჰქონდა. სხვათა შორის, როდესაც პირველი ცოლის დაღუპვის ამბავი გაიგო, ყვარლის ტყეში შველსა და ირემზე სანადიროდ იყო წასული. "შვლის ნუკრის ნაამბობის" ავტორისაგან ეს თითქოს წარმოუდგენელია, მაგრამ მინდიას მსგავსად, ვაჟა იძულებული იყო ზამთრისთვის დამარილებული ხორცი მოემარაგებინა, ცოლ-შვილი რომ არ ეშიმშილებინა... ხომ გახსოვთ, კომუნისტების დროს ვაჟას როგორ გვასწავლიდნენ? თითქოს ერთი დაბღვერილი, ხანჯლიანი და ქალამნებიანი კაცი იყო. სინამდვილეში ვაჟა ნამდვილი არისტოკრატი გახლდათ, თბილისშიც ჰყავდა სამეგობრო წრე, ბილიარდსაც თამაშობდა... მისი მუქმინებიანი პენსნე ლიტერატურის ინსტიტუტში ინახება, გაფუჭებული თვალის დასაფარად ატარებდა... ზოგადად, აზროვნებით ვაჟა ნამდვილი ევროპელი იყო. ჩარგლელები ლეგენდასავით ყვებიან, როგორ უმასპინძლდებოდა ხოლმე მეორე ცოლის ყოფილ ქმარს...

- რატომღაც მომეჩვენა, რომ მწერლობაში გავლენებს არ აღიარებ...

- თავიდან, წერას რომ იწყებ, გავლენა აუცილებელიც კია, მაგალითად, ჩემი ნოველა "ტყის კაცი" აკუტაგავას გავლენით დაიწერა. სტუდენტობის დროს "ჰემინგუეის ნაცილ შთამომავალსაც" კი მეძახდნენ... მუდმივად ვადევნებ თვალს როგორც ქართულ, ისე უცხოურ მწერლობაში მიმდინარე პროცესებს. თანამედროვეებიდან მიყვარს ერლომ ახვლედიანი, გურამ გეგეშიძე, გურამ რჩეულიშვილი, რეზო ინანიშვილი... მათგან ბევრი ვისწავლე, თუმცა ჩემებურად ვცდილობ, ანუ ეს ვარ, რაცა ვარ და იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ... 50 წლის გავხდები მალე და დღესაც ვსწავლობ იმის გამოხატვას, რაც შინაგანად მაწუხებს. ეს ზოგგან, ალბათ, უხეიროდ გამომივიდა, სხვაგან _ უკეთესად… მაგრამ ეს მკითხველის გადასაწყვეტია.

- სტუდენტობისას ერთი მოთხრობა გქონდა ფორე მოსულიშვილის დედაზე. როგორი ქალი იყო შენი დიდი მოგვარის დედა?

- ჟურნალმა "დროშამ" კონკურსი გამოაცხადა დედაზე დაწერილ ნაწარმოებზე, ამიტომ ფორე მოსულიშვილის მშობლიურ სოფელში, ქვემო მაჩხაანში გავემგზავრე. მოსულიშვილებმა ჩემი გვარი რომ გაიგეს, შემომეგებნენ და კარგადაც მიმასპინძლეს. თებრო _ ფორე მოსულიშვილის დედა ნამდვილი კახელი ქალი იყო, ოთარაანთ ქვრივი გაგახსენდებოდა. მოკლედ და სხარტად მითხრა: "მიადნო და მაიკლა თავი იქა... აქ მე დამაკლდა და თავის ქვეყანასა!" დიდი შთაბეჭდილებებით დავბრუნდი იქიდან.

- უკვე 16 წიგნის ავტორი ხარ, კიდევ ორის გამოცემას ელოდები. ბევრს მუშაობ?

- ყოველთვის მახსოვს ჯემალ ქარჩხაძის ნათქვამი: იქ, მაღლა რომ წარგადგენენ და უფალი შეგეკითხება _ ნიჭი, რომელიც მოგეცი, ბოლომდე გამოიყენე თუ არაო, ხომ ცუდ დღეში ჩავარდები, როცა აღმოჩნდება, რომ არაფერი გაგიკეთებია, აღარც უნდა გაგიკვირდეს, კუპრის ქვაბში თუ ამოყოფ თავსო... ჰოდა, ვცდილობ, როგორმე იმ კუპრის ქვაბს ავარიდო თავი.

- რას თვლი მწერლობის მთავარ მისიად?

- მწერლის როლი საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული იყო _ ილიას, აკაკისა და თერგდალეულების ხედვა იქითკენ იყო მიმართული, რომ ერისთვის ეწინამძღვრათ... დღეს სხვა ვითარებაა. რა უნდა ქნას მწერალმა, პარლამენტარი გახდეს და პოლიტიკაში წავიდეს? ეს ჩემთვის მიუღებელია. მწერლის ადგილი მაგიდასთანაა. მე აქედანაც კარგად ვახერხებ ჩემი სათქმელი ვუთხრა მკითხველს. პატარა ქვეყნის პოლიტიკოსის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, ბეწვის ხიდია გასავლელი... არ მომწონს, პარლამენტში კენჭს რომ იყრიან სპორტსმენები, მსახიობები და თუნდაც მწერლები. მე შემიძლია, მაგალითად, რიგითი ჯარისკაცი ვიყო და იარაღით დავიცვა ქვეყანა, მაგრამ პოლიტიკოსობა ჩემი საქმე არ არის... სამწუხაროდ, საქართველოში მწერალს არ აფასებენ, სხვა რამეც თუ არ აკეთე, ძალიან გაგიჭირდება ჰონორარებით თავის რჩენა; მით უმეტეს, თუ ჩემნაირად ხარ, _ სამი წელია, უმუშევარი ვარ...

- სამხედრო სამსახურზე გამახსენდა, რას აკეთებდი თავდაცვის სამინისტროში?

- ჩემი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი "სამხედრო". საინტერესო პუბლიკაციები იბეჭდებოდა _ მაგალითად, ქაქუცა ჩოლოყაშვილზე და ემიგრაციაში მყოფ სხვა სამხედრო მოღვაწეებზე, რომლებსაც თავიანთი ჟურნალიც ჰქონდათ გასული საუკუნის ოციანი და ოცდაათიანი წლების პარიზში, "მხედარი" ერქვა. ამასთან, ვრცლად ვაშუქებდით ნატო-ს შეიარაღების საკითხებს. ჟურნალში იბეჭდებოდა შემეცნებითი წერილებიც...

- რატომ დაიხურა?

- არ ვიცი, შემცირებაში მოვყევით... მაგრამ ის პერიოდიც კარგად მახსენდება, დავდიოდი სამხედრო ნაწილებში, ვეცნობოდი ჯარისკაცების ცხოვრებას. ისინი ნამდვილი პატრიოტები არიან, სამშობლოსათვის თავს გაწირავენ. მათ პოლიტიკა არ აინტერესებთ. ჩემთვისაც ერთი რამ არის მნიშვნელოვანი: საქართველო გახდეს დამოუკიდებელი, ამისთვის მზად ვარ ხელში იარაღი ავიღო... 1994-1996 წლებში შინაგან ჯარშიც ვმსახურობდი, უფროსი ლეიტენანტი ვარ. ერთხელ, ფორმაში ჩაცმულმა, "ცისკარში" მოთხრობა მივიტანე. კოლეგებმა ჩემს დანახვაზე გაკვირვება ვერ დამალეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს, რაზეც სიამოვნებით დავთანხმდი. მერე ინტერვიუებს ვუძღვებოდი ხოლმე მწერლებთან, მხატვრებთან _ ფარიკაობასავით ლაპარაკი გამოდიოდა...

- შენს მკითხველს თუ იცნობ?

- როგორ არა. ისინი სხვადასხვა ასაკის ადამიანები არიან, მწერენ, შთაბეჭდილებებს მიზიარებენ. მათ პერიოდულად, ჩემი წიგნების პრეზენტაციაზე ვხვდები…

- მიხო, მალე შენი მოთხრობების ორი ახალი წიგნი გამოვა, ერთ-ერთს საინტერესო სათაური აქვს: "არსაიდან არსაითკენ". რას გულისხმობდი, როდესაც ამ სათაურს არქმევდი?

- მეჩვენება, რომ ხანდახან ადამიანები სწორედ ასეთ მდგომარეობაში გრძნობენ თავს... მგონია, რომ ამ მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანაც, _ გადის დრო და თითქოს არაფერი იცვლება. მაგრამ, ალბათ, მოთმინებაა საჭირო, მოსემ ხომ ორმოცი წელი უდაბნოში ატარა ებრაელები, სანამ აღთქმულ ქვეყნამდე მიიყვანდა... ჰოდა, ჩვენც, ეტყობა, გზაში ვართ ისევ...

- ჩვენ ვინ უნდა გვატაროს, ისევ ლიდერია საჭირო?

- ეგ არ მიგულისხმია. დღეს სხვა ვითარებაა, პოსტმოდერნისტული ეპოქაა და უკვე სასაცილოა ერთი კაცის იმედად ყოფნა. სისტემა უნდა არსებობდეს ისეთი, რომ ვინმეს წასვლა-მოსვლა ვითარებას ვერ ცვლიდეს...

- ბევრი ჯილდოს და პრემიის მფლობელიც ხარ, ყველაზე მეტად რომელმა გაგახარა?

- გასულ წელს ლიტერატურული პრემია "გალა" გადმომცეს. მართლაც დიდი დაფასებაა, მაგრამ ყველაზე კარგი ჯილდო ის არის, შენი სიტყვით ვინმეს იმედს თუ დაუბრუნებ. არ მიყვარს ისეთი ნაწარმოები, ცხოვრების ატანაში თუ ვერ გეხმარება, რადგან ცხოვრების გაძლებასაც სწავლა უნდა. მწერლობის უპირველესი მიზანი სწორედ ეს მგონია. კიდევ უფრო დიდი ჯილდო კი ის იქნება, ცოცხლები რომ აღარ ვიქნებით და ჩვენს ნაწარმოებებს ისევ წაიკითხავენ...

- იაპონური პოეზის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს...

- ჰო, მართალია, იმათი ლექსები სულ სხვანაირად არის ნაწერი... ამიტომ ისიც ძალიან მიხარია, რომ გამომცემლობა "უსტარის" მთავარმა რედაქტორმა თამარ გელოვანმა ოტია იოსელიანის და გურამ მეგრელიშვილის ნამუშევრებთან ერთად ჩემი მოთხრობებიც შესთავაზა იაპონიიდან ჩამოსულ მთარგმნელს. მან კი სამი ვრცელი მოთხრობა შეარჩია და, როგორც ამბობენ, ამ წლის ბოლოს სამივე ავტორის ერთი კრებული გამოიცემა იაპონიაში.

- შენს სამომავლო გეგმებზე რას იტყვი?

- ბევრი ჩანაწერი დამიგროვდა და როდის რომელი მომთხოვს დაწერას და რა ფორმით, ისე დავწერ... ვმუშაობ კომედიაზე მარჯანიშვილის თეატრისთვის, რომელმაც გაერო-ს ქალთა ფონდთან ერთად კონკურსი გამოაცხადა. ეს პიესა ქალთა უფლებების დაცვაზეა. ჩემი პიესა ეძღვნება ქალბატონს, რომელმაც ოჯახი დატოვა და სამუშაოდ საზღვარგარეთ წავიდა. სახლში დაბრუნებულს კი კარი დაქალმა გაუღო, რომელიც მისი ქმრისგან არის ფეხმძიმედ... ქართული ოჯახები ამგვარი ტრაგედიის მსხვერპლნი ხშირად არიან _ ოჯახის რომელიმე წევრი იძულებულია საზღვარგარეთ წავიდეს და იქიდან არჩინოს ახლობლები. ცოლი უგზავნის ქმარს ფულს, შვილს სწავლას უფინანსებს, მეგობარს ოპერაციის ფულით ეხმარება... ის კი არ ვიცით, ემიგრანტები ამ ფულს როგორი გაჭირვებით შოულობენ. მე ვიცნობ მომვლელად მომუშავე ქალებს, რომლებიც ერთი ოჯახიდან მეორეში გადადიან და ახალი სამსახურის შოვნამდე გარაჟებში, ქუჩაში უწევთ ღამის გათენება. ბევრი უკან ვეღარც ბრუნდება, აქაც არა აქვთ პერსპექტივა... ერთხელ ტარიელ ხარხელაურმა მითხრა, ჩემი ლექსების წიგნი საბერძნეთში მცხოვრები ქართველების ფინანსური დახმარებით გამოდისო. მიხარია, რომ ჩვენი თანამემამულეები ეცნობიან და შეძლებისდაგვარად მხარს უჭერენ ქართველი მწერლების შემოქმედებას. ინტერნეტში ამ მისამართზე _ http://armuri.4forum.biz/ _ ბიბლიოთეკის ტიპის ლიტერატურული არენა "არმური" მაქვს გახსნილი, სადაც უამრავი ქართველი ემიგრანტი შემოდის ხოლმე სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან წასულ ამ ადამიანებს მადლობა უნდა ვუთხრათ გაძლებისა და ერთგულებისთვის, რადგან, მიუხედავად ყველაფრისა, სამშობლო არ ავიწყდებათ.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
მიხო მოსულიშვილი - შურთხია ბეროშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: