არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გელა ჩქვანავა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: გელა ჩქვანავა   Mon Nov 10, 2008 3:31 pm


Gela Chqvanava

გელა ჩქვანავა

დაიბადა 1967 წელს, სოხუმში.
დაამთავრა თსუ სოხუმის ფილიალის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
აფხაზეთის ომის შემდეგ გამოიცვალა მრავალი პროფესია.
2002 წლიდან მისი მოთხრობები იბეჭდება ქარტულ პერიოდულ პრესაში.
2002 წლის აპრილში გაიმარჯვა გამომცემლობა "დიოგენს" მოწყობილ პირველ კონკურსში.
"პენმარათონი 2002" და მოიპოვა პირველი ადგილი. იმავე წელს ლიტერატურული ასოციაცია "კვალის" კონკურსში მესამე ადგილი დაიმსახურა.
ამჟამად ცხოვრობს თბილისში. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.
ლიტერატურული პრემია "საბა–2005" ნომინაციაში "წლის საუკეთესო დებიუტი" მოთხრობების კრებულისათვის — „კოლორიტები“.



წიგნის დასახელება – "კოლორიტები"
ავტორი – გელა ჩქვანავა
ISBN 99928-953-9-X
გამომცემლობა – "დიოგენე"
ყდა – რბილი
გვერდების რაოდენობა – 380
წელი – 2004
ფასი– 6.50
პრემია – ლიტერატურული პრემია "საბა–2005" ნომინაციაში "წლის საუკეთესო დებიუტი".



წიგნი ავტოგრაფით.



study


Last edited by Admin on Fri Feb 18, 2011 9:53 am; edited 12 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
არგანი
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 295
Location : თბილისი
Registration date : 18.12.08

PostSubject: Re: გელა ჩქვანავა   Fri Dec 19, 2008 7:17 pm

ეკა ქევანიშვილი

გელა ჩქვანავა – კოლორიტების შემგროვებელი

ინტერვიუ გელა ჩქანავასთან


საბავშვო ბაღის ასაკის – ბაღიდან იპარებოდა, ყვითელ ავტობუსებს ახტებოდა და სოხუმის ქუჩებში აღმა-დაღმა დაქროდა, სკოლაში სულ ბოლო მერხზე იჯდა და ალგებრის წიგნის ყდა ფოლკნერის “სოფელზე” ჰქონდა შემოკრული, მასწავლებელს რომ არ დაენახა. სკოლის დამთავრების მერე კი კაფე “ლედნიკის” ხშირი სტუმარი, მეგობრებთან ერთად შამპანურის ბოთლით ხელში მაგიდაზე შემხტარიც ბევრს ეყოლება შემჩნეული. იქაურებს ეხსომებათ, თორემ, ჩვენ რა ვიცით.


ჯერ პენ-მარათონიდან გაიჟღერა მისმა სახელმა, მერე “არილიდან”, ბოლოს ვიღაცამ მითხრა, აფხაზეთიდან არისო. ან თქმა რად უნდოდა, მაშინვე ცხადი იყო – ვიღაც აქამდე უცნობმა ბიჭმა თავისი კოლორიტული მოთხრობებით მთელი სოხუმი თავზე დააპირქვავა მკითხველს. კარგი მეამბე გამოდგა, თანაც, მოთხრობები რამაზოზე და მე-14 ა კორპუსზე, ძიძარიას ქუჩაზე და კაფე “ლედნიკზე” ზუსტად იმ დროს დაიბეჭდა, ომის დამთავრებიდან მეცხრე წელს, როცა აფხაზეთი უკვე ყველას ენატრებოდა.


“იცი, რა ქუჩა იყო ეს ძიძარიას ქუჩა? უცნაური, ცოცხალი, თავგადასავლების, ამბების ქუჩა იყო – მოქეიფე ხალხით სავსე. თითქმის არაფერს ვიგონებ, რასაც ვწერ. მხოლოდ ვიხსენებ”.

13 სექტემბერს 40-ის ხდება. ომი რომ დაიწყო, 25-26 წლის ბიჭი იყო. იმ ბიჭის თვალებით ეს ორმოცი წლის კაცი მართლა რაღაცნაირად დიდი ჩანს…

“- ორმოცი წლის იუბილის გადახდა არ შეიძლებაო და..

- არ მითხრა, რომ ცრურწმენების გჯერა.

- ცრურწმენების არა, მაგრამ სიზმრების კი.

- სანთლებიანი ტორტი გქონია ოდესმე?

- არა, ეგეთები არ მიყვარს. არაყი მიყვარდა, მაგრამ ერთხელაც გულმა “დამარტყა” და ავიკრძალე. ეგეც და ყავაც. ვინ იფიქრებდა.”

ან იმას ვინ იფიქრებდა, რომ ბაგების სტუდქალაქში, ერთ ოთახში წლები იცხოვრებდა. წყალს მეორედან მეცხრე სართულამდე ყოველდღე ხელით აზიდავდა, უშუქობის გამო, ცოლ-შვილს სოფელში, ახალციხეში გაუშვებდა და მერე თვითონაც თბილისსა და სულ სხვა კუთხეს, სამცხეს შორის ივლიდა. ისე კი, აქაც დამკვირვებლად დარჩა: “ახალციხეში რომ მივდივარ ხოლმე, სულ უკან ვჯდები სამარშრუტო ტაქსიში, მიყვარს ადამიანების თვალიერება, მათ ურთიერთობებზე დაკვირვება. მარტო მგზავრებს კი არა, პოლიტიკასაც, პოლიტიკოსებსაც ვაკვირდები.. და სულ ცარიელ თვალებს ვაწყდები ყველგან. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს, რაც უნდა ცუდი გააკეთონ, სინანულის გრძნობა არ ექნებათ, იქნებ ძალიან ახალგაზრდები არიან და ესაა მიზეზი?”.

დღეს უკვე მეტს ფიქრობს. თუმცა, იმ ბიჭს, ჭუჭრუტანიდან რომ უთვალთვალებდა მთელ სოხუმს და ამ კაცს შორის, რომელიც დღემდე იქ ცხოვრობს, დიდი არაფერი განსხვავებაა. მაშინ ხედავდა და თავად იყო მონაწილე, ახლა უბრალოდ ყველაფერს იხსენებს და წერს, იქნებ იმიტომაც, რომ არასოდეს დაავიწყდეს.

“პირველი მოთხრობა საფოსტო ყუთზე დავწერე. ადრე ყველას ერთნაირი, საბჭოური ყუთები გვედგა და ერთ დღესაც მამაჩემმა მოიტანა, ლამაზი, განსხვავებული. მეც ავდექი და დავწერე. მაგის მერე სულ ვწერდი, ოღონდ, უფრო პიესებს.

- სკოლის ბოლო მერხიდან რა ჩანდა ხოლმე?

- ჩემი კლასელები, მათი ხმები მახსოვს, ყველა მოძრაობა, ქცევა. რომელმა როდის რა თქვა. ამასწინათ ერ-ერთი დამეღუპა და იმ ბიჭზე ყველაფერი გამახსენდა. ჩემს კლასზეც მინდა დავწერო. როგორები ვიყავით და როგორები გავხდით. დღეს მათი 70% რუსეთშია გადახვეწილი. მე კი ვიჯექი ბოლო მერზე, ჩემს საყვარელ წიგნებს ვკითხულობდი და ხან ალგებრის, ხან ფიზიკის ცარიელი ყდებით ვფარავდი”.

მერე, წლების მერე, უკვე თავმომწონე ბიჭობაში საყვარელი წიგნების და “ინოსტრანნაია ლიტერატურას” ახალი-ნომრების დამალვა აღარ მოუწევს. საქვეყნოდ კითხვა კაფე “ლედნიკში” ისეთი მიღებული ამბავი იყო, როგორც ლუდის წრუპვა ან ყავაზე მკითხაობა.


გელას სოხუმი, ისევე როგორც ყველა სოხუმელის – ქვიშაზე მოდუღებული ყავის სურნელიანი, კაფეების ქალაქი იყო. დღესაც ასე იხსენებს, თუ თბილისელები უბნელობის მიხედვით ზომა-წონიან ერთმანეთს, სოხუმში, ამის გარკვევა ერთი კითხვით ხდებოდა, “რომელ კაფეში აბირჟავებო”. გელა “ლედნიკის” მუშტარი იყო. ეს ზამთარ-ზაფხულ ღია კაფე, სულ სავსე ხალხით, სამედიცინო სასწავლებელს ესაზღვრებოდა. გოგოები ყავის დასალევად მიდიოდნენ და ბიჭებსაც მეტი რა უნდოდათ: “დალევდნენ ყავას, მერე ჭიქებს იპარავდნენ და სამკითხაოდ…მიჰქონდათ. ოღონდ უკან ყოველთვის აბრუნებდნენ. ამაზე სულ ვხალისობდით ხოლმე”.

მაგრამ ეს ყველაფერი ომამდე იყო.

თვითონ სოხუმიდან, ქალაქის დაცემის შემდეგ ერთი თვის მერე გამოაღწია. ტყვედ იყო აფხაზებთან. ამბობს, რომ გაუმართლა და გადარჩა. თუმცა ახსოვს ის აუტანელი აურა, დაყრუებული ქალაქის. სხვანაირი სოხუმის. ყველაზე ცუდი ამბები ჯერ არ დაუწერია. არც იცის დაწერს თუ არა ოდესმე.

პირად კომპიუტერში, რომელიც ბოლო ლიტერატურული პრემიით იყიდა, თავისი სახლის სურათებს ეძებს. აჰა, იპოვა. სახლი. მხოლოდ კედლები. მაგრამ იმ მეზობელს მაინც მადლობა, რადგან სურათი გადაუღო და გამოუგზავნა.

“აქეთ კორპუსი იდგა, აქ სამკერვალო ფაბრიკა იყო… ახლა ვიცი, ჩემს სახლს, რაც დარჩა, იმასაც აგურებად შლიან და მიაქვთ. სხვა სახლს ააშენებენ ჩემი სახლისგან ალბათ..

- ემოციები შეგისუსტდა ამ წლების მანძილზე? – მიკვირს და ვეკითხები.

- ექვსი წლის წინ რომ ეთქვათ, რომ შენს სახლს შლიანო, არ ვიცი რას ვიზამდი.. მაგრამ ახლა.. დგას მიტოვებული სახლი, რას უზამენ აბა? ვიზე გავბრაზდე? ისე კი, სახლის შეგრძნება არ მაქვს აქ, მენატრება. და იმ ჩემი სახლის შენების პროცესი მახსოვს კიდევ, დაბრუნებაც იცი როგორი მინდა? ჭიშკარს რომ შეაღებ და შენ ხარ ბატონ-პატრონი.”

აქ კია, ცხოვრობს, მაგრამ რა განსხვავებაა? ეს კითხვა გელასთან შეხვედრისას აუცილებლად გაგიჩნდებათ. თუ არ გჯერათ, თავად შეხვდით და ნახავთ. თვითონაც მაგას არ ამბობს? ისევ სოხუმში ვცხოვრობო. ძველი მეზობლები თუ შეხვდებიან ქუჩაში, აქ თბილისში, ესეც იშვიათზე იშვიათად, ერთმანეთს არც ესალმებიან წესიერად, ისე იწყებენ (თუ აგრძელებენ) საუბარს, თითქოს გუშინ ერთად აგორებდნენ კამათელს ძიძარიას ქუჩაზე.

“თბილისში ხშირად არ ჩამოვდიოდით, მამას რუსეთში დავყავდი. ერთხელ როსტოვში წავედით, ცივი, ღრუბლიანი ქალაქი დამხვდა. ხორცის უზარმაზარ მაცივარს მაგონებდა. თბილისში რომ ჩამოვედი პირველად, ომის მერე, მაშინაც ასეთი შეგრძნება მქონდა. არ მიყვარს დიდი ქალაქები… მაგრამ თბილისი მაინც შემიყვარდა.”

იქნებ იმიტომაც, რომ ბოლოს მაინც გამოძებნა მსგავსება თბილისსა და სოხუმს შორის. თბილისელის “თავისი” ტიპაჟი ჩამოიყალიბა და ახლაც რომ ჰკითხო გელას, გეტყვის, რომ ქუჩაზე გადარბენისას, ის მძღოლი, რომელიც მანქანას ანელებს და ხელით გითმობს გზას, ნაღდი თბილისელი უნდა იყოს. სოხუმელობაც დახვეწილობას, კულტურულობას, ზრდილობიანობას ნიშნავდაო, ამბობს.

“იცი, როგორი დამოკიდებულებები იყო? მახსოვს, მამაჩემმა ჩვენი სომეხი მეზობლის ქორწილში ღომი გააკეთა. რად უნდოდათ ღომი სომხურ ქორწილში, მაგრამ მაინც. ურთიერთობა იყო სხვანაირი, ლაღი, გულიანი”.

ხო, მართლა, ის ამბავიც უნდა გავუხსენო, ქორწილებზე გელა თურმე სულ ფულის ამკრეფის როლზე იყო დამტკიცებული. გაგანია ცეკვა-თამაშის დროს ის ოთახში იჯდა ხოლმე. დღესაც ვერ მიმხვდარა, ასე რატომ “გაანაწილეს”: “ეგ კი არა, მესაფლავეებადაც ჩვენ მივდიოდით. მაგაში ფულს ვინ გადაუხდიდა ადამიანს. ომის დროს ოცი საფლავი მაინც მექნება გათხრილი”.

სად, რომელ მოთხრობაში რომელი ამბავი და კადრი გაცოცხლდა, ეს გელას მკითხველმა გამოიცნოს. ჯერჯერობით ყველა ამბავი არც დაუწერია. სიუჟეტი რომ მოაფიქრდება, უცებ, ტელეფონში ჩაინიშნავს ხოლმე – მთავარია, არ დაავიწყდეს. დავიწყებით ტელეფონის ნომრები, დაბადების დღეები და სხვა მსგავსი თარიღები ავიწყდება, თორემ, ბამბუკების და აკაციების ტევრს სოხუმის ერთ-ერთ ქუჩაზე, აი, გორას რომ ეძახდნენ, რა დაავიწყებს.

“- რაზე დარდობ ხოლმე?

- ძალიან რომ გაჭიანურდეს ეს დაბრუნების პროცესი, სახლი აღსადგენია და სანამ ახალგაზრდა ვარ, მინდოდა მომესწრო.

- მიზნები?

- სანამ ბავშვები სკოლაში წავლენ, სოხუმში დავბრუნდები მეთქი. ეს ადრე, ახლა აღარ ვიცი.

- და ღმერთი?

- სამართლიანია ღმერთი… მაგრამ მას ჩემისთანა უბრალო კაცი რას გაუგებს? ნიჭი უნდა მის შემეცნებას. შემეცნება კი ლოგიკის დაჭერაა. გააჩნია, ვინ როდის იჭერს ამ ლოგიკას. მე, ამ გზაზე, ალბათ, სადღაც შუაში ვარ.

- რამეს ნანობ?

- ხანდახან კი ვნანობ ხოლმე რუსეთში რომ არ წავედი. ჩემი პირველადი პროფესია ფილოლოგიაა, მაგრამ მშენებელიც ვარ. ყველაფერის კეთება ვიცი.. შეიძლება კიდეც წავიდე.

- უფრო მეტს წერ თუ უფრო მეტს კითხულობ?

- წერით სულ ვწერ, ნარკოტიკივითაა. ვერ შეეშვები. კითხვა კი… ადრე უფრო ბევრს ვკითხულობდი. თან არათანმიმდევრულად, არეულად. “პეპი გრძელიწინდა” ისე პატარამ წავიკითხე, რომ სიუჟეტი საერთოდ არ მახსოვს.


ამ დილით ვნატრობდი – ერთი სოხუმური სიგარეტი “კოსმოსი” მომცა და კიდევ, ნეტავ, ფოლკნერი არ მქონდეს წაკითხული მეთქი. მისი “სოფელი” რომ წავიკითხე პირველად, შოკში ჩავვარდი: ვკითხულობდი ფოლკნერს და ნამდვილ მეგრულ სოფელში ამოვყავი თავი. ჩეხოვი მიყვარს კიდევ ძალიან.

თანამედროვეებს ნაკლებად ვკითხულობ. განსაკუთრებით ე.წ. ინტელექტუალური პროზა არ მომწონს. კუნდერა მაჩუქეს ამასწინათ, ვერა რა! ძალიან ბევრი ფილოსოფიაა შიგ. ბევრს ლაპარაკობენ.

პენ-მარათონის გამარჯვებული და ლიტერატურული პრემია “საბას” ლაურეატი გელა ჩქვანავა ამბობს, რომ წარმატება მასაც სიამოვნებს, ერთი, ორი და ხანაც სამი დღე. მერე ნაბახუსევზე გამოდიხარ და მთავრდება… არ მთავრდება მხოლოდ ის, რაც გელას ყველაზე მეტად აკლია:

“კაფე. აი, ისეთი კაფე, ათასი პრობლემით და უფულობით და უშუქობით გაწვალებული რომ გახვალ სახლიდან და თავს შეაფარებ. “ლედნიკი” მაკლია”…

მეც ისე დავამთავრებ გელაზე დღეს, როგორც თვითონ დაამთავრა ერთ-ერთი თავისი ყველაზე კოლორიტული მოთხრობა მე-14-ე ა კორპუსი: “ასე იყო ეს ამბავი, “დინასტიასავით” დალაგებული და სწორხაზოვანი ვერ არის მთლად, არც “ფორსაიტების საგაა”, მაგრამ ჩვენში რომ დარჩეს, ხომ იკითხება გვარიანად? ჰოდა, გადაწყვეტილი მაქვს სერიალი გადავიღო, სინოფსისი მზად მაქვს როგორც ხედავთ. მხოლოდ სოხუმში დაბრუნებაღა დარჩა.”


წყარო – http://lib.ge/body_text.php?5319
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გელა ჩქვანავა   Fri Feb 18, 2011 2:13 am

გელა ჩქვანავა

იავნანამ რა ჰქმნა

გამოქვეყნებულია: 15 აგვისტო, 2009 - 21:58

ბაგი დარასელიამ, წმინდად წვერგაპარსულმა პენსიონერმა, სრული პიჯაკის სახელოები ხელების ზურგს მთლიანად რომ უფარავდა, ახალგაზრდა გამომძიებელს თაბაშირში ჩასმული, კისერზე ჩამოკიდებული ბინდისავე კოხტა მარყუჟში გაყრილი დაბინდული ხელი შეუთვალიერა, შემდეგ მზერა საფერფლეში ჩაჭყლეტილ სიგარეტის ნამწვებზე გადაიტანა.
- ძალიან ბევრს ეწევით, პატივცემულო, - შენიშნა ბაგიმ. - ჩემი ბიჭებიც ეწევიან, ორივე. ვერაფრით გადავაჩვიე.
- თემას ნუ გადავუხვევთ! - მკაცრად შენიშნა ახალგაზრდა გამომძიებელმა.
- რასაც ვლაპარაკობთ, ყველაფერს იწერს ეს გოგო? - ოციოდ წლის სტენოგრაფისტზე მიანიშნა ბაგიმ გამომძიებელს.
- ყველაფერს, რაც საჭიროა! - დაუმოწმა გამომძიებელმა და ყვითელი სანთებელა, აქამადე ხელში რომ ათამაშებდა ნერვიულად, სიგარეტის წითელ კოლოფს დაადო ზემოდან კოხტად და პროპორციულად.
- ასწრებს მერე? - გაოცება და თანაგრძნობა ერთდროულად გაუკრთა ხმაში ბაგის.
- ასწრებს! - ცივად მოუჭრა გამომძიებელმა და ისევ სანთებელასკენ წაღებული ხელი შუა გზიდან მოაბრუნა.
- ყოჩაღი გოგოა, ეტყობა! - დაასკვნა ბაგიმ. - ყოჩაღები არიან იურისტები საერთოდ!
- ეს გოგო იურისტი არ არის, სტენოგრაფისტია!
- ნეტავი იმ ოჯახს, რომელშიც ეს გოგო შევა... თქვენ დაოჯახებული იქნებით, რა თქმა უნდა! - თვალები მოწიწებით მიაპყრო ბაგიმ გამომძიებელს.
- არა, ვინ გითხრათ! - რატომღაც საწყენად მიიღო ეს უწყინარი კითხვა გამომძიებელმა. - საქმეს დავუბრუნდეთ. ასეთი არხეინი არ ვიქნებოდი თქვენს ადგილას!
- როგორ მინდოდა ჩემი ბიჭები იურისტები გამოსულიყვნენ! - თავისას განაგრძნობდა ბაგი. - იურისტები რომ ყოფილიყვნენ ჩემი ბიჭები, რძლები ექიმები მეყოლებოდა და როცა დამჭირდებოდა, თუ არ მომარჩენდნენ, სწორ დიაგნოზს მაინც დამისვამდნენ. სწორი დიაგნოზის დასმაა მთავარი. თუ დიაგნოზი სწორია, დანიშნულებაც სწორია. აი, ღვიძლი რომ ამტკივდა, სულ სვადასხვა დიაგნოზი დამისვეს ექიმებმა...
გამომძიებელმა სანთებელა აიღო და ბაგიც მიხვდა, რომ უნდა გაჩუმებულიყო.
- თუ ხვდებით, დასაჭერად რომ გაქვთ საქმე? - შინაურულად ჰკითხა გამომძიებელმა.
- გამომიშვებენ! - გლეხური თავდაჯერებით მიუგო ბაგიმ. - გადაურეკავენ ჩემს ბიჭებს რუსეთში და როგორ ფიქრობთ, ისინი მამას ციხეში დატოვებენ?... თქვენც მიიღებთ თქვენსას, თუ არ გამაწვალებთ და მთავარ გამომძიებელთან მიმიყვანთ პირდაპირ.
- დააფიქსირეთ ოქმში!.. ქრთამის შეძლევა! - სტენოგრაფისტს უკანმოუხედავად ესროლა გამომძიებელმა.
- ეხ-ხ!.. ახალგაზრდა ხარ შვილო და შენი გგონია ქვეყანა! - გულწრფელად შეიცოდა ბაგიმ გამომძიებელი.
- აბა შენი და შენი ბიჭებისაა, რომლებიც ვინ იცის რა გზით შოულობენ ფულს მოსკოვში?!
- ჩემი ბიჭები, ჩემი, ბაგი დარასელიას გაზრდილია და ცუდს არასოდეს იკადრებენ! - თქვა ბაგიმ. - ჩემს სიძეს რომ გაუჭირდა, მაშინვე გამოიყვანეს ციხიდან - ერთადერთი დის ქმარს როგორ მივატოვებთ გასაჭირშიო...
- ის თუ არის დაფიქსირებული ოქმში, სიძე გაფლანგვისთვის რომ იჯდა? - ჰკითხა გამომძიებელმა სტენოგრაფისტს.
- თქვენ ხომ მანიშნეთ არ გინდათო? - მიუგო სტენოგრაფისტმა. - შეგეცოდათ მაშინ გულუბრყვილობისათვის...
- ახლა დააფიქსირეთ რასაც სიძეზე იტყვის, იყოს მაინც ოქმში ყოველი შემთხვევისათვის!
- სიძეზე არაფერს ვიტყვი! - გაბრაზდა ბაგი. - მე თქვენ მართლა სულელი ხომ არ გგონივართ?!.. თქვენ რა, რახან იურისტი ხართ, სხვებზე ჭკვიანი გგონიათ თავი?.. ჩემი სიძის მამა, თუ გინდათ იცოდეთ, ვეტექიმი იყო თავის დროზე, მთელს რაიონში დაფასებული...
- ...და თქვენ რატომ ესროლეთ თორმეტკილოიანი ბრინზა ყველი მოქალაქე პარმენ გოგიას? - საქმეზე გადავიდა გამომძიებელი.
- ერთხელ უკვე ვთქვი რატომაც, მეორეჯერ არ გავიმეორებ! - ამაყად განაცხადა ბაგიმ და სტენოგრაფისტ გოგოს მიუბრუნდა. - ცეცხლივით ბიჭები მყავს და ყველას შურს ჩემი. ხმას უვრცელებენ სოფელში, იქ, რუსეთში ცუდ წრეში არიან გარეულებიო. მიმოზასაგან მოდის ეს ყველაფერი, ძალიან უმაქნისი ბიჭი ყავს... იცით რა რემონტი გავაკეთე სახლში? ვანა-ტუალეტი შიგნით მაქვს, გარეთ გასვლა არაფერზე დაგჭირდებათ...
- ესე იგი, მოქალაქე პარმენ გოგიას იმიტომ ესროლეთ ყველი, რომ უშნოდ გაგიღიმათ, ასე არ არის? - ჰკითხა ბაგის გამომძიებელმა.
- მაგისთანა ღიმილი არვისთვის არ უპატიებია ჩემს გვარსა და ჯიშს! - მაგიდაზე გაშლილი ხელი დადო ბაგიმ.
- ესე იგი, პარმენ გოგიას თქვენი ბიძაშვილი ყავდა ცოლად და მიატოვა. მას მერე პარმენ გოგია არ გინახავთ დღევანდელ დღემდე. დღეს კი ბაზარში ნახეთ და მან "უშნოდ" გაგიღიმათ. რას გულისხმობთ მაინც უშნო ღიმილში - დაცინვას, გამოწვევას თუ კიდევ სხვა რამეს?
- ვთქვი მე, გადავიხდი იმ ყველის ფულს-მეთქი. პარმენ გოგიას კიდევ, თუ საჩივარი არ გამოიტანა მილიციიდან, მოკლავენ ჩემი ბიჭები. აი, ნახავთ თუ არა. ჩემი ბიჭები ისე გავზარდე, რომ მამის შეურაცყოფას არავის აპატიებენ. ჩემი დაჭერის ამბავი რომ გაიგონ, მაშინვე აქ გაჩნდებიან!
- თუ ასეა და თუ მართლა მაშინვე აქ გაჩნდებიან, გაიგონ, თქვენთვის უკეთესი არ არის? - გაეღიმა გამომძიებელეს. - თქვენ არ ამბობდით, ოთხი წელია არ მინახავს, ჩამოსასვლელად ვერ იცლიანო? დაარეკინეთ დაჭერილია მამათქვენი-თქო და ჩამოვლენ და შვილებსაც ნახავთ!
- გავიდეს ეს გოგო ხუთი წუთით, საქმე მაქვს თქვენთან! - საქმიანი გამომეტყველება მიიღო ბაგიმ.
- ქრთამი უნდა შემაძლიოთ? - დამცინავი ღიმილისაგან თავი ვერ შეიკავა გამომძიებელმა.
- რას მეთამაშება ეს ბიჭი, რომ მეთამაშება?! - თავისი აღშფოთება სტენოგრაფისტს გოგოს გაუზიარა ბაგიმ. - ბაგი დარასელიასთვის არავის დაუცინია ჯერ ამქვეყნად!.. იცით თუ არა თქვენ, როგორ ეხვეწებოდა პარმენი ბიძაჩემს, შვილი გამომატანეო?!.. იცით თუ არა-მეთქი, გეკითხებით! მე თვითონ იქ ვიყავი მაშინ. ძმაკაციც მოყვა ერთი, ქალის სახელი ერქვა იმ კაცს. პოეტი ვარო, ამბობდა და თურმე ჟესტიანშიკი ყოფილა. ნაქირავები "პობედით" ამოვიდნენ ბიძაჩემთან სოფელში ის და მაგის ძმაკაცი. მიგრძნობს გული, ან სულ მთლად ამაშენებს, ან სულ მთლად დამაქცევს ეს კაციო, თქვა მაშინ ბიძაჩემმა და აუხდა კიდეც ნათქვამი მეტი რომ არ შეიძლება ისე ცუდად - ქალიშვილის გამოთხოვებამ მოუღო ბოლო, ერთ წელიწადში გულით მოკვდა ჯანმრთელი კაცი. ამ დილით კიდევ, სოფლიდან რომ მოვდიოდი, სასაფლაოს რომ ჩავუარეთ ავტობუსით, ბიძაჩემი გამახსენდა, თითქოს გულმა მიგრძნო მაგის მკვლელი და მისი ოჯახის დამაქცევარი რომ უნდა მენახა. მთელი გზა ბიძაჩემზე ვფიქრობდი, ჭიანჭველას არ დაადგამდა ფეხს... აი, თქვენ, პატივცემულო გამომძიებელო და თქვენც...
- ლია მქვია, - წაეშველა სტენოგრაფისტი გოგო.
- ბიძები ხომ გყავს ლია, შვილო, მამის მხრიდან?
- საქმეზე ვილაპარაკოთ! - მკაცრად გააფრთხილა გამომძიებელმა ბაგი.
- აბა მე რაზე ვლაპარაკობ? - გაოცდა ბაგი. - შენ თუ გყავს ბიძა, პატივცემულო გამომძიებელო?
გამომძიებელმა კითხვა უპასუხოდ დატოვა. მაგიდიდან სიგარეტი აიღო, ფანჯარასთან მივიდა და რაფაზე ჩამოჯდა მოხერხებულად.
- რატომ ესროლეთ ყველიო, რომ მსაყვედურობთ თქვენ, რაც ხელში მომხვდა ის ვესროლე. თოფი რომ მქონოდა, თოფს ვესროდი, ზარბაზანი რომ მქონოდა - ზარბაზანს!
- ჩავწერო? - მცირე პაუზის შემდეგ იკითხა სტენოგრაფისტმა.
გამომძიებელი რაფიდან ჩამოძვრა, ფანჯრისკენ შეტრიალდა, თითები რაფაზე აათამაშა, თან ხელის ზურგზე დაიხედა, თითქოს იმის წარმოდგენას ცდილობდა, როგორი შესახედავი იქნება, მასაც ბაგივით სრული პიჯაკი რომ ცმოდა, რომლის სახელოები ლამის თითების სახსრებამდე ექნებოდა ჩამოშვებული.
- არ ჩაწეროთ, - თქვა გამომძიებელმა.
- ქვევრი აჩუქა იმ უხსენებელმა ბიძაჩემს, როცა ახალი სიძე იყო. ამოთხარეთ ის ქვევრი და ხევში გადააგდეთო, დაიბარა ბიძაჩემმა სიკვდილის წინ, - თქვა ბაგიმ.
- ამოთხარეთ? - იკითხა გამომძიებელმა.
- არა. თავიდან მაგისთვის ვის ეცალა, მიცვალებული უნდა დაგვეტირა. მერე დარჩა და დარჩა!
- რას წერ? - ჰკითხა გამომძიებელმა სტენოგრაფისტს.
- არაფერს არ ვწერ, ჯვრებს ვხატავ საშრობზე, - გამოეპასუხა სტენოგრაფისტი.
- ჩემი გოგოც წერდა, ოღონდ დღიურებს, სანამ გათხოვდებოდა. რამდენი არ ვთხოვე, დამიტოვე, წავიკითხავ როცა მომენატრები-მეთქი, მაგრამ არ ქნა, - თქვა ბაგიმ და სტენოგრაფისტს გაუღიმა. - თქვენც ხომ წერთ დღიურებს?
კითხვამ სტენოგრაფისტი გააწითლა.
- სხვისი დღიურების წაკითხვა არ შეიძლება, - მორიდებით შენიშნა მან და ისევ გაწითლდა.
- არც საკუთარი შვილის? - გაოცდა ბაგი.
- რა დღიურებზეა ლაპარაკი, თუ ღმერთი გწამთ, მთელი დღე აქ წერს ოქმებს და სახლში მისული პასტის და ფურცელის დანახვაზე ალბათ ცუდად ხდება! - შენიშნა გამომძიებელმა და სტენოგრაფისტი კეთილი ღიმილით დაასაჩუქრა.
- ღვინო ასხია იმ ქვევრში, - თქვა ბაგიმ. - ჯერ კიდევ იმ დროიდან დარჩენილი, როცა ის უხსენებელი ბიძაჩემის სიძე იყო. გავსინჯე ამ ოთხი წლის წინ. დამაინტერესა უბრალოდ. არაფერი დამილევია ჩემს ცხოვრებაში უკეთესი. სხვა სამი ქვევრი მსხლის ხის ფესვებს გაუბზარავს, იმ უხსენებელის ნაჩუქარი კიდევ მთელი დარჩენილა. შევავსე ნაკლული, ზევიდან ორნახადი არაყი დავასხი და ფიჭით ამოვუგლისე ისევ თავი. დალევით მაინც ვერ დავლევდი, ღვინოს დაქცევა კიდევ არ შეიძლება. ამ დილით ავტობუსში, ბიძაჩემი რომ მომაგონდა რატომღაც-მეთქი, რომ გითხარით, იმ ღვინოზეც ვიფიქრე ბევრი, ნეტავ ვინ უნდა დალიოს-მეთქი. თქვენ როგორ გგონიათ, ვინ უნდა დალიოს ის ღვინო?
- მაინც რამდენი წლის იქნება? - მეტი კონკრტიკა მოითხოვა გამომძიებელმა ხმაგამკაცრებულად. სტენოგრაფისტმა ნაცნობი, ნათქვამის დაფიქსირების მომწოდებელ ნაცნობ ნოტებს მიამგვანა გამომძიებლის ხმაში გარეული მოჩვენებითი ფოლადი და საწერად მოემზადა, მაგრამ თვითონ გამომძიებელს რომ შეხედა, ისევ ჯვრების ხატვა განაგრძო.
- ოცდარვისაზე მეტის! - თქვა ბაგიმ. - ჩვენ, დარასელიები, მაგ ღვინოს ვერ დავლევთ, არ შეგვერგება! დაე, იმათ დალიონ, ვისაც შეხვდება, თუნდაც ღვინის ქურდებმა-მეთქი, ვიფიქრე ამ დილით. არ იცის სოფელმა, თორემ არ გააჩერებდნენ ამდენი ხანი.
- სხვა ქვევრში გადაასხით და ისე დალიეთ, - შესთავაზა გამომძიებელმა.
- მტერს სხვა ტანსაცმელი რომ ჩააცვა, იქცევა მოყვრად? - საკუთარი ექსპრომტად გამოთქმული აფორიზმი პირველმა თვითონ დააფასა თავმომწონე ღიმილით ბაგიმ.
- ღვინო ხომ ბიძაშენის დაყენებულია? - თავმომწონე ღიმილი ბოლომდე არ შეარგო გამომძიებელმა. - ადექით და დალიეთ თქვე დალოცვილებო!
- იმ უხსენებელის ქვევრში ხომ არის დაღვინებული?! - წინადადება დაუფიქრებლად უარყო ბაგიმ. - ბიჭი არ მყავს და ბიჭი შემეძინაო, ამბობდა ბიძაჩემი იმ უხსენებელზე... უყვარდა გულწრფელად.
- უიარაღო ხომ გაქვთ წაკითხული, ხვიჩაზე და გოჩაზე რომაა?.. კინოცაა, "მამლუქი".
- ძალიან კარგი კინოა. ჩემს უფროს ბიჭსაც ხვიჩა ქვია. ცეცხლივით ბიჭია, რომ იცოდეთ!
- ჰოდა, ვთქვათ და, ხვიჩა და გოჩა არ მოკვდნენ, როგორც კინოშია ან წიგნშია, გადარჩნენ და მივიდნენ ხელიხელჩაკიდებულები თავიანთ მშობლებთან. როგორ ფიქრობთ, არ უნდა მიიღონ მშობლებმა ისინი ღვიძლ შვილებად, იმიტომ რომ მტრის ქვეყანაში არიან გაზრდილები? - კუთხეში მიიმწყვდია გამომძიებელმა ბაგი და ახლა თვითონ გაიღიმა თავმომწონედ. - ქვევრს, ანუ გამზრდელს რა მნიშვნელობა აქვს, როცა ღვინის დამყენებელი, ანუ მისი შემქმნელი თქვენიანია!
ბაგი დარასელია ასეთმა მტკიცე არგუმენტმა დააბნია და დააფიქრა.
- "იავნანამ რა ქმნაშიც" ხომ იბრუნებენ შვილს? - მორიდებულად შენიშნა სტენოგრაფისტმა.
- ქეთოზე რომაა, ხომ?.. ეგეც ნანახი მაქვს, - მოწურული მხრები ისევ გაშალა ბაგიმ. - ქეთო დაარქვა თავის პირველ გოგოს ჩემმა სიძემ, ჩემი გოგოს ქმარმა...
- აი ხომ ხედავთ! - უთხრა გამომძიებელმა.
- თქვენს ბიძაშვილს ხომ ყავს შვილი დაზარალებულისგან? - მორიდებულად ჰკითხა ბაგის სტენოგრაფისტმა.
- არა, არ ყავს!
- აბა, მარტოხელა დედააო, რომ თქვით? - პირზე დაადგა სტენოგრაფისტი.
- რომ გამოთხოვდა მერე აიყვანა შვილი გასაზრდელად. ერთადერთი შვილი ვარ, თანაც გოგო, ბიჭი არ რჩება მამაჩემს მემკვიდრედ და ვიშვილებ ბიჭსო. მამამისის სახელი დაარქვა. სინდისის ქენჯნის ამბავიც იყო, რა თქმა უნდა. რატომ მკითხეთ?
- შვილიშვილის ქორწილში შეიძლება გაიხსნას ქვევრი-მეთქი, ვიფიქრე, - მიუგო სტენოგრაფისტმა.
- გამორიცხულია! - თქვა ბაგიმ. - ჩვენი გვარისთვის არ შეიძლება იმ ღვინის დალევა!.. ბავშვს ვერ აჩენო, ეს მოსდო შარად ჩემს ბიძაშვილს იმ, რა ქვია მაგას... დაზარალებულმა. არადა, პირიქით იყო, როგორც მერე გამოირკვა!
- იქნებ გაფუჭდა ის ღვინო. ქვევრი რომ გაიხსნება, თუ მაშინათვე არ გადაისხა სხვა ჭურჭელში, ფუჭდება ღვინოო, გამიგია! - თქვა გამომძიებელმა.
- არ არის ღვინო გაფუჭებული. ძროხის შპრიცით ამოვიღე და გავსინჯე! - გამოტყდა ბაგი. - რამდენ გრამი ღვინო ამოვიღე ზუსტად იმდენი არაყი შევუშვი ისევ იმავე შპრიცით. არაყი ღვინოზე მსუბუქია და ზევიდან ტივტივებს! არ არის ღვინო გაფუჭებული, თავს დავდებ თუ გინდათ!
- რომელი შპრიცით ამოიღეთ, თქვენი ვეტექიმი მძახალის შპირცით? - დაინტერესდა გამომძიებელი.
- არა, სხვა შპრიცით. რა ხართ მაინც ეს გამომძიებლები, არაფერი გავიწყდებათ!
- არ გვაქვს უფლება რომ დაგვავიწყდეს. ჩვენ რომ რამე დაგვავიწყდეს და ოქმებში დაფიქსიერებული ფაქტებიდან გამომდინარე არ გავაკეთეთ დასკვნები, ხომ დავიღუპებით! ცოტაოდენი გადახრა და მაშინვე მიკერძოებაში ჩაგვეთვლება და ეჭვის თვალით შემოგვხედავენ, ქრთამი აიღოო, იფიქრებენ. - თქვა გამომძიებელმა. - თქვენ რა იცით, დაზარალებული უნაყოფო იყო თუ არა?
- მეორე ცოლისაგანაც არ ყოლია შვილი და იქიდან! - თქვა ბაგიმ.
გამომძიებელმა ყვითელი სანთებელა კისერზე მარყუჟით ჩამოკიდებული დაბინდული ხელის თაბაშირზე დააკაკუნა.
- ბანდიტების ტყვიაა? - დაბინდულ ხელზე ჩაეკითხა ბაგი. - "ბანდიტსკაია პულიაო", რომ იტყვიან, ის არის?
- სამსახურებრივი ტრავმაა! - მოკლედ მოუჭრა გამომძიებელმა და მაგიდას მიუჯდა. - რამდენი ღვინო ასხია იმ ქვევრში?
- ათკოკიანი ქვევრია. კოკაში ოცდაოთხი ლიტრაა. ორასორმოცი ლიტრა გამოდის, - თქვა ბაგიმ.
- ჩავჯდებით ახლა მე და შენ ჩემს მანქანაში, წავალთ შენს სოფელში, მივადგებით ბიძაშენის სახლს, ვნახავთ იმ ქვევრს და თუ ის, რაც შენ ილაპარაკე, მართალი გამოდგა, ხომ კარგი, თუ არადა, გახეხინებ ციხეს! - ძალიან მშვიდად უთხრა გამომძიებელმა ბაგის და სიგარეტს მოუკიდა. - თუ ღვინოს შევატყვე რომ მართლა ძველია, ორას მანეთს მოგცემ ნაღდ ფულად!
- ისედაც გაჩუქებთ, ბატონო! - შეაგება ბაგიმ.
- არავითარ შემთხვევაში! - ძალიან მკაცრად დააკაკუნა მაგიდაზე სანთებელა გამომძიებელმა. - მე ქრთამს არ ვიღებ!
- არც მიკადრებია, ქრთამი აიღეთ-მეთქი! - დაიბნა ბაგი.
- ჩვემ იურისტებს არაფერი გამოგვეპარება! - ღრმა ნაფაზი დაარტყა გამომძიებელმა. - თქვენ ჩემზე იფიქრეთ, ეს ცალხელა კაცი საჭეს ვერ მიუჯდება, სოფელში წასვლა გამოსაცდელად მითხრა - იმაში დასარწმუნებლად, მართლა არსებობს ის ღვინო თუ არა, მერე ადგება და მეტყვის, აქეთ მომართვი ღვინოოო, ასე არ არის? სხვა ღვინოს შემოპარებაც შეიძლება ამ შემთხვევაში, ტყუილს ვამბობ?
- როგორ გეკადრებათ, ბატონო! - აღშფოთების გამოსახატავად სრული პიჯაკის ზედიზედ ორჯერ გასწორება არ ეყო ბაგის. - არასოდეს უთქვამს ბაგი დარასელიას ტყუილი და ამ სიბერეში რა ათქმევინებდა!.. ახლავე წავიდეთ, მაგრამ ფულს ნუ შემომთავაზებთ ღვინოში, არ ავიღებ მაინც! ოცდარვა წელზე მეტია იმ ღვინოს არ გავკარებივართ დარასელიები და ფულს ავიღებ, როგორ გგონიათ?
გამომძიებელი თაბაშირში ჩასმულ საკუთარ ხელს დააცქერდა.
- აბა, მართლა არსებობს ოცდარვა წლის ღვინო? - იკითხა მან და სტენოგრაფისტ გოგოს შეხედა.
- შვილებს გეფიცებით, ხვიჩას და კაჯის და, შვილიშვილებსაც, ქეთის და უმცროს ხვიჩას! - ფიცი მაგიდაზე ხელის დატყაპუნებით წარმოთქვა ბაგიმ.
გამომძიებელი ისევ სტენოგრაფისტ გოგოს მიაჩერდა, სტენოგრაფისტმა კი დაკითხვის ოქმში ჩაიხედა, თითქოს იქ უნდა ამოიკითხოს პასუხიო.
- შეიძლება ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი, რომ თქვენ მოგცეთ ის ღვინო! - თქვა ბაგიმ. - რომც არ გამიშვათ მაინც გაჩუქებთ იმ ღვინოს. სულ ერთია, ჩემი ბიჭები მაინც გამომიყვანენ აქედან, აგერ ნახავთ თუ არა!.. ოღონდ ამ ღვინოს ამბავი ჩვენ სამს შორის უნდა მოკვდეს. არც ჩემმა ბიჭებმა და არც ჩემმა სიძემ არ იციან მაგ ღვინის ამბავი. ახალგაზრდები არიან, რაც არ უნდა იყოს, შეიძლება ცდუნებისთვის ვერ გაეძლოთ და ბიძაჩემის წყევლა არ ასცდებოდათ მაშინ!
- აბა მე დაწყევლილ ღვინოს მტენი?! - აღშფოთდა გამომძიებელი.
- სიტყვას მოჰყვა, თორემ ღვინო კი არ დაუწყევლია ბიძაჩემს, ქვევრზე თქვა, გადაუძახეთ ხევშიო. კაცი სიკვდილის წინ რომ დაიბარებს, გადაუძახეთ ქვევრს ხევშიო, ასე გამოდის, რომ იმ ქვევრიდან ღვინო ჩვენი გვარის კაცს არ დაელევა. აი თქვენთვის კი ნამდვილად ალალი იქნება. ხომ გითხარით, ალბათ ღმერთმა გამომიგზავნა თქვენი თავი-მეთქი?
- დაზარალებულისაც? - გესლიანად იკითხა გამომძიებელმა.
- შეიძლება!.. იმიტომ რომ, ის უხსენებელი დაზარალებული რომ არ ყოფილიყო, ვერც თქვენ შეგხვდებოდით...
- ორას მანეთს მოგცემ ნაღდ ფულს იმ ღვინოში, თუ არ აიღებ ჩაგალპობ ციხეში! - თქვა გამომძიებელმა. - თუ მატყუებ, მაშინაც ჩაგალპობ!
- ვერ ავიღებ მე ფულს! რა სინდისით დავუნთო მერე ბიძაჩემს სანთელი საკურთხზე, ან როგორი თვალით შევხედო, როცა იმქვეყნად შევხვდებით ერთმანეთს?!
- აი ამ ხელებით მოგახრჩობ, თუ არ აიღებ! - კბილებიდან გამოსცრა გამომძიებელმა და ბაგი დარასელიას ჯერ საღი ხელი აჩვენა, შემდეგ თაბაშირში ჩასმულიც.
- არ ავიღებ! - თქვა ბაგიმ. - ბიძაჩემის სული არ მაპატიებს!
- მე კიდევ გჭირდებით, თუ შემიძლია წავიდე? - გაუბედავად იკითხა სტენოგრაფისტმა გოგომ.
- წადი, მაგრამ არ გაინტერესებს მაინც, როგორ დამთავრდება ეს ამბავი? - გაოცება ვერ დამალა გამომძიებელმა.
- ის ფული, ღვინოში რომ სთავაზობთ ეჭვმიტანილს, აიღეთ და დაზარალებულს მიეცით კომპენსაციად ეჭვმიტანილის სახელით, ისიც ადგება და საჩივარს გამოიტანს. მერე თქვენც ადექით და იჩუქეთ ის ღვინო და მერე მეორე ოცდარვა წელი მაინც დაგრჩებათ მოსაგონრად და სატრაბახოდაც მისი გემო! - უპასუხა სტენოგრაფისტმა გოგომ და მისი კდემისთვის შეუფერებელი თავდაჯერებულობით გაიღიმა.

© „ლიტერატურა – ცხელიშოკოლადი“
http://vinoge.com/marnis-proza/gela-Cqvanava-iavnanam-ra-hqmna
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გელა ჩქვანავა   Fri Feb 18, 2011 2:16 am



გელა ჩქვანავა

პიანინოს სკამი, ანუ შემოდგომის ესკიზი

ყრუ-მუნჯი მამაკაცი პიანინოს ტრიალა სკამზე იჯდა ვაზის ტალავერქვეშ. ეტყობა უქმად ყოფნას არ იყო მიჩვეული, იჯდა და თვალები აქეთ-იქეთ გაურბოდა. მისი ქალიშვილი პროფესიონალი დალაქივით ხმარობდა მაკრატელს.
- რა ოხრობად მოათრიე ეგ სკამი, ნიავიც კი გატრიალებს და მეშინია ყურები არ მოგაჭრა! - უსაყვედურა ცალკე მამისა და ცალკე სკამის დაუდგრომლობით გაბრაზებულმა ქალმა, - ნორმალურ სკამზე ვერ დაჯდები?!... რომელი პაგანინი შენ მყავხარ!
მამაკაცი მაშინათვე მიხვდა, რომ რაღაცა უთხრეს. სველი, თამბაქოსფერი თვალები მიაპყრო ქალიშვილს. ქალმა მამის თავი ხელების ენერგიული მოძრაობით დაუბრუნა საწყისს მდგომარეობას, დაიხარა და ტრიალა სკამის ხრახნიანი სადგარის ფიქსატორს გადაუჭირა.
ესტატე სწორედ სკამის წასაღებად მოსულიყო, ახალი მეზობლების საზიარო ღობესთან იდგა და ყოველივე ამას შორიდან შესცქეროდა. უნდოდა დაეძახა, მაგრამ გაბრაზებული ქალის მოერიდა, ამ დროს ასთმის შეტევამაც წამოუარა და სახლისკენ წავიდა.
მოგვიანებით, ვაჟიშვილის მეგობართან რომ მიემართებოდა ვალის ამოსაღებად, გზაზე ყრუ-მუნჯს გადაეყარა.
ყრუ-მუნჯი კმაყოფილი ჩანდა ახალი ვარცხნილობით. ჭკვიანი და მოძრავი თვალები ჰქონდა და მისთვის ჯერ კიდევ უცნობი მეზობლების სახლებს ათვალიერებდა გასტრონომიდან მომავალი. გზა გადაუჭრა, ყურებამდე გაღიმებული დაუდგა წინ და მაშინვე ინანა, რომ გააჩერა, რადგან მიხვდა, სათქმელს ვერ ავუხსნიო.
- მისმინე! - უთხრა და ხანგრძლივი გაღიმებისაგან დაღლილი მიმიკა ისევ გასაღიმებლად მომართა, - დღეს რომ იჯექი პიანინოს ტრიალა სკამზე, - ოდნავ ჩაჯდა და გავა გააქან-გამოაქანა, თითქოს ტრიალა სკამზე ზისო და თითებიც ისე აათამაშა, თითქოს პიანინოზე უკრავდა, - ჰოდა, ჩემი სკამია ის სკამი! - ხელი მკერდზე მიიდო და ისევ გაუღიმა, უფრო სწორად ტუჩები გაწელა და კბილები გამოაჩინა.
ყრუ-მუნჯს სველ თვალებში ძაღლური ერთგულება ჩაუდგა და თავის ქნევას მოჰყვა - ეგონა მსუქან მწყერებზე სანადიროდ მეპატიჟებიანო.
მოსწავლის ფორმის შარვალი ემოსა, ფეხებზე ჩინური კედები ეცვა და თვითონაც თხუთმეტი წლის მოზარდს გავდა არა მარტო ტანმორჩილობის გამო, რაღაცა ბავშვურიც იყო მასში - შეიძლება გულწრფელი გაოცების უნარი.
- თქვენ რომ იყიდეთ სახლი, იმ სახლის პატრონი ქურდბაცაცა იყო... ომმა გააგიჟა, ვიეტნამის ომმა და კლეპტომანია ჭირდა... - სიტყვა კლეპტომანია დამარცვლით წარმოთქვა, იმიტომ კი არა, რომ ყრუსთვის გაეგონებინა, იმიტომ რომ თვითონაც გაჭირვებით წარმოთქვამდა ამ სიტყვას, - ყველაფერს იპარავდა ძაღლის ქაქიდან დაწყებული და თოვლით დამთავრებული, თუკი მეზობლის ეზოში წააწყდებოდა... ჰოდა, ჩემი პიანინოს სკამიც მაგის მოპარულია! - ისევ გააქან-გამოაქანა გავა მუხლებში ოდნავ მოხრილმა და თითებიც აათამაშა.
ყრუ-მუნჯი ხელებით რაღაც ნიშნების გამოყვანას შეუდგა. პური იღლიაში ამოეჩარა და თავდავიწყებით იქნევდა ხელებს იდაყვს ქვემოთ. სველი თვალები სიყვარულით მიაპყრო მოსაუბრეს.
ესტატე ნაჩქარევად დაემშვიდობა ყრუ-მუნჯს და გზა გააგრძელა. მოსახვევთან უკან მოიხედა და ნახა, რომ ახალი მეზობელი ისევ იქ იდგა სადაც დატოვა, მთელი ტანით შემოტრიალებულიყო მისკენ და ხელიც დაუქნია.
ვაჟიშვილის მეგობარი შინ არ დახვდა, დედამისმა კი ლეღვი და არაყი გამოუტანა.
- ხომ იცით, რომ ასთმიანი ვარ და ვერ დავლევ! - უთხრა ესტატემ დიასახლისს.
დიასახლისმა ამოიოხრა.
- თქვენს შვილს რომ კარგი მეგობრობა გაეწია, ჩემი შვილი არ გალოთდებოდა!...- თქვა ქალმა და სანამ ის საუბარს გააგრძელებდა, ახლა ესტატემ ამოიოხრა, იმის ნიშნად, რომ მასპინძელს თანაუგრძნობდა, - მაგრამ, ეტყობა, ვერაფერს გახდა ჩემს შვილთან და თავი გაანება!
ესტატე სიამაყით აღივსო იმის გამო, რომ ჭკვიანი შვილი ყავდა, მაგრამ დიასახლისთან არ შეიმჩნია. თავდაპირველად ეგონა, თვითონ მევალე სახლშია და მემალებაო, მაგრამ მერე მიხვდა, რომ დიასახლისი თავისი ვაჟის დასანახად არაყს არ გამოაჩენდა. იმასაც მიხვდა, დიასახლისმა რომ იცოდა რისთვისაც ეწვია ესტატე და ამიტომ გაისარჯა მის გასამასპინძლებლად. ვალი არც უხსენებია ისე წამოვიდა იქიდან.
სახლს რომ მიუახლოვდა, ასთმამ ისევ შემოუტია.
- ისევ ჩვენი შვილი თუ დაიბრუნებს იმ ვალს, რუსეთიდან რომ ჩამოვა, თორემ მე და შენ ვერაფერს გავხდებით! - უთხრა ცოლს და იმანაც თავი დააქნია. თავის ქნევით ის ბევრ რამეს გამოხატავდა, თითქმის ყველაფერს, ამჯერად კი იმას იტყობინებოდა, რომ წინასწარ იცოდა ვალის დაბრუნების მცდელობის უშედეგობა.
ესტატე ტყემლის ქვეშ შეზლონგზე გაიშხლართა და თვალები მილულა. ის ასთმის შემოტევას ებრძოდა. მკერდს შიგნით, სიცარიელეში, უკონტროლოდ დატივტივებდნენ და დამოუკიდებლად დასეირნობდნენ აქეთ-იქით წონადაკარგული გული და ფილტვები - სწორედ ისე, როგორც კოსმონავტები კოსმოსურ ხომალდში. იქნებ ამიტომაც ესიზმრებოდა ესტატეს ხშირად, თითქოს კოსმონავტი იყო, სიზმრის ბოლოს კი რაკეტას, რომელშიც ის იჯდა დედამიწაზე დასაბრუნებელი საწვავი უთავდებოდა.... ეხლაც, ესტატემ მთელი ყურადღება იქეთკენ მიმართა, წონა არ დაეკარგა და არ აფრენილიყო.
ქუჩაში უგონოდ მთვრალი ელექტრომონტიორი მიდიოდა. დრო და დრო შეჩერდებოდა, ძალას მოიკრებდა და რამდენიმე ნაბიჯს სწრაფად გადადგამდა, მაგრამ ნარმანიებთან დალეული ღვინო უკან ექაჩებოდა და ისიც თითქმის საწყისს პოზიციას უბრუნდებოდა. ნარმანიებისთვის გაწყვეტილი სადენი შეეკეთებინა და იქიდან მოდიოდა. ბოძებზე ასასვლელ რკინის ბრჭყალებს მიათრევდა. ბრჭყალები ასფალტს ედებოდნენ და გულის გამაწვრილებელ ხმას გამოსცემდნენ. ესტატემ ვერ მოითმინა და ელექტრომონტიორს დაუღრიალა, წამოკრიფე ეგ შენი რკინეულობა და ისე იარეო.
ელექტრომონტიორს ეგონა ახალგარდაცვლილი მამის სული ჩამომძახის მაღლიდან, დათრობას მსაყვედურობსო, გული დაეწვა, ტირილი აუვარდა და შუა ტირილში ისტერიული სლოკინი დააწყებინა. გზაზე გარდიგარდმო გაწვა, ეგებ სლოკინმა გადამიაროსო, მაგრამ უშედეგოდ. ესტატეს შეეშინდა სლოკინს არ გადაყვესო, ღუმელში, ნაცრიდან სამი ცალი მუგუზალი გამოჩხრიკა, წყლიან ჭიქაში \\\"ჩაახრჩო\\\" და ელექტრომონტიორს მიუტანა. ელექტრომონტიორს ხალხური მეთოდით მომზადებულმა წამალმა უშველა, სლოკინმა გადაუარა და უარესად ატირდა.
- მამაჩემმა ჩამომძახა ეხლა ციდან, ბრჭყალები ასფალტზე რომ დაგთრევს, პირდაპირ გულში მესობაო!... - უთხრა მან ესტატეს, ბრჭყალები ერთმანეთს გადააბა, ხურჯინივით გადაიკიდა და ათი ნაბიჯიც არ ქონდა გავლილი, რომ გზისპირა თხრილში გადაიჩეხა. ესტატეს შეეცოდა ელექტრომონტიორი, თავისი შორი მეზობელი, შინ შეათრია და ტყემლის ძირში შეზლონგზე წამოაწვინა. სტუმარმა მაშინათვე ხვრინვა ამოუშვა. ესტატეს ცოლი, გალეშილი ელექტრომონტიორის მიმართ ვერშეკავებული ზიზღის გამოსახატავად მოურწყავად შეუდგა ბეტონის ლაფაროს დაგვას და ისეთი მტვერი დააყენა, ძაღლმა ერთი წაყმუვლება წაიყმუვლა კიდეც, რადგან მზის დაბნელება ეგონა.
ესტატეს ცოლი დაბადებიდან ბეცი იყო, წარმოდგენილი არც ქონდა ნორმალური მხედველობის მქონე კაცის თვალსაწიერი - ასე ეგონა, რახანს მე ვერ ვხედავ ადამიანებს შორიდან, ვერც ისინი მხედავენო და ამიტომ არ ერიდებოდა, თვალებით იმის გამოხატვას, რასაც გულში ფიქრობდა.
- სად მიდიხარ? - კითხა მან ქმარს.
- საქმე მაქვს! - მიუგო ესტატემ. არ გაუმხილა პიანინოს სკამის დასაბრუნებლად რომ მიდიოდა, რადგან იმის ეშინოდა, ვაითუ ახალ პატრონს სკამი არ დაეთმო. ცოლმა ისიც არ იცოდა ესტატემ სკამს თუ მიაგნო. ესტატეს ეშინოდა, რომ ცოლი სკამის გამოჩენის ამბავს გაიგებდა და ახალ პატრონს რომ ნაპოვნი არ დაეთმო, ესტატეს ვარაუდით ძალიან დაიძაბებოდა მდგომარეობა.
- მე მარტო მტოვებ ამ მძორთან? - დოინჯი შემოიყარა და ისე ჰკითხა ცოლმა. რიტორიკული კითხვების დასმა მისი სტიქია იყო.
ესტატე შინ შევიდა და ტელევიზორი ჩართო, მაგრამ ოთახში ჰაერი არ ეყო და ისევ გარეთ გამოვიდა. ელექტრომონტიორი ძილში რაღაცას თუ ვიღაცას უღიმოდა (შეიძლება ძაღლს, რომელმაც ოფლიანი სახე აულოკა და მალევე თავი გაანება, რადგან მარილის ნაკლებობას არ განიცდიდა) და ამტკიცებდა, მამაჩემი მთვარეაო.
- როდის გაივლის ეს წყეული შემოდგომა, რომ მეც ამოვისუნთქო ცოტა, ასთმამ არ მომიღოს ბოლო! - თქვა ესტატემ.
ცოლმა ისე გადახედა ელექტრომონტიორს, თითქოს ის შემოდგომა ყოფილიყო, რომელიც წელიწადის სხვა დროზე უფრო უხუთავდა სულს მის ქმარს.
- სულთამხუთავო! - წარმოთქვა ესტატემ. უნდოდა ცოლისთვის რამე სასიამოვნო ეთქვა, რომ მას, ელექტრომონტიორზე გაბრაზებულს, ძაღლი ძალიან არ ეცემა, იმისთვის, რომ ლაფაროს დაგვისას მტვრით შეშფოთებულმა მეორეჯერაც წამოიყმუვლა.
სულთამხუთავს ესტატე სიყვარულით უწოდებდა თავის ცოლს ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგაც, დაახლოებით წელიწად-ნახევარი. მერე კი ამ სიტყვას უფრო და უფრო პირდაპირი მნიშვნელობით ხმარობდა, სარკაზმის ჩატევასაც ახერხებდა, მაგრამ ზოგჯერ სიყვარულითაც იტყოდა ათასში ერთხელ. მართალია ისეთი სიყვარულით ვერა, როგორც ქორწინებამდე, მიუხედავად ამისა მაინც ცდილობდა და, ამჯერადაც იშვიათი გამონაკლისი დაუშვა, მაგრამ ცოლს თავი ისე მოაჩვენა, თითქოს შემოდგომას მიმართავდა.
- მე მეუბნები, თუ შემოდგომას? - ჰკითხა ცოლმა. ესტატე ზოგჯერ შემოდგომასაც სულთამხუთავს უწოდებდა.
- შემოდგომას! - მიუგო ესტატემ. ქალი მიხვდა, რომ შემოდგომას კი არა მას მიმართეს, და ისიც მოსაფერებლად, მაგრამ არ შეიმჩნია.
ესტატე ისევ სახლში შევიდა ტელევიზორის გამოსართავად. ქალი ელექტრომონტიორთან მივიდა, გააღვიძა და შინ წადიო უბრძანა. დიასახლისის ნებას მთვრალი უსიტყვოდ დამორჩილდა, დაუხმარებლად გავიდა ქუჩაში და შინისაკენ წაბანცალდა. ბრჭყალებიც მოითხოვა, მაგრამ დიასახლისმა არ გაატანა, სიარულში შეგიშლის ხელს, ხვალ მოდი და გაგატანო.
ესტატე მიხვდა, მთვრალ მონტიორს ცოლი ძალით რომ გააგდებდა, მაგრამ თავი ისე დაიჭირა, თითქოს ცოლის ნათქვამი, - სტუმარი თავისით წავიდაო - დაეჯერებინოს. ჭიშკართან მივიდა და ქუჩაში გაიხედა. ელექტრომონტიორს ხელები ჯიბეებში ჩაეყო და იქ ბრჭყალებს ეძებდა.
- ჩემი ბრჭყალები სად არის? - შორიდან ჰკითხა მან ესტატეს.
- ნარმანიებთან დაგრჩა! - უთხრა ესტატემ. ელექტრომონტიორმა მისი ნათქვამი დაიჯერა და უკან მოტრიალდა, ნარმანიების სახლისკენ. ესტატე მაშინათვე მასთან გაჩნდა, ელექტრომონტიორი რამოდენიმეჯერ შემოატრიალა საკუთარი ღერძის გარშემო, რომ მხარი ექცია მისთვის და ისევ სახლისკენ მიმავალ გზაზე დააყენა. მონტიორს ეგონა ნარმანიებთან მიდიოდა და ამიტომ მორჩილად გაუყვა საკუთარი სახლისკენ მიმავალ გზას.
ესტატე ახალი მეზობლების სახლს მიადგა.
ყრუ-მუნჯის ქალიშვილს ახალი, ყვითელი კაბა ეცვა. მამაკაცური ნაბიჯებით დააბოტებდა ეზოში. ტანსრულს მკერდი ტანის გაბარიტებთან შედარებით პატარა ჰქონდა, მაგრამ მთლიანობაში ქალურ მიმზიდველობასაც არ იყო მოკლებული. მაღალი კისრის გამო დილით ესტატემ ჩინურ, კისერტიტველა ქათამს შეადარა გუნებაში, მაგრამ ახლა აზრი ქალის სასარგებლოდ შეიცვალა, რადგან კისრის მოღერებაში თავისებური გრაცია აღმოუჩინა.
- ქურდბაცაცა იყო ამ სახლის წინანდელი პატრონი, ვიეტნამის ომის მერე გაგიჟდა და ამის ნიადაგზე კლეპტომანია განუვითარდა, - თქვა ესტატემ და მასპინძელს თვალებში შეხედა, იმის გასარკვევად, სიტყვა კლეპტომანიის მნიშვნელობა თუ ესმისო. ქალმა სტუმარს თვალის თვალში გაყრა უხეშ არშიყობაში ჩაუთვალა და გაბრაზდა, - ჰოდა, რომ არ მოეპარა არ შეეძლო...ბოლო დროს სახლშიც შემოდიოდა, რომ იცოდეთ.!..
- მერე? - ჰკითხა ქალმა.
- ყველაფერს იპარავდა, თოვლსაც კი, თუ კი სხვის ეზოში იდო...
- მერე? - ისევ ჰკითხა ქალმა.
- პიანინოს სკამი მომპარა ერთი, იქნებ ეგდოს სადმე... აცხონოს ღმერთმა, კლეპტომანი იყო... - ცივი თვალებით შესცქეროდა ქალი როგორ იწერდა პირჯვარს.
- ჩვენი ნათესავი იყო ის კაცი, დედაჩემის ბიძაშვილია, თითქმის ღვიძლი! - თქვა ქალმა.
- არ ვიცოდი, ბოდიშით! - უკუსვლით დაიძრა ჭიშკრისკენ და თანდათან შეტრიალდა. ეზო ათასგვარი უსარგებლო ნივთებით იყო მოფენილი, მათ ალაგებას იწყებდა ქალი, როცა ესტატე ეწვია.
საბოლოოდ სანამ შეტრიალდებოდა, მასპინძელს თავი დაუკრა და ეზოც შეათვალიერა, თითქოს სკამს ეძებსო.
- გვაქვს ის სკამი! - თქვა უცებ ქალმა.
- ჩემს შვილიშვილს უყვარდა ის სკამი ძალიან და იმიტომ მოვიკითხე, თორემ რა დიდი რამე ეგ არის! - უნებლიედ წარმოთქვა ეს ტყუილი. შვილიშვილები დაბადებულები არც იყვნენ, პიანინოს სკამი რომ დაეკარგა.
- გვაქვს! - გაიმეორა ქალმა, ისე რომ გამომეტყველება არ შეცვლია ლიმონისნაირ მოყვანილობის თვალებში. თვალების ჭრილი ჰქონდა ლამაზი, თორემ თვალები არც ისე, - მაგრამ ხომ უნდა ვკითხო ქალბატონ ანეტას? - ანეტა სახლის ძველი პატრონის და იყო, ვინც ეს სახლი გაყიდა ძმის სიკვდილის შემდეგ.
- რა თქმა უნდა! - უპასუხა ესტატემ და სკამის დაბრუნების იმედი გადაეწურა.
- მწყერებზე სანადიროდ დაგიპატიჟებიათ მამაჩემი! - უთხრა ქალმა.
- მწყერებზეო? - გაოცება ვერ დამალა ესტატემ და ჭიშკრის სახელური კინაღამ საწინააღმდეგო მიმართულებით დაატრიალა.
- არ ენდა დაგეპატიჟებინათ! - რბილად უსაყვედურა ქალმა. ეტყობა სიამოვნებდა მამამისს პატივი რომ სცეს და სადღაც დაპატიჟეს, მაგრამ, როგორც ესტატე მიხვდა, ეჭვიც აწუხებდა, ეს დაპატიჟება სკამის დასაბრუნებლად გაღებული ქრთამი ხომ არ არისო.
- ყრუ-მუნჯს სანადიროდ რა უნდა? თოფის ხმასაც ვერ გაიგებს, ყურთან რომ დაუცალო მაინც... ასე რომ, თქვენს თავს დააბრალეთ, მანამ არ მოგშორდებათ, სანამ სანადიროდ არ წაიყვანთ!
ესტატემ პასუხად ისე გაუღიმა, თითქოს მართლა აპირებდა ყრუ-მუნჯის სანადიროდ წაყვანას.
- ეს სახლი ნაყიდი გქონდათ მეგონა და იმიტომ შეგაწუხეთ სკამის თაობაზე, თორემ არ შეგაწუხებდით!- უთხრა ქალს.
- ნაყიდი გვაქვს, მე და მამაჩემმა ვიყიდეთ! - მიუგო ქალმა.
ესტატე ვერ მიხვდა, თუ სახლი უკვე ქალს ეკუთვნოდა, რატომ უნდა ეკითხა მას სახლის ძველი პატრონისთვის სკამის მიცემა-არ მიცემის ამბავი. ან გიჟი ვგონივარ ან მატყუარაო, გადაწყვიტა ბოლოს და ხასიათგაფუჭებული შინისაკენ გაემართა.
ეზო, რომელშიც ესტატე ცხოვრობდა, სწორედ კლეპტომანი მეზობლისგან იყიდა, რომელმაც პიანინოს სამოცდაათი წლის წინ დამზადებული ანტიკვარული სკამი მოპარა. მაშინ ესტატეს სახლის ადგილას ბამბუკების რაყა იყო.
ვიეტნამის ომგამოვლილი მეზობელი, რაც გაგიჟდა მას მერე მთელი ოცდახუთი წელი სიკვდილამდე სულ იმ ბამბუკების რაყას ეძებდა. გაგიჟების შემდეგ ყველაფერი დავიწყნოდა, დის სახელიც კი, რომელიც მას პატრონობდა და მხოლოდ ორი რამე ახსოვდა კარგად - ბამბუკების ტევრი და იმ პოლკის ნომერი, რომელშიც ომის დროს მსახურობდა. გავიდოდა ქუჩაში, გამვლელ-გამომვლელებს თავს წარუდგენდა, ამა და ამ პოლკის ლეინტენანტი ვარ, ბამბუკების ტევრს ვეძებ და ხომ ვერ მიმასწავლითო. რომ კითხავდნენ, ბამბუკების ტევრი რად გინდაო, იქ ვიეტკონგები იმალებიან და მათ თუ დავეხმარები ალყის გარღვევაში, შვებულებას მომცემენ, სახლს მოვინახულებო, ხოლო სახლი სად ქონდა, ვერაფრით იხსენებდა. ვერავინ ხვდებოდა, ბამბუკები საკუთარ ბავშვობას თუ აგონებდა. ესტატემ სცადა ერთხელ ამის გარკვევა, მაგრამ ვერ გაარკვია და როცა ჩააჟინდა კარგი სილაც მიიღო მისგან, ვიეტნამის ომში ხელჩართულ ბრძოლებში გაწვრთნილი ხელით გაწნული. მას მერე იყო ეჭვი რომ ღრნიდა, იქნებ სულაც არ არის ჩემი მეზობელი გიჟი, თავს იგიჟიანებს მხოლოდო....

* * *
გათენდა და მანდარინის ხეთა ღამის ცვარნაპკურები ფოთლები და ნაყოფი დღის შუქზე ზეთწასმულებს დაემსგავსნენ. ესტატე სუფთა ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გამოვიდა. სანამ კარს გააღებდა ძაღლმა ხმაურით ჩაირბინა კიბეები და გარეთ გამოსულს ისეთი თვალებით შემოაცქერდა, თითქოს არც წოლილიყოს აივანზე. ძაღლს ასეთი მზერა დიასახლისისათვის ჰქონდა გამზადებული, რადგან ის აივანზე წოლას უშლიდა და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ჯოხით ცემდა. ძაღლს სიბერის გამო ძალიან უყვარდა ძილი და ეგონა აივანზე წოლით ორ საქმეს ერთად გააკეთებდა - პატრონებსაც უკეთ უდარაჯებდა, თუ მათთან ახლოს მოკალათდებოდა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ძილიც უფრო მშვიდი გამოუვიდოდა, თუკი დარწმუნებული იქნებოდა, რომ პატრონებთან მისასვლელი ერთადერთი გზა მის სადარაჯოზე გადიოდა. ძაღლმა ასეთი ტაქტიკა სიბერისას შეიმუშავა და არ ესმოდა რატომ არ აღიარებდა დიასახლისი მისი სტრატეგიის უპირატესობას წინანდელთან შედარებით, როცა მთელი ეზოს შემოვლა უწევდა და ამის გამო საძინებელი ოთახის შესასვლელი ზოგჯერ დაუცველი რჩებოდა.

ესტატემ გადაწყვიტა ძმისშვილთან მისულიყო ფულის სასესხებლად.

ძმისშვილი ავტობუსების გაჩერებასთან მდგარი კორპუსის მესამე სართულზე ცხოვრობდა. აივანზე იდგა წელს ზევით გაშიშვლებული, ინტელიგენტური, მსუბუქი ჰანტელებით ვარჯიშობდა და თან გაჩერებაზე შეკრებილ ხალხს ათვალიერებდა. ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, თითქოს ადამიანებზე უფრო მეტი სცოდნოდა, ვიდრე იმათ, ვინც სხვებს პირისპირ, მხოლოდ ანფასში ან პროფილში შესცქერის.
- ხომ მშვიდობაა? - ჩამოსძახა ბიძას აივნიდან და გაჩერებასთან მდგარი მოქალაქეების ნახევარმა ბახვასკენ აიხედა.
ბახვა დედამისს უფრო გავდა, ვიდრე მამას და ამაზე ესტატეს გული სწყდებოდა. ისეთი გრძნობა ეუფლებოდა, თითქოს გარდაცვლილ ძმას რაღაცა აკლდებოდა. იქნებ ასეთი გრძნობა იმიტომ ეუფლებოდა, რომ გარდაცვლილი ძმა ენატრებოდა.
- რას შვრება შენი ასთმა? - ჰკითხა ბახვამ, როცა სამზარეულოში დასხდნენ.
- გმადლობთ, არა უშავს... არის რა! - უპასუხა ესტატემ და ხელი ფანჯარაში გაიშვირა, - ახლანდელი საკონსერვო ქარხნიკენ, ძველი შუქურა რომაა, იმის თავზე... აი, იქ დავდიოდით მე და მამაშენი სათევზაოდ!
ბახვამ გულგრილად გააყოლა ბიძის, თოფივით რაღაცაზე გულდაგულ დამიზნებულ ხელს თვალი. ეტყობა მსგავსი რამ მამისაგან არ გაეგონა, მაგრამ დიდად მაინც არ დაინტერესებულა.
- იყო თევზი? - იკითხა მცირე ხნის შემდეგ, მხოლოდ იმიტომ, რომ ბიძამისს არ გონებოდა მამამისის ბავშვობის ამბავი არ აინტერესებსო..
- ჩემი სახლი რომ დგას ახლა... იქ ვიპარავდით ბამბუკებს. ბამბუკების ტყე იყო. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ იქ მომიწევდა დასახლება!... ასეთია ეს ცხოვრება, სად მოგისვრის ვერ გაიგებ!
- იპარავდით? - ისევ გულგარეთ იკითხა ბახვამ. ესტატეს დიდად არ სწყენია მისი უყურადღებობა, სამსახურზე ფიქრობს ალბათო, გაიმხნევა თავი.
ბახვას ესტატეს წარმოდგენით ძნელი სამსახური ჰქონდა. ბახვა ქირურგი იყო და ზოგჯერ საოპერაციოში პაციენტები კვდებოდნენ კიდეც. ერთხელ ისიც თქვეს, პაციენტის სიკვდილი ბახვას ბრალი იყოო. ესტატეს ძმას მამისეული ორსართულიანი სახლი გააყიდინა ცოლმა, რომ ვაჟიშვილისთვის სამედიცინო განათლება მიეცა.
ძალის ძალათი დალია ბახვას ცოლის მიერ მორთმეული რძე. უყვარდა ბახვას თავის მოვლა, კალორიული საჭმელებით იკვებებოდა, ყოველ დილით სოფლის რძე მოჰქონდათ მისთვის.
- აქეთ ვიყავი რაღაც საქმეზე გამოსული და ვიფიქრე გავუვლი, ვინახულებ-მეთქი! - ბახვას ცოლის გასაგონად თქვა ესტატემ. ბახვას ცოლი გაკვირვებული იყო ქმრის ბიძის ვიზიტით. მას ქმრის ნათესავები ისედაც არ ეხატებოდა გულზე.
ესტატემ წამოსვლის წინ ძმის მძინარე შვილიშვილებს დახედა და საკუთარი მოენატრა. ძმის შვილიშვილები ბახვაზე უფრო ნაკლებად გავდნენ ბაბუას. ესტატე და ბახვა გაჩერებაზე ერთად მივიდნენ, ბახვას ავტომანქანა გაფუჭებოდა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა ბოლო ერთი კვირა. ესტატე ფეხით აპირებდა შინ წასვლას. არც გაუმხელია ფულის სასესხებლად რომ იყო მოსული.
- რა მინდა გკითხო?! - უთხრა ესტატემ ძმის შვილს, - ვიეტნამის ომში ჩვენი ჯარები თუ მონაწილეობდნენ?
ბახვა ყველაფერს ელოდა, მაგრამ ვიეტნამის ომით თუ დაინტერესდებოდა ბიძამისი, ამას ვერ წარმოიდგენდა. თეთრი, გახამებული პერანგი ეცვა და თვითონაც მთლიანად გასტერილებულის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რაღაცნაირად უკარებასაც ემსგავსებოდა თითქოს. ამაში დედას გავდა. ზოგჯერ მამის სისხლიც იყივლებდა მასში და მაშინ უფრო უშუალო ხდებოდა, როგორც ამ დილით, აივნიდან რომ დაუძახა ხომ მშვიდობააო? კარგი იქნებოდა ჩემი ვაჟისთვისაც ექიმობა მესწავლებინა, მაგრამ ფული არ მქონდაო, გაიფიქრა სინანულით ესტატემ.
- ჩემი მეზობელი როგორ გაგიჟდა აბა ვიეტნამის ომში, თუ საბჭოთა კავშირის ჯარები ამ ომში არ მონაწილეობდნენ, ის მაინტერესებს, მეტი კი არაფერი! - რაღაცნაირი გაბრაზებით წარმოთქვა ესტატემ.
- შეიძლება ინსტრუქტორად იყო გაგზავნილი არაოფიციალურად და საიდუმლოდ... საბჭოთა კავშირი ვიეტნამს თანაუგრძნობდა! - თქვა ბახვამ. ამასობაში ავტობუსიც ჩამოდგა, ბახვას ეჩქარებოდა და ამიტომ არ დაუზუსტებია კერძოდ რომელ მხარეს და რატომ თანაუგრძნობდა საბჭოთა კავშირი, - გამოიარე ხოლმე! - უთხრა ბიძას და ავტობუსს შეახტა.
უფულოდ რომ იყო მოსული, ცოლმა მაშინათვე შეატყო და თავისი საფირმო ღიმილი მოირგო სახეზე. ამ ღიმილს ესტატემ გულში \\\"ასეც ვიცოდი\\\" შეარქვა.
- ვერ მივუსწარი ბახვას, სასწრაფო ოპერაციაზე გამოუძახებიათ წუხელ! - უთხრა ცოლს.
ცოლი საგარეოდ გამოეწყო და თავის დასთან გაემართა ფულის სასესხებლად.
ესტატე მანდარინების დათვალიერებას შეუდგა. ნაყოფი ერთ თვეში დასაკრეფად მზად იქნებოდა. გაყიდდა და ფულსაც იშოვიდა.
ძაღლმა ყეფა დაიწყო და ვიღაცის ძახილიც შემოესმა. ჭიშკრისკენ რომ მიემართებოდა, კარს ზემოდან ახალი მეზობელი ქალის მამაკაცურად თმაშეკორტნილ თავს მოკრა თვალი. ჭიშკარი რომ გააღო, ყრუ-მუნჯიც იქ დაუხვდა, პიანინოს სკამთან იდგა და იღიმოდა.
- სკამი მოგიტანეთ! - უთხრა ქალმა, - ანეტას ვეტყვი-მეთქი, მაგრამ გადავიფიქრე!
ესტატემ ახლაც ვერ გაიგო, რატომ უნდა შეკითხვოდნენ ანეტას, სახლთან ერთად ნაყიდი სკამის შემდგომ ბედზე რამეს, განსაკუთრებით მაშინ, როცა სკამი მოპარული იყო, მაგრამ არაფერი უთქვამს. ყრუ-მუნჯს შეხედა და მიხვდა, რა არ ესიამოვნა გუშინ მის ჩაცმულობაში - ჩინური კედები. ჩინეთმა ვიეტნამის ომი და ის მეზობელი გაახსენა, პიანინოს სკამი რომ მოპარა.
ყრუ-მუნჯი თავისი ბავშვური ღიმილით უღიმოდა.
- მამას აინტერესებს, როდის წაიყვანთ სანადიროდ? - თარგმნა ქალმა მამამისის ღიმილი, - მწყერი რომ არ იყოს და ისე გაასროლინოთ თოფი, ეგეც საკმარისი იქნება, ჯერ არასოდეს უნადირია... წუხელაც მთელი ღამე არ უძინია, ისე უხარია სანადიროდ რომ უნდა წაიყვანოთ... მწყერებისაგან კარგი ჩახოხბილის გაკეთება ვიცი, თითებს ჩაიკვნეტთ! - თქვა ამაყად და მამამისს შეხედა. ისიც ხელების ქნევას მოჰყვა მაშინათვე, - როდის წავალთო გეკითხებათ!
- ხვალ! - თქვა ესტატემ, - ხვალ წავალთ!
- თოფი ისე გაასროლინეთ, თუ გინდათ მწყერებზე ნურც ასროლინებთ! - გაიმეორა ქალმა და ხელებაფრიალებული მამის ჟესტების სათარგმნელად გაემზადა, მაგრამ გადაიფიქრა და დააყოლა - ოღონდ ფრთხილად იყავით!
- რა თქმა უნდა ქალბატონო, რა შეხსენება ამას უნდა!
- მკითხავი ვარ მე... კარტზე ვმკითხაობ, ყავაზე, სანთელზეც... თქვენ ცოლს როცა მოუნდეს მკითხაობა, ყოველთვის მზად ვარ! - თქვა ქალმა. ენდროსფერი კაბა ეცვა და ცოტათი ეპრანჭებოდა კიდეც ესტატეს.
- ამ სკამზე ქეთევან ხუბულავა და ემზარ როდონაია მსხდარან! - უთხრა ქალს. ქეთევან ხუბულავა მოსკოვში მოღვაწე პიანისტი გახლდათ. ემზარ როდონაია სახალხო მთქმელი და უცვლელი თამადა და ცნობილი შულერი იყო, რომელმაც იმით გაითქვა სახელი, რომ კარტში წაგებული მილიონი მანეთი თორმეტი წლის განმავლობაში უკანანასკნელ კაპიკამდე პატიოსნად გადაიხადა. ბოლოს თვითმფრინავის ტრაპიდან გადმოვარდა სიმთვრალისას და დაიღუპა. მაგრამ ქალს არც ერთზე სმენოდა რამე და არც მეორეზე.
სტუმრები რომ წავიდნენ, ესტატემ პიანინოს სკამი ტყემლის ხის ქვეშ დადგა და მის დათვალიერებას შეუდგა. სკამის რკინას ჟანგი მოსდებოდა, მაგრამ არც ისე ძალიან.
ამასობაში ცოლმაც შემოაღო ჭიშკარი. კმაყოფილი სახე ჰქონდა, ეტყობა ფული ეშოვა. ნიშნისმოგებითაც იღიმოდა, აქაოდა, როგორც ყოველთვის, ისევ ჩემმა ნათესავებმა გვიშველესო.
- ღმერთო ჩემო! - აღმოხდა მას სკამის დანახვაზე.
- გუშინ ვნახე შემთხვევით... ვიფიქრე, ახალ მეზობლებს ვთხოვ, სახლში მოიძიონ, ეგებ იპოვონ-მეთქი, მათ კი უკვე ნაპოვნი ჰქონიათ თურმე... სხვენზე ყოფილა შემოდებული და იქიდან ჩამოუტანიათ!
- რაც ჩვენ ამ სკამზე ვინერვიულეთ! - თქვა ქალმა და მოგონებებში გადაეშვა მცირე ხნით.
პიანინოს სკამი ცოლის ნამზითვარ გერმანულ პიანინოს მოჰყვა. პიანინო ისეთი კარგი იყო, რომ თვით ქეთევან ხუბულავაც კი აღაფრთოვანა. პიანინო ესტატეს ცოლმა ქალიშვილს გაატანა მზითევში, რითაც რძლის - ვაჟიშვილის მეუღლის რისხვა დაიმსახურა.
- შეიძლება არც ტყუოდა ანეტა, როცა გვეუბნებოდა, სკამი ვერ ვიპოვეო! - თქვა ესტატემ, - თოფი უნდა ვიშოვო სასწრაფოდ!
- რა უნდა ვიშოვოო? - გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა ესტატეს ცოლს.
- თოფი უნდა ვიშოვო ხვალისთვის, სანადიროდ ვაპირებთ ბიჭები წასვლას... იქნებ მოვახერხო და მწყერებიც მოვიტანო სახლში! - თქვა ესტატემ, - ძაღლიც თუ იქნება მთლად უკეთესი!
მსუბუქმა ქარმა დაჰქროლა ამ დროს. არც ნიავი იყო და ნამდვილ ქართან შედარებითაც უფრო გრაციოზულად უბერავდა. ესტატე პიანინოს სკამზე ჩამოჯდა, აინტერესებდა ნიავ-ქარი თუ დამატრიალებსო, მაგრამ ქარი უეცრად ჩადგა და ექსპერიმენტი ჩაეფუშა.
- ძნელია ნეტა მწყერებზე ნადირობა? - უმისამართოდ იკითხა ესტატემ.

წყარო – http://lib.ge/body_text.php?447

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: გელა ჩქვანავა   Today at 12:16 am

Back to top Go down
 
გელა ჩქვანავა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: