არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 შოთა არაბული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: შოთა არაბული   Thu Jul 19, 2012 9:18 am

მწერალ შოთა არაბულზე ბევრი არაფერი ვიცი, გარდა იმისა რომ ეს წარმოშობით ხევსური კაცი, ყაზბეგის სოფელ სოფელ ჯუთაში ცხოვრობს. თუ ვინმეს ექნება ინფორმაცია, დაწეროს.
მე ერთის თქმა შემიძლია დაბეჯითებით-შოთა არაბული ჩემი საყვარელი მწერალია.
მისი მოთხრობების აკრეფას ვიწყებ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი რომ გაეცნოს.



სიკვდილის მკვლელი

( ციკლიდან “ხევსურეთის წარსულის ქრონიკები”)


მხოლოდ თიბათვის მცხრალი მთვარე იდგა მოულოდნელად აფეთქებული ვნების უნებურ მეთვალყურედ. მხოლოდ ის დაჰყურებდა ხახმატის ხატის მეზღვნემეხვეწურის ღამის თევას ფხიზელი თვალით.
მთებიც მთვრალებივით ბარბაცებდნენ მედღეობეთა მოძახილ-კაფიაზე.
უხილავმა ქარიშხალმა აადანდგარა გაყუჩებული ზღვა ვნებისა.
მოგრაგნა და მოგრაგნა შმაგი ტალღები ზღვარის გადამლახავნი.
მღილის ოდენა ღრუბელიც არ ჩანდა ცაზე.
ზღვა კი გადარეულიყო, ტიელი..
ბოლოს, შემოილეწა მკერდზე მძაფრმა ტალღამ სწორფერთა წმინდა ნავი და ვნების უძირო მორევმა ჩაიხვია მენავენი.
შემკრთალი გაცურდა ცაზე თიბათვის სავსე მთვარე, ერთადერთი მოწმე ზღვის ცოდვისა.
. . . . . . . . . . . . .. . . . . . . .
განთიადისას ჩაცხრა ღელვა, ჩადგა ქარიშხალი, ჩაკვდა, გაინაბა ჟინმოკლული ზღვა და ფინიასავით გაუწვა ზეცას.
ბადრი მთვარე კი გაწითლებული ჩაეშვა მთების იქით.
გათენდა.

* * *

_ არაფერი არ შეცვლილა ჩემს გარდა გუშის მერე,_თქვა ქალმა: _ ყველაფერი ისევ ისეთია..
_ რა თქვი ნათია?
_ მე აღარა ვარ ისევ ისეთი.
_ ნუ ამბობ ეგრე ნათია..
_ გახედე, მთები ისევ ლამაზებია, ცაც უფრო ლურჯი, წყარონი წმინდა და ანკარანი.. მე კი..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_ ნათია, მოგვხედე!_, ეძებენ მედღეობენი.
_ ნათია, სად დაგვეკარგე?_, კისკისებენ დობილები.
_ ნათია, ნათელო!.._, უხმობენ სწორფერნი.
ველის ყვავილიც ყველგანაა, დილის ცისკარივით ამონთებული, ჯეირანივით ყელაღერილი, ტოლებზე ლაღი და ლამაზი.
“ათენგენობა” ვის ახსოვს ახლა!
ვის ახსოვს ხატი და ღმერთი!
ღრეობენ არაგველები, იმიზეზებენ “ათენგენობას” და ღრეობენ.
გურამი ლუდით სავსე თასს ჩაშტერებია.
მაცილი შემოსცინის თასიდან.
ნიავივით ფრთხილად, უჩუმრად წაადგა თავზე ქალი:
_ ნეტავ იქ რა ამბებია ქალაქში?_, კითხულობს სხვათა გასაგონად.
_ კარგი ამბები,_პასუხობს გურამი.
_ მაშ, ხახმატში რაღა გინდოდა?_,ვითომ წუხელაც არ ეკითხოს.
_ ათენგენობა უნდა ვნახო.
_ ათენგენობაზე მოსულს საკლავი უნდა მოგეყვანა, სანთელიც, სასმელიც_ ,ასმენინებს ხევსურებს ქალი.
_ რისთვის ნათია?_,კითხულობს გურამი.
_ ხატისთვის!
_ სადაა ხატი,ნათია?
_ მაშ ეს ხალხი რას ლოცულობს?!
_ აღარავის სწამს ხატი..
_ არც შენა?
_ მე ჩემი საკუთარი ხატი მწამს.
_ სადაა ის ხატი?
_ აქ, ხახმატში, ნათია..
ქალი განზე გაკრთა, ზემოდან გადმოხედა ვაჟს ამრეზილმა და გაფითრებულმა:
_ წუხელის მერე აღარ არსებობს ეგ ხატი, მოკვდა!_,ჩურჩულებს.
_ ნათია!
_ გაჩუმდი ქალაქელო!..

* * *

ჟიჟინის ბადეს ქსოვს ერთიმეორეში არეული მედღეობეთა ხმები.
სიმღერების მარულა გადარბის გორებზე: “ფერხისა”, კაფია, “თუშური”, “ფშაური”, “ქალაქური”..
გურგურებს გალექებული მეზღვნე-მეხვეწური.
როგორც ჭილყვავთა გუნდში უცხო ფრინველი, ისე ირჩეოდა ნათია ალუდაური ამ ლუდ-არაყით დამბალ ბრბოში.
ცეკვავენ დობილები და იწვევენ ნათიას.
ნატიფ მკლავებს შლის ქარაფის პირიმზე, ნარნარად მიარხევს სადიაცოს აყვავებულ კალთა ქოქომოს შორეული საუკუნეებიდან გადმოსული სერაფიტას ჯილაგი.
_ საოცრებაა!_, ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ ტურისტები.
_ ველური სრულყოფილებაა!_, ამბობს უცხოელი.
_ პირველყოფილი მშვენიერებაა!..
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხარივით ეწაფება წყაროს წყალს გურამი და ხარბად ისუნთქავს მიწის მკერდიდან ავარდნილ სიცოცხლის სურნელს, მაგრამ წუხანდელი ღამის გახსენება მაჯლაჯუნასავით სწვდება ყელში, სიზმარეულ სიტკბოებასთან შერეული ტკივილი სწკენტავს გულზე მწარედ.
სულჩადგმული, ხორცშესხმული სირცხვილი სამზეოზე დაიარება და მაცილივით ბოროტად შესცინის თვალებში: “რა ქენი? შებღალე წმინდა ადათი სტუმარ-მასპინძლობისა; ვაჟკაცმა საკუთარი ვნება ვერ მოთოკე_ წმინდა ადათი..!”
“ეშმაკსაც წაუღია ეგეთი ადათი”,_ ფიქრობს ღამის გახსენებით გატანჯული და ამაოდ ეძებს ხსნას.
_ ადამიანის ფერი აღარ გადევს, ბეჩავო,_ისარივით ესობა ქალის სიტყვები.
_ ალბათ..
_ მიკვირს, რით შემხიბლე?!_ იკითხა ქალმა.
_ ძალიან საყვარელი ხარ, ნათია..
_ სიყვარულთან ძალადობას რა ხელი აქვს?
_არაფერი..
_ მაშ, წუხელის რად არ გახსოვდა ეგ?
_ ვერ შევძელი ,ვერა..
_ ვერ ყოფილხარ ქალთან ვაჟკაცი ქალაქელო!
_ ადათთან ვერ ვივარგე..
_ სწორფრობა რა ქალაქელის საქმეა, ქალაქელს ქალი საუფროდ უნდა..
_ არა, ნათია, მაგრამ ეგ წამების წესია, წყეული წესი..
_ ფუჰ, გაჩუმდი! შენი თავი შენს ხელთ უნდა იყოს..
_ ძალა არ მეყო,ვერ შევძელი.
_ მთაში რომ გაზრდილიყავ, მაშინ შეძლებდი.
ვაჟმა უაზრო თვალებით გახედა ხატის მინდორზე მობანცალე ხევსურებს:
_ ალბათ,_ თქვა მერე, თუმცა გულში არ სჯეროდა თავისი ნათქვამის.
_ ჩემი ბრალია.. რაადამ მეგონა შენ არ იკადრებდი მაგისთანას..
_ მაკმარე წამება, ნათია!
_ ხევსური არ იკადრებდა მაგას!
_ ნამდვილად.
_ ჩემი მამა-ძმების სახელი, პურადობა , გულადობა მთელ საარაგვოს აზანზარებს.
_ ვიცი, ნათია.
_ ქუდები მოვხადე, შევარცხვინე ისინი, ქვეყანაში გამოსავალი დავუკარგე.
_ უთხარი, ამკაფონ!
_ შემიძლია ნაკუწებად ქცეული გავუგზავნო შენი ტანი ქალაქში დედაშენს.
_ გაუგზავნე, ნათია!_, ვაჟმა ხელებში ჩამალა ალეწილი სახე.
_ ლამაზი ტანი რო გაქვს, მიწის ჩასახვევო..

* * *

მეღრეობე ხალხისგან განცალკევებით ლოდზე ბეჭმიბჯენილი ზის გურამი, თამბაქოს ბოლი ნისლივით ეხვევა.
ზიმზიმებს გალექებული ბრბო ხატის მინდორზე.
დილას აქეთია, ამაოდ ცდილობს გურამი ღამის ტკივილი რამით მოირჩინოს. არაფერმა გასჭრა, მის დაძაბულ ნერვებს სიმთვრალეც არ მიეკარა.
მლოცველთა შორის აპრილის პეპელასავით მოფარფატე ქალიშვილი ატყვევებს უნებურად მის მზერას, სულს, გულს, საფიქრალს..
აგერ, კვლავ გაცამცმული ჯიხვით დაიძრა ახლაც გურამისკენ.
ხალხის სათვალფროდ ღიღინ-ღიღინით მოდის, მოაფრიალებს ჭრელკვრელი სადიაცოს ყვითლიან ქოქომოს, მოღიღინებს, თუმცა წამწამზე ცრემლის მარგალიტი უბრწყინავს.
_ სიკვდილი თუ გაშინებს, ქალაქელო?
_ სირცხვილი მაშინებს, ნათია.
_ წუხელის რად არ გაშინებდა სირცხვილი?!_, ყურთან წაუსისინა ქალმა.
_ ამას ჰკითხე, ნათია,_ ყანწზე ზიზღით ანიშნებს გურამი.
_ ეს ვაჟკაცს ვერ ჯალდავს.
Gგურამს ნაძალადევად მიაქვს პირთან ყანწი.
_ იქნებ საწამლავს გასმევ?!
_ ნეტამც ეგრე იყოს.._, ოხრავს გურამი.
_ ვაი, იმ ვაჟკაცს, ვინც ღამით ჩანადინარზე დღისით გმინავს,_, კისკისებს ქალი.
სიკვდილის სიცილს ჰგავს მისი სიცილი.
_ არ ვიცი ნათია რა გიყო, ან რა ვქნა..
_ნუ გეშინია გურამ,მე თავად ვიცი..
_ რა იცი ნათია?
ქალიშვილი, “გაამოსო”, სხვათა გასაგონად ხმამაღლად ეუბნება გურამს, დაცლილ ყანწს ართმევს და კვლავ ხალხს შეერევა.

* * *


ღაბახი შედგეს ხატის გორზე.
ხახმატურის სახელზე “სრევას” აპირებენ ვაჟები.
თოფები დაიტორიკეს მეთოფეებმა.
ერთ-ერთ ვაჟს თოფს ართმევს ნათია, მეც მასროლინეთო.
ხატის ღაბახს ქალი ვერ ესვრისო, ახსენებენ ვაჟები.
მხარს ზემოდან წუთით გაავებულ მზერას ესვრის ქალი ლოდად ქცეულ გურამს.
მძიმედ წამოიმართა ახოვანი ტანის გურამი და წამოდგა, განიერი მკერდი გაშალა და დოინჯშემოყრილი ამაყად მიაშტერდა გაღრევებულ მილეთს.
ქალმა ნელა ასწია თავი და გურამს თოფი დაუმიზნა.
გურამმა სადღაც მთებისკენ გაიგდო მზერა და სიგარეტი მოქაჩა, მის თვალებში წამით გაიელვა სიცოცხლის წყურვილის სიხარბემ, მხოლოდ წამით და გაქრა.
ქალმა თოფი დაუშვა და გურამისკენ წავიდა.
გურამი სიგარეტის ფერფლს ჩაშტერებოდა.
შორიახლო გაჩერებულ ნათიასაც ფერფლისფერი ედო სახეზე.
_ ხო არ ფიქრობ ქალაქელო, რომ შიშით ვერ გესრიე?_, ჰკითხა გაბზარული ხმით ქალმა.
_არა, არ ვფიქრობ.
_ სიკვდილის თუ არა, სირცხვილის ხო გეშინის შე ჯოჯოხეთო?!
_დიახ, ნათია..
ქალი წამით ჩაფიქრდა/
_ ნუ! ნუ გეშინის, გურამ , მე ხევსურის ქალი ვარ და.. ნუ გეშინის.
_ რა შუაშია ხევსურის ქალი?_, უკვირს გურამს.
_ თავის სირცხვილს ვაჟთან საზიაროს არ გახდის,იმ შუაშია.
_ წუხანდელ ღამეს რა ვუშველოთ, ნათია?
_ მაგისაც მე ვიცი.. თავის ცოდვას თავად ვზღავ.
_ უნდა წამომყვე ქალაქში, ცოლად!_, ეუბნება მტკიცედ ვაჟი.
ქალი სინანულით ჩაიცინებს:
_ ეეხ, ქალაქელებს სიყვარულიც გაშინებთ..
_ ეგ როგორ გავიგო?
_ ვერ უძლებთ და კლავთ სიყვარულს..
_ არაფერი მესმის შენი სიტყვებისა..
_ შენ მოკალი ჩვენი სიყვარული, გურამ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
_საით წახვედი ნათია?_, კითხულობს გურამი.
_ ყვავილთ მოგიკრეფ ქალაქურ წესზე,_ მოაძახა მან და ფერდობს შეუყვა.
_ როგორ ქალაქურ წესზე?
_ ხევსურები მოუწყვეტელ ყვავილებს უმზერენ და იმით ლაღობენ, ქალაქელები კი.._, არც ახლა მოუხედავს მას, გურამს მოეჩვენა რომ ქალიშვილს მხრები უთახთახებდა.
ნათია ყვავილებით ათრთოლებულ სათიბებზე ადიოდა.
_ ეგ თოფი რაღად გინდა ნათია?_,გასძახა გურამმა.
_ სიკვდილი უნდა მავკლა, ქალაქელო..
მუხლამდე სათიბებში შესული ნათია ყვავილებს ეხრებოდა.
Mმაცილი მხარზე დასჯდომოდა გურამს. გული რაღაცას ავს გუმანობდა, მაგრამ გურამს ვერ აეხსნა, რას.
უნდოდა, ქალიშვილს კვალში ჩასდგომოდა, მაგრამ ნათიას მამა და ძმები იზნევდნენ.

* * *
თოფები ტყვრებოდა ხახმატის გორზე.
ხახმატელნი ისევ ღაბახს თოფავდნენ.
გალექებული მეთოფეები ვერ უსწორებდნენ მიზანს სამიზნეს.
. . გურამი ზვიადად დგას ხავსიან ლოდზე მეთოფეებისკენ მკერდშეშვერილი და საოცრად გულგრილი გამომეტყველებით აბოლებს სიგარეტს.
რა დაემართა? ხევსურებთან ის ყოველთვის ლაღი, თავისუფალი და მხიარული იყო. ცხრა მზე ამოსდიოდა ამ კუთხეში ამოსვლით, ახლა კი..
შარშანწინაც იყო ხახმატში, შარშანაც. მის თვალწინ დაქალდა და გაივსო ნათია ალუდაური, ჯიშ-ჯილაგიანი გვარისა და მამის ასული, ძმებითა და ბიძაშვილებით სავსე, ლაღი და ნებიერი, საარაგვოს ყვავილივით მშვენიერი.
მაგრამ.. დღემდე მაინც უბრალო სოფლელი გოგო იყო, რომელსაც ხუმრობით გურამი ხევსურულ წესზე სწორფერს ეძახოდა, ხუმრობით...
წუხელ კი... თბილისიდან ამოსულს გულგახსნით შეხვდნენ ხახმატელი ძმობილები, გაიხარეს, დააძალეს ჯიხვებიც თავის წესზე, გახევსურდა, იმღერა და იკაფიავა, მერე ნაშუაღამევს განცალკევებული ქვითკირი...ოქროსფერ ჩალაზე გაშლილი ლეკური,შავი ნაბადი...ნათია...
ახსოვს და არც ახსოვს რაც მოხდა. თავის გასამართლებელ საბუთს ეძებს და თავი ეზიზღება ამ “ძებნის” გულისთვის.
ნათია კი თურმე მხოლოდ “უბრალო სოფლელი გოგო” არ ყოფილა...
დღეს აღმოაჩინა ეს გურამმა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ხახმატელნი კვლავ ღაბახს თოფავდნენ.
ხორხოცებენ, კაფიაობენ და დაელმებული, სიცილჩაღვრილი საცერა თვალებით ღაბახს უმიზნებენ.
ბოლოს, როგორც იქნა, “დახკრა” რომელიღაცამ.
ყიჟინის ტალღამ გადაუარა მლოცველთა საკრებულოს და თოფების ბათქიც ჩაკვდა. ბალღებმა ღაბახის კვერი ხატის გორიდან ჩამოარბენინეს და ჯარზე მსხდომ მოხუცებს მიართვეს.
_ წაუთავჩიგებია!_,თქვა ერთმა.
_ თავში მსრეველი აქვს ბეწინას!_, განმარტა მეორემ
_ ყინჩად დანალიშნებია!_, ჩაიღიმა მესამემ.
ხევსურებმა საკარგყმო მიართვეს გამარჯვებულს.
ამ დროს, უცბათ მოწმენდილ ცაზე გავარდა მეხი, ეძგერა მთებს ეს ხმა, ხუილშხუილით დაუარა გულ-ღვიძლში, საშინელი ზრიალით, ვიშითა და კივილით ჩაიკარგა სადღაც ხეობებში მერე.
ეს თოფის ხმა იყო,კენტად გავარდნილი თოფის ხმა, მაგრამ მეხის გავარდნას ჰგავდა, მოულოდნელ გავარდნას, ირგვლივ ყოველივე სულიერი თავზარდაცემით რომ გააქვავა.
ტყვიანაკრავივით შებრუნდა გურამი სათიბებისკენ.
წელში არაბუნებრივად წახრილ ნათიას ჯერ თოფი გაუვარდა ხელიდან, მერე ფრთამოტეხილი ფრინველივით მიიფლოხვა ბალახებზე და ოდნავ ჩამოცურდა.
გურამმა უჩვეულო სისწრაფით აირბინა აღმართი და შამბნარში თავდაღმა წამოქცეულ ქალიშვილთან მიიჭრა.
_ რა ქენი, ნათია?!_,აღმოხდა მას, სულთმობრძავ ქალიშვილს რომ დახედა.
_ სიკვდილი მოვკალი გურამ, სირცხვილიც...
_ ნათია!...
_ ახლა კი... დავრჩები შენს გულში..._გაღიმება სცადა ქალიშვილმა: _ ახია შენზე, სამზეოს ჯოჯოხეთო, ვეღარ დამივიწყებ...
ბაგის კუთხეში სისხლი გადმოუგლინდა.
_ ნათია!_, მუხლებზე დაეცა გურამი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თოფის ხმაზე ჯერ დამბლა დაეცა ხატის მინდორზე მოგურგურე გაღრევებულ მეზღვნე-მეხვეწურს, მერე დიდმა-პატარამ, ყველ;ამ სათიბებისკენ ქნა პირი.
გურამმა თვალები დაუხუჭა ქალიშვილს და განზე გადგა.
სანამ ვინმე მოაღწევდა მათთან, ერთხელ კიდევ დააშტერდა გურამი ქალიშვილს. ის მოწყვეტილი ყვავილები და მკვდარი ნათია რაღაცით ძალიან ჰგვანან ერთი-მეორეს, გაიფიქრა და გაუკვირდა, რომ ასეთი უცნაური შედარებისთვის მოიცალა.
ვაი-ვიშითა და მოთქმით მოცვივდნენ ნათიას დობილები.
ხარებივით აბღავლდნენ ძმები.
ცას ჭვრიტი გასდეს ბიძაშვილებმა.
ფერდზე შეფენილ ხალხს როგორღაც უკან ჩამორჩნენ ნათიას დედა და მამა. გაუბედავად ამოდიოდნენ, ფეხტეხით.
გურამი მწუხარებისგან დაზაფრულ ცოლ-ქმარს აშტერდებოდა.
“მშობლების ნათელი გამოჰყოლია ნათიას, ამათი ეშხი და დავლათი”_პირველად ეს გაიფიქრა გურამმა.
ნათიას დედ-მამა მოშორებით შეხერდნენ.
დედამ ალმაცერი, გაქვავებული მზერა დაადგა ბალახებზე ყელგადაგდებით გაწოლილ ქალიშვილს და მერე ქმარს შეხედა:
_ მართლა ჩვენი ქალა კი არ იყოს, კაცო?!_იკითხა გაბზარული ხმით, თუმცა კარგად ხედავდა, ვინც ესვენა ბალახებზე.
კაცმა ცოლს თვალი აარიდა, ჯიბეში ხელის ფათურით გაზეთის ნახევი იპოვა და ახლო მდგომ ხევსურებს ნაძალადევი, მშვიდი ხმით უთხრა:
_ მაგრის თამბაქოსა ვის გიყრავთ, მომაწევიეთ!
ქალებმა გაიწ-გამოიწიეს და დედა უფრო წინ წადგა:
_ მართლა ნატყვიარი კი არ გჭირდეს ქალშავავ, რა უფრად გათეთრებულ მეჩვენები?
მოზარეები არაადამიანურ ხმაზე აბღავლდნენ.
დედამ წარბები შეჰკრა, ქალიშვილისკენ წაიხარა.
_ ქალავ, ნათიავ, რა შნოზე იბარძღლები, სადიაცო ჩამაიწიე!_ სულ სხვა ხმით დატუქსა მკვდარი ასული დედამ.
მოზარე ქალმა კაბის კალთა ჩამოუწია შიშველ მუხლზე ცხედარს.
საკუთარი განცდით გაოგნებული გურამი ყველაფერს ისე უყურებდა, როგორბრწყინვალედ დადგმულ სპექტაკლს. თავისი ორეული ედგა გვერდზე, რომელიც საშინლად სძულდა.
თუმცა უნებური მიზეზი თვითონ იყო, ამ “სანახაობისა”, მაგრამ “დანაშაულზე” უფრო ბევრად რთული, თავისებურად მაღალი, საოცარი და ასე ვთქვათ მომხიბვლელი რაღაც ხდებოდა მის თვალწინ.
სიკვდილის გარდა, კიდევ სხვა რაღაცა იყო, რაც კაცთა წუთისოფლის ვნებათა მწვერვალს აგვირგვინებდა და ამშვენებდა...
თითქოს ეს სამკაულიც საჭირო ყოფილიყო ამქვეყნიური სრულყოფისათვის.
“სიკვდილის მკვლელი... მკვდარი სიკვდილი” ჩურჩულებდა გურამი თავისთვის და გარინდებული აკვირდებოდა “სპექტაკლის” მსვლელობას...
სირცხვილის გამხელისა ერიდებოდა, იმ სირცხვილისა, რომლის განადგურებას, წაშლას, გაქრობას ნათია ალუდაურმა ასეთი ლამაზი სიცოცხლე შესწირა, თორემ საშინლად მოუნდა, ამ “სპექტაკლში” ერთ-ერთი მთავარი როლი თავადაც შეესრულებინა, თოფისთვის წამოევლო ხელი და... თუმცა... “სანახაობა” მაშინვე თავის ელფერს დაკარგავდა, უცბატ ჭუჭყიანი, ბინძური ბურუსი გადაეფარებოდა ყველაფერს, შეილანძღებოდა ნათიას სიწმინდე, მოკლული სიკვდილი გაცოცხლდებოდა და ირგვლივ სიძულვილის, წყევლისა და სირცხვილის მარცვალს გააბნევდა...
_ მაგის საკადრისა სამზეოზე არა იყო რა, იმით გაწირა წუთისოფელი,_თქვა ხევსურმა.
_ ამაყი იყავ ქალბნელო, მზეს სწუნობდი და იმად დასთმე სამზეოც,_ დაატირა დედაბერმა.
_ ვარსკვლავი წუხრ ამახდების და დილას ჩახდების,_ ჩაიბუბუნა მეორე ხევსურმა.
ახალგაზრდებმა ნედლი ტირიფის ფოთლიანი ტოტების საკაცე შეკრეს, ცხედარი საკაცეზე ფრთხილად დაასვენეს და ზეასწიეს.
_ გაგონილა ასეთი ველური გულქვაობა?!_ტურისტი გურამთან მივიდა: _მშობელი შვილს არ ტიროდეს?!.
გურამი ტირიფის საკაცეზე მოქანავე ნათიას გაჰყურებდა.
_თქვენ ისეთი აღფრთოვანებული სახე გაქვთ, თითქოს დიდებულ სანახაობას უყურებდეთ,_ უთხრა ჩუმად ტურისტმა კვლავ გურამს.
მას არც ახლა გაუგონია ტურისტის სიტყვები.
_ ძალიან იოლად თმობენ ხევსურები სიცოცხლეს,_თქვა მეორე ტურისტმა რაღაც ხელოვნური სინანულით.
_ სიცოცხლის ნამდვილი ფასი არ იციან და იმიტომ!,_ უპასუხა პირველმა ტურისტმა თავდაჯერებულად და ხატის ვაკეზე ჩასულ პროცესიას ფოტოაპარატი მიუმარჯვა.

/შოთა არაბული/
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: შოთა არაბული   Thu Jul 26, 2012 9:21 am

ნინო, დიდი მადლობა, შოთა არაბულის მოთხრობების აქ წარმოდგენისათვის!
შენ ბლოგზე ვიპოვე და აქაც გადმომაქვს ეს ძალიან მაგარი ნოველა... დიდი ხანია, ვიცოდი და მენატრებოდა, ინტერნეტშიც მენახა და აი, უკვე არის...


Exclamation

შოთა არაბული

მტრების წუთისოფელი

ის იყო, მდინარე ასას ხეობაში ნისლის ბოლო ფთილებიც გაიცრიცა და ქისტეთისაკენ ჩაწურული არხვატის ხეობა გამოჩნდა, რომ სამზირლად მონადირის ეხში მსხდომმა ხევსურებმა დურბინდები მოიმარჯვეს.
დილის ბინდბუნდში არილად გაილანდა მდინარის ნაპირებს გადევნებული, მგზავრთა იშვიათობისგან ბალახში გამდნარი ბილიკი, რომელიც ქვევით, სადღაც ქარაფების ჩრდილში იკარგებოდა.

ეხში ორნი იყვნენ.

უფროსი-შუახნის, უთურგი კვირიწმინდელი, უჟმური შესახედაობისა, ცალთვალელამი იყო, მეორე კი - მოხდენილი გარეგნობის ახალგაზრდა ამღიონი, ქორძო წიკლაური.
ეხის კუთხეში მინავლებული მუგუზლები ოდნავ ბოლავდა.
ხევსურები კარგა ხანს ათვალიერებდნენ ხეობას.

პირველად ახალგაზრდა დარწმუნდა, რომ ხეობაში საეჭვო არაფერი იყო, გამვლელი სულიერისაგან ნამიც არსად იყო გაბღერტილი და დურბინდი გვერდზე გადადო. მერე თოფი აიღო, საკეტი გახსნა, ვაზნები ამოიღო, გადათვალა, ათვალიერა და ისევ თოფში ჩააწყო.

მეორე ხევსურიც მორჩა ხეობისკენ კირკიტს.

_ ჭალაზე ეშმაკიც ვერ შემობედავს,_თქვა მან: _ მთის ყელში თუ გადმოიპარებიან ხაროვნის გასალალავად.
_იქნება არც ფიქრობენ.._, თქვა ქორძომ: _ რამდენი წელია, ამღიონს აღარავის დაუკარგია ხარ-ცხენი.
_ თორელის სიკვდილი გააბედვინებს მაგ კანტალებს საქურდლად წამოსვლას,_ იციან, რომ ამღიონთ დღეს მკვდარი გვყავს მიწას მისაბარები, აარავის სცალია მთა-წვერთ სადარაჯოდ..
წუთით ორივენი დაღონდნენ, თავი ჩაქინდრეს.

სიჩუმე ისევ ახალგაზრდამ დაარღვია:

_ რაც დრო შეიცვალა, თოფიც აღარ გავარდნილა ღილღო-არხოტში, არც ქურდობა მომხდარა.

_ სანამ ეგ ღილღო-არხვატს მოაღწევს,_თქვა უთურგიმ: _ბევრი ღილღველი და არხოტიონი მოკვდების ერცხვის ხელით...

მზის პირველმა სხივმა მთათა წვერი ოქროსფრად გალესა და ჭაუხებიდან მონაბერმა ნიავმა,

შურთხების ზარის ხმა ჩამოატარა ხეობისაკენ.

უთურგი ყალიონს აბოლებდა.

ქორძომ ისევ დურბინდი აიღო და კვლავ ხეობისკენ გაიხედა.

_ შავქარაფასთან ცხენიანი კაცი!_,წამოიძახა მან და მუხლებზე წამოჯდა.

უთურგიც დურბინდს ეცა და ხეობას გაუმიზნა. როგორც კი დარწმუნდა ამხანაგის სიმართლეში, თოფს დასწვდა, ლულით საყუჩზე გადადო და ვაზნა მისცა პირში.

_ პირველსავ ტყვიას მასაკლავად ესრევა?!_,წამოიძახა ამხანაგის უცაბედი მოქმედებით შემკრთალმა

ქორძომ და ისიც საყუჩთან ჩაჯდა თოფმომარჯვებული.

_ თუ ქისტია, მასაკლავად!,_ გამოსცრა უთურგიმ წეკოს წევისგან ჩაყვითლებული კბილებიდან და თოფს უფრო მოხერხებულად გამოექადლა.

ქორძო უკმაყოფილოდ შეიშმუშნა, შორს, ხეობაში ბილიკზე ბუზისტოლად გამოჩენილ ცხენ-კაცს გახედა, მერე მზერა ამხანაგის ხეობისაკენ საბედისწეროდ გამიზნებული თოფის ტუჩზე გადაიტანა.
მისი პატრონი, ავად აელვარებული საღი თვალით, სუნთქვაშეკრული მიშტერებოდა ხეობაში მომავალ ცხენოსანს.

_ იქნება როგორი ქისტი..._თავისთვის გაუბედავად იკითხა ქორძომ.

უთურგიმ ელამი თვალი საზარლად გადმოუბრიალა ამხანაგს.

_შენ სამზირლად რა გინდოდა, შინ უნდა იჯდე და დედას ფურებს უწველავდე!...

ახალგაზრდამ ამხანაგის დაცინვა აინუნში არ ჩააგდო, ისევ დურბინდი აიღო და მგზავრს გახედა.

ერთხანს ქვადქცეული აკვირდებოდა მგზავრს, მერე სახეზე ნათელი მოეფინა, კმაყოფილებით ჩაიცინა, დურბინდი გვერდზე გადადო და თოფიდან ვაზნა მშვიდად ამოიღო.

უთურგიმ გაკვირვებულმა გადმოუბღვირა ქორძოს:

_ მე ბებერ კაცს თოფს არ ვახლი!,_ თქვა ქორძომ და ამხანაგს ზურგი შეაქცია.

უთურგიმ კვლავ დურბინდი დაიტორიკა.

_ მკვდარვირიანს, წელზე სცემს თეთრი წვერი, მაგ ხნის კაცი ცხენზე როგორ შაითარა?!,_უთურგიმ ხეობისკენ გადააფურთხა.

ქორძო, როგორც ჩანს, დარწმუნებული იმაში, რომ ამჯერად ადამიანის სისხლი არ დაიღვრებოდა, მშვიდად იღიმებოდა.

_ რას იკრიჭები, შე ყურუმსაღო,_გაცეცხლდა უთურგი: _ აქ მტრის თოფის სასროლად ხარ, განა ვირების სამწყემსაოდ!

_ სადაა მტერი, ეგ მტერია?!t;_ თვალით ხეობისკენ ანიშნა ქორძომ: _ მტერი დღისით, მზისით არხვატისკენ წამოვა მძახალივით?!

მგზავრი რამდენიმე წუთში მოაღწევდა ქისტეთ-არხვატის საზღვარს და “მზირთ ეხას”, სადაც ხევსურები იყვნენ ჩასაფრებული.

მგზავრის ჩაცმულობამ და წვეროსნობამ დაარწმუნა ხევსურები, რომ ცხენოსანი ქისტი იყო, მაგრამ ამ ხნის კაცი სად და ვისთან მიდიოდა, რა ჰქონდა გუმანში?...

გორებზე მარგალიტივით აბრჭყვიალებულ ცვარ-ნამს დაწაფებული მზის სხივი ასას ხეობაშიც ჩამოეფინა და ხევხუვებში მიმოფანტული ჩრდილები ენის ერთი მოქნევით ამოაშრო.

დურბინდში მშვენივრად ჩანდა ახოვანი ტანის მხედრის ნაცრისფერი სკლატის ჩოხაზე აკიაფებული ვერცხლის მასრები, თავზე ყვითელსაკუჭიანი თრთვილისფერი კრაველის ქუდი ეხურა.

ჩალისფერი ცხენი ბალახის წიწკნით ნებიერად მოაზაყუნებდა პატრონს.

_ ეს ბებერი დუსურბანი ყონდივითაა შადებული ცხენზე,_ თქვა ზიზღით ელამმა უთურგიმ: _ ბრმაც არ დააცილებს ტყვიას...

_ ურსაც არ არტყია წელზე, მთლად უიარაღოა, _ შეარბილა თავისი ამხანაგის მკაცრი სიტყვები ქორძომ.

უთურგიმ ხელი ჩაიქნია და კვლავ მგზავრისკენ გადააფურთხა:

_ სამარეში ფეხჩადგმულს რად უნდა იარაღი!...

ამასობაში, მგზავრმა საზღვარს მიაღწია.

მან ცხენი შეაჩერა, მიდამო მოათვალიერა, მერე ბილიკიდან გადაუხვია და მდინარის პირად ჭალაში შეიყვანა ცხენი. ხევსურების გასაოცრად, ცხენიდან ახალგაზრდული ჯომარდობით ჩამოხტა, სადავე კისერზე შეუდგა ცხენს, ქამარში გაჩრილი ხელსაწმენდი გაიძრო, ბალახებზე გაშალა და ზედ დაიჩოქა ქუდმოხდილმა.

_ ლოცულობს თავის წესზე!_, წამოიძახა გაოცებულმა ქორძომ.

_ მადლია ახლა მაგისთვის შუბლში ერთი ტყვია,_ თქვა კბილების კრაჭუნით ელამმა ხევსურმა: _ სააქაოდან თავის ფეხით მივიდოდა იმ უფალთან, რომელსაც ლოცულობს, ამდენი ხელების შლა და ხვეწნა აღარ დასჭირდებოდა, იქ პირში ეტყოდა სათქმელს...

ქორძო გაოცებული ადევნებდა თვალს მოხუცი ქისტის მოქმედებას და არც უკვირდა, რომ მის მიმართ არანაირი მტრობა და სიძულვილი არ ჰქონდა გულში.

ლოცვად დავარდნილი მოხუცის გადაპარსული პრიალა თავი ბალახში ჩაღვრილი თეთრი წვერებით უზარმაზარ სოკოს ჰგავდა, ხან რომ ცისკენ აღიმართებოდა აჩონჩხლილ მკლავებს შორის და ხან ისევ მ,იწაზე ეშვებოდა. ამ დროს მოხუცის ნაცრისფერჩოხიანი ზურგი მუხლებზე წაჩოქილი აქლემის კუზს ჰგავდა.

მოხუცმა ლოცვა დაამთავრა, ცხენზე შეჯდა და გზა განაგრძო.

ხევსურებმაც საფარი დატოვეს, შამბიანი ფერდობი ჩამოიარეს და ბილიკზე ჩავიდნენ.

გზაში ჯიქურ გადამდგარი, თოფმომარჯვებული ხევსურები რომ შეიშნა მოხუცმა, ცხენის სადავე ოდნავ მოზიდა.

ხევსურებმა თითო ნაბიჯით წაიწიეს მისკენ.

მოხუცმა ქისტმა უნდაგირზე წინ გადმოიწია და ხევსურებს ხელის მოჩრდილვით დააკვირდა.

_ ფხია!,_ ჩაილაპარაკა მან ჩიფჩიფით და უნაგირზე გასწორდა.

_ ვინ ხარ, სად მიხვალ?;_ იკითხა ზვიადად უთურგიმ, თან ელამი თვალით წარბს ქვემოდან გაუბღვირა და იღლიაში ამოჩრილი თოფის წვერიც შეატოკა.

მოხუცი ხმას არ იღებდა, დამცინავად მოწკურული თვალებით მშვიდად აკვირდებოდა ხევსურებს.

ქორძო მონუსხულივით შეჰყურებდა მოხუცი ქისტის გარეგნობასა და მორთულობას. თეთრი წვერი, ღრმად ჩამჯდარი, ჭკვიანი თვალების ზემოდან ბორჯღად გარმოჭამფრებული ხშირი წარბები, თვალებს ირგვლივ წვრილი ნაოჭების გვირგვინი, ქუდსა და წარბებს შორის გამოჩენილი სპილოსძვლისფერი ტკიცინა შუბლი, უნაგირის ტახტაზე ჩამოწყობილი დამუმიებული გრძელთითება ხელები, არამიწიერ იერს აძლევდა მოხუცს. ამასთან ერთად, მისი შეუვალი სიდინჯე და დამცინავი იერიც, და რასაკვირველია, ბუნებრივი იყო ახალგარზდა არხოტიონის გაოცება.

მოხუცი ისეთი გამომეტყველებით აკვირდებოდა ხევსურებს, თIთქოს მრავალი წლის წინანდელ რაღაც ამბავს იხსენებდა.

უთურგიმ დამტვრეული ქისტურით გაუმეორა კითხვა მოხუცს.

მოხუცმა ჩაახველა, ხმა ჩაიწმინდა.

_ ხელ მაგემართათ, ხევსურებო!,_ თქვა მან ქართულად.

ხევსურები ოდნავ შეცბუნდნენ, მაგრამ ქისტის ქართული არ გაჰკვირვებიათ, ერთმანეთის მეზობლად მცხოვრები ქისტები და არხვატივნები იოლად სწავლობდნენ ერთიმეორის ენას.

მისალმებაზე პასუხი როგორღაც ვეღარ მოახერხეს კვლავ კითხვადქცეულებმა.

_ ამღიონ მანგიას უნდა ვესტუმრო,_ თქვა ქისტმა კვლავ ნიშნის მოგების კილოზე.

მანგიას ხსენებაზე ხევსურები დაფაცურდნენ, უთურგი ახლოს მივიდა ცხენოსანთან, ირგვლივ შემოუარა, ცხენკაცის კაზმულობა ეჭვიანად გაჩხრიკა, შევერცხლილ ლაგამ-აბჯარ-უნაგირს ხარბი მზერა შეავლო და ისევ მხედარს შეაბრუტიანა ელამი თვალი.

ავად აბრიალებულ თვალზე შეამჩნია ქისტმა, რომ ხევსური სასიკეთოს არაფერს ფიქრობდა.

_ მე არხვატიონთ სისხლი აღარ მმართებს.._,თქვა ქისტმა მშვიდ ხმაზე: _ ისე კი, თუ სხვა ქისტების ვალსაც მე მომთხოვთ, ჩემს მაკვლაზე არხვატში საკარგყმოს მოგართმევენთ..

_შენდროულა კაცს არხვატიონი თოფს არ ახლის!_, ვეღარ მოითმინა ქორძომ და ამრეზილ უთურგისა და ცხენზე დაუდევრად მჯდომ ქისტს შორის ჩადგა.

უთურგის კიდევაც ეწყინა ამხანაგის მოქმედება და სადღაც კიდეც ესიამოვნა, რომ მტრისათვის თოფის ადვილად მსრეველ კაცად გამოჩნდა ქისტთან.

ქისტმა კი წარბებს ქვემოდან გამომცდელად გამოხედა ხევსურებს, უთურგის კვლავ ეჭვიანად ჩააშტერდა და მიხვდა, რომ ავი კაცი იყო და ძნელად დასთმობდა ავი საქმის არ გაკეთებას, მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, უკან დახევა კი არ ითაკილა.

_ თუ ის კაცი მითხოელი ელიმარძა იქნება?!_, თქვა ქისტმა და უნაგირზე შემაღლდა.

ხევსურები გველნაკბენსავით შეტოკდნენ.

უთურგის თოფის ჩახმახმა საბედისწეროდ გაიჩხაკუნა.

_ ცხენის მჭამელო! რამდენი ამღიონის სისხლია შენს კისერზე,_იყვირა უთურგიმ: _რომენ ერთს შაგწირა?!

_ იყო და აღარ არის!...,_ მოხუცი კვლავ ზვიადად შემართული, ცალყბად შეღმენილი უყურებდა ბრაზით თვალანთებულ ხევსურებს, რომელთაც ვერ გადაეწყვიტათ თეთრწვერა მოხუცისთვის თოფის დახლა.

_ ლოგინში სიკვდილს, მტრის ტყვიით სიკვდილი უჯობს ელიმარძას,_ჩაილაპარაკა თავისთვის კმაყოფილ კილოზე ქისტმა: _ ოღონდ ეგაა, არხოტიონი მანგიას უნახავად წასვლა არ მინდოდა სამზეოდან...

მანგიას მეორედ ხსენებამ უფრო შეაყოვნა ხევსურები.

_ მანგიას მტრის ხელით მოკლული შვილი უწევს ჭერხოში, დუსურბანის სამასპინძლოდ არვის სცალის...

_ ჩემი სულთის მამკლავი თორელი!_, წამოიღაღადა მოხუცმა, თან თვალები არხოტისკენ მიაშტერა:
_ჩემი არწივის მზის ჩამქრობიც ჩამქრალა...

ხევსურებს გაახსენდათ, რომ ელიმარძას ერთადერთი შვილი სულთი, თორელს ჰყავდა მოკლული რამდენიმე წლის წინ და ერთიმეორეს შეცბუნებულებმა გადახედეს.

_ მივიყვანოთ, არხვატი რას იტყვის და სად გაგვექცევა, ძაღლს ძაღლივით უნდა ჩაძაღლება.

მოხუცმა ზიზღით გადააფურთხა და ცხენს ქუსლით წასვლის ნიშანი მისცა, ამით ხევსურებსაც აგრძნობინა, გზას დაადექითო.

უთურგიმ ქორძო წინ წაუმღღვარა ცხენოსანს და თავად უკან მიჰყვა თოფმომარჯვებული, თუმცა გამქცევი არავინ იყო და არც გზა იყო სადმე გასაქცევი.


* * *
ამღაში მოსისხლეებისგან მოკლულ ვაჟკაცს დასტიროდა მთელი არხვატის თემი.

სისხლი ემართა და ჰკრეს ტყვია ხახმატელებმა მანგიას ერთადერთ შვილს.

არხოტივნებმა საკაცით მოასვენეს საძელიდან “მეთავის ხელით დახარჯული თემის იმედი”.

ხმლის ვადაზე ნიკაპჩამოდებული ხმით მოტირალნი ერთიმეორეს არ აცლიდნენ:

_ რად გაგვიშავე სამზეო, თორელოო...
_ ცა რად დახურე ამღიონთა, თორელოო...
_ ციხე წაექეც ბერდიშვილთა, თორელოო...
_ ელიმარძაის შვილი დაგხვდება, თორელოო...
_ გულზე თუკლაღ სჭირს იმასაცაა, თორელოო...

ხევსურებით სავსე ჭერხოს სიღრმეში საიარაღო კედელთან მიდგმულ ტახტზე ბორგავდა მოკლულის მამა მანგია, ძალა აღარ ჰყოფნიდა, არც მუხლები ემორჩილებოდა, რომ “ჭირის მწყენთ” ფეხზე მდგომი დახვედროდა. თავის კბილა ბებრებმაც შეუგმეს, ბევრი შვილმკვდარიც უხსენეს, მაგრამ დარდის სატკივარს ვეღარ სძლევდა, სულ “ჭრა-ჭრილობაში” და “მამკლავ-მამკვდრობაში” ჩამობერებული, “ღილღველთ ჭირად გაჩენილი” არხოტიონი.

იქვე სამფეხა ჩიკებზე ისხდნენ ბებერი არხოტიონები, ყალიონს აბოლებდნენ, თან ცალი ყური ხმითმოტირალთაკენ ჰქონდათ მიპყრობილი.

ვერავინ შენიშნა, როდის შემოხდა ბანზე და შემოიარა ხალხით სავსე ჭერხო უთურგი კვირიწმინდელმა.

სამფეხებზე დაფელხვილ მოხუცებს გვერდი აუარა და ტახტზე გაშოტილ მანგიას წაადგა თავზე.

მოხუცმა ნაღველში ჩაძირული თვალებით ამოხედა უთურგის.

_ არხვატის ჭალაზე ღილღველ მავას!,_ თქვა უთურგიმ სხვა მოხუცების გასაგონად.

მანგიამ დალიბრული თვალები მოწკურა, თან ყურიც წამოსწია, რაღაც შეცდომით ხომ არ ჩამესმაო.

მოხუცებმაც კისრები წაიგრძელეს.

უთურგი ოდნავ დაიხარა ტახტზე მწოლისკენ და ხმამაღლა ჩასძახა:

_ ურჯულო მავას არხვატისაკე!

_ რად არ მახკალით?!-, დაიგრგვინა რომელიღაც მოხუცმა: _ აქ საკითხავად მოსვლა რად გინდოდა?!

ჭერხო გაინაბა, ხმით მოტირალს ხმალი გაუვარდა ხელიდან და მიწის იატაკზე გაიწკრიალა.

_ბებერია, ვერ ვიკადრეთ თოფის ხლა!..

მანგიამ თავს ძალა დაატანა და იდაყვზე წამოიწია.

_ ნეტა რომენ სოფლელია?,_იკითხა ვიღაცამ.

_ ნეთხიჩოელი ელიმარძაა!,-წამოიღრინა კბილების კრაჭუნით უთურგიმ და მოხუცებს მიაშტერდა კითხვადქცეული.

_ ელიმარძა?!-, წაიბუხუნა მანგიამ და ტახტზე ნახევრად წამოჯდა.

მოხუცებიც ფეხზე ადგნენ.

მთელი ჭერხო ასადგომად დაფათურებული მანგიას შეჰყურებდა.

წუთით მიცვალებული ყველას დაავიწყდა, სიტყვა “ელიმარძას” ჩურჩულებდა დიდი და პატარა, ქალი და კაცი.

_ რა უნდა მაგ ცხენის მჭამელს, რასთან მავას არხვატისაკე?!-, იკითხა სხვებზე უხნესმა.

_ ეგ აღარ გაძღა არხვატიონთ სისხლით არც სიახლეში და არც სიბერეში!.._ახლა მეორემ დაუმატა.

მანგია ტახტიდან გადმოვიდა.

_ მე ვიცი, ნეთხიჩოელს რაც უნდა!,_თქვა მან ჩახრინწული ხმით,_ დრო მამიწვერე განა, დუსურბანო,_განაგრძო თავისთვის მანგიამ: _ მაგიკვდეს მანგია, თუ შენ გულ დაიცინოს!..

მერე იქვე დაკიდებული ჩოხისაკენ და ქამარ-ხანჯლისაკენ გაიწოდა ხელი.

მიაწოდეს.

კაცი უცბად სულ გამოიცვალა, თავისი უბედურება თითქოს დაავიწყდა, აკანკალებული ხელებით ვეღარ იცვამდა ჩოხას, მაგრამ მაინც იცვამდა, შემოიკრა ქამარ-ხანჯალიც.

_ წინგარდაზე ჩიკა დამიდგით!,_ბრძანა მან ბოლოს და ჭერხოს კარისაკენ გაემართა. შვილის ცხედარს რომ გაუსწორდა, წამით დააშტერა ამღვრეული თვალები.

_ ერთხან ნიადე წასვლა უნდა ყველას!,_ თქვა და გზა განაგრძო.

წინგარდაზე მისთვის დადგმულ სამფეხ სკამს მიუახლოვდა.

_ აი, ეხლა მავიდეს ეგ ღილღველი!,_ თქვა თავისთვის ამაყად და სკამზე ჩამოჯდა.
ვერავინ გაუგო მანგიას მოქმედებას თავი და ბოლო.

ერთი მოხუცი მორიდებულად მიუახლოვდა, ის იყო, რაღაც უნდა ეთქვა, რომ მანგიამ ხელი აიქნია და ბრძანების კილოზე უთხრა:

_ მე და თორელი დღეს მაინც უნდა გავიყარნათ მამა-შვილობით, აქ ბანზე გადმოასვენეთ, აქ იტირას ქალ-ზალმა!...

რამდენიმე წუთის შემდეგ, ფარდაგგადაფარებული ტახტით თორელის ცხედარი მამის მახლობლად ბანზე დაასვენეს ხევსურებმა და თავად ბანის კიდეზე ჩამწკრივდნენ.

დედროვანმა ზარს მოუმატა.

მანგიამ ყალიონი გამართა და თავისი ჩვეული სიდინჯით გააბოლა.

იქვე, დერეფნის სიგრძეზე გადებულ ძელზე მსხდომი ბერიკაცები შეცბუნებულები და დაეჭვებულები უთვალთვალებდნენ შვილმკვდარი მოხუცის მოქმედებას, ვერავინ წვდებოდა, რა ძალამ და ცეცხლმა შეაძლებინა ერთადერთი შვილის დაკარგვით ჩალოგინებულ მოხუცს უცბათ ფეხზე ადგომა.

_ აგე, მახყავ!,_ დაიძახეს ჭერხოს ბანზე ასულმა ყმაწვილებმა.

“ამღის ყანით” გამოჩნდნენ ქორძო წიკლაური და ჩალისფერ ცხენზე მჯდომი მოხუცი ქისტი.

სოფლის პირში რომ მოვიდნენ, ქისტი ცხენიდან ჩამოხდა და საფერხე დასადავებული წამოიყვანა.

ყველა სულგანაბული და გაფაციცებული უყურებდა სოფელში შემოსულ მოსისხლეს, რომლის ბრძოლებსა და შეუპოვრობაზე, წარსულსა და ნამოქმედარზე ზღაპარივით ჰყვებოდნენ ხოლმე ხევსურები არხვატის საფიხვნოებში.

რომ დაიგუმანა ქისტის მოახლოება, მანგია წამოდგა და ბანზე დინჯად, გამართულად გაიარა, თითქოს წინგარდაზე საქორწილო სუფრა ჰქონდა გაშლილი და არა შვილის ცხედარი ესვენა.

ქისტი ნელა მიუახლოვდა მანგიას ბან-კარს, გამჭვალავი თვალით აკვირდებოდა ყველაფერს, ეზოში რომ შევიდნენ, ცხენის სადავე ქორძოს მიუგდო და ბანზე ავიდა.

მანგია დოინჯშემოყრილი უყურებდა ქისტს.

ქისტი წყნარად მიუახლოვდა ცხედარს, მერე დაიხარა და მიცვალებულის სახეს კარგა ხანს აკვირდებოდა, მის ტანსაც აატარ-ჩაატარა მზერა.

_ ღირებულხარ მანგიაის შვილო, თოფსაკრავად!,_თქვა მან: _იმ სიბრტყე მკერდი გქონია, რომ დაესწრო, ჩემი სულთი შენ ტყვიას არ აგაცილებდა...

მერე მანგიასკენ შებრუნდა.

მოხუცები მშვიდად აკვირდებოდნენ ერთიმეორეს, თავიდან ფეხებამდე ათვალიერებდნენ.

_ როგორი ფერი აქვს შენთვის დღეს სამზეოს, არხოტიონო?,_უთხრა ქისტმა მანგიას, მშვიდად, წყნარი ხმით.

_ ჩემი ძმის მამკლავი რახელ მახვედ ჩემს კარზე, ცხენის მჭამელო, ის ხომ არ გეგონა, მანგიას მტირალს ღნახავდი?!,_თითქმის ჩურჩულით იკითხა მანგიამ.

_ მოვედი, შვილის ქორწილი რომ მოგილოცო, _უთხრა ქისტმა და ხანჯლისწვერივით წამახული თითი ცხედარს მიუშვირა.

მანგიამ უცნაურად გაიღიმა, თან ნაბიჯი ცხედრისკენ გადადგა.

_ ხო წევს მანგიაის შვილი გველეშაპივით, ღილღველო, სიცოცხლეც უღირდა, სიკვდილიც უღირს!

_ გიხარის, რომ მოგიკლეს?!

_ მოსისხლემ მოკლა...

_ ხო, ხევსურები იბადებით, რომ ერთიმეორე ხოცოთ...

_ ქისტებიც!,_ თქვა ამაყად მანგიამ.

_ სასაფლაოზე დათვალეთ ჩვენი ნათოფარები, _ უპასუხა დამცინავად ქისტმა და თეთრ წვერზე დინჯად ჩამოისვა ხელი.

ხევსურმა სამფეხა ჩიკები მოუტანა მოხუცებს.

_სასმელი გამაიტანეთ!,_გასძახა მანგიამ ჭერხოში.

მერე არავის გაუგონია, რას ლაპარაკობდნენ მოხუცები, ტაბლას ჩაჰყურებდნენ თავჩაქინდრულები, რომელზედაც დოქით ლუდი ედგათ და კანტი-კუნტად ესიტყვებოდნენ ერთიმეორეს.

მიცვალებულის გასვენების ჟამმა რომ მოაღწია, მოხუცი ხევსური მიუახლოვდა მანგიას:

_ შვილს უკენობის სიტყვას ხო არ დააკვალებ...

_ ელიმარძას შვილი მომიკითხოს სულეთ შასულმა!,_ თქვა მანგიამ და სოფლის ნაპირას მდებარე სასაფლაოსკენ გაიხედა.

მოხუცი ქისტი ცხედარს უმზერდა.

_ აღარც შენა გყავ თორელი,_თვალი თვალში გაუყარა მანგიას: _ რა შეგრჩა სისხლის აღებით, რამდენჯერაც აიღე, იმდენჯერ გაიღე!

_ კარგი მამცას არხოტის ჯვარმა და კარგი მამიკლას! მაგას დავმარხვათ, სხვა კიდევ გაიზრდების!..

მოხუცი ქისტი მიწას ჩაჰყურებდა და რაღაცას ფიქრობდა კარგა ხანს. მერე თავი აიღო და ხევსურს ძლივს გასაგონი ხმით ქისტურად ჩაულაპარაკა:

_ რად არ გიკვირს, რომ ელიმარძი გესტუმრა?

_ არ მიკვირს, ძაღლი ძაღლად დაბერდი, ბოლოს თოფის ზიდვა რო აღარ შაგიძლავ, გატეხილი მანგიაის ნახვის წყურვილმა მოგიყვანა...

_ ნეთხიჩოს მამწვდა, შვილის სიკვდილმა მანგია ჩაალოგინაო...

_ უკანასკნელად თოფვა გინდოდა ჩემი, მაინც დაგიცდა, _ ჩიკაზე ამაყად შესწორდა მანგია.

ქისტმა სინანულით გააქნია თავი.

_შვილის სიყვარულზე მაგარი, მტრის სიძულვილი ყოფილა შენს გულში, სათოფავია ეგეთი გული...

_ შვილის სიყვარული ჩემია, მტრის სიძულვილი სახოყნო!,_ ცარიელი ყანწი ტაბლაზე დააგდო მანგიამ: _ შენ არხვატისკე მაშინ წამოხვედი, ჩემი ჩალოგინება რომ გაიგე...

_ არა!,_თქვა ქისტმა და შორს მთებისკენ სადღაც ჰკიდა ნაღვლიანი მზერა: _ ჩემი თავი მებრალებოდა ოხრად დარჩენილი, ჩემი დაუძინებელი მტერიც შემბრალდა, გაჩემფერებული, მამაცი მტერი!... იმიტომ წამოვედი, ჩემი ტკივილი შემომეჩივლა, შენიც მომესმინა...

მანგია ყბაჩამოვარდნილი, დატყვრეცილი თვალებით გაოცებული შეჰყურებდა ქისტს, მეჩვენება თუ ნამდვილად ეს სიტყვები თქვა, რაც ჩამესმაო.

_აღარავინ თოფავს ერთმანეთს ახლა და აღარც მოსისხლეობენ,_ განაგრძო ქისტმა ნაღვლიანად: _ ქისტეთ ჩემ სწორებს შვილბოლოში თავი არ უჩანს, ერთი მე ვარ მარტოხესავით ამოსული... მათი მამა-პაპის მაგივრადაც მე გახლიდით ტყვიას, რა შემრჩა...

_ სახელი!,_ თქვა მანგიამ და ახლოს მიუჩოჩდა ელიმარძას: _ სახელი დარჩა, ნეთხიჩოელი ელიმარძის სახელი!...

მერე ელიმარძაზე არხოტელების გამოთქმული ლექსი ჩაილაპარაკა:

“გახსოვდას ელიმარძაო,
არხვატით წანატანია,
მიხოლ, მაგიდის ტყვეები,
მიგიდის ხაროვანია,
იცოდე, არ შეგრჩებოდა
არხოტივნების ვალია!”

ქისტმა ხელი ჩააქნია და მისკენ წაძაგრულ ხევსურს თვალებში ჩახედა:

_ ცოდვიანო არხოტიონო, რამდენ ქისტის ქალს ჩააცვი შავი, რომ მახკვდები, შინაით შანდობის მთქმელი აღარავინ დაგრჩა, არცვინ შენი სახელის მხსენებელი იქნება, წავიდა შენი თორელი იქ,_ მან თითი ცისკენ აიშვირა: _ ჩემს არწივთან წავიდა...

ხევსური გაყინული თვალებით გაჰყურებდა სასაფლაოსკენ წაღებულ შვილის ცხედარს, ფეხზე ადგომა უნდოდა და ვეღარ ბედავდა, ვაითუ ქისტის თვალწინ ჯანმა მიღალატოს და თვი მომეჭრასო.

_ მძიმე ყოფილა მტრიანი კაცის წუთისოფელი, ნეთხიჩოელო,_ თქვა მან ხიხინით: _ ძალიან მძიმე, კიდევ კარგი, შენ რო გხედავ... მადლობელი ვარ შენი აქ მოსვლისა, ძალიან დიდი მადლობელი...

ქისტი წამოდგა.

სირცხვილის შიშმა და ჯერ კიდევ შემორჩენილი სიამაყის გრძნობამ ძალა შემატა მანგიას, მძიმედ წამოიმართა და ბანიდან ჩასასვლელად გამზადებული ქისტისკენ გადადგა ნაბიჯი.

ქისტი შეჩერდა.

ისინი ახლა მარტოკები იყვნენ, ახლომახლო აღარავინ იყო, ხალხი სასაფლაოზე გაკრეფილიყო.
ეზოში ჩალისფერი ულაყი მიწას ტორავდა, პატრონს უხმობდა.

_გამაგრდი არხოტიონო, _თქვა ელიმარძამ, თან უცნაური ღიმილით გაუნათდა სახე: _ თორემ ელიმარძა იფიქრებს, რომ ბოლოს ნასრევი არ აგაცდინე...

ხევსურმა მხარზე ჩამოადო მუგუზალივით ხელი ელიმარძას, თავადაც სცადა რაღაც გაღიმებასავით, თუმცა არ გამოუვიდა.

_ ჩათვალე ცხენის მჭამელო, რომ დამჯალდე, ნასრევიც შესაფერისი გამოგივიდა...ხელ მაგიმართოს არხოტის ჯვარმა...!

მრავალი წლის დაუძინებელი მოსისხლეები ერთხანს კიდევ ეკირკიტებოდნენ ერთიმეორეს ლიბრიანი, ბებრული თვალებით, რომლებშიც მტრობისა და სიძულვილის ნატამალი არ ჩანდა, პირიქით, მათ გამოხედვაში იხატებოდა უსაზღვრო სინანული და მოკრძალებული ურთიერთპატივისცემა.

ქისტი ბანიდან გადავიდა და ცხენისკენ გაემართა.

სასაფლაოდან მობრუნებული ქორძო და უთურგი მანგიასთან პირველნი მივიდნენ.

უთურგის თვალი ცხენისკენ იმავალ ქისტზე რჩებოდა, მას თავის ნადავლად თვლიდა და მანგიას ბრძანებას ელოდა.

_ სტუმარს გაჰყევით სოფლის ბოლომდე, პატივი დასდეთ და ჯვარი დასწერეთ,_თქვა მანგიამ.

_ პატივი კი არა, ტყვია უნდა მაგ ძაღლს!,_ჩაისისინა უთურგიმ.

_ რეგვენო!,_ იფეთქ ხევსურების გასაოცრად მანგიამ: _ ეგ ძაღლი კი არა, ნეთხიჩოელი ელიმარძაა! მაგან ბევრჯკერ შემოხკივლა არხვატს არწივივით და შემოგვთოფნა... რამდენიც მოვუკალით, მაგვიკლა... ეხლა აღარც მაგას ვინ დარჩა მასაკლავი, არც მე..,_ უცბათ ხმა ჩაუწყდა მოხუცს.

ქისტმა ცხენი ეზოდან სადავითვე გაიყვანა, მერე სწრაფად შეჯდა, ხევსურებისაკენ შემობრუნდა, ქუდის მოხდით დაემშვიდობა ბანებზე წამდგარ არხოტივნებს და ცხენს ქუსლი ჰკრა.

ვიწრო ბილიკზე ქარივით გაფრენილ ცხენს გაკვირვებული მზერა გააყოლეს ხევსურებმა.


ბმული - http://xevsurety.blogspot.com/2012/07/blog-post_24.html?spref=fb



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury


Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: შოთა არაბული   Fri Aug 24, 2012 10:55 am

შოთა წიკლაური-შოთა არაბულზე:-

" ჩემი ალალი მამიდაშვილი იყო.ჯუთელი, შიშიათ გიორგის შვილი, საოცარი პიროვნება. წარმატებით დაამთავრა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის დროს მოყოლილი იყო სტუდენტების სისხლიან დარბევაში. ცხოვრობდა და მუშაობდა ყაზბეგში. დიდი ხნის განმავლობაში იყო ყაზბეგის რაიონული გაზეთის რედაქტორი. შესანიშნავი პროზაიკოსი, მაგრამ ამავე დროს სულით და ხორცით პოეტი. უამრავი ექსპრომტის ავტორი, გალექსება-გამოლექსების უცვლელი მონაწილე. დაუსრულებელი პაექრობა ალ. ჭინჭარაულთან და იმ დროის ცნობილ სახეებთან. მარტო ეს რად ღირს:



"ამ ოთხმოცდა შვიდმა წელმაც
ჩაი... ჩაი... ჩაიარა,
მე კი მაინც არაყ მიყვარს,
ჩაი? ჩაი? ჩაი-არა! "
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Sponsored content




PostSubject: Re: შოთა არაბული   Today at 8:43 am

Back to top Go down
 
შოთა არაბული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: