არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მაიკო მიქაია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: მაიკო მიქაია   Tue Mar 27, 2012 9:34 am


Maiko Miqaia

მაიკო მიქაია

დავიბადე და გავიზარდე გალში, აფხაზეთში. პროფესიით ვარ ჟურნალისტი და იურისტი. მყავს მეუღლე და ორი შვილი.

ბმული – https://www.facebook.com/profile.php?id=100001522606525
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Tue Mar 27, 2012 11:21 am

მაიკო მიქაია

ნან

ამ დილით ყველაფერი თითქოს სხვანაირად დაიწყო, არა ისე, როგორც ყოველთვის. უცნაურ ფორიაქს შეეპყრო მთელი სხეული.
გული გამალებით უცემდა. ანგარიშმიუცემლად დასწვდა ჭუჭყიან შარვალს, ვიწრო გოლიფეში ზანტად გაყო გაყინული ფეხები, მთელი ღამე რომ ვერაფრით გაითბო. გათოშილი ხელისგულები ერთმანეთს მოუსვა და წელში ოდნავ მოხრილი წავიდა ბუხრისკენ.
გუშინღამ შეკეთებულ კუნძსაც დაზარებოდა ბოლომდე ჩანაცვრა, საბოლოოდ დანებებოდა სიცივეს. ჭუჭრუტანიდან მზე აღწევდა სინათლის ვიწრო ზოლებად. ფანჯარაზე ჩამოფარებული ბრეზენტის ძველი ნაჭერი გადასწია და დოინჯშემოყრილმა გადახედა ეზოს. დილის მზეზე აციმციმებულმა თოვლმა თვალები მოსჭრა. ყველაფერი მოსაბეზრებლად ერთფეროვანი მოეჩვენა. ნაჭერი ისევ ჩამოაფარა და ოთახში გაიარ-გამოიარა. უცებ ვერაფერი გაარჩია, თითქოს ერთბაშად ჩამობნელდაო. თვალები მოიფშვნიტა და ტახტისკენ ბარბაცით გაემართა. ხელებით ტახტის კიდეებს დაებჯინა და ღრმად, გულიდან ამოიოხრა.
სულ რაღაც ერთი თვის წინ ამ სახლში ყველაფერი სხვაგვარად იყო. ბუხარში ყოველთვის ცეცხლი გიზგიზებდა. სამი ცელქი ბიჭი ამ ტახტზე ყირაზე გადადიოდა და ერთმანეთს ეძიძგილავებოდა. უმცროსი ბუთხუზა ხშირად ვეღარ უძლებდა უფროს ძმებთან ჭიდაობას და ხან ტირილით, ხანაც ბუზღუნით ააძვრებოდა მამას კალთაზე.
მოფერება და ალერსი არ ეხერხებოდა ლავრენტს, ერიდებოდა კიდევაც გრძნობის გამოხატვას, მაგრამ ამ პატარა, მრგვალი და აბუზღუნებული ბიჭუნას დანახვაზე თვალებში უცნაური სხივი აუკიაფდებოდა ხოლმე და ნაძალადევი ბრაზით გადასძახებდა უფროსებს: _ მოერიეთ, არა, თქვენზე პატარასო?!
ისინიც წამით გაყუჩდებოდნენ, რომ მკაცრი მამის სახეზე ამოეკითხათ, მართლა გაბრაზდა, თუ არა. მერე დამშვიდებულები ისევ განაგრძობდნენ ჭიდაობას. ასე შეეძლოთ მთელი დღის გატარება, მაგრამ ოჯახის საქმეებს შეჭიდებული ნან ხშირად უხმობდა ბიჭებს დასახმარებლად და ისინიც უსიტყვოდ ასრულებდნენ დედის დავალებას.
ნან, როგორც წესი, ღუმელთან ტრიალებდა. მისი დაუშრეტელი ენერგია ამოუხსნელი გამოცანა იყო ყველასთვის. მის ირგვლივ ყველაფერი წკრიალებდა და ყოველთვის გემრიელი საჭმლის სუნი გამოდიოდა განიერი სამზადიდან. ნანს გარჯასთან ერთად გამჭრიახ გონებასაც უქებდნენ და ხშირად რჩევის საკითხავადაც მოდიოდნენ ხოლმე მასთან.
კაცის საქმეებსაც არ ერიდებოდა ნან, შეშასაც დაჩეხავდა, თუ ქმარი არ იყო შინ, ყანასაც გათოხნიდა და სადმე ამომძვრალ ლურსმანსაც მოხერხებულად ჩააჭედებდა. და, თუმცა ამგვარი საქმიანობა იმ დროისათვის ქალისთვის სამარცხვინოდ ითვლებოდა, ნან რატომღაც არავის დაუძრახავს. არც იმას უთვლიდნენ საძრახად, რომ სულის მოსათქმელად ეზოში კუნძზე ჩამომჯდარი, თუთუნს ოსტატურად გაახვევდა გაზეთის ნაგლეჯში, კოჟრიან ხელებს გაოფლილ სახეზე დინჯად ჩამოისვამდა და კაცივით გააბოლებდა.
ისე ნათლად წარმოიდგინა ეს სურათი ლავრენტმა, უნებურად კარებისკენ გაიხედა. თითქოს ეს-ესაა აივანზე ნანის ნაბიჯების ხმა გაიგონა, შემოვა და ბუხართან დაჩეხილ შეშას დაყრის, კუთხეში სწრაფად მიალაგებს და ცეცხლსაც შეუკეთებსო. მაგრამ გარედან მხოლოდ ქარის შორეული სტვენა შემოდიოდა და დროდადრო მონოტონურად რაკუნობდა კარის სახელურზე უსარგებლოდ დაკიდული ურდული.
ფიქრებიდან გამოერკვა. _ ეეჰ, დაღამებულაო, _ ჩაილაპარაკა, თუმცა ჯერ მხოლოდ სადილობის დრო თუ იქნებოდა. სამზადში შეფრატუნდა, სამფეხთან დაგდებულ, სახელურმომძვრალ და სულ ერთიანად გაშავებულ ქვაბს ჩახედა. ღომის ნარჩენები ქვაბის კიდეებს მიხმობოდა და ისეთი უსიამო სანახავი იყო, მშიერ კაცსაც რომ გაუფუჭებდა მადას.
_ გადავალ ერთი თუთბერიებთან, ლუბას სადილი ექნება ნამდვილად გამზადებული... სხვა რა გზაა! _ დაირწმუნა თავი ნათესავთან სადილად გადასვლის აუცილებლობაში და უკვე ჩქარი ნაბიჯით შემობრუნდა ოთახში. გულდასმით ჩამოიბერტყა შარვლის დაჭმუჭნილი ტოტები, ქამარი შემოირტყა წელზე, ნანის შეკერილი სქელი ხალათი შიგ ჩაიტანა, საკმაოდ განიერი შარვალი ქამრით შემოინაოჭა. მხრებში გაიმართა, კუთხეში დაკიდული შავი ნაბადი ოსტატურად შემოიცვა, ყაბალახი ოდნავ გვერდზე ჩამოიწია და აზიაცკების ჭრაჭუნით ოთახში გაიარ-გამოიარა. აივანი კოხტა ნაბიჯებით გადმოჭრა და სანამ კიბეზე ჩასვლას დაიწყებდა, ამაყად გადაისვა წვერ-ულვაშზე ხელი. აქაოდა, არ გეგონოთ, ლავრენტი ცოლის გაქცევამ დააბეჩავაო.
ფეხი ღრმად ჩაეფლო თოვლში და ამ ჭრაჭუნზე ლავრენტს თითქოს ჩაესმა ნანის საყვედურიანი ხმა:
_ რა იყო, ყაზახო, თოვლსაც მე ხომ არ ჩამოგიხვეტავ კიბიდან?!
ლავრენტმა მკაცრად გაიხედა გვერდზე, ისე, როგორც ყოველთვის აკეთებდა, როცა ცოლისგან რაიმე შენიშვნას გაიგონებდა. შეცბუნებული მიხვდა, რომ მხოლოდ ჩაესმა და მოაჯირს ჩაბღაუჭებულმა ნელა ჩამოიარა კიბე.
ჭიშკართან დახორებული თოვლი ფენა-ფენად დაყინვოდა მიწას. ლავრენტმა ძალა დაატანა და აჭრიალებული ჭიშკრით გადახვეტა გვერდზე. მძიმე ნაბიჯებით გაუყვა გზას. ცდილობდა ღობესთან ახლოს ევლო, სადაც ჯერ ფეხდაუდგამი თოვლი ურმის ბორბლებისგან ატალახებულ ქუჩას ქათქათა ზოლად გასდევდა.
დინჯი, გამოზომილი ნაბიჯებით მიდიოდა. არასოდეს აჩქარდებოდა. ვერც დაღლას შეატყობდი, ვერც რაიმეთი შეწუხებას. შეჩვეული იყო გარეშეებზე ზრუნვასა და ფიქრს. არც მეზობლებისა და ნათესავების ოჯახებში არაფერი გადაწყდებოდა ლავრენტის რჩევის გარეშე. ბრძენი კაცის სახელი ჰქონდა, ჭკუა მართლაც უჭრიდა, მაგრამ სულ სხვებზე ფიქრით გადაღლილი, არასოდეს დაფიქრებულა, საკუთარ ოჯახში რა ხდებოდა ან რატომ ხდებოდა. მთელი დღის შრომისაგან ქანცგაწყვეტილი ნან საღამოს ტახტზე წამოწოლილ ლავრენტს ხმადაბლა შეაპარებდა, ისე, თითქოს თავისთავს ელაპარაკებაო:
_ ყანაში გადავედი დღეს, გათოხნა სჭირდება უკვე. ჭყონიებმა მთელი კვირაა გათოხნეს. ჩვენსასაც უნდა მიხედვა, თორემ გაფუჭდება მერე...
ლავრენტი ჩაფიქრებული მიაჩერდებოდა ერთ წერტილს, თითქოს არც გაუგონიაო.
_ იგრიკო გავიყოლე და ვთოხნეთ ცოტა ხანს, მაგრამ რას გავხდებოდით. დაიღალა ბავშვი და მეც სადილი ხომ უნდა გამეკეთებინა. შუადღეს წამოვედით აქეთ და არ ვიცი ახლა რა ეშველება მაგას! _ განაგრძობდა ნან.
არც ახლა გასცემდა ხმას ლავრენტი. წარბსაც არ შეარხევდა. ცოტა ხანში ზანტად წამოწევდა მუთაქიდან სოფელზე ზრუნვით დამძიმებულ თავს და ტახტზე წამოჯდებოდა. დილით კი, უთენია, ცოლ-შვილის გაღვიძებამდე წამოდგებოდა, თუთუნს გულმოდგინედ გაახვევდა `ყაზახის~ * ნაგლეჯში, მხარზე გრძელტარიან თოხს გაიგდებდა და ყანისკენ ჩვეული, დინჯი ნაბიჯებით გაემართებოდა.
მთელი თვე გავიდოდა ისე, ქალს ხმას არ გასცემდა. ყანაში რომ სადილს ჩაუტანდა ნან, უხმოდ დაჯდებოდა საჭმელად, არც კი შეხედავდა ცოლს. ქალიც, სადმე გვერდზე ჩამომჯდარი, თუთუნს გააბოლებდა და მერე ქმართან ერთად თოხნიდა თვითონაც.
მერე ცალ-ცალკე მობრუნდებოდნენ შინ. ქმარზე ადრე დაბრუნებული ნან ბიჭებს მოიკითხავდა, ყველაზე ცელქ გუჩას ერთი-ორი სიტყვით დატუქსავდა, კალთაზე აბღატებულ შოთიკოს თავზე ხელს გადაუსვამდა და ნაჩქარევად შევარდებოდა სამზადში, რომ ვახშმის თადარიგი დაეჭირა.
შეშა თუ იყო დასაჩეხი, ნან ისევ გამოძებნიდა მოხერხებულ დროს, ქმარს შეაპარებდა, _ საზამთროდ შეშას მე რას დავჩეხავ, ორი დღის საკმარი დავჩეხე და ა, ხელისგულები როგორ გადამეფლითაო.
ლავრენტიც მეორე დღეს ნაჯახს ალესავდა და იმდენს დააპობდა შეშას ზამთრისთვის, ორ-სამ ოჯახს რომ ეყოფოდა.
ერთ დილით სისხამზე წამომდგარმა ნან ჩაცმისას თავისთვის წაიბუტბუტა, ქმრისკენ არც გაუხედავს:
_ ფერაძეებს გასჭირვებიათ, თურმე, ძალიან. გურამი მომიყვა, შენი ბიძაშვილი. მაგათი ცოდვით დავიწვიო, პური ენატრებათო ბავშვებს...
პასუხს არც დალოდებია. საწოლის კარები უხმოდ გამოიხურა. ცოტა ხანში ჭიშკრის ჭრიალზე სამზადიდან გამოიხედა ნან და თვალი შეასწრო შარაზე მიმავალ, ორივე იღლიაში პურებამოჩრილ ლავრენტს. იმ დღიდან მთელი წელიწადი დაჰქონდა მას საჭმელი და ნანის გამომცხვარი პური ფერაძეებთან გალიდან ოჩამჩირეში.
რკინიგზაზე მუშაობდა ლავრენტი. საღამოს, სამუშაოს შემდეგ დინჯად დაადგებოდა რკინიგზის რელსებს. ოჩამჩირედან დაბრუნებას შუაღამემდე უნდებოდა. ნან გაუხდელად წამოწვებოდა შოთიკოს საწოლზე და ქმრის დაბრუნებამდე წასთვლემდა. კარის ხმაზე წამოხტებოდა, საჩქაროდ გამოუტანდა ვახშამს, თვითონ ბუხართან ჩამოჯდებოდა სამფეხა სკამზე და ცეცხლს შეუკეთებდა.
_ როგორ არიან? _ იკითხავდა ზოგჯერ ქალი.
_ არიან! _ გადმოუგდებდა ლავრენტი, ღრმად ამოუსვამდა პურის ან მჭადის მოზრდილ ნაჭერს ლობიოს და დინჯად განაგრძობდა ღეჭვას.
უცხო იფიქრებდა, ესენი უბრად არიანო. არადა, პირველივე დღიდან ასე აეწყო მათი თანაცხოვრება. ნან შეეგუა ამას და არც ცდილა რაიმე შეეცვალა. თუმცა, ქალებთან არაერთხელ უთქვამს, როცა ლავრენტის კაიკაცობაზე და ბრძენკაცობაზე ჩამოვარდებოდა ლაპარაკი:
_ მე კი გამიშრო სისხლი მაგ ბრძენმა და აბა, რა ვიცი!..
ლავრენტს რომ შეუქებდნენ ცოლს, გამრჯე და ჭკვიანი ქალი შეგხვდაო, გრძელ, დახვეულ ულვაშებზე ამაყად გადაისვამდა ხელს და
_ ჰო, არა უშავს!-ო _ ჩაილაპარაკებდა.


***
_ ლავრენტ, გამარჯობა შენი! _ სულ ახლოს ჩაესმა და ფიქრებიდან გამოერკვა.
_ ოჰ, გაგიმარჯოს ღმერთმა! _ მიესალმა მეზობელს ლავრენტი. _ რამდენი მოუთოვია წუხელის, ჰა!
_ კარგი მოსავალი იქნებაო, იტყვიან.
_ თოვლი არ მოიყვანს მოსავალს, კაცმა უნდა მოიყვანოს თორემ! _ თქვა ლავრენტმა და გზა განაგრძო.
_ ეგეც მართალი! _ თოვლის ჭრაჭუნმა ჩაახშო მეზობლის ხმა.
თუთბერიების მოსახვევში კამეჩები ზლაზნვით მოათრევდნენ დაჩეხილი შეშით პირთამდე სავსე ურემს. გვერდზე სიცივისგან წელში მოხრილი, გამხდარი კაცი მიუყვებოდა. შიგადაშიგ შესძახებდა _ ჰე, ჰეე!-ო და თხილის წნელს გადაუჭერდა თავის მხარეს მიმავალ კამეჩს.
ლავრენტს რომ მიუახლოვდა, ქუდი მოიხადა.
_ გამარჯობა, ლავრენტ ბატონო!-ო, _ მოწიწებით მიესალმა, ლავრენტის პასუხს დაელოდა და ნაჩქარევად ჩამოიფხატა გაცვეთილი ბოხოხი მოტიტვლებულ თავზე.
ურმის ჭრიალი ჯერ არ მიწყნარებულიყო, ლავრენტმა თუთბერიების ჭიშკარი რომ შეაღო.
_ ოჰ, რა კარგ დროს მოხვედი, რომ იცოდე, ლავრენტ! შენ გახსენებდით ახლა სწორედ. _ გაბადრული სახით გამოეგება მასპინძელი, ხელი ჩამოართვა და ფაცხაში შემოიპატიჟა, როგორც ჩანდა, სასურველი სტუმარი.
შუაცეცხლთან მდგარ ტაბლაზე ახალამოღებულ ღომს მადისაღმძვრელი ორთქლი ასდიოდა. მთელ ფაცხაში გემრიელი ლობიოს სუნი ტრიალებდა და ცეცხლივით წითელი მწნილი ამოჰქონდა დიასახლისს უშველებელი ქვაბიდან. ამაზე უკეთეს სადილს ვერც ინატრებდა გუშინ დილიდან უჭმელი კაცი, მაგრამ ლავრენტმა თავიდან შორს დაიჭირა.
_ არა, არა, ვისადილე ამწუთს და მერე წამოვედი თქვენთან, ვიფიქრე, კაპტოსთან ვისაუბრებ-მეთქი.
_ აჰ, რას ამბობ, ლავრენტ, შენი ჭირიმე! მოიწიე აქეთ, დაბრძანდი. როგორ შეიძლება ასე! ვილაპარაკოთ აგერ ტაბლასთან, ცოტა ჭაჭაც დავლიოთ და გავხურდეთ, თორემ ხომ ხედავ, რა ამინდია!..
ბევრი პატიჟის მერე ლავრენტმა ფაცხის კუთხეში დაკიდა ნაბადი და დაბალ სამფეხზე ჩამოჯდა. ლუბამ სულგუნის მოზრდილი ნაჭერი ლავრენტის ღომში ჩადო, დანარჩენი ფაცხის ბოლოში მდგარი პატარა ტაბლისკენ წაიღო და იქ ჩუმად მიყუჟულ ბავშვებს გაუნაწილა.
სტუმარს კიდევ ერთხელ დასჭირდა მიპატიჟება, _ ჭამე, სანამ გაცივებულაო.
_ არ მშია, მართლა! _ ნაძალადევად იმართლა თავი ლავრენტმა, მაგრამ, როცა შენიშნა, ცხელ ღომში ჩადებულ სულგუნს ირგვლივ ცხიმის რა გემრიელი არშია გაეკეთებინა, მორიდებულად გადაყლაპა ნერწყვი და ხალათის კალთები აიკეცა.
***
თვეზე მეტი იყო, ლავრენტს ცხელი სადილი არ ეჭამა. მოკლედ, იმ დღიდან, როცა ნან პატარა შოთიკოს დაავლო ხელი და ძმასთან, სოფელში წავიდა. თავიდან ლავრენტი მალავდა ცოლის გაქცევას. ყველგან იმას ამბობდა, ძმა გაუხდა შეუძლოდო, მაგრამ მალე ნათესავებში ერთი მითქმა-მოთქმა ატყდა და ყველამ გაიგო ნანის გაუჩინარების ნამდვილი მიზეზი.
მამასთან დარჩენილი იგრიკო და გუჩა დილით რომ გაიპარებოდნენ სახლიდან, გვიან ღამით ჩუმადვე შემოიპარებოდნენ ოდაში და ხშირად მშივრები მიწვებოდნენ თავ-თავიანთ ლოგინებზე. ხანდახან გუჩა გაყინულ ტერფებს იღლიაში შეუცურებდა იგრიკოს და მოკუნტული ჩაიძინებდა. იგრიკოს კი დიდხანს ეღვიძა, ჭერს მიშტერებული რაღაცაზე ფიქრობდა და როდის-როდის მოერეოდა ძილი.
ერთ დილით ლავრენტს ჭიშკრიდან ძახილი მოესმა. კოტე ვარდანია იყო, მეზობელი, საჩივლელად იყო მოსული:
_ შენი გუჩა, ბოშა მეზობლებთან ერთად, ჩემს ბეღელში შეპარულა და კვახები სულ ამოუკრეფიათო.
ლავრენტს მეზობლისთვის არაფერი უთქვამს. ბიჭების საწოლში შევიდა გაფითრებული. მძინარე გუჩას მკლავში ხელი წამოავლო და ლოგინიდან წამოაგდო. _ შე მამაძაღლოო! _ დაუღრიალა და კეფაში მთელი ძალით ჩაარტყა ძლიერი ტორი.
გუჩამ წაიბორძიკა, კედელს დაეტაკა და იქვე ჩასრიალებულმა ამოიხრიალა:
_ რა იყო, ბაბა?!
_ ძაღლისშვილი ხარ და ეგ იყო! _ დაიღრიალა ისევ ლავრენტმა, გუჩას ქეჩოში წვდა, წამოაყენა და კარებისკენ უბიძგა.
სახე უკვე წამოჭარხლებოდა, ხმის ამოუღებლად მიათრევდა ქეჩოთი შეშინებულ ბიჭს. ოდის გვერდზე ბოძთან მიიყვანა, სადაც საქონელს აბამდა ხოლმე. გუჩა თოკით მაგრად მიაბა ზედ და თხილის წნელით ისე მწარედ სცემდა, რომ აბღავლებულ, ძალაგამოცლილ ბიჭს მალე თავი უღონოდ ჩამოუვარდა.
აქლოშინებულ ლავრენტს სიწითლემ გადაუარა. სახე ისევ გაუფითრდა, ოდაში შევარდა და ბუხრის წინ ჩქარ ბოლთის ცემას მოჰყვა.
სუნთქვაშეკრული იგრიკო ოდის აივნიდან უყურებდა ყველაფერს. ერთიანად აიტანა ცახცახმა. ისე მისჩერებოდა მათ, ვერ მიმხვდარიყო, რა ექნა. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, როცა ოდაში შესულმა მამამ მასაც შეუღრინა:
_ წაეთრიე აქედანო! _ და კარები მაგრად მოიჯახუნა.
იგრიკომ სწრაფად ჩამოირბინა კიბის საფეხურები. გულწასულ ძმას თოკები შეახსნა და არაბუნებრივი ხმით ჩასძახოდა:
_ გუჩა! გუჩა! გუჩააა!
იმ დღეს ბიჭებმაც მიატოვეს ლავრენტი. ერთი კვირა გასულიყო მას მერე. ნათესავმა კაცმა ამბავი მოუტანა ლავრენტს, ნან საშინლად გაბრაზებულა ამ ამბის გაგონებაზეო.
ასე რომ, მარტო შიმშილის გამო არ მოსულა თუთბერიებთან ლავრენტი. ცოლ-შვილის ამბავიც უნდოდა გაეგო. თუმცა თვითონ არავითარ შემთვევაში არ იკითხავდა არაფერს, მაგრამ იცოდა, თავისთავად ჩამოვარდებოდა ლაპარაკი. ან იმაში როგორ გამოტყდებოდა, როგორ მონატრებოდა თბილი კერა, ნანის გამზადებული საჭმელი და ტახტზე მოჭიდავე ბიჭების ხმები. თვეზე მეტხანს არ ენახა ბუთხუზა შოთიკო. მის გახსენებაზე ზედა ტუჩი აებუზებოდა ხოლმე და ულვაშის წვერი ოდნავ შესამჩნევად აუცახცახდებოდა ლავრენტს.
ახლაც, მათ გახსენებაზე, ღომიან-ყველიანი ლუკმა ძალით ჩაყლაპა და ჩუმად, რომ არავის შეენიშნა, ამოიოხრა.
კაპტომ ჭაჭით სავსე ჭიქას წამოავლო ხელი, ლავრენტისას მიუჭახუნა და
_ აბა, შენს მოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს, ღმერთმა მშვიდობა მოგვცესო! _ თქვა.
ის იყო, ლავრენტსაც უნდა აეღო ჭიქა, რომ ჭიშკრიდან ნაცნობი ხმა გაიგონა და... გაშრა.
კაპტოს უფროსმა ბიჭმა ჭიშკრისკენ გაიხედა და შეცბუნებულმა თქვა:
_ ნან მოდის!
უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.
_ ლუბა! _ ხელმეორედ გაისმა ძახილი.
დიასახლისი საჩქაროდ წამოდგა და ხმისამოუღებლად გაემართა ჭიშკრისკენ.
_ მობრძანდი, ნან!
_ აქაა ჩემი ყაზახი?! _ მისალმების ნაცვლად იკითხა ნან.
_ კი. _ ძლივს ამოღერღა ლუბამ.
ლოყები აწითლებოდა ნანს, აღელვებული ჩანდა და დაღლილი.
_ გამარჯობა თქვენი! _ მიესალმა ნან ფაცხაში მყოფებს.
_ მობრძანდი, ნან! _ მიეგება ღიმილით კაპტო.
ნან არც კი შეხედა მასპინძელს, ზურგით მჯდომი ქმრისკენ გაიწია და გაცხარებულმა მიაყარა:
_ დადიხარ შენ ნათესავებთან, ჭამა-სმას არ იკლებ. ისე იქცევი, არაფერი მომხდარა ვითომ. მე ხომ გამიშრე სისხლი, ახლა ჩემს შვილებს მოუშხამე ცხოვრება. იმას შეგარჩენ გგონია, ბავშვი რომ კინაღამ მომიკალი?!
_ იქნებ ჯერ გეკითხა, რა დააშავა და მერე გეთქვა ჩემთვის საყვედური! _ დინჯად წამოდგა ლავრენტი. ცოლისკენ არ გაუხედავს, ოდნავ შემოტრიალდა მხოლოდ.
_ ისეთი რა უნდა დაეშავებინა ჩემს შვილს, დღემდე გონს ვერ მომიყვანია, მოგიკლავს კინაღამ.
_ ჩემიცაა ეგ შვილი, მარტო შენი არ არის და წამოდი ახლა სახლში, იქ ვილაპარაკოთ ამაზე! _ ლავრენტმა კუთხეში დაკიდული ნაბადი მხრებზე მოიგდო.
_ მადლობა ამ ოჯახს დიდი. წავალ ახლა მე და სხვა დროს შემოგივლით კიდევ...
_ როგორც გირჩევნია, ლავრენტ, შენ იცი აბა! _ უხერხულად ჩაილაპარაკა კაპტომ და კარებში გამოაცილა სტუმარი.
ნან ხმამაღალი წყევლით გამოეკიდა ქმარს.
_ სახლიც დაგეწვა და კარიც გამოგეკეტა შენ! რა მინდა შენს სახლში, ან სალაპარაკო რა მაქვს შენთან, შე უკაცობის კაცო!
უკანასკნელ სიტყვებზე სწრაფად შემოტრიალდა ლავრენტი.
მკვდრისფერი ედო სახეზე. მარჯვენა ხელით ხანჯლის ტარს ჩაბღაუჭებოდა.
ნან შეცბა ქმრის მკაცრი სახის დანახვაზე.
_ გაჩუმდი, ქალო, თორემ...
_ თორემ რა, თორემ მომკლავ, ხომ?! გეყოფა შენ, რასაც მკლავდი ნელ-ნელა ამდენი წელი. ჩემ გარდა ვინ გაგიძლებდა შენ, ჰა?! მომკალი, თუ კაცი ხარ! კაცი გონიხარ ყველას და კაცის მეტი ყველაფერი ხარ შენ!..
წამი გაიყინა თითქოს. ვერავინ მიხვდა, რამ შეუბორკათ ხელ-ფეხი. განძრევაც ვერ მოასწრეს. ლუბას გულის შემძვრელ შეკივლებაზე კაპტომ უაზროდ გაიწოდა ხელები წინ, თითქოს ხელი უნდა შეეშალა იმისთვის, რაც მათ თვალწინ მოხდა.
თოვლში ჩაკეცილიყო ნან, ტუჩის კუთხე უთრთოდა ოდნავ. გაფითრებულ სახეზე არაბუნებრივად უბრწყინავდა მწვანე თვალები. გაკვირვებაშერჩენილი, გაყინული მზერით მისჩერებოდა ქმარს.
_ რა ჩამადენინე ეს, შე უბედურ დღეს გაჩენილო! _ ჩაიბუტბუტა ლავრენტმა. მთელი სხეულით თრთოდა. უღონოდ ჩამოშვებოდა მკლავები. ანგარიშმიუცემლად შეტრიალდა ჭიშკრისკენ. ბარბაცით მიათრევდა მარცხენა მხარზე ჩამოცურებულ ნაბადს.
მომხდარით შეძრულებს არც შეუმჩნევიათ ფაცხის კედელს აკრული ლავრენტის უფროსი ბიჭი.
_ ააა..... ააახ! _ ხმა ჩაეხლიჩა იგრიკოს. ყვირილის ნაცვლად ხავილი ამოუვიდა ყელიდან. მუხლები მოეკეცა. ფართოდ გახელილი თვალებით თითქოს სამუდამოდ უნდა ჩაებეჭდა გონებაში, როგორ მიჰყვებოდა უღონოდ მკლავებჩამოშვებულ მამას ხანჯლიდან თოვლზე წვეთ-წვეთად ჩამომავალი სისხლის კვალი.

---
* ყაზახი _ გაზეთი, გამოდიოდა სამეგრელოში XX ს. დასაწყისში.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Fri Apr 06, 2012 6:15 pm


სახლიკაცი

(ეძღვნება არტნელ სოლომონ ბერიანიძეს)

დილაუთენია წამოგვადგება ხოლმე თავს.
_ ნუ გძინავთ, კაცოოო, ადრე ამდგარსა კურდღელსაო... არ გაგიგიათ?
რა ხშირად და რა რიხით იმეორებს ხოლმე ამ ანდაზას. ალბათ, იმიტომ, რომ თვითონ მზეზე ადრე დგება. ჩვენ ადრე ადგომაც გვეზარება და არც კურდღელ-მწევარი გვადარდებს დიდად. აკი ხმაურიანი ქალაქისგან ვასვენებთ გადაღლილ გონებას და ივრის შხუილიც გვეიავნანება. ის კი ვეღარ მოისვენებს, სანამ ლოგინებიდან არ წამოგვყრის.
_ ზურაბოო, ჰეი, ზურაბოო! _ თავისი ეზოდანვე იწყებს ძახილს, რომ სანამ სახლს მოუახლოვდება, ადგომა მოვასწროთ.
_ აუ, სოლომანი! _ უკმაყოფილოდ ვიზმორებით და ზანტად ვიწყებთ ჩაცმას.
სასიამოვნო სიგრილე სწრაფად გვაფხიზლებს. თან გვახსენდება თბილისი რა ჩახუთულია ახლა და ღრმად ვისუნთქავთ ამ დალოცვილ მთის ჰაერს.
_ ზურაბოო! _ ახლა უკვე სულ ახლოს ისმის სოლომანის რიხიანი ხმა.
_ აქა ვარ, სახლიკაცო, მოვდივარ! _ კიბეზე ჩამოვრბივართ, რომ სახლიკაცის შენიშვნას ერთი საფეხურით მაინც დავასწროთ.
ამ ბოლო წლებში თითქოს მოტყდა სოლომანი. ადრე უფრო ყოჩაღად იყო, ნახირშიც დადიოდა, თოხნიდა, იმ უზარმაზარ მამულსაც თავს დასტრიალებდა. ახლა კი მარტოობის შიში შეპარვია. მხოლოდ ზაფხულში მიეცემა ხოლმე იმედი და გაყოჩაღდება. ხან შვილიშვილები ესტუმრებიან, ხან ჩვენ ავახმაურებთ იმ მყუდრო ორხევს და ძია სოლომანიც ძილს არ გვანებებს, ძილისთვის არ ვემეტებით.
_ რა დროს ძილია, ხალხნოო, მზე ამოვიდა, გათენდა, გამოფხიზლდით, ჩამო, ვიფიხვნოთ!
ფშავში საღამოს იციან ფიხვნობა, სოლომანისთვის კი ფიხონი დილიდანვე იწყება. ძროხებს მოწველის, ქვაბ-ვედროს ფურნის გვერდზე მიყრი-მოყრის და ჩვენკენ მოეჩქარება.
_ მაშა, კაცოო, მერე წახვალთ, გადაიკარგებით და ხმის გამცემი ვიღა მეყოლება! _ თითქოს თავს იმართლებს სახლიკაცი.
ყოველ დილით ახალმოწველილი რძე მოაქვს ჩვენთვის. ჩვენც საქმეს ვინაწილებთ. რომელიმე რძეს ადგამს ასადუღებლად, რომელიმე ვედროების რაჭა-რუჭით წყაროზე გარბის.
წყაროს ცივი წყალი კბილებს გვჭრის და საბოლოოდ გვაფხიზლებს. რომ იცოდეთ, რა გემრიელია ამ წყლით მოხარშული ყავა.
_ არ დალევთ, სოლომან ძია? _ ღიმილით ვეკითხები.
პასუხად სიცილისმაგვარ ბუხუნა ხმებს გამოსცემს და
_ ნეტაი თქვენაო _ გვერდზე გაიხედავს.
_ რატომ, სოლომან ძია, იცით, რა მაგარი რამეა!
_ კიიი, ტიტრიკაანთ ყავის გარეშე ვერა ფხიზლდებიან, აი! _ გაჭორავს მეზობლებს სახლიკაცი და ჩაიხითხითებს. _ აჰა, ჩემი ყავაა! _ ამაყად დახედავს თავის ჩიბუხს.
ხელთნაკეთი ჩიბუხია, თბილისიდან ჩამოვუტანეთ საჩუქრად. მახსოვს, როგორ გაებადრა და გაუნათდა სახე. მაშინვე თავისი უძირო ჯიბიდან თუთუნი ამოაძვრინა და შეკეთება დაუწყო.
დღის პროგრამას სოლომანი თვითონ გვიდგენს. ხან ნისლით თავმობურული კადაჩალისკენ გაგვახედებს და იწყება გრძელი ამბავი, თუ რა ხშირი და გაუვალი ტყე იყო ადრე ამ მთაზე, ნადირიც რომ ბევრი იყო და ზოგჯერ დათვიც რომ სტუმრობდა; ხან თივაში ნაპოვნ შაშვის კვერცხებს მოგვიტანს, რომ ჩვენი პატარები გაახაროს. ამ დროს თვითონაც ბავშვივით ხარობს და ისეთი საყვარელი სანახავია ეს დევკაცი უზარმაზარ მუჭში ჩიტის პაწაწინა კვერცხებით. მერე ბავშვებთან ერთად უკან ბრუნდება თივის ზვინთან და ფრთხილად ალაგებს კვერცხებს ძველ ადგილზე; ხან დილით აღმოჩენილ ფუღუროში ჩაგვახედებს, სადაც პირდაფჩენილი ბარტყები აჩხავლებულან დედა-ჩიტის მოლოდინში; ხანაც შორს, ჩვენი საყვარელი ჩანჩქერისაკენ თუ მოტიტვლებული მთისკენ წაგვიძღვება ხელში ჯოხით, რომელიც უფრო კომბალსა ჰგავს. თუ შორს წასვლა დაგვეზარება, აქვე სახლთავს ავუყვებით და კვირიას სალოცავთან ავდივართ. ივლისში კი ლაშარობა იწყება, მომლოცველების დაზურთული მანქანებით ამტვრიანდება ხოლმე შარაგზა. ჩვენც ლაშარში ავდივართ. მოკლედ, სოლომანთან ერთად კარგად ვერთობით.
ჩვენთან საუბრით ვერ ძღება სოლომანი, გვაყოლებს და გვიყვება ათასგვარ ამბავს. ზოგჯერ მოსმენა ურჩევნია, თვითონ სიტყვაძვირობს, თითქოს გრძელი და ცივი ზამთრისთვის იმარაგებს ჩვენს მონაყოლს. ყველაფერი აინტერესებს, ჩიბუხს დინჯად აბოლებს და ისე გვისმენს, ლაპარაკი არა გვწყინდება.
რა სხივები აუთამაშდება ხოლმე თვალებში, ეზოში დიქტოფონით რომ ჩამოვალ და მის მონაყოლს ვიწერ. თეთრაულების ეს უკანასკნელი მოჰიკანი მთელი ზამთარი აგროვებს ჩვენთვის ლექსებს, გამონათქვამებს, წყალგაღმა და წყალგამოღმა ამბებს და რარიგ უხარია, რომ ეს ყველაფერი ჩვენც გვაინტერესებს. თუ რამე უცენზურო უნდა თქვას, თვალებში არ გვიყურებს, თავს ოდნავ გვერდზე მოატრიალებს, მაღლა აიხედავს და გამოგვიცხადებს:
_ აბა, ქალებო, ჩამაიფარეთ ყურებიიი!
დღისით ხეების ჩრდილში, ჰამაკებისკენ მივდივართ. მოხერხებულად მოვკალათდებით და ახლა შუადღის ფიხვნობა იწყება.
სოლომანი ყველა ჩიტს ხმაზე სცნობს.
_ აბა, მიაყურადე, ესა შაშვია, ეგა კიდე წიწკანაა.
ბავშვები მოუთმენლად ელოდებიან, რომ ახლა სხვა ჩიტის ხმა გაიგონონ.
_ ეგა, სოლომონ ძია, აბა, ეგ რა ჩიტია?
სოლომანსაც არ სწყინდება ჩვენი გართობა. თუ ცაში ქორი ან მიმინო გამოჩნდება და ქათმები გამაფრთხილებლად აკაკანდებიან, სოლომანი თვალებზე ხელს მოიჩრდილავს და თავის ეზოს დაზვერავს.
ერთხელ სოლომანმა გვითხრა, აქ ყველა ნადირი გადაშენდა, მაგრამ ღადუნს კი რამდენჯერმე მეც მოვკარი თვალი და ვარიებს მელა კი არა, მგონი ეგა მპარავსო. ღადუნს აქ გარეულ კატას ეძახიან.
პატარა სანდრომ აიჩემა, ღადუნი უნდა დავიჭირო და თბილისში ჩავიყვანოო. საღამოს ბავშვებმა საქათმესთან ხაფანგი დააგეს და დიდხანს ელოდნენ ღადუნის გამოჩენას. მერე ყველას ჩაგვეძინა.
შუაღამე გადასული იყო, როცა რაღაც საშინელმა, ღმუილისმაგვარმა ხმამ გაგვაღვიძა. ამ ხმას მალე სოლომანის ძახილი მოჰყვა:
_ სანდალ, ბიჭოო, მგონი შენმა ხაფანგმა მართლა დაიჭირა ღადუნი!
სანდროს უკვე ღრმად ეძინა და არ გაღვიძებია. ჩვენც ძალიან დაგვეზარა ადგომა და გავიტრუნეთ. მახეში გაბმული მხეციც თითქოს მიყუჩდა და ვიფიქრეთ, ალბათ, თავი გაითავისუფლაო.
რა თქმა უნდა, ისევ დილაუთენია გაგვაღვიძა სოლომანმა.
_ აბა, წამოდით, ნახეთ თქვენი ნანადირევიო, _ ეშმაკური ღიმილით გაგვიძღვა საქათმისკენ.
გავოგნდით, როცა იქ მახეში გაბმული უზარმაზარი ზღარბი ვნახეთ. როგორ გაგვიკვირდა ყველას, რომ იმ საშინელ ხმას თურმე ზღარბი გამოსცემდა.
საწყალი ღამის მონადირე ხაფანგიდან სწრაფად გავათავისუფლეთ, ნატკენი ფეხი ფრთხილად დავუმუშავეთ, შევუხვიეთ და რძეც დავუსხით. ზღარბმა რძეს პირი არ დააკარა და დიდი უკანალის რხევით ცდილობდა გაქცევას. ბავშვები მთელი დღე დარაჯობდნენ, მაგრამ ის მაინც გაგვექცა.
სოლომანმა დააწყნარა ატირებული ბავშვები, _ ალბათ, ოჯახი ეგულებოდა სადმე, მაგასაც პატარები ეყოლება და იმათთან მიეჩქარებოდაო.
ზაფხული მართლაც რომ სწრაფად გადის. როცა შემოდგომა ახლოვდება და ქალაქში წამოსასვლელად ვემზადებით, სოლომანი ძალიან მოიწყენს ხოლმე.
ჭიშკართან ხელჯოხზე დაყრდნობილ დევკაცს ვემშვიდობებით და ვაიმედებთ, ზაფხულამდე აუცილებლად ჩამოვალთ, ან წერილს მაინც მოგწერთო. ჩუმად ამოიოხრებს, ხელს ჩაიქნევს და კეთილ მგზავრობას გვისურვებს. მერე ჩვენს უცნაურად გაყუჩებულ სახლს გახედავს და ნელი ნაბიჯებით აუყვება კაკლების ხეივანს ქუშხეურას გასწვრივ თავისი ეზოსკენ.
ერთ ზამთარს, ეტყობა, ძალიან მოიწყინა, შემოგვითვალა: _ ვკვდები, ჩამოდით, იქნება ცოცხალს ჩამომისწროთო!
აგვაფორიაქა ნათესავ-მოკეთე. მერე ისევ შეგვიბრალა, ამ სიცივეში რა ჩამოგიყვანთ, მართლა კი არაფერი მიჭირს, ძალიან მომენატრეთო.
ახლაც ზამთარია. უკვე ყინავს. თოვასაც მალე გავახსენდებით. ფშავში, ალბათ, უფრო ცივა. ალბათ, ძია სოლომანიც ახალ-ახალ ამბებს გვიმარაგებს ზაფხულისთვის და... გველოდება.
მთაში მოლოდინს რა დაღლის!




Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
maiko miqaia
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 31
Age : 47
Location : Tbilisi Georgia
Job/hobbies : Literature
Humor : ggggggggggggggg
Registration date : 27.03.12

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Sat Apr 21, 2012 10:03 am



გია ფერაძე

ნიჭიერი და კოლორიტული ადამიანების მიმართ ინტერესი მათი გარდაცვალების შემდეგ არათუ ნელდება, უფრო მძაფრდება კიდეც. ყველაფერი, რაც მათ ცხოვრებაში მომხდარა, მოგონების თბილ ბურუსში ეხვევა, ქრება ყველაფერი უარყოფითი და რჩება პერსონა _ საინტერესო ჭრილში დანახული. ცდილობ გაიგო, რა იყო მის მიმართ ასეთი დამოკიდებულების მიზეზი, რატომ უყვარდათ, რატომ უმეგობრდებოდნენ, ან რატომ შურდათ?..
ფერაძეების მრავალრიცხოვანი ოჯახობის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი და ნებიერი წევრი, უნიჭიერესი მსახიობი _ გია ფერაძე, მიუხედავად ყველა მისი წარმატებისა, ბედის ნებიერად მაინც არ შეიძლება ჩაითვალოს. როგორც მისი უფროსი ძმა, ილიკო ფერაძე ბრძანებს გიასთვის მიძღვნილ წიგნში _ „მე, ბებია-ბაბუა, დედა, მამა და გია ფერაძე“, ბატონი გიას ცხოვრება ორ ნაწილად იყო გაყოფილი. პირველი ნაწილი _ „ანკანაკება“, ანუ გაბმული ლხინი, გასტროლები, წარმატებები, ცხოვრების ხალისით გაფერადებული დღეები და მეორე _ თავისუფლების უსაზღვროდ მოყვარული ადამიანისათვის კოშმარად ქცეული წლები...
გია ფერაძეზე ბევრჯერ დაწერილა, ბევრი მოგონება გამოქვეყნებულა, წიგნებიც დაიბეჭდა, მაგრამ ეტყობა არ ამოწურულა მასალა, უფრო სწორად კი, არ განელებულა მის მიმართ სიყვარული და ინტერესი. საოცრად კოლორიტულმა, იუმორის დიდი გრძნობით დაჯილდოებულმა, უნიჭიერესმა მსახიობმა მეგობრებში, ნათესავებში, ნაცნობებში თუ მაყურებლებში წარუშლელი კვალი დატოვა და მის ხსენებაზე ყველას სევდიანად ეღიმება.
რეჟისორებისთვის ის იყო ნიჭიერი მსახიობი, რომელსაც კინოგადაღებებისას ორ-სამ დუბლზე მეტი არ სჭირდებოდა, მეგობრებისთვის _ შეუცვლელი ადამიანი, სული და გული ყველა სუფრისა თუ შეკრებისა, მაყურებლებისათვის საყვარელი „არასერიოზული კაცი“. გია ფერაძემ ორმოცზე მეტი როლი ითამაშა კინოში. ზოგი მთავარი, ზოგიც ეპიზოდური, მაგრამ ყველგან საინტერესო და დასამახსოვრებელ სახეებს ქმნიდა. ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სახასიათო როლად მის კინოკარიერაში, მე პირადად, სწორედ ნიკო მიმაჩნია დიმა ბათიაშვილის ფილმში „არასერიოზული კაცი“. ეს არის სევდიანი ცხოვრება გზააბნეული, უიღბლო, მაგრამ კეთილი ახალგაზრდა კაცისა, რომელიც უვლის მოხუც, დაბრმავებულ მამას და მუდმივად ეძებს გადაკიდებული უიღბლობისგან გამოსავალს. ამ ფილმს საბჭოთა კინოს ცნობილმა მოღვაწეებმა ქართული კინოს შედევრი უწოდეს და ფილმის წარმატება სწორედ გია ფერაძის ბრწყინვალე თამაშმა განსაზღვრა. ფედერიკო ფელინის თურმე უტირია, როცა „არასერიოზული კაცი“ მოსკოვში ნახა. „მე თქვენ ყველას გიცნობთ, თქვენ ან თქვენისთანა ამხანაგებმა წამაქციეთ, თქვენ ან თქვენისთანებმა მე გადამიარეთ...“ _ ნიკოს ეს სიტყვები თითქოს ცხოვრებაშიც აუხდა მსახიობს.
გიორგი შენგელაიას ფილმში „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა“, რომელმაც ბერლინის ფესტივალის „ვერცხლის დათვი“ მიიღო, გია ფერაძემ ლეკო თათაშელი განასახიერა _ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და დრამატული სახე ქართულ კინემატოგრაფიაში. ბევრი სხვა როლი, ცნობილი მოვლენების შემდეგ, უბრალოდ და უმოწყალოდ ამოუჭრიათ ფილმებიდან, ფერაძის გვარიც ამოუშლიათ ტიტრებიდან, ხოლო „კავკასიური ცარცის წრის“ სატელევიზიო ვარიანტში ახალი მსახიობი ჩაუმონტაჟებიათ. არადა, „კავკასიური ცარცის წრე“ სწორედ გია ფერაძის მონაწილეობით იყო მაყურებლისთვის ყველაზე დაუვიწყარი. პირველად სწორედ ამ თეატრალური როლით გახდა იგი სერიოზული აუდიტორიის საყვარელი მსახიობი.
საოცრად ოხუნჯი, მხიარული ადამიანი ყოფილა. მისი იუმორის გრძნობაც და მსახიობური ნიჭიერებაც გენეტიკური იყო. მამა _ ბიძინა ფერაძე, ცნობილი პედაგოგი, იუმორის გრძნობით უხვად დაჯილდოებული, უნიჭიერესი ადამიანი ყოფილა, რომელსაც ეკუთვნის რამდენიმე სიმღერის ტექსტი, მათ შორის ცნობილი სიმღერისა „ყვავილების ქვეყანა“. დედა, ქალბატონი თინა _ ჟორჟოლიანების გვარის ღირსეული წარმომადგენელი გახლდათ და თავის ძირითად საქმიანობას წარმატებით და ხალისით უთავსებდა მწერალ-იუმორისტობას. ქართველებისთვის საყვარელი კომიკოსი მსახიობი სანდრო ჟორჟოლიანი ქალბატონი თინას ბიძა იყო...
„მე მიყვარს ყველა, ვისაც ვუყვარვარ, ვისაც არ ვუყვარვარ და _ თავის გზაზე გაუმარჯოს“ _ ამბობდა გია ფერაძე. სიყვარული მართლაც შეეძლო, ამაშიც საოცრად ნიჭიერი იყო _ ულევად გაეცა და მიეღო. ისე იყო შეჩვეული ასეთ დამოკიდებულებას, რომ მერე, როცა ციხიდან დაბრუნებულს შეცვლილი ქალაქი, შეცვლილი ცხოვრება და ურთიერთობები დახვედრია, ძალიან დაბნეულა.
„რა მინდა ამქვეყნისგან, ვინა ვარ, რა გავუჭირვე საქმე?!“_ კითხულობს ფილმის გმირი და მსახიობსაც იგივე კითხვა შეეძლო დაესვა. ცხოვრებას, რომელიც თავისი გზით მიედინებოდა, თითქოს დავიწყებოდა და გაერიყა ერთ დროს ასე პოპულარული და სათაყვანებელი მსახიობი. ბოლო როლი სოხუმის თეატრში ითამაშა რუსთაველის თეატრის მცირე დარბაზის სცენაზე. ეს იყო პრემიერა გორკის პიესისა „ფსკერზე“. მიუხედავად იმისა, რომ მაყურებელი დიდხანს უკრავდა ტაშს მონატრებულ მსახიობს, თვითონ თურმე ძალიან ნერვიულობდა. „ახლა კი მივხვდი, რომ ჩემში, რომელიღაც „კრიტის“ კამერაში მოკვდა მსახიობი გია ფერაძე “_ უთქვამს მას.
„ისე, ხომ მაინც კარგი ბიჭი ვარ?“ _ ეკითხება ნიკო მამას („არასერიოზული კაცი“). გია ფერაძეს მეგობრების შეძენის არაჩვეულებრივი ნიჭი და უკვე შეძენილ მეგობრებთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. მეგობრებს შორის იყვნენ ყველასთვის ცნობილი ქართველი და რუსი მსახიობებიც. როგორც მისი ცხოვრების პირველი პერიოდი, ისე ციხის წლები მეგობრებმა ერთგულებით და სიყვარულით გაუფერადეს.
ბევრმა არც იცის, რომ გია ფერაძე საოცრად ტკივილიან და სევდიან ლექსებს წერდა, წერდა ყველაფერზე _ საკუთარ განცდებზე, ციხის ამხანაგებზე, ამინდზე, გაუთავებელ ეტაპებზე. სწერდა დედას, მონატრებულ შვილებს, ძმას და მეგობრებს. მისი მოუსვენარი ბუნება და ნიჭი ახლა წერაში ეძებდა შვებას:
„სულ სიცოცხლე მინდოდა, სიცილი და ხუმრობა,
ბედნიერი ვიყავი, მუდამ თქვენთან მყოფელი,
ასე მწარედ დასრულდა ჩემი თქვენთან სტუმრობა,
ასე ცრემლით აივსო ჩემი წუთისოფელი...“
ლექსად ამოთქმული მონატრების ტკივილი ძმისა და ერთგული მეგობრების დახმარებით ერთად შეიკრიბა და „სევდის კრებულში“ გაერთიანდა. თუმცა ლექსები მერეც დაიწერა და გარითმულ სევდად დარჩა.
„...სასაფლაო,
სუსტი ქარი,
ცრემლი,
სევდა,
გულზე ბზარი,
ისევ ქრისტე,
ისევ ჯვარი,
ცოლის მომტირალი ქმარი...“
რუსეთის ცივ, მკაცრ და ბინძურ ციხეებშიც კი შეძლო მეგობრების შეძენა. თუმცა მაინც მარტოსულად გრძნობდა, ალბათ, თავს, რადგან წმინდა მარიამს ასე ევედრებოდა:
„მარიამო, წმინდა ქალო!
საქართველოს ნატვრისთვალო,
ერთი თხოვნა ამისრულე
ოცნებების დედოფალო!
ჩემს მიწაზე დამაბრუნე,
დედა მკერდში ჩამახუტე,
შვილი მომაფერებინე,
რა? შენც ხომ არ გამებუტე?..“

სიცოცხლის ბოლოს კი, უკვე მძიმედ ავადმყოფი წერდა:
„მორჩა ლექსი, თვითონაც სანთელივით მივქრები...
სული თითქოს დაჭრილი, მოფარფატე გედია...
ისევ შენსკენ მიხმობენ ეს სნეული ფიქრები,
კომედია დასრულდა?... დასრულდა ტრაგედია!“
აპრილში იყო დაბადებული, აპრილივით აფეთქებული, მოსიყვარულე, ენერგიული, მოსვენარი და... ფერადი _ მსახიობი, ფეხბურთელი, ნაღდი თბილისელი კოლორიტი, პოეტი... უნიჭიერესი გია ფერაძე.



ჟურნალი „ლიტერატურა და ხელოვნება“ 2010 წელი
Back to top Go down
View user profile http://Maiko_miqaia@yahoo.com
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Sun Jul 08, 2012 9:43 am



მაიკო მიქაია

გამოხმაურება წიგნზე „მადლის ქვა“


ბატონო მიხო!

სწორედ ახლა, რამდენიმე წუთია დავამთავრე თქვენი წიგნის კითხვა და არ შემიძლია ჩემი შთაბეჭდილება არ გაგიზიაროთ.

ყოველი შემდეგი მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ვფიქრობდი: ეს რა კარგი რამეა, ეს უნდა გამოეტანათ ცალკე წიგნად-მეთქი.

_ ძალიან საინტერესო და ორიგინალური „სალამანდრა“, პრეზენტაციაზევე წავიკითხე და ძალიან მომეწონა;

_ „ზამთარმა მოიქნია კუდი“- თ ვიხალისე;

_ „თოვლიანი დღის ნათელში...“ _ დამასევდიანა და ფილოსოფიურ განწყობაზე დამაყენა;

_ „ფლიუგერი არსაით“ _ გული მატკინა...

_ „თოვლის ფიფქების ჩუმი შრიალი“ რომ წავიკითხე _ ლექსის დაწერა მომინდა...

_ სასიამოვნოდ გამაკვირვა წერილმა „მიხვედრის პარაბოლა“. ჯერ გამაკვირვა, მერე მესიამოვნა ეს შედარება. ალბათ იმიტომ, რომ მეც ძალიან მიყვარს ბარათაშვილი. არ ვიცი, რატომ ამეკვიატა, რატომღაც მგონია, (ოღონდ არ დამცინოთ) რომ ნეფერტიტისადმი მიძღვნილი ეს ლექსი „მთისბროლისთვალება“ უცნობ პოეტს კი არა, თვითონ ფარაონ ეჰნატონს შეეძლო მიეძღვნა საყვარელი მეუღლისათვის.

„მომეც ხელები, შენი სული რომ მოვიხელთო,
მისით ავივსო, შიგ შევსახლდე და მოვისვენო.
მსურს, მომიხმობდე, სანუკველო, სამარადისოდ,
დარდი კი მეტყვის _ შენი სატრფო აქ არ არისო.“


რომ იცოდეთ, რამდენჯერ გადავიკითხე...

_ როგორ შემეცოდა „აზატა, რომელიც მორევებს უყვარდათ“...

_ „ჯვარ-ხატისა და ბარული სამართლისა“-ში რასაცა წერთ, რაღა თქმა უნდა, იმაშიც დაგეთანხმეთ და მოგიწონეთ...

და...

_ ვერ აგიწერთ, რა გრძნობა დამეუფლა, როცა „სულის პეპელა“ წავიკითხე. არა, კი არ წავიკითხე _ ცრემლიან გამადიდებელ შუშებში გავატარე, მივუბრუნდი და ისევ გადავიკითხე, ისევ ამომიჯდა გული ფინალთან. ეს მომართვაც მკითხველისადმი _ დედუფალო _ ისე მსიამოვნებდა... როგორ ძალიან მომინდა, ის სულის პეპელა მეც დამსიზმრებოდა ერთხელ მაინც, ჩემი სულის ბინდისფერ ხეობაშიც ეფრინა ცოტა ხანი, მეც გავეღვიძებინე ხატულა ფრთების ფახულით... „მემრე, თუ მოსწყინდებოდა, ცის კიდეს გადაივლიდეს.“ეს ყველაფერი ძალიან მოკლე, მწირი აღწერაა ჩემი შთაბეჭდილებებისა და, მოკლედვე, მაგრამ ძალიან მრავალმნიშვნელოვნად გეტყვით:

გმადლობთ, ბატონო მიხო!

study

ბმული - https://www.facebook.com/notes/maiko-miqaia/გამოხმაურება-წიგნზე-მადლის-ქვა/417218521627258

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Thu Sep 06, 2012 10:31 pm

მაიკო მიქაია

სევდისგორი
(ჩანახატი)

როგორც იქნა, მოვიცალე. ისე სწრაფად ჩავალაგე ბარგი, მე თვითონაც გამიკვირდა. არტანში მივდივარ!!! მიხარია, მაგრამ სამზადისმა დამღალა. „ჩავალ და იქ დავისვენებ“ _ ვიიმედებ თავს. თუმცა, ხომ ვიცი, იქ უფრო ვერ ვისვენებ: საქმეს ისედაც რა გამოლევს თვეობთ მიტოვებულ სახლში, მაგრამ ყველაფერს რომ მივხედავ თითქოს, მერე მე თვითონ ვიგონებ საკეთებელს _ ახალ ფარდებს ვკერავ, თაროებს ვხერხავ და ვაჭედებ, ვხეხავ და ვღებავ, ვრგავ და ვრწყავ...

ღამე კი, როცა ბავშვები იძინებენ და სოფლის მყუდროებას მხოლოდ ივრის შხუილი არღვევს, საყვარელ წიგნებს საწოლთან ვილაგებ და კითხვაში ჩამეძინება ხოლმე.

აბა, რა იცის სანათამ. ყოველ ღამე მის „სკივრში... სახლში... წიგნში...“ რომ დავძვრები და ვიქექები ჩემი (რა თქმა უნდა) ფირუზისფერი, პატარა ფანრით ვანათებ (ბავშვები რომ არ გავაღვიძო) და სულს ვინათებ მარიამის ნაფიქრ-ნაწერებით. აფხაზეთშიც ხომ წავიღე თამთას კაბებში გახვეული, რომ საზღვარზე რუს-აფხაზებს არ ენახათ ქართული წიგნები. იქაც ხომ ვკითხულობდი ღამღამობით და არტან-თეთრაულების მონატრებას ამით ვიქარვებდი, მაგრამ აქ, ფშავში, სულ სხვა იყო, აქ სხვანაირად აღვიქვი ყველაფერი. აქ თავიდან ვკითხულობდი სხვა სუნთქვით, უფრო სწორად, სუნთქვაშეკრული, ფარდაგადაწეულ ფანჯარასთან მიკრული, უზარმაზარ ვარსკვლავიანი ცა თავზე რომ მემხობოდა თითქოს _ უფრო ავსებდა და მიფორიაქებდა სულს მარიამის:

შარახევასთან დიდ ლოდზე
ამსხლტარი შემეჩეხები,
არაგველების სისხლისა
გაყრია ტანზე შხეფები.
ჩქერიდან ამოვარდნილი
ხელისგულებზე მიხტიხარ,
ჩაგსვამ არაგვში, ოღონდაც
აღმა სადამდე მიდიხარ?!
_ კლდეზე დავახევ ლაყუჩებს,
რა თავში ვიხლი იოლ გზებს?
ვუწევდი, მზემდეც ვუწევდი,
წვიმა რომ მიწყივ დიოდეს.



ანდა ეგ:

ნისლი აცვია ავისგორს,
კარატისწვერით მზე ნათობს.
მადლია _ გერქვას ამ მიწის,
ვალი ლექსებად გემართოს.
ხატს გაუზრდიდე კაიყმებს,
იღბალს ნატრობდე მწყემსების.
უბეს ივსებდე საუფლო,
არაგვნასვამი ლექსებით.
ლუდს ხარშავდე და სვილს მკიდე,
მესანთლე იყო ჯერ მარტო.
თავისი გერქვას და ამ ცის
მადლი ლექსებად გემართოს.

ჰოდა, აბა, რა მომასვენებდა. თანაც მარიამ წიკლაურის სიტყვებიც სულ ჩამესმოდა ყურში: „მაიკო... თუ არტანში წახვედი, ერთი ის გაბზარულკედლიანი ეკლესია მოილოცე და მიათვალიერ-მოათვალიერე სოფლის სასაფლაო, ეგებ შენ ყველაზე მეტად გაგიმართლოს და სულაც, ხვარამზის საფლავის ქვაც იპოვო... ძალიან მინდა, ეს მოხდეს!“

როგორც კი ზედიზედ სამდღიანი წვიმების მერე გამოიდარა, ჩემი ფშაველი დედამთილი (რომელიც ყველაფერში მყვება, რასაც მოვიფიქრებ) ავიყოლიე, გზად ჩვენს წინასწარ შეგულებულ მეგზურს ნაზი ჯაბუშანურს გავუარეთ და წავედით _

ხვარამზეს საფლავის საძებნელად!

როგორი იმედიანი მივდიოდი! თავიდანვე ვთხოვე ნაზი ძალოს, ახალი სასაფლაო არ მინდა, ძველში წაგვიყვანე, იქ უფრო სავარაუდოა რამეს მივაგნოთ-მეთქი. ისე, ჩემი დედამთილის ბებია, ხვარამზეს თანატოლი და მეგობარი, ქალიკელ გორზამაული, ვინც ხვარამზეს ლექსი პირველმა ჩააწერინა თავის ახლო ნათესავს თედო რაზიკაშვილს, სოფლის შედარებით ახალ სასაფლაოზეა დაკრძალული, რომელიც გაბზარულ საყდართანაა. შესაძლოა, ხვარამზეს საფლავის ქვაც აქ უნდა მეძებნა, მაგრამ გული რატომღაც ძველი, საუკუნეების წინანდელი სასაფლაოსკენ მიმიწევდა.

გაბზარულ საყდართან შევყოვნდი. ვილოცე და წამოსვლისას ჩემთვის ჩავილაპარაკე: _ აჰა, მარიამო, შევასრულე შენი დანაბარები-მეთქი.

ისევ გავუყევით გზას.

ჩვენი მეგზური კი ანა კალანდაძეს კითხულობდა მცირე პაუზებით.

ვაჟაო, დილის მზის სხივო, ხან მთებზე ნისლთა დინებავ, შუაფხოდან რომ მიდიხარ, გული რად გაგეტირება? შენ თუ არ იცი მიზეზი, აბა, ვის ეცოდინება? გადმოდი, გადმოაშუქე ლურჯ თხილიანას კალთები. რა დაშავდება? არც რაი: გნახავ და... გამეხარდები!

უყვარს ნაზი ძალოს ლექსები. ფრუშკას შთამომავალია, თვითონაც კარგი მოლექსეა და საოცარი მეხსიერება აქვს.

გზიდან რომ გადავუხვიეთ და გორალას აღმართს ავუყევით, ტყის სურნელმა თავბრუ დამახვია. ხეებს შორის ძლივს შესამჩნევ ბილიკზე მივიკვლევდით გზას. ხშირ ფოთლებში მზეს ვერ შემოეღწია. წინა დღის წვიმის წვეთები გვეწვეთებოდა ფოთლებიდან. საოცრად მისტიკური განწყობა დამეუფლა ტყეში შესვლისთანავე. ნაზი ძალო ისევ ანას მიუბრუნდა:

ბროლს მოამსხვრევს თეთრახევა, ბროლს მოამსხვრევს ბროლიანსა, შხეფს შეაფრქვევს ვარდკაჭკაჭას, ლამაზს, ცისფერთოლიანსა, წამო ჩემთან! უკაცრავად, ვერ გაგყვები ცოლიანსა! – ესალმება ფხოვის ტყეებს, ტყეებს მწვანე მოლიანსა, დაჯირას და უკადრისას, სატყრობელას ჭორიანსა... არაგვისკენ გზას მიიკვლევს, გზას ძალიან შორიანსა...

ჩვენც მივიკვლევთ გზას მაღლა-მაღლა. ტყეც უფრო ხშირი და უფრო გრილი ხდება. პატარა, ცივ და ჩქარ წყაროზეც გადავედით და უცებ აღმოვჩნდით მზით გაჩახჩახებულ მინდორში, სადაც მხოლოდ ერთი უზარმაზარი, ბებერი პანტა იდგა. ტანზე ხავსი შემოტმასნოდა, მყარად და ამაყად იდგა. მივედი, ხელები შემოვხვიე და ლოყით მივეკარი. ასე ვისვენებდი და მსიამოვნებდა.

იქვე, გვერდზე, წრიულად დიდი ქვები ელაგა. შესაძლოა, აქ რაიმე რიტუალი ტარდებოდა ადრე. ქვების ამგვარი განლაგება სახლთავშიც მინახავს, კვირიაზე.

ასვლა განვაგრძეთ. გზადაგზა ყვავილების თაიგულს ვკრავთ.

მწვერვალო,შალშავს შემოვყევ,
ნისლს და ქარს მომაძალებო...
შავ ბურუსს ირგვლივ შემომხვევ,
უგზოდ, უკვალოდ მარებო...



განაგრძობს ჩვენი მეგზური, ოღონდ უკვე სვენებ-სვენებით. ზოგჯერ ჩერდება, რომ ამოისუნთქოს...

მინდოდი?
არად მინდოდი,
ზესკნელ-ქვესკნელის კარებო!
„ჩემ ღმერთის არ მეშინოდეს“,
ფეხსაც არ დაგაკარებო!

მოვედითო, თქვა ბოლოს და რამდენიმე ნაბიჯში ძველი სასაფლაოც გამოჩნდა.

საფლავის ქვები უწესრიგოდ იყო განლაგებული. ზოგი გვერდულად აშვერილი, ზოგიც ამოყირავებული დაგვხვდა. წარწერები არ იკითხებოდა და მე მონდომებით დავიწყე მათი ფხეკა. ვასუფთავებდი ხავსისა და ტალახისაგან და ვცდილობდი წარწერები ამომეკითხა. ჩემდა გასაკვირად, პირველივე საფლავი, რომელიც გავასუფთავე, თეთრაულისა აღმოჩნდა. გავოცდი, მესიამოვნა და თან რაღაც მინიშნებად ჩავთვალე: მე ხომ თეთრაულების რძლობით გავხდი ნახევრად ფშაველი, იმ ადგილას ვიყიდეთ სახლი, რომელსაც თეთრაულებს ეძახიან; საერთოდაც , ფშავი ჩემთვის სწორედ თეთრაულებთან ასოცირდება და...

გახარებული ვარ. უფრო გულმოდგინედ განვაგრძე საფლავების დასუფთავება. ზოგზე გვარი ამოვიკითხე, ზოგზე ვერა. მაგრამ მიხარია, ვგრძნობ, რომ რაღაც კარგს ვაკეთებ...

_ ასე უწესრიგოდ რატომაა საფლავები მოფანტული და ამოყირავებული-მეთქი, _ ვიკითხე.

_ ტყიდან მორებს აქედან ეზიდებოდნენო _ მოვისმინე პასუხად და ამის წარმოდგენამ შემზარა.

ქვების ნაწილი შუაზე იყო გადამტვრეული და ერთმანეთს დაშორებული. ზოგი ქვა მიწაში ღრმად იყო ჩაფლული და მხოლოდ წვერიღა ჩანდა. ალაგ-ალაგ ჩვეულებრივი ლოდებიც ელაგა. შავი ჭირის დროს ქვის გამოთლას ვეღარ ასწრებდნენ და საფლავებს ასე ინიშნავდნენ თურმე. ყველაზე სევდისმომგვრელი ბავშვების პაწაწინა საფლავებია.

ერთმა საფლავმა ჩემი განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. სხვა ქვებისგან განსხვავებით, ზედ ქალის სახე იყო ამოტვიფრული. აშკარად ეტყობოდა, მდიდარი ქალის საფლავი უნდა ყოფილიყო. წარწერა აქაც ცუდად იკითხებოდა. ძალიან მოვინდომე. ვფიქრობდი, იქნებ მივაგენი იმას, რასაც ვეძებ-მეთქი, მაგრამ ვერაფრით ამოვიკითხე.

ჩემი დედამთილი და ნაზი ძალო ბავშვობის ამბებს იხსენებდენენ, ხან მხიარულს, ხან სევდიანს. ლაპარაკით დაღლილებს უკვირდათ მე საფლავების გასუფთავებით როგორ არ ვიღლებოდი. ბოლოს მართლა დავიქანცე.

უკვე ბინდდებოდა.

ერთ უსახელო და უფორმო საფლავის ქვასთან გავჩერდი, სანთელი დავანთე, სხეულით ავეფარე, რომ ნიავს არ ჩაექრო და ძალიან გულით ვილოცე მიცვალებულთა სულებისთვის...

ის ერთი საფლავი გულში ჩამრჩა. ნაკლებად სავარაუდოა, ხვარამზეს საფლავი ყოფილიყო, თუმცა, ვინ იცის!..

უხმოდ ვეშვებოდი გორალადან დაღლილი და დარდიანი.

გორალაო, აბა, რა გორალა, მე „სევდისგორი“ დავარქვი იქაურობას. ჩემთვის ასე მოვნათლე და ასეც მოვიგონებ ხოლმე. ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ ყოველ წელს, როცა არტან-თეთრაულებში ჩემს მარტოობას ნაჩვევ სახლს ამოვაკითხავ, აუცილებლად ავივლი ჩემს „სევდისგორზეც“. სანთელს ავუნთებ მიტოვებულ საფლავებს და დავიწყებულ მიცვალებულთა სულებისთვისაც გულმოდგინედ ვილოცებ...
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მაიკო მიქაია   Today at 6:00 am

Back to top Go down
 
მაიკო მიქაია
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: