არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 რეზო თაბუკაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: რეზო თაბუკაშვილი   Sat Feb 18, 2012 9:42 am



Rezo Tabukashvili

რეზო თაბუკაშვილი

ბმულები:
* http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/mcerlebi/rezo%20tabukashvili/rezoindex.html

* http://literatura.mcvane.ge/main/literatura/proza/778-bbbbbbbebbbb-bbbb.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო თაბუკაშვილი   Sat Feb 18, 2012 9:48 am

რეზო თაბუკაშვილი

გემების ჩრდილქვეშ

ისინი საღამოობით გადიოდნენ პორტში საშოვარზე, კუკა და კოკა. ორნი მუშაობდნენ. „ზარის“ გაგორებას სთავაზობდნენ ქალაქიდან დაბრუნებულ შემთვრალ მეზღვაურებს. ბევრს ვერ უგებდნენ, დუქნებში სასმელებზე და ბორდელებში ბოზების სიაბანდ ამოკვნესებში დახარჯულ მეზღვაურებს წასაგებად ცოტაღა რჩებოდათ ჯიბეზე ფული. მათ ეგრევე ყვლეფდნენ კუკა და კოკა. იცოდნენ, აზრი არ ჰქონდა „ჩათრევების“ გაკეთებას, ისედაც ბოლომდე თამაშობდნენ ზღვაში თვეობით ნახეტიალები, ხმელეთს მომდგარი ბიჭები. ხშირად „დაზამასკებულები“ ვერცხლის პორტსიგარს ან შორეულ ქვეყანაში მყოფი თავიანთი გოგოებისთვის ნაყიდ ეგზოტიკურ სამკაულს ჩამოსულან ფსონში. რასაკვირველია, იმასაც აგებდნენ, რაც უმრავლეს შემთხვევაში არ მოსწონდათ და მაშინ კუკას და კოკას დასწრებაზე და გასწრებაზე უნდა ემოქმედათ, რადგან მეზღვაურები უმეტესად ჯგუფ-ჯგუფად დადიოდნენ და ყველას საკმაოდ გრძელპირიანი დანები უმძიმებდა ჯიბეებს. როგორც კი ასეთ პერსპექტივას იყნოსავდნენ, კუკა და კოკა პირველები გადადიოდნენ შეტევაზე და შემდეგ დოკების ლაბირინთებში უჩინარდებოდნენ.
რამდენიმეჯერ ისინიც დაბრუნდნენ დანადანარ¬ტყამები თავიანთ ფიცარშემოლეწილ ყოფილ სათევზაო გემზე, რომელიც სახლის მაგივრობას უწევდა მათ, მაგრამ უფრო ხშირად დოკებში ძირს დაყრილ, თეთრ უნიფორმაზე სისხლმოთხვრილ მეზღვაურებს ტოვებდნენ.
კამათელთან საქმე კუკას ჰქონდა. გამხდარი კუკა, მეზღვაურების აზარტის გასახურებლად, სულს უბერავდა კამათლიან მუშტს, შემდეგ მკერდზე ირტყამდა და წელში წინ გადახრილი ისროდა. გათამაშებული უკმაყოფილების გასამჟღავნებლად, მჭიდროდ შეკრულ გრძელ თითებს ისვამდა ზიგზაგად წასულ მარცხენა წარბზე. არადა, სკამზე ზანტად წამომჯდარს რომ ეტყორცნა, მაინც იმას დასვამდა, რაც სჭირდებოდა. აუცილებლობის დროს ბეშის შუა წერტილებში ვერცხლისწყალჩასხმულ კამათელსაც შემოაცურებდა თამაშში.
არ ვიყავი მართალი, როცა ვთქვი, ორნი მუშაობდნენ-მეთქი. მათ თან ახლდათ შავი კატა, სახელად ბაზი-ბაზი. სწორედ მისი საკმაოდ შემონახული ბეწვის ფერებისას აძვრენდა ხოლმე კუკა გაკეთებულ კამათელს მუქი პიჯაკის მარცხენა სახელოში ამოქსოვილი პატარა ჯიბიდან. სულ იქ ჰქონდა, ახლოდან არ იშორებდა.
საჭირო მომენტებში ბეჭებში გაშლილი, მოხეული კოკა ერთვებოდა საქმეში და რაიმე მიზეზით ყურადღება თავისკენ გადაჰქონდა. ის ყოველთვის ყველასგან ერთი ნაბიჯით უკან ან განზე იდგა, ექსტრემალური ვითარებისთვის პოზიციებს ირჩევდა და მასიური ყბის გვერდულად მოქცევით თამბაქოს ღეჭავდა. მრგვალი დაჭმუჭნილი კეპი სახიფათოდ მოღიმარ თვალებამდე ჰქონდა ჩამოფხატული. ამ კეპის დახმარებით „ცინკებს“ აძლევდა კუკას: კეპის მოხდა თამაშის შეწყვეტას ნიშნავდა, — მოსაგები აღარაფერი აქვთო, კეფისკენ გადაწევა — ფსონის გაზრდას და ა.შ.
ბაზი-ბაზი შორიახლოს დაიარებოდა და დაკვირვებით უთვალთვალებდა მოთამაშეებს, სანამ კუკა ნაპირზე ამოგდებული გემის გვერდზე კამათლის მისარტყმელად მოქნეულ, მაჯაში ამოძრავებულ ხელს წინ გაისროდა და შედეგის ცდაში რამდენიმე წამი წელში მოხრილი შეშდებოდა.
როცა უყისმათო დღე იყო და ვერავის გამოიჭერდნენ, კუკა ახალშემოსული ტურისტული გემების მგზავრებს სანაძლეოებს სთავაზობდა, რომ მათ შეკვეთილ ციფრს დასვამდა ჰაერში ატრიალებულ, ჟანგიან რკინას მიხეთქებულ და მიწაზე დაყრილ კამათელზე. ასრულებდა. ხანდახან ვინმე აზარტული მგზავრი გამოიდებდა თავს სათამაშოდ, გაუგებარი მიზეზით გათამამებულს რომ მიაჩნდა, მოიგებდა, რომ ფორტუნა მისკენ არის და საერთოდ კაი ძველი გამოცდილი ვინმეა. ხშირად წაგებისგან სახეალეწილებს და გაკვირვებულ-განაწყენებულებს ატირებული ბავშვები და გაბრაზებული ცოლები მიადგებოდნენ, რის გამოც კუკა და კოკა დისკომფორტს განიცდიდნენ. ბაზი-ბაზიც ასეთ შემთხვევაში უსიამოვნოდ აიბურძგლავდა ტანზე ბეწვს, ცხვირს დააცემინებდა და მოშორებით გადიოდა.
ზემოთ ნახსენები მათი ერთ დროს „სათევზაო“ გემი, ნავების და სხვა საცურაო ტრანსპორტის გამტაცებლე¬ბისგან იაფად ნაყიდი, პორტთან ახლოს იდგა. ფსკერზე ფესვებგადგმული და ნიჟარებით გვერდდამშვენებული, სქელი ბაწრით ჰქონდათ მიბმული წყლისკენ გადმოხრილი პალმის ძირზე. მოზრდილი ტალღების დროს ზღვა აქეთ-იქით არწევდა გემს, დაუმაგრებელ ნივთებს ბორტიდან ბორტამდე ათრევდა. კუკასთვის და კოკასთვის ეს არ ქმნიდა უხერხულობას, არც ერთს არ აწუხებდა ზღვის დაავადება. მხოლოდ ბაზი-ბაზის გაუჭირდა თავიდან, როცა პატარა, ლურჯთვალება, ბურთივით კნუტი მთვრალმა კოკამ მარკიორს მოუგო „პირამიდის“ თამაშში. რად უნდოდა ეს კატა? უბრალოდ, მის კნეინას მოეწონა დახლს უკან, ბოთლებს შორის თაროზე მოკალათებული კნუტი. საბილიარდოდან გამოსულმა კოკამ რატომღაც აგინა თავის ქალს და ცალ მუშტში დატეული ბაზი-ბაზი გემზე მოიყვანა. რამდენიმე დღე ყურადღებას არ აქცევდნენ პატარა ცხოველს, ეგონათ, თავისით გაიკვლევდა გზას და წავიდოდა, მაგრამ ის ასეთს არაფერს აპირებდა, საკმაოდ ჯიუტად და შეძლებისდაგვარად ხმამაღლა ითხოვდა გამოკვებას.
თავიდანვე მაწაკი ხასიათი აღმოაჩნდა ბაზი-ბაზის. სასადილოდ გაწყობილ მაგიდაზე ახტომის მცდელობისას ხშირად იქიდან მოშორებით მოტყორცნილმა შეუპოვრობით ბოლო-ბოლო მაინც მოიპოვა საკუთარი ადგილი კუკასა და კოკას სატრაპეზოზე, მაგრამ არ თავხედდებოდა, რასაც გადმოუღებდნენ, იმას სჯერდებოდა. აუჩქარებლად, თანამესუფრეების თვალიერებით შეექცეოდა საჭმელს.
თანდათან შეეჩვივნენ კუკა და კოკა პატარა ცხოველს. მისი ფრთხილი, სანადიროდ გამიზნული გადაადგილებები გემბანზე და ხმაურიანი „მიაუთი“ წინა თათებზე დაყრდნობით გაზმორებები არ აღიზიანებდა მათ.
იმ დღეს, სანამ კუკა ორივე ფეხში თითო ტყვიას მიიღებდა ვიღაც მაღალი ქერა ბიჭისგან, რომელსაც უცნაური სახელი — ხაინა ერქვა, ის ნავის ცხვირზე იწვა, ბაზი-ბაზის ცალი ხელით კისრის ქვეშ ეფერებოდა და ზღვას უყურებდა. დიდი იმედის მომტან ზღვას, როგორც ადრე ეგონა, მაგრამ იმედმა არცთუ ისე გაუმართლა, რაშიც ზღვა არ იყო დამნაშავე. ხშირად ყველაფერი ჩანაფიქრის მიხედვით მიდიოდა, ოღონდ გზადაგზა (ტალღებ-ტალღებ) ზღვა თავის შტრიხებს უმატებდა — მკვეთრს, მძაფრს და ბოლოს მიზანს მიღწეული კუკა აღმოაჩენდა, რომ სისრულეში მოყვანილი ჩანაფიქრი დიდი ვერაფერი შვება იყო. ზღვის მიერ დატოვებული იარები რჩებოდა მხოლოდ, რომლებიც ადრე თუ გვიან ყოველთვის ხორცდებოდა. მარილიანი წყალი აჩქარებდა ამ პროცესს.
სივრცეების ცქერით გართულ კუკას და მის თეძოს¬თან წამოგორებულ ბაზი-ბაზის არაკეთილხმოვნად ჩაესმოდათ ანძის ქვეშ მძინარე, თეთრ დაკონკილ იალქანში გახვეული კოკას ხვრინვა. ფერებით მინაბულმა ბაზიმ მისკენ გაიხედა და წყალში ჩავარდნილ ღრუბელს მიამსგავსა, რომელსაც ხედავდა ხოლმე შორს ზღვაში, ზღვა რომ შხამიანი მწვანე ხდებოდა, ისეთ ამინდში. ღრუბელმა წყალში გაწოვა იცოდა, კოკასგან განსხვავებით.
— მიდი, გააღვიძე, — ხელი წაჰკრა კუკამ ბაზის. ზანტი ნაბიჯით მიუახლოვდა კატა მძინარე კოკას, ზედ აახტა და მისი თავის სავარაუდო ადგილსამყოფელთან კისრის წაგრძელებით „კრუუ“ დაიკრუსუნა. კვლავ მოასწრო, გასცლოდა კოკას მოქნეულ ტორს, ერთხელაც ვერ მოარტყა. „დავახრჩობ ამ კუდიანს!“ — აბობოქრდა თეთრი იალქანი. გაღვიძება არ იყო კოკას საყვარელი გართობა. სიზმრული ტალღების შხეფების შეშრობას დრო სჭირდებოდა. ნაჭრიდან გამომძვრალი ჯერ კეპს დაიხურავს და მუხლებზე ხელებშემოჭდობილი იჯდება რამდენიმე ხანს, მერე წყალში გადაეშვება და ძილში განცდილი განწყობილების გახსენებას შეეცდება ცურვისას. ცურვისას კარგად ფიქრობ. სწორი სუნთქვისას „სწორი“ ფიქრები იკვლევენ შენამდე გზას. სიზმრებიდანაც საჭირო ფრაგმენტები და სურნელები ტივტივდება, იფილტრება ათასი ხარახურიდან და კარგი მოკარნახეა. ყველას ინდივიდუალური სუფლიორი ჰყავს. კოკას საკუთარის ჩურჩულიც ესმოდა.
მოაპობდა შემხვედრ ტალღებს კოკა, მოსმის შემდეგ გამოყოლილი აბლანდული, სხეულში უმისამართოდ მიმოფანტული შეგრძნებების დაფასოებას ცდილობდა. ერთი იყო — დიდ გუნდად შენიღბულიყო, ტვინს ბურუსად მოსდებოდა და ცნობისმოყვარეობის უჯრედებს ეხახუნებოდა. ჯერ მისი სახელი ვერ დაეკონკრეტებინა კოკას. ყველა ნასროლი ანკესი უმისამართო აღმოჩნდა. წვრილმანებს ვერ კიდებდა კაუჭს, უსხლტებოდნენ, არადა, ისინი არიან მთავრამდე მიმყვანები, ან თვითონ არიან მთავრები. დეტალებს, სწრაფად ცვალებად სურნელებს, ერთ მთლიან უფორმო მასად აღიქვამდა. რამდენიმეჯერ შეტოპა, სცადა ამ რძისფერ მასაში შევარდნა, მსგავსად აღმოსავლური ცხენისა, რომელსაც მზის ჩასვლისას თავდამძიმებული კანაფის ყანაში შეაგდებენ საჭენაოდ, რათა მერე გაოფლილს და აქაფებულს „პილცა“ ააფხიკონ ორთქლიანი ტყავიდან. ეს ნაღებია ხოლმე... დაარტყა ცხვირში წყალმა, სასუნთქი არხებიდან მოლეკულებად დაიფანტა ტვინის, გულ-მუცლის და სხეულის უჯრედოვან ქსოვილებს შორის. თვალებიდან ცრემლები წამოვიდა... შენიღბულ გუნდაში დრო დაბუდებულიყო, მოკლეჰორიზონტიანი, წრიულბრუნვადი, ხელგაშვე¬ბული დაჭიმული „ჟგუტი“. საიდან დაილექა მასში? კოკას დრო არ ადარდებდა. უნდა გრძნობდე, როდის რა გააკეთო, — მიაჩნდა მას. უკვირდა იმ ორი ხმამაღლა მოკამათე კაცის, გუშინ რომ ნახა ხიდზე შეჩერებული და ნერვიულად მოსაუბრე (ეტყობა, მათგან ჩარჩა). ერთი ამბობდა, დრო ფულიაო. მეორე — ფული მომეცით, დრო ვიყიდოო. ან ისეთი ყოფნა რად გინდა, რომ დრო „სჩოტჩიკზე“ ჩართო, ან ამ უზომოდ გაწელილ დროში რისი გაკეთება ვერ უნდა მოასწრო, რომ დამატებითი წუთები მოითხოვო?..
გემის ცხვირიდან ჩამოკონწიალებული თოკით ამოძვრა უკან. მძიმედ ახტა-დახტა, წყალი ჩამოიფერთხა და გასაშრობად თავის იალქანში გაეხვია. ბაზი და კუკა ისევ გემბანზე იწვნენ.
— გუშინ პორტში მითხრეს, მატერიკიდან სამხედრო გემებს აგზავნიანო, — ზურგს იმშრალებდა კოკა.
— ჰო, მეც გავიგე, — უპასუხა კუკამ.
— თუ ეგრეა, აქ აღარ დაიდგომება.
ბაზი საუბრით დიდად ვერ დაინტერესდა, კუკას ფეხებს გადაახტა და ქალაქში წავიდა სახეტიალოდ.
— საღამოს შვიდზე დოკებში იყავი, — მიაძახა კატას კუკამ.
— ჯერ დრო არის, — თქვა კოკამ...


კოკამ მთვარიან ღამეს გადააყვანინა დაჭრილი კუკა მეთევზეებს კუნძულზე ნაცნობ ქირურგთან. საიმედო ადგილია, არაერთხელ გამოცდილი. ნავი კანოეს ტიპისა იყო, გრძელი და ვიწრო. ერთი მეთევზე თავში იჯდა, მეორე ბოლოში, თითო ნიჩაბი ეჭირათ ხელში და ნავის სხვადასხვა მხარეს სამ-სამ მოსმას აკეთებდნენ, მერე მხარეებს ცვლიდნენ. მათ შორის კუკა იწვა. ციებ-ცხელება ტანჯავდა. მაღალი სიცხისგან კანი გამოუშრა, ღარებად დაუსკდა და წყალში დასველებული ხელისგულის შეხებისას გახურებული შუბლი ხრიოკ უდაბნოდ წარმოედგინა. ვეღარ ცნობდა საკუთარი შუბლის ლანდშაფტს. წითელ ბორცვიან უდაბნოდ ქცეულიყო ის, სადაც გიგანტი აქლემები დაიარებოდნენ და ქვეწარმავლები დასრიალებდნენ. უდაბნოში დასადგურებული ყრუ სიჩუმე შავი ციდან გრუხუნით წამოსულმა ვიღაცის ხმამ დაარღვია. მშრალი ქვიშა ქარბორბალად დაატრიალა... მეთევზეების ხმა იყო. ისინი ჩრდილოეთის კუნძულების შესახებ საუბრობდნენ, იმ ადგილების შესახებ, სადაც წლის უმეტესი ნაწილი თოვლი მეფობს და ოკეანემდე ჩამოღწეულ ტყვიისფერ ცაში მიუჩვეველი ყურისთვის შემზარავი კივილით დაფრინავენ დიდი თეთრი ფრინველები.
— შენ ნამყოფი ხარ ჩრდილოეთში? — ჰკითხა მეთევზემ კუკას.
კუკა ნამყოფია ჩრდილოეთის კუნძულებზე, ერთ ვაჭარს გაჰყვა ბეწვეულის ჩამოსატანად. იქაურობა თეთრი და მწვანე ფერის ლაქებად აგონდება და მუნჯი გოგოს, ევას, ამოტეხილ ყინულებში მოქცეული წყალივით მელნისფერი თვალების ფერად. ევა ერთ-ერთ კუნძულზე ნახა. ნაპირზე დაშვებულ ფრინველებს გაყინულ თევზებს აჭმევდა. მამამისი მათ გემზე იყო ამოსული. ხის ფეხი გემბანზე დაყრილ ქურქებზე ედგა, დაბლა დაშვებულ ხელში კრიალოსანს ათამაშებდა და ვაჭართან საუბრისას ხმამაღლა იცინოდა.
...თოფგადაკიდებული კაცი თავდახრილი მიდიოდა ღრმა თოვლში. სუნთქვისას ღრუბლების გუნდები ხრიალით გამოსდიოდა პირიდან. მის ტანსაცმელს ცეცხლის სუნი ასდიოდა... კაცმა იღრიალა, სისხლიანი ხელი წვერზე მოისვა, ზედ მიყინული თოვლი წითლად ჩამოდნა. თავისივე დაგებული ხაფანგი, დავიწყებული, არც ახსოვს როდის დანაღმული, ჩაჟანგული კბილების ღრჭიალით უმსხვრევდა ძვლებს მუხლს ქვემოთ... თოვლი ფომფლო და ფხვიერი იყო. მის ტანსაცმელს ჭრილობაზე აკრული ფიჭვებისა და ძირს ჩამოყრილი ფოთლების სუნი ასდიოდა... „ევა, არ დაიბნე“, — უთხრა სახლამდე მიღწეულმა თავის შვილს. ევა არ დაბნეულა. ბუხართან ახლოს, დაბალ საწოლზე მოთავსებულ მამას სპირტიანი სასმელი დაუდგა ბოთლით. თაროზე შემოლაგებული ქილებიდან გამხმარი ბალახები ხის თასში ჩაყარა მოზომვით და დაფქვა, მერე მოყვითალო სითხეში გააზავა, ერთმანეთში აურია, ნანადირევის საჩეხი გრძელი დანა ცეცხლზე გააცხელა. კაცმა დიდი ყლუპებით ჩაცალა ბოთლი. თვალები აემღვრა. ევამ ხის ნაფოტი ჩაუდო კბილებს შორის. გოგომ მუხლს ქვემოთ მოსხიპა მყესებზე დაკიდებული გაშავებული ფეხი...
ვაჭრობის დასრულებისას ევაც ამოვიდა გემზე. მამას ბეწვეულში გაცვლილი სანოვაგის ჩაზიდვაში ეხმარებოდა. მშობელთან საუბრისას ის არ იყენებდა მუნჯისთვის სპეციფიკურ ჟესტებს, სათქმელს ერთმანეთს თვალებში ჩახედვით უზიარებდნენ. მამა-შვილი კარგად ირჯებოდა. მეზღვაურებიც ეხმარებოდნენ. კუკას კაი ხნის მობეზრებული ჰქონდა ეს ცივი მხარეები, ყინულებისგან გემის ბორტების გაფხეკა და კუნძულზე მოხვედრისას ატეხილი გაცვლა-გამოცვლები. მზე და სითბო იხმობდა მას. გემბანზე გამოსული მოწყენილი აკვირდებოდა ფორიაქს. „კაი ყისმათზე უნადირია ამ ცალფეხას“... ჩასაზიდი კიდევ ბევრი იყო. ევა მძიმე ტომარას მიექაჩებოდა. კოკა დაეხმარა და ნაპირზე ჩაატანინა. ევამ მადლობის ნიშნად შეხედა. მას მარადიული სიმშვიდე ჰქონდა თვალებში. მაგ მიკარგული კუნძულიდან შორს, ათას ხათაბალაში მოხვედრილი კუკა ბევრჯერ დაბრუნებულა ამ მზერასთან და ყოველთვის მხნეობა და თანადგომა შეუგრძვნია. და ახლაც, ტორტმანით მცურავი ნავის ფსკერზე წოლისას, ევამ ჩააქრო მისი წითელი უდაბნოები.
— ახლა დინება წამოვა და გავყვეთ! — თქვა ისევ იმ მეთევზემ, რომელიც ჩრდილოეთით იყო დაინტერესე¬ბული.
„დინებას გაყვე“ — უარყოფითი მნიშვნელობით იხმარება ხშირად ნაპირზე. ნათქვამს აედევნა ფიქრებით კუკა.

* * *
კოკამ და ბაზი-ბაზიმ ამ ამბის მერე საცხოვრებელი მიატოვეს და ბებერ მევახშესთან, რომელთანაც დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა აკავშირებდათ, ქალაქის გარეუბანში გადაბარგდნენ. მევახშემ ზედმეტი გამოკითხვის გარეშე ზედა სართულზე ოთახი გამოუყო მათ. კოკა გააფრთხილა, კლიენტებთან არ გამოჩენი¬ლიყო — ათასი ჯურის ხალხი დაიარება აქ, ბაზიც რომ გამოკეტოს, უმჯობესია, რადგან მასაც ბევრი იცნობს.
კუკას გამოჯანმრთელების მოლოდინში კოკა და ბაზი ვიწრო, ზამბარებიან ლოგინზე კოტრიალით და ფანჯარაში ყურებით კლავდნენ დროს. კოკას ზანტი, აუჩქარებელი მოძრაობების შემხედვარე ბაზი მიხვდა, რომ ისიც კოკას მოძრაობის სიჩქარეზე უნდა გადაწყობილიყო, პორტიდან უკუსვლით გამავალი გემის ტემპი უნდა აეღო, რადგან, სავარაუდოდ, დიდხანს მოუწევდათ ჭერგაყვითლებულ ოთახში ყოფნა და ამ პატარა სივრცეში საჭირო იყო არმოსაწყენი საქმეების გამოძებნა, რაც ლოგინის ქვეშ ზამბარებზე თათების რტყმისგან გამოწვეული გაწელილი ბგერების სმენით და რაფაზე მზეს მიფიცხებით გამოიხატა. ბაზის არ ხიბლავდა იატაკზე და კედლებზე მრავლად მბობღავი მწერების წვალება-განადგურება და მათგან ჭუჭყიანი ლაქების დატოვება, როგორებიც ხშირად რჩებოდა კოკას ფეხის დადგმის, ხანდახან დარტყმის ადგილზე.
ფანჯარაში სამსართულიანი სახლი ჩანდა, გვერდითა ყრუ კედელზე ხარაჩოები ჰქონდა მიდგმული. ეს შენობა კოხტა რიტას ეკუთვნოდა. პირველ სართულზე საცეკვაო იყო გახსნილი, სადაც ზღვიდან გამორიყული თუ ზღვას გამოქცეული კაცები და ქალები იკრიბებოდნენ. მეორე და მესამე სართულებზე სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა.
რიტას ჩახლეჩილი ხმა და ერთი ცუდი თვისება ჰქონდა — საუბრისას მოფერებით ლოყაზე გჩქმეტდა. მისი ცუდი მხარეების ჩამოთვლა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ კოკას სულ სხვა რამეები ახსენდებოდა რიტას¬თან დაკავშირებით. მოგონებებით გართულმა კოკამ გვერდით წამოგორებული ბაზის წაკრუსუნება დაცინ¬ვად მიიღო. რიტას მარჯვენა მკერდის ქვეშ იარა აქვს, თხელი-თხელი, რომელიც ძუძუს მომრგვალებას გაუყვება...
„კრუუ“ იყო ბაზი, და აღმოჩნდა ბაზი ლოგინის ქვეშ. რიტას თავისი შესაძლებლობებით თავისუფლად შეეძლო მდიდრულ რაიონში გადაბარგება, მაგრამ მან ღატაკ გარეუბანში არჩია დარჩენა, რომლის ქუჩებში უპატრონოდ გაიზარდა და გამოიბრძმედა. სანტიმენტები ნაკლებად აწუხებდა რიტას, უბრალოდ, აქ კარგად მოიკიდა ფეხი, რამდენიმე „პრესტიჟული დაწესებულება“ გახსნა და წარმატებით მართავდა მათ. რიტას ხელგაშლილობას ვერ დააბრალებდი: „მიდექი-მოდექი და უშველე თავს“, — ურისხდებოდა იგი მთხოვნელებს. მრისხანებაც როგორ უხდებოდა... ბაზი, ხმა! მოკლედ, იმ ერთადერთი ღამის გარდა, კოკას ხელმეორედ აღარაფერი გამოსვლია. არ ღირს გახსენება და ნერვების მოშლა, მაგრამ მოდი და ნუ გაიხსენებ, როდესაც დღეში რამდენიმეჯერ ხედავ ამ ქალს შენი ფანჯრიდან და მისი გემრიელად ვერშესწავლილი სხეული გიდგება თვალწინ. რიტა საცეკვაოს წინ გახსნილ კაფეში გამოდიოდა ხოლმე და ხარაჩოებზე მომუშავე გოგოს ძირს ჩამოსვლას და საჭმლის ჭამას სთხოვდა, სთხოვდა კი არა, ეჩხუბებოდა: „სულ არაფერს არ ჭამს ეს ბავშვი!“ ის გოგოზე ზრუნავდა. გოგოზე, რომელიც ხარაჩოზე ცხოვრობდა და ხატავდა. გოგოს ბიჭივით ჰქონდა შეჭრილი თმა, გახსნილი სამართებლის ფორმის ჭაღარა ლაქით კეფაზე. ის კედელზე ხატავდა. ხატავდა მზიან სივრცეში მფრინავ კაცებს, ქალებს, ვეშაპებს და მწვანე ბოთლებს. ბოთლები იქნებოდა ხუთლიტრიანები, კოკამ შორიდან ამგვარად გაზომა. გოგო ბევრს მუშაობდა. ხანდახან თუ ჩადიოდა კაფეში საჭმელად, ისიც, როგორც ვთქვი, რიტას დაჟინებული მოთხოვნით. რიტა საუკეთესო კერძებით და წითელი ღვინით უმასპინძლდებოდა მას, ხილს და თბილ ტანსაცმელს ხარაჩოზე უგზავნიდა მსახურის ხელით. კოკას არ გაჰკვირვებია რიტას ყურადღებიანობა უცხო ადამიანის მიმართ. ეტყობა, ეს გოგო უცნაური ღიმილით, კეფაზე ჭაღარით, მფრინავი ნახატით ან ვინ იცის რით, შეეხო რიტას მზიან მხარეებს.
გოგო იშვიათად წყვეტდა მუშაობას. მოსაწევად თუ ისვენებდა — ჩამოჯდებოდა ხარაჩოზე, გრძელ ფეხებს გადმოკიდებდა ძირს და აბოლებდა. დაბნელებისას იქვე შლიდა ლეიბს და ნაჭერგადაფარებული იძინებდა ზედ. მან მხოლოდ ერთხელ გამოხედა კოკას და ბაზის ფანჯარას. ხარაჩოზე იდგა და დაძინების წინ ბოლო ღერს ეწეოდა. რაფაზე გასაგრილებლად წამოწოლილ, სახურავებს შორის გაჩხერილ მთვარეს მიშტერებულ ბაზი-ბაზის და მის გვერდით სკამზე მჯდომ კოკას მოჰკრა თვალი. ცოტა ხანს უყურა, გაეღიმა, ხარაჩოს კიდესთან მივიდა, წყალში მხტომელივით გაშალა ხელები, ქუსლები შეაერთა, ცერებზე წამოიწია, მკლავები ყურებამდე მიიტანა, მერე წამოიძახა რაღაც და მოწყვეტით ჩაჯდა ცალ მუხლზე. სიგარეტი ისევ ხელში ეჭირა, ნაფაზი დაარტყა და ნამწვი მათი ფანჯრისკენ ტყორცნა.


— არ გახვიდე, დაგცხრილავს! — მითხრა ანეტამ. ლოგინზე წამომჯდარს საბანი ისე აქვს ტანზე მოხურული, რომ ცალი მკერდი უჩანს. იცის, მომწონს მისი ეს ნაწილი. სხვა ნაწილებიც მშვენიერი აქვს, მაგრამ მორჩა, ისედაც დიდხანს შევრჩი... „დაგცხრილავს“ მაზალო სიტყვაა. უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა, მინახავს დაცხრილული. მართალია, ამჯერად სეტყვაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ რა იცი, რა ჩააქსოვა ამ სიტყვებში შეურაცხყოფილმა ქალმა, რა ბნელი (შავი) სურვილებით დაამძიმა. ანეტა რკინის საწოლის მოაჯირს მიეყრდნო ბეჭით, ნაწყენ მზერას არ მაშორებს და ხშირ-ხშირად აფახულებს თვალებს. ჯერ იმედი აქვს, რომ შეიძლება არ წავიდე, გადავიფიქრო (ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე დღეში თვითონ წავა), მაგრამ სულ მალე ეს ფართოდ გაღებული ნაწყენ-გაკვირვებული თვალები ბოროტად დაეწკურება, ჭორფლიანი პატარა ცხვირი ბრაზისგან კიდევ უფრო აეპრიხება და ანეტა სეტყვის როლის შემსრულებელია ჩემივე ნაჩუქარი „ვალტერის“ მეშვეობით. სეტყვა იშვიათი ხილია ბუნებაში და რაღა მაინცდამაინც ახლა წამოვიდა, როდესაც გარეთ უნდა გავსულიყავი, აქაურობას მოვშორებოდი. ანეტასკენ არ გამიხედავს, ლოგინთან მოგორებული მაგიდიდან ბროწეული ავიღე და გასასვლელისკენ წავედი. მარცხენა ხელში მოქცეულ ბროწეულს ცერა თითით ვბეჟავდი, ისე, რომ კანი არ გამსკდარიყო. სხვა ბროწეულის კანი გასკდა კედელზე. ყუმბარასავით ჩამიქროლა თავთან და კარის გვერდით აფეთქდა.
გარეთ გამოსულს, არცთუ მცირეკალიბრიანი სეტყვა დამხვდა. ანეტას სახლის შორიახლო დავდექი ფართო აივნის ქვეშ და წინა კბილებით ბროწეულზე ატკეჩილი ადგილიდან წვენს პირში ვიწურავდი. აივნიდან ვიღაცამ სიგარეტის ნამწვავები გადმოყარა. გამახსენდა, ამ აივნის პატრონზე ანეტა ამბობდა: „არ უდგება“. „შენ რა იცი?“ „მთელმა უბანმა იცის, ცოლი მორალურად გამართლებულია და აშვერილი აქვს ფეხები“. „ალბათ, უფრო ფიზიკურად გამართლებული.“ „ფიზიკურადაც არა უშავს, ფეხებს ვგულისხმობ.“
უყვარს ანეტას ტლიკინი.
მოსმენაც იცის.
ბოლოს, რაღაცაზე აღრენილი ვბრაზობდი, რომ ისე არ ხდება ამბები, როგორც საჭიროა. „შენ რა, ღმერთზე კეთილი ხარ?“ — დამცინა. „შენ რა იცი ღმერთის?“ — გავხედე. „მე ღმერთი ვარ“, — სწრაფად და თავხედურად მიპასუხა. აბრეშუმის ღამის პერანგი ეცვა და დოინჯშემოყრილი ფანჯარაში აბოლებდა.
ანეტამ იცის ღმერთი. ყველამ იცის, თავისებურად. ლაზარეთში რომ აღმოვჩნდი ფერდგადახსნილი, გოგო იწვა ჩემ გვერდით. მოკლედ შეჭრილი თმა ჰქონდა, კეფაზე ბუმერანგის ფორმის ჭაღარა ლაქით. შიგადაშიგ აზრზე მოსული, კისერთან გატეხილი ღილით შეკრულ თეთრპერანგიან მის ზურგს ვხედავდი მხოლოდ. სახით ჩემკენ არ გადმობრუნებულა. ახალი გაკერილი ვიყავი და ცამეტი ნაკერი არ მაძლევდა საშუალებას, წამოწეულს მისთვის დამეხედა, უფრო სწორად — მიმეხედა. „ღმერთო, სად მიმყავხარ!.. ღმერთო, სად მიმყავხარ!“ — თქვა რამდენიმეჯერ. ის ღმერთს უფრთხილდებოდა. ვიცოდი, რასაც აპირებდა, მაგრამ მე თვითონ სად აღმოვჩნდებოდი, ჯერ გაურკვეველი იყო. ლაპარაკის ძალა არ მქონდა და მცირე ხნით ვბრუნდებოდი აქეთ. დიდხანს შევრჩი ამ კუნძულებზე და მაგის შედეგია ლაზარეთში მოხვედრა.
ანეტასთან ერთად ვიჯექი კაფეში, ზღვის პირას. „ყველა კაცს სჭირდება ბუნაგი“, — ამბობდა ანეტა. ეტყობა, მოუსვენრობას მატყობდა უკვე. „ღუზების ჩაშვების დრო არ უნდა ააცილო, თორემ მოგწყვეტს ნაპირს, შუა ზღვაში შეგითრევს და თავის ნებაზე გახეტიალებს“... ასეთ რამეებს ამბობდა. ანეტა ხშირად იცვლიდა შეხედულებებს. ერთი დღით ადრე მეჩხუბა, რომ თავშესაფრის ძებნაში, ეს ცხოვრება (ჩემი) უცბად გაილევა და საუკეთესო შემთხვევაში (თუ სიბერემდე მივაღწიე), აღარაფრის მაქნისი, ვინმეს დანაოჭებულ ძუძუებზე მოვისვენებ. ცუდი პერსპექტივა დამიხატა, მაგრამ მე გამეცინა — ქალებს ჩვენს ნავსაყუდელად თავიანთი მკერდი მიაჩნიათ ხოლმე, სადაც ჩვენ ვმშვიდ¬დებით და ზედმეტი ბრძოლებისგან ვთავისუფლდებით. „ჩვენ (ქალებს და კაცებს) სხვადასხვა რამის გვეშინია, — აგრძელებდა ანეტა, — ქალი შიშებთან ამყარებს კონტაქტს, კაცი კი ებრძვის და მოუგებელ ომში ეხვევა“... „არ გამეხსნა ასე! ნუ გეშინია, მე არ მოგბეზრდები!“ ამგვარი საუბრის დროს კაფეში ჯიბა გამოჩნდა. ხაინ, შენ გეძებო, მითხრა და ანეტასთან ბოდიშის მოხდით გვერდით გამიხმო. ჯიბას გემ „კიბორჩხალადან“ ვიცნობდი. უფროსობასთან უთანხმოების შემდეგ გავიქეცით იქიდან. ერთხანს ერთად ვიყავით, მერე ჩვენი გზები გაიყო. მივხვდი, რომ შარს გადაჰყროდა. ცალი თვალი დაძაბულად დაურბოდა, მეორეზე მარლა ჰქონდა აკრული. ერთ-ერთ ბარში ვიღაც ორ ყომარბაზთან, რომელთაც ერთნაირი სახელები ერქვათ, „მეტ-ნაკლები“ უთამაშია. მათ კიდევ კატა ახლდათ, მაგის შავი თარსი დედა, ვერა და ვერ მოაშორებინა იქიდან, ეს ჩვენთან ერთად არისო. შუა თამაშში ჯიბას კამათლის შემოწმება მოუთხოვია, კატის ფერების დროს რომ გამოაძვრინა გამხდარმა მოთამაშემ სახელოდან. მოგეჩვენაო, მიუგიათ მათ, რასაც შელაპარაკება და მერე ჩხუბი მოჰყოლია. ჯიბამ ვერც დაინახა, რომელმა მათგანმა დაუსვა დანა. ჯიბას თან გამოუცდელი ბავშვი ახლდა. შიშისგან არც განძრეულა... ჯიბას ღმერთი მის წინაშე მუდამ დამნაშავეა. რა? მეტის ღირსი არ არის ჯიბა, უფრო იღბლიანი, შეძლებული და ნაკლებნატანჯი რომ იყოს? ყველაფერი-ყველაფერი, მაგრამ ეს იარა სიფათზე ზედმეტი იყო. პასუხია მოსათხოვი და საერთოდ, ღმერთი თუ არ დაეხმარება (არც არასდროს იწუხებდა ამით თავს), ის თვითონ აიღებს ასაღებს, როგორც აკეთებს ბავშვობიდან. მოკლედ, მას რომ ახლდა, ის ბიჭი პორტში გადაყრია ყომარბაზებს და შეხვედრაზე შეთანხმებულან. ჯიბა მარტოა (იმ ბავშვს ხო არ წაიყვანს), თორე მე არ შემაწუხებდა. გაუგია, რომ კუნძულებზე ვარ და მომძებნა. მომიბოდიშა ბოლოს. უნდა გავყოლოდი. საღამოს შვიდზე დოკებში უნდა შევხვედროდით. ანეტა მაგიდასთან აღარ დამხვდა. ქაღალდის ნაგლეჯზე, რომელიც ლუდჩარჩენილი კათხის ქვეშ ამოედო, ეწერა: „შენ ღმერთები დაგცინებენ“... რას გულისხმობდა, არ ვიცი. იმ დღეს მთხარეს ფერდში დანა. მერე აღარ მიკითხავს...
საღებავაყრილ, ძირგახეულ გემთან შევხვდით ერთმანეთს. მე და ჯიბას ცოტა ადრე მისვლა და ცდა დაგვჭირდა. მალე ისინიც გამოჩნდნენ. ერთი მოხეული იყო, თივის ზვინივით, თამბაქოს ღეჭავდა ოთხკუთხედი ყბით, მეორე — თხელი და მაღალი, მარცხენა ხელს არ იღებდა მუქი პიჯაკის ჯიბიდან. ის შავი კატაც ჩვენ გარშემო დაიარებოდა. მათაც, თავიანთი კატის მსგავსი, ზანტი, მაგრამ მოზომილი მოძრაობები ჰქონდათ. ვხვდებოდი, რომ ჩემი ფრაზები მათი ყურადღების მიღმა რჩებოდა და პიჯაკის მარცხენა ჯიბეზე მქონდა გამახვილებული მზერა. მოხეული თავისი მეგობრისგან მარჯვნივ და ოდნავ უკან იდგა, კეფაზე გადაწეულ კეპს აწვალებდა. ჯიბა ზედმეტად დაძაბული იყო. თხელმა თვალები ცერად დახარა ძირს და ხელის ამოღება დააპირა. დავასწარი. ორივე ფეხი ცხრა ნომრის ტყვიებით დავუზიანე. ჯობდა, მოხეულისთვისაც გამენაწილებინა, — სწორედ მისგან მივიღე ნეკნებში. ჯიბას ჩემზე უფრო არ გაუმართლა, ფეხებში დაჭრილმა მოთამაშემ დავარდნისას მოასწრო ჯიბიდან გასროლა. ტყვია გულში მოხვდა ჯიბას.
სამ თვეზე მეტი ვიწექი ლაზარეთში. რომელიღაც სკოლის საავადმყოფოდ გადაკეთებულ სპორტულ დარბაზში. ხუთ მწკრივად ჩალაგებულ ხის ლოგინებზე სხვადასხვა სენით შეპყრობილი პაციენტები იწვნენ. ანეტა მივლიდა.
ერთ დილას ვერცხლისხაზიანი წითელი ლაქები დაცურავდნენ ლაზარეთში, ცალ-ცალკე, მიმობნეულად. შემდეგ მაჯის სისხო ნაკადად შეერთდნენ და ფანჯარაში გაფრინდნენ. ვენებგადაჭრილი გოგო პირგაკერილ ტომარაში ჰყავდათ უკვე მოთავსებული. მე მისი სახე ვერ დავინახე.
გამოჯანმრთელებულს არეულობა დამხვდა კუნძულებზე. მატერიკიდან გამოგზავნილი დიდი გემები მოსდგომოდნენ სანაპიროს — წესი და რიგი უნდა დავამყაროთ აქო. ცხოვრების სწორი გაგება უნდა გასწავლოთო, ისე, როგორც ადრე ცხოვრობდით, დრომოჭმულია და მცდარი, დაგვიჯერეთ და გაჩვენებთ არსებობის მართებულ გზებსო, მოუწოდებდნენ კუნძულის მობინადრეებს. უფრო კი აიძულებდნენ.
მე, პირველ რიგში, ორი ერთნაირსახელიანი მოთამაშე მოვიკითხე. რამდენიმე კვირის წინ გემზე ამსვლელებში დაუნახავთ პორტის მტვირთავებს. ერთი ყავარჯნებზე ყოფილა ამხედრებული. შავი თარსი კატაც თან ახლდათ.
სეტყვამ გადაიღო. თითქმის მოვედი. კოხტა რიტამ (ანეტას მეგობარი ქალია) მეთევზეებს უნდა შემახვედროს, რომლებიც კარგ ფასად, დიდი გემების გვერდის ავლით, აქედან გამიყვანენ, თორემ კუნძულებზე შემოსვლა და აქედან გასვლა წესისა და რიგის დამამყარებლებს აუკრძალავთ. აი, რიტას საცეკვაო დარბაზიც. მოხატული კედლით იცნობო, მფრინავი ბოთლები, ადამიანები, ვეშაპები, კაცი და კატა ფანჯარაში, არის დახატულიო. კარგი საღებავით დაუხატავთ, წვიმამ და სეტყვამ ვერ წაშალა, პირიქით, მოუხდა კიდეც. დაჩუტული ბროწეულის ქერქი ჯერ დაუმდნარ თეთრ ბურთულებზე დავაგდე და გუბეს გადავახტი.
საით მიმყავხარ, ღმერთო?!


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: რეზო თაბუკაშვილი   Wed May 02, 2012 9:38 am



წიგნის სათაური - "გემების ჩრდილქვეშ"
წიგნის ავტორი - რეზო თაბუკაშვილი
ISSN 2233-3010
ISBN 978-9941-19–648–5
სერია - "ახალი ქართული ლიტერატურა", წიგნი 13
გამომცემლობა - "პალიტრა L"
ტექნიკური უზრუნველყოფა – დათო მოსიაშვილი
გვერდების რაოდენობა - 312
გამოცემის წელი - 2012
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: რეზო თაბუკაშვილი   Today at 12:12 am

Back to top Go down
 
რეზო თაბუკაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: