არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ამირან გომართელი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ამირან გომართელი   Wed Jan 18, 2012 8:18 pm

ამირან გომართელი

"ბახტრიონი" და "ბაში-აჩუკი"

ერთი შეხედვით, პარადოქსია, თუმცა ფაქტია: XIX საუკუნის ქართველ მოღვაწეთაგან არავის გამოუხატავს საჯარო აღტაცება ვაჟა-ფშაველას ტალანტით ისე, როგორც აკაკის (დაწერილს ვგულისხმობ და არა კულუარულ ნათქვამს), და არც ვინმე გამოსულა ისეთი მწვავე კრიტიკით ვაჟას წინააღმდეგ, როგორც "ბაში-აჩუკის" ავტორი.

აკაკის საჯაროდ გამოთქმული კრიტიკაცა და ვაჟას ფენომენით აღტაცებაც გაცხადებულია მის ორ პუბლიკაციაში. ერთი მათგანი _ "ბიბლიოგრაფიული შენიშვნები" _ 1899 წლით თარიღდება; მეორე _ ვაჟა-ფშაველასადმი მიძღვნილი ლექსი _ 1913 წლით.

ეს ორი ფაქტი, როგორც აკაკის აღტაცება ვაჟას პოეტური ტალანტით, ისე მისდამი კრიტიკული დამოკიდებულება, აშკარაა და ზედაპირზე დევს. ოღონდ არავის მიუქცევია ყურადღება უფრო სიღრმისეული მოვლენისადმი, რაც გაცილებით ადრე, კერძოდ, 1895 წელს გამოქვეყნებულ `ბაში-აჩუკში~ შეიმჩნევა და რასაც, პირობითად, აკაკის მხატვრული პოლემიკა შეიძლება დავარქვათ.

`ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებსა~ და ლექსში აკაკი ერთიანი ქართული სალიტერატურო ენიდან გადახვევის გამო საყვედურობს `მაღალი მთის მგოსანს~. `ბახტრიონში~ კი (გამოქვეყნდა 1892 წელს), `ბაში-აჩუკის~ ავტორის აზრით, საქვეყნო საქმეში (კახეთის აჯანყებაში) საერთო ეროვნული ძალისხმევა, ნაციონალური ერთობა არ ჩანს. როგორც ენის საკითხში, ისე `ბახტრიონის~ მხატვრულ შინაარსთან დაკავშირებით, აკაკის პოზიცია ეროვნული ერთიანობა-მთლიანობის იდეით არის გაპირობებული. ოღონდ, ვიდრე უშუალოდ `ბახტრიონისა~ და `ბაში-აჩუკის~ ურთიერთმიმართებაზე გადავიდოდე, მკითხველს ვთხოვ, მოთმინებით აღიჭურვოს და ერთხელ კიდევ გავიხსენოთ აკაკისა და ვაჟას პოლემიკა ენის საკითხზე.

1899 წელს აკაკიმ გამოაქვეყნა რეცენზია კათალიკოს კირიონისა და გრიგოლ ყიფშიძის მიერ გამოცემულ `სიტყვიერების თეორიაზე~ სათაურით _ `ბიბლიოგრაფიული შენიშვნები,~ აკაკიმ საჯაროდ აღიარა ვაჟას ტალანტი და საყვედურიც აქვე გამოთქვა ძმები რაზიკაშვილების მიერ სალიტერატურო ქართულიდან გადახვევის გამო. აი, რას წერდა აკაკი: `ვაჟა-ფშაველას პოემა `გოგოთურ და აფშინა~ ერთი უკეთესთაგანია მთლად ჩვენს მწერლობაში. წვრილმანი ლექსები... საზოგადო სამარგალიტო შაირები არიან. პროზა ხომ კიდევ უკეთესი~.

ასეთი მაღალი შეფასების პარალელურად აკაკი წერეთელმა, როგორც ითქვა, ძმები რაზიკაშვილების ენობრივი პოზიციის მიმართ მკაფიო საყვედურიც გამოთქვა: `მაგრამ საწყენი ის არის, რომ განგებ ამახინჯებენ თვითვე მათ ნაწარმოებს ქართულის გადაჯორჯვ-გადმოჯორჯვნით და შიგადაშიგ ისეთ რამეებს ახორცმეტებენ, რომ შვენიერებას საუწმინდუროთ ჰდაღავენ!.. ვინც ზმნებს ჯეროვნად ვერ ჰხმარობს, ის უეჭველად ქართული ენის უმეცარია!.. და ზმნებს საზოგადოდ რაზიკაშვილებიც ვერ, ან უფრო მართალი იქნება ვთქვათ, განზრახ არ ხმარობენ სისწორით, ამახინჯებენ და ეს უკუღმართობა, სიტყვიერების სხივცისკროვნება ჰგონიათ!.. მაგალითად:

ვაჰმე, იღუპვის ქვეყანა
ფშავლები ჩაუხოცავის (ე.ი. დაუხოციათ).

წასულა სისხლის ღვარიო
ლეკეთში გაურეკავის (ე.ი. გაურეკიათ) .

ანუ ეს:

იქით _ გავხედნებ მთებია (ე.ი. გავიხედავ მთებია),
მაღლა ავხედნებ ცა არის (ე.ი. ავიხედავ).

და ანუ თედოსი:

მინდორო, მინდვრის დედაო!
ნიკორა შეიბრალოდეთ!
რომ მოკვდეს თქვენსა კალთაში
მიიღეთ, მიიბაროდეთ!.. და სხვანი.

...ქართულ ენაში ამგვარი რამეების შემოტანა, აქაო და ჩვენ კუთხეში ასე ხმარობენო, ნუთუ ენის გარყვნა არ იქნება? სხვებმაც რომ რაზიკაშვილებსავით ზმნები ამახინჯონ და სწერონ: ჯილარიან, გაშპა, ქვე ქნიან, მოაბოტებს და სხვანი _ ბაბილონის გოდოლის დაქცევის შედეგი იქნება!~

ზემომოხმობილი პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან თოთხმეტი წლის შემდეგ აკაკიმ დაბეჭდა ლექსი – `ვაჟა-ფშაველას,~ სადაც პოეტურ ფორმაში არსებითად იგივე განაცხადა, რასაც `ბიბლიოგრაფიულ შენიშვნებში~ ამბობდა: ვაჟას ტალანტს კვლავ მაღალ შეფასებას აძლევს, `მარგალიტების (წავიკითხოთ: შედევრების) მთესველად~ მიიჩნევს, თუმცა სალიტერატურო ქართულიდან გადახვევას ვერა და ვერ ურიგდება.

აკაკი აბსოლუტურად გულწრფელი და ყოველგვარი შემოქმედებითი მეტოქეობისგან თავისუფალია, როცა მისთვის ჩვეული პირდაპირობით მიმართავს ვაჟა-ფშაველას: `ენას გიწუნებ, ფშაველო!~ კაცი, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ერთიანი ქართული სალიტერატურო ენისთვის იბრძოდა, სხვაგვარად ვერ შეაფასებდა ქართულის ერთ-ერთი კილოკავის პრიმატს. როცა საქმე ენის სფეროში კუთხურობას ეხებოდა, აკაკი წერეთელი საკუთარ თავსაც არ ინდობდა და გულახდილად წერდა იმის შესახებ, რომ ახალგაზრდობაში მისთვისაც მიუთითებიათ ენის კუთხურობის თაობაზე.

აკაკის თაობამ (`თერგდალეულები~) ბრძოლა ქვეყნის სულიერი და ინტელექტუალური განახლებისთვის სწორედ სალიტერატურო ენის საკითხით დაიწყო. ილია ჭავჭავაძე, როგორც ახალი თაობის მეთაური, ფართო საზოგადოებამ იმ წერილით გაიცნო, რომელიც სალიტერატურო ქართულის პრობლემას შეეხებოდა (`ორიოდე სიტყვა...~ 1861 წ.). აკაკიც მაშინვე ჩაერთო ბრძოლაში და ილიას გვერდით დადგა.

მაშინ, როცა ბრძოლა ერთიანი სალიტერატურო ქართულისთვის უკვე მოგებული იყო, გასაოცარი რამ მოხდა _ მოვიდა გენიალური ფშაველი ჭაბუკი და ყველაფერი ის, რისთვისაც ილია, აკაკი და მათი მოდასენი იბრძოდნენ, თავდაყირა დააყენა.

რა სალიტერატურო ქართული?! რის ერთიანი ენა?! რა საამისოდ გადახდილი ბრძოლა და დავიდარაბა?! მიდგა და ფშაურ კილოზე გენიალური ლექსები და პოემები დაიმღერა. აკაკი რისი აკაკი იქნებოდა, ეს ვერ ეგრძნო და დაენახა.ამიტომაც უთხრა ვაჟა-ფშაველას, მარგალიტებს გვითესავო, ფშავის კუთხესაც საგანგებოდ მოეფერა, მაგრამ ამან ვერავინ დაამშვიდა.

`მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართულის გვარისა,~ _ იყო ვაჟა-ფშაველას პასუხი. არადა, სწორედ კილოკავის გამო შეჰკადრა საყვედური აკაკიმ, თორემ ვაჟას ღვთითკურთხეულ ნიჭში ეჭვი არასოდეს შეჰპარვია. ისევე, როგორც თავად ვაჟა-ფშაველამ, მიუხედავად აკაკის მიერ მისი პოეტური კილოს დაწუნებისა, კარგად იცოდა `განთიადის~ შემოქმედის ფასი. ეს საჯაროდაც დაადასტურა ლექსით _ `აკაკის საიუბილეოდ~ (1908 წ.). აკაკის გარდაცვალების მერეც ვაჟამ კიდევ ორი ლექსი უძღვნა უფროს თანამოკალმეს: `უკანასკნელი სალამი~ (აკაკის ნეშტს _ 1915 წ.) და `მოწოდება~ (ვუძღვნი აკაკის ხსოვნას, 1915 წ.). აქ, ალბათ, იმის გახსენებაც უპრიანია, რომ ჯერ კიდევ 1890 წელს აკაკიმ საჯაროდ დაიცვა კრიტიკისგან ვაჟას მოთხრობა `ჩვენი მამალი~ და ისიც ვისგან? უახლოესი მეგობრისა და გამოჩენილი ლიტერატორის ნიკო ნიკოლაძისგან.

ერთი სიტყვით, ძალზე რთულია აკაკის და ვაჟას ურთიერთდამოკიდებულება; მტკივნეულად რთული და წინააღმდეგობრივი ორივე მხარისთვის. ერთი მხრივ, ერთმანეთის ნიჭისა და მნიშვნელობის აღიარება და აქედან გამომდინარე პატივისცემა (მე ვიტყოდი, ადამიანური სიყვარულიც კი), მეორე მხრივ, შეურიგებელი დაპირისპირება ენის საკითხში (ასევე მსოფლმხედველობრივი მრწამსის გამოც, მაგრამ ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ). ეს ის შემთხვევაა, როცა ორივე მხარეს აქვს თავისი სიმართლე. აკაკი ვერაფრით შეეგუებოდა ილიასთან ერთად წლობით ნაშენები იმ საქვეყნო ციხესიმაგრის დანგრევას, რასაც ერთიანი ქართული სალიტერატურო ენა ჰქვია, და, მეორე მხრივ, ვერც ვაჟა შეელეოდა საკუთარი პოეზიის ენას, მისთვის ასე ბუნებრივსა და სისხლხორცეულს. სხვაგვარადმეტყველი ვაჟა-ფშაველა ვაჟა-ფშაველა ვერ იქნებოდა. არადა, აკაკის ორი საჯარო საყვედური პასუხს ითხოვდა. იმის თაობაზე თუ რა პასუხი გაეცა აკაკისთვის, ჩანს, ვაჟას საკმაოდ უფიქრია (უნდა ვივარაუდოთ, ჯერ კიდევ 1899 წლიდან). ბოლოს ღრმა პატრიოტიზმით გაჯერებული შედევრი გამოაქვეყნა _ `დაგვიანებული პასუხი აკაკის~ (1913 წ.). ვაჟას ტალანტის გენიალობამ აქაც განუზომლად დიდი როლი ითამაშა. ეს `დაგვიანებული პასუხი~ იმდენად მშვენიერია, რომ კამათის არსსა და საგანს აგაცდენს და დაგავიწყებს _ მომნუსხავი პოეტური ძალა აქვს. არადა, პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება: ხომ არ ემუქრება საფრთხე ერთიან სალიტერატურო ენას? როგორ გინდა, სალიტერატურო ქართულად მიიჩნიო: `ჩაფიქრებულა მინდია, ყალივან აჩრავ პირშია,~ მაგრამ ისიც შეუძლებელია, ამ ყოვლად გაუმართავი ფრაზის პოეტურობა არ იგრძნო. ამიტომაც თქვა მიხეილ ჯავახიშვილმა ამ ორ ტაეპზე: `საუკუნეებს გაუძლებს, მაგრამ სალიტერატურო ენაში ვერ შემოვა~ (მ. ჯავახიშვილი, 1964, ტ. VI, გვ. 336).

`ყოოდნენ~ რომ არ უნდა თქვა და დაწერო, ეს სადავო არც აკაკისა და ვაჟას დროს იყო. მაგრამ რა გინდა ქნა?! მაინც საოცრად პოეტურია ამ ყოვლადგაუმართლებელი `ყოოდნენ~-ით გაჯერებული, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ფრაზა: `გაზაფხულ იყო მაშინა, ახლად ყოოდნენ იანი~.

ვაჟას შემთხვევაში სალიტერატურო ენიდან გადახვევის იმდენად არაორდინარულ მოვლენასთან გვაქვს საქმე, რომ, მიუხედავად ჩვენი ენათმეცნიერების არაერთგზისი მცდელობისა, ვერანაირი გამართლება ვერ ეძებნება სალიტერატურო ქართულიდან ვაჟას ამგვარ გადახვევას. სხვა არგუმენტი რომ ვერ მონახა, კონსტანტინე გამსახურდიამ ლათინური ანდაზა მოიშველია: `რაც იუპიტერს მიეტევება, ის ხარს არ ეპატიება~. აქაოდა, ვაჟა სხვა ფენომენია, ღმერთი არ გაგიწყრეთ და საშუალო ნიჭის ხალხმა არ მიბაძოთო. აკაკიც სწორედ ამან შეაფიქრიანა _ ვაითუ, ვაჟას მაგალითით წახალისებულებმა, სხვებმაც კუთხურობისკენ გაიწიონო; [1] შეშფოთდა, ამაოდ არ ჩაევლო `თერგდალეულთა~ მთელი თაობის ძალისხმევას; ქვეყნის ერთიანობის დუღაბი _ სალიტერატურო ენა – არ დაშლილიყო და დანაწევრებულიყო. ღვთის მადლით, ასე არ მოხდა. ვაჟას პოეზიის ენა ობოლი მარგალიტივითაა და სალიტერატურო ქართული აკაკის `ბაში-აჩუკის~ გზით წავიდა. აქ არ არის ვრცლად იმის მტკიცების დრო და საშუალება, რატომ მიმაჩნია `ბაში-აჩუკი~ შემდგომი პერიოდის ქართული სალიტერატურო ენის ლიბოდ და ნიმუშად. წიგნიერი მკითხველი ამას ზედმეტი ახსნა-განმარტების გარეშეც გრძნობს. ერთს კი დავძენ: მიზეზი ამისა, ეგების, იმ კუთხის მეტყველება იყოს, სადაც აკაკი დაიბადა და გაიზარდა. `ზემო-იმერულ კილოს ქართლ-კახურთან უფრო მეტი ნათესაობა აქვს, ვიდრე ქვემო-იმერულთან (გამოთქმას ნუ ვიანგარიშებთ)~. ეს სიტყვები უზადო მოქართულეს და ბელეტრისტს მიხეილ ჯავახიშვილს ეკუთვნის და იმაზე მიგვანიშნებს, რომ ზემო იმერულს, სალიტერატურო ქართულის თვალსაზრისით, შუალედური პოზიცია უკავია ამერ-იმერის კილოთა შორის ( მ. ჯავახიშვილი, 1964, ტ. VI, გვ.326).

ახლა ისევ პირველსავე სიტყვასა მოვიდეთ. როგორც ზემოთ აღინიშნა, ერთიანი სალიტერატურო ენის ინტერესებით გამოწვეულ ღია პოლემიკას წინ უსწრებდა აკაკის რეაქცია იმის გამო, რომ `ბახტრიონში~ საქვეყნო ბრძოლის ჟამს ნაციონალური ერთიანობა არ იყო გამოხატული. აკაკიმ აქაც კუთხურობის საფრთხე დაინახა. ამგვარი დამოკიდებულება ღიად არ თქმულა. ის მხატვრული შინაარსის მეშვეობით აისახა `ბაში-აჩუკში~. აკაკის მოთხრობაში `ბახტრიონისგან~ რადიკალურად განსხვავებული პოზიციაა. ამიტომ მიმაჩნია `ბაში-აჩუკი~ აკაკის ფარული მხატვრული პოლემიკის გამოხატულებად, რომლის ადრესატი ვაჟას პოემაა.

`ბახტრიონიც~ და `ბაში-აჩუკიც~ ერთსა და იმავე ისტორიულ მოვლენას ეხება _ 1659 წლის კახეთის აჯანყებას, როცა ქართველებმა ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მეთაურობით კახეთი იხსნეს გათათრებისგან. ვაჟასთან არც ახმეტის ბატონი ბიძინა ჩოლოყაშვილი ჩანს, არც ქართლელი თავადიშვილნი – შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. მთელი კახეთიც `ჩიქილამოხდილ ქალად~ ქცეულა და მთიელთა დახმარებას ითხოვს მაცნედ გამოგზავნილი მთიელი კაცის, კვირია მათურელის მეშვეობით; ბახტრიონის ციხე, ვაჟას ულამაზესი პოემის მიხედვით, რასაც მხარს ფოლკლორული ტრადიცია უჭერს, თუშ-ფშავ-ხევსურთა გაერთიანებულმა ლაშქარმა აიღო; აქ არიან მთიელთა ლაშქრის წინამძღოლები: ზეზვა გაფრინდაული, გივი სუმელჯი, ხოშარაული, ბერი ლუხუმი... ვაჟას ამოცანა სავსებით გასაგებია. პირველი: მან ჰეროიკული პოემა უნდა შექმნას, დაპყრობილსა და დამონებულ ერს მხნეობა შემატოს (ჰეროიზმით `ბაში-აჩუკიც~ აშკარად არის გამსჭვალული ისევე, როგორც აკაკის სხვა ისტორიული თხზულებანი), და მეორე: ბარსმოწყვეტილი მთა, იქ დაბუდებული გმირული სული და ღრმა პატრიოტიზმი გააცნოს მკითხველს. მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ვაჟა-ფშაველამდე და ალექსანდრე ყაზბეგამდე საქართველო, ფაქტობრივად, არ იცნობს საკუთარ მთიანეთს.

ვაჟას `ბახტრიონმა~ აკაკის უკმარისობის გრძნობა დაუტოვა, რადგან პოემამ მთელი საქართველო _ მთა და ბარი, ამერი და იმერი ვერ მოიცვა. ბახტრიონის ციხის აღება მხოლოდ ერთი ეპიზოდია საქვეყნო, საერთო ნაციონალური ბრძოლისა, ამიტომ `ბაში-აჩუკის~ ავტორი განსხვავებულ ამოცანას ისახავს მიზნად: მან კახეთის აჯანყება ვრცელი და მრავალწახნაგა სათქმელისთვის უნდა გამოიყენოს; ქვეყანაში იმჟამად არსებული ვითარება და პოლიტიკური სიტუაცია გაგვაცნოს; ქვეყნის ბედ-იღბალი არა მარტო რეტროსპექტულ, არამედ მომავლის გეოპოლიტიკურ ჭრილში წარმოაჩინოს; რეალური ისტორიული პირების _ ბიძინა ჩოლოყაშვილის, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მოწამებრივ თავდადებას თუ ზაალ არაგვის ერისთავის პატრიოტულ ღვაწლს გვაზიაროს; რაც მთავარია, კახეთის აჯანყების მხატვრულმა პანომ (ერთიანი სალიტერატურო ენისა არ იყოს) ერთიანი ეროვნული ცნობიერების გაღვივებას უნდა შეუწყოს ხელი; ამ მიზნით, კახელების გმირულ სულისკვეთებასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი ბრძოლისადმი სხვა კუთხეების დამოკიდებულებაც ასახოს.

`ბახტრიონში~ ფაქტობრივად არ ჩანს კახეთი. კვირიას გულისტკივილით ნათქვამი: `მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა,~ _ ეჭვქვეშ აყენებს კახელების გმირობასა და თავდადებას. ვაჟას პოემაში არც ქართლი ჩანს _ კახეთის აჯანყების გმირებისა და თავდადებულების _ შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავების მშობლიური კუთხე.

აკაკი ყიზილბაშობას საერთო ქართულ სატკივრად წარმოსახავს; `ბაში-აჩუკის~ მიხედვით, იმერეთიც ხარკს იხდის ულამაზესი ასულების სახით. რაც შეეხება გამარჯვების სიხარულს, აკაკის სურვილია, კახეთის აჯანყება ქართველმა კაცმა საერთო ქართულ, ამერ-იმერის გამარჯვებად აღიქვას, ამიტომ გადმოიყვანს იმერეთიდან გლახუკი ბაქრაძეს და კახეთის ბრძოლის გმირად აქცევს (ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ფაქტის რეალურობას. მთავარი ნაწარმოების კონცეფცია და მიზანდასახულობაა); ეროვნებადაბრუნებულ კახელ აბდუშაჰილს ქართველთა გამარჯვების შემდეგ იმერეთში გადაიყვანს და აბდუშელიშვილების იმერული მოდგმის წინაპრად გამოაცხადებს. იმერეთში ჩასიძებულ კახელ კაცს და მის ცოლისძმას `მართალია, – როგორც აკაკი ამბობს, – დევი ყურით არ დაუჭერიათ... მაგრამ ბევრჯერ კი კარგი სამსახური გაუწიეს იმერეთს თურქებთან ბრძოლის დროს~.

`ბაში-აჩუკის~ ავტორს მთიელთა ღვაწლიც არ ავიწყდება. აკი საგანგებოდ აღნიშნავს კიდეც: კახეთისკენ საომრად მიმავალ შალვა და ელიზბარ ერისთავებს `გზაში არაგველები დაუხვდნენ, სულ დარჩეული ვაჟკაცები~.

რაც შეეხება ქართლს, მისთვის კახეთის გამარჯვების იმედისმომცემ მაგალითს ქსნის ერისთავების გმირობასა და თავდადებაზე არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა (ისევე, როგორც მთელი ამერ-იმერისთვის). ესეც საგანგებოდ არის აღნიშნული `ბაში-აჩუკში~: `კახეთის სიხარული ქართლელებსაც გადაედოთ და მათ თანაგრძნობას მათი მეფე ვახტანგიც გულში დასტურს აძლევდა~.

ასე ამთლიანებს აკაკი წერეთელი ამერ-იმერს ისტორიულ მოთხრობაში, რომელიც XVII საუკუნის შუა წლებს ასახავს; იმ ამერ-იმერს, რომელიც, არ გაგვიკვირდეს და, XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისშიც კი, ხანგრძლივი ფეოდალური დაქუცმაცებულობის გამო, კარგად არ იცნობდა ერთმანეთს. კუთხური კარჩაკეტილობა ჯერ კიდევ გადასალახი იყო. ამ დროისთვის ქორწინებაც კი იშვიათია ამერ-იმერთა შორის. სხვაგვარად რატომ შეიტანდა XX საუკუნის ათიან წლებში იაკობ გოგებაშვილი თავის დედაენაში ყმაწვილი გიორგი მერკვილაძის პორტრეტს და მიაწერდა: `იმერ-კახელი ბავშვი~ (გიორგის დედა კახელი ჰყავდა, მამა _ იმერელი). ამ ფოტოს შემხედვარეს გაგეღიმება კიდეც, როცა წიგნის ავტორის კეთილშობილურ განზრახვას ამოიცნობ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის გამთლიანების სურვილით არის ნაკარნახევი _ ნახეთ, რა მშვენიერია კახელისა და იმერლის შეუღლების ნაყოფიო. ამგვარ ვითარებაში იქმნებოდა აკაკის `ბაში-აჩუკი~. ამიტომ წამოწია აკაკი წერეთელმა `ბაში-აჩუკში~ წინა პლანზე საერთო ეროვნული ბრძოლის იდეა.

აკაკი ვაჟაზე მთელი თაობით (21 წლით) უფროსი იყო. ეგებ ამიტომ ზოგჯერ ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ `ბახტრიონი~ `ბაში-აჩუკზე~ ადრე დაიწერა.

როგორც ჩანს, აკაკი არ დააკმაყოფილა ვაჟას პოემის ოდენ პოეტურმა მშვენიერებამ, `ბახტრიონის~ შინაარსმა უკმარისობის გრძნობა დაუტოვა. მეტიც, საწინააღმდეგო აზრი დაბადა და აკაკიმ `ბაში-აჩუკით~ უპასუხა. ეს ვრცელი ისტორიული მოთხრობა ერთგვარი ფარული პოლემიკაა ვაჟასთან, სადაც სრულიად სხვა ასპექტშია გააზრებული `ბახტრიონის~ თემა.

`თორნიკე ერისთავის~ ავტორმა საკუთარი სათქმელის უკეთ გამოხატვის მიზნით უარი თქვა პოემის ჟანრზე და მეტი თავისუფლებისთვის ბელეტრისტიკას მიმართა. პროზის ჟანრს `ბაში-აჩუკში~ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ვრცელი და პანორამული სურათის დახატვისა და ეროვნული პრობლემატიკის მრავალი ასპექტით წარმოჩენის საშუალებას იძლევა. მთელ ჩვენს სიტყვაკაზმულ ლიტერატურაში იშვიათია ისეთი სიბრძნითა და ხატოვანებით გაჯერებული პატრიოტული სიტყვა, როგორიც არის ბიძინა ჩოლოყაშვილის მონოლოგი, წარმოთქმული ქვეგამხედავ ბიძასთან _ ჯანდიერთან კამათში, ან ელიზბარ ერისთავის გამოსვლა დარბაზის ერის წინაშე. ლექსად ამ მონოლოგების წარმოთქმა შეუძლებელია _ სხვა რომ არაფერი, ბუნებრიობა დაიკარგებოდა. ყოველივე ამას უდავოდ ითვალისწინებდა აკაკი წერეთელი, როცა ვაჟას `ბახტრიონის~ გამოქვეყნებიდან სამი წლის შემდეგ საერთო ნაციონალური ბრძოლისა და გამარჯვების ამსახველი ისტორიული მოთხრობა შექმნა.

თუმც `ბაში-აჩუკის~ ავტორმა არც ეს იკმარა და ორიოდე წლის მერე ამერ-იმერთა ნაციონალური ერთობა რეალური ისტორიული ფაქტის _ ცოტნე დადიანის საარაკო გმირობისა და ვაჟკაცობის ფონზე წარმოსახა (`ნათელა,~ 1900 წელი).

აკაკის პოემის მიხედვით, ცოტნე დადიანსა და მის მეუღლეს, ნათელას, საქორწინო ლხინის ჟამსაც კი არ ასვენებთ საქვეყნო სატკივარზე ფიქრი. რა უფლება აქვთ იმიერ ქართველთ ლხინისა, როცა იციან, რომ

`ლიხს იქით მოძმე ქართველი,
ყმად გაუხდიათ მონღოლებს~.

ეს შეგნება მსჭვალავს არა მარტო ნეფე-პატარძალს, არამედ ქორწილში შეკრებილ ათასობით იმიერ ქართველს, რომელთაც ცოტნეს მამულიშვილურ მიმართვაზე _

`ერთხმად დასძახეს: `იცოცხლე,
მრავალჟამიერ!.. ჟამიერ!..
ჭირიც და ლხინიც საერთო
კავშირი ამერ-იმიერ!!.~

აკაკი წერეთლის `ნათელა,~ ისევე როგორც `ბაში-აჩუკი,~ ამერ-იმერის ერთობის ღრმა სულისკვეთებით არის გამსჭვალული.

საერთოდ, ამ იდეით მთლიანად გაჯერებულია აკაკის პოეზია. `ჩონგურის~ ავტორი გამუდმებით შთაგვაგონებს: `ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო... ერთობა ჩვენთვის ტახტია, მტრებისთვის სახრჩობელაო!..~ ზუსტად აცნობიერებს _ `სიმების სისუსტემ სინათლე დაგვიბნელაო!..~ ამიტომ წუხს გამუდმებით ლიხთ-იმერეთის და ლიხთ-ამერეთის ექვსსაუკუნოვან გათიშულობაზე. ლამის საკუთარ თავზე იღებს ისტორიულ ცოდვას, მამით თურქი დავით ნარინის დროს ლიხთ-იმერეთი რომ გამოეყო ბაგრატოვანთა გაერთიანებულ ქართულ მონარქიას. ამის შესახებ დიდებულად ამბობს შალვა ამირეჯიბი ულამაზეს ესეში `თავადი აკაკი წერეთელი:~ `აკაკი იყო ქართველი კაცის ექვსასი წლის სული, რომელიც ქართველი ერის განცალკევებაზედ სწუხდა და გმინავდა საუკუნეთა მანძილზე... სამოციან წლებში იმერეთიდგან მარტო აკაკი არ მოსულა, იყვნენ სხვებიც, რომელთა სახელები უკვე შევიდა ქართველი ერის ისტორიაში. მაგრამ აკაკი იყო ყველაზე ბრწყინვალე მათში... ყველაზე დიდი კაცი, რომელიც ექვსასი წლის მანძილზე იმერეთმა [2] საქართველოს მისცა~ (შალვა ამირეჯიბი, წიგნი მეორე, გამომც: `ლიტერატურის მატიანე~, 1998, გვ.61-62).

`ბახტრიონის~ შემთხვევაში აკაკი წერეთელი თანამოკალმის თხზულებას, მის მხატვრულ კონცეფციას თუ თემას მოიაზრებს, როგორც თეზას, და ქმნის მის ანტითეზას, ერთგვარ მხატვრულ პოლემიკას უმართავს კოლეგას. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა წინამორბედი მხატვრული ნაწარმოების, მისი რაიმე მოტივის, გნებავთ, ფრაზის ან მხატვრული სახის ლიტერატურული ვარიაცია იქმნება. ამგვარი ვარიაციები, შექმნილი აკაკის ცალკეული ფრაზის თუ პოეტური სახის მეშვეობით, საკმაოდ აქვს გალაკტიონ ტაბიძეს _ იმ კაცს, რომელსაც აკაკი მწერლობაში მამად მიაჩნდა. ამგვარი ვარიაციის მაგალითად ასევე გამოდგება ვაჟას ლექსი `სიმღერა~ (1910 წელი), სადაც მკაფიოდ ისმის აკაკის `განთიადის~ გამოძახილი. მოვუსმინოთ ვაჟას:

`ჩემის კაცობის გვირგვინო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
შენგან შობილი ოცნება
გულს შანთად გავიყარეო.
არ მომეფარო თვალთაგან,
დამიცევ, დამიფარეო.

............

მოვკვდე? კაცთ ხელი მერიდოს,
ოცნებავ, დაგიბარეო:
შენ მნახე, შენა, მარტო შენ,
გულს მიწა მომაყარეო"

(`სიმღერა~ _ 1910 წ.)

არ მინდა, ვაჟას ეს ლექსი ვინმემ აკაკის ეპიგონობად აღიქვას. საეპიგონო არაფერი სჭირდა ვაჟა-ფშაველას. ეს `სიმღერა~ უფრო საერთო სულისკვეთების დადასტურებაა; იმ საერთო სულისკვეთებისა, რომელიც 1908 წელს საიუბილეოდ დაწერილ ლექსში, გნებავთ, პოლემიკურ `დაგვიანებულ პასუხში,~ გაუმჟღავნა ვაჟა-ფშაველამ აკაკის. აქ დავით წერედიანი უნდა დავიმოწმო, რადგან სავსებით ვიზიარებ მის მოსაზრებას: `სადავო არ უნდა იყოს, რომ ვაჟა-ფშაველას უზარმაზარი ფიგურა აკაკისაგან ლამის კანონად ქცეული ეროვნული თავისთავადობის ფარვატერში თავსდება. ვაჟა-ფშაველა ფორმალურად (ხაზს ვუსვამ: მხოლოდ ფორმალურად-დ.წ.) აკაკის სკოლის პოეტებში დიდი სიძნელის გარეშე თავსდება. ვაჟას პოეტიკაში არაფერი, ან თითქმის არაფერია ისეთი, აკაკისათვისაც მისაღები და ორგანული არ იყოს. მკვეთრად გამოხატული ეროვნულობაც, ხალხურ ლექსთან დამოკიდებულებაცა და ხაზგასმული დემოკრატიზმიც, ორივესათვის საერთოა~ (დ. წერედიანი, `ცოტა რამ აკაკის ლირიკაზე~, აკაკის კრებული, თსუ აკაკის კაბინეტის გამოცემა, 1999, გვ. 157).


"სამეფო სიყვარულისა" და "სულიკო"

ახლა კიდევ ერთ, უცნაურ, ფარულ მხატვრულ პოლემიკას უნდა შევეხო. საქმე ეხება საყოველთაოდ ცნობილ `სულიკოს~ და მის მიმართებას ვაჟას ლექსთან `სამეფო სიყვარულისა~. უცნაურს იმიტომ, რომ,მართალია, `სამეფო სიყვარულისა~ 1894 წელს დაიწერა, მაგრამ არც აკაკის და არც ვაჟას სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა. მაშინ როგორღა შეიძლება მსჯელობა ამ ლექსთან აკაკის `სულიკოს~ (გამოქვეყნდა 1895 წელს) მიმართებაზე? ვიდრე ამ კითხვას პასუხს გავცემდე, ორ საკითხს უნდა შევეხო: პირველი _ ვაჟას ლექსის გამოქვეყნების `თავგადასავალს~ და მეორე _ აკაკის რელიგიურ მრწამსს.

ვაჟა-ფშაველას თხზულებათა აკადემიურ გამოცემებში აღნიშნულია, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტის ვაჟას ფონდში დაცულია ერთად შეკინძული პატარა კრებული, რომელშიც მოთავსებულია ავტოგრაფი სამი ლექსისა: `სამეფო სიყვარულისა,~ `ათასჯერ მოხველ, იავო,~ `შავი ღრუბელი~ და ლერმონტოვის `დემონის~ თარგმანი. როგორც გამომცემელნი გვამცნობენ, `სამეფო სიყვარულისას~ ბოლოს, ფრჩხილებში, ავტორის ხელით მიწერილია: `გაგზავნილია `მოამბის~ V #-სათვის, 1894 წ.), ანალოგიური მინაწერი აქვს მეორე ლექსსაც (`ათასჯერ მოხველ, იავო~)... რატომღაც `სამეფო სიყვარულისა~ ავტორის სიცოცხლეში არ გამოქვეყნებულა, `ათასჯერ მოხველ, იავო~ კი დაიბეჭდა გაზეთ `ივერიაში~ მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ _ 1899 წელს. რაც შეეხება მესამე ლექსს _ `შავი ღრუბელი~, ის კი დაიბეჭდა `კვალში~ 1894 წელსვე~ (იხ. ვაჟა-ფშაველა, თხზულებათა ხუთტომეული, ტომი 1, 1961, გვ. 448).

ტექსტოლოგიური შენიშვნიდან უდავოა ერთი რამ: ვაჟას სამივე ლექსი 1894 წელს არის დაწერილი. ოღონდ პასუხია გასაცემი კითხვაზე: სად შეიძლებოდა გაცნობოდა აკაკი წერეთელი ლექსს `სამეფო სიყვარულისა?~ გამორიცხული არ არის, აკაკის ეს ლექსი წაეკითხა `მოამბის~ რედაქციაში 1894 წელს, სადაც, ვაჟას მინაწერის თანახმად, გაგზავნილი იყო გამოსაქვეყნებლად, მაგრამ ეს ნაკლებ სარწმუნოა. უფრო სავარაუდოა, რომ აკაკი წერეთელი ვაჟას ლექსს `სამეფო სიყვარულისა~ გაცნობოდა `კვალის~ რედაქციაში. ეს მას, როგორც რედაქციის თანამშრომელს, სამსახურებრივად ევალებოდა.

1894 წელს დაწერილი ვაჟას სამი ლექსიდან ერთი, `შავი ღრუბელი,~ როგორც ითქვა, დაიბეჭდა `კვალში~ იმავე წელს. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ სხვა ორი ლექსიც, `სამეფო სიყვარულისა~ და `ათასჯერ მოხველ, იავო,~ ავტორმა ასევე `კვალის~ რედაქციას გაუგზავნა და ის მასალაა, რომელიც შესაფასებლად გადასცეს აკაკი წერეთელს და მან დაიწუნა.

1894 წლის 2 აპრილს ვაჟა-ფშაველა უგზავნის საყვედურის წერილს `კვალის~ რედაქტორს ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას. ვაჟას საყვედური იმან გამოიწვია, რომ `კვალის~ რედაქტორმა არ დაბეჭდა ვაჟას რომელიღაც ნაწარმოები თუ ნაწარმოებები (წერილში ნათქვამია _ `მასალა~) იმ მიზეზით, რომ რედაქციის წევრმა აკაკი წერეთელმა დაიწუნა. ვაჟა საკუთარ ღირსებაში ღრმა დარწმუნებით მიმართავს `კვალის~ რედაქტორს: `მე თვითონ დიდ პატივს ვცემ აკაკის ნიჭსა და მოღვაწეობას, მაგრამ ისე კი არა... რომ საკუთარის თავის პატივისცემაზედ ხელი ავიღო ან საკუთარ მსჯელობაზედ, საკუთარ შეხედულებაზე ამა თუ იმ საგანზე!~

როგორც ჩანს, ერთად აკინძული სამი ლექსიდან პირველ ორს ვაჟას ხელით იმიტომ აწერია გაიგზავნა `მოამბის~ რედაქციაშიო, რომ `კვალის~ უარის მერე ისინი სხვა რედაქციისთვის გაუგზავნია, ხოლო მესამე ლექსს (უკვე გამოქვეყნებულს `კვალში~), ბუნებრივია, აღარსად გააგზავნიდა და მინაწერიც ამიტომ არა აქვს.

როგორც ითქვა, ჩვენთვის საინტერესო `სამეფო სიყვარულისა~ ავტორის სიცოცხლეში არსად დაბეჭდილა, მაგრამ ეს აკაკის მიერ დაწუნებული სწორედ ის ლექსი (ან ორიდან ერთ-ერთი) უნდა იყოს, რომლის თაობაზეც აცნობა `კვალის~ რედაქტორმა ვაჟას და პოეტის საყვედურიც დაიმსახურა. ამიტომ ვვარაუდობ _ აკაკის, როგორც `კვალის~ რედაქციის თანამშრომელს, წაკითხული აქვს `სამეფო სიყვარულისა~.* ამ განცხადების საფუძველს დოკუმენტურ მონაცემებზე არანაკლებ ვაჟას ლექსისა და აკაკის `სულიკოს~ გაანალიზება, მათ აზრობრივ შინაარსზე დაკვირვება მოგვცემს. მაგრამ მანამდე უპრიანია, დაპირებისამებრ, ორიოდე სიტყვით აკაკის მსოფლმხედველობას, მის რელიგიურ მრწამსს შევეხოთ.

ერის სულიერი წინამძღოლობა აკაკი წერეთლისგან, ილიას მსგავსად, მკაცრ რეალიზმსა და პრაგმატიზმს მოითხოვდა. აკაკიც ლექსით ეხმიანებოდა ლამის ყველა საქვეყნო პრობლემას (ყოველდღიური მუშა ვარო, ამბობდა). ბევრი მიიჩნევს, რომ ამან გარკვეულწილად დააზარალა მისი პოეზია, თუმცა აკაკის პოეტურ პრაგმატიზმს შესანიშნავი გამართლება მოუძებნა შალვა ამირეჯიბმა: `აკაკის პოეზია დამონებული ერის გარითმული პოლიტიკაა~-ო.

მიუხედავად ზემოთქმულისა, აკაკი წერეთელი საკმაოდ ღრმა რელიგიური განცდის პოეტია. მისი რელიგიური ცნობიერება მაშინაც კი არ იბინდება, როცა ილიას `პოეტს~ ხუმრობანარევი ტონით ეპაექრება. აქაც მკაფიოდ აცხადებს: პოეტი `შუაკაცია,~ ანუ მედიუმია, რათა საღმრთო სიტყვა მსმენელამდე მიიტანოს; როგორც რუსთველი იტყოდა: `საღმრთო _ საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი~ გახადოს.

აკაკი ღრმად არის გამსჭვალული სამყაროს ღვთაებრიობის განცდით. გრძნობს და ჩვენც გვაგრძნობინებს _ `რომ არის ზეცა აღვსილი რაღაც ძალით საგზნობით~. ამგვარი `გზნება~ უნეტარესი განცდაა; ამგვარი `გზნება~ გონებაზეც აღმატებულია. ამიტომ დაიჩივლა ხმამაღლა _ `მაგრამ გონი მიბამს ენასო~.

აკაკის რელიგიური მსოფლგანცდის წარმოჩენისას არაფერს ვიტყვი ისეთ ქმნილებებზე, რომელთა რელიგიური თემატიკა აშკარაა. ასეთია, მაგალითად, პოემები: `ანდრია პირველწოდებული~ და `წმინდა ნინო, ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში~. ჩვენი მსჯელობისთვის უფრო მნიშვნელოვანია ლექსი `ქებათა-ქება~. ამ ბიბლიური სათაურის ქვეშ არა მარტო ღრმა რელიგიური შინაარსია დაუნჯებული, არამედ, რაც მთავარია, მკაფიოდ ასახავს აკაკის მრწამსსა თუ მსოფლგანცდას.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Wed Jan 18, 2012 8:32 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ამირან გომართელი   Wed Jan 18, 2012 8:27 pm

ამირან გომართელი

"ბახტრიონი" და "ბაში-აჩუკი"

(დასასრული)

ამჯერადაც შეიძლება პარალელის გავლება ვაჟასთან. ლექსები ანალოგიური სათაურით _ `ქებათა-ქება~ საკმაოდ აქვს ვაჟა-ფშაველას (ჩემი ანგარიშით _ თექვსმეტი) _ ოღონდ არც ერთ მათგანს არაფერი აქვს საერთო ბიბლიურ `ქებათა-ქებასთან~. ამგვარი დასათაურების ყველა, თექვსმეტივე, ლექსში გამჟღავნებულია პოეტის კრიტიკული დამოკიდებულება ყოფითი სინამდვილის მიმართ.

ვაჟას ლექსების ციკლში `ქებათა-ქება~ აღწერილია უკუღმართი მდგომარეობა ქვეყნისა, სადაც `მამა-პაპათა ანდერძი მიკიტნებს მისცეს ვალშია;~ სადაც ყველა თანამოძმის დაჩაგვრა-მოტყუებაზე ფიქრობს; სადაც `არაფრის დარდი არა გვაქვს, ოღონდ ვსვათ, ვსჭამოთ, ვიძინოთ;~ სადაც `იუდას საკმელს უკმევენ, ჯვარზე აცმევენ ქრისტესა;~ სადაც ხალხი ბრბოდ ქცეულა, რომლის `სიყვარულს მოიხვეჭ, მხოლოდ ძალით და შიშითა...~

აშკრაა, რომ ვაჟა ბიბლიიდან მომდინარე სათაურს პაროდირებისთვის იყენებს, რათა კიდევ უფრო გაუსვას ხაზი მიუღებელ, ბიწიერ ყოფით სინამდვილეს.

ახლა საგანგებოდ შევჩერდეთ აკაკის ლექსზე `ქებათა-ქება~. თვითონ აკაკი ამ ლექსს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა. სხვაგვარად როგორ უნდა ავხსნათ სხვადასხვა სათაურით ლექსის სამჯერ გამოქვეყნება. `ქებათა-ქება~ აკაკიმ პირველად 1882 წელს დაბეჭდა `დროებაში~ სათაურით `სალამი~ და გრიგოლ ორბელიანს უძღვნა; მეორედ _ 1887 წელს `ივერიაში~ სათაურით `ლხინი~ და მესამედ _ 1900 წელს `აკაკის კრებულში~ სათაურით `ქებათა-ქება~. მიუხედავად სათაურის ცვლილებისა, საკუთრივ ტექსტში არაფერს ცვლიდა. რამდენიმეგზის გამოქვეყნებით აკაკი ამ ლექსზე მკითხველის მომეტებული ყურადღების მიქცევას ცდილობს; სურს, საკუთარი მრწამსი დროდადრო შეახსენოს მკითხველს.

აკაკი `ქებათა-ქებაში~ უზენაესი შემოქმედის სიდიადეს ჭვრეტს. ღვთაებრივი სიყვარული რეალურად არის განხორციელებული ხილულ, მატერიალურ სამყაროში. `სხივმომფინარე მთვარე,~ `ვარსკვლავნი მოკაშკაშენი,~ `ყვავილთა ენა _ სუნნელთა ფშვენა,~ `წყალთა ჩქრიალი, ფოთოლთ შრიალი~ თუ `ბალახთ ბიბინი~ _ ერთი სიტყვით, მთელი ხილული, მატერიალური სამყარო _ ღვთაებრიობის გამოვლენაა, ანუ, როგორც გრიგოლ რობაქიძე ამ ლექსზე ამბობს: `მთელი ბუნება შესტრფის ღვთაებრიობის სხეულებას სამყაროში~. როცა აკაკის ლექსის ლირიკული გმირი ყოველივე ამას, ანუ `ბუნების მაყრულს, საქორწილოდ სრულს~ მზერს და გრძნობს, მაშინ `ცნობს, რომ არის კაცში ღვთისა ხატება~. მერე კი კითხვაზე: `რამ ამამაღლა? ვინ მაგრძნობინა ეს საიდუმლო, ღვთიური ძალა?~ პოეტის პასუხი ასეთია: `შენ, სიყვარულო, ცისა და ქვეყნის კავშირო და თან შუამავალო~. აკაკის მსოფლგანცდა სრულ თანხმიერებაშია ახალი აღთქმის უმთავრეს დებულებასთან: `სიყვარული ღვთისაგან არს, რამეთუ ღმერთი სიყვარული არს!~. სწორედ სიყვარულის ამგვარი რწმენა მსჭვალავს პოეტს ღვთაებრივი ექსტაზით და აღავსებს სიხარულით:

`სხვებმა სვან ღვინო!.. მე უღვინოდაც
მთვრალი ვარ მეტის სიხარულითა!
ემატა სოფელს მშვენიერება
ჩემს თვალში მისის სიყვარულითა~.

ახლა, როცა, ასე თუ ისე,ზოგადად მაინც ვისაუბრეთ აკაკის რელიგიურ მრწამსზე, დროა, ვაჟას ლექსს მოვუხმოთ:

სამეფო სიყვარულისა

სატრფო დავკარგე, იმას ვეძებდი,
შემოვიარე მთელი ქვეყანა.
ჭირი და სევდა ზღვა და ხმელეთზე
სატრფოს მოძებარს შემხვდა ბევრგანა.
რამდენჯერ ფიქრი ცეცხლ-მოდებული
გავგზავნე ცაში მაღლა ღმერთთანა,
მაგრამ მე და იმ ჩემს ბედის ვარსკვლავს
არ მოგვიხერხდა შეყრა ერთგანა.

მოხეტიალე გახელებული
წავაწყდი სადღაც ერთს ტურფა მდელოს.
ცოდვაა, მისი მშვენიერება
ადამიანმა ფეხითა სთელოს.

სამოთხეს ჰგავდა, ან კი სამოთხე
იმაზე კარგი რითღა იქნება?
ჩემს აღტაცებას არ აქვს სამზღვარი,
როს მის სურათი თვალწინ მიდგება.

ყოველი ფიქრი საამქვეყნიო
მაშინ ქარწყლდება, გულში მიქრება.
ცივნი წყარონი ურიცხვთ ყვავილთა
ანკარა ნამით პირებსა ჰბანდენ.

წყარო ხომ თვითაც ლამაზი არის,
მაშინ კი ტრფობის ღმერთებსა ჰგავდენ.
უკვდავებისა წყარონი იყვნენ
და უკვდავებით მიდამოს ჰრწყავდენ.

უკვდავების ხეც იქვე ჰყვაოდა,
იქ ვერ აცდენდა გველი ევასა,
ვერა ჰბედავდა ბოროტი სული
ცოდვის საქმნელად გულის რწევასა.

შურის თვალითა შორით უმზერდა,
მაგრამ ხდებოდა იგი ვერასა.
სამეფო ტახტზე ყვავილიანზე
თვით სიყვარული ზედ ბრძანდებოდა,

კაცთა და პირუტყვთ გრძნობა-ვნებებზე
იგი მეფობდა და ბრძანებლობდა.
ვეფხვნი და ლომნი წყნარად, უვნებლად
ირემთ და შველთა შორის დიოდენ,

ქორ-შავარდენნი კაკაბთ, გნოლთ გვერდით
ისხდენ და სამტროდ არა ჰკიოდენ.
არწივსა ხმალი ქარქაშს ჩაეგო,
კლანჭზედაც სისხლი არღა სცხებოდა,

მყის დამტკბარიყო მისი ბუნება,
რა სიყვარული გულსა ჰხლებოდა.
ვისაც გუშინა გულ-ცივად ჰკლავდა,
დღეს იგი მის მტერს შეაკვდებოდა.

ორნი მეფენი, ერთმანეთზედა
აშფოთებულნი შურით, მტრობითა,
ერთი იქით მხრით, მეორე აქით
პირისპირ მოდგნენ თვის მხედრობითა.

საომარ ველად ეს დაესახათ,
ტურფა სამეფო სიყვარულისა,
აქ ჰსურთ ერთმანეთს რომ გაუმწარონ
დღე სიცოცხლის და სიხარულისა.

გულში მხედარნი სიძულვილს ჰლესენ,
გრძნობა არ უჩანსთ სიბრალულისა
და მიიწიეს ერთმანეთზედა
ხმალ-მოწვდით, თანაც კიჟინა დასცეს.

მაგრამ უეცრად ყველანი დაცხრენ.
მყის იარაღი ხელით გაუშვეს,
თავ-დაკიდებით შტერივით დადგენ.
მერე მივიდენ და ერთმანეთსა,

ვით ღვიძლმა ძმებმა, კოცნა დაუწყეს,
სულ დაჰვიწყნოდათ, რადაც აქ შეკრბენ,
ცა და ხმელეთსა სხვა ხმა აუწყეს.
ვეღარა ჰღებენ კაცის სისხლითა
მათ შემაცქერალს ტურფა მხარესა.

ერთურთს შესტრფიან თვალ-დამშეულნი,
ვით ცა გადმოსულს მაზედ მთვარესა.
მე კი ვიძახდი: `სატრფოვ, სადა ხარ,
რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?”

– მე თვით გახლავარ ის შენი სატრფო! –
ტრფობის ქვეყანა ერთხმად ჰკიოდა.
გამომეღვიძა. სიზმრად მენახა
და ამის გამო გული მტკიოდა.

როგორც ვნახეთ, ვაჟას ლირიკული გმირის მიერ სატრფოს ძებნა გვირგვინდება სამოთხის ხილვით, სადაც უკვდავების წყაროც არის და სამოთხის ხეც ცნობადისა, ოღონდ გველი ვეღარ აცდუნებს ევას და ვეღარც ბოროტება ბოგინებს; სამეფო ტახტზე სიყვარული ზის და კაცთა თუ პირუტყვთ ქვენა გრძნობებზე მბრძანებლობს. სწორედ სიყვარულის ძალით ლომი და ვეფხვი აღარ მტრობს ირემსა და შველს, ქორ-შევარდენი _ კაკაბსა და გნოლს; ერთმანეთზე საომრად გამზადებული მოლაშქრენი, თავის მეფიან-მხედრიანად, ხმალ-იარაღზე და ურთიერთმტრობაზე ხელს იღებენ და ცა და ხმელეთს `ვეღარა ჰღებენ კაცის სისხლითა~. პირიქით, შეჰხარიან ერთმანეთს...

მიუხედავად სამოთხის ხილვისა, ლექსის ლირიკული გმირი მაინც ვერ მშვიდდება:

"მე კი ვიძახდი: სატრფოვ, სადა ხარ,
რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?"
_ მე თვით გახლავარ ის შენი სატრფო!
_ ტრფობის ქვეყანა ერთხმად ჰკიოდა.
გამომეღვიძა. სიზმრად მენახა
და ამის გამო გული მტკიოდა".

დასკვნა აშკარად პესიმისტურია. სამოთხე მირაჟია. `თხა და მგელი ერთად ძოვდეს~ _ სიზმრისეული მოჩვენებაა. ისიც აშკარაა, რომ ქვეყნიერება იმის საპირისპიროდ არის მოწყობილი, რასაც სამოთხის სურათი გვიხატავს. ამას გვეუბნება ვაჟას ლექსის ქვეტექსტი, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს სამყაროს ღვთაებრიობას, ამქვეყნად ღვთაებრივი სიყვარულის არსებობას.

როგორც ვხედავთ, ვაჟას `სამეფო სიყვარულისას~ და აკაკის ზემოთ განხილულ `ქებათა-ქებას~ საპირისპირო შინაარსი აქვს. სხვადასხვა მსოფლგანცდა და მსოფლშეგრძნებაა გამოხატული ამ ორ ლექსში. ამიტომ გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ აკაკიმ უკრიტიკოდ ვერ მიიღო ვაჟას ლექსი. არ გამოვრიცხავ, ანასტასია წერეთლის მიერ ვაჟასადმი გაგზავნილ ბარათში ისიც ყოფილიყო დაკონკრეტებული, რატომაც თქვა აკაკიმ უარი ლექსის დაბეჭდვაზე. ლოგიკურია ვიფიქროთ, აკაკის უარის მიზეზი მისი შინაგანი მრწამსისთვის მიუღებელი აზრობრივი შინაარსი იყო. მაშინ უფრო გასაგებია ვაჟას პასუხი: აკაკის პატივისცემის მიუხედავად, არ შემიძლია, `ხელი ავიღო... საკუთარ მსჯელობაზედ, საკუთარ შეხედულებაზე ამა თუ იმ საგანზე!~

მაგრამ ახლა უმთავრესს, ვაჟას ლექსისა და აკაკის `სულიკოს~ შეპირისპირება-ანალიზს მივუბრუნდეთ. როცა ვაჟა ლექსის დასაწყისში იტყვის: `სატრფო დავკარგე, იმას ვეძებდი, /შემოვიარე მთელი ქვეყანა,~_ არ შეიძლება, ამ ორმა ტაეპმა სულიკოს დასაწყისი სტრიქონები არ გაგვახსენოს: `საყვარლის საფლავს ვეძებდი,/ ვერ ვნახე, დაკარგულიყო~. როცა ვთქვი, `სულიკო~ გაგვახსენდება-მეთქი, შეგნებულად არ ვანიჭებ უპირატესობას ქრონოლოგიას, იმას თუ რომელი ლექსი უფრო ადრე შეიქმნა. ყოველგვარი წინაპირობის გარეშე ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი მკითხველის მეხსიერებაში უპირატესად `სულიკოა~ აღბეჭდილი. ამას, რა თქმა უნდა, გარდა აკაკის ლექსის ფორმისმიერი მშვენიერებისა, ვარინკა წერეთლის წყალობით, ლექსის სასიმღერო მელოდიად ქცევამაც შეუწყო ხელი (თუ პირიქით, `სულიკოს~ პოეტურმა მშვენიერებამ დაბადა უკვდავი მელოდია).

ამჟამად ჩვენი მსჯელობისთვის არსებითი მნიშვნელობა იმასა აქვს თუ რას ნიშნავს, რას გულისხმობს ვაჟას მიერ ნახსენები `სატრფო~ ან აკაკის `საყვარელი~ და `სულიკო?~ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში იმ პოეტის ქმნილება დაგვეხმარება, რომელსაც აკაკიც და ვაჟაც დიდ პატივს სცემდნენ. ეს არის დავით გურამიშვილი და მისი `დავითიანი~.

აკაკიმ იონა მეუნარგიას ანკეტის შეკითხვას, თუ ვის პოეზიას აფასებდა ყველაზე მეტად, უპასუხა: `პოეზია დავით გურამიშვილისა~. ვაჟა თავს გურამიშვილის სულიერ მემკვიდრედ მიიჩნევდა:

"შენ ჩემო წინამორბედო,
უძვირფასესო პაპაო!..
შენის ცრემლებით მოვხარშე
ჩემის გრძნობების ფაფაო".

(დავით გურამიშვილის ხსოვნას)

აკაკისაც ჰქონდა ამ სიტყვების გამეორების უფლება. სწორედ `დავითიანის~ ერთი კონკრეტული ფრაზაა აკაკის გენიალური `განთიადის~ ბიძგის მიმცემი _ `გეაჯები, ნუ გამწირავ, მოვჰკვდე, შენ კერძ დამმარხეო~ (`დავითიანი~). შდრ. `დედაშვილობამ, ბევრს არ გთხოვ, შენს მიწას მიმაბარეო~ (`განთიადი~). გურამიშვილისეული ვედრება ღვთაებრივ წიაღში დაბრუნებისა აკაკის `განთიადში~ მშობლიურ წიაღში დაკრძალვის ნატვრად ტრანსფორმირდება. ვფიქრობ, შესანიშნავი მაგალითია ჩვენი კლასიკური მწერლობის უწყვეტობა-ერთიანობისა, რასაც რევაზ თვარაძემ თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა უწოდა.

ერთი სიტყვით, მთავარი და არსებითი მაინც ის არის, რომ დავით გურამიშვილის `დავითიანი~ აკაკისაც და ვაჟასაც ღრმად ჰქონდათ გათავისებული. ჩვენთვის საინტერესო ორივე ლექსი, ვაჟას `სამეფო სიყვარულისა~ და აკაკის `სულიკო,~ დასაბამს (თუ შეიძლება ასე ითქვას) სწორედ გურამიშვილთან იღებს, კერძოდ, მისი ლექსიდან `სიმღერა დავითისა. ზუბოვკა~. `ზუბოვკას~ რეფრენივით გასდევს ფრაზა: `სად წავიდა, ვერა ვნახე ჩემი საყვარელი~. ეს სიტყვები ღმერთის ძიებაზე მიგვანიშნებს. `საყვარელი~ ე.წ. აღორძინების ხანის პოეზიაში, ისევე, როგორც `სატრფო~, მაცხოვრის ეპითეტია. ვახტანგ მეექვსე `ვეფხისტყაონის~ კომენტარებში გარკვევით აცხადებს: `საყვარელი ქრისტეს ჰქვიან.~ `დავითიანშიც~ მკაფიოდ ჩანს ეს _ `მომიკლეს მე საყვარელი, ძე ღვთისად თხრობილი~.

`ზუბოვკის~ ყაიდის ლექსები ორპლანიანია. მთავარი მისი სიღრმისეული, სიმბოლურ-ალეგორიული პლანია. `ზუბოვკა,~ თუ მას ზედაპირულად წავიკითხავთ, ჩვეულებრივი სატრფიალო, სამიჯნურო ლექსია, მაგრამ, როგორც კორნელი კეკელიძე განმარტავს: გურამიშვილთან `ქალისადმი ტრფობასა და მიჯნურობაზე ლაპარაკი არაა... ამ ლექსში, ისე როგორც ვახტანგ მეფისა და მამუკა ბარათაშვილის ნაწერებში... იგულისხმება მაცხოვარი, რომელსაც `მისი (კაცისადმი) სიყვარულისათვის სცემეს ხელშეკრულსა~ (კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 1952, ტ. II, გვ. 540-541).

ასე რომ, ლექსის მეორე, სიმბოლურ-ალეგორიული პლანი გაცილებით ღრმა შინაარსს შეიცავს. იგი საღმრთო ტრფიალებით არის დამუხტული. `დავითიანის~ ლირიკული გმირის ჩივილი არ არის კონკრეტული ქალის დაკარგვით გამოწვეული; არც ქალის დაპირებად უნდა აღვიქვათ _ `დამპირდა, თქვა: `კიდევ მოვალ, აწ მე იმას ველი~. პოეტის ურვის მიზეზი (`მისთვის ვსტირი, ცრემლითა მაქვს უბე, კალთა სველი~) გაცილებით ღრმა და ამაღლებულია. ეს მისტიკოსის წადილია, ღვთაების ნატვრით გამოწვეული.

ასე რომ, როგორც ვაჟას, ისე აკაკის ლექსის არსებითი შინაარსი გურამიშვილის სტრიქონებს ეყრდნობა, მისი ვარიაციაა. შევადაროთ ერთმანეთს:

`სად წავიდა, ვერა ვნახე, ჩემი საყვარელი...~

`აწ შენ, ჩემო საყვარელო, იმყოფები სადა?~

(`დავითიანი~)

`სატრფო დავკარგე, იმას ვეძებდი,

შემოვიარე მთელი ქვეყანა...~

`მე კი ვიძახდი: სატრფოვ, სადა ხარ,

რად არ მაჩვენებ შენსა სახესა?~

(`სამეფო სიყვარულისა~)

`საყვარლის საფლავს ვეძებდი,

ვერ ვნახე, დაკარგულიყო...~

`სადა ხარ ჩემო სულიკო?..~

(`სულიკო~)

მიუხედავად დავით გურამიშვილის `ზუბოვკასთან~ ასეთი მიმართებისა, ვაჟას მაინც საპირისპირო დასკვნა გამოაქვს. აკაკის ლექსის აზრობრივი შინაარსი კი სრულ თანხმიერებაშია გურამიშვილის მრწამსთან.

`ღვთის გამო ქმნილ არს ყოველი, არს მყოფობს რაც ნივთიერი,~ _ იტყვის დავით გურამიშვილი, რომელმაც კარგად იცის, რომ ამქვეყნად ყველაფერს ორი მნიშვნელობა აქვს: _ ერთი თავისთავადი და მეორე შემოქმედზე მიმანიშნებელი: `მას (ღმერთს) აქებენ,~ _ ამბობს `დავითიანის~ ავტორი ლექსის დასაწყისში. ასე რომ, დავით გურამიშვილის სტრიქონები აშკარად ცხადყოფს, მატერიალური სამყარო ღვთაებრივი შემოქმედების შედეგია, ღვთაებრიობის გამოვლენაა. გურამიშვილისეულ მრწამსს თუ აკაკის `სულიკოს~ მაგალითზე გავავრცელებთ, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ცაზე მოკიაფე ვარსკვლავი მნათობიც არის და ღვთის შემოქმედების მაუწყებელიც. ასევე, ბულბული თუ ვარდიც ღვთაებრივი შემოქმედების გამოვლენაა, მათი არსებობაც შემოქმედზე მიანიშნებს. ამდენად, აკაკის `სულიკოშიც~ ის ზოგადქრისტიანული აზრი დომინირებს, რომ მატერიალური სამყარო ღვთაებრივის ნაწილია, მისი გამოვლენა, მისი განფენა-ემანაციაა.

ამიტომ ვერ მიიღებს აკაკი ვაჟას თვალსაზრისს, ვერც როგორც `ქებათა ქების~ და ვერც როგორც `სულიკოს~ ავტორი. ერთი კი საოცარია. მიუხედავად პოზიციათა სხვადასხვაობისა, როგორც აკაკის, ისე ვაჟას ზუსტად ესმით გურამიშვილის ლექსის რელიგიური შინაარსი. მართალია, ვაჟა საპირისპირო თვალსაზრისზეა, მაგრამ მისი ლექსის გაანალიზება კიდევ უფრო გვეხმარება `სულიკოს~ შინაარსის ამოკითხვაში, რასაც ქართული ლიტერატურათმცოდნეობა ლამის ერთი საუკუნე მოუნდა. სულიკოში ხან დაღუპულ სატრფოს ხედავდნენ და ხან სამშობლოს, ვიდრე აკაკი ბაქრაძემ არ ამოიკითხა ლექსის ჭეშმარიტი აზრობრივი შინაარსი (იხ. აკაკი ბაქრაძე, `ილია და აკაკი,~ 1992 წ. გვ. 175-179). სწორედ `სულიკოს~ აკაკი ბაქრაძისეულმა წაკითხვამ მიბიძგა, მომეძიებინა ამ ლექსის ლიტერატურული არქეტიპი დავით გურამიშვილისა თუ მამუკა ბარათაშვილის[3] პოეზიაში და ასევე საცნაური გახადა აკაკის `სულიკოს~ მიმართება ვაჟას ლექსთან.

თუკი ერთხელ კიდევ გავიხსენებთ ვახტანგ მეექვსის განმარტებას _ `საყვარელი ქრისტეს ჰქვიან~ _ აშკარაა, რომ აკაკის ლექსში საყვარლის საფლავის (სამყოფლის), მისი საუფლოს თუ სამკვიდრებლის ძიება ღმერთის ძიებაა. სწორედ ამიტომ შფოთავს და დრტვინავს აკაკის ლექსის ლირიკული გმირი და მხოლოდ მაშინღა დამშვიდდება, როცა გაიცნობიერებს, რომ ღმერთი ყველგან არის, ყოველ არსსა თუ არსებაში ღვთაებაა განფენილი, ყოველივე ღვთის გამოვლენაა _ მიწაზეც (ვარდი), ცაშიც (ბულბული) და შორეულ კოსმიურ სივრცეშიც (ვარსკვლავი).

`სამად დაშლილა ის ერთი _ ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო~, _ იტყვის პოეტი და როცა ყოველ საგანში ამ სამპიროვანი ერთარსების გამოვლენას შეიცნობს გამოუთქმელი ღვთაებრივი ნეტარებით აღივსება _ `რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა~ (ა. ბაქრაძე, `ილია და აკაკი~, 1992, გვ 175-179).

რაც შეეხება ვაჟას პოზიციას (`ქებათა-ქების~ ციკლსა თუ ლექსში `სამეფო სიყვარულისა~), იგი რეალური ვითარებით არის ნაკარნახევი. ვაჟასთან მკაფიოდ აირეკლა ყოფიერებით გამოწვეული სკეფსისის განცდა. მიზეზი ამისა, როგორც ითქვა, იმაში მდგომარეობს, რომ უფლის ხელით შექმნილი მატერიალური სინამდვილე ადამიანურ ბიწიერებას მოუცავს. რა თქმა უნდა, ამგვარი პოზიცია არ იძლევა ვაჟას რელიგიურ მრწამსში ეჭვის შეტანის საფუძველს. აქ, ეგების, უპრიანი იყოს გახსენება ვაჟას დაუფარავად ნათქვამისა:

მაგრამ გავიგებთ ერთხელაც,
ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა.

რაც შეეხება, საზოგადოდ, ვაჟას ვრცელსა და მრავალწახნაგა შემოქმედებას, გენიალური ფშაველის მსოფლმხედველობრივი მრწამსის წარმოსაჩენად `გველისმჭამელიც~ იკმარებდა. ვაჟას მკითხველისთვის აშკარაა, როგორ თანხმიერებაშია `გველისმჭამელის~ ავტორის პოზიცია ახალი აღთქმის მრწამსთან _ მინდიამ იცის და გრძნობს, რომ ჩვენთან ერთად `ყოველი დაბადებული თანა-კვნესის და თანა-ელმის აქამომდე~ (რომ. 8-22). ამიტომაც არის გამსჭვალული თანაგრძნობით ყოველი დაბადებულისადმი და აღვსილი სამყაროსეული ერთიანობის გრძნობით.

ვაჟას ლექსები სათაურით `ქებათა-ქება~ ხმამაღალი პროტესტია, წუხილია უღმერთობის გამო. ისეთივე წუხილი და სინანული, როგორსაც გალაკტიონი გამოთქვამს თანადროული, რწმენასმოკლებული საზოგადოების მიმართ _ `აქ არასოდეს არ ყოფილა ნაზარეველი!~

რა თქმა უნდა, ყოფიერებისადმი ვაჟას პროტესტის განცდა, როგორც ითქვა, რაღაც დოზით სკეფსისსაც შეიცავს. ეს ითქმის როგორც `ქებათა-ქების~ ციკლზე, ისე აკაკის მიერ დაწუნებულ ლექსზე _ `სამეფო სიყვარულისა~ (ლექსის ფინალი აშკარად იძლევა ამგვარი განცხადების საფუძველს). მაგრამ წამიერ, იმპულსურ სკეფსისშიც კი ვერ დაეთანხმება აკაკი ვაჟას და ვერც იმას მიაქცევს ყურადღებას, რომ ვაჟას სკეფსისის საფუძველი ყოფიერების ბიწიერებაა. ასეთ დროს აკაკი ვერც ვაჟას ზემომოხმობილ განცხადებას _ `ვინ ახლოს ვსდგევართ ღმერთთანა~ _ გაუწევს ანგარიშს.

აკაკი ვაჟას ლექსს `სამეფო სიყვარულისა~ `სულიკოთი~ პასუხობს. `სულიკოს~ მეშვეობით გამოთქვამს საკუთარ მრწამსს ხილული, მატერიალური სინამდვილის ღვთაებრიობის, ყოველივე არსებულის ღვთაებრივი ნებითა და ძალით გამსჭვალვის შესახებ. ამგვარი კონკრეტული პოეტური დაპირისპირებისა თუ შეპაექრების ჟამს მუზა აშკარად აკაკის მხარეს არის. `სამეფო სიყვარულისა~ ნამდვილად ვერ შევა ვაჟას რჩეული ლირიკის კრებულში. პოეზიის ქალღმერთმა აშკარად აკაკის გაუმართლა. ეგების, უფრო ჩვენ გაგვიმართლა _ `სულიკოს~ მკითხველსა და მსმენელს; ქართულ ჰანგსა და მელოდიას გაუმართლა. ამ გამართლებაში ლომის წილი ვაჟა-ფშაველას უდევს. სწორედ ვაჟას ლექსმა უბიძგა აკაკის, მზერა მიემართა ჭეშმარიტად პოეტური, ირაციონალური სამყაროსაკენ; ვაჟას ლექსმა აკაკი კიდევ ერთხელ მიაბრუნა დავით გურამიშვილის პოეზიისკენ _ `დავითიანის~ სახისმეტყველებისკენ; სწორედ ვაჟას ლექსმა მისცა იმპულსი და შთაგონება `სულიკოს~ ავტორს და კონკრეტული ლექსის გამო გამოწვეული უთანხმოება ქართული პოეზიის გამარჯვებად აქცია. `სულიკო~ ხომ ერთი უკეთეს ქმნილებათაგანია ქართული ლირიკული პოეზიისა. მიზეზი ამისა, გარდა აკაკის პოეტური ტალანტისა, ლექსის ღვთაებრივი შინაარსიცაა.



––––––––––––––

1. ამიტომ უთხრა აკაკიმ საყვედური დამწყებ პოეტს, სიკო ფაშალიშვილს: "წავიკითხე შენი ლექსი… როგორც ჩანს, მის (ვაჟას _ ა. გ.) სტილს ერთობ გაუტაცნიხარ… ვაჟა-ფშაველა ნიჭიერი პოეტია, ეს უნდა გვახსოვდეს… მაგრამ ასეთი მიბაძვა ახალგაზრდობას ვნებას მოუტანს" (ლიტერატურის მატიანე, წიგნი 6, ნაკვეთი I, 1952, გვ. 95).

2. იმერელში შ. ამირეჯიბი გულისხმობს არა საკუთრივ იმერელს, არამედ ლიხთ-იმერელ ქართველს, როგორც ეს მიღებული იყო ჩვენში ლამის XX საუკუნის 20-იან წლებამდე.

3. აღსანიშნავია, რომ მაცხოვრის ეპითეტი "სულიკო" მამუკა ბარათაშვილთანაც ჩანს, ოღონდ "სულო"-ს ფორმით და ისიც იმ ლექსში, რომლის ორპლანოვანება აშკარაა ("ვიხილე შენი შვენება _ სახესა ვეტრფიალები… სულო").

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ამირან გომართელი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: