არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 თათია ქაფიანიძე - მარიამ წიკლაური

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: თათია ქაფიანიძე - მარიამ წიკლაური   Sat Jan 14, 2012 2:35 pm



სანამ მარჯვენით კალამს დავიჭერთ
(ილიაუნის ბლოგისათვის)


– დღეს გაქვთ თუ არა პასუხი კითხვაზე „სამშობლოს მრევლი უნდა გერქვას, თუ მოქალაქე“(“ვარიაციები თემიდან სამშობლო“) და როგორ განასხვავებთ ამ ორს განმარტებას ერთმანეთისაგან?

– სასიამოვნოა ასე დასმული კითხვის მოსმენა ანუ შემოქმედებას იცნობთ...ეს 2004 წლის მარტში დაიბეჭდა. მარადიული პრობლემაა, ამაზე სულ უნდა იფიქრო...
მრევლი უნდა იყო, რადგან ზოგჯერ სამშობლო მხოლოდ რწმენას ითხოვს შენგან. გწამს და ამიტომ გჯერა და გიყვარს მისი არსებობაც, მისი არსებაც, მისი არსიც!!!! მაგრამ ზოგჯერ მოქალაქე უნდა იყო, რათა შეგეძლოს მისი კრიტიკული, ჯანსაღი თვალით ყურება და პასუხსაც უნდა ითხოვდე ყველაფერზე. მაგრამ ეს იმდენად რთულია, თუ ორივე ერთდრულად არ გაქვს, მარჯვენა და მარცხენა ხელივით, მაშინ სრულფასოვანი პიროვნებაც ვერ ხარ, მაშინ სამშობლოც დაზარლდება და შენც. ხომ გახსოვთ `ნუ მიდრკებით ნუცა მარჯვნივ, ნუცა მარცხნივ, არამედ საშუალოთა გზათა სამეუფოთაი ვიდოდეთ” .. სამშობლო რაა? ჩვენ ერთად, ჩვენი წინაპრები, ჩვენი მომავალი, ანუ ამათ შორის უწყვეტი სულიერი, გენეტიკური, სარწმუნოებრივი, ინტელექტუალური კავშირი, სისხლის მეხსიერება, ხომ? ჩამოყალიბებული ფასეულობათა ერთიანოიბა, ცნობიერება, ენა, პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ. სამშობლოს განვიცდით როგორც წინაპარს, ბუნებრივ მშობლიურ წიაღს, როგორც კერას, სახლს. `დედა-სამშობლო~-ასე დავარქვით ანუ მისგან ველით თითქოს ჩვენზე ზრუნვას, ჩვენს მოფერებას, მოპატრონებას. აი, რომ გაგვიჩნდეს ცნობიერებაში `მამა-სამშობლოს~ განცდა, მაშინ ალბათ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ჩვენსავე თავს და ჩვენსავე საქციელს, რადგან მამა არასდროს ზედმეტად არ ათამამებს შვილს. უნდა ვიყოთ დიდი მთლიანობის ნაწილი, თუმცა ინდივიდუალური, თავისუფალი და პასუხისმგებლობიანი, ზნეობრივი!
აი, როცა პიროვნებები თავისუფლები და ზნეობრივები ვიქნებით, მაშინ იქნება სამშობლოც თავისუფალი და ზნეობრივი! მრევლისა და მოქალაქის შერწყმა ერთმანეთთან მხოლოდ ასეთი პიროვნებების სულიერი პროდუქტია.

– „გულს მაინც არ იტეხს. დედაკაცია და იმიტომ... “- რას უსვამთ ხაზს, რომ ქალი ბუნებით ოპტიმისტია?

– ეგეც სამშობლოს ეძღვნება. ქალი ძლიერი ბუნების არსებაა სამყაროში, ქალი ტალახიდან არ მოუზელიათ! ქალი შემდგომი, უფრო გაუმჯობესებული `ტექნოლოგიის ნაწილია~. ეს ნახევრად ხუმრობით. ადამს ეძინა და ბევრი არც არაფერი იცის, როგორ შეიქმნა იგი. გამძლე და ამტანი რომ არის მდედრის ბუნება, ამაზე მისი უნარიც მიუთითებს _ ის იტანს შობის ტკივილებს და ზრდის მომავალ ადამიანს. ანუ ის ათასჯერ გამძლეა! აი, ამას ვგულისხმობ. მდედრული ბუნება არის უფრო უხვიც, უფრო მშვიდიც, უფრო გონიერიც, კრეატიულიც, იმედიანიც, ნუგეშისმცემელიც... ახლა ქალის ქება რომ დავიწყო, ნიშნავს, რომ თავსაც ვიქებ და ეს არ მინდა. ძალიან არ მიყვარს როცა, რომელიმე სქესი თავის უპირატესობაზე იწყებს საუბარს. თუმცა ჩვენ საქართველოზე ვსაუბრობთ და საქართველო ნამდვილად დედაკაცია!

– როგორ თავსდება ერთად დედობა, პოეზია,ოჯახი...? (“ჩემმა პირმშომ გადამხადა საბანი, რომელშიც თბილად ვიყავ გამოხვეული 9 თვე“)

– მშვენივრადაც და რთულადაც, მთავარია მოახერხო და შეძლო... ხან უშლიან ხელს ერთმანეთს, ხან _ ეხმარებიან... მე არც პირველი და არც ბოლო ვარ, ასე რომ, თავსდებიან. ეგაა, რომ თავისუფალი დრო ნამდვილად არ ვიცი, რას ჰქვია...

– პირველად როდის „დაგიყოლიათ ლექსზე სიცოცხლემ?“

– ბავშვობიდან ვჯღაბნიდი, მაგრამ სულ ვმალავდი ნაწერებს, სკოლაშიც მხოლოდ უახლოესმა მეგობარმა იცოდა ჩემი ლექსები, სტუდენტობაშიც ასე და საერთოდაც, 37 წლამდე არსად არაფერი გამომიქვეყნებია... ისე, ყოჩაღ, როგორ მოვითმინე?! მერე მეგობარმა ჩუმად წაიღო, დაბეჭდა და გაზეთი მაჩვენა, რაღაც მესიამოვნასავით და მოკლედ, რომ იტყვიან `ავიწყვიტე~. 1997 წლიდან ვიბეჭდები ლიტერატურულ პერიოდიკაში. ვცემ წიგნებს. ბევრი საგამომცემლო პროექტის მონაწილე ვარ, ცოტა რაღაცას სკოლაშიც ასწავლიან. საბავშვო და სადიდო –ტყუპების დედად ვიქეცი.

– სად უფრო კომფორტულად გრძნობთ თავს:პოეზია თუ პროზა?

– პოეზიაში!!!!

– როდის წერთ? (როდის ჩნდება ხოლმე სურვილი, რომ დაწეროთ?)

– პოეტი არა მგონია, პოეტმა ამაზე პასუხი გაგცეთ: ყოველთვის! მაშინაც კი, როცა მაგიდასთან არ ზიხართ და კალამი არ გიჭირავთ, ან თვე შეიძლება ისე გავიდეს, რომ საერთოდ არ დაწეროთ. წერის სურვილი ყოველთვის გაქვს, მზადყოფნაც, მაგრამ ბევრი ფაქტორია ამის გამომწვევი. ხანდახან _ ხელისშემშლელიც: დიასახლისობა ერთ-ერთია, თავისი ვალდებულებებით.
იყო დრო, როდესაც წერის სურვილს ფიზიოლოგიურად ვგრძნობდი ხოლმე სადღაც გულმკერდის შიგნით. და ვიცოდი, რომ აი, იმ წამს რომ არ დავმჯდარიყავი საწერად, მოვკვდებოდი... შეიძლება, ერთმა სიტყვამ ამძრას საწერად, ერთმა ფრაზამ, ერთმა მელოდიურმა ფრაზამ, ერთმა შთაბეჭდილებამ... აზრმა, რომელიც გამიელვებს თავში, რა ვიცი, ან კარგმა ნაწარმოებმაც. მე ჩემი შეფასებითი კრიტერიუმიც კი მაქვს: ვამბობ, ჩემთვის კარგი ის ნაწარმოებია, რომელიც წერის სურვილს მიჩენს-მეთქი. ისე კი მიყვარს მარტოობა და დილის სისხამი, თენება რომ იწყება... ო, როგორ მიყვარს...

როგორ უყურებთ გენდერის საკითხს პოეზიაში, პროზაში? უნდა იგრძნობოდეს თუ არა სქესი?

– "უნდა" აქ ზედმეტი სიტყვაა, ეს ასეცაა!
თუმცა ვფიქრობ, რომ პოეტს არ აქვს სქესი, არსებობს მდედრობითი, მამრობითი და პოეტის სქესი-მეთქი. ეს ნახევრად ხუმრობით. ადამიანისათვის ის, რაც ღმერთს მიუცია, ბუნებრივია, მათ შორის სქესიც. და ამ სქესიდან მომდინარეა მისი აზროვნებაც, ესთეტიკაც, მსოფლხედვაც.
მოკლედ ეს არც ცუდია და არც კარგი. ეს ბუნებრივია! ბუნებრივია ისიც, რომ სქესი იგრძნობოდეს ნაწერში, თუმცა ეს თვითმიზანი არ უნდა იყოს. მე ყველაფერი ბუნებრივის მომხრე ვარ და მიყვარს როცა პოეზიაში ჩანს ბუნების იდუმალება, ბუნების სახე, სანახევროდ მოუხელთებელი, მაგრამ ბუნებრივი. იცით ჩვენთან როგორი სტერეოტიპი არსებობს?
აი, იტყვიან ქალზე, თუ ის კარგად და ღრმად აზროვნებს, მამაკაცური პოეზია აქვსო, ანუ არაფრით არ იტყვიან რომ ის უბრალოდ ძლიერი ქალი პოეტია. ესაა `კლიშე~, რომელიც ჩვენს მანკიერ, აზიატურ აზროვნებას ამჟღავნებს. თითქოს თუ ქალი კარგია, მაინცადამაინც მამაკაცურია, ხოლო მამაკაცი შეიძლება იყოს ძლიერი პოეტი და მამაკაცურიც. ეს არ მომწონს. გენდერული საკითხი ეს სოციოლოგიის ან რაღაც სხვა სფეროების თემაა, არა მგონია, გენდერზე პოეზია ან პროზა ფიქრობდეს. პოეზია ფიქრობს ადამიანზე,სულ ერთია ის კაცია თუ ქალი, ხომ?


– თქვენს ნაწარმოებებში ხშირად ვხვდებით დედის ხატს, ეს აისახება სიტყვებში დედაციცინათელა, თოვლდედო, დედონაძვები.. რა ახალ დატვირთვას იძენენ სიტყვები, რომლებსაც ერთვის დედ(ო)ა?

– უფრო სრულის, უფრო იდუმალის, უფრო უხვის, ღრმა შინაარსისა... შობის მარდიული ქმნადობის საწყისს, სიცოცხლის მატარებელს, მარადისობის თავის თავში დამტევს... როგორ მიხარია, რომ ეს შეგინიშნავთ, მადლობა.

– „ვიღაცა ეტყვის დედაჩემს, პოეტის დედას გავხარო“-როგორ ხედავთ პოეტის დედას?

–ჯერ ჩემს დედიკოზე გეტყვით, 20 წლითაა ჩემზე დიდი, მეგობარივითაა. ძალიან ღირსეული ადამიანია, ქრისტიანი თავისი ბუნებით. ჰოდა, მას განსაკუთრებულად უხარია ჩემი თითოეული ლექსი და წარმატება, და მინდა, რომ ასე იყოს მარად და მარად. `პოეტის დედის სახე~ ზოგადად ალბათ იმსახურებს ინტერესს. ბევრი ლექსი თუ კრებულია მიძღვნილი ამ თემისადმი. მე მგონი, როგორც ნამდვილ პოეტს ეტყობა პოეტობა, ისე პოეტის დედასაც რაღაც განსაკუთრებული აქვს... რუსთაველის დედას ან ვაჟა-ფშაველას დედას როგორ იქნებოდა, რაიმე განსაკუტრებული უნარი და თვისება არა ჰქონოდა? ვაჟას დედის ხილვა ხომ საქვეყნოდ ცნობილი ამბავია, მის საოცარ კაცთმოყვარე და უანგარო ბუნებასთან ერთად. დედა _ ეს ცალკე ფენომენია, სხვა დროს ვისაუბროთ ამაზე...

– „პოეტმა იცის სიჩუმის ანბანი“- რა არის სიჩუმე თქვენს ცხოვრებაში?

– იცის! სიჩუმის სმენა დიდი უნარია, ეს არის ჭვრეტის ნიჭი, არადა თუ ჭვრეტა არ გიყვარს და არ ხარ მჭვრეტელი ბუნების მატარებელი, ვერც ბუნების გადაშლილი წიგნის კითხვას შეიძლებ. აბა, დადექი და უყურე, უსმინე და იკითხე მდუმარება და სიჩუმე გათენებისა, მწუხრისა, ცისა, ზღვისა, ნისლებისა, ბალახისა.... უბრალოდ უსმინე.... ისინი გაცილებით მეტს გეუბნებიან, ვიდრე ხმაურიანი და მჟღერ ყოფითობა
ჩემთვის ძვირფასია ღამის სიჩუმე, მწუხრის სიჩუმე, ჩიტების სტვენით დახუნძლული გათენების სიჩუმე, სივრცის სიჩუმე...
ოხ, მოკლედ ახლა გული ამიჩუყდება, რადგან მოდის ზამთარი თავისი მოკლე დღეებითა და გრძელი ღამეებით, მე კი ზაფხულის ნათელი ცისკრები მომენტარება... ზაფხულისა და ზამთრის სიჩუმეებიც როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან...

[/b]– არის თუ არა თქვენი პოეზია (პროზა) ავტოგრაფიული?[/b]

– და ვისი არ არის?
პოეტისა მით უფრო. ეს ხომ სულის ბიოგრაფიაა. აბა, თუ არ განიცადე, ისე როგორ უნდა გამოთქვა სიხარული, ან ტკივილი, ან სევდა. კი, წარმოსხავა ნებისმიერ შემოქმედს მდიდარი აქვს, და ასეცაა ბევრი რამ წარმოსახვის ნაყოფია, მაგრამ წარმოსახვას იმდენად იჩვევ, რომ მერე, ისიც ნამდვილი განცდასავითაა. საერთოდ იმხელა სულიერი ძალები და ენერგია მიაქვს წერას, რეალურის განცდა იქნება ეს თუ წარმოსახვათა მოშინაურება, ეს რთული პროცესია, რომელსაც ვერანაირი საზღაური ვერ უვსებს მწერალს...


– სირთულეები ახლავს თუ არა პირადი შეგრძნებების საჯაროდ გამოტანას?

– მგონი არანაირი პრობლემა არ გამჩენია ამით, რადგან მიუხედავად ჩვეულებრივი ადამიანური ბუნებისა და განცდებისა, ისეთს არაფერს განვიცდი, რომლის გულწრფელად წერამ შეიძლება, ასეთი პრობლემები შემიქმნას. თუ გულისხმობთ ოჯახს, მეუღლეს, რა ვიცი, ისინი რომ გვერდით არ მედგნენე და არ იზიარებდნენ ჩემი ცხოვრების ავ-კარგს, ვერც ვერაფერს შევძლებდი...

– როდესაც იღვიძებთ, პირველი ფიქრი რას უკავშირდება?

– უფალს. ყველა ჩემიანს მოევლება ფიქრი, მერე მახსენდება რა უნდა გავაკეთო დღეს ან სად ვარ გასაქცევი, რა მაქვს მოსასწრები, თუმცა ჩემი ფიქრის დიდზე დიდი ნაწილი შემოქმედებას, ლექსს დასტრიალებს. ეს ჩემთვის უსერიოზულესი საქმეა.

– თვისება, რომელსაც აფასებთ ადამიანებში ყველაზე მეტად და რას ვერ აპატიებთ ადამიანებს?

– მიყვარს ნამდვილი ღვთისნიერება რასაც ჰქვია. ასეთი ადამიანი მერე ყველაფერში სანდოა, პასუხისმგებლობა გააჩნია ყველაფერში, ადამიანის ცხოვრებას აადვილებს. თუ ეს თვისება აქვს, ყველაფერი წესრიგშია. ძალიან მაღიზიანებს პირმოთნეობა, ლაქუცი, ტყუილები. ისე თუ ჩვენს სალიტერატურო სფეროში, მეკითხებით ამას, ო, საშინელებაა, როცა ამბიციებით ავადდებიან, კარგავენ რეალურობის განცდას... როცა უნიჭო უფრო პატივშია ნიჭიერზე, ან ვის უყვარს ეს, რომ მე მიყვარდეს?!

– წერთ საწერი კალმით თუ - კომპიუტერში?

– კალამი დალოცვილია, ხელი და ტვინი და ფიქრი იქ ერთდება, თუმცა ამ ბოლო დროს კომპიუტერშიც ვწერ. თქვენ იმდენი რამე გინახავთ ჩემი ნაწერებიდან, უსათუოდ ნახავდით ამ ერთ პატარა ჩანაწერსაც და აქ მთლიანად მოვიყვან ამ ჩემეულ `აღმოჩენას~, რომელსაც ხშირად ვუყვები პატარა მოსწავლეებს შეხვედრაზე და რომელიც 2006 წელს საპატრიარქოს მიერ გამოცემულ კრებულშიც "ენა, მამაული, სარწმუნოება" შევიდა:

*
სანამ მარჯვენით კალამს დავიჭერთ, ხელის მტევანი და თითები ერთ საოცარ მდგომარეობას იკავებს – თითქოს პირჯვრის წერისათვის ემზადება. პირველი თითი (ცერი) – რწმენა, მეორე თითი (საჩვენებელი) – იმედი და მესამე (შუათითი) – სიყვარული კალამს ჩაეჭიდება და ერთმანეთს ეკვრის, ხოლო მეოთხე (არათითი) – შრომას და მეხუთე (ნეკი) – სწავლას რომ აღნიშნავს, მორჩილად მოიხრებიან და ხელისგულს ებჯინებიან. გამოდის, რომ თითები პირჯვრისწერის მდგომარეობას იმეორებენ და ასე გამოჰყავთ სიტყვები ფურცელზე კალმით. ხომ არის სასწაული და დასტური იმისა, რომ უფალი მართლა სიტყვაა და შემოქმედება – სულის საქმე.



– როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

– ჩვეულებრივი, როგორც ყველა დიასახლისისა, სახლის დალაგება, ანუ `მეცოცხეობა”, მერე `მესადილეობა~ და `მესამსახურეობა~... ვახერხებ, რომ ყველაფერი იყოს სახლში დალაგებული, მოწესრიგებული, ბაზარი, სტუმარი, გამომცემლობები, რადიო, ინტერვიუ ან ჩაწერა ან სკოლებში შეხვედრა, ვიღაცის პოეზიის საღამო, მთელი გზა ვკითხულობ ტრანსპორტში, რომ დრო არ გავაცდინო უქმად, რასაც არ და ვერ ვაკეთებ, ესაა უსაქმოდ ჯდომა. სულ რაღაც არ მასვენებს და როცა მეკითხებიან როდის წერო, აი, მაშინ არ ვიცი რა ვუპასუხო, მე სულ ვწერ ანუ ფიქრშიც პარალელურად ვმუშაობ, ხომ ასეა ყველა პოეტი? რამდენჯერ დამკარგვია ფრაზა ანუ მომავალი ლექსი, იმის გამო, რომ ზეპირად არ მამახსოვრდება... ხან მობილურშიც რაღაცს ჩავინიშნავ. მაგრამ ამ ჩვეულებრივ დღეებში არის ხოლმე ბედნიერების დღეები, როცა იწერება ლექსი – ყველაფრის კომპენსაცია!!!! და ვარ უფრო მეტი, ვიდრე "მეცოცხე".

– კრიტიკას როგორ ხვდებით?

– როგორც ყველა. თუ ჭკვიანი ადამიანისაგანაა და საქმის საკეთილდღეოდ, ყურს ვუგდებ, საბოლოოდ კი მაინც საკუთარ დასკვნას აკეთებ და საკუთარ გადაწყვეტილებას იღებ. თუმცა სწავლის უნარი უნდა გქონდეს, აი, სულ უნდა იგრძნო თავი შეგირდად, სულ!!!!
მე მყავს 2-3 ახლობელი, რომელსაც ამ ბოლო წლებში ყოველთვის ვაკითხებ ჩემ ლექსებს წინასწარ და მიყვარს ხოლმე მათი დახმარება, რამეს აუცილებლად მეტყვიან მნიშვნელოვანს. ჩემი `თეთრი ხბორების~ რედაქტორის მადლობელი ვარ, ის ძალიან დამეხმარა, რომ ცოტა დავშორებოდი და ისე შემეხედა საკუთარი ნაწარმოებებისათვის. ეს წიგნს დიდად წაადგა და მეც გამზარდა, თითქოს.

– რას ნიშნავს ლიტერატურული პრემია თქვენთვის?

– რამდენიმე პრემია მაქვს მიღებული. ჩემდა გასაკვირად. `გალა~ განსაკუთრებულია თავისი მასშტაბითაც, მნიშვნელობითაც და მორალური თუ ფინანსური რესურსებითაც. გამომცემლები წარადგენენ ამ კონკურსზე წიგნებს და მადლობა მინდა გამომცემლობა `პეგასს~ ვუთხრა ამისათვის. ჟიურიმ 138 წიგნიდან აარჩია 21. და ამ ნომინანტთა შორის მეც აღმოვჩნდი, შედეგი იყო ჩემთვის აბსოლუტურად შოკისმომგვრელი. გავიმარჯვე `წლის წიგნის~ ნომინაციაში პოეტური კრებულით. ეს იყო წარმოუდგენელი! მეუბნებიან, ასე რატომ ამბობო, მაგრამ ვამბობ, რადგან ძალიან ღრმად და კარგად ვიცნობ ჩემს სფეროს. სასწაულივით მივიღე! მადლობა უფალს და იმ ადამიანებს, რომლებმაც ხმა მისცეს პოეზიას! ეს პრემია ნიშნავს ბევრ რამეს ერთდროულად: თანადგომის შეგრძნებას, რომ ვიღაც კითხულობს და იწონებს შენს ლექსს, მეორეს მხრივ უხერხულობასაც, რომ ბევრი კარგი შემოქმედია და არ ეტკინოთ გული და არ გაღიზიანდნენ. მესამე, თავისუფლების მეტ ხარისხს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ჩემ შვილს დავეხმარები კონკრეტული პრობლემების მოგვარებაში. ეს კი ნამდვილი ღვთის სასაწაულია ჩემთვის აი, ისეთი, წმინდა ნიკოლოზი რომ საბუხრე მილში ყრიდა ქისით ფულს.

–მწერალი, პოეტი, რომელმაც ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა თქვენზე.

– მთელმა ლიტერატურამ. რაც წამიკითხვას, თავისებური გავლენა იქონია და შემდეგშიც იქონიებს ჩემზე. მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი შრომა უაღრესად ინდივიდუალურია, სხვებსაც უთქვამთ და მეც ასე ვფიქრობ, რომ `იგი მაინც კოლექტიური შრომის პროდუქტია~ (ო.ჭილაძე) . ისევე როგორც კაცობრიობის კოლექტიური მონაპოვარია მთელ მსოფლიოში ყველაფერი, რაც ადამიანს გააჩნია.
ლიტერატურული აზროვნების უწყვეტი პროცესი ნებისმიერი ერისათვის ღირსებასა და სინიდისს წარმოადგენს. ეს სიტყვის აღმსარებლობაა, რომლის ლიტურგიებზე, ზოგჯერ, ადამიანები სასწაულებსაც ხილულად ეხებიან... არასდროს ვყოფილვარ ერთი ავტორის მონა, მიმბაძველი... მე მთელ სამყაროსგან ვსწავლობ, ნეტა კი შევძლო და მივიღო იმის თუნდაც მისხალი, რასაც იგი გვთავაზობს ჩვენი ცხოვრების გზაზე შემთხვევით შემხვედრი ადამიანებისა თუ მოვლენების სახით. რაც შეეხება კონკრეტულ ავტორს, რაც უფრო გიყვარს, მით მეტად ცდილობ, მას არ ემსგავსო... ამას წინათ, ერთმა პოეტმა მისაყვედურა, შენ მე არ გიყვარვარ, შენ ესა და ეს პოეტი გიყვარსო. საშინლად შევწუხდი. მიუხედავად იმისა რომ ჩემი სიყვარული დიდს არაფერს ნიშნავს, ვიფიქრე, რომ სიყვარულსაც კრძალვა უნდა, რომ შეიძლება დიდმა სიყვარულმა სხვას გულისტკენა მოუტანოს, ამიტომ კონკრეტულად არავის ვასახელებ...

- როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი პორტრეტი?(ნივთები,ადამიანები, გარემო)

– თუ ოცნებაა, ვიოცნებებდი იყოს მშვიდი, ნათელი, თბილი გარემო, აუცილებლად სუფთა და მოწესრიგებული, ქვეყანაც, ადამიანებიც, სამყაროც... სადმე მთაში მქონდეს ერთი სახლი, სადაც მშვიდად დავჯდები და ვიმუშავებ, ვიფიქრებ, ვიცხოვრებ. შევისწავლი ძველი ხალხების ყოფას, ეთნოლოგიას, ძველ სიტყვებს... ყავა დილით, მაგიდაზე მინდვრის ყვავილები... ყველა კარგადაა ირგვლივ, დარდი არაფრის მაქვს... მოვლენ შვილიშვილები და ყველაფერს ამირევენ. ყველაფერს ვხურავ და მათთან ერთად ეზოდან გავდივარ...


ესაუბრა თათია ქაფიანიძე,
2011 წლის 17 ოქტომბერი.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
თათია ქაფიანიძე - მარიამ წიკლაური
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: