არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ერეკლე საღლიანი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: ერეკლე საღლიანი   Mon Oct 31, 2011 6:26 pm



Erekle Saghliani


ერეკლე საღლიანი

წმინდა ნინო

ფარავნის წყალს ნისლის ჯარით
ფარავს წმინდა ქალწული.
მოდის, უძღვის წინ ხის ჯვარი,
ვაზის ცრემლით ასხმული.

გვერდზე გადგნენ თეთრი მთები.
სანთლად იწვის მაშვრალი.
მიწის ძახილს გრძნობენ თმები,
თმები – ქარში გამშრალი.

დრო, თვით სვავი, მყივარი და
ბრუნავს, როგორც ფანტელი.
თავზე ადგას მყინვარი და
სულიწმინდის ნათელი.

მივა მცხეთას, ავა წობენს,
უფლის მადლის ტარებით,
ჩვენს სიმშვიდეს სდარაჯობენ
სადაც ზეცის კარები.

ტალანებში სისხლი მსხვერპლის
დუღს, ვით თესლი მამონის.
არა ქმნათო თქვენში კერპი,
არც უფსკერო ბომონი.

ფარავნის წყალს ნისლის ჯარით
ფარავს წმინდა ქალწული.
მიდის, უძღვის წინ ხის ჯვარი,
ვაზის ცრემლით ასხმული.


http://www.myvideo.ge/?video_id=1172975 - ერეკლე საღლიანი - "წმინდა ნინო" (ლექსი) კითხულობს ავტორი.



Last edited by Admin on Fri Jan 06, 2012 12:43 am; edited 6 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Mon Oct 31, 2011 6:28 pm


ერეკლე საღლიანი


"როდესაც მწერალი შემგუებელია, იქ ყველაფერი დასრულებულია..."

07:06 / 30-10-2011

ერეკლე საღლიანის პოეზია სამშობლოს სიყვარულითაა გაჟღენთილი და თვითონაც საკუთარი პოეზიასავით სუფთა და დაუდეგარია. ამბობს, რომ სვანური მუზა ძალზე ჭირვეული ყოფილა, ხასიათისა არ იყოსო... ჩემი რესპონდენტი ისეთ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, რომელიც განებივრებული იყო ნოდარ ანდღულაძის, მურმან ლებანიძის (მას ლექსიც დაუწერია პატარა ერეკლესთვის) და სხვათა და სხვათა სტუმრობით. კითხვაზე: - საიდან მოდის პოეტი - ერეკლე საღლიანი-მეთქი? ასე მიპასუხა:

- XX საუკუნის ერთ-ერთმა ცნობილმა პოეტმა, ეგზიუპერის ცნობილ გამოთქმას - "ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართ," ასეთი ფრაზა დაუპირისპირა - "მე ჩემი გაურკვევლობიდან მოვდივარ". გაურკვევლობაში მაინცდამაინც ქაოსი კი არ უნდა ვიგულისხმოთ, არამედ სამყარო, რომელიც ჩვენს გრძნობებს მართავს - სულიერი სამყარო. ეს ურთულესი კითხვებია - როგორ მოვედით? და რატომ მოვედით? ჩემთვის ყველაზე დიდი სკოლა ჩემი ოჯახი იყო, სადაც ზაფხულობით მთელი საქართველოს ინტელიგენცია (ნოდარ ანდღულაძე, მურმან ლებანიძე, ანა კალანდაძე, თამაზ გამყრელიძე, გაიოზ შარაშიძე - ცნობილი ფსიქიატრი) იყრიდა თავს. მათგან ბევრ რამეს ვიგებდი. როდესაც ნოდარ ანდღულაძე საუბრობდა, ეს უკვე გარკვეულ წარმოდგენას მიქმნიდა მუსიკაზე, მურმან ლებანიძე პოეზიაზე ლაპარაკობდა, ბატონი თამაზი - ენათმეცნიერების შესახებ და ყველანაირ ინფორმაციას "ვისრუტავდი" და ასეთ ატმოსფეროში ნელ-ნელა ვყალიბდებოდი, როგორც პიროვნება და როგორც პოეტი.

- თქვენი მშობლები ვინ იყვნენ?
- მამა (ვალერიან საღლიანი) პოეტი, რაიონული გაზეთის რედაქტორი გახლდათ. დედა (კვიციანის ქალი) - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იყო. სხვათა შორის, დედულეთში, "უშბის" ძირას დავიბადე. ჯერ ცხუმარის 8-წლიან სკოლაში ვსწავლობდი. მესტიის სკოლა-ინტერნატის დამთავრების შემდეგ კი ისტორიის ფაკულტეტზე, ხელოვნების ისტორიის განხრით დავიწყე სწავლა (ეს ფაკულტეტი სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი გახსნილი იყო და სულ ხუთნი ვიყავით). პოეზია ბავშვობიდან მიყვარდა. მეხუთე კლასში ვიყავი, როცა ჟურნალ "პიონერის" მიერ გამოცხადებულ კონკურსში გავიმარჯვე და პრემია გადმომცეს. იმ პერიოდში მოდაში უცენზურო შაირები იყო და ერთხელ მამასაც კი ვუთხარი შაირი, კაცი გაგიჟდა. იღრიალა და გამწარებულმა ბარი მესროლა, რომელიც ჩემ მაგივრად მამალს მოხვდა. მამალი დასაკლავი გაგვიხდა. საღამოს კი მითხრა: - უეცრად გავბრაზდი; ისე, რა კარგი რამეები გისწავლიაო... თბილისში რომ ჩამოვედი, "ნიანგის" რედაქტორის - ზაურ ბოლქვაძის წყალობით, კრიტიკოსი - ნოდარ ჩხეიძე და პოეტი - შოთა ჩანტლაძე გავიცანი. ბატონი ზაურის ოჯახში სუფრა იყო გაშლილი და იქიდან ჯუნა მიქატაძემ, ცნობილმა მოქანდაკემ, წამოგვიყვანა მანქანით და მაშინ მთხოვეს - აბა, ახლა გვითხარი შაირები, რაც იცი და მამაშენი რის გამოც გაგიბრაზდაო. იმისთანა რამეები ვთქვი, რომ ორივენი ხარხარებდნენ და 3 შაირი ჩაიწერეს კიდეც. I კურსზე რატომღაც წერა შევწყვიტე. სამწლიანი პაუზა მქონდა - მაშინ მეგონა, რომ საკუთარი შესაძლებლობები ამოვწურე და მიუტევებელი დანაშაული ჩავიდინე - ბავშვობის დროინდელი ყველა ჩემი ლექსი გავანადგურე.

- ასეთი ჭირვეულია სვანი პოეტის მუზა?
- (იცინის) კი, ძალიან ჭირვეულია. მერე მოვიდა სიყვარული და შემოქმედებითად "ავიწყვიტე" - სიყვარულმა იმდენი ლექსი დამაწერინა... მაგრამ დავშორდით და ასეთი ლექსი დავუწერე: "შენ ვერ შესძელ, დაგემჩნია ჩემთვის, სამუდამოდ წარუშლელი კვალი..." - მეტი რაღა კვალი უნდა დამემჩნია, ლექსი დაგაწერინეო, - მიპასუხა. ჩემი ბრალია, "ხეზე ასვლა" რომ გასწავლე, ასეთი პასუხიც იმიტომ მივიღე-მეთქი, - ვუთხარი.

- "ხეზე ასვლაში" რას გულისხმობდით?
- ფაქტობრივად, მე გავზარდე. ის ჩემზე უმცროსი იყო, ვმეგობრობდით. დღევანდელი გადასახედიდან გული არ მწყდება იმაზე, რაც მოხდა, რადგან ჩემ გვერდით ისეთი ადამიანია, როგორიც მჭირდება. ჩემ გვერდით დგომა მხოლოდ ჩემმა მეუღლემ - მარინა შერმადინმა შეძლო... ცოლი გვიან შევირთე, ერთი ვაჟი გვყავს, მეტი ვერ მოვასწარი, მაგრამ ფარ-ხმალი არ დამიყრია. მეუღლე ფილოლოგია და ჩემი ახალი წიგნის კორექტორიც გახლავთ, რომელიც სულ მალე გამოვა.

- სიყვარულმა დამაწერინა ლექსებიო, - მითხარით. კიდევ რა გაწერინებთ ლექსს?
- ყველაფერი, რაც მტკივა და რაც მიხარია. რა თქმა უნდა, სამშობლო განსაკუთრებით უნდა სტკიოდეს ნებისმიერ ქართველს და მით უმეტეს, შემოქმედს. არ მიყვარს "ურაპატრიოტული" ლექსები, სადაც მხოლოდ მუშტის გულზე ბრახუნია... შოტლანდიელი პოეტის - რობერტ ბერნსის ცნობილი ლექსი "კბილის ტკივილი" მახსენდება. ხომ საშინელებაა კბილის ტკივილი. ალბათ იფიქრებთ, როგორ შეიძლება, კბილის ტკივილზე კაცმა პატრიოტული ლექსი დაწეროსო. არადა, პოეტი ჯერ კბილის ტკივილს აღწერს, რომ მას ფესვი ჯოჯოხეთში აქვს გადგმული და ა.შ. ბოლოს კი ამბობს: "ჰოი, სატანავ, კუპრისმიერო, ჯოჯოხეთის და ბნელის მიერო,/ გვედრებ, ტკივილი შოტლანდიის მტრებს/ სულო ძლიერო, შენ გადუხადე სამაგიერო კბილის ტკივილით". ხომ არის მაგარი?! მკითხველი ერთ ხაზს რომ წაიკითხავს, ვერ უნდა მიხვდეს, რისი თქმა გინდა შემდეგ ტაეპში, რადგანაც ეს არის ლექსი და არა გაშიშვლებული ნატურალიზმი...

- ბევრი ფიქრობს, რომ თანამედროვე მწერლობამ ძალა დაკარგა. როგორია თქვენი აზრი ამის შესახებ?
- მწერლობამ ძალა კი არ დაკარგა, მწერლობის როლი დააკნინეს. ყოველთვის, როდესაც ქვეყანაში ანტიეროვნული მოძრაობა მიმდინარეობს, პირველი ძალა, რომელიც მას უპირისპირდება, მწერლობაა. ამიტომაც, ნამდვილი ლიტერატურა ჩაწიხლეს და ტელევიზიის "სარდაფებში გამოჩეკეს" უნიჭო ვაიპოეტები და მწერლები, მოხდა მწერლობის უზურპაცია. ამას მხოლოდ დღევანდელ ხელისუფლებას ვერ დავაბრალებ, რადგან წინა ხელისუფლებას უფრო დიდი ცოდვა მიუძღვის ამაში, ვიდრე დღევანდელს. სამწუხაროდ, ასე გრძელდება უკვე რამდენი წელია. მცირერიცხოვან ერს, ერთ პერიოდში, ისეთი მსოფლიო დონის მწერლები რომ ჰყავს, როგორიცაა - ოთარ ჭილაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, გურამ დოჩანაშვილი, რეზო ჭეიშვილი, ჯემალ ქარჩხაძე და კიდევ ბევრი სხვა, შეიძლება თქვა, რომ მწერლობა დაკნინდა? მაგრამ მკითხველმა არ იცის, რომელი მწერალი უნდა წაიკითხოს. ყველა ხელისუფლებას ჰყავდა და ჰყავს კარის მწერლები და პოეტები. ეს ხდებოდა ყოველთვის. წაკითხული გაქვთ მიხო მოსულიშვილის - "უჟამო ჟამის რაინდი"? - გენიალური რომანია. არაჩვეულებრივი რომანი დაწერა ზეინაბ მეტრეველმაც - "საყდრის ჩიტები". ვის აქვს წაკითხული? ბევრს არც გაუგონია მათ შესახებ არაფერი, რადგან ისინი არ ყვირიან. კრიტიკა კი დუმს.

- ასეთ დროს თანამედროვე მწერალი უნდა იყოს მებრძოლი თუ შემგუებელი?
- რა თქმა უნდა, მებრძოლი. გურამ დოჩანაშვილი თავის ერთ-ერთ ნაწარმოებში წერს, რომ "ატლანტიდა დაღუპა ყველაფრისადმი შეგუების სინდრომმა". როდესაც მწერალი შემგუებელია, იქ ყველაფერი დასრულებულია! მწერალი იდეალურ ყოფაშიც რომ იყოს, დავით აღმაშენებლის დონის სახელმწიფო მოღვაწეც რომ მართავდეს ქვეყანას, მაინც ოპოზიციონერი უნდა იყოს. იმიტომ, რომ ამით ის ხელისუფლებას ეხმარება. გონიერი ხელისუფლება კი ამას ხვდება. თუმცა მაინც კარის მწერლებს ამჯობინებენ, რომლებიც ხოტბას ასხამენ ხელისუფლებას.

- თუმცა ახლანდელი ხელისუფლება აღარც კარის მწერლებს უგდებს ყურს და აღარც - ოპოზიციონერ შემოქმედებს.
- როგორ არა, კარის მწერლებს უგდებს ყურს და ეს ეტყობა კიდეც მათ გადაწყვეტილებებს. მწერლები ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის ხელში იარაღად იქცნენ. რამდენი პრემიაც უნდა დაირიგონ, თუ საკუთარ ქვეყანაში არ გაღიარეს, ყველაფერი ამაოა... საპნის ბუშტივით გაქრება ყველა სიკეთე.

- მწერლების შესაბამისი რეალიზება არ ხდებაო, - მითხარით. ვინ უნდა იზრუნოს ამაზე?
- უკვე 3 წელია, სამების ტაძარში საღამოებს ვმართავთ, რომელსაც უამრავი ხალხი ესწრება. მობრძანდით და დაესწარით... იქ მხოლოდ და მხოლოდ იმ მწერლების წიგნების პრეზენტაცია ხდება, არც ერთ ხელისუფლებას რომ არ მიეყიდნენ და არც ერთ ლიტერატურულ კლანს რომ არ მიემხრნენ - თავიანთი მწერლობის მიღმა მათი სუფთა ბიოგრაფია რომ დგას. ეს ის არის, რასაც ჯერჯერობით ერთი ადამიანი ვახერხებ ეპისკოპოს სტეფანესა და ქალბატონი ნინო ჭინჭარაულის დახმარებით, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი.

- რომ არ დაბადებულიყავით სვანეთში, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა, როგორი იქნებოდა თქვენი პოეზია?
- რასაკვირველია, სხვანაირი იქნებოდა. ლობიო შეიძლება, მოხარშო ქვაბშიც და ქოთანშიც. ლობიო ლობიოა, გინდ ქვაბში მოხარშე და გინდ - ქოთანში, მაგრამ ქოთანში მოხარშული უფრო გემრიელია. ამით რისი თქმაც მინდა, ხვდებით ალბათ. გარემო პირობები გარკვეულწილად აყალიბებს შემოქმედს. მახსოვს, ირაკლი ფარჯიანის გამოფენა იყო და ერთ-ერთმა ქალბატონმა იკითხა: ირაკლი თბილისელი იყოო? თბილისელი ასეთი ალალი ვერ იქნებოდაო, - უპასუხა ერთ-ერთმა დამსწრემ... სიალალე არც თბილისელს აკლია, არც მესტიელს და არც სხვას, მაგრამ... სვანეთში ვცხოვრობდი ისეთ გარემოში, სადაც წარსული გარს მერტყა. იმ წარსულიდან გადავდგი მომავლისკენ ჩემი ყველა ნაბიჯი. თავიდან ძალიან გამიჭირდა აქაურობასთან შეგუება, მერე კი მივხვდი - რასაც სვანობა ჰქვია, ამის ბოლომდე გამოვლენა სწორედ თბილისში უნდა მომხდარიყო.

ნინო ჯავახიშვილი

ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)

წყარო/Source: http://www.ambebi.ge/books/43482-qrodesac-mtserali-shemguebelia-iq-yvelaferi-dasrulebuliaq.html#ixzz1cMurZNy2
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Mon Oct 31, 2011 7:13 pm



ერეკლე საღლიანი კითხულობს ნუგზარ ბერაძის (ღიღინო ცახურის) ლექსს...

***
წავარნას შემომაღოღდა,
მშიერი ლეკვი მგლისაო.
დავჯექ და ძუძუ ვაწუე,
დამშრალი ერთი წლისაო.
რძის ნაცვლად სისხლი დამდინდა,
სუნ–გემო სიმლაშისაო.
რაღაი ერთი დაჰგეშა,
სულ ჩემს კარძვრომში ზისაო.
ვეფხი ვარ, მაგრამ გული მაქვს,
თვალზე კურცხალი მდისაო,
ვითამ ჩემ ბოკვერ მიზრდია,
წაგვრილი სიკვდილისაო.
ძუძუებ რომ დამაღიჯნოს,
ვეღარ გავაგდებ სხვისაო.
ე, მაგის წერა ვყოფილვარ,
შამძრავი ცა-მიწისაო.
ეგ იცის დედაშვილობამ,
ძალამ მის ძუძუ რძისაო.
სულაც რომ შევეჭმევინო,
მადლს ვერ მოვისხამ მისაო,
მგელი მგელადვე დარჩების,
ლაშზე სულ სისხლი სდისაო.
მაგისა ვეფხად მოქცევნას
პირი არ უჩანს ღვთისაო.
მაგრამ რაი ვქნა მებრალვის,
ცოდვაც მკლავს ამაგისაო.
ცუდია? მაინც შვილია..
ბრალია რა მაგისაო.
ერთია მარტო ის მამწონს,
ჯავრს ის არ შაიჭამს მტრისაო,
არცარა სხვისი ებრალვის,
არცარა თავისისაო.
წავარნის კარში მიყმუის,
მშიერი ლეკვი მგლისაო,
ნეტავი გამაგებინა,
სიკვდილ თუ დამაცლისაო.


ეს ლექსი დაბეჭდილია „უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში“ (გვერდი 559). ავტორია ნუგზარ ბერაძე (ღიღინო ცახური).



წიგნის სახელწოდება - "უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგია"
რედაქტორი - ვაჟა ოთარაშვილი
თემა - პოეზია;
ISBN 978–9941–0–1852–7
გამომცემლობა - ქართული მწერლობა
გამოცემის წელი - 2009
გვერდების რაოდენობა - 800
ყდა - მაგარი
ფასი - 49.00 ლარი
წონა - 1.754 კგ.

ანოტაცია: უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგია მოიცავს პერიოდს 1978 წლის 14 აპრილიდან დღევანდელობამდე და უდიდესი საჩუქარია ყოველთა ქართველთათვის, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი...

study


Last edited by Admin on Tue Nov 01, 2011 6:13 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
ნინო ჭინჭარაული
Front of Armury
Front of Armury
avatar

Female
Number of posts : 82
Age : 28
Location : tianeti
Job/hobbies : journalistic.literature
Humor : .
Registration date : 06.02.11

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Tue Nov 01, 2011 4:51 pm

ძალიან,ძალიან,ძალიან მაგარი ლექსია!!!!!!!
Back to top Go down
View user profile http://xevsurety.blogspot.com
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Sun Mar 25, 2012 5:12 pm

ერეკლე საღლიანი

ჩამქრალ კერიის სადარდელი

ვაჟა ხვისტანის ნათელ ხსოვნას

შენს ფიქრს არც თავი, არც ბოლო უჩანს,
ჩამქრალ კერიის სადარდელს ამხელ,
უღამურ ღამეს მინდობილ ქუჩას
რად აქვს მოტირალ დიაცის სახე.

მიწა იძრა და მერეხი გატყვრა,
ვიწვით და მაინც ძვლებს ვეღარ ვითბობთ,
აქ ნატვრაც უკვე აღარ ჰგავს ნატვრას,
წუხილმაც ფერი დაჰკარგა თითქოს.

ვაჟა! მეოხი დღეს არვინ არის,
მოჰგავს ქალაქი დიდ საძმო საფლავს,
მზე, ვით სამრეკლოს ვეება ზარი,
მოსწყდა ზეცას და დაქანდა დაბლა.

ვაჟა!ილაჯი გვშხამავს და გვშხამავს,
გაგვტეხა ჭირმა, მოგვჭირდა დაღლა
და, ვითელდისმგვრელ სიკვდილის ნანას,
ნანას გვიმღერის შავი ზღვის ტალღა.

დავტოვეთ მოქვი, გუმისთა, ლაბრა,
ვისაც სურს, ყველა უწყალოდ გვჭრისა,
ჩვენც ვცოდეთ, ცოდვის წინ გვიდგას ტაბლა,
ზარი გვლევს, ზარი, ჭირს ვურთავთ ჭირსა!

ვაჟა!ტანჯულებს ტაროსი გვიხსნის,
ქარი სტვენს, ტანზე წვიმის შოლტს გვირტყამს,
ხედავ?-ვით შრება ძარღვებში სისხლი,
ბაგეებს ვითარ უკვდება სიტყვა.

ვაჟა! დარდისგან ბრუვდები, თვრები,
ფუთფუთებს ფიქრი-ფუტკრის ნაყარი,
საყდრის სითეთრეს ნატრობენ მთები,
უფლის სითეთრეს ნატრობს საყდარი.

ვაჟა! სხივი კვლავ გათალე ისრად,
თოვლი უმტვერო მანდილს თუ გიქნევს,
პირაუგიან კაცის შინ მისვლას,
იტყვი:არმისვლა სჯობდესო იქნებ!

ვაჟა! მეწამულ თვალს ითხრის ღოლო,
ჩააგებ კალამს, დაგცდება:”კმარა!”
ნატრობ: სიკვდილმა მოგიღოს ბოლო,
ოღონდ სირცხვილმა არ მოგკლას, არა!

ვაჟა! კვლავ დგახარ სისხლის გუბეში
და სიცოცხლისგან წვეთ-წვეთ იცლები,
”ასე ქრებიან მთათა უბეში
მზეს შეწირული ლურჯი ნისლები.”
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Sun Mar 25, 2012 5:13 pm

ერეკლე საღლიანი

ქუთაისს

აქ ბაგრატ მეფემ მიწა
აკურთხა უფლის ტაძრად.
შენი მზე, სულს რომ მიწვამს,
ცისარტყელაში გაძვრა.

გიმღერ და შენზე ვფიქრობ,
ცრემლო, მინდობილ თვალთა,
აქ დაიბერტყა თითქოს
უფალმა თავის კალთა.

სიცოცხლე ხარ და ღვივი,
სავსე სიკეთით, მადლით,
ცას გამოექცა სხივი
და შენს ქუჩებში დადის.

დადის და ჰქარგავს შუკებს,
შენც მზის სწორ უსათუოდ,
უკვდავებასაც უკვე
ვხედავ, რომ ვეღარ ჰგუობ.

გეძახი, შენი ხმა ვარ,
შენი მოდგმის და გვარის,
შენს კარიბჭესთან ვდგავარ,
გამიღე საყდრის კარი!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Sun Mar 25, 2012 5:14 pm

ერეკლე საღლიანი

ჰა, ბურთი და მოედანი

გივი ჩოხელის ხსოვნას

სივრცე ვრცელი, საირაო...
გამარჯვება მრავალი,
კაცმა უნდა გაიაროს,
წამში,-ას წლის სავალი.

თვალდავსილი ზეცა გტირის,
ჩვენთან რარიგ მოხველო,
ლაშქარს, როგორც სერასკირი,
გაუძღვები, ჩოხელო!

დრო რგავს კვლავაც თავის სარგავს,
ჩვენ დროსთან ვერ მივედით,
მაინც აღარ დაგვიკარგავს
არც სასო და იმედი.

ფუძის მადლი კვლავაც გვიცავს,
გავწყვეტთ რკინის არტახებს,
კვლავაც დაზრდის ჩვენი მიწა,
შენისთანა ვაჟკაცებს.

გაკრთი, ფიქრო არნახული
გული დარდით ივსება,
ფერფლქვეშ არის დამარხული
ჩვენი ძველი ღირსება.

გაკრთი, ტკივილს ქედს ნუ უხრი,
შენ ხარ ჩვენი დიდგორი!
ჰა, გაწევა და მგლის მუხლი,
ჰა, ბურთი და მინდორი!

საწუხარზე გვიწერია,
ველით, აქაც ინათებს,
ქედს იხრიდა იმპერია
ლომგმირების წინაშე.

გიხსენებ და ჰო, დრო გადის,
ვარ ფიქრებში წასული,
შენ ხარ ჩვენი მყოობადი,
განა მარტო წარსული?

ბურთს ამღერებ, მოგდევს ისიც,
ერთხმად, ერთსულ მღერიხართ,
განა კარის?-შენ სინდისის
და ნამუსის მცველი ხარ.

იქნებ სიტყვამ გაამთელოს,
გასამთელი რაც არის,
შენთვის იყო საქართველო
ჯვარცხებული ტაძარი.

ბუქი ბუქობს, გვბურავს ერთობ,
ბუქში მდგარი შენა ხარ!
იმ ცეცხლს, გულში შენ რომ გენთო,
დროთა სვლა ვერ შელახავს.

სივრცე ვრცელი, საირაო...
გამარჯვება მრავალი,
კაცმა უნდა გაიაროს
წამში, ას წლის სავალი.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Sun Nov 18, 2012 7:16 pm

ერეკლე საღლიანი

ხორბალი



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Wed Feb 27, 2013 12:11 pm



ერეკლე საღლიანი


***

ხედავ სიზმარში როგორ ქრებიან,
აფიფქებული ღამის ჩრდილები.
სვამენ წყვდიადებს, ყორნისფრთებიანს,
თვალები, სიმწრით დასეტყვილები.
ხედავ: ნამეხარ მთების ბილიკებს,
მოხვეტავს ქარი შურისძიების,
ღამით ბინდ-ბუნდში ჩაიქილიკებს
და სიბნელესაც მორთავ იებით.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Tue Oct 29, 2013 2:52 pm



წიგნის დასახელება - „რაშოუდა“
ავტორი - ერეკლე საღლიანი
რედაქტორი - ომარ გვეტაძე
კორექტორი - მარინა შერმადინი
ფოტო და დიზაინი - ნუგზარ ხონელიძე
კომპიუტერული მომსახურება - ირმა ტყეშელაშვილი
გამომცემლობა - ქუთაისი
გამოცემის წელი - 2011
გვერდების რაოდენობა - 194
ISBN 978-9943-0-3320-9
ყდა - რბილი

რაშოუდა : პოეზია, წერილები / ერეკლე საღლიანი ; [რედ. ომარ გვეტაძე ; ფოტო ნუგზარ ხონელიძე]. - ქუთაისი, 2011. - 194 გვ. ; 20 სმ.. - ISBN 978-9943-0-3320-9 [MFN: 149236]

შინაარსი:

პოეზია: სხვა არაფერი აღარ იწამო; მახვში; წმიდა ნინო; ჩემო სისხლო და ხორცო; ***მე გამშვიდებდი; ბაბას საფლავთან; ***ხშირად მარტო ხარ; რაშოუდა; ***დამზრალ ხეებს არხევს ზენა ქარი; ***შერმადინ ქალდანს; სისხლად დაღვრილ სიტყვებს ვმღერი; ***ღრუბლების დაშლილი ტივი; ***ურდული ადევთ დარბაზებს; ***ბექნუ ხერგიანს; ქართულო ლექსო; ***ომარ მხეიძეს; სიაუში; პოეტი [და სხვ.];

წერილები: გვირგვინის სიმძიმე და სინანულის ცრემლი; უწმინდესო და უნეტარესო; ადამიანები რომ მღეროდნენ; ოთარ ჭილაძე; იყავი მეფეც; ლექსდანდობილი; თემურ ჩალაბაშვილი; ჩალისფერი აგონია; პორტრეტი; მერაბ აბაშიძე; აი, რომანი!; ტარიელ ხარხელაური [და სხვ.]



„აფხაზეთის ომმა ავად მოსაგონარი კვალი დატოვა ჩვენში. მე დარწმუნებული ვიყავი, ეს კვალი თავის გამოძახილს ჰპოვებდა ქართულ მწერლობაში, მაგრამ თუ ასე მალე მოხდებოდა, ნამდვილად არ ველოდი. ჩემმა საყვარელმა მწერალმა, მიხო მოსულიშვილმა ორი უბრწყინვალესი ნაწარმოები შესძინა ქართულ მწერლობას: „უჟამო ჟამის რაინდი“ და „თეთრი ლაშქარი“.
სამწუხაროდ, მე არა მაქვს საშუალება, საფუძვლიანად მიმოვიხილო ეს ნაწარმოებები, მაგრამ შთაბეჭდილებას, ჩემსას, მეორე ნაწარმოებზე გაგანდობთ:
პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, ბატონი პეტრე შალიკაშვილი ეძებს კამანის მისადგომებთან დაღუპულ შვილს.
მასთან ერთად არიან გაეროს სამხედრო დამკვირვებლები ჯერი ადამსი და ტომ სიბერი. სიმონ ჩალაძის პასპორტით ის გადადის მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ გამოიხსნას შვილის ცხედარი. ამ დროს ის იცნეს ჩეჩენმა მეომრებმა (რადგან მამა და შვილი საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს) და მისი მოკვლა სცადეს. ბატალიონის „ჯიგიტის“ მეთაური იბრაჰიმ ბეკ იდრისოვი დაიხსნის პეტრეს და თავად წარუძღვება გორაკისკენ. პეტრესთან შეხვედრამდე იბრაჰიმს სტანჯავს ყოველღამიერი ჩვენება - ლევან შალიკაშვილისა. ესვრის და ვერ კლავს. საფლავის ამოთხრისას მამამ იცნო შვილის დასახიჩრებული ცხედარი და აქვითინდა. იბრაჰიმის კითხვაზე „შენი შვილია?“, პეტრე უარს ამბობს.

„იბრაჰიმი – ყური დამიგდე, გიაურო! კარგად მომისმინე!
პეტრე – გისმენ!
იბრაჰიმი – ამ ღლაპს შეითან-გურჯი შევარქვით. აქ იყო გამაგრებული, ქვემოდან ჩვენ ვუტევდით. კარგად იბრძოდა და ბევრიც მოგვიკლა. მერე სროლა შეწყდა და სიმღერა შემოგვესმა... სულ სხვანაირი სიმღერა იყო, სულის შემძვრელი... ასე მამაჩემი მღეროდა, როცა ძალით გვასახლებდნენ ჩვენი მთებიდან უდაბნოში... მივხვდით, ტყვიები გაუთავდა. ხუთი ჩვენიანი შემოერტყა შემართული ავტომატებით. ახლოს რომ მივიდნენ, „ლიმონკას“ დამცველი გამოგლიჯა, თავიც აიფეთქა და ის ჩვენი ხუთი მებრძოლიც შეიწირა... აქ რომ მოვირბინე, ფეხი მუხლს ქვემოთ ჰქონდა მოგლეჯილი. დაფლეტილი მუცლიდანაც სდიოდა სისხლი... მთელი ხმით ვღრიალებდი – რამდენი კაცი მომიკალი მეთქი! ხუთი ხომ აქ იწვა, ქვემოთ კიდევ – ცამეტი! შეშლილი ვიყავი, ჭკუიდან გადასული! (ყანწს ამოიღებს) აი, ეს ყანწი გავავსე იმისი სისხლით და შევსვი... ზიზღით დამანჭა სახე და წვალებით მითხრა: „შენც ჩემსავით იბრძოლებდი, ურჯულო!“. აი, ასე მოკვდა... რამდენჯერაც სიზმარში ვნახავ, ამ სიტყვებს მიმეორებს...
...მისმინე, გიაურო! ცხოვრება ხანდახან საკვირველ დამთხვევებს გვთავაზობს... ამის ხნის ვიქნებოდი, ავღანეთში რომ ვიბრძოდი. და მეც შეითან-გურჯივით შემომერტყა მტერი. მეც „ლიმონკა“ მეჭირა და „დაგვნებდიო!“ - მიყვიროდნენ...
...მე ვერ გავბედე იმ წყეული „ეფადინის“ ძირს დანარცხება!
...ტყვედ ამიყვანეს რუსებმა და ახლა იმათ ვოლიერებში გამოყვანილი ნადირი ვარ!
...ახლა საბოლოოდ გეკითხები, შენი შვილია?
პეტრე – (უცნაურად ეცვლება ხმა) ჩემი არ არის!
იბრაჰიმი – აბა, წეღან ტყუილად ქვითინებდი?
პეტრე – შემებრალა!
იბრაჰიმი – შეითან-გურჯი კი გამოზარდე, მაგრამ იმისთანა ვაჟკაცი შენ ვერ ყოფილხარ!..
...ალ-ლაჰმა აცხონოს! ვაჟკაცი იყო! სიმღერით მოკვდა! როგორც ამ გორაკზე შეითან-გურჯი, ისე უნდა მოვმკვდარიყავი ავღანეთში! ჩემზე ძლიერი ყოფილა!.. შენც კი დაგამარცხა, უარი გათქმევინა საკუთარ სისხლსა და ხორცზე, მე უარესს არ მიზამდა?!
...წაიღე და შენი თავი ამისთვის მიჩუქნია!"

იბრაჰიმი შეითან გურჯში პოულობს იმ თავისუფლებას, დღენიადაგ თავად რომ მიელტვოდა და რომ ვერ მისწვდა. დაინახა ის ვაჟკაცობა, თვით შემეცნებაში რომ აღარ ეტეოდა, დაინახა და იწამა. მან გულში უნდა გამოიგლოვოს ვაჟკაცი მტერი და ეს შეარიგებს მასთან. შეითან გურჯი და იბრაჰიმი ჯერ კიდევ სხვადასხვა სამყაროს მუხტის მატარებელნი არიან. ლევან შალიკაშვილმა თავისი საქციელით შეამზადა მოწინააღმდეგე გარდაქმნისათვის. ჩემი აზრით, ამ ნაწარმოების შექმნით ავტორმა არა მარტო ასახა დღევანდელი დღის მტკივნეული მოვლენა, არამედ გააგრძელა დიდი ვაჟა-ფშაველას ხაზი ქართულ მწერლობაში".

ერეკლე საღლიანი - „დედამიწის ცოდვა მქონდეს, თუ ვტყუოდე“ (ინტერვიუ), წიგნიდან „რაშოუდა“ (პოეზია, წერილები), ქუთაისი, 2011 წელი, გვერდები 162-164.


study


Last edited by Admin on Sun May 15, 2016 7:53 pm; edited 3 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Tue Oct 29, 2013 3:28 pm



„კულტურის საათი“
თარიღი: 2013წ, 29 ოქტომბერი, 12:30 - 13:25
წამყვანი: საღლიანი ერეკლე
სტუმარი: მოსულიშვილი მიხო

მედია-კავშირი „ობიექტვი“

* http://www.obieqtivi.net/tv.php?id=14384

* http://youtu.be/_8B94sAaopc
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Sun May 15, 2016 7:36 pm



ერეკლე საღლიანი

***
ურდული ადევთ დარბაზებს,
ბილწთ რარიგ დავმოყვრებივართ?..
მიწა გვაკლია, არ გვაძევს,
თორემ ნამდვილად მკვდრები ვართ.
ლოკავენ ცეცხლის ენები
სავალ ბილიკებს, იწროსა...
სადაც რომ ჩავესვენებით,
იმ მიწამ უნდა გვიცნოსა.




***
სიხარულს ვზომავ წამით მე...
მცნებას ვიმარხვი ამგვარად,
უნდა მოვაწრო, წავიდე,
ვიდრე წასვლის დრო დამდგარა.
მოსწრება უწინ მტვერს წაშლის,
ქცევას მიმითვლის ნებისად,
სულეთის მონატრებაში
მე ღმერთი მენატრებისა.


***
მივყვები დღეთა ქარავანს,
ცა ღრუბელს ურევს კარდალით,
თუმც იცი, სწორი არა ვარ,
მაგრამ ვარ, იცი - მართალი.
კონჩხში მისხია ზედაშე,
ხმიადზე თეთრი მზე არის,
კარგია, დღეს რომ მე და შენ
არაფერი გვაქვს ზიარი.



***
არც სუნთქვა, რხევა არც ბაგის,
რისთვის ასეთი... რად ნება?
ეგ შენი თეთრი არდაგი
ტანზე ფიფქივით გადნება.
სულის ცხენს უნჯი კი არა,
აწცა სძევს ოთხი ფიცარი.
სიკვდილმ რომ ამოიარა,
ფლოქვების ხმაზე იცანი.

Smile
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3965
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   Mon Feb 13, 2017 10:02 pm

მარი არღვლიანი

ქამმერდე, ანუ ტყის კაცი
(ინტერვიუ პროფესორ ისტორიკოს ერეკლე საღლიანთან)

საქართველოს ყველაზე მაღალმთიან და ულამაზეს კუთხეში, სვანეთში, ბევრი მითი და ლეგენდაა შემორჩენილი. იქ დაცული თითოეული ქვა უძველესი საქართველოს ისტორიას, კულტურას ინახავს. თავად სვანების მტკიცე ხასიათშიც ირეკლება ჩვენი წარსული, ისინი ხომ მუდამ იცავდნენ საქართველოს კარიბჭეებს. როცა სხვა კუთხეებს მტერი შეესეოდა, ქართველებს ეროვნული საგანძური სვანეთის მთებში აჰქონდათ და სვანებს ანდობდნენ.
ეს ძირძველი ქართული მიწა ბევრ საიდუმლოს ინახავს. ეთნოგრაფებს, ისტორიკოსებს თუ ლიტერატურის მკვლევარებს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ შესასწავლი და სათქმელი. ამ კუთხეში პარანორმალური მკვლევარებისთვისაც ზღვა მასალა მოიძებნება. ბევრის აზრით, სვანურ ფოლკლორში მოთხრობილი ქამმერდე, ანუ ტყის კაცი, სულაც არ არის მითი. ზოგის თქმით, ის რეალურად არსებობს და დრო და დრო ადამიანებს სხვადასხვა სახით ევლინება. განსაკუთრებით იმ ადამიანებს ეცხადება, რომლებსაც სული ცოდვებით აქვთ დამძიმებული. სვანურ გადმოცემებსა და, ერთი შეხედვით, დაუჯერებელ ამბებზე პროფესორი, ისტორიკოსი, პოეტი ერეკლე საღლიანი გვესაუბრა.
– ბატონო ერეკლე, საუბარი მინდა დავიწყო სპარტაკ ფარჯიანის მიერ გადაღებული ფილმით "მაცხვარ ლატლიშ", სადაც თქვენ მიერ დაწერილ ტექსტს თავად კითხულობთ. იქ თქვენ სვანეთს უწოდეთ "საქართველოს საგანძური, მთაში ატანილი". უფრო კონკრეტულად რას ეტყოდით ამის შესახებ ჩვენს მკითხველს?
– სვანეთში ბევრი სამუზეუმო ექსპონატი ინახება. ზოგი ადგილზეა შექმნილი, მაგრამ სვანეთი ცნობილი იყო იმითაც, რომ საქართველოს ამ ისტორიულ კუთხეში ხშირად აჰქონდათ ეროვნული საგანძური. მე არ ვიცი, რა უნდა იყოს ამაზე დიდი ნდობა. მთელმა საქართველომ სვანეთს ანდო ეს სიმდიდრე. იმერეთის 1818–20 წლების აჯანყებას სათავეში ედგა იოანე აბაშიძე – იმერეთის უკანასკნელი მეფის, სოლომონის შთამომავალი. აჯანყება გამოიწვია იმან, რომ ეგზარხოსმა თეოფილაქტე რუსანოვმა ქართულ ტაძრებში შემონახული განძი რუსული ეკლესიის საკუთრებად გამოაცხადა და მისი კონფისკაცია მოითხოვა. ეს დიდი აჯანყება სწორედ ამას მოჰყვა. აჯანყებულებმა მთელი განძი მოათავსეს სათავსებში და გაუდგნენ სვანეთისკენ გზას. მათ რუსეთის იმპერიის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები დაედევნენ. იმ დროს, როცა სვანეთისკენ მიმავალ მამულიშვილებს გაუჭირდათ, მთის წვერზე ცეცხლი დაანთეს. მოგვეხსენება, რომ იმ დროს ეს იყო ნიშანი იმისა, რომ იქ ვიღაცას უჭირდა და მათ მისაშველებლად თვითონ სვანები მიცვივდნენ. იმერეთიდან ამოსულმა ხალხმა სვანებს შესთავაზა, ეს განძი აიტანეთ სვანეთში, ჩვენ კი რუსებს შევაჩერებთ, რომ არ დაგვეწიონო. სვანებმა იუკადრისეს, ჩვენ კი არა, მეგზურს გამოგაყოლებთ და ეს განძი თქვენ თვითონ აიტანეთ, რუსებს ჩვენ შევაჩერებთო. აი, ასე გადარჩა ეს განძი.
– ამ კუთხემ საქართველოს უნიკალურ ფოლკლორთან ერთად ბევრი მითი და ლეგენდა შემოუნახა. ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი მათ შორის არის მითი ქალღმერთ დალისა და მონადირეების თემაზე.
– ეს მითი მხოლოდ თქმულებებში არ ასახულა, სვანურ ხალხურ პოეზიაშიც აისახა. სვანური ხალხური პოეზიის ერთი უნიკალური ნიმუში გვაქვს, სადაც ასეთი შინაარსის სიუჟეტია გადმოცემული – მონადირე წავიდა სანადიროდ, მოკლა ჯიხვი, რომელსაც შუბლზე მთვარესავით თეთრი რკალი ჰქონდა – ამას უწოდებენ ნარჩევ ჯიხვს, ანუ ეს არის ნადირობის ქალღმერთ დალის რჩეული ჯიხვი. ნადირობისას ყოველი მონადირე, რომელიც მას დაინახავს, ერიდება, რომ ესროლოს. ამ მონადირემ კი ეს ნიშანი ვერ დაინახა. როცა მივიდა და დახედა მოკლულ ჯიხვს, მუხლებზე დაეცა და ნადირთ მფარველ ღვთაებას პატიება სთხოვა. სახლში მოსულმა ზღო თავისი ნამოქმედარი იმით, რომ ნადირობის ღმერთს ხარი უძღვნა და დიდხანს სანადიროდ არ უვლია.
– რას ნიშნავს "ხარი უძღვნა?"
– ეს ნიშნავს იმას, რომ ის ხარი იყო ქალღმერთისთვის მიძღვნილი. მიძღვნა არ ნიშნავდა, რომ მაინცდამაინც უნდა დაგეკლა, შეიძლებოდა უღელიც დაგედგა, მოგეხსნა, მაგრამ გაყიდვა არ შეიძლებოდა. როცა მიძღვნილ ცხოველს დაკლავდი, ის ხორცი უნდა დაგერიგებინა გაჭირვებულებისთვის, მეზობლებისთვის. იმ მონადირის დედამ არ იცოდა, რომ ეს ხარი იყო მიძღვნილი და როცა მყიდველებმა ჩამოიარეს, გაყიდა. მისი შვილი ამ დროს სახლში არ იყო. იმ ღამეს ბიჭის დედას დაესიზმრა თეთრი ქალი, რომელმაც უთხრა: "შენმა შვილმა ჩემი შვილი მოკლა და მე ეს გაპატიეთ, ხარი შემომწირეთ და ის ხარიც გაყიდეთ!". გამოეღვიძა დედას, ელდა ეცა. შვილი სანადიროდ იყო, მის საძებნელად ხალხი გაგზავნა და ის კლდეზე გადაჩეხილი იპოვეს.
– სვანებისგან ხშირად გამიგია მითი ქამმერდეს, ანუ ტყის კაცის შესახებ. საიდან წარმოიშვა იგი?
– რაც შეეხება თვითონ ამ მითს, მოგვეხსენება, რომ ჰიმალაის მთებში, როდესაც მთამსვლელები ცდილობენ ამ 800 მეტრიანი მწვერვალების დალაშქვრას, ხშირია მათზე თავდასხმა. ამ თავდამსხმელს უწოდებენ იეტს, ანუ თოვლის კაცს. რამდენიმე წლის წინ ტელევიზიითაც კი აჩვენეს ამ თოვლის კაცის მოძრაობა, მისი ნახტომი – ეს მართლაც არაადამიანურია. მისი მოძრაობა და აგებულება ადამიანისას არ ჰგავს.
– თქვენი აზრით, რამდენად ახლოს არის ეს რეალობასთან?
– მე მაინც მგონია, რომ აი, სწორედ შექსპირის ერთ–ერთი გმირი ჰამლეტი რომ ეუბნება ჰორაციოს – "ბევრი რამ ხდება, ჰორაციო, ამქვეყანაზე ისეთი, ფილოსოფოსებს სიზმრადაც რომ არ მოელანდებათ!". სწორედ ასეა. ჩვენ ხილულ სამყაროში ვცხოვრობთ და ყველაფერს იმის მიხედვით ვაფასებთ, რაც ჩვენ თვალთახედვაში ექცევა, მაგრამ დანარჩენი სამყაროს არსებობის შესახებ არაფერი ვიცით. მას მეცნიერებმა "პარალელური სამყაროები" უწოდეს.
– მე თავად ვიცნობ იმ ადამიანებს სვანეთში, რომლებიც ყვებიან, ღამით მიმავალთ თუ როგორ შეეჩეხათ ქამმერდე.
– მე არ ვიცი, ამ შემთხვევაში რამდენად სარწმუნოა მათი მონათხრობი, მაგრამ ნამდვილად არაფერს გამოვრიცხავ. თავისთავად ქამმერდეს არსებობა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენ ჩვენი გარემოც არ გვაქვს საფუძვლიანად შესწავლილი. დედამიწის გულში დამარხულ და შენახულ საიდუმლოებებს ბოლომდე ვერ ვწვდებით. მაგალითად, ჩემი სოფლის ზემოთ არის დიდი ქვა. გადმოცემის მიხედვით, ეს ქვა ქამმერდემ მოიტანა და როცა ამ ქვაზე ჯვარი ამოჭრეს, ის იქაურობას გაეცალაო. ე.ი. ჩვენ გარკვევაც კი გვიჭირს, თუ რა ძალაა ეს ქამმერდე. მაგალითად, სვანეთში, ოჯახში მესტუმრა ერთი კაცი, რომელიც მომიყვა, თუ როგორ დახვდა მას ქამმერდე და ფიზიკურად შეეხო. როცა ის კაცი ჩემი ოჯახიდან წავიდა, პირველი, რაც გავიფიქრე, იყო ის, რომ, სამწუხაროდ, ამ კაცს დიდი ცოდვები ჰქონდა ჩადენილი. თურმე ქამმერდეს შეხვედრის შემდეგ შინ რომ მისულა, დასისხლიანებული და შემოფლეთილი ჰქონია ტანსაცმელი. სახლში შესვლისთანავე გული წასვლია, ძლივს გადაარჩინეს. მერე თვითონ ყვებოდა, ქამმერდემ ხელი რომ წამავლო, პირველი, რაც მითხრა, იყო, კარგია, ღამე რომ დადიხარ გარეთ, რადგან შენ დღისით გამოსაჩენი პირი არ გაქვსო. ეს მართლაც სასწაული არ არის?! ამიტომ ვიფიქრე მეც, რომ ამ კაცს რაც გადახდა, სწორედაც თავისი ჩადენილი ცოდვების შედეგი იყო.
– ანუ სიმართლე იყო თქვენი სტუმრის მონათხრობი?
– ამ შემთხვევაში ცოტა შორს წავალ და ღვთივგანბრძობილი მამების აზრს გეტყვით. ისინი ამბობენ, რომ ყოველი ნადირის თუ ზებუნებრივი არსების თავდასხმა ჩვენზე არის ჩვენი ცოდვების გამო. ეს ცოდვები კი სწორედ ნადირის – ან ქამმერდეს, ან რაიმე არსების – სახეს იღებს და გვესხმიან თავს. უფრო ალბათ ამ კუთხითაც შეიძლება ავხსნათ. ხოდა, ის კაცი რომ ჩემგან წავიდა, სწორედ ამიტომ გავიფიქრე, ეს ყველაფერი მისი ცოდვების საზღაური ხომ არ იყო–მეთქი.
– უფროსების მონათხრობის მიხედვით, ქამმერდე ხშირად იცვლის სახეს და შეიძლება ახლობელი ადამიანის სახითაც კი გამოგვეცხადოს...
– ვერ გეტყვით, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი უნდა შეიკრიბოს, იმიტომ, რომ ყოველ მონაყოლში, თუნდაც მითში, არის ისეთი რამეც, რამაც შემდეგ შეიძლება ამ საკითხით დაინტერესებულ ადამიანებს კარგი სამსახური გაუწიოს. მე თოვლის კაცი, ანუ იეტი ვახსენე და, სხვათა შორის, ამ იეტზე თქმულებები სვანეთშიც არსებობს, ოღონდ ჩვენ მას ქამმერდეს ვუწოდებთ. "ქამ" ნიშნავს – "გარეთ", "მერდე" – "მყოფს", ე.ი. გარეთმყოფი ადამიანი, თუმცა მას სალიტერატურო ქართულ ენაში ზუსტი შესატყვისი არ გააჩნია.
– რითი განსხვავდება ის ჩვეულებრივი ადამიანისაგან?
– ის ერთ ადგილზე არ არის დამკვიდრებული, ჩვეულებრივი ადამიანისგან განსხვავებით, ბუნებასთან შერწყმულია. ბუნების, გარემოს სუნთქვას ჩვენზე კარგად გრძნობს. მისი მოძრაობაც უფრო სწრაფია, ძალდაუტანებელი, სხარტი. ამავე დროს შეუძლია, უცებ გამოჩნდეს და სწრაფადვე გაუჩინარდეს, ანუ მისი შესაძლებლობები ადამიანურობის ფარგლებში ვერ თავსდება. თუ ამას დავუშვებთ, ისიც არ უნდა გვიკვირდეს, რომ მას გააჩნია ის დიდი ძალა, რითაც შეიძლება ვინმეს ახლობელი ადამიანის სახით გამოეცხადოს.
– სვანეთის რამდენიმე სოფელში არის ცალკე საძვალე, რომელსაც ბუშების სასაფლაოს უწოდებენ. სოფლების მცხოვრებნი იმ სასაფლაოზე არ მარხავენ თავიანთ მიცვალებულებს. ვინ იყვნენ ბუშები?
– სხვათა შორის, ეს მეც ძალიან მაინტერესებს და ამ შემთხვევაში პასუხს კომპეტენტური ადამიანებიგან ველოდები. სასურველი იქნება კვლევებში ისტორიკოსებთან ერთად ანთროპოლოგებიც თუ ჩაერთვებიან. ერთხელ ასეთი რამ მოხდა – იმ ადგილას, სადაც ეს სასაფლაოა შემოსაზღვრული, ერთი კაცი სამარხისგან ოდნავ მოშორებით მიწას თხრიდა. მან არ იცოდა, რომ ის ადგილიც ბუშების სასაფლაოს ეკუთვნოდა. მიწას ამოჰყვა ძვლები და ამ ძვლების სიდიდემ ყველა გააოგნა. აშკარაა, რომ ბუშები ვეებერთელა ტანის ხალხი იყო.
– როგორ აღმოჩნდა ასეთი განსხვავებული ხალხი სვანეთში?
– ზოგი ფიქრობს, რომ ისინი ადგილობრივები იყვნენ, რომლებიც დაწინაურებულ კასტას მიეკუთვნებოდნენ. მათ ადრეულ საუკუნეებში აიღეს ხელში ხალხზე მმართველობა, მერე კი მათ თითქოს ხალხმა არ აპატია ის მედიდურობა, რასაც ისინი იჩენდნენ. ხალხი აჯანყდა და ბუშები ამოწყვიტა. მათი დაღუპვის შესახებ ბევრი მითი არსებობს. ზოგი ბუშების ამოწყვეტას აფრასიძეთა საგვარეულოს მიაწერს, იმიტომ, რომ მათ მოინდომეს, სოფელი ეცერი მთლიანად დაემორჩილებინათ და დაპატრონებოდნენ. სწორედ ამიტომ აფრასიძეთა საგვარეულოს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და დადეს ფიცი, რომ ბოლომდე იბრძოლებდნენ. ბუშებს თავს მოულოდნელად დაესხნენ და მთლიანად ამოწყვიტეს. ცხადია, რომ ისინი მხოლოდ ძალმომრეები არ უნდა ყოფილიყვნენ, რადგან ბუშების ნაშენი კოშკების ნანგრევებია შემორჩენილი. ხელოვნების თვალსაზრისით, ისინი საკმაოდ მაღალი დონის ნიმუშებია. ეს უკვე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ისინი ხუროთმოძღვრებაშიც იყვნენ გაწაფული. ის ადამიანები, რომლებმაც მათ შესახებ ბევრი რამ იციან, ამჟამად ცოცხლები არიან და კარგი იქნება, ვინმე მათ საუბრებს თუ ჩაიწერს და შეკრებს.
– დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. დაბოლოს, რას უსურვებდით ჩვენს მკითხველს?
– პირველ რიგში, მინდა ვუსურვო სიკეთე, ბედნიერება! კიდევ ერთი რამ მინდა, ვუთხრა, ხშირად სიზმარსა და ცხადს შორის მხოლოდ ერთი ნაბიჯია და არის შემთხვევა, როცა სიზმარი უფრო ჰგავს ცხადს და ცხადი – სიზმარს. აი, ამიტომ მე მინდა, ვუსურვო ამის გარჩევის დიდი უნარი ბევრ იმ მონათხრობში, რომელსაც მოიძიებენ და მოისმენენ. ყველაფერს თავისებური თვალით შეხედონ და შემდეგ გააცნობიერონ არა მხოლოდ იმის საფუძველზე, რაც მათ წარმოდგენაში ეტევა, არამედ ისეც, რაც მათ წარმოდგენაში არ ეტევა.


სტატიის ავტორი - მარი არღვლიანი
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ერეკლე საღლიანი   

Back to top Go down
 
ერეკლე საღლიანი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: