არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ნათელა მდინარაძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
natela



Female
Number of posts : 8
Age : 77
Location : tbilisi
Job/hobbies : kitxva
Humor : dro beberia
Registration date : 30.10.11

PostSubject: ნათელა მდინარაძე   Sun Oct 30, 2011 7:28 pm

ნათელა მდინარაძე

დავიბადე 1939 წელს თბილისში. დავამთავრე 23_ე სკოლა. ვსწავლობდი უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ბავშვობიდანვე ვწერ. გამოქვეყნებული მაქვს რამდენიმე ლექსი და რომანი ,,მოცელილი ზამბახების სევდა”.



***
...რუ მოდის სუფთა, ანკარა,
ქუჩას მოჰყვება თავდაღმა,
ჩემს სახლთან ჩამოიარა
და შენს ჭიშკართან დამთავრდა...
ჭამ უყო პირი საბრალოს,
დაუნდობელმა ჩაყლაპა...

მთვარეს გაბუტვიან ვარსკვლავები,
პირი შეუკრავთ და გაქცეულან.
მთვარეს უდარდია, ისე უდარდია,
დარდით გალეულა,
ამოტრიალებულა და წაქცეულა...
Back to top Go down
View user profile
natela



Female
Number of posts : 8
Age : 77
Location : tbilisi
Job/hobbies : kitxva
Humor : dro beberia
Registration date : 30.10.11

PostSubject: Re: ნათელა მდინარაძე   Mon Oct 31, 2011 7:48 pm


ამ ლექსის გამოქვეყნება დიდი ხანია მინდა,რადგან სხვადასხვა საიტებზე მხვდება ვიღაც -ვიღაცების მიერ გამოქვეყნებული არასრული .სახით.. ახლა კი მეძლევა საშუალება თვითონ გამოვაქვეყნო:

ღამეა ...მარტოს,დაღლილს ფიქრებით,
შენი წრილის წაკითხვის შემდეგ,
ამტკივდა გული და იმას ვფიქრობ,
პასუხი გაგცე-ნეტავ,თუ შევძლებ..
ცაზე ვარსკვლავებს აქრობს ღრუბელი,
მხრებზე მაწვება კუპრივით ღამე,
სანთელს ვანთებ და გულს ვეკითხები,
რა ვუპასუხო-მითხარი რამე..
ჩურჩულებს სიო და თმის კულულებს
ელამუნება ჩემს ყვრიმალებთან,
ყელზე მეხვევა ვით შენი ხელი,
შენგან მოსული იდუმალება..
წრიალებს სანთლის მბჟუტავი ალი
და შენს წერილებს ოდნავ ანათებს,
სიხარულისგან ცრემლები მცვივა
რომ შენგან ისევ ვიღებ ბარათებს..
მოგნატრებივარ, გადაუღლიხარ,
უჩემოდ ყოფნას,სევდა გწვევია,
მწერ,მართალია,ჩემგან შორსა ხარ,
ეს გული ,ჩემო, მაინც შენია..
მეც ისევ ის ვარ, რაც უწინ ვიყავ,
ჩემი გარდაქმნა ერთობ რთულია,
შენ რომ უყვარდი,შენ რომ უუყვარხარ
და ეყვარები-ჩემი გულია...
ისევ გახსოვარ და ისევ ნატრობ
ჩემი თვალები ხილვას და ციმციმს,
სიმართლე გითხრა ,მეც მენატრები,
უშენოდ ყოფნა ძალიან მიჭირს,
ქალისთვის განა ადვილი არის
გადავიწყება ლამაზი ბიჭის?
კაცი,რომელიც ფიქრობს წარსულზე,
აწმყოც აწუხებს და მომავალიც,
ავბედობა და კაიბედობა ხვედრია
მისი,რა ბედნიერი ქალი ვარ მაინც,
რომ გავხდი შენი წერილის ღირსი..

შენი წერილის წაკითხვის შემდეგ
კვლავ გამახსენდა ჩვენი სოფელი,
თითქოს საგანგებოდ დახატული,
წყაროსთან მორაკრაკე, უსახელო,
მაგრამ ლამაზი ნაკადული.
ჩვენი ორღობე, მწვანით ჩაკუპრული,
მზის და მთვარის შუქს მონატრებული,
დილა იმერული, ღამე იმერული,
ცაზე მოკიაფე ვარსკვლავთა კრებული.
ჩემი ეზო, მოლით დაფარული,
ყვავილებითა და ფოთლებით დაქარგული ,
ჭიშკართან ლოდინით და\ღლილი ყმაწვილი,
ჩემი სიყვარულით გათანგული.

თუ ბედნიერი ვიყავი როგორ,
მის გახსენებას არა აქვს აზრი,
რადგნ არასდროს არ მოგაქროლებს
აწ ჩემს ჭიშკართან ლამაზი რაში .
ეს იყო წინათ, ეს იყო მაშინ,
მაშინ ორივე ვიყავით ბავშვი,
მე რომ ამიხდა ოცნება ჩემი,
მოვარდა ფაფარაყრილი ცხენი
და მომიტანა ღიმილი შენი.
ეს იყო წინათ, ეს იყო მაშინ,
მაშინ ორივე ვიყავით ბავშვი,
მის შემდეგ ბევრი გავიდა წელი,
მე კი ამაოდ, გ ე ლ ი დ ა გელი...


გადავიღებე თმები თაფლისფრად,
ვარ შავთვალება, ლამაზი ქალი,
დავხეტიალობ, დავალ მთელი დღე,
იქნება სადმე შენ მოგკრა თვალი,
რომ გაგახარო ჩემთან შეხვედრით
და ძველებური მოგკიდო ალი.
ალერსი გინდა?-მოგეფერები,
შენ ახლა სევდა მეტი გაქვს გულში,
ჭაღარა თმებში შეგიყოფ თითებს,
ჩაგეღვენთები მალამოდ სულში.

მე გელი, მოდი, ისევ მიყვარხარ,
მოდი მოგხვიო კისერზე ხელი,
ჩაგენთო სულში და მთელ სხეულზე,
ისევ მოგკიდო ალმური მწველი.
მაგრამ ამაო ცდაა ყოველი,
შენ ჩემზე ფიქრი აღარ გაწუხებს,
გრძნობები ისე დაგმონებიან,
ისე ულმობლად უჭერ მარწუხებს,
შენ თუ არ გინდა, შენ თუ არ გაწყობს,
არავის ტრფობა არ შეგაწუებს.

რატომ გგონია არ გითქვამს ჩემთვის,
სასიყვარულო სიტყვა არცერთი,
როგორ არ გითქვამს, აბა, ამქვეყნად
აქამდე ჩემო როგორ გავჩერდი.
შენი სათქმელი, მახსოვს ლექსებად
იღვენთებოდა ჩემს სარკმლის იქით,
იწვოდი ისე, ვით სიბნელეში,
შემორჩენილი სანთელი იწვის.


ნუ ფიქრობ იმას, რომ აღარ გიცდი,
გავტეხე სიტყვა, უარვყავ ფიცი,
შენ რომ აღგითქვი თუ გახსოვს, ჩემო,
მე სულ მარტო ვარ და იმას ვფიქრობ,
რით დაგიბრუნო, რით დაგიჩემო.
კვლავ მტანჯავს შენი ნახვის სურვილი,
არ თქვა, რომ ამის არ მაქვს უფლება,
მე სიყვარულის თვით ღმერთი მწყალობს,
მოდის და შენზე მესაუბრება.


როგორ მიყვარდი...ახლაც არ ვიცი,
რად მიეც შენ თავს რჩევა ასეთი,
რომ სულ არაფერს არ შემეკითხე,
არ მელოდოვო, თქვი და წახვედი.
ისე წახვედი ჩემი სახლიდან,
არც კი შეყოვნდი, ესეც ბედია
და მერე მთელი ცხოვრების გზაზე,
ჩემსკენ არასდროს მოგიხედია.


შენ მე მითხარი ყველაფერი რაც
გსურდა გეთქვა,
სასიხარულო და სატირალი,
შენ მე ყოველი მაუწყე, მაგრამ
რომ დამტოვებდი ეს არ მითხარი.
შენ შემაგუე სევდას და ნაღველს,
მაგრამ არ გითქვამს, რომ არ გინდოდი,
არ დაგცდენია, რომ არ გიყვარდი,
რომ დამტოვებდი და წახვიდოდი.


მეწვია ვიღაც უცნობი კაცი
და მომიტანა ცნობა შენი ფერისცვალების,
შეწუხებული იყო ძალიან,
სევდაჩამდგარი ჰქონდა თვალები,
შენი ქმედებით გაოგნებულმა,
ვერ თქვა ამბავი დანაბარები,
გადმომცა მხოლოდ შენი წერილი,
წასვლისას ღია დარჩა კარები.


ესოდენ მწარე სინამდვილისგან,
შეშფოთდა ჩემი სულიც, სხეულიც,
მაგრამ სიტყვაც კი არ დამცდენია,
მე საყვედურის არ მქონდა ძალა,
რა საჭიროა ხვეწნა-მუდარა,
ვინც წამსვლელია ის მაინც წავა.


დიდხანს ვიდექი ღია კარებთან,
დიდხანს ველოდი იმედს და ნუგეშს ,
მაგრამ ამაოდ,
სიყვარულზე რომ უარს გეტყვიან,
ამგვარ განსაცდელს უშველის რამე?
ვიღაცამ მაინც ჩამიქრო მზე და
მხრებზე ლოდივით დამაწვა ღამე.


წასვლის მიზეზი არ მიკითხია,
არც შენი ხილვის ნდომა მქონია
დანაშაული შენ თუ არ გქეჯნის,
სხვამ გაგრძნობინოს არა მგონია,
შენ მე აკრძალულ მკვლელობით მომკალ,
ვით აქაფებულ ზღვაში თოლია.


Back to top Go down
View user profile
natela



Female
Number of posts : 8
Age : 77
Location : tbilisi
Job/hobbies : kitxva
Humor : dro beberia
Registration date : 30.10.11

PostSubject: Re: ნათელა მდინარაძე   Mon Oct 31, 2011 10:33 pm

იმის იმედი. რომ იმქვეყნად ერთურთს
შევხვდებით,
გამოგიტყდები, ჩემო, მცირეა,
მე სამოთხეში მელის ადგილი,
შენთვის სამოთხე დაკეტილია.
რომ დაგივიწყო? -არ შემიძლია,
მიჩვეული ვარ მე შენთან ჭიკჭიკს
და ნუ გგონია, ნუ გეჩვენება,
ვინც ჩემს სახლთან დგას,ყველა მე მისდის.


შენ გჯერა კატის და გეშინია
ჩემსკენ მომავალ გზაზე არ იდგეს,
სასაცილოა, რა ესმის კატას,
რომელ ქუჩაზე რა დროს გადირბენს.
ერთი მათგანი მე შინაც მიზის,
შავი ფერია, მწვანეთვალება,
თუ გაუჯავრდი ,გაიბუტება,
კარებს აღებს და მიიპარება,
მასაც შენსავით ახასიათებს
შეყვარება და გადაყვარება.


ამბობ რომ არსად არ გელოდები,
მცდარი აზრია, მე გიცდი ხესთან,
მე გიცდი ხევთან, მე გიცდი წყალთან,
მე გიცდი ზღვასთან, მე გიცდი ყველგან
და ეს ლოდინი სულაც არა მღლის,
სულაც არ მქანცავს.
მოდი იხილე რამხელა არის ,ნაძვი,
ოდესღაც შენ რომ დაჭერი, მოდი და
ნახე, როგორ გაზრდილა იმ ნაძვზე
სულო, ჩვენი სახელი.


მე ორგულობა არ შემიძლია,
მე ორგულობის არა მაქვს ნიჭი,
მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება,
სოფლის ტალახში გაზრდილი ბიჭი.
ეს შენ შეგეძლო სხვაც გყვარებოდა,
არ ვიცი ჩემზე ნაკლებ თუ მეტად,
მაგრამ ფაქტია რომ სიყვარულმა,
მე ცხოვრებაში დამტოვა კენტად.


დიდხანს ველოე საწადელ სიტყვას,
არ გაიმეტე, აღმოჩნდი ძუნწი,
არ ვიცი ვისთვის გადაინახე,
შენ იქნებ ახლაც ვიღაცას უცდი,
მე სიყვარულმა ეჭვებით დამხრა,
შენ არ იყავი არასდროს ჩემი,
ალბათ ეს იყო იმის მიზეზი,
რომ ჩვენი მაინც გაიყო გზები.


შეცდომა იყო ჩვენი შეხვედრა,
ის სიყვარულიც იყო შეცდომა,
რომ არაფერი დაგვაშორებდა,
არ ვიცი, ჩემო, რატომ მეგონა.
მე სიყვარულში არ მქონდა ბედი,
არ ვიცი რატომ, ვისი ბრალია,
გამატიალა ტანჯვა_წვალებამ,
გულს არაფერი არ უხარია,
სარკეს ჩავყურებ და მეტირება,
სახე ნაოჭებს დაუღარია.


თმებში იმძლავრა სითეთრემ, იცი
თმის თეთრი ფერი თუ რა ბევრს ამბობს,
თვალთაგან ცრემლი ჩამომდის ღვარად
და წამწამებზე საღებავს ალბობს.
ღმერთს არ ვახსოვარ დაბადებიდნ, არ
გამითენა დღე ჯერ მზიანი,
ვერ ამოვხსენი, ნუთუ დარდისთვის
ჩნდება ამქვეყნად ადამიანი.


მაინც მიყვარხარ, არ მავიწყდები,
გადავიწყება ერთობ ძნელია,
წარსულში მარტო მე და შენ დავრჩით,
სხვა არავინ და არაფერია.
უშენოდ ყოფნამ სული დაღალა
და გულიც ხშირად მტკივა ძალიან,
შენ რომ მარტო ხარ, მე რომ მარტო ვარ,
ეს ,ჩემო, მხოლოდ შენი ბრალია.


სიყვარულისგან გათანგულს თურმე
მიცქერდი როგორც დაწერილ ფურცელს,
რომელსაც ჰქონდა ბეჭედი შენი და ამტკიცებდა,
არ გააჩნია გრძნობა, არც გული,
არ შეუძლიაო სიყვარული.



მე ამ ბრალდებამ შემზარა, ჩემო,
რითი შეგეძლო მოგეკალ სხვითი,
ქალი რომელიც მე მანაცვალე,
ნეტავ ვიცოდე მჯობია რითი,
კოლხი მედეას მსგავსია თუ
უბრალოდ მითი.

მამალი ღამეს აფრთხობს ყივილით,
ცაზე ვარსკვლავი შერჩა კრიალა,
წარმოვიდგინე ჩემი მეტოქე,
სულზე გველივით გადაიარა.


ღმერთი არ აჩენს ყველას ერთნაირს,
აჩენს ნიჭიერს, დებილს, იღბლიანს,
ზოგს აჩენს მგლის დარს, ზოგს ავს ქორივით
და ზოგს უვნებელს როგორც ნიბლიას,
როგორ გაკადრო სამაგიერო,
თუ სიძულვილი არ შემიძლია.


ციზმარში გნახე, უფლის წინ იდექ,
ცოდვებისაგან განაწამები,
მე მოვდიოდი, მე მოვდიოდი,
მე მოვდიოდი შენსკენ წვალებით,
მინდოდა, ჩემო, გადამერჩინა,
ღმერთის რისხვისგან , შენი თვალები,
მაგრამ ღმერთი თუ მაინც გაწყრება,
მე დავბან ფეხებს ვით მაგდალინა
და შევუმშრალებ ლამაზი თმებით,
ღმერთიც შეგინდობს, მეს გაპატიებ
და მერე უფრო მშვიდად მოვკვდებით.
მე გაპატიებ, რადგან არ ვიცი,
რად ვარ ცოდვილთა ასე შემმდომი,
არ ვიცი წარსულს რატომ ვივიწყებ
და ან მომავალს რატომ ვენდობი.


როგორ მიყვარხარ?_არ შემიძლია,
სიმართლე გითხრა აღწერა მისი,
მე ყველაფერის გამოთქმა ძალმიძს
და არც არაფრის დახატვა მიჭირს,
მაგრამ სიყვარულს მე რომ განვიცდი,
მე რითაც ვცოცხლობ, მე რითაც ვიწვი,
როგორ აგიწერ, მქონდეს იმედი ნეტავი რისი,
როცა საკმარი არ მაქვს სიტყვები,
არც მეხმარება აზრები სხვისი.
Back to top Go down
View user profile
natela



Female
Number of posts : 8
Age : 77
Location : tbilisi
Job/hobbies : kitxva
Humor : dro beberia
Registration date : 30.10.11

PostSubject: Re: ნათელა მდინარაძე   Wed Nov 02, 2011 10:34 pm

[წინა ლექსის გაგრძელება]
უსიყვარულოდ ვის გავყვებოდი,
რა აზრი ჰქონდა , ან რა მიზანი
და ჯვრისწერის დროს, სტუმართა შორის,
გავოცდი როცა შენ შეგიცანი.
მე ჯვარს ვიწერდი, გარეთ ნიავი,
დაწრიალებდა, ჩუმად კვნესოდა,
ხეს შემოდგომის ფოთლებს აცლიდა,
მათი გოდება ზეცას ესმოდა.
საყდრის კედელზე ჩრდილთა ლაციცი
მართმევდა აზრს და ფიქრებს მიფრთხობდა,
მე ჯვარს ვიწერდი, შენ კარგად იცი,
ეს ჯვარისწერა, რომ არ მინდოდა.
ეს ხომ ჯვრისწერა არ იყო ჩემო,
შენ ამას გრძნობდი, შენ ეს იცოდი,
რომ სანთელივით მეკიდა ცეცხლი
და სანთელივით ჩუმად ვიწოდი.


მარტის თვესავით არეულია,
შენი აზრები, შენი ფიქრები
და მეჩვენება, რომ სიბერემდე
სულ გაზაფხულის ფერი იქნები.
ამბობ რომ ჩვენი გაიყო გზები
და აღარასდროს აღარ შევხვდებით,
რა ულმობელი განაჩენია,
ნუთუ ვერა გრძნობ, ნუთუ ვერ ხვდები.
არ მჯერა ამის გქონდეს სურვილი,
აღარ დაწერო არასდროს მსგავსი,
ასე მოკლული უფრო ცოდოა,
ვიდრე ტყვიებით დაცხრილო კაცი.
ეს მე წავედი? ეს მე დაგტოვე?
ფიქრობ და ნუთუ არა გრცხვენია,
ვით შემიძლია მე სხვა გზით წასვლა,
როცა ეს გული მხოლოდ შენია.
შენ ჩემს შესახებ არაფერიც,
არა გცოდნია,მე კი სხვებისგან
ხშირად, ხშირად გამიგონია,
შენი მიჯნური, შენი ღირსი,
სულ არ არისო. მე რას ვფიქრობდი?
აბა, რა გითხრა, შენ ყველაფერი
იყავი ჩემთვის, ადამიანი,
სატრფო, მიჯნური, ყოვლისმძლეველ
იყავი ღმერთი.


მე არ მაწუხებს რას იტყვის იგი,
ვისაც ღმერთისაც არა აქვს რიდი,
იმქვეყნად ყველა ერთი გზით მიდის,
მთლად უცოდველი და მთლად ცოდვილი.
ნუ დამაბრალებ, რისი სურვილიც
არ გამჩენია, გფიცავარ, ჩემო,
შენ რომ წახვედი, მაშინ ვიგრძენი,
რა მწარე იყო ღალატის გემო.

Back to top Go down
View user profile
natela



Female
Number of posts : 8
Age : 77
Location : tbilisi
Job/hobbies : kitxva
Humor : dro beberia
Registration date : 30.10.11

PostSubject: Re: ნათელა მდინარაძე   Thu Nov 03, 2011 8:22 pm

[გაგრძელება]
ტკივილი მარტო სულს არ ზარავდა,
აზრიც წამართვა და ფიქრის ნიჭიც
მე რომ მიყვარდა, ის სხვისი გახდა,
აპოლონივით ლამაზი ბიჭი.
მალ ვუარვყავ ჭმუნვა და ვიში,
ეს მე არაფერს არ მპიდებოდა,
არც სიყვრული აღარ მინდოდა,
არავის ტრფობა არ მჭირდებოდა.
ჩემს გულში ყველას ეყო ადგილი,
ფრთები არ მქონდა, მაინც ვფრინავდი,
მე სრულებითაც არ ვარ ლამაზი,
ლამაზებში კი მაინც ვბრწყინავდი.



რად გაკვირვებდა დღასაც არ ვიცი,
ჩემი ნაღველით სავსე თვალები,
შენ ბედნიერი იყავი მუდამ,
მე კი ცხოვრებას მივდევ წვალებით
და ბოდიშს გიხდი, რომ დავიწყება
შენი ვერ შევძელ, კარგო, ვერაფრით,
გული მატკინე თუ გამახარე,
კმაყოფილი ვარ მაინც ყველაფრით.
ბედნიერებას მე აღარ ველი,
არ შეიძლება ლოდინი მისი,
ბედნიერება ჩემი შენ იყავ,
სხვასთან ვ ერ გავხდი მე იმის ღირსი.


მე აღარაფრის არ მაქვს უფლება,
დასჯილი ვდგავარ საუფლოს კართან,
სუყველაფერი წამგლიჯეს, ახლა,
აღარ არჩევენ მტყუანს და მართალს.
ამკიდეს ყველა წყეული ცოდვა
და დამაჩოქეს მთლად უცოდველი,
რა ულმობელი ყოფილა მართლაც,
ღმერთის შექმნილი წუთისოფელი.


შენ ახლა შენი ოჯახი გათბობს,
ჭიკჭიკებს ორი ჩიორა ჩიტი,
მეუღლეც ალბათ მუხლზე თუ არა,
სადმე მახლობლად ლოგინზე გიზის,
შენ მართალი ხარ, მეც ასე ვფიქრობ,
ასეთი ყოფა ყველას სჯობია,
არ შეგაწუხებს იმაზე ფიქრი,
ვისაც უყვარხარ სხვისი ცოლია,
რომ ის აკრძალულ მკვლელობით მოკალ,
ვით აქაფებულ ზღვაში თოლია.
სიკვდილი ბევრად სჯობია ღალატს,
ვინა თქვა თითქოს მისი ტოლია,
სიკვდილის შემდეგ კაცი ისვენებს,
ღალატის შემდეგ არა მგონია.


მოგენატრები ყოველთვის ,როცა
ცას გადაკუპრავს შავი ღრუბელი
და ჩამორეცხავს შენ ფანჯრის მინებს
შხაპუნა წვიმა.
მე ვიცი რასაც ინატრებ ამდროს,
მე ვიცი ამდროს გული რომ გტკივა.
გაგახსენდება სკოლის შენობა,
დახურულ ფანჯრებს მიმდგარი ქალი,
გარეთ წვიმაა, ნოემბრის სუსხი
და წვიმის წვეთებს აწვალებს ქარი,
ის ლოცვასავით ამოთქვამს სათქმელს,
თან ბუნებისგან უჭირავს თვალი
"შეხედე, ჩემო, უკვე აცივდა,
ხეებს ყვითელი ფოთლები სცვივა
და ტირის, ტირის მინაზე წვიმა,
წვიმასაც თავის ტკივილი ტკივა.
მალე, სულ მალე იქცევა ფიფქად,
უსპეტაკეს და უწმინდეს მასად,
მაგრამ უხეშად თუ შევეხებით,
ისიც გაქრება, ..
ყველა ლამაზი ოცნების მსგავსად."

ახლოს მიხვედი გაოგნებული,
ხელი მოხვიე და ჩუმად უთხარ,
"მე შენ მიყვარხარ, მე შენ მიყვარხარ,
მე არ დამტოვებს უშენოდ ღმერთი,
მე არ გამწირავს ისე განგება,
რომ დამაშორებს შენთან ფერია,
მე ხომ უშენოდ ვერ ვიარსებებ,
მე უშენობა არ მიწერია.
ალბათ წმინდანებს შენი ხმა ჰქონდათ,
ჩემო ფერია, ლამაზო ქალო,
ასე მგონია თითქოს ლოცულობ
და მივიწყებულ საყდარში გალობ.


არ შეიძლება, რომ დავიწყება
ერთურთის შევძლოთ, ჩემო,ადვილად,
მოძულენი და დავიწყებულნი
ნაცრად ქცეულან და მტვრად აღგვილან.
ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვაშორებს,
ეს არ მოხდება, ეს არ იქნება,
დრო სუყველაფერს წალეკავს,მაგრამ
ეს დილა მე არ დამავიწყდება"


ცუდად აგვიხდა, ჩემო,ის ნატვრა,
ვერ ვიარსებეთ ჩვენ ერთად დიდხანს,
მაგრამ რაც იყო, ვერ დავივიწყებ,
არც შენ არ გაქვს უფლება დაშლის,
ხდება, რას იზამ, კრიალა ზეცას,
უსიამოვნო ღრუბელი წაშლის.
ის სიყვარული ჩაბარდა წარსულს,
თოვლიც გაქრა, ჩვენი ოცნებაც,
არც გვეცინება, არც გვემღერება,
არც გვეფერება, არც გვეკოცნება.


მეეზოვეებს გადაუშლიათ
შენი და ჩემი ნაფეხურები
და დაგვილ ქუჩას სულ სხვები სცვეთენ,
ცის კიდეში კი მარტო დარჩენილ
ბრდღვიალა მთვარეს,
ავი ძაღლები ჰყეფენ და ჰყეფენ...
ის მთვარის შუქი შენსკენ მფრინავი,
მე შევაჩერე ჩემი ხელებით,
სანამ შენ გნახავს, შენამდე მოვა,
სულ ცოტას მაინც მოვეფერები


შენ ახლა შორს ხარ,მე ვარ სოფელში,
ჩვენები უკვე ყანას თოხნიან
და ოხშივარი ძვალს მითბობს მიწის,
მე ფეხშიშველი გავრბივარ სადღაც,
შორს, ჰორიზონტზე ღრუბელი იწვის,
ხომ ხდება ჩემო სასწაულები,
მერე რამდენი, ჩვენ კარგად ვიცით,
იქნება ჭიშკარს ისევ მოადგე,
გაუხედნავი ლამაზი კვიცით.
მაგრამ არ გვჯერა სასწაულების,
შევეჩვიეთ და აღარად ვაგდებთ,
ყველა სიკეთეს, ციურს, მიწიერს,
შევყურებთ იჭვით...
მიტომ დავკარგეთ დარდის, ოცნების
და სიყვარულის უბადლო ნიჭი.
Back to top Go down
View user profile
natela



Female
Number of posts : 8
Age : 77
Location : tbilisi
Job/hobbies : kitxva
Humor : dro beberia
Registration date : 30.10.11

PostSubject: Re: ნათელა მდინარაძე   Sat Nov 05, 2011 4:23 pm

[დასასრული]
დრო ჩვენი მთელი სისწრაფით მიქრის,
მომავალს არვის არა აქვს რიდი,
ზოგისთვის მოდის სინათლით სავსე,
ზოგისთვის მოაქვს სევდა და ბინდი,
განუკითხავად ებრძვის ერთმანეთს
ღონიერი და ღონემიხდილი
და ვებრალებით ყველას ძალიან,
რაც მოხდა, იცი შენი ბრალია,
ფიცის გატეხვა ავთა საქმეა,
ერთგულება კი კარგთა ვალია.


ახლა ცხოვრება ისე გახუნდა,
რომ ყველაფერმა იცვალა ფერი,
რა ვქნა თუ ისე ვერ შემიყვარე,
ვით გალაქტიონს უყვარდა მერი.
თბილისის ქუჩებს რთავს გაზაფხული,
ატმის ყვავილებს აბნევს ნიავი,
მე რუსთაველის გამზირზე მივალ
და უთვალავი ადამიანი
მადევნებს მზერას.
მე ვიცი რასაც მეკითხებიან
მათი მეტყველი თვალები, ვიცი,
ქალაქში ახლა ყველამ გაიგო,
რომ შენ გატეხე პირველმა ფიცი.


აზრი აღარ აქვს ფიქრსა და ნაღველს,
წლები გასულა, მერე რამდენი,
ჩვენ წავალთ, ქვეყნად კიდევ გაჩნდება
სიყვარულისთვის ცრემლის დამდენი
და მაპატიე თუ დავიღალე,
გაქრა სურვილი წერილის წერის,
ტელევიზორში ბიჭუნა უკრავს
და ჩვენ საყვარელ სიმღერას მღერის.
"სიყვარულში ბედი წყალობთ გედებს,
ერთგულების საოცარი ნიჭი აქვთ,
სცილდებიან ერთურთს მხოლოდ ერთხელ,
როს ომქვეყნად სამუდამოდ მიდიან". . . .


როცა მოვკვდები, შენ არ იფიქრო,
არ დამჭირდება სითბო მაგ ხელის,
მიცვალებულსაც პატრონი უნდა,
მიცვალებულიც ვიღაცას ელის.
მანამდე მოდი, სანამ საფლავი
არ ჩაინგრევა, არ იქცევა მძორი ტალახად,
თორემ თუ მიწამ შემიწოვა, დაიგვიანე,
ან იად მნახავ, ანდა კიდევ
მწვანე ბალახად.



ჩემი დღეების ჯერს ჩაუვლია,
ვინ იცის. როგორ დამეძინება,
ვინ იცის .დილა კი გათენდება,
მაგრამ მე აღარ გამეღვიძება
და აღარავინ არ წაიკითხავს
შენს სინანულით სავსე ბარათებს,
ახალგაზრდობა გაგიჟმაჟებდა,
განა სიბერეც გალაპარაკებს?


ჩემს სულში ისევ ჩასახლდა სევდა,
შენზე დარდის და შენზე წუხილის,
როდი მეგონა გაჭირდებოდა
უშენოდ ყოფნა ასე ძალიან,
შენც გაპატიებ და სიყვარულსაც,
ეს ყველაფერი თქვენი ბრალია.


ჰა! ეს ბარათი უკანასკნელი
და გთხოვ ულმობლად ნუ გამიკითხავ,
ნურც წერილს დაწერ, ნუ შეწუხდები,
სულ ერთი არის ვერ წავიკითხავ.
თბილისში უკვე დადნა თოვლი\
და გაზაფხული შემოდის ეშხით,
ვიღაცა ისევ გაყიდის იებს და
გაიღვიძებს ოცნება ჩემში,
გზისპირას როგორ მიცდის მაღალი,
ჭაღარა კაცი იებით ხელში.
ისევ მოდიხარ, შენი ღიმილით,
ისევ ანათებ ჩემს ბნელ სამყაროს,
შერისხე ღმერთო, ყვალა შერისხე,
შეყვარებულნი ვინაც გაყაროს.



ჩამოდნა ღამე და იფეთქა ცაზე ნათელმა,
ვარდისფერ შუქით აივსო ბინა,
მე მთელი ღამე ამ ბარათს ვწერდი,
გათენებამდე არ დამეძინა,
რა ძნელი არის ასე რომ გიყვარს
ის ვის გულშიდაც არა გაქვს ბინა.
გულმა თუ შეძლო, არ მიღალატა,
გათენებამდე მოხდა გადავრჩი,
მე შენგან კიდევ დავუცდი ბარათს,
რა ეწერება მხოლოდ ბარათში.



მზე ამოვიდა და მწვანე მდელოს
თბილი ალერსით შეაშრო ნამი,
შორს ჰორიზონტზე ვიღაცა გაჩნდა,
ვიღაც შენს მაგვარს მოვკარი თვალი,
ნუთუ შენა ხარ ჩემო სიცოცხლევ,
ნუთუ შენ მოგაქვს მწყურვალთან წყალი.


რა ვქნათ , რომ წლები გარბიან, რა ვქნათ,
ჩვენ ხომ არა გვაქვს ამაში ბრალი,
შენა ხარ კარგი ოჯახის მამა,
მეც მოხდილი მაქვს ოჯახის ვალი,
გვაპატიებენ შინაურები,
წარსულისკენ თუ გვიჭირავს თვალი.



Back to top Go down
View user profile
natela



Female
Number of posts : 8
Age : 77
Location : tbilisi
Job/hobbies : kitxva
Humor : dro beberia
Registration date : 30.10.11

PostSubject: Re: ნათელა მდინარაძე   Sun Nov 06, 2011 10:25 pm

ხმა გოდებისა,
აფხაზისა და ქართველი ქალის. . .

ახლა ღამეა. გათენებამდე დარჩა წუთები, დარჩა წამები, არ მახსოვს თავი ასე ნატანჯი, სიცოხლე ასე განაწამები. ცეცხლით, მახვილით გვერეკებიან, ჩვენი ქვეყნიდან, ჩვენი მიწიდან. ჩვენგან ბაღნარად ქცეულ მხარიდან, განთიადიდან, ლესელიძიდან.
ნუთუ ყველაფერს ჰქონდა საბაბი, ნუთუ ყველაფერს ჰქონდა მიზანი, გუშინ მეზობლებს ჩემად რომ ვთვლიდი, დღეს ვეღარცერთი ვეღარ ვიცანი. ერთმა
მშობლები და ძმა მომიკლა,ყველას შიგ გულში ჰქონდა იარა, მეორე ტანკით შემოგრიხინდა, მათ საფლავებზე გადაიარა.
მე შენი ხათრით დამდეს პატივი, გუმისტის ხილვის მომცეს უფლება, მეგზურად მომდევს მეზობლის ძაღლი, უხმოდ, თვალებით მესაუბრება. მასაც მოყვება დარდი პატრონის, გმინავს, წკმუტუნებს და მეფერება, სუყველა ისე გაგვიორგულდა ახლა პირუტყვს თუ დაეჯერება.
ვაი თუ ქართველთ ხოცვის სურვილმა შენც აღგატკინა, შენც მოგვდევ
თოფით, მე გუმისტიდან გამოვიპარე და სოხუმამდე მოვედი ხოხვით. გზა იყო
გრძელი, გაუსაძლისი, უკან მომდევდა ტყვიების წვიმა, შენი და ჩემი აფხაზი
მკლავდა, ყველაზე მეტად, ჩემო, ეს მტკივა.
რა გველოდება, რას გვიმზადებენ, ვგრძნობ მაგრამ რა ვქნა, არ მეჯერება,
გულბოროტობას არ აქვს საზღვარი, გვტკივა და არვინ არ გვეფერება, როდიდან
გახდა ასე გულცივი, ღმერთის შექმნილი ქვეყნიერება. რატომ აღმოვჩნდით ასეთ წყვდიადში, რა დავაშავეთ, რა ცოდვის გამო, ვეძებთ ერთურთს და ვეღარ
ვპოულობთ, ვეღარ ვუსწორებთ ერთმანეთს თვალებს, რატომ წაგვართვეს ნეტავ
სიმშვიდე, რად დავემსგავსეთ ყველანი მთვრალებს.
ნეტავ სადა ხარ, როგორ გიპოვნო, მე ჯოჯოხეთის არ ვიცი გზები, რატომ ჩაგვყარეს
აქ ყველა ერთად, ცოდვიანი და მთლად უცოდველი.
ნაწვიმარ ქუჩას აფერადებენ მწვანე, თეთრი და ლურჯი ფერები, იმაზე ფიქრი,
რომ ვეღარ გნახავ და აღარასდროს მოგეფერები, უუსასრულოს მიდგენენ სიას
გახუნებული მწვანე დღეების.
ვტირივარ, ცრემლი ჩამომდის ღვარად, გული დაღალა დარდმა და სევდამ,
უნუგეშობას არ აქვს საზღვარი, ნაპერწკლის ხელა იმედს ვერ ვხედავ.
დავბოდიალობ, დავალ მთელი დღე, იქნებ იმედის ვიპოვნო ხვრელი, რომ
შემოვუშვა მზის სხივი, სითბო და მოგაწვდინო გამთბარი ხელი.
. . .ფერფლი და ბოლი, ფერფლი და ბოლი, ვიღაცა ტირის, ვიღაცა გოდებს, ვიღაც
უმწეო მუხლებზე დგება და მიშვერს თავის დაფუფქულ ხელებს. არ გათენდება? არ გათენდება?-მეკითხებიან ნატანჯი ხმები, ტანზე სამოსი აღარ აცვიათ, ცრემლებს
იწმენდენ ჩამოშლილ თმებით, მე შენი ხილვის იმედით ვცოცხლობ, შენზე ფიქრით
და ოცნებით ვთბები.
უნდა გაუძლო, უნდა გელოდო, სხვა გზა არა მაქვს, უნდა გინატრო, უნდა ვეძებო
გზა და ფერები, აუცილებლად გიპოვნი, ვიცი და გულმხურვალედ მოგეფერები.
როცა არავის არ ელოდები, აღარც ღამდება, აღარც თენდება, ორეულს შენსას შესცქერ
სარკეში და გენანება, რომ დაბერდება ლამაზ თვალებში ჩამდგარი ფიქრი, სიყვარულის
და სიცოცხლის ნიჭი, აალებული ნაკვერჩხლის დარად, ჩაიწვება და ჩაიფერფლება.
გაქრება, ყველა გრძნობა გაქრება, სევდა დარჩება მარტოსულობის და გაგვაოცებს დაუნდობლობა ჩვენდამი ბედის თავგასულობის.
ვიცი ძნელია, მაგრამ რას იზამ, უნდა მიმიხვდე, უნდა გამიგო, არ შეიძლება მტერს
დაემსგავსო, სიყვარულისთვის მახე დამიგო. უნდა მეძებო, უნდა მიპოვნო და ის
ოცნების კოშკი ამიგო, შენ რომ დამპირდი ჯვრისწერის დილას, ვინც სიყვარულის კოშკებს არ აგებს , ის სამოთხეში ვერ პოვებს ბინას. ჩვენ უნდა შევძლოთ ერთურთის
პოვნა, რომ სიყვარულზე ვილაპარაკოთ და შემოვუშვათ წყვდიადში სხივი, მე ახლაც მამკობს შენგან მოძღვნილი დედისეული გიშერის მძივი.
. . .ფერფლი და ბოლი, ფერფლი და ბოლი, იწვის სოხუმი, მიწა ზანზარებს, ვინ ჩააყენა
ხალხი ამ დღეში, რატომ შეაშრეს ცრემლი წამწამებს, არც ეტირებათ, არც ეცინებათ, დავიწყებიათ გზა და ფერები, მინდა ვიღაცას მივუალერსო, შევახო ჩემი თბილი ხელები,
მივდივარ, მაგრამ მარტო რას შევძლებ, სუყველას როგორ მოვეფერები.
გადუქცევია ტყვიას ჭადარი, დაუცხრილიათ საყდრის კედელი, დაუქცევიათ ჩემი
ქალაქი,არ ვიცი ვიღას შევეკედლები.
ო! დავიღალე, არ შემიძლია, ხილვა,მოსმენა, რაც ხდება მისი, მივდივარ, უკან რჩება სოხუმი, წინ გზა არს უვალი, გაუსაძლისი. მივდივარ, უკან რჩება ტაძრები, ციხენი, ჩემი ხალხის ნაგები, ჩამოხსნეს ქართველთ სახლებს კარები, ნამუსახდილი ხოცეს ქალები.
რაში დაგვჭირდა, რატომ მოვიხმეთ ასე სასტიკი მაშველი ძალა, ტყვეებს აჭრიან ენას ძირამდე, ცოცხლებს უმტვრევენ თავის ქალას. ანადგურებენ ირგვლივ ყველაფერს, თეატრებს, ტაძრებს, სკოლებს და ბაღებს, ძალაწართმეულ მოხუცებს კლავენ და ფრთხილად ხსნიან ჭერიდან ჭაღებს.
მიტოვებულ ხალხს ცელავს მტრის ტყვია, არის გოდება, მოთქმა-ტირილი, ბავშვი აგდია
თავმოგლეჯილი, მაღლა ცას სწვდება დედის კივილი. ასეთ იარას დროც ვერ ერევა,
ყველა ღირსებას ჩვენსას გადაშლის და აღარასდროს არ გაგვიჩნდება სურვილი ერთად
ყოფნა-თამაშის.
ძლივს მივაბიჯებ უბედურებით გაოგნებული და გათანგული, უკან მომკივის ბედნიერება, ბედნიერება მტრის ნაღმდასხმული.
სასაფლაოსთან ლეკვი შევნიშნე, შემეცოდა და ახლოს მივედი, საფლავის ქვაზე ვაჟი ცეკვავდა, ძაღლს დაბრუნების ჰქონდა იმედი. გამომყოლოდა ვერ დავითანხმე,ვერა ვყავ
იგი ჩემგან ცდომილი, ძაღლს ერთგულებას რომ აბრალებენ, როდი ყოფილა გამოგონილი.
მივდივარ, დაღლილს მელევა ძალა, შესვენების კი არ გვაქვს უფლება, უცხო, პატარა ბიჭუნა მომდევს და სიყვარულზე მესაუბრება.
მან მეგობარი დაკარგა კარის, აფხაზი, მაგრამ კეთილი ბიჭი, სწამს, რომ ის ქართველს თოფს არ ესროდა, მას არ ჰქონდაო ამისი ნიჭი.
მისმა ბიძამ კი მოუკლა მამა,ქართველობისთვის დაუხრჩო დედა, გაგიკვირდებათ,მაგრამ
რას ვიზამთ, სიძულვილისგან ყოველი ხვდება.
ღმერთი არ აჩენს ყველას ერთნაირს, აჩენს ნიჭიერს, დებილს, იღბლიანს, ზოგს აჩენს მგლის დარს, ზოგს ავს ქორივით და ზოგს უვნებელს, როგორც ნიბლიას, რა ვქნაო, მითხრა პატარა ბიჭმა, თუ სიძულვილი არ შემიძლია.
ხო! რა ქნას, როცა სული ელვარებს, გამჭირვალეა ვით მინა ბროლის და ვერაფრით ვერ ამოუხსნია, მიზანი ძმათა უაზრო ბრძოლის.
შემოეპარა ბინდი ხეობას, გათენებამდე დრო არის დიდი, მითხრეს მოდიხარ, უნდა იჩქარო
ვიდრე ენგურზე არ დაწვეს ხიდი.
უნდა მიპოვნო, რომ ჩვენ ოცნებას და ჩვენ სურვილებს შეესხას ფრთები, მე მენატრება შენი
ღიმილი და არწივისებრ გაშლილი მხრები.
მე მესმის შენი ფეხის ხმა, ჩემო, შენ მოხვალ, ვიცი მომეშველები, როგორც არასდროს ისე მჭირდება შენი სითბო და შენი ხელები.
მე გელოდები, რადგან ლოდინი ადამიანის არის იმედი, დიდი ხანია რაც ასე ვფიქრობ, თუმცა დასკვნამდე ახლა მივედი.
აქ, ახლა ცასთან ისე ახლოს ვართ, ლამის ვარსკვლავებს შევახო ხელი, შენ არ იფიქრო მარტო ვარ, ჩემო, ჩემთან არს ჩემი ტანჯული ერი, რომ არ ვიტირო, რომ არ ვიდარდო,
უცხო ბიჭუნა მომდევს და მღერის.
ხალხი ფეხდაფეხ მიყვება ერთურთს, გზას ოქროსფერი ფოთლები ფარავს, არაფისათვის
დასჯილი ხალხი, სულგანაბული მიყვება შარას.
გადასასვლელთან, თოვლში, ჭყვლაპში ახალშობილის გარდაცვლილ დედას ქმარი
გოდებდა, სულყველაფერი რომ დამავიწყდეს, ეს გონებიდან არ მომშორდება.
იმ სიცივეში, ყინვაში, ქარში, როცა გარშემო თოვდა და თოვდა, ამქვეყნად ახლადმოსული
ჩვილი გარდაცვლილ დედის ძუძუს ვით წოვდა.
ცრემლებგამშრალი ქართველი კაცი ხელაპყრბილი იდგა მუხლებზე და კითხულობდა, ამ
ყველაფერში რა მაქვსო ბრალი, მე ქართველი ვარ და ის აფხაზი, ნუთუ ამისთვის გვსჯის სამართალი?
სანამ ვიდექით გათავდა ქმარიც, ჩვენ დავუხუჭეთ ორივეს თვალი, ერთ სამარეში დავმარხეთ ერთად, ქრისტიანულად ცოლიც და ქმარიც, თავთან ავღმართეთ ჯვარი ქრისტესი, ჩვენი არსობის ფარი და ხმალი და სიჩუმეში მე შემომესმა ხმა გოდებისა, აფხაზისა და ქართველი ქალის.
უცხო ბიჭუნა ობოლ ჩვილს დაწვდა, აიყვანა და ჩაიკრა გულში, შემოვახვიეთ დედის სამოსი და ჩემს ჩანთაში ჩავსვით მშიერი, სჩანდა ეამა, მილულა თვალი, დედისეული
ათბობდა შალი, მე უნებურად ჩემთვის ვიკითხე, ნეტავ ამისი რაღაა ბრალი.
. . .და წამოვედით იმედით, რწმენით, დამთავრდებოდა ეს გზა წყეული, არ მაწუხებდა
სიცივე, დაღლა,აღარც აღმართში ქვა მოწეული, ცეცხლი მეკიდა სულზეც, სხეულზეც, ისე
ველავდი, ვით ბროწეული.
ხმას არ იღებდა ახალშობილი, ამ საბრალოსაც ყოლია მტერი, გაჩნდა თუ არა ამქვეყანაზე,
უმალ წაართვეს ყველაფერი.
სვანები ფართოდ გვიღებენ კარებს, გვაპურებენ და გვიშლიან ლოგინს, მასპინძელს მზერა დამძიმებია, გადაუღლია ჩვენ დარდს და ლოდინს.
დილით მძინარეს მაღვიძებს ერთი, გახარებული იყო ძალიან, მითხრა მოვიდა ვისაც ელოდი,დაღლილმა გარეთ წყალი დალია.
ახდა იმედი, ჩემი იმედი, იმედი მართლა კარგი ყოფილა, სულყველაფერი გაიყო, მაგრამ სიყვარული ხომ არ გაყოფილა.
და შემოვიდა რაინდი ჩემი, ვისაც ველოდი შემოდგა ზღურბლზე, ისევ დამადგა გვირგვინი
თავზე, ვით ჯვრისწერის დროს გაზაფხულზე.
. . . და გუგუნებდნენ სვანები ლილეს, ჩამოგვიტანეს მზე მთისწვერიდან,
მოგვაცილებდნენ ნეფე-დედოფალს სამშვიდობოსკენ ჭუბერიდან.
. . .და ინთქმებოდა ირგვლივ წყვდიადი, ...და ნათდებოდა ირგვლივ ყოველი,...და იდგა კოშკი სიყვარულისა, ვით საქართველოს სვეტიცხოველი.
Back to top Go down
View user profile
natela



Female
Number of posts : 8
Age : 77
Location : tbilisi
Job/hobbies : kitxva
Humor : dro beberia
Registration date : 30.10.11

PostSubject: Re: ნათელა მდინარაძე   Mon Nov 07, 2011 7:31 pm

[ . . .

იმ ჩვენ ყრმობას წარსულს,
ვიხსენებ და კვლავ მსურს
ცრემლი მბანდეს სევდასა და დარდს.
წაუშლია შენსკენ
მომავალი გზები
გაუკაფავ ეკალსა და ბარდს.
ახლა როცა ტკივილს
ვეღარ უძლებს გული
და სიბერეც მომდგომია კარს,
როგორ დაგაჯერო,
რომ შენ კბილა გოგოს,
სიყვარული შენი ძველებურად მწვავს.
ყველაფერმა კარგმა,
გაიხურა კარი,
შემოდგომის ქარმა მიახვეტა ზამთარს,
გაზაფხული ალბათ
აღარასდროს მოვა,
მარტოობა შენზე ფიქრით დამხრავს.
ბედი იყო ალბათ,
დამეკვება დაღლა,
გაუმხელელ სიყვარულზე დარდით,
მოურთვია უფალს
ჩემი ყოფის ბაღი
ერთად-ერთი ეკლიანი ვარდით.




. . .

იმერეთში სტუმრად ვიყავ ბებიასთან,
ვარდისფერი კაბა მეცვა მაქმანებით,
ჩემს ეზოში შემოვიდა ერთი ბიჭი,
უფლისწულის ტანი ჰქონდა და თვალები.
შევხედე და მომეწონა, შემიყვარდა,
არ ვამხელდი, არა მქონდა ძალა თქმისი,
იმის შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა,
უფლის ნებით, ის სხვისია, მე კი სხვისი.
გაფერმკრთალდა ვარდისფერი ოცნებები,
დიდი ხნის წინ, ბავშვობაში გაჩენილი,
შემომადნა უფლისწულის სიყვარული,
ხელისგულზე დაცემული ფანტელივით.



. . .

ქალი ჯანი და სისხლია,
ამღვრეულ, ადიდებული,
ფიქრი ამტყდარი, საფრენად
გაჭრილი, გაგიჟებული.
ქალი, სიცოცხლის წყაროა,
ჩანჩქერად მოდინებული,
ცეცხლია ჩაუქრობელი,
სხეულზე მოკიდებული.
სანამ გწვავს მისი სურვილი,
ცოცხლებში მანამ წერიხარ,
თუ ეს სურვილი გაგიქრა,
მერე მიწა და მტვერი ხარ.
Back to top Go down
View user profile
Sponsored content




PostSubject: Re: ნათელა მდინარაძე   Today at 12:12 am

Back to top Go down
 
ნათელა მდინარაძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: