არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ლია სტურუა

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:30 pm


Lia Sturua


ლია სტურუა

დაიბადა 1939 წლის 15 მაისს, თბილისში.

1957 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა. იმავე წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე, შემდეგ - ასპირანტურაში.

1974 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე - ,,ფერის მხატვრული ფუნქცია გალაკტიონ ტაბიძის პოეზიაში."

მუშაობდა უნივერსიტეტში - კითხულობდა ლექციებს, იმავდროულად, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში - უფროს მეცნიერ-თანამშრომლად.

1999 წლიდან მუშაობს გალაკტიონ ტაბიძის მუზეუმში ლიტერატურულ კონსულტანტად.

პირველი წიგნი, ლექსების კრებული ,,ხეები ქალაქში", გამოსცა 1962 წელს.

გამოცემული აქვს 12-ზე მეტი ლექსების წიგნი, პროზაული - ,,ბედნიერი სიჩუმე", ,,რძეში ჩავარდნილი ქვა" (შეგრძნებების რომანი).

წერს ესეებს, წერილებს.

მისი ლექსები თარგმნილია გერმანულ, ფრანგულ, ინგლისურ და ფინურ ენებზე.

1997 წელს ნორვეგიის ტელევიზიამ გადაიღო ფილმი ლია სტურუასა და იუნა მორიცზე.

ლია სტურუა გალაკტიონ ტაბიძისა და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატია.

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/ლია_სტურუა - ვიკიპედიაზე
* http://burusi.wordpress.com/literature/lia-sturua/ - ლია სტურუა – Lia Sturua
* http://lib.ge/authors.php?131 - ლია სტურუა ლიბ.გე-ზე
* http://arili2.blogspot.com/2009/05/blog-post_4517.html - "არილში"
* http://www.press.tsu.ge/GEO/mimdinare%20kartuli/interviu%20mcerlebtan/poezia/lia%20sturua/liaindex.html - ლია სტურუა
* http://siestabooks.blogspot.com/2010/02/lia-sturua.html - პოეტრუ კრებული "ზღვა დაკეტილია" ("სიესტა", 2009)
* http://www.buki.ge/author-2266.html - ლია სტურუა "ბუკი"-ზე
* http://literatura.mcvane.ge/main/literatura/poezia/386-bbbbbb-bbb.html - სტურუა ლია - Sturua Lia
* http://ka-ge.facebook.com/pages/Lia-Sturua/187314641318856 - Lia Sturua
* http://students.washington.edu/mchilds/gis/texts/data/ls/index.html - Lia Sturua
* http://www.youtube.com/watch?v=9p_C_7u3nQo&feature=player_embedded - ლია სტურუა კატო ჯავახიშვილზე



Last edited by Admin on Sat Oct 22, 2011 7:39 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:35 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)


* * *
ყველაზე მეტი მუცელი ვარ,
რომელიც მულტფილმია,
შიგ ამპულა,
სისხლით სავსე ბოთლების წინააღმდეგ!
აქედან ჭიქაში ჩასხმული კურდღელი,
კუთხიდან აქნეული ხაზები _ ჩიტები,
კარდიოგრამა _ ჭიაყელებს
ხმა რომ გამოურთო.
ყველა მათგანის მაგივრად ლაპარაკი _
უდარდელობის და სევდის
განსხვავებული ინტონაცია
თან რომ გძინავს
და თან ეკრანზე გადიხარ,
რომელიც სისხლია
უმწეოების, დაუცველების,
ქათქათა თეთრების
ამ კონტრასტის ხიფათიანობა
გითრევს, მისი ტრიალი, გათამაშება,
საერთოდ, აზარტი _
მხატვრულად მშიერი ძაღლი,
მაშინ რომ გჭამს,
თუ მუცელი გიბრწყინავს
სიმაძღრისგან, და მულტფილმებისგან
და ჭირს
კეთილი ბოლოს გაკეთება _
კუთხიდან აქნეულ ხაზებამდე მისვლა,
ანუ ჩიტებამდე...




* * *

სამშაბათში გავეჩხირე.
დღე არც კი აინთო,
ისე გათავდა
მტვრიანი დღე იყო, ნახმარივით,
ვიღაცამ მოასწრო მისი გამოყენება,
ბალიშიდან თავი ასწია
და, ასევე, ხარვეზიანად გააგრძელა.
ჩემი წურბელებიანი ბალიში
სისხლის კოპლებს იყრიდა,
ორშაბათი შავ-თეთრად გავიარე,
ალისფერი როგორ მეთარგმნა?
ზარით?
რომელშიც იმდენი ნემსია,
რამდენიც არცერთ მუსიკაში
ამ ნემსების წვეროზე ვდგავარ,
ანუ მზერების ფხაზე,
ფეისკონტროლს, მაინც, ვერ გავივლი,
ის, სამარქაფო ალისფერი გამყიდის,
იმდენი ბომბი მიწყვია შიგ,
ლექსად თუ ვთარგმნი _
ბროწეულები, წითელატომებიანი პირებით...
ირონია სადღაა?
ამ მტვრიან დღეში,
შლეიფებივით რომ გამომყვა
და სამშაბათში გავეჩხირე?




გთხოვ!

ვიღა მიდის მოწყენილ სამოთხეში?
ხე რომ დგას,
ღვთაებრივი პეიზაჟის შესავალი,
უკვე, უვაშლო,
ისედაც მრავლდებიან...
სიყვარულს ერთ სულ მოსახლეზე
წყალივით და შუქივით ვერ გაანაწილებ,
ერთ კაცს აიღებ,
ყურში აბსოლუტურ სმენას ჩაუწვეთებ,
პალიტრის ბორბალს თვალებზე გადაატარებ,
ერთნახევარს გახდი,
ბოლო შევსებამდე
ჯოჯოხეთი გასავლელია.
გულს ყელის ძირში გადაუტან,
დიაფრაგმაში ფეხების ჩაკერებამ
არ გაამართლა,
ჰორიზონტალურ მდგომარეობას
ნაწოლები უჩნდება...
მდგარიყო იმ სევდიან ფეხებზე,
უძარღვო ხესავით,
შარშანდელი ვაშლის მოსავალი მიგეწებებინა,
ნუ იჭმევა, სიმბოლოდ მინდა!


რეინკარნაცია

"ნახევარტონები, ნიუანსები, ელფერები"
პ. ვერლენი


ვუყურებ ამინდს, ვერლენით თვალებში:
ნახევარი ტონით აწეულს,
ნახევარი ჩიტით საწყალს,
ერთი მთვარით დაზღვეულს
ყოველდღიური რუტინისგან.
ოთახში ყურები არ ჩამდის,
ორივეს ვიჭრი,
მკითხველის გულის მოსაგებად
პოეტი ვახშმად! როგორი პასაჟია?
მაპატიებენ ჟესტის ქურდობას?
თეთრ საკონცერტო როიალს,
ზედ დაუკრავი მენდელსონით
ჩემი ძველი სიყვარულები?
ყრუ, ჭლექიანი, 22 შვილიანი
მე აბსოლუტური სმენაც კი არ მაქვს.
თვითმფრინავის ქვეშ
აკრომეგალია ემართებათ საგნებს,
როიალზე ერთი თითით აწყობილი სიმღერები _
ნესტიანი ლოკოკინები...
მისი სამივე ფეხი ჩემს ტანზე!
(ზე თანდებული _ ჭერი, სახურავი,
ზეცის იმიტაცია)
ამას ვხედავ
სიყვარულზე და სიძულვილზე მეტად _
(ცოცხალ ტკივილებზე)
ჭლექიანები, ყრუები, უფეხოები _
90 პროცენტი იმათი ვარ,
დანარჩენი _ რუტინის,
მაპატიებენ?




* * *

რატომ "თქვენობით"?
ნუთუ, ასე ბევრი ვარ?
ოთახი კი მეჯახება,
მთელი თავისი ავეჯით,
თანაბარმარცვლიან ხასიათზე დაყენებული,
ამისგან გაბეზრებული,
იქნებ, თვალებიდან
ნაპერწკლები დამაყრევინოს,
იდაყვებიდან _ ელვა,
ყელიდან რადიო ამომიღოს _
მოკლე შინაარსი იმ ხანძრის,
სიცხიანი მწერლები რომ იცოდა,
ცოცხლები ხმარებისგან
ერთ მათგანს
დაგრეხილი მოთხრობის ბოლოში
ლომები ესიზმრებოდა _
დაკუნთული პათოსი, მაღალი ტემპერატურა!
ამის რიმეიქი _ ყვითელი ჟელე
ნაკლებად გაღიზიანებს?
ან მე რომ საკუთარი
მუხტები მეყლაპება,
ხორხის შეშუპება მეწყება?
რატომ `თქვენობით~?
სიტყვები სულ აღარ მაქვს...


ავტოპორტრეტი

ასეთი პორტრეტი _
ფეხის წვერებზე, პირდაპირ, კაპილარები,
ზედ წვეტიანი ფრჩხილები,
რამეზე მოსაბღაუჭებლად,
რასაც კაუჭი კი არა,
ხიჭვიც არ უჩნდება.
ქვევით _ შინაური საგნები,
გამძლეობაში გამოცდილი,
მოჭრაჭუნე, ვითომ სიმძიმისგან,
სინამდვილეში, იმედისთვის,
შუქნიშანივით სისხლს ვერ გამოიდენენ,
რომ გაგაჩერონ,
ფრჩხილებს შეიღებავ და, მაინც, წახვალ
ცას არ ჭირდება ამომხტარი ფერები,
თანაც, წვეტიანი,
ზამთრის მზეს
თავისი ფორთოხლები აქვს,
სიცხეს, თუ უსმენ, თავისი თაფლი
თავი გინდა დაანახო?
ამისთვის საწერი მაგიდა გაქვს
დაჯექი და იკაშკაშე!



ნაპრალი

ზღვის პირას მინდა ცხოვრება!
მიწა რომ თბილი იყოს,
სახლი, მითუმეტეს
მზის ჩასვლისას
ყველა თევზი ოქროსი,
წყალში ჩახვალ, ნაპრალებს ჩამოირეცხავ...
მერე, თბილი პური,
სხივები მაგიდაზე გადასდის,
ღვინო სქელი და წელვადი,
წითელ ლაქას დადებ
შავ-თეთრ ტილოზე
იმ შავიდან ბუჩქებს ებღაუჭები
(გამოვტოვოთ ეკლების და ჟოლოს წვრილმანები),
ტვინიდან როგორღა ამოფხიკავ
ნაპრალებით ცხოვრებას?
ნახტომით, ოღონდ არა
კორპუსის ბოლო სართულიდან,
ან კონსტიტუციის გუმბათიდან,
რომელიც უმუხლია გიჟების მიმართ,
უფრო, ქვევიდან ზევით,
თავზე იმედიანი ნაღების მოკიდებით,
ფეხქვეშ იმსიღრმე უფსკრულით,
მზის ჩაღწევითაც ვეღარ გაზომავ...
რა ბედნიერი იყავი, დედა!
თეთრი პური რომ იდო
და სხივები მაგიდაზე გადასდიოდა,
ამაზე მაღლა არც გიოცნებია...

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:37 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)

სიზიფის ლოდი

ჰაერი თუ გაგისაგნებიათ?
ზოლიანი, ბუზების ტრიალისგან,
მითოსით ნათესავი:
მზეს მთიდან იღებს,
სახლეჩი ატამივით შუაზე გიყოფს,
მხრები რომ კარგად დაგიუთოვოს
და მერე, წყალში...
შენ უნდა თქვა,
ქვას ოფლი გამოვადინეო,
წყალი წყალთან მიდის,
მზე ჰაერს ნაყავს,
სახლში რომ შეიტანო,
მაშინვე ბრჭყალებს გაიკეთებს,
სხვა მტაცებლებს მიემატება;
ნივთებს, ოთახის მცენარეებს,
მათ ლათინურს როცა რწყავენ,
ალმასები ამოსდით,
თუ _ არა,
ქართულად არ მიშვებენ სახლიდან,
მკვდარი დედასავით
და რად მინდა ეს მდებარეობა,
მისამართის სიზუსტეში,
როცა აქვეა ქედის ზამბარები,
ლურჯი წყლები,
პირობითი სახელების გარეშე,
ეს ჰაერიც მე არ მოვიგონე,
ნომრიანი საფლავის ნაცვლად,
ჯერ ტანს რომ გამორთავს,
მერე ნერვების დაბოლოებებს:
თვალის, ყურის და ა.შ.



გარიგება (არაფაუსტური)

თვალი ლოყაზე ჩამიცურდა,
ცრემლთან ერთად,
ყელში ფილოლოგიის ფაკულტეტს
ვინახავ,
თავისი ვერბალური მშვენიერებით,
ძალიან რომ გაიფურჩქნება,
მის გაყიდვას მთხოვენ,
გაცვეთილი ასაკის შესაკეთებლად
მერ რომ საყვირის
იმპლანტაციისთვის მინდოდა?
მუსიკიდან ვერ გახვალ,
როგორც ოთახიდან,
მისი `გარეთ~ მზეს კი არ ნიშნავს,
ნარინჯისფერ დოლებს ყრუებისთვის,
ქაფურით დაზეთილებს
უტკივილო კონცერტებზე...
ანატომიურ თეატრს
კისრიანი ჩონჩხიც ეყოფა
დანარჩენზე უარს ვეუბნები,
სიმტკიცისთვის
უნივერსიტეტები შევიდგი მხრებზე.
ვთქვათ, ვიყიდე დრო.
ჩემი ასაკი და პასპორტის სურათი
ისე განსხვავდებიან ერთმანეთისგან,
როგორც ორი უცხო ადამიანი...



დრეკადობის შესახებ

ღამე ზამბარები ამომდის კისერზე,
ანუ ფიქრების გრეხილი,
დილისთვის დრეკადობას კარგავს,
ვიღაცას ბუხარი მოაქვს,
ვიღაცას _ ცეცხლი,
სითბოს ხანძრების სუნი აქვს,
გამოფხიზლებულ ენაზე _ კომფორტის
ამ შუქით მოდიხარ
ნეგატივის ალბინოსი პეიზაჟიდან,
თორმეტსართულიანი ინფარქტის სიმაღლე,
ზამბარებით თუ მოგწვდები,
სანამ სიზმარი დრეკადია,
ცეცხლი ორღობეებში დამირბის, _
შენ მოგდევ,
მოსახვევზე წავიფორხილებ
და გამეღვიძება...




* * *

როგორ დამიტკბა!
მელიის ბეწვი ჩაიფინა ხმაში,
მდორედ წამოვიდა,
ჩემს კუთხეებზე შესახევად,
ტკივილისგან
მოხარშული გოგრები სცვიოდა,
შაქარი კი არ ეყო,
ჩემისთანა მრავალკუთხედის გადასაბირებლად,
სიმრგვალის თვალსაჩინოებისთვის,
სიკვდილისწინა ლოზუნგებს მის შესახებ...
_ ამხელა გეოგრაფია თუ გეჩოთირება,
შეამოკლე, გლობუსების ძეგლი დაუდგი _
მეუბნებოდა,
_ რომელიმე დაბლობის მწვანე ლაქით
დაიახლოვე!
მთებით რომ დამშორდეს?




მშრალი ხიდი

რატომ გაჩუმდი?
ბეტონი ჩაგასხეს პირში?
აქამდე სიტყვებს
მაკრატლით გაჭრიდნენ,
ცოტა ნერწყვიც ხომ მოყვებოდათ
და მშრალ ხიდებს აგებდნენ ქალაქში,
ტყუილ ხიდებს _
ორი რევმატიზმიანი ფეხი რომ გაჩაჩხო
და მიწაზე დადგე,
წყალზე ხომ ვერა,
რომელიც მიედინება
და გახვედრებს, რომ
სხვა დანარჩენიც...
ამისთვის უნდათ მშრალი ხიდები?
სიმყარის ილუზიისთვის?
სიტყვასაც ამიტომ გიშეშებენ,
ბეტონს გასხამენ პირში?
უზარმაზარი ხმა აქვს რადიოს,
მიდი, ამოეფარე!



* * *

ლაპარაკის დროს დავეცი,
სიტყვები კიბეზე ჩამომეხეხა,
ხმა მეტკინა, უსისხლხორცო,
შუბლსაც არ ატარებდა,
რომ კოპი დასჯდომოდა,
შინაგანი თვალი ვისთვისაც მინდოდა,
საავადმყოფოს ღეჭავდა
ციანოზიანი ტუჩებით,
იმდენად ცისკენ იყო მიმართული,
ვერც კი შეამჩნია,
რომ სიტყვა დამიმძიმდა,
კიბეზე დავეცი
და ნაკლებად ქვა გაიბზარა
ხმე მეტკინა,
ეს იყო და ეს,
შემდგომ მოვლენებთან
კავშირი არ ჰქონია...



ვითომ, აღსარება?

ღალატს ზურგი გრძნობს,
არა გვერდითი ხედვა, ან ალღო,
დაძაბული ზურგი, თვალებიანი _
იქ იჭრებიან ყავისფრად,
სადაც, საზოგადოდ, ფრთების ადგილია,
დანაც შეიძლება შეამჩნიონ, თოკიც,
მაგრამ ვერ გაუძალიანდნენ,
ახლა არ მოდიოდა,
ყველას დასანახად,
იისფერი ტალღებით, უღრანი გრძნობა?
ნაჭდევები დატოვა გულზე,
ბიოლოგიური ასაკი შეუცვალა...
კეფით ვხედავ მონადირეებს,
მკერდზე წითელი მელიების აცმით _
ჩემზე ნადირობა დაშვებულია,
ოღონდ, არა ფასადის მხრიდან.
აქ მინდორი იზილება იისფრად,
ჩაუმქრალ გრძნობას თამაშობს.
თმენის ხარისხებიც არსებობს:
მაქსიმუმზე მაქვს დაყენებული სახე,
ნაკვთები გავარჯიშებული,
გამომეტყველება, მაინც, მტკივა...



***
ნეშო _
ალისფერმკერდიან პიონერი
ზედ ვერ გაივლი,
ახალი მწვანიდან
თავგადაპარსულ თინეიჯერებს ელოდები.
კარაქივით შუაში ხარ ჩავარდნილი,
კოვზი ზემოდანაა დაშვებული მოსარევად,
დამწვრობის ასაცილებლად, სიდამპლის,
რასაც ყველაზე მაძღარი ფერი აქვს
აქედანაც ჩნდებიან ბავშვები
რამდენი ტყუილით უკეთესები
თავიდანვე გონიერებზე?
ჯერ ერთი, ბამბის ჩხრიალით,
მერე, ყალყზე შემდგარი ფერებით,
განსხვავებით ქაღალდზე წაწვენილებისგან.
საკმარისია, დაუჯერო,
პიონერის ყელსახვევები
მზესთან აფრინო,
(ბევრი წითელი სჭირდება)
სუიციდის მცდელობებსაც აიცდენ,
ბამბაში ნემსებს ჩაუყრი,
თეორიული ტკივილით
წარმოსახვას გაუკეთილშობილებ
და მერე?
გეშინია იმის, რაც არ იცი...


ნათურა

სხვის თვალში ნათურას ვხედავ,
საკუთარში _ ჟანგიან ეგო-ს
ანდაზა უკუღმა
ნათურას თავისი მორალი აქვს:
რამდენი ჯიბლიბოც დამწიფდება თვალზე,
იმდენი მზის დარტყმა!
თითო გიჟი რომ
თითო ნათურას ჩამოვიდეს,
ანთებას მოგიწყობენ ორგანიზმში
რენტგენზე
რევოლუციისკენ მიდრეკილება გამოგიჩნდება:
მაშხალებიანი, ჯიბლიბოიანი, ჩირაღდნებიანი,
ცოტა პროვინციული:
ინტელექტი წიგნის კარადაში
გახამებული კისერი,
სიტყვა არტ-ი ენის წვერზე
ფსიქოთერაპევტი უკვე გადმოგიქართულეს,
რომ ქვეცნობიერი
დედისრძიანად ამოგიტრიალოს.
და არავითარი მთვარეზე აპელირება,
ან მარტოობაზე! საიდან მოიჭრი?
მჭლე საუზმეებიდან
დღის 12 საათზე?



* * *

დედაჩემს ეშინოდა:
მაღალი სიმინდების,
პოლიტიკური ანეკდოტების,
ჩემი თავისტკივილების...
შიშს თავისი ლოგიკა ქონდა:
მზისგან წითლად ხაზგასმულ დღეებს
სხვები მოყვებოდა _
სარჩულივით დამჯდარი ფერის,
რომ მერე, ისევ:
გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილი წიგნის
პრიალა გარეკანი,
სტრიქონებს შორის წყვილი წმინდანი,
ქალური რითმა,
გულის ამოვარდნებივით მოხტუნავე
ვერლიბრი,
ჯერ გაუბედავი, მერე
დედაბოძის რეპუტაციით.
ამ მერე-ების ეშინოდა
და სხვა ამგვარი ოინების,
ის კი არ იცოდა,
თავიდან რომ ლურსმანი ამოვიღო,
მაშინვე მოვკვდები.


* * *

ხელგაშლილი ვწევარ, სიბრტყეს ვაძლიერებ,
მხოლოდ, დღევანდელი დღე!
დღეს არის ხვალაც და ზეგაც,
ოღონდ, უფრო პირობითი.
კიბეზე რომ ადიხარ,
სიმაღლე ჰორიზონტივით გარბის,
დღე თავდება _
ორი სიბრტყე: შავი და შავი,
შუაში მარწყვის მდელოები
სისხლის გაიოლება?
ტანის ანემიურ მონაკვეთებზე
_ აეროპორტს ვიშენებ
ამ სიმაღლით ვესალმები ცას,
ქვედას, უღმერთოს,
ზევით ჯერ არ მინდა,
ჯერ ის ღმერთი მიყვარს,
ვინც გვიმგვანებს, როცა
ხელგაშლილები ვნებდებით სივრცეს,
ლურსმნებს გვაძრობს
და მარწყვის მდელოებს გვაფარებს,
ისე მივყავართ
უისრო საათებთან და უჩრდილო საგნებთან,
გულებს სწორ ხაზზე გვიტკეპნის,
ტვინს გარედან
ნაცრისფერი ფუფხი სცვივა,
შიგნით ალისფერია, დაუჯერებლად...



* * *

მოცოცავენ ლოკოკინები თეთრად,
ჭიები ვარდისფრად, ატმის მომყოლით,
რბილი სხეულები _ ბალიშების ილუზია
გზაში მკვდრებისთვის,
ისიც არა, შიშისგან თუ დაიგრიხნენ _
ნაოჭები სწორ ხაზზე,
რომლებთანაც რას მოვა
ჩემი გრეხილები: მთების, კითხვის ნიშნების,
მონუმენტურ-აზრიანი:
აქეთ წახვალ, ინანებ,
იქით _ მანქანა გაგიტანს,
პირდაპირ წახვალ, დაიღუპები
მერე, არჩევანის თავისუფლება?
ბრტყელი სიტყვები არავისთვის...
ფეხს დაადგამ
და თეთრად დააჩნდებიან მიწას,
ან ვარდისფრად,
ჩემი მოკვლა უფრო ძნელია,
თუ, მაინცდამაინც,
ნაშთი _ ფიცხი წითელი
ხვალ-ზეგ გოგენსაც
ფეხი დაულპება,
პალიტრას გაამდიდრებს
შემოდგომით...




* * *

დედა _ ელისაბედი, მამა _ მთვარე,
უფრო მაშტაბური,
შინაურული ვარიანტი _ ლიმონი ჩაიში,
საღამოობით ყმუილი
ხმა უბაცდება, მეცოდება დედა,
არ ეზარება 80-იანი წლებიდან
ჩემთან მოსვლა და ამაზე ლაპარაკი
მინდორს მოყვება, სიგრძეში _ მწვანე,
სიგანეში _ ჩვეულებრივი მგელი,
მარტოხელა ყმუილი ისევ უჭირს,
მიკროფონით ვეხმარები,
ჩემი გული, ფილტვები და სხვ.
მოსაძებნია,
თავი თუ მოვუყარე, ხელში დავიჭერ _
ასეთი თაიგული დედაჩემისთვის!
სევდიანი სათაურიც რომ გავუკეთო,
უკვე, ლექსი...




* * *

სახლში ქარი,
ნახატები კიდია ირიბად,
საწოლიც რომ ჩამოვკიდო,
შვეულ სიზმრებს ვნახავ,
სადაც მდინარე მთაა,
ბალახით მოედინება,
ზვავებს მკვახე ხილის გემო აქვთ,
მთის წვერი ჩამოდის,
თოვლს დამანახებს
და ბრუნდება თავის ბევრ ცასთან
რა ვქნა, ეს თეთრი სამკუთხედი
სამოთხის ვაშლებში ჩავტენო?
არ დამილპნენ უგეომეტრიოდ!
მოვდივარ ყველგან და არსად,
ბალახთან ერთად, ანუ მდინარესთან,
სიხარულთან, რომ ეს შემიძლია,
სანამ ზამთარი მოვა,
რომლის სევდა ჩამკეტვია
და უხდება თბილ ოთახს...

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:39 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)

დეპრესია

თვალებს რომ ანაბეჭდი ჰქონდეთ,
კანონიერად დაგაბრალებდნენ
ჩემს მკვლელობას.
აბა, მე რა საყურებელი ვარ?
არცერთი ბავშვი
ხიჭვიანი ჯოხივით
არ მიჭირავს ხელში,
შესაბამისად, აღარ მაჟრიალებს,
ამ უხორკლობით ვიღას შევეხები?
და ნაპერწკალს ვკარგავ,
ზოგადად, ცეცხლი, ანუ
ე.წ. შინაგანი სინათლე
ელექტრონის ქვითრებიდან ამომაქვს,
იმდენია,
ფულის ერთეულს ვერ მიუყენებ,
საყრდენად ჩაფიქრებული შვილი
პანთეიზმისკენ იხრება
და ატმის ხეს, ზღარბები რომ ასხია
რაღაც არაბოტანიკურ სახელს არქმევს,
ეს როგორღაა ლათინურად?
ან შენ რატომ გაგონებ იმ მცნებას,
რომელიც უნდა დაარღვიო?


დამირეკე!

დამირეკე! იქიდან დამირეკე!
ელექტრონის ბოძს შეასკდი
ფრთის ღეროთი, სულის ღერძით,
როგორც გინდა, ოღონდ, დამირეკე!
ღამის მწერებს ხაოიანი
შიში შემოაქვთ,
შენ ქაღალდზე ხარ დაბეჭდილი,
პრიალა, ლაქის ფეხსაცმელივით,
რომელიც უსულოა და, მაინც,
მატკიებს კოჟრებს და ფრჩხილებს
ოპერა ისევ გიყვარს?
საჭურისებს რისგან ამზადებენ?
მთის ბროლისგან, მაწვნის დედისგან,
რიგითი ტყუილისგან?
მათი ხმები სამშობლოში დაგაბრუნებენ,
რომლის სათაურია მზე,
ამ სათაურის ქვეშ ვიცხოვრე,
ვეფხვის ფრაგმენტები დამრჩა მისგან,
გაცრეცილი ხავერდის მაგნეტიზმი,
ბროლის მეტასტაზები
უკვე ასაკოვანი ცვედანების ხმაში,
ჩემსას, მოწევისგან ჩაფუშულს,
სმენა გაექცა
ყველაზე ანგარიშგასაწევი ნერვები
კბილებშია, სიგარეტს ჭამენ,
დღეში 2 კოლოფს
ოპერა მეც მიყვარს,
სი ბემოლის წვეროზე ვდგავარ,
ოღონდ, დამირეკე!


მთავარი ვერსია

ჩემი მკვდრები
თვალებში რატომ მიწყვია
და არა გულში,
რომელიც კოჭლობით მუშაობს?
თვალებიდან უფრო იოლად ვარიგებ,
ბევრ მეხსიერებაზე ვანაწილებ...
გენები თუ ამჟავდა
ქლიავის ხეს დამანახებენ,
თუ ყოფით ქიმიას?
ადრენალინის ნაშთი
ფსიქოზამდე მიმიყვანს,
ლიტერატურული ნაწყვეტები
იმდენ მეტაფორულ ვერსიასთან,
სიჩუმეში
მკვდარმა პოეტმა რომ გადაიფრინოს
და მიმანიშნოს;
ვაშლის ხეზე ჩიტები აღარ სხედან,
ნისკარტებით რომ დამამაგრონ
იმ უპრობლემო ქვეყანაში.


კიდევ ერთხელ, თიხისტანიანებზე

ზაფხულის ჟესტები, მრგვალი და ზანტი,
მიმიკაში თვალები ჭარბობს _
გაოცებული ცომი
ახლა, ამისგან აცხობენ?
თიხას რომ სრესდა,
ზედ ანატომიას აბამდა,
ლოგოსი _ ენაზე, პიკასო _ თავში!
ცომი უნიჭო ხელებითაც იზილება
კულინარიის ერთი-ორი გაკვეთილი
ტელევიზორში და საფუარზე ამოსულებს,
გაცვეთილი კბილების ნაცვლად,
რაფინადის ორღობე პირში,
წითლად კმაყოფილი ენა ამის გამო,
ან რა მეტყველება!
რა ხრაშუნა პრონონსი!
რა გაძლება მაცივრის ხარჯზე!
იმ თიხისტანიანებს
ცის სიუჟეტიდან გადმოწერილებს
დაეჭვებული თავები,
სულ სტკივათ...


ელეგია

კი ვფიქრობ ცაზე,
მაგრამ ისე საგნობრივად,
მდუღარე წყალს რომ
ნარინჯისფერი ჭიქა უხდება
ჩემი მკვდრებიც აქვე არიან,
ქუჩის ფარნებივით თავები უნთიათ
მათ სინათლეზე მოვდივარ,
რადიოზე მათ ხმაში
ლაპარაკი, ისედაც, ვერტიკალური სტიქიაა!
ნარინჯისფერი ჭიქა კი ამიწებს,
შაქრისთავიანი ნამცხვარი,
უცნაურია, მაგრამ დეპრესიაც...
ქარი ჩლუნგდება სიხშირისგან,
კბილებს ხეებზე ტოვებს,
მერქანი ტკივათ
შეშუპებულ სახლს
ჩემი ძვლები რომ გამოაცალო,
დაინგრევა...



სიმშვიდე

ზღვის დონიდან
მეთორმეტე სართულზე ვზივარ,
ტანის ერთ მესამედზე
ორი მესამედი შიშის ზედნაშენი
მეშინია ლიფტის, უძილო საწოლის,
ოქროსძირიანი დღე რომ ამოაბრუნო,
ისეთი დამაბრმავებელი ცის,
თვალი თუ გავუსწორე,
იმ ამპარტავნებასაც
როდის გავხდი ბალახზე დაბალი?
ხეების გვერდით წელს ვიგრძელებდი,
თითები _ ცაში, მელნიანი ამის გამო
როდის ვიგრძენი კუზი?
შეუძლებლობა ნემსის ყუნწების,
_ საერთოდ შეუსაბამობა?
და არავითარი ხეები მთვარეზე
და ელდა ამისგან!



* * *

ერთი კაცი
მარტოობას თუ გამიყოფს,
მეტრობით ნერვებსაც,
მუცელს მთაზე ვეღარ მიმაბჯენინებს.
მრავლობით რიცხვს ბავშვები ქმნიან,
სულ სისხლის წვეთებით ვაგროვე,
სინჯარები გავავსე,
ხორცისთვის დავიწყე ზრუნვა,
შუშის ხერხემალზე დასანაწილებლად,
ცოტა ხანს გაძლებენ, სანამ
ქვების შეგროვების დროა,
ნელ-თბილი ამინდის ნაცვლად,
ელვას მიიზიდავენ,
შეეწყობიან ერთმანეთს
დედალ-მამალი სინათლესავით.
აბა, საიდან, ეს შალის ჰაერი?
როდის მოვიდა ქვების სროლის დრო?
ასე იცის
მრავლობითი რიცხვის დამყნობამ
მარტოობაზე?



პანაშვიდი

რაც მეტია ხალხი,
მით უფრო ნაკლები ხარ შენ.
ვერავითარი აქაური პირობითობა
ვერ მიმანიშნებს
იმ ვარაუდებს ქვეყანაზე,
სადაც კიდევ უფრო ცოტა იქნები.
მზიანი ლექსი დაგიწერე,
თავისი ზიმზიმით, ზარ-ზეიმით,
გამიზნული ალიტერაციით,
შეეძლო გათბობა, დააგვიანდა...
დილის კრიალა ლაპარაკი,
განსჯამდე არმისული, გაწყდა
რამდენ ხანს ვთამაშობდით:
შენ _ სიცოცხლეს, მე _ იმედს;
თოხლო კვერცხივით დაუმთავრებელს,
ბოლოს შეიკრა,
უნაკლო ფორმა მიიღო
აქამდე უნდა ამომეგლიჯა
თმის ღერები, სიმწრის ხმოვანები,
საღებავის მსუქანი ლაქები,
ვაშლის კანები და პლასტილინი მიმეშველებინა,
ვერ მოვასწარი ეს ჩიტის სამშობლო!
თავშესაფრის თხოვნა,
იქ საწყლად ცხოვრება.


* * *

არსად არ ვმუშაობ.
კიბეების, ზრდილობის გულისთვის,
მარმარილოს, არ ვუხდები
შავი ხვრელებით,
ბუნებას _ ურბანისტული გამოხტომებით
რომ შემეძლოს, ნახშირორჟანგი ჩავისუნთქო
და ჟანგბადის ბალიშები ამოვუშვა
მილიონნახევარი დაბჩენილი პირისთვის!
ღმერთო, ხედ დამნიშნე
ამ ქალაქის რომელიმე უპათოსო ქუჩაზე!


* * *
სანამ სახლში ხარ,
იცი, რომელი გზა აირჩიო,
ან დაბრიცო,
რომელ აბლაბუდაში გიზის კაფკა,
ვის ამოსდის პირიდან ბალახი,
ქუჩაში რომ გახვიდე
და ბროდსკი ჩაგივარდეს თავში?
სანამ ამოიღებდე, მეტასტაზებს გაუშვებს:
ამდენი გზა, ამდენი ზღვა, ამდენი ამერიკა!
რომელი მისამართი იკისრებს
შენს სახლობას? რომელი ცა
ლურჯ ბრეზენტობას შენს თავზე?
რომელ კაცს აირჩევ?
ციმბირის წყლულიანი თვალიდან
შეუძლებელი ვენეცია რომ ეღვრება?
თან მთები სიახლოვეს...
`რატომ არ მღერით~-ო?
ამ სიტყვებს ვებღაუჭები,
წერტილს ვერ ვსვამ,
ეს არ თავდება...


თანაგრძნობა

სახლსა და სახლს შორის
ქუჩის შიში,
თავზე _ ვარსკვლავი
იზრდება, ღერო აქვს,
ფესვებით მიწას ჭამს,
ანუ ცას, ნაცნობი სულებით
გაფხვიერებულს,
ვითომ, აქ წყნარად დავჯდები
მის შუქზე?
არ დამჭირდება ადგილის მოთხრა
კბილებით და ფრჩხილებით?
თმებში, რომლებიც კიდევ იზრდებიან,
ანუ საკუთარი ლოგიკის ძაფებში
არ გავიხლართები?
როგორ ღმერთს დავინახავ;
უკვე დამზადებულს მინანქრისგან,
თუ ღრძილებიდანაც რომ სისხლი სდის
და ზედ სიტყვებს აცხელებს
გამოყენების წინ?
ლოგოსი სულ სხვა სიმკაცრეა _
ლიმონებით გატენილი მაცივარი ზურგს უკან
და არა ბურთი ყელში,
ოღონდ, უყელოდ, რომელიც
ბავშვების შორისდებულებს დავუტევე
და ბებრების გულაჩუყებას
ღმერთო, სულ ფრჩხილებით ამოკაწრული
ადგილებით ვაშენე გზა შენამდე,
ესთეტებით მოვაპირკეთე,
განყენებული მდგომარეობიდან
როცა გამოდიან,
ჩემი პლაზმისგან მინანქარს თლიან,
ფერებსაც მე ვაძლევ:
ლურჯს მშიერი კანიდან ვიღებ,
წითელს _ გაჭრილიდან _
ატავისტური ემოციებიდან
იდეალურ ზედაპირამდე...
და ქათქათის მარცხენა გვერდი
თავისით, რომ ამოიბურცოს,
მაინცდამაინც, მეშვიდე დღეს,
როცა ისენებ?


ორჯერ ორი _ ხუთი?

რას გიტოვებს მკვდარი?
ღია კარებს, მაღალ მატერიას,
ჩაფენილს შავ ხვრელებში
იდეალურ დროს, სადაც მელანს
იასამნის სუნი აქვს,
მიწას მწვანე ბალახი უსვია _
კარაქიანი გზა ზარმაცებისთვის
ცივი სიტყვა, თბილი სიტყვა,
შუაში სიმართლე, მაგ. ასეთი:
საკუთარი თავიდან უზმოზე გახვალ,
ფეხმძიმე დაბრუნდები, მუცლიდან გაანათებ,
გამრავლების ტაბულას აიგდებ
ორჯერ ორი ხუთის პრინციპით,
სხვა საძირკველივით სიტყვებსაც:
სიზუსტეს, უეჭველობას,
კუნთების სპაზმით
ჩანაცვლებულ სიყვარულს...
გზას ბალახი უსვია,
კარაქიანი პურივით,
რბილად მისდევ,
სიმრგვალეა მუცლების
და მიწის ბორცვების
რომელში გაქვს სინათლის წყარო?



***
სახლში
30 დღე გამრავლებული
130 კვ.მ-ზე, მთელი დეკემბერი
გარეთ _
30 ლარად ყიდიან ერთმანეთს,
ვერცხლი არ ჩანს,
ძველი და მარტივი ფოკუსი
ჩიტი სახელოდან აღარ გამოგდის,
მაგიდა გიშლის,
რომელიც რეალისტია,
მჭადი და ლობიო ზედ _
შიმშილით არ მოკვდები,
არც თავბრუსხვევით,
ჭერი დაბლა აღარ ჩამოდის,
შიშველი ნათურა ჰკიდია
გაუძლერს შენს სიმძიმეს?



* * *

სახლებმა დაავიწროვეს დღე,
კარებში მოწეწკილი სინათლისგან
რას ელოდები?
ჰორიზონტის დევნას?
თვალის პური ესაა,
სივიწროვემ თუ გააშუშა,
წვეტიან მზერაზე წამოცმულ ნაგავს
ხასიათში ჩაგიყრის,
ხიფათიდან კაშკაშს ვეღარ გამოადნობ!
ნაკვეთს მოგიზომავს,
შიგადაშიგ ქაღალდის ყვავილებით _
მინდვრის პოპარტი
ფეხი თუ დაადგი, სისხლს ამოასხამენ,
შუშის ჭურჭელზე მითითებულს;
დარჩენილ წყალზე, გადაღვრილ მინაზე,
ბოლო შუქს ეჭიდებოდა _ ქინქლების თაიგულს
მტკივნეულია, ნამტვრევები იკბინებიან...



იალბუზზე

დიდი ღიმილი _ გული კბილებში,
ტკივილის დროსაც,
ძალიან მწარე, ფესვიანი _
უკვე ბოლო
ფრენის კანონს ვხედავ:
ჰაერი და ფრთა აწვებიან ერთმანეთს
თანაბრად, ფრთის ჩრდილში
რაღაც იმალება _
ალუმინის ქვაბი, რეალისტებით გატენილი,
ანუ თვითმფრინავი
რეისები მასშტაბური
ალიასკაზე ოქროს ისევ ცრიან?
ეკვატორის ხაზი გულში შემოდის,
იშემიას მმართებს, ცხელა,
კავკასიონის თავზე ჩავიფუშები
ვენდო ჰაერს,
თუ იალბუზიდან დავიწყო
ფრენაში ვარჯიში?
ეკვატორები, პოლუსები,
უნაყოფოდ ჟღერს
თვითმფრინავი
რომელიმე წყნარ ქალაქში წავა,
მე აქ დავრჩები
კარგი მთაა იალბუზი,
ლექსივით ისმის.



Last edited by Admin on Sat Oct 22, 2011 7:24 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:41 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)

* * *

წითელი ხაზი გამისვა ფეხქვეშ,
აღმნიშნა, გამომარჩია სხვებისგან,
კი გავუძნელდი,
ხორხზე ნაწიბურები დავუტოვე _
პირიდან გამაჩინა
სიტყვით მშვენიერი,
ტანით ხარვეზიანი,
ცეცხლი იღლიებში მქონდა,
თერმომეტრი თავში,
კონტროლი ცხრა მთას იქით.
და გარიგითება დამიპირეს,
ამ ქვაბივით ქალაქიდან
ცეცხლის დეპარტაცია
აბა, რაში მოიხარშებიან
ნამდვილი მშობლები, საწყლები და პოეტურები?
რას შეჭამენ? საკუთარ ტემპერამენტს?
თითო წამოხურებაზე
თითო მეხანძრე თუ მიუჩინეს,
ამასაც ვერა
ამიტომ ახლიდან გამაჩინა,
სხვა სიტყვებისგან გამომარჩია,
ფეხქვეშ წითელი ხაზი გამისვა,
კრემატორიუმის საძირკველივით.



ტკივილის შიში

სიზმარში სირბილი
დაბორკილი ფეხებით, ბრმა შუბლით,
სულ წრეზე,
გარღვევის უფლების გარეშე.
თავიდან აზრიანი, მთებისკენ ბიძგით,
მერე ზეგანის ერთფეროვნება,
ყველაზე გრძელი, მოწყენილობაზეც კი,
ლირიკის ნაწყვეტები,
მთვარით მიბმული ერთმანეთზე,
უსაყრდენო პოზა გაძლებამდე,
თანაცხოვრება უძრავ ქონებასთან,
სიზმარში, უკვე, სხვების სირბილი,
მე შუაში, ფარგლის წერტილივით,
რომ იგულისხმება და არ ჩანს...
ათვლას ვიწყებ არაფრიდან სევდისკენ,
აღმატებითი ხარისხი _ დარდი.
იატაკი სახეში რომ გამოვტოვო?


იმ არავისთვის

გინდა ამოვიტრიალო თავი
და შიგნიდან გაჩვენო?
წითელ ატლასს მოელი,
ლაბადის დრეკადობას,
ნაცრისფერ ფარაჯას?
არადა, მორევი ტრიალებს,
ჩქარა, ცხლად,
გული _ ვირის მუშა,
არც ცეცხლი, არც ყინული,
არც სხვა რომანტიკული სისულელე!
გაცვდება, შეაკეთებენ,
შუნტებს დაადებენ.
რამდენ ხანს გაძლებს?
თორემ ფრთიან ლოგიკას
უკეთეს ქვეყანაში მივყავარ,
სინათლის სიჩქარით,
არც ეს გულისხმობს
ჩათბობას, ჩაშენებას
და სხვა ამგვარ საძირკვლიან სიტყვებს.
უფრო, იმ არავის,
ფრენას რომ ვპირდებოდი,
შეკეთებული გულის ხარჯზე,
ისიც თავის წვა-დაგვიანად,
თვალებში ამაქვს,
გარეთ ატლასი, შიგნით ნაცრისფერი ფარაჯა
კიდევ რამდენი ომია გადასატანი...



კანდინსკის ალბომი

კი ვუყურებ ამ წითელ სიღრმეს,
მაგრამ ასე არ ვგრძნობ თავს
კანის ქვეშ, სისხლამდე ხორცი მაქვს,
ბიჟუტერიით დაჩხვლეტილი,
სიტყვები უსამკაულო,
რაღაცას კი არ ასახავენ,
თვითონ არიან რაღაც: უნებლიე,
თუ ჩემზე უფრო გადამწყვეტები?
წონასწორობა თუ აფეთქება?
ვერბალური გავლენის ქვეშ ვარ,
წნევის, წნეხის,
უკეთესს მხდის, თუ უარესს?
სიზმარში მხედავთ, თუ ახალგაღვიძებულზე?
ერთ შემთხვევაში საფუძვლიანს,
მეორეში _ ზერელეს,
ორივეჯერ იმას, რაც ვარ.
წონასწორობის აფეთქებით,
კომპლექსებზე ბიჟუტერიით,
ლექსიკონში ჩასული მზით
წითელძირიან სიღრმეს ვხედავ,
მაგრამ ასე არ ვგრძნობ თავს...


პატრიოტიზმის მცდელობა

დამავიწყდა. ყრუ კედელი.
სახელი მოწითალო,
გვარს ნაცრის სუნი აქვს.
ყოფილი სისხლი, ყოფილი ცეცხლი,
ისე ზოგადად, როგორც ზღვა ან მთა,
სანამ გეოგრაფიაში ჩაიკეცებიან,
მაგრამ რუქაზე მისამართი არ აქვთ,
ის ზღვა ან მთა ხომ არ არიან,
თვალსაწიერის ბოლოში ეძებონ,
გამეორებულ წყალში,
თორემ სახელის და გვარის ბანალურობა?
`ვინმე მელექსე~
და ამბავი `ვეფხის და მოყმის~,
ცეცხლი და სისხლი, გადამდები სახადივით,
მერე ნაცარი და სიტყვა `მოწითალო~
ნაკლებ გაცვეთილი, მშობლიურ სისხლისფერზე
გვარი და სახელი
სულ არ წერია არსად,
ჩემს ტვინში რასაც შეესაბამება,
ის არის მთავარი:
ნადირობის აზარტი ლექსიკონში,
ალპინისტის ჟინი რუქაზე,
ხვიშტი ცხოვრებაში,
პათეტიკური მემკვიდრეობა _
`ვინმე მელექსე~
ძლიერი მხრები უნდა,
ფრთები გვერდზე გადადე.




* * *

მოვედი,
ხალიჩა დამიღვარეს ფეხქვეშ,
მზისკენ იყურება თბილად
ჩემი უფსკრულები ვაჩვენო,
შიგ ჩაჩეხილი კაბებით და ჩექმებით?
რასაც ქარი ვერ ამოაფრიალებს,
მეორადი ტანსაცმელი
სიმსუბუქით არ გამოირჩევა,
არ ლივლივებს ხელის გადასმაზე
ხალიჩის ხაოებივით,
ოქროს კბილებს არ აკაკუნებს,
როცა მზე მოწყენილია.
ისინი ყველანი კარგად უნდა ყოფილიყვნენ:
წყალზე დაბიჯებულები,
მატერიალიზებულები ჰაერში,
ამობურცულები, სადაც საჭიროა,
მარტოობა რომ არ მეგრძნო,
ყოველშემთხვევაში, ასე მწარედ!
თუ ხალიჩას მიღვრიან ფეხქვეშ,
ალისფერ ტალღებზე მასრიალებენ,
ამომიცარიელონ უფსკრულები,
ფეხწამოკრულებისა და თავმოკლულებისგან!
მზე რომ ძალიან მოძლიერდება,
შიგ ჩაიხედავს.



ბაღი

"ამ ჯოჯოხეთისთვის, ამ ბედისწერისთვის,
ღმერთო, მისახსოვრე ბაღი სიბერეში".
მ. ცვეტაევა


ჯერ ჩონჩხს ვიშენებ,
მერე სახლს, მერე ბაღს,
შუბლის ძვალზე რომ ალმასები მაქვს,
თეთრ პურსა და ქონში მიცვლიან
სინათლეც მათია, მზე არ ჩანს...
რატომ ვიწროვდება ხმოვნები,
რომლებითაც ვყვიროდი?
პათოსისთვის, თუ იმედისთვის?
თუ იმ პატარა აპოკრიფისთვის,
ღმერთს რომ სამოთხე
ვაშლითაც უყვარს, ანუ
ჩემი ცნობისმოყვარეობით?
მუხლებზე დავუდგებოდი, მაგრამ მუხლები არ მაქვს
მხოლოდ, მოკეცილი აბრეშუმი,
ლეტალური ბოლოთი.
მარილიან ჩონჩხს ვაბარებ მიწას,
მახვილი სითეთრეზე!
მზეზე სამი ძახილის ნიშანი!
ბაღს რა უჭირს, ხეები ეზრდება,
ვაშლებს ისხამენ, არ ეშინიათ...


* * *

ხეებს ვარ ჩაფრენილი
ზამთარი აშიშვლებს,
ქიმიოთერაპია პარსავს,
მძიმედ ადიან ტალახიდან მთვარემდე.
ჩემი ტალახი უფრო რეალურია,
ჩამაცემენტებს დანიელ ჭონქაძეში,
ხეებამდე თუ არ მივიტანე თავი,
ზედ მთვარეზე არ მივადე,
მერქანში შესულზე...
დაბრუნებული, შუადღეს ავადუღებ,
წყალს კალენდარში შევიტან
ოთხშაბათად, სამსახურის დღედ,
პირიდან დაღეჭილ გზებს გამოვყრი
და წავალ, წამოვალ,
საწერ მაგიდას, საწოლს, კარადებს
უჭირთ უჩემოდ
ჭლექი რომ დაემართოთ,
იმ ზემოთ ნახსენები მწერალივით?
გული იმდენჯერ გამისკდა,
რომ ინფარქტებზე, პირდაპირ,
ფეხები მომაკერეს!
სიმწრისგან ხეებს ვარ ჩაფრენილი.


ვარსკვლავებისკენ!

აქ ვინ ხარ?
სულზე წიგნს ხომ არ გამოიბამ!
სხვა რომ ჰაერს შეარხევს,
შენ დაბერტყავ,
სიტკბოს დააყრევინებ?
მუცლიდან ამოღებულ სულს
სიგამხდრით გაეჯიბრები?
არც ქონის ფართობი
მოგყვებათ აქამდე,
არც ნეკნების სივიწროვე,
აქაურ ფერში წყალია გარეული,
მსუქნად ვერ მოუსვამ,
ხორკლს არ გაიკეთებს,
რომლის გამოსადები თითები
ფოთლებივით გაგცვივდა,
თუკი რამე გენატრება, ხეები,
მზეს ჩრდილი და დუღილი არ აქვს,
ქარს _ მიმართულება,
თვალი რაღაზე გიკეთია?
წერტილს რომ წაეფინოს,
დროის მონაკვეთი გაჩნდეს,
თბილი, ფორმიანი,
ამ არაფერთან შედარებით!
მიწიდან აფრენა თუ გინდოდა,
სისხლიანი ფეხებით,
ლაჟვარდი, ღრუბელი მათ მოსაშუშებლად
და ისევ უკან!
არავითარი წაქეზება `ად ასტრა!~
უხიფათო ცა ფანჯარაში...
დადექი და იკითხე
სინათლის პარტიტურა!


საწერი მაგიდა

ქვებს რომ აგროვებდი,
ბიბლია? ჩაყლაპე?
ყელი გაგიხსნა და ცეცხლი გამოგიჩინა?
უკვე პატარა, უვნებელი,
თუ ისევ ის,
კილომეტრების გამწითლებელი,
მათი ცხლად მომტანი,
საწერ მაგიდებთან?
მაშინ, რატომ, მაინცდამაინც, შენი,
ასეთი უელფერო, მაუდის ხმით?
იმ ქვებზე, პერანგის ჯიბეებში,
კარაქივით ლაპლაპა წყალზე?
უკვე დროა?
ქვევიდან ზევით რომ ლაპარაკობ,
წერ, ხაზებს ავლებ?
ამბობ: _ სევდიანი შვეული ხაზი!
ვიღაცას მოსწონს, მაგრამ
ყურებს არ უხევს,
პრიალა წყალი
ქვებით რომ დაჩეჩქვო,
ზევიდან ქვევით ჩამოხედვა ეტკინებოდა,
რაც სამუდამოა...


* * *

ღრუბლიან დღეში უფრო ვემალები იმას,
რაც ქუჩიდან ჟონავს,
მზით გაჩირაღდნებულ გაურკვევლობას
სახელი უნდა დაარქვა,
ვთქვათ, თავში სკამი _ სიმაღლის შიში,
შეპყრობილი პირადად შენ!
ღრუბლებში დამალვის უნარიც შენი _
ვითომ, ჩიტობის...
ზოგადად `შიშები~ უკვე ეპიდემია,
შენც, არა მარტოხელა შეპყრობილი,
არამედ ერთი იმათგანი,
დიაგნოზის შემადგენელი ნაწილაკი,
წვეთი, ნამცეცი,
ღრუბელთან და მზესთან თამაში?
ეს ხომ იყო,
შეწუხებული გრამატიკა,
თითების მრავლობითი დღევანდელია,
თუ გინდა, ნუ შეეგუები.



საღამო

ღია ფანჯარაში ქაშუეთი ჩანს,
მასთან ერთად ვვახშმობ,
საღამოს შვიდ საათზე
ეს დრო მიყვარს
მთელი დღის ნაწვალებ
პლასტმასის კონსტრუქციებს შლის,
აბუნდოვანებს
შესაფერის წიგნს ვეძებ,
ჩემს ბრმა კარადაში.
რა შუშებიანი კარადები აქვთ,
რა თვითკმაყოფილი წიგნები!
ევროპებსა და აზიებში
ფერმიცემული,
პირდაპირ იჭმევა!
ფანჯარაში გაყრილი ფანჯარა...
ეკლესია საიდანღა ჩანს?
მასთან ერთად როგორ ივახშმებ?
მკრეხელობა, თუ პოეტი
ღვინის ჭიქაში?
სახეზეც გერეკლება, სვამ...


ინსტალაცია

დოქები, ბოთლები, ლამპის შუშები,
დაგრეხილი კისრების ინსტალაცია
აიმრიზება რომელიმე მათგანი,
სიტყვას მოარგებ, მჭიდროდ,
მოთოკავ,
ყვირილის დიაპაზონს
წკარუნამდე შეუმოკლებ,
ძირფესვიანი ნივთების დახმარებით,
შენ რომ არ გიყიდია:
მზითევი, მზით გაცვეთა
და სხვა ამგვარი მაღალფარდოვნება,
ნერვებივით აწეწილი სამშობლო,
ქარიზმატული ტიპების მიერ,
აუტსაიდერების ჰერბარიუმი წიგნებში,
აქედანვე ამოღებული,
საკუთარი მოღრეცილი კისერი,
საგნები თავისთავად,
უერთმანეთობა,
რაც უფრო განგრევს
`აირევი ივერიას~ მოტივებზე...



იმპროვიზაცია
(ტრამალის მგელი)

ასეთი მგლები?
შავი კოსტუმი,
თეთრი ცხვარი ჯიბეში
თან, ეთიკეტი,
თან უმწიკვლობის თამაში
კარები გახეული, ნადირობა დაშვებული,
განსაკუთრებით ბავშვებისთვის _
პირში მგლებით დასდევენ ხორცს
აკი, 70% წყალი ვართ?
ბრეზენტში შეხვეული მტკვარი
შემიძლია, არ უნდათ,
მეტაფორაში აზელილი
დედა, სისხლი, ტყუილი
ბავშვობიდან წითელ რძეს ვსვამ!
ბავშვების მგლები
უფრო დამჯერები არიან,
უზმოზე თითო ოქროპირს ვაყლაპებდი:
აქედან თოვლი შავ ჯიბეში
და არა ცხვარი _
ასეთი თავისუფალი თარგმანი მგლების _
ჰესე ქართული ნევროზების ბაღში?
სევდის ბაღი რომ იყო,
შემოდგომა ვერ გავიყავით...



ძნელია დილამდე

ხმები გხედავენ
არა დღის, პრიალა,
ვაშლის მულიაჟივით,
ღამის ხმები,
ყელის ძირში ხრინწით,
ლოგინს გიშლიან,
ნეკნებზე სურვილს გიკაკუნებენ,
თანაბარმარცვლიანს
ლექსი ლოგინში?
წითელი ქვეშაგები შემთხვევით გამოგდის,
წურბელებისგან ჟანგიან კეფაზე
ატლასს ცელულიტი არ ემართება,
სრიალით ჩამორბის თეძოებზე
ასე, მზერებსაც არ გაექცეოდი,
მაგრამ ჭინჭრიანია...
ღამის ხმებს,
ღვინის ფსკერიდანვე სცხელათ,
გიყურებენ,
რბილად იხრებიან შენსკენ,
დილამდე რამდენიმე საათი რჩება...


თებერვლის ბოლო

დღე, თითქოს, დაგრძელდა,
ძილი, მაინც, ცივია და სევდიანი
სიმბოლური სიზმრებიდან
მუშა ინფორმაცია ჟონავს _
უგემური დღის რეჟიმზე,
პაუზებში, უნალექო ყავიანზე,
შიშის წებოიანზე,
ვალეტივით გაწოლილ წყვილებს
როგორ ეტყვი:
_ დაუკარით ერთმანეთი ორ ხერხემალზე!
როცა ხორცი უსურვილო და დონდლოა,
აგურისფერი ტემპერამენტი,
სამშენებლო მასალა შვილებისთვის,
დახარჯული,
ფერითაც კი ვერ ათბობს
მარტო, მოლოდინი მეორე დღის,
შრიფტით გაჭედილის,
შესვენებაზე უნალექო ყავიანის,
ლაპარაკის გახვეტილ ნაფცქვენებში
აგურის წინწკლებიანის,
რომ ღამე, ისევ, ვალეტივით...
დღე აღარ ემორჩილება კასტრაციას,
იმატა კიდეც,
ძილი, მაინც, ცივია და მოწყენილი...



* * *

წავიდა, თითქოს, ნათურა ჩაქრა
რა დამიტოვა?
ანევრიზმები – ოჯახურად მწითური
მანდარინის ბიჭები,
თავიდან მათი პლანტაცია ამომაქვს,
ნეიროქირურგის ბებიაქალობით –
მაღალი ძაბვა რომ მოვარდება
დეფიციტური ელექტრონის პირობებში,
ისე დასანახად,
საკუთარი სისხლიანი მონაწილეობით,
არა მარტო დასწრებით,
ან ყურის მიგდებით,
საგნები მაფერხებენ,
შუქის რეფლექსიას ვცდილობ მათთვის,
მაინც, ისეთი სიმუქეა,
ჩემივე ჩრდილმა რომ შემჭამოს...
წავიდა,
თითქოს ნათურა ჩაქრა...



Last edited by Admin on Sat Oct 22, 2011 7:21 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:42 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)

ოფელია

შენ ხომ არ იცი,
რა სიტყვები ამოვიხიე პირიდან,
ქარი რომ შემექმნა!
თავი წინ მისწრებდა,
კოპებს ილურჯებდა,
ხეები ქროდნენ,
ჰაერი ქვასავით იდო
უფსკრულზე, როგორც მკვდრის თვალებზე.
რაც გინდა ზმნები მოგება ფეხებზე,
ქარშიც ვერ შეხვიდოდი მეორედ,
ვარდნას ვერ გაექცეოდი,
მარტო წიაღი იყო დადებითი სიღრმე,
იქიდან ამოსული,
თეთრი სასვენი ნიშნებით
გამომყვეს ყველასგან, ძალიან განმაზოგადეს,
ჰერაკლიტეს ანტიკვარული სახელოდან
გამოასხეს მდინარე, ერთხელ და ჩემთვის,
მე კი უმადური კაცი მიყვარდა,
დღესაც რომ დგას,
როგორც ფიქრის გამხდარი ძეგლი
ჩემს არარსებულ საფლავზე...



* * *

მარცხენა გვერდზე რვეულის ხახუნისგან
ცეცხლი მიჩნდება, კუთხეში ვანთივარ,
დანარჩენ ფართობზე – ჩემი ნაწყვეტები,
ანარეკლები,
მერე, აულაგებელი ლოგინების ეროტიკა,
რძეში ჩაყრილი მარწყვის ჟრუანტელი...
ამას ელექტრონი არ გაანათებს,
ან იქნება გამიზნულად მკაცრი
როდინდელი დეკადანსია
ლექსი ლექსისთვის!
აბა, აკეცილი ლოგინები,
ფსიქიატრიული საავადმყოფოს ბოლოთი?
რვეული და მელანი,
ჩემი ციხის პური და წყალი...
რა ტკბილი იყო
რძეში ჩამხობილი მარწყვის ჟრუანტელი...



გზა (უგზოობა?)

როცა ჩემი გზაა, თვალებში შუქნიშანს იყენებენ,
ხმაში – მანქანების მტვრევას
აქედან – ძვირადღირებული,
კომერციული სევდა,
განსაკუთრებით,
დაწითლებული თვალების,
წინ გადაქანებული თავის,
ბარიკადივით საწერი მაგიდის ფონზე,
იქაც, სისხლი პირიდან –
შეუძლებლობის პირობითი ნიშანი...
ეს ნატურალისტური დეტალები
ლექსშიც მუშაობენ:
ოქროს დუმილი, ვულგარული მრავალსიტყვაობა...
ვინ გაზომა სიტყვის ლიტრები,
კილოგრამები, კილომეტრები?
თუ გზას ამოახვევ ჰორიზონტიდან:
ნაცრისფერს, ფრჩხილებში სევდიანს,
გაცილებით, შეუხედავს
იმ კომერციულზე, თავისუფალზე, ავტობანზე.
ჩემი გზა ჩიხებით ჩაკეტილია.



ფოტო

თმების ენერგია ფოტოზე არ ჩანს
მიწაში რომ ჩავუშვა,
ვინ ამოყვება?
იასამანი თანახმაა დედაჩემობაზე,
შავ ღვინოს ვერ გაუგია,
რატომ შეაწერეს ჩემი მამობა
რაც სხეულიანია, უფრო ეგოისტია
დღის და ღამის შუქს ვინ კითხა,
პირდაპირ მშობლებად გამიმწესეს,
ცა ჩამომიწიეს.
მერე, ისინი, სამოთხის მიწიდან
არცოდნის ამომთხრელები?
ნაივური ვაშლებით წაქეზებულები,
ტანინიანი ვენახებით?
კიდევ, სხვები,
გაშეშებული ფოტოების იდენტურები?
ნამდვილი დედაჩემი
მიწის ღერძს ატრიალებს,
რომ მომიახლოვდება, ცოტა გაღუნავს,
გულის მოწურვით ვგრძნობ ამას,
ენერგია ფოტოზე არ ჩანს...



მცენარე

ზამთარი მეფშხვნება თავზე:
ჭერის ცარცი, ჭურჭლის ფაიფური,
ნაწიბურებში მცენარის
შესაძლებლობა შემეპარა,
სულ არ გავალ გარეთ,
ისე გავახარებ,
გამოჟონილი სისხლის
წითელი სასუქით.
ბევრი გინახავთ აყვავებული შვილები?
ლექსივით ძნელები,
მაგრამ მადლიერები
მარტო ამ ნაკაწრებისთვის,
გლუვ და უნერვოდ
ჩაფიქრებულ ზედაპირზე,
ტკივილი, ისედაც, ორმოებზე მეტია...


თვალი არ მაცდუნებს

მარჯვენა თვალზე ფეხი დავიდგი,
მარცხენა სენტიმენტალურია, წყლიანი,
მშრალად ვერც ამოიგლიჯავ.
ყოველდღიურ კაცებს
რაბლე მოუჩანთ პირიდან,
სილიკონის ბორცვებს ეპოტინებიან
(პიეტეტი მთების მიმართ),
აჭრილი რძესავით ჰაერის ფაქტურას,
ხელმოსაჭიდს,
მოუხელთებელი სუბსტანციები
ჩემთვის და ჩემისთანებისთვის,
კოლენკორის ყდებიც,
შემოფცქვნილი კლასიკიდან –
უმუცლო ბიბლიოთეკა,
აქედან – სიჩუმე
და არა დუმილი მრავალმნიშვნელოვანი
სიმართლე საიდანღა?
რეპრესირებული ბიძაჩემის
პლევრიტიანი გვერდების,
გამხდარი კუთხეებისგან აგებული
მისი ცოლის დავიწყებული ტკივილიდან
ლექსი თუ გამოდნა?
რამდენიმე კაცს თუ გადაედო
გრიპივით: ყელის ჩახევით,
ბზიკებით სახსრებში,
იმხელა ტყუილით,
რომ, უკვე, სიმართლით,
ოღონდ, არა სწორი ხაზის
უმოკლესი მანძილით,
არამედ გარშემოვლით: გზაზე ტალახის,
ნაჩუქარი ნეკნების, გვამების აკვრით
ეს კინო მიდის ჩემს თვალებში,
რომლებზეც ფეხი როგორ დავიდგა?


* * *

ასეთი ყელი _ ცხენების ქარი,
გედთან შედარება სალონური,
ამიტომ ფრჩხილებში,
ნუთუ, სული რომ ამოუვა,
ჩაიფუშება?
მეორე ვარიანტი:
გლანდების წითელ პარმაღს
რომ ვერ გადმოაბიჯოს?
ანგრიოს მიწა, გლიჯოს სარეველა,
ხეების ბოლო წერტილიდან
დაიმახსოვროს ქალაქი,
ჩემი მრავალსართულიანი ავტოგრაფი...
როგორ გამექცა,
რა პეგასობა იკისრა
თვითმფრინავებით გატენილ ცაში!
ჩემი დაღვრემილი სახე
სიმბოლოდაც არ ჭირდება,
თუნდაც, შიშისთვის,
აქედან ბოლო სიხარულამდე
ბიბლიის ხორცი უდევს,
სტიგმატებით დახვრეტილი,
როგორ უნდა ამის გამოთქმა!
ქვევით რომ არ დარჩენოდა –
ყელის ფესვი,
საიდანაც ლაპარაკი იწყება...



იოსიფ ბროდსკის

წვიმა, თუ თოვლი, ვერ გაიგებ, დრო საშუალო,
გადახრილია აქეთ-იქით, ზამთრისკენ, უფრო,
ყვავის ალოე, ძველი სახლის აქსესუარი
და მოწითალო თევზის ხორცი არბილებს სუფრას...
რატომ ვართ უბრად? რა მტვერს იკრებს სახის ღარები,
ელექტრონივით, რამდენ სიტყვას გვაძლევენ სულზე?
რომელიც, კიდევ, სქოლიოთი გამაძღარია,
რა გინებას და ინცესტებს და მუსიკას უძლებს
ზოგადად ღმერთი, კერძოდ, სიტყვა და თევზის ხორცი,
დიდება ხორხებს, ციფრებისგან გადაგდებულებს!
ციფრები უფრო ცუდად ვიცი, იოსიფ ბროდსკი!
მაგრამ სიმწყობრე მათი, მაინც, მავალდებულებს
გეომეტრიას ოთახებში და არა სითბოს,
ესთეტიკიდან არმოწველას მურაბის წვენის,
ხორცზე სპილენძის ხერხემალი მაცვია, თითქოს,
იგულისხმება საყვირებში ჟრიალი დენის,
არ ვიცი, მისგან სიცოცხლეს, თუ სიკვდილს ვეცადო,
რომ სიმდორეში ჩაიხრახნოს სისხლის მორევი,
საავიაციო ზონის ზემოთ სულ სხვა ზეცაა,
რთული ვაშლების და მარტივი მეტაფორების,
მეტამორფოზის, ფრთების სახით აქ თუ გადმოვა
ყოფის ნულები, კუთხე ლექსის, ყინული მოცდის,
თუ გაუნაღდებს აბსოლუტურ სულის მამობას
და საღამოთა უჟამობას გაუთბობს ბროდსკის.



* * *

თავდახრილი დავდივარ,
ანუ მოხსნილი თავით ხელში.
ისედაც, გაბანტული არტერიებით
ვიმაგრებ კისერზე,
ლურჯი, უდარდო ფერით _
გაუშვი, მართალი ეგონოთ!
ისიც, მაცივარში რომ
ხელ-ფეხს ვინახავ,
დილას ამოვიღებ და დავდივარ,
ქუჩის განათებას ვექვემდებარები,
ატმის ხეების
თავის მოხსნა
თავგანწირვას უნდა ნიშნავდეს,
თუ ესეც თამაშია?
არტერიების გაბანტვა კისერზე, წებო,
ოფლი, ვიცი, რომ არ უნდა ჩანდეს;
სისხლი,
როცა სახეზე დადიან?
ქარვა დამანაყეთ!
მიწაზე დაცვენილი ატმებიდან
ერთი მე ვიქნები...



ბინდი

სიმკვეთრეები დღისა და ღამის.
მათ შორის, ბინდში, ადგილს ვიმკვიდრებ.
60 კგ ხორცს სული ვეღარ ეწევა,
ფოთლებივით ჩამოსაყრელია, _
შემოდგომას ველოდები...
სინათლეს ასხამენ და ასხამენ ჭიქებში,
ძირის გამოჩენას არ აცლიან.
შავია და საშიში
იქვე ბინდი, უცაბედი ნიჭივით.
ვინ მეკითხებოდა:
ასანთის კოლოფებისგან აგაშენესო?
სულ ვენთე და ვენთე.
კაბაში ვიღამ ჩამიყარა კილოგრამები?
ამის გამო?
სულთან დისტანციისთვის?
ბოლო ასანთიანი ხელი გამექცა
თბილი ქვეყნის ასაშენებლად
მკვდარი მერცხლებისგან
რა გამოვიდოდა?
მოხეული სახელოსავით მომაკერეს,
სული ვეღარ ეწევა
60 კგ ხორცს.
დღისა და ღამის გამყოფ ბინდში
ეს უფრო ბუნდოვნად ჩანს.,
აქვე ვტივტივებ...



ლირიკული გადახრა

ვწერ მზის პირდაპირპროპორციულად,
თვალებზე მცივა
მეშინია ამინდის,
წვიმისგან რომ იცლება.
გუშინდელი, გახეხილი შინდისფერი,
მეხსიერების გამნათებელი.
ქვა ბრტყლად ფიქრობს,
ხეებს ქარი აძლევს მოცულობას,
მზე რომ ცის გადასავარდნ მონაკვეთზე
შედგება, ტრაგიკული ვხდები,
არა დეპრესიული,
რასაც კათარზისი არ მოჰყვება.
მე კი მინდა ეს წყლის ნატეხი,
სარკესავით,
სადაფივით, თარიდან რომ იწვიმებს,
თუ თავგამეტებით დაუკრავ
`რა კარგი დღე ხარ!~ _
ახლა ამან მითხრას,
მე ეს მჭირდება...



ანბანის ამბავი

ჩაცომებული პურივით ჰაერს
ძნელად ვინელებ.
შიგნეულობა მეკვანძება
მასთან შეხებისას.
კუჭი პატარავდება
და თვალებში ადის,
იქ წითლად მეხოშრება
(პილპილი და შიში).
ფეხები არ მაქვს, მაგრამ
ჭაობის მწვანეში ვდგავარ,
თავზე, რომელშიც
უფრო დარწმუნებული ვარ,
მთის თოვლი მადევს.
მთავარი ქუჩა, ქრესტომათიულჭადრებიანი,
გადატანილია,
სხვა ხეები
თითო კგ კაშკაშით მეტს აფრქვევენ
მზერის დასატკბობად.
მაინც ემართება ტვინის თვისება _
მეხსიერება: ია-თი დაწყებული,
არმისული ჭადრებამდე, ჰავამდე.
ამ `არმისულის~ გამო
გრამატიკა შეურაცხყოფილია,
მობეზრებული გარემო
შენჯღრევას ითხოვს,
თვალებიდან ხეების ამოღებას
(უფრო რთული ოპერაცია!).
მაგრამ ანბანში ამხელა სევდა!
რა ეშველება?



მიუხედავად ამისა, მაინც...

ვიოლინოები _ ცალი გვერდით
ახალი მთვარეები.
როიალის მუცელში
წითელი დროშები იწურება _
მაჟორზე მშობიარობს.
მოცარტს მომყოლივით აჭრიან,
ამიტომ _ ფანტაზია თითიდან,
ნულიდან ისტერიამდე.
პიანისტების ხტუნაობა გულის არეში.
მევიოლინეების მკერდზე
კანიფოლის მზე.
საყვირების დაგრეხილი ზამბარა
ყურიდან ყურში,
სინდიყი აკრძალული,
განსაკუთრებით, ძმებისთვის.
ციდან ჩამოვარდნა
ორკესტრანტების ჭიანჭველობამდე.
როგორღა ტეხავენ ევკლიდურ სისწორეს?
კოკაინის ღრუბელი
შეუძვრათ ტვინში?
ერეთიკოსი დარბეულ თირკმლებში?
რა შეიძლება?
დიალიზის ორიენტაცია სანთლებზე?
(პეპლების ძაფი)
ტკივილის კოეფიციენტის დამრგვალება?
სფეროების მუსიკა
სადღაც, ზევით,
ვეღარ გამოეკიდება, თირკმელი სტკივა...


დომინანტი

თმის ცეცხლი, ჩამოქვეითებული
ჭარხლისფერამდე,
ასეთივე ამინდი.
ღრუბელი მენატრება,
შავ-თეთრი რეპროდუქცა,
მზე მეორე ცვლაში.
ღრუბელი _ გახუნებული თმის ფონი,
იმპულსების შესანახი ბამბა,
ვითომ სიმშვიდე,
სტატუს ქუო-ში ჩაშენების იმედი,
რაც დროშიანიხელებით არ გამოდის, _
იღლებიან, იმტვრევიან,
ცარიელი სახელოები სტკივათ,
ახლა, ნერვები!
მაჯიდან იდაყვამდე _ მოციმციმე,
თითის წვერებში - ტყუილი,
რომ რაღაცას მისწვდები:
ჭერს, ცას, თუნდაც მოაჯირს.
კბილის ნერვები _ პირის ავტონომია:
ლაპარაკობს, ლაპარაკობს,
სიტყვების დიქტატურას ამყარებს
კრეატიული მე-ების
დრომოჭმულ მათ-ზე.
ცეცხლსაც ბოლომდე უწევს,
ლამფის ტვინამდე...



სამი რეჩიტატივი,
ერთი უფრო ავტოპორტრეტული


I
გაიწაფა ხელი მაკეტების კეთებით
ანთოლოგიები _ საწუწნი კამფეტი,
ამ ტკბილი ნერწყვით გაკეთებული შვილები
(არა ფურთხით)
სატყუარათი გაზრდილები
შენი ყელი რომ ჩააცვა?
ნახმარი,
ძონძებში ნაყიდი პერანგივით
(გედობის პერსპექტივა _ ნული)
ნორმალურობაზე _
აუნთებელ გლანდებზე, მოუწეველ სიგარეტზე,
გულაჩუყების გორგლებზე შეაყენო
და გაუშვა შეუსაბამო ტექსტებისკენ,
მუსიკისკენ, ყრუების წინააღმდეგ?
ტყუის გენეტიკა!
რომელი შვილი ილაპარაკებს
შენი გახეული ყელით,
ცოფი თუ არ აუცერი,
ანუ შერბილებულად არ დამართე?
როდის გამოგეკიდნენ ეს მთები,
ცივი თავების ქნევით,
უხეებო ქლიავით?
ღმერთო მომეცი ერთი ადგილი
ციურ საგიჟეთში!
თორემ ტანების აბიბინებული პლანტაციები!
ჰაინეკენის ქოლგები,
ლავაცა-ლატე-კაპუჩინოს
აღმგზნები მუსიკა!
აქაც ასეა?
შეიძლება ფანჯრიდან გასვლა?
ყურის მოჭრა, თვალზე აქცენტი?
თავის გამართლება
იმ საგიჟეთით,
მუცლიდან რომ ხეები ამოსდის,
თავიდან ბავშვები?
ანთოლოგიები მაცივრიდან,
თავისი გადამწიფებული სილურჯით
უკუღმართობაზე მისხმული ტვინით,
მოუნელებელი იზმებით?
ღმერთო, ანგელოზები გამომიგზავნე!
ყელი მტკივა,
შვილები არ მიშვებენ...


II
ალისფერს რომ იქრობდი თავში,
ქაღალდი შეაშველე?
სითეთრე ყველაფერს აიტანს:
ფიქრის დავიწროებას,
ხელნაწერის საბუთამდე მიყვანას,
დერეფნებში სასიარულოდ...
მუყაოს ყუთებში დაპრესილი სივრცე,
მზის რაოდენობა, მკაცრად განსაზღვრული,
კოფეინის ჭამა აკრძალული,
თუნდაც, გახეთქილი თავისთვის.
მკაცრი დიეტა, ვიწრო დერეფანი!
ფერს რომ იქრობდი თავში,
კიბე, ჯერ კიდევ, იყო,
ცის შესაძლებლობაც,
მთელი მისი სამკაულები:
მთვარე, ვარსკვლავები, წვიმა _
მეორე ეტაპი,
თმიდან გაღწევის მერე,
ქაღალდის საშიში სითეთრისგან
ერთ მტკაველზე მფრინავი ჩიტები,
წერაზე ადრე არ ისწავლე?
აბა, რატომ, დერეფნის ტკეპნა,
მთის გასწორება?
ნომრიანი საწოლი,
მაგიდაზე დიეტის ნომერი,
საბუთი ამის მისაღწევად,
საბუთზე ფოტო _
გადამწვარი ნათურა კუზიან კაბაში,
ეს უნდა ჩანდეს...


III
ჩემი ბრალია, სახლში გამოვიკეტე,
ვზივარ და ვწერ.
მზე წიკწიკებს საათივით,
ე.ი. ზაფხულია,
ვემალები მრავლობით რიცხვს,
განსაკუთრებით, უადგილოდ აღგზნებულების:
არც ცეცხლი სიახლოვეს,
არც ღვინის მდინარე,
არც წითელი მელიების აცმა
მონადირის მკერდზე,
რა აგიჟებთ?
ჩემზე ნადირობა, ჯერჯერობით, დაშვებულია,
ქვების სროლა ქუჩიდან,
ტექსტებიდან, ტელევიზორის ეკრანიდან _
გახეთქილ თავში ჰემატომები _
მიხაკების პანაშვიდი.
ცოტა სხვა კინო ურჩევნიათ:
ტირაჟში გასული მოკრივეები
ნაცემი ადგილებით
ლურჯად რომ ანათებენ...
რა საერთო აქვთ
ტკივილს და ლაჟვარდს?
უსასრულობა?
ამიტომ შეიკრნენ?
ამიტომ არ უკვირთ
მუშტებში რკინა,
თოვლის გუნდაში _ ქვა?
მარჯვენა და მარცხენა
ლოყების უმწეობა,
თმენის ხარისხები, ქვევიდან ზევით?
მაქსიმუმზე მაქვს დაყენებული სახე,
ნაკვთები გავარჯიშებული,
გამომეტყველება, მაინც, მტკივა...




Last edited by Admin on Sat Oct 22, 2011 7:17 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:44 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)

აპოკალიფსი

შეიძლება, კიდევ, კაცმა
იფიქროს ისეთ მკაფიო საგანზე,
როგორიც გეომეტრიაა?
ხაზები და კუთხეები
ჩამუქებული ფუძიდან
წვეტების სიმაღლემდე
როგორ ადიან
ადრე უნდა გადაერჩინა ისინი,
წარღვნამდე,
სანამ სისხლის კოლტები
ჩამოუვარდებოდა ზაფხულს მუცლიდან,
მაინცდამაინც, რკინიგზის ლიანდაგთან _
გასრესილი ყაყაჩოები...
ესეც იგივე პოეზია არ არის,
რაც სადაფის წვიმაში სიარული,
მეორე სხეულში ფრჩხილებამდე
გაჟონვა და იქ აფეთქება...
კვადრატში ჩახატული კუთხეების
ნახევარმზეები,
ღმერთო, არ მინდა ამდენი სილამაზე!
მეშინია მისი...



ჩემს მკვდარ მხატვარს

იქ რა ხდება? სრული უძრაობა?
თუ როცა ვაგვიანებ,
მაინც ხვდები?
რომელი საათია
სალვადორ დალის დროით?
ერბოკვერცხივით დაღვრილზე
ისრები ყვითელს უჩვენებენ,
კედლიდან ჩამოქაჩულზე
იგივე ტაფის მზეს,
ციფრები იგნორირებულია,
სიტკბო როგორღა მოგიტანო?
ასევე, მხატვრულად?
შაქრის კვადრატი
ხელის სიმრგვალეში?
სიხარულისთვის არა ძღომისთვის...
ამას კი იგრძნობ,
ისევე როგორც გაუნძრეველ დღეში,
ერთი ჩიტის აფრენაზე
სიცხეს შეაზანზარებს,
მკვდრებიც მხვდებიან
უსაგნობას და ოდნავობას
მზეს თეთრად ვხედავ,
ჩემს საათზეც იგივე დროა...



მაიას

ყველაზე მეტი ვარსკვლავი
საავადმყოფოს ჭერზეა,
როცა მიგაქანებენ საკაცით,
ირიბი დამატებით,
სანამ არსებითი სახელი ხარ.
სულ ბოლო ფრენა...
იქამდე ფრთებს ითხოვ,
იგონებ, ხატავ,
მერე ეს დამატება გიგონებს _
საკაცე, ინვალიდის ეტლი
ლექსივით გფიქრობს,
მის შემოქმედებად იქცევი
პატარა დასვენებაზე, სიკვდილამდე
თუ სხვის თარგზე აჭრილი გამოდგა,
საღი და მრგვალი მუხლები გამოგიჩინა,
შეიძლება, გამოძვრე კიდეც,
დაბრუნდე, განურჩეველი,
ცარიელი ჭერივით
ვარსკვლავები ცაზეც არ არი...



* * *

ვინგრევი. სკამის გარშემო
ყრია ნამტვრევები
რომ გადავიხარო და მათგან
ნაცნობი სურათი ავაწყო,
ხერხემალი არ მიშვებს
ეს ადრეც ხდებოდა,
მაგრამ შეუმჩნევლად:
ადრენალინი მუშაობდა,
უჯრედები მრავლდებოდნენ,
ატიპიურად, შხამიანი ხეებივით,
რამეზე ხომ უნდა იყო ფეხმძიმედ
ან შვილზე ან მცენარეზე,
მიკროსკოპმა ვერ დაგიტიოს,
პროჟექტორს ამოაგლეჯინო
სიბნელიდან თავი სკამზე,
გარშემო ტანის ნანგრევები,
ჰაერში კომპლექსები, ზამთრის ბუზებივით,
ბოლო ფიქრი ისეთ სისულელეზე,
როგორიც სკამის სულიერებაა...



* * *

მომატყუეთ!
ისე, რომ დავიჯერო,
აგურისფერი ქარით
გაამაგრეთ ტყუილი,
თეთრი წიწილებით,
(სახლი და ფრთა)
ოღონდ, ამ საქმეს რომ დააპირებთ,
ასე, 17 წლის უნდა იყოთ!
ტყუილი ისეთი სიმართლით იწყება,
50 და 60 წლის ასაკში
რომ ვეღარ გექნება:
მოზარდის გოთიკიდან _
დამიწებულ
ერთსართულიან ისტორიებამდე...
გარგარი, ნესვი, ყვითელი ხილი,
ფანჯრების სინათლესავით,
ნახევარი რომ დავრჩები,
წინა ნაწერში თავის ჩაწურვისგან,
რამდენიმე აგურით და კვერცხის ცილით ამომაშენეთ
(სახლი და ფრთა).
სულ 17 წლისა იყავით!
მეხსიერებაზე _ საშლელი, გამოცდილება _ ფრჩხილებში
მომატყუეთ!
ევთანაზიის მცდელობისთვის
ზოგჯერ კი სჯიან,
სამაგიეროდ, რა ცა შედის
ლურჯ ვენებში!



გურამ რჩეულიშვილს

ისევ ის მარტივი,
სტუდენტურად მშიერი
დღეები რომ იყოს,
კაცი მოდიოდეს ჭავჭავაძის გამზირზე,
მანქანებზე უფრო მკაფიოდ,
მძიმე ფეხსაცმელების გამო
გამოველაპარაკო, გავაბრაზო,
უნივერსიტეტი აუფეთქდეს თვალებში,
ოღონდ, არ წავიდეს იმ ზღვაზე,
რომელსაც წაგვართმევენ!
აქეთა ზღვა
უფრო მშვიდი იქნება, დამყოლი,
ქვებს კი არ მიახეთქებს,
ისე ამოიყვანს, ყველის გუნდა
რომ ამოყავთ შრატიდან
ხომ არაფერი,
ჩვეულებრივი საჭმელია ყველი,
სავსე მთვარეს კი გავს...



ტირაჟირება

ზღვას რევმატიზმი მივაწერე _
ბუზების ფრენა სახსრებში,
მთებს ფანჯარა ჩავუკეტე,
მათი პორტრეტები რუკაზე
არავითარ მოულოდნელობას
აღარ გამოაგდებენ:
არც თავის ხერგიანებს მოკლავენ,
არც ჩემს მეგობარ სიგიჟეს,
მაინც რომ დამტოვა,
როცა ბალახის შეჩერებას ვცდილობდი
სალათისფერი ხასხასის დონეზე,
(ღრმა მწვანე მტკივნეულია)
უტკივილოდ ვაპირებ ცხოვრებას?
ფანჯრების სტადიაში გადასვლას,
საიდანაც ადამიანები არ ჩანან,
მხოლოდ, თეთრი, კბილებიანი დღე
ის რომ თვალებიდან ამომდის,
თავიდან _ მისი ტირაჟი.
ამის შეეშინდა, უნიჭო გამრავლების?
რამდენჯერ დაამტკიცოს თავისი დედნობა?
რამდენჯერ შეიწვას
ხელისგულზე ერბოკვერცხი, ბავშვის თვალებით?
კი დაეწეოდი, მაგრამ ამხელა ტირაჟს?


* * *

რემონტი გაიტანეს თეატრიდან,
რაღა დარჩა?
მსახიობების ნაფცქვენები,
ჭიანი ვაშლები არასამოთხეში,
უპათოსო ცეცხლი?
`ბნელს რა გაანათებს?~
ანათებს ლამფა,
ცეცხლი უნდა წვავდეს,
ცეცხლი, წყალი და სპილენძის დაფდაფები!
მერე, კლოფელინის აბები
ღვინოში, წითელი ძაღლები,
იკბინებიან,
ცეცხლის გაჩაღებას გთხოვენ,
არა ევროპული თავშეკავებით,
შანელის ფლაკონში, არამედ ხანძარს!
ნარინჯისფერი კაპელების
თავზე დამხობას!
ჭამონ ლოჟები, იარუსები,
სვაროვსკები პარტერის მკერდიდან!
რენესანსული მადით,
რექვიემის კანონიერებით,
ნერვების შეჩხერით
სფეროების მუსიკაში
ოქრო დავასაფლავეთ,
დამუწული პირიდან რაღა გაანათებს?
მორიგი ვულკანები,
აგრესია წითელი ძაღლების?
სიცოცხლე და სიკვდილი
რაშია განსხვავება?
ღმერთთან შეთანხმებაში.


ზღვაზე ვფიქრობ

რომელი კაცი დაიჯერებს,
რომ ზღვაზე ვარ ფეხმძიმედ,
რომ ამხელა მოცულობის ჩასახვა შეუძლია
ჩვეულებრივ საწოლში?
რა პანიკურად ვცდილობ
ერთი-ორი ტალღა გავაჩინო
ვის მოუნდება მათი მოკვლა,
რა ადგილას ჩაარჭობენ ლურსმანს?
ცრემლის ხელმძღვანელობით
ვფიქრობ ამაზე,
მარილი მიჭამს ფრჩხილებდაკვნეტილ ხელებს
რა სიმწარეა!
წამოვიფოფრები, ერთი ზღვით შემსუბუქებული,
ნერვიულობისგან ფსკერით მოსიარულე,
წყალმცენარეების თმით,
ისეთი აქტიური ენით,
ყელს რომ შემოეხვიოს, მოახრჩობს.
ვის უნახავს ჩემი აგრესია!
მაგრამ შვილები, ის კაცი?
რომელმაც ბოლო ცეცხლი დამახარჯა
და ზღვით მადლობელი ვარ,
ეს გავაგონე,
აკვარიუმი რამდენიმე ჭიქა წყლით
ოკეანეზე რომ ფიქრობს,
ისე დავანახე
დიდი და მტაცებელი სივრცეები,
შიში ჩემთვის დავიტოვე,
ტალღების გაჩენის შესაძლებლობაც,
თუნდაც, გულიდან,
პირდაპირ, საოპერაციო მაგიდაზე...



* * *

მთელი ღამე ბამბის ფეხებზე,
დილას მათი ამპუტაცია.
ფანჯრის ხეები, მაცივრიდან ამოღებული,
კალასები და კარუზოები
იმავე მაცივრიდან.
სი ბემოლის შაქარყინული...
მისი ხელი, საბნიდან ამოყოფილი,
ხალიჩაზე მტვერი რომ აგორდება,
სიზარმაცის წიწილებივით,
ისეთი შინაური...
მასზე ვიყავი დამოკიდებული,
მაინც წავიდა, სულ ბოლოს
პურზე სისხლს მისვამდა
და მაჭმევდა,
ნაწლავებით ვგრძნობდი სიმართლეს,
იქიდან ვკივი,
სი ბემოლის წვეროზე ვდგავარ!
ღმერთო, მოუგრიხე კისერი
კობალტს და კინოვარს!
გადაფარე შავი მიწა, თეთრი სუდარ!



* * *

წვიმა, გადახრილი მარჯვნიდან მარცხნივ,
სიბერწის პოემას ვწერ _
აი, სადაა ფსკერები!
ტკიპები რძეზე, მტკივა,
მშიერი ბავშვები
ბოლომდე ვერ ავაშენე,
ხორცი არ მეყო,
იქნებ, ცოტა სიტყვა, ცოტა კედელი?
(მაინც, ჭამენ)
გახამებული საყელოს რეჟიმი...
მგვანან რამით?
ჟღერადობით, სინათლის ხარისხით?
ერთხელ ხომ უკვე მოვკვდი,
ცოტახნით, მაგრამ ხელები მოვიჭერი,
პირი მოვიკერე,
ზაფხულის ბაღებს
ვერავის თვალებში ვეღარ გადავიტან,
ყველაზე მტკივნეული რაც მაქვს,
ღვიძლით ვიყურები:
შავი ტკიპები რძეში
ყვითლად ჩანან,
ჟანგისფერი ბავშვები...
ჟანგი ოქროს ნათესავია?
წყალწაღებულ მეოცნებეებს,
მაინც არ მოეკიდება,
იქამდე კლავენ...



მეთორმეტე სართული

ზამთარი მოდის,
ჩონჩხი გამომიჩნდა
მრავალსართულიანი ხერხემალი
მთელ ოჯახებს ჩეკავს,
ნეკნები მტკივა...
გზადაგზა, გადასახადივით,
ვკრეფ ურთიერთობებს,
ნატურით ვიხდი:
მათი დანა, ჩემი კისერი
ადრენალინი, სისხლზე მეტი
მშიერ კუჭზე ღმერთთან შეხვედრა
პურის და თევზის
ლანდების ქროლვა
მაგიდას აცდნენ,
რაღა გაასაგნებს?
შევდივარ სახლში
და მჟავესუნიან ჰაერს ვეუბნები:
_ ჩემო არავინ, როგორ დავიღალე...




* * *

ტვინში თაღები, სივრცეები
სად არის პატიოსანი ნახაზი
თუნდაც, ამ ქუჩის?
რამდენი ხე, რამდენი სახლი,
რამდენი აგური, ამოღებული თავიდან,
კედლების გასამაგრებლად!
როგორი სევდა
მზის ინტენსიური თერაპიის მერე!
ამ სევდის პროთეზით როდემდე ივლი?
შემოდგომა-ზამთრის დეპრესიაში
ქულების ჩასაწერად?
ამოგიდგებიან აქეთ-იქიდან
მოწყალების დები და ძმები,
ერთი პირობით:
სასწრაფოებს რომ მგლები
ყავთ პირში,
მთვარეს თუ გაუხერხებ
ვერცხლის მარაგიდან!
მერე, სევდის გენეტიკა?
მერამდენე მუხლი ვარ,
რამდენი მინარევით სისხლში?
სად არის მკაცრი
და პატიოსანი ნახაზი
თუნდაც, ამ ქუჩის?
ღმერთო, ამომიღე ერთი თაღი ტვინიდან!
სივრცის იმიტაციით, ჰაერის შესაძლებლობით,
თორემ ფანჯრები
ჩემს შუბლს ეყრდნობიან,
რომელიც მტკივა...


* * *

ერთი 20 დღე ფიჭვების დოზა,
თვალებში _ ორ-ორი მთვარე,
ოთხი მზე,
თბილისში დაბრუნება,
ნარკომანის ტეხვები,
ქალაქის გადახარშვაში
წიგნი ვეღარ გეხმარება,
ცეცხლი რომ წაუკიდო?
თავში ჩარჩენილი ბიბლიოთეკა
იყიდება, მუსიკაც:
კლასიკა _ იაფად, რეპი _ ძვირად,
ოპერა, საერთოდ, ჩამოფასებულია
აბრებს ვერ მოერგო,
ჩემი ძვირფასი ანაქრონიზმი!
იყო კი ის ფიჭვები?
შუშებიანი კორპუსის 26-ე ოთახი,
კაცი, რომელსაც ცოლი ყავდა
და მეზობელ ფანჯარაში
კაბა უყვარდა,
ნარინჯისფერი და მრგვალი, მანდარინივით
(ჩინური გავლენა)
ეს მართლა იყო?
თუ ჰაერი ღობესავით შევღებე
და ყველაფერი ზედ დავაწერე?


ესეც შეიძლება?

გაყინული ქუჩა ლურსმნებზე მატარებს:
ალესილი პირები ჩემსკენ, ქუდები _ მიწაში
უკვე, ფანჯრიდან მეშინია,
გარიგებას ვდებ ტელევიზორთან,
რამდენიმე დიქტორი
ჭინჭარივით ამომდის ყელში
და, ბოლოს, ჩემსავით იწყებენ ლაპარაკს:
ემოცია ენის წვერზე,
ფილოლოგიის ფაკულტეტი ზურგსუკან...
ამ ყველაფერს რომ სახლში ვტოვებ,
უფრო იოლად გავდივარ გარეთ,
ლურსმნებიანი ქუჩა
კატის ზურგივით იღუნება,
რბილი, შიგნიდან სითბომიცემული
ვიღას ვახსოვარ?
ნუთუ, საფლავიდანაც შეიძლება
ხელის ამოყოფა, როგორც საბნიდან?


* * *

სახით კედელზე!
ჩამოახეხე ნიკაპისქვეშა ცომი,
ძაღლური გამომეტყველება თვალებში,
შეამტვრიე წითლად შეუღებავი ფრჩხილები!
ვერ ამოიკაწრე ადგილი ცხოვრებაში.
კიბეები სისხლით მოდიან
და არა ხალიჩით,
კარგი სათავე გქონდა _
წყალივით აბრეშუმი,
მკაცრი ძაფით შეკერილი,
ქსოვილად ვერ ივარგე,
ბავშვად მითუმეტეს.
ყველა გვირისტი მტკივა,
თირკმლები დაგიჭკნა, სანამ
დიალიზს გამოიგონებდნენ,
აბა, საიდან ეს მაზოხიზმი, _
სახით კედელზე?
ოქრო ტკივილიდან!
საჩვენებელი ალქიმია,
გადავარდისფერებული ევროპისთვის
კიბეები სისხლით მოდიან
და არა ხალიჩით,
ფეხი რომ დაგიცდეს,
ხრამში გადაგიძახებს
შვედეთის აკადემია
ან რა კალაპოტს მოგარგებდა,
ცხოვრებაზე გამობმულს,
როგორც ცხენის კუდზე?
შენი წინაპრების მოგონილი არაა:
ლურჯა ცხენი მირბის,
კაცი იხლიჩება წითლად...


* * *

ბავშვებს ლოყები უვარდებათ
ვაშლის ხეებიდან
ვინ არის დედა?
მე? ქარი?
რომელმაც დააფრთხო ჩემი სიმართლეები
და სხვადასხვა მხარეს გადაყარა?
_ 40 ათას ძმაზე მეტადო!
ესეც სიმართლეა?
რა კუთხით მომიყენებენ
ლოყებიან რენესანსს?
ბრტყელთავა კომპლექსებმა
რომ აჯობონ?
მდინარიდან ამოსულებმა, ნერვიულებმა,
აბრეშუმზე ფრჩხილის გასმასავით?
ქარს ხეები უყვარს,
მის იღლიებში უსინდიყო თერმომეტრები
ვერცხლს აჩვენებენ
40ო სიცხეზე,
40 ათასზე გამრავლებულ სიყვარულს,
მარადიულ შინაბერობას,
ბოიფრენდების ალტერნატივას
აბრეშუმის ლოგინში,
ბავშვების ლოყებიც ქარს მიაქვს,
აჩქარებული მადონები,
გაიდეალებული კლასიკა:
რაფაელი _ სქესის, რემბო _ სიფილისის,
მოცარტი საერთო საფლავის გარეშე
რა, ტალახი მოუხდებოდა?


* * *

ისე ჩაჯდა სიტყვა `წითელი~,
ვერ ამოაგდებ, აავსო სტრიქონი
რით მოიგო?
მუსიკალობით, თბილი ფერით,
ხმარებისგან გაცვეთილობით?
სულ ენაზე არ გადგას `ლურჯი~,
ცასთან პირფერობისთვის,
ნოვალის _ შატობრიანებისთვის,
`მწვანე~ _ ეკოლოგიის გასაუმჯობესებლად,
წითელი გადაგივლის
ცეცხლოვანი ტემპერამენტით
(ყველაზე საყვარელი სიტყვათშეთანხმება
შენს სამშობლოში)
წითელი საგანიც რომ დადგა
თეთრის გარდიგარდმო,
უკვე წაშლილი ხარ
პატივი ეცი ამ მკაფიობას!
ნუ გგონია, რომ დროს კლავ
წერით, სირბილით,
კარგად ნასწავლი ლაპარაკით,
ან აბრეშუმზე ფიქრობ,
მარტო, როგორც სიტყვაზე
და არა სუდარაზე,
როცა, პირიქით, დრო გკლავს,
სულ ბოლოს, წითელ საგნებსაც
დაგიდგამს თეთრის გარდიგარდმო,
მაინც გულდაწყვეტილს დაგტოვებს
მკაფიობის წინაშე...



Last edited by Admin on Sat Oct 22, 2011 7:14 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:45 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)

შენ

შენ რომ ბავშვობიდან მოდიხარ,
ვაშლების თამაშით,
იდეალურ სიმრგვალეს ვინ შეგილახავს?
მე ასეთი სისხლის წვეთი მაქვს
დაკვნეტილი ფრჩხილების ძირში
ნუ მომთხოვ თანასწორობას!
ჯანსაღი სილამაზე დეკადანსის საპირისპიროდ,
უკვე მომგებიანია,
შენი ქუჩა, ჩემი ტახტის პერპენდიკულარი,
სადაც ხელ-ფეხ მოხსნილი ვდევარ,
სულ ჰორიზონტისკენ დადის, ანუ ცისკენ,
რისი შანსიც დაკარგული მაქვს
იმ ტახტს, კიდევ,
უჰიმნო და უდროშო
სამშობლოს ვეძახი,
მისი ზამბარები ჩემი ხერხემალია
და მტკივა
იქნებ, რამე მოიფიქრო,
ისეთი მარტივი, გაჭრილ თითს
რომ სულს შეუბერავ,
თორემ მარტო ვეღარ მოვერევი...



* * *

მაინც, გადავწყვიტე _
ჩემი ყოფილი სახლის
ბოლო სართულიდან!
ხელს კი არ მკრავს ვინმე,
გონებით მიბიძგებენ
დროცაა უკვე:
გული ძაღლივით ყეფს,
სისხლი მძიმეა,
იქვე, ნეფრიტის მძივი,
მაგრამ თირკმლებით ხომ
ვერ ითამაშებ!
კბილების ნერვები
პატარ-პატარა წითელ ალმებს აფრიალებენ
(ახალი ოქტომბრის რევოლუცია?)
მე _ შიშების ჯამი
ყველაფერი ამის წინაშე
და, კიდევ, მანქანების,
ვაშლის მატლივით რომ გამსრესენ,
თუ ქარმა არასწორად წამიღო
ბოლო თავის მოტყუება:
ვითომ, მთიდან გადავხტი
და მინდორი შემივიდა მკერდში
როგორ ლივლივებს!


გენეტიკა

როდის დაბრუნდით ჩემს ტანში?
აღარც რძით ნათესავები, არც სისხლით,
მარტო, გახურებული მშენებლობით
შეილახა თქვენი ინჟინერია!
გენებმა სისუსტე გამოამჟღავნეს
ჭერზე სიარულის მიმართ
ეს ვინ გააჩინეთ?
სკამზე შემდგარი ლექსი?
ქართულის მასწავლებლის გაზრდილი
ბაჯაღლო პათეტიკის ტრადიციებზე?
კლასიკით მონათლული,
მაგრამ სად არის წყალი?
ბებიების დამჭკნარ მუცელში,
დედების მზით გამოფხეკილში?
ამიტომ შემეფარეთ?
სინათლეს რომ დავდგამ
რძის ქვაბით, დალევთ,
პურის არსებით სახელს დააყოლებთ,
მეტყვით, რომ ყელში ამოგივიდათ
ჩემი მეტაფიზიკა.
რაღაც ნამდვილი გინდათ
თუნდაც, თითი რომ გავიჭრა
და სისხლის ბოლოს მოვკვდე
სულ წითელ ყელსახვევებად დამინაწილებდით
მოსულელოები და სუფთები ბატკნებივით...




პენელოპე
მანანა ღარიბაშვილს

არა და არ მოდის
ზღვაზე დასრიალებს,
ანუ ორ ხმელეთს შორის
გაწოლილ ჰომეროსზე
მის სიბრმავეს აპატიე
ქალების ლამფები და პროჟექტორები,
ზღვის სიპრიალე!
ვის უნახავს პრიალა სიყვარული?
იმ შენს გაუთავებელ ქსოვილსაც,
უკვე, ხორკლები აყრია,
არფებმა მამლების წითელი ბიბილოები
გამოიბეს _ ანტილაჟვარდი
ანგელოზების გლუვ თავებში
ჩატენილი კაკაფონია
რას ერჩოდი?
ისე რბილად ფიქრობდნენ შენზე...
და რა მოგცა მოთმინებამ?
რამდენიმე ნორმალური კაცი
რომ განასკვო,
ერთი სიგიჟე არ გამოვა?
კეთილხმოვანება ბრმებს დაუტოვე,
ფილარმონიებს,
მოჰერისგან მოქსოვილ ოჯახებს,
დაწყევლილი სირბილე!
თეფშზე ჩანგლის გასმა
უფრო არ გამოაფხიზლებს კაცს?
ყურებს ცვილით კი არ დაიხშობს,
მოიჭრის და სიგიჟის საბუთებივით
მიუგდებს იმ დროებით ქალებს...
ყველანი ცოტა პოეტები ხართ:
შენც, ისიც, ორ ხმელეთს შუა გაწოლილზე,
ხომ ლაპარაკი ზედმეტია...
ბრმა რომ იკითხავს: _ რა არის ლურჯი?
და შოპენის ეტიუდში ჩააყოფინებენ ხელებს...




რამდენი გათენება?

რა სევდა იცის გათენებისას!
ტანი _ კარცერში,
თავი ბჟუტავს,
შუშაბანდივით მოსანგრევია!
ასო ბგერაში რომ გადადის,
იმ ხმაზე ვზივარ, როგორც ნემსზე,
ალმასები მცვივა პირიდან,
სულით მათხოვრები აგროვებენ,
სიმართლის მაძიებლები, თანაც, ბასრის,
ჩურჩულში რომ თევზის ფხებია,
იმ მჩხვლეტავის საპირისპიროდ.
ჯერ ჩხვლეტა, მერე ნაჯახი _
ძნელია სინდისი, აღარ რეაგირნებს
შუადღის ელდაზე,
ალმასებით სავსე მუჭებზე,
სიტყვა `ვერცხლის~
ათასოცდაათჯერ გაწკრიალებაზე,
სხივსაც არ იკარებს.
ვინ გადაჭრის მზის პრობლემას?
სამხრეთი გაგვითავდა,
შუშაბანდი დეკორაციაა,
კარცერი სინამდვილე,
ქვის ენა პირში,
ხეები ნაჯახებივით
რა სევდა იცის გაღვიძებისას!




* * *

კაცი მიდის აქედან იქით,
მინდორი თავისთვისაა, ბიბინებს,
არც გორაკი, არც ხე
სახლიდან კარგად ჩანს,
როგორ იქცევა წერტილად
მარტოობის მზა ატრიბუტები:
წყენა, დარდი, უსახლკარობა...
ფეხები ისე ამოაქვს მიწიდან,
ბალახის კილოგრამები მოყვება,
ჩხვლეტები რომ დაარბილონ,
გული აღარ გაუსკდება
აქედან ჩანს წერტილად,
ჰორიზონტი მატყუარაა.
არც თვითონ უჭირს ტყუილი,
თვალთმაქცობის კურსი აქვს გავლილი,
ლექსები, მწვანე ყდაში ჩასმული, _
ეო მეო-ზე გადატარებული მინდორი,
იქიდან როცა წამოვა,
სიმაღლეში მოიმატებს,
საშიში გახდება სახლისთვის...



ზღვა
ლევან ბერძენიშვილს

ერთხელაც, გავიხედავ ფანჯარაში
და ზღვა მოვა,
ქვისშუბლებიან სანაპიროს მოიყვანს,
ქვიშა სხვაგან არის,
უფრო კომფორტულ ქვეყნებში
ეს ქვეყანა ვინც დამიტოვა,
ჩემსავით, ეზოს ჭაში იყურებოდა?
ზღვა საწოლის ქვეშ ჰქონდა ამოდებული?
ვერ იმძლავრა გენეტიკამ:
ჩემი ზღვა ფანჯრიდან თუ შემოვა,
ნაწყვეტ-ნაწყვეტ,
ქვებს შორის ქვიშის შეღავათით...
მზისგამძლე შუბლები და ჩემი, შაკიკიანი...
სიცოცხლეში _ კატეგორიულობა,
მერე _ უსაზღვრობა,
ხავსი ამოუვათ, ნაოჭებს გაუმკვეთრებს
ღამე სიზმარზე დგას
და ნაკლებ სანდოა
ფანჯარა სულ ღია გქონდეთ,
ვინც `პოეტის~ დიაგნოზით ცხოვრობს!
ზღვა, შეიძლება დღესავით მოვიდეს,
ან ლოცვის დავიწყებული სიტყვებივით,
ან ტკივილზე მოქანავე საწოლივით
და უნდა იცნო...



უჩრდილობა

მზემ იცის, რომ კიდევ
დიდი დრო აქვს, ამიტომ
ზანტად წვავს, მწარედ არ იკბინება
ერთნაირი დღეები უცვლელ გარემოში,
ასაკიც, ნაკლებ დამანგრეველი,
რბილად გკაწრავს, ჩურჩულივით,
სახეების ლაქები, მუნჯი ზურგები...
მაგრამ იმ სიკვდილის მერე!
ტრადიციული ოჯახები ასე არ ფეთქდებიან,
გასრესილ პალიტრაზე ფერების ნარჩენები
არ ყვირიან, როცა, მთლიანობაში,
მხოლოდ კაშკაშებდნენ, მზესავით დარწმუნებულები
თავის ხანგრძლივობაში...
მოახლოებულ წვიმებს თუ შევეფარე,
მეხსიერებით დამსჯიან,
პირდაპირ, განსაცდელის
შუაგულში რომ ჩავრჩე!
არავითარი გაუტკივარება, ჩრდილი, შეღავათი!
ასეთი არაცივილიზებული სივრცე,
მაგრამ სამშობლო,
მყვირალა ფერები _
მისი ბარბაროსული დროშა!


ანდერძის მაგიერი

რა სიტკბო იყო!
პირში თუთა, ცაზე მთვარე,
პატიოსნად მოპოვებული კილოგრამები,
ქონის თეთრი სარჩული
ფანჯრების ჩარჩოში!
ამისთვის ვცეკვავდი წონასწორობას?
როცა გარეთ ხეებს ერჩიან,
(პირველ-მეორეზე ვერ გაითვალეს)
ზოგს მუცელი წყდება _
წითელი ჩრდილი უვარდება
ჩემი შვილებიანად
რევოლუციური შვილები!
ხეს ააყენებენ, სახლი წაექცევათ,
სახლს ბავშვებით გაამაგრებენ,
შუაში ცა დაავიწყდებათ,
დაკოჭლებული კომპოზიცია კიბეზე არბის
როგორ ვაწესრიგებდი!
გინდა, თუთით, გინდა,
ნაღველის წვენით პირში,
ოღონდ, ლაპარაკის უფლება მოეცათ!
და ომი მაჩვენეს
ყელიდან დამცხა
სულ მდუღარე ჭიანჭველები ვადინე
ჩასაბერ, ნეკნებიან, ინსტრუმენტებს
ასეთი ოქრო ჩემი შვილებისთვის!
სული, თავისი პატარა ხორცით
და ვენახის ჩამიჩი, უკვე იქ არიან,
ლურჯ სუფრასთან, ღმერთის მოლოდინში
ნერვები ადრევე ამომაცალეს,
ჩართონ ქსელში, ტელევიზორს
და ერთ ნათურას, კიდევ, ეყოფა.




* * *

გინდა პოეტობა?
საწამლავს მოგიხარშავ
ნაღველისგან, ცუდი ანალიზებისგან,
დამუხრუჭებული სინაზისგან,
გახეხილი კანიდან სისხლი რომ მოჩანს,
ისეთ მოწითალოს...
მზე სხივებს გირტყამს ჯოხებივით
ადრე, აბრეშუმის არ იყო?
ნუ იხმარ ამ რბილ სიტყვას!
საწამლავის რეცეპტში დათმობა არ შედის
არის გზა, არის ხისტი ჰაერი,
წითელსაღებავიანი ვედრო,
რომელსაც აწერია `კუპრი~
შეუსაბამობა _ კიდევ, ერთი სასჯელი
ხახვის ცრემლებით როცა ტიროდა
დედაჩემი, რა სისადავეს მინახავდა!
საწამლავი რომ არ დამელია!
ან ზმნას რა უნდა
60 წლის ფეხებში!
კინო `ყაზბეგთან~ მანქანა მეჯახება,
მზე, ისევ, ასი კილომეტრი აბრეშუმია,
ცა _ ოქროს ტიხრებით დაყოფილი ლაჟვარდი,
როგორც ლექსი ცეზურით,
იქ, სადაც ამოსუნთქვა დაჭირდა შემოქმედს.



* * *

_ გადავიტანეთ ზამთარი!
სიხარულით ამბობს ყველა
ზაფხულს რომ არანაკლები
გადატანა ჭირდება!
ხეებს ჩრდილები აქვთ მოჭრილი,
ჰიმნივით დღეებია,
მაღალი, პათეტიკური,
გულზე ხელმიდებული
მზე კი დედაა ჩემი,
მაგრამ ხეების გარეშე ვერ გამაჩენდა,
ვერ მაიძულებდა,
სარჩულამოტრიალებული ვმდგარიყავი
ქალაქის მელოტ სიცხეში,
დამეჯერებინა მთვარის მამობა,
ასეთი მკრთალი ტემპერამენტით...
ხე ორივეზე ლმობიერია,
ყველა შემთხვევაში, ფოთოლს დამაყრის,
მიწას დამირბილებს...




გოდოს მოლოდინი
რობიკო სტურუას

ამოვიღე თავი ხავერდის ბუდიდან,
ქუჩაში გავედი,
მაგრამ მე სხვანაირი, მოოქროვილი
მაწანწალა ვარ,
დავდივარ და ვაგროვებ ხალხს,
ვისაც თეატრის წუთები დაუდგება
უნაოჭო ცხოვრებაში, ქარს დაველოდებით,
ქოლგასავით გაშლილ გიდს,
გავფრინდებით და გამოვფრინდებით,
მისი კარნახით, ამაოების საწინააღმდეგოდ.
ხომ წინასწარ წაგებული ომია
და რას უნდა ველოდოთ,
ასეთივე ამაო გოდოს?
მთელ ტანზე ეკლებს,
ლექსის წერისას?
რომლებზედაც, შეიძლება, თეატრი ააშენო,
გასახდელიდანვე დანაღმული,
ვიღაცებს იმის უფლებაც მისცე,
შენთან ერთად აფეთქდნენ,
რაც იგივეა, მეხსიერებაზე
რომ ჩაქუჩით მიაჭედო
შენი თავი საზოგადოებას...



* * *

გგონია, მიწას არ სტკივა
სიმწვანის მკივანა აბრეშუმი,
ანალგინს რომ ჩაუყრიან წყალში
და მიუშვებენ,
მერე გახავერდებული?
ასე შევდგები ტკივილისგან
და მისი დამაყუჩებლებისგან:
ხმელეთი და წყალი წონასწორობისთვის,
მზე, ტვინის გადასაბრუნებლად,
მთვარე _ ფუჭი სიტყვების საბრახუნოდ,
სხვისთვის ფუჭი,
თორემ, ჩემთვის, მთავარი,
სანამ ტყუილი გამოსდით,
როგორც წამლებს,
მერე რომ შედრკებიან
მზესავით ღვიძლის
და, მანქანის ძრავასავით,
გულის წინაშე,
კიდევ უფრო, ხმელეთი გავხდები
თავზე _ მთვარე, გარშემო _ წყალი,
ბალახის მკივანა აბრეშუმი...
არაფერი არ იკარგება,
მხოლოდ, მიედინება,
მაგრამ, სულ ტკივილი,
სიკვდილის მერეც?




პესიმიზმი

პიკასოს მაშინაც კი არ დავუხატივარ,
თავის გეომეტრიამდელ წარსულში,
ოქროს ესპანეთში,
თუნდაც, იაფფასიანი ფლომასტერებით,
სისხლს ვერ შევთავაზებდი,
ცისფერი და ვარდისფერი პერიოდი ჰქონდა
(ერთი ნაბიჯი სიყალბემდე),
თუ არა ცხელი ფორიაქი,
გულზე თევზების ცივი კომპრესი,
ჩემი სიყვარული _
მაინც, გეომეტრიის უნერვობა მერჩივნა
ბანალურ ემოციებს, თუნდაც, ჩემს მიმართ,
მის ანგელოზურ წარსულსაც
კი ვერ მოვატყუებდი
თეძოებში დამძიმებული ქართული ტანით
რა უტრირება მიშველიდა?
ხელახლა უნდა გავეჩინე
მშობიარე თავიდან, მაგრამ
იმდენი ფრანგი და ესპანელი იდგა რიგში,
რომლებსაც კუბების და სამკუთხედების
ციხეებში სვამდა, იწვა მათთან,
შვილებს აჩენდა
ერთი მათგანი გავიცანი კიდეც,
მხიარული და ცხენისკბილებიანი,
არც ხატვა იცოდა, ჩემსავით,
არც თევზები დაუხტოდა გულთან,
მეც არავის არ ვუყვარდი ციდან,
როგორც ადრე მეჩვენებოდა...




Last edited by Admin on Sat Oct 22, 2011 7:12 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:46 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)

* * *

ბებერი სახლი,
ანტენების მეჩხერი თმებით
ზამთარში, უფრო ეტყობა ასაკი
და უფრო მიყვარს.
ორ-სამ თვეში
ნუშის ხეებზე გაიცვლება,
(ბავშვმა რომ გაიაროს
და რძის სუნი დატოვოს)
მერე, კარაქივით მსუქანი ჰაერი
ნაღვლის ბუშტს მატკიებს,
მერე, ნარინჯებით გატეხილი სიცივე _
ესეც, შენი ერთი წელიწადი
ამ სურათებით ამაშენეს
ღმერთმა, მშობლებმა,
კლასგარეშე ლიტერატურამ,
მთებმა?
მერე რა, რომ კედლებს გვანან?
ბოლოს, ყელშიც მომიჭერენ,
ისე ვუყვარვარ...



Beatles
(ხოჭოები)

რას მღერიან?
ასეთ დაუვიწყარს რას აკეთებენ?
ამ თვალებგაშტერებულ სიცხეში
ფლაკონებით ნისლი შემოაქვთ _
შუშის პატარა ლივერპულები?
მერე, ეროვნული თავისებურება?
სისხლიან-ფილტვებიან-ეკლებიანი,
კეხიანი, თვალშისაცემი,
კულისებში გამოყვანილი
კაიფის მთაგრეხილი, მთელი კავკასიონი?
რასაც მიესალმებიან სახლში დაბეჭდილი
კანონიერი შვილები,
მაგრამ შენი მშვენიერი ცოდვა?
ქუჩაში გაგდებული, რომელსაც
კიდევ შეუძლია კვიცების გაჩენა,
პირში ვერცხლის მიკროფონებით,
ქალისტანიანი გიტარებით,
ფილარმონიის დარბაზივით,
რეზონანსიანი მსოფლიოთი?
კავკასიონის ქედს დაწერ,
სქოლიოში ხოჭოებს ჩაიტან,
გიშრის ქვებივით ჩალაგდებიან,
ავ თვალს აგარიდებენ...



* * *

ისე დაგრძელდა ღამეები,
აღარც კი მახსოვს,
როგორი იყო დღე,
ან რა უნდა დამრჩეს მისგან?
მზე ზოგადად ანათებს,
ფეხებზე ყინულსაც ვერ მატეხავს,
ლოგინის გახამებული ნაკეცები...
რა აშრიალებთ?
ხეები არც კი მესიზმრება,
ძაფებზე რომ მატარებდნენ,
თეატრობას მაიძულებდნენ,
ერთი აყეფებული ყელით,
ანუ მდუღარე ქვაბით,
ვიღას ეყოფა?
ეს ყელი, მთლიანადაც რომ დავღვარო,
რძის პლასტიკას ვეღარ გაიმეორებს...
ნოემბერი მიდის,
კიდევ ვინმეს თუ ეშინია ამისი,
ორნი ვიქნებოდით, უცნობები,
ცალ-ცალკე, ჩვენ-ჩვენს ციხეებში,
ლოგინებში, ყინულებით ფეხებზე
სისხლზე ვიხედები,
ცხელი ქვეყნობა გამიუქმეს...


თოკის მოლოდინში, ანუ ერთგულება

რა მნიშვნელობა აქვს,
ვის გამოებმები თოკით,
თუნდაც, მთას,
მწვანე ძირით რომ ყველასია,
მიხვალ, წამოხვალ,
ზედა ბრჭყვიალს
თუ თვალებით არ მიებეჭდე,
თოკს კბილები არ შეატოვე,
ამ მძივით ივლი,
მუცლიდან ბავშვის ნაცვლად,
თოკს ამოგიღებენ
მთამ რომ გიღალატოს,
ახალი თოკის მოლოდინში?
ალპინისტთან, მოყვარულთან,
უბრალოდ, გიჟთან, ათას ვინმესთან,
ათასმეერთობას როგორ აიტან,
თუ, ერთხელ, მაინც,
ბრჭყვიალზე ფეხი დაგადგმევინა!
პენსიაში გახვალ?
გატეხილი თერმომეტრებიდან
სინდისის მთებს ამოიღებ?
(რისკი იგივე, ოღონდ შინაური),
ერთგულება, ისევ, შეუმჩნეველი,
ვარდნის შემთხვევაში,
თოკზე გამობმული ბავშვები,
საკეისროთი ამოყვანილები
ბრჭყვიალა მუცლიდან...



შემოდგომა

როგორ ბერდება ატმისხე,
თითქოს, ვარდისფერი საღებავი შემოაცალეს,
ამ დროს
ყველაზე კარგად ვგრძნობ ღმერთს.
წვიმის ხმა მიშლის,
სიცხის ფხვიერ ცომში
იმდენი ერბოა, რომ
ფანჯრებს ეგლისება
ზამთარზე ვფიქრობ,
ჩრდილოეთის ყინულოვანი ხერხემლის
და ზედმეტად ფხიზელი
ტვინის პირობებში,
უვარგისი ყოველგვარი გამობრწყინებისთვის.
შაქრით მოტყუებული ჩაი
ცივდება მაგიდაზე...


რეალიზმი

თვითმფრინავის ბილეთებს ვიყიდი,
წვიმას შევუკვეთავ
და წავიდეთ პარიზში!
აქამდე კარუსელითაც დავდიოდი,
მაგრამ, ასე, ნახევარცაში ვერ შეგხვდები,
მარტო აღარ მინდა,
ტურბულენტობას შემოყევი თვითმფრინავში!
აღარავის არაფერი უკვირს,
ჩემოდნით დიდუბის პანთეონიც
რომ შემოიტანო...
თვითმფრინავი ბასტილიის მოედანზე
დაჯდება, ოპერა გაუნათებს
პირიდან სისხლით _ "ტრავიატას" მღერიან
წვიმს,
მკვდარი თევზივით ამინდია,
ცივი ტენორები და სოპრანოები,
მეცოების ეპიზოდური სითბო...
აქ დამეკარგები, უკვე ვიცი,
ბასტილიის მოედანს ვერ წამოვიღებ,
სიმრგვალე არ დაეკეცება,
მხოლოდ ლიდრეტოებს, ბევრს, ყველას
_ რა გიდევთ ჩემოდანში?
_ ეროტიკული ლიტერატურა!
კარუსელით შემოვლილი მსოფლიოთი
ვიღას გააკვირვებ? ან წვიმის კონტრაბანდით?
მებაჟეები მოიწყენენ,
აქაც წვიმს,
მკვდარი თევზივით ამინდია...




ვინ ხარ ახლა?
ელგუჯას

ცივ ბროლს ათბობს
წითელი ღვინო,
მოდი, ვივახშმოთ
ფლამანდიური ნატურმორტებით!
მე დაღლილ ხორცს
დავდებ სკამზე,
შენ სულს ჩამოკიდებ ჰაერში
და შეგეკითხები: _ ვინ ხარ ახლა?
ქარი, რომელსაც ჩიტების თაიგული
მიაქვს ღმერთთან?
იმ დარდის სიმძიმე,
მხრები რომ დაგინგრია,
სინამდვილეში კი წონა
არ ჰქონდა?
ან იქ ვინ შეგხვდა?
გოგლიმოგლივით ტკბილი პოეტები
თუ მკვახე ქურდები,
შეიძლება, ჰაერს კბილები მოეკეთოს?
შეგიძლია, წარმოიდგინო,
როგორ გამეფშიკა ხელი,
რომელსაც შენი მაჯით ვივსებდი?
ვერავითარი ნაყოფი, ჭიანი
თუ კვადრატისგულიანი ამას ვერ შეცვლის,
ინფარქტების წყვეტილ ხაზზე
ვერ მახტუნავებს!
სიმარტივისკენ გადავიხარე:
აღარ მაღელვებს რევოლუცია
მხატვრობაში, ჩიტებს ნაფშხვენებს
ვუყრი და შენ გაპურებ,
გამაძღარი ისე მაღლა ახვალ,
რომ შეიძლება ლაჟვარდს
ნერვები აღმოუჩინო
და გაგახსენდეს, რომ ჩემს თავში
დაგლეჯილი მავთულები შესაცვლელია...
კიდევ ერთი აზრი მწიწკნის,
იქნებ, საკუთარი სისხლი,
არცთუ მჩქეფარე, უარყოფითრეზუსიანი,
მაგრამ, ჯერჯერობით, ცოცხალი,
გადმოგისხა ტანიდან,
როგორც ღვინოს ასხამენ,
წითელ ღვინოს ცივ ჭიქაში
და, წინასწარ, გული უთბებათ...


* * *

ვდგავარ ფანჯარასთან
და სისხლის ცრემლებით ვტირი,
იქნებ, ვიღაცას, ხანძარი ვეგონო
და საშველად მოვარდეს,
ის, ვისაც არ ვიცნობდი,
მაგრამ, ყოველთვის,
პლატონის და სოკრატეს,
რუსთაველის და ღმერთის
არაკანონიერი,
როგორც ბალახი ასფალტიდან,
ამოდიოდა მიამიტი ადამიანი
და ანბანივით სწავლობდა პირობითობას.
მერე შეეძლო ძაღლის ყეფისთვის
ხელი გადაესვა,
ან სიკვდილის შემდეგ
თვითონ ქცეულიყო დიალოგად,
მაგრამ არა გენიალურ, არამედ
ვარდისფერსხივიან მუსაიფად,
არაფრისმცოდნე ატმის ტოტივით...
საბრალო ჩემი მშობლები,
რომლებიც ვერ იქცნენ,
შვილების ყოველდღიური წვალების გარდა,
არ გამოდის მათთან ლაპარაკი
ატალახებულ კუკიის სასაფლაოზე...



უშველეთ ხეებს!

_ ხეები ქარის ფრთებია
ასე ფიქრობენ
თიხისგან მოზელილი ადამიანები,
მაგრამ მათი მოპირისპირე
ნოყიერი რასა _
თეთრ პურზე წასმული
სპილოსძვლისფერი კარაქი,
რომელსაც მაცივარი უნარჩუნებს
ელეგანტურობას,
ფიქრობს სულ სხვაგვარად
უსახო და მარტივი ფრაზებით.
ქარი ანგრევს მათ
და ცხიმის ლაქებად აქცევს,
თავის გამჭვირვალებაში
მიმოაბნევს თრომბებად.
არავინ იცის, როდის მოწყდება
რომელიმე მათგანი
და მოკლავს ქარს,
ხეები ფრთებს დაკეცავენ
და გაშეშდებიან,
ხოლო კარაქის ადამიანები,
რომლებიც ყველგან დაატარებენ
საკუთარ პედესტალებს _
ფაიფურის ლამბაქებს,
ძეგლების წონას დაიდებენ
გაქვავებულ ქალაქში...
ქარი ჟოლოს მარცვლებს დაარბენინებს
თითქოს, სისხლი სდის.
ამ სისხლში ამოავლეთ
სევდის ქვამარილი,
უშველეთ ხეებს
და თიხისგან მოზელილ
თითო-ოროლა ადამიანს...



ცეცხლის მონატრება

გაშუშებულ ცას,
გულში უკვე სუსხი უდევს
ჰერაკლიტეს ცეცხლს
ვიღებ წიგნიდან,
მასზე ვითბობ ტვინს,
გაყინულ ხელებს
სიცხის იდეა ვერ უშველის,
ნამდვილი ცეცხლი
უფრო ძნელი მოსაპოვებელია.
დედას მინდა მოვუყვე,
როგორ მიჭირს, მაგრამ
მისი სული, რა ხანია,
ვერცხლის კოვზივით დევს
ნისლის რძეში,
იქაც ცივა და ბნელა თეთრად...
ჩემი სხეულის ნამტვრევები
პეპლებივით დაფრინავენ
ჰერაკლიტეს ცეცხლზე
და ვერ იწვებიან
და ვერც ანათებენ...


ელგუჯას

ხელი ჰკარით ვინმემ
ამ სისხლს ქვევიდან ზევით,
იქნებ, ტვინამდე ააღწიოს!
ფერმიხდილი ორგანოების ნაცვლად
გადაუნერგეთ მისივე ფერწერა!
რაღაც გააკეთეთ, თუნდაც, დამანგრეველი,
ოღონდ არა ჩუმი!
ჩუმად კვდება ტვინი,
ჩუმად მუშაობს გული
აღარ შემიძლია
ამ მუნჯ ფილმში ცხოვრება...
ჩვენს გარშემო სტიქიები იხატება
და ხმა არა აქვთ.
მისი სახის ხანმოკლე სითბო გაქცევაზეა,
ამ სტერილური გზით, რომლის გავწვრივ
მარლის ექთნები და ჯარისკაცი შპრიცები დგანან
ღმერთო, მანიშნე,
რომ მსუბუქად მიდის ამ გზაზე!
გამაგონე, ან დამანახე, მაინც, მისი ნაბიჯები!
თორემ ცარიელ სახლში ვცხოვრობ,
ისეთ გამყინავ სიჩუმეში,
რომ ჩემი ფანჯრიდან
ცხელი დღე
მზის ფიტულს ჰგავს,
ის კი წითელი მიხაკებით საუზმობს
და ფიქრობს ჩემზე.


მატყუარა სიჩუმე

რამხელა ენერგიაა სიჩუმეში!
როგორი მთლიანი!
არ არის დაქუცმაცებული
ნივთებით, პათეტიკით,
როლის თამაშით,
ისე ცდილობ შეხვიდე მასში,
როგორც დანა კარაქში,
რბილად, მზაკვრულად...
როგორი სევდაა,
რომელსაც სიტყვებით
არ აკნინებ, არ შეურაცხყოფ.
ვიოლინოს ხმა აქვს სევდას,
უფრო სწორად,
წარმოდგენა ამ ხმაზე,
ვიდრე დაკვრას დაიწყებდე,
მუსიკის კაცი გახდებოდე,
მერცხლისგან შავ ფრაკს
შეიკერავდე...
სცენას თავისი კანონები აქვს:
კულისებში _ თბილი ქვეყნები,
რამდენიც გინდა, გაფხეკილ ჯიბეებში
ფარშავანგები
აქედან მოდის მატყუარა სინათლე,
რომელიც უნდა მოიშორო
თვალებიდან,
მთელი ენერგია სიჩუმედ აქციო,
სადაც პლატონურად დაფრიალებენ
დადებითი და უარყოფითი მუხტები...
მაგრამ ბავშვი რომ გაჩნდეს?



გუშინ
(ბესიკ გაბაშვილი)

ბესიკ გაბაშვილი _
სიყვარულის ერთადერთი პოეტი
გვიან ვხვდები ამას
ისტორიის კაპრიზი თუ
ფილოლოგების დაუდევრობა?
ქრესტომათია დასჩხავის:
"ცალ ხელში ხმალი, მეორეში _ კალამი!"
დაანებეთ თავი!
ქვეყნად იმდენი მეომარია,
რამდენიც ცაზე ვარსკვლავი,
მას კი სევდის ბაღში
ურჩევნია ცხოვრება
და სიყვარული, სანამ
ბროლი ძეგლად არ ქცეულა,
ნარინჯები _ მკერდის ბარელიეფად,
სანამ ბაღი ნელთბილად ყვითელია,
როგორც ზამთარში შენახული მზე,
სევდა ჯერ კიდევ დარდი არ არის
და სინათლისკენ ზურგით მდგარი
ბავშვის ყურებივით გამჭვირვალეა...
ამ ბავშვზე ფიქრობ.
როგორი გაიზრდება,
ხმალს აიღებს ხელში
თუ კალამს?
და ორივე შემთხვევაში დაღუპულია:
ერთში _ ტყვიით,
მეორეში _ შიმშილით.
_ გახსოვთ "ტანო ტატანო"?
_ ეს რას ნიშნავს?
_ როცა ჰაერში
სულის ბუმბულები დაფრინავენ...
ღმერთო, უშველე!
მარადიული ხსოვნა
დააკისრე მისი
ვარდისფერ ღვინოებს და იების კონებს!
სულ სამოთხის სევდიან
ბაღებში ატარე
სიყვარულის პოეტი
ბესიკ გაბაშვილი!


დღეს

გუშინ გაასვენეს, გუშინ მოკლეს,
ამომაქვს ისტორიიდან სახელები,
რომლებიც უკვე ვარსკვლავებად იქცნენ.
დღეს მეტი კვდება,
მაგრამ ვარსკვლავებად ვერ იქცევიან,
რადგან ცა აღარა აქვს ქალაქს.
ერთი ღვინის ჯიხურში სვამა,
მეორე საყვარელ წიგნებს ყიდდა,
მესამე _ თავბრუსხვევამ ფანჯრიდან გადმოაგდო.
პოეტის ბუნდოვანი სისხლი გაახსენა.
ღმერთს არ უყვარს თვითმკვლელები,
ქალაქს არ მოსწონს,
როცა წითლად იღებება
და ტკივილისგან იგრიხება
მისი ქუჩები...
მრგვალ ბაღთან
მხვდება რამაზ გიორგობიანი,
კიდევ უფრო აწოწილი
და ნაწვიმარი, ვიდრე კინოში
და უკვე მკვდარი.
პარალელურად მიდიოდა ჩვენი ცხოვრება,
ის დარდისგან ჯიხურში სვამდა,
მე ფრჩხილებიდან ხიჭვებს ვიძრობდი,
რა უნდა ვუთხრათ ერთმანეთს,
სამძიმრის გარდა,
როცა ცის გარეშე ვცხოვრობთ,
და, მით უმეტეს, ვარსკვლავების?..



გარინდება

მოხუცები სხედან,
ღეჭავენ ჰაერს,
ღრუბლიანი ურჩევნიათ,
რძეში ჩამბალი პურივითაა,
ლაჟვარდი მკვახე ვაშლს ჰგავს,
უძნელდებათ მისი მონელება.
წინ რომ ჩაუვლი,
თითქოს, ვერ გხედავენ,
მაგრამ ამჩნევენ, რომ
შავი კაბის ჩრდილში დადიხარ,
რომელმაც ყველა ყვავილი
დაგიჭკნო სახეზე,
უემოციოდ გრძნობენ ამას,
გულს და სისხლს
უკვე აღარ აყოლებენ,
მათი სიმარტოვე
ხალხით კი არ არის სავსე,
არამედ ვარსკვლავებით, ცით,
გემრიელი ჰაერით.
არ ლაპარაკობენ,
მშვიდად და უშფოთველად
იღიმებიან, თითქოს, უკვე
სამოთხეში სხედან...


რეკვიემი

რატომღაც, ვემგვანები იმათ,
ვინც საჭმელს ჭამს თეფშებიანად
და არშიების ოქრო
მოუჩანს პირიდან _
ამ შუქით დადიან,
მე კი _ ყველა კუთხეს
და შვერილს ვაწყდები,
რომ წამეშალოს სახე,
ღმერთმა დამიძახოს თავისთან,
დაქუცმაცებული ხორცი
მინანქრის ფილებით შემიცვალოს,
თავიდან ამაწყოს
და ჩემზე, ბაღში ჩახატულზე,
მიუთითოს სამოთხის ბინადრებს:
_ აი, ქალი, რომელიც
დარდმა შეჭამა!
ოქროსკბილიანთა ჯარი იჯდა
ჩემს პანაშვიდზე
და საერთო საფლავიდან ამოღებულ
მოცარტს უსმენდა...


ჰაერის დეფიციტი

ბუნება გადასახლებულია
მეხსიერების კიდეხე,
ვერ მოვიცალე მისი სიყვარულისთვის
გამჭვირვალე დილას
თანდათან ადამიანები შეერევიან,
შეასქელებენ და ორშაბათად,
ან პარასკევად აქცევენ,
რომელთა კალენდარული ჩარჩო
კედლებივითაა, ქუჩებივით,
რევოლუციონერების სახელები
რომ ჰქვია.
ბებიაჩემი ვარდისუბნის ქუჩაზე
დადიოდა ნათესავებთან,
რასაც ქალაქიდან გასვლის
ეფექტი ჰქონდა,
ისედაც, ვარდისფერი ეპოსი უყვარდა,
მისი მშვიდი მგრძნობიარობა...
დედასთვის წყნეთიდან
ჩამომქონდა ჰაერი,
მე რომ დამჭირდეს,
საბაჟოში უნდა გამოაპარონ.
ჰაერის კონტრაბანდა ჯერ
არ აუკრძალავთ, მზის შუქზეც
გადასახადი არ დაუწესებიათ,
ამიტომ ნათელ ოთახში ვზივარ,
უშაქრო ჩაის სიღრმეში თაფლი ჩანს,
მზით გადარეცხილი ზეგანივით,
სადაც დღე არ თავდება
გნოლის ფრთებით
მოშრიალებს ჩემკენ საღამო...





Last edited by Admin on Sat Oct 22, 2011 7:09 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:48 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)

უცნაური არითმეტიკა

ჩამავალი მზე იხედება ფანჯარაში,
შემოვდივარ და წითელ ფერს ვკოცნი,
ბრინჯაოს ცხენიდან
მითოლოგიური მტერი გამოდის,
რომ დაიპყროს სახლი,
ქუჩაში სიუცხოვეა,
ქალაქს ჩუქურთმიანი სახე
დაუნგრიეს და ცაში გაუშვეს,
ვერ გავყვეი, სული დამიმძიმდა,
როგორც რომელიმე ღვიძლი,
ან თირკმელი,
მათი ერთმანეთზე ხახუნით
გაჩენილი ცეცხლი
სახლებს ეკიდება
და არა მაყვლის ბუჩქს,
სტიქიებს ღმერთი კი
არ განაგებს,
მეწვრილმანეები ჭიქებში ამზადებენ,
მეც რომ
წყლის დენადობა ჩარჩოში ჩავსვა _
ჟრუანტელის თეთრი ხორკლები
და არავითარი ოფელია?
ირიბად ეკიდება კედელზე,
ვერ გაასწორებ,
ირიბად, ზამთრის შუქივით...
შენ კი სამების ქვეშ დადიხარ,
ღვთაებრივი არითმეტიკის მონაწილე,
სადაც სამი ოთხზე მეტია.
მეც რომ წამოვალ აქეთ,
ტროის ცხენების ავი გარემოცვიდან,
ჩემს სისხლს არავინ არ აკოცებს,
საღამოსკენ გადახრილ ოთახში...




მოკლე ავტობიოგრაფია

ვცხოვრობდი
პატარა აკაციებიან ქუჩაზე,
ხეებს, მაშინ, ხმაურისგან
თავი არ სტკიოდათ
და ჩემი მფარველობა
არ სჭირდებოდათ,
პირიქით, სკოლაში მაცილებდნენ,
ძაღლებივით,
და მწვანე შუქი მადგა სახეზე...
ბებიაჩემი
კურტუაზიული პოეზიისკენ იხრებოდა,
მე ვაჟა-ფშაველას შვილი ვიყავი
და ვერ ვაგებინებდი,
პირში თუ ბალახი ამოგივიდა,
ვერავითარი რძე და თაფლი
ვეღარ გიშველის...
ის ამ ცხოვრებისა იყო
და მეტაფორით თავს ვერ დაიცავდა,
მხოლოდ მუსიკაში შეეძლო შესვლა,
როგორც მდინარეში,
იქიდან როცა მიყურედა,
თანატოლები ვხდებოდით,
ტენორები აბრეშუმის კიბეს
აგდებდნენ პირიდან
და ავდიოდით ბგერის წვეროზე,
საიდანაც, მხოლოდ,
ვარდებით მოხატული მიწა ანდა
და უღალატო სიყვარული.
რამდენს ვუყვარდი
და რამდენმა მიღალატა,
რამდენი სტუმარი მოდიოდა:
მაღალი ლანდები და პატარა ადამიანები,
ან, პირიქით,
ფუტკრის ხავერდიდან
და ბალახის რძიდან
შვილი ამოვიყვანე,
შვილიშვილი მორყეული გუნების
და კუზის ფასი დამიჯდა,
გავყიდე სიტყვა,
ვიყიდე ლაჟვარდი,
გამიყიდეს სამშობლო
და საანგარიშო შემომაჩეჩეს,
როცა ჩემთვის 2X2 ხუთია
და გაჭედილ ლიფტში
ზღვაზე ვფიქრობ...
რა უნდა მექნა?
მივედი ჩემს ქმართან,
რომელმაც თავისი სისხლის
ნახევარი ბრინჯაოში ჩაასხა
და წამალი დავალევინე,
ხაზგასმული ლაჟვარდი
დავუტოვე შვილს
და ერთი თხოვნა,
რომ თავის შვილს
ხეებთან ლაპარაკი ასწავლოს,
მეგობრების წიგნები დავურიგე,
რომლებსაც წაიკითხავენ
და ცრემლიან ცხვირსახოცებში შეახვევენ
უკანა გზაზე სახლშიც შევიარე
და მერე მოვკვდი...



* * *

ზაფხული მიდის
ოქროს ძაფები ისე წყდება,
თითქოს, დღე გაიხა
და არავის არ სცალია,
გვირისტი დაადოს, ჭრილობა შეუხვიოს,
მე იმით ვარ დაკავებული,
რომ ფრთხილად მომაქვს
ჩემი ჩამავალი მზისფერი თმა,
იოანე ნათლისმცემლის თავივით
(ნუთუ, შეიძლება, კაცი გიყვარდეს
და მის სისხლში ამოივლო გარეგნობა?).
ზაფხული ილევა, მაგრამ ოთახები,
ჯერ კიდევ გარეთ გადიან
ყველა ფანჯრიდან,
გასაღებების აცმა
კითხვის ნიშნებივით კიდია კედელზე,
თავი ფიქრობს სისხლზე, რომელიც
აღარ მიეწოდება, რადგან ძარღვებში
შედედებული დარდი ჩადგა...
ზაფხული მიდის, ვიღა გვასწავლის
ჩამავალი მზის ანატომიას?


პოეტური ლიცენცია

მხოლოდ ნოტებს ვკითხულობ,
მუსიკას აღარ ვუსმენ,
მაგრამ ის ქაღალდზეც მფრინავია.
ხუთივე ხაზით ჩიტით ბოლოვდება
და ცაში ადის
შაბათს, როცა სამყაროს
აშენება დაამთავრა,
ხელთ არავითარი მასალა
აღარ ჰქონდა და სევდა დაეუფლა,
რომ ისევ ფაიფურის ლამბაქივით
ბრტყელცას უნდა მიეყინოს,
მაშინ ხომ არ შექმნა
მუსიკა ღმერთმა?
როგორ მშველის ეს მეტაფიზიკა,
რომ თავი კედელს არ ვახალო,
ვილაპარაკო, როგორც ოდესღაც,
დალაგებულად,
თანაბარი, შეკრული ხმით,
რომელიც არსად არ გაიხევა
და შიშველ ფალცეტს არ გამოაჩენს...



* * *

რა ვქენი?
ვენები გადავიჭერი
და სისხლის ნაცვლად
ხავსი წამომივიდა
შეიძლება სისხლძარღვების გაპარსვა,
რომ ამ ხავსის წვნიანი მოიხარშოს
ჩემი გამხდარი შვილისთვის?
დედა, შენ უკეთესად იცი
თავგანწირვის კანონები.
მამაჩემმა რომ ფეხი მოიტეხა
და მხრებიდან ჩამოვუვარდი,
მას შემდეგ
ღვინის ჭიქაში ზის
და მღერის იმ მოლიპულ გზაზე,
სადაც ყვავილივით დამტოვა...
ახლა, მე მისთვის ქვას დავემსგავსა,
რომელსაც შეუძლია ყვავილი გასრისოს,
დედას ტვინის შიმშილი ჭირს
და, მხოლოდ, წამლებით გამოვხატავ
მის მიმართ თანაგრძნობას
მეუ, უფრო, ბებიაჩემის შვილი ვარ,
თვალი სილამაზეზე მაქვს
მიწებებული, რის გამოც
ისევ კლავენ.
_ ბებო, მომეცი
რამდენიმე წვეთი შოპენი,
პაროქსიზმული გულისთვის,
ცოტა რომ დავწყნარდები,
ფაიფურის ფინჯანს შემოვდგამ
როიალზე
და არავითარი პილპილის ვულკანები!
ჰაერისგან უნდა გაიკეთო
ცისფერი ჩაი და სვა
სიცოცხლის ბოლომდე...



ანტირეკლამა

წიგნი მქონდა ერთი,
"შუქს ნუ ჩამიქრობთ!"
გაზეთის ფურცლებზე დაბეჭდილი
(უჭირდა გამომცემლობას)
ცარცის ქაღალდი რომ ყოფილიყო,
რა, შემეშველებოდა
XII სართულზე გულის
ხელით ატანაში?
ან დედაჩემს
აივნიდან გადახტომაში,
რომ თავისი 100 კგ ტანი
მიეზიდა კუკიის სასაფლაოზე?
გზის განათება კი შეეძლო,
ახალგაპარსული სახესავით,
რისთვისაც ჩემი სისხლის
გლეხური ნაწილი უღელში შევაბი,
ცარცის ქაღალდზე სხვები ისხდნენ,
როგორც მინანქრის სახედარზე
და მსუბუქად დააგელვებდნენ
მშვიდი პოეტები _
შაქრის პუდრი,
შეფრქვეული ნერვებზე,
რომლებზედაც მე
დანაყილი ანალგინი მაყრია,
მაინც ასე ულამაზოდ მტკივა _
ანტირეკლამა!
და ვიღა მიმიშვებს მზესთან?
ნუ დარეკავთ ჩემს კარებზე, სანამ მძინავს,
პირველ საათამდე,
მერეც ნუ დარეკავთ, როცა ვმუშაობ,
სიბნელესთან დადებული ხელშეკრულებით!
დღე უნერვო პოეტებისაა.


ტყეს, რომელიც მიყვარს

ჩაისუნთქე ეს ტყე,
შეისრუტე ბოლომდე,
თავისი თაფლიანი სუნით,
ქინქლებით, კოღოებით,
ფოთლებიანი ცით,
რომ როცა დაბრუნდება ქალაქში,
სარჩული ამოიბრუნო
და სიგრილის შთაბეჭდილება
შეუქმნა ტელევიზორთან
გატრუნულ დასიცხულ ადამიანებს,
რომლებსაც აღარ უნდათ ლექსი,
მაგრამ შენი ფილტვებიდან
ამოსულ ხეებს,
ქვევიდან ზევით შესცქერიან
და აზრადაც არ მოსდით
მათი მოჭრა.
ნუთუ,გადამდებია
მწვანე საღებავი სისხლში?


აპოკალიფსი

შეიძლება, კიდევ, კაცმა
იფიქროს ისეთ მკაფიო საგანზე,
როგორიც გეომეტრიაა?
ხაზები და კუთხეები
ჩამუქებული ფუძიდან
წარღვნამდე,
სანამ სისხლის კოლტები
ჩამოუვარდებოდა ზაფხულს მუცლიდან,
მაინცდამაინც, რკინიგზის ლიანდაგთან _
გასრესილი ყაყაჩოები...
ესეც იგივე პოეზია არ არის,
რაც სადაფის წვიმაში სიარული,
მეორე სხეულში ფრჩხილებამდე
გაჟონვა და იქ აფეთქება...
კვადრატში ჩახატული კუთხეების
ნახევარმზეები
ღმერთო, არ მინდა ამდენი სილამაზე!
მეშინია მისი...


ამაოება

ვახშმის მერე სუფრაზე,
ყინულთან ერთად შემომიტანეს,
ვერცხლის კოვზები შემოუწყვეს გარშემო
ჩემს ტკბილ ხსოვნას,
მერე წყალი დააყოლეს
და დაიშალნენ
ასევე ნელთბილად ვუყვარდი...
როცა ერთმანეთს ეხებოდნენ
ცხელი ხორცით,
ან ცივი ტვინით,
მე ვიჯექი მაგიდასთან
და წყალს ვნაყავდი...
ეს უფრო ახსოვთ,
ვიდრე ნაოჭი
სიცილის კუთხეში,
ან ყურების უხერხულობა
სახის ოვალზე _
წვრილმანები, რომლებსაც
ტკივილის ეპიტაფიად მაქციეს,
პოეზიას გაეთამაშნენ...
თუ დავიწყებულ კულტურაზე
ჩამოვარდება ლაპარაკი,
ისევ, ყინულთან ერთად შემომიტანენ,
რომ ჩემი ხსოვნა
დროისგან კარაქივით არ ამძაღდეს
სხვა არაფერი არ შემცვლილა,
როცა ტისინი ხორცით, ტვინით,
ან, თუნდაც, ბოღმით ეხებიან ერთმანეთს,
მე მარტო ვზივარ მაგიდასთან
და წყალს ვნაყავ...


თანაგრძნობა

გახსოვს, როგორ გაასვენეს დედაშენი?
სახანძრო მანქანით,
უკან ცეცხლი მოსდევდა,
რომელზედაც ქვაბები ხტოდნენ _
მშიერი ქალაქის სასულე ორკესტრი...
ცარიელ სახლში
სიტყვებით რომ ვერ გამოთქვი
დარდი, ოთახის კუთხეებიდან
ამოფრიალებული ობობები
გამოიყენე ეპითეტებად...
ვიღა დაგირეკავს ყოველ წუთში,
ზამბარასავით რომ ამოგაგდოს
სიმყუდროვიდან?
საქმიანი გახდა ზარები,
სადღაც გეძახიან,
რაღაცას გთხოვენ:
ინტრვიუს, ლექსებს,
ნეკრლოგს საკუთარ თავზე.
ტელეფონის ძგიდიდან არ ჩანს,
როგორი დეპრესის
მდუღარებაში გიდგას ფეხები,
ან რამდენ ყინულს ითხოვს
შაკიკიანი თავი
გახსოვს, დედაშენი რომ
დაგინახავდა,
ლაპარაკს მონატრებული ყელი
ისე უთბებოდა, თითქოს,
ქარვის მძივები ეკეთა...


იქ

რამდენი კმ ღვინო გაიარა მამამ
ალიონივით ფხიზელ დედაჩემამდე
რა მკვეთრი ხარ შენ _
მარმარილოს ციტატა მიქელანჯელოდან!
მე _ ყოფილი ეკლები...
ვინმეს აინტერესებს, როგორია
ეს უძინართა ხელობა, ლექსის წერა?
აი, იმ ღრუბელს
ალავერდის ეკლესიასავით
გრძელი ყელი აქვს
_ ჯვარი დაგვწერე, ღმერთო!
რაც მიწაზე ვერ მოვახერხეთ...


გაზაფხული

ის, რაც ყველასთან მოდის,
მე უნდა შემემთხვეს:
იისფერი დეციბელები,
ყურებში რადიოები,
მემბრანები გასკდომაზე...
როდის იყო სეთი ხმამაღალი
გაზაფხული?
გადაშენებული რომანტიკოსივით მოდიოდა,
მუქთი სიმართლე მოქონდა,
უწვალებელი, თითქოს,
ღია ბარათში ცხოვრობ,
რომელსც, უქმეებზე,
ახლობლებთან ეგზავნები, იების,
ალიტერაციის პრეტენზიული თანხლებით.
ვიღა მაიძულებს ამ გაპრიალებულ ქვეყანას?
თავისი მანერული პოეზიით,
პროსოდით ყურებში?
აქედანვე გავდივარ,
უკან მრჩება გაძვირებული ელექტრონი
და გაზის სუნი,
პასიურობა, თითქოს, იები,
იქით მწყვეტენ,
მაჯების დაუცველობა
რეკლამირებული სამართლებლის წინაშე,
შალს ვიხდი, ლამის, კანიანად,
გაზაფხული შემემთხვა...



* * *

ერთად აღარ ვზივართ მაგიდასთან,
რომ ვუყუროთ, რა მაღალია
ჩაის ჭიქებიდან ამოსული ორთქლი,
რა მონატრებული ლაპარაკი არაფერზე,
სიტყვას რომ დილის ჭირხლი ადევს
და უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე გამოხატავს...
ეკა მეორადი მაღაზიიდან მოტანილ კარადაში
სუფთა სარეცხის სუნს დებს,
აელენე ბგერა რ-ს
ლოკოლადივით ღრღნის _
ფრანგულს სწავლობს
ელგუჯა საფლავში წევს,
მე იმ დროს ვიგონებ,
როცა ფანჯარას გავაღებდი
და ოთახი პეიზაჟით აივსებოდა...



სეზანი

ვინ დახატავს ატმების ჟრიალს?
ბატონი სეზანი, რომელმაც
ნატიფი ხელოვნების აკადემია დაამთავრა,
რომელსაც ქუჩაში სძინავს
და თავქვეშ ფეხსაცმელები აქვს ამოდებული,
შია, სითბის აუქციონზე
კი მის ატმებს ჭამენ.
ის არ უყვართ ფერ-ხორცის მხატვრებს
და სინატიფის მასწავლებლებს,
ის ოთხკუთხედია და წახნაგი სტკივა,
ის ხატავს ატმებს და არა
მათ ხორკლებზე მოარულ შიშს,
სად სცალია ამ მისტიკისთვის,
როცა ფორმის სიმართლეს გაუგო?
აი, ღმერთი რომ დაინახავს,
პირველივეს, რასაც გააკეთებს,
ატმის ჟრუანტელს დაუხატავს,
გადაიბირებს თავისკენ
ვარდისფერხორციანი მხატვრობიდან...



უღირსი სიკვდილი

არაფერი აღარ დამრჩა,
ყველა იმედი გადაწურულია,
განსაკუთრებით, ბოლო,
გასაქცევი გზა _ გადაკეტილი
მანქანების ნიშნით.
_ ბატონო პოლიციელებო, გამატარეთ,
მე ხომ ფეხით მოსიარულე ვარ!
ჩემი წინაპრები ღვინის ჭიქებს ჭამდნენ,
რუსთაველური სილამაზისთვის,
(ლალი და ბროლი),
მე _ ლამპის შუშებს და მანქანების შლეიფებს,
კანცეროგენის მისაღებად,
ჰოდა, გამიშვით, ცოტა ხნით
დავემალო სიკვდილს!
წონით კი არ ჩავაბარო
ხორცი და ძვალი,
ე.წ. სიკვდილის სარეცელზე,
არამედ მანქანა დამეჯახოს,
ან ხეს შევასკდე
და ჩვეულებრივ მუშა ტვინში
ტანჯვის ადგილი გამინათდეს!
ოხრად დარჩეს ამ დღისთვის ნაყიდი
მაქმანებიანი თეთრეული!
_ იმის ნაცვლად, რომ
ღირსეულად მომკვდარიყო,
შპრიცების შარავანდედით თავზე,
აგონიის ზღარბებით ყელში,
ძაღლივით წავიდა სახლიდან
უკმაყოფილოა რომელიღაც გარებიძაშვილი,
ყვავი ჩხიკვის მამიდა,
ზეპირი მორალიტეებით
განთქმული ნათესაობაში...


ტყუილის ენერგეტიკა

საგნები ასხივებენ, ადამიანები, მითუმეტეს,
შეგიძლია ეს სინათლე დაინახო?
არც მზე, არც მთვარე,
არამედ სხივოსანი ენერგია!
არავითარი კოლბები და რეტორტები,
ადამიანს ოფლი სდის და ცრემლი,
სუნი აქვს, რომლითაც ძაღლები ცნობენ,
ხუშტურები ლაპარაკის და წერის დროს,
რასაც ხელწერას ეძახიან,
ეს მაღალ სფეროებში,
სადაც სინათლე კაშკაშებს
და ლათინური შესატყვისი აქვს,
ფიზიოლოგია უფრო ხარვეზიან
შუქს იძლევა, ნავთის ლამპასავით,
ტირილი, ტკივილი მონაწილეობენ
თეთრის ჩაყვითლებაში,
სახე
ბროწეულის ხეს გამოედება, გაალისფერდება,
რაღაც წუთებით, მერე ისევ,
არ დაემორჩილება მზერას.
დახატე ჩემი სხივოსანი ენერგია
და აღარ მოვკვდები!
სუ მოლეკულებად დაშლა მიწერია,
აკრიფე ისინი, ხორბლის მარცვლებივით,
სინათლე მიეცი შიგნიდან
და უკვდავებისთვის გამიმეტე,
გარემომცველ საგნებთან ერთად!


ჩემი გასაჭირი

აივანი, სახლს რომ ღია თვალივით
უნდა ჰქონდეს, ბრმაა, ცემენტისაა,
არავითარ სივცრესთან არ მაკავშირებს,
თავგადაპარსულ ხეებთან,
ისედაც, დავკარგე საერთო ენა,
მდგავარ და მტვერი მედება,
უპატრონო ნივთივით,
მოპირდაპირე აივანზე
ასეთივე მტვრიან მეზობელთან
კონტაქტს ვამყარებ:
_ ჩემო არავინ! ინატრე თოვლი,
რომელიც მნიშვნელოვანს გაგხდის,
ან სიცხე, რომელიც გაგადნობს,
რასაც სიყვარულს დააბრალებ
და თანაგრძნობას დაიმსახურებ.
მე დავწერ ამის შესახებ,
მე მეხერხება სხვის გასაჭირზე წერა,
სხვის თოვლზე, სხვის სიცხეზე,
სხვის სიყვარულზე,
სხვის ღია თვალივით აივანზე
და ჩემსაზე, რომელიც ბრმაა...


ნიშნისმოგება

აჰა, ჩაეშვი, ჩამოვარდი იშკილებიდან?
ახლაფეხსაც მოგაყოლებენ,
ქვას, ქირქილს, მაინცდამაინც,
ოქროს იარლიყების დარიგების დროს?
შენივე ლექსები შეუშვი ვენაში
და იკაიფე, სანამ, მართლა,
მოგხვედრია ქვა და სისხლი გამოგსვლია,
როელიც მიკროსკოპის ქვეშ
დუღილს იწყებს
გენებში მელანქოლია, სათვალე,
ინტელიგენტურობა,
აბა, საიდან ეს დუღლი?
შეიძლება, სიგიჟე ცოდნასავით შეიძინო,
ან არეული გულისცემასავით?
შენი ფოტოებიც
მოციმციმე მაჯების პორტრეტებია,
თუმცა, ხელები პირადობის მოწმობაში
არ უნდა ჩანდეს
სახე ჩაგიქრა?
მაგრამ ეს არავის აღარ აინტერესებს,
თქვენო მარტოობავ!


* * *

ზოგჯერ, ადამიანს ისე ეჩვევი,
როგორც საგნებს, ან პურს,
ყოველდღიურობას,
ზოგჯერ, აღმოაჩენ და გარბიხარ,
არ გინდა ჩვეულებრივი გახდეს,
მე რომ შემხვდი,
დანაშაულის გრძნობა მჭამდა,
რასაც უცნაურობას ეძახდნენ,
შენ კი წიგნები დაინახე ჩემს თავში,
გადაშალე ერთი მათგანი
და მოკლული პოეტი იპოვე,
მერე კიდევ და კიდევ,
სამძიმარიც მითხარი,
ძალიან მკვეთრი დღე მომაშუქე,
თავმა, შეიძლება, თმით მოგხიბლოს,
მზესთან შეთანხმებული პოზით,
მაგრამ ენცეფალოგრამა არ იტყუება.
ეს გინდოდა, სიმართლეში დარწმუნება,
რომ, სასწრაფოდ, გეშველა თავისთვის,
მაგრამ ვერ წახვედი, ვეღარ გაიქეცი...


ანატომიური თეატრი

ერთი ფილტვის ჟანგბადი ამოგაჭრეს,
ქვეცნობიერიდან _ პორნოფილმების მასალა,
ე.წ. `გულის სიმები~
ფეხის ძარღვებით შეცვალეს,
თირკმელიც ხელს გააყოლეს,
ქირურგისთვის სულერთია
კენჭს ამოჭრის, თუ ემოციას...
რაღა დაგრჩა?
ნევროზი _ ტროის ცხენი,
მოშიებულზე რომ კონსერვის ქილასავით
გახსნი და იქიდან
დაწნილებული ბრინჯაოს მხედრები
ამოვარდებიან, მარმარილოს ხელები,
რომლებიც ცნობილქანდაკებას აკლია,
ისე ლამაზად მოგახრჩობენ
და ტკბილად, თითქოს
შაქარი გადაგცდა სასულეში...


* * *

დანია სხვაა,
კი, საპყრობილე,
მაგრამ მის კედელში
არ ჩაგატანენ.
ჯერ ილაპარაკებ, ილაპარაკებ,
გულს მოიოხებ,
მოწამლული დაშნები მერე...
კირი მიწვავს ალერგიულ კანს,
აგურებიდან ყელი მიჩანს,
წითლად დაფოთლილი
არც პოეტია სადმე, გედს შემადაროს,
არც დედაჩემი,
მხოლოდ, ჰერტრუდა დადის, რომელსაც
მშობიარობის ტკივილებიც კი არ ჰქონია,
ისე გააჩინა
ხავერდის ვიწრო ჰამლეტი,
ამიტომ გრილია დანიის ჰაერივით,
_ ვაიმე, დედა, გავთავდი!
მაინც ვეუბნები...


ჩემს შვილს, ეკას

ბავშვი ხატავს სახლს _
ერთი წითელი ატლასის საწოლი,
ეზოში ასეთივე წითელი ძაღლი,
დანარჩენ ფურცელს ავსებს
ბალახით, ან ცით,
შუაში, მზის გვერდით, აწერს ხელს,
თავისი ლოგიკა აქვს:
წითელი საწოლი ზამთარში
უფრო თბილია, წითელი ძაღლი
ვარდების ბუჩქს გავს,
ცა _ სინათლეს, რომელიც დღეში
ორი საათით მოდის,
ბალახი ისეთი რძიანია, შეიძლება მოწველო,
მაგრამ ცხოველების დახატვა არ იცის
და წერს: ძროხები, ცხვრები
ასოებს წვიმის დახრილობა აქვთ,
კომპოზიცია ჭკვიანია და
ოდნავ სევდიანი
ბავშვმა იცის, რა არის სევდა _
მშობლები ღამეს ტალახივით პურის
რიგში ათენებენ...
დილისთის,
ნახევარქვეყანა ბალახში,
კიდევ წითელი კვერცხებია ჩახატული
თვალით გრძნობს, რომ ასე ჯობია,
გულით _ რომ მალე აღდგომა მოვა
და პატარა სიხარულს მოიტანს...



გამოუსავლობა

თავისი ცხოვრება აღარ აქვს,
სხვისას უყერებს ჭუჭრუტანიდან
(ტელევიზორი, ბულვარული რომანები),
მუქთი ლაჟვარდი,
აქა-იქ _ შავი ნასკვები,
რომლებიც ყულფებად ვერ იქცევიან,
თვითმკვლეობა რომ სცადოს,
ტანზე კუნთები ბორცვებივით აზის,
ისეთი მტკივნეულია,
მწარე სიტყვების მალამო დროებითია,
შვება არ მოაქვს,
ბავშვი, რომელსაც ლამპა უნთია თავში,
არ ჰყავს,
მიწა, რომელიც გაათანაბრებდა
ბალახიან ზედაპირთან, სხვისია,
ცის საზღვარს ანგელოზები დარაჯობენ,
ატმებივითი ხაოიანი ფრთებით აქვთ,
ტირილს იწყებს,
_ ღმერთს ნუ სცოდავო!
აბა, რა ქნას?
ისეთი ხმა აქვს,
ხერხი რომ ხავერდში შეახვიო...



აღდგომა
ფიროსმანის ასოციაცია

აღდგომა, მოყვასის სიყვარული უზმოზე...
რამდენ ხანს გრძელდება?
რამდენი სისხლი ყოფნის
კვერცხების შეღებვას
(ენდრო ძვირია),
რამდენი თითისტარი ბამბა _
ბატკნის სითეთრეს?
ეს რომ სიტყვით თქვა,
სისხლის და ქათქათის შეხამება
ლექსში არაფერს იძლევა,
შიშის გარდა,
ნახატში _ მოცახცახე წერტილებს...
თეორია რომ ღვინით შეამოწმო?
დასაშვებია ეს ალისფერი ანალიზი?
როცა ნიადაგი სარდაფია,
სტიმული _ კიბე?
სისხლი, ქვეტექსტში, მაინც დაიღვრება,
ან ნახატის უკანა მხარეს,
რის მერეც მოყვასის სიყვარული
ისე ბზინავს,
როგორც აღდგომის კვერცხი,
თითისტარის ზანტი ტრიალი
კეთილი ცა,
კიბის ბოლო საფეხურზე ჩამოდებული...


* * *

სხვის ტკივილს ვესწრები,
მაგ., კარის, რომელიც ჭრიალებს,
უიღბლო დღე მოვაყოლე შიგ,
ღამის კოშმარებზე ცარცით დაწერილი,
თეთრი, ცუდი ამინდი...
კარს რაღა სტკივა?
მცენარეული წარსული?
როცა ვერავინ აიძულებდა აგრესიას,
თითების დამტვრევას, ჭრიალს,
სადამდე მიყავხარ მარტოობას!
საგნებისგან ითხოვ თანაგრძნობას,
ღამეს რძეში ხარშავ
და ორივეს ვერ იტან,
დღეს კარებში აყოლებ ხელებს,
სხვის ტკივილს ესწრები,
საკუთარზე რომ მიიმატო,
როგორც წინათ?
რა მშვიდი იყო წინაპართა მელანქოლია!


* * *

ისეთი ცოტა ხორცით ვდგავარ მიწაზე,
როგორც მზის ზოლი სკამის კიდეზე,
ცივი, ზრდილობისგულისთვის, მოყვითალო,
ჯერ კიდევ, შემოდგომის...
იშვიათი ჩიტები ამძაფრებენ
უფოთლო ხეებს,
გაჭირვებით მესმის მათი ხმა,
როგორც ბრმებს ხმამაღალი მინდვრები
და ცხვრების ვერცხლისფერი კრინი...
მე რომ კუჭის ტკივილი
მჟავე პურს მაჭმევს,
მათ პირში ლიმონის ხე ამოყავს,
რასაც სიტყვით გამოვხატავ
და არ ვიცი, უფრო პოეტი ვარ,
თუ კარგი ქრისტიანი
ბრმების შესახებაც რა ვიცი?
ზამთარი რომ ხეეებს სველი ტილოთი წაშლის,
დეპრესია მეწყება,
რადგან თვალზე ვარ გამობმული,
ისინი _ სიბრალულზე,
სიცივეში ტკივილი ლაპარაკივით ესმით...



Last edited by Admin on Sat Oct 22, 2011 7:03 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:49 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)

ბედი მდევარი

ვიღაცეებს უნდათ, ამომაგდონ სახლიდან
ცარცით და ვარდისფერი ფლომასტერებით, დახატული,
ჩემივე ძვლებით ამომფხიკონ
იმ ატმოსფეროდან,
იმ ქუჩიდან, იმ ქალაქიდან,
რომლის ხასიათში ნაღმებია ჩაწყობილი
და რომ არ აფეთქდნენ,
პროზექტურის ყინულს უპირისპირებენ,
მკვეთრს, თვალისმომჭრელს, კატეგორიულს,
ჩემი სიტყვა
რბილია მის წინააღმდეგ,
ცოტა დაღლილიც,
აფეთქებების ანარეკლი მაინც შერჩა...
სიკვდილამდე
ერთი სევდის ბაღი მაკლია,
ბესიკ გაბაშვილის ღმერთობით
იქიდან ვიღა გამომაგდებს
ასე გამწარებულს სიყვარულისგან...



გუშინ ჩვენი ვახშამი დამესიზმრა

გვიან დავბრუნდით, წამლის და შიშის
ლორწოთი მიწებებულები ერთმანეთს,
მარტო ფეხებს ვიწმენდდით ცალ-ცალკე,
ერთი ტელევიზორი ინფორმაციას უჩვენებდა,
მეორე _ სერიალს,
დედაჩემი რეკავდა,
პირდაპირ, სისხლძარღვებით კრეფდა ნომერს,
ხელები გაუცვდა ჩემი შვილის მოვლაში,
ახლა, მისი ახალგაზრდობა თვალებს ჭრიდა,
მე უფრო მეგუებოდა, გათლილი ვაშლივით.
ლიფტი არ მუშაობდა,
მეთორმეტე სართულის ფანჯრიდან
შენ არ გამიშვი, დანა აიღე
და ჩემი ნევროზის დაჭრა დაიწყე,
როგორც კარტოფილის,
ხახვი უმად იდო,
გუმბათებივით, ჩემი ტირილის გამართლებასავით
გუშინ ეს ვახშამი დამესიზმრა, ისე ტკბილად,
თითქოს არაფერი უკეთესი
არ მინახავს ცხოვრებაში.



პლენერი

რა ჭარბყვავილიანი გაზფხულია!
ყველა საფლავიდან
მიცვალებულები იხედებიან,
სულ ვამბობდი,
თოვლი კინოში მირჩევნია,
ან ტელევიზორში,
ახლა, მოდი და გაუძელი
ამ იასამნისფერ გამოხედვებს!
თავის გამხეთქი მზეც მუქთადაა,
არავითარი პლენერზე წასვლა!
მე რა, მე მაგიდაზეც მაქვს ეს პლენერი,
მხოლოდ, გადათეთრება ჭირდება,
მხატვრები მცოდება, ვინც მიწაშია,
ახლა უფრო, ვიდრე წვიმაში, ან თოვლში,
როცა ბუნაგი გატკბილებულია,
იასამნის ბუჩქს რომ ცეცხლი წავუკიდო,
შუქი თუ არა, რაღაც დაუშვებელი,
აღმაშფოთებელი ხომ ჩამოაღწევს შენამდე,
ბოლო ნახატებისვის უჩარჩოობა შევუკვეთე
და ვეღარ ვიყიდე
ხელოსნები რეალური ადამიანები არიან
იასამნისფერზე ფეხი უცდებათ...


* * *

შეიძლება
ეკალს საწყალს, შეუხედავს,
სულ ნეიტრალური ფონი რომ იყო
ვარდის ფენოვანი სილამაზისთვის,
პოეტის უკუღმართი ტვინი აღმოაჩნდეს
და დაგაჯეროს, რომ ბუმბულმა მოკლა,
ისეთი გავარვარებული მკერდით შეასკდა?
მისი სიმღერა პირში ჩაგდიოდა
ვარდისფერი ღვინოსავით,
სისხლი, ცოტა უფრო, მუქი ფერისაა
ამ სიმართლესაც შეეჩვევი,
ტკივილი პირველივე კლასში გასწავლეს...



* * *

იდაყვი, ჩამორტყმული მაგიდაზე,
თვალებიდან ნაპრწკლები...
ტკივილიც შუქით თავდება,
როგორც ყვირილი რომელიმე
გახეული ხმოვნით?
ამ შუქიდან იმ შუქამდე
ერთი დერეფანი მარტოობა,
ბოლოში ცოდვილები გაზქურით ხელში,
უცოდველები ნარგიზის ეგო-თი,
აქეთ _ ღვინიდან ამოსული მეტაფორა:
_ ნათელში ამყოფოს ღმერთმა!
მიწა შავია და ტალახიანი,
პოეზიისთვის, მაინც, მადლობელი ვარ.



ადამიანის ხმა

ცნობათა ბიუროში ვრეკავ,
რომ ადამიანის ხმა გავიგონო,
არავის არ ვბაძავ, არავითარ კოკტოს!
ყველას თავისი სიჩუმე აქვს,
მეტ-ნაკლები სიმწარის ხარისხით.
ჯერ მრავალსიტყვაობა, ენამჭევრობა,
ლექციები კათედრების ბარიკადებზე,
ზედ, სისხლის წვეთებივით,
ციტატები ლექსებიდან,
მერე, მისი მარტოობა ბეჭდებიანი თითებით
ეხება გეზისტენციას,
მე სარეველა ბალახს ვებღაუჭები,
ის ურეკავს კაცს, რომელმაც მიატოვა,
მაგრამ სადღაც არის, ყავას სვამს,
იასამანზე ლაპარაკობს, როგორც ქალზე
და, პირიქით, ესთეტიკას ეთამაშება!
მე ცნობათა ბიუროში ვრეკავ,
სადაც, მხოლოდ,
ცოცხლების ტელეფონების ნომრებს იძლევიან...




ხე ფანჯრის წინ

ეს ვან-გოგობა რისი მაქნისია?
შვილს ვერ იყოლიებ, ხეს _ სიხარულით,
უფრო რომ ყვითელია, მნათობივითაა,
მერე გვიანი შემოდგომა,
როცა ქვევით იყურები,
ჩამოღვენთილი დადიხარ,
ისიც ხომ შეგიძლია, ტუჩების კუთხეები,
სახის გამომეტყველება, ზევით ასწიო,
მოსპო კლიშე!
ქსეროქსზე გადაიღო ის ხე
და ფანჯრის წინ დააყენო...
კარგი ასლი გამოდის,
სიპრიალეს ხორკლი უჩანს,
მსხვილ ფუნჯებს გაგრძნობინებს,
ცოტა, ღვიძლიც აწუხებს,
40 წლის მერე რაღაც
ხომ უნდა გეტკინოს,
სათბური დაიდო, ამასობაში,
უყურო, როგორ აჭმევს მზე
თავისთავს ხეებს,
საიდან ეს თვისება არხეინ სტიქიას?
თავგანწირვა, რომელიც შენ დაგაკლო,
მხატვრის მოსეირნე თვალივით
ბუდიდან ამოგიღო, შიგ საღებავი ჩაასხა,
ხატე, მკრთალი აკვარელი რომ
სისხლს ამოახველებს, ისეთი ფერის
ცოფიანი პეიზაჟები, რომლებიც იკბინებიან
ტილოდან, მუზეუმიდან, აუქციონიდან...
ვან-გოგები და კლიშეები!
მარცხნივ წახვალ, ნანებ,
მარჯვნივ _ მშვიდად და მაძღრად იქნები.



ფანჯარა დამიკეტეს

აუცილებელი წუწუნი, რომ
ყოველდღიურობა მოგბეზრდა:
სახლი, ჩაი, სამსახური და პირიქით,
შუაში _ ტაფაზე მოცურავე კარაქივით,
ქორწილები, დაბადების დღეები,
სიმღერები, რომლებშიც
ნაღველს აქცევ
და შემსუბუქებული ამოდიხარ,
განურჩეველი,
ორშაბათის მოლოდინში:
მერე:
_ ცოტა ხნით კიდევ გამიგრძელეთ ჩაისსმა!
თხელი ფინჯნიდან ქარვების ყლაპვა,
ჩინური ბალიშების და მუთაქების
პრიალა, ანუ სახლი,
სამსახურის ფანჯარაში ეკლესია _
ერთი აგური, ერთი მტრედი,
ასე აშენებული.
ორი აგური ერთად არ დაუწყვიათ,
არც ორი ჰაერი,
შუაში _ სინათლე,
აქეთ-იქით ჩემი იდაყვები...
ფანჯარა დამიკეტეს,
იმ ქუჩაში გავლა აღარ მინდა,
ასეთ უბრალო რაღაცეებშიც
მექცევა ნაღველი
კიდევ ერთი კვირა გადავაგორე,
ორშაბათს ველოდები...


სხვა რა გითხრა?

ჩავიდოდი ჰადესში
ცალ ხელში _ ქნარით, მეორეში _ რევმატიზმით,
თანახმა ვარ,
ყველაზე ცოცხალი, რაც გამაჩნია, _
სიტყვები, _ გამიქვავდეს
თაბაშირის დილასავით,
სამხატვრო კომბინატი რომ გიგზავნის,
ბრინჯაოში ვერ ჩამოასხეს,
პენსია 38 ლარია,
ქარხნის ცეცხლს
ვინ მომცემს, რომ გაზაფხული
ბრინჯაოს ფეხებზე შევაყენო,
შეგახედო, როგორი ბრიალაა,
როგორ აბრეშუმის ქოლგებივით
შლის ხეებს მოსახვევში...
რატომ იმტვრევი
დაუმთავრებელ ცხენთან ერთად,
რომ არ მოაკლდეს სასფლაოს
თაბაშირს დილები?
მინუსიან თვალებთან
ისე ახლოს მიგიტან, თითქოს
ლოცვას ვკითხულობ...
ელენე ორკესტრს ხატავს,
შენსკენ კისერმოღრეცილს,
საყვირებიდან თაფლი მოწვეთავს,
ტკბილ მუსიკას გჩუქნის,
პირდაპირი გაგებით...


* * *

მომკლეს, გავრბივარ,
სისხლით სავსე ჭიქასავით
და მომდევენ
ბოლო საშუალება მომცეს
მჭახედ აყვავების
ასეთი ფერის, ყელზე რომ შევახტე,
ხომ გავუფუჭე
სუფთა წერის გაკვეთილივით
ლამაზი ცხოვრება!
როცა რძეს პლასტმასის გემო აქვს,
ზიხარ პურის და წყლის საპყრობილეში,
ისეთ უჰაერობაში,
რომ პირიდან ფილტვები გიჩანს,
ჩაისუნთქე აღორძინებული ჭლექი!
ხომ ჭირდება თვალის სეირი
ბაბუაწვერასავით ამჩატებულ,
ჩიტის პენსიაზე მყოფ მოსახლეობას
სისხლით სავსე მორბენალი ჭიქები,
ჩოქვით რომ უვლიან
ყოფილ ყვავილების ქვეყანას
და სტატისტიკური მდიდრები
შეშურდებათ კაშკაშა პარანოის,
აბა, რა იქნება!


პლატონის მოტივებზე

ისეთი თოვლი მედო ამ ხორცზე,
რომ, ჯობდა, ამოეჭრათ,
ცარიელი ადგილები აუცილებელია რუკაზე,
ტერრა ინცოგრიტა-ს დაარქმევენ
და აღმოაჩენენ,
ახალი მიწის რანგში გაგიყვანენ;
აბა, სინატიფისგან და სტილების სიმრავლისგან
რა სახელმწიფოს ააშენებ?
შიგ პოეტები რომ შეუშვა?
მშიერ კუჭზე ისეთ
ლიტერატურულ პოპ არტ-ს მოგიწყობენ,
ვერ გაარჩევ,
სად გაზეთებში შეხვეული ტარანია
სად იალბუზით გაოცებული სინტაქსი _
შენი კანონიერი სახლი,
კედელი, რომლის სიმაღლეს
ბავშვის ტირილით ამოწმებ,
დიდი ხნის ჩაუცმელი წითელი კაბა _
გაუთოებული რევოლუცია კარადაში...
ან რა თოვლი გედო იმ ხორცზე?
ან რა უნდათ პოეტებს
იდეალურ სახელმწიფოში?


კამერული მუსიკა

კლემენტის სონატინებს
ანბანივით გადავაბიჯე,
მთვარე მინათებდა,
ბახთან არ მიმიშვეს,
რენტგენმა
ხერხემლის სისუსტე აჩვენა,
ოქროს რკალივით შემოვლებულის
მუსიკის გაკვეთილებზე,
ცნობისმოყვარეობა სივრცის მიმართ
კამერულობით დასრულდა,
გაწაფული თითები
სადაფის ღილებივით დახტოდნენ
პოლონეზებში, სხივიც ჰქონდათ,
ბახისთვის მთელი ტანი
უნდა შეგეწირა, თავის ხერხემლიანად,
ტკივილი თავში აგეტანა
და მოგეთმინა.
ისედაც, ვინ მიგიშვებდა მასთან,
იქ ქვისნიკაპიანი პიანისტი,
თუ ბებიაშენი, აღმართზე მიმავალი
და ბორძიკით მანათობელი...



ავტოპორტრეტი

და ასე ვცხოვრობ _
თავი, მაგიდაზე დამხობილი,
რომელშიც ტკივილი გუბდება
და ორ თვალს იკეთებს
ესეც შენი შინაგანი ხედვა,
ხერხემალი მარილის სვეტად იქცევა,
სითეთრეშელახული ქაღალდი _
სინათლის წყაროდ,
ხოლო ჩემი ყველა თითის ბოლოში
ია იზრდება
მელანთან განუწყვეტელი ურთიერთობის გამო,
მაგრამ ქაღალდს ხომ არ ვეყვარები,
ან მაგიდას,
ხალხს მომღერალი ურჩევნია,
პირიდან რომ ვარდებს აფრქვევს,
მე კი ყელში
ბგერების ძვალი მაქვს გაჩხერილი
და ყრუ-მუნჯს უფრო ვგავარ,
ვიდრე სიტყვის მოყვარულს...
ერთადერთი იმედი მაცოცხლებს,
ასე მგონია, ვაჟა-ფშაველას ვუყვარვარ,
რადგან ყვავილის თავგანწირულებას
ვამჩნევ უპირველესად
და მერე იისფერობას,
მაგრამ მას ქვაც უყვარს,
რომელსაც მესვრიან,
ამიტომ შუა გზაში გააჩერებს,
ბოროტებას არ ჩაადენინებს...


* * *

თქვენ არ შემიდედეთ ეს ფეხსაცმელი
ზომიერად ორთოპედიული ჰავისგან?
შიგ საფეხურები ჩაატანეთ,
ისეთი რბილი,
ამ კიბით ვერსადაც ვერ ავალ
მთის მაკეტი დგას შორიახლო,
ზედ ცის კრეპდეშინით,
გულისგასახეთქად მიუვალი,
მაგრამ დადგენილი თამასა,
ანუ ჭერი?
თავი რომ ურტყა და გახვრიტო
და ტვინიდან
სახანძრო კიბე ამოგივიდეს!
ხომ ნევროზისაა ეს მეტაფორა,
მაგრამ ისეთ სივრცეს იკეთებს.
ხმოვნები რომ ამოუკრიფო,
ცას მისწვდებიან,
ყვირილის ცათამბჯენებს დადგამ
დაბალ ქუჩებში.
აქედან უფრო ჩანს
უჭერობა, უთამასობა,
უსასრულობის დენა და დენა
ნახევრად გამოუყენებელი ტვინიდან.


ძეგლის შესაძლებლობა

მოდი, დავამშვიდოთ ეს ფერი!
პილპილის ცხელ ნოტებში
ზამბახის ვოკალი შევუშვათ,
შინდის მკივანა სიმწიფე
ჭიკარტებით დავიმაგროთ ენაზე _
ასეთ კონსერვატორიას ვიშენებ!
სახე არ უნდა შეიპაროს შიგ,
ან საგანი.
კონკრეტულობა რომ გაფცქვნა,
იქაც რაღაცას აღმოაჩენ,
მორბენალს,
თვალებში უკუღმა არეკლილს,
რასაც დასდევდი მთელი სიცოცხლე.
ხასიათი შეგეცვალა,
ისე მაღლა ხარ, რომ
უფრო მაღლა ვეღარც იხედები,
ახლა მიწა მოგდევს,
პილპილისფერი ანტურაჟით,
ზამბახის ვოკალით,
შინდით დაბუჟებული პირიდან
ამოსული ფეხებით,
ჰაერზეც მოგახატეს,
ფრთების ტრაფარეტს აცდნენ.
კონსერვატორია
ერთი თვალის ჩაწვდენაზეა
ძეგლი აიგე!



ვარდისფერი

ვერ ვპასუხობ მარტივ შეკითხვებს,
იმიტომ, რომ მოვკვდი,
კიდევ, იმიტომ,
კუს რომ ბაკანი ააგლიჯო,
ასეთიც ვერ ვიქნები
რბილი და მოქნილი
ლაქუცის ხელსაწყო,
სწორი ხაზების ვალდებულებას
ავცდები, სიღრმეში ჩავალ,
იქიდან ვიღაცის დეპრესიას
და ვიღაცის წითელლოყიანობას შორის
სხვაობის მიჯნასაც ვერ გავავლებ.
რომელი ოქროს შუალედი,
თუ ნაწილაკებად ვიშლებით
მე _ მიწა და არამე _ ჰაერი,
ზემოთ შემაშფოთებელ
ელვარებას ვაგზავნით
ალერგიული იასამნის,
ჭარბთმიანი ატმის
წაალეკინეთ ჟრუანტელს თავი,
სანამ დროა,
სანამ ნორმალურობის
მოსაწყენ ფაზაში არ გადასულხართ,
მერე მჭვრეტელის,
მერე წიაღიდან მოლაპარაკის
აქედან ვერ ვპასუხობ მარტივ შეკითხვებს,
ხელებს კი გიუქმებთ
ვარდისფერით, რომელიც ღრმაა...



Last edited by Admin on Sat Oct 22, 2011 6:58 pm; edited 2 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ლია სტურუა   Sat Oct 22, 2011 6:51 pm

ლია სტურუა

2011 წელი
(ლექსები)

თეთრი

აქ რა გინდა, ვის დაეკარგე?
ამ უადგილოდ თეთრი კაბით:
წყალივით ამსხლეტით,
ლითონის სხივიანით,
დანების რეკლამასავით,
თუ სიმშვიდის მომგვრელით?
როცა ვიღაცა ისეთს იტყვის,
ღმერთს აანთებს ცაზე,
სისხლის მხრიდან ამოგატრიალებს,
ამას ჩააცვი თეთრი?
დაზავება? დაფრთიანება?
თუ მინიშნება მკვდარ ბავშვებზე, _
ლეიკოციტების გუბეებზე
რატომ?
ტონა წიგნებიდან
ერთი პატარა ინდულგენცია
ვერ გამოდნა მათთვის?
სარეკლამო პაუზა თვითმკვლელებისთვის?
ვითომ, შეგეძლო ვინმეს გადარჩენა
წიგნების ტყუილით,
ამ უადგილო თეთრი ფერით?
თუ შენც ავად ხარ
მძიმე ფორმის იდეალიზმით?



გრამატიკული სამოთხე

მე ვარ ნახევარი ქვემდებარე.
უკეთესი ნაწილი გრამატიკაში ჩავტოვე,
ბრუნვების ბორბალი უთხელებს ხორცს,
კანონმორჩილია,
ნათესაობითში შეყოვნებული,
განსხვავებით ჩემგან, უნიადაგოსგან,
ზერეალისტურ დროში
პირობითობის მფრქვეველისგან,
სოციალური პაუზების გარეშე.
რომელი ლირიკისთვის?
ცოცხალი ცის,
სადაც ახალი მკვდრები
თავზე თვითმფრინავებს იგლეჯენ
და გეზს უცვლიან?
ზედა ცა
ამ ტერორიზმის ფეხებზე დგას,
ჯოჯოხეთის და სამოთხის ტროპები,
გლამური, კუპრის მინარევით _
მიწის ხაზი ღმერთის ლიტერატურაში,
ქვემდებარის, სუბიექტის,
გაუშვი, მოკვდეს,
ნაცვალსახელი ამოუვიდეს პირიდან,
ენის ნორმების დამდგენ კომისიას,
თითქმის, სამშობლოს,
ცა მოუნახოს,
არმისული ბოლო სილურჯემდე



* * *
ჰაიკუს გახსენება

3 სტრიქონიან ლექსს
ალუბლის გემო აქვს,
სუნიც კი წითელი,
მუცლის არეში
სამოქალაქო ომი საკუთარ თავთან...
ტკივილი გამახსენებს:
წელებზე ფეხს იდგამდნენო
ესა და ეს ქართველები
და მათი ავტორებიც,
მაინც, სისხლხორციანები
მინიმალისტური პოეზიისთვის...





* * *

ღმერთო, ჩიტი ჩამოუშვი
და ქვა აყვავდება
კი არ მეშინია,
ისეთი ფსევდოკლასიციზმი მაცვია,
უჭეროებზე ვფიქრობ, თავშიშველებზე
მე, კიდევ, ჯიბეში ჩარჩენილი
ნიგვზის ნაფშხვენებისგან
კაკლის ხესაც ამოვიყვან _
პერფორმანსს წავეთამაშები ბუნებას
კი, მკაცრია,
დღისით პეპლის ფურცლებზე ხატავს,
ღამე წვავს,
მრიცხველზე შუქის ჯარისკაცებს ატარებს
წითელი მარშით, უძრავ ციფრებამდე.
ამ უძრაობას თუ გატეხავ!
სწორხაზოვნებას, კანონმოშიშობას,
ფენოვან ცომში საშუალოზე ორიენტაციას!
ქვედა კანს დაწვის საშიშროება აქვს,
ზედას _ ტკბილი იდეალების
ჩიტიც მას უფრო უხდება.
მერე, ციფრები თავგატეხილი მრიცხველიდან?
ე.ი. შენც მსროლელი ხარ?
თან ქვა გაცვია _
არქიტექტურა შენს ჭკუაზე,
თან გესვრიან უჭეროები, თავშიშვლები
ავანტიურული ხელობაა პოეზია,
ომის არ იყოს.




* * *

რა ფრთხილი გავხდი!
ემოციებს უფრო ეკონომიურად ვხმარობ,
სისხლის მოძრაობაზე ვანაწილებ,
ფრქვევას, ნთხევას, ეპატაჟს
ახლო წარსულში ვტოვებ,
არც ისეთ ლირიკულში,
ადრე რომ მეგონა,
არც ისეთ ღირსეულში,
სიტყვებს რომ მატკეპნინებდა...
ცხედრები ჩასული მზესავით
კანონიერი იყო,
ახლა ტანიდან ვიგლიჯავ,
მაინც მკვდრის თმასავით იზრდებიან,
ბალახისფერი სათნოებით მიმითითებენ:
უკვე, ნეკნებში ჩამდგარ სინდისზე,
აუცილებელ ნახტომზე
კორპუსის ბოლო სართულიდან,
კონსტიტუციის გუმბათიდან,
რომელიც უმუხლოა გიჟების მიმართ.
ამ სიღრმეებს მზის ჩაღწევით
ვიღა გაზომავს?



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
გვან.ცა ბახუტაშვილი



Female
Number of posts : 5
Age : 116
Location : თბილი–სი :))
Job/hobbies : ფოტოგრაფია, პოეზია....
Humor : .......
Registration date : 11.01.12

PostSubject: !!   Wed Jan 11, 2012 7:02 pm

უზომოოდ დიდი სიყვარული დავტოვე ამ გვერდზეე! I love you I love you bounce bounce bounce Embarassed cheers
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=100000587441898
Sponsored content




PostSubject: Re: ლია სტურუა   Today at 4:02 am

Back to top Go down
 
ლია სტურუა
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: