არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ამირან არაბული

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: ამირან არაბული   Tue Oct 18, 2011 2:50 pm



Amiran Arabuli


ამირან არაბული

დაბადების თარიღი: 20.07.1956

დაბადების ადგილი: ყაზბეგის რ-ნი, ს. ჯუთა

საცხოვრებელი ადგილი: თბილისი, 0105, სალამის ქ. #10, ტელ. 72.00.31 (ბინა); მობ.: 899104850. E-mail: amiran.arabuli@yahoo.com

ოჯახური მდგომარეობა: მეუღლე და სამი შვილი

სამუშაო ადგილი: შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი, 0108, თბილისი, მერაბ კოსტავას # 5, 995-53-00; E-mail: ww.litinst@litinstituti.ge

სამსახურებრივი გამოცდილება: 1980 წლიდან დღემდე - შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

სამეცნიერო ხარისხი, წოდება: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

გამოქვეყნებული შრომები: სამეცნიერო სტატია - 30; მონოგრაფია - 2.
* გაბრიელ ჯაბუშანურის პოეზია. "მწიგნობარი", თბ., 2009.
* დასასრული ლექსისა "ბინდისფერია სოფელი" და სხვა, "ჩვენი მწერლობა", # 11, თბ., 2009.
* ბურსაჭირი, "კრიტიკა", # 3, თბ., 2008.
* სიკეთე-სიავის მითოსური პარადიგმა ქართულ ფოლკლორში, საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, მასალები, თბ., 2008.
* "შენდობით მომიხსენიეთ" (თანაავტორი ე. თათარაიძე), თბ., 2007.
* სულიერების სუფთა სათავე. წინასიტყვაობა წიგნისა "მწიგნობრობა ქართული", ტ. I. 2007.
* ღვთის შეწევნით და კაცის მარჯვენით. წინასიტყვაობა წიგნისა "იამბე, ციხის ნაშალო", თბ., 2007.
* ჯვარიონი. თუშეთის I სამეცნიერო კულტუროლოგიური კონფერენცია "ტრადიციული კულტურები და გლობალური სამყარო", მასალები, თუშეთი, ომალო, 10-14.2006.
* სამგლოვიარო პოეზია (მონოგრაფია), თბ., 2006.
* რუსთაველის სამეცნიერო ფონდი, წარდგენილი დაუფინანსებელი პროექტი:
* სამგლოვიარო წეს-ჩვეულებანი და მიცვალებულის კულტის ამსახველი ხალხური პოეზია ძველსა და ახალ საქართველოში (2008).
* სამეცნიერო შრომების რეცენზირება:
* რუსუდან ვაშაკიძე – საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა 1917-1918 წლების ლიტერატურულ-პუბლიცისტურ წერილებში, თბ., 2006.
* თეიმურაზ ჯაგოდნიშვილი – ერეკლეს ეპოსი, თბ., 2006.
* სხვა პროფესიული აქტივობა:
* არასამთავრობო ორგანიზაციის "ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი (2001-2009).
* საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ მომზადებული ფოლკლორის ოთხდღიანი რესპუბლიკური დათვალიერება-ფესტივალის მონაწილე, ხალხური სიტყვიერების პროგრამის ავტორი, ჟიურის თავმჯდომარე (2006 წლის ოქტომბერი).

სახელმწიფო, სამეცნიერო, დარგობრივი პრემია ან სტიპენდია:
* ლიტერატურული პრემია "საბა", ნაშრომისათვის "შენდობით მომიხსენიეთ" (თანაავტორი ე. თათარაიძე), 2008.

მონაწილეობა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში, სიმპოზიუმებში, ექსპედიციებში:
* საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი, თბ., 2008, მოხსენება: "სიკეთე-სიავის მითოსური პარადიგმა ქართულ ფოლკლორში".
* თუშეთის სამეცნიერო კულტუროლოგიური კონფერენცია "ტრადიციული კულტურები და გლობალური სამყარო", ომალო, 10-14.08.2007.

ლოკალური და საერთაშორისო სამეცნიერო-სასწავლო გრანტები, პროექტები, პროგრამები:
* რუსთაველის თეატრის დიდ საკინცერტო დარბაზში ჩატარებული ხალხური პოეზიის საღამოების იდეის თანაავტორი და წამყვანი ე. თათარაიძესთან ერთად - 2009 წლის 8 ივნისი, ვ. კოტეტეიშვილთან და ე. თათარაიძესთან ერთად - 2008 წლის 12 მაისი: საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ფოკლორის სახელმწიფო ცენტრი.

სამეცნიერო ხელმძღვანელობა ოპონირება: ხელმძღვანელობა - 2, ოპონირება - 1 (2006-2009 წწ.)

სამეცნიერო წიგნების, კრებულების რედაქტორობა:
* მანანა გაბური, ბესარიონ გაბურის ცხოვრება, შემკრებლობითი მუშაობა და შემოქმედება, თბ., 2009.
* ლელა გაბური, ძველი აღთქმა და ხევსურთა წეს-რწმუნებანი, თბ., 2009.
* ქეთევან ბარბაქაძე, ზეპირსიტყვიერების სწავლების საკითხები ქართულ პედაგოგიურ და მეთოდიკურ აზროვნებაში, თბ., 2008.
* არჩილ სპარსიაშვილი, ვეფხისტყაოსნის ხალხური მოზაიკა, თბ., 2008.
* ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის ზეპირსიტყვიერების ლაურეატთა კრებულები (შემდგენელ-რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი), თბ., 2007; 2008.
* მწიგნობრობა ქართული, ტ. I (რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი), თბ., 2007.
* იამბე, ციხის ნაშალო (შემდგენელ-რედაქტორი და წინასიტყვაობის ავტორი), თბ., 2007.
* ზაზა სპარსიაშვილი, კაი ყმა ქართულ ფოლკლორში, თბ., 2006.
* ნათელა კაპანაძე, ქართული საბავშვო ფოლკლორის მითოსური და ქრისტიანული მსოფლმხედველობა, თბ., 2006.
* ნათელა კაპანაძე, უძველესი რწმენა-წარმოდგენები ქართულ საბავშვო ფოლკლორში, თბ., 2006.
* ნათელა კაპანაძე, საოჯახო ყოფითი ტრადიციები ქართულ ფოლკლორში, თბ., 2006.
* ნორა ნიკოლაძე, ხალხური სიტყვიერება და აკაკი წერეთლის შემოქმედების მსოფლმხედველობრივი საფუძვლები, თბ., 2006.
* მექა ხანგოშვილი, ვაინახური საგმირო ეპოსი, თბ., 2006.
* თეიმურაზ ჯაგოდნიშვილი, ერეკლეს ეპოსი, თბ., 2006.
* ვახტანგ კოტეტიშვილი – ფოლკლორული ძიებანი, თბ., 2006.
* ქართული ფოლკლორი (სამეცნიერო შრომების კრებული), თბ., 2006.

სამეცნიერო კრებულების, ჟურნალების რედკოლეგიის წევრობა:
* "ლიტერატურული ძიებანი" რედკოლეგიის წევრი (2000-2009).

უცხო ენების ცოდნა: რუსული - დამაკმაყოფილებლად, გერმანული – მწირად.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Microsoft Word.


ბმული – http://www.litinstituti.ge/tanamshromlebi/amiran%20arabuli.htm


Last edited by Admin on Fri May 16, 2014 12:31 pm; edited 4 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ამირან არაბული   Tue Oct 18, 2011 2:52 pm

ეთერ თათარაიძეს და ამირან არაბულს ჯვრისწერა 18 წლით დააგვიანდათ

2010-05-01 12:43:38


ფოლკლორისტების ცნობილი წყვილის, პოეტ ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის სიყვარულის ამბავი 30 წელს ითვლის. ქორწილი ვარდობისთვეში, მთაში შემონახული ყველა რიტუალის დაცვით გადაიხადეს. თამადა ვახუშტი კოტეტიშვილი გახლდათ. მათი შეუღლება მთელმა თუშეთმა, ხევმა და ხევსურეთმა იზეიმა. ახლა სამი შვილი ჰყავთ – მინდია, ანანო და მარიამი (თუთიკო).

ბატონი ამირანი და ქალბატონი ეთერი სოფელ–სოფელ, მთა–მთა დადიან და ხალხში გაბნეულ მარგალიტებს აგროვებენ, რომ შთამომავლებს შემოუნახონ ქართული სიტყვის საგანძური. ამას უჩუმრად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე აკეთებენ. თავად ამ სუფთა ადამიანების ცხოვრებაშიც საოცარი, ზღაპარივით ამბები მომხდარა. ბატონი ამირანის კიდევ ერთი ნაშრომი ვაჟკაცობის შესახებ დღის სინათლეს ელოდება, რომ წიგნად გამოიცეს.

– მალე ქორწინებიდან 30 წელი შეგისრულდებათ. უამბეთ ჩვენს მკითხველებს თქვენი სიყვარულის ამბავი, რომელმაც ამდენ წელს გაუძლო.

ეთერ თათარაიძე: მთის ხალხი ამ თემაზე მორიდებულად საუბრობს, მაგრამ ფაქტია, რომ სიყვარულია ყველაფრის საფუძველი. ჩვენ ერთმანეთს არასოდეს ვეუბნებით – "მიყვარხარ!" "შენზე ვგიჟდები!"... ყველაფერი უსიტყვოდ ხდება. 24 წლის ვიყავი, როცა ვიქორწინეთ. ახლა 50 წელს გადავაბიჯეთ და სულ ვფიქრობ, თურმე მაშინ რამდენ რამეზე არ გვიფიქრია. ამირანს ცოლად ისე გავყევი, მისი თვისებები ბოლომდე არც კი ვიცოდი. რომ ვთქვა, ამირანზე ვგიჟდებოდი, ისე მიყვარდა–მეთქი, ასე ნამდვილად არ იყო, მაგრამ მას ხალხში გამოვარჩევდი. გუმანი თუ გული მეუბნებოდა, რომ საოცრად სუფთა იყო.

ამირან არაბული: ამაზე ლაპარაკს დუმილს ვამჯობინებ, რადგან ეს თემა მთაში სულ თუ არა, ნაწილობრივ მაინც ტაბუდადებულია. ყველაფერი შიგნით, შენს არსებაში უნდა ტრიალებდეს. ამ საზღვრებს თუ გასცდება, ის კარგავს ხიბლს, იდუმალებას და იმასაც, რასაც სამუდამოდ შენახული საიდუმლო ჰქვია.

– ბატონო ამირან, ეთერ თათარაიძე, როგორც პოეტი, ვახუშტი კოტეტიშვილის აღმოჩენა იყო. ის პირველად საზოგადოებამ გასული საუკუნის 70–იან წლებში გაიცნო ფოლკლორის საღამოზე, როცა ჯერ კიდევ გოგონა იყო. თქვენ როდის შეხვდით პირველად მომავალ მეუღლეს?

ამირანი: იმ დღეს მეც დარბაზში ვიყავი. შემდეგ უნივერსიტეტში გვიწევდა შეხვედრები. მის აუდიტორიაშიც ხშირად შევდიოდი.

ეთერი: მაშინ შენ ასპირანტი იყავი და ჩემს აუდიტორიაში ყოფნა არ გევალებოდა. ერთხელ ლექტორმა ამირანი და მისი მეგობრები აუდიტორიიდან დაითხოვა. ზოგჯერ იმალებოდნენ, მერხებში თავს ყოფდნენ, რომ ლექტორს არ დაენახა.

– როგორი ქორწილი გადაიხადეთ?

ეთერი: მთაში გადავიხადეთ და ამას ქორწილი არც ერქვა, ეს იყო პოეზიის დიდი საღამო. თამადა ვახუშტი კოტეტიშვილი იყო. ქორწილს ლამის მთელი საქართველო ესწრებოდა. ჯერ ალვანში, თუშური რიტუალებით გადავიხადეთ. მერე ყაზბეგში, ამირანის სოფელ ჯუთაში წავედით. გზა და გზა ხევსურები, მთელი ხევი გვეგებებოდა. ჩემი მამამთილი, დავით არაბული, გამორჩეული ადამიანი იყო, მთელი ხევი და ხევსურეთი პატივს სცემდა. სუფრები ქუჩაში ჰქონდათ გაშლილი და ისე გვეგებებოდნენ. ბევრი ოჯახი გულდაწყვეტილი დარჩა, რადგან ყველგან გაჩერებას ვერ ვასწრებდით. სანამ ჯუთაში მივედით, ლამის დაგვაღამდა.

– ჯვარი სად დაიწერეთ?

ეთერი: ჯვარი ანანურში უნდა დაგვეწერა. მაშინ ეს ტაძარი მოქმედი არ იყო. ამირანის მეჯვარე გოდერძი ჩოხელი გახლდათ, ჩემი – გუგა კოტეტიშვილი და ნატო მირზაშვილი. გოდერძი თბილისში მოძღვარს მოელაპარაკა, რომ ანანურში ამოსულიყო და ჯვრისწერის რიტუალი შეესრულებინა. გოდერძი მთელი გზა საოცრებებს აკეთებდა. გზადაგზა მინდვრის ყვავილებს კრეფდა და ჩვენს მანქანას აყრიდა. მთელი გზა არ ისვენებდა. ამიტომ ანანურში დავიგვიანეთ. თურმე მოძღვარი გველოდა. მერე იფიქრა, ალბათ აღარ მოვლენო და თბილისში გაბრუნდა.

– ჯვარდაუწერლები დარჩით?

ეთერი: კი და ჯვრისწერა დიდხანს ვეღარც მოვახერხეთ. ჩვენი უფროსი შვილი, მინდია, 17 წლის რომ გახდა, სასწავლებლად ამერიკაში უნდა წასულიყო. აი, მაშინ შევფიქრიანდით. შვილის შორს წასვლამ შეგვაშინა და ქორწინებიდან 18 წლის შემდეგ გადავწყვიტეთ, ჯვარი ისევ ანანურში დაგვეწერა. ერთ დღეს მე და ამირანი სახლიდან გავიპარეთ. შვილებს ვუთხარით, ვინც არ უნდა გვიკითხოს, უთხარით, სახლში არ არიან–თქო. მინდიას გავანდეთ, რომ ჯვრის დასაწერად მივდიოდით. ჩვენი საეკლესიო მეჯვარეები არაჩვეულებრივი წყვილი – ვაჟა და მარინე ჯინჭარაულები არიან. ჯვრისწერისას გვირგვინები დაგვადგეს. მოულოდნელად ფრთხიალის ხმა გავიგონეთ და უცებ გვირგვინებსა და თავზე სკლინტები დაგვედინა. მაღლა რომ ავიხედეთ, თავზე მტრედების მთელი გუნდი დაგვტრიალებდა. მოძღვარმა თქვა, ასეთ რამეს არასოდეს შევსწრებივარო.

– თქვენმა ჯვრისწერამ ასე უხმაუროდ ჩაიარა?

ეთერი: არა, ეკლესიიდან რომ გამოვედით, ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანამშრომლები ვნახეთ. ავტობუსით ექსკურსიაზე იყვნენ ამოსული. ჩვენმა მეჯვარეებმა უთხრეს, ჯვარი დაიწერესო. არც მინდიას შეუნახავს საიდუმლო, ჩვენი მეგობრებისთვის უთქვამს, ანანურში ჯვარს იწერენო და მათაც ამოგვაკითხეს... ის დღე ძალიან ბედნიერი და დიდი მნიშვნელობის მატარებელი იყო. რაღაცნაირად სულმა დაისვენა.

– ქალბატონი ეთერ, ვიცი, რომ ბავშვობაში ცის გახსნა ნახეთ. მთაში ბუნების ამ მოვლენას როცა შეესწრებიან, ნატვრას ჩაუთქვამენ. თქვენ რა ინატრეთ ან როგორი იყო გახსნილი ცა?

ეთერი: თუშები ამას ცის გახევას ეძახიან. ამბობენ, ცა გაიხიაო. მაშინ 7–8 წლის ვიქნებოდი. თუშეთიდან კავკასიონის უღელტეხილზე გადმოვდიოდით. უცებ უცნაურად მჩხეფარე ხმა გავიგონეთ. დედამ დაგვიძახა, ბალღებო, დეიჩოქეთა, ღმერთს მადლობა, ლოცვა უთხარითაო. ჩვენ თავზე კამკამა, ლურჯი ცა გადაიხა და შიგნით თითქოს ცეცხლი გამოჩნდა. მერე ისევ გაიკერა, შეიკრა. სანამ ცა დაიხურება, მანამდე ნატვრის თქმა უნდა მოასწრო. მაშინ ვერაფრის თქმა მოვასწარი. ამ სანახაობით გაოგნებული მარტო იმას ვამბობდი, ღმერთო, გვიშველე–მეთქი. დედა პირჯვარს იწერდა და ლოცულობდა. სხვათა შორის, დედაჩემი ახლა 85 წლის არის. მისი ასაკის თუშ ქალებს მანდილები არ მოუხდიათ. დედა ხილაბანდის გარეშე არ დაწვება. ძილის წინ კი ყოველთვის ლოცულობს. დილით რომ ვიღვიძებთ, ისევ დედის ჩურჩული გვესმის, უფალს მადლობას ეუბნება.

– ისიც ვიცი, რომ თქვენს გაჩენაში უფლის ხელი ურევია. დედათქვენს გამოცხადება ჰქონდა, რომ ბავშვი უნდა გაეჩინა.

ეთერი: მშობლებს ჩემი გაჩენა მაინცდამაინც გეგმაში არ ჰქონდათ. მამამ სთხოვა, მეტი შვილი არ გვინდა და ბავშვი მოიშორეო. დედას ამის გაკეთება არ შეეძლო. თურმე ახმეტაში ექიმთან ორჯერ წავიდა, მაგრამ გამობრუნდა. მერე ჩემს ბიცოლას შესჩივლა, ამის გაკეთება არ შემიძლიაო. ის მოხერხებული ქალი იყო და დაარიგა, შენს ქმარს უთხარი, ექიმმა მითხრა, მეუღლეც მოგყვესო. თუშის კაცი რომ გინეკოლოგთან არ წავიდოდა, ეს ცხადი იყო და, რა თქმა უნდა, მამამ უარი უთხრა. ისევ სთხოვა, რაღაცნაირად მოახერხე და ბავშვი მოიცილეო. დედას მამა იმდენად უყვარდა, რომ გადაწყვიტა, მისი თხოვნა შეესრულებინა.

ერთ დღეს იმ ფიქრით დაიძინა, რომ დილით ახმეტაში წავიდოდა და აბორტს გაიკეთებდა. ძილში თეთრწვერა, თეთრ სამოსელში გამოწყობილი კაცი გამოეცხადა და უთხრა, ახლა რა ფიქრითაც დაიძინე, ოღონდ იმას ნუ აასრულებ და მშობიარობაზე 9 ქალს დაგახმარო. თურმე რომ გაიღვიძა, იფიქრა, ჩემი ქმარი, სტეფანე, სულ რომ გამეყაროს, მორჩა, ამ ბავშვს მაინც არ მოვიშორებო. სხვათა შორის, ჩემს უფროს და–ძმებზე რთული მშობიარობა ჰქონდა. მე კი მარტომ სრულიად უმტკივნეულოდ გამაჩინა, ჭიპლარიც თავად გადაჭრა, მაბანავა, თვითონაც მოწესრიგდა. დილით ჩემი და, ლელა, რომელიც ჩემზე 7 წლით უფროსია, თვალების ფშვნეტით ოთახში შემოვიდა. ამ დროს ვიჭყავლე. ლელამ იყვირა, ვაიმე, პატარაიც გაგიჩენიაო.

– თქვენი შვილები ქალაქში დაიბადნენ და გაიზარდნენ. როგორ შეუნახეთ მათ მთის ტრადიციები?

ამირანი: რა თქმა უნდა, ქალაქში შვილების გაზრდა ძნელია. საკმაოდ მკაცრი მამა ვარ. შვილებს მაქსიმუმს ვთხოვ.

ეთერი: არ მიყვარს, როცა ჯიშსა და მოდგმას უცებ კარგავენ და ძალიან ქალაქელდებიან. ნამდვილ ქალაქელებს ვეთაყვანები, ვგიჟდები თბილისზე, მაგრამ ისე მოვკვდები, რომ ქალაქელი ვერ გავხდები. მინდია მე–7 კლასში იყო, როცა შუა ზამთარში ამირანმა შვეულმფრენით ხევსურეთში, სოფელ არხოტში წაიყვანა. შვეულმფრენით იქ პროდუქტები ჩაჰქონდათ. ამირანი ღამით მარტო დაბრუნდა. მინდიამ დამალვა იცოდა, კარზე ზარს რომ დარეკავდა, იმალებოდა. ვიფიქრე, ისევ დაიმალა–მეთქი. ამირანმა მითხრა, მინდია იქ დავტოვე, არმაზს ჩავაბარე, ვუთხარი, დაიხმარე, ყველაფერი გააკეთებინე, რაც საჭიროაო. კინაღამ გული გამიჩერდა, მაგრამ რაღას ვიზამდი? ერთი თვის შემდეგ მინდია სრულიად შეცვლილი დაბრუნდა. ექსპედიციებში შვილებიც დაგვყავდა. გიჟდებიან თავიანთ თუშეთზე, ხევზე, ჯუთაზე.

– ბატონო ამირან, რას ვერ აპატიებთ შვილებს?

ამირანი: საკუთარი გვარისა და მოდგმის დაუფასებლობას და იმ შესაძლებლობების კეთილად გამოუყენებლობას, რაც ყველა ადამიანში დევს.

ირინე მჭედლიძე

ბმული - http://sana.ge/address/news/cat/2631/id/6589/ჯვრისწერა 18 წლით დააგვიანდათ
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ამირან არაბული   Tue Oct 18, 2011 4:23 pm



სახელწოდება - "შენდობით მომიხსენიეთ"
ავტორი - ამირან არაბული, ეთერ თათარაიძე
რედაქტორი და მხატვარი - თენგიზ მირზაშვილი
გამომცემლობა - "ბაკმი"
ISBN 978-99940-27-34-7
ფორმატი: 21.0X30.0
გვერდების რაოდენობა: 206
ყდა: მაგარი
ბეჭდვა: ფერადი
გამოცემის თარიღი: 2007


ანოტაცია -

წიგნში წარმოდგენილია საქართველოს სოფლებში, ნასოფლარებში, დაბებსა და ქალაქებში ათი წლის განმავლობაში მოძიებული ძველი ქართული საფლავის ქვების _ ჩვენი მემორიალური კულტურის თვალსაჩინო ძეგლების _ 360 ფერადი ფოტოსურათი და დაახლოებით ამდენივე ეპიტაფია; ნარკვევები საერთო სათაურით "ვინ იყო ქვათა ამათა მკვეთი", საფლავის ქვათა "აღკაზმულობის" (ბარელიეფი, ჰორელიეფი, ლაპიდარული წარწერა...) და ყოფნა-არყოფნის მარადიულ საკითხთა ადამიანის დამოკიდებულებების ამსახველი ნაწყვეტები და ამონარიდები ეროვნული მწერლობის ასამდე ნიმუშიდან, ხალხური პოეზიიდან; შთაბეჭდილებანი გამოფენიდან `შენდობით მომიხსენიეთ~. მსგავსი შინაარსისა და შედგენილობის ნაშრომი ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიო საგამომცემლო სივრცეში.

წიგნს 2007 წელს მიენიჭა პრემია "საბა" ნომინაციაში: 2007 წლის საუკეთესო კრიტიკა, ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა.


ბმული - http://bakmi.ge/index.php?option=com_content&view=article&id=87:-q-q&catid=13:2011-10-08-08-58-05&Itemid=50

არტანში (თიანეთის რაიონი) ჩაწერილი საფლავის ქვის ეპიტაფია

***
მთვარე დაბნელდა, დაბნელდა,
მზეც იმოსება შავადა,
დაშავდნენ ვარდის ყვავილნი,
იანიც გახდნენ ავადა,
რადგან სამზეო ქვეყანა
დავტოვე თავის თავადა.


study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ამირან არაბული   Tue Oct 18, 2011 4:31 pm

როცა ნისლჩაცრილი დღეა თბილისში...
სტუმრად თათარაიძის და არაბულის ოჯახში


"ახალი 7 დღე", 2001-09-28

დედა პოეტია, ქალბატონი ეთერ თათარაიძე; მამა ამირან არაბული მწერალია (მცირე პასაჟი): პოეტისა თუ მთის კაცის ბუნება ხშირად ქალაქგარეთ გაიტაცებს ხოლმე ამირან არაბულს და ველური ვარდების დიდი თაიგული მოაქვს საყვარელი მეუღლისთვის.

შვილი - მინდია არაბული ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს, იგი დამწყები ნოველისტია. (მცირე პასაჟი მისი ამერიკული ცხოვრებიდან): "თავი გადავიპარსე, რადგან თმები ოდან შემითხელდა. ეს ორი კვირა ძალიან გადატვირთული მქონდა, რის გამოც ვერ მოვიცალე წვერი გამეპარსა. ასეთი გამოვედი ქუჩაში, ლაპლაპა თავით, გასაპარსი წვერით და ხევსურული ქუდით. გამაჩერეს, უდავოდ ჩეჩენი ვეგონე - და მეკითხებიან, მუსლიმანი ხარო? მე ძალიან ფრთხილად ამოვაცურე უბიდან ჯვარი და ქუდზე მოვისვი ხელი, რომელზეც სულ ჯვრებია ამოქარგული. მათ თბილად გამიღიმეს, ბოდიში მომიხადეს, გამომაცილეს და ძალიან კარგი დღე მისურვეს."

ჩვენი გაზეთის მკითხველს დღეს შეუძლია ბევრი რამ გაიგოს ამ გამორჩეული ოჯახის შესახებ.

- თქვენი სიყვარულის განსაკუთრებულობაზე რას გვეტყვით? როგორ იპოვეთ ერთმანეთი, როგორ შეიქმნა ეს ლამაზი, პატარა ოჯახი?

ეთერ თათარაიძე: "ჩვენ შეხვედრაში გარკვეულწილად, ალბათ, განგების ხელიც ერია, მაგრამ, როდესაც გარს მილიონი ადამიანი გახვევია და შენ კი მხოლოდ ერთს ხედავ, ის შენთვის ყველასგან გამორჩეულია. ამირანი ჩემთვის, მართლაც, ყველასგან გამორჩეული იყო. მახსოვს, უნივერსიტეტიდან მოდიოდა სტუდენტების დიდი ჯგუფი, მათ შორის ამირანიც იყო. ამ დროისთვის მე მისი სახელიც კი არ ვიცოდი ხეირიანად, მაგრამ იგი მთელი ის დღეები თვალწინ მედგა, შემდეგ მაინც თვითონ მოვიდა ჩემთან... რატომღაც ვიცოდი ხოლმე თქმა: "ჩემი დაჯღანული, ხევსური კაცი". ერთმა მითხრა კიდეც, როდესაც ამირანი გაიცნო, ასე რომ ამბობდი მასზე, მეგონა, საშინლად დაჯღანული, დაჩეხილი იქნებოდა და რა ლამაზი კაცი ყოფილაო. ლამაზი კაცები არასდროს მიყვარდა, მაგრამ ამირანი ყოველთვის სულით იყო ლამაზი. ეს ჩემთვის უმთავრესია..."

- ყოფითმა პრობლემებმა, რომლებსაც შინაგანი დაღლა და ზოგჯერ სულიერი სიცარიელეც კი მოსდევს, თქვენს ურთიერთობაში არსებულ რომანტიზმს ხომ არ დაასვა გარკვეული დაღი?

ამირან არაბული: "ადამიანების ურთიერთობებს ძალიან ბევრი ფაქტორი განაპირობებს და მათ ურთიერთობაში ზოგჯერ გარკვეული ბზარიც შეაქვთ. ხანდახან შეიძლება, გეგონოს, რომ ყველაფერი მთავრდება, მაგრამ ეს ასე არ არის. იმიტომ, რომ ის, რაც დასაწყისში მტკიცედ ინერგება, მარადიულია, ბოლომდე გაგყვება. ასე რომ არ იყოს, არც ეღირებოდა ცხოვრება. ყოფითმა პრობლემებმა, პრაგმატულმა ინტერესებმა, დამთრგუნველმა მოვლენებმა არ უნდა გვაჯობოს. უნდა გავუძლოთ გზის სიძნელეს, ცხოვრების ტვირთს. თუ ამ ყველაფერს შევძლებთ, ჩვენი მისია გამართლებული იქნება".

ეთერ თათარაიძე: "ცხოვრების მძიმე წნეხი და ქარიშხლები, ქვეყნის დუხჭირი ყოფა, რა თქმა უნდა, ადამიანთა ურთიერთობებზეც აირეკლება; სიყვარულიც თითქოს ისეთი ადვილი აღარ არის, როგორიც მანამდე იყო. ამას წლებიც ემატება, შვილები, მათზე ზრუნვა, პრობლემები, მაგრამ თუ ნამდვილია სიყვარული, თუ სუფთაა ორი ადამიანის ურთიერთობა, მათ უნდა ჩათვალონ, რომ ცხოვრებაში გაუმართლათ. ჩვენს გულებზე ბევრი კუპრი და მზე გადადის ერთდროულად, მაგრამ მე და ამირანი ყველაფერს ვუძლებთ. ადამიანი იღლება ცხოვრების სიმძიმისგან, იღლება სიყვარულიც, მაგრამ არ კვდება არც სინაზე, არც რომანტიკა.

- მინდია რას გრძნობს?

მინდია არაბულის ნოველიდან: "სამჯერ გამახსენა მზემ შენი შორს ყოფნა, ორჯერ გადავრჩი და ბოლოს მაინც გამიყვანე მარტო ჩრდილებისაკენ. ეხლა აგვისტო ახუნებს მწვანეს და უშენოდ გახუნდა სხვა ფერთა კრებულიც, მე? მე შენსკენ და მიწისკენ ნელ-ნელა, თან ცხელა, აგვისტო ცხელი... შენ მე არ მინდობ და მზე - მწვანეს... რჩება ორი კვირა... მერე წვიმები სხვა ცის ქვეშ, ხალასი ფერები, ჩემგან გაზავებული, წელიწადი ორი, ოთხი ან მეტი. მე სამჯერ მინდა მოგეფერო, ორჯერ უფრო დიდი მზე და ერთად გავახუნოთ ჩვენივე გაზავებული მკვეთრი ფერები, ანუ სადა აგვისტო?.."

- თქვენ, ორივე, ქართული ფოლკლორის მოძიებაზე მუშაობთ. ქართულ ფოლკლორზე მუშაობთ, რა პრობლემებს აწყდებით ამ კუთხით და ზრუნავს თუ არა ვინმე, ხელი შეგაშველოთ ამ დიდ საქმეში?

ამირან არაბული: "არ შემიძლია, არ აღვნიშნო ზურაბ ჟვანიას წვლილი ამ საქმეში. ორი წლის წინ ბ-ნი ზურაბი ცოლ-შვილით თუშეთში ისვენებდა. მისი იქ ყოფნა დიდ სახალხო დღესასწაულს - ათენგენობას, დაემთხვა. ეს დღესასწაული მთელი თვე გრძელდება თუშეთში. ამ დროს ზემო და ქვემო ალვანებიდანაც ამოდის ხალხი. თუშეთის თითქმის მთელი მოსახლეობა ესწრება ამ დღესასწაულს. საღამოობით თუშეთის ლამაზი ცის ქვეშ მთვარის ნათელზე იკრიბებოდნენ მედღეურები, ბარიდან ამოსული ქალები, ბავშვები, მოხუცებიც კი. მიდამოს ეფინებოდა გარმონის ხმები, ისმოდა საოცარი თუშური სიმღერები, ხალხური ლექსები, შაირები... სწორედ, მაშინ დაებადა ბ-ნ ზურაბს აზრი, რომ ერის ამ დიდ საგანძურს დაღუპვის საფრთხე ემუქრებოდა, რომ დაიკარგებოდა ყოველივე, თუ არავინ იზრუნებდა მის გადარჩენაზე. თუშეთიდან დაბრუნების შემდეგ დაგვიბარა ბ-ნმა ზურაბმა მე და ეთერი და შემოგვთავაზა, ჩამოგვეყალიბებინა ხალხური ხელოვნების დაცვისა და აღორძინების ცენტრი. აქვე არ შემიძლია, არ აღვნიშნო ერთი ფაქტი: შალვა ნათელაშვილმა იმ მოტივით, რომ გამოცემაში დამეხმარებოდა, გამომართვა გაბრიელ ჯაბუშანურის ერთტომეული, უკვე გამოსაცემად გამზადებული, რედაქტირებული. სამწუხაროდ, ეს ერთტომეული გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. ამ მასალაზე ხუთი წელი ვიმუშავე. არქივებიდან მოვიძიე მასალები, გაბრიელის დაუბეჭდავი პირადი წერილები, დაუბეჭდავი ლექსები. ამ ერთტომეულის დედანი კი აღარ მაქვს. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, არ გავახმაურებდი ამ საქმეს, გავჩუმდებოდი, მაგრამ ასე უღვთოდ დაიკარგა გაბრიელის შემოქმედების ბრწყინვალე ნაწილი. ბ-ნი შალვა ახლა ირწმუნება, რომ მისთვის არაფერი მიმიცია, მაგრამ არსებობს ცოცხალი მოწმე, რომელიც მახლდა მასალების მიტანის დროს."

ეთერ თათარაიძე: "სამწუხაროდ, ჩვენ ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ჩვენ მიერ ჩატარებული ხალხური პოეზიის საღამო არ იყო ისეთი დონის, როგორიც იყო თუნდაც პირველად ჩატარებული ხალხური პოეზიის საღამო. მათ საპასუხოდ ვიტყოდი, რომ დღევანდელ პირობებში მეტის გაკეთება შეუძლებელი იყო. ეს დოკუმენტური საღამო იყო. მე ხომ ვერ გავაცოცხლებდი იმ ნათელი სულის ადამიანებს, როგორებიც იყვნენ: ბაიაშვილი, ივანე წიკლაური - "რამ დამაბერას" ავტორი, და სხვები. ჩვენ ამისთვის ორი თვე მუხლჩაუხრელად ვიმუშავეთ. თუ გინდა კეთილი მარცვლის პოვნა, მას ყველაფერში იპოვნი, მთავარი სურვილია. ჯერ მარტო ის რად ღირდა, სვანების ანსამბლი, ათი თეთრჩოხიანი ჭაბუკი, რომ გამოვიდა ხალხური სიმღერებით და ცეკვებით. იმ საღამოს სილამაზეს ძებნა არ სჭირდებოდა, მხოლოდ დანახვა იყო საჭირო. ეს დოკუმენტური საღამოები დაფიქსირებულია, ყველაფერს ისტორია ინახავს და მაშინ, როდესაც პოლიტიკური, ქაჯური ვნებათაღელვა ჩაცხრება, ჩვენი მომავალი თაობა დაინახავს, რომ ამ ძნელბედობის ჟამს იყო ვიღაც, ვინც ფიქრობდა ხალხისთვის ნატკენი სული მოერჩინა. ხალხს არ უნდოდა იმ საღამოდან წასვლა. ამ ცენტრმა, მისდა სასახელოდ, რამდენიმე მნიშვნელოვანი, ფასეული საღამო ჩაატარა, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია."

- ქ-ნო ეთერ, თუშურ ტრადიციებზე რას გვეტყვით - რა შემორჩა ძველი ადათებიდან დღევანდელ თუშეთს და როგორ იცავენ ამ ტრადიციებს თანამედროვე თუშები?

- მე-17 საუკუნეში თუშეთს მოწყვეტილი, ჩამოსახლებული ხალხი ერთად დასახლდა კახეთში, ალაზნის მარცხენა ნაპირზე. ამის შემდეგ ისინი სულ მომთაბარენი იყვნენ. ზაფხული ისე არ გავა, რომ, თუ მთელი ოჯახი ვერა, ოჯახის ერთი წევრი მაინც არ აიბარგოს და არ დაუბრუნდეს თავის თუშეთს. საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ ერთად აყრილი ხალხი ორ დიდ სოფლად დასახლდა, უფრო მეტიც, როგორ უბნებადაც ცხოვრობდნენ თუშეთში, ისეთ უბნებად დასახლდნენ კახეთში. ჩვენს სოფელს დანო ჰქვია და დანოელები კახეთშიც ერთ სოფელში ცხოვრობენ. ამ ერთად დასახლებამ შეუწყო ხელი ტრადიციების შენარჩუნებას, დიალექტის შენახვას. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ დღეს თუშური დიალექტი უმძიმეს დღეშია. აღარც მახვილია თავის ადგილზე, აღარც ლექსიკა. თანამედროვე თუშური იმდენად გამოიფიტა, იმდენად გადაგვარდა, რომ იქ აღარაფერია თუშური. ლექსიკაში შეტანილია ნასესხები სიტყვები. დროს ბევრი რამის მოსპობაც შეუძლია და აყვავებაც. ეს, ალბათ, თუშეთსაც შეეხო, თუმცა, როდესაც თუში თუშეთში ადის, იქ ბუნება წამიერად მაინც გადააკეთებს მას, ისე უცებ გათელავს, ისე უცებ გახდის თავისნაირს, ისე ჩასვამს თავის ზუსტ ყალიბში, რომ ვერაფერს გაითამაშებ, უბრალოდ, სხვა სიტყვებს ვეღარ მოიტან, ის გაიძულებს, ზუსტად ის სიტყვები იხმარო, რომლებიც წმინდა თუშურია. თუშეთში რიტუალური დღესასწაულები ისევ ბუნებრივად გრძელდება. იქ ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს.

- თქვენ ისევ მხოლოდ თუშურ დიალექტზე წერთ ლექსებს თუ თანამედროვე სალიტერატურო ქართულითაც? უფრო როდის გეუფლებათ ლექსის განწყობა, როდესაც გტკივათ, როდესაც გიხარიათ, როდესაც გენატრებათ თუ?..

- ვწერ მხოლოდ თუშურ დიალექტზე, მაგრამ როდის ვწერ? - ძნელი სათქმელია. ბოლო დროს ჩემი თავი დავიჭირე იმაში, რომ ვწერ მაშინ, როდესაც შექმნილია მყუდრო გარემო, არის ნისლჩაცრილი დღე, წვიმას აპირებს, გაუსაძლისი ხდება ყოფა, როცა ეს ყველაფერი ჩემს ოთახს, ჩემს ტკივილებს ჰგავს, მენატრება ჩემი თუშეთი... ყველაფერი ეს იწვევს რაღაცის შექმნას. მქონია ძალიან დიდი პაუზები. შეიძლება 5-6 თვე არაფერი დავწერო და უცებ, ერთ დღეში 20-30 ლექსი დავწერო. არც ერთი მათგანი ერთნაირი განწყობით არ იქნება შექმნილი. რა ყოფა და ცხოვრებაც გაქვს, რასაც გამოგატარებს სამზეო, სწორედ, ის არის შენი შემოქმედებაც.

როგორ ენატრება მინდიას ქართული მზე...

ისევ ნოველიდან:

"ღამეებს უთენებ ამ შენს ერთხელ მოსვლას, ფიქრობ და მერე საათობით იკარგები წვიმიან ქუჩებში. ამ წვიმის სევდას ინაწილებ, იხსენებ მომხდარს შარშან, შარშანწინ და ადრე. დილით ცა ისევ კიდებს კედლებზე ფერებს, გენატრება ვიღაც, რაღაც სადღაც მოსული განწყობა და სიმარტოვეს დასცინი, რომელმაც შეგცვალა. ვერავის ეუბნები თუ რა სხვანაირი ამოდის იქ მზე და ქარს ატან უსიტყვოდ შენს ყველა ლამაზ ავადობას მაღლა, ცაში... არ გჯერა, ეომები შენს შინაგანს, ყველაზე ძლიერს, მოსულიყავი შენც წვიმად და ეფიქრათ სხვებს ამ ერთხელ მოსვლისას... არ გაწამებდეს შენი ლამაზი ავადობა, არ გენატრებოდეს არავინ, არაფერი, არსად აღარ დაიკარგო წლობით, რა არის ერთხელ მოსვლა... დუმილი, ღია ფერის კედლებში, კვამლი და მონათვლა შენი ძველი მეგობრის პატარას, ქართულ მზეზე უამბობ, მერე ეტყვი, რომ თავის საშინლად ლამაზ დედას გაუფრთხილდეს. გამოხვალ წვიმაში, გაინაწილებ ისევ იმ შემოჩვეულ სევდას, მაინც იღიმები, სული სუფთა გაქვს ჯერ კიდევ, ნათლია ხარ. მეგობრის პატარა, იყო მეგობრობა უთქმელი, თვალები. ღამეებს უთენებ ამ შენს ერთხელ მოსვლას, ვერავის ეუბნები თუ რა სხვანაირი ამოდის იქ მზე. - ჩაჯექი, წავედით, რას დგეხარ წვიმაში, გაგიჟდი - გავგიჟდი - ამბობ ღიმილით და გარბიხარ წვიმაში გზიდან შორს, ძალიან შორს."

- თქვენი შვილები თუ ჰგვანან მშობლებს? როგორია მათი შინაგანი სამყარო?

ეთერ თათარაიძე: "მე შევამჩნიე, რომ ანანო არაჩვეულებრივად წერს, ბუნებით მამას ჰგავს, არასოდეს გამოხატავს თავის ემოციებს. ისეთ რამეს დაიჭერ მის სულში, რასაც გარეგნულად არასდროს შეიტყობს. ჩუმია, დინჯი, სავსე. როდესაც მინდია რეკავს ამერიკიდან, ანანო ვერ ელაპარაკება, ყელში ბურთი ეჩხირება და ტირის. მინდია და თუთიკო (მარიამი) მე მგვანან. ჩვენ უფრო ემოციურები ვართ, უფრო გადმოვცემთ ჩვენს გრძნობებს. მინდია თავისი რომანტიკული ბუნების გამოხატვას ყოველთვის ახერხებს ნოველებში. საოცრად უყვარს თბილისი, საქართველო.

უსათაურო ნოველიდან:

"თბილისი შეუყვარდა ისე, როგორც შეიძლება ქალი შეგიყვარდეს კაცს, ან პირიქით და მერე შემოდგომის ფოთლებით დაფარულ კაბაში, კაბით, კაბები... მოკლედ, შემოდგომა უხდება მაგრა... დიდი, ჩვენთვის ამოსული, იმ ნახსენები კაბის შემხედვარე მზე, ჩასვლა რომ დავიწყებია და მზის ჩასვლა, ხომ იცი, როგორია. აი, ამბობენ, ხომ კარგია, გამშვიდებსო სხვებურ... ჩვენთვის ამოსული მზე და ჩვენი ფიქრების გამგები, შემოდგომას ელოდება, რომ დახატოს უაზროდ დიდი ფუნჯებით, ისე როგორც მას ეს სურს... ბოლოს, მზემ სადა ფერები შეურჩია - კაბაში, კაბით. კაბები, მოკლედ, შემოდგომა უხდება მაგრა... ისე ალბათ არ შეიძლებაო - თქვენ მათ და მე კი ისინი ფეხებზე მკიდია. ქალაქია თითქოს მარტივი და მისმა სხვა ეშხმა მოიგონა შემოდგომის კაბაც - საშემოდგომო, ან შემოდგომური, იმ მარტივი ამბით, რომელსაც მონატრებას ეძახიან... მწვანე ოთახი ზაგრა - ნიცაზე, გათენდა თბილისში, გათენდა ნიცაშიც, არ ეძინება სხვას და აღარაფერი რჩება იქამდე, ის და მზე ერთად შემოსავენ მას, ეხლა? - აგვისტო..."

- ბ-ნო ამირან, როგორი იყო და როგორია დღეს ხევსური კაცის ბუნება? ძირითადად, რა ღირებულება დაიკარგა მასში?

- ბევრი დაწერილა ხევსურეთზე, მის ტრადიციებზე, ადათ-წესებზე. მართალია, ბევრი რამ გაზვიადებულია, სიზუსტე დარღვეულია, გამხატვრულებული და გადაჭარბებულია, მაგრამ არსებითად მართალია. ხევსური კაცი თავისი ბუნებით ყოველთვის მებრძოლი იყო, ვაჟკაცური, გაუტეხელი სულის და რომანტიკული ბუნების. ისინი, ვინც ცხოვრობენ დღეს ხევსურეთში, თავიანთი მამა-პაპისთვის დამახასიათებელი სულით მოდიან. ღმერთმა არ ქნას, ის სული, ის გენი და თვისება დაიკარგოს მათში, რომლებიც წინაპრებისგან მოჰყვებათ, მაგრამ დღეს ამ ყველაფრის გამოხატვის ასპარეზი არა აქვთ. ადრე ხევსურ კაცს ჰქონდა საშუალება, თავისი ვაჟკაცობა გამოეხატა და გამოეცადა, რადგან მაშინ იყო გაუთავებელი ქიშპობა, წინააღმდეგობა ქისტებთან, საქონლის გადმოდევნა და ა.შ. ამაში იცდებოდა ხევსური კაცი. დღეს რომ დასჭირდეს ჩვენს ქვეყანას (ღმერთმა დაიფაროს), დარწმუნებული ვარ, თანამედროვე ხევსურები ისევ წარმოაჩენენ თავიანთ ვაჟკაცურ გენს, რადგან ეს მათ პოტენციალში უცილოდ აქვთ. გენეტიკური სული და ხასიათი, ალბათ, მაინც არ იკარგება. დროის მსახვრალი ხელი ყველაფერს უწყალოდ სპობს. ბევრი ტრადიცია დაიკარგა ხევსურეთში. იყო დრო, როდესაც იმართებოდა შეუდარებელი სადღესასწაულო რიტუალები, რომელთაც ძალიან ძლიერი რწმენა ახლდათ. დღესაც ტარდება მსგავსი რიტუალები, მაგრამ დღეს უკვე რწმენა იმ სიმაღლეს ვეღარ აღწევს. მაგალითად, ახალი წლისთვის ხალხი ერთი თვე ემზადებოდა, ღამეები არ გვეძინა. დღეს კი, უბრალოდ, მოვალეობას იხდიან, მიდიან ხატში, ანთებენ სანთლებს, ლოცულობენ, მიაქვთ სასმელიც, მაგრამ ისეთი მშვიდი, ისეთი მომზადებული და დინჯი აღარ არის ეს რიტუალი. ყოველივე ამის შემყურეს, გგონია, რომ ეს ყველაფერი სპექტაკლია და შენც ამ სპექტაკლის უნიბლიე თუ იძულებითი მონაწილე ხარ. ძალიან მინდა, ავიდე საახალწლოდ ხევსურეთში, მიუხედავად პრობლემებისა, მაგრამ დიდი სურვილი მაქვს, ჩემს წარმოსახვაში ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც იყო.

როგორ ებრძვის მინდიას დრო - რკინისფერი...

"მე დღესაც ვეძებდი, ვერ ვნახე, დრო მებრძვის რკინისფერი და მაინც ავიტან წმინდა ქვას იმ გორაზე თანყოფნით არსენის... არსებობს მიზანი, სამიზნე ან სულაც რიგითი გასროლის ანაბეჭდ ქვათა ტანს... არ ვიცი, რად ვანგრევთ, რად ვესვრით, ბანიდან ბანამდე, მზე ჩრდილი გვაუწყა... ალბათ გვჭამს ეს ხანი ბოგანთა, ურდოთა, ნაცვეთთა... და ველით ძველი მზის ამოსვლას, სადაც არს მიუშვით, გაყევით! მე მჯერა განგების... და მჯერა შრამების, მაუწყთა შარისა, ბედისა, შფოთისა... თორჩიეხ ჩებხალედ თარაშას ძეს აბრალეს ზარების ქურდობა გარეჯით... ვინ იტყვის სიმართლეს, მაცდურო? აივსო თორმეტი, იძიეს ჭეშმარიტ სიტყვათა ნაქარგი იქაურ ლეჩაქზე და ისევ დრო გვებრძვის - რკინისფერი..."

- წინაპრებისგან შემორჩენილ სალოცავებს, რწმენას - რამდენად მიჰყვება თქვენი ოჯახი?

ამირან არაბული: "საკმაოდ რელიგიური ოჯახი გვაქვს. ჩუმად, უხმაუროდ დავდივართ ეკლესიაში, ვანთებთ სანთლებს და ვლოცულობთ. 28 აგვისტოს ყოველთვის ავდივართ ყაზბეგში სამებაზე და იქიდან გამოყოლილი მადლი, რწმენა ასე მგონია, მთელი წლის საგზლად ყოფნის ჩვენს სულს. რწმენა ქმედითი, აქტიური უნდა იყოს და შენ გაძლევდეს სტიმულს ლამაზი საქმის კეთებისა".

ეთერ თათარაიძე: "მინდიამ დაგვირეკა გუშინ და მოგვითხრო შემდეგი: "თავი გადავიპარსე, რადგან თმები ოდნავ შემითხელდა. ეს კვირა ძალიან გადატვირთული მქონდა, რის გამოც ვერ მოვიცალე წვერი გამეპარსა. ასეთი გამოვედი ქუჩაში, ლაპლაპა თავით, გასაპარსი წვერით და ხევსურული ქუდით. გამაჩერეს, უდავოდ ჩეჩენი ვეგონე - და მეკითხებიან, მუსლიმანი ხარო? მე ძალიან ფრთხილად ამოვაცურე უბიდან ჯვარი და ქუდზე მოვისვი ხელი, რომელზეც სულ ჯვრებია ამოქარგული. მათ თბილად გამიღიმეს, ბოდიში მომიხადეს, გამომაცილეს და ძალიან კარგი დღე მისურვეს."

- მინდია ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა, ეს მისი ყოველი ფრაზიდან ჩანს. მშობლების როლი როგორი იყო, რომ მასში ეს ლამაზი ფანტასმები გაჩენილიყო?

ეთერ თათარაიძე: "მინდია ორი წლის წინ წავიდა ამერიკაში, ჯორჯიის შტატში, სადაც სწავლობს დიპლომატიისა და ურთიერთობების ფაკულტეტზე. ჩვენ არ ვიცოდით მის წასვლამდე, რომ მინდია ნოველებს წერდა. მე ყოველთვის ვხედავდი, რომ ჰქონდა საოცარი აზროვნება, იუმორის გრძნობა, მოსხლეტილი აზრი. ხშირად მიმიდევნებია თვალი მისი ფრაზისთვის, მაგრამ თუ წერდა, მართლა არ ვიცოდი. როდესაც ამერიკაში წავიდა, ჩვენ გამოვწიეთ მისი საწოლი და კარადასა და საწოლს შორის ჩამოიშალა ფურცლები. ის წერდა ნოველებს და მალავდა. მე შემიძლია, ძალიან თამამად ვთქვა, რომ ეს არის ერთი დიდი სერიოზული წიგნის მასალა. მინდიას ნოველები რამდენიმე გაზეთში დაიბეჭდა".

- რამდენად მებრძოლი ბუნება აქვს მინდიას, ადვილად ხომ არ იცის დანებება?

ეთერ თათარაიძე: "მინდიას საკმაოდ მებრძოლი ბუნება აქვს, ძლიერია შინაგანად. იგი 17 წლის წავიდა საქართველოდან, მაგრამ მისი ასაკისთვის უჩვეულო ცხოვრებისეული გამოცდილება შეიძინა. მაგრამ მინდიას არ უყვარს უცხო ქვეყანაში ყოფნა, საშინლად ენატრება საქართველო. ეს მის ნაწერებში, ყოველ ფრაზიდან ჩანს. ებრძვის სიმარტოვეს და შორიდან ეფერება თავის მზიურ საქართველოს. გუშინ დარეკა და მითხრა: "ეთერო, შენ და მამა მიდით ახლა ფანჯარასთან, გადახედეთ მზიან თბილისს, მიესალმეთ და გაუღიმეთ ჩემ მაგივრად". როდესაც ვუთხარი, რომ ამერიკაში არსებული მდგომარეობა მაშინებს, ასე მიპასუხა: "აქ არაფერი მოხდება, ამაზე არ იდარდო. მე მხოლოდ ჩემს ქვეყანაზე ვდარდობ. თუ ჩემს ქვეანაში განსაცდელის ჟამი დადგება, არც დავფიქრდები და მაშინვე ჩამოვალ საქართველოში."

მინდია არაბულის შინაგანი ხმა

"მაინც ყველანი იქით მივდივართ, ასე რომ გაიღიმე, სანამ მზე ამოდის... ნუ წახვალ, ფესვებს ნუ მოწყდები, თორემ დაგისერავს ლოყას ცრემლი სიბერეში. გააზრება ამ დანაკლისისა, თან შეგეშინდება და გაუცხოვდები... მე არ მინდა ასეთი გნახო, არც სხვებს უნდათ, ავივსოთ ჩვენებური პატარა ცით და ერთადერთი მზის ავადობით. ლამაზია ეგ ავადობა, მე მიხარია, სხვებს უხარიათ, შენც აივსე, და დამიჯერე. და საღამოს ყველანი ვიშლებით, ვიშლებით მხოლოდ ხვალამდის, ხვალ მარტივ, ლამაზ ამბავს გიამბობთ. სილამაზე ქუჩებში გაიფანტა. წვიმის მოსვლისას გარეთ დაგტოვებთ, მივხვდები, რომ წვიმაც ამ პატარა, ჩვენებური ცისგან... და აღარ მოდის სიბერე, დამიჯერე!.. მე უფლება არ მაქვს, უიმედოდ შევხედო ამ პატარა მიწას და მეშინოდეს ამ ჩვენებურ პატარა ცის ფერის შეცვლისა, არც სხვებს, შენც ჩაიძირე ამ მუქლურჯში, ისუნთქე იმედიანად, ღრმად... დამიჯერე!"

- როგორ ჩნდებიან მინდიას გმირები - ყოველდღიურობიდან, ცხოვრებიდან შემოჰყავს ისინი თუ, უბრალოდ, ნათელი გონების, ფანტასმების წყალობაა?

ეთერ თათარაიძე: "იმდენად უცნაური და საოცარი აზროვნება ჩანს მის ნოველებში, რომ ამას ვერ ამოხსნი. ისინი ცხოვრებიდანაც შემოჰყავს მინდიას. მის ამერიკაში წასვლამდე, ამირანმა მომიტანა დიდი, ველური ვარდების თაიგული. კარი რომ გაიღო იმ ყვავილებში ამირანი არ ჩანდა. შემდეგ შემოვიდა და ეს თაიგული მე გადმომცა. მინდიაც იქვე იდგა და მის სახეზე უზარმაზარი სიხარული შევნიშნე. მინდიას ყოველთვის უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ჩვენს ოჯახში არსებული ტკბილი, უჩუმარი იდილია. ამირანი ამ მხრივ, მართლაც, გამოირჩევა ყველა ხევსურისგან. გაზაფხულზე მან გენიალური თაიგულების მოტანა იცის. მინდიას ერთ-ერთი ლამაზი ნოველა პირდაპირ მამას ეძღვნება.

"ხშირად ვერ ახერხებდა საჩუქრებით გახარებას, მაგრამ ესეც იმ ბითური ჟამის გამო, რაც ასე ლახავდა ბევრ დადებითს. და მაინც - გადიოდა ქალაქგარეთ თუ არა, ყოველთვის იცოდა ველური, სადა თაიგულების მოტანა - თან ვერც შეატყობდი, რომ ეს გააკეთა... და მერე ცა ჩვენებური, ჩაი ბალახის, კურიერი... პირველი შვილი - დიდი, ცილისფერი მზე, მეორე - ქარი, რომელმაც ხეები დაძლია და შვილი მესამე - სროლები ჩვენებური ცის ქვეშ, ომი... უთქმელი, სიმშვიდე სხვებურ და უტეხი მეობა. თუ მეტყვი, ვისია ქალაქი, ყველასი? ყველასგან? მას სჯერა სიტყვის და ისევ პატარა, სავსე ცის, მთები რომ რკალავენ... და უყვარს საწუთრო, სუნთქვათა რითმიკა, ჩვენ, თქვენ და ისინი... მას მზეც კი ფერს უცვლის განწყობის, მე ვიცი... და მაინც ცა ჩვენებური, ჩაი ბალახის, კურიერი..."

- ქ-ნო ეთერ, თუ გახსოვთ თქვენი პირველი ლექსი როგორ შეიქმნა, რა გრძნობამ, რა განცდამ დაგაწერინათ?

- ძალიან პატარა ვიყავი მაშინ, პირველი ლექსი რომ დავწერე. კარგად არც კი მახსოვს. ალბათ, არც იმდენად ჰგავდა ლექსს. იგი შიშმა დამაწერინა. მოხდა ისე, რომ მარტო დავრჩი შინ და შემეშინდა... მინდია სულ დამცინის ამაზე, ერთხელ ამირანმაც დამცინა, რაღაცაზე შემაშინა და მითხრა, ახლაც ლექსი არ დაგეწერინოსო.

- ბ-ნო ამირან, თქვენ, ნამდვილ ქართველს, ვიცი, გტკივათ დღევანდელი ქართული სინამდვილე. რა სახელს დაარქმევდით იმ მოვლენებს, რაც ხდება დღეს ქვეყანაში - ძნელია ქართველობა?

- დღევანდელი საქართველო საცოდავია თავისი შვილების ხელში, ისეთი შვილების ხელში, რომლებიც ყველანაირად ხელს უწყობენ ქვეყნის დაღუპვას. ერთ დღეში რომ გასწორდეს მიწასთან ყველაფერი, სინანულის გრძნობაც კი არ შეაჩერებთ. გავაჭრებულია დღეს საქართველო, ერთ დიდ ბაზრობად არის გადაქცეული. იყიდება ყველაფერი: ნამუსი, სინდისი, სახელი, პატიოსნება. თუმცა უკვე აღარაფერი დარჩა გასაყიდი. საქართველოს ლამაზი ბუნება ნადგურდება, ხე-ტყე იჩეხება და გააქვთ საქართველოდან. ამაზე უკვე აღარავინ ფიქრობს. პოსტზე მდგარი ფორმიანები მძღოლებისგან იღებენ ფულს, უკვე დაწესებულ, დადგენილ "სტავკას", და ისე უსულგულოდ უშვებენ საქართველოს სიმდიდრეს ქვეყნიდან, ერთი ნერვიც არ შეუტოკდებათ. ამ ყველაფერს ყოველდღე ვხედავ და საშინლად მტკივა გული. ვიღაც ხომ არის მაღლა, ხელისუფლებაში, რატომ ხუჭავენ ყველაფერზე თვალს. ქვეყნის ბიუჯეტში მაინც შედიოდეს ეს თანხა და ხალხს ხმარდებოდეს. არა, იმითაც ერთეულები ითბობენ ხელს - ხალხი კი, უბრალოდ, მსხვერპლია ამ ყველაფრის. ვისაც სტკივა თავისი ქვეყნის ბედი, მისთვის საშინლად ძნელია ქართველობა. სამწუხაროდ, ძალმომრეობის არის დღევანდელი საქართველო. თუ ყველაფერზე წასვლა შეგიძლია, თუ შენი ქვეყნის ბედისთვის ზურგის შექცევა შეგიძლია, ძალიან კარგად მოიწყობ ცხოვრებას, მაგრამ შენი სული და სინდისი შეგაჩერებს, რა თქმა უნდა, თუკი გაგაჩნია.

და ისევ მინდია - "დროა ტირანული"...

"და თუ მომიტევებთ, სულ ორი სიტყვით ვიტყვი. დროა ტირანული, მე ეს ან მადარდებს, ან სისხლს მიწამლავს და რა ვიცი, კიდევ როგორ და როდემდის, შენ, ჩემო ნიკორავ... მზე თურმე ბოლივიაში დაბადებულა... ხომ არ დაყნოსავთ? ან იქნებ სოკო მიირთვათ? გუშინ გაყინული სული ამოუშვა იმ მოხუცმა ქუჩაში... ესე იგი, ხელს მოაწერთ? კეთილი, კეთილი... მე მეჯავრება ასე ყოფნა, იქნებ კუნძულზე გამიშვათ, მუსიე, წავიღებ ცხრამეტ წელს, თქვენი მეუღლის უსასრულო გამოხედვას და უკუნითი უკუნისამდე ფეხები არ მომჭამონ თქვენმა გრენლანდიურმა ნაგაზებმა. ან იქნებ ჰიმალაისკენ მიმართული მატარებლის ბილეთი აგეღოთ, ჩერეზ კანკუნი, მხოლოდ იმიტომ, რომ ლოცვად მუხლმოყრილმა თქვენი აშმორებული სულის საოხად ორს ორი მიუმატო და შუბლცვარიანმა შეგწიროთ თვალცრემლიანი. საერთოდ არ მხიბლავს მე თქვენი პრესტიჟი და არც ის ფიასკო, ასჯერ რომ აღნიშნეთ! მე ერთი უბრალო, ცვალებადი ქართველი ვარ, მაქვს მფარველობა წმინდა გიორგისა და ისევ შეუქებ სიფიცხეს ჩემს ტაიჭს ავადმოღრუბლულ ხევში. მიყვარს სიმართლე, ერთობა და ამბავი მოყმისა. თქვენ კი, მუსიე, კარგად შეხედეთ ამ დამპალ ხის ფესვებს, ზურგით მდგომ მზეს ბოლივიურს და გავლილ გზას თქვენსას ფართოს, რადგან თქვენ ამ ყველაფერს ბოლოჯერ ხედავთ! ორი ნაბიჯი წინ, გასროლა, მძლეოსნობა ექოთა და დროა ტირანული..."

- ქ-ნო ეთერ, რა გამოგყვათ ბედნიერების სიმბოლოდ ბავშვობიდან და დღესაც რა განიჭებთ სულის შვებას და უდიდეს ბედნიერებას?

- ჩემთვის ბედნიერების შეგრძნება სიკეთიდან მოდის. რა ბედნიერი ხარ იმ დღეს, როცა ვინმეს ხელს გაუწვდი, კეთილ სიტყვას ეტყვი, სიხარულს მიანიჭებ, ბოლო ლუკმას გაუყოფ. მამა მყავდა "შინმოუსვლელი" მეცხვარე, წელიწადში ერთხელ თუ მოვიდოდა შინ. ძალიან მშრომელი კაცი იყო. შემოდგომაზე ჩვენი მარანი ივსებოდა თუშური გუდის ყველით, მაგრამ ადრე გაზაფხულზე უკვე აღარ გვქონდა დარჩენილი არაფერი. თუ ვინმე ქვრივი, ობოლი, უქონელი და გაჭირვებული იყო, დედაჩემი კესო, ყველას გამკითხავი იყო. ოთხი შვილი ვყავდით, მაგრამ ჩვენ გვაკლებდა და ბოლო ლუკმასაც გაჭირვებულს უყოფდა. ყოველთვის ღარიბები ვიყავით, რადგან ასეთ ოჯახში, სიმდიდრეს ვერ დააგროვებ. მეც ასეთებად ვზრდი ჩემს შვილებს. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ ისინი ისეთს არაფერს ჩაიდენენ, რითაც თავის ქვეყანას ატკენენ...

- ქ-ნო ეთერ, დღევანდელ ყოფაში ყველაზე დიდ სურვილად რა შემორჩა თქვენს სულს?

- მე ვისურვებდი, ამ შავ შუაღამისგან გაათენოს საქართველომ, ამ სიბნელისგან დახსნა შეძლოს. კაცმა კაცობა ისწავლოს, ქალმა ქალობა, უფალი იყოს ქართველი ერის მფარველი!

ესაუბრა ლია შუკვანი

ბმული - http://www.open.ge/index.php?m=28&y=2001&art=794
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ამირან არაბული   Tue Oct 18, 2011 4:37 pm



ია ვეკუა

აღათოსა და თადოს ამბავი
ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის მიერ მოთხრობილი სევდიანი ისტორია



"24 საათი", 05.02.2010

“...ან სამწუხარო სხვა ამბავი იქნება განა, რომეოსა და ჯულიეტას ამბავისთანა?” - ასე ამთავრებს შექსპირი სიყვარულის ყველაზე სევდიანი ამბავის თხრობას, ჩვენ კი ჩვენსას, თითქმის ერთი საუკუნის წინ სამციხელი ქალ-ვაჟის ამბავს მოგითხრობთ. აღათო ამ ისტორიის მთავარი გმირია, რომელიც სამუდამოდ 18 წლის პატარა გოგონად დარჩა, ბედნიერებას რომ ვერ ეწია და ამ ქვეყნიდან დარდით წავიდა. აღათოს ამბავი ახლა უკვე წიგნად გამოიცა, მისი ავტორები ეთერ თათარაიძე და ამირან არაბული არიან, რომლებიც დანოელი აღათო შახაძის ამბავს ჩვენს თვალწინ აცოცხლებენ.

1981 წელს, თუშეთის სოფლებში მორიგი სტუმრობისას ეთერ თათარაიძესა და ამირან არაბულს კობე ძიო სოფლის სასაფლაოსკენ მოუხმო და ერთ თითქმის ჩამოშლილ, ბალახითა და ხავსით დაფარულ საფლავზე მიუთითა. ეს აღათოს საფლავი იყო, დროთა განმავლობაში ლოდების გორას რომ უფრო დამსგავსებოდა. იქვე კიდეებმომტვრეული სიპი ქვა ეგდო, რომლის გაწმენდის შემდეგაც გამაგრებული მტვრის სქელის ფენის ქვეშ დანის წვერით ამოკაწრული წარწერა გამოჩნდა: “ამა საფლავსა შინა მდებარე ვარ მე აღათო ლაზარეს ასული. გარდავიცვალე 1926 წელსა, მკათათვის 8 დღეს, შობიდგან 18 წლისა. წამკითხველნო, გთხოვთ, შენდობა მაღირსოთ”... მსგავსი წარწერის მქონე საფლავები ამ მხარეში, ისევე როგორც საქართველოს სხვა კუთხეებშიც, უამრავია. მათი ნახვა ამავე ავტორების მიერ ორიოდე წლის წინ გამოშვებული ნაშრომშიც “შენდობით მომიხსენიეთ” შეიძლება, თუმცა აღათოს საფლავი განსაკუთრებული აღმოჩნდა - ძიო კობემ თქვა კიდეც: “აღათომ თავი რომ მოიკლა, პატარა ვიყავი. ისეთი ლამაზი იყო, მჭვარტლიან შინაში შესული შუქს აყენებდაო”... ამას მოჰყვა აღათოს დედის, თინა თათარაიძის ხმით ნატირალის გახსენებაც, რომელიც ამ მხარეში ლექსადაა შემორჩენილი:

“გათენდ, აღათო, გათენდაო.

მთისწვერთ მზე მოიდავ.

ძროხას გარეკვენავ,

რადაღ გძინავისავ?!.

სისხლის მორევშიამც

დაგიბრუნდებისავ,

თადოს დე, პართოივ,

თადოს ვერ დაგიწყევ,

ვაიმე, თადოს დეივ,

ნაბარებ მაქვისავ

მე აღათოსაივ!..”

ამ ამბის მეორე გმირი სწორედ თადოა, კვავლოელი თადო თილიძე, აღათოს გულისსწორი და საქმრო. თადო ისეთი ვაჟკაცი ყოფილა, აღათოზე უიმედოდ შეყვარებული ვაჟები თურმე თავიანთი გულის ნადების გამჟღავნებას ვერ ბედავდნენ. სოფელში იხსენებდნენ, როგორ მალულად ხვდებოდნენ ახალგაზრდები ერთმანეთს, მერე მათი ამბავიც გამჟღავნდა და მშობლებმა ქორწინების ნებაც მისცეს, ქორწილი კი წესისამებრ ერთი წლის შემდეგ დანიშნეს. აღათოს მეგობარი, ლელა ცაძიკიძე იხსენებდა: “თადოს თურმე ცხვარ გაღმ ხყვანდ, გამოღმ აღათოს ყანას მკიდ... გაღმითივ გამოღმ სალამურით უამბისავ აღათოსავ. იმის სალამურიო-დ იამის ცელის წკრიალივ”.

თითქოს ყველაფერი კარგად იყო, დანიშნულები ქორწილისთვის ემზადებოდნენ. შემოდგომაზე აღათოს ოჯახის წევრები კახეთში გამგზავრებულან, თვითონ კი სოფელში დარჩენილა და მთელი ზამთარი საქმროსთვის წინდებსა და ხალიჩა-კვირტულაების ქსოვაში გაუტარებია. ხვნა-თესვის დროს კი დანოში თადოს დაოჯახებული ძმა პართო ჩასულა, მომავალი რძლის ოჯახის დასახმარებლად. როგორც შემდეგ გაირკვა, სწორედ ამ სტუმრობამ გადაწყვიტა საცოდავი აღათოს ბედი - პართომ ხმა დაყარა, ამ ქალთან ნამყოფი ვარ, უწესოა და რძლად ვერ მივიღებო. ხმის დაყრას, ქორწინების ჩაშლა მოჰყვა, შეურაცხყოფილი აღათო კი ყველასგან განმარტოვდა, სახლიდან ფეხს არ ადგამდა, მთელი დღე დედის საყვედურებს ისმენდა. მიუხედავად ამისა, ამ ამბის მერე აღათოს მთხოვნელებმა იმატეს: “ჩვენავ არ გვეწუნებავ, მოგვეცითავ”. მაგრამ თავად აღათო არავის გაჰყოლია, მთელ დღეებს თურმე ტირილში ატარებდა... მერე თავი მდინარეში დაუხრჩვია, ნაპირზე კი ქვის ქვეშ ამოდებული წერილი დაუტოვებია: “ჩემ ცოდვა ხქონდეს ჩემ დამღუპველს, სამზეო იმათა იქნება-დ საიქიო ჩემი”. მდინარიდან ამოყვანილს კი გულისპირი რომ შეუხსნეს, უბეში თადოსთვის მოქსოვილი წინდები უპოვნეს...

ამირან არაბული: “როდესაც ამ ამბის კვლევა დავიწყეთ, გვითხრეს, თადო თილიძე ცოცხალიაო. მაშინვე მის სანახავად გავეშურეთ. 80 წელს გადაცილებული მოხუცი თადო ლოგინად ჩავარდნილი დაგვიხვდა. როდესაც ჩვენი სტუმრობის მიზეზი შეიტყო, თვალები აუცრემლიანდა, რამ გაგახსენათ ჩემი ახალგაზრდომის დროინდელი ამბავიო. იმ საღამოს ძალიან ცოტა რამ გვითხრა, გაიხსენა როგორ ხვდებოდნენ ერთმანეთს, როგორ ნახა ჭრელ ფარდაგზე დასვენებული აღათო: “ეჰეჰეი, მძიმე იყვ, მძიმე ჩემდ...” გვთხოვა, მეორე დღეს მივსულიყავით, მანამდე ყველაფერს გავიხსენებ და დაწვრილებით მოგიყვებითო. ასეც მოვიქეცით, მე და ეთერი მეორე დღეს ისევ მივედით, მაგრამ თადო გარდაცვლილი დაგვიხვდა... როდესაც წლების წინანდელი ამბის გახსენება დაიწყო, იდარდა და გულმა ვეღარ გაუძლო. ალბათ ასეც უნდა მომხდარიყო - საბრალო აღათოს სევდიანი ამბავი ბოლომდე ლეგენდად უნდა დარჩენილიყო...”

მართალია, თადომ თავისი სათქმელი იმ ქვეყნად გაიყოლა, ეთერ თათარაიძისა და ამირან არაბულის წიგნი აღათოს ამბავს მაინც დაწვრილებით აღწერს, მოყვანილი აქვთ მოქმედი გმირების თანატოლების მოგონებები, ხალხში ლედენდად შემორჩენილი ფაქტები. ძალიან ემოციურია ადგილი, როდესაც ავტორები გოგონას სიკვდილისწინა შეგრძნებებს, თვითმკვლელობის გადაწყვეტილების მიღებასა და დედისთვის უკანასკნელი სურვილის შესრულების თხოვნას აღწერენ. კინოკადრებივით ჩაივლის აღათოს მდინარიდან ამოყვანის, მისი უსულო სხეულის მთავარი “დამნაშავის”, თადოს სახლის წინ დასვენების სცენები, უბედური დედის გლოვა და მიწისთვის სამუდამოდ მიბარებული მშვენიერი ქალის სახე, რომლის არც ფოტო შემორჩენილა და არც სხვა რამ გარდა მოგონებებისა და ლეგენდასავით სხვადასხვაგვარად მოყოლილი დეტალებით შეკოწიწებული სევდიანი ამბისა...


სტატიის მისამართი: http://24saati.ge/index.php/category/culture/books/2010-02-05/3292.html
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ამირან არაბული   Tue Oct 18, 2011 4:46 pm



წიგნის სახელწოდება - "ვაჟკაცობისას ამბობენ"
ავტორი - ამირან არაბული
რედაქტორი - გიორგი ალიბეგაშვილი
მხატვარი - თენგიზ მირზაშვილი
გამომცემლობა - "უნივერსალი"
ISBN 978-9941-17-340-0
გვერდების რაოდენობა: 120
ყდა: რბილი
გამოცემის თარიღი: 2011

წიგნი ეძღვნება ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავს.

"ვაჟკაცობისას ამბობენ..."
(წიგნის წარდგინება)

2012 წლის 17 ნოემბერს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართა წარდგენა ამირან არაბულის წიგნისა ”ვაჟკაცობისას ამბობენ”, რომელიც ვაჟა-ფშაველას დაბადებიდან 150 წლისთავს ეძღვნება და დაიბეჭდა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.


ღონისძიებას უძღვებოდა უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე.


ესწრებოდნენ: უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები...


ამირან არაბულის ნაშრომი ”ვაჟკაცობისას ამბობენ” ღირსეული მტრების ურთიერთმოწონების, დანდობისა და დაფასების ხალხურ და ლიტერატურულ მოტივებზე არის აგებული; გამოყენებულია ასევე ”ჭეშმარიტების მეტყველი” საისტორიო მწერლობის არაერთი ღირსსახსოვარი ეპიზოდი.


ტოლერანტობა ქართველი ერის არსობრივი მახასიათებელია და ეს შტრიხი თუ ნიშანი ნათლად ვლინდება არა მარტო მის უმდიდრეს ლიტერატურაში, არამედ სამართლებრივ პრინციპებსა და პოლიტიკურ სულისკვეთებაშიც.


იმ დროს, როდესაც თანდათანობით ირღვევა ძველი ადათობრივი ნორმები, მცირდება დიდსულოვნების კონკრეტული მაგალითები, იბზარება ეთიკა და იკარგება ზნეობის უზენაესობა, მრავალმხრივ სასარგებლო სამსახურის გაწევა შეუძლია ჩვენ წინაპართა ხალხური დიპლომატიისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გათვალისწინებას; გამოცდილებისა, რომელიც ზეპირ თუ წერილობით ტექსტებშია დაფიქსირებული.


ავტორი დიდძალ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით აკვირდება და იკვლევს ქართული ხასიათის ეროვნულ თავისებურებებს და თვლის, რომ ამ თვალსაზრისით მისი ნაშრომი შეიძლება შეფასდეს, როგორც ”დაგვიანებული შეხმიანება გურამ ასათიანის, აკაკი ბაქრაძისა და ზვიად გამსახურდიას ”მართალსა შინა” დავანებული სულების საწუხართან, სახსოვართან, სატკივართან.”


ღონისძიებაზე ერთხმად აღინიშნა წარმოდგენილი წიგნის საზოგადოებრივი და მხატვრულ-შემეცნებითი მნიშვნელობა.


პროფესორი სერგო ვარდოსანიძე: ”გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა იწყებოდა საქართველოში, როდესაც ყველა ქართველს ერთმანეთი გვიყვარდა, როდესაც ინტელექტი უფრო ფასობდა, მაშინ, გვახსოვს უფროსი თაობის წარმომადგენლებს, დაიწყო პოლემიკა ქართული ეროვნული ხასიათის თავისებურებებთან დაკავშირებით. გამოქვეყნდა გურამ ასათიანის ”სათავეებთან”, რასაც მოჰყვა აკაკი ბაქრაძის ”მკვახე შეძახილი” და შემდეგ ზვიად გამსახურდიას გამოხმაურება ამ ფრიად საინტერესო დისკუსიაზე... ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავიდან იწყება შეხმიანება იმ დიდ ქართველებთან და ამის გამოხატულებაა ბატონ ამირან არაბულის ეს წიგნი... ”


პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი: ” ... წილად მხვდა პატივი ძალიან კარგი წიგნის რედაქტორობისა, წიგნისა, რომელიც ერთი ამოსუნთქვით იკითხება... ”ვაჟკაცობისას ამბობენ” ვაჟა-ფშაველას სულზეა აღმოცენებული და არ გახლავთ პათეტიკური სიტყვა და მხოლოდ რომანტიკა... ამირან არაბულმა მიზნად დაისახა, შეგვახსენოს ის დიდი სულიერება, რომელიც დღეს ერთგვარად მინავლებულია.”


ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნონა კუპრეიშვილი: ” ... სამყაროს მთლიანობის განცდა იბადება მთაში და ამის ყველაზე ნათელი მაგალითი არის დიდი ვაჟა-ფშაველა... სამწუხაროა, რომ ჩვენი ახალგაზრდობის დიდი ნაწილი არ იცნობს მთას... ნიმუში იმისა, დღემდე როგორი ცოცხალია მთა და როგორ ენერგიას იძლევა, არის ეს წიგნი. ამირანს აქვს არაჩვეულებრივი ენა. ”ვაჟკაცობისას ამბობენ” წარმატებული ცდაა ენის საშუალებით დესტრუქციული, დანაწევრებული, დანგრეული სამყაროს გამთლიანებისა...”


იურისტი მზექალა ჭინჭარაული: ”... ამირან არაბულის წიგნი ”ვაჟკაცობისას ამბობენ” ნათელი გამოხატულებაა იმისა, როგორ უნდა უყვარდეს ქართველს თავისი კუთხე. კუთხეების უკვდავყოფა - ეს არის საქართველოს დღეგრძელობა... იყო აღნიშნული და მეც ვიტყვი, რომ საოცარი ენა აქვს ამირან არაბულს. ეს არის მკვლევარისა და მწერლის შერწყმის იშვიათი მაგალითი.”


პროფესორი ვახტანგ სართანია: ”... განწყობილი ვარ საიმისოდ, რომ მადლიერება გამოვხატო ამირან არაბულის ოჯახისადმი. არაბულებმა და თათარაიძეებმა, შეგვიძლია ვთქვათ, განსაკუთრებული ტალღა შემოიტანეს ქართულ შემეცნებაში... ჩემი გამოსვლის მიზანი კონკრეტულია: წავიყვანოთ და გავაცნოთ სტუდენტებს მთა; ვესტუმროთ ჯუთას, სადაც არის ტურისტული ბანაკი ”ზეთა” და სადაც შეიძლება პოეზიის არაჩვეულებრივი საღამოს მოწყობა... ამ სათქმელს ამირანის წიგნი მკარნახობს. მადლობა ყველაფრისთვის, რაც მის კალამს ჩვენამდე მოაქვს.”
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი ცოცანიძე: “ შესანიშნავი წიგნის გამოსვლის მოწმენი ვართ. მინდა ყურადღება მივაქციო კიდევ ერთ მხარეს, რომელზედაც აქ არ თქმულა: ეს წიგნი აგებულია ფოლკლორულ მასალაზე, სახალხო მატიანეებზე და პირადად ჩემთვის საინტერესო იმით იყო, რომ ხალხური ისტორიების ხასიათი დამანახა.”



პროფესორი მანანა კვაჭანტირაძე: “ მე მეორეჯერ წარვადგენ ამირანის წიგნს. პირველი წარდგინება ლიტერატურის ინსტიტუტში მოხდა. თავს უფლებას მივცემ, ვთქვა, რომ ამ წიგნზე საუბარი არ მომწყინდება .. როგორც ბესიკ ხარანაულის “ამბა ბესარიონშია” ნათქვამი, ჩვენ გადასასვლელზე ვიმყოფებით და უნდა გვახსოვდეს, ვინ ვართ. ბატონი ამირანის წიგნი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს ამას ..”
პროფესორი ტარიელ ფუტკარაძე: “ არსი არ აქვს ბოროტებას, არსი აქვს სიკეთეს. ბატონმა ამირანმა არსი წარმოგვიდგინა. მადლობა მას ამ წიგნისთვის ..”


მწერალი ქეთევან შენგელია: “ მწერლობას აქვს დიდაქტიკური და შემეცნებითი ფუნქცია, რაც ხშირად ავიწყდებათ ლიტერატურათმცოდნეებს.. დღეს აზრთა სიჭრელეა რაინდობის გაგებასთან დაკავშირებით და სწორედაც რომ საჭირო იყო დეზორიენტირებული საზოგადოებისთვის ნამდვილი ვაჟკაცობის შეხსენება...”


თუმიშა ხანგოშვილი: “მე არ ვარ შემოქმედი და ხელოვანი ადამიანი, მაგრამ არ შემეძლო არ მოვსულიყავი და რამდენიმე სიტყვა არ მეთქვა ამირან არაბულზე. ჩვენ დიდი ხანია ერთმანეთს ვიცნობთ. ხევსურებთან და ფშავლებთან ურთიერთობა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როგორც ღრუბელი ისრუტავს წყალს, ისე ვისრუტავდი ამ ურთიერთობას ბავშვობიდანვე... ამირან არაბულმა გაიზიარა ჩვენი, ქისტების, ტკივილი. როცა წავიკითხე გაბრიელ ჯაბუშანურის წიგნის “ჰოი, ღილღოს დაღრუბლულო ცაო” წინასიტყვაობა, მე აღმოვაჩინე მეორე ამირან არაბული... პანკისიდან მამამ დამირეკა და დამავალა, აუცილებლად დავსწრებოდი ამირან არაბულის წიგნის პრეზენტაციას და მთელი ქისტების სახელით მეთქვა მისთვის მადლობა...”

ბმული - http://sangu.ge/index.php?do=static&page=arabuli

study


Last edited by Admin on Wed Nov 07, 2012 12:48 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ამირან არაბული   Tue Oct 25, 2011 11:59 pm



წიგნის დასახელება – "უჟამო ჟამის რაინდი" (რომანი-მენიპეა)
ავტორი – მიხო მოსულიშვილი
რედქტორი - ელზა მეტრეველი
მხატვარი - თენგიზ მირზაშვილი
კომპიუტერული უზრუნველყოფა - დათო დუგლაძე, ლია ქიტიაშვილი, მაკა ცომაია, ნინო სოზაშვილი, ნინო ბუჩუკური
კორექტორი - ნანა ჭულუხაძე
კონტრ-კორექტორი - მაკა ვარაზანაშვილი
გამოცემის წელი: 1999
გამომცემლობა: "ბესტსელერი"
დაიბეჭდა - შპს "მარსის" სტამბა, სტანისლავსკის ქ. # 8
გვერდების რაოდენობა – 398
ყდა – რბილი
ტირაჟი - 2500
ჯილდო - პირველი პრემია 1998 წლის 28 დეკემბერს თბილისის მერიის, ახალგაზრდობის საქმეთა თბილისის სამმართველოსა და წიგნის მოყვარულთა კავშირ "ბესტსელერის" ლიტერატურულ კონკურსში



ამირან არაბული

“ზეცას მიდიან საქართველოს დიდი მხედრები!”

(წინათქმა მიხო მოსულიშვილის რომან-მენიპეასათვის “უჟამო ჟამის რაინდი”, თბილისი, ბესტსელერი, 1999)

ანდრონიკაშვილების გვარის შვიდი თაობის მხატვრული ისტორია, მოთხრობილი მიხო მოსულიშვილის მრავალგანზომილებიან, უაღრესად საგულისხმო რომანში “უჟამო ჟამის რაინდი”, ავბედითი ამბებისა და მოვლენების ისეთ წახნაგებს წამოსწევს და წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის არცთუ შორეული წარსულიდან, ძალდაუტანებლად რომ იჭრებიან, იბეჭდებიან მკითხველის მეხსიერებაში და კიდევ ერთხელ მიმართავენ მზერას წაღმა-უკუღმა მბრუნავი საწუთროს მისტიკური იდუმალებით მოცული სიღრმეებისკენ...
ცხოვრების გამუდმებულ დუღილსა და ორომტრიალში ლამის თხემამდე დაძირულ ერს არა აქვს იმის არანაირი უფლება, მიივიწყოს და უყურადღებობის უკაცრიელ კუნძულებზე გარიყოს მოაქჟამამდე გამოვლილი გზის თვით უმცირესი მონაკვეთიც კი, გინდაც ერთი გოჯისა თუ ნაბიჯის ოდენა, თუკი სურს, თავისი ნამდვილი სახით ჩანდეს ცოდვითდაცემულ კაცთა მოდგმის საერთო ფონსა და ფერხულში.
ბევრჯერ შეყრილა ივერიის “ფირუზ” ცაზე პირაშკმული საავდრო ღრუბელი. სისხლის ცხელ წვიმებს გადაუვლია მის მაღლობებსა თუ ვაკე-ველებზე და, ღვთის ნებით, უკიდურესი განსაცდელის ჟამს, გამოჩენილა გმირი, სამშობლოს ერთიანობის შეგნებით გულგათანგული და გულანთებული მეომარი, ვისაც გეზგამრუდებულ და გზადაკარგულ თვისტომთა თავკაცობა და მეოხმყოფობა უდვია თავს...
გმირის დაბადების მტანჯველად მტკივნეული განცდა, წინამძღოლის ზეგარდმო მადლით ცხებული პერსონის გარდაუვალი მოვლინების რწმენა და იმედი უცხო და უცნობი არასოდეს ყოფილა ჩვენი სიტყვაკაზმული მწერლობისთვის...
უჟამო ჟამის რაინდი, ვინც უნდა იტვირთოს გოლგოთაზე ასატანი ჯვარის “საამური” სიმძიმე, ჩანს და არცა ჩანს, ისევე, როგორც არსებობს და არც არსებობს ის სამოსახლო, ანდრონიკაშვილებისა და სხვა საჩინო საგვარეულოთა სოფელი, - თავისი განუმეორებელი ისტორიით და სიძველის გაუნელებელი სურნელით, - რომლისთვისაც ძალზე ზუსტი, ზედგამოჭრილი და ერთობ მეტყველი სახელი “არჩანდა” დაურქმევია რომანის ავტორს.
ფაქტობრივად, აქ, არჩანდაში იწყება ნარეკლიანი, ღადე-ღუდე გზა და, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე, აქვე მთავრდება. იკვრება წრე და ამ წრეშია მოქცეული დროჟამული განზომილების თვალსაზრისით საკმაოდ ვრცელ სარბიელზე განფენილი დიდი თუ მცირე რეზონანსის მოვლენათა მონაცვლეობა და არასწორხაზოვანი დინება...
“იჟამებს ჟამი, იხანებს ხანი, იდროვებს დრო და...”
კონკრეტულ საგნობრიობაზე მინიშნებას მოკლებული ეს ფრაზა რეფრენივით გასდევს მთელ რომანს და მოიარებით შეგვახსენებს, რომ ამქვეყნად მდგრადი და უცვეთი არაფერია; რომ ყველაფერს აუხსნელი ბედისწერის უხილავი ხელი მართავს; რომ მეტისმეტად მყიფე, მოჩვენებითი და ეფემერულია ადამიანის ბედნიერება; რომ მიწყივ წინმსწრაფი დროის ხან დაწმენდილი და ხანაც მღვრიე მდინარე შეუჩერებლივ მიდის და მიარღვევს თავის თაღოვან ნაპირებს, ნაპრალებს და დაუნდობლად მუსრავს ყოველივეს, რაც მისი კანონზომიერების ჩარჩოებში ვერ ჯდება, ვერ თავსდება...
რომანის ახალი დროის თითქმის ყველა პერსონაჟს თავისი პროტოტიპი ჰყავს, რომელთაც ავტორი შესანიშნავად იცნობს (ანდა იცნობდა) და, ამდენად, სულაც არ სჭირდება ისეთი რამის შეთხზვა და გამოგონება, გაბერვა და გაზვიადება, რაც მათს ინდივიდუალურ სახე-ხასიათებს არ ესატყვისება; რაც სინამდვილეს გაამრუდებს და ყალბ ნოტებს შეიტანს სიუჟეტის დინამიკურ განვითარებაში (დაკვირვებულ მკითხველს, ალბათ, არ გაუძნელდება თავზეხელაღებული ბიჭების ქცევასა და მოქმედებაში გია ჭანტურიას, ზურაბ ჭავჭავაძის და ეროვნული მოძრაობის სხვა თვალსაჩინო ლიდერთა პიროვნული ნიშან-თვისებების ამოცნობა).
ფარული ორგანიზაცია “გიორგი” და ამ ორგანიზაციის წევრები _ ვაჩე ანდრონიკაშვილი, გელა ჯორჯიკია, დაჩი ოჩიაური, ესიკო ისარლიშვილი, კახა და ჯონდო იამანიძეები _ მიზნად ისახავენ “მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის გზით” რუსეთის მართვა-გამგეობისგან სამშობლოს განთავისუფლებას. მათი კონსპირაციული საქმიანობა _ ჟურნალ “ამირანის” გამოცემა, პროკლამაციების გასავრცელებლად მზადება და საიდუმლო შეკრებები _ მსხვერპლზე დაგეშილი და უნდობლობაზე დაფუძნებული უშიშროების ფხიზელ თვალს არ გამოპარვია. მართლმორწმუნე რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის ერთგულ ჩინოვნიკებს პირადი კეთილდღეობა და სამსახურებრივი კარიერა ბევრად მეტი უღირთ, ვიდრე ღირსებაშელახული ქვეყნის ეროვნული თავისუფლება და დამოუკიდებლობა, ამიტომაც დარაჯობენ და კვალდაკვალ მიჰყვებიან სულფონ მომავალზე მეოცნებე ახალგაზრდობის ყოველ ნაბიჯს; მალულად უთვალთვალებენ, სდევნიან, მათ “აყვანას” გეგმავენ და წინდაწინ ტკბებიან თავიანთი ჟანდარმული მოღვაწეობის მომვალი შედეგებით...
ხუთწლიანი პატიმრობიდან თბილისში დაბრუნებული ვაჩე (თიკუნად _ “ლორდი”) ანდრონიკაშვილი გამოცდილი კაცის თვალით უყურებს, ზომავს და აფასებს ქვეყნის ბედსა თუ უბედობას, პოლიტიკურ ატმოსფეროს, თავისი მეგობრებისა და თანამოაზრეების საქციელს, საქმიანობას... მას შესწევს საამისო ძალა და ნებისყოფა, მაცდურ წინადადებაზე უარი თქვას, ცივი გონებით განჭვრიტოს მოსახდენი, გულსითქმას არ აჰყვეს, წამიერად თავდავიწყებას მორალური სისუფთავე ამჯობინოს და საკუთარი ნიჭი, სულიერი ენერგია და ციხის აუტანელ პირობებში შეძენილი გამოცდილება ძმადშეფიცული თანატოლების სანუკვარი სურვილის აღსრულებას მოახმაროს.
ვაჩე ანდრონიკაშვილი ჯიშიანთა მოდგმის ღირსეული წარმომადგენელია.
მის წინაპარ-წინამორბედთა ბიოგრაფიები აღსავსეა ჰეროიკული სულისკვეთებით და უნებლიე მარცხით, საარაკო გამარჯვებებით და სამარცხვინო ფურცელბით...
მალხაზი, იოანე, არჩილი, სოლომონი, სუსლიკა, პაატა, ვაჩე, პაპუა... ყოველი მათგანის თავგადასავალი ხან ირიბი და ხანაც პირდაპირი ანარეკლია იმ ჭირვეული ჟამისა, როცა მათ მოუწია ცხოვრება და თავიანთი შესაძლებლობების გამჟღავნება, სულიერი ძალ-ღონის მიმართვა ქვეყნის სარგოდ თუ საზიანოდ.
მწერალ-მემატიანეს რჩეული ანდრონიკაშვილებისთვის “შიშიონები” შეურქმევია, რაც ომში მათ უდრეკობას, მტერზე დამზაფრველი ზეგავლენის უნარს აღნიშნავს.
“შიშიონებიც” გაკრეფილან, სათითაოდ გარდამხდარან, ვალმოხდილნი გასულან ამა სოფლის სამანს იქით და მიჰბარებიან “ველსა მწვანილოვანსა”, თვალს მიჰფარებიან და შთამომავლობისთვის განძად და ანდერძად დაუტოვებიათ ქველნი საქმენი, “ბრძოლსა შინა” სიმხნე, სიჩაუქე, შემართება და კიდევ... თავიანთი ძვალთშესაგი ვეჯინის ღვთაების ეკლესიის ეზოში და სამგალავნიანი ციხე, “მთელს წინამხარს რომ გადაცქერის არწივის ბუდესავით”...
მიტოვებული ეკლესიის ლავგარდანზე გასული და სნაიპერებისაგან დაცხრილული ვაჩეს სიკვდილისწინა ხილვა-ჩვენებაში ერთსულ იქნება შთამომავლობა დიდი და სწორუპოვარი მალხაზ ანდრონიკაშვილისა, ისტორიის კუთვნილებად ქცეული ლეგენდარული პიროვნებისა, ღართის კარის, ყარააღაჯისა და მათხოჯის ბრძოლების უებრო გმირისა, სანიშნო ორიენტირად რომ მოჩანს ათწლეულთა და ასწლეულთა ბურუსოვან შორეთში...
რომანს გამოკვეთილ ლაიტმოტივად გასდევს ორგემაგე რუსეთის როლის ხვედრითი წილის საკითხი რიცხოვნებით მცირე ერების ცხოვრებაში.
ერთია პუშკინის, ტოლსტოის თუ დოსტოევსკის რუსეთი, თავისი წონადი წვლილი რომ შეუტანია კაცობრიობის სულიერ ფასეულობათა საგანძურში, ხოლო მეორე _ თვითგამორკვევის გზების მაძიებელი ხალხების წინააღმდეგ ფარულად თუ აშკარად მებრძოლი იმპერია, ზნეობასთან მწყრალად მყოფი და საწყაულაღუვსებელი, არანაირ ხერხს რომ არ ერიდება, ოღონდაც თავის მტაცებლური ჟინი დაიცხროს და დაიკმაყოფილოს.
“მახსენდება, რუსნი როგორ იხოცებოდნენ იმ ბრძოლებში, _ ამბობს თავადი არჩილ ანდრონიკაშვილი, _ კარგი, ბატონო, გასაგებია, მე ოსმალოს ვებრძვი, მამულს მართმევს და არ უნდა მივცე, ამდენი სკვითი სალდათი რაღაზე კვდება, რა დააშავა, დაეტოვებინათ თავის სტეპებში, ხორბალსა და კარტოფილს მოიყვანდა, ძროხას აბალახებდა, ღორს გაზრდიდა, ითევზავებდა, თეთრ არყის ხეებზე შემომსხდარ ჭილყვავებს მოსუმენდა, არაყს შეხვრეპდა, “ჩასტუშკებს” ვერ იმღერებდა თუ “გალოპს” ვეღარ იცეკვებდა უკავკასიოდ?..”
“ეშმაკეულით შეპყრობილ” რუსეთის უმაღლეს ხელისუფალთა დამსახურება იყო ლევან ბატონიშვილის მკვლელობა. მათივე დაკვეთითა და დავალებით მოქმედებდა საქართველოში ძლიერი, კარგად ორგანიზებული აგენტურა, ჩანასახშივე რომ ცდილობდა ყოველივე ეროვნულის, ნიშატით ქართულის აღმოფხვრას, წაშლას და ამოშანთვას...
გენერალი მიხეილ შულმანი, კაგებეჩნიკი დევი ტოტოჩავა, ჩეკას საგანგებო რწმუნებული სიღნაღის ზონაში ლევან ჭიჭინაძე, იურა (იუდა) ნასრაძე თუ “კომანდორად” წოდებული ალექსანდრე ლებედ-ყანჩაველი თავიანთი ძალმომრე მბრძანებლის ყურმოჭრილ მონებად ქცეულან, მის მითითებებს ასრულებენ და კარიერის კიბის კიდევ ერთი ხარისხით მაღალ საფეხურებს ელტვიან, ეპოტინებიან.
რთული, უკუღმა ნაქსოვი და, თავისი არსით, ტრაგიკულია გენერალ შულმანის, იგივე “სამეფო კობრას” (ეს მეტსახელი ქვებუდანმა ტოტოჩავამ შეარქვა მას), ბიოგრაფია.
ვაჩეს მამის ანაკრიზა მოჰფენს ნათელს მის ქვეადამიანურ ბუნებას. 1956 წლის 9 მარტს შულმანი ვაჩეს მამას, პაატას შეიწირავს, ცოდვებით დამძიმებული მღვდელს აღსარებას ეტყვის და მისი რჩევით დაობლებული ოჯახის მფარველობას თავადვე იკისრებს.
ნატო ავალიშვილმა არ იცის, რომ მისი ქმრის მკვლელი შულმანია და თავისი ნებით მიჰყვება ცოლად, ხოლო როცა საიდუმლობას ფარდა აეხდება და გაიგებს, ვის სარეცელს იზიარებდა, თავის თავს “გველის ბუდედ” მოიხსენიებს და სამართებლით ვენებგადაჭრილი “მოთრიმლულ ბურუსში, დავიწყების ნისლში გაუჩინარდება”.
შულმანის წადილი და მცდელობა, თავისსავე აღსაზრდელსა და გერს (შვილად რომ თვლის და შვილივით უყვარს) მოახლოებული ხვედრი აარიდოს (“შენი მტერი უკვე აღარ ვარ... შენს დაღუპვას არაფრისდიდებით აღარ დავუშვებ...”), უშედეგოდ მთავრდება. მოსკოვში მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა მამაზეციერსაც აღარ ძალუძს და გიორგობა ღამეს მიტოვებული ეკლესიის ეზოში შეკრებილ “კომპანიონებს” სამაგალითო სისასტიკით ამოხოცავენ. გადარჩება მხოლოდ დაჩი ოჩიაური, რომელსაც ყველაზე მეტად სამი რამ იტაცებდა “ამ თახსირ ცხოვრებაში”: ბრაზილიური ფეხბურთი, “ბითლზი” და ცხენები. ტყვიების ზუზუნში მიწყდება და მიიკარგება გენეტიკური კოდის კარნახად აღსაქმელი მისი წამოძახილი: “გამაგრდით არხოტივნებო, გატეხით რა იქნებისა!..”
სამწუხაროდ, შეთქმულთა შორისაც აღმოჩნდება გამცემი და მოღალატე, მანამდეც საეჭვოდ მოსაქმე, “მყისიერი აბსურდის, ანუ უაზრობის დიდადი შეგრძნებით” გონდალიბრული ესიკო ისარლისვილი (ევსეი ისარლოვი). ის იმთავითვე განზე გამდგარი და განაპირებული იყო მეგობრებისაგან. მასაც უყვარდა გერბებისა და გობელენების ხელმარჯვე მქსოველი სულამით აბაშიძე, მაგრამ ამ სიყვარულშიც, ისევე, როგორც მის ყოველ სიტყვასა და ქმედებაში, შიში თამაშობდა გადამწყვეტ როლს. შიში აჩოქებდა სულამითის ფეხებთან; შიშმა დააბეზღებინა ბიჭები და, საერთოდაც, ისეთი ადამიანი, ვისაც ცნობილ ნარკომანებთან, ვანიჩკასთან და ნიკუშასთან ჰქონდა საქმე დაჭერილი, ეროვნული მოძრაობის უღლის გამწევად, ცხადია, ვერ ივარგებდა, ვერ გამოდგებოდა...
ნერვების დაწყვეტამდე დაძაბული სიტუაციების ჭრილში, შუბლზე დრაკონის წითელ ვარსკვლავიანთა მხრიდან გაყოველდღიურებული დევნისა და დარიელობის პიროებებში, ადამიანის არსის წიაღ დავანებული წმინდა გრძნობების წარუვალობად იკითხება წრფელი სიყვარული ვაჩე ანდრონიკაშვილისა და სულამით აბაშიძისა.
ხატწერის სინატიფის მხატვრულ ქსოვილში წარმოსახავს მწერალი ვაჩეს განცდებს სულამითის მიმართ: “მიყვარხარ, მიყვარხარ, ჩემო შუაღამეო! _ ჩურჩულებდნენ მისი (სულამითის _ ა. ა.) ბაგეები, ნატიფი ხელები, თლილი თითები, თმის ჩანჩქერები და ის დაუჯერებლად ლურჯი თვალები”.
გადასახლებიდან ვაჩეს დაბრუნების შემდგომ კვლავ გრძელდება მათი ჩაშლილი ურთიერთობა. ახალი ძალით იფეთქებს სიყვარული. წარსულის უამურ სურათებს დრო წაშლის. დროებით დაშორიშორებული საფერი წყვილი პაპუას უზრდის არა მხოლოდ ანდრონიკაშვილთა საგვარეულოს, _ იმ პაპუას, აფხაზეთის ომში რომ მოუწევს მონაწილეობის მიღება და დახეიბრებული გმირი მამის ანდერძის აღსასრულებლად ჩადის არჩანდაში: უჟამო ჟამის რაინდი უნდა იპოვოს!..
ვაჩეს და სულამითის საქორწინო მოგზაურობის ამსახველ ეპიზოდებში ყურადღებას იქცევს უცხო ქვეყნის ისტორიის სისხლხორცეული განცდა. ისე ხელშესახებად არის წარმოჩენილი ტალინის ხუროთმოძღვრული ძეგლები თუ სხვა ღირსშესანიშნაობანი, პროფესიონალ გიდსაც რომ შეშურდება. უცხო ცის ქვეშ მყოფი წყვილის თვალსაწიერში ისევ და ისევ მათი ბედნავსი სამშობლო დგას. და ესტონეთიც იმიტომ უყვართ, იტაცებთ და ეთავისებათ, განვლილი გზით და აწმყოთი საქართველოს რომ წააგავს _ ერთსაც და მეორესაც რუსი აზის კისერზე და ორივე ლამობს მისი გავლენის მოჯადოებული რკალის გარღვევას, მისგან გასვლას და განთავისუფლებას...
განსხვავებული ფსიქიკისა და შინაგანი მიდრეკილების მქონე ბიჭების წრეში მოულოდნელად მოხვედრილი, ბათუმიდან ოქროსუბნელების მიერ ჩამოყვანილი მშვენიერი მარიცა ქაჩიბაძე, ვისთვისაც ქუჩა-ქუჩა წანწალი და თავისი მომხიბვლელი სხეულით ვაჭრობა უსწავლებია უშეღავათო ცხოვრებას, უეცარ ფერისცვალებას განიცდის და შეძლებისდაგვარად ეხმარება, მხარში უდგას და უთანაგრძნობს მასზე მზრუნველ მეგობრებს.
მეძავობაზე ეთრთხელ და სამუდამოდ უარნათქვამი მარიცა გელა ჯორჯიკიას გაჰყვება ცოლად და მასთან ერთად იაზრებს და იზიარებს ურთულეს დროის უკუღმართობებს...
ქართველ დიდგვაროვანთა ერთი ნაწილის მანკიერი ბუნება, არაერთგზის რომ ქცეულა ეროვნულ უბედურებათა გამომწვევ მიზეზად, ცხადლივ არის გახსნილი და გამოვლენილი ერთურთის მოქიშპე და ნიადაგ მოჩხუბარი ძმების _ ცრუ სოლომონის და ყალბი მალხაზის უმიზნო ყოფა-დროსტარების მაგალითზე. მათი დარდიანი დედა, ბარბარე ამილახვარი ფიქრობს, და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ “ძველთა დროთა საგმირო საქმენი ახლა კომედიად უქცევიათ იმის ონავარ ბიჭებს”. ცხოვრება ხომ ისედაც “უცნაური და უთქმელია”, ტრაგედიისა და კომედიის პერმანენტული მონაცვლეობაა, მაგრამ ის, რასაც ადამიანურობის გასაგისდაკარგული ძმები სჩადიან, კაცებრივი სიმდაბლის ყოველგვარ საზღვარს სცილდება. ბრძოლის იმიტაცია, რაც სუფრაზე ოსმალური, ყიზიბაშური, ლეკური, სკვითური თუ ეროვნული კერძების, ტკბილეულისა და ნაირ-ნაირი სასმელების შემოტანასა და სმა-ჭამაში გამართულ შეჯიბრში სახიერდება, სატირლობამდე სასაცილო მდგომარეობაში აყენებს ძმებს. ფარეშები, მემწდეურები, ტოლუმბაშები, მროკველები და მომღერლები ხელს უწყობენ “საომარი” სულისკვეთების ამაღლებას და ძმათა შორის უაზრო დაპირისპირების გაღვივება-გაღრმავებას. ნაყროვანებაში გამარჯვებული მძლევლად ითვლება, ხოლო დამარცხებული -ძლეულად... ორთაჭალის ბაღები. ქეიფი და ქალები... შეჯიბრი ღვინის, პურის, თაფლის, მწევრების... სამანდაუდებელი ტრაბახი და თავმომწონეობა... აი, სადამდე შეიძლება დაეცეს და დამდაბლდეს დამბადებლისგან სულ სხვა მოვალეობათა მოსახდელად მოწოდებული Homo sapiens-ის ზნეობა და, რაღა გასაკვირია, ასეთ “მამულიშვილთა” ხელში სასიკვდილოდ გადაგებული სნულივით გმინავდეს და კვნესოდეს ქართული მიწა...
ურგები შვილების შემყურე დედა დონ კიხოტებად ზრდის შვილიშვილებს, ისეთებად, თვით სიკვდილსაც რომ არ შეუშინდებიან, არაფრად ჩააგდებენ და ამ გზით ცდილობს ანდრონიკაშვილთა მოდგმაში გაჩენილი საბედისწერო ბზარის გამთელებას...
დონკიხოტობის მოტივი ნაწარმოების სხვა ეპიზოდებშიც გახმიანდება. ვთქვათ, ამგვარად: “მალხაზიც, მეფე სოლომონ მეორეც, პატარა კახიც, ლევან ბატონიშვილიც, თავად ბებია მარიამ-მაიაც დონ კიხოტის თარგზე არიან მოჭრილნი _ სამართლიანობის დასამკვიდრებლად იბრძოდნენ, როგორც შეეძლოთ, თავისუფლებას შეეწირნენ...”
შემთხვევითი არც ისაა, რომ რომანში რამდენიმეჯერ გაიელვებენ შთამბეჭდავი სახეები ისეთი ეროვნული გმირებისა და მოღვაწეებისა, როგორებიც გახლავთ სოლომონ დოდაშვილი, სოლომონ რაზმაძე, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ორბელიანი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი...
რომანის სიუჟეტურ ქარგაში ორგანულად არის ჩასმული და ჩაწერილი არქიმანდრიტ იოსტორსის “ცოდვილი ხელით” შექმნილი “იდუმალებათა სკივრი”. მასში სხვადასხვა ენაზე, “შიშიონების” ანუ ანდრონიკაშვილების საგვარეულო ქრონიკებია გადმოცემული. ამ წიგნის თანახმად, “შიშიონთა” თვალზურმუხტოვანი მოდგმა “სამარადისო არსებობისათვისაა ხელდებული უფლის მიერ”. იქვე წერია: “სკვითთა ბატონობის ხანას, იგივე ჟამიანობას შიშიონთა შვიდი თაობის კაცნი განასრულებენ, რომელთაგან პირველი მალხაზი იქნება. იქიდან ყოველი კენტი ჭეშმარიტების გზას დაადგება. ყოველი ლუწი გადაუხვევს და ოდეს წინაპარნი გაახსენდება და გამოეცხადებიან, მოდგმის წყევლა წამოეწევა და უღმერთოდ მოკვდება და აღესრულება, გარდაცვალებისა გარეშე. მეშვიდე მხედარი იმ დრაკონს შეებრძოლება, სკვითნი რომ შეუპყრია, მიიცვლება და გამარჯვებული წარმოდგება ზეციურ ქალაქში...”
“იდუმალებათა სკივრი” თეონა მდივანმა თარგმნა გასაგებ ენაზე. მასთან შეხება ცხოველ ცნობისწადილს აღძრავს და აღვიძებს სარდაფში განმარტოებულ გენერალ შულმანის არსებაში. “ამ წიგნის აზრით... თქვენ ქრისტეს საყვარელი რაინდი ხართ, ჯვარისმტვირთველი”, - მიმართავს “სამეფო კობრა” მოულოდნელად მასთან მისულ ვაჩეს. ხოლო თავად კაცთკითხული იოსტოსი შემდეგს ბრძანებს: “იდუმალებათა სკივრში” დავწერე, რომ მეშვიდე თაობის მერე არწივთაებრ განჭაბუკდება შიშიონთა მოდგმა და ჰა, წავიდე და ვახილვინო ვაჩეს ძეი თვისი, პაპუა!”
ვაჩე “შიშიონთა” მოდგმა-მოდენილობის მეშვიდე თაობაა. მას ხვდა წილად დრაკონთან შებმა. ვაჟკაცურად დაეცა უთანაბრო ჭიდილში და სული უფალს მიაბარა. წესით და რიგით, მის მომდევნო თაობებში უნდა გამოჩნდეს უჟამო ჟამის (resp. მზიანი ღამის) ნამდვილი, ჭეშმარიტი და არა ცრუ, ყალბი, თვითმარქვია რაინდი...
ავტორისეული თხრობა, მეტწილად, აპრობირებულ ისტორიულ ცნობებსა და წყაროებს ეყრდნობა, ემყარება, მატიანეთა ჩვენებებს მიჰყვება. ამის გამოა, რომ რომანის კითხვისას წუთითაც არ გვტოვებს დოკუმენტური დამაჯერებლობის მშვენიერი განცდა. არათუ ისტორიული პირები, თითქოს სამარის ლოდებიც ამეტყველებულან და ჩვენამდე მოაქვთ ცეცხლის მცხუნვარე ალით განათებული ნაომარი წარსულის ძალუმი სუნთქვა. ლოკალური თუ საქვეყნო მასშტაბის ღირსსახსოვარი ამბები მხატვრული სიტყვის ნიუანსების შეგრძნებასა და შესაძლებლობაში კარგად გაწაფული და დახელოვნებული მწერლის მიერ არის ასახული. რად ღირს თუნდაც ნაწარმოების ის მონაკვეთი, სადაც მამა ზირაქისთვის, გიჟასთვის და დათიასთვის ხმლით თავების მოკვეთის შემზარავი ამბავია მოთხრობილი. გულქვა და ქვებუდანი რწმუნებული ლევან ჭიჭინაძე სეირის ყურებით ტკბება: ბიძა-ძმისშვილების თავებს ფერდობზე დააგორებინებს ხელქვეითებს _ ვისი თავი გაასწრებსო... ცინიზმი და სისასტიკე ამაზე შორს ვერ წავა!..
საქმე ისაა, რომ მსგავსი რისხვა მართლა დატრიალებულა კახეთის სინამდვილეში, სახელდობრ, თვით ავტორის წინაპრების თავზე და მოგვიანებით _ მთაში, თუშეთში: ჯერაც ცოცხალია რამდენიმე კაცი, ვისაც ახსოვს 1943 წლის 18 მარტი, ის ტრაგიკული დღე, როცა ტყის ნადირივით ჩახოცეს სამანელები, ადამ ბობღიაშვილს და ფანცალა იმედიძეს თავები მოჰკვეთეს და მთის დამრეცი ფერდობით ხეობაში დააგორებინეს - ვნახოთ, რომელი ვაცი აჯობებსო (წვერმოშვებულები ვაცებს შეადარეს)!..
“უჟამო ჟამის რაინდი” ძველი თუ ახალი დროის დადებით თუ უარყოფით პერსონაჟთა სიმრავლითაა ნიშანდებული. მართალია, ყველა გმირის სახე-ხასიათი თანაბარი მხატვრული ოსტატობით ვერ არის გამოკვეთილი, მაგრამ მთლიანობაში თითოეულ მათგანს სავსებით გარკვეული ფუნქცია აქვს დაკისრებული.
მატყუარა, ენაზე წალმოუდებელი ქევხა აკარაკი და მისი ცოლი _ არჩანდელი დიაცი, “ლეჩაქმოხდილი და შეგინებული”, კახეტის აჯანყების დამწყები; იოსტოსის მსახური გიორგი მახარობლიძე; არჩანდელი ბერი ქიტესა მოსულიშვილი; თადია ჩოლოყაშვილი; გონიერი აღმზრდელი და დამრიგებელი მაია-მარიამი; მღვდელი გრიგოლ ყამბარაშვილი; “რითმა-რახუნა” პოეტი დიმიტრი ბერიევი; ულამაზესი ფრანგი ქალი, ანეტ დ’ანვილი; გიჟას ნანდაური, ეფემია; შტაბს-კაპიტანი ლევან შალიკაშვილი; პორტ-არტურში ნაომარი, ჩინური ორთაბრძოლის “კუნგ-ფუს” დიდოსტატი, საკვირველი ბერიკაცი, მეწისქვილე ჭრუტა მიხა _ აი, არასრული სია მწერლის მიერ ხორცშესხმული და ამეტყველებული იმ გმირებისა, რომელთაგან თუნდაც ერთ-ერთი მათგანის გამოკლება ნაწარმოების სიუჟეტურ-კომპოზიციას სრულყოფილებისთვის აუცილებელ უმნიშვნელოვანეს შტრიხებს დაუკარგავდა...
მალზახ ანდრონიკაშვილის დაკრძალვაზე მისი მგლოვიარე მეუღლის, მარიამ ბატონიშვილის სიტყვების _”საით, საით გაგიწევია, მალხაზ?!” _ პასუხად მწერალი არქიმანდრიტ იოსტოსს ათქმევინებს: “ზეცას მიდიან საქართველოს დიდი მხედრები!”
ეს არ გახლავთ ფუყე პათეტიკა, გაუცნობიერებლად დაცდენილი “ჟამთა მომხელავი” კაცის ბაგეს. ამ მოხდენილი ფრაზით ქრისტიანული რწმენისა და მსოფლმხედველობის არსებითი ასპექტია აქცენტირებული: სამშობლოსათვის სისხლდათხეულ მეომართა სხივოსანი სულების მარადიულ სამკვიდრებლად ცათა სასუფეველი მოაიაზრება. მათ ხომ ტლანქ მიწიერ ვნებებთან და ბიწიერებასთან აღარაფერი აკავშირებს. ქრისტეს წმინდა მხედართა გარდაცვალების შემდგომი სამყოფელი ზედროული განზომილებისაა, რომელსაც ამქვეყნიური შური, ლექი და ღვარძლი აღარ ეკარება...
ერის სასიკეთოდ ნაღვაწ რჩეულ პიროვნებათა საქმე და სახელი დავიწყების კურუმ ხაროში არ იძირება. მათი ტანჯული ცხოვრება და ყოფის ყაიდა ზნეობრივი გაკვეთილია შთამომავალთათვის...
თვით ავტორის მიერ იოსტოსის “იდუმალებათა სკივრის” გარდათქმად სახელდებული რომანის ერთი უმთავრესი სათქმელიც ხომ სწორედ ესაა.

1998 წლის დეკემბერი


ანდრონიკაშვილების საგვარეულო გერბი

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ამირან არაბული   Tue Sep 24, 2013 5:50 pm



წიგნის დასახელება – „სულუქცევრად საკითხავნი“
ავტორი – ამირან არაბული
რედქტორი - იოსებ ჭუმბურიძე
გამოცემის წელი - 2013
გამომცემლობა - „ინტელექტი“
ISBN 978-9941-446-42-9
გვერდების რაოდენობა – 308
ყდა – რბილი

ანოტაცია - „ეპიკური თხრობის, რაციონალურ მარცვალთა გამოცალკევების, ხანდაზმით საუბრის, ფილოსოფიური წიაღსვლებისა თუ წიგნის დინჯი, ჩაბეჯითებული კითხვის შესაძლებლობა დღევანდელობისთვის ლამის დაუძლეველ დეფიციტად იქცეს; აშკარა დეფიციტად და ერთგვრ ფუფუნებად, რაც, გარკვეულ მიზეზთა გამო, პერიფერიების მკვიდრთათვის უფროა მისაწვდომი, ვიდრე უშეღავათო ურბანული სინამდვილის შემთხვევით თუ ნებაყოფლობით ბინადართათვის...

ამიტომაც მძლავრობს ტენდენცია სხარტსა და ექსპრესიულ ჟანრობრივ სადინარში ნაფიქრ-ნააზრევის მოქცევისა. ხოლო საამისოდ ძალზე ეფექტური და პოპულარულია "ჩანაწერების" ფორმატი. შეგიძლია სულმოუთქმელად წაიკითხო (ზოგიერთი გამოტოვო კიდეც, თუკი დასათაურებამ არ მიიქცია შენი გულისყური), წამისუმალ "დაიგემოვნო", გააშინაგანო და დიდი ესთეტიკური სიამოვნებაც განიცადო.

"სულუქცევარი" სიტყვა "სულმოუთქმელის" ხევსურული შესატყვისია. ეს დიალექტური ცნება-ტერმინი საკარგყმო თასისა თუ ყანწის ერთი მოყუდებით, ერთი ამოსუნთქვით დაცლას გულისხმობს: "გადავსვამ სულუქცევრადა, ტანჩი შამისხდან ცხრონია"... მთავარი კი მაინც ის არის, რითია სავსე სასმისი – ნათავედით თუ წყალწყალა, წაკანჭული ღვინით. განსაჯოს ჭეშმარიტმა ჭაშნაგირმა – გულიანმა, გემოვნებიანმა მკითხველმა“.

(ავტორის შესავლიდან)


ბმული - https://www.facebook.com/photo.php?fbid=212582158901508&set=a.134432323383159.28061.134428423383549&type=1&theater
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 3983
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ამირან არაბული   Fri Mar 31, 2017 12:00 am

ამირან არაბული

ღილღოს ნგრეული აულების მოზარე

„... მხილველთა მტერთა მისთა განიცინნეს გარდასახლვასა ზედა მისსა“.
გოდება იერემიასი


„მიმიღე, როგორც მკვიდრი ღილღველი და ვყაროთ რამლი ჩვენი ხვალისა, კვლავ თუ მოგვაშთობს მაინც ნაღველი, ვიმღეროთ საგა ზელიმხანისა“, _ მიმართავდა გაბრიელ ჯაბუშანური `უნჯ სპათაგან~ დაცლილ, ოდინდელ მკვიდრთაგან იძულებით მიტოვებულ, უკაცურობით დაღონებულ კენტ აულს და თავს მოვალედ რაცხდა, უსაშველო დარდი და ვარამი განექარვებინა უკეთური ძალების მიერ შეუბრალებლად აკლებულ-ატიალებული ქისტეთის მიწა-წყლისთვის.
საყოველთაოდ არის ცნობილი, რა ჯოჯოხეთური რისხვა იწვნია ჩეჩენმა და ინგუშმა ხალხმა 1944 წლის 23 თებერვალს. ეს იყო არნახული სისასტიკით და მუხანათური დაუნდობლობით დაღდასმული გენოციდის დღე სულით მტკიცე და ბუნებით ამაყ, თავმოყვარე მთიელთა ცხოვრებაში.
ათასობით ქალი და კაცი, ხანდაზმული, ბავშვი და ჭაბუკი ერთ დღე-ღამეში ძალით აჰყარეს მამა-პაპათა მიწიდან და შორეულ ყაზახეთში გადაასახლეს ...
საბჭოთა იმპერია ფეხქვეშ თელავდა თავისუფლებანატრული `ურჩი~ ერების ყოველგვარ ადამიანურ ღირსებას; რბევა-აწიოკებით ემუქრებოდა და ტერორით თრგუნავდა თავის შემადგენლობაში შემავალ მცირერიცხოვან ხალხებს, ყველას, ვინც ყურმოჭრილი მონის მორჩილებით არ არსულებდა მის ბატონკაცურ, ახირებულ ნება-სურვილებს ...
და როგორც ითქვა, ვერც ჩეჩნეთ-ინგუშეთის მოსახლეობა გადაურჩა თავისი არსით და მასშტაბით ამ შემაძრწუნებელ რეპრესიას ...
იმ დროისათვის ჯერ კიდევ საკმაოდ წელმაგარი, ხოლო დღეს გაქრობის ყუაზე მიმდგარი ხევსურეთის სოფელი არხოტი, სადაც გაბრიელ ჯაბუსანური დაიბადა. ქისტეთის (ღილღოს) ტერიტორიას ესაზღვრება და მდინარე ასას (ანუ არხოტის წყლის) სათავეებში მდებარეობს ...
1944 წლის გაზაფხულზე, ასე, აპრილის შუა რიცხვებიდან, როცა თოვლები აშრა, ყინულები დადნა და სამთაბარო გზები გაიხსნა, საარსებო სახსრის მომატების მოიმედე არხოტელებმა დედა-ბუდიანად მიაშურეს სულ ცოტა ხნის წინათ გაპარტახებულ ქისტეთს; ცხენებს აჰკიდეს თავიანთი მწირი ქონება, საოჯახო ავლადიდება და მაჰმადიანთა აულებში გაიჩინეს ახალი ბინა-სამყოფელი. ნოყიერი მიწა, ზომიერი კლიმატი და გაცილებით ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ოჯახების რჩენა-შენახვას უიოლებდა საჯიხვეების (არხოტის თემის ერთ-ერთი საოფლის სახელწოდება `ახიელი~ ქისტურად საჯიხვეს ნიშნავს!) სიმაღლიდან შედარებით დაბლობ ადგილებში ჩამოსულ ხევსურებს.
1941 წლიდან გარკვეულ მიზეზთა გამო თბილისიდან კვლავ არხოტს დაბრუნებული გ. ჯაბუშანური მშობლებთან და თანასოფლელებთან ერთად ქისტეთში ჩასახლდა და მთელი ჩვიდმეტი წელიწადი `ღილღოს მღვრიე ცის~ ქვეშ გაატარა.
ეს იყო წლები უჩვეულო პოეტური განცდებისა, სათქმელის ახალი მხატვრული ფორმების დაუცხრომელი ძიებისა და თვითდადგინების მტკივნეული პროცესისა, შემოქმედებითი ზრდისა, წრთობისა და აღმავლობისა ... მიუხედავად შემოქმედებითი შრმომისთვის ჰაერივით საჭირო ელემენტარული პირობების უქონლობისა, პოეტი მაინც ახერხებდა გონებრივი გარჯის შეთავსებას მთიელი კაცის ცხოვრებისთვის ჩვეულ ფიზიკური ენერგიის უშეღავათო ხარჯვასთან; სხვების დარად უძღვებოდა `სამეურნეო-გლეხურ საქმეებს~. ხნავდა, თესავდა, მკიდა, თიბავდა, იღებდა და აბინავებდა წლიურ სარჩო-საბადებელს, მაგრამ `ცეცხლის დღეებშიც~ ნახულობდა საკუთარ თავთან განმარტოვების ნანატრ წუთებს. მუშაობდა თავდაუზოგავად. ბევრს წერდა და კითხულობდა. პოეზია იყო მისი დაუდეგარი სულის საოხი და თავშესაფარი. სწორედ ღილღოში შექმნა მრავალი შესანიშნავი ლექსი, რამდენიმე პოემა და ბალადა. იქვე აწარმოებდა დღიურებსა და ლიტერატურულ ჩანაწერებს. პოეტის ხელნაწერ რვეულებში თითქმის ყოველი ლექსის ბოლოს ზის მინაწერი მსგავსი ხასიათისა: `დღე აულ ოლგეთში (ღილღო)~; `დილა ხამხის მინდორში~; `აული რკინისკრიანთა~, `ნახირში ყოფნისას~, პირველი იების ხილვა~, `ბინდბანდი მზისპირში~, `ხარებს ვეძებ~ და ა.შ.
ღილღოსადმი მიძღვნილი ლექსებითა და ბალადებით გ. ჯაბუშანური ჩვენს წინაშე წარმოსდგება, როგორც სიმწარენაგემი ქისტი ხალხის დანავსული ბედის მოზარე და მისი გაუყუჩებელი ტკივილების მოზიარე პოეტი, ვინც `დღე ყოელ~ გოდებს და ვალალებს ნგრეული, მიწა-მყარს გარეული, ღვიძლ ძეთაგან და ნამდვილ პატრონთაგან დაცლილი და განძარცვული ბედკრული აულების გამო.
გაბრიელის მგრძნობიარე გულს ლახვრად ხვდებოდა გაცქიოტებული აულების სავალალო ყოფის ყველა დეტალი და ჩიოდა, რომ `გაცრეცილ სახლებს დალეწილი სტკივათ ფერცხლები~.
მაინც რამ შეძრა და შეაძრწუნა ყევლაზე უფრო არხოტიდან ღილღოში ჩასული პოეტი? რა იხილა, მოისმინა, ინიშნა და განიცადა იქ ისეთი, რისი ამოშლა და ამოშანთვაც ადამიანის გულ-გვამიდან შეუძლებელი ხდება ხოლმე?
ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, უაღრესად საგულისხმოა ბალადა `ორი ძაღლი~, რომლის წერაც 1944 წლის 28 მაისს, ე.ი. ღილღოს მიწაზე დასახლების პირველსავე დღეებში დაუწყია ავტორს.
ბალადის შინაარსი, ზოგად ხაზებში, ასეთია: მზისპირში ანუ იგივე აულ ოძიკში პოეტს დახვდა ორი ძაღლი _ ერთი თეთრი და მეორე შავი, რომლებიც თითქოს ადგილის ურვათს სთხოვდნენ მას: ცოფმორეული ხმით უღრენდნენ და `ობოლ აულს~ ურვით უვლიდნენ გარს. ღამით უგზო-უკვლოდ გადაკარგულ პატრონს უხმობდნენ `ძაღლური ძახილით~, ხოლო დღისით ნაწყენნი იწვნენ, `მდურვით უმზერდნენ ცას უმიზეზოს~ და ხანაც `ერთმანეთს გლეჯდნენ უწყალოდ~.
ძაღლებს განსაკუთრებით თოფისა ეშინოდათ, რადგან მათი პატრონი თოფით განდევნეს აქედან ...
ბოლო დროს შავი ნაგაზი მოლბა, მოტყდა და მიენდო უცხო სტუმარს, ხოლო თეთრმა `არც ხორცს და არც პურს პირი არ ახლო~.
კენტი მყეფარის მოთქმის მოწმე ბელადის ლირიკულმა გმირმა ძილი და მოსვენება დაკარგა, თითქოს ამ მიდამოთა გავერანების ერთი მიზეზი ის ყოფილიყოს, სინამდვილეში კი _ `ღილღო დაღუპა მისივე სისხლის თავაღებულმა ველურმა შფოთმა~.
გამოხდა ხანი. საგონებელში მყოფმა ძემ კაცისა თეთრი ნაგაზიც დაიზავა და სავზე მეტად დაიახლოვა, თუმცა ერთმანეთში მათი მორიგება მაინც ვერ შეძლო ...
და ასე, ინათებდა თუ არა, შორეული აულების დავლას და ნადავლის შეგროვებას იწყებდნენ სამნი. ხოლო აულებში გულის ამკლებ სანახაობას აწყდებოდა თვალი: სახლის პატრონის მიერ ნათალი, დაუმთავრებელი სკამი, რომელზედაც ის ვეღარასოდეს დასვამდა სტუმარს; დალეწილი კოვზი და ჯამი; ძირს დაყრილი ქეჩა და სასთუმალი; კედელს მიხლილი სიმინდის ძარი; მოუწველი თხა; `ჯერ კიდევ ქისტის ბავშვდაუწვენი~ ახალთახალი აკვანი; გადასლილ ყურანზე ცვილის სანთელივით დარჭობილი ნატეხი ხანჯლის; ჩამსხვრეული მინები; სველი და ცივი კერა; სახლის ზღურბლზე მწოლიარე მკერდანფოთარი ძაღლი; მოზარეთა დარი ციხე-კოშკები და ... აკლდამებიდან ჩონჩხთა ბღავილი ... ერთი სიტყვით, `აქ ყველა სახლი ისე გამოსჩანს, როგორც არწივის დაცლილი ბუდე ...~
ღამ-ღამობით, როცა `ვარსკვლავები _ ქისტის ქალები~ სამასლაათოდ ჩამოსხდებიან, სხვის ბინას შეხიზნული `საწუთროს მწირი~ თავზე ოცნების ჯიღას იდგამს და მეცხრე ცის მიღმა გაურბის ამქვეყნიურ წვრილმან-საზრუნავს.
გაერთგულებული მყეფრებიდან ერთი ზღურბლზე წევს და უიღბლო მსხემის სიმშვიდეს დარაჯობს, ხოლო მეორე სახლს უვლის გარშემო და `ყეფით აფეთებს ჩრდილთა სერობას ...~
პოეტის წარმოსახვაში ეს ორი ძაღლი მისივე ბედ-იღბლის ორგემაგეობასთან არის ასოცირებული: შავი კაეშნის ნიშანია, ხოლო თეთრი _ იმედისა. ეს უკანასკნელი დღე და ღამ ილტვის დაღლილი, უსასოო მდევნელისაგან და ხანდახან, უძილობით გათანგულ ადამისძეს, ავი ზრახვა გაუვლის გულში: ზურგიდან წამოეპაროს და ბოლო მოუღოს კაეშანს _ შავ მყეფარს, მაგრამ წამიერ აფეთქებას ისევ დინჯი განსჯა ენაცვლება და გაფოთებული გულიც წყნარდება; წყნარდება იმის შემცნობი, რომ წუთისოფელი სხვა არაფერია, თუ არა აწეწილ-აწრიალებული და აქოთებული აული. დარს დელგმა მოსდევს, ბედს _ უბედობა და, დაე, იცოცხლოს ორივე ძაღლმა _ თეთრმაც და შავმაც, ვითარცა სიკეთისა და ბოროტების, დღისა და ღამის, იმედისა და დარდის მატერიალურმა განსახიერებამ!..
ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ პოეტმა სატანური სულის მიერ დათრგუნული და გაცამტვერებული, უღვთოდ გაქელილი და განწირული ერთი კუთხის კონკრეტული აულები მთელი ქვეყნიერების სიმბოლურ მიკროხატად წარმოგვიდგინა და ამ გზით თავის ტკივილიან სათქმელს მეტი აზრობრივი სიღრმე, ემოციური მუხტი და ფილოსოფიური ხმოვანება მიანიჭა.
`ორი ძაღლიდან~ საცნაური და სიმპტომატურია ერთი მომენტიც: სხვის მიწა-წყალზე დამკვიდრებული, უკაცრიელ სოფელში მისული და დასახლებული, იქაურობისთვის უცხო და უცნობი ადამიანი მიწყივ სინდისის ქენჯნას განიცდის (`... ვინც მიტოვებულ ქისტის აულში დღეს დავთარეშობ, როგორც ყორანი ...~) და თუმცა იოტისტოლა ბრალიც არაფერში მიუძღვის, მაინც დამნაშავედ გრძნობს თავს, თითქოს მასაც ედოს წილი ცხრა მთას იქით ღილღველთა განდევნასა და გადაკარგვაში ...
იმისდა მიუხედავად, რომ მისთვის აქ მახლოებლი და მშობლიური არაფერია, ისეთი, რაზეც ადამიანს გული შეიძლება შესტკიოდეს, მაინც ესხვარიგება და ეხამუშება ღილღველთა ეთნოგრაფიული ყოფისთვის ნიშანდობლივი ადათ-წესების ასე უცაბედი გაქრობა და განქარება, გარდასულთა დღეთა ცეხლოვანი რიტმების ჩაწყვეტა და ჩაჩუმება. თემსა და მოლას ასპარეზი მიუტოვებიათ და მათ მაგივრად ჭოტი და ლანდები ასრულებენ სამიმწუხრო ლოცვის საიდუმლო რიტუალს: `ჰხამს მოლას ლოცვა მიძინებულ თემს დარაჯობდეს, მაგრამ განქარდნენ მოლაც, თემიც _ მრუმე ძილივით; ძველი მეჩეთის მინარეთზე შემჯდარა ჭოტი და ლანდებს ლოცვად მოუწოდებს მუეძინივით ...~
იქ, სადაც უწინ ალაჰის მძაფრი ქება ისმოდა, სადაც `აბრეკობდნენ აბრეკები, ჯიგიტობდნენ ჯიგიტები~, ახლა ჩაქცეული მიწურები, დანგრეული აკლდამები, ტანზე ხავსაცურებული ქავები და ქვითკირები ზარავენ მზერას ... ხოლო ღამის უღრანებში, როცა მიდამოს კუპრისფერი უკუნი ფარავს, შეშფოთებულ მკვდართა დიალოგი იმართება; ჩონჩხები `უძრაობის დღისეულ ნიღაბს~ იხსნიან და აკლდამებიდან ბაასით გარეთ გამოსულნი შემზარავად ხითხითებენ ...
და ეს ყველაფერი, მიუხედავად წარმოსახვისმიერი დეტალების საგრძნობი სიჭარბისა, რეალური ვითარების მეტყველი უკუფენაა-ესოდენ მკაცრი, ცხადი და დამაჯერებელი.
თვითონაც ამ აულებივით თავმარტო და მიუსაფარი ნანგრევთა შორის დაიარება და საწუთროს დაუნდობლობით დაელდებული გულის გამაგრებას ისევ სევდიანი სიმღერებით ცდილობს ... და ყოველივე ამწუთიერად არსებულის მიღმა დროის დინებას გაყოლილი ღილღველთა ცხოვრების გუშინდელი დღეები ილანდება; დღეები რომლებიც აღსავსე იყო ტკივილითა და სიხარულით, სიძულვილითა და სიყვარულით, დაუნდობლობითა და ერთგულებით, მოკლედ, კაცთა ყოფისთვის განუყრელი კონტრასტული ხმებით და ფერებით ...
პარტახ აულებში წელიწადის ყველა დრო თავისებურად ფერნაკლული და უსიცოცხლო ეჩვენება პოეტს. ირგვლივ იმდენად მძიმე და სულისშემხუთველი სამარისებული სიჩუმეა დასადგურებული, რომ საგაზახულოდ მისრეთიდან დაბრუნებულ მერცხალსაც კი უჭირს აჟღურტულება ... დაუნჯებული ციხე-ბურჯები, ზღურბლზე ამოსული ჭინჭარი და ჩამქრალი კერიისაკენ ჯიქურ შამბი თვალხილული ნიშანია აქაურობის მართლაცდა საბედისწერო მდგომარეობისა.
აი, კიდევ ერთი მრავლისმთქმელი წიბო თუ წახნაგი გულის გამგლელი უამრავი სახილველისა: `შენ რომ იყავ, _ ის აული ოხერი მოარბიეს, უღვთოდ მოაპარტახეს, ენატრებათ შენი ყელის მოღერა ციხეების ჩაბნელებულ ჩარდახებს ...~
გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსებისა და ბალადების ღილღური ციკლი მთლიანობაში შეიძლება დახასიათდეს, როგორც ერთგვარი იერემიადა, _ ნათქვამი არა კიდე-კუნჭულამდე ნაცნობი მშობლიური ქვეყნის, კუთხისა თუ სოფლის დარბევისა და გაბედითების, არამედ ენით, ეროვნებით და სარწმუნოებით სრულიად სხვა ხალხის ძველთაძველი სამკვიდრებლის მოშლისა და გაპარტახების გამო. და აქ, პოეტის ამ მხურვალე მოთქმა-ვაებაში, პირადადამიანური მწუხარების კერძო გამოვლინებაში მკაფიოდ ჩანს, საზოგადოდ, ქართველი კაცის, ქართველი ერის ჰუმანური ბუნება გაიგოს და გაითავისოს სხვათა უბედობა, მხარში დაუდგეს და გაამხნევოს განსაცდელში მყოფნი.
შეიძლება ვცდები და მაინც მგონის, რომ ღილღველთა, და საერთოდ, ვაინახური ტომის ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა ტრაგიკული ისტორიის ხვეულებში წვდომის, ამ ისტორიის ცალკეული პერიპეტიების აღქმისა და მხატვრული ასახვის მხრივ გ. ჯაბუშანურის პოეზიას თვით ქისტი პოეტებისა და ხალხური მელექსეების შემოქმედებაც კი ძნელად თუ გაუტოლდება ...
ღილღური ციკლის ლექსებში, სადაც ზედაპირზე ძევს და იოლად იცნობა იქაური ლანშაფტი, პეიზაჟი და ყოველ სტროფსა თუ სტრიქონში ქისტეთის `თალხი მთა-ხევით და ბინდბუნდებით~ მონაბერი სიოს სუნთქვა ისმის, მკვეთრად განირჩევა ორი სიბრტყე, ორი განზომილება: ერთი, რომელიც უშუალოდ ეხება პოეტის არსებას და თავისი დამზაფრველი სიმკაცრით ტრაგიკულ ტონალობას მატებს მის პოეტურ სიტყვას (`... თეთრი სუდარა გადაჰკვრია მთა-კლდეს და ხევებს, ჩამკვდარა უკაცო სოფელი ...~), ხოლო მეორე ფიქრსა და ოცნებაში წარმოსახულ სამყაროს საზღვრავს, სამყაროს, რომელიც გვხიბლავს და გვიზიდავს პირველქმნილი ინტიმით, სადა მშვენიერებით, მიამიტური რომანტიკით და რაღაცნაირად ვაჟკაცური სულისკვეთებით (`აგერა, გაღმა ის ნისლი, ქარმა რომ გამააქცია, აღმა რომ მოერეკება და შესვენებას არ აცლის, ნანატრის გაცხადებითა ქალადამც გადააქცია და მარტო მიტოვებული მე შემახვედრა ქარაფში ...~).
და აქ, პოეზიის ამ რომანტიკული ქსოვილის შრეებში ძალდაუტანებლად ჩნდება და შემოდის ლირიკული ნაკადი, შემოდის სახება ქისტის აულის ჰადიშათისა, რომელიც სხივმნათ არსებად მოჩანს ღილღოს ჩაქუფრული დღეების ფონზე.
იავარქმნილ სამოსახლოში პოეტი პოულობს ჰიდიშათის სურათს; მისი არც ღიმილი უნახავს, არც ხმა სმენია და არც ატირება; მაგრამ, მიუხედავად ამისა, ცხადად წარმოადგენს ტანლატანა ქალწულის მშვენების, ქალწულისა, ვისაც შესაძლოა, სწორედ ის ჭერი ეფარა, სადაც ახლა მისი ეშხით განწირული მწირი ათენ-აღამებს ... `როცა მტირალი სტოვებდი ღილღოს, ალბათ გდიოდა ცრემლის ცხრა მილი, მე ის მდუღარე დღეს ღაწვებს მილბობს და შენს მაგიერ ვაგრძელებ ტირილს~, _ ამბობს ავტორი და სურს, წრფელი თანალმობით გაჯერებული ლექსის სტრიქონი მალამოდ დაადოს სხვა ეროვნების ადამიანთა ღია, სისხლმდინარ იარებს ...
`უტეხი შამბით~ გადაფარული ღილღოს აულები დრო-ჟამის მსახვრალ ხელს შეუმუსრავს კუშტი კოშკების მშენებელთა ძვლები აკლდამებში იშლება ... ასეთ გარემოში სანუგეშო თითქოს არაფერია, მაგრამ ამ უსიხარულო განწყობილებას უცებ აცისკროვნებს და ახალისებს მწყაზარი ასულის გამოჩენა: `მომავალო ქისტის ქალო, ლაღად მოემართები, ირხევიან მოფართქალე შენი მკერდის ვარდები ... წელს მარტყია სატევარი, ხელთ მიპყრია ხირიმი, მოისწრაფე, ჩემო მთვარე, ჩემო თეთრო ირემო...~
პოეტს ვერ აუხსნია, რანაირად დაიმკვიდრა მის ოცნებაში აგრერიგად საჩინო ადგილი უნახავი ქისტის ასულის შორმა ხატებამ: `... შენდამი ტრფობა, მიკვირს, სად იშოვა, უცნობს უცნობის ლახვარი მეხო~.
ქისტეთის სანახებში ნისლიანი ბილიკებით მოხეტიალე მარტოსული წარმო¬სახვაში ძერწავს (უფრო ზუსტად, აღადგენს) არცთუ ისე დიდი ხნის წინანდელ, აქ რეალურად არსებულ იდილიურ სურათს (`აქ აძოვებდი ნახირს, ჰადიშათ ...~) და ეძებს ნაკვალევს, რომელიც აქედან დევნილ უცნობ სწორფერთან მიაახლოვებს. მაგრამ `ღილღოს დაღრუბლული ზეცა~ სასიკეთოს არაფერს ჰპირდება, მოწყენილ აულებს უწმინდეს ცრემლს აწვიმს და სასურველი მომავლის უპერსპექტივობის განცდას ერთიორად ამკვეთრებს და აცხოველებს: `დღეს ის ქალი სად დაგოგავს, ნეტავ, სად იგონებს მშობელ მთებს და უსასოოდ ტირის ... იქნებ ჩაქრა თვალთა მისთა ღვარი, გამოაკლდა დობილებს და შეერია ქაოსს ...~
ბედისაგან მიტოვებული, დემონივით მარტო პოეტი მუდამ თანმხლები ლაღი ოცნებით მრუმე წარსულის წიაღში იწყებს მოგზაურობას და დღის სინათელზე ამოაქვს საწუთროგაწირულ `აულის მდგმურთა~ ტრაგიკული სიყვარულის ნაღვლიანი ამბები, მათი სულის დუღილი და ღაღადისი ...
და თავადაც მწვავე სახმილის ცეცხლით ნადაგი `ვაების ცრემლებში გაწურვილ~ მწუხარე ბალადას უმღერის მზექალს, უკარება ნანდაურს, ვინც თითქოს მისი გამუდმებული ურვისა და წამების მიზეზად მოავლინა ტგანგებამ ამ ქვეყანაზე ...
`ბალადა ქვაკაცზე~ ღილღოშია შექმნილი. ბალადის თითოეული სტროფი და ტაეპი აღმავალი მხატვრული ექსპრესიით არის აღბეჭდილი. ავტორის პირადი განცდები მარჯვედ და მოხდენილადაა დაკავშირებული ნაწარმოების პერსონაჟთა სამიჯნურო თავგადასავალთან ... შთამბეჭდავია გმირთა მხატვრული სახეები. სამუ¬დამოდ გვამახსოვრდებიან ახმედი, სულთანი, სამარძი, ფეტიმატ და ზეზიკი. `მურთაზის მზისფერი ქალი~ ბალადის კითხვისას არ გვტოვებს განცდა, რომ ავტორი საფუძვლიანად იცნობს ღილღველთა ადათობრივ ნორმებს, წეს-ჩვეულებებს, წადილსა და მისწრაფებებს, საერთოდ, მათ სულიერ სამყაროს; იცნობს და ზუსტ ფსიქო¬ლოგიურ მოტივირებას უძებნის გახელებული რაყიფებისა და მათი სატრფოს ყოველ, მიმოხვრას, გამოხედვასა თუ გადაწყვეტილებას ...
ვრცელი მოცულობის ბალადაში სათანადო მხატვრული ეფექტის შექმნას განაპირობებს სიუჟეტის განვითარების შინაგანი კანონზომიერებით ნაკარნახევი პერიოდული გამეორება რომელიმე ტროპული სახისა თუ მთლიანი სტროფისა. ასე მაგალითად, მცირე ვარიაციული სხვაობით რამდენიმეგზის მეორდება შემდეგი სახიერი სურათი: `მბჟუტავი კოცონი წითელი ენითა კვეთავდა უკუნეთს შავსა. სადღაცა ძაღლები ძიძგნიდნენ ღრენითა სულთანის საფერხის თავსა ...~
მღვრიე სულის მღაფავი ღამეა ბალადის გმირთა ვნებების უსაზღვრო სარბიელი. მათი სვე და ცხოვრების გზაც ღამესავით უნათლო და მწუხარეა. მიდიან სამზეოდან და თან მიაქვთ განუხორციელებელი სურვილები, მტკივანი გულები და ნატვრა სანიაზო სიზმრების კეთილად ახდენისა ...
`იქ, სადაც ოდესღაც ზეზიკი იმღერდა~ და ჯიგიტები ჯირითობდნენ, მძვინვარე ომის ამდგვლეულ წლებში სხვა ჯიშისა და რჯულის ხალხი დასახლდა ... ახლა მათ აღვივეს კერა ღილღოში. მაგრამ, როგორც წესი, მიწა მუდამ უხმობს და უყივის თავის შვილებს. `და ასე მგონია, _ ბუდეი დაცლილი არწივებს აწვევსო ჯერაც ...~ და მართლაც, თითქმის ორი ათეული წლის განმავლობაში ყაზახეთის ველებზე ნაცხოვრები და ნაგვემ-ნატანჯი ღილღველები მშობლიურ მიწაზე დაბრუნდნენ ...
გადასახლებიდან უკან დაბრუნებულ ქისტებსა და მათ სამშობლოში დროებით მცხოვრებ ხევსურებს შორის არანაირ უკმაყოფილებას, შუღლსა და გაუგებრობას ადგილი არ ჰქონია. პირიქით: გაქენცილი სამოსის ამარა თავის მიწა-წყალს დაპატრონებულმა არაერთმა ღილღველმა დაიწყო მოშლილი მეურნეობის აღდგენა-განახლება ხევსურებისაგან საჩუქრად დატოვებული სამეურნეო იარაღითა და თითო-ოროლა სული წვრილფეხა თუ მსხვილფეხა საქონლით ... ეს იყო ისედაც ხემოკლე მთიელთა დიდსულოვნების უხმაურო, მაგრამ, თავისი მნიშვნელობით, დაუვიწყარი მაგალითი. ხნიერ ქისტებს დღემდე ახსოვთ ქართველების მხრიდან იმხანად გამოჩენილი სითბო და თანადგომა ...
`როგორც ქისტებმა, კარგა ხნის წინათ, _ დატოვეს ღილღო არხოტელებმა~.
გაბრიელ ჯაბუშანურიც სამუდამოდ გამოემშვიდობა ღილღოს მთებს.
`30 ივლისს უკანასკნელად დავთვერი ხამხაში (ღილღო). ხანჯლით ვეტიე მეზობელს და 31 ივლისს, ალბათ სამუდამოდ, მივატოვე ღილღო ... რაღა დამრჩა ღილღოსი? _ ბევრი კარგი მოგონება, იქ დაწერილი ბევრი ლექსი, პოემა, ბალადა ... ბევრი სევდა, ტანჯვა, წამება ... ღილღოს დამრჩა: დედის, მამის ლეოს და მზექალის საფლავები ... ეს, მიდის და მიდის ეს წყეული ჟამი~, _ წერს პოეტი 1961 წლის 17 აგვისტოთი დათარიღებულ დღიურში.
გასრულდა ღილღოს აულებში კენტობისა და მარტვილობის ჩვიდმეტი წელიწადი.
მანამდეც ბევრჯერ განუზრახავს და გადაუწყვეტია `დასაქცევი~ მთების ტყვეობიდან გათავისუფლება (ჯერ კიდევ 1946 წელს ამბობდა: `მშვიდობით! _ ჩემი გათავდა ყავლი, გტოვებთ კოშკებო, დაღლილნო ჟამით ...~) და თბილისს დაბრუნება, რათა მთელი თავისი ასრებით მისცემოდა ლიტერატურულ ცხოვრებას, მაგრამ გარშემო მყოფთათვის ბოლომდე შეუცნობ მის `მწვე~ წადილს ახდენა არ ეწერა და გარემოებათა გამო ბედს დანებებული კვლავ ღილღოში განცდილ ტკივილსა და სიხარულს `ალეწდა მელექსის ფარ-ხმალს~.
და როცა დადგა დღე ღილღოდან სამუდამოდ აყრა-აბარგებისა, გ. ჯაბუშანურს გულის-გულში უკვე ძალზე უმძიმდა იქაურობის გაწირვა, უმძიმდა თუნდაც იმის გამო, რომ ღილღოს მიწაზე ტოვებდა მშობლების, მრწემი ძმის, ბიძისა და სიშმაგემდე სასურველი ნანდაურის საფლავებს ... `ყოფნის დიდი ზამთრის~ პირისპირ მდგარი დღენიადაგ თავის ხვედრს ემდუროდა და მოკვდავთათვის აქამდე უპასუხოდ დარჩენილ მწარე კითხვას სვამდა: `ნეტავი, სულს რომ მიდგამდა, რასა ფიქრობდა განგება?~.
... ოდესღაც მოსისხლე და მოშუღლარ (`ქისტებსა, არხოტივნებსა დღე-შუ სისხლის წყალ უდისა~, _ ნათქვამია ერთ ხალხურ ლექსში), ერთურთის გზა-კვალზე გამუდმებით მზერადადარაჯებულ ქისტებსა და ხევსურებს შორის ნამდვილადამიანური ნდობა, გაგება და თანაგრძნობა დამყარდა იმ ავადსახსენებელი რეპრესიის შემდგომ ხანებში. ჩვეულებრივ ამბად იქცა საძმო და სამეგობრო განზრახვით ღილღველთა და არხოტელთა ერთმანეთთან მისვლა ... მოსვლა ...
ღილღველთა აულებიდან აყრილი ხევსურების უმეტესობამ ბარს მიაშურა საცხოვრებლად. ნაწილი კვლავ `სხვა ქვეყნის სამოთხეზე~ გაუცვლელი სალი კლდეების კალთებს შეეხიზნა ... გაბრიელ ჯაბუშანური ჯერ დარიალის ხეობაში, სოფ. ლარსში დასახლდა (`მე კი დარიალს შემოვდექ. _ უთვისტომო და მარტვილი ...~), ხოლო მერე თბილისს ეახლა და თვალუწვდენელი ქალაქის შფოთით და ზირწუთი მოუსვენრობაშეყრილი ჟამ-ჟამ ისევ მთებს გადაღმა დატოვებულ არხოტსა და ღილღოზე ოცნებობდა (`შენ მგოსნის გული გაუყავ არხოტს და მკერდში ლექსის დამეც დანები~, _ იტყვის პოეტი მოგვიანებით ღილღოსადმი მიძღვნილ ერთ ლექსში).
... და თუკი ვინმეს გული ეწურვოდა და ეღვენთებოდა იმ ცოდვა-ბრალით აღსავსე წლებში განუკითხავი ძალმომრეობის მორიგ მსხვერპლთა გამო, თუკი ვინმე მართლა გრძნობდა და თავისობდა მშობლიურ ბუდეს ძალით აგლეჯილი და ყაზახეთის უსახურ ველებზე წასხმულ ქისტების ზარავანდივით მწარე ხვედრს, ერთი პირველთაგანი მათ შორის უსათუოდ გაბრიელ ჯაბუშანური გახლდათ, ხატ-ღმერთის წინაშე პირსწორი კაცი და ჭეშმარიტი პოეტი, ვინც, ყოვლისშემძლე განგებისა თუ წერა-მწერლის ნებით, საკუთარი სიცოცხლის თითქმის მესამედი ღილღოს პარტახ აულებში გახარჯა.

Arrow
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ამირან არაბული   

Back to top Go down
 
ამირან არაბული
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ესეებისა და კრიტიკოსთათვის-
Jump to: