არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 მალხაზ ასლამაზაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: მალხაზ ასლამაზაშვილი   Thu Jul 28, 2011 10:02 am


Malkhaz Aslamazashvili

მალხაზ ასლამაზაშვილი

მალხაზ გიორგის ძე ასლამაზაშვილი დაიბადა 1955 წლის 28 ივლისს, ქალაქ თბილისში. 1984 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეარალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი, დრამის რეჟისურისა და ტელერეჟისურის სპეციალობით (პედაგოგი – მიხეილ თუმანიშვილი). 2000 წელს იუნესკოს პროგრამით – საერთაშორისო ჟურნალისტიკის კურსები.
1984 წლიდან მუშაობდა თელავის, სოხუმის, ჭიათურის, ცხივნალის, მესხეთის, კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრების დამდგმელ რეჟისორად.
1993–2010 წლებში, სხვადასხვა დროს იყო სახელმწიფო ტელევიზიის მეორე არხის, ტელეკომპანია "მეცხრე არხის", "იმედის", საზოგადოებრივი მაუწყებლის პროგრამების მთავარი რეჟისორი, სახელმწიფოთაშორისი ტელეკომპანია "მირის" სამხატვრო ხელმძღვანელი, საზოგადოებრივი მაუწყებლის მესამე არხის ("პირველი კავკასიური") მთავარი რეჟისორი.
2009 წლიდან ასწავლის ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ტელე და კინორეჟისურას. არის თელავის დამოუკიდებელი ტელევიზიის ერთ–ერთი დამაარსებელი. მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალების პრიზები.

პრიზები:
* ტელესერიალის საუკეთესო სცენარი, "ათაგენუსი" – 2002
* საფრანგეთის ქალაქ ნანტის ტელეკინოფესტივალის INPUT-97 ლაურეატი, დოკუმენტური ფილმისათვის "კედლების მიღმა შემოდგომაა" – 1997
* მოსკოვის მთავრობის სპეციალური პრიზი იალტის კინოფსტივალზე Вместе–2000 მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისათვის "ვინა არის მოჩვენება?"

ბმულები:
* ეროვნული ფილმოგრაფია - http://www.geocinema.ge/ge/rejisor.php?kod5=415
* ლიბ.გე - http://lib.ge/authors.php?776
* ფეისბუკი - http://www.facebook.com/profile.php?id=1243965395
* Малхаз Асламазашвили - http://ruskino.ru/art/6170
* Асламазашвили Малхаз Георгиевич - http://www.kino-teatr.ru/kino/acter/m/post/6795/bio/
* Малхаз Асламазашвили - http://www.actorsbd.ru/?link=ppl&id=1832
* АСЛАМАЗАШВИЛИ Малхаз Георгиевич - http://www.rusactors.ru/a/aslamazashvili/index.shtml
* Биография АСЛАМАЗАШВИЛИ Малхаза Георгиевича - http://www.mega-stars.ru/actors/aslamazashvili.php

study



Last edited by Admin on Thu Nov 17, 2011 2:31 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ ასლამაზაშვილი   Thu Jul 28, 2011 10:20 am

მალხაზ ასლამაზაშვილი

ილა
(მოთხრობა)

დეკემბრის ბოლო დღეს გადაუღებლად თოვდა და მთებში ჩაკარგულ სოფელს აქა-იქ მოციმციმე შუქით თუ გამოარჩევდით. სოფელი, ცოტა არ იყოს, ხმამაღალი ნათქვამია, _ სულ სამი სახლი და ერთი კოშკი იდგა. ისედაც გათითოკაცებულს, ზამთრობით ორიოდ სულიერი თუ შემორჩებოდა ხოლმე.
ჩანავლული ბუხრის გვერდით, ფარდაგგადაფარებულ, სიძველისაგან გაშავებულ, ორნამენტებიან, სავარძლისდაგვარ ხის სკამში დედაბერი იჯდა. ყინვა ნელინელ სახლშიაც აღწევდა. გამხმარ და გაყავისფრებულ თითებს სიცივე თანდათან ერეოდა და სულ უფრო ანელებდა ჭრელი წინდის ქსოვას.
-ტყუილად წვალობ, შვილო, მაინც არ აინთება. _ დედაბერმა საქსოვს ხელი უშვა, უსისხლო თითები მოისრისა, შალი უფრო მჭიდროდ შემოიხვია და გახევებული მტევნები შიგ შემალა. ძირს დავარდნილმა წინდამ ქვის ცივ იატაკზე პატარა, ჭრელი და თბილი ლაქა მოხატა.
-ოხ, ვინც ჩვენ დაგვწყევლა, იმის დედა...
-არ შეიგინო! _ დედაბერმა შვილიშვილს ასაკისთვის შეუფერებელი, ყმაწვილურად ცელქი თვალებით შეხედა. _ ახალი წლის წინ გინება არ შეიძლება.
-ახალი წლის წინ ბუხარში ცეცხლი რომ არ ინთება,
ის შეიძლება? _ ზურამ ახრჩოლებულ შეშას მუქი ლიტრიანი ბოთლიდან ნავთის ბოლო წვეთებიც დაასხა და ასანთს უიმედოდ გაჰკრა. შეშა ცოტათი აალდა, მერე ჩაიწვა და ისევ ახრჩოლდა.
-ტყუილად წვალობ- მეთქი, ძალიან კარგად იცი, რომ ამ სახლში ცეცხლი ჯერ არც ერთ პარასკევ დღეს ანთებულა და ვერც ამჯერად აანთებ. აი, გახდება თორმეტი საათი და ნახავ, როგორ მოეკიდოს!
-კარგი რა, ბები, შეშაა ნედლი და იმიტომ არ ეკიდება. როგორ ვერ მოვიფიქრე გაზის პატარა ბალონის წამოღება.
მეორე ოთახოდან ნინო გამოვიდა.
-რა ქენი, ვერ აანთე?
-ვერა.
ზურა წამოდგა, სკამზე გადაკიდებული თბილი ქურთუკი მოიხურა, სკამი მინავლულ ბუხართან ახლოს მისწია, ჩამოჯდა და ჯიბიდან სიგარეტი ამოაცურა.
-კიდე კარგი, ამას მაინც ეკიდება. _ სიგარეტს მოუკიდა და ანთებული ასანთის ღერი ბუხარს მიუგდო. ის კი, რაღა თქმა უნდა, ჩაქრა.
გარეთ რომელიღაც ცხოველის კივილი გაისმა.
-რა იყო? _ ნინოს გააჟრჟოლა.
-ტურა, _ უპასუხა დედაბერმა. _ მაგათაც სცივათ, შვილო.
ნინო ფანჯარას მიუახლოვდა.
-როგორ თოვს! _ მერე საათს დახედა, _ ჯერ ხუთი საათიც არ არის და უკვე დაღამდა.
-ასეა, მთაში ადრე ღამდება. _ ზურა ნინოს მიაცქერდა, _ შეგეშინდა?
-არა. _ ნაძალადევად გაიღიმა მან.
-ხომ არა ნანობ, რომ წამოვედით? _ ჰკითხა ზურამ.
-რას ამბობ, პირიქით, პირველად ვხვდები ახალ წელს ასეთ . . ასეთ . . -სიტყვა ვეღარ მოძებნა.
-რომანტიულ გარემოში, _ მოეხმარა დედაბერი და ეშმაკურად გაუღიმა.
-ჰო, რომანტიულ გარემოში. _ გაიმეორა ნინომ და უფრო მეტად შეშინდა. უჩვეულო იყო სოფლელი დედაბრისაგან ასეთი სიტყვების მოსმენა. ნინომ მოხუცს შეხედა. "რამდენი წლისაა ნეტა? ალბათ ასის, მაგრამ თვალები? თვალები როგორი ცოცხალი აქვს!"
ზურა და ნინო ერთი თვის შეუღლებულები არიან და მეგობრებისაგან თავის დასაღწევად გადაწყვიტეს, ახალ წელს მთაში, ზურას ძველ, პაპისეულ სახლში შეხვედროდნენ, ,,თანაც ბებიას გავახარებთ,” _ ფიქრობდა ზურა. სანამ ახალი ცოლ-ქმარია, ისეთი წვრილმანი, როგორც ჩამქრალი ბუხარი და ცივი სახლია, ნინოს არ აღიზიანებს, პირიქით, რაღაცით მოსწონს კიდეც. ისინი ხომ ჯერ მხოლოდ ,,სახლობანას” თამაშობენ.
-რა ვქნათ? _ ნინო მეუღლეს გვერდით მიუჯდა.
-არაფერი, შვილო, ხომ ვიცოდი, რომ ჩამოხვიდოდით, ცოტა რაღაც გუშინ მოვამზადე. დაველოდოთ თორმეტ საათს, ავანთოთ ბუხარი და შევხვდეთ ახალ წელს.
-თორმეტზე როგორ ავანთებთ? _ იკითხა ნინომ.
-თორმეტზე აინთება. _ უპასუხა დედაბერმა.
-ბები, ნინომ ხომ არაფერი იცის ჩვენი საგვარეულო წყევლის შესახებ, _ გაიცინა ზურამ და ბუხარში შეაბოლა.
-რა წყევლა ზურა, რას ამბობ? _ ნინომ შიშით შეხედა ჯერ ზურას, მერე კი - დედაბერს.
ტურის კივილი ახლა სულ ახლოს გაისმა. ,,ნეტა მართლა ტურაა?” – გაიფიქრა ნინომ და ზურას მიეკრო.
-ტურაა, ტურა, ნუ გეშინია, _ დაამშვიდა დედაბერმა და თვალები აუციმციმდა.
-ბებო, მოუყევი რა, ბებო! _ შეეხვეწა შვილიშვილი.
-ეჰ შვილო, კი აღარ მახსოვს... _ უცებ ჩაუქრა თვალები დედაბერს.
-კარგი რა, ბებო, ვიცი, რომ გახსოვს, მოუყევი რა! ხომ მოუყვები?
დედაბერი გოგონას დააკვირდა, თითქოს უნდოდა გაეგო, იყო თუ არა მოყოლის ღირსი. ნინო თვალებგაფართოებული შეცქეროდა.
-მოვუყვები, აბა რა, _ დედაბერი უცებ ისევ ცელქ ბავშვად იქცა. რამდენი ხანია მარტო ცხოვრობს და მსმენელი აღარ ჰყოლია, ყველას მობეზრებოდა მისი მონათხრობი ამბები. აი, ნინო კი ახალი რძალია, თან რაღაცით მოეწონა ეს კაფანდარა, პატარა გოგო, თითქოს თავისი ახლგაზრდობაც მოაგონა... სიამოვნებით უამბობს ყველაფერს, რაც ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე ათასჯერ მაინც აქვს მოყოლილი. დიახ, სიამოვნებით მოუყვება.
ყოველივე მისი წინაპრიდან მოდის. როცა ეს ამბავი მოისმინა, თითონაც სულ პატარა გოგო იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად ახსოვს...

* * *
მესამედ ააცილა ლუკამ.. მთებს გახედა. მზე უკვე კარგად ამოწვერილიყო. ვეღარაფერს მოკლავს. თოფი მხარზე გადაიდო და ქვიან ფერდობზე სირბილით დაეშვა. არასდროს დაბრუნებულა ასე ხელმოცარული. კარგ მონადირედ ითვლებოდა, სროლაში ბადალი არ ჰყავდა მთაში, მაგრამ ამ ბოლოს რატომღაც არ უმართლებდა.
კლდოვანი ბილიკი დამთავრდა და ტყე დაიწყო. უცებ ზურგიდან ხმა მოესმა. თოფი ფრთხილად ჩამოიღო და შემობრუნდა. ფოთლებს შორის ვიღაცამ გაიშრიალა. ვერ გაერკვია, რა ნადირი უნდა ყოფილიყო. იმ ადგილს ფეხაკრეფით მიუახლოვდა, ფოთლები გადასწია და ისევ ზურგიდან გაიგონა შრიალი. თავი მოაბრუნა და თვალებს არ დაუჯერა,_ ახალგაზრდა, ულამაზესი ქალი, მძიმედ დაშვებული ოქროსფერი თმებით, თხელი, ღია შაბიამნისფერი კაბითა და ასეთივე ფერის ყელსაბამით, ხის ტოტს ჩასჭიდებოდა და უცინოდა.
ლუკა ადგილზე გაშეშდა. ქალმა წკრიალა ხმით გადაიკისკისა, ტოტს დაეკიდა, მოქნილი ტანით შემობზრიალდა და ხის უკან გაუჩინარდა.
,,ალი!” _ გაიფიქრა ლუკამ და როცა გამოერკვა, ხესთან მიირბინა, იქ კი უკვე აღარავინ იყო. ისევ მოესმა სიცილი, მაგრამ ახლა ვეღარ გაერკვია, საიდან. მერე მოეჩვენა, თითქოს ხეებს შორის ოქროსფერმა გაიელვა. მოულოდნელად ქარმა დაუბერა, ფოთლები ააშრიალა და გეგონებოდა, კისკისი ყოველი მხრიდან ისმისო. ბოლოს ქარი ფოთლების შარიშურით ფერდობს ტყით აჰყვა და სიცილიც სადღაც მთის უკან ჩაიკარგა.
ლუკა კარგა ხანს გაოგნებული იდგა. მერე ძირს დაგდებული თოფი აიღო, პირჯვარი გადაიწერა და ბილიკს დაუყვა.

***
-უწმინდური შეგხვედრია. _ დედამ კოკიდან ხელებზე წყალი დაუსხა.
-ძალიან ლამაზი იყო! _ ლუკამ სახეზე შეისხა, თითქოს თვალებიდან ნანახის ჩამორეცხვა უნდოდა.
-ჰო, შვილო, ლამაზი იქნებოდა. მაგ სილამაზით ღუპავს ადამიანებს. ჰა, გაიმშრალე, _ ტილო მიაწოდა. _ ღმერთს გადაურჩენიხარ.
იმ დღიდან ლუკა, თითქოს დამუნჯდაო, ხმას აღარ იღებდა. ქალის სახე ვერა და ვერ ამოიშალა მეხსიერებიდან. ყველგან მისი თვალები და ღიმილი ელანდებოდა. მთვარეულს ჰგავდა, ყოველდღე მიდიოდა სანადიროდ და მოჯადოებულივით საათობით იდგა იმ ადგილზე, სადაც ალი პირველად ნახა.
დრო გავიდა და ეს ამბავი ლუკას თანდათანობით მიავიწყდა. ბოლოს ტყეში ნანახი დავიწყების ისეთმა ბურუსმა შთანთქა, რომ ვეღარც გაერკვია, მართლა შეხვდა ტყის ლამაზმანი, თუ მოეჩვენა.

***
შუადღის მზე აუტანლად წვავდა. ლუკამ თიბვას თავი ანება, ცელი იქვე მიაგდო, ფერდობზე რამდენიმე ნაბიჯი აიარა, ბუჩქებიდან წყლით სავსე დოქი გამოაძვრინა, ბალახით დაცობილი თავი მოხადა და მოიყუდა. ,,ფუ, როგორ გამთბარა,” – გაიფიქრა და წყლით ჯერ კისერი, მერე კი გაოფლილი სახეც ჩამოიბანა.
-ლუკა! _ უცებ ქალის ძახილი მოესმა. ამ ხმამ ის ქალი გაახსენა და ყველაფერი გონებაში კვლავ გაუცოცხლდა. გულმა ბაგაბუგი დაუწყო. მიიხედ-მოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა. მომეჩვენაო, – გაიფიქრა, ცელს დასწვდა და გამწარებით დაუწყო ლესვა.
-ლუკა! – ისევ ძახილი, რომელსაც კარგად ნაცნობი კისკისიც მოჰყვა.
ისევ მიმოათვალიერა იქაურობა, ვერც ახლა მოჰკრა თვალი ვინმეს. სალესი ქვა ქამარში გაირჭო და გაათმაგებული ძალით შეუდგა მზისგან გადამხმარი, მაღალი ბალახის თიბვას.
-ზევით ამოიხედე ლუკა, აქ ვარ! – თითქოს სულ ახლოდან გაიგონა. თავი ასწია და დაინახა, რომ კლდის წვერზე კვლავ ის ქალი ჩამომჯდარიყო და შესცინოდა. ზუსტად მის ზურგს უკან მზე კაშკაშებდა, ლუკას თვალს სჭრიდა და ქალის კარგად შეთვალიერებაში ხელს უშლიდა. ვეღარც მიმხვდარიყო, მზე ანათებდა, თუ ქალი.
-ვინა ხარ? _ გაბზარული ხმით ჰკითხა ლუკამ.
-რა მოგდის, ლუკა, ხომ არ შეგეშინდა? – ქალმა ისევ გადაიკისკისა.
შეეშინდა? ლუკა და შიში? მაგრამ ხმა რამ გაუბზარა? ცელი მიაგდო და ჩქარი ნაბიჯით ქალისაკენ გაემართა.
ის კი ზემოდან დაჰყურებდა და სიცილს არ წყვეტდა. ლუკამ ქალის ცისფერ თვალებს მზერა გაუთანაბრა თუ არა, საშინელი დაღლილობა იგრძნო. ძლივს მიათრევდა ფეხებს აღმართზე, სუნთქვა უჭირდა, გული ამოვარდნაზე ჰქონდა. საოცარია, ასე მალე რამ დაღალა, რა დაემართა. შეჩერდა და კლდის ქიმს ხელით დაეყრდნო. მაღლა აიხედა. ქალი ისევ იქ იჯდა და მაცდურად უღიმოდა.
-ლუკა! ლუკა! –ახლა დაბლიდან გაიგონა._ ლუკა, ჩამოდი, საჭმელი მოგიტანე!
ლუკამ ქვევით გადაიხედა. გათიბულ ბალახზე ჭრელ კაბაში გამოწყობილი პატარა თიკო იდგა და ხელს უქნევდა. მერე ისევ ზევით გაექცა თვალი, იქ აღარავინ იყო. დაღლილობამ წამში გაუარა, რამდენიმე ნახტომში კლდის წვერზე აღმოჩნდა. იქიდან ყველაფერი ხელისგულივით მოჩანდა, მაგრამ ქალი ვეღარსად შეამჩნია. ,,ნუთუ ისევ მომეჩვენა?”
-ლუკა! სად მირბიხარ, ჩამოდი რა! –არ მოეშვა თიკო.
ლუკა მოტრიალდა და ქვაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ქალი იჯდა, ახლად მოწყვეტილი ყვითელი ყვავილი დაინახა. ყვავილი ფრთხილად აიღო, თითქოს ეშინოდა, ისიც არ გამქრალიყო და უბეში ჩაიდო. მერე კიდევ ერთხელ მიმოათვალიერა იქაურობა და ძირს სირბილით დაეშვა.
ბილიკს ქოშინით თიკო ამოუყვა და თან პატარა კალათა ამოათრია.
-აჰა, ბებომ ქადა გამოგიცხო და წამოგიღე. – თიკო ლუკას გვერდით მიუჯდა და კალათა წინ დაუდგა.
-არა მშია! რატომ მოხვედი, – ლუკამ გაღიზიანება ვერ დაფარა.
-ჭამე, იცი, რა გემრიელია? –ტილოგადაფარებულ კალათას პირი მოუხსნა. – რატომ მეჩხუბები?
ლუკა გოგონას ჭორფლიან სახეს დააკვირდა,_ ჟღალი თმა ოფლიან შუბლზე მისწებებოდა და თაფლისფერი თვალებით შეხაროდა.
,,მართლაც, რატომ ვეჩხუბები?” – ინანა ლუკამ. – არ გეჩხუბები, უბრალოდ. . . _ დაიბნა, – ამხელა გზაზე რომ ამოხვედი, იმიტომ.
-რას ამბობ, ლუკა! _ თიკომ გულიანად გაუცინა. ზედა ორი კბილი აკლდა და ძალიან სასაცილოდ გამოიყურებოდა. ლუკასაც გაეღიმა და იდუმალი ქალის მარგალიტებივით კბილები გაახსენდა. თვალი ჩუმად კლდის ქიმისაკენ გააპარა. თიკოს ეს არ გამოჰპარვია და მოპარულ მზერას თვითონაც თვალი დაადევნა. იქ არავინ იყო. მზე უკვე კარგა მაღლა ამოწვერილიყო და კლდეც უფრო მკაფიოდ მოაჩანდა.
_ თანაც, პატარა ხომ აღარა ვარ, მალე შვიდი წლის გავხდები!
_ შვიდი წლის მეორე ზაფხულს გახდები. _ ლუკამ ჯიბიდან თეთრი ხელსახოცი ამოიღო და თიკოს შუბლზე ოფლი მოსწმინდა.
-კარგი, ჰო, უკვე დიდი გოგო ხარ. – მერე კალათას დახედა, _ დღეს რატომღაც არა მშია.
თიკომ ბალახზე ტილო დააფინა, პატარა ხელებით გაასწორა და ზედ ორი ცალი ქადა და მწვანილი ამოალაგა.
-ჭამე, იცი რა გემრიელია!
ლუკამ ქადა მოიტეხა და უგემურად დაუწყო ლოღნა.
-მიყვარს ახლად გათიბული ბალახის სუნი, _ თიკო ბალახზე გადაწვა. – მერე მზე რომ დააჭერს, ასეთი სუნი აღარ ექნება. _ თქვა და ღრმად ჩაისუნთქა.
ლუკამ გაკვირვებით გახედა.
-ხო, მერე ხმელი ბალახის სუნი ექნება, _ უპასუხა, – მაგრამ ისიც კარგია.
-კი, კარგია, მაგრამ ახალს სიცოცხლის სურნელი ასდის, ხმელს კი- არა, – მიუგო თიკომ, ბალახის ღერი მოწყვიტა, პირში ჩაიდო და გვერდითა კბილით გაკვნიტა.
-შენ ეგ ვინ გითხრა? – გაიკვირვა ლუკამ.
-რა? _ გოგონა თვალმოჭუტული შეაჩერდა.
-აი, ეგ, სიცოცხლის სუნი და. . ._ ლუკამ იყუჩა.
-ვის უნდა ეთქვა, თვითონაც ვიცი. _ პატარამ ცას ახედა. დიდი თეთრი ღრუბლები ზანტად მიირწეოდნენ.
-როგორ ფიქრობ, მალე ამომივა? –უცებ იკითხა მან.
-რა? – ვერ მიუხვდა ლუკა, ქადას რომ ლოღნიდა დაDისევ ქალზე ფიქრობდა.
-რა, და კბილები.
-ჰო, მალე, აბა რა!
-ლუკა! _ თიკომ ბალხს ბოლო წაჰკვნიტა და იმგვარად შეაცქერდა, თითქოს პირველად ნახა.
-რა გინდა?
-ლუკა, ის ვინ იყო? – ისე ჰკითხა, ბალახისათვის თვალი არ მოუცილებია.
ლუკას მშრალიერბოსგულიანი ქადა ყელში გაეჩხირა და ხველება აუტყდა. წყალი მიაყოლა, სული რომ მოითქვა, დაეკითხა:
-ვიზე მეუბნები? – ისე შეხედა, თითქოს დანაშაულზე წაასწრესო. თიკო კი ძალზე სერიოზული სახით ელოდა პასუხს.
-იქ რომ ქალი იჯდა, ვინ იყო?
_სად?
-აი, იქ, კლდეზე, _ თიკომ კლდის ქიმისაკენ ბალახი გაიშვირა, _ დაბლიდან დავინახე.
-არავინაც არ იჯდა. –გაბზარული ხმით თქვა ლუკამ და
დოქიდან წყალი მოსვა. - ,,რა მომდის, ამ ღლაპისაც მეშინია?” – გაიფიქრა და დაამატა - არ ვიცი, არავინ დამინახავს.
-იჯდა, დიახაც, იჯდა! ბილიკიდან კარგად ჩანდა. – პაუზის
შემდეგ კი დასძინა, _ რა ლამაზი კაბა ეცვა! სულ სხვანაირი ფერის იყო.
ლუკამ მორჩენილი ქადა შეახვია, კალათში ჩააბრუნა და წყალი დოქიდან სახეზე შეისხა.
-წადი სახლში, წადი, მე ჯერ ბევრი მაქვს სათიბი, _ გოგონას ხელი მოხვია, გულზე მიიხუტა და ახლა უკვე ღიმილით მიუგო: წადი, წადი, თორემ მალე ძალიან დაცხება.
-კარგი, წავალ. _ თიკომ კალათას ხელი წამოავლო და ბილიკი ისე ჩაირბინა, ლუკასკენ აღარ გაუხედავს. უცებ შეჩერდა, ახედა, უკბილო პირით გაუცინა და ასძახა:
-ნუ გეშინია, არავის ვეტყვი! – გადაიკისკისა და თვალს ისე მიეფარა, უკან არცერთხელ მოუხედავს.
იმ დღეს ლუკას მეტად აღარ უთიბია. მთელ დღეს გაუნძრევლად იჯდა და მზე ისე ჩაესვენა, ვერც კი შეამჩნია.

***
-ლუკა ვინ იყო? – იკითხა ნინომ, ფეხები ტახტზე აიკეცა და პალტო მჭიდროდ შემოიხვია.
-ბებიაჩემის ძმა იყო, თინა ბებოსი, ბავშვობაში თიკოს ეძახდნენ, – უპასუხა დედაბერმა.
-ნინო, რომელი საათია? – ზურამ სიგარეტის ახალ ღერს მოუკიდა.
-ახალ წლამდე ჯერ ბევრი დროა, – მიუგო ნინომ და დედაბერს მიუბრუნდა, _ მერე ბები, მერე?
-რა ბევრს ეწევი, შვილო.
-რა ვქნა ბები, მათბობს. _ ზურამ ჩაუმქრალი ასანთი შეშასთან მაინც მიიტანა, სანამ ხელი არ დაეწვა, _ უჰ! თითები მოისრისა, – თანაც ერთადერთი ცხელი წერტილია ამ გაყინულ ოთახში.
-რატომ ერთადერთი, _ ნინომ ჭერში მბჟუტავ ნათურას ახედა, _ ნათურა?
-ჰო ნათურა და კიდე ჩემი გული. – ზურა მეუღლესთან მივიდა და აკოცა. თითქოს წუხდა, რომ ახალ წელს აქ, მთაში ამოიყვანა.
-კარგი რა, გაიწიე, ხომ იცი, ბოლს ვერ ვიტან, –ნინომ ქმარი ხელით მოიშორა და ბებოს მიუბრუნდა: _ მერე ბებო, მერე რა მოხდა?

***
სიბნელეში მიუყვებოდა ლუკა სოფლისკენ სავალ ბილიკს და ქალის სახეს ვერ იშორებდა. ჯერ სოფელი კარგა შორს იყო, როდესაც განაპირას რაღაც სინათლე შენიშნა. ,,ნეტა რა არის,” - გაიფიქრა და გაახსენდა, რას ამბობდნენ ამ ბოლო დროს სოფელში იდუმალ ნათებაზე, რომელიც ყოველ ღამით ახალი სასაფლაოს მხრიდან მოჩანდა. ლუკას გულში უსიამოვნო გრძნობამ გაჰკრა - ღამღამობით თვითონაც ხშირად შეუმჩნევია შორს მოციმციმე სინათლე. სოფლელები ათასგვარ საშინელ ამბებს ჰყვებოდნენ ამ შუქზე. რა ქნას ლუკამ: შორიდან მოუაროს, თუ პირდაპირ წავიდეს? ცოტა ხანს გაჩერდა, მერე თვითონვე გაეცინა თავის შიშზე და გზა განაგრძო. ახლოს მისულმა პატარა კოცონი დაინახა, კოცონთან ვიღაც იჯდა. უცნობმა ფეხის ხმაზე თავი მიაბრუნა.
- შენა ხარ, ლუკავ? მოდი. დაჯექი. _ ვანო იყო, ჩიბუხს ეწეოდა
და ცეცხლს მიშტერებოდა.
ლუკა გვერდით მიუჯდა.
-სად ყოფილხარ? – ჰკითხა ვანომ და თუთუნი გაუწოდა.
-რა ვიცი, თიბვაში შემომაღამდა.
ლუკამ თუთუნი გამოართვა და გაზეთის ნახევში შეახვია.
– შენ აქ რატომ ხარ, ძია ვანო?
-მე... – ვანომ თამბაქოს კვამლი ღრმად ჩაისუნთქა. – მე ბავშვს ვერა ვტოვებ მარტო, ლუკა.
სასაფლაო ახალი იყო და ისე მოხდა, რომ ჯერ მარტო ვანოს ერთი წლის ბიჭი იყო დასაფლავებული.
-რა ვქნა ლუკა, რაც ეს ბიჭი მომიკვდა, ღამღამობით სახლში ვეღარა ვჩერდები. მე აქ ბავშვს მარტო ვერ დავტოვებ, სანამ სხვასაც არ დაასაფლავებენ..
ვანომ ჩიბუხი ქვაზე გამობერტყა და პატარა საფლავის გორაკს მიაშტერდა.
-ჩემი ბავშვი აქ მარტო იწვეს და მე სახლში, თბილ ლოგინში? ვანომ ჩიბუხი ახლიდან დატენა, მოუკიდა და ლუკას ცრემლებშეკავებული თვალები მოარიდა. ასე უხმოდ ეწეოდნენ. მერე ლუკა წამოდგა.
-მე წავალ, ძია ვანო.
ვანოს მისთვის არ შეუხედავს, თავი ისე დაუქნია.
-კარგად იყავი.
-კარგად, ძია ვანო.
გზა გულდამძიმებულმა განაგრძო. ხანდახან უკან მოიხედავდა და ხედავდა, როგორ ერწყმოდა თანდათან ვანოს შავი სილუეტი ღამის სიბნელეს.
სახლში შემოსულს თიკო უკვე დაძინებული დახვდა. დედამ სუფრა გაუწყო. ხელები დაიბანა და მაგიდას მიუჯდა.
- ხმას რატომ არ იღებ, ბიჭო? –ჰკითხა დედამ და ჭიქა ღვინით შეუვსო. - ისევ უწმინდურს ხომ არ გადაეყარე, ჰა?
-არა, ვანო შემხვდა, ძია ვანო. – ჭიქა უხმოდ გამოცალა.
-რა მოგდის, ლუკა, ასე დაულოცავად როგორ დალიე?
-იმ ბიჭის საფლავთან იჯდა, – ლუკამ ჭამა განაგრძო, – ცეცხლი ენთო, იჯდა და ეწეოდა.
-მაშ, ღამე რომ სინათლე მოჩანს . . .- დედამ პირზე ხელები აიფარა და შვილს გაოცებული მიაჩერდა.
მან თავი დაუქნია. ქალს ცრემლები წასკდა და ჩაიჩურჩულა:
-ვაი, ეგ უბედური.
-შვილიშვილს ღამღამობით მარტო ვერა ვტოვებო. – ლუკამ ახლა თვითონ დაისხა, რაღაც ჩაიბურტყუნა და დალია.
-ჰო, შვილო, ეგრეა, სანამ კიდე ვინმეს არ დაასაფლავებენ, ის ბავშვი იქ მარტო იქნება, – ტირილით უთხრა დედამ. – ვიცი მე ვანოს ხასიათი, ეგრე იზამს, თუ გულმა გაუძლო, – მერე ცრემლები მოიწმინდა, – თუ არადა, მეორე შეიძლება თვითონ აღმოჩნდეს.
-იქნებ ეგრეც აჯობოს. – ლუკამ ჭამა დაამთავრა, გარეთ გამოვიდა, კიბეზე ჩამოჯდა და გააბოლა. ,,ნეტა მართლა ალი იყო?”
-დაიძინე შვილო, უკვე გვიანია.
-ჰო დედა, ეხლავე, აი, მოვწევ და დავწვები. _ ოთახისკენ შებრუნებულ დედას გახედა, მერე კი თვალით შორს, სიბნელეში, სასაფლაოზე მოკიაფე სინათლის პატარა წერტილი მოძებნა. კარგა ხანს ასე იჯდა, ეწეოდა და ციმციმა ნათელს თვალს არ აშორებდა..

***
გასათიბი აღარაფერი დარჩა, მაგრამ ლუკა მაინც ყოველ დილით ადრე დგებოდა და ცელით ხელში, მთელ დღეს იმ კლდის სიახლოვეს ატარებდა.
-ლუკა! _ კვლავ ჩაესმა.
კლდეს მყის ახედა და შაბიამნისფერს ჰკიდა თვალი.. აღმართი სულმოუთქმელად აირბინა, მაგრამ იქ ვერავინ ნახა.
,,ეტყობა ვგიჟდები, სულ ის როგორ მელანდება,” – გაიფიქრა და გახურებული სახე შორიდან მონაბერ გრილ ნიავს მიუშვირა.
-ლუკა! –განმეორდა. არა, არ ეჩვენება, ქვემოთ დგას, ციცაბო ფერდობის ნაპირას, ისევ ის კაბა აცვია, არაბუნებრივად სწორი, ღია ოქროსფერი თმა მხრებამდე სწვდება, ოდნავ დიდი პირით როგორღაც უცნაურად უცინის და ქათქათა კბილებს აჩენს.
ვაჟი გახევდა.
-რა, მოგივიდა ლუკა, ენა გადაყლაპე? _ ქალმა მოულოდნელად გადაიკისკისა. ხმა ექომ გაიტაცა, კლდის ნაპრალებს სათითაოდ მიანარცხა და უჩვეულოდ გაზვიადებული მოაბრუნა.
,,არა, ნამდვილად არ ეჩვენება,”- ლუკამ მისკენ რამდენიმე ნაბიჯი ფრთხილად გადადგა, მაგრამ მიახლოება ვერ შეძლო, რადგან ქალმაც იგივე გაიმეორა. ლუკამ ისევ სცადა ქალთან მიახლოება, თუმცა მაინც არაფერი გამოუვიდა. . ქალი ყოველ მის მოძრაობას თვალმოუშორებლად, სარკის სიზუსტით იმეორებდა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ლუკას გონება დაებინდა, მოძრაობებს ავტომატურად, თავისდაუნებურად აკეთებდა, გეგონებოდა, უხილავმა ძალამ დაიმორჩილაო. ყურებში რაღაც რიტმული მუსიკაც ჩაესმოდა, რომელიც თანდათან ძლიერდებოდა და აიძულებდა, სულ უფრო და უფრო სწრაფად ემოძრავა. ახლა უკვე ქალი მოქმედებდა და იმისას იმეორებდა, თითქოს საკუთარი სხეულის ყოველი ნაწილი, მისგან დამოუკიდებლად, ქალზე იყო მიჯაჭვული. მათი ქმედება რიტუალურ ცეკვისდაგვარს ემსგავსებოდა, რომელიც მეტადრე სწრაფი და გიჟური ხდებოდა. უცებ, ერთი წამით, ლუკას თვალებმა მეწყვილისა ვეღარ შენიშნა, ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ გამორკვეულიყო. მყისიერად, უსწრაფესი ნახტომით სცადა ქალის დაჭერა, მაგრამ მან განუყრელი კისკისით, სულ ოდნავ, გვერდზე გაიწია.. ვაჟმა თავი ვეღარ შეიკავა, დაგორებული ქვასავით მოსწყდა და სადღაც დაბლა, ხევში ჩაიჩეხა.

***
მთებში მთლად ჩამობნელდა. თოვამაც მოუმატა. ნინო ფანჯარასთან იდგა და გარეთ გამჭოლი სინათლის მკრთალი შუქით აბრჭყვიალებულ თოვლის ფანტელებს შესცქეროდა. დედაბერი გაყუჩდა.
,,ალბათ ჩაეძინა”, გაიფიქრა ნინომ და ზურას გახედა, რომელსაც ფეხები ჩანაცრებული ბუხრის ქვაზე დაეწყო და ფიქრიანი ეწეოდა.
-ამ ამბავს ყველა თავისებურად ჰყვებოდა, – ხმა ამოიღო მოხუცმა. – ზოგი ამბობდა, ლუკა ალმა დაღუპაო, ზოგი _ გაგიჟდაო, სხვა კი _ ტყუილია ყველაფერიო.
-ისე, ხო მართალია, ბებო? – ისე იკითხა ზურამ, თითქოს ნინოს ნიშნს უგებს, ხედავ, ჩვენ რა მაგრები ვართო.
-აბა რა ვიცი, შვილო, ისე, წინათ კი იყვნენ ალები.
-ეხლა აღარ არიან? – ჩაეძია ნინო.
-როგორ არ არიან, ალებიც არიან, ეშმაკებიც და ქაჯებიც. – გაუღიმა მოხუცმა და მზერაში ჭინკები აუთამაშდა.
,,როგორი თვალები აქვს", – გაუელვა გოგონას ფიქრმა და რატომღაც უხერხულობა იგრძნო.
-აბა რატომ არ გვხვდებიან, თუკი არიან? –ნინო ისევ ფანტელებს მიაცქერდა. სინათლის შუქით მოხაზულ თოვლის შლეიფს მიღმა, თითქოს რაღაც მოჩანდა, – ზურა, იქ ვინმეა?
-სად? – ზურამ სიგარეტის ბოლი ბუხარში გაუშვა და მხოლოდ შემდეგ, ნელა მოაბრუნა თავი.
-აი იქ, თითქოს რაღაც მოძრაობს! – ნინოს დაძაბული იმზირებოდა და ფიფქების მიღმა ცდილობდა რამე გაერჩია.
ზურა წამოდგა და ფანჯარაში გაიხედა.
-არავინაა, _ მერე ნინოს დააკვირდა, _ შენ რა, ხომ არ შეგეშინდა?
-კი არ შემეშინდა, მართლა დავინახე, თითქოს რაღაცამ გაიარა.
-რა ნელა გადის დრო. – ზურა ისევ ბუხართან ჩამოჯდა. – მერე ბები, ბოლომდე მოყევი, რა!
–ნადირი იქნებოდა, შვილო, - თქვა ბებომ ნინოს გასაგონად.
-ხო, ხო, მართლა დავინახე! ტურა არა, ბებო? ხო ტურა იყო? – ხელი გაიშვირა – აი, იქ იყო.
-ჰო, შვილო, ტურა იქნებოდა, ტურა.
-ტურა საშიში არ არის, არა? – ნინომ ჯერ მოხუცს გახედა, მერე- ზურას.
-არა, შვილო, ყველაზე საშიში ადამიანია.
-ასე იცის ეშმაკებზე ლაპარაკმა, - ზურამ ჩაიცინა და ბებოს
თვალი ჩაუკრა. –.რაზე შევჩერდით?
-იმაზე, შვილო, რომ ალებიც არიან და ეშმაკებიც, მაგრამ ისე
შეერივნენ ხალხს, ვეღარ გაიგებ, ვინ ეშმაკია და ვინ - ადამიანი.
ცოტა ხანს იყუჩა.
სულ ახლოს ისევ მოისმა საშინელი კივილი.
-აი, ხომ გითხარით, რაღაც დავინახე- მეთქი, – ნინო ფანჯარას მოშორდა და ზურას მიაშურა. – მეც დამსვი რა. – ვაჟმა ხელი მოხვია და გვერდით მოისვა, – ტურა იყო არა, ბები?
-ხო, ძალიან მომრავლდნენ, დამხოცი აღარავინაა და, აბა რა იქნება!
-ტურას ასეთი ხმა თუ ჰქონდა, არ მეგონა.
-აბა რა გეგონა, მოვიდოდა ფანჯარასთან და დრამატული ტენორით სერენადებს გიმღერებდა?
-კარგი გეყოფა, – ნინომ ხუმარას მუჯლუგუნი უთავაზა, – მერე ბებო, მოყევი რა?
მოხუცი გაუნძრევლად იჯდა, თითქოს მისი ხმა არც კი გაუგონიაო.

(დასასრული ქვემოთ)



Last edited by Admin on Thu Jul 28, 2011 10:31 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: მალხაზ ასლამაზაშვილი   Thu Jul 28, 2011 10:23 am

მალხაზ ასლამაზაშვილი

ილა

(დასასრული)

***
...ბალახზე იწვა და თავთან ის ქალი ეჯდა. ,,ნუთუ უნდა მოკვდე, ასეთი სილამაზე რომ იხილო? ”- გაიფიქრა და წამოდგომა სცადა. არაფერი გამოუვიდა, მთელი სხეული სტკიოდა. ,,მოტეხილი ხომ არაფერი მაქვს? ” – გაუელვა შიშმა და სრული ყურადღება კიდურებზე გადაიტანა.
_ნუ გეშინია, გადარჩი, – მიუხვდა ქალი და მთელი პირით გაუღიმა.
ლუკამ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ ქალმა ტუჩებზე თითი მიადო.
-ჩშშ! ხმა არ ამოიღო, ახლა ძალებს უნდა გაუფრთხილდე.
უჩვეულოდ ცხელი თითი ჰქონდა, ლუკას ტუჩებიც კი აეწვა.
- გიჟი ყოფილხარ, ლუკა! არც მეგონა, ცოცხალი თუ გადარჩებოდი. – ქალმა რომელიღაც ბალახი ხელით დასრისა და გატეხილ შუბლზე დაადო. ლუკა ტკივილისგან დაიჯღანა.
-მოიცა, არ გაინძრე, ახლავე შეგიხორცდება.
ამჯერად იგივე ბალახი მაჯასთან, ღრმა ჭრილობაზე დაადო და ცოტა ხანს ხელით ეჭირა. მერე უცებ გადაიკისკისა.
,,საოცარია, სულ იცინის,” –გაიფიქრა ლუკამ და უნებურად თვალზე ცრემლი მოადგა. ყოველ მის გაღიმებაზე გული ყელში ებჯინებოდა და თვალი უცრემლდებოდა. ,,რა მომდის?”- შეშფოთებულმა ქალს თვალი მოარიდა.
-რა იყო, გტკივა? – ისევ გადაიკისკისა და ნამიან თვალს თითით შეეხო, – ნუ გეშინია, მალე მოგირჩება.
ლუკას მოეჩვენა, რომ მისმა გავარვარებულმა თითმა ცრემლი უცბად შეუშრო.
-არა მტკივა, – ძლივს ამოიხრიალა, – რა გქვია?
-ილა, ილა მქვია. გაჩუმდი, ნუ ლაპარაკობ, ცოტა ხანს ასე იწექი, არ გაინძრე!
,,ნუთუ მართლა ავი სულია?” – შაბიამნისფერ თვალებში ჩააცქერდა ვაჟი - ,,ავი სული თუ ასეთი ლამაზია. . .”
-არა ვარ ავი სული, სულელო, – მიუხვდა ილა, – ჩვეულებრივი ვარ, აი, ნახე, მომკიდე ხელი.
ლუკა არ განძრეულა. მაშინ ილამ მისი ხელი აიღო და მკერდზე მიიხუტა.
-აი, ნახე, მეც შენნაირი, ვარ, ჩვეულებრივი.!
ლუკამ ხელი გამოგლიჯა. ,,არა, შენ არა ხარ ჩემნაირი, შენ არავისნაირი ხარ, შენნაირები არ არსებობენ!”
-როგორ არ არსებობენ! შენ მართლა სულელი ყოფილხარ, ლუკა, – გაცხარდა ილა, ახალი ბალახი მოგლიჯა და სრესა დაუწყო, – ამასაც დაგადებ და მორჩები.
-შენ რა, ყველაფერი გესმის, რასაც ვფიქრობ? –გაიოცა ლუკამ.
-ყველაფერი არა, – ძალიან სერიოზულად უპასუხა ილამ, ისე, რომ საქმე არ შეუწყვეტია, – ყველაფერი არა, მაგრამ ბევრი რამ მესმის.
უცბად ლუკამ თავი კარგად იგრძნო და წამოდგომა დააპირა. მაგრამ ქალმა ხელით შეაჩერა.
-შენთვის ადგომა ჯერ არ შეიძლება, – შუბლზე ბალახის საფენი გამოუცვალა, _ შინ რომ მიხვალ, რამდენიმე დღე უნდა იწვე, ასეა საჭირო. ახლა წავალ, შენ არ გაინძრე, ასე იწექი, მალე სათიბიდან დაბრუნებულები გამოივლიან და სახლში ისინი მიგიყვანენ.
-არ წახვიდე! ცოტა ხანს დარჩი! ვინა ხარ, სად ცხოვრობ? – ისე მიაყარა ლუკამ, თიითქოს ეშინოდა, წავა და კითხვას ვერ მოვასწრებო.
- აი, იქ! – ქალმა კლდისაკენ გაიხედა. – დარჩენა კი არ შემიძლია, უნდა წავიდე.
ილამ შუბლზე ცხელი ხელისგული დაადო. ვაჟმა იგრძნო, მაშინვე როგორ მოერია ძილი. საცაა გონებას დაკარგავს, არა, ასე არ შეიძლება, მისი გაშვება არ შეიძლება! უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, ქალის ხელი შუბლიდან მოიშორა, პირჯვარი გადაისახა, ეგრევე წამოჯდა, პატარა ხანჯალი იძრო და ილას ოქროსფერი თმა შეაჭრა.
-ეს რა ჰქენი ლუკა, ეს რა ჰქენი! – ილას კივილი შორს, ექოდ გაიჭრა და უკან ჭექა-ქუხილად დაატყდათ თავს.
- ახლა რაღა ვქნა! - უმწეოდ დაეშვა ბალახზე და ვაჟს ვედრებიანი
მზერა მიაპყრო. შაბიამნისფერი თვალები ცრემლებმა დაუნამა და ჩაუმუქა. იმავწამს კოკისპირული წვიმა მოვიდა. ილას კაბა დაუსველა, თითქმის გამჭვირვალედ უქცია და ტანზე მიაკრო.
-რატომ გააკეთე ეს, ლუკა!
ლუკამ თვალი ვეღარ მოაშორა ილას სველი ქსოვილის ქვეშ გამოკვართულ, მოქნილ ტანს და სულ დაკარგა გონება. თმა ხანჯლის წვერს შემოახვია და წვალებით ჩატენა ქარქაშში.
- დამიბრუნე ჩემი თმები, ლუკა! – ილას ხმაში ერთდროულად შიში და მუქარა ისმოდა.
. -არა, - ლუკას სახე მოეღრეცოდა და შეშლილს ემსგავსებოდა. - მინდა, სულ ჩემთან იყო! ახლა ხომ ვეღარასოდეს მომშორდები!
-პირიქით, ახლა ერთად ვერასდროს ვიქნებით!
-ვიქნებით! შენ ჩემი ცოლი გახდები, ილა!
-არა, ლუკა, ეს უკვე შეუძლებელია, ყველაფერი გააფუჭე! შენი ცოლობის უფლებას აღარ მომცემენ!
-ვინ, ვინ არ მოგცემს? – მთელი ხმით იძახდა ლუკა, მაგრამ მისი ყვირილი ჭექა-ქუხილმა მაინც გადაფარა.
-მე მარტო არა ვარ, ლუკა! – ყვირილითვე ცდილობდა ხმაურის გადაფარვას ილაც. – ეს რომ არ გექნა, შეიძლებოდა, ახლა კი ჩვენს წესს უნდა დავემორჩილო!
-მე ვიცი თქვენი წესი, სანამ შენი თმა ჩემთან იქნება, ვერ მომცილდები!
ლუკამ წამოდგომა სცადა, მაგრამ დაიკვნესა და ტკივილისგან გონება დაკარგა.

***
ილა იდგა, ტიროდა და გულწასულ ლუკას დაჰყურებდა, მაგრამ ხანჯალს ვერ ეკარებოდა. შვილო, ასეა, ავ სულებს ეშინიათ ხანჯლისა. მერე შორიდან მომავალ სხვა მთიბავებს მოჰკრა თვალი, კლდეს ამოეფარა და იქედან უყურებდა, როგორ წაიყვანეს ლუკა სოფელში. Gგონს მოსულმაLლუკამ ხანჯალი კედელზე დაკიდა და ყველას აუკრძალა მისთვის ხელის ხლება.

***
ასე ეკიდა ხანჯალი კედელზე, ლუკა კი ვერა და ვერ გამოჯანმრთელდა. ყოველ წვიმიან დღეს, სოფლელები მისი სახლის სიახლოვეს შაბიამნისფერ კაბიან, სულმთლად დასველებულ ლამაზ ქალს ხედავდნენ, რომელიც მიახლოებას ვერ ბედავდა. თვალგაშტერებით, შორიდან შესცქეროდა კედელზე დაკიდებულ პატარა ხანჯალს, ფანჯარაში რომ მოჩანდა. რამდენჯერმე გააძევეს კიდეც, მხოლოდ ძია ვანო ამბობდა:
-დაანებეთ ხალხო თავი, რას ერჩით, რა დაგიშავათ?
-მაგან ჩააგდო ჩემი ლუკა ამ დღეში, როგორ თუ რას ვერჩით, მაგან მომიკლა ბიჭი!
-შეუშვით სახლში და ეგევე მოარჩენს, –უთხრა ერთხელ ვანომ.
-ეს კაცი დარდმა სულ გამოაშტერა, – ჩაიბურტყუნა ლუკას დედამ, ხმამაღლა კი უპასუხა: სახლში ავი სული როგორ შემოვუშვა, ვანო?
-არ არის ავი სული! – თითქოს ხვეწნანარევი მტკიცებით წარმოთქვა ვანომ.
-არა ვანო, მე მაგას სახლში ვერ შემოვუშვებ!
-მაშინ, მიეცით თავისი თმა და გაუშვით! არ გეცოდებათ მაინც?
-რას ამბობ, ხომ მომკლა ლუკამ!
-რა ჯიუტი ხარ სოფო, რა ჯიუტი! - კაცმა თავი გადააქნია და სასაფლაოსაკენ გაემართა.
-ბებო, მოვიდეს რა, ნახე, რა ლამაზია! – შეეხვეწა თიკო.
-ენა ჩაიგდე! შენი ჭკუის სწავლებაღა მაკლდა, – ბავშვს ხელი აუქნია სოფომ და შინ შევიდა.

***
-ბოლოს მაინც შეუშვეს ილა და მთელი თვე ცხოვრობდა მათთან.
-სად, ამ სახლში? – იკითხა ნინომ.
-ჰო, ამ სახლში, – ბებომ კედლები ისე მიმოათვალიერა, თითქოს პირველად მოხვდაო ამ ოთახში, ამოიოხრა და თვალები ისევ ჩაუქრა, თან დაამატა: ასე ამბობენ...
-მოსამსახურესავით იყო, ყველაფერს აკეთებდა და არავის ელაპარაკებოდა, პატარა თიკოს გარდა. ლუკა ძალიან განიცდიდა და სულ იმას ცდილობდა, როგორმე დალაპარაკებოდა ილას, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. თვალებშიც კი აღარ შეუხედავს მისთვის.
-ხანჯალი კედელზე იყო? – ჰკითხა ნინომ და ბუხრის თავზე დაკიდებული ხანჯლისკენ გააპარა თვალი.
-ჰო, ისევ ეკიდა ლუკას ხანჯალი ილას თმებით. – დედაბერს ნინოს მზერა არ გამოჰპარვია, თვითონაც იქით გაიხედა და გაეცინა. – ზუსტად ასე ეკიდა, როგორც ესა ჰკიდია... ერთ საათში ახალი წელი მოვა, მოდი სუფრა გავშალოთ, შვილებო.
-ოჰ, ამ სიცივეში განძრევა არ გინდა, – ჩაილაპარაკა ზურამ და ადგილიდან არც კი გაქანებულა, – ცოტაც მოვიცადოთ, აინთება ცეცხლი და მერე. მაინც რა გვაჩქარებს, სტუმარი მოვა თუ რა?
-კარგი, როგორც გინდათ.
-ბებო, მართალია, რაც მოგვიყევი? – ჰკითხა ნინომ.
-აბა რა ვიცი, შვილო, მეც გადმოცემით ვიცი.
-აბა მართალიაო, მე რომ მეუბნებოდი? –თავი წამოსწია ზურამ.
-არ ვიცი- მეთქი, შეიძლება მართალიც იყოს.
-მერე რა მოხდა? – არ ეშვებოდა ნინო.
-ასე ცხოვრობდა, ვერც მიდიოდა და ვერც ხანჯალს ეკარებოდა, სანამ თმებს არ დაიბრუნებდა, იქაურობას ვერ დატოვებდა. -რად უნდოდა თმები? – ნინო ქმარს მიუბრუნდა.
-შენ რა, არ იცი, – ზურამ საშიში გამომეტყველება მიიღო და ხმა დაიბოხა – თუ თმას შეაჭრი, ავი სული ძალას კარგავს და შენი მონა ხდება.
-ნუ გიყვარს სულელური ხუმრობა, – შეეშინდა ნინოს.
-ჰო, შვილო, – ჩაერთო საუბარში ბებო, – ასე ამბობენ, ყველაფერს
გააკეთებს, ოღონდ კი თავისი თმა დაიბრუნოსო.
-სახლში ყველანაირ საქმეს ის აკეთებდა, – გაიცინა ზურამ, – ოღონდ ყველაფერი წართქმით ესმოდა.
- როგორ თუ წართქმით? – იკითხა ნინომ.
-როგორ და, თუ ეტყოდი სახლი დაალაგეო, პირიქით,_ აურევდა, წყალი მოიტანეო, – წაიღებდა, ხოლო თუკი- სახლი აურიეო,- სულ დააწკრიალებდა.
-მართლა, ბებო?
-ჰო, რა ვიცი, ასე ჰყვებოდნენ, – დაუდასტურა მოხუცმა და ჩაფიქრდა. მერე რაღაცნაირად სევდიანად დაამატა, – სულ არ იღლებოდა. მარტო ერთხელ შეატყვეს დაქანცულობა, როცა თივის მოსატანად გაგზავნეს, _ ზვინები, დაბლა ჩამოტანის მაგივრად, სულ მთის წვერზე აუზიდია.
-და იცი, დაღლა რაზე შეატყვეს? – განაგრძო შვილიშვილმა.
-რაზე?
-შუბლი ჰქონია ოფლით ოდნავ დაცვარული.
-ვაიმე, საწყალი! – ნინოს ალი ძალიან შეეცოდა, – რა გაცინებს!
-მეცინება, უკვე გათხოვილი ქალი ხარ და ზღაპრების გჯერა, –დასცინა ზურამ და გულიანად გადაიხარხარა.
-მართლა ზღაპარია, ბები? – ნინო დასტურის იმედად დედაბერს მიაჩერდა.
-არა, არ არის ზღაპარი, - დედაბერს ისევ აენთო მზერა...

***
საკმაოდ დიდი იყო თივის ზვინი. ილას რამდენიმე გზა დასჭირდა მისი მთის წვერზე ასატანად. როდესაც შინ სულმთლად ძალაგამოცლილი დაბრუნდა, სოფოს მაშინღა გაახსენდა, რომ წართქმით უნდა დაევალებინა.
ყველაზე დიდხანს ილა წყაროზე ჩერდებოდა. ერთი კოკის ავსებას ზოგჯერ რამდენიმე საათს ანდომებდა. წყალს მიშტერებული, გაშეშებული იდგა, თვალღია მძინარეს ემსგავსებოდა ამ დროს. კოკა ორივე ხელით ეჭირა და ხან შეუშვერდა წყალს, ხან - გამოაცლიდა. როცა ჭურჭელი ბოლომდე აივსებოდა, უცბად გამოცოცხლდებოდა და სახლში სირბილით გაქანდებოდა.
-ილა, ასე რატომ აკეთებ? – ჰკითხა ერთხელ თიკომ, რომელიც სულ კუდში დაჰყვებოდა.
-დაავადებული წყალი რომ არ ავიღო, – თვალი არ მოუწყვეტია წყლისათვის, ისე უპასუხა ილამ. – წყალს ბევრი სნეულება მოჰყვება, თუ სუფთა წყალს დალევ, ავად არასოდეს გახდები.
-როგორ იგებ, როდის არის წყალი ავად და როდის- არა? მეც მასწავლი?
-ძალიან ადვილია, – ილა იქვე, ქვაზე ჩამოჯდა და ჯერ კიდევ ნახევრად ცარიელი დოქი გვერდით დაიდგა. – სხვადასხვა ფერი აქვს წყალს, უბრალოდ, დანახვა უნდა შეგეძლოს. ყველა ფერს თავისი ბუნება აქვს, ყველა ავადმყოფობას- თავისი ფერი. ნებისმიერი დაავადების მორჩენა შეიძლება, თუ იცი, რა ფერის წყალი უნდა დალიო.
-მასწავლი, ილა?
-მე ვერ გასწავლი, თვითონ უნდა დაინახო. ჯერ ფერების დანახვა უნდა ისწავლო, მერე კი- მათი მნიშვნელობა. წყალს დიდხანს უნდა უყურო, ისე, თვალი რომ არ დაახამხამო და დადგება მომენტი, როცა ყველაფერი გაჩუმდება, აღაც ქარის ხმა, აღარც ხეების შრიალი და არც ჩიტების ჭიკჭიკი ჩაგესმის. და ასე, სრულ სიჩუმეში დაინახავ, რა ლამაზი ფერები ჰქონია წყალს! ცისარტყელას ემსგავსება. ყველაზე იოლად შესამჩნევი ცისფერია, მერე დანარჩენ ფერებსაც გამოარჩევ. მთავარია, ყურადღება სხვა რამეზე არ გადაიტანო.
იქნებ ეს დამთხვევა იყო, მაგრამ ილას დროს ოჯახში არავის უავადმყოფია. თანასოფლელებს ამაზე ჯერ გულიანად ეცინებოდათ, მერე კი თანდათან ირწმუნეს და თუ ვინმე ავად გახდებოდა, ილას სთხოვდნენ წყლის ავსებას.
სხვა, ვისაც ილა ელაპარაკებოდა, მოხუცი ვანო იყო. სოფელში ჭორაობდნენ, ორთავე გიჟია და საერთო ენა გამონახესო. ვანო ყოველ ღამეს კვლავ შვილიშვილის საფლავთან ათენებდა.
- გაუშვი ის გოგო, დიდ ცოდვას იდებ, –უთხრა ერთხელ ვანომ ლუკას.
-არ შემიძლია, ძია ვანო, ვერ გავძლებ უიმისოდ. რა ვქნა, იქნებ მივიჩვიო როგორმე, – ვაჟმა ეზოდან უნაგირი გამოიტანა და ცხენს შეკაზმვა დაუწყო.
-ვერ მიიჩვევ ლუკა, ეგ ჩვენებურს არა ჰგავს.
-რა ვიცი, ვნახოთ.
ვანომ ჩიბუხი დატენა, მოუკიდა და ბოლი ღრმად ჩაისუნთქა, მერე ლუკას ხელი მხარზე მოხვია, შემოაბრუნა და თვალებში ჩახედა.
– მოკვდება, ბიჭო.
-არაფერიც არ მოუვა, – ცალყბად ჩაიცინა ლუკამ, მხარი გაითავისუფლა და ცხენს მოახტა.
-როგორ შეიცვალე, ვეღარა გცნობ, ბიჭო.
ლუკამ ცხენს მათრახი გადაუჭირა, ვანოს ერთხელაც გამოხედა და გააჭენა. მოხუცმა თვალი გააყოლა, თავი უკმაყოფილოდ გადაიქნია და წელში მოხრილმა გზა განაგრძო.

***
ზოგჯერ მთაში ქალაქიდან ვაჭარი ამოდიოდა და ათას წვრილმანს წამოაყოლებდა გასაყიდად. ბეგო, ასე ერქვა მას, წყაროსთან გაშლიდა საქონელს და ერთ აღებ-მიცემობას გამართავდა, რაც ახლომახლო სოფლებში მაცხოვრებელი ქალებისათვის დიდ დღესასწაულად იქცეოდა ხოლმე.. დედაკაცები მატყლზე, ჭრელაჭრულა ნაქსოვებზე ან სულაც ყველზე ცვლიდნენ ბეგოს ამოტანილ ნემსებს, მაკრატლებს, ფერად-ფერადი შუშის ყელსამკაულებს ან კიდევ სიფრიფანა, გამჭვირვალე თავსაბურავთ.
ერთხელ ბეგოს ბაზრობაზე დედამ პატარა თიკოც წაიყვანა. იჯდა უფროს ქალებში თვალებანთებული თიკო და ათვალიერებდა ბაღდადზე გაშლილ ბრჭყვიალა ნივთებს. ყველაზე მეტად პატარა სარკე მოეწონა. სარკის ზურგის მხარე ხასხასა წითელი ფერისა იყო. თიკომ გაუბედავად აიღო და შიგ ჩაიხედა. დიდხანს ითვალიერებდა პირისახეს, განსაკუთრებით კბილებითა და ქვედა სასით დაინტერესდა, ენას ცას მიაბჯენდა და მიაშტერდებოდა. რომ შეატყო, ქალებთან გარიგებით გართული ბეგო მას ვერც კი ამჩნევდა, სარკე ჩუმად კაბის სახელოდან იღლიაში შეაცურა და დედას კაბაზე მოქაჩა.
-დედი, წავიდეთ რა,_ შეემუდარა.
-ჰო, დამაცა ცოტაც, – დედა ლოგინის თეთრეულს კეცდა.
-წამოდი, წამოდი რა, ჩქარა! – უფრო მაგრად ჩამოქაჩა თიკომ.
. -რა მოუვიდა ამ ბავშვს ნეტა! -დედამ თეთრეული იქვე დააწყო. - ბეგო, ჯერ არ წახვიდე, ბავშვს წავიყვან და ეხლავე მოვალ.
თიკოს მთელი გზა ხმა არ ამოუღია, სახლამდე თითქმის სირბილით მივიდა.
-ცოტა ნელა, გოგო, ნუ დამღალე! – ხვეწნას დაადევნებდა ხოლმე სოფო.
შინ შევიდნენ თუ არა, თიკომ დედას გაბრწყინებული თვალები მიანათა და იღლიიდან სარკე გამოაძვრინა.
-აი! შეხედე დე!
-ეგ საიდან აიღე? – სოფოს ხმაში მუქარის ნოტები გაისმა.
-იქ იდო, დედა, ნახე რა ლამაზია, ნუ გეშინია, ბეგომ ვერ დაინახა!
-ეგ როგორ გაბედე, შე ქურდო! – უცბად დედამ თიკოს სახეში სილა გააწნა, მერე თმებში ჩააფრინდა და გარეთ გამოათრია.
-ხელი მაღლა ასწიე, ყველამ კარგად რომ დაინახოს, რაც მოიპარე, –დედამ იქვე წატეხა წკეპლა და გოგონას ზურგზე გადაჰკრა- ასწიე ხელი- მეთქი, არ გაბედო დაუშვა!
Aასე, სარკიანად მაღლააწეული ხელით გამოაგდო შარაზე და წკეპლის ცემით წყაროსკენ წაიყოლია. მისდევდა შეშინებული თიკო დედას და მდუღარე ცრემლებს აღვარღვარებდა.
-ტირილი არ გამაგონო! - დედამ ისევ გადაუჭირა წკეპლა, – მთელ სოფელს უნდა გავაგებინო შენი ქურდობის ამბავი .- მეზობლებო, ხალხო! გამოდით, ქურდი დავიჭირე! ყველამ ნახეთ, რა გამიკეთა ამ ღლაპმა, ქურდი გამიზრდია ოჯახში ხალხო, ქურდი!
ასე გაიარა მთელი სოფელი ხელამართულმა, შეურაცხყოფილმა და გულდათუთქულმა ბავშვმა და ბეგოს ნაქურდალი ნივთი მიუტანა.
ბეგომ სარკე გამოგლიჯა, თავში წამოარტყა და ხურჯინი მოიქექა, ემანდ, კიდევ რამე ხომ არ მომპარესო.
ხმაურს ილაც გამოჰყვა, ეს რომ იხილა, მიირბინა, გოგონა ხელში აიტაცა და გულში ჩაიხუტა.
-ხელი უშვი! – დაუყვირა სოფომ და წკეპლა ასწია, რომ ილასთვისაც შემოეკრა.
ილა მიუბრუნდა და თვალებში ჩახედა. სოფოს ხელი ჰაერშივე გაუშეშდა, წკეპლა მოისროლა და იქაურობას ბურტყუნით გაეცალა.
-ეშმაკი! ეშმაკია ხალხო, ავი სულია, როგორ მიყურებდა, მიშველეთ, ხალხო!
ილა კი გაუნძრევლად იდგა, თიკოს მის მკერდში ჩაემალა სახე და მხრები უთრთოდა.
ყველა დადუმებულიყო. ბეგომ სასწრაფოდ ჩაყარა თავისი ხარახურა ხურჯინებში და პირჯვრის წერით გაეცალა იქაურობას. ხალხი ნელ-ნელა დაიშალა, წყაროსთან მარტო თიკო და ილა დარჩნენ.
-კარგი, დაწყნარდი, – ქალმა ბავშვი ძირს ჩამოსვა, წყალს პეშვი შეუშვირა და სახე მობანა.
იმ ღამეს თიკოს ძალიან გვიან ჩაეძინა, დილით თვალი რომ გაახილა, სახლში მარტო ილა აღმოჩნდა, ცომს ზელდა.
-გაიღვიძე? – გაუღიმა თიკოს. შუბლიდან ოქროსფერი თმები ფრთხილად გადაიწია, ფქვილით რომ არ დასვროდა.
გოგონა წამოხტა, მიირბინა და ჩაეხუტა. ცოტა ხანს ასე იდგნენ, მერე თიკომ სკამი აიღო, კედელთან მიიტანა, ზედ აძვრა და კედელზე დაკიდებულ ხანჯალს მისწვდა. ჩამოხსნა, ძირს ჩამოხტა და ილას გაუწოდა. შეშინებულმა ქალმა უკან დაიხია.
-ახლოს არ მომიტანო, მე ვერ მივეკარები, თიკო!
მაშინ თიკომ წვალებით თავადვე გახსნა ხანჯალი. ილას თმები იატაკზე გადმოცვივდა.
-აიღე, ილა! – შესცინა თიკომ.
ილამ აკანკალებული, ცომიანი ხელები სველ ტილოზე შეიწმინდა, ფრთხილი, კატისებური მოძრაობით მიუახლოვდა თმებს, იატაკზე გაგორდა, გულაღმა გაწვა და ხმამაღლა გადაიკისკისა.
-ხანჯალი კედელზე დაკიდე, თიკო! - ილამ ბავშვს რაღაც უცნაურად შეხედა, – გაიგე, რა გითხარი?- ხანჯალი კედელზე დაკიდე- მეთქი.
თიკომ ხანჯალი ქარქაშში ჩააგო, ისევ აძვრა სკამზე და თავის ადგილზე დააბრუნა.
ილა ფეხზე იდგა, თმები ხელში ჩაებღუჯა და გოგონას მიშტერებოდა. თიკო, ცოტა არ იყოს, შიშმა შეიპყრო.
-ილა, რა მოგივიდა? – ჰკითხა აკანკალებული ხმით.
-არაფერი, ნუ გეშინია, ახლოს მოდი. – თავზე ხელი დაადო. – ახლა უნდა წავიდე. კარგი გოგო ხარ, თიკო! იცოდე, ცუდს არასდროს შეგამთხვევ, მაგრამ ჩემი წასვლა ასე არ შეიძლება.
ილა გაჩუმდა, გოგონას თმებზე ეფერებოდა და რაღაც უცნაურად უყურებდა. ის კი, შეშინებული ხმას ვერ იღებდა.
-ილა, ძალიან მიყვარხარ, – ძლივს ამოილუღლუღა ბავშვმა.
-მეც მიყვარხარ, თიკო, – ილა უჩვეულოდ, მონოტონურად ამბობდა და ბავშვს თვალს არ აცილებდა. – მაგრამ ისე ვერ წავალ თქვენგან, თუ წყევლა არ დაგიტოვეთ, ისე ვერ დავბრუნდები, ამის უფლება არა მაქვს.
მერე მთელი სახლი მზერით მოიარა, თითქოს რაღაცას ეძებსო. ბოლოს ბუხარზე შეჩერდა.
-არ მინდა, დაწყევლილ სახლში გაიზარდო, ამიტომ ჩემი წყევლა ასეთი იქნება, – ქალმა ცოტათი იყუჩა, ბავშვს მიუახლოვდა, მხრებით მიიზიდა, დაიხარა და თვალებში ჩახედა. – დღეის შემდეგ, პარასკევობით, ამ ბუხარში ცეცხლი არასდროს აინთება, შენ კი სახსოვრად წითელ პერანგს გიტოვებ, გინდა წითელი პერანგი, თიკო?
-მინდა, ილა, ძალიან მინდა, ლამაზია? – გაუხარდა ბავშვს.
-ლამაზია, ძალიან ლამაზი.. გაიხადე კაბა და ჩაგაცმევ, – მერე კაბა თვითონვე გახადა.
-აბა, სად არის?
-აქ არის, – ილამ ჩამოქნილი თითები გოგონას სხეულს შეახო, ბავშვის ნაზ კანს ნელა ჩამოუსვა. მოულოდნელი, ერთი-ორი სწრაფი მოძრაობა და გრძელი, პრიალა ფრჩხილებით კანი ჩამოკაწრა.
თითქოს ტანზე მდუღარე გადაასხესო, ისე აეწვა კანი თიკოს, ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა ილას და ხმას ჯიუტად არ იღებდა.
ილამ ფრჩხილებზე დაიხედა., მერე ბავშვის გასისხლიანებულ სხეულზე გადაიტანა მზერა.
-მაპატიე, თიკო, ესაა შენი წითელი პერანგი.

***
ამის ამბის შემდეგ ილა თვალით აღარავის უნახავს. მისი წასვლით სოფელს თითქოს სიხარული და სილამაზე მოაკლდა.
ილას გაუჩინარებიდან ორი კვირის თავზე, დარდისგან უცებ გაჭაღარავებული და დაბერებული ლუკა ვანოს შვილიშვილის გვერდით დაასაფლავეს.
. -ახლა ლუკა მიხედავს, – ვანომ თავი დანანებით გადააქნია და სასაფლაოდან ყველაზე ბოლო წამოვიდა.
პირველი ღამე იყო, რომ მას შვილიშვილის საფლავთან აღარ გაუთენებია.

***
-მართლა მოხდა ეს ყველაფერი? – იკითხა ნინომ და ცრემლები მოიწმინდა.
-რა ვიცი შვილო, ცეცხლს კი ვეღარ ვანთებთ ხოლმე პარასკეობით და... – მიუგო დედაბერმა და ყმაწვილქალს კვლავ მხიარული თვალები შეანათა.
გარეთ თოფი გავარდა.
-ახალ წელს გილოცავთ, შვილებო, ბედნიერები იყავით! – დედაბერი ნელა წამოდგა, ბუხართან მივიდა და ასანთს გაჰკრა.
ცეცხლი მაშინვე აგიზგიზდა და ოთახში სასიამოვნო სითბო დატრიალდა.

***
დილით ნინოს ზურაზე ადრე გაეღვიძა. ფანჯრიდან დღის შუქი მოიპარებოდა. ბებოს ბუხარი უკვე გაეჩაღებინა და ძროხის მოსაწველად გასულიყო. ჯერ კიდევ უდარდელად მფშვინავ ქმარს ყურში ჩასძახა:
-ეი, გაიღვიძე! რამდენ ხანს უნდა გეძინოს, თითქმის შუადღეა.
-კარგი რა, რას მერჩი! –ზურგი შეაქცია და მეორე მხარეს მოიკალათა. ნინო წამოდგა, კაბა გადაიცვა, ფანჯრიდან გაიმზირა და თოვლით გადაპენტილი ეზოკარი მიმოათვალიერა. ეზოს ბოლოს დედაბერი ძროხას ბოსელში დენიდა. თითქოს მზერა იგრძნოო, შემობრუნდა და გაუცინა.
,, რა უცნაური თვალები აქვს, გეგონება, პატარა გოგოაო,’’- გაიფიქრა ნინომ, ფანჯარას მოსცილდა და საწოლზე ჩამოჯდა. ზურას ისევ ჩასძინებოდა.
ცეცხლს შეშა შეუკეთა და ბუხრის თავზე დაკიდებულ ხანჯალს ახედა.
-ზურა! ზურა! –საწოლთან მიირბინა და ქმარი შეანჯღრია.
-რა გინდა, დამაძინე რა!
--ზურა, ეს ის ხანჯალია, პაპაშენმა ილას თმები რომ შემოახვია?
-რაა? ხანჯალი? აჰ ჰოო, არა, ეგ სხვაა, – ისე უპასუხა, თვალი არც კი გაუხელია. – მერე თავი წამოსწია და ცოლს დააკვირდა, – შენ რა, მართლა დაიჯერე ბებიაჩემის ზღაპრები? - ჩაიქირქილა და საბანი თავზე წაიფარა.
ნინომ ხანჯალი ფრთხილად ჩამოხსნა კედლიდან და შეათვალიერა. მერე ვადა ამოუწია და დიდი ხნის უხმარი ორლესური წვალებით ამოაგო ქარქაშიდან.
ქალს არ შეუმჩნევია, ხანჯლის პირს როგორ ამოჰყვა გრძელი, ოქროსფერი თმის ღერი და ქვის ცივ იატაკზე გველივით დაიკლაკნა.

2007 წ.
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: მალხაზ ასლამაზაშვილი   Today at 12:15 am

Back to top Go down
 
მალხაზ ასლამაზაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: მთხრობელთა და მოსათხრობთათვის-
Jump to: