არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ბელა ჩეკურიშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: ბელა ჩეკურიშვილი   Sun Jul 17, 2011 4:32 pm



ბელა ჩეკურიშვილი

ბიოგრაფია

იმ სოფელს, სადაც მე, თემურ ჩხეტიანი და ელა გოჩიაშვილი გავიზარდეთ, ვაჩნაძიანი ჰქვია და გურჯაანის რაიონში მდებარეობს. ის სკოლა კი, სადაც ჩვენ დავდიოდით, ერთ დროს ჯანდიერების სასახლე იყო.
ელას და თემურისგან განსხვავევით, ჩემს სოფელზე არასდროს დამიწერია, თუმცა კი, თუკი რამე კარგი და მძაფრი მაქვს შიგნით, სწორედ ვაჩნაძიანს უკავშირდება.
პირველი ლექსი მესამე კლასში დავწერე, სასკოლო გაზეთისთვის, პირველი სექტემბერის განწყობით, მასწავლებელმა დაგვავალა. მერე, დიდხანს, ასეთი კარგი ლექსი აღარ დამიწერია Smile ეტყობა შედევრები შეკვეთითაც იწერება Smile)
ახლა რომ ვფიქრდები, ჩემი პოეტად დაბადება ხელოვნურ ჩასახვას ჰგავს, თუმცა კი, გამართლებულ ექსპერიმენტს, ფაქტია, ნაყოფი გაიზარდა და სიცოცხლისუნარიანია.

ისე კი, საკუთარი რამდენმე დაბადება მახსოვს.
პირველად შვილად დავიბადე, რომელიც დედაჩემს გაუხარდა და მამაჩემს - არა.
მერე - ცოლად. აი, ეს დაბადება კი, ცოტა არ იყოს, უდღეურ ბავშვს ჰგავდა - თვალსა და ხელშუა გათავდა.
მერე დედად დავიბადე. ეს ყველაზე იღბლიანი დაბადება იყო, სრულფასოვნების განცდით და მარადიულობის შეგრძნებით.
მერე ერთი პოეტის მეგობრად გავჩნდი და მისი ლექსების პერსონაჟად ვიქეცი. საინტერესოა, საკუთარ თავზე დაკვირვება ამ ამპლუაში, ცოტა კიდეც გაშინებს, კიდეც გაღიზიანებს, გაკვირვებული შესცქერი, ხან მოგწონს და ხანაც სულ უცხოსავითაა.
ერთ დღეს კი აღმოვაჩინე, რომ ჟურნალისტად დავბადებულვარ. ეს ისეთი განცდა იყო, ავტობუსიდან რომ ჩამოხვალ, ჩანთაში ხელს ჩაიყოფ და საფულე აღარ გაქვს. ანდა, ასეთი: ჩამოხვალ, ხელს ჩაიყოფ და ხედავ, ვიღაცას მანდარინის ქერქები ჩაუყრია...
შეიძლება ითქვას, დღემდე ამ განცდით დავდივარ, საფულეამოცლილი, სხვისიშეჭმულიმანდარინისქერქებიანი...
ხანდახან ვფიქრობ, ხომ შეიძლება კიდევ რამედ დავიბადო?

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
bella



Female
Number of posts : 5
Age : 35
Location : Tbilisi
Job/hobbies : Ok
Humor : Ok
Registration date : 17.07.11

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Sun Jul 17, 2011 11:02 pm

მუტაცია

უნდა შევიცვალო ვარცხნილობა (როგორც საპატარძლომ ქორწილის წინ),

გამომეტყველება ( მზესუმზირის მსგავსად),

სუნთქვის რიტმი (სად მეჩქარება?),

მანძილი სიტყვებსა ქმედებებს შორის (გზიდან გადახვევა რომ მოვასწრო ხოლმე),

ზოდიაქოს ნიშანი და მფარველი პლანეტა (ვნახოთ, რა მოხდება),

სამშობლო (იქნებ გავიხარო უცხო მიწაზე, როგორც კარტოფილმა, სიმინდმა ლობიომ?)

ჰო, უნდა შევიცვალო სამშობლო.

მაგრამ როგორ მოვახერხო, რომ არ დავკარგო სასიცოცხლო მაჩვენებლები?
იქნებ ვირუსებს მივბაძო?
ან ბაქტერიებს?

მაშინ შევძლებ დავიბუდო, გავმრავლდე და კვალიც დავტოვო, შევძლებ შევაღწიო ჰაერში, სისხლში, საკვებში, იქ, სადაც მარტივად ვერ შემამჩნევენ, ვერ აღმკვეთენ, ვერ განმაგდებენ... უნდა მოვიფიქრო.

როგორ არ მახსოვს,
მუჭით ნატარები, ნაომარი, ძვლებიანი, გაცვლილი, გაყიდული, დათმობილი, ჩაბარებული,

როგორ არ მახსოვს,
იებად, თითებად, თასებად, საათებად, უთოდ და ძუად, ბუდედ და შოშიად, ყაყაჩოდ, წეროდ, ქოლგად, ჰამაკად ჩამარცვლული, თითჩაყოლებული,

მაგრამ ცვლილებებზე უარი რატომ ვთქვა?

მერე რა, თუ აღარ მექნება ბირთვი, ვეღარ ავფეთქდები შიგნიდან, ვეღარ გავანათებ, ვეღარ გავიყოფი,

მერე რა თუ დამეხშობა სიტყვა ‘კოსმოსი’, ‘წინაპარი’ `‘კედელი,’ცერცვი’’ , სამაგიეროდ გადავრჩები, გავფართოვდები, გავმყარდები, გავხანგრძლივდები...

რა არის საშიში?

ხომ გვიხარია სამხრეთამერიკული თუთიყუშები, ჩინური ჩაი, ინდური წიწაკა, აბრეშუმის ჭიაზე ლეგენდები, განა მათ ვინმე საყვედურობს?

მეც ვეცდები, რომ ზუსტად ვუწოდო სტეპებს სტეპები, პრერიებს - პრერიები, პუშტებს - პუშტები, პამპებს - პამპები, და იქვე ველიც დავასახელო, ცნობისათვის,

და ვიარო,

როგორც საათის ისრებმა (ერთი რიტმით),

მატარებლის ლიანდაგებმა (წრფივად),

დღეებმა (დათვლილად)

წვიმამ (სეზონურად)

ქოლგამ (თავს ზემოთ)

წყარომ (რაკრაკით).
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=1830023483
bella



Female
Number of posts : 5
Age : 35
Location : Tbilisi
Job/hobbies : Ok
Humor : Ok
Registration date : 17.07.11

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Sun Jul 17, 2011 11:04 pm

საგზაო მოძრაობის წესებიდან

წესი ნომერი პირველი

გზას რომელსაც ჩემამდე მოჰყავხარ, იმდენი ბოლო აქვს, რამდენი ხაზითაც გაგირბის და გიახლოვდება.

ჩემი გზა კი, შენამდე, ერთი საცალფეხო ბილიკია, შემხვდრსაც რომ მხარს ვერ ავუქცევ. გამოგიტყდები, შიშით ვუყურებ შენს გამოჩენას - ჩვენ აქ, მხარდამხარ ვერ გავივლით. ამ ბილიკს თავისი წესები აქვს – წყვილებს ვერ ჰგუობს. მაგრამ თუ შევძლებთ და ისე მჭიდროდ მოვეხვევით ერთმანეთს, რომ ერთი ვეგონოთ, იქნებ გაგვიშვას.

გზებს სახელების დამახსოვრება არ უჭრით ხოლმე, კარგად იციან, სად უხვევენ, სად სწორდებიან. არც ნაბიჯების გარჩევაა საძნელო საქმე, ზურგით გრძნობენ ამაყი თუ დარცხვენილი კაცის სიმძიმეს.

ვეჭვობ, ვერც ჩვენს მოძრაობას გამოვაპარებთ, ამიტომ კარგად მომეხვიე, ან სულაც ხელში ამიყვანე, შემითვისე, შემისისხლხორცე, თორემ ამ ბილიკს ათი თვალი და ათი ყური აქვს, წყვილად ყოფნას არ გვაპატიებს, მხარს აიქნევს და უფსკრულში გადაგვიძახებს.


წესი ნომერი მეორე

წარმოიდგინე, მგზავრი ვარ და უკვე ყველა ქუდი მოვირგე – ჩალმა, კეპი, ბერეტი, შლაპა, კიპა, სომბრერო. პური გავტეხე და მარილიც მხარს უკუღმა გადავაფრქვიე, მაგრამ, მაინც, მაღალი ძაბვის სადენივით, ზურგზე იარლიყად მაკრავს - `საშიში~.

რომ შევამჩნიე, ჩემი ორი თვალი უკვირდათ, ცალი ავიხვიე, ხეიბრებთან ყავარჯენი დავიჭირე და მელოტებთან თავი სულაც გადავიხოტრე, მაგრამ ჩემს დანახვაზე მაინც კბილებდაკრეჭილი თავისქალა ახსენდებოდათ.

ვცადე და ენა შევიცვალე, წყაროსავით გადმოვსკდი და ავრაკრაკდი, ვცადე და უცხო კერპებს ვუკმიე, ლოცვებითა და ღამისთევით ზვარაკი ვწირე, მაგრამ მაინც ეჭვის თვალით შემომცქეროდნენ, როგორც ბაზარზე მოულოდნელად გამოჩენილ მავნებელ პროდუქტს, სამარკო ნიშნების გარეშე რომ სურს დისტრიბუტორს შემოაპაროს.

წარმოიდგინე, მგზავრი ვარ და, ბალახზე ვწევარ, ზეცას შევცქერი, წინ კი ისევ სამი გზაა, მინიშნებებით - `სახიფათო~, `საშიში~, `უნდო~, ზეცას შევცქერი და ვფიქრობ, როგორ გამოვიცნო, საით წავიდე, სად გამიმართლებს, სად მიმიღებენ, სად მენდობიან.

მაგრამ იქნებ ამ სამი გზიდან აღარც ერთის არჩევა არ ღირს, იქნებ დავტოვო ეს ზღაპარი აქვე, უცვლელად და წამოვდგე ამ ბალახიდან, მეოთხე, მეხუთე, მეთერთმეტე გზები მოვსინჯო, იქნებ სულაც ჩემი გავკვალო, არა სხვების სახელდებული, ნაჩვენები, ნაკარნახევი, ტრაფარეტაკრული, დათარსული...


წესი ნომერი მესამე

არსებობს სადგომები, თავშესაფრები, ხანმოკლე, ხანგრძლივი, დროებითი, რომელიც მუდამ რაღაც ვადას გულისხმობს. მერე კი შენს გზას უნდა გაუყვე, თუნდაც არსად გელოდებოდნენ, შენი თავისკენ მაინც იარე და მოძრაობის წესებს თუ დაიცავ, ალბათ მიაღწევ.

არსებობს გაჩერება, დაყოვნება, დამუხრუჭება, ხელის დაქნევით, ნებით, მუქარით, იძულებით, დამსხვრევის და სიკვდილის ფასად. ხან არჩევანია ჩვენი აქ და ხან არადანი, ხან ვამსხვრევთ და ხანაც ვიმსხვრევით.

არსებობს სუსტი წერტილები, მაგრამ საიმედო ჯავშან-ჟილეტებიც არსებობს, ტანზე, სისხლში, ტვინში, ნერვებზე, გააჩნია როგორ მოვირგებთ, როდის მოვასწრებთ, დანახავამდე, შეხვედრამდე თუ შეჯახებამდე.

და თუ სიკვდილის რისკი მოძრაობის მაჩვენებელს უთანაბრდება, მაშინ იქნებ ჯავშანჟილეტი ყოველდრიურ აქსესუარად გვექცია, როგორც ხელჩანთა, შარფი, სათვალე, ანდა ჰალსტუხი (მამაკაცების შემთხვევაში).


Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=1830023483
bella



Female
Number of posts : 5
Age : 35
Location : Tbilisi
Job/hobbies : Ok
Humor : Ok
Registration date : 17.07.11

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Sun Jul 17, 2011 11:05 pm

Safe mode

დაცული ვარ,

როგორც სიკვდილმისჯილთა საკანი, გლეხის ბეღელი, ქვრივის ხსოვნა, საკრედიტო ბარათის კოდი,

საიმედოდ, სათუთად, საგარანტიოდ.

ჩვენ შევთანხმდით რეჟიმზე, რომელიც საუკეთესოა, ოპტიმალური, ნაცადი,
დაცულია ჩემი ალტერ ეგო ღალატისგან, საშვილოსნო - შვილოსნობისგან, სახლი - აშენებისგან.

დაცული ვარ და სჯობს ასე დავრჩე, სჯობს სასწორზე მომავალი არ შემოვდო, ვაითუ გადამწონოს, ვაითუ დავიბნე, ვაითუ გაფანტულობა მომეწონოს,

მე კი ისეთი ძვირფასი ვარ, ერთი მისხალიც არ უნდა მომაკლდეს, არ უნდა დავნაწევრდე, არ უნდა დავზიანდე.

ვიდრე დაცული ვარ, უვნებელი ვარ, და არა საშიში, არა მომწამვლელი, არა გადამდები, არა მკვლელი, არა მაცდური.

ჩვენ შევთანხმდით ამ რეჟიმზე და ვიცით:

როგორ ავიხვიოთ თვალები, ვიბრუნოთ პირი, გავწყვიტოთ გზა, შუბლისა და გულის ძარღვები,

მთავარი ისაა, სიკვდილმისჯილს განაჩენის აღსრულებამდე გავაძლებინოთ, ხორბალს - ზამთრამდე, არ შევბღალოთ გარდაცვლილთა სექსუალური მოგონებები, საბანკო მომსახურების პრესტიჟი.

დილას კი, სერაფიმი ჩამოვიდა და ამბობს, რომ ზევით, რახანია, არდადეგები დაიწყო...

Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=1830023483
bella



Female
Number of posts : 5
Age : 35
Location : Tbilisi
Job/hobbies : Ok
Humor : Ok
Registration date : 17.07.11

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Sun Jul 17, 2011 11:45 pm

ეპითალამა

`ესენი ფეხსაცმელს ხიდზე ტოვებენ და ისე ხტებიან' - (ლიზი, იაპონიიდან)

ფეხსაცმელი გავიხადე და კართან დავტოვე.

ახლა დროა გადმოვაბიჯო, გადმოვიდე, გადმოვინაცვლო,

შემოვიფრცქვნა (ჩამოვიწრიტო) გამოვლილი (ნაფიქრი) ქუჩები და ქალაქები, პარკის სკამებზე დარჩენილი კოცნები, პაემანზე მოსწრებული წვიმები, ჭორაობაში გათენებული ღამეები, თავფარავნელი ჭაბუკი, შვლის ნუკრების ნაამბობი, დედა,

დავიფერთხო თმებიდან სიტყვები, მკლავებიდან _ ადამიანები, ყელიდან _ მძივები, გულიდან _ მიწა, კაბიდან _ სამშობლო,

გადავისწორო წახნაგები და კუთხეები, ნაწიბურები, ბორცვები, მთები,
დავრბილდე, გავლღვე, გავმსუბუქდე და შემოვცურდე ჩემიდან შენში.

ფეხშიშველი ვარ.

ერთი ნაბიჯიც და სიმყარე უწონადობით შემეცვლება, რომელიც დასაწყისში ისეთივე ნეტარებაა, როგორც გაშლილ ზღვაში ჩამავალი მზისაკენ ცურვა, როგორც რძის პირველი ყლუპი, ფეხებსშორისი შეხება, ჰამაკში რწევა,

მაგრამ უსასრულობის შიში ხომ თანდათან ყველაფერს გაუსაძლის ტანჯვად აქცევს, გვყლაპავს, გვაქუცმაცებს და ჩაკეტილი ოთახებისკენ ხარხარით მიგვარბენინებს.

ვიცი. და ვდგავარ,

როგორც შემოდგომა, საათის ისარი, კუდიანი ვარსკვლავი, კარი.
Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=1830023483
bella



Female
Number of posts : 5
Age : 35
Location : Tbilisi
Job/hobbies : Ok
Humor : Ok
Registration date : 17.07.11

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Thu Jul 28, 2011 8:58 pm


to be continued


მზესუმზირები

(სურათი პირველი)

თუკი გეტყვით, რომ ბედნიერი ვარ, მიხარია ხის ჩრდილებზე გადაბიჯება, ახალი მძივი და კიბეც ისე ავირბინე, თითქოს გემის ანძაზე ლურჯი დროშა აასრიალეს, მოიწყენთ და გასაქცევად სასწრაფო საქმეს მოიმიზეზებთ.

უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა იმის მოსმენა, როგორ ვიქეცი დიდი, ყვითელი, შავგულა ყვავილიდან წვრილ-წვრილ მარცვლებად და ახლა, სადღაც ქუჩის კუთხეში, მუჭა-მუჭა ვიყიდები.

ამ სიტყვის შემდეგ, ალბათ, უკვე ქურთუკს გაიხდით, სკამს მოაბრუნებთ და სიგარეტსაც მოუკიდებთ თვალის მოწკურვით.

მერე კი ხმას ისე შეიცვლით, თითქოს თოვლმა ჭადარს ტოტი ჩამოატეხა და კენწეროზე შემომჯდარი ყვავი დააფრთხო.

გაყინულ ცას შეფრენილი ყვავის ზაფრით უსასრულოდ გაიმეორებთ, რომ მზის ყურება ყველას უყვარს, მაგრამ სახელის მითვისება? სიკვდილამდე? თან უსიკვდილოდ? ვის შერჩენია?

ხოლო როცა თქვენი გულწრფელი მღელვარება თანაგრძნობის ხიდად იქცევა, სადაც უსინათლო მუსიკოსები გარმონს უკრავენ,

მეც შემრცხვება და უხეირო მასპინლობა რომ არ დამწამოთ, ჩემს ახალ მძივს, ანძის ლურჯ დროშას, ხეების ჩრდილებს და ნაბიჯებს ამ ჩრდილებზე კარს უკან დავმალავ და სადარბაზოს წინ მზესუმზირის ჩენჩოებად მოვიფანტები.

სოკოები

სურათი მეორე (დაუმთავრებელი)

გაგვაფრთხილეს,
რომ ქუდებზე დავიწეროთ რიცხვები და
პროცენტები, რამდენ გრადუს შხამს გავცემთ და ვუძლებთ,
როგორც ტყეში სოკოები, ფეხებითაც უნდა გვიცნონ, ფერითაც და ხალებითაც,
რომ იოლად გვიპოვნონ და წაგვშალონ და გადაგვრეცხონ
და მერე კი, ფოტოებად მიგვაწებონ ფურცლებს.
გაგვაფრთხილეს,
ცამეტიდან ავირჩიოთ მეცამეტე
საწოლი და პერსონაჟი. სურვილი კი მივაჭედოთ კარებს.
არ გავბედოთ გადა-რბენა, გადა-ვარდნა, გადა-ფრენა, გადა-მალვა, გადა-ქცევა,
და მარტივი მოძრაობით მოვახერხოთ იმ დღეების გამოსყიდვა,
ორშაბათს რომ გვათხოვეს და შაბათამდე გვპარეს.
გაგვაფრთხილეს...


მოქცევა

სურათი მესამე (ვიდეო არტი)

დღეს მოქცევაა,

გარეთ გამომაქვს და გაყრი რაც ჩავყლაპე, წაგართვი, გაგაცალე, უნებლიეთ ხელს გავაყოლე, გამატანე.

გამომაქვს უკვე მონელებული და დაგლეჯილი, ნაკუწებად ქცეული, სახეცვლილი და გაყრი, რადგან მოხვედი, დგახარ, მიყურებ და ფეხსაც არ იცვლი.

ვხედავ, შენთვის სიმშვიდეზე უფრო მეტია იმის გაგება, ვინ (რა) შევირგე, რა (ვინ) ჩავითრიე, თვალს და ყურს რა გამოგაპარე, რას დავხარბდი, რაზე გავიყიდე, რით გამაბრიყვეს.

მოქცევაა და მაღლა ამომაქვს ვერჩაკიდებული ხელები, ვადაგასული სურვილები, სამაშველო რგოლების ვირტუალური ანალოგები, საკვირაო წირვა და პური და ფსალმუნის ტექსტი ამ წირვიდან, ახალშობილის ყიფლიბანდი, შავი თავსაფარი და ვერცხლის ბეჭედი გადარეცხილი წარწერით - `ფილიპე'.

მოქცევაა, ვიცვლი რჯულს და ცხოვრების წესს, სისხლის ჯგუფს, პერანგს, ტელეფონის ნომერს, საქმროს, სარკის ორეულს,

ვექცევი მავნე გავლენის ქვეშ, გამჭვრივალე შუშის კოლბაში, ხის კენწეროზე, ვეშაპის კუჭში, საპატრულო პერიმეტრის გარშემო, ბოლოს _ მჭედლის გაშლილ მკლავებში და მიჭერს და მადნობს, როგორც რკინას, ვერცხლს, სპილენძს, თითბერს...

(აქ ვიღაც მაინც გამოერევა, რომელიც იტყვის, რომ საზოგადოებაში ასე მოქცევა არ შეიძლება)...

ორნი

ფოტოკოლაჟი

მუხლებს

შეუძლიათ იყურონ კაბის ქვემოდან და არ მოიწყინონ,

შეუძლიათ გარეთ გამოიჭრან და იქათქათონ,

ყვავილის მსგავსად გადაიშალონ, ანდა გიმნაზიელებივით მორცხვად შეტყუპდნენ და იკეკლუცონ.

ხელები,

ზოგჯერ როგორც მტრედები, სხდებიან დამორცხვებულ მუხლებზე და ითვლიან,

ზოგჯერ კი, ლიანებივით ეხვევიან და სრიალებენ, სრიალებენ, სრიალებენ, გადადიან საზღვარს, არ უყურებენ დროს და არ იციან სიტყვა `სხვისი'.

ბურთი კი, რომელიც დაგორავს მუხლებსა და ხელებს შორის, წითელი კოპლებით, როგორც კალათში ჩაწყობილი ვაშლებით, ახარბებს თვალებს და ბაგეებს ენით ასველებს.

აქ ზედმეტია მხოლოდ ზეწარი, თეთრი, ხამი ტილოს ზეწარი, სადაც ვერ მოასწრეს დაეწერათ: Happy End





Back to top Go down
View user profile http://www.facebook.com/profile.php?id=1830023483
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Thu May 31, 2012 3:54 pm



სათაური: შეკითხვად სიზიფეს
ავტორი: ბელა ჩეკურიშვილი
კატეგორია: ქართული პოეზია
ISBN 978-9941-11-293-5
გვერდები: 108
ფასი: 3.9 GEL
ყდის ტიპი: რბილი ყდა

ანოტაცია –

თუ სამყარო სეზონებადაა დაყოფილი და შენ გადამფრენი ხარ? თუ ყველაფერი სქესის მიხედვით ნაწილდება და სახელებად იშლება? თუ შენი სიტყვა მხოლოდ ხმაურია და არა ღმერთი, თუნდაც წარსული დროის კატეგორიით? - მსგავს შეკითხვებზე პასუხი სიზიფესთან ვიპოვე: ჩვენი ქვა იმდენჯერ უნდა ავიტანოთ მთაზე, რამდენჯერაც ჩამოგორდება. სამყაროში სადაც ყველაფერი თითქოს ქვიშად ქცეულა და სიმყარე აღარაფერს აქვს, ჩემი ქვის მოძებნას მაინც შევეცადე...

ბელა ჩეკურიშვილი

ბმული – http://www.diogene.ge/ka/books/book/240



study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Wed Jun 20, 2012 1:02 pm

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Wed Dec 05, 2012 12:21 pm

ბელა ჩეკურიშვილი

გაგზავნილი წერილი

ციკლიდან "შამხათ"


ჩვენ ერთმანეთი სიტყვით ავავსეთ და სხეულებად დავინაწილეთ
(ალბათ ეყრდნობი ახლა სავარძელს და მონიტორი თეთრად ციმციმებს).
და მეც ვციმციმებ ჩემი სიცილით, ჩემი ზურგით და ზურგზე ხალებით,
შენ შეგიძლია დასვა წერტილი და დაგეზაროს ხარკის გაღება
შეხვედრებისთვის, რომელთა შორის იყო გრძნობების სუსტი ტეხილი,
არ დაგჭირდება დამბაჩის სროლა, არც სველი თოვლი, მე რომ მიხილო
ღრუბელთა ცისფერ სიმხურვალეში. რა საჭიროა ღმერთებთან ომი,
გიახლოვდები სისხლის გარეშე და წყევლად ჩემი წარსული მომაქვს.
შენ შეგიძლია ფიქრად დამტოვო, ან ტელეფონის ზარად მაქციო,
მე მოგიყვები როგორ დავმთავრდი, რომ ვარდისფერი კაბა მაცვია,
რომ ერთადერთი სიზმრის ნახევარს შემოვინახავ ჩემი მერმისთვის,
რომ ისევ შევძლო თვალის გახელა სადმე ქუჩაში თუკი შეგნიშნავ,
რომ ავედევნე კახპად გილგამეშს ყველა დროსა და ყველა ბილიკზე,
გზაში დავკარგე ყველა ნიშანი და შენს ფეხებთან გამოვირიყე,
მაგრამ ვერაფრით შემოვემატე შენი დღეების წამლეკ სიჭრელეს,
ავსებული ხარ ფიცით ყელამდე და ვიცი ახლა არ დამიჯერებ,
რომ ყოფნასა და არყოფნას შორის არჩეული მაქვს ჩემი ხაზები,
რომ ვიქნებოდი მორჩილი ცოლი, ანდა მხევალი, როგორც ასეთი.
არ დამიჯერებ, რომ შენ გიძღვნიდი ყველა ლექსსა და ყველა სიმღერას,
შემოგეფეთე ახლა პირისპირ და ყველა ძვალი ვნებით მიელავს,
რომ ვოცნებობდი შენზე მანამდე, ვიდრე პირველად დაგინახავდი,
რომ სურვილები ღმერთებს გავანდე და როგორც ზვარაკს ისე დაგხარბდი...
შენ შეგიძლია დასვა წერტილი, როგორც სიცრუე, ანდა სიმართლე,
ანდა დუმილით გამაცამტვერო ზედმეტ შეკითხვებს თუკი მივმართავ,
ან გამიმეტო როგორც წარმართი, შემომირიგო და მომიცილო.
. . . . . . . .
ალბათ ეყრდნობი ახლა სავარძელს და მონიტორი თეთრად ციმციმებს.



ბმული - https://www.facebook.com/photo.php?fbid=428075307245663&set=at.428073447245849.97230.428072350579292.1830023483&type=1&theater
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Thu Jan 24, 2013 12:42 pm



Published on Jan 23, 2013

ბელა ჩეკურიშვილი კითხულობს "სიტყვების ჩარჩის მონოლოგს" და დაწერის ისტორიაზე საუბრობს.


Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Thu Mar 07, 2013 12:08 pm

ბელა ჩეკურიშვილი

***
ისე მივქროდით, გვერდზე გახედვისას თავბრუ გვესხმოდა და გზადაგზა პეიზაჟი იდღაბნებოდა. მივქროდით იმ საშიშ და მხიარულ ტალღებში, ქროლვას რომ ახლავს და გზადაგზა ვკარგავდით ქუდებს, ფეხსაცმელს, შარფებს, ვკარგავდით ხმებს და ხმაში სიტყვებს, სიტყვაში ბგერებს,

მივქროდით წამის მეასედებში და ვერაფერს ვეღარ ვგრძნობდით, გარდა საკუთარი სხეულებისა, რომლებსაც, როგორც სანახევროდ სავსე ყულაბებს, ჩხრიალ-ჩხრიალი გაუდიოდა...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Wed Apr 17, 2013 4:07 pm

ბელა ჩეკურიშვილი

მე

იქ, ზევით, სადაც ყოველთვის ყველაფერი ზუსტად იციან და გვირჩევენ სახლის ნომერს, ქალაქს და განედს, გვირჩევენ თმის ფერს, თეძო-წელი-მკერდის ზომას, სწავლის საფასურს,

იქ, ზევით, სადაც ყველაფერი განსაზღვრული და გათვლილია, იციან, როდის აივსება ჩვენი ფანჯრები სავსე მთვარის კამკამა შუქით და მოშიშვლებულ მკერდებს ჩამოვხსნით მარტოობის მძიმე საჭურველს, იციან,როდის გვიცდება ფეხი მატარებლის ლიანდაგებზე, როდის ვშლით ქოლგას სახურავის ქიმზე შემდგარნი,

იქ, ზევით, სადაც სიტყვა-სიტყვით მიაწერეს ჩვენს სახელებს თარიღები გატეხილი ფიცისა და დარყმული მუშტის, დარღვეული საქორწინო კონტრაქტების, ბოთლში ჩადებული და ზღვას მიცემული სურვილების, პურში გადაცვლილი ოქროს ბეჭდების,

იქ, ზევით, სადაც გადაწყვიტეს, რომ ხელის კვრით არ იღება არც ერთი კარი და ღრიჭოებში გადაძვრომას უნდა დავჯერდეთ, სადაც კადრებად დაალაგეს სტუდენტობისას მოტეხილი ფეხი და მხარი, გაწყეტილი ზურგის ტვინი შეუფარდეს სავარძლის წონას, მოგვაზომეს ძაძა და ფლასი,

იქ ზევით, ალბათ ისიც იციან, ხელები ჯვარცმის ნიშნად კი არ გავშალე, შენ ჩაგკიდე, რომ ერთად უფრო დიდი წრე მოვხაზოთ და დავიყვიროთ: აი, აქ ვდგავართ!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Sat Jul 06, 2013 8:30 am

ბელა ჩეკურიშვილი

ამბავი ქვად დარჩენისა

ასი წელია ქვისა ვარ,
ქვა ვარ,
ქვის ლოგინში,
ქვის სასთუმალზე ჩუქურთმად იქცა ჩემი ნაწნავი.
ასი წელია, არ ჭრიალებს არც ერთი კარი, არ ირხევა დარბაზის ფარდა; კენჭივით გდია სოროში თაგვი და ქონგურებზე ჩამწკრივებულ ქორის მართვეებს არ უტოკავთ ფრთები და ღინღლი; მიწამ შეჭამა თავლაში - ცხენი, ხულაში - ძაღლი.
ასი წელია, ამ სასახლეს გვერდს უვლის წვიმა, ქარიც კი ღრუბლებს სულ სხვა მხარეს მიერეკება, თუ რომელიმე გაბედავს და ცნობისწადილით შეყოვნდება, ისე გაწეწავს, როგორც მბეჭეველი მარტყლის ფთილას საჩეჩელაზე.
ასი წელია, მზე ზურგს აქცევს ამ გორაკებს და ცერად მიდის; აღმა იქცა ხიდის ქვეშ წყალი და მიწის ღია ნაპრალებიდან ავად ელავს ცეცხლის თმები დამშეული ჯოჯო-ალების, სურვილით იწვის მათი ვნება, ამობრიალდნენ, გადაევლონ ხეობას და დაანახშირონ;
ასი წელია, მათ სიშლეგეს შენი მოსვლის შიში აჩერებს, შენი სახელი უზით ყურებში და გამწარებულნი უსასოოდ, ყრუდ გუგუნებენ. იციან, რომ ასმეერთე წელს გამოჩნდები და დელგმა წვიმით გადარეცხავ მიწის ზემოთ თავდარჩენილ ავსულთა მოდგმას.
ეს ცოდნაა, რომ აჩერებს წისქვილში დოლაბს, ხვიმირში სიმინდს და ტომრებზე გადამხობილ მეწისქვილესაც შენი მოსვლის იმედით აქვს გაყინული ძარღვებში სისხლი.
დღეს ასმეერთე წელიწადის დილაა და სასახლის კოშკს მზის სხივების შეხებაზე ვნებით ათრთოლებს; დაფეთებული მოქუხს წყალი შორი მთებიდან და ასი წლის წინ მიტოვებულ კალაპოტსაც ატორტმანებს ცნობისმოყვარედ; ბილიკი გრძნობს ცხენის ფლოქვებს და იზმორება.
ლოდინმა იცის თავგზის აბნევა და შეშინება, ლოდინი ჭორის ძაფებს ხლართავს და უიმედობის ბადეში ახვევს გულის ოცნებებს. მაგრამ სასახლის ასწლიან ლოდინს არასოდეს შეჰპარვია უიმედობა:
მე - ქვადქცეული კაბა-ნაწნავით, დამუნჯებული კარი და ფარდა, კენჭი - თაგვები და ქორის მართვე ქონგურებზე უძრავად მჯდარი, ჩვენს ასწლოვან გარინდებაში შენს ნაბიჯებს ვითვლიდით და ზუსტად ვიცოდით, ეს უმზეო დღეებიც და უმთვარეო ღამეებიც შენს მოსვლასთან გვაახლოებდა.
ვიცოდით, მოხვალ და ქვის სარეცლის მდუმარებას შენი მხურვალე კოცნა დაბზარავს.
დღეს ასმეერთე წელიწადის დილაა და შენს თვალებში ქვადქცეული სასახლეა წამომართული - დაზაფრული და დაბნეული.
და ერთადერთი, რაც ყურს ჩაესმის, შენი თანმხლები ამორძალის სიტყვებია: ”დროს ნუღარ ვკარგავთ, ღმერთსაც და კაცსაც ერთნაირად მოსწყენია აქ გაჩერება”...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Tue Dec 03, 2013 6:12 pm

ბელა ჩეკურიშვილი

"წარვედ წყალის პირს"_ ნიკ. ბარათაშვილი


რაინი დიდი მდინარეა, დე, რაინზე გემები დადიან.
თუკი ვიფიქრებ, რომ ნაფოტი ვარ, არყისხისა, გინდ ცაცხვის,
ლუკმად არ ვეყოფი რაინს.
ან უნდა გემად გადავიქცე, თავი ჩავღუნო და მგზავრები ვატარო,
ან თოლიასავით ყაშყაშით გავყვე ტალღებს.

აქ მიწას ჩემი სახელი არ ჰქვია დე,ვერც ქვად ვიქცევი, ვერც კედლად.
ხომ ამბობდი, სადაც მიწას ხმას ვერ გადავაწვდენთ, ნურც წყლისგან ველოდებით პასუხს.
მაგრამ თუ მოვახერხებ და ჰაერში ავიწევი,
თვალს ამარიდებენ და ხელსაც
უბრალოდ ამიქნევენ და მეც იქნებ ავფრინდე,
აქ ხომ არც ტოტი მაქვს, არც ფესვი,

როცა სიტყვები აღარ გაბადია, როცა ფიქრიც არ კრთის გულში,
რამ უნდა ჩამოგაგდოს, ან რამ დაგამძიმოს,
თავისკენ რა მიგიზიდავს, რა დაგსჯის?
შორს კი ვერსად წახვალ, ერთი ნაპირიდან
მეორე ნაპირამდე მხოლოდ სეზონებს თუ წაშლი,
მაგრამ ნაცადია და ამბობენ, დრო მოვა,ყველა ასე იფრენს ცაში.


რაინზე რამ უნდა შემაშინოს, დე, რაინი ხომ დიდი მდინარეა და
აგერ გემებიც მიუყვებიან რაინს...


2013 წლის 3 დეკემბერი, 17:27-ზე

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Mon Dec 30, 2013 10:41 am

ბელა ჩეკურიშვილი

სერაფიმს, მეთევზეს


ყველა წყალს _ ონკანს, საშხაპეს, ქუჩის შადრევნებს, ქალაქის ცივ და მდორე მდინარეს შენს სახელს ვუმეორებ და გადავლილ ზამთარზე ვუყვები.

(აქ წყალი ერთადერთი მოძრავი და ცოცხალი სუბსტანციაა, ვისაც შემიძლია ჩემს ენაზე ველაპარაკო)

და გაზაფხულის წვიმებისას, როცა წვეთები შენს ქვეყნამდე ჩამოაღწევენ, გექნება ჩემი მდუმარე სურათები ტანზე მიკრული ხელებით, ჩამწყდარი ხმით და შეჩერებული სისხლით.

მაშინაც, როცა თავი ოქროს თევზები გვეგონა და ადამიანების იღბალს ვარკვევდით, მაშინაც, როცა მივხვდით, თევზსაშენში ვიმყოფებოდით და გაშლილი სივრცე, რომელსაც სიკვდილამდე შევიცნობდით, მხოლოდ ბეტონის აუზი იქნებოდა,

მერეც, როცა აკვარიუმში ცხოვრება და ინტერიერის დამშვენება შემოგვთავაზეს, ვიცი, ვერაფრით წარმოიდგენდი, რომ სიცოცხლეს საკუთარი ნებით დავთმობდი, შრიალა ტალღებს მარინადის წვენს ვარჩევდი და გულის ფეთქვას ოკეანის ხმაურს კი არა, წვიმის წვეთების წკაპს ავუწყობდი.

და ახლა, ბევრი წყლის და ქვეყნების მერე, ცურვისა და ფართხალის მერე, ვთავხედდები და იმ დუმილის (ტკივილის) ამბავს გიყვები, რომელიც მხოლოდ მარინადად ქცეულმა თევზმა შეიძლება გაგიზიაროს.


2013 წლის 30 დეკემბერი, 1:05-ზე

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Fri Jan 17, 2014 9:45 am

ბელა ჩეკურიშვილი

ბუხრის წინ ნამღერი


ეძღვნება ნუსას


ვიდრე მივფრინავთ
და საგნები ფორმასა და ზომას იცვლიან, სიტყვები კი თანხმოვნებს კარგავენ
და სიმღერებად გვედევნებიან,
როცა სურვილები ერთი ხელის გაწვდენაზე ჩანს და შეხება აღარც გვჭირდება,
ვიდრე მივფრინავთ
და არ ვდარდობთ ნაკვალევზე _
ირიბია თუ დაღმავალი, დედას მოსწონს, ან მეზობელი ხომ არ ჭორაობს _
რადგან მიწაზე არ ვტოვებთ მას, გვგონია, რომ ვერავინ ხედავს,
ვიდრე მივფრინავთ
და უწონადობა საკუთარ სხეულს ისე გვაყვარებს, ვნებისაგან პირდაპირ ვკივით
და ექსტაზში გვავიწყდება თვალის დახუჭვა (აფრენის წინ როგორც გვასწავლეს),
რომ ფრთები არ გვაქვს და კაბის კალთა ორი ხელით უნდა გვეჭიროს,
ვიდრე მივფრინავთ
და მზესთან ახლოს სხვა ფერებს ვიძენთ, ერთმანეთსაც სხვაგვარად ვხედავთ,
ვიწელებით, ან ვმოკლდებით ჩრდილებსა და აჩრდილებს შორის,
ხან ძალა ისე გვემატება, რომ კედლებს ვანგრევთ,
ხან კი ისე მოქნილნი ვხდებით,
სიოდ გავდივართ ნასვრეტსა და ჭუჭრუტანაში,
ვიდრე მივფრინავთ
და ვიყურებით მხოლოდ ცალ მხარეს,
ვერ ვამჩნევთ, როგორ იცვლება ჩვენ წინ ხედები, სეზონები და მოდური ტენდენციები,
მხოლოდ სიზმრის პერსონაჟები უფრო და უფრო კონკრეტდებიან
და უხამს ქცევებს მათგან ისე ხარბად ვითვისებთ, არც კი ვწითლდებით...


2014 წლის 16 იანვარი, 11:12-ზე

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Fri Jan 17, 2014 9:49 am

ბელა ჩეკურიშვილი

***

მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი
თუნდაც წარსულიდან, ანდა - მომავლიდან,
ვიღაც ადრე მოდის, ვიღაც იგვიანებს,
ვიღაც არ გვინდა და
ვიღაც სულ არ გვინდა...
ვიღაც შემოდის და დროებით ჩერდება,
ვიღაც გამვლელია, საჭეს ატრიალებს,
ვიღაც გვემუქრება იმქვეყნად შეხვედრით,
ვიღაც წმინდაა და ვიღაცა მტვრიანი.
ვიღაც ღმერთია და ჯვარზე გაკვრას ითხოვს,
ვიღაც ერთგულია, ვიღაც -ეჭვიანი,
ვიღაც ღალატისთვის სამოთხეს დაგვითმობს,
ვიღაც ვერცხლის ფულებს ყურთან გვიჩხრიალებს.
ვიღაც ჩვენს სხეულთან პირისპირ დაგვტოვებს,
ვიღაც ბალახია, სველი და შრიალა,
ვიღაცა ჰაერში აკეთებს სალტოებს,
ვიღაც ძრის ვარდება, ვიღაც მისრიალებს.
ვიღაც დაგვიფარავს ფრთებით და კალთებით,
ვიღაც კოცონია, მწველი და ბრიალებს,
ვიღაცის გვჯერა და კიდეც ვემსგავსებით,
ვიღაც იკოცნება, თანაც, ვნებიანად.
ვიღაც იწყება და იკეთებს კონტურებს,
ვიღაც მთავრდება და ცოტას გვაზიანებს,
მე კი წარღვნამდელი მზერით შემოგყურებ
და შენი კიდობნის მტრედებად ვხმიანობ
და ახლადნანახი მიწის სიხარულით,
მე რომ დედაა და თბილი და ბრღვიალა,
პირველადშეხვედრის რიტუალს ვასრულებ:
მინდა, დაგაბედო რამე იღბლიანი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Mon Oct 06, 2014 1:45 pm

ბელა ჩეკურიშვილი

ვატყუებ. ნუცას

მე კი არ ვტირი, როგორ გითხრა,
ავ თვალს ვატყუებ,
იცი, ცრემლიანს უკეთური არ ეკარება,
არც შურის ღველფი მიეწევა
და სიმარტოვეს
არ გააგრძელებს, გაუწეწონ თუნდაც ქარებმა
ძველი ფიქრები და ნივთები, ჩანთიდან, ზემოთ
აუფრიალონ წერილები, ხმელი ფოთლები,
რომელთაც უკვე დაჰკარგვიათ ფერი და გემო,
და არც არაფრად აღარ ითვლება.
კი არ გამშვიდებ, ასე ხდება,
როცა სხვაგან ხარ,
როცა გადათქვამ ყავლგადასულ
გრძნობას და აზრებს,
ჯერ შემპარავად გაჩოჩდები, მერე გადახვალ
ერთხელ დადგენილ წესებს და საზღვრებს,
როცა არც ერთხელ არ ინანებ, ის რაც დატოვე,
ყელზე გეკიდა, ტანზე გეცვა, ფარულად ზრდიდი
და მთლად შიშველი გადადიხარ უკვე სალტოებს,
და გგონია, რომ უკვე ხარ დიდი.
ისედაც იცი, გადავარჩევ
იმ სიტყვებს ცალკე,
ცა ქუდად რომ არ არგიათ და მიწა ქალამნად,
სიბნელეშიც რომ კაშკაშებენ
და როგორც სარკე
აირეკლავენ სურვილებს და ალბათ სალამსაც
დააყვედრებენ ხონთქარს, იცი, სწორედ ასეთებს
როგორ ელიან მეგობრები, ჩვენგან, შორიდან,
ჰოდა, სასწრაფოდ გამოვატან დილის გაზეთებს,
შენ კი, მერწმუნე, კი არ ვტირი, ისე, მომინდა,
გადამეხედა ძველი ბაღისთვის...

2014 წლის 6 ოქტომბერი, 13:00-ზე

https://www.facebook.com/notes/bella-chekurishvili/%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%94%E1%83%91-%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%AA%E1%83%90%E1%83%A1/10152765504244044

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Mon Mar 02, 2015 11:50 am

ბელა ჩეკურიშვილი

ფითრი

“აი, ეს ხეა მამაჩემი” - ზვიად რატიანი

მიყურებს, ხე ვარ და ვშრიალებ, ვშრიალებ, ვშრიალებ
ათასი ფოთლით და მოქნილი, ხასხასა რტოებით,
დაქრის საქანელა აღმა-დაღმა და ვირწევი,
და ჩრდილსაც დავაფენ ზაფხულის თაკარა დღეებში,
სჯერა, რომ სანდო ვარ ძლიერი ვარჯით და მერქანით,
ამ რწმენით ნათდება მისი დილაც და თვალებიც,
სჯერა, რომ დასჭირდეს, ჩემს ტოტებს შეშადაც შევაწევ,
ისურვებს, გავხდები კერიის თავხეც და აკვანიც.
სჯერა და არ ვიცი, ოდესმე მაინც თუ მიხვდება,
გულში გაიფიქრებს, ანდა ეჭვად თუ გაუვლის,
რომ ეს ხე კი არა, ხეს შემოხვეული ფითრი ვარ,
უფესვო, უმერქნო, წნელების გროვა და მეტი არც
არაფერს არ ნიშნავს ეს ჩემი გაცრეცილი ფოთლები,
და რომ საკუთარი არც სიცოცხლე მაქვს, არც სიკვდილი,
რომ სხვისი სინათლით ვიკვებები და ვერთობი,
თუმც მზერა გამირბის მიწისაკენ, ხან ზეცისკენ,
შეშინებული პატრონს მჭიდროდ-მჭიდროდ ვეხვევი...

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Mon May 11, 2015 8:05 pm

ბელა ჩეკურიშვილი

ნატვრის ხე

მათ სურდათ, ნატვრის ხე ვყოფილიყავი,
მოსულიყვნენ, ჭინჭები შეებათ
და სურვილის შესრულება მოეთხოვათ.
მათ სჭირდებოდათ ადგილი,
სადაც შეიძლება ჭინჭით მიხვიდე და იმედით გამობრუნდე,
ადგილი, რომელსაც ცხვირსახოცით,
ქამრით ან პერანგის ნაგლეჯით თუკი მონიშნავ,
სამუდამოდ დაგიმახსოვრებს.
სჭირდებოდათ მორჩილი და უტყვი არსება,
ვინც მოისმენდა და მოითმენდა
მათ მზაკვრულსა თუ გულწრფელ ჩანაფიქრს,
ოცნებას, ზრახვას
და ვერ იტყოდა: "დავიღალე", "მომბეზრდა",
ანდა "ღმერთო, მიშველე"
და ხეს მიადგნენ,
რომ ახლა მიწისაგან წამოეღოთ, რაზეც ზეცა უარს ამბობდა, აგვიანებდა,
ან არ ესმოდა.
მაგრამ მე შემიძლია, შევირხე
და ტანსმოხვეული სურვილებიც ფთილა-ფთილა შემოვიგლიჯო,
შემიძლია, შემოვბრუნდე, გავემგზავრო,
ან დავიყვირო.
რატომ უნდა ვიყო ნატვრის ხე?
იმიტომ, რომ დავიმახსოვრო სხვისი სურვილები
და ფესვებს გადავცე,
მერე კი ერთ დღესაც, ნატვრის ჭინჭებით გაკოჭილი,
ტანი რა არის, ტოტს და ფოთოლს ვეღარ შევარხევ
და ნელ-ნელა, გამხმარ ჩალის ზვინს დავემსგავსო,
შემოდგომის მინდორში დადგმულს?
მათ სურდათ, ნატვრის ხე ვყოფილიყავი,
მაგრამ, თუ შემომხედავთ,
საკუთარი სურვილები მაქვს გამოსხმული
და მალე კიდეც დავიყვავილებ.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Mon Sep 28, 2015 7:27 pm

ბელა ჩეკურიშვილი

ჩვენ, ვაშლის ხეები


ჩვენ, ვაშლის ხეები, იმიტომ კი არ ვყვავილობთ, რომ ველოდებით, ვინმე მოვა და თაიგულად შეგვკონის, ანდა გვირგვინებს დაწნავს და მერე ბალახში წამოგორებული უდარდელ ფოტოს გადაიღებს;

ჩვენს ვარდისფერ ყვავილობას პატარა ბიჭის სურვილი ჰქვია, ჯერ კიდევ მწვანე, მჟავე ნაყოფს მარილს რომ დააწებს და კბილებში აახრაშუნებს.

ჩვენ, ვაშლის ხეები, ძირს დაშვებული ტოტებით ტირილისთვის კი არ ვემზადებით, ანდა საყვედურის სათქმელად კი არ დავმძიმებულვართ, პოეტებს რომ ლექსის საბაბი მივცეთ და წუთისოფლის ამაოებაზე ვავაგლახოთ;

ჩვენს სიმწიფეს ახალგაზრდა წყვილების წარმოსახვა ჰქვია, მოკრეფისას რომ გააჟრჟოლებთ და ალმოდებული გულებით საწოლებისკენ გაიქცევიან.

ჩვენ, ვაშლის ხეებს, ტკბილი სურნელი არასდროს გვტოვებს კვირტობიდან ფოთოლცვენამდე და (მან ეს ზუსტად იცის) მითების და იგავების ცოდვის სირცხვილი კი არ გვაწუხებს, როცა ზამთრის პირას ვშიშვლდებით,

ჩვენს სიშიშვლეს დედაბრის ბუხრის ზღაპარი ჰქვია, თოვლიან დღეებს შემწვარი ვაშლი რომ ულამაზებს, მხატვრები კი, ამას ისე გამოსახავენ, რომ სიბერე და მარტოობა ჩარჩოს უკან უჩინარდება...


2015 წლის 28 სექტემბერი, ორშაბათი

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Sponsored content




PostSubject: Re: ბელა ჩეკურიშვილი   Today at 5:59 am

Back to top Go down
 
ბელა ჩეკურიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: