არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 სოფიკო ტყეშელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
sofiko.t



Female
Number of posts : 1
Age : 48
Location : --------
Job/hobbies : --------
Humor : ---------
Registration date : 12.06.11

PostSubject: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sun Jun 12, 2011 4:47 pm


Sopiko Tkeshelashvili

სოფიკო ტყეშელაშვილი
1968-06-24


ლექსები

***

,,არ გააღვიძოთ, არ აღძრათ სიყვარული,
ვიდრემდის თავად არ ინებოს!"
ქებათა-ქება სოლომონისა


ახლა სურვილი ისე შეშინდა, ღამის სიზმრებში
მთვარით ჩანიშნეს,
წითელ ბილიკებს აქერცლავს ჟამი, ვინ გამოიხმობს
ზღვიდან ქარიშხლებს?
იქ, სადაც წუთი წუთზე იქუხებს, რა ძალის ძალით
აამინდებენ,
წამოხვეტავენ ხვალ ბიის ფურცლებს და ჭურის
თავებს განარიდებენ.
შენ ისე მცდიდი ყოველ ნაბიჯზე, როგორც
ვერცხლსა და ოქროს კიდონტი,
მე არაფერი მაქვს დასამალი, დრო იყო, მართლა
გულით მინდოდი.
გულით მინდოდი, სანამ მეგონა, მზე შემოდგამდა
ბანზე იმ აკვნებს,
ქალაქს კი თავში ქონი ჩააწვა და წვრილ ფეხებზე
ტანს ძლივს იმაგრებს.
ახლა სურვილი ისე შეშინდა, სიყვარულს მართლა
უნდა ეძინოს,
ო, როგორ მინდა, დაწვეს დუმილი, დაწვეს დუმილი
და შეეძინო.
ქუჩაში ძაღლი მიჰყავს მათხოვარს, ჩამოძენძია
კალთები ფრენჩის
შენ არ იფიქრო, სხვა ბუდეს ვეძებ, ან სხვის
ბაგესთან ჯვარობას შევრჩი.
ახლა სურვილი ისე შეშინდა, სიყვარულს მართლა
უნდა ეძინოს.


აპრილი

ბაბუაწვერავ, საით გაფრინდი?
ქარს ნუ აჰყვები, ქარი ანცია,
დედას მუცელით დაჰყავს აპრილი
და დედას ლურჯი კაბა აცვია.
თვალებში უდგას სურვილი აფრის
და დღე და ღამე ნატვრას უნდება,
დედა სადაცა გააჩენს აპრილს
და დედა უფრო გაზაფხულდება.


***
სადაცა სული, მომლოდინე, დაიჭერს გვალვებს,
ცთომლის ქუსლი ჩემი ყოფის ახლოს იმტვრევა,
აქნილი ღამე წამოკრიფეს და გადამალეს,
წვიმამ შორშოფი დაამთავრა ვაშლის კვირტებთან.
თორემ, ვინ იცის, ეს ცრემლები ვისკენ ივლიდა,
ასე ხანგრძლივი სიკეკლუცე ვამადლე პალმებს,
გაისხმარტლა ნაკადულმა მიწის ფრჩხილიდან,
მე მოგიძიე, მოგეფერე და გაგეპარე.
არ მეშინოდა სიყვარულის და არც შეჩვევის,
არც ჩემი წილი ცა არ იყო შავი ანწლივით,
ახლა შენ უნდა მოგეძებნე და არ შევჩერდი,
ახლა შენ უნდა დაგკლებოდი შენი ნაწილი.
,,დამდევდი, როგორც ბეჭდი შენს მკერდზე,
როგორც ბეჭედი შენს მკლავზე;
რადგან ძლიერია სიკვდილივით სიყვარული~.


მოხუცი დები

ვსტუმრობ მოხუც დებს-წლებით მიმქრალებს,
ცხოვრება მათთვის შავი კარტია.
ოდესღაც ჰგავდნენ, ალბათ, იმ ქალებს,
ყავის ძველ ფინჯნებს რომ ახატია.
ჩამოსაფქველი ჩამოფქვა წვრილად
ბედმა და გახდა მკაცრი მხლებელი,
სახურავიდან მოძვრება წვიმა,
უპატრონობის შემხსენებელი.


გერაკინი

სანაპიროზე დასუნსულებს გამხდარი ლეკვი,
კრამიტისფერი სიყვარულად ექცა გერაკინს,
დღეს ეგეოსში მზემ ჩამოჰყო მარტოდენ ნეკი
და ჟასმინების გაიცრიცა ბაღში პერანგი.
დღეს თუ არა და ხვალ ხომ მაინც უნდა დავშორდეთ,
წავალ, წამყვება წყნარა მზერა ფიქრთა ამალით,
ალბათ, მიყვარხარ, თორემ ასე რატომ მაშფოთებ,
იმ ,,ძაღლთაპირი კეისარის" შთამომავალი?

***
ცეცხლთან ჯვარობით გაგიგიჟებ ჩალისფერ ვნებებს,
გამოფიტული საუკუნე დაღლილი ხვნეშის,
ხვრეპენ კატები, ჩემი სიზმრის თეთრ წვიმებს ხვრეპენ,
ღმერთს ვეძებ შენში, უღმერთოო, ღმერთს ვეძებ შენში.
ეს შენ იყავი, თუ ამ ქვეყნად ვინმე მიკვირდა,
გააფაქიზებს თეთრი ყანჩა მწვანე ლელიანს,
მარტო დარჩები ერთადერთხელ, ისიც სიკვდილთან,
სხვა მარტოობა მოგონილი სისულელეა.
იყავი მეფე ვნებების და არ ექცე მონად,
არ ექცე მონად, გადამალე თვალები მრეში,
ვწერ, როგორ მინდა დედამიწის სასთუმლის პოვნა,
ვწერ, როგორ მინდა გადავღალო ეშმაკი შენში.

***
ქუჩა ხალისით აჰყოლია შადრევნის კისკისს,
კი, შენ მაჩუქე სამაჯური მარჯნის მძივებით,
მრგვალ მაგიდაზე ალუბლები, ჭიქაში ვისკი,
ცის უპეებში მოღალული მზე იძირება,
მზე იძირება, წყლის წვეთები ასფალტს ასველებს,
იყოს წაგება, ეს ცხოვრება ჩემზე ახია,
არ ვიცი, თავი არც ამჯერად არ შეგახსენე
და იმეორებ: ღმერთო ჩემო, სად მინახიხარ?!


ია მაჭავარიანს

ნოემბრის შვიდი და ცივა უკვე,
ცამ შეგვაწუხა მშრალი ხველებით,
ბებიაჩემს და მის სტუმრებს უკვირთ,
სად იზრდებიან დღევანდელები?
სახურავების უბადლო მცოდნე
ქარი ფანჯრიდან არ ღირს ყურებად,
მეზობლის ქალი იმრავლებს ცოდვებს
და ობოლის დასაპურებლად.
ბებიაჩემს და მის სტუმრებს უკვირთ.


კაფე "ვივა ვერდი"

განწირულია ყველაფერი და მიწას ფხოჭნი,
ცარიელია სანაპირო და ,,ვივა ვერდიც~,
ნაჯახივითა ბედისწერა, ფესვებში მოგჭრის,
თუ საყვარელი გეგულება ვიღაცის გვერდით.
გინდა, ზღვა მუჭში მოიქციო მწვანე ხახისთვის,
მის ბობოქრობას ბობოქრობა დაუდო ზღუდედ,
ექცე ურჩხულად ფერიობის ვერდანახვისთვის,
რომ თავი სძულდეს.


***
რას ჩამოშალა ამ ტყემალმა
თეთრი მკლავები
და შემომყურებს?
ბებიაჩემი შეიხსნიდა თავსაფარს
ასე, მოლოდინით,
ჭიქა წყალი მომიტანეო!



***
სახლის საძირკველი მოშალეს,
არავინ არ იყო მართალი,
კაბის გულისპირზე შროშანებს
ქარგავდნენ მიმინოს თვალთვალით.
მერე ის თვალთვალიც აჯავრეს,
ჰაერი ისარმა გაჰკვეთა,
საფირთა სიკვდილი მაჯაზე,
სიცრუე უძველეს სარკეთა.
სურვილი გაბიცდა წამებით,
საათებს შევრჩი და ვაძაგე,
მომხიბლა, მოვხიბლე, წავედით,
ცალ-ცალკე წავედით, ცალ-ცალკე.



***
ძლივს დაამთავრა სახლის სხვენზე წვიმამ ბანდალი,
გაამზეურეს აივანზე ძველი ნაბადი,
ეჰ, წნელის ღობეს თავს დაატყდა დრო და ავდარი,
სულაც არ უნდა წნელის ღობეს მიწას ჩაბარდეს.
ეს სიყვარული გამოსასვლელს ჩემგან ვერ აგნებს,
ეს მერამდენე ბაირაღი ცხვირწინ დაფლითეს,
თეთრი პეპლები ახატია ღამის პერანგებს,
ო, ღმერთმაც ნუ ქნას, რომ მოსწყინდეთ და
რომ გაფრინდნენ.
მიწას პირიდან კბილებივით უშნოდ გამოჩრილ
ჩალის ღეროებს უშიშვლდებათ წვრილი ფესვები,
დღეს შენს მზერაში მერამდენედ აღარ გამოვჩნდი,
თუმცა დრო იყო, ხშირად მთხოვდი მზერის შევსებას.
თუმცა დრო იყო, მამაღლებდი, ახლა კი მძირავ,
წვრილი ჭიქიდან ნება-ნება ისმება ღვინო,
თეთრ ოტომანზე აბრეშუმის საკაბეს ძინავს,
შემაძლებინე, გავაღვიძო და მოვიხდინო.


შვილს

ჯერ ორივენი უნდა გადავრჩეთ,
საჩემო ვარსკვლავს მაინც ვერ ვსდიე,
ახლა უცდიან, როდის გაგაჩენ,
ლამაზს, ჭკვიანს და ჩემზე ბედნიერს.
ტკივილი ღმერთმა უნდა გაშოროს,
ჩემში, ჩემთან და ჩემით შეფუთვნილს,
ეჰ, ვერ გახვედრებ ისეთ სამშობლოს,
მე რომ მინდა და შენ რომ გეკუთვნის.


***
მიმძიმდებოდა დრო და დრო სუნთქვა
და ხვალინდელ დღეს მაინც ველოდი,
მეძახდა ქარი მოსული უქმად
და მიტაცებდა მოუთმენლობით,
ხშირად ჩემს გვერდით იდგამდა სუფრას,
თან ყურადღებით მღლიდა იქედნე,A
ახლოს, სულ ახლოს, ვხედავდი უფალს
და მისკენ დიდხანს ვერ გავიხედე.
ცას შეყუჟვოდა ღრუბელი-მართვე,
ტანს უმთავრებდა აგვისტო ზაფხულს,
მერე ის დიდხანს ეძებდა ნათელს
სადღაც ჩემში და ჩემს იქით დაფლულს.
სადღაც ჩემში და ჭორების სისინს _
მკვიდრთ სასახლეთა, ვარჩიე ოდა,
სულს ძლიერება მართავდა მისი,
ბრწყინავდა სიტყვა და მენდობოდა.


***
ბედი ჩემს კარტებს მთვრალივით ურევს,
გასაოცარი ჩამოივლის ვნების მაყრობა,
შენ გამახსენებ, რომ ოდესღაც მიყვარდი, თურმე,
რომ ფოთოლცვენას ხემ სიცოცხლე ვერ გააყოლა.


***
რა გავაკეთე, თუ ვიცოდი, როგორ მელოდი,
დარდს, მოძალადეს, გული უხმოდ მოვათელვინე,
შენ გაგამწარეს უჩემობის მოუთმენლობით,
მე, საყვარელო, უშენობა მომათმენინეს.
შინდმა გადახარა ტანი ხრამისკენ,
ფესვებს შეაპარა რყევა,
მან თუ ახლა სიყვარული გარისკა,
წავა და ხრამს შეატოვებს ყველა.
მე ვერაფერი ვერ გითხარი,
მაჯობა შინდმა.


***
ყრუ აივანის ჩაშლილი მხარი
სურომ გაათბო შემოხვევებით,
გვერდით ჩამივლის მეტოქე ქალი
იმ სხვანაირი ყელმოღერებით.
მაგრამ ტკივილი ჩემამდე ჩასთვლემს,
რადგან ტკივილი უძლურებს უტევს,
გავერიდები მომაკვდავ ვარდებს
და გავეკვრები სამყაროს უპეს.
ეჰ, სიყვარული დამრჩება შენთან,
იქნება ბედით, იქნებ შემთხვევით,
დღისა და ღამის გიჟური შერთვა,
ჩევნს შორის ბევრჯერ ჩადგა ხერხემლით.
ეჰ, სიყვარული დამრჩება შენთან.


***
მიწა შეელია სამოსელს ნათხოვარს,
წვიმასაც ჩემს მკლავზე ტირილი ვაცადე,
იცოდე, ძვირფასო, უშენოდ მარტო ვარ
და დიდი ცოდვაა, რომ ვიყოთ ცალ-ცალკე.


Arrow
Back to top Go down
View user profile
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3860
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: სოფიკო ტყეშელაშვილი   Sun Jun 12, 2011 6:07 pm

დიდ ქალბატონ N-ს

ძველი კარები უკვე გალაქეს,
თქვენც ნაოჭებთან გაგაშველებენ
და დაისიზმრეთ წუხელ ქალაქში,
რომელსც აღარ ააშენებენ.
ვიცით, უფალი რატომაც გვბადებს,
სიცოცხლე ბევრის მაინც ხათრია,
ჩააშიშვლებენ ქარები ვარდებს
და მთვარისკენაც მზერას ათლიან.
მთა ჩამოაყრდნობს სოფლის მხარს ღაბაბს,
ვერ იტანს კიბე წლების ბოდიალს,
თავს ჩამოიღრჩობს ამაღამ კაბა,
რომ აღარ შეხვდეს სხეულს ობიანს.


შემობრუნება

ვერ შევეგუე, თუკი ვინმეს რამე ვერ ვარგე,
მე არ მქონია არასოდეს, იცი, ქვის გული,
გადავემალე ეგეოსის ქაფის პერანგებს
და იმ შორეულ ჭიპს ვიყავი მაინც მიკრული.
ჰო, იმ შორეულს, უცნაური მთელის ნაწილი
და ჩემს განწყობას მიაწერდნენ ხშირად მნათობებს,
შემოგიარე, საკუთარმა სისხლმა გამწირა
და ვაპატიე, რომ უჭირდა ვერ მივატოვე.
ცამ მომაკვდავი ვარსკვლავების გაშალა ჩელტი,
ვარდისფერ ნუნებს ატმებისას სხვა შუქი მოსავს,
ვერ მივატოვე, რადგან ის ბევრს ნიშნავდა ჩემთვის,
რადგან შეიძლო ჩემს კარებთან იმედით მოსვლა.
სხვა ჩაბრუნება, თუ ჩავყევი ცრემლებს მომისევს
და ცრემლებს შორის ძნელი არის ვპოვო ნუგეში,
შემოგიარე, მეტყვი რამეს და მე მოგისმენ
ასე ჩამჯდარი, დახეთქილი კედლის კუთხეში.
ასე ჩამჯდარი, მერე ისევ ჩემი გზით ვივლი,
ხან ჯოჯოხეთი მიხილავს და ხანაც სამოთხე,
შენ მარტოობის დამანახე სევდა და ხიბლი,
მე მარტოობით აღტაცება ჯერ ვერ ამოვთქვი.
ვერ შევეგუე, თუკი ვინმეს რამე ვერ ვარგე,
მე არ მქონია არასოდეს, იცი, ქვის გული,
გადავემალე ეგეოსის ქაფის პერანგებს
და იმ შორეულ ჭიპს ვიყავი მაინც მიკრული.


***
ღრუბლებს უღიმის ჩემი და,
მე დღესაც შენი დარდი ვარ,
თავს მაბრალებენ _ ვრჩები და,
თუ მიბრალებენ, _ გავრბივარ.
ცის სადაფები მამშვიდებს,
როგორც იმედის ნაცვალი,
მე, წუთისოფლის ნაშვილებს,
დედისკენ გზას ვინ მასწავლის?


მარიამს

ქარი სატირლად ღრუბელს აქეზებს,
ქარისგან სათნო ნაბიჯს ნუ ელი!
ალუბლის წვენით მოსვრილ ბაგეზე
გეალერსება წვიმით ღრუბელი.
ჰოდა, ტირილზეც უნდა დაგვისწროს,
მხრების აჩეჩვით რომ ვცეთ ნუგეში
და დაუმოკლდა კაბა აგვისტოს
და შეინახა ჩიტის ბუდეში.


***
მე რომ შემეძლოს სუნთქვას გაგიყოფ,
გაგიხდებოდი მშვიდი, დამყოლი.
ვიცი, შემკრთალო მინდვრის ყვავილო,
ვერცხლისფერ ღრუბლებს თვალს რად აყოლებ.
შემოგეცრიცა პერანგი მოკლე,
ვინ რას გაიგებს, შენ რომ გაბრაზდე,
არ შეიძლება ჭიქაში მოკვდე,
ასე, უბრალოდ, ფანჯრის რაფაზე.
არ გეკარება ქარი სათოფედ,
თვალებში გაყრის ჭერი თაბაშირს,
შენ გულისწორი გარეთ დატოვე,
გულისწორი კი სხვასთან თამაშობს.
ეიოლება ყოფნა უშენოდ,
შენ კი მზის სხივიც გაკრთობს, მცირედი,
იქ, თბილ წვიმებსაც სახეს უშვერენ
და ფესვებამდე ჩასდით წვიმები.
ვიცი, შემკრთალო მინდვრის ყვავილო,
ვერცხლისფერ ღრუბლებს თვალს, რად აყოლებ.


***
სად გაგიხსენოს ძველმა ალაგმა,
ცა იჭვრიტება ატმის ბაღიდან,
ყველა სურვილი უცებ დალაგდა,
ყველა სურვილი უცებ დაღვინდა.
წუხს მებადური. მდინარე მღვრიე.
და რუხ კენჭებზე სველი ტერფები,
აღარსად კარი, არც გული ღია,
მხოლოდ მზეს ეტყვი, როგორ ვერ თბები.
მზეა მზეა მაინც და ის ანათებს,
შენც ხომ ინახავ შვილის ფაჩუჩებს
და ყვავილებით სავსე კალათებს
ღამით ვიღაცა ქალაქს აჩუქებს,
რადგან არ იცის, ზუტად, სადა ხარ!


შვილს

გათელილი, მთვარისფერი ნაბადი,
ჩაშლილი და უსახური რიყე,
მზად ვიყავი, შენთვის ფეხსაც დავბანდი
მას, ვინც ჩემთვის მტერზე მეტი იყო.
გიყურებდი, ჰოდა ისე ვუძლებდი,
მე ღრუბელი, ის _ ეშამკის კერძი,
რადგან შენთვის სისხლია და ფუძეა,
შენ ვარსკვლავებს მის მხრებს იქით ეძებ.
ძუნწი წვიმა. მწიფე ანწლის ნაყენი.
მაგიდაზე ვარდისფერი რკალი,
მე რამდენჯერ სიკვდილს იქით გავყევი,
მან კი, ყველგან მომიხურა კარი.
სხვა რა გითხრა! ყველა გზასთან ვიომე,
ახლა მხოლოდ საკუთარ თავს ვებრძვი,
არ ყოფილა არაფერი იოლი
და მით უფრო, ვარსკვლავების ძებნა.


***
მინდა, სხვაზე გავცვალო,
მინდა, იგრძნოს, სხვა ვარ,
გულო, არ დამაძალო,
როცა მისგან წავალ.
თუკი ახლა მემდურის,
წავალ, იგრძნოს ერთხელაც,
რომ ჩემსავით ერთგული,
ბევრი არვინ შეხვდება.
დღეო, ჩემო, ნათელო!
გულო, უტყვო Qქვითკირო,
მინდა მისგან გაქცევა,
მინდა ჩემზე იტიროს.
მინდა ვეღარ უძლებდეს
უჩემობის წამებს,
მერამდენედ ლაგდება
ჩემოდანი მწვანე.
მაგრამ არსად არ მიაქვთ,
იტოვებენ მძევლად,
გაწევ-გამოწევაში
სახელური ძვრება.
მინდა, სხვაზე გავცვალო,
მინდა, იგრძნოს, სხვა ვარ,
გულო, არ დამაძალო,
როცა მისაგან წავალ.



***

თავს მახსენებდნენ
იმ საოცარი
გობელენების
თეთრი რაშები,
გარეთ კი თოვდა
და დახრილ თვალებს,
ჰო, დახრილ თვალებს
ჰგავდა ქაშვეთი.


***

მზე. ძილი. ჰემინგუეი.
ვივიწყებ წვიმებს და ქარშავებს,
იებმა ლარნაკი იგუეს,
სხეული მსუბუქად ჩაშალეს.
რომ გენდო, ცრემლამდე მიმიყვან,
შემრთავ, შემაბერებ ნისლებს,
ქალს კაბა აცვია ჭიღრიკა
და ქუჩას ხალისით მისდევს.
მზე. ძილი. ჰემინგუეი.
ისევ. ისევ და ისევ!

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
სოფიკო ტყეშელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: