არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანისიმღერიდან სიტყვამდე. * მიხო მოსულიშვილიჰელესა (კინორომანი). * თამარ ლომიძეზღვარი (ლექსები).
* ბელა ჩეკურიშვილიშეკითხვად სიზიფეს (ლექსები) * ხათუნა ცხადაძე (მთარგმნელი) უმბერტო ეკო „ფუკოს ქანქარა“
* ლაშა ბუღაძენავიგატორი (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - „ბუზთა ბატონი“ (რომანი) * ზაზა თვარაძესიტყვები (რომანი).
* მიხეილ ანთაძესაიდუმლოებით მოცული უ.შ, სინქრონისტულობის პრინციპი. *
* რადიარდ კიპლინგი - აი ასეთი ამბები (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძევახტანგური (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილიდიდი ძუ დათვი (რომანი). * ნინო ნადირაძეVIA SOLIS (ლექსები). * მარიამ ხუცურაულისანათა (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling).
* ბესიკ ხარანაულიმთავარი გამთამაშებელი. * მიხო მოსულიშვილისულის მდინარე (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილიფრთები და ხელები (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძეომში, როგორც ომში * ზაალ სამადაშვილი – ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე * ირაკლი ლომოური – ავტონეკროლოგი
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * ქართული პიესა 2012 (ექვსი პიესა).
* თამრი ფხაკაძე – ბოსტანი კონფლიქტის ზონაში (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – დიალოგი წყვდიადში
* გიორგი კაკაბაძენიკო ფიროსმანი (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – ვაჟა-ფშაველა (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ირმა შიოლაშვილი – თამარ შაიშმელაშვილი

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury
avatar

Male
Number of posts : 4150
Registration date : 09.11.08

PostSubject: ირმა შიოლაშვილი – თამარ შაიშმელაშვილი   Fri May 06, 2011 10:26 am


Irma Shiolashvili

გულში მწიფე ბროწეულის მარცვლები...

(თამარ შაიშმელაშვილს ესაუბრება ირმა შიოლაშვილი)

- ირმა, „ფოთლების ხიდი“ შენი მეოთხე პოეტური კრებულია. როგორ დაიბადა ეს წიგნი და რითი გამოირჩევა იგი წინა სამი კრებულისგან?
- დიდი ხანია, მინდოდა, ძველი და ახალი ლექსები ერთ გამოცემად შემეკრა, და ასე, ახალ ლექსებთან ერთად ბავშვობისდროინდელი ნაწერებიც „გადამერჩინა.“ Mმსგავსი სურვილი ალბათ ბევრ შემოქმედს უჩნდება; ასეთი წიგნის დაბადების შემდეგ გრძნობ, როგორ დაემშვიდობე წარსულ შინაგან გზებს, როგორ ლამაზად განთავისუფლდი ადრეული ასაკის ლექსებისგან და, ამავდროულად, როგორ შეადუღაბე შენი ძველი სამყარო ახალთან...
იმის მიუხედავად, რომ კრებული მშვენიერი გამოვიდა, ვფიქრობ, შედგენისას ცოტა არ იყოს, ვიჩქარე - ასეთი წიგნი დიდხანს უნდა ძერწო, მე კი საქართველოში ყოფნისას, ორ კვირაში შევკრიბე ნაწერები, ზოგიერთ გამოუქვეყნებელ ლექსს ჩემს ძველ არქივში ვეღარ მივაგენი, თანაც ვეცადე, წიგნი ნაკლებად სევდიანი ყოფილიყო და რამდენიმე საყვარელი სევდიანი ლექსი გვერდზე გადავდე, რაც დღევანდელი გადასახედიდან, ასევე ,ნაჩქარევ გადაწყვეტილებად მეჩვენება, რადგან, ჩემი ვერც ერთი წიგნი, რამდენიმე ლექსის გადამალვით, სევდას ვერ გაექცევა...
- რატომ უწოდე ამ კრებულს მაინცდამაინც „ფოთლების ხიდი“?
- წიგნის სათაური ერთ-ერთი ძველი ლექსიდან ავიღე. ორი წლის წინათ, დიუსელდორფში ჩატარებული ხელოვნების ფესტივალის ფარგლებში მქონდა ორენოვანი შემოქმედებითი საღამო ამ სახელწოდებით. მაშინ ვიფიქრე, რომ ახალ წიგნს „ფოთლების ხიდს“ დავარქმევდი...
- “ლექსი თვითონ მწერს“ - როგორ აღიქვამს პოეტი ირმა შიოლაშვილი ამ სიტყვებს.
- როცა ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ლექსი თვითონ მწერდა. მაშინ ჩემი შემოქმედება ემოციების ნაკადი იყო, ლექსზე თითქმის არ ვმუშაობდი - როგორც „მოდიოდა,“ ისე ვტოვებდი. ახლა ვფიქრობ, რომ ლექსი და პოეტი ერთმანეთს წერს.Aლექსზე მუშაობის მოთხოვნილება ალბათ ასაკთან ერთად მოდის....
- შენ პირველი წიგნი ძალიან ახალგაზრდამ - 17 წლის ასაკში გამოეცი. რას ფიქრობ, რამდენად გონივრულია ადრეულ ასაკში წიგნების გამოცემა და ნაადრევი აღიარება?
- ვფიქრობ, ნაადრევი წახალისება არავის აწყენს. Gგონიერი ადამიანი წარმატებას თავში არ აიგდებს და საკუთარ თავზე მუდმივად იმუშავებს. ჩემთვის ჩემი პირველი წიგნი - `არარსებული სიტყვა,“ - ბავშვურად ლაღი გრძნობების გადარჩენაა, და სწორედ ბავშვური გულწრფელობის გამო დღემდე უსაყვარლეს კრებულად რჩება ჩემთვის...
- „აღარაფერი აღარ შემეძლო სიყვარულის და ტკივილის გარდა“- ეს სტრიქონები შენი ძველი ლექსიდანაა. რას ნიშნავს შენთვის სიყვარული და ტკივილი?
- ჩემთვის ორივეს ერთი და იგივე დატვირთვა აქვს. როცა მარტო ვიყავი -მტკიოდა. როცა ვიპოვე - სხვა ფორმით, მაგრამ, მაინც მტკივა...ალბათ ვერც ერთის გარეშე ვერ ვიცოცხლებთ ვერც მე და ვერც ჩემი პოეზია...
- “თუ მიუხვდები იდუმალ სევდას ძვირფასი ცოლის ბაგეს და თითებს“...შენ გერმანელი მეუღლე გყავს. რამდენად ესმის ქართველი პოეტი ქალის?
- ვფიქრობ, ერთ დროს ჩემი სულის ნაწილი საინტერესოდ წაიკითხა, რადგან, ეროვნების მიუხედავად, ერთ ენაზე ვსაუბრობდით. ხანდახან კი მაინც ასეთ სტრიქონებს ვწერ: “...შვილების მამა უცხოელია. ვუყვარვარ, მაგრამ, ჩემი მაინც ნახევრად ესმის. მეც საიდუმლოდ ვიტოვებ, რომ გულში მწიფე ბროწეულის მარცვლებს ვინახავ.“
- რას ნიშნავს შენთვის, იყო პოეტი, დედა და ქალი?
- სამივე უდიდესი ტვირთი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის.
- „არის წუთები, როცა ლაპარაკი არ შეიძლება“- ამბობდა ცვეტაევა. შენთვის ასეთი რომელი წუთებია?
- როცა მძინარე შვილებს დავყურებ.
- „ ...შეხედე, ცხოვრების უჯრაში თოვლია და შენი ლამაზი შვილები ხარობენ, რომ ზამთარს ფიფქები ნატვრად მოჰყოლია...“ სხვა რა ჩანს „ცხოვრების უჯრაში?“
- ჩემი ორად გაყოფილი ცხოვრების საინტერესო, ყოფის გასამართლებელი დღეები და ღამეები, რომელთაც თოვლთან და მზესთან ერთად შემოქმედებითი მუხტი მოაქვთ.
- „.და დღეს, გაზრდილმა მეგობრებმა უხმოდ დამტოვეს მარადიული ბავშვობის და სინათლის გამო...“ როგორ ფიქრობ, პოეტი დიდი ბავშვია?
- ჩემი აზრით, რაც უფრო ბავშვია პოეტი, უფრო დიდი და ძლიერია ფურცელთან. მთავარია, შემოქმედმა ადამიანმა ისე ცხოვრება მოახერხოს, რომ ცნობისმოყვარე და სუფთა ბავშვი გადაარჩინოს შინაგან სამყაროში, ეს თუ შეძლო, მისი ნაწერებიც ბევრად მიმზიდველი იქნება.
- ფოლკნერი ამბობდა: „სანამ პაწაწინა თვლები წიკწიკებს, დრო მკვდარია, გაჩერდება საათი და დროც მაშინვე ცოცხლდებაო“... რას ნიშნავს შენთვის დრო?
- დრო ჩემთვის დაუნდობელი რამაა, რომელთანაც დიალოგს ვერ გააბამ, ვერ დაუმეგობრდები. შეიძლება ნაბიჯი აუწყო ან გაასწრო, მაგრამ ბოლოს მაინც გიღალატებს - წარსულად გაქცევს.
- „ჩემს მიწა-სხეულს ვიღაცა ფატრავს და ცრემლი მახრჩობს...“ შენს ლექსებში სიმძაფრითაა დახატული სამშობლოს განცდა. მახსოვს, აგვისტოს ომსაც ძალიან ტკივილიანი ლექსით - „ბარათი საქართველოს“ გამოეხმაურე. როგორია დღეს შენი თვალით დანახული სამშობლო?
- ისეთი, როგორც ამ ლექსში „წამომცდა“: ავადმყოფი და მაინც მშვენიერი, ჩემთვის განუმეორებელი და ძვირფასი....
- შენ 10 წელზე მეტია, გერმანიაში ცხოვრობ და როგორც ვიცი, ქალაქ ბონის რეგიონალურ რადიოს ეთერში უძღვები გადაცემას ქართულ კულტურაზე. როგორც ჩანს, ლექსების წერას ნაყოფიერ ჟურნალისტურ საქმიანობასაც უთავსებ...
- ჩემი პროფესია - ტელერადიო ჟურნალისტიკა ძალიან მიყვარს. მიყვარს მიკროფონთან მუშაობა. მართალია, ჟურნალისტს უცხო მხარეში ფრთები ისე ვერასდროს ექნება გაშლილი, როგორც საკუთარ ქვეყანაში, მაგრამ მაინც ბედნიერი ვარ, რომ უცხოეთში ჩემი საქმის კეთების შესაძლებლობა მომეცა. ჩემს ნახევარსაათიან გადაცემებში ვცდილობ გერმანიაში მოღვაწე საინტერესო ქართველების და საქართველოზე შეყვარებული გერმანელების პორტრეტები დავხატო, ეს არაჩვეულებრივი ადამიანები გავხსნა, მათი ხმები და გრძნობები შევაგრო და მერე ჩემს არქივში შევინახო...
- შენს ლექსებს გამოხმაურება მოჰყვა უცხოეთში. დიდი ხნის წინათ ითარგმნა გერმანულ ენაზე. ხარ ევროპელ მწერალთა გაერთიანება „კოგეს“ წევრი, ეს ყველაფერი მაფიქრებინებს, რომ შენი წილი აღიარება უცხოეთშიც არ გაკლია.
- როცა გერმანიაში პირველად ითარგმნა ლექსები და მოგვიანებით წიგნადაც გამზადდა, აქაურ ლიტერატურულ წრეებში შესასვლელი გზა გამეხსნა და სტიმული მომეცა, რაც „კოგეს“ წევრი ვარ, რამდენიმე საინტერესო დასავლეთ ევროპელი ავტორი გავიცანი და შინაგანი სამყაროც უფრო გამიმდიდრდა, მაგრამ მაინც ყველგან ქართველ პოეტად ვრჩები. ისევ ქართულად ვწერ და რაც უცხოელ მკითხველამდე აღწევს, ყველაფერი თარგმნილია.
- იქნებ ორიოდე სიტყვით „კოგეზეც“ მოგვითხრო?
- მწერალთა ეს გაერთიანება გასული საუკუნის ოციან წლებში ჩამოყალიბდა გერმანიაში. დამფუძნებელი იყო ვილჰელმ შარელმან, რომელმაც მიზნად თავიდანვე ევროპელ მწერლებს შორის შემოქმედებითი და ადამიანური ხიდის გადება დაისახა. ამჟამად „კოგე“ 17 ეროვნების 170-მდე მწერალს აერთიანებს. გერმანიის ქალაქ მინდენში იკრიბებიან. წელიწადში ერთხელ გამოიცემა „კოგეს ანთოლოგია.“
ამის გარდა, ეწყობა შემოქმედებითი სემინარები, რომელსაც ორგანიზებას გერმანიაში მცხოვრები ერთი არაჩვეულებრივიUპოლონელი მწერალი ქალი-მათგორცატა პტოსცენსკა უკეთებს. უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობა ჩვენთვის, ყველასთვის, დიდი შენაძენია...
- პირადი ურთიერთობები უცხოელ კოლეგებთან, ალბათ, გეხმარება იმაში, რომ გერმანულ და ქართულ თანამედროვე პოეზიასთან პარალელები გაავლო. რითია საგულისხმო ორივე ერის თანამედროვე პოეტური სამყარო?
- გერმანულ თანამედროვე პოეზიაში თვალშისაცემია ძიების პროცესები და ჯერ ვერმიგნებული მთავარი სათქმელი. აქ თანამედროვე პოეზია ერამდე, ხალხამდე ვერ აღწევს და, ალბათ, ამიტომ ეპატიება იყოს გაუგებარი და მხოლოდ გარკვეული წრისთვის განკუთვნილი.
ქართველებს სხვანაირი პოეტური კულტურა გვაქვს, ჩვენთან ხალხს სჭირდება პოეზია და გაუგებარი პოეტი დიდხანს ვერ ისულდგმულებს. საბედნიეროდ, ინტერნეტის საშუალებით თვალს ვადევნებ ქართულ პოეტურ სამყაროს და ძალიან მიხარია, რომ რამდენიმე ნიჭიერი ახალი სახელი გამოიკვეთა.
- შენს დისერტაციაში, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პოლიტიკურ ლირიკას მიუძღვენი, საკმაოდ საინტერესოდ გადმოეცი ორმოციანი წლების გერმანული პოეტური სამყარო, რამდენიმე საინტერესო გერმანელი ავტორიც თარგმნე...
- ვფიქრობ, მაშინ სხვა დრო იყო გერმანიაში - ხალხი ლიტერატურას ეწაფებოდა და პოეტის ენა სწორედ ამიტომ გასაგები და ლამაზი უნდა ყოფილიყო. თარგმანებმა, რომლებზეც მაშინ ვიმუშავე, ჩემი სამყარო ძალიან გაამდიდრა. მაშინ აღმოვაჩინე ნელი ზაქსი და გიუნტერ აიხი, ბახმანი და ენცენსბერგერი...
- „ვინ შემიბრალებს უცხო მიწაზე ბეღურასავით მცივანს და ამტანს...“ სევდიანი სტრიქონებია, რას დაუმატებდი?
- ალბათ იმას, რომ მართალია, შეგნებული მაქვს, რამხელა სიმდიდრეა ორ კულტურას შორის ცხოვრება, - უცხო ქვეყანაში თავს მაინც ნახევარ ადამიანად ვგრძნობ; რომ წლების მერეც ვერ შევიცვალე, ისევ ძალიან ქართველი დავრჩი და ამიტომ მიჭირს უცხო მიწაზე გაძლება...
- რას ინატრებდი?
- ვინატრებდი, რომ პოეტურმა ენერგიამ არ მიმატოვოს და ჩემს ერთან და ჩემს მკითხველთან ის სულიერი ძაფები არ გამიწყდეს, რამაც საქართველოში თქვენს ნაწილად უნდა დამაბრუნოს.
- რომ გითხრან, გაუგზავნე ბარათი საქართველოსო, რას მისწერდი?
- ალბათ ასე მივწერდი : - „... დიდი ხანია, გამოუგზავნელ ბარათებს გწერ, დიდი ხანია, ხმამაღლა არ მითქვამს შენთვის, რომ ძალიან მიყვარხარ. შვილებს უცხო ერს ვუზრდი, გულიც უცხო ტომის კაცს ვაჩუქე, მაგრამ ჩემი სიტყვა მხოლოდ შენ გეკუთვნის.“


Tamar Shaishmelashvili

ჟურნალი "ჩვენი მწერლობა"

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
ირმა შიოლაშვილი – თამარ შაიშმელაშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: სიტყვითდუელები-
Jump to: