არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 ეკა ქევანიშვილი

View previous topic View next topic Go down 
Go to page : 1, 2  Next
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: ეკა ქევანიშვილი   Tue Apr 05, 2011 11:52 am


Eka Kevanishvili

ეკა ქევანიშვილი

Birthday *: 1979-01-23
Age: 32
Location *: Tbilisi, Georgia
Job/hobbies *: Journalist

"მე ვარ ეკა ქევანიშვილი.
31 წლის.
ჟურნალისტი.
2008 წლიდან ვარ რადიო ”თავისუფლების” რეპორტიორი.
მანამდე ვმუშაობდი გაზეთებში ”რეზონანსი”, ”ახალი ვერსია”, რადიოში ”მწვანე ტალღა”, ვიყავი ინტერნეტ პორტალ www.humanrights.ge -ს მთავარი რედაქტორი.
გამოცემული მაქვს ორი პოეტური კრებული ”ჭორია” (2006) და ”აქ ნუ დადგებით” (2010).
ბიოგრაფიები და ჩარჩოები არ მიყვარს".

წიგნები:
* "ჭორია", დიოგენე – 2006
* "აქ ნუ დადგებით", დიოგენე – 2010

ბმულები:
* http://www.lib.ge/body_text.php?4946
* http://www.radiotavisupleba.ge/author/20581.html
* http://burusi.wordpress.com/literature/eka-kevanishvili/
* http://kalmasoba.com/poezia/96-ekaqevanishvili.html
* http://arili2.blogspot.com/2010/03/blog-post_4503.html
* http://www.youtube.com/watch?v=pSZ7xWYEHVo
* http://www.youtube.com/watch?v=fWNolp8zJ3M
* http://www.youtube.com/watch?v=ySInT9KWD9c&feature=related



დასახელება – "ჭორია" (ლექსები)
ავტორი – ეკა ქევანიშვილი
გამომცემლობა – "დიოგენე"
რედაქტორი – ანა ჭაბაშვილი
ISBN 99940-45-94-6
გამოცემის წელი – 2006




დასახელება: "აქ ნუ დადგებით"
სტატუსი: გაყიდვაშია
გამომცემლობა: "დიოგენე"
ფასი: 8 GEL
ავტორი: ეკა ქევანიშვილი
ყდა: რბილი
ფორმატი: 11/19
გვერდების რაოდენობა: 178
ISBN 978-9941-11-160-0
გამოცემის წელი: 2010
აღწერა:
ეკას ლექსები კი თითქოს სათაურივით დანაღმულია. კითხვისას მოულოდნელად ფეთქდება, უმეტესად ფინალში. იშვიათად შეხვდებით სოციალური და ინტიმური მოტივების ასეთ ნაზავს.

study


Last edited by Admin on Sat May 28, 2011 10:49 pm; edited 7 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Tue Apr 05, 2011 12:08 pm

ეკა ქევანიშვილი

აქ ნუ დადგებით

ეს მიწა - კრემიანი ნამცხვრის შუა ნაჭერი ჩვენ გვეკუთვნის.
ხიდის აქეთ ხალხს.
აქ ნუ. თქვენ ყუა. თქვენ ნაფშვენები. თქვენ ცარიელი ქილა გატლიკეთ.
სასეიროა ენას როგორ გადაისერავთ.
ძალიან დიდხანს ყიდდით ხამსას - სუნი გულს გვირევს.
დიდხანს მარხავდით მკვდრებს - გვეშინია.
და დიდხანს დარჩით უღელტეხილზე - სუსხი ჩამოგყვათ.
ოდნავ მარჯვნივ გადაიწიეთ. უფრო კიდისკენ, უფრო ახლოს გადასავარდნთან.
როცა არავინ შემოგვხედავს, მოგაწვებით და გადაგთელავთ.
აქ ნუ დადგებით.
ბებერი ქალი თავის ენაზე: „ჩვენ ვცხოვრობთ მორგის მოპირდაპირე ფანჯარაში“
„ჩატეხილი ორი კიბის და ფარღალალა კარის შუაში“.
დედაქალაქმა ეს დიალექტი წლებია ტანზე შემოიხვია.
მამაჩემიც დღემდე დაეძებს მეგობარს, გვარით - წოწერია,
როგორმე უნდა გააბათილოს ნანახი კადრი: უპატრონო მიცვალებულს ფეხზე
ამ გვარის ლენტი აბია.
გითანაგრძნობთ, მაგრამ მაინც:
აქ ნუ დადგებით.
იყავით ასე კომპაქტურად ჩასახლებული,
იცხოვრეთ, როგორც კეთროვანთა მოდგმამ მღვიმეში.
ოღონდ სენივით არ გადმოგვადოთ უსახლკარობა, უფულობა, უკმარისობა.
ხიდს არ გადასცდეთ.
ნურც ძალიან გადმოიხრებით თქვენი ფორთოხლის ხეებივით.
დააკვირდით მხოლოდ დურბინდით: ვინ გაიარა თქვენს ეზოში,
თქვენი წყალი ვინ დალია,
ჯვარი დგას თუ წაქცეულია სასაფლაოზე.
აქ, მაგიდაზე, გადარჩენილი ფოტოები დევს:
ორსართულიან სახლს ღებავენ. ეშბას ქუჩა. 33.
გაზაფხული და სოხუმში მზეა.
თხუთმეტ წლიანი განსხვავებით - მეორე კადრიც:
ამავე სახლის აფეთქებული კედლებიდან ძაღლის მზერა ჩანს.
ნატრობს ქვიშაზე მოხარშულ ყავას ნაცნობი კაცი.
სოხუმში დღეს წვიმს. დილით ღელვა გამოაცხადეს.
აქ ნუ დადგებით,
აქაურობაც დანაღმულია.

Idea
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Wed Apr 06, 2011 10:34 pm

იავნანა, მეგობრებს


სძინავთ ჩემებს.
გული მიგრძნობს, უკვე ჩაბუდდნენ.
მშვიდ ცხოვრებებში,
რბილ ქვეშაგებში ჩაგორებულ მეგობრებს სძინავთ.
ერთმანეთზე მიხუტებულებს,
მთელი დღის ნაგავჩამორეცხილებს
დაუხუჭავთ უკვე თვალები.

გვიანია. სხვანაირად არც შეიძლება.
ვინც იფხიზლებს, დაბერდება.
თვალის გარშემო გაუჩნდება დილით წყვდიადი.
ვისთანაც ომი ისევ გრძელდება, მას დაძინება არ უწერია.

სამწუხაროდ, ძალიან მიყვარს,
ყოველ ღამით გადავამოწმო,
ხომ არაფერი არეულა.
სიჩუმე, ჩემთან – დამქანცველი, ძველებურად თუ განსხვავდება
სიჩუმისგან, რომელიც დადგა მათ სახლებში
დაძინების წინაპირობად.
ხომ უფრო მეტი ფული დარჩათ, დახარჯვის მერეც,
ხომ განსხვავდება მათი დარდი ჩემი დარდისგან
შემთხვევით, მათაც რომ არ გაზომეს
სახურავიდან ფრენა მიწამდე.

მშვიდად იძინეთ მეგობრებო.
მშვიდად იძინეთ.
სისხლისმსმელებო.
ხშირად სისხლის გადამსხმელებო.
თქვენც რომ ჩემსავით ცალი ფეხით იდგეთ მიწაზე,
გასაბერ ბუშტზე ჩაჭიდებული ხელებით კი მიჰქროდეთ ცისკენ,
სულაც არ მინდა.

თქვენც რომ ასე,
რას მოვეჭიდო.


Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Wed Apr 06, 2011 10:39 pm


ბირთვისი. ადრე
...............................

ციფრულ ფოტოებს ერთი უპირატესობა აქვთ.
ისინი შეგიძლია დაზუმო და ადამიანებს თვალებში შეუვარდე.
გაიარ-გამოიარო.
აქ კი, ალბომის სურათებში
ძლივს ვარჩევ, ხელი ვინ გამომხვია, ვის გვერდით ვდგავარ,
წელიწადის რომელი დროა, რა მაცვია, რაზე ვფიქრობდი.
საშველი - ფოტოს უკანა გვერდი
მიწერილი თარიღი თეთრზე - 2000 წელი,
ბირთვისი,შემოდგომა. წავედით ათნი.

ცეცხლზე - ყავა, რკინის ჯამით, შიგ ცვივა ფერფლი.
ყველა ეწევა.
შედედებული რძის კოლოფი წვრილად გავხვრიტეთ
და ენაზე, წვეთი სიტკბო ჩამოვატარეთ.
არავინ მიყვარს. აღარავინ.
თითქოს მუცელი გამომფატრეს და მთელ სხეულში,
მგონი, გაგიჟდა, გული სცემს ბოლთას.
ვინც მიყვარდა, გასულ კვირაში ჰქონდა ქორწილი.
ტაშ-ფანდური, ზურნა, დუდუკი,
თეფშის მტვრევა, შავი ვარდების გოიმური თაიგული..
იქნებ არც ისე, მაგრამ ეს სიტყვა მიადვილებს მოვყვე ამბავი
როგორ გასხვისდა უცებ ჩემი ადამიანი.
წინა კვირაში - აბაზანაში ვარ ჩაკეტილი.
ხმის დასახშობად ყველა ონკანი მოშვებულია.
ბირთვისში წასვლა თუ გადაკარგვა - გადაწყვეტილი.

და აი, ისიც. ტყე, ბოდიალი.
ღამეა, ცივა. სიტყვებს ფორმა აქვთ - გრძელი ორთქლის.
ბენე მთვრალია, კარავში სძინავს. დღეს გავიცანით.
თან რამდენიმე წყვილიც გვახლავს - რეალური და პოტენციური
ორ სააათში ტყიდან გამოვლენ,
ჩვენ დავინახავთ მათ ტუჩებზე სიყვარულის კვალს
და არაფერი გაგვიკვირდება, რადგან გუშინ გავხდით ოცი წლის.
რადგან სხეულებს ამ ასაკში გმირობები არ აინტერესებს.

ეს ის დროა, როცა დილით არასდროს ეძებ რა ჩაიცვა.
სკამის საზურგე - დახუნძლული ჯინსით, სვიტრებით.
ეს ის დროა, როცა ჟანგბადის ზედმეტი დოზა ყელში გიჭერს
და ხარ ისეთი თავისუფალი, ისეთი მშვიდი - თითქოს
საზღვართან, ბოლო სოფელში უკვე მოთოვა.

რა უნდა მოხდეს, რომ ძველებურად ასე უფულოდ,
ერთი ზურგჩანთით
გზას დავადგეთ გაურკვეველი მიმართულებით.
არ ვდარდობდეთ, შევძლებთ თუ არა გაყინული წყლით
ტანის დაბანას,
კარავში ვისთან ერთად მოვხვდებით,
ნასვამებს გული რომ აგვერიოს,
უცხო ხალხის ხომ არ შეგვრცხვება.

რა უნდა მოხდეს.
რომ დაბრუნდეს ეს შეგრძნება - სიღარიბით ბედნიერების,
უსიყვარულოდ თავისუფლების.


























Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Wed Apr 06, 2011 10:41 pm

დამსგავსების თეორია



ხარი რომ ხართან დააბა, იქნება ორი ხარი და არაფერი მეტი

ჩემი მეგობარი ჭანო



ერთხელ, თვალი რომ გავახილე
მომეჩვენა, ერთმანეთს ვგავდით
და შემეშინდა.
ათი წელი იყო გასული.
გავიფიქრე, ათი წლის წინ ვინც შემიყვარდა, ვისთან ერთადაც
გადავწყვიტე მქონოდა სახლი, მტვერსასრუტი,
მაცივარი, ქურა, მანქანა..
ნუთუ მაშინაც ასე მგავდა და თუ მგავდა, რატომ იყო საინტერესო მასთან დარჩენა?
ორი “მე” როგორ ეტეოდა ამ ვიწრო კარში.
ორი “ის: რატომ დადიოდა კვირას ბაზარში?
ღიმილის. დგომის, სიარულის, წოლის მანერა - ერთი ერთზე.
”როგორ უხდებით”.
”ერთმანეთს ასე შეაბერდით”
”თქვენი უღრუბლო ცხოვრებები”
”არასოდეს მოხვდეთ წვიმაში” .
და თუ მაინც.
ვითომ მიწიდან ამოიზარდა,
გაშალოს დიდი შავი ქოლგა,
შენ კი მხარზე თავი დაადო.

თუ ეს არის იდეალური წყვილის ფორმულა,
ასე არ მინდა,
ვთქვი და ლოყაზე დანა დავისვი.
იპოვეთ ათი განსხვავება ვთქვი და გავხდი, ვთქვი და გავსივდი.

ადრე თითქოს ქერა ვიყავი, ახლა გავშავდი,
ადრე თვალებში ფორთოხლის ქერქებს ვიწურავდი, ახლა ვამშრალებ.
მძულდა ფეხბურთი, ახლა ვყვირი შენზე ხმამაღლა,
ყრიდი ტანსაცმელს მთელ ოთახში, ახლა ალაგებ.
თუ ვბრაზდებოდი, უწმაწური სიტყვების ლავა ესხმოდა ოთახს
სამაგიეროდ, ცივდებოდა ჩემი დარდი,
ახლა კი მშვიდად: გმადლობ, ბოდიში. უკაცრავად, გადავამლაშე.

ერთხელ ჩვენ გვითხრეს,
ფერი ფერსა და მადლი ღმერთსა
მე კი გავწყვიტე.

დღეს ისევ მიყვარს.
ახლა უფრო.
და ჯერ ვანსხვავებ.



Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Wed Apr 06, 2011 10:44 pm

გახსნა


ორ კვირაში მოვა წერილი
ჩემი უცნობი მეგობრისგან - სხვა ქვეყნიდან. სხვა ქალაქიდან.
გაბერილი კონვერტი მარკით.
დღესასწაული თუ დაემთხვა, გზავნის ბარათსაც.
ან სარვამარტოს - ნარცისებზე შემოხვეული თეთრი ლენტები,
ან საახალწლოს - თოვლის ბაბუას საჩუქრების გუდის გვერდით,
შემოუსვამს ციყვი მარხილზე.
ორ კვირაში ნელი ფოსტა მოაჩაქჩაქებს
უნახავი ადამიანის ამბებს, სურვილებს - სულ ცოტათი გაზვიადებულს.
მდიდარმა ბიძამ როგორ უყიდა ველოსიპედი.
გვესმის, ვპატიობთ.
მაგრამ ეს ხდება ოცი წლის წინ
და ასეთი მეგობრობა იშვიათია.
...

დღესაც ვხსნი ფოსტას. ვხსნი ფორუმებს.
სიმარტოვეს ვუხსნი პაროლებს.
ვუმეგობრდები განურჩევლად, მცირე შერჩევით.
და ჩემი სიის მეგობრების ავატარები
როგორც დაშლილი ბანქოს დასტა ყრია გარშემო.

ავატარიდან მამის ნაცვლად, დედის მაგივრად
შემომცქერიან თოთო ბავშვები,
დაბერილ ლოყებს, ჩაჩხვლეტილ ღიმილს
როგორც საშვებს, მათი მშობლები აფრიალებენ -
მფეთქავ ქსელში შემოსაძრომად.
თრთის ფეისბუკიც.
გინეკოლოგის სავარძელზე გაშლილია ჩვენი ფეხები.
თავიდან ოდნავ მოკრძალებულად.
l like you,
შემდეგ თამამად მოვყვებით ვიღაც ”სუნიანი” როგორ აგვეკრა,
მიწისქვეშა ტრანსპორტის ამბებს გავუზიარებთ
მათ, ვინც მიწას რამდენიმე საფეხურით არ ჩასცდენია.
ვყვებით, როგორ აიწია ვერცხლისწყალმა სიცხის საზომზე.
ვიხდით მადლობას -
თუ უცებ ვინმემ ამის პასუხად
შემოგვწირა ვირტუალური ჟოლოს მურაბა.
გგონია გათბი, გამოკეთდი,
მოხვდი გაშლილ სტადიონზე ფრედის კონცერტზე,
სულელურმა ტესტმაც გაგართო, როცა გამცნო როდის მოკვდები.

ისიც ვიცი
ვინ არის შენი მეგობარი,
ელექტრონულმა სივრცემ მამცნო ორი წამის წინ.
ცოტა კი მიკვირს - რა საერთო გაქვთ -
ალბათ, ფოტოზე ხარ მიმზიდველი.
ან რაიმე ბრძნული დაწერა -
ბანალური სააღდგომო მისალოცივით
ყველასათვის მისაღები და გასაგები - ვერასოდეს გააპროტესტებ.
ამ მორევში შენით შეცურე და ახლა მხოლოდ სინქრონულად
ხელს თუ მოუსვამ.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:19 pm

მე, შენი პანი
******************

აქ ქუჩები ფართოა – მე ვეტევი.
ლურჯთვალა და ოქროსფერმა პოლონელებმა
თავაზიანად დამარქვეს `პანი~
და მომაჩეჩეს ქაღალდის რუკა –
მათი ქალაქის რთულზე რთული კარდიოგრამა:
`ასე იპოვი უმოკლეს გზას ჩვენს გულამდე~.
მე,
შენი პანი,
ვდგავარ ახლა შემოდგომად დაბერებულ უცხო ქალაქში
შენთვის საყიდ ხელთათმანებს ვატოლებ თითებს,
და შენს მაგივრად
მაჯებს ვუწვდი საათების გამყიდველ გოგოს,
თავიდან რომ დაიწყოს ათვლა.
მომეწყინა.
ჩამოვსკუპდი ძველი ქალაქის მახსოვრობაზე,
აქედან მინდა გამოვუშვა
მტრედები, ფეხზე წერილშებმული.
აქ ხიდები გრძელია, მოგწერ,
და შენი პანი
ყველა სახლის ყველასართულმოკიდებული
შენი ჩიხის მიხატვას ცდილობს ყველა ქუჩაზე,
რაც კი შეხვდება.
ხშირი მადლობა-უკაცრავად,
უმიზეზო ღიმილის გობი
ვათრიო უნდა კაფე-კაფე კიდევ ათი დღე,
ნაბიჯების ორომტრიალი ვახარისხო მერე დარდებად
და დავუსვა დიაგნოზი
ამ ქალაქის კარდიოგრამას,
რომლის ბოლო ტეხილზე უკვე ამისხლტა ფეხი
და რომელიც, შენს გარეშე,
ჩემს დიაგნოზში
მკვდარზე მკვდარი ქალაქია დედამიწაზე.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:20 pm

ეკას ღმერთები
**********************

გამარჯობა, ღმერთო.
მეგობარმა მომასწავლა შენი მისამართი.
ძლივს მოვაგენი.
თან საათ-ნახევარიც დავიგვიანე.
რა შორს ცხოვრობ თურმე ცენტრიდან.
გადმოგცეს, რომ შემოგირბინე?

თქმა მინდოდა.
ამოთქმა უფრო.
უკვე გატყუებ – მოთქმა მინდოდა.

შენ არ იყავი, ტყუილისთვის
ადრე ცხვირი რომ დამიგრძელე?
და მკერდი როცა გამიზარდე, გახსოვს, როგორ გავაპროტესტე?
მხრებში მოხრით – ასეთი დავრჩი.

მაგრამ
მაინც ვერ დამსაჯე კარგად.
მამაჩემმა მითხრა ერთხელ,
ღმერთი დაგიდისო თვალებში, როცა იღიმი...
მაგ დღის მერე გაკვირდები, იცი, სარკეში.
მაგ დღის მერე გრეცხავ ცრემლებით,
როცა შენი გაქრობა მინდა.

ახლაც ასეა.
ეს გზაც შენამდე დღეს იმიტომ გამოვიარე,
რომ მეთქვა:
იქნებ წახვიდე ჩემგან,
თუ არ მიშველი.

თავხედობაა,
მაგრამ პასუხი დღესვე უნდა გამომიგზავნო.
გნებავს, ბალიშის ქვეს შემიცურე.
მე ხელებს შევყოფ და სიტყვები
წურბელებივით დამასხდებიან.

და თუ ამ სიტყვებს სიზმარშიც კი
უშეცდომოდ გავიმეორებ,
დავრწმუნდები,
ლოცვა ვისწავლე.
ლოცვა შენი დაბრუნებისთვის...

Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:21 pm

ჩიყვის ეპიდემია
*********************


ჩემს პროვინციულ ქალაქს,
რომელში ცხოვრებითაც აგცდი შენ,
დააკლდა მარილი.
თოთხმეტი წლისებს
გამოგვებერა ყელში ბურთები,
გაგვიოფლიანდა ხელისგულები
და შენი ქალაქიდან ჩამოსული ექიმების დიდი ბრიგადა
სამკურნალოდ
დაგვადგა თავზე.
`ჩიყვი. მესამე კატეგორია. ბავშვს მიხედეთ. წასაყვანია!~
და დაიწყო ჩემი და მამას ყოველთვიური ვოიაჟი
შენს ქალაქში, ექიმებთან.
არა, მაშინ არ შეგხვედრივარ,
უბრალოდ გგრძნობდი, ყნოსვით, ძაღლივით.
პირველივე დანიშნულება სანაგვეში მოვისროლე,
სიმწრით ნაყიდი თეთრი აბები კი
სათითაოდ ჩავრგე მიწაში, თუთის ხესთან.
შენს ქალაქში, შენს საძებნელად ჩამოსასვლელად
სხვა ვერაფერი მოვიფიქრე...
ნეტა მაშინ შევხვედროდით,
ჩიყვიან გოგოს ხომ ზედაც არ შეხედავდი,
მისი თვალების გაფართოებას კი
ეპიდემიას დააბრალებდი....
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:21 pm

მე და ნიცა
***************

ჩემი მარჯვენა ხელი
ყოველდღე გიჭირავს შენ – ერთდროულად ცეროდენას და
დევის ძალისას.
ჩემი მარჯვენა ხელი დაშვებულია მიწისკენ,
საიდანაც ამომეზარდე შენ,
ჩემო გოგონა.
შენ, ჩემი ღვიძლიდან ჩამოშლილი,
ჩემს ნაღველში ჩაქცეული,
ჩემს საშოში აყვავებული
ერთადერთი ხე, რომელმაც გაიხარა.
ჩემო გოგონა,
მე აღარ ვარ თავისუფალი,
იმიტომ, რომ შენ შემიყვარდი.
იმიტომ, რომ შევიძულე დილის ძილი,
საღამოს ექვსზე კი
კონკიასავით დავყურებ საათს,
ოღონდ უპრინცოდ, სამსახურში – შენთან წამოსვლის დრო ახლოვდება...
ჩემო გოგონა,
ნეტა რა მიკვირს,
ყველა დედა ასეა ალბათ,
შენი ყველა ახალი სიტყვა ჩემთვის კუნძულის აღმოჩენაა,
შენი ყოველი წამოტირება -
გემის ჩაძირვა.
ჩვენ დღეიდან შეთქმულები ვართ –
არ გაამხილო ზღაპრის ნაცვლად მოყოლილი
სევდიანი ისტორიები,
და თუ პატარა რევოლუციას მაინც მოვაწყობ,
მე დამაბრალე...
ჩემო გოგონა,
სანამ ფურცელზე მიხატული შენი თათი
ჩემს ხელის მტევანს გაუტოლდება,
კიდევ ბევრი საიდუმლო უნდა გაგანდო.
არავის უთხრა...
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:22 pm

მარხვა მოდაშია,
*************************
მარხვა მოდაშია.
მოდაშია მარხვა მოდაშია.
ოთხშაბათი და პარასკევი,
თავსაფრები,
მარხვაზე ვარ – წუწუნი მოდაშია,
პოზაა,
სტილია,
შენი მოძღვარი,
იმის მოძღვარი უფრო მაგარია.
დარდის, ცოდვის გადაღმერთებაა მოდაში.
გიოც მარხვაზეა.
ბავშვობაში, აღდგომა დღეს დავდეთ ნაძლავი,
ვინ მიასწრებდა სირბილით ეკლესიამდე...
დღეს,
დილის ექვსზე, ცოტა გვიანაც,
კედლის აქეთ მესმის მისი ლოცვით ჩურჩული.
გიო არ არის მოდური
მან იცის ლოცვა.
როცა ის მიდის,
იატაკზე ვპოულობ ღმერთის ნაფეხურებს მის ოთახში.
ჩემს ოთახში კი
სანთელიც ქრება, რომც ავანთო.
რაღაცნაირად,
მეც ვმარხულობ.
თუ, ვთხრი და ვმარხავ.
მიწის სუნი ამდის თითებზე.
ჩუმად ვფურცლავ
საბუტბუტო წიგნებს თაროზე,
ვერ ვიმახსოვრებ სხვის დაწერილს,
ღმერთს ვერ ვუყვები სხვისი ენით,
ჩემი ლოცვა ჩუმია და სამსიტყვიანი: მე შენ მიყვარხარ...
ჩემი ლოცვა მიწვავს ენას, თუ ის ხმამაღლა წამომცდება.
აღვიძებს ჩემი სახლის სუყველა ვულკანს.
ჩემი ლოცვა არ არის მოდაში.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:23 pm

სუფთა წერა
*************************
ყუთს, რომელსაც აწერია, ჩემი სახელი,
ვერ ვძრავ მიწიდან.
რა ჩამილაგე დედაჩემო, ასეთი მძიმე?
რამდენჯერ მითქვამს,
მოაცალე ბუსუსა ჭორი ვარდისფერ ატამს,
ჩამოაფართხე დარდი ყვითელ კომშს,
ქრისტეს ცრემლები გამოწურე მეწამულ მტევანს,
ისე ჩააწყვე!
შენ კი იღებ და მთელ შემოდგომას
აპირქვავებ ერთ ციცქნა ყუთში,
ზემოდან კი ჩემი სახელის ასოები ისე გამოგყავს,
როგორც სკოლაში, სუფთა წერისას.
ვიცი, რომ გიყვარს ეს სახელი,
და რადგან ხშირად ვეღარ მეძახი,
შენ შეგიძლია მისით ასე ააჭრელო ჩემი ნობათი,
მაგრამ დედა!
შემოდგომა ისე მძიმეა...
რამე მაინც ამოაკელი
მაგ ოთხკუთხა დახურულ სივრცეს,
ძირი რომ არ გავაგდებინო
და სახლამდე მივიტანო თუნდაც ერთი თვე...
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:24 pm

ჩემი ხელები განმარტოვდნენ
სამარშრუტო ტაქსის ბოლო მარცხენა კუთხეში და წავიდნენ წვიმაში.
მე დავრჩი ვიღაც უცხო ბიჭის თვალებთან და უცებ დაღამებულ დღესთან, რომელსაც აწვიმდა
იქაც, სადაც ჩემი ბავშვობის მეგობარს
რატომღაც კრძალავდნენ თუ უბრალოდ მალავდნენ
რამდენიმე მეტრით დაბლა,
ვიდრე ჩვენ ვთამაშობდით ხოლმე
ახლა მოძველებულ თამაშებს.
და ექვსი საათის სავალი მანძილის აქეთ
მახსოვდა მისი ჭიშკარი და ხე, საიდანაც მდიდარ მეზობლებს ვუთვალთვალებდით.
ჩემი მარტოხელა ხელები მხოლოდ მაშინ დამიბრუნდნენ,
როცა მძღოლმა ფულის გადახდა მოსთხოვა მათ
და უცებ დაავიწყა, რომ ამ ხელების მეგობარი ხელები,
ისინიც წვიმაში, ოღონდ მიწის ქვემოთ, დარჩნენ მარტო,
მერე მივხვდი, რომ ჩემები,
ხელები, ჩემი მეგობრის დაკრძალვაზე გამეპარნენ.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:25 pm

ჩემი ცა აქ იწყება – ფოსფორისვარსკვლავებიან
სარემონტო ჭერზე.
სულ თერთმეტი ვარსკვლავი ექვს ლარად – დაარქვი რაც გინდა,
დაარქვი შენი კაცის,
მკვდარი მეგობრის,
საამაყო ნათესავის,
რომელიმე რევოლუციის სახელი,
დაარქვი და იმყოფინე ერთი კაცი,
ერთი მკვდარი,
ერთი ნათესავი და
ერთი რევოლუცია ერთ ოთახში.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:25 pm

შენი შვილის მოსაკლავად ვიყავი.
ისეთი არაფერია, ერთი ჩხვლეტა
30 ლარი და მეტი ყურადღებისათვის
დამატებით ყვავილები ან სუნამო.
მერე ეკლესიაში შევლა,
ეგებ შეგინდონ
რომ არ გეცოდვილება ისეთი ცოდვა,
მერე კი რომელიმე თავდაცვითი საშუალების
ყიდვით ისევ შენთან გამოქცევა,
რომ შენი უკვე მოკლული შვილის სისხლი
შენვე შეადედო.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:26 pm

მაცივარზე მიკრული წერილებიდან
*******************************

შენ თქვი, რომ საჭმელს მარილი აკლდა
მე – მწვანილის და უცხო სუნელისსუნიანი ხელი გამოგიწოდე და
შენ მე ამლოკე


ვიღვიძებ,
მაწვნის გამყიდველი შენზე სიზმრებს მაწონში მიცვლის.
რა ტკბილი ყოფილხარ.


ძმები გრიმები
გადავისვი თვალებზე
და ყველა ზღაპარში
ყველა პრინცი ერთად მოვხიბლე.


წამწამი ჩამივარდა ყავაში.
შენ სულმოუთქმელად გამოცალე.
ასე იაფად ვცხოვრობდით


ჩვენ რომ დამალობანა გვეთამაშა,
ვერსად დამემალებოდი,
არ ვთამაშობთ და სულ ვერ გპოულობ.


ბრილიანტის მწვანე წავუსვი ნაკბენზე.
გაზაფხული მოვიდაო? -
ერთი წლისამ მკითხა.


წარბი მოგიქნიე – ცელი
ხელიც დავამჩნიე მჭადზე
საგზლად შეგიხვიე თავი
გყავდე.


მაგიდა ჩამიტყდა
შენი წერილების სიმძიმით -
120 - ლარიანი სევდა.


ჩემი სხეულის ყველა ნაწილი გამოვიყენე,
კანის გარდა,
ბოლოს ისიც ჩემი შვილის `დედა ენას~ შემოვაკარი
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:27 pm

ღამის ორია. მშია.
ავდგები, ფეხს შეგახებ: აბა, თუ გძინავს.
ეგებ ერთ თეფშზე გავიყოთ სამი ლუკმა სიყვარული,
ნაშთი კი დილისთვის გადავინახოთ.

ხვალ ერთით მეტ პურს ვიყიდი,
ადრე ხომ ისე ვძღებოდით,
ნახევარიც ხელუხლებლად გვრჩებოდა –
გახსოვს, ასე მოვიჩვიეთ მტრედები.

მე ამაღამ მივფრინავ.
შენ კი დაიჟინე, რომ ჯერ მოსაცდელ დარბაზად,
მერე - ტრაპად,
მერე კი პილოტად იქცევი.
საბოლოოდ, მეორე ბილეთსაც აიღებ შენთვის.

ალბათ, ორ კვირაში ისევ ვიჩხუბებთ
ერთი ფანჯარა მაინც ჩატყდება,
ჩვენი სურათი კედლიდან ალბომისკენ გაიძურწება,
შენ კი ყურში სწვდები და ადგილზე დააბრუნებ.
შევრიგდებით.

დიდი ხანია, არაფერი ხდება ახალი –
სამი წელია, ასე მიყვარხარ.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:28 pm

მოკლედ, კულინარია.
*************************

უნდა გადავაბა მაკარონები, მკლავებად
გადავხლართო ერთმანეთში, გავრუჯო წიწიბურით,
მოვაყარო შაქრის ფერუმარილი,
მერე, ავწიო მარჯვენა ხელი, ოღონდ
ფეხისწვერზე შემდგარმა და ზედ თაროდან
ჩამოვიღო სოდა და ძმარი,
რომ გავზარდო მოცულობა,
ჩავაყარო ფქვილი, რამდენსაც შეირევს და
მოვზილო ნაზი ცომი,
მარცხენა ხელზე ჩავიცვა ხელთათმანი,
მარჯვენათი მოვიფხანო ცხვირი და
შემრჩეს
აბდაუბდა ნამცხვრის ციცქნა ნაწილი,
მერე გამოვაღო გავარვარებული ღუმელი,
დავაყენო დრო ას წელზე,
და შევუძახო შიგ უფორმო მასა,
რომელშიც ჩაგიფიქრე და მოვაყოლო ხელებიც იდაყვებამდე,
შენზე შემოხვეული – ასე გამოცხვეს
ჩემი და შენი სიყვარული.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:28 pm

მე შენზე
****************

მე შენზე დამწყდა გული
და ხელებიც
და კიდევ ჩემი ბავშვობის
პრეისტორიული თოჯინები,
დამტვრეული სიმინდის ტაროები
დამწყდა საქანელას თოკები
და მოპარული კიტრის კალთები
ნისლიდან გამოსული ხეები
და შენ იმ ხეების ძირებთან,
ჩემს ჭიშკრებთან,
ჩემს ცამეტი თოთხმეტი თხუთმეტი წლის
თმებთან, თვალებთან, როგორც ასეთებთან,
როგორც სულიერ, კონკრეტულ, ვინკითხვიან საგნებთან
უსრული ასპექტებით და წარსული დროებით...
მე დამწყდა უაპრილო გაზაფხული და
ქარები და დამწყდი შენ
მეტროს ბოლოსწინა გაჩერებაზე,
სადაც ქირით ცხოვრობ და
მეორე ქირით მცხოვრები კახპა გეპრანჭება.
და ეჩვევი, რომ მე შენზე
ყოველ თვეში ორჯერ მწყდება გული და თვალები და კისერი
და დღეებიც, გაბერილი ბუშტებივით
მედიდური და გასაფრენად მომზადებულები.
მე დამწყდი უბრალოდ შენ, რომ ვერც გაიგე,
რაზე სწყდებათ ადამიანებს ერთმანეთი.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:29 pm

წიგნი
*****************

გამათავეს.
მე დღეს დავმთავრდი.
რომ მცოდნოდა, ასე უგემოვნო ვიყავი,
თავიდანვე,
დაბადებისთანავე...
არადა,
ისეთები მეხებოდნენ,
თითებით,
სუნთქვით – ცხელით და ძალიან მლაშე სითხით მასველებდნენ.
რამდენჯერმე დამაფერფლეს და სული შემიბერეს
რომელიღაც სიტყვა მომიკვდა.
ერთმა ქალმა `პოპულარული~ მიწოდა
ერთ კაცთან... როგორ მაქო!
და მერე მკლავებში ჩაუვარდა.
მე კი სადღაც, იატაკზე თუ საწოლის ქვეშ
ორი დღე ვფიქრობდი
პოპულარობაზე.
ვიდრე არ გამყიდეს.
იაფად.
დავკარგე დასაწყისი და
ვეღარ გავიხსენე, ვინ ვიყავი.
მერე ტანიც სადღაც რაღაცისთვის გამოიყენეს
დავრჩი სარჩევი,
პოპულარული და თან უგემოვნო.
ასე დავმთავრდი.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:30 pm

`დიასახლისის რჩევები~
*************************

შეავსე ჩემი ცარიელი სკამი,
როგორც მიტოვებული კროსვორდი,
ძნელი, ძნელი გამოსაცნობად.


არ გინდა ჩხვლეტა,
ჩემი გული ჯერ კიდევ გულია და
არა სანემსე ბალიში.


შეწვი ხორცი ცრემლებში,
თითი გაიჭერი პურზე,
ღიმილი ჩააგდე ღვინოში – უფრო დაგათრობს.


თუ ამ საწოლზე სიყვარული აღარ გამოგდის,
სცადე თაფლისგან გაფენილი ხალიჩები,
სირბილისათვის – ფქვილმოყრილი.


მოდების ჟურნალზე დაგდებული ნდომა
კიბეებზე დაადევნე –
დაბრუნდება.


ორშაბათს მოითმინე - პარასკევამდე,
შაბათი ღმერთისაა,
კვირას დაშორდი, მაინც უქმეა.


ღალატს თუ დაგაბრალებენ,
თაროებიდან წიგნები გადმოყარე
და ყველა შენი საყვარელი გმირი გვერდით მოიწვინე,
ვერ მოგიკლავენ.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:32 pm

შენით მიხვდი


სისხლი მომდის.
შენ კი - მრავალძარღვას მაფენ.
ექიმბაშო!
თმაში რაღაც ვერცხლისფერი სირმები მაქვს,
მაძრობ, უნდა მოიქარგო ტანსაცმელი!
მკურნალობის ეგ მეთოდი,
ხავსიანი, ხავსიანი,
დაგიძველდა. აღარ შველის.
მოხარშული გვირილების აბაზანა მომიმზადე,
უნდა ჩავწვე!
ჯერ გასინჯე. ნელ-თბილია?
რა ხელები გიცახცახებს,
თითქოს წელში გადახსნილი მიპოვე და ამიყვანე.
აი ასე.
ჩამაწვინე!
ხომ შემპირდი!
მე ლამაზი მკვდრობა მინდა!
ექიმბაშო!
შეაჩვენე მრავალძარღვა, ანწლი, პიტნა.
სამკურნალო ბალახებით მომრთე მარტო...
რომელიმე კლდის ნაპრალში გადამმალე,
თვეში ერთხელ ცვალე წყალი, მარილწყალი,
იანვარში გვირილების აღარყოფნა
ცოტა თაფლით შემიცვალე.
ჩამიწვეთე,
კოცნით გაცოცხლებამდე რომ შემინახოს,
ჭირისუფლად მზის სხივები შემომარტყი.
სთხოვე მნათობს,
ცხრა მათგანი დამიტოვოს სიბნელეში,
რიგ-რიგობით გამითენოს ყველამ ღამე...
ექიმბაშო,
დანარჩენი მიხვდი შენით,
ამ ქვეყნიდან კარნახი მაქვს აკრძალული....
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Thu Apr 07, 2011 12:33 pm

ჰითროუ. ივლისი. მიყვარხარ.

ცა - აქ უფრო აბლაბუდაა,
ყოველ ორ წუთში- ბოინგს ბოინგზე
ხლართავს ღრუბლებში. თავბრუ.
მგონია - ზურგჩანთის ნაცვლად ვდგავარ ხურჯინით.
მის სიჭრელეს
უგრძელეს რიგში ჩამდგარ სახეებს ვუხამებ: ზანგი!
ყვითელი!
იაპონელი..
რითი გინდა გამოგარჩიონ?
კავკასია მადგას მხრებზე - თითქოს მთლიანად გამოვიყოლე
იალბუზი კი, ჩემთვის მწვერვალი,
აქ მხოლოდ მთაა. პაწაწინა გორაკი, ბორცვი.
მე კი ჯიუტად ვამაგრებ დროშას, მინდა ვჩანდე.

მაპატიეთ.. შემთხვევით ფეხი დაგადგით სარზე..
ესპანელი ხართ?
თავს ვაქნევ - არა.
ღირს თუ არა რუკა გავშალო - წერტილ სამშობლოს
საჩვენებლად თითი დავადო?

რიგი გრძელია - ჩემს ზურგს უკან ვიღაცას ლოცვის უდგება წამი.
ბუტბუტია - ვხედავ, შუბლით მიწას შეეხო.
მე კი პირჯვრამდე რიგს დავზვერავდი.

ჰითროუ. ცხელა.
ჩემთან შენი ხმა ზანზარებს ისევ:
„და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა“, რა არის დედა?
„არამედ გვიხსენ“?
გაფრენის წინ გიხსნი, როგორც მინდა გჯეროდეს:
ესაა ჩვენი სიყვარული, ჩაუძირავი სასწაული - კაცი წყალზე დგას.
ჩაცუცქულმა თითქოს ბრტყელი ქვა
გაასრიალე ზედაპირზე, ისეთი სრულყოფილია.
თითქმის ისეთი - როგორც ჩვენ ორნი, როცა ქუჩას ვჭრით,
მოძრაობა კი წამით ჩერდება.

ჰითროუ.
ლამის თითები დავიმტვრიო - კი თუ არა,
მოგწერო თუ გადავიფიქრო.
დავიწყებ ასე: გწერ ნისლიანი ალბიონიდან...
ბანალურია.
გლანძღავ: რა დროს ფარდის უკან სუნთქვის შეკვრაა,
თუ ჩემს ნასუნთქ ჰაერს აგროვებ დედაქალაქში.
თვეები რომ გამოიზოგო.

ციდან გრგვინვას თუ გაიგონებ -
ავარიული დაშვებაა ჰითროუში.
შენ, სამშობლო და შვილი ისეთი მძიმები ხართ,
თვითმფრინავს ფრთები დავაწევინე.


















Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3868
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Sat May 28, 2011 6:24 pm

ეკა ქევანიშვილი

თბილისში წიგნის მე-13 ფესტივალი მიმდინარეობს

27.05.2011



უკვე მეორე დღეა თბილისში, საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიაში”, წიგნის XIII საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს, რომელშიც ქართველი და უცხოელი გამომცემლები იღებენ მონაწილეობას. წიგნების დათვალიერების და შეძენის გარდა, ფესტივალზე მისულ ადამიანებს ახალი წიგნების პრეზენტაციები და ამ წიგნების ავტორებთან შეხვედრებიც ელით. 26-დან 29 მაისამდე ლიტერატურის ყველა მოყვარულს წერეთლის # 118-ში შეხვდებით.

ყველა, ვისაც წიგნები ძალიან უყვარს, ამ დღეს განსაკუთრებულად ელის ხოლმე. მხოლოდ იმიტომ არა, რომ გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები წიგნებზე ფასებს აკლებენ, არამედ იმიტომაც, რომ ერთ დიდ დარბაზში უამრავი წიგნია გამოფენილი, რომლის მშვიდად დათვალიერება და არჩევაც ოთხი დღის განმავლობაშია შესაძლებელი. აღარაფერს ვიტყვი იმ სიამოვნებაზე, რასაც ლიტერატურის მოყვარულებს ახალი წიგნის ყიდვა ანიჭებს. მაშ ასე, წიგნის მე-13 ფესტივალი, საგამოფენო დარბაზი ”ექსპო ჯორჯია” ხალხითაა სავსე. ჩვენი მისვლა ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემული ამერიკული მოთხრობების ანთოლოგიის პრეზენტაციას დაემთხვა.

წიგნის ფესტივალი
”ეს იქნება სერია წიგნებისა - სხვადასხვა ქვეყნის მწერლების მოთხრობების ანთოლოგიები. დავიწყეთ ამერიკული მოთხრობებით, რაშიც ძალიან დაგვეხმარა ამერიკის საელჩო, იმიტომ რომ ასეთი წიგნების გამოცემა (საავტორო უფლებები, თარგმნა) ძალიან ძვირი ჯდება.. რომ არ დაეფინანსებინათ, წიგნის ფასი 100 ლარამდე აიწევდა, მაგრამ დრეს 19 ლარი ღირს”...

შარშანდელი წიგნის ფესტივალის შემდეგ, როგორც ბაკურ სულაკაური გვეუბნება, 139 ახალი წიგნი გამოსცეს, 169 კი თავიდან დაბეჭდეს. ერთ წელიწადში სამასი წიგნი არც ისე ურიგო საქმეა. წელს სულაკაურის გამომცემლობას კიდევ ერთი სიახლე აქვს. გამომცემლობის სტენდთან ორი წითელი სავარძელი დგას, რომელიც, როგორც გავიგეთ, მწერლებმა უნდა დაიკავონ და მკითხველებს თავიანთ წიგნებზე ესაუბრონ:

დავიწყეთ აკაკი ბაქრაძის ”ილია ჭავჭავაძით”, გაგრძელდა სტენდალის ”ლეონარდო და ვინჩით”, მერე გამოვიდა რუსუდან ჯავახიშვილის ”მიხეილ ჯავახიშვილი”, გიორგი კაკაბაძის ”ნიკო ფიროსმანი”, გვაქვს ფროიდის, განდის ბიოგრაფიები...
”ამ შეხვედრებს უძღვებიან ან სხვა მწერლები, ან ლიტერატორები, კრიტიკოსები.. იმედია, ამას სხვა გამომცემლობებიც გაიზიარებენ და მაშინ ეს იქნება არა, უბრალოდ, წიგნის ბაზრობა, არამედ ნამდვილი ფესტივალი.”

„დიოგენეს“ სტენდთან გამომცემლობის სიმბოლო - ხე დაუდგამთ. სიახლეები „დიოგენესაც“ ბევრი აქვს.

”წელს სელინჯერის ახალი გამოცემები გვაქვს - მოთხრობების სამი კრებული; ასევე, სულ ფამუკის ახალი თარგმანი.. გვაქვ წიგნებთან დაკავშირებული უამრავი აქსესუარი, დიდი ფასდაკლება”, - ამბობს „დიოგენეს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო კუსრაშვილი.

აი, „სიესტასაც“ მივადექით, სადაც ”ვარდისფერი ავტობუსის” პოეტებიდან ერთ-ერთი - ალექსა ჩიღვინაძე - დაგვხვდა. სიახლეებზეც ის მოგვითხრობს:

”ახალი გვაქვს ”გველისმჭამელი” - ვაჟა ფშაველას პოემის კომიქსი. მარკესის, ჰესეს და უნამუნოს წიგნებიც გავიმეორეთ სპეციალურად ფესტივალისთვის. ახალია გია მირზაშვილის პოეზიის კრებულიც... ერლომ ახვლედიანის ”კოღო ქალაქში”...

თუმცა ალექსა ჩიღვინაძე ფიქობს, რომ წიგნის ფესტივალის მასშტაბები უნდა გაიზარდოს და ხალხი მხოლოდ ფასდაკლების გამო არ უნდა მოვიდეს.

გამომცემლობა ”პეგასი” წელს ილუსტრირებული ბიოგრაფიების სერიით იწონებს თავს. აქ ჩვენი გიდი ერთ-ერთი წიგნის - ვაჟა ფშაველას ბიოგრაფიის - ავტორი მიხო მოსულიშვილია:

წიგნის ფესტივალი
”დავიწყეთ აკაკი ბაქრაძის ”ილია ჭავჭავაძით”, გაგრძელდა სტენდალის ”ლეონარდო და ვინჩით”, მერე გამოვიდა რუსუდან ჯავახიშვილის ”მიხეილ ჯავახიშვილი”, გიორგი კაკაბაძის ”ნიკო ფიროსმანი”, გვაქვს ფროიდის, განდის ბიოგრაფიები. სულ ბოლოა ჩემი „ვაჟა-ფშაველა”, რომლის შესახებაც ბავშვობიდან ვაგროვებდი ცნობებს, ფშავშიც შვიდი წელი ვმუშაობდი გეოლოგად და იქაც ვაგროვებდი ჩანაწერებს და ამ ყველაფერმა თავი მოიყარა ამ წიგნში. აქ ვაჟაზე არა მხოლოდ როგორც ფშავის მცხოვრებზეა მოთხრობილი, არამედ როგორც ქალაქელ კაცზეც, რომელიც ბილიარდსაც ითამაშებდა და ჰეგელის ისეთი მცოდნე იყო, რომ გრიგოლ რობაქიძეს გააოგნებდა, ისე იცნობდა ჰეგელს”...

მაღაზია ”ბიბლუსმა” რუსულენოვან წიგნებზე ყველაზე დიდი - 50%-იანი - ფასდაკლება შესთავაზა მყიდველს. ”ბიბლუსის” პიარმენეჯერი მარიამ წამალაშვილი ფესტივალის დარჩენილი ორ დღის გეგმებზეც მოგვითხრობს.


ახლა ვნახოთ, ვინ რა წიგნზე შეაჩერა არჩევანი. ყველაზე მეტად წიგნის ფესტივალზე სწორედ ეს მაინტერესებს ხოლმე - წიგნებით სავსე ჩანთებში ცალი თვალით ჩახედვა:

”მე გორგასალი და ქართული პროზის ერთ-ერთი ტომი ვიყიდე.”

”უმბერტო ეკოს ”ვარდის სახელი” მინდა ვიყიდო, მაგრამ ფული აღარ დამრჩა, ჰესეს ”ტრამალის მგელი ” შევიძინე”...

”ხიმენესის ”პლატერო და მე” ვიყიდე საჩუქრად. მიყვარს ასეთი დღეები, ჩემს სტიქიაში ვარ, როგორც იტყვიან”...

წიგნის ფესტივალი შაბათ-კვირასაც გრძელდება და 29 მაისს იხურება. ამ დღეების განმავლობაში არაერთი საინტერესო წიგნის პრეზენტაცია და მწერლებთან შეხვედრაა დაგეგმილი. სხვა რა შეიძლება აკეთო უფრო სასიამოვნო უქმე დღეებში... განსაკუთრებით, თუ უწიგნოდ ცხოვრება არ შეგიძლია.

Idea

ბმული – http://www.radiotavisupleba.ge/content/article/24206820.html

გადაცემას მოვუსმინოთ აქ - http://www.radiotavisupleba.ge/audio/audio/312442.html

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
kevana
Way at Armury
Way at Armury


Female
Number of posts : 27
Age : 37
Location : Tbilisi, Georgia
Job/hobbies : Journalist
Humor : :)
Registration date : 05.04.11

PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Tue Dec 20, 2011 9:06 pm

გულგრილობა ან არც ისე


ჩვენ ახლა დიდზე დიდები ვართ.
დილაობით სამსახურში გვაგვიანდება.
დედები ვართ. მამები გავხდით.
ჯარისკაცი, მწერალი, ლოთი, ექიმი და მასწავლებელი.
შეწუხებული სახეებით თვეში ერთხელ
მორჩილად ვიხდით გადასახადებს.
პარასკევობით ლოტოს ვთამაშობთ.
ვინ მარხვას იცავს. ვინ კი იკიდებს.
ბაღი და სკოლა, რაც შეიძლება პრესტიჟული,
უკეთესი, ვიდრე ჩვენ გვქონდა, ვიდრე შეგვეძლო.
რუტინა. ვცოცხლობთ ზიგზაგებით.
ვინ ქვესკნელშია და ვინ მწვერვალზე.
ნიკოს მესამე შვილი ეყოლა, ლეა მარტოა, ეკა დაშორდა.
შენ არ გვახსოვხარ.

ზამთარში - ზამთრის კურორტებზე ვხვდებით ახალ წელს,
ზაფხულში ზღვაზე მიგვყავს ოჯახი.
წესი - წესია.
უცხოეთიც მოვიარეთ - თუკი არ გჯერა,
ვირტუალურ სივრცეს ჩახედე -
ჩვენი ფოტოალბომების სათაურები - ”პარიზი, ვენა..”
სურათებს თითქმის აღარ ვბეჭდავთ,
დღეს მოდაში აღარ არის ჩანთით ტარება.
შენ არ გვახსოვხარ.

ჩვენ დიდები და გარყვნილები ვართ.
ჩვენ დიდები და გულგრილები ვართ.
ჩვენ შენ მკვდარი არ გვინახიხარ.
და თავს როგორც შეგვიძლია, ისე ვიმართლებთ:
რომ ჩვენ არ გვჯერა.
რომ არავის უნახიხარ, როგორ აღარ ხარ.
რომ შენ ისიც კი ვერ შეძელი, ვინც ცოცხალია,
საკუთარი კუბოს გარშემო შემოგეკრიბა.
რომ არ ვიცით სად მოვიდეთ,
ჯვარი სად დავსვათ.
ძალით გივიწყებთ,
თითქოს თუკი სიტყვა სიკვდილს აღარ გახსენებთ,
ჩვენ აგვცდება,
ჩვენთან არ მოვა..

ამ ზაფხულს,
მე და ჩემმა რვა წლის გოგონამ
არცთუ შემთხვევით, შენს ქუჩაზე ჩამოვიარეთ.
ეზოს სიღრმეში დედაშენი იჯდა - შავებში.
გონებაში მისამძიმრების აბდაუბდა წინადადება მივჭერ-მოვჭერი
და ის იყო დავაპირე კარის შეღება,
უეცრად მივხვდი, მომეკალი უნდა თავიდან
და უსიტყვოდ შემოვტრიალდი.
Back to top Go down
View user profile http://www.radiotavisupleba.ge
Sponsored content




PostSubject: Re: ეკა ქევანიშვილი   Today at 1:37 pm

Back to top Go down
 
ეკა ქევანიშვილი
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 2Go to page : 1, 2  Next

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: პოეტების ქვეყანა-
Jump to: