არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* კახა ჭაბაშვილი"აქ, თბილისში" (მოთხრობები) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).
Share | 
 

 ჯემალ ქირია

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: ჯემალ ქირია   Fri Apr 01, 2011 3:02 pm


Jemal Kiria

ჯემალ ქირია – http://ka.wikipedia.org/wiki/ჯემალ_ქირია

ჯემალ ქირია დაიბადა 1940 წლის 1 მარტს, ზუგდიდში. მშობლები: დედა - ივდენ ღურწკაია, მამა - სამსონ ქირია.
მეუღლე – ნათელა წერეთელი. შვილები – ირინე, თეა, სამსონი.
1970 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1970-1990 წლებში იყო თსუ-ს გამომცემლობის რედაქტორი.
მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის ზუგდიდის განყოფილების მდივნად, ჟურნალ "ცისკრის" პასუხისმგებელ მდივნად.
ჯემალ ქირიას ცხოვრება ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა საოცარი თავგადასავლებით. მეოთხე კლასში იყო, როდესაც პირველად სახლიდან გაიქცა. საბჭოთა წყობისთვის დამახასიათებელი მკაცრი წესრიგის დამრღვევს ხან თურქეთის, ხან პოლონეთის, ხანაც ფინეთის საზღვარზე იჭერდნენ. ბოლოს ჩინეთში გადასვლა მოახერხა, სადაც ათი თვე იცხოვრა. მაშინდელი უშიშროების სამსახური მწერალს ხან ციხეში და ხანაც ფსიქიატრიულში მოათავსებდა ხოლმე.
თავისი სათავგადასავლო ისტორია მწერალმა აღწერა ავტობიოგრაფიულ რომანში "მე, როსინანტი".
ჯემალ ქირიას ყველაზე გახმაურებული რომანი "მარადი მხედარი", რომელიც ოთხმოციანი წლების "ცისკარში" იბეჭდებოდა (№ 3–8, 1980), შეიძლება ჩაითვალოს "ფენტეზის" ჟანრის პირველ ქართულ ნამუშევრად.
ჯემალ ქირია არის ამერიკაში გამოცემული პირველი ქართული საბავშვო წიგნის ავტორი – მისი ზღაპარი-რომანი "ბაციკუკუ და სამი ჯადოქარი" გამოაქვეყნა გამომცემლობა "ნაკადულმა" ("ბაციკუკუ", 1991), შემდეგ ეს წიგნი ინგლისურად თარგმნა ასმათ ლეკიაშვილმა და გამოცემულია აშშ-ში (Baldie, Publish America, Baltimore, 2005).


პრემიები და ჯილდოები:

ჯემალ ქირია არის შიო მღვიმელის სახელობის პრემიის ლაურეატი წიგნისათვის "ბაციკუკუ".


წიგნები:

* ესხირი (რომანი), თბ. "მერანი", 1980
* იბერიული ამერიკის თანამედროვე ლიტერატურა და "ახალი რომანი", თბ. "თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა", 1981
* პირველი ზეკარი (მოთხრობები), თბ. "ნაკადული", 1983
* მარადი მხედარი (რომენი ფენტეზის ჟანრში), თბ. "მერანი", 1985
* ბუტია სპილო (ზღაპრები), თბ. "ნაკადული", 1986
* კუნძული (მოთხრობები), თბ. : საბჭ. საქართველო, 1988
* დიდობანას თამაში (რომანი), თბ. "ნაკადული", 1988
* მკვდარი სახლი (რომანი), თბ. : მერანი, 1990
* ბაციკუკუ (საბავშვო ზღაპარი–რომანი), თბ. "ნაკადული", 1991 – ISBN 5-525-00608-4
* ბუტია სპილო და სხვა ზღაპრები, თბ. "ნაკადული", 1996
* ჭიანჭველების ხელმწიფე ანდუყაფარი (საბავშვო ზღაპარი–რომანი), ქუთაისი, (ს/ს "სტამბა"), 1996
* მე, როსინანტი (ავტობიოგრაფიული რომანი), თბ. "მერანი", 1997
* არტურ-ტორეს-რიოსეკო, იბერიული ამერიკის დიდი ლიტერატურა (თარგმანი)
* Baldie ("ბაციკუკუ", 1991), 2005, Publisher: Publish America, ISBN-13: 9781413739787
* როგორ იხსნეს პატარებმა ანბანი - How the little ones saved the ABC (ქართულ და ინგლისურ ენაზე), 2006, "პალიტრა L", - ISBN 99940-53-15-9
* მე- როსინანტი... (ბელეტრისტიკა, ტ.1), "საარი", 2006 - ISBN 99940-29-96-7
* მეხამრიდი (ბელეტრისტიკა, ტ.2), "საარი", 2006 - ISBN 99940-60-02-3
* მთელი დღე წვიმდა (ბელეტრისტიკა, ტ.3), "საარი", 2006 - ISBN 99940-60-04-X
* ესხირი (ბელეტრისტიკა, ტ.4), "საარი", 2006 - ISBN 99940-60-03-1
* მარადი მხედარი (ბელეტრისტიკა, ტ.5), "საარი", 2007 - ISBN 978-99940-60-27-6
* მკვდარი სახლი (ბელეტრისტიკა, ტ.6), "საარი", 2007 - ISBN 978-99940-60-37-5
* კიბე იაკობისი (ბელეტრისტიკა, ტ.7), 2008 - ISBN 978-99940-60-39-9
* შავი, წითელი, ჭრელი (ბელეტრისტიკა, ტ. 8.), "საარი", 2008 - ISBN 978-99940-60-40-5
* დიდობანას თამაში (ბელეტრისტიკა, ტ.9), "საარი", 2008 - ISBN 978-99940-60-58-0
* წიგნი არაფერზე (ბელეტრისტიკა, ტ.10), "საარი", 2008 - ISBN 978-99940-60-62-7
* ქაღალდის გემი (ბელეტრისტიკა, ტ.11), "საარი",2010 – ISBN 978-99940-60-79-5

ბმულები:

* Baldie - http://www.publishamerica.net/product36040.html

* ბეჭდური არქივი (გადმოიწერე და წაიკითხე) - http://ftp.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/page-70/?sort=author

* კატალოგი - http://www.nplg.gov.ge/ec/en/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700%3A%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A

* http://www.nplg.gov.ge/frames.php?url=../authors

* http://search.barnesandnoble.com/Baldie/Jemal-Kiria/e/9781413739787/?itm=1

* Famous Georgian fantasy writer Jemal Kiria 70 - http://www.youtube.com/watch?v=FX9tECmO7gw


Smile


Famous Georgian fantasy writer Jemal Kiria at the NPLG

The public is well acquainted with Jemal Kiria’s works. All of them have been published in different times and places and enjoyed great popularity among their readers.

Jemal Kiria was born in 1940 in the town of Zugdidi. His life was adventurous from the very beginning. As a 4th form pupil he ran away from home. The "escape” part of his life lasted many more years. Trying to run away from the Soviet Union, he was arrested many times on the borders of Turkey, Poland, and Finland. Several times he was jailed and even put to various psychiatric clinics. Finally, he managed to cross the Chinese border, where he lived for ten months.

The author described his adventurous biography in his book Me, Rosinanti (I am Rocinante). His other works are Eskher, Eternal Horseman, Dead House, Three Princesses and a Country Girl,Playing Adult, trilogy Jacob’s Stairs, American notes A Book on Nothing, children’s novel Batsikuku and Three Magicians which was published in the US under the title Boldie.

Jemal Kiria’s most popular novel Eternal Horseman is recognized as the first Georgian fantasy novel.

On May 18, at 17 p.m. at the NPLG Conference Hall the audience will get acquainted with Jemal Kiria’s complete works in 11 volumes.

http://www.nplg.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=199&info_id=1570&date=2010-05-18&new_month=05&new_year=2010

study


Last edited by Admin on Fri Apr 08, 2011 1:18 am; edited 12 times in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჯემალ ქირია   Fri Apr 01, 2011 3:53 pm

Thursday, June 11, 2009
პოსტი ბავშვობიდან



”ლიტერატურულ პალიტრას” გადავავლე თვალი, ეულად იყო მიგდებული დივანზე და შემეცოდა.. Smile

ჰოდა, ერთ-ერთ გვერდზე ჯემალ ქირიას მოვკარი თვალი და მის ახალ მოთხრობას..

და შემომახსენდა გარდასული დღეები.. ბავშვობა და ა.შ.

ჯემალ ქირიასი არც არაფერი წამიკითხავს (მე მომიტევეთ) გარდა ”ბაციკუკუსი”. არ ვიცი რამდენად იცნობთ ამ ზღაპარს, მაგრამ ფანტაზიები რომ მიტევენ, ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟებთან ერთად ბაციკუკუსაც ურევია ხელი.

ნუ, არ ვიცი რამდენჯერ მაქვს ზუსტად ეს ზღაპარიც წაკითხული. ალბათ, 1500-ჯერ ან უფრო მეტჯერ..

ზეპირად ვიცოდი და მიყვარდა.

ქალაქი წადიგაიგე, რატომ არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის ქუთაისთან ასოცირდებოდა. თაია ვაჩნაძე, ნაწარმოების მთავარი გმირი ჩემი მეზობელი თათია მეგონა რატომღაც, მამამისი მამაჩემს ჰგავდა ჩემს წარმოსახვაში (მიუხედავად იმისა, რომ იმ კაცს ვაჩე ერქვა და მსახიობი იყო) და ერთადერთი, რაზეც გული მეწვოდა, ის იყო, რომ თაია ობოლი იყო. დედა მოუკლეს ბოროტმა ჯადოქარმა ბუჰმა, ბუჰის მამა ბუჰბუჰმა და პაპამ ბუჰბუჰბუჰმა..

ნუ, თავიდან ბუჰი ჩანს მარტო, და მისი წინაპრები მერე შემოდიან კონტაქტში.. Smile

კიდევ, არის ძროხა ელპიტე, სამწუხაროდ არ მახსოვს კატის სახელი..

მომღერალი ჩოჩორი ბენტო, ქალაქის მერი, რომელსაც სულ სძინავს რატუშაში.. Smile

მე ძალიან მიყვარდა ჯადოქართა კიდევ ერთი პარტია: ესენი იყვნენ მამა ჯაჯუ, შვილი ჯაჯუ და დედა ჯაჯულია.. Smile

მამა ძალიან მაღალი და გამხდარი იყო დაპატარა თავი ება, მუშტისოდენა, დედა სქელი, რაც შეეხება შვილს, ის თაიას კლასელი იყო და საშინელებებს სჩადიოდა, ჩანთით დაფრინავდა.. Smile

ერთ მშვენიერ დღესაც თაია ვაჩნაძის ცხოვრებაში გამოჩნდა ბაციკუკუ, ეს მინიატურული ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა მას დედის მოძებნაში, დედა კი იყო ცაააშიიი..

მთვაარეეზე..

და თაიას უნდა ეპოვა ნიჟარა, რომლითაც გაფრინდებოდა..

მოკლედ, ზღაპარი მთავრდება ნოსტალგიურად.. Smile

ბაციკუკუს ლამაზი შეყვარებული ჰყავდა, პაწო ერქვა და არ ვიცი რატომ ვეჭიანობდი მასზე გამუდმებით Smile

ოო..

ღმერთო ჩემო.. Smile
მოკლედ, დრო გავიდა, თაია გაფრინდა მთვარეზე და დედამისი ჩამოიყვანა..

ბაციკუკუ გადაიკარგა სადღაც.. Smile

მოკლედ, ზღაპარი უნდა წაიკითხოთ რა. Smile

ერთი იმაზე მწყდება გული, რომ ბავშვობაში საშინელი ჩვევა მქონდა, მგონი, არ არსებობს ზღაპარი, წაკუთხული რომ არ მაქვს მილიარდჯერ.. Smile

ჰხოდა..

წაკითხვის მერე, არ ვიცი რატომ, მაგრამ წიგნებს ვანადგურებდი. ვხევდი. ეს ბედი ეწია ჩემს ბაციკუკუასაც, რომლის წაკითხვაც ახლა უკიდეგანოდ მინდა.. არადა, ბებომ მე და ხათოს რომ გვაჩუქა, იმ მომენტში ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ ასე გადავირეოდი.. Smile

ჰოდა, ჯემალ ქირიაზე გამახსენდა.. Smile

ახლა გავალ და გადავიკითხავ იმ მოთხრობას რომ წერია ”ლიტერატურულ პალიტრაში” და ვეცდები ”ბაციკუკუსეული” დავიჭირო რამე.. Smile)

გმადლობთ, რომ მიტანთ Very Happy

study

წყარო – http://webcache.googleusercontent.com/search?q=cache:cX3LRnzbYI8J:www.vasassi.com/2009_06_11_archive.html+%E1%83%AF%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9A+%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90&cd=19&hl=ka&ct=clnk&gl=ge&client=opera&source=www.google.ge
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჯემალ ქირია   Fri Apr 08, 2011 12:08 am

ჯემალ ქირია

მარიამის ზღაპრები

ცხვირი



ოთხი წლის მარიამს ცხრა საათზე დედა ლოგინში აწვენს და მკაცრად ეუბნება:
_ დაიძინე, თორემ არ ვიცი, რას გიზამ!
ვერაფერსაც ვერ უზამს! მარიამს თვალები დაჭყეტილი აქვს, რათა ძილი მართლაც არ წამოეპაროს და სიზმარეთში არ წაიყვანოს. სიზმარი ან მოვა, ან არა, ეს დღე კი წავა, ხვალ სულ სხვა დღე იქნება და მარიამს არ სურს ამ დღის გაშვება. იქ, დიდ დარბაზში უფროსები სულაც არ აპირებენ დაძინებას. ისინი ტელევიზორს უყურებენ,საუბრობენ, ჩაის მიირთმევენ…
_ კარი არ დაკეტო, მეშინია! _ ეუბნება დედას. სინამდვილეში, არაფრისაც არ ეშინია, უნდა დიდების კინოს უყუროს, დიდების კონცერტსა და ჭორაობას მოუსმინოს.
_ შუქი არ ჩააქრო, მეშინია!
ეშმაკობს, სინათლე იმიტომ უნდა, რომ ძილს უფრთხობს მასაც და მის სათამაშოებსაც, კედლის გასწვრივ რომ ჩამწკრივებულან.
_ აბა, აბა, ნუ მაბრაზებ! _ უწყრება დედა.
მარიამი გასუსული წევს, მერე ხმადაბლა მიხმობს:
_ ბაბუ, ბაბუ!
მის ქათქათა, თეთრ საწოლთან ქათქათა, თეთრი საბავშვო სავარძელი დგას, შიგ ძლივსა ვჯდები, სახე სახესთან მიმაქვს და ხმადაბლა ვეკითხები:
_ რატომ არ გძინავს?
_ მომიყევი ზღაპარი! _ მეხვეწება.
არ ვიცი რა მოვუყვე. რაც წიგნებში წერია, მარიამმა უკვე იცის, იმიტომ რომ წიგნის ზღაპრები მულტფილმებად ქცეულან და მარიამმა ისინი ბევრჯერ ნახა. თუ ნაცნობ ზღაპარს მოუყვები, წამდაუწუმ გაწყვეტინებს, გისწორებს, ასე კი არა ისე იყოვო, ეს და ეს რატომ გამოტოვეო.
მარიამის ოთახში კუთხის ტელევიზორი დგას, მასში მხოლოდ მულტფილმები და ზღაპრები ცხოვრობენ. კედლის გასწვრივ უამრავი თოჯინაა. მარიამს ზოგი უყვარს, ზოგმა კი თავი მოაბეზრა და ყურადღებასაც არ აქცევს. პატარა კარადაში წიგნებია ჩამწკრივებული. მარიამმა ჯერ კითხვა არ იცის. მის წიგნებში ფურცლების მაგიერ სქელი მუყაოა და უამრავი სასაცილო ნახატია. ზოგიერთ გვერდზე ინგლისური ასოებიც წერია, მაგრამ ასოებისგან შედგენილი სიტყვების ამოკითხვა და ქართულად გადმოთარგმნა მხოლოდ დედიკოს შეუძლია.
_ რა გინდა, რომ მოგიყვე? _ ვერაფერი მაგონდება, აქეთ-იქით ვიყურები. კედელთან ბურატინო დგას და თვალდაჭყეტილი შემომცქერის. ის ხომ ცნობისმოყვარეა, ყველაფრის გაგება სურს და ცხვირიც იმიტომ დაუგრძელდა.
ჰოდა, მეც ვყვები:
_ ბურატინომ ცხვირი რომ დაკარგა, ის თუ იცი? მეტად ცნობისმოყვარე იყო და ცხვირს ყველგან ყოფდა. ამიტომ ისე დაუგრძელდა და დაუწვრილდა, რომ პატრონს მოძვრა და გაექცა. თურმე ნუ იტყვით, მარიამი ბურატინოზე ცნობისმოყვარეა, უფროსების საუბარიც აინტერესებს, უფროსების კონცერტებიც და უფროსების კინოც. ამიტომაც მარიამის პატარა ცხვირიც მარიამს გაექცა.
გზაზე ორი ცხვირი ერთმანეთს გადაეყარა.
საით გაგიუწევიაო, _ მარიამის ცხვირმა ჰკითხა
ახალი ამბების გასაგებად გამოვიქეციო, _ უპასუხა ბურატინოს ცხვირმა.
მაშ, მე იქით წავალ, შენ კი აქეთო, _ მარიამის ცხვირმა.
ჰოდა, ცხვირებმა პატრონები გაცვალეს. მარიამის პატარა ცხვირი ბურატინოს აღმოაჩნდა, ბურატინოს გრძელზეგრძელი ცხვირი _ მარიამს. იმსიგრძეა, თავს უკან თუ არ დავწევ, თვალებსაც ამომთხრის-მეთქი, დავძინე.
მარიამმა ცხვირზე ხელი იტაცა.
_ არ მინდა ასეთი ზღაპარი! _ ჩაიწუწუნა, კედლისკენ შებრუნდა და დაიძინა.


თეთრი თაგვი, რომელიც ნამდვილი არ იყო

მარიამი ძილში ატირდა. დედიკო ეფერება, აწყნარებს, მაგრამ მარიამი ვერ იღვიძებს.
დილით ადრე წამოცუნცულდება, საბნის ქვეშ შემომიძვრება და ხვეწნას იწყებს:
_ ბაბუ, მომიყევი ზღაპარი!
მეზარება თვალის გახელა, თანაც ამ უთენია რა ზღაპარი უნდა გამოვაცხო?
_ წუხელ, ძილში რატომ იტირე? _ ვეკითხები.
_ თეთრი თაგვი დამეკარგა!
_ რომელი თეთრი თაგვი?
_ როგორ არ იცი, ბაბუ, სათამაშო თაგვი რომ მყავს, ლამაზი, ფუმფულა, ბალიშზე მიწევს!
_ გაიპარებოდა!
_ რანაირად გაიპარებოდა, ის ხომ ნამდვილი არ არის! _ გაკვირვებით კითხულობს მარიამი.
_ ჰო? _ თვალის გახელა მეზარება და კოჭზე ძაფს რომ ართავენ, ისე ვართავ სახელდახელო ზღაპარს: _ მარიამს ჰყავდა თეთრი, ფუმფულა, ლამაზი თაგვი, რომელიც ნამდვილი არ იყო. სოროში კი ცხოვრობდა ნაცრისფერი, დაუბანელი, ულამაზო თაგვი, რომელიც ნამდვილი იყო. გამოიჭყიტა სოროდან თაგვმა, რომელიც ნამდვილი იყო, ერთი დანახვით შეუყვარდა თაგვი, რომელიც ნამდვილი არ იყო. `წამოდი ჩემთან, ერთად ვიცხოვროთ~, _ უთხრა თაგვმა, რომელიც ნამდვილი იყო თაგვს, რომელიც ნამდვილი არ იყო. `ფიჰ! მე თეთრ, ქათქათა ბალიშზე ვცხოვრობ, რა მინდა ბნელ სოროში!~ _ ამრეზით გადმოხედა თაგვმა, რომელიც ნამდვილი არ იყო, თაგვს, რომელიც ნამდვილი იყო. არ მოეშვა თაგვი, რომელიც ნამდვილი იყო, თაგვს, რომელიც ნამდვილი არ იყო. მარიამის ბალიშზე ამოცუნცულდა თაგვი, რომელიც ნამდვილი იყო და კუდით დაითრია თაგვი, რომელიც ნამდვილი არ იყო. `მარიამ, მიშველე!~ _ კივის თაგვი, რომელიც ნამდვილი არ იყო, ხოლო თაგვი, რომელიც ნამდვილი იყო, სოროსკენ მიათრევს. ოღონდაც, სორო ვიწროა, თაგვი, რომელიც ნამდვილი არ იყო, ფუმფულაა და შესასვლელში გაიჭედა. კუდზე ექაჩება თაგვი, რომელიც ნამდვილი იყო, თაგვს, რომელიც ნამდვილი არ იყო. `მიშველეთ!~ _ კივის ფუმფულა, თეთრი თაგვი, რომელიც ნამდვილი არ იყო. ამ დროს გამოეღვიძა მარიამს, მიირბინა და ხელი სტაცა თაგვს, რომელიც ნამდვილი არ იყო, მაგრამ თაგვი, რომელიც ნამდვილი იყო, არ უშვებს ფუმფულა და გრძელ კუდს. `ტკაც!~_ და მოწყდა კიდეც. მარიამმა ბალიშზე დააბრუნა თეთრი თაგვი, რომელიც ნამდვილი არ იყო და ფუმფულა და გრძელი კუდი უკვე არ ჰქონდა, თაგვს კი, რომელიც ნამდვილი იყო, შეყვარებულის კუდიღა შერჩა…
მარიამის კისკისმა მთელი ოჯახი დააღვიძა, ცხადია, მარიამის სათამაშოებიც და მარიამის წიგნებიც, საიდანაც ასოების ამოკითხვა მარიამმა ჯერაც არ იცის.


მარიამის სიყვარულები

მარიამს საახალწლო ზეიმისათვის ამზადებენ. თანზე ფურფუშელებიანი, თეთრი კაბა ჩააცვეს, თავზე ვერცხლისფრად შეღებილი, ბრჭყვიალა მძივებით შემკული პრინცესას გვირგვინი დაადგეს.
დაბზრიალდა მარიამი სარკესთან, თვითონაც აღფრთოვანდა და წამოიძახა:
_ ბათურა რომ დამინახავს, გაგიჟდება!
ბათურა მისი ბოლო მეგობარია.
შარშან სხვა ბაღში დადიოდა მარიამი, მაშინ ის სამი წლისა იყო და იქაც ჰყავდა გამორჩეული მეგობარი _ გიორგი.
ერთხელ დედამ ძველ ბაღში წაიყვანა, რაღაც საქმე ჰქონდა და მარიამიც გაიყოლია. გახარებული გოგონა კიბეზე სულ სირბილ-სირბილით ავარდა, თავის ჯგუფში შეირბინა, მაგრამ გიორგი ვერ იპოვა, თავისმა დედიკომ ისიც სხვა ბაღში გადაიყვანაო.
უკანა გზაზე მარიამი ჩუმად მოდიოდა.
დედამ ჰკითხა:
_ რა იყო, მარიამ, ცუდად ხომ არა ხარ?
მარიამმა გულზე ხელი მიიდო და უპასუხა:
_ მოწყენილობა მტკივა!


კოკროჭინა და მარიამი

1
კოკროჭინა წიგნის ფურცლებში (მეათე გვერდზე) ცხოვრობდა და ერთხელაც იქიდან გადმოვარდა. ეს წიგნი კარგა ხანს იდო მარიამის ბებოს კარადაში. მარიამის ბებო ცხოვრობდა სოფლის განაპირას, პატარა, აივნიან სახლში და ზაფხულობით, არდადეგებზე პატარა მარიამი ბებოს სტუმრობდა. სახლის წინ ეზოში დიდი კაკლის ხე იდგა, იმის ქვეშ ეძინა ძაღლ ბუბუს, ირგვლივ დაკუნტრუშებდა თეთრი ბეკეკა და ამაყად დააბიჯებდა მამლაყინწა ისიდორე ბიბილოძე. ძაღლი ბუბუ ონავარი ბიჭებისაგან მამაცურად იცავდა ხოლმე ბებოს ეზო-გარემოს, თეთრი ბეკეკა დაკუნტრუშებდა აქე-იქით, მამლაყინწა ისიდორე ბიბილოძე კი ამაყად დააბიჯებდა. იგი მეტად საქმიანი მამლაყინწა გახლდათ _ დილით მზე ამოჰყავდა, საღამოობით დასაძინებლად უშვებდა, ხოლო ღამღამობით საათებს ასწორებდა. აბა, დროზე რომ არ შემოეძახა თავისი `ყიყლიყო~, ყველა საათი დაიძინებდა და დროც გაჩერდებოდა…
ამ ზაფხულს ბებომ თავად ჩააკითხა შვილიშვილს ქალაქში და ექვსი წლის მარიამი ჩამოიყვანა. ჭიშკარი რომ შემოაღეს, გახარებული ბუბუ ყეფა-წკმუტუნით შემოეგება, ბეკეკამ კიკინი მორთო, ისიდორე ბიბილოძე კი ღობეზე შეფრინდა და იქიდან დასჭექა.
_ ამისგან გემრიელი ჩახოხბილი გაკეთდება! _ თქვა ბებომ მამლაყინწაზე.
ნურას უკაცრავად! ისიდორე ბიბილოძე მეტად ფრთხილი მამლაყინწა იყო და ბებიის გამოჩენისთანავე ღობიდან კაკლის კენწეროზე აფრინდა, იქ კი ვერც ჯოხს მიუწვდენდი, ვერც ქვას.
ბებიამ სახლის კარ-ფაჯრები გასანიავებლად დააღო, კარადიდან ძველი წიგნი გამოიღო და მარიამს შეაჩეჩა:
_ აჰა, ეზოში ჩადი და სანამ სადილს გავაკეთებდე, ნახატები დაათვალიერე!
მარიამი კაკლის ჩრდილში, ჭილოფზე ჩამოჯდა და წიგნი გადაშალა. უნდა გითხრათ, რომ გოგონამ ზოგი ასო უკვე იცოდა, ზოგი ჯერაც არა. ამიტომ პირველსავე გვერდზე ასოებს თითი გააყოლა და ამოიკითხა:
_ ი-ყ-ო დ-ა ა-რ-ა ი-ყ-ო რ-ა…
ზღაპრების წიგნი ყოფილაო, გაიხარა მარიამმა და დააპირა იმის გაგება, თუ რა იყო და რა არა, მაგრამ ვინ გაცალა!
ორღობეში მეზობელი გოგონები აჩოჩქოლდნენ:
_ მარიამ, მარიამ, წამო, ვითამაშოთ!
მარიამმა წიგნი ჭილოფზე დააგდო და ბავშვებს სათამაშოდ გაეკიდა.
ეს წიგნი უბრალო არ გეგონოთ. ძველად მისი გვერდები დიდმა მეზღაპრეებმა დაასახლეს. ღოგორც დასაწყისში ვთქვი, მეათე გვერდზე კოკროჭინას გემრიელად ეძინა. ხანდახან გულის გასახალისებლად სიზმარი ეწვეოდა. ამ სიზმრებში ერთი ზღაპრიდან მეორეში გადაისეირნებდა, ხან თავის ძმაკაცს ასფურცელას ეწვეოდა, ხან ხუთკუნჭულას, კარის ჭუჭრუტანიდან პრინცესას გახედავდა, კუდიანებს თუ გადაეყრებოდა, ეშმაკობით თავს დაიძვრენდა, ზოგ ზღაპრებში დევები ბუღრაობდნენ, ზოგში ცეცხლისმფრქვეველი გველეშაპები იგრაგნებოდნენ და კოკროჭინა, ცხადია, თავს შველოდა _ უსიზმრი ძილში იმალებოდა. რას ვიზამთ, ჩვენ ხომ ვიცით, რომ წიგნის გმირებს მის ფურცლებში მანამ სძინავთ, სანამ ცნობისმოყვარე მკითხველი გადაშლიდეს. ასეთ დროს კოკროჭინასაც ეღვიძებოდა, ეს რამდენი მძინებიაო და მკითხველს ფათერაკების საძებრად მიუძღვებოდა.
ამჯერად, კაკლის ჩრდილში დაგდებული წიგნი ვის უნდა გადაეშალა? ბუბუმ მხოლოდ დასუნა, ისიდორე ბიბილოძემ შორიდან ეჭვით დახედა, თეთრ ბეკეკას, ცხადია, წიგნისა არაფერი გაეგებოდა. უცებ საიდანღაც ნიავმა დაუბერა, კაკლის ფოთლები ააშრიალა, წიგნის ფურცლები ზედიზედ გადააბრუნა. ქარმა ხომ კითხვა არ იცის, უბერავს და წიგნის ფურცლებს ერთიმეორის მიყოლებით გადაშლის… აჰა, კიდევ ერთი გვერდიც და კოკროჭინა თავისი ლოგინიდან გადმოვარდა…

2
წიგნიდან გადმოვარდნილი კოკროჭინა რომ დაინახა, ისიდორე ბიბილოძე ძირს ჩამოფრინდა და მისკენ გაქანდა. იქნებ ხოჭო ეგონა და ყელის ჩაკოკლოზინება მოუნდა, ან იქნებ მსმენელს ეძებდა, რათა თავისი ჭკვიანური აზრები გაეზიარებინა. ის ხომ დღისითაც და ღამითაც მთელ სოფელს გადაჰყივლებს ხოლმე ამ თავის აზრებს, მაგრამ არც არავინ უსმენს. კოკროჭინამ რომ დაინახა, უზარმაზარი წითელი ურჩხული მოექანებაო, ცხადია, მოცოცხა. სიმართლე რომ გითხრათ, მამლაყინწა სულაც არ იყო უზარმაზარი, რომ დაეკლათ, ჩახოხბილის ერთ ქვაბს თუ შეავსებდა, მაგრამ კოკროჭინა ხომ ასანთის ღერზე ოდნავ დიდი იყო და ამიტომ მოეჩვენა, წითელი ურჩხული მომდევსო. ამასობაში უფრო საშიში და დიდი ურჩხული წინიდან შეეფეთა. თქვენ, ალბათ, ხვდებით, რომ იგი ძაღლი ბუბუ იყო. გამხმარი თონის პური ეშოვნა და იმას ლოღნიდა. მამლაყინწა ისიდორე ბიბილოძე რომ გამოქანდა, ბუბუმ იფიქრა, პურის წართმევა უნდაო და ღრენით წამოიმართა:
_ რას გამოქანდი, ჰა?!
მამლაყინწამ სწრაფად დაამუხრუჭა და ფრთები დროშებივით ააბათქუნა.
_ ეზოში უცხოა!
_ მთლად გაგიფრენია, აი! _ დინჯად განაცხადა ბუბუმ და ახლაღა დაინახა პატარა კოკროჭინა, რომელმაც თათებს შორის შემოირბინა და აქედან მამლაყინწას ასძახა:
_ ეი, შენ, წითელო ურჩხულო, არ გამაბრაზო, თორემ კუდით ქვას გასროლინებ!
კოკროჭინა მეტად გულადი ყმაწვილი გახლდათ, თუმცა ხანდახან შიშისაგან გულისხეთქებით გარბოდა… ეს ისე, ჩვენს შორის დარჩეს!
ბუბუმ კეთილმოსურნედ დასუნა და შეეკითხა:
_ ასე რამ დაგაპატარავა, შე საბრალო, არაფერსა ჭამ?
_ ჰო, მშია!
_ დამეწვიე და მიირთვი! _ მიიპატიჟა ბუბუმ.
კოკროჭინას ფინჩხიც ჰყოფნიდა, ბუბუ კი დიდრონ ლუკმებს ნთქავდა.
მამლაყინწა შორიდან უყურებდა ამათ ქეიფს, თვითონაც კი აკენკავდა, მაგრამ ვითომ თქვენი არაფერი მინდაო და წინდაუკან ამაყად დააბოტებდა.
ბეკეკა ღობის ძირას ბალახს პოტნიდა და ამათ ხანდახდან გამოხედავდა.
როგორც კი მოღონიერდა, კოკროჭინამ ამოიოხრა:
_ რა მეშველება, ხელმწიფე გამიბრაზდება!
თქვენ თუ ზღაპრების წიგნს ჩაათვალიერებთ, აუცილებლად შეგხვდებათ ხელმწიფეც, დედოფალიც, უფლისწულიც, უამრავი პრინცესაც, კუდიანებიც, ნაირ-ნაირი ურჩხულებიც…
წიგნში, საიდანაც კოკროჭინა გადმოვარდა, მთელი ოცდამეერთე გვერდი ხელმწიფის სასახლეს უჭირავს. იმ სასახლეში ცხოვრობენ თვითონ ხელმწიფე, დედოფალი და უფლისწული (ნაზირ-ვეზირებსა და ფარეშებს არცა ვთვლი!). როცა წიგნის ფურცლები ასე აფრიალდება და ერთბაშად ყველა გვერდი გადაიშლება, მთელი სამეფო იღვიძებს, ყველანი მოეშურებიან ხელმწიფის სასახლისაკენ, სადაც ამ ამბის აღსანიშნავად დღესასწაული იმართება. ხელმწიფე და დედოფალი წიგნის ყველა ფურცლიდან პრინცესებს იწვევენ, რათა სარძლო შეარჩიონ. პრინცესებში ვინც ყველაზე ლამაზი აღმოჩნდება, უფლისწულზე ის დაინიშნება.
_ მეც უნდა მეპოვნა თუნდაც ერთი პრინცესა და სასახლეში წამეყვანა! _ გულისტკივილით თქვა კოკროჭინამ.
_ ნუ დარდობ! _ ბრძანა ბუბუმ._ შენ თუ ყველაზე ლამაზს ეძებ, ასეთი ჩვენი მარიამია!
_ მარიამი ყველაზე ლამაზია! _ ჩაიკიკინა ბეკეკამ.
ისიდორე ბიბილოძე უმალ ღობეზე აფრინდა და ორღობეს მიაყივლა:
_ მარიამ, მარიამ, გინდა უფლისწულზე გაგათხოვოთ?!
მარიამი ამ დროს მეზობელ გოგონებთან `კლასობანას~ თამაშობდა. მამლაყინწის ყივილი რომ შემოესმა, კისრისტეხით გამოიქცა. აბა, რომელ პატარა გოგონას არ მოუნდება უფლისწულზე გათხოვება?
ეზოში ქოშინით რომ შემოვარდა, იკითხა:
_ სად არის უფლისწული?
_ შეხედე, ძმობილო! _ დინჯად მიმართა ბუბუმ კოკროჭინას. _ ამასთან შედარებით შენი წიგნის პრინცესები ალქაჯებად გამოჩნდებიან!
_ კა-კა-კა, ლამაზია, ულამაზესი! _ შეჰკაკანა მამლაყინწამაც.
_ კი-კი-კი, ლამაზია, ულამაზესი! _ შეჰკიკინა ბეკეკამაც.
_ ჰო, მაგრამ მე არასოდეს მინახავს ასეთი დაუბანელი პრინცესა! _ შეჭოჭმანდა კოკროჭინა.
მართლაცდა, ორღობეში რომ `კლასობანას~ ითამაშებ და მტვერში ამოიგანგლები, ვერავინ გაარჩევს, მზეთუნახავი ხარ თუ ალქაჯი.
მარიამმა ხელსაბანთან მიირბინა, ხელ-პირი საპნით დაიბანა, კბილები გამოიხეხა, თმა კოხტად დაივარცხნა, ლამაზ, ფურფუშელებიან კაბაში გამოეწყო (ბაღის ზეიმისთვის რომ უყიდეს), კოხტა ფეხსაცმელები ჩაიცვა…
ბებომ სათვალიდან გამოხედა და ჰკითხა:
_ ნეტავ ასე ვის ეპრანჭები?
მარიამი სარკესთან დაბზრიალდა და სწრაფად უპასუხა:
_ ბებია, უფლისწულზე ვთხოვდები!
_ აჰ! _ გაკვირვებისაგან ბებიამ გულზე ხელი იტაცა. სანამ იგი გონს მოეგებოდა, მარიამ უკვე ეზოში იყო.
ბუბუ, ისიდორე ბიბილოძე, ბეკეკა, კოკროჭინა და მარიამი გადაშლილ წიგნში შეცვივდნენ…


3
პირველ გვერდზე უზარმაზარი, ფერადი ასოები ჩამწკრივებულიყო.
_ ა… ე… ი… _ მარიამმა სამი ასო ამოიცნო.
_ ზღაპ-რე-ბი! _ წაიკითხა კოკროჭინამ. ის ხომ წიგნში ცხოვრობდა და კითხვაც შეეძლო.
ძაღლი ბუბუ ასოებს შორის დარჩენილ ღიობში გაძვრა-გამოძვრა. ისიდორე ბიბილოძე აფრინდა და `ზ~-ს კენწეროზე დაჯდა, იქიდან `პ~-ს კენწეროზე გადაფრინდა, იქიდან `რ~-ს კენწეროზე, ბოლოს `ბ~-ს კენწეროზე და შეშფოთებით აკრიახდა, რადგან წინ დაბურული ტყე კედელივით წამოიმართა.
ამასობაში მარიამმა, ბეკეკამ და კოკროჭინამაც მოირბინეს, ასოების გასწვრივ ბილიკი რომ მოიკლაკნებოდა, იმით გამოაღწიეს.
უკნიდან ბებოს ხმა თანდათან სუსტდებოდა:
_ მარიამ, შე ახტაჯანავ, სად დამეკარგე?!
დაიკარგები, აბა, რა… უღრან ტყეში!
დიახ, წიგნის მომდევნო გვერდზე დაბინდული ტყე იწყებოდა. ბებერ ხეებს ტოტები ცაში აეწვდინათ და ერთმანეთში გადაეხლართათ. ფოთლებში მზის სხივები ოდნავღა ატანდა და ყვავილებით მოჩითულ ბილიკზე ეფინებოდა.
წინ მარიამი მიხტუნაობდა. ფეხდაფეხ ბუბუ მისდევდა. ბუბუს ზურგზე ისიდორე ბიბილოძე მოკალათებულიყო. მამლაყინწას ზურგზე კი კოკროჭინა იჯდა. შულ ბოლოს კი თეთრი ბეკეკა მოკუნტრუშებდა.
ბევრი იარეს თუ ცოტა, ბილიკზე მელია-კუდიგრძელია გამოცუნცულდა.
_ მეგობრებო, სად მიგყავთ ეგ ჩემი ლუკმა მამალი?
ისიდორე ბიბილოძე აკრიახდა, აქოთქოთდა, ხის ტოტზე შეფრინდა, ხე თურმე ფიჭვი იყო. კოკროჭინამ გირჩები მოწყვიტა და თავში დაუშინა მელია-კუდიგრძელიას. მარიამმა ჯოხს დაავლო ხელი და ზურგზე გადაუჭირა. ბუბუ კი ღრენით წაეტანა და კინაღამ ფუმფულა კუდი მოადლიჯა. ბეკეკა რომ ბეკეკაა, ცდილობდა ერქინა, ოღონდ მისი ციცქნა რქები აბა ვის შეაშინებდა.
მელია-კუდიგრძელია ბნელ ტყეში წკავწკავით გაიძურწა.
მეგობრები გამხიარულდნენ. მარიამი მღეროდა, ბუბუ ყეფდა, მამლაყინწა ყიოდა, კოკროჭინამ დაუსტვინა, ბეკეკა კი კიკინებდა.
ცოტაც და ბილიკზე გაქუცული ტურა გადმოხტა, ატირდა და აკივლდა:
_ მშია, მშია, ეს გემრიელი ბეკეკა მაჭამეთ!
მარიამმა თავში ჯოხი უთავაზა, ისიდორე ბიბილოძემ ჩაუნისკარტა, კოკროჭინა ახტა-დახტა, ზურგზე მოახტა და ყურები მოაწიწკნა. გავეშებული ბუბუ რომ წაეტანა, ტურამ ამდენს ვერ გაუძლო და წკაწკავ-ტირილით მოუსვა.
კვლავ ბევრი იარეს თუ ცოტა, უცებ ბუჩქებიდან ზორბა მგელმა გამოყო თავი, თვალები ბოროტად დააბრიალა, ღოჯებიდან წითელი ენა გადმოუვარდა.
_ საით გაგიწევიათ, გემრიელო ლუკმებო! _ დაიღრიალა ბოროტმა მგელმა.
_ ვაიმე, ჩემი შეჭმა უნდა! _ დაიკიკინა ბეკეკამ.
_ კრიახ-კრიახ-კრიახ! _ აკრიახდა ისიდორე ბიბილოძე და კოკროჭინა ფიჭვის ტოტებზე ააფრინა. იმან კი ზევიდან გირჩები დაუშინა მგელს. ოღონდაც, გირჩებიც და მარიამის ჯოხიც მგელს რას დააკლებდა, თუ არა ბუბუს სიმამაცე. ძაღლი ბუბუ ისე გამეტებით მიეტანა მგელს, ეს უკანასკნელი შედრკა და საიდანაც გამოძვრა, იმ ბუჩქებში გაიძურწა…
_ ვაშა და ვაშა, მამაც ბუბუს! _ ერთხმად შესძახეს მეგობრებმა და გზა განაგრძეს…


4
მარიამმა, ბუბუმ, ისიდორე ბიბილოძემ, კოკროჭინამ და ბეკეკამ გზა განაგრძეს. ბევრი იარეს თუ ცოტა, ტყისპირას გავიდნენ.
დიდი ხის ჩრდილში პაწაწინა სახლი იდგა. ერთი კიბე ჰქონდა, ერთი აივანი, ერთი ფანჯარა, ერთი კარი და ასანთის კოლოფის ხელა ოთახი. შიგნით პაწაწინა საწოლი იყო, პაწაწინა მაგიდა და პაწაწინა სკამი.
_ ეს ჩემი სახლია! _ თქვა კოკროჭინამ. _ იგი მეათე გვერდზეა და ეს ჩემი მისამართია! როცა წიგნი დაიხურება, მე ამ საწოლში ვიძინებ!
მეგობრებმა, რაკი შიგ ვერ შეეტეოდნენ, სათითაოდ, ცალი თვალით ფანჯარაში შეიჭყიტეს _ ჯერ მარიამმა, მერე ბუბუმ, მერე ისიდორე ბიბილოძემ, ბოლოს თეთრმა ბეკეკამ.
რასაკვირველია, ყველას მოუნდა ასეთი სახლი, ბუბუს, მამლაყინწას და ბეკეკას საცხოვრებლად, მარიამს კი _ სათამაშოდ.


5
წინ მინდორი იდო, უფრო შორს გორაკიანი მხარე იწყებოდა. მინდორზე სამი რაღაცა მოიკლაკნებოდა _ წითელი, შავი და თეთრი.
_ გემრიელი ჭიებია! _ აკაკანდა ისიდორე ბიბილოძე და გაქანდა.
მეგობრებმა ერთხმად შეუძახეს _ შეჩერდი, შეჩერდიო, მაგრამ მამლაყინწამ მიირბინა და წითელს თავში ჩაუნისკარტა.
ეს ვინ გამიბედაო და აიგრაგნა, მაგრამ რა აიგრაგნა. სამი უზარმაზარი გველეშაპი წამოიმართა და საშინელი პირებიდან სულ ცეცხლი გადმოანთხიეს.
გულგახეთქილი ისიდორე ბიბილოძე უკან გამოიქცა. სხვებიც, ცხადია, დაფრთხნენ. ბუბუს მამაცური ყეფა მგელს, ტურასა და მელია-კუდიგრძელიას კი შეაშინებდა, მაგრამ გველეშაპებს ნურას უკაცრავად, ვერა… ვაიმე, ამ ამბავს რომ ვყვები, მეც კი გული მიფანცქალებს!
_ ძმაო ასფურცელა, უშველე შენს ძმობილს კოკროჭინას! _ გასძახა კოკროჭინამ გორაკიან მხარეს.
უცებ საიდან იყო, საიდან არა, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, ხმალამოწვდილი ვაჟკაცი გაჩნდა და დასჭექა:
_ ოლოლო, მოვდივარ!
აბჯროსან-მუზარადიანი ვაჟკაცი გველეშაპებს წინ გადაუდგა.
გაიმართა ფიცხელი ომი.
ცეცხლი გადმოაფრქვია წითელმა გველეშაპმა. ხმალი მოუქნია ასფურცელამ და თავი გააგდებინა.
შემოუტია შავმა გველეშაპმა. უშიშარმა ასფურცელამ ამასაც ხმალი უწვდინა და გველეშაპის თავიც ძირს გაგორდა.
წამოიმართა თეთრი გველეშაპი, საშინელი პირი დააღო, `ჰამ~-ო, და მამაცი ასფურცელა გადაყლაპა.
თქვენ , ალბათ, იფიქრეთ ომი აქ დამთავრდაო. არაფერიც! ასფურცელამ თეთრ გველეშაპს მუცელი გაუპო და იქიდან საღ-სალამათი გამოვიდა.
მიცვივდნენ გახარებული მეგობრები, გამარჯვება მიულოცეს და გადარჩენისათვის მადლობა მოახსენეს.
_ წინ სხვა ბრძოლები მელის! _ ბრძანა ასფურცელამ. _ თქვენ მშვიდობით იარეთ, ხოლო მე ჩემს გზას ვეწევი!
შეტრიალდა და მინდორი სწრაფად გადაირბინა.


6
ბევრი იარეს თუ ცოტა, სადღაც მეთხუთმეტე გვერდის მიდამოებში, დახეთ ზედ შუა გზაზე ოთხი დევი დამჯდარა და კენჭაობით ერთობიან. ერთი დევი სამთავიანია, მეორე ორთავიანი, კიდევ ორი თითოთავიანი. ოთხნი იყვნენ, მაგრამ შვიდი თავი კი გამოსდიოდათ.
_ ჩემი ძმობილი ხუთკუნჭულა თუ არ მოვიხმე, ეს დევები გზაზე არ გაგვატარებენ! _ თქვა კოკროჭინამ.
სახელი ახსენა თუ არა, საიდან იყო, საიდან არა, თითქოს მიწიდან ამოძვრაო, პატარა გლეხის ბიჭი გამოვარდა.
_ აგერა ვარ ხუთკუნჭულა!
_ გზაზე დევები კენჭაობენ და ვერ გაგვივლია! _ შესჩივლა კოკროჭინამ.
_ აბა, მიყურეთ!
ახტა-დახტა ხუთკუნჭულა, პირდაპირ დევებს შორის ჩახტა და კენჭები მოხვეტა.
_ არიქა, დაიჭირეთ, ხუთკუნჭულაა! _ წამოცვივდნენ დევები.
ხუთკუნჭულა სამთავიანი დევის ფეხებს შორის გაძვრა და მოუსვა.
_ დაიჭით, არ გაუშვათ! _ ყვიროდნენ დევები და ძუნძულით მისდევდნენ.
გორაკი გადაირბინეს და მათი ხმები მინელდა.
_ მართლაც რომ დაიჭირონ? _ შეწუხდა მარიამი.
_ ბეწვის ხიდზე გადაირბენს და დევები ხახამშრალები დარჩებიან! _ აუხსნა კოკროჭინამ.
დევები არ მობრუნდნენო და მეგობრებმა ფეხს აუჩქარეს. წინ კვლავ მარიამი მიდიოდა, მერე ბუბუ, ბუბუზე ისიდორე ბიბილოძე, მამლაყინწაზე _ კოკროჭინა, ამათ კვალზე მიბაკუნებდა თეთრი ბეკეკა…


7
გზისპირას ერთი მოღრეცილი ჯარგვალი იდგა. დირეზე ისეთი მიხრწნილი დედაბერი იჯდა, იმაზე ბებერი დედამიწაზე არავინ დაიარებოდა
_ მობრძანდით, სტუმრებო! ბებოს ისე შია, ლამისაა ცოცხლად შეგჭამოთ! ჯერ ბეკეკა დავკლათ, ანდა მამლაყინწა, მარიამიც კაი გემრიელი იქნება…
_ არ მოუსმინოთ, ბოროტი კუდიანია! _ თქვა კოკროჭინამ.
_ უჰ, შე არგასაზრდელო, თუ ხელი ჩაგავლე, ლუკმად არ მეყოფი!
დედაბერი ადგილზე შეტრიალდა და მზეთუნახავად გადაიქცა. ტანზე სულ ოქრონაქსოვი ეცვა, თავზე კი ოქროს გვირგვინი ედგა.
_ მოდი ჩემთან, მარიამ! საძაგელმა დედაბერმა შეგაშინათ, მე კი კეთილი ფერია ვარ და მინდა მოგეფერო!
_ არ დაუჯეროთ, კუდიანია! _ დასძახა კოკროჭინამ. _ აბა, ბუბუ, შენებურად კანჭებში კბილი გაჰკარი!
ბუბუმ ღაფღაფით შეუტია. მზეთუნახავი ადგილზე დატრიალდა და ისევ დაჯღანულ დედაბრად გადაიქცა, მერე მოულოდნელად თვითონაც გაქრა და მოღრეცილი ჯარგვალიც ჰაერში აორთქლდა.


8
მეთვრამეტე გვერდიდან ვინ ვერ მიხვდებოდა, რომ ციხე-გალავანს უახლოვდებოდნენ.
გზა ფართო და მოკირწყლული იყო. უამრავი სტუმარი მოემართებოდა სადღესასწაულოდ.
პრინცესები ეტლებში ისხდნენ, რაინდები ცხენებზე ამხედრებულიყვნენ, სწავლული ჯადოქრები ზანტ ჯორებს მოაჩინდრიკებდნენ, სპილოებით და აქლემებით დიდვაჭრები მოემართებოდნენ. მოკლედ, წიგნის ახლო და შორეული გვერდებიდან შინ არავინ დარჩა. მხოლოდ დევები, გველეშაპები და კუდიანები არავინ დაპატიჟა, ცხადია, არც მგელი, ტურა და მელია-კუდიგრძელია. ტყიდან ისმოდა მათი ნაწყენი წკავწკავი, ჩხავილი და ღმუილი, მაგრამ ყურს ვინ მიუგდებდა.
წინ მიუვალი ციხე-გალავანი წამოიმართა. ალაყაფის კართან შეიარაღებული მეომრები იდგნენ.
_ ვინა ხართ და საიდან მოდიხართ? _ იკითხა ულვაშიანმა ჯარისკაცმა.
_ ხელმწიფის სტუმრები ვართ! _ თამამად უპასუხა კოკროჭინამ. _ შორეული პირველი გვერდიდან მობრძანდება პრინცესა მარიამი!
კარი გაიღო და მეგობრები გალავანში შევიდნენ.
გალავნის შიგნით ზღაპრული ქალაქი გადაიშალა. უამრავი სახლი, ქუჩები, ბაღები, შადრევნები, ქანდაკებები და კიდევ რაგინდარა. ყველაზე ლამაზი, რასაკვირველია, შუაში აღმართული ხელმწიფის სასახლე იყო, სულ ოქროთი და ვერცხლით ნაშენები.
სასახლის მისადგომებში მესაყვირეებმა საყვირებს ჩაჰბერეს, მედოლეებმა დოლები ააბრაგუნეს.
კიბეებთან ეტლები ჩერდებოდნენ და იქიდან სხვადასხვა მხარეებიდან ჩამობრძანებული პრინცესები ჩამოდიოდნენ.
_ აქ იმდენი პრინცესაა, მე უფრო კონკიასა ვგავარ! _ გაეცინა მარიამს.
_ ზღაპრებში სწორდ კონკიები იმარჯვებენ! _ შეჰყეფა ბუბუმ.
სტუმრები მარმარილოს დიდ დარბაზში შედიოდნენ. ჭერზე ბროლის ჭაღები ბრწყინავდა. მაღალი ფანჯრებიდან მომდევნო გვერდების შორეული სანახები გადაშლილიყო.
შემაღლებულზე, მეფის ტახტი იდგა. გვირგვინოსანი ხელმწიფის გვერდით ულამაზესი დედოფალი იჯდა.
ხელმწიფემ კვერთხი ასწია და ბრძანა:
_ მუსიკა!
გვერდით, მაღალ აივანზე მუსიკოსები ისხდნენ. დირიჟორმა ჯოხი ასწია და ისეთი მუსიკა აგრიალდა, ფეხები თავისით მოითხოვდნენ ცეკვას.
რა გითხრათ, რით გაგაკვირვოთ? აბა, ბუბუს ცეკვა ვინ გაიგონა, ან ბეკეკასი, კოკროჭინა უბრალოდ ყირაზე გადადიოდა და სულ ეს იყო. სამაგიეროდ მარიამმა ხელები გაშალა, ფეხები ააბაკუნა, ჩიკორივით დაბზრიალდა და მისი ფურფუშელებიანი კაბა ლამაზად გაიშალა.
ოჰ, ოჰ! აცეკვდნენ პრინცესები და მათი კავალრები. ლამისაა იატაკი დასკდა ფეხების ბრაგუნისაგან. ოღონდაც, მარიამი მარტოდმარტო ცეკვავდა, რადგან, სამწუხაროდ, აქ არ იყვნენ მისი ბაღის მეგობრები ბათურა, გიორგი, ირაკლი, ნიკა…წიგნის პრინცესებს კი, ცხადია, წიგნის კავალრები ახლდნენ…
უცებ ხელმწიფემ კვერთხი ასწია და ტახტიდან წამოდგა.
მუსიკა შეწყდა. მოცეკვავეები კედლების გასწვრივ ჩამწკრივდნენ.
ხელმწიფემ აუჩქარებლად გამოიარა რიგებს შორის, შეხედავდა მორიგ პრინცესას და გვერდით ჩაუვლიდა. რაღა დაგიმალოთ და ზოგ პრინცესას გრძელი ცხვირი ჰქონდა, ზოგს პაჭუა და ჭორფლიანი, ზოგი პრინცესა ელამი იყო, ზოგიც ცოტათი კუზიანი, ზოგს მოღრეცილი ფეხები ჰქონდა, ზოგი გოდორივით ჩასუქებულიყო, ზოგიც ცარიელ ჩონჩხს დამსგავსებოდა… მოკლედ, უნაკლო პრინცესას ზღაპრებშიც ვერ მოძებნი… აჰა, მარიამთანაც მოაღწია ხელმწიფემ და შეათვალიერა. მარიამმა მუხლი მოხარა, ხელები ლამაზად გაშალა და თავი მსუბუქად დაუკრა, როგორც არაერთხელ ენახა მულტფილმებში.
_ სადაური ხარ, პატარავ? _ ჰკითხა ხელმწიფემ.
კოკროჭინა წინ გამოხტა და სწრაფად ჩაარაკრაკა:
_ პრინცესა მარიამი, პატარა სოფლის განაპირა სახლში მცხოვრები ბებიის შვილიშვილი!
_ სასიამოვნოა შენი გაცნობა, პატარავ! _ ბრძანა ხელმწიფემ და მკლავი გამოუწოდა.
მარიამი ხელით მკლავზე დაეყრდნო და ისინი ტახტისაკენ გაემართნენ. ამ დროს ბევრ პრინცესას გული წაუვიდა, ბევრმა ცრემლი ღვარა, მაგრამ რას იზამდნენ…
გახარებული ბეკეკა წინ წაბაკუნდა, ისე მიხტოდა, ვითომც მეტოქეებს ურქენდა.
ძაღლი ბუბუ მთლად გადაირია, გადაკოტრიალდა და კინაღამ ხელმწიფე წააქცია.
ისიდორე ბიბილოძემ ხმამაღლა შეჰკაკანა:
_ ლამაზია, ულამაზესი!
დედოფალმა ნიკაპზე თითი ნაზად ამოსწდო მარიამს და ჩაიჟღურტულა:
_ ლამაზია, ულამაზესი!
მარიამმა მამლაყინწას ხმას მიამსგავსა დედოფლის ჟღურტული, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა ჰქონდა.
_ მოიხმეთ უფლისწული! _ ბრძანა ხელმწიფემ.
ოქროს მაღალი კარი გაიღო და იქიდან ერთმანეთის მიყოლებით გამოჩნდნენ სასახლის დიდებულები და ფრეილინები.
ისინი მოწიწებით მოაგორებდნენ თეთრი აბრეშუმით გაწყობილ საბავშვო ეტლს.
გაკვირვებისაგან პირდაღებულმა მარიამმა პირველად იხილა თავისი საქმრო _ ზღაპრეთის უფლისწული.
ეტლში იწვა, ქათქათა, ბუთხუზა, პაწაწუნა ბიჭი, რომელიც მონდომებით წუწნიდა სატყუარას… მარტო პამპერსი ეცვა და სულ ეგაა… თქვენ, ალბათ, აქამდე ზღაპრებში არ შეხვედრიხართ პამპერსიან უფლისწულს!.. პაწაწუნამ პირიდან საწოვარა გამოიღო და უკბილო, დორბლიანი პირით გაუცინა მარიამს და, საიდუმლოდ ისიც უნდა გითხრათ, ამ დროს პამპერსში ფისი ქნა…
_ პრინცესა მარიამ! _ ბრძანა ხელმწიფემ. _ ჩვენი უფლისწული ჯერ პატარაა. შენ უნდა ელოდო მომავალ ხელმწიფეს ზუსტად თხუთმეტი წელი, თხუთმეტი თვე, თხუთმეტი დღე, თხუთმეტი საათი და თხუთმეტი წუთი…
ესა თქვა და ფანჯრიდან მსუბუქმა ნიავმა დაუბერა…


9
დანარჩენი მოკლედ უნდა ვთქვათ:
უკანა გზაზე სულ სირბილით მოდიოდნენ, ხომ შეიძლებოდა, რომ ქარს დაებერა და წიგნის ფურცლები დაეხურა.
კოკროჭინა მეათე გვერდზე, თავის პაწაწინა სახლამდე მიაცილეს. კოკროჭინა წიგნის დახურვას არ დაელოდა, ლოგინში თავი დურთა და დაიძინა.
მარიამმა, თეთრმა ბეკეკამ, ბუბუმ, ბუბუს ზურგზე წამოსკუპებულმა მამლაყინწა ისიდორე ბიბილოძემ სწრაფად მოლიეს ტყის ბილიკი და ეზოში შემოცვივდნენ.
_ მარიამ, სად გაქრი, შე ახტაჯანავ! _ აივანზე ბებია გადმომდგარიყო და მარიამს უხმობდა.
ზღაპრების წიგნი დაიხურა იმ დრომდე, სანამ უჭკუო ნიავი დაუბერავდეს, ანდა ჭკვიანი მკითხველი გახსნიდეს…


flower
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჯემალ ქირია   Fri Apr 08, 2011 12:13 am

ჯემალ ქირია


წიგნი არაფერზე

1

თავს ვუყრი ამ ჩემს აბნეულ ჩანაწერებს და არ ვიცი, გარეკანზე რა დავაწერო. ახალგაზრდა მწერლისთვის უცხო ქვეყანაში ცხოვრება იქნებ ახალი სისხლის გადასხმაა, ასაკოვანისთვის, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის, ტყუილუბრალოდ დაკარგული წლებია. შემეძლო, რა თქმა უნდა, სათაურში ამეტანა რაიმე ტრადიციული, ბანალური სიტყვები, ვთქვათ, ასე: `ოთხი წელი ამერიკაში~, `ამერიკული ჩანაწერები~, `მოგზაურობა ამერიკაში~ და მისთანანი. ეს ყველაფერი და სხვა ამგვარი სახელწოდებები ქუდში ჩავყარე, ხელი მოვაფათურე და ამოვიღე ჩემი გუნება-განწყობილების შესაფერი _ `წიგნი არაფერზე~. რატომ? არ ვიცი, მიჭირს ამისი მოაზრება. ეს სიტყვები საკუთრივ ობიექტს, ე.ი. ამერიკას არც ეხება, ეს უბრალოდ სევდაა უნაყოფოდ დაკარგული წლების გამო, ერთგვარი ანგარიშია საკუთარი თავის წინაშე, პასუხი კითხვებზე: რა დავხარჯე და რა შევიძინე, რა დავთესე და რა მოსავალი მოვიწიე... ცხადია, შემიძლია ვთქვა, რომ `ვცხოვრობდი~, `არ მშიოდა და არ მწყუროდა~, მაგრამ განა ესაა მთავარი, რომ უბრალოდ იცხოვრო, ფიზიკურად გადარჩე, თუ გშია, სუფრასთან მიგიწვიონ, თუ ავადა ხარ, წამალი მოგაშველონ... სხვა ნიადაგზე გადარგული ხე ან გაიხარებს, ან არა... თუ ის ნორჩია და წყალიც უსხი, ის, ალბათ, ახალ ვითარებას შეეგუება, მაგრამ ბებერი მუხის გადარგვა შეუძლებელია... რას ნიშნავს ახალი ცხოვრების დაწყება, როცა ფინალის კარს უკაკუნებ? არაფერს! მოსავალი რომ მოიწიო, თესვა გაზაფხულზე ჯობია, შემოდგომაზე კი მისი დაბინავების დროა. ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა: შენს ადგილას რომ ვიყო, ვერ გავბედავდი, ასე შორს გამგზავრებას! მხედველობაში ჩემი ჯანმრთელობა ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში მაღალი წნევა ამიჩემდა და დარეტიანებული დავდიოდი. მეც ვფიქრობდი, რომ ამ გზას შეიძლებოდა ვემსხვერპლე, მაგრამ მაინც წავედი, მოვლენათა ლოგიკამ წამიყვანა. ის კი არ ვიცი, რა მოსავალს მოვიმკიდი, თუ აქ დავრჩებოდი, უსახსრობისა და შიმშილისათვის განწირული, მაგრამ მალევე ვიგრძენი, რომ უცხო ნიადაგზე ჩემმა ფესვებმა ვერ იხარა, სიხარულის განცდა არა მქონია... იქ მე ხანგრძლივ ექსკურსიაზე აღმოვჩნდი, რომლის ზედაპირულმა ერთფეროვნებამ დამღალა...
`წიგნი არაფერზე~ _ იქნებ ეს უბრალოდ პიარია, მკითხველის მოსაზიდად შემოგდებული. იქნებ თავსაც ვიტყუებ და მკითხველს მოლოდინს გავუცრუებ... მაპატიეთ, თუ დრო `არაფერზე~ დაგაკარგვინეთ!

2

სახლის წინ, ავენიუ ჯეიზე, ქვის კიბეზე ვზივარ. მუხლზე ცხრა თვის მარიამი მიზის და გაფაციცებით დაჰყურებს ასფალტს. ზედ თავგზააბნეული ჭიანჭველა გარბი-გამორბის. ეს ამერიკული ჭიანჭველაა _ დიდრონი და მაძღარი. ძარღვები, ალბათ, ქოლესტერინათა აქვს გამოტენილი. მთელი ამერიკა ამ ქოლესტერინზეა გაფრენილი. სულ ერთმანეთს ანამუსებენ, არიქა, თავი შეიკავეთ, ეს `ჯანკი~ სასუსნავები არ მიირთვათო... ჭიანჭველას რა ესმის, ტელევიზორს არ უყურებს და გაზეთს არ კითხულობს. ქუჩაში იმდენი ნაგავი ყრია და შიგ იმდენი `ჯანკია~, მიდი, მოვდივარ!.. ამიტომ აქაური ჭიანჭველები ქართველ თანამოძმეებს როდი გვანან... აი, მე ვითომ ჭიანჭველა ვარ! ასფალტზე გზა ამებნა, სირბილი კი მიჭირს, რადგან მუცელი ჩიპსებითა მაქვა გატიკნული. არადა, ზევიდან ჩრდილი მეცემა. ვიღაც დევკაცი არხეინად ზის კიბეზე და მაკვირდება. ამ დევკაცს მუხლზე უზის მავანი ვინმე, პირით ბადრი და მწყაზარი, ისიც მიყურებს და ჩემკენ თითს იშვერს _ `დუ-დუ-დუ!..~ რა უნდათ, რას მიპირებენ? დევკაცმა ფეხი რომ გამოსწიოს, ასფალტს მიმასრისავს, წკიპურტი რომ გამკრას, ექიმი ვერ მიშველის... პოლიცია!.. ჰელპ!.. ალო, 911!.. ეს ამერიკაა და ჭიანჭველის უფლებებიც ვინმემ უნდა დაიცვას... ცხრა თვის მარიამი თითით მემუქრება _ `დუ-დუ-დუ!..~ არ ვიცი, რას ნიშნავს ეს მუქარა! გადავრჩები თუ არა?.. ამერიკის კონსტიტუცია, ვიცი, ჩემი სიცოცხლის სადარაჯოზეც დგას, მაგრამ სანამ კონსტიტუციის ფურცელი გადამეფარება, წკიპურტიც კი მომიღება ბოლოს... ვაშა!.. ასფალტი მთავრდება, წინ სწორად გადაპარსული კოინდარია, მწვანე ბალახში ვიმალები და უკან ვიხედები... გადავრჩი!.. დევკაცი არ მიყურებს, პატარა მარიამი კი ქუჩისაკენ იშვერს თითს, იქ უწყვეტ ნაკადად მოძრაობენ მანქანები და მარიამი ახლა იმათ ემუქრება _ `დუ-დუ-დუ!..~

3

დეა-ბელა ორი კვირით უფროსია მარიამზე. მარიამი ჯერ კიდევ არ დაბადებულა, ის კი უკვე პატარა მორგვივით ეგდო და მონდომებით იწუწნებოდა. ახლა დეა დიდი გოგოა, ამას მისი წონაც მეტყველებს. დიდხანს თუ დაიჭირე, მკლავები ჩამოგაწყდება. აგერ მუხლებზე დავიყენე, ფეხები ღონივრები აქვს. თუ ბუქნა დაიწყო, დიდხანს ვერ ვუძლებ... ჯერჯერობით საბუქნაოდ არა სცალია, თვალებში მომჩერებია, დაკვირვებით მსწავლობს, ეს ვინაა, თვალებზე შუშები რომ ჩამოუფარებიაო. სახე გაუღიმარი და სერიოზული აქვს. ეჭვებში მაგდებს, იქნებ ამან უკვე იმდენი იცის, შეუძლია ჩემი ფოფინა ფიქრები გაშიფროს... ხომ ცხადია, პატარებსაც თავიანთი ბიოგრაფიები აქვთ, მათს მეხსიერებაში ბევრი რამ საინტერესო ინახება. სამწუხაროდ, ახალი და ახალი ცოდნა ძველს წაგვიშლის და მოგვიანობით აღარ გვახსოვს, ცხრა და ათი თვისა რას ვფიქრობდით... დეა კი მომჩერებია და უცებ, სწრაფად წამოიღო თავისი ბუნჩულა ხელი და სათვალეს სტაცა... აი, თურმე რა ყოფილა! მომავალი ფიზიკოსია, შუშაზე სხივთა ანარეკლმა გაიტაცა და იმის გარკვევას შეეცადა, ეს რა მიბრჭყვიალებს თვალწინო... იქნებ ნიუტონი და აინშტაინიც ასე იწყებდნენ აზროვნებას...

4

ცამეტი-თოთხმეტისა თუ ვიქნებოდი, როცა ხელში თხელი წიგნი ჩამივარდა. ყდაზე ინგლისურად ეწერა `ნიუ-იორკი~. ახლა ასეთი წიგნები და ბროშურები, თანაც უკეთესი ხარისხისა, ფასიანიცა და უფასოც, ყველგან იშოვება (იქ, იმ ქალაქში!), მაგრამ იმ დროს, აბა, პროვინციალ ზუგდიდიში, როცა ორღობის იქით ბევრი არავინ იხედებოდა, ვის უნდა ჩამოეტანა შორეული ამერიკიდან ეს ტურისტული ბუკლეტი. შიგ იყო ინგლისური ტექსტი, რისიც ცოტა რამ თუ გამეგებოდა, იყო ილუსტრაციები _ ცათამბჯენები, ვიწრო ქუჩები, შავკანიანები... იყო ემპაიერ სტეიტ ბილდინგი ( რაკი წიგნის გვერდის სიმაღლე ეცოტავათ, იგი გაწოლილი გახლდათ ორ გაშლილ გვერდზე). ეს იყო გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლები და ამაზე მაღალი შენობა მაშინ არ არსებობდა. ორი გაშლილი გვერდი ეკავა აგრეთვე რუკას, რომელზეც აქა-იქ გამორჩეული შენობების პაწია ფოტოებიც ჩაებეჭდათ... ოჰ, როგორი ინტერესით ვერთობოდი ამ რუკით! აგერ მანჰეტენი, რომელსაც ირიბად ჭრის ცნობილი ბროდვეი, ქვევით ბრუკლინი და სტეიტ-აილენდი, ზევით ბრონქსი, მარჯვნივ, ისტ-რივერს მიღმა ქვინსი, მარცხნივ _ ჰუძონის მეორე ნაპირზე ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქები _ ნიუ-არკი, ჯერსი-სიტი... (რა თქმა უნდა, ქალაქს თუ ოკეანიდან შევხედავთ!).
დღეს, როცა მანჰეტენის დაუნთაუნში ტყუპები აღარ არის, ემპაიერ სტეიტ ბილდინგი კვლავ ყველაზე მაღალ კოშკადაა აწვართული, თუ მსოფლიოსა და ამერიკაში არა, ნიუ-იორკში მაინც. იგი ქალაქის თითქმის ყველა ბოლოდან ჩანს, იქიდან კი ფართოდ იშლება თავბრუდამხვევი ხედი მეგაპოლისისა, მსოფლიო ბაბილონისა, რომელსაც მზერას ბოლომდე ვერ გადააწვდენ. მისი უთვალავი კოშკი ტყესავითა დგას, ძირითადად, ცხადია, მანჰეტენზე, თუმცა აქა-იქ სხვაგანაც შეჯგუფებულან... დანარჩენი უპყრია დაბალსართულიან ამერიკას, მწვანე პარკებსა და წყლის სივრცეებს... ამ ქალაქის სახე _ მრავალფეროვნების ერთფეროვნებაა. მანჰეტენის ცათამბჯენები ქუჩებს ავიწროებს _ მანქანებითაა გადაჭედილი, ხმაურიანია, ზაფხულობით სიცხიანი ნესტისაგან იხუთები, ზამთრობით ცივი სისველით გაჯერებული ნიავი დაუქროლებს... დანარჩენი უბნები ჭრელი და ერთფეროვანია, გეგონება, იქ მოვედი, ამა და ამ უბანშიო, მაგრამ იქნებ ქალაქის სულ სხვა ბოლოში ხარ. თუ გინდა არ დაიკარგო, ქუჩების არითმეტიკას უნდა მიადევნო თვალი...
ვერ შევიყვარე ნიუ-იორკი!.. რა თქმა უნდა, აქ უამრავი რამაა, რაც მოგხიბლავს _ მუზეუმები, თეატრები, პარკები... წყლის სივრცე _ ვრცელი მდინარეები და უკიდეგანო ოკეანე... აქ გოლფსტრიმი მოედინება და ამიტომაც ოკეანიდან უწყვეტად მოემართება ღრუბელთა ქარავანი... დიახაც, ამ ქალაქში უამრავი რამაა თვალის სასეირო, მაგრამ მიჭირს, ერთი მხრივ, ტექნოკრატიული საოცრებების აღქმა, მეორე მხრივ, ორ-სამსართულიანი ქალაქის სიჭრელე... ხეებით დაჩრდილული ქუჩები, დავარცხნილი გაზონები სახლების წინ და იქვე, ტროტუარის კიდეზე დახვავებული, ხშირად აქოთებული ნაგვის ცელოფნის `ბეგები~... ვერ შევიყვარე-მეთქი, რადგან ეს არის ბაბილონი, სადაც უამრავ ენაზე მეტყველებენ, უმრავლესობამ კი კარგი ინგლისური არ იცის და ძნელია ადამიანებთან დაახლოება. აქ რომ ვინმეს მკლავზე ხელი გამოსდო, იფიქრებენ გეიაო, ბავშვს თუ მოეფერე, არიქა, პედოფილი ხომ არ არისო. ესენი თავისუფალი ადამიანები არიან, მაგრამ კომპლექსების ტყვეობაში ნებაყოფლობით გაყვეს თავი.
ამბობენ, ნიუ-იორკი ამერიკა არ არისო! იქნებ ასეცაა. რაც არ მიყვარს, სწორედ ეს კოსმოპოლიტური გარემოა. ამერიკულ დროშებს აფრიალებენ, მაგრამ მათი გულები ხშირად სულ სხვაგან სცემს. დედამიწის ყველა კუთხიდან გუშინ და გუშინწინ ჩამოსულები გულზე ხელს იბრაგუნებენ, ამერიკელები ვართო, თუმცა ფესვები სხვაგანა აქვთ და იმათ ვერ მოსწყვეტიან.
თუმცა იქნებ ნიუ-იორკი არაფერ შუაშია! მე არ მიყვარს ეს უწყვეტი, შაკიკისმომგვრელი ხმაური, დღე და ღამ რომ ყურში ზრიალი გააქვს და ვერსად ვემალები. ნაგავი და ხმაური, ეს ხომ ყოველი მეგაპოლისის სატკივარია. შეიძლება, გავცილდე ქალაქს, სადმე მთიან აპდეიტში, იქ არის ნამდვილი ამერიკა, ტყიან-გორაკიანი, გამჭვირვალე, სუფთა ჰაერით და სიმშვიდით პირთამდე გალიცლიცებული...
მიყვარს-არმიყვარს საბოლოოდ ერთ ნიშნულამდე დადის: იქ, საქართველოში ყოველი გოჯი მიწა ჩემია, აქ _ არაფერია ჩემი!

5

ჩემი ცხოვრება ჩემი ზღაპრეთია. მუდამ ჩაკეტილ საზღვრებს ვეხლებოდი შუბლით. ეს ამბები აღწერილი მაქვს ავტობიოგრაფიულ წიგნში `მე როსინანტი!..~ არ მეგონა სამოცი წლის ასაკშიც თუ მომიწევდა ახალგაზრდული ავანტიურის აგორება. ის კი მოვახერხე, კანადის ახალგაზრდა კონსულს ტკბილი ენით თავგზა ავუბნიე და მეუღლესთან ერთად მონრეალს მივაშურე. თბილისიდან რომ გავფრინდით, ეტყობა, წნევამ ამიწია და თავი მისკდებოდა. მთელი გზა თეთრი ნისლის გარდა არაფერი მინახავს. მხოლოდ ამსტერდამის თავზე გამოანათა და ზევიდან დავხედე კრამიტის სახურავებს, შუა საუკუნეების სტილის სახლებსა და სწორ ქუჩებს. ექვსი საათი უნდა გვეყურყუტა აეროპორტში, რომელიც უფრო სავაჭრო კომპლექსსა ჰგავდა. ფული ცოტა მქონდა და არაფრის ყიდვას მე აქ არ ვაპირებდი, მაგრამ წიგნის მაღაზიაში რომ შევეხეტე, თავი უფრო ამტკივდა. უფრო მძიმე წონის წიგნებმა გამაოცა, სულ ოქროთი და ვერცხლით მოთხიპნილებმა. მაპატიონ იმ საპატივცემლო წიგნებმა და ქუჩის ქალებს მივამსგავსე, კლიენტის ყურადღების მისაპყრობად კაბის კალთას რომ აიქაჩავენ და მუხლისთავებს გამოაჩენენ. ეს წიგნებიც თითქოს მეძალებოდნენ, ფულს ნუ დაინანებ, კარადას გაგილამაზებთო.
ოკეანის თავზე მზე კუდში მოგვდევდა, ქვევით კი ნისლი ეფინა და ვერც წყლის სივრცე ვნახე, ვერც გრენლანდიის ყინულოვანი ზედაპირი, მხოლოდ ლაბრადორის ნახევარკუნძულის ღორღიანი და უკაცრიელი ადგილები თუ გაკრთებოდა ღრუბელთა ნარღვევებიდან.
ბოლოს მზე გაგვექცა და გაჩახჩახებულ მონრეალში აღმოვჩნდით.
ლამაზი, ფრანგულენოვანი, მაგრამ მაინც ამერიკულ-კანადური ქალაქი... ტრადიციული დაუნთაუნი, თავისი ცათამბჯენებით... ზამთრის პირზე ცათამბჯენების სახურავებზე ორთქლი იბოლქვებოდა, ქარხნის მილებს მაგონებდა... გორაკის თავზე წამომართული დიდებული ტაძრიდან ქალაქის ფართო პანორამა იშლება, შორს, სამხრეთისაკენ წმინდა ლავრენტის მდინარე ვერცხლისფრად ბრწყინავს, ზედ გადატყორცნილი ხიდებით ერთი ხელი გაწვდენაზეა მეზობელი სახელმწიფო, საითკენაც ყველა არალეგალი მიისწრაფვის. ერთი ქართველი ყმაწვილი გადაიპარა ღამებნელში და ჭაობში გაეჩხირა. კიდევ კარგი, პოლიციელებმა მიუსწრეს და გადაარჩინეს.
მე კი ვქირაობ მავან რუსს, ვოვას. ვსხდებით მისი სატვირთო თრაკის კაბინაში და მივექანებით შოლტივით გაჭიმულ საბვეიზე, მონრეალიოდან დასავლეთისაკენ. კაი ათასობით მაილი გავირბინეთ. ირგვლივ წიწვოვანი ტყეები და ვრცელი ნახნავებია. რუსეთს მაგონებს, მაგრამ რუსეთში სადაა ასეთი გზები, ასეთი ფერმები, პატარა, ლამაზად მოწყობილი ქალაქები. ღამით გადავკვეთე კანადის უდიდესი ქალაქი ტორონტო. ისეა ყველაფერი გაჩახჩახებული, თვალებში ვერ ვიხედები და უმჯობესია არცა ვთქვა, რომ ტორონტოში ვყოფილვარ.
სულ ცოტაც და წინ საზღვარია. კაბინის სიღრმეში საძინებელი კუპეა და ჩვენ მის სიღრმეში ვიმალებით. ჩვენი თრაკი ნელი თუხთუხით ჩერდება. ვოვა გადადის, რათა მესაზღვრეებს საბუთები უჩვენოს. ათიოდე წუთი გასუსულები ვიცდით. აგერ ფეხის ხმა მოისმა. ახლა რომ მავანმა შემოიჭყიტოს და ალერსით მომიხმოს _ `ჭიტა-ა, ჯ.ქ., აქა ხარ?!~ _ ხომ გამისკდა გული. მაგრამ ამერიკელი მესაზღვრეები მიმნდობნი არიან, ვოვასი სჯერათ, პატიოსანი ქართველი მწერლისა კიდევ უფრო და გზა იხსნება, ნახევარი საათიც და დეტროიტში ვართ...

6

დეტროიტში კი გამითენდა, მაგრამ ჩემი ცოდნა ამ ქალაქზე იმაზე მეტი არ გამხდარა, ვიდრე ეს თბილისში მქონდა და ნებისმიერ ენციკლოპედიაში ამოიკითხებოდა. უპირველესად, ვნახე სუპერმარკეტი, რომლის მსგავსნი ამერიკის ყველა კუთხე-კუნჭულში ბლომადაა და რომლის ავტომატიდან ყავა ვერაფრით ჩამოვისხი. ვნახე პოლიციელის მანქანა და გული ამიკანკალდა, ახლა ხელს მტაცებენ-მეთქი. მოგვიანებით გავიგე, რომ ტყუილუბრალოდ ამერიკელი პოლიციელი ქუჩაში არ გაგაჩერებს. ვოვამ მობილურით ტაქსი გამოიძახა და ვიარეთ გარეუბნების მიხვეულ-მოხვეული გზებით. შორიდან დავლანდე ქარხნის კორპუსები, რაც მიდასტურებდა, რომ ინდუსტრიულ ქალაქში შემოვეხეტე. ეს იყო და ეს!.. მომცრო ავტოსადგურში ბილეთები ავიღეთ და მთელი დღე ვიმგზავრეთ რამდენიმე შტატის გავლით ნიუ-იორკამდე... პროვინციული ამერიკის პეიზაჟები... შორი-შორ მიმოფანტული ფერმები, პატარა ქალაქები, რომელთაც ერთმანეთისაგან ვერ განასხვავებ... მხოლოდ კლივლენდი დამამახსოვრდა, რაკი ქალაქის ისეთი უბნები გადავკვეთეთ, რომელთაც ევროპული არქიტექტურული სახე შეინარჩუნეს...
მეგაპოლისის სიახლოვე ადრევე ვიგრძენი, უამრავი გზები ერთიერთმანეთს კვეთდა... მერე ტყიანი გორაკები აღარ გათავდა. უცბად სინათლის ნიაღვარში შევვარდით. უგრძელეს გვირაბში ჩავყავით თავი, ვერც გავიგე, რამდენი კილომეტრი გავიარე მიწისქვეშ და ვხედავ, დიდი შენობის სარდაფის ბაქანს მივადექი... მოგვიანებით გავიგე, რომ ეს უზარმაზარი შენობა ბასსტეიშინია, ე.ი. ავტობუსების სადგური 42-ე სტრიტზე, რომლის უამრავ სართულზე ავტობუსები სარტყელივით გზებით ადიან მგზავრთა მისაღებად...
გავიხედე, ჩემი ვაჟიშვილი მორბის. წინ გაიგდო ჩვენი ბარგი და გასასვლელისკენ გაგვიძღვა. ქუჩისპირას მანქანაში გველოდებოდნენ ჩვენი მეგობრები _ ალექსი და რიმა დუნაისკები. ორიოდე წლის წინ ამათ პატარა ბრიანას ზრდიდა ჩემი მეუღლე და შინ, თბილისში რომ დაბრუნდა, რიმა ტელეფონით ხშირად გვიკავშირდებოდა და ყურმილში ტირილს იწყებდა.
უკვე ღამის ორი საათი იყო, გზები კი მაინც გადატვირთული ჩანდა. სარკმლიდან, ერთი მხრივ, ბუმბერაზი შენობების ქვედა სართულებს ვხედავდი, მეორე მხრივ, ისტ-რივერის ვრცელი ზედაპირი ვერცხლისფრად ციმციმებდა.
ბრუკლინის ხიდზე გადავედით და მასპინძლებმა მცირე ხნით მანქანა გააჩერეს. აქედან გადაიშალა დაუნთაუნი, მირიადი ნათურით აკაშკაშებული ცათამბჯენების მთელი ჯარი, რომლის ანარეკლი ჰუძონისა და ისტ-რივერის ზღვასავით ფართო შესართავში ირეკლებოდა.
ცათამბჯენებს თავზე წამოსდგომოდა ორი ბუმბერაზი ნაგებობა _ ტყუპისცალი, რომელთაც ყველაზე მაღალი თანამოძმეები შუა სართულებამდე ძლივსა სწვდებოდნენ.
ვიცოდი, ოდესმე ერთ-ერთის სათვალთვალო ბაქანზე ავიდოდი და იქიდან გავხედავდი მეგაპოლისს აპსტეიტიდან ვიდრე ოკეანამდე. სამწუხაროდ, ეს ჩანაფიქრი გამიცუდდა...

7

ასეთი სურვილი, ცხადია, ყველას გაუჩნდებოდა, ვინც კი ნიუ-იორკში ჩავიდოდა. არც მე ვიყავი გამონაკლისი. ექსკურსია გამიჭიანურდა, დღეს-ხვალემ დრო წაიღო, მაგრამ ამასობაში 11 სექტემბერიც დადგა.
ბრუკლინში ვიყავი, 73-ე სტრიტზე, ჩემს მომცრო `სტუდიოში~ და მანჰეტენიდან ცაზე გრძლად გაჭიმული კვამლისა და მტვრის ღრუბელი ვიხილე... მეტი არაფერი!.. დანარჩენი, ისევე როგორც ყველამ, ტელეეკრანმა მიჩვენა და შავ სიზმრად ჩამყვა.
ეტყობა, არ მწირავს ცით უფალი. ვიღაცას ჯერ კიდევ სჭირდება ჩემი უმაქნისი სიცოცხლე, რაკი იმ დღეს და იმ საათს არ დაემთხვა სურვილის აღსრულება და იქ არ აღმოვჩნდი. აკი მინდოდა ერთ-ერთის სათვალთვალო ბაქნიდან თავი მეგრძნო უკიდეგანო ავიამზიდის ცხვირზე, თუ წარმოვიდგენდი, რომ მთელი მანჰეტენი ავიამზიდია და მისი დაუნთაუნი ჰუძონისა და ისტ-რივერის შეერთებით წარმოქმნილ ყურეს მიაპობს ოკეანისაკენ... ტყუპების წვერიდან მოყურადე ადამიანი მართლაც დარწმუნდებოდა, რომ დედამიწა მრგვალია და თუ არსებობა გვწადია, მას უნდა მოვუფრთხილდეთ.
წარმოსახვითაც მიჭირს წარმოვიდგინო ჩემი თავი ერთ-ერთი კოშკის თავზე. აი, ხელები გავშალე და ოკეანიდან მონაბერი ნიავი ტანზე პერანგს მიფარფატებს. ვგრძნობ, რომ კოშკი მიცურავს და მასთან ერთად მთელი მანჰეტენიც. ოკეანიდან წამოსული თეთრი, ფუმფულა ღრუბლები თითქოს უძრავად ჰკიდია, ჩვენ კი, მეც და მეგაპოლისიც ოკეანისკენ ვმოძრაობთ...
ძირს დახედვისაც მეშინია, რადგან მეასე სართულს ავცდი და აქედან ადამიანები ჭიანჭველებად ჩანან, მანქანები _ ხოჭოებად. მიდლთაუნის ბუმბერაზი ცათამბჯენები დაჩიავებულან, რომ არაფერი ვთქვათ დაუნთაუნის სამოცსართულიან კოშკებზე ანდა ჩაინათაუნის ხლართებზე, აღმოსავლური ქალაქების ჯუნგლებს რომ მოგაგონებენ... ნიუ-ჯერსის სანაპიროსთან აქედან სანთელივით ჩანს თავისუფლების მონუმენტი, ხოლო მარცხნივ ჯერ ბრუკლინის, მერე _ სტეიტენ-აილენდის მწვანე ნაპირები... შორს, ოკეანის სივრცეში მშვიდად მიცურავენ დიდზე-დიდი გემები, ისე ჩანან, ადგილზე გაყინულანო... ცაში ქვეყნიერების ყოველი კუთხიდან მოფრინავენ ავიალაინერები... აგერ ერთიც და აგერ მეორეც!.. რატომ მოგუგუნებენ ასე დაბლა, აქ ხომ დიდი ქალაქია და ავიალაინერების ხმაური გვაწუხებს... ერთი აქეთ მოფრინავს! ალბათ თავზევით გადამივლის და მისი გრიალისაგან ყურთასმენა არ იქნება!.. არა, შიშს არ ვგრძნობ, რადგან ადამიანი ეჩვევა დიდი ქალაქის ხმაურს... როცა გადამიფრენს, ხელს დავუქნევ... პილოტის კაბინის შუშები სხივებს ირეკლავენ და შიგნით მყოფთა სახეები ვერ გამირჩევია... ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება? ავიალაინერი პირდაპირ კოშკისაკენ მოფრინავს... უკვე გვიანია, გეზს ვეღარ შეცვლის... ისმის ხმა ჯოჯოხეთური აფეთქებისა. უზარმაზარი ტარანი კორპუსის ტანში შედის, ირგვლივ ყველაფერი ზრიალებს, იატაკი ისე ქანაობს, სახელურებს ვებღაუჭები, რათა მოაჯირს მიღმა არ გადავფრინდე... ორი ათეული სართულით ქვემოთ ცეცხლი და კვამლი ტრიალებს... გზა დაკეტილია... ლიფტები გაიჭედა... იმედი მაინც ბოლოს კვდება!.. იქნებ ვერტმფრენი მოფრინდეს და ვინც სახურავზე ვართ, ისინი მაინც აგვიყვანონ... მეორე თვითმფრინავიც მოფრინავს, მეზობელ კოშკში შეგრიალდება... ისევ აფეთქება, ზრიალი... მე ვხედავ ფანჯრებზე გადმოკიდებულ ადამიანებს, სართულებიდან გადმოცვენილ ადამიანებს... ჩემს თვალწინ სამყარო იღუპება, თუმცა ჯერაც ვერ გამიგია, რომ მეც ვიღუპები... და უცებ, ფეხებიდან იატაკი მეცლება... ყველაფერი ვარდება და მეც სხვებთან ერთად... `ააა!~ _ უსიტყვო კივილი ყელიდან ამოდის... სულ რაღაც წამები მივფრინავ მტვრისა და ნამსხვრევების ღრუბლებში... არაფერი ჩანს, გარდა მირიადი ნამცეცისა, ყოველი ნამცეცი ჩემკენ გასროლილი ტყვიაა... მერე არაფერი ვიცი!.. იქნებ შიშისაგან გული გამიჩერდა და ვეღარ მივხვდი, როდის დაიფლითა ჩემი სხეული, როგორ გადაიქცა იგი მტვრად და ღრუბლად... ჩემი სული კი გაფრინდა ცის სილაჟვარდისაკენ!
იმ დღეს მე იმდენჯერ მოვკვდი, რამდენჯერაც თვალი დავხუჭე!

8

ამ ხმაურს ვერსად გაექცევი. თავდაპირველად ერთიციცქნა სტუდიო მეჭირა ბერგენ-ბიჩში, 73-ე სტრიტზე. მანქანების უწყვეტი გუგუნი აქ შორიდან თუ აღწევდა, უფრო ამ უბნის მანქანებისა. ამიტომაც შედარებით მყუდრო უბანი იყო. ოღონდაც, დილაუთენია მოვიდოდა ნაგვის უზარმაზარი მანქანა. ატყდებოდა ძრავის ღმუილი და ძარაზე ნაგვით გატენილი ცელოფნის `ბეგების~ რახარუხი, დასაპრესი დანადგარის ღრჭიალი... ცხადია, ძილი გამექცეოდა! მოგვიანებით ბეირიჯზე გადავსახლდით. მესამე სართულზე სამი მომცრო ოთახი გვეჭირა. აქაც ვებრძოდით ხმაურსა და ტარაკნებს... რამდენიმე თვის შემდეგ ახალი ბინა გავაჩინეთ, ჯეისა და ოუშენ-ავენიუს გადაკვეთაზე. თავიდან არც გვიფიქრია, სად შემოვდიოდით, რაკი შედარებით ხალვათად ვეწყობოდით. მთელი თვე ვხეხეთ და ვღებეთ, ადამიანის საცხოვრისს დავამსგავსეთ და ღამე რომ ბალიშზე თავი მივდე, მეგონა, მანქანები ზედ ყურებზე გრიალით გადამდიოდა. ხმაურიცაა და ხმაურიც! მეგაპოლისის მთელი ღირსება და ნაკლი აგერაა: მსუბუქი მანქანების ნაკადი არასოდეს კლებულობს, ისმის განუწყვეტელი თუხთუხი და პიპინი... ავტოებიდან დღემუდამ გრიალებს რეპი გინდა, ესპანური მელოდიები, ინდური და ჩინური ფოლკლორი, არაბული ბაიათები... ამას როგორმე გავუძლებ, მაგრამ ჯეიზე ორი საავტობუსო მარშრუტი გადის, ოუშენ ავენიუზე მესამე. გაჩერებები პირდაპირ ფანჯრებქვეშაა. ოცდაოთხი საათი მოძრაობენ კომფორტული, დიდგაბარიტიანი ავტობუსები და მათი ძრავები აფრიკული დოლების ხმას გამოსცემენ. ბარე რამდენჯერმე აუტანელი რახრახითა და ჯანჯღარით ჩაივლიან სატვირთოები. ზოგი იმსიგრძეა, მოხვევა უჭირს, ზოგზე ერთბაშად ორი ათეული მსუბუქი ავტო დევს და მიაქანებს... პოლიციის, სასწრაფო, სახანძრო, უშიშროების მანქანები მთელი ღამე ისე გაჰკივიან, იფიქრებ, ომი იწყებაო.
მიკვირს, ჩემს პატარა შვილიშვილებს _ მარიამსა და დეა-ბელას როგორღა სძინავთ ამ აურზაურში. მე კი ღამით ორმოცდაათჯერ მეღვიძება და დილით იმას ვფიქრობ, წუხელ მეძინა თუ მომეჩვენა, რომ მეძინა... ყურში რომ ჩამკიოდა, ეს ნამდვილი ხმები იყო თუ სიზმარი შემახსენებდა იმ დროის ხმებს, წინა ცხოვრებიდან, როცა ჯოჯოხეთში გამოვიარე.

9

ჩემი სტუდიო მტკაველა ეზოში იყო, ორსართულიანი სახლის მიწისპირა სართულზე. პატრონმა, წარმოშობით პოლონელმა ემიგრანტმა, ეტყობა გარაჟისაგან გამოაცალკევა და სამას ორმოცდაათ დოლარად მოგვაქირავა. ამაზე იაფ ჭერს ამ ქალაქში ვერავინ იშოვიდა. ერთი წაგრძელებული ოთახი იყო. ძლივს ეტეოდა ჩემი საწოლი, გასაშლელი ტახტი, მაგიდა, ტელევიზორი კარადაზე, მუსიკალური ცენტრი... კარის ხელმარჯვნივ გამოყოფილი იყო ადგილი სამზარეულოსათვის, იდგა მაცივარი, ელექტროღუმელი, პურის მოსახუხი, კერძის გასაცხელებელი... ხელმარცხნივ, ოთახს გამოეყოფოდა ვიწრო დერეფანი, რომლს ბოლოს ტუალეტი და შხაპი თავსდებოდა. მოკლედ, ღარიბულად, მაგრამ სრული კომფორტით მოვეწყვე.
ვცხოვრობდი განმარტოებით, სახლის პატრონს ორიოდე სიტყვით თუ ვესალმებოდი. მეზობლად, ჩემი კარის პირდაპირ, მეორე სახლის სტუდიოს კარი მომჩერებოდა. იქ ორი ქალბატონი იდგა, იქნებ დედა-შვილი, იქნებ დები, ერთი უფრო ასაკოვანი, მეორე არცთუ ახალგაზრდა. მთელი კვირა გასუსულნი ცხოვრობდნენ, მათს ხმას ვერ გაიგონებდი. სამაგიეროდ, შაბათობით ჰქონდათ გაბმული ქეიფი. ჩართავდნენ მუსიკას, უფრო კანტრის, აყოლებდნენ ხმებს და ვიღაც ყრუჩუნა ბიძები ბანს აძლევდნენ. რაც მეტს სვამდნენ, მით მეტს გაჰკიოდნენ, ყურთასმენა არ იყო, მაგრამ ზუსტად თორმეტ საათზე ისეთი მდუმარება ჩამოწვებოდა, თითქოს თვითონაც ელექტროჩამრთველზე იყვნენ ჩართულნი და გამორთესო. მეორე დილით უმცროსი თავჩაღუნული მიტუსტუსებდა ვალბაუმისაკენ და მე ვესალმებოდი: `ჰელოუ, ჰაუ არ იუ!~ `თენკ იუ!~ _ მპასუხობდა და გარბოდა.
რამდენიმე სახლის მიღმა დუნაისკები ცხოვრობდნენ, ალექსი და რიმა. ჩემი მეუღლე ამათი პატარების აღმზრდელი იყო, ჯერ ბრიანასი, მწყაზარი, გამჭვირვალე, სერიოზული გოგონასი, ჩემი ჩასვლის შემდეგ კი დაიბადა აბიგელი, ღონიერი დაუდეგარი, ჩხუბისთავი... რა თქმა უნდა, დას რომ წამოეწია.
მოგვიანებით, როცა სხვაგან გადავსახლდით, ყოველ შაბათს აბიგელი იწყებდა ღნავილს:
_ ნატელუ ხოჩუ-უ!
რიმა-დედიკო აწყნარებდა, სად უნდა წაგიყვანო, ნათელა ხომ სამსახურშიაო.
_ ა დჟემალი ვედ დომა-ა! _ მოთქვამდა აბიგელი.
ნათელას სიყვარულის თბილი ტალღები ჩემზეც გადმოჰქონდა...
ალექსი ერთი კარგად მოსული ვაჟკაცი იყო, ბეტონმზიდზე მუშაობდა. სანამ დარი იდგა, სამუშაოც თავზესაყრელი ჰქონდა, მაგრამ ზამთრობით მშენებლობები წყდებოდა და უმუშევრობის 600 დოლარს იღებდა კვირაში. შინ იმით ერთობოდა, ჩავიდოდა ბეისმენდში, კომპიუტერზე მიერთებულ ელექტროპიანინოს მიუჯდებოდა და განწყობისდა მიხედვით მელოდიებს `თხზავდა~.
საღამოობით ცოლ-ქმარი კიბის თავზე ისხდნენ, მაღალი ჭიქებით ცივ ჩაის წრუპავდნენ და სიგარეტს აბოლებდნენ.
ამ დროს ალექსის ნახევარძმაც გამოჩნდებოდა, ედიკა. თავის მომხიბლველ გელფრენდს _ ნენსის მოასეირნებდა. დიდი სიყვარულობანა ჰქონდათ, მაგრამ ედიკას გული სხვა გელფრენდებისაკენ იწევდა და ნენსიმ არ აპატია, სხვა ბუდეში გადაფრინდა... ედიკამ არ დააყოვნა, ვიღაც გავასქელი და დაჭორფლილი გოგონა სუფრაზე გვერდით მოისვა და გაიცანით, ჩემი გელფრენდიაო.
ამ დროს ზუსტად ამათ ოჯახს ვსტუმრობდი, გემრიელ ებრაულ პურმარილს ვაგემოვნებდი. მე ეს გელფრენდი საშინლად არ მომეწონა, მაგრამ ვინ მკითხავდა, როცა ედიკას დედიკოს, კაბალისტიკაში ღრმად გაწაფულ ქალბატონს ეს ცვალებადობა შვილის ამურული გატაცებებისა არც გაჰკვირვებია და არც არაფრად ჩაუგდია. ასევე აუღელვებელი იყო ედიკას მამიკო, სიმპატიური, ზომიერი აღნაგობის ებრაელი, პროფესიით ოქრომჭედელი. ამან ერთხელ თავის სახელოსნოში წამიყვანა მე-60 სტრიტზე. არ მახსოვს რომელ სართულზე ავედით. მე მეგონა ამ ცათამბჯენებში ხალხი ცხოვრობს-მეთქი, თურმე ათასობით მომცრო საკუჭნაოში სხედან ასეთი ოქრომჭედლები და უკაკუნებენ. განმანათლეს, ეს უბანი მსოფლიოს ოქროს ბიზნესის ცენტრიაო...
ჩვენი უბანი კი, ისტ-73-ე, არაფრის ცენტრი არ იყო. აქა-იქ მოწყენილი მოხუცები თუ იდგნენ. ჩემი მწირი ინგლისურით დაველაპარაკებოდი, ოღონდ სიღრმეებში, ცხადია, ვერ ჩავეძიებოდი.
თანდათან ვითვისებდი აქაურობას, მეზობელ სტრიტებზე და ავენიუებზე დავსეირნობდი. ძირითადად ერთნაირი სტილის ორი და სამსართულიანი სახლები იდგა, ყველა მათგანი თითქოს განსხვავებული იყო, მაგრამ ჯამში ერთფეროვანი. შორიდან კიბეების ერთნაირი მწკრივი ჩანდა, ერთნაირი გაზონები, ბუჩქები, ხეები...
ერთხელ მძღოლს ვუთხარი, 73-ეზე წამიყვანე-მეთქი, ის კი დამავიწყდა, დამეზუსტებინა, `ისტი~, ე.ი. აღმოსავლეთი მინდა-მეთქი, რადგან `ვესტიც~, ე.ი. დასავლეთიც არსებობდა და უბრალოდ 73-იც. ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ ბრუკლინის სულ სხვა ბოლოს აღმოვჩნდით, ზუსტად ისეთი უბანი იყო, ისეთივე სახლები, კიბეები, გაზონები, ოღონდ საკუთარი სახლი ვერ ვიპოვე... ასეა, აქ რომ მოძრაობ, ქუჩების არითმეტიკას უნდა მიადევნო თვალი.
თავდაპირველად ჩვენს სტრიტს რომ ავენიუ ჭრიდა, იმას მივადექი და რას ვხედავ: მსხლის რიგი აყვავებულა, თეთრად დაპენტილა. ზუსტად თანაბარი ზომის მსხლები ავენიუს შუაში გასდევს და შორიდან მომავალ ავტოს რომ გახედავ, იფიქრებ, თოვლის ფანტელებში მოძრაობსო.
`აუჰ, წელს რამდენი მსხალი გვექნება!~ _ გუნებაში გავივლე.
მალე ყვავილების თეთრი ფოთლები ძირს დაეფინა და ფრჩხილისოდენა ნაყოფი გამოიღო. ველოდე და ველოდე, მაგრამ თქვენც არ მომკვდეთ, ბოლომდე ასეთები შერჩნენ _ ფრჩხილისოდენანი და შხამივით მწარენი. არც დამწიფებულა, ისე ჩამოცვივდა.
მივხვდი, გენეტიკურად სახეცვლილი ჯიში იყო, დეკორატიული მსხალი, მსხალი-დეგენერატი...

(გაგრძელება ქვემოთ)



Last edited by Admin on Fri Apr 08, 2011 12:37 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჯემალ ქირია   Fri Apr 08, 2011 12:17 am

ჯემალ ქირია


წიგნი არაფერზე

(გაგრძელება)

10

თუ ჭკვიანი ხარ, ფული რატომ არა გაქვს? _ ასე ფიქრობენ ამერიკელები. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება ამერიკაში დაგემართოს, სამუშაოდან დათხოვნაა, თუმცა უმუშევარს ისეთი შემწეობა ეძლევა, ნახევარი წელიწადი უპრობლემოდ იცხოვრებს. ჩემი მეგობრის უჯუშის ქალიშვილი სვეტლანა პროგრამისტად მუშაობდა და ოცნებობდა, ნეტავ გაზაფხულზე სამსახურიდან დამითხოვონ, ექვსი თვე ვიმოგზაურებ და კარგადაც გავერთობიო. აუხდა კიდეც ეს ოცნება!
რა თქმა უნდა, ამგვარი კანონები არალეგალისათვის არ დაწერილა. ჩემი ასაკისა და ჯანმრთელობის კაცი არც არავის სჭირდება. დგანან ეგერ ბირჟაზე, ჩამოივლის ვინმე ღიპიანი ბიძა და შეარჩევს ახალგაზრდას და ჯანიანს... გაჩნდა ჩვენს მეზობელ სინაგოგაში დამლაგებლის ადგილი, კვირაში სამას დოლარად, ეს წელში გაწყდებაო და აღარ ამიყვანეს. ერთი თვის ჩასული ვიყავი, ორმოცი დოლარი თოვლის ახვეტით ვიშოვე. ოჰ, თოვლიანობა აქ მთელი პრობლემაა! რადიო და ტელეარხები ისეთ ამბავში არიან, თითქოს წარღვნა გველოდებოდეს. არიქა, შტორმი გვიახლოვდება და მზად იყავითო. ამერიკელები პანიკაში არიან, დარბიან სუპერმარკეტებში, იმარაგებენ სურსათს (მერე, ცხადია, ნაგავში გადაუძახებენ!), ცდილობენ ნაკლებ იარონ საკუთარი მანქანებით... მოყინულ გზებზე ისედაც უჭირთ სიარული, დიდი პროფესიონალები ესენი არ არიან, რადგან მანქანას ყველა ატარებს, ღრმა მოხუცებულიც და უწლოვანიც...
და აი შტორმიც მობრძანდა. ფაფუკი თოვლი ლამაზად ბარდნის, მსუბუქად ეფინება ქუჩებს, ხეებს, სახურავებს, გზისპირას დაპარკინგებულ მანქანებს და ნაგვის `ბეგებს~... მოულოდნელი, ყრუ სიწყნარე სადგურდება...
თოვა შეწყდება და ეს თეთრი მშვენიერება წუთში შეილახება. უნდა გაიწმინდოს ტროტუარები, კიბეები, გზის სავალი ნაწილი...
მეზობლის ქალი მეუბნება, ეგერ, კუთხის სახლში პოლონელი ვექილის ოფისია, გარაჟიდან მანქანა ვერ გამოჰყავსო. გარაჟის წინ, სულ რაღაც ათიოდე კვადრატულ მეტრზე მტკაველნახევარი თოვლი დევს.
ვექილმა ამხედ-დამხედა, გული ხომ არ გაწუხებსო, მკითხა. ორმოცი დოლარი გამომიწოდა და თან მთხოვა, ნუ აჩქარდები, თავს ძალა არ დაატანო, არ გადაიღალოო...
ერთ საათში მოვასუფთავე იქაურობა...

11

კვირაში ხუთ, მოსაწყენ დღეს ჩემს სტუდიოში ვატარებდი. ხანდახან დუნაისკებთან თუ გადავიდოდი ანდა მეუღლე შემოირბენდა კერძის გასაკეთებლად. ახლოს ბიბლიოთეკაც იყო (ყველგან, სადაც არ გადავედით, ბიბლიოთეკა აუცილებლად არსებობდა). ჯერ ჩემი შვილის მაგნიტური ბარათით ვსარგებლობდი, მერე მეც გამიკეთეს და ეს საბუთი ქალაქის ყველა ბიბლიოთეკაში ჭრიდა...
დილითვე სავაჭრო ცენტრში გავრბოდი. მრავალთაგან ერთი უზარმაზარი `ვალბაუმი~ იყო, სადაც შეიძლებოდა ყოველნაირი სურსათის შეძენა, რაც კი ადამიანის ფანტაზიას მოაგონდებოდა.
ერთხელ ინგას, ჩემი ოჯახის მეგობარს, რომელის სადღაც დასაკარგავში, სტეიტენ-აილენდის ბოლოს ცხოვრობდა, ვკითხე: ასე შორს როგორ ძლებ-მეთქი... საიდანო, _ კითხვა შემიბრუნა. იგულისხმა, რომ აქ ყველა უბანი ერთნაირია და დიდი მნიშვნელობა არა აქვს, სად ცხოვრობ, ეს სავაჭრო ცენტრები ყველგან ერთნაირად მოგემსახურება, ცხადია, თუ მაინცდამაინც მეტროპოლიტენ ოპერის გვერდით არ მოგესურვა ცხოვრება.
`ვალბაუმში~ სურსათთან ერთად ვყიდულობდი გაზეთებს. უამრავი რუსულენოვანი გაზეთი გამოდის, მე უფრო `ნოვოე რუსსკოე სლოვოს~ ვეტანებოდი. `ნიუ-იორკ თაიმსი~ სამი დოლარი ღირდა და თავს ვიკავებდი, თუმცა ხშირად ვპოულობდი ხან ავტობუსში, ხან მეტროს ვაგონში... ყოველდღიურ `დეილი ნიუსს~ კი ისედაც კართან მიგდებდნენ. ამასთან, ტელეეკრანზე ასამდე პროგრამა მქონდა, უმთავრესად, ერთფეროვანი და უინტერესო... ერთი ისეთი პორნოპროგრამაც იყო, ყურებად არ ღირდა... მოკლედ, თავს ვიტენიდი ათასნაირი პოლიტიკურ-კულტურულ-ერზაც სისულელეებით...
შაბათ-კვირას დიდი სტუმრიანობა მქონდა. ჩემი შვილების მეგობარი გოგო-ბიჭები ქალაქისა და მეზობელი შტატებიდან გვეწვეოდნენ. როგორც წესი, გოგონები ბებისიტორებად მუშაობდნენ, ვაჟები, უმთავრესად, სამშენებლო კომპანიებში ანდა ტაქსისტებად. Gგოგონები, შაბათ-კვირაობით ისვენებდნენ და, აბა, სად უნდა წასულიყვნენ. მარტოსულის ეს პატარა ბუდე უმალ დიდი ოჯახად გადაიქცეოდა.
ყველაზე უწინ ანი მ. მობაკუნდებოდა სენჩრალ-პარკის მიდამოებიდან, იქ ერთ წვნიკა, მოწითურო პაწაწას უვლიდა, და მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ბავშვად ეჩვენებოდა. ტანკენარი, ლამაზი და ფიცხი, მუდამ ცელოფნებით დატვირთული გამომეცხადებოდა. ვუწყრებოდი, თვითონ ამ ხილსა და წვენებს არ მიირთმევ და რას მოათრევ-მეთქი. სხვები ხომ მიირთმევენო, ღიმილით მიპასუხებდა.
მერე იამზე და ელზა მოგვადგებოდნენ ნიუ-ჯერსის რომელიღაც პატარა დასახლებიდან. იამზე ქართული სტილის გოგონა, ერთგული და ფაქიზი, ელზა, სამუზეუმო პორტრეტიდან გადმოსულ ეკატერინე ჭავჭავაძეს მაგონებდა. ამას აქ საკმაო ნათესაობა ჰყავდა და გოგონების ხათრით თუ შემოირბენდა.
ბოლოს, ჩემი თეკუნა და ნაირა, ცხვირპაჭუა, ქერა, ცქრიალა, დედა რუსი ჰყავდა და ეტყობოდა კიდეც. ესენი სადღაც ოკეანის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, თანაც მეზობლობდნენ. თეა სამ ბავშვს უვლიდა, ნაირა _ ორს. ისეთი ანგელოზები ჰყავდათ, მათ ფოტოებს თვალს ვერ ვაშორებდი. სამწუხაროდ, თეას სამეულს მკურნალობა სჭირდებოდა, ყველაზე პატარა ბიჭუნას ყოველდღიურად ინსულინს უკეთდებდნენ. ირგვლივ კი უღრანი ტყეები იყო და ირმები ფანჯრებთან ძოვდნენ.
ჩემი სტუდიო გამოცოცხლდებოდა... ვაჟიშვილი და მისი ძმაკაცობაც მოვიდოდნენ ავენიუ ემიდან. იქ ჩვენი ბიჭები ერთად ცხოვრობდნენ _ ორი დათო რუსთავიდან, ვასიკო, ვანო, ბოლო წლებში გრძელი გიორგი და კიდევ სხვებიც... მოგვიანებით, როცა ავენიუ ჯეიზე გადავბარგდით, სულ სამი ბლოკი გვაშორებდა ემთან და ხან ჩვენთან ვიკრიბებოდით, ხან ბიჭებთან. იმათ თავიანთი ცხოვრება ჰქონდათ და თავიანთი კურიოზებიც.
ტოპრაკაშვილმა დათომ სამსახურიდან სპორტული შტანგა მოათრია. არაფერს ვიტყვი იმაზე, თუ რამდენი შრომა დასჭირდა ავტობუსის გაჩერებამდე მის მითრაქვას, მის ატანას, ჩატანას, ბინის კარამდე მითრევას. იატაკზე რომ დააგდო, ეგონა, სახლი მიწისძვრამ შეატორტმანაო.
ცოტათი რომ შეისვენა, ვარჯიშს შეუდგა. ხუთი-ექვსჯერ ასწია და ზურა ნინუას სთხოვა: მესხაძე რომ მოვა (ისიც დათო!), უთხარი, რომ ეს შტანგა ათჯერ ავწიე.
დაბრუნდა მესხაძე სამსახურიდან, ნახა შტანგა. ზურამ მოახსენა, ეს შტანგა ტოპრაკამ ათჯერ ასწიაო. მიადგა მესხაძე, შტანგა თერთმეტჯერ ასწია და თავი მიანება.
მეორე დღეს, დასვენებაზე, ტოპრაკაშვილმა შტანგა ათჯერ კი ასწია, მაგრამ ნინუას სთხოვა, მესხაძეს უთხარი, რომ ეს შტანგა ამჯერად თხუთმეტჯერ აწია-თქო.
მოვიდა მესხაძე, გაიგო, რომ ტოპრაკამ შტანგა თხუთმეტჯერ ასწია. მიადგა, თექვსმეტჯერ ასწია და თავი მიანება.
მესამე დღეს კვლავაც იგივე გამეორდა. ტოპრაკაშვილმა თხუთმეტჯერ კი ასწია, მაგრამ მესხაძეს უთხრეს ოცჯერ ასწიაო.
მიდგა მესხაძე და ოცდაერთჯერ ასწია.
გაცხარდა ტოპრაკაშვილი.
_ შე მართლა ვირო, ერთით მეტს რომ ამატებ, ბარემ ბოლომდე დაიხარჯე და გვიჩვენე, რამდენიც შეგიძლია!
_ მეტი საჭირო არ არის! _ მშვიდად უპასუხა მესხაძემ.
მოკლედ, ჩემს სტუდიოში მოგვიანებით მეუღლეც შემოგვემატებოდა, იშვიათად _ დუნაისკებიც. თემური, აჩიკო და ძმანი მისნი მოგვადგებოდნენ ნიუ-ჯერსიდან. გვიან ღამემდე გრძელდებოდა პურის ჭამა, სიმღერა, ჭორი, კამათი... ასე გრძელდებოდა მთელი შაბათი და მთელი კვირა... ღამე მე ჩემს საწოლში მეძინა... გოგონებს, ყველას ერთად, გაშლილ ტახტზე... კვირას დაიფანტებოდნენ მომავალ პარასკევამდე... საქართველოდან კი წამოვედით, მაგრამ ერთი დღეც არ დავრჩენილვართ უსაქართველოდ...

12

ჩემთვის არავის სცალია, თვითონ უნდა მოვიცალო საკუთარი თავისათვის და ქალაქის შესწავლას უნდა შევუდგე. 73-დან მეტრომდე არცთუ ახლოა, ქიუს მარშრუტს ვგულისხმობ (იუ უფრო ახლოსაცაა, მაგრამ მე იმთავითვე ქიუს შევეწყვე). მოვთავსდები ვაგონის ფანჯარასთან და მივექანები მანჰეტენისაკენ. ადრე ეს ლიანდაგი თურმე ბრუკლინის რკინიგზის კომპანიას ეკუთვნოდა, მერე ქალაქმა გამოისყიდა და ზედ მეტროს მატარებლები გაუშვა. გზა ძირითადად აკვედუკზე მიდის, მეორე ან მესამე სართულის სიმაღლეზე და ფანჯრიდან მხოლოდ კოტეჯების სახურავებს და წითელი აგურის ბილდინგებს ვხედავ. გზის გასწვრივ, სახლების კედლები, ბეტონის მოაჯირები და, როცა გვირაბში შევგრიალდებით, მისი კედლებიც მოხატულია (უფრო სწორად, მოთხიპნილია) ე.წ. შავკანიანთა ფოლკლორით. სულ ერთნაირი ფიგურებია, ვერ ვხვდები მუშტებსა ჰგავს თუ მამაკაცის გენიტალიებს... ჩემი ნება რომ იყოს, ამის ავტორებს ყურებს ავახევდი. არადა, ზოგან ისეთ მიუწვდომელ ადგილებზე ასულან, გაკვირვებისაგან პირს დააღებ... ბრუკლინის მიდლთაუნიც მაღლივი შენობებითაა სავსე, თუმცა, ცხადია, მანჰეტენს ვერ შეედრება... თუ მატარებელი გვირაბით წავიდა, განსაკუთრებულს ვერაფერს ნახავ, მაგრამ თუ ბრუკლინის მრავალსართულიან ხიდზე გადის, მაშინ რკინის კონსტრუქციებს მიღმა წყლის ლიცლიცა სივრცეა და მანჰეტენის ცათამბჯენების დიდებული ხედი გაირბენს...
მიწისქვესა სადგურები და გადასასვლელები დიდი მომხიბლაობით არ გამოირჩევა. ხანდახან ისე ცხელა, ლამისაა გული წაგივიდეს... 42-ე სტრიტის სადგურებზე და გადასასვლელებზე მოხალისე არტისტები ნაირ-ნაირ წარმოდგენებს მართავენ. ერთი ტიპი მუდამ ვერცხლისფრად შეღებილ კიბერმანქანას განასახიერებს. სხვები მღერიან, უმთავრესად რეპს ან კანტრის, ბრეიკდანსს ცეკვავენ... ვინ რისი გიჟიცაა, იმას ანსახიერებს!
კოლუმბის მოედანზე ამოვდივარ, რადგან ამ ადგილას ცენტრალური პარკის კუთხეა, მე კი გადაწყვეტილი მაქვს თავდაპირველად `სენჩრალ-პარკი~ მოვინახულო. გავხედე მაღალ სვეტზე შემდგარ კოლუმბს და პარკის გასწვრივ წავედი ვესტიდან ისტისაკენ. ეს ყველაზე ფეშენებელური კვარტლებია ქალაქისა. პარკს უზარმაზარი ტერიტორია უპყრია და ირგვლივ კედლად ჩამწკრივებულან ცათამბჯენები. აქ ბინის ფასი... ოჰოჰო... თქმაც მიჭირს, მაგრამ მზერას თუ ააყოლებ, ცათამბჯენების თავზე სემირამიდის ბაღებს აღმოაჩენ.
დავსეირნობ პარკში, უამრავი ხალხი მიდი-მოდის, თამაშობენ, ერთობიან, მდელოზე გაწოლილან მზის აბაზანის მისაღებად, ირგვლივ ტბები და ტალღოვანი გორაკებია... ტურისტები ცხენის ეტლებით მოგზაურობენ... იქ, სადაც მთავარი კარიბჭე მეგულება, სამი ცხენოსანი ფიგურაა კონტინენტის ლიბერტადორებისა _ ბოლივარის, სან-მარტინისა და ხოსე მარტისა. პოეტი-განმათავისუფლებელი გაჭენებული ცხენიდან გადმოხრილა და მიწისპირიდან შლაპას იტაცებს...
ასე ჩავისეირნე მე-5 ავენიუმდე და სამხრეთისაკენ დავუყევი. ეს ავენიუ განთქმულია თავისი მდიდარი მაღაზიებით, ხანდახან კი ირლანდიელთა მსვლელობებით. ვიტრინებს ვათვალიერებდი, მაგრამ ჩემი ჯიბის პატრონისათვის შიგ შესვლას აზრი არა ჰქონდა და სიფათზე `საშაპინგო~ განწყობილება ნამდვილად არ მეხატა.
სანამ 42-ემდე ჩამოვაღწევდი ფეხები დამაწყდა. აგერ საჯარო ბიბლიოთეკაც, მაღალი კიბე და ზედ, კუთხეებში დაღრენილი ლომები... წიგნის ქურდებისაგან თუ იცავენ.
დავუყევი 42-ს, ყველაზე სახელგანთქმულსა და ჭრელს. ძლივს მივლასლასდი თაიმს-სკვერამდე, ე.ი. 42-ისა და ბროდვეის გადაკვეთამდე. ეს მუდამ აკაშკაშებული სარეკლამო სივრცე ხშირად გვინახავს ტელეეკრანზეც და კინოშიც, იგი ნიუ-იორკის სახეა. საღამოობით მართლაც შთამბეჭდავია ზღვა ფერების კასკადით, მაგრამ მე უკვე ვთქვი, რომ სისადავე უფრო მხიბლავს. ეს ცადატყორცნილი მინის მონსტრები, რა თქმა უნდა, მაოცებს, მაგრამ ერთი სული მაქვს, როდის ჩავაღწევ მეტროს ვაგონამდე, რომ ფანჯარასთან მივჯდე და შინისაკენ გავქანდე, იქ კი ჩემს ტახტზე წამოვგორდე და ფეხები ზევით შევაწყო...
არც ისე იოლია ამოდენა ქალაქის ფეხით შემოვლა...

13

თავდაპირველად მგზავრობა მეტროთი და ავტობუსით დოლარნახევარი ღირდა, მერე ორი დოლარი გახდა. მე-3 მარშრუტის ბოლო გაჩერება ჩემი სტუდიოდან რაღაც სამას მეტრში იყო. აქედან ბრაიტონამდე ავტობუსით მგზავრობას ორმოცი წუთი მაინც ვუნდებოდი. ბრუკლინი მთლიანად უნდა გადამეკვეთა. ვიჯექი ფანჯარასთან და გავყურებდი უკვე ჩვეულ ხედებს, არცთუ ორიგინალურ სახლებს, ბაღებს, წყლის ყურეებს... ზაფხულობით ამ ავტობუსებში ისე ციოდა, თან ჟაკეტი დამქონდა, ზამთრობით კი ისე ცხელოდა, ყველა ღილს შევიხსნიდი... იქ, სადაც მე-3 მარშრუტი ბრაიტონისაკენ გადაუხვევდა, ოუშენ ავენიუდან მომავალ 49-ზე უნდა გადავმჯდარიყავი და ის რამდენიმე წუთში მიმიყვანდა ვრცელი ყურის პირას ხალვათად გადაშლილ კინგსბოროუ კოლეჯამდე, რომელიც ნიუ-იორკის უნივერსიტეტს ეკუთვნოდა. დიახ, ასაკი შევიბრუნე, სტუდენტებში ჩავეწერე და, მართალია, ჩემს კლასში ჭაღარა თავი მხოლოდ მე მქონდა, ჩემი ამხანაგები ამას ყურადღებას არ აქცევდნენ და შინაურულად `ჯიმს~ მეძახდნენ, ანდა `ჯიმალს~, რადგან ჩემი სახელის მეორე ასო ინგლისურად `ი~-დ იკითხება.
მე რომ საამისო ნიჭი მქონდეს, ინგლისურთან ჩემს ურთიერთობაზე ცალკე იუმორისტულ წიგნს დავწერდი. სიყმაწვილის დროს რამდენჯერმე ვცადე ერთი-ერთზე შევბრძოლებოდი ამ უცნაურ ენას, მაგრამ სიზარმაცე ანდა ჩემი ფანტაზიის სხვა საოცნებო მხარეებისაკენ გაჭენება ხელს მიშლიდა. იმ დროს, როცა მე ინგლისურს მასწავლიდნენ, თვითონ ესპანურს ჩავეჭიდე და მწვერვალები არა, მაგრამ გორაკიანი მხარეები კი დავიპყარი, თუმცა ამერიკაში ჩასულმა აღმოვაჩინე, ერთიც ამოხვეტილიყო მეხსიერებიდან და მეორეც. ამიტომაც კანადელ მესაზღვრესთან სასაუბროდ ჩემმა ტვინმა სამად სამი სიტყვა გაიმეტა: `აი დოუნტ ანდესტენდ!~ იმანაც გამომაჯავრა, თუ არც ინგლისური გესმის, არც ფრანგული, აქ შენი რუსული ვის რა ჭირად უნდაო.
ჰოდა, სამოცი წლის ყმაწვილის შემართებით შევუდექი მეცადინეობას. ელემენტარული რამეები კი გამახსენდა და პირდაპირ მეორე `ლეველზე~, ე.ი. საფეხურზე დამსვეს. თითო `ლეველი~ კვარტალს მოიცავს და დავიტრაბახებ, რომ ხუთი ლეველი დავძლიე, ტვინში იმდენი ინგლისური ჩალაგდა, სქელტანიანი ბეტსელერების კითხვასაც შევუდექი, თუმცა ვერ დავიფიცებ, რომ ყველაფერი გამეგებოდა, რასაც ვკითხულობდი. სატლიკინო ინგლისური კი ვერა და ვერ ავითვისე, ამ მხრივ ჩემმა შვილებმა და მათმა მეგობრებმა, რომელთაც ბეტსელერებისაკენ არც მიუხედავთ, შორს გამასწრეს და ერთმანეთში ჭორაობას რომ გააბამდნენ, არც მესმოდა, რაზე საუბრობდნენ (ჩემი მომავალი რძალი, კახელი გოგონა ზრდილობიანად მთხოვდა, თუ შეიძლება, `ფეიფერთაუერი~ მომაწოდეთო. მადლობა ღმერთს, უკვე ვიცოდი, რომ მაგიდის გადასაწმენდი ქაღალდი იგულისხმებოდა).
რაკი სამსახური არაფერი მქონდა კვირაში ორი დღით გასტუდენტება მეხალისებოდა კიდეც. საქმეში ვიყავი, რა! ისე გავთავხედდი, რომ `ჰარი პოტერის~ პირველი წიგნები და `ბეჭდის მბრძანებლის~ შესავალი წიგნი (ეს ის ნაწილია, სადაც ხობიტი ბილბოს მოგზაურობა და ბეჭდის პოვნაა აღწერილი, ძირითადი ტრილოგია ფროდოზე მერე იწყება) ისე წავიკითხე, თითქოს ეკალბარდებში გზას მივიკვლევდი და ეკლებზე საკუთარ ხორცის ნაგლეჯებს ვტოვებდი, ცხადია, ნახევარი ძლივს მესმოდა...
ჩემს სტუდენტურ ამხანაგებში, ყველანაირი რასისა და ფერის 20-იოდე წლის გოგო-ბიჭებში თეთრი ყვავივით კი ვჩანდი, მაგრამ იმით ვერთობოდი, რომ რომელიმე ლათინურამერიკულ ყმაწვილ გოგონას გაბრიელა მისტრალის საბავშვო ლექსის სტრიქონს წავუმღერებდი _ `ტენგო უნა ვაკა ლეჩერა...~ (მყავდა მეწველი ძროხა...), ანდა გარსია ლორკას `სი მუერო...~ (როცა მოვკვდები...), ანდა ინტერნაციონალური ბრიგადების _ `ლა მუხერ დე მუსოლინი, უმპარა-უმპარა...~ (მუსოლინის ცოლი და ა.შ.)...
ეს მაინც ნაძალადევი მხიარულება იყო, საკუთარი ასაკი სევდას მგვრიდა და სანაპიროზე, ქვაზე ჩამოვჯდებოდი, წყლის ლიცლიცა ზედაპირს და გაღმა კუნძულებს გავყურებდი. აქედან ჩანდა ვაშინგტონის ხიდი ქვინსისაკენ... სანაპირო სავსე იყო ზღვის თეთრი ფრინველებით, ზომით რომ ბატებს აღემატებოდნენ, ისმოდა მათი ყაშყაში, ყრანტალი, კივილი...
ასეა თუ ისე, იმდენი ვისწავლე, გაქცეულს მოვაბრუნებდი და ამ უზარმაზარ ქალაქში არანაირად არ დავიკარგებოდი...

14
ჩამოსვლის შემდეგ უპირველესად ბრაიტონზე გავისეირნე. ჯიბეში ავტბუსებისა და მეტროს მარშრუტების რუკები მედო და გზა არ ამებნეოდა. ერთი ჩვეულებრივი ქუჩაა, შუაში, მეორე სართულის სიმაღლეზე მეტროს მატარებელი დაგრიალებს, ქუჩის თავსა და ბოლოს მეტროს სადგურებია, ამათ შორის, ტროტუარების გასწვრივ მაღაზიები და რესტორნები ჩამწკრივებულა. ასეთი სავაჭრო ქუჩები ბრუკლინში უამრავია, მაგრამ ბრაიტონი იმითაა გამორჩეული, რომ აქ შეიძლება ასი წელი იცხოვრო და ინგლისურად სიტყვაც არ იცოდე. ეს პატარა რუსეთია ნიუ-იორკში, აქ მაღაზიებში უმთავრესად რუსული წარმოების პროდუქტები იყიდება, კიოსკებში ადგილობრივი და რუსეთიდან ჩამოტანილი რუსულენოვანი ჟურნალ-გაზეთები. აქვეა წიგნის უზარმაზარი მაღაზია `სანკტ-პეტერბურგი~ და კიდევ ორი სხვაც, სადაც მხოლოდ რუსული წიგნები და კასეტები იყიდება, ძირითადად ჩამოტანილი, მაგრამ ადგილობრივი გამოცემებიც.
ერთხელ, უკვე მოგვიანებით, ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში შევეხეტე და ერთი დაბალი, ქერა ჩეხოვური წვერ-ულვაშით დამშვენებული რუსი გავიცანი. მითხრა, გამომცემლობა `ლიბერტის~ მფლობელი ვარო და ქუჩის გაღმა, თავის ოფისში გადამიპატიჟა. ორიოდე ოთახი, ძირითადად, საკუთარი რუსულენოვანი გამოცემებით ჰქონდა სავსე. თავდაპირველად, სანამ მოსკოვიდან წიგნის ნაკადი დაიძვრებოდა, ემიგრანტების ხარჯზე ბლომად ფული აკეთა, ახლა კი კონკურენციას ვერ უწევდა უფრო იაფ და ხარისხიან მოსკოვურ წიგნებს და მივხვდი, იმიტომაც გადამიპატიჟა, იქნებ ორიოდე წიგნი შეიძინოსო...
წიგნისა რა მოგახსენოთ, მაგრამ თვლა არ იყო ადგილობრივი რუსული გაზეთებისა. ერთხელ `რუსკიი ბაზარში~ შევაბიჯე. გამოცქრიალდა ერთი თვალ-ტანადი ქალბატონი, მობრძანდით, დაბრძანდითო, ყავა მომართვა, მე მდივანი მეგონა, ის კი მფლობელი და რედაქტორი აღმოჩნდა _ ნატაშა ნახალკოვა... აქვე მაგიდას უჯდა ერთი ზორბა ქართველი ვაჟკაცი, გვარის დასახელებისაგან თავს შევიკავებ, შინ, თბილისში, საკმაოდ ცნობილი სპორტული ტელეჟურნალისტი იყო და ეკრანიდამ არ ჩამოდიოდა, აქ კი იძულებული გახდა ტვინი ეჭყლიტა ნახალკოვას ბიზნესის სასარგებლოდ. ერთი-ორი წერილი და სტატია მეც დავწერე, ცხადია, რუსულად, მაგრამ ჰონორარი იმდენი ავიღე, მეტროს ხარჯად ძლივს მეყო და თავი დავანებე _ სულაც არ მაინტერესებდა, ჩემი სახელი გამოჩნდება თუ არა აქაური გაზეთის ფურცელზე, ეს ხომ იგივე სასაფლაოა, დღეს არის, ხვალ არაა...
ბრაიტონი ძირითადად რუსი ებრაელების ხელშია, მაგრამ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქართულიც მესმოდა. ნიუ-იორკის არალეგალობა ძირითადად აქ იყრიდა თავს, ზოგს იაფფასიანი თავშესაფერი მოეწყო, ზოგს სამსახურის საძებნი სააგენტო, აქედან ფულის გაგზავნაშიც დაგეხმარებიან... ოღონდაც, აქა-იქ გზასაცდენილი ახალგაზრდების გამოციებულ სიფათებსაც წააწყდები...
ბრაიტონის პარალელურად, ასიოდე მეტრზე გაჭიმულია ბრაიტონ-ბიჩი, ე.ი. პლაჟი, სანაპირო. ფართო ფიცარნაგიდან იწყებოდა თეთრი და ცხელი, მზით გაბრწყინებული ქვიშნარი. აქ, ყოველ საღამოს სპეციალური მანქანებით სუფთავდებოდა პლაჟის ქვიშა. ტალღიანობისას პოლიცია ხალხს საბანაოდ არ უშვებდა, სხვა დროს კი მობანავეებით სავსე იყო აქაურობა და, ბუნებრივია, უფრო რუსული ჟივილ-ხივილი ისმოდა, ვიდრე ინგლისური...
ამ პლაჟზე დავდიოდით მე და უჯუში, ზუგდიდელი კაცი და ამერიკის მოქალაქე...

15

უჯუში ზუგდიდელია, 19 წლისა ოდესაში გადაბარგდა (რაკი `უჯუშის~ რუსული ენა ვერ ხარშავს, სახელად რუსებისთვის `ოლეგი~ შეირჩია) და შეუდგა ცხოვრების მოწყობას. ახლაც, სამოცდაათის მიჯნაზე, ყველაზე უფრო ზუგდიდი და ოდესა უყვარს. პირველიდან მეგრული სურნელება, ხასიათი და დაუვიწყარი მეგობრები წაჰყვა, მეორეგან _ `ბიზნესი~, ქალები, რუსულ-უკრაინულ-ებრაული მეგობრები... ოდესა ხომ ისედაც გამორჩეული ქალაქია, აქ მშვენივრად შეიძლებოდა თუნდაც წიგნის ბიზნესის, იმ დროს `სპეკულაციის~ აწყობა. ცოლად ლამაზი ებრაელი ქალი შეირთო და ერთი გოგონა _ სვეტლანა გაუჩნდა. არ ვიცი, ბავშვს რა პრობლემები ჰქონდა, მაგრამ ქალი რომ გაიწევა, ორი უღელი კამეჩი ვერ გააჩერებს. არ უნდოდა უჯუშის ოდესის დატოვება, ცოლი კი იძახდა, ბავშვს მკურნალობა სჭირდებაო. დაყიდეს ყველაფერი ჩალის ფასად და ებრაელთა იმ პირველ ნაკადს გაჰყვნენ, ბრეჟნევის დროს საბჭოეთიდან რომ მოუსვა. ოღონდ, აღთქმულ მიწას შორეული ამერიკა არჩიეს, `დიდი ვაშლის ქალაქში~ დასახლდნენ (ასე აპიარებენ ამერიკელები ნიუ-იორკს). აქ ნულიდან უნდა დაეწყო ყველაფერი! მართალია, ბავშვს არანაირი დაავადება არ აღმოაჩნდა, მაგრამ გაუჭირდა ახალ ცხოვრებასთან შეგუება და ცხელ გულზე ცოლს გაშორდა.
ცხოვრობს ახლა სახელმწიფო ბინაში, მოხუცებულობის მცირე პენსიით, არ შია, არ წყურია, დადის ჯიპის ტიპის კომფორტული მანქანით, მაგრამ დღესაც მისტირის თავის ზუგდიდსა და ოდესას, ხოლო მისი სალანძღავი თემაა ამერიკა და რუსეთი... სხვათა შორის, საოცარია ადამიანური უმადურობა, მაგრამ ამერიკა სავსეა რუსეთიდან გადმოხვეწილი კომუნისტური ნომენკლატურით, რომელთაც ამერიკა ისე ინახავს, ცივ ნიავს არ აკარებს, აჭმევს, ასმევს, უფასო მედიცინას და მომვლელს ახმარს, მაგრამ ესენი როგორც მოსკოვიდან ლანძღავდნენ მათს კეთილისმყოფელ ბურჟუებს, აქაც შხამსა და ბალღამს ანთხევენ, დავიწყებული აქვთ, რომ სამშობლოში აქამდე შიმშილისა და უწამლობისაგან ფეხებს გაჭიმავდნენ. ეს უჯუშის, ცხადია, არანაირად არ ეხება, ამას თუ ამერიკა შემოელანძღება, მხოლოდ იმიტომ, რომ აქაური წეს-ჩვეულებები და ბიუროკრატია გულზე არ ეხატება და ყოფილი ცოლის გადამკიდეს მცირე დოზით ანტისემიტური წიაღსვლები აწუხებს, თუმცა იმ ქალთან, შვილის დედასთან, დღესაც კარგი ურთიერთობა აქვს და ეხმარება კიდეც. მეორე ცოლი კი რუსია, ესეც სვეტლანა, თბილი და მეგობრული არსება, მაგრამ როცა უჯუშის რუსული იმპერიული პოლიტიკა არ მოეწონება, პუტინს ვეღარა სწვდება და სვეტლანას გაიგდებს სალანძღავად, სანამ ქალიც არ დაიწყებს რუსების დაცვას, რუსია და რა ქნას...
რაკი სერიოზული ბიზნესი არა აქვს, ბენზინის ფულს იმით შოულობს, თავისი მანქანით პატარები მიჰყავს სკოლაში ან ბაღში. ერთ ხანს ბრიანა და აბიგელი დაჰყავდა და ჩემი ცოლი ჩააგებებდა ხოლმე. აქ გაიცნეს ერთმანეთი და, როცა გაიგო, ამ სახლში მავანი ზუგდიდელი ცხოვრობსო, გამომიხმო, მანქანაში ჩამისვა და მთელი დღე აღმა-დაღმა მატარა, თან აშკარად ტკბებოდა მეგრულითა და ზუგდიდელი ნათესავ-მეგობრების მოგონებით... კაცმა ცხრამეტისამ დატოვა მშობლიური მხარე, სახელიც კი შეიცვალა, იცხოვრა რუსულ-ებრაულ გარემოში, მერე ინგლისურიც ისწავლა (რუსის კვალობაზე, ისინი ხომ `ჰელოუს~ ნაცვლად `ხელოუს~ ამბობენ), ბუნებრივია, რომ ქართულიც იცოდა, უყვარდა პოეზია, უფრო რუსული, ქართველთაგან აკაკის ლექსები უფრო მოსწონდა, ალბათ სისადავის გამო, მაგრამ ყველაფერ ამასთან, იგი დარჩა მეგრულ ენობრივ სამყაროში, თავის ბავშვობაში, რომელსაც, რაც არ უნდა გაიქცე, ვერ მოწყდები...
ოთხი წელიწადი ვიმეგობრეთ. შევეცადეთ პატარა მეგრული გარემო შეგვექმნა, ღომსა და ქათმის ბაჟეს ვაგემოვნებდით... სულუგუნი ნაკლებად გვქონდა, აქაური არ მოგვწონდა და სამშობლოდან ძღვნად გამოგზავნილს ვიზოგავდით... ნარდის კამათელს ვაგორებდით, ოღონდ ზომიერად, ხუთჯერ მოგებამდე... ბრუკლინის პლაჟზე ვეყარენით, ის კარგად ცურავდა, მე არცთუ კარგად... მე მისთვის სამშობლოს ნაწილი ვიყავი და როცა დაბრუნება გადავწყვიტე, თვალზე ცრემლი მოერია, მზერა ამარიდა და მითხრა: `ჩემთვის შენი წასვლა ცუდია, მაგრამ შენთვის აუცილებელია შინ დაბრუნება. ვიცი, აქედან თავის დაღწევა ძნელია, ვინც უცბად არ გადაწყვეტს, შეიძლება აქ ჩაძაღლდეს!~
შორია ამერიკამდე, მაგრამ უჯუში ახლაც შემომეხმიანება ხოლმე, ისევ სამშობლოს საწუხარი აწუხებს, ისევ ზუგდიდი და ოდესა ენატრება, თუმცა არაფერი იმ ამერიკაში არ აკლია, თავს მაინც გაციმბირებულად გრძნობს...

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Apr 08, 2011 12:35 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჯემალ ქირია   Fri Apr 08, 2011 12:20 am

ჯემალ ქირია


წიგნი არაფერზე

(გაგრძელება)

16

თემური ახალი ჩამოსული იყო და სამუშაოს ვერ შოულობდა. არადა, ადამიანს ყველაფერთან ერთად ჭამაც უნდება. შევიდა სუპერმარკეტში, იმოდენაა, თვალს ვერ გადააწვდენ. ყოველნაირი ხორაგი ყრია, რაც არ უნდა აიღო, არაფერი დააკლდება. გაიარ-გამოიარა, პაწა რამ იქვე შეჭამა, უფრო მეტი შიდა ჯიბეებში ჩაიკვეხა და გასასვლელისაკენ დაიძრა. `ტინლინტინ!~ _ კარი, რა თქმა უნდა, აწკარუნდა და თემურის წინ პოლიციელი აესვეტა. უნდა დაგაპატიმროო, უხსნის. იცის თემურმა, რომ დაპატიმრება არ ასცდება, აქ ამერიკაა, სიმკაცრეა. თუ გაჯიუტდები და იძახე, უდანაშაულო ვარო, ნამდვილად ციხეში ჩაგაყუდებენ. თავი თუ მოიკატუნე, მშიოდა, ფული კი არ მქონდაო, იქნებ გაპატიონ კიდეც. თემურმა მესამე გზა არჩია, პოლიციელს ქართულად ეკითხება: `ა, რა ბრძანეთ, ბატონო!~ პოლიციელმა თვალები გადმოქაჩა, ცდილობს აუხსნას, დასაჭერი ხარ, მაგრამ შენი უფლებებიც უნდა იცოდეო. თემური თავს უფრო ისულელებს _ `ა, რა ბრძანეთ, ბატონო?~ პოლიციელი საათზე იყურება, შეწუხებულია, სადღაც მიეჩქარება, აქ კი ჩვენს თემურს გადააწყდა და ვერაფერს აგებინებს. დგას ყეყეჩივით და ერთსა და იმავეს იმეორებს _ `ა, რა ბრძანეთ, ბატონო?~ დაბოლოს, პოლიციელს კისერი და ლოყები ყაყაჩოსფერი გაუხდა და გაცოფებულმა შეჰღრინა _ `გოუ, ეჰედ!~ იარე რა, ფეხს ქარი დაატანეო! ეს სიტყვები თემურმა კარგადაც გაიგო, რადგან პაწა-პაწა იცოდა უკვე.
მთლად ობლად როდი იყო ამერიკაში ჩამოგდებული, ნათესავ-მეგობრების ლაშქარი ეხვია. თავდაპირველად სამსახურის შოვნა გაუჭირდათ, ისხდნენ კაცები და მსჯელობდნენ, ფული რანაირად გავაკვარახჭინოთო. ერთ ხერხს სახელდახელოდ მიაგნეს, პროტესტანტული ეკლესიის კართან კარდონის ყუთი დადეს და ზედ მიაწერეს _ `ჰელპ!~ დაგვეხმარეთ, რაო! საღამოსათვის შემოსავალმა სამოცდაათ დოლარს გადააჭარბა. პასტორმა შეამჩნია და აუკრძალა, აქ მოწყალებას მხოლოდ ჩვენ ვაგროვებთო... დიდხანს არ დაღონებულან, ფულის კეთების ახალ ხერხს მიაგნეს. შეთხზეს გულისამაჩუყებელი წერილი, აქაოდა, ჩემი პატარა საოპერაციოა და სამკურნალო ფული არა გვაქვსო. გადაამრავლეს ქსეროქსზე, იყიდეს კონვერტები და მარკები, მისამართები გადმოიწერეს `ყვითელი წიგნიდან~ (ე.ი. ცნობარიდან) და დააგზავნეს. პასუხები პანტაპუნტით მოვიდა, უმრავლესობაში სიტყვიერი თანაგრძნობა ეწერა, მაგრამ აქა-იქ ხუთი, ათი და ოცდოლარიანიც კი იდო. როცა შემოსავალ-გასავალი დაიანგარიშეს, აღმოჩნდა, რომ შემოსავალი დიდად არ აჭარბებდა გასავალს... საფოსტო მომსახურება ხომ არც ისე იაფია.
გავიდა ხანი და სამსახური ასე თუ ისე ყველამ გაიჩინა. იქირავეს ბინები, შეიძინეს მანქანები და დაგრიალებენ ნიუ-ჯერსის ლამაზ-ლამაზ გზატკეცილებზე.
ჩვენი პიკნიკები თემურის მოგონილია. პირველად მან დაგვპატიჟა ნიუ-იორკელებიც. პენსტეიშინიდან მატარებლები გადის სამხრეთის მიმართულებით, ნიუ ჯერსის შტატის პატარა ქალაქებში. ეს დასახლებები, კოლონიური პერიოდის სახლებიც რომ შენარჩუნებული აქვთ, წყნარი და კარგად მოვლილნი, ძალიან მომწონდა, რადგან ნამდვილი ამერიკა სწორედ ესაა. სადგურზე თემური და მისი რაზმი მანქანებით გვხვდებოდნენ და მივყავდით საპიკნიკე ადგილზე. ჩვეულებრივ ეს იყო მომცრო მდინარის გასწვრივ გაშლილი ველი, ირგვლივ ტყიანი გორაკებით შემოსაზღვრული. აქ ჩვენნაირებისათვის წინასწარაა მომზადებული მაგიდები, გრძელი სკამები, ტუალეტი, სანაგვეც და, ცხადია, ყალმებიც. ტყეში ფიჩხის მოგროვება იკრძალება და სამწვადედ ხის ნახშირი მარკეტებში უნდა გვეყიდა. თემური არავის ანებებდა მწვადის შეწვის რიტუალს. ამასობაში გოგო-ბიჭები სუფრას შლიდნენ, ჩიტის რძეც რომ არ გვაკლდა, ისეთი. ღვინო, უმთავრესად, კალიფორნიული გვქონდა, ხუთლიტრიან ბოცებში, წითელი გინდა თუ თეთრი, ტექნოლოგია უმაღლესი, თავს რომ არანაირად არ აგატკიებს.
ისმოდა ახალგაზრდული ჟივილ-ხივილი, ზოგი ტყეში დაძვრებოდა, ზოგნი ერთმანეთს წუწავდნენ, ფეხბურთს თამაშობდნენ... უფრო `სერიოზული~ ხალხი სუფრას ვუსხედით. თამადად, რაკი ერთადერთი ჭაღარა ვიყავი, მე მირჩევდნენ. სმით ვეღარ ვსვამდი, მაგრამ ენას საკმარისად ვასარსალებდი. ჩემი ბიჭი ორი ჭიქის შემდეგ დგებოდა და გვემსახურებოდა, ხან მწვადი მოჰქონდა, ხან წყალში ჩაციებული ღვინო... ღვინის სმა პიკნიკებზეც იკრძალება და ერთხელ პოლიციელი წამოგვადგა, კარგადაც მიირთვა ჩვენებური კერძები და ისე გამობრუჟდა, მანქანამდე ძლივს მივათრიეთ. ჩვენთვის მთავარი იყო ლამაზი სადღეგრძელო და სიმღერა. ქართული სუფრის უპირველესი ღირსება ხომ ესაა! სადღაც შორს, დედამიწის მეორე მხარეს საშუალება გეძლევა გული გაუხსნა შენს ახლობლებს, შენი სიხარული და ტკივილები გაანდო, სამშობლოს მოეფერო, ნოსტალგიის გრძნობა ქართული ღიღინით დაიამო... ყელის ჩახლეჩამდე ვმღეროდით... ჩემი მომავალი სიძე-ბატონი კახა არ ეშვებოდა თავის სოლოს _ `მახინჯი ვარ, მახინჯი...~
ბოლო პიკნიკი აჩიკოს დაბადების დღეს დაემთხვა, ჩემი დეა-ბელას ნათლიისა. არტრიტი მაწუხებდა და წესით არ უნდა გამებედა, მაგრამ მანქანით მომაკითხეს და წავედი.
ძალიან შორს გავემგზავრეთ. ვრცელი ველის ბოლოს ბუნგალო იდგა. მინდორს ირგვლივ ტყის კედელი ერტყა. ტყის გასწვრივ ირმის ჯოგი ძოვდა. უფრო შორს, ველის კიდეზე თეთრი ყანჩების ლეგიონი იდგა.
მანქანიდან ბუნგალომდე ხელჯოხით მივაღწიე.
ვიჯექი ერთ ადგილას და პატარა დეა-ბელას ვეთამაშებოდი. ის ისევე ყურადღებით მათვალიერებდა და ცდილობდა პირველი სიტყვა `ბა-ბუ~ წარმოეთქვა.
უკან, მანქანისკენ ღამე-ბნელში ვბრუნდებოდი და ბალახში ფეხები დამისველდა. ამიტომაც ორი კვირა უყავარჯნოდ ბინაშიც ვერ ვმოძრაობდი.
ეს ჩვენი პიკნიკები ჩვენი პატარა საქართველოა!
და თუ საქართველოა, ყველაფერი ისე უნდა მოეწყოს, როგორც საქართველოში.
ნიუ-ჯერსელმა ძმობამ ცალკე კოტეჯი იქირავა, ვერ გაიგებ, სოფელია, ქალაქია... მშვენიერი ეზო-კარი კი ჰქონდათ. შემოდგომაზე მარკეტებში ბლომად ყურძენი შეიძინეს და ღვინო დააყენეს, თითქმის ტონა-ნახევარი. ბეისმენდში ჩამომწკრივდა ოცდაათლიტრიანი ბოცები, რომლებშიც თეთრი და წითელი ღვინო კამკამებდა. ჭაჭისაგან არაყი გამოხადეს, სამოც ლიტრამდე იქნებოდა და აწი ქეიფს არ უჩანდა ბოლო...
იკვრება ქართველთა წრე, მაგრამ მეამბოხეც გვირევია.
აგერ, ტყის ბილიკზე ხელიხელჩაკიდებულნი მივსეირნობთ მე და რვა წლის ანი. ისეთი ტლიკინაა, ენას არ აჩერებს. ინგლისურად მიყვება, თუ როგორ დაარბია თავისი თანაკლასელები. ისე ჩქარა რატრატებს, ნახევარი არ მესმის, ოღონდ ვხვდები, რომ ანი მაგარია. ცხადია, კმაყოფილი ვარ, რომ ქართველი გოგონა კლასში ყველას `ურხევს~ და `აჩმორებს~, მაგრამ მე და ანის პრობლემა გვაქვს.
ტყისპირა პიკნიკზე ვართ. უფროსი ბიძიები ყალამზე მწვადებს აშიშხინებენ. ღვინის ბოცები, საზამთრო, ნესვი, ხილი და წვენები ღელეშია ჩაციებული. გოგო-ბიჭები მხიარულად ტკარცალებენ. მე კი ანი ამკიდებია და მერამდენედ მიყვება, თუ როგორ ჩააგდებინა თანაკლასელ გოგონებს ენა, რომლებმაც მისი დაბრიყვება სცადეს, თავზე როგორ დაახურა თანაკლასელ ბიჭებს, რომლებიც იმის ღორსნი ნამდვილად არიან, რომ თავმოყვარე გოგოებმა ყურები აახიონ. ყველაფერ ამას ისეთი გატაცებით ყვება, სმენად ღირს, მაგრამ, სამწუხაროდ, არაქართულად. ქართული, ცხადია, მშვენივრად იცის, მაგრამ ქართველობა აღარ უნდა და ახლა იმის არჩევანშია, რომელ ეროვნებას მიეკედლოს. ამ ეტაპზე, ვიცი, იტალიელები მოსწონს (ალბათ, კლასში სიმპატიური იტალიელი ბიჭის გვერდით ზის). რომ გავიზრდები, იტალიელი ვიქნებიო, მიმტკიცებს. ჯერ შენ პატარა ხარ, ქართველობის ფასი არ იცი, გაიზრდები და შემეხვეწები, ქართველი ვიქნები, ტილიანი იტალიელობა არ მინდაო, ვუმტკიცებ. ნიძლავსა ვდებთ, თუ იმან წააგო, მე ისედაც მოგებული დავრჩები, რაკი ასეთი ენერგიული გოგო შემოგვემატება. თუ მე წავაგე, იძულებული გავხდები, ვაჩუქო სპორტული მანქანა (არ ვიცი, ნამდვილი თუ სათამაშო!), ვარდების დიდი თაიგული და სამი კილო მწვანე ვაშლი...

17

ოჯახურმა პარლამენტმა გადაწყვიტა, გვეყოფა ვიწრო სტუდიაში ხარშვა, მოვძებნოთ უფრო კომფორტული ბინაო. აგერ ბეი-რიჯზე ჩვენი ახლობლები ცხოვრობენ, ისინი აქირავებენ. რა თქმა უნდა, სამასორმოცდაათიდან ცხრაასამდე საკმაო სხვაობა, მაგრამ კაი ცხოვრება კაი ფული ღირს, ამერიკაში იაფი სიკვდილიც არაა.
ლელა, ჩიტივით პატარა, კოხტა, დაუზარელი და, რაც მთავარია, გონებაგხსნილი გოგონა სკოლის შემდეგ პირდაპირ ორ უნივერსიტეტში ჩაერიცხა, უცხო ენებში და უნივერსიტეტის უცხო ენების ფაკულტეტზე. მერე მოუწია არჩევანის გაკეთება ერთ-ერთის სასარგებლოდ. ცხადია, დედამ რომ ამერიკაში წაიყვანა, ინგლისური ოდნავადაც არ უჭირდა და სამსახურიც ეგრევე იშოვა.
რა თვალით შეხედა ამ იტალიელმა პატარა ქართველ გოგონას, ეს არ ვიცი. ასაკით, ცხადია, დიდი იყო, მაგრამ არა იმდენად, ვინმეს რომ გაჰკვირვებოდა. მანამდე ცოლი დაეღუპა ავარიაში და დარჩა ორი ობოლი ბიჭუნა, იმდენად პატარები, რომ ერთს, სათვალიანს, თეთრგვრემან, ბუნჩულა ჯუნიორს თავისი დედა მხოლოდ ზღაპრად ახსოვდა, მეორეს _ ვერცხლისწყალივით პირას (ჩვენებურად _ პეტრეს) არც ეს ზღაპარი ახსოვდა და ორივემ შორეული საქართველოდან ჩამოფრენილი ცქრიალა, იტალიელივით შავგვრემანი არსება დედად მიიჩნიეს და ტკიპასავით მიეკრნენ. საკმარისი იყო, ახალი ბებისიტორი სახლიდან გასულიყო, პატარები ფანჯარას არ შორდებოდნენ, იმის შიშით, დედიკო არ დაგვიბრუნდებაო და, როგორც კი დაინახავდნენ, სიხარულის ჭყვირილით სახლს აავსებდნენ. გულჩვილ იტალიელს თვალზე ცრემლი იმის დარდით ადგებოდა, ვაითუ ყმაწვილი ბებისიტორი გაგვექცეს და პატარები მეორეჯერაც დამიობლდნენო... ეს ზღაპარი ისევე დამთავრდა, როგორც ყველა მსგავსი ზღაპარი, ქართულ-იტალიურ ოჯახში კიდევ ერთი ბიჭუნა გაჩნდა და ახლა უკვე გაამერიკანებულ-გაიტალიელებული დედიკო სამ ვაჟს უზრდის ჩვენს მეგობარ ამერიკასა და იტალიას...
ასე აღმოვჩნდით ბეი-19-ეს მყუდრო ქუჩის მესამე სართულზე, სადაც ვიწრო კიბით ავდიოდით. აქ გვეჭირა სამი ოთახი, ერთი ძალზე პატარა, უფანჯრო და ცხელი, ორი საკმაოდ მოზრდილი _ ქუჩისაკენ და ეზოსაკენ. მე, ცხადია, ისევ `ზალაში~ მეძინა, ტელევიზორის პირისპირ _ ტელევიზორი ხომ ოჯახის უპირველესი წევრია.
უმალ ავითვისე ახალი უბანი. ქუჩის ბოლო ყურისპირა პარკში გადიოდა და შორიდან გავყურებდი ქალაქის ერთ ყველაზე შთამბეჭდავ და ლამაზ ნაგებობას, ვერაზანოს დიდ ხიდს, გადატყორცნილს ბრუკლინიდან სტეიტენ-აილენდისაკენ. ეს სახელი იმ პირველ იტალიელს ერქვა, ვინც ამ ველურ ნაპირზე ფეხი დადგა...
ამ ახალ ბინაშიც შაბათ-კვირას ტრადიციულად სტუმრიანობა და ხმაური გვქონდა... მე კი ხანდახან უკანა ეზოში ჩავდიოდი, იქ კედლის გასწვრივ უეკლო მაყვალი ხარობდა და სეზონზე მსხვილ-მსხვილ ნაყოფს ისხამდა...
გოგო-ბიჭების ამ ორომტრიალში ბუნებრივად გაიჩითა ჩემი მომავალი სარძლოც და სასიძოც... ლურჯ ჰორიზონტზე მომავალი ქორწილები მირაჟებივით ალივლივდა.
ამერიკიდან წამოსვლის წინ ლელამ და ონოფრემ თენკგივინგის დღესასწაულზე დამპატიჟეს. უფროსმა, უკვე წამოზრდილმა, ბუთხუზა ჯუნიორმა მომლოშნა, უმცროსი პირა გამოქანდა და ჩამეხუტა, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბიჭუნაა, უმცროსი, მამის სეხნია ონოფრიო, პატარა მორგვს რომ ჰგავდა, უცხოდ მითვალთვალებდა.
სუფრაზე იდო უზარმაზარი ინდაური, რომელიც საგანგებოდ, მთელი დღე-ღამის განმავლობაში, საკუთარ წვენში იბრაწებოდა და დატენილი იყო რაგინდარა არომატული ხილით...

18

ზურაბ ნინუა, ოპერას მომღერალი, არაჩვეულებრივი ბარიტონი და შესანიშნავი ადამიანი თავდაპირველად ემზე ცხოვრობდა, სხვა ბიჭებთან ერთად. მოგვიანებით ოჯახი ჩამოუვიდა, ულამაზესი ქალბატონი მანანა და გოგო-ბიჭი, თამთა და ჩემი სეხნია ჯემიკო (ნათლობით გიორგი). მესამე _ ნუციკო, თუ არ ვცდები ამერიკაში დაიბადა, ამერიკულ სკოლაში დადის და ამ ეტაპზე ქართულს ინგლისურით ამდიდრებს, ინგლისურს კი _ ქართულით.
ზურა, რა თქმა უნდა, პროფესიონალია, ადრე `რუსთავში~ მღეროდა, მერე ჩვენი ოპერას სოლისტი იყო. აქაც, ამერიკაში, კლასიკური რეპერტუარით გამოდის კონცერტებზე და, სავარაუდოდ, წარმატებასაც მიაღწევს. მამიკოსთან ერთად ოჯახის ყველა წევრი მღერის. ზურასა და მანანასთვის მე ბიძია ვიყავი, პატარებისათვის _ ბაბუ და მოწყენილობის ჯამს ხშირად მივრბოდი მათთან, მეტროს სადგურ პის მიდამოებში, მე-4 სტრიტზე, მესამე სართულზე. აქ მუდამ ჰქონდათ გემრიელი ქართული კერძები, პიანინო, ზურას ბარიტონი, მშვენიერი ფონოტეკა... მანანაც და თამთაც არაჩვეულებრივად მღეროდნენ, მაგრამ ჯემიკოს ხმა ისე წკრიალებდა, ოჯახური კონცერტის მოსმენას ამქვეყანაზე არაფერი ჯობდა...
თამთა უკვე გაიზარდა, მაღალი, აშოლტილი გოგო დადგა, ჰა და ჰა, სკოლას ამთავრებდა. ის და მისი თანაკლასელი გოგონა, ისიც ქართველი, ჩემი ხუმრობის პასუხად, აქაოდა ჯულიეტას ასაკი მოგივიდათ-მეთქი, შემომჩიოდნენ, ჩვენ ქართველები ვართ, არაქართველი ბიჭები არ მოგვწონს, ქართველი ბიჭები კი რუს და უკრაინელ გოგონებს კუდში დასდევენო.
ჯემიკოს ტალანტებს კი ვინ ჩამოთვლის. კარგადაც სწავლობდა, ფეხბურთსაც კარგად თამაშობდა, მათი გუნდი შტატის პირველობაზე იქაჩებოდა, სიმღერაზე რომ არაფერი ვთქვათ. მანჰეტენის მე-4 სტრიტზე სერბული ეკლესიის მრევლად ვითვლებოდით, მთელი ქართველობა აქ იკრიბებოდა, და ნინუების ოჯახი ქართულად გალობას რომ იწყებდა, ტაძარი ჭეშმარიტი ქართული სულით ივსებოდა. არაქართველი მგალობლებიც გაიწაფნენ, ქართულ გალობას ხმას აყოლებდნენ, ეკლესიის სერბი თუ რუმინელი მოძღვრები ინგლისურთან ერთად ამ დროს ლოცვას ქართულადაც აღავლენდნენ.
ერთხელ ზურამ კონცერტზე დამპატიჟა. სადღაც ლონგ-აილენდის ბოლოს, ექვსი საათის გზაზე, იახტ-კლუბში ფიზიკოსთა საერთაშორისო კონფერენცია ტარდებოდა და ფიზიკის მსოფლიო ელიტისათვის უნდა ემღერა. გზაზე სულ ქართველთა ნიჭიერებაზე ვტრაბახობდით, აიო, ზურა მეუბნებოდა, იქნებ იქ დვალიც მოვიდეს, გაგაცნობო. ამ ახალგაზრდა ფიზიკოსზე ემიგრანტები ბევრს ლაპარაკობდნენ და მეც მაინტერესებდა. გადმოვედი მანქანიდან, მე წინ გავვარდი და კონფერენცდარბაზის შესასვლელთან ახალგაზრდას გადავეყარე. იგი ქართულად მეკითხება: `უკვე ჩამობრძანდით?~ მე დვალი მეგონა, მაგრამ უცებ გაირკვა, რომ ეს ზუგდიდელი ახალგაზრდაა, ალეკო შენგელაია და შვეიცარიიდან ჩამოფრინდა. იქ ციურიხის ინსტიტუტში მუშაობდა, სადაც ადრე აინშტაინი მოღვაწეობდა და ახლაც ორი ნობელიანტი ჰყავთ. უფრო მეტიცო, გაიცინა, ერთი ნობელიანტი ჩემს ქორწილში მყავდა ზუგდიდში ჩაყვანილიო...
ლამაზი კონცერტი მოვისმინეთ, ზურა არაჩვეულებრივად მღეროდა. მერე სუფრასთან ვისხედით ერთი მწერალი, ერთი ფიზიკოსი და ერთიც ოპერის მომღერალი. თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, იმ წუთებში, ამ უზარმაზარ ქვეყანაში ჩვენ სიმბოლურად წარმოვადგენდით საქართველოს ჭეშმარიტ სახეს _ ინტელექტუალურ ტრიადას _ ლიტერატურას, მეცნიერებას, კულტურას...

19

ისევ ბინის პრობლემა გვაქვს, ვმრავლდებით და მეტი სიხალვათე გვჭირდება. ზურას და მანანას სურთ თავის კარის მეზობლად გვაქციონ, იდეაში ისიც კი გვაქვს, თუ აქ ჩავსახლდით, დღისით ნუციკოს და რამდენიმე ქართველ პატარას მე დამიტოვებენ, მაგრამ იდეა იდეად დარჩა, მეპატრონე უარზეა... მაშინ ჯეიზე მოვნახეთ, ოთხსართულიანი წითელი აგურის ბილდინგის მესამე სართულზე, ორბედრუმიანი ბინა, ე.ი. ორი საძინებელი და ერთი სასტუმრო ოთახი. ვინც ჩვენამდე აქ იდგა, ყელამდე სანაგვეში ცხოვრობდა. ჩვენ კი მთელი თვე მის ხეხვა-წმენდას და რემონტს მოვახმარეთ, საკმარისი ავეჯიც მოვიძიეთ, ზოგი ნაჩუქარი, ზოგი, უფრო იაფი, ნაყიდიც... ტოპრაკაშვილმა საკუთარი ხელით კარადა შეგვიჭედა და სამზარეულოსა და სასტუმროს შორის კარიც დაგვიკიდა. მოკლედ, ისე დავლაგდით, როგორც სერიოზულ ოჯახს ეკადრება... კარგი ტელევიზორი შევიძინეთ, კომპიუტერი. მეტი მე რაღა მინდოდა, მთელ დღეს კომპიუტერით თვალებს ვიფუჭებდი, ხან `კურიერიო~, ხან `თავისუფლებაო~, ოციოდე ქართული ჟურნალ-გაზეთები, პოლიტიკური და ლიტერატურული სიახლეები... კითხვისთვის ბევრი დრო მქონდა, კალმისთვის ვერ ვიცლიდი...
ბინაში მარტო ვინ გაცხოვრებს, მით უფრო ძველებურ ბილდინგებში. აქ პატარა წრუწუნები დასუნსულებენ და უნდა ეომო, თუ არ გინდა, წვნიანის ქვაბში ჩაგიხტნენ. ტარაკნებს კი, მოქალაქეობა, სამასი წელია გარანტირებული აქვთ. კვირაში ერთხელ შემწამლველი მოგვაკითხავს, თავის შხამიან სითხეს კუთხე-კუნჭულში მიასხურებს, მაგრამ, ეტყობა, მაგ უპატრონოს ჩვენი ამოჟუჟვა უფრო უნდა, რადგან წრუწუნებს სულაც ფეხებზე ვკიდივართ, ძირძველი ტარაკნები მასხრად გვიგდებენ და პაწაწა ტარაკუნებს ბლომად ამრავლებენ.
ზამთრობით ჩართავენ გათბობას. ბატარეები, ლამისაა, ჩემი სიმაღლის ჯართი, ორასი წლის მაინც იქნება, ქშინავენ, ორთქლს უშვებენ, ბურს აყენებენ. სუნთქვა თუ გინდა, ფანჯრები უნდა დააღო, ოღონდაც ქუჩიდან ისეთი ხმაური შემოდის, ძილის გარანტიას ვერავინ იძლევა. ზაფხულობით ცხელა, კონდიციონერის გარეშე ვერ გაძლებ. სამ ოთახს სამი კონდიცონერი სჭირდება. მე სასტუმრო ოთახში მძინავს. სასწრაფოდ შევიძინე კონდიციონერი და ეგრევე ფანჯარაში შევტენე, ის კი დამავიწყდა, რომ სიმძიმის ცენტრი გარეთ იყო და, როცა ვაზომებდი, ეს მძიმე კონდიციონერი ხელიდან გამისხლტა და მესამე სართულის სიმაღლიდან პირდაპირ ბეტონის ფილაქანზე მოადინა ბრაგვანი. შიშისაგან კინაღამ სული გამძვრა. კონდიციონერი ვისღა ედარდებოდა, ჩვენი ნერვებისდამწყვეტი, პუერტორიკოელი სუპერვაიზერი (ჩვენებურად, ალბათ, სახლის კომენდანტი), დღეში რომ ხუთჯერ იყო საცემი (ერთმა ქართველმა ყმაწვილმა რამდენჯერმე უბრაგუნა კიდეც), იმ დროს რომ საპარადო კარიდან გამოცუნცულებულიყო და თავზე ჩამომხობოდა, მე დღესაც ფედერალური ციხის პატიმარი ვიქნებოდი და ამ წიგნსაც იქ დავწერდი მონანიების სტილში. უფალმა დამიფარა ამ ხვედრისაგან და ფანჯარაში თავი რომ გავყავი, დავინახე, _ რკინის ეს ყუთი უვნებლად გდია. სასწრაფოდ ჩავაგდეთ მანქანაში და უკან, მაღაზიაში დავაბრუნეთ, ჩვენი ბინისათვის სუსტი აღმოჩნდა და უფრო ძვირში გადამიცვალეთ-მეთქი. გადამიცვალეს! კარგა ხანს რახრახებდა ჩემს ფანჯარაში. მერე თბილისში წამოვიღე. ვიცოდი, აქ დენის გადასართველი დამჭირდებოდა, მაგრამ ისეთი ძვირი აღმოჩნდა, მის ყიდვას აზრი არა აქვს და მიგდია კუთხეში, ვერც მომიხმარია და ნაგავშიც ვერ მომისვრია...
ახალ ბინას ბევრი სიახლეც მოაქვს. სამი ავტობუსის მარშრუტით ბრუკლინის ნებისმიერ კუთხეში შემეძლო გამგზავრება. აქვე იყო მეტროს სადგური ჯეი-სტეიშინი. ნაირ-ნაირი მაღაზიების რიგი, მოხერხებული ლანდრომატი (ე.ი. სამრეცხაო) და ტრადიციული ბიბლიოთეკა, დიდებისათვის პირველ სართულზე და პატარებისათვის _ მეორეზე, რომლის დანახვაზე ბავშვობის მწირი წლები მენანებოდა.
აქედან შორს არ იყო ავენიუ ემი, ჩვენი ბიჭების თავშეყრის ადგილი, იოლი წასასვლელი იყო ზურასა და მანანასთან, უჯუშისთან, მოგვიანებით ინგასთან... და რაც მთავარია, ჩვენს ბილდინგში ქართველებიც ვმრავლდებოდით...

20

ახალ ბინაში გადასვლა ძლივს მოვასწარით და კარზე ტყემალაძეებმა მოგვიკაკუნეს. ჩვენ თუ ბინა მესამე სართულზე დავიქირავეთ, ესენი თურმე მეორეზე, ზუსტად ჩვენ ქვემოთ და ზუსტად ჩვენნაირ ბინაში შესახლდნენ. ბატონი მერაბი და ქალბატონი ირინე, ჩვენი უნივერსიტეტის ფიზიკოსები, ამათი გოგო-ბიჭი, გვანცა და ბაჩა, სულ მალე ამათ დაემატათ სიძე და სარძლოც... ასე რომ, ჩვენი დიდი ოჯახის მეზობლად ასევე დიდი ქართული ოჯახი გაჩნდა და, ბუნებრივია, სწრაფად აეწყო ქართული მეზობლურ-მეგობრული ურთიერთობანი, როცა უერთმანეთოდ პურის ჭამა კი არა, ბოთლი ლუდის დალევაც არ ეგების, პოლიტიკურ-მეცნიერულ-საყველპურიო საუბრები და ჭორები კი შუაღამემდე არ მთავრდება... როცა გასაღების პრობლემა გაიჩითება, ალპინისტური გადასვლები გვიწევს ფანჯრიდან ფანჯარაში სართულებს შორის...
თბილნი, მეგობრულნი, საინტერესონი... ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა არასოდეს მოგწყინდება... წიგნი და კომპიუტერი... ინტერესთა მრავალფეროვნება...
მე და მერაბი, შეღამებულზე, სამზარეულოს ფანჯარასთან მივჯდებოდით, თითო ბოთლი ლუდის საწრუპად და სასაუბროდ. თემა, რა თქმა უნდა, შორს დარჩენილი სამშობლოა. ის გეოგრაფიულადაა შორს, დედამიწის მეორე მხარეზე, მაგრამ ისეთ ნიუანსებს ჩავუღრმავდებით ხოლმე, რომ თითქოს აქვეა, ჩვენს გვერდით და ყოველ წვრილმანს მიკროსკოპით ვათვალიერებთ... ულევია საუბრები უნივერსიტეტზე, მეგობრებზე, წარსულ ცხოვრებაზე, ჩვენი შვილების მომავალზე...
ირინე _ დაუღლელი, მრავალწახნაგოვანი ინტერესებით დამუხტული, ახალ ქვეყანაში თავიდან რომ იწყებდა იმის შტუდირებას, რაც მის პროფესიას კვებავდა. გვიანი საუბრების შემდეგ, იგი ჯდებოდა თავის ნოუთ-ბუკთან და გათენებამდე იყო ჩაღრმავებული მათემატიკურ ჯუნგლებში. დილასღა იძინებდა, თუ, ცხადია, სამსახურში არ მიეჩქარებოდა. და მაინც, მუდამ ფხიზელი, მხიარული, ენერგიული... მუდამ მზადმყოფი სამსახურისათვის, მეგობრობისათვის... კიდეც მიაღწია საწადელს და დაუმტკიცა თავმომწონე ამერიკელებს, რომ ნიჭიერი ქართველი ორმაგად ნიჭიერია...
ბაჩა, ზომიერი, მოქნილი, მიზანმიმართული... ლათინური ცეკვის ჩემპიონი... და მისი სატრფო _ სლავი გოგონა ტონია, რომელიც მოდელივით ტანკენარი, გამჭვირვალე და თან მიამიტურ-ბავშვურად გულუბრყვილო და უზომოდ შეყვარებული...
გვანცა _ ბავშვური და თანაც ქალური, მომხიბლავი, მუდამჟამს მომღიმარი, ხალისიანი... და მისი მეუღლე თორნიკე, ყოფილი თანაკურსელი, საგანგებოდ რომ ჩამოვიდა, რათა დაქორწინებულიყვნენ... წარმატებული სტუდენტი და დღეს უკვე პერსპექტიული პროფესიონალი, რომელთანაც თანამშრომლობას თავმომწონე ფირმები აქეთ ეძებენ...
ახლა აქ, საქართველოში მერაბი მირეკავს ხოლმე და ტელეფონის ყურმილში ყოველთვის მოულოდნელია მისი ხმა. ეცინება, ისევ ვერ მიცანი, ბიჭოო, მეკითხება... მერე დიდხანს ვსაუბრობთ იმავე თემებზე, საქართველოზე და იქაურ ქართველებზე. ის ახალგაზრდულ-მეგობრული წრე არ დარღვეულა, ერთად დადიან პიკნიკებზე, სათევზაოდ, ფეხბურთის სათამაშოდ ვერაზანოს ხიდთან...

21

ამავე მესამე სართულზე კიდევ ერთი ქართველი მყავდა მეზობლად. ჩვენი კარები ერთმანეთს შეჰყურებდა. მის სახელს აქ არ გავაცხადებ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ამ ტექსტს იგი არასოდეს დახედავს. ცოლ-შვილიც ჰყავდა, მაგრამ მეუღლე მეზობელ შტატში მუშაობდა კვირაში შვიდი დღე, ვაჟიშვილი უფრო შორეულ შტატში, ქალიშვილიღა მოდიოდა ღამის გასათევად. მეტწილ მარტო იყო თავის ბუნაგში გამოკეტილი. მძიმე ბუნებისა გახლდათ და სამუშაოს რომ იშოვიდა, მალევე კარგავდა. მუდამ ე.წ. `ბირჟაზე~ დადიოდა ბოროუ-პარკში, ებრაელთა უბანში, დღიური სამუშაოს საშოვნელად. აქ ძირითადად ნარკომანები და ლოთები მიდიოდნენ, მაგრამ წესიერი და გაჭირვებული ხალხიც ერია. ჩამოივლიდა ვინმე ღიპიანი ბიძა მანქანით, გადაავლებდა თვალს და წაიყვანდა, ვინც უფრო ახალგაზრდა და ჯანიანი იყო. ამას ჯანი არ აკლდა, მაგრამ უკვე გაჭაღარავებულიყო და თვალს არიდებდნენ. ბრაზით უთხრა კიდეც ერთს, ამ ლაწირაკებს რომ ირჩევ, ამათზე უკეთესი მუშა ხომ ვარო. იმან კი უპასუხა, რომ დამჭირდეს, ამათ სიგარეტზეც გავაგზავნი, შენი ასაკის კაცს მაგი როგორ ვაკადროო.
რაკი მეზობლები ვიყავით, ვცდილობდი მემეზობლა. რამდენჯერმე ჯიკავ-ჯიკავით შემოვიყვანე ჩემთან, სადილზე. უფრო ხშირად იქით ვუკაკუნებდი. მოკლედ, ვეძალებოდი, მაგრამ არაფერი გამომივიდა.
ერჩივნა თავის ტახტზე წამოწოლილიყო და მოცალეობისას ბერძნული ტელეარხისათვის ეცქირა. საუბრისას ნატვრით იტყოდა ხოლმე _ `ჩვენთან ასე იყო...~, `ჩვენთან ისე იყო...~ დუშეთელი იყო და მეგონა დუშეთზე მელაპარაკებოდა. ერთხელ სიტყვას მოჰყვა და მეუბნება: `ჩვენთან კაცები ამბობენ, ის რა კაცია, ცოლი რომ არ გაუბოზდებაო!~ პირი დავაღე! მერე მოვტვინე, რომ მისთვის `ჩვენთანში~ დუშეთი კი არა, საბერძნეთი იგულისხმებოდა, რადგან ამერიკამდე იქ ეცხოვრა და საბერძნეთის მოქალაქეობაც მიეღო.

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Apr 08, 2011 12:34 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჯემალ ქირია   Fri Apr 08, 2011 12:23 am

ჯემალ ქირია


წიგნი არაფერზე

(გაგრძელება)

22

კოლხეთში მცხოვრებთათვის ყველაზე გავრცელებული დაავადება ასთმა და რევმატიზმია, იმიტომ რომ ზღვისპირეთია, ზღვიდან მონაბერ ნიავს კი წვიმა და ნესტი მოაქვს. ალბათ 5-6 წლისა ვიქნებოდი, მუხლებს ვერ ვხრიდი. დედაჩემმა ზუგდიდში ცნობილ პედიატრთან პეტრე უბერთან მიმიყვანა (ჩემი უფროსი ძამიკო შოთიკო ზურგზე მომიკიდებდა და ისე მივყავდი). ქალო, ეს ბავშვი მოგიკლავს და აწი რას მოგყავდა ჩემთანო, იკითხა ექიმმა. ასე იცოდა, თურმე, მშობლების გულის ხეთქვა. ერთი დარიგება კი მისცა დედაჩემს, ახლა მოდაში ევკალიპტის აბაზანაა და მიდი, სინჯეო. ჩვენი ქუჩის ბოლოს ქარმა Dდიდი ევკალიპტი წააქცია, წავიდნენ ჩემი ძმები და მთელი ტომარა ფოთლები მოიტანეს. ბრტყელძირიანი სპილენძის საარყე ქვაბი გვქონდა, იმაში მოხარშა დედაჩემმა და შიგ ჩამსვა. ყელამდე ვეტეოდი. მე ერთი აბაზანა მახსოვს, დედა კი ამბობდა, ხუთჯერ-ექვსჯერ გაგიმეორეო. მართლაც ფეხზე დამაყენა ამ აბაზანებმა და მას შემდეგ ტკივილებს არ შევუწუხებივარ. ოღონდაც, სიბერე იმისია, სიყმაწვილის ტკივილები შეგახსენოს.
სკოლიდანვე ვიცოდი, რომ შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ გოლფსტრიმი მოედინება. სადაც თბილი დინებაა, იქ ორთქლი, ღრუბელი და წვიმაა. ჰოლანდიელებმა ინდიელებისაგან მანჰეტენი რომ იყიდეს, ამაზე არც უფიქრიათ. არადა, ზაფხულის თვეებში სიცხე რომ ფარანგეიტით 90 გრადუსს მიაღწევს და ნესტიანობაც 90-ს გადააჭარბებს, სუნთქვა გაგიჭირდება, რევმატიზმი, არტრიტი და მისთანანი გარანტირებული გაქვს.
თავდაპირველად მარცხენა ფეხი ისე ამტკივდა, ოთახში ჯოხითაც ვერ ვმოძრაობდი და გამაქანეს კონი-აილენდის კლინიკაში ოუშენ-პარკვეის ბოლოს. წამომაწვინეს საგორავებელ საწოლზე და ხან სად შემაგორეს, ხან სად. რენტგენიც გადამიღეს, ნაირ-ნაირადაც მსინჯეს, მაგრამ ვერაფერი აღმომიჩინეს. მაჭამეს უფასო წვნიანი და საღამოსთვის მითხრეს, დალიე ტაილენოლი, ე.ი. გამაყუჩებელი და თავისით გადაგივლისო. გამომიშვეს შინ და 600-დოლარიანი ანგარიში უკან მომაყოლეს. რაც არ მქონდა, რას გადავიხდიდი! გიგზავნიან ამ ანგარიშებს და მერე შეგეშვებიან, შინ არავინ მოგივარდება.
ტკივილმა მართლაც თავისით გადამიარა, შვებით ამოვისუნთქე, მაგრამ რამდენიმე თვეში მეორე ფეხი ამტკივდა. ამისგან რომ მოვრჩი, მუხლი გამისივდა... მოკლედ, არ დაილია პრობლემები...
არადა, ამერიკაში მკურნალობა ძვირია. ამერიკელისათვის მთავარი საზრუნავი ჯანმრთელობაა და ამაზე დიდძალი ფული იხარჯება. არალეგალს შეუძლია ეს ანგარიშები არც გაანაღდოს, არავინ არ გამოგედევნება, მაგრამ ამერიკელ მოქალაქეს საკრედიტო ბარათი გაუფუჭდება, საბანკო კრედიტის გარეშე კი ვერც ერთი ამერიკელი კომფორტში ვერ იცხოვრებს. ოღონდაც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ავად გახდი, გაგწირავენ. ჩემნაირი უქონელებისათვის, მაგალითად, იმავე კონი-აილენდის კლინიკაში ცალკე ფანჯარაა, გადაიხდი 14 დოლარს, რაც აქ მიზერული თანხაა, და გეყოლება საკუთარი ექიმი, ძვირადღირებულ ანალიზსაც გაგიკეთებენ და წამლებსაც, რაც გინდ ძვირი ღირდეს, ათ დოლარად მოგართმევენ.
ერთხელ ჩემი მეუღლე ცალი თვალით კინაღამ დაბრმავდა, გუგაში კაპილარი გაუსკდა და შიგნიდან სისხლით აევსო. ცნობილ ოფთალმოლოგთან რომ მივედით, კონსულტაციისათვის 600 დოლარი გადაგვახდევინეს, იმისი ძვირადღირებული რჩევა კი ასეთი იყო: წადით, ბიძიებო, სასწრაფოდ კლინიკაში და ოპერაცია გაიკეთეთო. წავედით მანჰეტენზე, ერთ ყველაზე ცნობილ კლინიკაში. გახედა ექიმმა და პატიოსნად განაცხადა, ამას თუ დღესვე ოპერაცია არ გაუკეთდა, თვალს დაკარგავსო... ეს ბედნიერება კი ზუსტად შვიდი ათასი დოლარი ღირდა. რიმა მოგვყვებოდა, დუნაისკი, და იმან თქვა, ეს ქალბატონი უმუშევარი და არალეგალია, შვიდი დოლარიც არა აქვს, საჭმელს მე ვაჭმევო. რა თქმა უნდა, ეს უფრო ეშმაკობა იყო, ვიდრე რეალობა, თუმცა ამოდენა თანხა მართლაც არ გვქონდა... მოკლედ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ იმავე დღეს გაკეთდა ოპერაცია, გადაურჩინეს თვალი და ხარჯი ნიუ-იორკის ბიუჯეტმა დაფარა.
მსგავსი რამ მეც გადამხდა. ერთხელ ისეთი სიცხე მომცა, ბოდვა დამაწყებინა, კინაღამ სული მიქელ-გაბრიელს ჩავაბარე. ჩემებმა სასწრაფოს უხმეს, იმათ საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთო. ვიცოდი, როგორი სიძვირეც იყო და გავუძალიანდი. პოლიციას გამოვუძახებთო, დამემუქრნენ, ე.ი. ძალითაც წამათრევდნენ და დავყაბულდი. რაკი კონი-აილენდი უკეთ ვიცოდი, იქ წამიყვანეთ-მეთქი, ვითხოვე. შენობაში შევედი თუ არა, დამესივნენ სხვადასხვა ჯურის მედიკოსები, ზოგი ნემს მიკეთებს, ზოგი წვეთოვანას მიყენებს, ზოგი კი ანალიზებს მიღებს... ოთხი დღე თავზე ნაირ-ნაირი სპეციალისტები მადგანან, კომპიუტერი გაივსო მონაცემებით ჩემი ჯანმრთელობის შესახებ, საბუთების უზარმაზარი ტომები შედგა, ვერ გავიგე ამდენი რა უნდა წერებულიყო შიგ... ბიუროკრატიული მანქანა ქარხანასავით მუშაობდა... მოკლედ, ძლივს გამომიყვანეს სიზმარეთიდან... უკვე მეორე დღეს მეწვია რუსის ლამაზი გოგონა და განმიცხადა, ვიცით, რომ უმუშევარი და არალეგალი ხარ, რომ ფული არა გაქვს და ვერაფერს გადაიხდიო. ჩვენი ნუ გეშინია, ჩვენ საიმიგრაციოსთან საქმე არა გვაქვს, გადაგვაღებინე თქვენი პასპორტის ქსეროასლი და `ბენეფიტს~ გაგიკეთებთო. მართლაც, ბოლო, მეოთხე დღეს მომართვეს მაგნიტური ბარათი, სადაც დადებული იყო ხარჯი _ 3 ათასი დოლარი და ცოტაც მეტი, წამლებისა და მომავალი კვირის ვიზიტებისათვის ექიმებთან...
სხვათა შორის, პალატაში, ჩემ გვერდით ერთი რუსი ებრაელი იწვა, ჯანმაგარი ყმაწვილი, რომელსაც განუკურნებელი რამ სჭირდა, ფეხები წართმეოდა. მთელი თვე ჰყავდათ კლინიკაში, ვერაფერი უშველეს და როცა გაწერეს, თან გააყოლეს ყავარჯნები, საჩოჩიალო, ძვირადღირებული ელძრავიანი ეტლი და ჩეკი ტაქსისთვის...

23

სულ ორიოდე თვის ჩამოსული ვარ, არც სამუშაო მაქვს და, ცხადია, არც ფული. `არ გინდა ცოტა დოლარი მოტეხო?~ _ მეკითხება ნაცნობი. `როგორ?~ `ისევე როგორც ათასი სხვა, მგონი არავინ დარჩა!~ წესიერად არც ჩავძიებივარ, რა უნდა ვაკეთო, ისე დავყაბულდი, ე.ი. ეშმაკთან სიტყვიერი გარიგება დავდე. თუ ჩავთვლით, რომ უცოდველი არავინაა, ამ ცოდვას, ალბათ, მაპატიებს, ვისაც ამის უფლება და ძალმოსილება აქვს.
შეღამებულზე მანქანით მომაკითხეს, მე, ორი ქალბატონი და რუსის ბიჭი _ იურა. საჭეს პროფესიონალი უზის, მისი სახელი არ ვიცი. ერთი ქალბატონი, უფრო სწორად უასაკო `კეკელკა~, ამ საქმეზე `მუშაობს~, ე.ი. მობილურით აგვარებს საეშმაკო საქმეს, უკავშირდება ვიღაცეებს. თუ ვინმე ახლობელი დაურეკავს, პასუხობს _ `ია ნა რაბოტე!~
მივემართებით მანჰეტენისაკენ, ვირჩევთ გადატვირთულ უბნებს და წრეებს ვარტყამთ მიდლთაუნის სტრიტებსა და ავენიუებზე. ნეტა რა დაგვიკარგავს და რას ვეძებთ? მე ჯერ ახალი ვარ, ქალაქის ამ უბნებს არ ვიცნობ და ცნობისმოყვარეობას ვიკმაყოფილებ.
გადის ერთი საათი, ორი საათი, არაფერი არ ხდება. `კეკელკა~ დამხმარე ძალას იძახებს. აგერ ყრუ კედლის გასწვრივ ვმოძრაობთ. უკან დინჯად მოგვყვება მუსაიფში გართული ამერიკელი მოქალაქე. უცებ საიდანღაც `დამხმარე ძალა~, ე.ი. ნაცნობი მანქანა გამოვარდება და გზას გადაგვიჭრის. ჩვენ, რა თქმა უნდა, სწრაფად ვამუხრუჭებთ. ისმის ბორბლების ღრჭიალი, ბრაგვანი, წინა მანქანა გაქრა, უკანა კი ცხვირით შეგვაჯდა. კარგად შეგვანჯღრია, მაგრამ არაფერი დაგვმართნია, გარდა წუთიერი ნერვულობისა. აი, თურმე რას ვეძებდით!
ამ წუთიდან იწყება სპექტაკლი. სანამ საბრალო ამერიკელი გონს მოდის, ჩვენი პროფესიონალი მძღოლი აითესა, მის ადგილას იურა ჯდება, ვითომ ეს გვასეირნებდა, `კეკელკა~ კი გადმოხტა და საქმეს აგვარებს, თავის გაოცებას და წუხილს გამოხატავს. საბრალო, გაბითურებული ამერიკელი გაოცებულია, ეს როგორ დამემართაო და პოლიციაში თვითონვე რეკავს. მე, მეორე ქალბატონი და იურა მანქანიდან არ გადმოვდივართ, რადგან გული გვაქვს აჩქარებული. გუნებაში ვფიქრობ, არალეგალი ვარ, არანაირი საბუთი მე არა მაქვს, ნეტა რას მივძვრები ლომის ხახაში. ახლა რომ დამიჭირონ და ამერიკიდან გამაპინტრიშონ, ხომ ახი იქნება. ოღონდაც, მსგავსი არაფერი ხდება. ხუთ წუთში პოლიცია აქაა, გაზომ-გამოზომა, დააფიქსირა და წავიდა. სამაგიეროდ სასწრაფოს მანქანაც აქაა. არც ქალბატონს, არც მე არაფერი გვჭირს, მაგრამ ფრთხილად, არ გაინძრეთ, დაზიანებული არაფერი გქონდეთო, კისერზე პლასტმასის მარყუჟი ჩამოგვაცვეს, ხელი შემაშველეს, საკაცეზე დამაწვინეს და სასწრაფოს კარეტაში შემაგდეს. მივქრივართ კივილით, თან წნევას მიზომავენ, გული, ალბათ, შიშისაგან, ოდნავ აჩქარებული მაქვს, წნევა კი ისედაც სულ მაღალი მქონდა.
მიმიყვანეს სამედიცინო ცენტრში, აქ ექიმები, გაზომვები, ქაღალდების ფრიალი... რამე ხომ არ მტკივა, გული როგორა მაქვს, სუნთქვა ხომ არ მიჭირს?.. უმჯობესია, ჩვენთან დარჩეთ, ხომ შეიძლება, დაზიანება აღმოგაჩნდეთ... შემეშვით, არაფერი დაზიანებული არა მაქვს... კისერზე ვიხსნი მარყუჟს, საგორავი საკაციდან ჩამოვცოცდები და ვტოვებ საავადმყოფოს, რომელსაც სურვილი აქვს `მიმკურნალოს~ და ჩემით ცოტა ფული გააკეთოს. ქუჩის კუთხეში ჩვენი მანქანა გველოდება, რომელსაც ეს ნაავარიელი არც ეტყობა. მაინც გადასაგდებიაო, იღმიჭება იურა.
ორ-სამ დღეში კომფორტული ჯიპი მაკითხავს, მივყავართ `მედიკეირში~, კერძო პოლიკლინიკაში, რომელთა მსგავსნი სოკოებივით გამრავლებულა. ესენი იზრუნებენ `დაზარალებულის~ ჯანმრთელობაზე და ჩემი თანხმობის ფასად ჯიბეში სამას დოლარს მიდებენ (ამათი ეშმაკობისა რომ მცოდნოდა, ჩემს `ავარიას~ თურმე 2 ათას დოლარად გავყიდდი!). აქ ყველაფერია! აგერ ვიწროთვალება ჩინელი გოგონა ზურგზე ნემსებს მარჭობს, რუსის ბიჭი ფეხებზე რაღაც ჟელეებს მისვამს, დავყავართ ძვირადღირებულ გადაღებებზე... ერთი უჯრედი არ დამიტოვეს გაუსინჯავი... კვირაში ორჯერ მაკითხავს მანქანა, მივყავარ, მოვყავარ, ხელის გულზე მატარებენ... ცხადია, მიხარია, ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და უფასო დიაგნოსტიკაზე და მკურნალობაზე ვინ სულელი იტყვის უარს. გვიან ვხვდები, რომ უმეტეს შემთხვევაში გარს ტუფტა ექიმები მახვევია, რომელთაც მედიცინისა ჩემზე ოდნავ მეტი თუ იციან და სინამდვილეში ჩემს ჯანმრთელობაზე არც არავინ ზრუნავს.
სამი თვე გრძელდება ეს კარუსელი. შედგა ტომეულები, სადაც, ჩემი ვარაუდით, აღინუსხა ყველა ის გაჭირვება, რაც ჩემი ასაკის ადამიანს შეიძლება აღმოაჩნდეს და ყველაფერი ეს ამ საწყალობელ `ავარიას~ ბრალდება... აქ კი ჰორიზონტზე გამოჩნდება სიმპათიური ადვოკატი გოგონა და ამ ქაღალდებს სადაზღვევო კომპანიაში გააქანებს. კომპანიამ იცის, რომ ყველაფერი ეს ბლეფია, მაგრამ სასამართლო გარჩევა უფრო ძვირი დაუჯდება.
მიბარებენ, მეკითხებიან, სად იყავი და სად შეგემთხვაო. მე გულწრფელად ვპასუხობ: ქალაქს მე არ ვიცნობდი, მაგრამ შევამჩნიე სასაფლაოს გრძელი კედელი და თანამგზავრ ქალბატონს გადავულაპარაკე, ამ ჩვენმა იურამ მგონი პირდაპირ სასაფლაოში გაგვაქანა-მეთქი. იცინეს, იუმორი დამიფასდა.
შედეგი: 3 ათასი დოლარი, რის გამოც, ვიცი, კრიმინალური პოლიცია არ მომაკითხავს, სამოთხის კარი კი, ვფიქრობ, სამუდამოდ დამეკეტება...

24

კვირაში ერთხელ ფილიპასთან დავდივარ, უფრო შაბათობით. ინგას ბეზრდება მთელი კვირა მისი მოჟამული სიფათის ყურება, ერთ დღეს მე მითმობს, თვითონ კი ქალაქში გარბის საჭორაოდ.
დილაუთენია ვდგები, რადგან ფილიპა სხვა კუნძულის, სტეიტენ-აილენდის ბოლოს ცხოვრობს და იქამდე ოთხი ავტობუსი უნდა გამოვიცვალო. ჯეიდან მე-6 ავტობუსს ბრაიტონ-ბიჩამდე მივყვები. დილის ავტობუსი მგზავრებითაა სავსე, უმეტესად შავკანიანებით, თუმცა ჩვენი უბანი უპირატესად ებრაელებისაა, მაგრამ მორწმუნე ებრაელები შაბათობით ავტობუსებით არ მგზავრობენ. 85-ე სტრიტზე სხვა ავტობუსს ველოდები, როგორც წესი, მოსაცდელზე ვიყინები. ეს ავტობუსი უმთავრესად პუერტო-რიკოელებითა და იტალიელებით ივსება. ბეირიჯის გავლით მივდივართ მესამე ავტობუსამდე, რომელიც ვერაზანოს ხიდზე გადამიყვანს. ავტობუსები, ჩვეულებრივ ქვედა იარუსით მოძრაობენ და ფანჯრიდან ჩანს მანჰეტენიც, ბრუკლინისა და ნიუ-ჯერსის ნაპირები, თავისუფლების ქანდაკება, აგერ, ხიდთან ახლოს, ისტორიული ფორტიც. უკან როცა ვბრუნდები, წყლის გაშლილ სივრცეს ვუყურებ თვით ოკეანემდე და ზედ ნაირ-ნაირი გემი მოძრაობს. ღამღამობით სანაპიროების გასწვრივ მანქანების ფარების უწყვეტი ჯაჭვია გაბმული, თითქოს უზარმაზარი დრაკონი მიიგრაგნება. მე ზედა იარუსზე მგზავრობა უფრო მომწონს, რადგან აქ ხიდის მთელი კონსტრუქცია დიდებული და ამაღევებლად შთამბეჭდავია. ხიდი ორ უზარმაზარ პილონზე ბაგირებითაა ჩამოკიდებული და შვეული ბაგირების ორი რიგი თითქოს ციდან ეშვება... მომდევნო, მეოთხე ავტობუსი კიდევ ორმოცი წუთი მატარებს სტეიტენ-აილენდის მრავალკილომეტრიან ავენიუებზე და აი, საჭირო უბანიც, პატარა კოხტა სახლებს შორის ფილიპას პატარა სახლიც.
ირგვლივ კოინდარი, დეკორატიული ხეები და ყვავილებია, მაგრამ ფილიპას ეს არ აინტერესებს. არც მეზობლები უნდა, ნათესავებიც თავს აბეზრებენ, ზის თავის სავარძელში და ჰავანურ სიგარას აფუილებს. `ჰაუ არ იუ, ფილიპ!~ _ ვეკითხები ოპტიმისტურად, ვინძლო გავახალისო. `ნოუ გუდ, ჯიმ!~ _ მოკლედ მპასუხობს. პირისახე დაჭმუჭნილი და მუდამ შეწუხებული აქვს. ადრე მამაცი საზღვაო ოფიცერი იყო, ახლა ჩიტის წონისა თუ იქნება. ფილიპას კუჭის პრობლემები აქვს, სულ ეჩვენება, რომ საკმარისად ვერ გადის, არადა თითქმის არაფერსა ჭამს, რძიანი ყავით კმაყოფილდება, სადილზე კი იაფფასიანი წვნიანის კონსერვებს ვუცხელებ. ერთადერთი მისი გასართობი სიგარა და ტელევიზორია. სიგარების მარაგი იქვე, მომცრო მაგიდაზე უწყვია, ერთს რომ ძირამდე დაიყვანს, მეორეს მოუკიდებს. ტელევიზორის ეკრანზე რა ხდება, იმას ვერ ხედავს, მაგრამ დაუსრულებლად უსმენს ისეთ გადაცემებს, სადაც შოუს მონაწილენი ფულს იგებენ. მთელი ამერიკა ჯეკპოტზე გიჟდება, ფილიპაც კი დიდ მოგებაზე ოცნებობს, თუმცა მოკლე სიცოცხლე დარჩენია და ამ სიგარის გარდა არც არაფერი ჭირდება, პენსიასაც კი ვერ ხარჯავს. ფული ვერ შველის მაგის კუჭს, დღეში ოცჯერ საჩოჩიალოთი მიჩოჩავს საპირფარეშოსაკენ, მერე გაუხდელად წამოწვება ლოგინზე და ამოჩემებულ, უკვე გაზინთულ ბამბურას წამოიხურავს...
ფილიპას სიცოცხლე ეზარება. ხანდახან სიძე-ქალიშვილი მოაკითხავენ, უფრო იშვიათად შვილიშვილები. როგორა ხარო, შეეკითხებიან. `ნოუ გუდ, ნოუ გუდ!~ _ უპასუხებს და ბაგეზე მისთვის უჩვეული, სუსტი ღიმილი აესახება.
ძველ ფოტოებზე მოხდენილ კაცად ჩანს, ლამაზ ცოლთან და შვილთან ერთად, მაგრამ ეს სურათები ახლა მას არ აღელვებს. ცოლი რომ მოუკვდა, სასაფლაოზე წასვლა ეზარებოდა და ძალისძალათი წაიყვანეს. მის მოგონებებში ერთადერთი ნათელი შტრიხი ომის პერიოდიღა იყო, როცა ახალგაზრდა საზღვაო ოფიცერი იაპონიაში მოხვდა, საოკუპაციო ჯარში იმსახურა და იაპონელ მეძავეებთან დრო ატარა. ერთი ქალი სიგარეტს უკანალში ირჭობდა და ისე აბოლებდაო, ქირქილებდა _ მთელი შემდგომი ცხოვრება ეს გახსენება ართობდა. მომვლელს შეავლებდა თავის ჩაშრეტილ თვალებს და ერთხელ, არ ვიცი, იხუმრა, არ ვიცი, სიცოცხლეს ამით გამოემშვიდობა, განაცხადა: დადიან აქ სქელი ტრაკები და ხელსაც არ მოგაკიდებინებენო.
მოსაწყენი კაცი იყო ფილიპა, მისი მუდმივი დაღრეჯილობა გადამდები ხდებოდა და მოწყენილობისაგან მეც სული მეხუთებოდა. წამდაუწუმ საათისაკენ ვიყურებოდი, წუთებს ვითვლიდი ექვს საათამდე, როცა ინგა მობრუნდებოდა და მე დამითხოვდა.
მე კი, თავისუფლებამოპოვებული შევახტებოდი ავტობუსს კუნძულის სულ ბოლო, ჩრდილო ნავმისადგომამდე, საიდანაც უფასო ბორნებს მგზავრები და მანქანები მანჰეტენში გადაჰყავდა. ეს ჩემთვის უფრო შორი გზა იყო, მაგრამ ვიდექი გემბანზე და გავყურებდი ახლო ჩქერალებსა და შორეულ ნაპირებს. ხელის გაწვდენაზე ჩავუვლიდი თავისუფლების მონუმენტს, მანჰეტენის დაუნთაუნის ცათამბჯენები კი თანდათან ახლოვდებოდა, ლამისაა ზედ გადმომხობოდა.
ფილიპამ ერთ უიღბლო დღეს დაამთავრა თავისი უღიმღამო სიცოცხლე. არაფერი ამ კაცთან არ მაკავშირებდა, გარდა იმ მცირე ჰონორარისა, რასაც მიხდიდნენ, მაგრამ გული მაინც დამწყდა და ხანდახან ყურში ჩამესმის მისი მოწყენილი ხმა _ `ნოუ გუდ, ნოუ გუდ, ჯიმ!~

25

ჯინჯიხაშვილები ქუთაისელი ებრაელები არიან. მანანა ქუთაისში გაიზარდა, ჟურნალისტადაც იქ ჩამოყალიბდა, ქუთაისურ გაზეთებში მუშაობდა. ამერიკაში გადაბარგების შემდეგ პროფესიულად მისთვის არაფერი შეცვლილა. ამერიკაშიც იგი ქართველი ებრაელია, თავს ამ ორი ერის შვილად თვლის და ქართულ საქმეს ემსახურება. ჯერ ვაშინგტონში `ამერიკის ხმის~ ქართულ რედაქციაში მუშაობდა, შემდეგ ნიუ-იორკში დაბრუნდა, სადაც მისი ძმები ცხოვრობდნენ. სხვათა შორის, მანანას პატარა ძმისშვილებისათვის ერთ-ერთი მშობლიური ენა ქართულიცაა. ამასთან დაკავშირებით ერთი შემთხვევა გამახსენდა. ქვინსიდან ვბრუნდებოდი და მეტროს ცარიელ ვაგონში რომ მოვთავსდი, ფეხდაფეხ დედა-შვილი შემომყვნენ. დედა ერთი ფაშფაშა, გაქათქათებული ქალი იყო, ქალიშვილი, მაღალი, სპორტულად ჩამოსხმული. როგორც კი შემოვიდნენ, შეურყვნელი ქართულით გააბეს მასლაათი. რა თქმა უნდა, გამეხარდა და ჩავერთე. ქალბატონი თურმე თბილისიდან ოცდაათი წლის წინ გადმოსახლებულა, ქალიშვილი კი ამერიკაში დაბადებულა და საქართველოში არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ ოჯახშიც დღესაც ქართულად მეტყველებდნენ. ქვინსში ბევრია ასეთი ებრაული ოჯახი...
ნიუ-იორკში მანანამ ქართულ გაზეთში დაიწყო მუშაობა, იგი ქალაქგარეთ, ჯერსი-სიტში გამოდიოდა. არც გაზეთს დავასახელებ და არც მაშინდელ ბღენძ რედაქტორს, რადგან ზოგიერთ ქართველს თავისი ტოლერანტობით მოაქვს თავი, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ანტისემიტური ბაცილა მაინც შეჰყრია. იმ რედაქტორს, ღიპიან, ახალგაზრდა ქუთაისელს ქედმაღლურად განუცხადებია, არა მჯერა ებრაელის გაკეთებული ქართული საქმისაო. შეურაცხყოფილი მანანა უმალ წამოსულა იმ გაზეთიდან.
მე იმიტომ გავიცანი, რომ სადაც კი ქართული ამბავი გაიელვებდა, მუდამ იქ აღმოჩნდებოდა. გვიან გავიგე, რომ თვალის პრობლემები ჰქონდა, მისთვის დიდხანს კითხვა არ შეიძლებოდა, მაგრამ წიგნსა და კომპიუტერს მაინც ვერ შორდებოდა. იმდენი მოახერხა, ერთი რუსულენოვანი რადიოს მესვეურნი შეახუჭუჭა და აიძულა, კვირაში ერთი საათი ქართული ხმა ჩაესვათ. ცხადია, ამ საქმეში კაპიკს არავინ უხდიდა, მაგრა მთელი კვირა ემზადებოდა, რათა ემიგრაციაში მყოფი ქართველებისათვის ქართული ამბებით გაჯერებული ეს გადაცემა მოემზადებინა.
დარწმუნებული ვარ, დღესაც, ნამდვილი ქართველი და ნამდვილი ებრაელი მანანა ჯინჯიხაშვილი ჩაკეტილია თავის ოროთახიან ბინაში ქვინსზე, რომელიც სავსეა ქართული წიგნებით, უზის კომპიუტერს, რომლის მონიტორი საგანგებოდ მისთვისაა დაყენებული, დიდრონი ასოებით იწერება ტექსტი, რათა მტკივანა თვალებით მოახერხოს ქართულის ამოკითხვაა... როცა მომესურვილებოდა ქართულ ლექსზე და პროზაზე ლაპარაკი, ან ჩვენი ქუთაისელი მეგობრების გახსენება, მეტროს ორი მატარებლით მივემგზავრებოდი ქვინსში. მანანას საქართველოს სიყვარული ერთი წამითაც არ განელებია...

26

მოშე ქვინსში ცხოვრობდა, პრესტიჟულ, ძვირადღირებულ ბილდინგში, თავისი ქალიშვილის ოჯახთან ერთად. ქალიშვილი იზრაელის საკონსულოში მუშაობდა და ბინის ქირას სამშობლო უხდიდა. მოშეს სიძე ადრე ავიატორი ყოფილა, სამსახურიდან ცოლზე ადრე ბრუნდებოდა, უმალ სადილის კეთებას იწყებდა, არადა ტელევიზორს მიუჯდებოდა, ერთი არხი ჰქონდა ამოჩემებული, რომელზეც ოცდაოთხი საათი ავიატექნიკაზე მსჯელობენ... მოშეს დღეში ას დოლარად უვლიდა ოციოდე წლის ებრაელი, ვისაც კვირაში ერთხელ მანანა ცვლიდა. ხანდახან მანანა ვერ იცლიდა (ისევ ქართული რადიოს გამო!) და მთხოვდა, ჩავნაცვლებოდი. ერთხელ კი მთელი ორი კვირა მომიწია ამ ოჯახში დარჩენა და, თუმცა ცოლ-ქმრისაგან ყურადღებისა და პატივისცემის გარდა არაფერი მიგრძვნია, თვით მოშეს მოვლას მერჩივნა თოხითა და ბარით მემუშავა.
პირველად რომ ვნახე, მაგიდასთან იჯდა და გაზეთს კითხულობდა. თავი მოაბრუნა და უფერული თვალებით შემამომხედა. დაჩიავებული ბერიკაცი იყო, კბილჩოღერა, გაპარსულიც გაუპარსავსა ჰგავდა. სკამი დავიდგი და გასაცნობად მივუჩოჩდი. ერთ საათში მისი ბიოგრაფია ვიცოდი. ახალგაზრდობა რუსეთში გაეტარებინა, ე.წ. `მესტეჩკოვი~ ებრაელებს განეკუთვნებოდა, იმპერიის განაპირას სიღატაკეში რომ ცხოვრობდნენ. ომის დროს ჩვიდმეტისა, გერმანელებს გაერიდა და სხვებთან ერთად სადღაც ურალისპირეთში გადასახლდა. იქ ქარხანაში მუშაობდა, ზეინკლის ნიჭი აღმოაჩნდა და საწარმოსათვის ფრიად საჭირო კაცი გახდა. ცხოვრება მანქანა-დანადგარებს შეალია და ტრადიციული პროლეტარი ჩამოყალიბდა, მუდამ უქონელი და `ნაჩალნიკების~ თვალების შემყურე. ოღონდაც, სოციალისტურმა სამშობლომ სიღატაკის ფსკერიდან ვერასოდეს ამოიყვანა და უკვე დაბერებული ემიგრირებულმა შვილებმა აღთქმულ მიწაზე წაიყვანეს. პირველად იქ გაიგო, თუ რა არის ცხოვრება მცხუნვარე მზის ქვეშ, როცა არ გშია და არ გწყურია და ირგვლივ ტოლ-სწორები გახვევია. ახლა, ამ კომფორტულ ბინაში თავს გამომწყვდეულად გრძნობდა და ისევ იზრაელი ენატრებოდა, სადაც შეეძლო ნათესავებთან ენა ელესა. მანანა მარწმუნებდა, მაგისი მოვლა იოლია, ზის და გაზეთს ათვალიერებს, შენ კი შეგიძლია ფეხი ფეხზე შემოიდო და წიგნითა და ტელევიზორით გაერთოო... თავდაპირველად მეც ასე მომეჩვენა, მაგრამ ვინ გაცალა კაი ცხოვრება. მოშეს წინ მოკლე სიცოცხლე დარჩენოდა და თავისი დრო წუთობით ჰქონდა გათვლილი. წინასწარ გეგმავდა, როგორ უნდა ამდგარიყო, დამჯდარიყო, შებრუნებულიყო და შემობრუნებულიყო... ჭამის დროს ზედმეტი არ უნდა შეგეთავაზებინა. თუმცა მაცივარი გაჭედილი იყო საჭმელებით, სიღატაკის წლებიდან გამოჰყვა მომჭირნეობა და თეფზე დარჩენილი ორიოდე კოვზი წვნიანი გულს უკლავდა. მოსაბეზრებელი და დამღლელი ის იყო, რომ ყოველ ათ წუთში ითხოვდა გადაყენებას... ეს პროცედურაც ხომ სკრუპულეზურად ჰქონდა დამუშავებული. უნდა მდგრადად დამდგარიყო, ზედმეტად თავი არ უნდა გამოგედო, მაგრამ არც უყურადღებო უნდა ყოფილიყავი, წინასწარ განსაზღვრული წესით და რიგით უნდა გაგეხადა და ჩაგეცვა. ყოველივე ისე წვრილად ჰქონდა გათვლილი, პროცედურის ოდნავ გადახვევას ვერ იტანდა... მთელი დღე არაქათი გამომაცალა, მაგრამ წინ ღამე მელოდა და იმედი მქონდა, დავისვენებდი.
ზუსტად ცხრა საათზე მოშეს გავხადე, ახალი საცვლები ჩავაცვი და ლოგინში ჩავაწვინე.
ნახევარ საათში მომიხმო, ავაყენე, გადავაყენე და ისევ ჩავაწვინე. ასე რამდენჯერმე გამეორდა.
თორმეტისათვის მეც გავიხადე და ჩავწექი. დაღლილი ვიყავი და რული უცბად მომერია, ოღონდ ვინ გაცალა, მოშე ისევ მიხმობს... გამოვფხიზლდი, მივხედე და ისევ ჩავწექი... კვლავ ჩავთვლიმე, სიზმარში შევცურე და ისევ მეძახის... ამდენ ადგომ-დაწოლაში მოშეც ურევს, ხან რუსულად მომმართავს, ხან ივრიტზე, მე კი ტვინი ისე გამიწყალდა, რუსულიც ივრიტი მგონია და ვერ ვგებულობ. ასე გრძელდება ღამის სამ საათამდე, სამზე კი მოშე მიხმობს: `ჰე, ახლა დილაა და ავდგეთ!~ _ აღმოჩნდა, რომ მოშესთვის სამი საათია დილა,Eმთელი თავისი ცხოვრება ამ დროს დგება და საუზმობს... ავაყენე, ჩავაცვი და საუზმე მივართვი... ჩაჯდა სავარძელში და ებრაული ჟურნალი გადაშალა. ზის და ათვალიერებს შიშველ ქალებს... სადღაც გარიჟრაჟზე ისევ წვება და იძინებს, ჩემი ძილი კი საბოლოოდ გაფრინდა და მერე მთელი დღე დარეტიანებული ვარ.
ორი კვირის თავზე ერთი სული მქონდა, შინ როდის დავბრუნდებოდი, კარგად გამოვიძინებდი და მოშეს თვით არსებობასაც დავივიწყებდი...

(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Fri Apr 08, 2011 12:33 am; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჯემალ ქირია   Fri Apr 08, 2011 12:26 am

ჯემალ ქირია


წიგნი არაფერზე

(გაგრძელება)

27

თამრიკო, ორმოცს გადაცილებული ქალბატონი, მორწმუნე მართლმადიდებელი, მეუბნება: ისე გამოვიდა, რომ იძულებული ვარ მორწმუნე ებრაელს ვემსახურო, ღრმად მოხუცებულ, სათნო კაცს, რომლის მიმართ მამა-შვილური გრძნობა გამიჩნდა, არ ვიცი, ეს ცოდვად ჩამეთვლება თუ არაო. უძლური ადამიანის მოვლით უფლის კეთილგანწყობას დაიმსახურებ-მეთქი, ვპასუხობ.
შოლომონი ოთხმოცსაა გადაცილებული, მაგრამ უფრო ახალგაზრდად გამოიყურება, ოღონდ სიარული უჭირს, აუცილებლად რამეს უნდა დაეყრდნოს, ანდა ბორბლიანი სავარძლით, გარეთ კი ეტლით უნდა გადაადგილდეს. ამისათვის კიბეზე საგანგებო ბილიკია დაფენილი და როცა მივაგორებ, ყოველთვის გული მისკდება, ხელიდან არ გამისხლტეს-მეთქი. მე კვირაში ერთი დღე ვცვლი თამრიკოს, რადგან მას ამ ქალაქში შვილიცა ჰყავს და მასთან მიეჩქარება. ერთხელ ორი კვირით მოუწია სამშობლოში დაბრუნება და შოლომონს მე შევრჩი.
უსათნოესი კაცია, თბილი, მორიდებული (ადრე სკოლაში ასწავლიდა, როგორც მივხვდი, რელიგიის საკითხებს)... შეცდომაც რომ დაუშვა, არ გაგიბრაზდება, შვილებსა და შვილიშვილებს ენას არ მიუტანს.
დღის წესრიგი წინასწარაა გაწერილი. ადრე ვდგები, სანამ იმას სძინავს, მსუბუქ საუზმეს ვამზადებ. სამზარეულოში ჭურჭელი ორ წყებადაა დალაგებული. ერთ წყებაზე წითელი ქაღალდია მიწებებული, მეორეზე _ ლურჯი. წითლად დანიშნული ჭურჭელი ხორციანი კერძისთვისაა, ლურჯი _ რძიანის. არც უნდა ავურიო და ამ კერძების მირთმევას შორის სამი საათი მაინც უნდა გავიდეს.
ცხრაზე იღვიძებს. უნდა ავაყენო და ამ დროს მეშინია, საწოლიდან არ ჩამომიცურდეს, რადგან მძიმეა, ღონე კი არ შერჩენია. მანამდე კი პამპერსი უნდა გავაძრო, სველი ტილოთი გავწმინდო, ყველაფერი ახალი, სუფთა ჩავაცვა. მერე ჭოჭიალათი მიდის მეორე ოთახისაკენ. გვერდით მივყვები, რათა ჭოჭიალა არ გაუცურდეს, ანდა მუხლები არ მოეკვეთოს.
კუთხის მაგიდასთან ჯდება. აქ უწყვია სალოცავი წიგნები. ლოცვის შემდეგ ისაუზმებს. გარედან დილის გაზეთი `დეილი ნიუსი~ შემომაქვს, კვირაში ერთხელ კი ებრაული გაზეთი. ამათ დაათვალიერებს და მიუბრუნდება ბიბლიოთეკიდან წამოღებულ დეტექტივებს, რომლებიც დიდრონი შრიფტით საგანგებოდ მოხუცებისთვისაა დასტამბული.
ტელევიზორს იშვიათად უყურებს. სავარძელს შევუბრუნებ და რაიმე პროგრამას ჩავურთავ. ცოტა ხანში ხელს ჩაიქნევს და ისევ წიგნებს მიუბრუნდება.
ხანდახან ვცდილობ ჩემი მწირი ინგლისურით გავესაუბრო. მარტივი სიტყვებით ვუყვები საქართველოზე, ჩემს ოჯახზე, ისიც ცდილობს წინადადება ისე დაალაგოს, რომ ჩემთვის გასაგები აღმოჩნდეს.
დღის მანძილზე აკითხავენ ხან შვილები, რძლები, შვილიშვილები, ერთ-ორ სიტყვას მიუგდებენ და გარბიან.
ყველაზე რთული დღე შაბათია. პარასკევის საღამოს 6 საათიდან შაბათის საღამოს 6 საათამდე ჩაკეტილები ვართ. კერძები წინასწარ მზადაა, რათა არ დამჭირდეს რაიმეს კეთება. ვცდილობ, შესაბამისი რიტუალების ჩატარებაში დავეხმარო.
ხანდახან უბანში ველოეტლით გავასეირნებ, სადილად რესტორანში (იქ, სადაც საჭმელს მიირთმევენ, ყველა რესტორანია), ანდა ბიბლიოთეკაში, რათა წიგნები გამოვცვალოთ. ზოგჯერ პოლიკლინიკის მანქანა გვაკითხავს. შიგ ველოეტლს შევაგორებ, დავაბამ და ისე მივდივართ. იქ ის შეჰყავთ, ავარჯიშებენ, ვხედავ, იღლება, ერთი სული აქვს, როდის წამოვიყვან.
ნავახშმევს დიდხანს ვერ ძლებს, ცხრაზე დასაძინებლად მიმყავს. ახალ პამპერსს ჩავაცმევ და დავაწვენ. ისე უნდა მოვახერხო, რომ კომფორტულად იწვეს, რადგან ღამე ვერც გადაბრუნდება.
მე კი ჩემს ოთახში გავშლი ტახტს, ვკითხულობ, ვუყურებ ტელევიზორს. მერე ძილბურანში ვეშვები. თუმცა არ მაწუხებს, მაგრამ მაინც ვფხიზლობ...
დიახ, ჩემში მომვლელის ნიჭი აღმოვაჩინე!

28

ბას-სტეიშინის მე-9 სართულზე ლიფტით ავედი და იქ ავტობუსი დამხვდა. წინა სკამზე დავჯექი, რათა მოგზაურობის დროს გარემიდამოს ხედით დავმტკბარიყავი. მაღალი სართულიდან ავტობუსი სერპანტინით ეშვება დაბლა და მიემართება ჰუძონისაკენ. გრძელი გვირაბით გავდივართ ნიუ-ჯერსის შტატში და ფართო ჰაივეით მივექანებით შტატის სიღრმეში. ხედს რაც შეეხება, გადატვირთული ტრასების, უზარმაზარი სარეკლამო ბილბორდებისა და სტანდარტული გზისპირა ნაგებობების მეტს ვერაფერს ვხედავ. შემდგომ სივრცე გაიშალა, ტყეები და მინდვრებს მიღმა ცალკეული ფერმებიც გამოჩნდა.
ორმოცდაათი მაილის შემდეგ ტრიალ მინდორში, გაჩერებაზე ჩამოვდივარ. ირგვლივ არანაირი დასახლება არაა. გაჩერებასთან საფოსტო და უფასო გაზეთების ყუთები და ტელეფონია. ვრეკავ, ქალბატონი მპასუხობს, ათ წუთში მანდ ვიქნებიო.
მართლაც სულ მალე შავი მერსედესი მოსრიალდა. თავდაპირველად ქალბატონი ახალგაზრდად მომეჩვენა, მაგრამ მანქანაში რომ ჩავუჯექი, მივხვდი, სამოცს იქნებოდა მიტანებული. ღონიერი თუ ხარო, უპირველესად ეს მკითხა. გამიკვირდა კია, მაგრამ რას ვეტყოდი, დიდი ღონით მაინცდამაინც თავს ვერ მოვიწონებდი.
აქაური გზები ტყესა და მინდვრებზე გადის. აქა-იქ მცირე დასახლებებია _ სავაჭრო კომპლექსები, სამედიცინო ცენტრები და ა.შ. კერძო სახლები კი შორიშორ მიმოფანტულა, აქაურები უმეზობლოდ ცხოვრობენ. პატარა, ერთსართულიანი სახლის გარაჟში შევდივართ. შიდა საფეხურებით ბინაში აღმოვჩნდით, ხუთი ოთახი მაინც დავითვალე. ყველაზე დიდში ტელევიზორთან სავარძელში კაცი ზის.
კარგად ჩამოსხმული მამაკაცია, მხარბეჭიანი, დაკუნთული, დიდრონი ხელებით, დიდი, შემელოტებული თავით. ვაჟკაცური პირისახე აქვს, ცისფერი თვალებით ყურადღებით მათვალიერებს. ზედაც ეტყობა, ინტელექტი არ აკლია და ადრე სპორტიც იტაცებდა.
_ ეს ჯიმია! _ ეუბნება ქალი, სიადვილისათვის მასაც ასე წარვუდექი.
კაცი ბაგეებს ოდნავ არხევს.
_ ჯიმი! _ ნიავივით ჩურჩულებს.
მე ვიცი ჩემი მოვალეობა. ამ კაცს ორი დღე-ღამე უნდა ვემსახურო, ამისათვის კი 280 დოლარს გადამიხდიან.
ასაკით მეუღლეზე უმცროსად და ჯანსაღად გამოიყურება, მაგრამ, არ ვიცი, რა დაავადება სჭირს, მაგრამ სიცოცხლე ჯოჯოხეთად გადაექცა.
ეს ძლიერი და ჩამოსხმული კუნთები ახლა მას არაფერში არგია. თავისით არც წამოდგომა შეუძლია, ფეხის გადადგმა მისთვის მიუღწეველი ოცნებაა. სამზარეულოში, საუზმისათვის რომ გავიყვანო, საჭიროა, ეტლი მოვაგორო, სავარძლის გვერდით დავამაგრო, რათა შემთხვევით არ გამისხლტეს. ვცდილობ, თვითონ ფეხებით მყარად დავდგე, იღლიებში ხელებს ჩავავლებ და მთელი ძალ-ღონით ავქაჩავ. აი, ამიტომაც მკითხეს, ღონე თუ გაქვსო. მიჭირს, მაგრამ ამდენი კი შემიძლია. თუ ავაყენე, ბოძივითა დგას, მთავარია, ორივე არ წავიქცეთ. ადგილზე უნდა შევაბრუნო და ეტლში ჩავსვა. ამ უბრალო პროცედურისაგან ოფლი მასხამს.
ეტლით სასადილო მაგიდასთან მივაგორებ. დიასახლისი კერძს დაუდგამს. კაცს არ შეუძლია ხელი აამოძრაოს, საჭმელი პირთან მიიტანოს. არ შეუძლია ლუკმა დაღეჭოს და გადაყლაპოს. მე გვერდით ვუზივარ, ჩანგლით ვიღებ პაწია ნამცეცებს და პირში ფრთხილად ვუდებ. ის ენას ძლივსღა ამოძრავებს, რათა ეს ნამცეცები როგორმე გადაყლაპოს. წვენს საწუწნი ჩხირით ვაწვდი, ის კი ძლივს ახერხებს წვეთწვეთობით მოწუწნოს. ყოველივე ხდება გულისგამაწვრილებლად ნელა და დიდხანს. დაძაბულობისაგან მეც პირს ვაღებ, უნებლიეთ ენის წვერს გამოვყოფ და ვამოძრავებ... ის დიდი, ლამაზი და მძიმე კაცია, მაგრამ ნაკლები შეუძლია, ვიდრე ორი თვის ჩვილს.
ერთადერთი, რაც ჯანმრთელი შერჩა, ეს კუჭია. ტუალეტში ვერ შემყავს, რადგან ვიწრო კარში ეტლი ვერ ეტევა, გავლით ვერ გაივლის და ვერც უნიტაზზე დავსვამ. იძულებული ვარ, საწოლამდე მივაგორო. ისევ უნდა ავქაჩო ეტლიდან, დავსვა, წამოვაწვინო, ისე, რომ არ გადმომივარდეს. `ფლიზ, სორრი!~ _ წამდაუწუმ ჩურჩულით გვებოდიშება მეც და თავის მეუღლესაც, რადგან ცოცხალი არსებაა და ისიც კი არ შეუძლია, ბიოლოგიური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს. წევს და ისე აკეთებს, მაგრამ რაკი კუნთები არ ემორჩილება, ესეც დიდხანს უგრძელდება. მე რეზინის ხელთათმანი მიკეთია და ყოველ ჯერობაზე მიხდება მისი გაწმენდა, საცვლების გამოცვლა... საოცარია, სიყმაწვილეში ვინმეს რომ ცხვირი უხეიროდ მოეხოცა, შემზიზღდებოდა, ახლა კი ამ აუტანელი ტკივილებისა და დამცირების შემხედვარეს, გარდა სიბრალულისა და სინაზისა არაფერი მამოძრავებს.
ნასადილევს, თუ ამას სადილი ჰქვია, ისევ სავარძელში ვსვამ. ცოლი მიუჩოჩდება და თავისთვის ჩუმად ჩურჩულებენ. კაცს კენტი ცრემლი ჩამოუგორდება ლოყაზე, ქალი ხმადაბლა ქშუტუნებს. მათი ხმები არ მესმის, მაგრამ ვიცი, ისინი იხსენებენ წარსულ, ბედნიერ წლებს და მიეცემიან სევდას, რადგან არავინ უწყის, რისთვის ისჯება, საიდან გაჩნდა ეს ეშმაკეული სენი მის სრულყოფილ სხეულში.
ღამე მეზობელ ოთახში ვწევარ, ბალიშთან რადიომიმღები მიდგას. იგი დუმს, მაგრამ ხანდახან აფაჩუნდება და სუსტი ხმა მიხმობს _ `ჯიმ, ფლიზ, ჰელპ მი!~ თავზარდამცემი და გულისმომკვლელია ეს ხმა. წამოვხტები, მივირბენ, ის მრავალი საათი წევს გაუნძრევლად, არ შეუძლია, გადაბრუნდეს, ფეხები თავისთავად ეღუნება და ვერ გაუშლია... ვეხმარები, რომ მხარი შევაცვლევინო, Fფეხები გავუმართო... ოღონდაც მისი კუნთები, მისი ნების საწინააღმდეგოდ ისევ ეკუმშება და ითმენს, სანამ შეუძლია.
მეორე დღეს ექიმთან მიგვყავს. ეტლი მივაგორე მანქანამდე. წინა კარს ვუღებ. ეტლიდან ვაყენებ და სავარძელში ისე ვსვამ, თავი არ მივარტყმევინო. მერე გაფშეკილი ფეხები უნდა მოვუღუნო, რათა შევაწყობინო. მძღოლისაკენ თუ არ გავაჩოჩე, კარის დახურვა გაჭირდება. უკნიდან ვუვლი, იღლიებში ხელს ჩავავლებ, მაგრამ მე თვითონ მოკუნტული ვარ, ღონეს წესიერად ვერ ვატან. მაინც ვექაჩები და უცებ მარჯვენა ხელის სახსარში ტკაცანი ისმის... სადღაც კუნთის ძარღვი გამისკდა და მწარედ მტკივა.. ხმას ვერ ვიღებ... ეტლს ვკეცავ და საბარგულში ვდებ.
წინასწარ ვიცი, როგორ გამიჭირდება, მანქანიდან ეტლში მისი გადმოყვანა. ექიმებთან, კაბინეტებში ტარება, მერე უკან გამომგზავრება... და ღამე, როცა რადიოში კვლავ აფაჩუნდება სუსტი ხმა: `ფლიზ, ჰელპ მი!~


29

გაზაფხული რომ მოღონიერდა, ვიფიქრე, უსაქმურად სანამ ვეგდო-მეთქი. აგერ, განცხადებაც! ცოტათი აღოსავლეთით, აპალაჩის მთებში, წვრილ-წვრილი ტბების პირას, ახალგაზრდული ბანაკებია. საზაფხულო არდადეგებამდე უნდა შეაკეთონ და მუშაობის მსურველებს ეძებენ. მუშაობით ხომ არ გავიჭყლიტებოდი და მივაშურე ბოროუ-პარკს, ებრაელთა უბანს, მოვძებნე მისამართი და შევაბიჯე ბინაში, რომლის დასაგველად და მისალაგებლად, ეტყობა, ვერავინ იცლიდა. ოთახი, მაგიდა, სკამები... დამჭკნარი ქალი გამომეცხადა, ცხვირ-პირი მელას მიუგავდა, ზუსტად საშენო სამსახური მაქვს, ხვალვე მოდი, თეთრეული ხელს გამოაყოლე და 100 დოლარიც არ დაგავიწყდესო. წინასწარ ვიცოდი, დიდი შემოსავალი იქ არ მექნებოდა, მაგრამ კვირაში 350 დოლარი ყველაზე ნაკლებია, რასაც ასეთი მუშაობისთვის იძლევიან, თანაც მთის სუფთა ჰაერით ვისუნთქავდი და ამას რა ჯობდა.
გამოვცხადდი მეორე დღეს. ქალმა ეს ჩემი 100 დოლარი წინდის ყელში ჩაიკუჭა, ერთ საათში შენს წასაყვანად მოვლენ და მანამდე უკანა ეზო მიმილაგეო. არ მეჭაშნიკა, ეს თუ აგენტი-შუამავალი იყო, მისი გაოხრებული ეზოს მილაგება მე რად მევალებოდა. არც რა ვუპასუხე, მაგრამ არც ცოცხს მოვკიდე ხელი. ალბათ ჩემნაირებს იბრიყვებდა ხოლმე, აქ კი არაფერი გამოუვიდა.
ვხედავ, მოსრიალებს შავი ავტო. საჭეს შავგვრემანი, შავწვეროსანი და ზომიერად ჩაკურატებული ტიპი უზის. ჩაცმულობით ვატყობ, რომ რაბინია. ჩამისვა მანქანაში და გამაქანა აღმოსავლეთის მიმართულებით. გავცდით ნიუ-იორკს, მივქრივართ ფართო საბვეიზე. ირგვლივ ტყეებია.. ასიოდე მაილს მიღმა მთებისაკენ გადავუხვიეთ, გავიარეთ წვრილ-წვრილი დასახლებები. ბოლო დასახლებიდან ათიოდე მაილზე ავყევით ტყიან-გორაკიან მხარეს და აღმოვჩნდით ტყის კედლით შემორაგულ ტაფობზე, რომლის ერთ კუთხეში მომცრო ტბა იყო, ოდნავ დაფერდებულ ველზე ორი-სამი დიდი შენობა იდგა, წრეზე კი სამი ათეული კოტეჯი. შენობებიდან ერთი იყო სინაგოგა, ერთიც სპორტული დარბაზი და ერთიც სასადილო კომპლექსი, სადაც მარცხენა ფრთაზე ხორციანი კერძებით იკვებებიან, მარჯვენაზე _ რძიანით... მოკლედ, ეს გახლდათ რელიგიური ბანაკი ებრაელი ბიჭუნებისათვის (საბჭოეთის პიონერთა ბანაკის მსგავსი!).
შებინდებას ცოტაღა აკლდა, ბუნებით და ხედით კმაყოფილი დავრჩი, მაგრამ უკვე მშია კიდეც და დასვენებაც ზედმეტი არ იქნებოდა. რაბინმა ჩემი თავი რონის გადაულოცა. ეს რონი გარეგნობით კაი მოსული, ოცდახუთ წლამდე ახალგაზრდაა. ზრდილობიანად მომესალმა, ოღონდ ათ წუთში მისი ახალგაზრდული სილამაზე ჩემს თვალში გაფერმკრთალდა, როცა პატარა, გრძელ ფარდულში შემიყვანა და მიჩვენა საძილე ოთახი, სადაც არც ნათურა ენთო, რკინის ჟანგიანი საწოლი იდგა და ასი წელი არავის დაუგვია. ამავე ფარდულში აღმოვაჩინე სასადილოც, საპირფარეშოც, შხაპიც... ოღონდაც, საპირფარეშო უფრო სუფთა ჩანდა სასადილოზე და, როცა მაცივრის კარი გამოვაღე, კინაღამ გული შემიღონდა _ იგი გაჭედილი იყო გაუგებარი წარმოშობის პროდუქტებით, რომელთაც ისეთი საძაგელი ფერი დაჰკრავდა, ხელის მიკარებაც ვერ შევძელი. ყავა მოვიდუღე და ამით დავკმაყოფილდი.
ამასობაში დაბნელდა კიდეც და სამუშაოდან ორად-ორი მუშა დაბრუნდა. ერთი იყო დონ-კიხოტის კინოგმირის მაგვარი ტიპი, ვერ გავარკვიე, სერბი თუ რუმინელი, ცოტათი ფსიქიკურად შეჭირვებული. მეორე კი სლავი მიშა, არ ვიცი რუსი, არ ვიცი, უკრაინელი, რომელსაც ცოლი უკრაინაში ჰყავდა და, როგორც თვითონ მომიყვა, რქებსაც ადგამდა, მაგრამ მიშას, ადრე ფიზკულტურის მასწავლებელს, მაინც ეცოდებოდა და მძიმე შრომით მოპოვებულ თავის მცირე ბაქსებს უგზავნიდა, თანაც მარწმუნებდა, ქალი უკაცოდ ვერა ძლებს, ასეთია მისი ბუნებაო.
ეს მიშაც საცოდავად შერეკილი გახლდათ. ერთ ოთახში ჩათბუნებულიყო და, რაკი მოსაუბრე ენატრებოდა, თავისთან გადასვლა შემომთავაზა. მეც უმალ მასთან გადავბარგდი და აღმოვაჩინე, რომ ამ სამართლიანობით აღსავსე, დემოკრატიულ ქვეყანაშიც პატარა კაცი, თუ ის შეშინებულია, მთლად პატარავდება. სიცილით მიყვებოდა: ერთხელ, სუპერმარკეტში, გადახდისას ასდოლარიანი გამოვაჩინე და როცა გამოვედი, გზაზე ორი ზანგი გადამიდგა, ერთმა თავში მრეხვა, გამთიშა და ჩემი ასი დოლარიც გაქრაო. პოლიციას რატომ არ გამოუძახე-მეთქი, ვკითხე. შემეშინდაო, მიპასუხა... როცა დასაძინებლად იხდიდა, დავინახე, მარჯვენა ბეჭს მთლიანად სიდამწვრის კვალი ფარავდა. ეს რა დაგმართნია-მეთქი, _ შევიცხადე. ფირმაში ჭერს ვღებავდი, მაღალი კიბიდან ჩამოვვარდი, ბეჭებზე მჟავა გადმომესხა და ცხრა პირი ტყავი გამძვრაო. ნებისმიერი ამერიკელი და თუნდაც არალეგალი იჩივლებდა და მეპატრონეს მიუწევდა კარგა მოზრდილი თანხის გადახდა, მაგრამ ამ საცოდავს თვითონვე შეეშინდა და გადაიმალა, ეგონა, დამიჭერენო...
მეორე დღესვე მივხვდი, ჩვენი მდგომარეობა მონისას მხოლოდ იმით განსხვავდებოდა, რომ ბორკილებს არავინ გვადებდა. დილის 8 საათზე უნდა დაგვეწყო მუშაობა და ღამის ათამდე ქედმოუხრელად გვემუშავა. ამოდენა კომპლექსის მოწესრიგებას სამი კი არა სამჯერ ათეული მუშა ვერ გაწვდებოდა, მაგრამ ამათ ფულის ხარჯვა არ უნდოდათ და ეტყობოდათ, ჩვენს ხარჯზე სურდათ ამ საქმის გადაგორება. რაბინი საერთოდ არც გვეჩვენებოდა, რონი და მისი თანაშემწე, ერთი წვერხუჭუჭა ლაწირაკი და ერთიც ორმოცს მიტანებული გერმანული წარმოშობის საქმის მწარმოებელი, რომელსაც ჰენრის ვეძახდი, მხოლოდ თვალთვალით იყვნენ დაკავებულნი, რათა შემთხვევით არ შეგვესვენა და მუხლებიდან ქარი არ ამოგვეშვა.
პირველსავე დღეს, უზარმაზარი საცურაო აუზი წყლისაგან ამოვაშრეთ და მცხუნვარე მზის ქვეშ მთლიანად შევღებეთ. მხოლოდ სადილობის ჟამს შეგვასვენეს და საღამოს უკვე ფეხზე ძლივს ვიდექი, იმ ჩვენი ბინძური ფარდულისაკენ მივლასლასებდი. ვატყობდი, რონი კაი თვალით არ მიყურებდა, რადგან მისი ნებართვის გარეშე მიშასთან გადავედი. ვერ მივხვდი, ამით მას რა აკლდებოდა. მზერაში პატარა ტირანი ეჯდა, თუმცა მხოლოდ ის შეეძლო, წამდაუწუმ მოტოროლერით მოგრიალებულიყო და ჩვენი საქმიანობა შეემოწმებინა. ამ დროს მიშას და იმ საცოდავ `დონ-კიხოტს~ ტანში აჟრიალებდათ. მიკვირდა მათი აუხსნელი შიშისა და თანდათან მეც გადამედო. ამიტომ, როგორც კი მოტოროლერის ხმას გავიგონებდი, თავდაღუნული მეტ სიბეჯითეს ვავლენდი. ოღონდაც, რონი არ იყო ისეთი გულუბრყვილო და ხანდახან მელასავით წამოგვეპარებოდა.
მეორე დღესაც ასე გაგრძელდა. ამჯერად რამდენიმე ტბისპირა კოტეჯი გადავღებეთ, ჭანჭრობში გვიწევდა მუშაობა, ფეხები დამისველდა. უკვე ღამით კი სინაგოგის დაცლაც დაგვავალეს გრძელი, მძიმე მერხებისაგან. ღამის თერთმეტი იყო, როცა შხაპის ქვეშ ვიდექი და ვფიქრობდი, შრომით არ მოვკვდები, მთავარია, რას გადამიხდიან. მესამე დღეც ასეთივე მძიმე აღმოჩნდა, იმ განსხვავებით, რომ ბინდისპირზე მე და მიშა ჰენრიმ თავისთან შეგვიპატიჟა. ცალკე, პატარა კოტეჯში ცხოვრობდა. მარტოხელა კაცის საცხოვრისში ყველაფერი ყირაზე დაგვხვდა. მაგიდა ჭუჭყიანი თეფშებით, საჭმლის ნარჩენებით და რაგინდარა წვენებით იყო სავსე. ჰენრი ბუნების შვილი აღმოჩნდა, უყვარდა ნადირობა და თევზაობა, ვერ იტანდა ქალაქურ ყოფას. მოგვართვა მოხრაკული კონსერვები, წვენები და ყავა... დაგვპირდა, ოდესმე ნიუ-იორკში გეწვევითო...
ამასობაში გავარკვიე, რომ კვირაში იმ მიზერულ 350 დოლარსაც არავინ გადამიხდიდა. მიშას ორი კვირის კატორღის შემდეგ ძლივს გადაუხადეს 240 დოლარი და გახარებულმა 200 დოლარი სასწრაფოდ თავის მოღალატე ცოლს გაუგზავნა.
მომდევნო დილის რვა საათზე არც წამოვდექი. ყავა დავლიე, შხაპი გადავივლე და რაბინს გამოვეცხადე. იმას არ შეუცხადებია, ეტყობა, ასე ამოჰყავდა მოტყუებული ხალხი. ისინი, მართალია, სწრაფადვე გარბოდნენ, მაგრამ ამასობაში საქმე ხომ წინ მიიწევდა, თანაც იაფად. შუადღემდე მალოდინა, სანამ 140 დოლარს გამომიტანდა.
ჩემი ჩიქორთული ინგლისურით ავუხსენი, რომ 100 დოლარი იმ დეგენერატ აგენტს მივაშავე. აქედან ავტობუსი 25 დოლარი ღირს, ე.ი. ეს სამი დღე !5 დოლარისათვის მიმუშავია და ისიც ტაქსისთვის დამჭირდება-მეთქი. ისიც არ ეხალისებოდათ, ამ მიყრუებული ადგილიდან ავტობუსამდე მაინც მივეყვანეთ. ჩემს თავზე ვბრაზობდი, რომ იმდენი ინგლისური არ ვიცოდი, გემრიელად რომ გამომელანძღა.
ბოლოს რონის უბრძანა, ავტობუსამდე წაიყვანეო. ეს პატარა ტირანი მანქანაში თაფლად იღვრებოდა. მე კი ინგლისურ სიტყვებს ვაკოწიწებდი, რათა ნაწილობრივ მაინც გული მომეფხანა: მე სულელი კი არა ვარ, მე მწერალი ვარ, თქვენი რაბინის წონა წიგნები მაქვს დაბეჭდილი... თქვენ მუშები კი არა, მონები გინდათ... ამაზე რთულად ვერ ვუხსნიდი, ის კი მიმეორებდა, მე ხომ კარგად გექცეოდი, ხომ არაფერს გიშავებდიო.
შევიძინე ბილეთი და რამდენიმე საათის შემდეგ შევგრიალდი ბას-სტეიშინში.
მეორე დღესვე მივაკითხე აგენტს. უჯდა მაგიდას და წინ ჩემსავით გულუბრყვილოთა რაზმი შემოეკრიბა.
იცი მე ვინა ვარ? _ ქედმაღლურად შევეკითხე. _ წავალ ახლა და ნიუ იორკის რამდენიმე გაზეთში აღვწერ თქვენს ჩალიჩობას.
არ ქნა მაგი, ჩვენზე არაფერი დაწერო, ფლიზ! _ მპასუხობს მელაკუდა, აიწევს კაბის კალთას, წინდის ყელიდან ამოაძვრენს ჩემს დაჭმუჭნილ ასდოლარიანს და მიბრუნებს.
პირველსავე სუპერმარკეტში ვახურდავებ, რადგან მეჩვენება, რომ კუპიურას წინდის სუნი ასდის.
კარგა ხანს გამყვა სურვილი, დამერეკა იმ რაბინისათვის, მეკითხა, მართლა სწამდა ღმერთი თუ არა...

30

ჩემი პირველი დაბადების დღის საჩუქრად რიმა და ალექსი დუნაისკებმა ვაშინგტონში გასამგზავრებელი 140-დოლარიანი საგზურით დამასაჩუქრეს. მართალია, დაბადების დღე პირველ მარტს მქონდა, მაგრამ სამოგზაუროდ მაისში უნდა გავმგზავრებულიყავი, ეს კი საუკეთესო დროა თვალის სასეიროდ, რადგან ატლანტის სანაპიროს შტატები ისედაც ტყია-გორაკიანი და ლამაზია, სამაისოდ კი _ მით უფრო.
მაისისათვის ფეხი ამტკივდა. ჯერაც ხელჯოხს არ ვხმარობდი, მაგრამ კოჭლობით დავდიოდი და შიგადაშიგ ჩავიკვნესებდი. შემჩნეული მაქვს, რომ მამაკაცები უფრო კვნესიან, მცირე ტკივილის დროსაც თავს გაცოდებენ, ქალები კი ტკივილის მიმართ უფრო გამძლენი არიან. ასეა თუ ისე, საგზურის დაკარგვას არ ვაპირებდი და დილაუთენია უკვე ტურისტულ ავტობუსში ფანჯარასთან ვიჯექი.
გადავჭერით ბრუკლინი, ვერაზანოს ხიდი, სტეიტენ აილენდი და ნიუ-ჯერსის შტატი... გვერდი ავუარეთ ტრენტონს, ფილადელფიას, ბალტიმორს... რუკაზე აღნიშნულ ქალაქებს კი ჩამოვთვლი, მაგრამ ტყიანი გორაკების, სწორად გაჭიმული საბვეების, პროვინციული ქალაქების, სამრეწველო გარეუბნების გარდა მეხსიერებაში არაფერი შეგრჩება. ამ კომფორტულ მგზავრობას ერთი მინუსი ახლავს _ ალაქლაქებული გიდი. ცხადია, იგი საინტერესო ამბებს ყვება, უკეთესი იქნებოდა ყველაფერი ეს წიგნად გამოეცა, რათა გზა-გზა ჩაგვეხედა და ვითარებაში გავრკვეულიყავით, მაგრამ ეგზალტირებული გიდის უწყვეტი რატრატი თავის ტკივილის უცილო მიზეზია. მოკლედ, სანამ ვაშინგტონში, ნიუ-ჯერსის, დელავერისა და მერილენდის შტატების ამბებში წვრილად ჩავიჭვრიტეთ, მელონების მილიარდები ბოლო ცენტამდე დავთვალეთ, სადღაც გზისპირა რესტორანში ყავა დავლიეთ და ვაშინგტონის გარეუბნის ერთ უბრალო, ტურისტულ სასტუმროში მოვთავსდით და, რაკი მე ბედი მწყალობს, ჩემთან ნომერში ისეთი მხვრინავი სუბიექტი დამიწყვილდა, ძილი სანატრელი გამიხდა.
ნიუ-იორკის ცათამბჯენებისა და სტანდარტული, დაბალსართულიანი უბნების შემდეგ ეს სულ სხვა ქალაქი აღმოჩნდა. მადლობა ღმერთს, რომ აქ კონგრესზე მაღალი შენობის აგება იკრძალება და უკვე ამითაა განსხვავებული. იმ დროს, თურმე ტურისტებს თეთრ სახლშიც უშვებდნენ, მაგრამ მხოლოდ დილის საათებში და ჩვენ ვერ მივუსწარით. თბილი, მზიანი ამინდი იდგა, ადამიანს რომ სასეირნოდ განგაწყობს. ყველაფერი მწვანეშია ჩაფლული, ბევრია ყვავილი და ბევრია ძეგლები, განსაკუთრებით სამხედრო-ისტორიული პერსონაჟებისა. მომეჩვენა, რომ ვისაც კი ხმალი გაუქნევია, ყველა ბრინჯაოს ცხენზე იჯდა. ქალაქი ჰგავდა ღონით სავსე ახალგაზრდას, ყველაფერს დაჰკრავდა უბრალოების, სიბრძნისა და სიყმაწვილის იერი.
კონგრესში ყოველივე ეს ერთადაა შერწყმული. ცენტრალური როტონდიდან მარცხენა ფრთაზე განლაგებული დარბაზები უამრავ ქანდაკებას უკავია. კანონით თურმე ყველა შტატს უფლება აქვს თავისი ორი ისტორიული პერსონაჟის ქანდაკება აქ დადგას. ამიტომაც აქ მიჯრით დგას სხვადასხვა ზომის ქანდაკებები _ თეთრკანიანთა, ინდიელთა, შავკანიანთა, ქალთა და კაცთა... ყველა, ვინაც კი რაიმე ქმედებით, თუნდაც დროული სიტყვით წინ წასწია ამა თუ იმ შტატს საქმე, აგერ არსებობდა ქვაში და ბრინჯაოში. კონგრესის მარჯვენა ფრთაში გვიჩვენეს სენატისა და კონგრესის ძველი, ისტორიული დარბაზები და, რა თქმა უნდა, თანამედროვე დარბაზებიც... აქ კონგრესის დარბაზში ყველა პრეზიდენტის ძეგლი შემოგვცქეროდა, სენატში _ ყველა ვიცე-პრეზიდენტისა... ეს ქვეყანა თავისი ისტორიის თუნდაც მცირე ფურცელს არ კარგავს.
პოტომაკის სანაპიროზე საკურას ხეების ყვავილობა უკვე დამთავრებულიყო... თეთრი სახლი, კონგრესი, ვაშინგტონის სვეტი, ლინკოლნის მემორიალი _ ერთ ხაზზეა განლაგებული... აგერ ფრანკლინ დელანო რუზველტის მემორიალი... კორეის ომისადმი მიძღვნილი კომპლექსი: ზურგჩანთიანი ჯარისკაცები შეტევაზე გადადიან... ვიეტნამის ომში დაღუპულთა ძეგლი, აქ ყოველი დაღუპულის სახელი და გვარია ამოტვიფრული...
არლინგტონის სასაფლაო... მემორიალური მუზეუმი შესასვლელთან, მარადიული ცეცხლი და საპატიო ყარაული... ირგვლივ მწვანე გორაკები მოფენილია ათასობით თეთრი ჯვრით. არც ერთ თავის შვილს ამერიკა არ ივიწყებს... კენედისა და ჟაკლინის უბრალო, სადა სასაფლაო... შორიახლო კი რობერტ კენედისა, მარმარილოს პატარა ფირფიტა მწვანე მდელოზე... (ამ დროს სიარული თითქმის არ შემიძლია, წინ წასულ ექსკურსანტებს საგრძნობლად ჩამოვრჩი და ყოველი ნაბიჯი აუტანელ ტკივილს მანიჭებს!).
პენსილვანია-ავენიუს ორივე მხარეს მუზეუმებია ჩამწკრივებული, შესვლა ყველგან უფასოა. ყველაფერი რომ ნახო, აქ რამდენიმე დღე მაინც უნდა დარჩე, ექსკურსანტებს კი დრო ცოტა გვაქვს, გადარბენაზე ვართ. რა თქმა უნდა, უპირველესად ხელოვნების მუზეუმი უნდა დავლაშქრო. თავდაპირველად წრიულ კოლონადაში ვხვდები, შუაში გიგანტური, ცოცხალი თაიგულია. აქედან უნდა დავუყვე დარბაზების ლაბირინთს. ყველას შემოვლას, ცხადია, ვერ ვასწრებ და პირდაპირ იმპრესიონისტებთან მივდივარ. ვინსენტ ვან-გოგის ავტოპორტრეტთან სურათს ვიღებ... ნახევარი საათით კოსმონავტიკის მუზეუმისათვისაც მოვიცალე. აქ ყველაფერია, რაც დაფრინავს. კოსმიური ხომალდის კაბინაშიც კი შევძვერი, საძილე ოთახიც ვნახე, სადაც საწოლიც კი არ არის, რაკი ზევით-ქვევით არ არსებობს და როგორაც შეხვალ, ისევე დაიძინებ, კოსმოსში ყოფნისას, ცხადია... უფრო პლანეტებისა და მათი თანამგზავრების სლაიდები მაინტერესებს, `დისკავერმა~ რომ გადაიღო. აგერ იუპიტერის თანამგზავრებიც და მათ შორის ევროპაც. თავის დროზე ფანტასტიკური მოთხრობა გამოვაქვეყნე _ `თეთრი ევროპა~. ჩემი პერსონაჟები ამ თანამგზავრზე ცხოვრობდნენ და აღწერილი მაქვს, თუ როგორ ამოზვავდება იუპიტერი ევროპის ცაზე. მე უფრო შთამბეჭდავად დამიხატავს, რადგან ჩემთან იუპიტერი ნახევარ ცარგვალს იპყრობს, სინამდვილეში, თუმცა იუპიტერი მართლაც დიდი ჩანს ევროპის ცაზე, მაგრამ არა იმოდენა, რაც მე დავხატე, უბრალოდ მანძილი ვერ გავითვალისწინე პლანეტასა და მის თანამგზავრს შორის.
აინშტაინიც მოვინახულეთ. ფეხშიშველა აინშტაინი შინაურულად ჩამომჯდარიყო და თუმცა სახე დანაოჭებული ჰქონდა, შარვალ-პერანგი დაჭმუჭნილი, მაინც უზარმაზარ, ულვაშიან ბავშვსა ჰგავდა. მაგის ფეხის ზომისა ძლივს აღმოვჩნდი, სურათი გადავიღე და ჩემმა შვილმა ფოტოზე უკნიდან დააწერა _ `კოლეგები~... ვითომ რატომაც არა? მე და ალბერტი `კოლეგები~ იმიტომ გახლდით, რომ ბარე რამდენიმე წიგნს ვურედაქტორე მის შესახებ...
ბოლოს საელჩოების უბანი მოვიარეთ, ავტობუსის ფანჯრიდან ვცდილობდი უამრავი სხვა დროშიდან ქართულიც მეხილა, მაგრამ ვეღარ ვნახე. უზარმაზარ კათედრალურ ტაძარს გარს შემოუარეთ და შინისაკე, ე.ი. ნიუ-იორკისაკენ გამოვეშურეთ...


(გაგრძელება ქვემოთ)


Last edited by Admin on Sun May 15, 2011 9:29 pm; edited 1 time in total
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჯემალ ქირია   Fri Apr 08, 2011 12:29 am

ჯემალ ქირია


წიგნი არაფერზე

(გაგრძელება)

31

დიდ და მდიდარ ქალაქში სანახაობა ბევრია და შთამბეჭდავიც. როცა მცირე ხნით ჩამოდიხარ, ცდილობ ყველაფრის ნახვა მოასწრო. აქ თუ ცხოვრობ, ფიქრობ, დღეს თუ არა ხვალ მომიხერხდებაო და ბოლოს აღმოაჩენ, რომ ცოტაღა მოასწარი.
ანი მ. თავის მწითურ პაწაწა აღსაზრდელს ცენტრალურ პარკთან ასეირნებდა, რადგანაც იქვე, ფეშენებელურ სახლში ცხოვრობდა. ბავშვის მშობელმა მეტროპოლიტენის მუზეუმის აბონემენტი უყიდა. ანიმ ჯერ თვითონ იარა, მერე მე დამითმო. მთელი თვის განმავლობაში, შაბათ-კვირაობით, ფეხების დაწყდომამდე დავდიოდი და ახლა რომ მოვყვე, რაც იქ ვნახე, ამისთვის ქაღალდი არ მეყოფა... არჩევანი უსაზღვროა, ვის ანტიკური ხელოვნება მოეწონება, აღორძინების ეპოქა, ჩინური, ინდური, არაბული, სპარსული... მე კი ყველაზე ნაკლებ წინა საუკუნეების ამერიკული რეალიზმი მომეწონა. ყველაზე მეტად კი როდენის უმდიდრესი კოლექცია, იმპრესიონისტები და, რაც ჩემთვისაც გასაკვირია, შუა საუკუნეების რაინდთა აღკაზმულობა... სამწუხაროდ, ქართული ვერაფერი აღმოვაჩინე, მაშინ როცა, ვთქვათ, კორეას ან კამპუჩიას უზარმაზარი დარბაზები ეჭირა.
მეტროპოლიტან-მიუზი თუ პარკის აღმოსავლეთითაა, ნეიჩერ-მიუზი, ე.ი. ბუნებისმეტყველების მუზეუმი მის დასავლეთ კიდეზეა (მის გვერდითაა ნიუ-იორკის მუზეუმიც). ამაზე შთამბეჭდავი სანახაობა ძნელია ადამიანმა წარმოიდგინოს. დინოზავრებიდან დაწყებული მეტეორებით დამთავრებული, დედამიწის ყველა კუთხეში არსებული პანორამები, ცხოველთა სამყარო და მცენარეები... ველური ადამიანები და თანამედროვე ხალხთა ეთნოგრაფია... ცოცხალი ტროპიკული პეპლების გამოფენა და პლანეტარიუმი, სადაც უცხო პლანეტებზე მოგზაურობის შთაბეჭდილება გექმნება (მათ შორის, იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზეც)... აქ საქართველოს პაწაწინა კუთხესაც წავაწყდი, არცთუ მოზრდილი ოთახის მომცრო კარადაში ზურაბ წერეთლის ნაჩუქარი ნივთები გამოეფინათ _ ჩოხა-ახალუხი, ხმალი და ა.შ. ამ ოთახის მთელი დანარჩენი სივრცე სომხებს ეჭირათ, აქ იყო ნატურალური სიდიდის სომეხი მღვდელმთავრისა და ეროვნულსამოსიანი მანდილოსნის ფიგურები...
სხვათა შორის, ჰუძონის სანაპიროზე უზარმაზარი საგამოფენო კომპლექსია, სადაც ყოველწლიურად სამხატვრო გამოფენაც ეწყობა. მსოფლიოს ყველა კუთხის ათასობით მხატვარი აქ ქირაობს ადგილს საკუთარი ნამუშევრების გამოსაფენად. აქ ვიპოვე ჩვენი სომეხი მეზობლები, იმათ სახელმწიფოს ხელშეწყობით მოხერხებული ადგილი ჰქონდათ დაქირავებული. ორად-ორი ქართველი კი სადღაც შორეულ კედელთან მიყუჟულიყვნენ, თუმცა დამთვალიერებლები არც მათ აკლდათ (შესასვლელთან ახლოს ფართი ძვირი ღირდა, შორს _ იაფი).
რა თქმა უნდა, გუგენჰაიმის მუზეუმშიც ვიყავი. დარბაზები აქ წრიულადაა განლაგებული. მიყვები აღმავალ ბილიკს წრეზე და შეუმჩნევლად მაღლა და მაღლა გადაინაცვლებ. თვით დარბაზებში ძირითადად იმპრესიონისტთა და ავანგარდისტთა ნამუშევრებია. ბილიკის გასწვრივ კი თემატური გამოფენები ეწყობა. ამ დროს მექსიკიდან ჩამოტანილი აცტეკთა კულტურის ნიმუშები იყო გამოფენილი _ ურჩხულები, ცხოველები, ადამიანები და ღმერთები...
ბრუკლინში არაჩვეულებრივი აკვაპარკია. ლურჯ აუზში ვეშაპიც კი ჰყავთ. ლოდნარებში ტბათა რიგია და შიგ ზღვის ლომები ლაღობენ. ტბებს თუ შემოვუვლით, დაბლა, მიწისქვეშა დარბაზებში ვეშვებით, უამრავ აკვარიუმში ზღვისა და ოკეანეების მრავალფეროვან არსებებს ვიხილავთ. ტბები ამ დარბაზებისაგან გამჭვირვალე კედლითაა გამოყოფილი და ეს უზარმაზარი ზღვის ლომები წყლისქვეშეთიდან მინას ცხვირს მოაჭყლეტენ და ადამიანებს ცნობისმოყვარედ გვათვალიერებენ.
გამომგზავრების წინ მერაბ ტყემალაძემ მითხრა, ისე როგორ წახვალ, ბრონქსის ზოოპარკი არ ნახოო. კვლავაც ფეხის პრობლემები მქონდა (ხელჯოხს ვხმარობდი!), სეზონიც არ იყო სახარბიელო, მაგრამ მაინც წავედით. რაც იქ ვნახე, სიზმარშიც არ დამესიზმრებოდა. ერთგან მწვანეში ჩაფლულ კარს წავაწყდით, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის წვიმიანი ტროპიკებიო ეწერა. ფიცარნაგზე გავიარეთ და მთლიანი შუშის კედლის მიღმა მართლაც გამოჩნდა იქნებ ბორნეო ან ცელეიბესი _ დაჭაობებული, მარადმწვანე ტყე ლიანებით იყო დახლართული. ტოტებზე მაიმუნების ოჯახი იჯდა, ბეწვი წყლის ნიჟით უბზინავდათ, ქვევით, ჭაობში ნიანგები იწვნენ, ზევიდან თხელი ღვაფი ცრიდა, ჰაერი ორთქლით იყო გაჯერებული... ამ სურათს რომ ვშორდებოდით, წყლის ჩხრიალი და დგაფუნი მოგვესმა. რამდენიმე საფეხურით ჩავედით და მდინარის პირას აღმოვჩნდით: პირდაპირ დარბაზში მოზრდილი მდინარე მოთქლიშინებდა და დინების საპირისპიროდ ასეულობით მხარისტოლა და ვერცხლისფერი თევზები თავგანწირვით მიისწრაფოდნენ... დიდხანს ვიხეტიალეთ ზოოპარკის ვრცელ ტერიტორიაზე. აქ ცხოველები ბუნებრივ პირობებში ცხოვრობენ. შენობებში და გალიებში მხოლოდ ის ცხოველებია, რომელნიც ან საშიშნი არიან (სერპანტერიუმი), ან ამ ქალაქის კლიმატს ვერ გაუძლებენ (უამრავი ჯიშის პაწაწა მაიმუნები), ან ღამის არსებები (ბნელ დარბაზში მათ წითელი მაშუქით გამოაჩენენ)... დაღლილებმა რესტორანში ვისადილეთ და ფანჯრიდან გადავიხედე: სელიანი ქვიშნარით შემოსაზღვრული მომცრო ტბაზე ორი ასეული თეთრი-ვარდისფერლაქიანი წერო იდგა...
ამ მომცრო ჩანაწერებს მეხსიერების გასაცოცხლებლად ვაკეთებ... მეტროპოლიტან ოპერას უზარმაზარი ფოიე, დარბაზი, სცენა... მოცარტის `დონ ჟუანს~ ვუსმენდი, ჩემი სავარძლის წინ კი მომცრო დისპლეიზე ტექსტის ინგლისური ვარიანტი გარბოდა... ჭაღები, ბროლის აფეთქებას რომ ჰგავდა...
გრანდიოზული ტაძრები, კოლონადები, ვიტრაჟი, სივრცე...
ბროდვეის უამრავი თეატრი... კინოთეატრები...
ერთხელ ქართველებმა ჩინურ კომპანიაში ავტობუსი ვიქირავეთ და ფილადელფიაში გავემგზავრეთ, სადაც თეატრალური ფესტივალი ტარდებოდა და ვაშინგტონიდან ჩამოსულმა ქართულ-ამერიკულმა ჯგუფმა `სტუმარ-მასპინძელი~ წარმოადგინა...
ეჰ, ბევრ რამეს ნახავ ამერიკაში, მაგრამ, სამწუხაროდ, უფულო კაცი ამერიკაშიც უფულოა.

32

ოქტომბერში ნიაგარის ჩანჩქერის სანახავად გავემგზავრე. უმჯობესი იქნებოდა, ზაფხულში მომესწრო, მაგრამ გამგზავრება გამიჯანჯლდა და ტურისტული სეზონიც დამთავრებული დამხვდა. ამინდი ურიგო არ იყო, ოღონდ კვლავაც ფეხი მაწუხებდა, თუმცა მეტის გადადება არ ღირდა, რადგან მალე შინ, სამშობლოში ვბრუნდებოდი.
ხელჯოხი ავიღე და ბრუკლინიდან დილით გავედით.
ბრონქსს რომ გასცილდები, გადადიხარ უსასრულოდ გრძელ ხიდებზე. წინ ტყიანი გორაკებით შემოჯარული წყლის ვრცელი ზედაპირი ლაპლაპებს. ტყეებში უთვალავი კოტეჯია ჩაფლული, წყალზე კი აურაცხელი, სხვადასხვა ზომის აფრიანი იახტები დაცურავენ.
გზა ჯერ ნიუ-ჯერსის შტატის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გადის, მერე პენსილვანიის შტატში და ბოლოს საკუთრივ ნიუ-იორკის შტატში, რომელიც ჩრდილოეთით დიდი ტბების ნაპირებს ებჯინება.
აპალაჩების ტყიან-გორაკიანი მხარე! რა თქმა უნდა, ჩვენს მთებს ვერანაირად ვერ შეედრება, ოღონდ აქ გზები მოვლილია, ველური ტყე სინამდვილეში ადამიანის ხელითაა გაშენებული და საბვეიზე ხანდახან დახოცილ ირმებს წააწყდები, გზის გადაკვეთას რომ ცდილობდნენ და მანქანის ბორბლებს ემსხვერპლნენ.
მაღაროელთა დასახლებები: ორთქლმავლების ეპოქაში აქ ბიზნესი დუღდა, გარშემო ტყეები კი მაღაროს ბიჯებისთვის იკაფებოდა. იმ დროს ძალაუფლებისათვის ბრძოლას არაერთი ადამიანი შეეწირა, მაგრამ გადარჩა პირველი როკფელერი, დინასტიის დამფუძნებელი. დღეს, თუ ენაგატლეკილ გიდს დავუჯერებ, ეს მხარე კვდომის პროცესშია, თუმცა ავტობუსიდან მოყურადე ტურისტი ამას ვერ შეამჩნევს.
ორსართულიანი კოტეჯები, მწვანე გორაკებზე მიმოფანტული, ბაპტისტთა მსოფლიო აკადემიაა და აქ, ამ მომცრო ქალაქში მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოსული ბაპტისტები განისწავლებიან.
ინდიელთა რეზერვაცია, სადაც თეთრკანიანი მგზავრი ცხვირსაც ვერ შეჰყოფს, მაგრამ სახლებისა და ძვირადღირებული მანქანებიდან კარგად ჩანს აბორიგენთა პრივილეგირებული ყოფა.
ცხრა ტბის რაიონი, გამყინვარებიდან შემორჩენილი ვიწრო და ასეულ კილომეტრზე წაგრძელებული ტბები.
ჰორიზონტამდე გაშლილი ჭაობნარი, სადაც ადამიანთა შესვლა აკრძალულია, რაკი საგანგებოდაა დაცული გადამფრენი ფრინველებისათვის.
დაბოლოს, უკვე შეღამებულზე, ნიაგარა-ფოლსი, ბუნების საოცრება, ერისა და ონტარიოს ტბებს შორის დამაკავშირებელი მოკლე და ჩქარი მდინარე, ერთგან რომ თავბრუდამხვევი სისწრაფით ვარდება.
ამ სანაპიროზე არცთუ დიდი დასახლებაა, რაკი ამერიკელები კრძალავენ მშენებლობებს. მოვთავსდით სასტუმროში და წავედით სასეირნოდ, ჩემს ჯოხით ცოდვილობას და კელანაობას თუ სეირნობა ჰქვია. გავიარეთ პარკი და გადავხედეთ ღამეულ ნიაგარას. სათვალთვალო ადგილიდან მხოლოდ ის ნაწილი ჩანს, შტატებს რომ ეკუთვნის, ეს კი, თუ არ ვცდები, მეოთხედია. შუაში კუნძულია და მის მიღმა ნახევარწრედ გრიალი გააქვს კანადის ტერიტორიაზე ჩამდინარე ჩანჩქერს, რომელსაც ჩვენთვის ზურგი შეუქცევია და აქედან მხოლოდ დაშორებულ ფრთას და წინწკლების თეთრ ღრუბელს ვხედავთ.
ხიდით გადავდივართ კუნძულზე. ჭორომებში უხვი მდინარე მოჩქაფუნებს, სანამ ორიოდ ნაბიჯზე ჩანჩქერად გადაიქცეოდეს. კუნძულის კიდიდან რძისფერი ჩანჩქერი ხელის გაწვდენაზეა.
კანადის ნაპირი ცათამბჯენებით, ტაძრებითა და სასტუმროებით ბრწყინავს.
ვისაც პასპორტი აქვს, შეუძლია, გადავიდეს, ნიაგარა ხომ მთელი თავისი დიდებულებით იმ ნაპირიდან ჩანს, მაგრამ მე არალეგალი ვარ, რომ გადავიდე, უკან ვერ გადმოვალ.
გვიან ვბრუნდები სასტუმროში, დაბეჟილ ფეხებს ვასვენებ და ვიცი, მომდევნო დღეს უფრო გამიჭირდება.
გარიჟრაჟზე ისევ ჩანჩქერზე ვბრუნდებით, რათა დღის სინათლეზე ვნახო ის, რასაც ღამით ვუყურებდი.
დიდებული სანახავია მოზღვავებული წყლის ჩქერალი, შიშის მომგვრელი მშვენიერი ურჩხული, ჰაერში რომ დუჟსა და რძისფერ წვეთებს ფანტავს.
კანადის ნაპირზე ბუდისტური ტაძარი მოჩანს. ბუდისტები წყლის ძალას ეთაყვანებიან, აზიიდან ჩამოსულმა პილიგრიმებმა ცოცხალი თევზი შესწირეს ნიაგარას. თევზმა კი თავი გამოიდო და ყველა სხვა თევზი გადაჭამა. ახლა ცდილობენ ეს ტირანი მოსპონ და დაჩაგრულების პოპულაცია აღადგინონ.
ძლიერია ნიაგარა. მისი გაჩერება მხოლოდ ბუნებას შეუძლია და ეშმაკობას. ბუნებას მაშინ, როცა ამ განედისათვის უჩვეულო ყინვებს დაიჭერს, ერის ტბა გაიყინება და გაზაფხულზე ყინულის ხერგილი სადინარს ამოავსებს. ეს კი ათასში ერთხელ თუ მოხდება... ეშმაკობა კი!.. ერთმა თაღლითმა სამ მდიდარ მეგობართან ნიძლავი დადო, თხუთმეტი წუთით ნიაგარას გავაჩერებო (თანხა თითოზე მილიონი დოლარი დაიდო!). მივიდა მმართველი კომპანიის პრეზიდენტთან, თავი კინომენეჯერად წარუდგინა და ამცნო, რომ ძვირადღირებულ ფილმს იღებდა, სიუჟეტის თანახმად კი ნიაგარა უნდა გაჩერებულიყო. ზარალის ასანაზღაურებლად კინოკომპანია ერთ მილლიონ დოლლარს იხდისო. ცნობილია, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებს, პრეზიდენტი კი მალე პენსიაზე გადიოდა და დათანხმდა. საქმე იმაშია, რომ ჩანჩქერის ზევით, მდინარის ფსკერზე ჩამონტაჟებულია საგანგებო რაბები. საჭიროების შემთხვევაში ფოლადის კარები ამოიწევა და წყალს გადაკეტავს. სამეულმა, ცხადია, ამის შესახებ არაფერი იცოდა. დათქმულ დროს კინოაპარატებით დახუნძლული ჟურნალისტური არმია სასწაულს ელოდა და მართლაც წყლის მასა შემცირდა, შემცირდა და სალი კლდის კბოდეები გააშიშვლა. თხუთმეტი წუთი გრძელდებოდა ეს შოუ! ცხადია, ელექტროსადგურები გაფრთხილებული იყო და ავარიულ წყალსაცავზე გადაერთვნენ. მეოთხედი საათის შემდეგ წყლის კოლოსალური მასა გრგვინვით გადმოეშვა... იმ თაღლითმა სამი მილიონი ჯიბეში ჩაიდო. კომპანიის პრეზიდენტის კარიერა დამთავრდა, მაგრამ ამას დიდად არ უნაღვლია.
ათ საათზე ისევ ავტობუსში ვისხედით. ვიმგზავრეთ ნიაგარის კანიონის გასწვრივ. კანიონის მაღალ კედლებზე, ორივე ნაპირზე, ელექტროსადგურები იყო მიწებებული, თონეში ლავაშს რომ ააკრავენ, ისე. ტურბინებამდე წყალი გვირაბებით მიდის და აქ გამომუშავებული დენი ძალზე იაფია. ამიტომაც ამ მიდამოებში უამრავი ენერგოტევადი საწარმოა... მაღალი სერიდან გადავხედეთ ონტარიოს უკიდეგანო ტბას და უკან შევბრუნდით _ ბაფფალომდე, სადაც ერის ტბასაც გავხედეთ. ბაფფალო ერთ დიდ საწარმოს ჰგავს, ყველგან ძველი და ახალი კორპუსები ჩანს. სხვათა შორის, ბაფფალო ხარს ნიშნავს. ადრე აქ ბიზონის ჯოგებო ძოვდა, მაგრამ კოლონიზაციის ეპოქაში გაწყვიტეს და ახლა უკვე არსად იყვნენ. `როგორ არა! _ გვეუბნება გიდი. _ გაიხედეთ მარჯვნივ და მარცხნივ!~ გზა ორ მწვანე გორაკს შორის მიემართება. მწვანე ფერდობებზე ბიზონების ჯოგია შეფენილი, ზოგი ძოვს, ზოგი ჩვენკენ იყურება. გვიან მოვტვინეთ, რომ ფერდობებზე ბრინჯაოს ბიზონები ბალახობდნენ.
ნიუ-იორკში ღამე ჩამოვედით. ფეხები ისე ამტკივდა, ავტობუსიდან ძლივს ჩამოვხოხდი. საბედნიეროდ, სადაც ვიდექი, იქ გაჩერდა მე-6 ავტობუსი, რომელმაც ჩემი ბილდინგის კარამდე მიმიყვანა...

33

ჩვენი დიასპორა ცდილობდა ქართული საქმეებისაგან არ გარიყულიყო. მისი აქტიური ნაწილი მუდამ იქ გამოჩნდებოდა, სადაც კი ქართული საქმე გაფაჩუნდებოდა.
ახალჩასული ვიყავი და მარტოდმარტომ გავისეირნე მანჰეტენზე. 42-ე სტრიტზე დავადე თავი ისტ-რივერის მიმართულებით. ყველაზე აღსანიშნავი აქ, ერთ მხარეს, საჯარო ბიბლიოთეკაა, სადაც ქართულ წიგნებს ვეძებდი და სულ რამდენიმე აღმოვაჩინე, მეორე მხარეს, გრანდ-ცენტრალია... ისტ-რივერამდე თუ ჩააღწიე, აგერაა გაეროს შენობაც. თვითონ შენობამ ჩემზე მაინცდამაინც დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა, რადგან ამაზე უფრო ორიგინალურ და გრანდიოზულ ცათამბჯენებს, საითაც მივბრუნდებოდი, იქ ვხედავდი. ოღონდაც, გაეროს წინ ფლაგშტოკების რიგს დავუყევი, რათა ჩვენი შინდისფერი დროშა აღმომეჩინა. გისოსებს მიღმა ზურაბ წერეთლისეულ ცხენზე ამხედრებულ წმინდა გიორგისაც შევხედე და იქვე, ქუჩის მეორე მხარეს, ლამაზ, მაღალ შენობაში საქართველოს წარმომადგენლობაც აღმოვაჩინე. ცხადია, იქ მე არაფერი მესაქმებოდა, მაგრამ ის, რომ ჩვენ დამოუკიდებელი ქვეყანა ვიყავით, რომ გაეროში ჩვენი ელჩიონი გვყავდა, კარგ გუნებაზე მაყენებდა და ამიტომ ლიფტით ავედი, გავიცანი იქ მომუშავე ხალხი (ჩხეიძე, ვოლსკი...) და ვეჭორავე.
აპსტეიტში, ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე, კონფერენცდარბაზში ქართული დიასპორის ყრილობა შედგა. 500-მდე ქართველი შევიყარენით, სტუმრად სენატორი მაკ-კეინი გვყავდა... იყო სიტყვები, ალაფურშეტი...
ნაკლებმასშტაბიანი, მაგრამ მაინც საინტერესო შეკრებები ხდებოდა ეროვნულ დღესასწაულებზე, არჩევნების დროს, რომელიმე ქართველი მხატვრის გამოფენაზე და ა.შ. სუსტი ქვეყნის შვილები, შიმშილსა და გაჭირვებას რომ გამოვექეცით, ამით საკუთარ თავს ვამხნევებდით _ ჩვენ არ გვავიწყდება სამშობლო, ჩვენ აქედან ვეხმარებით მას, რითაც შეგვიძლია, თუნდაც იმით, რომ ყოველი ემიგრანტი იქ, სამშობლოში უამრავ თავის ახლობელს ხელს უმართავს და გადარჩენის შანსს აძლევს.
ელისო წიკლაური ასეთ ღონისძიებებზე გავიცანი. ელისოს, როგორც ნიჭიერ მხატვარს, თბილისში კარგად იცნობდნენ, აქ კი ორგანიზატორის ნიჭი და ფხა გამოავლინა. მის ორგანიზაციას `ამირანი~ ჰქვია და იგი ისეთ საქმეებს თაოსნობდა, რომელთა შესახებაც სამშობლოშიც არაერთხელ გაჟღერდა. ეს იყო მიტინგი გაეროს შენობასთან აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით (იმ დღეს უშიშროების საბჭოში აფხაზეთის პრობლემა იხილებოდა). ვარდების რევოლუციის დროსაც გვქონდა საკმაოდ შთამბეჭდავი თავყრილობა კვლავაც გაეროსთან და პირველად იქ ავაფრიალეთ ორნაირი დროშა _ შინდისფერიც და ხუთჯვრიანიც.
ელისო და მისი უფროსი და თინა ბრუკლინში ცხოვრობდნენ, ჩვენი ბილდინგიდან არც ისე შორს, რევოლუციის დღეებში კომპიუტერით `რუსთავი-2~ დღე და ღამე ჩართული ჰქონდათ. ჩემთან მარტო `კურიერს~ თუ ვუყურებდი და ამიტომ იმათთან მივდიოდი. გვიანობამდე ვისხედით მონიტორის წინ, მივირთმევდით ყავას და გაფაციცებით ვადევნებდით თვალს მოვლენების განვითარებას. ბოლოს, როცა შევარდნაძე კრწანისის რეზიდენციაში წავიდა და გადადგა კიდეც, შუაღამე გადაცილებული იყო, გამოვედი წიკლაურის სახლიდან და გავხედე გრძელ სტრიტს, კოტეჯების ერთფეროვან რიგს და ჩემს თავს ვუთხარი _ `რა მინდა აქ? რატომ არა ვარ თბილისში, სადაც ხდება ის, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს!~ მივხვდი, ამ ქვეყანაში დიდხანს ვერ დავრჩებოდი. იგი ლამაზიც იყო და მდიდარიც, მაგრამ ჩემი ქვეყანა სულ სხვა მხარეს არსებობდა და იქ უნდა დავბრუნებულიყავი...

34

ჩვენი ახალგაზრდების ყოველკვირეულმა ურთიერთობებმა, პიკნიკებმა, ექსკურსიებმა, მოგზაურობებმა აპალაჩის მთიან კურორტებზე, ლას-ვეგასში, ატლანტიკ-სიტიში, ფლორიდაში _ ორლანდოსა და კი-უესტში, შედეგად რამდენიმე ქორწილამდე მიგვიყვანა. ერთხელ ზედიზედ სამი ქორწილის გადახდა მოგვიწია და სამი თვის მანძილზე ლაპარაკი იყო მხოლოდ საქორწინო კაბებზე, რესტორნებზე, საჩუქრებზე... ჯვრისწერა, ცხადია, მანჰეტენზე ხდებოდა. იქ ქართველი მოძღვარი გვყავდა, მაგრამ არაქართველებიც, უფრო რუმინელები და სერბები ქართულ ტექსტებსაც იყენებდნენ, გალობა კი მუდამ ორენოვანი იყო _ ინგლისურ-ქართული.
პირველად ნაირა და დათო დავაქორწინეთ. ტაძრიდან ჩვენი ფერადოვანი კავალკადა ბრუკლინის ბოტანიკური ბაღისაკენ გაემართა. იქ ტბის პირას ვერთობოდით, ნავებით დავსეირნობდით, დათქმულ დროს კი ბრაიტონ-ბიჩზე, მილენიუმის თეატრის რესტორანში გადავინაცვლეთ. სუფრა იყო ქართულ-რუსული, იყო სადღეგრძელოები, ცეკვები და სიმღერები, იყო ბრწყინვალე შოუ, დედოფალი ჰგავდა პრინცესას და ნეფეს ხელზე ატაცებული ჰაერში აჰყავდა...
ერთ თვეში თეას და კახას ქორწილი გადავიხადეთ. ტაძრიდან მანჰეტენზე, ცენტრალურ პარკში გავემგზავრეთ. ეტლებით ვისეირნეთ. მერე ტბის პირას, მდელოზე ცეკვა-თამაში გავმართეთ. ნეფესა და ხელისმომკიდეს ჩოხა-ახალუხი ეცვათ. ქართული დოლ-გარმონი ახმიანდა. სტუმრებში პროფესიონალი მოცეკვავეები გვერია და ისეთი ცეცხლი დაანთეს, ირგვლივ შემაღლებულებზე ამერიკელები შეიყარნენ და ვიდეოაპარატები ჩართეს... მოგვიანებით ჩვენი კავალკადა ბრუკლინისკენ დაიძრა, იქ, სანაპიროზე, იახტების ნავმისადგომთან რესტორანში ლხინი გავმართეთ...
კიდევ ერთი თვე და მაკას და სამსონის ჯერიც დადგა. ტაძრიდან სანაპიროზე გავედით. იქ მომცრო იახტა გვქონდა დაქირავებული, რომელიც ვრცლად გაშლილ ისტ-რივერს მაღლა აჰყვა. ჩვენ გემბანზე ვერთობოდით, ქროდა გრილი ნიავი, ვუყურებდით დაისის ვარდისფერ სასწაულს... გემიდან ბერგენ-ბიჩში გავემგზავრეთ, ამერიკულ-იტალიურ რესტორანში, ბროლითა და სარკეებით რომ ბრწყინავდა... ღვინო მხოლოდ ყანწებით ილეოდა, სიმთვრალეს კი ცეცხლოვანი ქართული ცეკვები აქარვებდა...
გავიდა ცხრა თვე და სამშობიაროში რიგი დაგვიდგა. თვენახევარი მისი კედლების სტუმარნი ვიყავით, რადგან ორ-ორი კვირის გამოშვებით ქვეყნიერებას მოევლინა სამი ანგელოზი, სამი ქართველ-ამერიკელი _ ნია, დეა-ბელა და მარიამი.
რა თქმა უნდა, ამის შემდეგაც იყო ქორწილები, ამის შემდეგაც გაჩნდნენ პატარები, გოგონებიცა და ბიჭებიც... ხიდი, ამერიკასა და საქართველოს შორის, მყარდება...




35

ამერიკაში გამგზავრებამდე, ერთმა ჩემმა კოლეგამ მითხრა, მანჰეტენზე, ამა და ამ სტრიტზე გამომცემლობაა, დავეკონტაქტე, ხელნაწერიც გავაგზავნე, ხელშეკრულებაც გამომიგზავნესო... იმ ხელშეკრულებაში ეწერა, რომ ავტორმა უნდა გადაიხადოს 8 ათასი დოლარი და, თუ 10 დოლარად 1000 ცალი წიგნი მაინც გაიყიდება, იმ 8 ათასს უკან დაგიბრუნებთო. ამდენი ფული, რა თქმა უნდა, ავტორს არ ჰქონდა, რისკიც უაზრო იყო, რადგან გარანტია იმისა, რომ ორდინალური ქართული წიგნი იქ გაიყიდება, არ არსებობდა. როცა ვითარებაში გავერკვიე, მივაკითხე იმ გამომცემლობას, ვთხოვე, ხელნაწერი მაინც დამიბრუნეთ-მეთქი. სამწუხაროდ, ავტორის პასუხს დიდხანს ველოდეთ და, რაკი არაფერი გვიპასუხა, კომპიუტერიდან ამოვშალეთო. მოკლედ, ინგლისური ტექსტი დაიკარგა. სულ მალე აღმოვაჩინე, რომ გამომცემლობები, რომლებიც ავტორთა ხარჯზე არსებობენ, აქ ბლომადაა. ერთხელ გაზეთში განცხადება ამოვიკითხე, ბრონქსში არსებული პატარა ებრაული ფირმა კლიენტებს წიგნის გამოცემას სთავაზობდა. დავურეკე, რა ეღირება ეს თქვენი მომსახურება-მეთქი. 60-გვერდიანი ტექსტი ათასიანი ტირაჟით 600 დოლარი დაგიჯდებაო. მერე სად წავიღო ეს ათასი წიგნი-მეთქი, ვკითხე. სადაც გინდა, იქ წაიღეო... ყურმილი დავკიდე. წიგნის გამოცემა მხოლოდ იმისათვის, რომ სამშობლოში მეტრაბახა, ცხადია, არაფერში მჭირდებოდა.
მოვიძიე ბიბლიოთეკაში და ვხედავ მთელი თარო უკავია სქელტანიან ცნობარებს, სადაც წერია რჩევები წიგნის გამოცემისა და მარკეტინგის შესახებ, გამომცემლობების სია კი ათასებს აჭარბებს. ყოველი მათგანი, ცხადია, თავისი სარეკლამო ტექსტითაა დამშვენებული, კომპიუტერული მისამართიც ახლავს და წინასწარვე გაფრთხილებთ, თუ რა ჟანრის, მოცულობის და ა.შ. ნაწარმოებს მიაქცევენ ყურადღებას.
მოკლედ, მეტ-ნაკლები წარმოდგენა შემექმნა წიგნის ამერიკულ ბაზარზე. იმასაც მივხვდი, ყოჩაღი ლიტერატურული აგენტის გარეშე ფონს იოლად ვერ გახვალ. აგენტები კი, ტრადიციულად, ცნობილი სახელებით იხვეჭენ ფულს. თუ აგენტს ორი-სამი მძიმეწონიანი მწერალი ჰყავს, თავი ქუდში აქვს. ახალი სახელის ასაგორებლად კი დიდი ენერგია სჭირდება და მით უფრო უცხოელთან სალაპარაკოდაც ვერ მოიცლის. არადა, გამომცემელთა უმრავლესობა პირდაპირ აცხადებს, აგენტის გარეშე ნურც მოგვმართავთო.
ამ წინააღმდეგობის გადალახვას რომანტიკული ნატურა და სიჯიუტე სჭირდება. ამიტომ, უპირველესად, როგორც კი ჯიბეში ცენტები გამიჩნდა, გადავარჩიე ხუთიოდე ზღაპარი პატარებისათვის, ვათარგმნინე ერთ შესანიშნავ ქართველ მთარგმნელს და ისე მოვიქეცი, როგორც იქცეოდა ჯეკ ლონდონის პერსონაჟი მარტინ იდენი თავისი კარიერის დასაწყისში.
დათო ტოპრაკაშვილმა პირდაპირ ქუჩიდან მომითრია ელექტროსაბეჭდი მანქანა, სავსებით ახალი და მუშა. ჩავრთე და გადავბეჭდე. გავამრავლე ქსეროქსზე, ვიყიდე ბლომად კონვერტები და მარკები. ამის შემდეგ, კვირაში ერთხელ ათიოდე კონვერტს ვაგზავნიდი (შიგ ვდებდი მარკიან კონვერტს პასუხისათვის) შეერთებული შტატების, კანადის, ავსტრალიის და ინგლისის გამომცემლობებში. ორმოცდაათი კონვერტი რომ გავხარჯე, პასუხების ცვენაც დაიწყო. უმრავლესობა ოფიციალურ, მშრალ პასუხს მიგზავნიდა, გმადლობთ, რომ ჩვენი არსებობა გცოდნიათ, მაგრამ ჩვენი საგამომცემლო პორტფელი უკვე შევსებული გვაქვს და ა.შ. იყო სხვანაირი პასუხებიც. ერთი კანადური გამომცემლობა მატყობინებდა, წელს გვიჭირს, მაგრამ მომავალში ვითანამშრომლოთო. მეორე გამომცემელს ჩემი ტექსტი გაკვრით შეუსწორებია, ეტყობა, დამწყები მწერალი ვეგონე. ლონდონიდან ვრცელი წერილი მივიღე ისეთი უზარმაზარი კორპორაციისაგან, გამიკვირდა, მის წიაღში გამომცემლობას საერთოდ რა უნდა-მეთქი. ოღონდაც, როცა ვიკითხე, თუ რა დამიჯდებოდა ეს პროექტი, არავინ შემეხმიანა.
ამ მიწერ-მოწერაში ერთი რამ კი მოვტვინე: საბავშვო ზღაპრების გამოცემა ძვირი სიამოვნებაა, წიგნი პატარებისათვის მეტ ხარჯს მოითხოვს, ვიდრე რომანის დაბეჭდვა. გამომცემელს, შესაძლებელია, ათეულ ათასობით დოლარით უნდა ერისკა. ჩემი სახელი და გვარი კი მას არაფერს ეუბნებოდა და ასეთი წაგების რისკზე არც არავინ წავიდოდა.
მივხვდი, დროსა და ფულს ტყუილუბრალოდ ვხარჯავდი და ხელი ჩავიქნიე. მერე მცირე დროით გამომიჩნდა სამუშაო, შესაბამისი ფულიც და ხელახლა გავრისკე. ჩემს მთარგმნელს ვთხოვე ეთარგმნა ვრცელი ზღაპარი-რომანი `ბაციკუკუ~. იმანაც ნიჭიერება არ დაიშურა და თავდაპირველად ამერიკელებმა ტექსტი რომ გაიცნეს, ამერიკელი მწერალი ვეგონეთ.
გადავბეჭდე ეს გრძელი ტექსტი ჩემს ელექტროსაბეჭდ მანქანაზე. დავაქსეროქსე, ქართული წიგნის ილუსტრაციებიც მივაყოლე, რათა სანამ წაიკითხავდნენ, მანამ სცოდნოდათ, რასთან ჰქონდათ საქმე და ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ სამი მისამართით გავაგზავნე.
ერთი მათგანი დამეკარგა.
მეორე _ გამომცემლობა კი არა, რაღაც სარეიტინგო დაწესებულება ყოფილა. აკითხებენ თურმე სპეციალისტებს. ზოგი სიუჟეტს აფასებს, ზოგი _ ენას, ზოგი _ პერსონაჟებს და ა.შ. ყველაფერ ამაზე ქულები იწერება. მე სადღაც 70_80 ქულამდე ავკრიფე, ოღონდ ის ვერ გავიგე, რაში გამომადგებოდა.
მესამედან კი სწრაფი პასუხი მივიღე ინტერნეტით. გაეცანი კონტრაქტის ტექსტს და თუ თანახმა ხარ, შეგვატყობინეო.
ეს გამომცემლობა ბალტიმორში მდებარეობდა, წელიწადში 800-მდე დასახელების წიგნს სცემდა და, რაც მთავარია, ფულს კი არ ითხოვდა, არამედ _ პირიქით, მოგების შემთხვევაში გარკვეულ პროცენტს გადამიხდიდა. ერთი მუხლი არ მომეწონა, შვიდი წელი ეს ზღაპარი ჩვენს განკარგულებაში იქნებაო, მაგრამ ამაზე კამათი არ დამიწყია და `ოკეი~-მეთქი შევატყობინე.
კონტრაქტის თანახმად, წიგნი ერთ წელიწადში უნდა გამოცემულიყო. მთხოვეს, ელექტრონული ვერსია გამეგზავნა. ამერიკელს ხომ ვერ წარმოუდგენია, რომ ხელნაწერი ქაღალდზე კი გაქვს დაბეჭდილი, მაგრამ კომპიუტერში _ აღარ. მომიწია მთელი ტექსტის ხელახლა აწყობა, ამჯერად კომპიუტერზე. იმ გამომცემლობაში მე არასოდეს ვყოფილვარ, მხოლოდ ინტერნეტით ვუკავშირდებოდი. ერთ დღეს კი მივიღე ფართო კონვერტი, სადაც მოსალოცი ტექსტი იდო, აქაოდა, `კონგრეთულეიშნ~, ვიწყებთ `ბალდიეს~ ბეჭდვასო და ზედ ერთდოლარიანი კუპიურა იყო დაკრული... ეს, ცხადია, იმას ნიშნავდა, ელოდე გამდიდრებასო, ჰოდა, ველოდები კიდეც!..


(დასასრული ქვემოთ)
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჯემალ ქირია   Fri Apr 08, 2011 12:31 am

ჯემალ ქირია


წიგნი არაფერზე

(დასასრული)

36

დეა-ბელას დედიკო უვლის, მარიამის დედიკო კი თერთმეტ საათზე უკვე სამსახურში უნდა იყოს და მხოლოდ შვიდზე მობრუნდება. მარიამის ბებიკო სამსახურში ხუთი დღით მიემგზავრება მეზობელ შტატში, ამიტომ მარიამს ბაბუ მიხედავს. ბაბუმ უკვე იცის, თუ როდის აჭამოს მარიამს, როდის დააძინოს და როდის ეთამაშოს. გოგონები უკვე გამართულად დადიან. ბაბუ მარიამს ტროტუარებზე ასეირნებს. ტროტუარები მწვანეშია ჩაფლული, ხეების რიგი გასდევს, სახლების წინ კი ყვავილნარი და მწვანე კოინდარია. მარიამი ცდილობს ყვავილი დაპუტოს, ბალახი მოგლიჯოს, შიგ ჩაჯდეს, ყველაზე მეტად კი ხიდან ჩამოცვენილი შემოდგომის ჭრელი ფოთლები ართობს. ბაბუ ფხიზლად უყურებს, რათა მარიამმა პირში არაფერი იტაცოს... გამვლელები მიდი-მოდიან, მარიამი ყველას ეპოტინება, ზოგი ისე ცივად ჩაივლის, თითქოს არც ვარსებობდეთ, უმრავლესობა კი გვიღიმის, უფრო შავკანიანები, ან გასათხოვარი ასაკის გოგონები, ან ყოფილი საბჭოეთიდან გადმოსახლებულნი... ამათ იოლად გამოარჩევ!
ზოგჯერ დედიკოს მეგობრები გვეხმარებიან. მოვარდება გვანცა და ორიოდე საათით წაიყვანს, ან ნაირა მოიცლის, თუ მე ფეხის პრობლემა მაწუხებს...
მარიამი უკვე ბგერებს აკოწიწებს _ `ბა-ბუ!~ სტუმრად მოსული დეა-ბელაც, უფრო ჩაფსკვნილი და ღონიერი, მუდამ სათამაშოს რომ ეცილება და პირიდან საწოვარას აგლეჯს, ბაძავს _ `ბა-ბუ!~
ისინი თითო წლისანი ხდებიან!

37

ოთხი წელი გავიდა და დაბრუნება გადავწყვიტე. ემიგრანტობა ხაფანგივითაა, დღესხვალეობით შეიძლება დრო ისე გაიწელოს, საერთოდ ვერ დაბრუნდე და უცხო მიწაში ჩაწვე. ამიტომ, უმჯობესია, უცბად გადაწყვიტო, რომ ამა და ამ დროს ვბრუნდები-თქო და მერე ამ გადაწყვეტილებას არ გადაუხვიო.
ბილეთს ორი კვირით ადრე ვყიდულობ, ჩემთვის ძვირს და მარიამისთვის _ იაფს, რადგან დედიკო იძულებულია მოგვიანებით ჩამოვიდეს.
მეგობრები წინასწარვე მემშვიდობებიან, ხან რესტორნებში, ხან შინ, მათ შორის ამერიკელებიც არიან, მაგრამ, ცხადია, უფრო ჩვენი საძმოს წევრები.
ბოლო დღეს უჯუშიმ შინ მომაკითხა. განიცდიდა და ამიტომ აეროპორტში არ წამოვიდა, კიბეზე თვალცრემლიანი ეშვებოდა.
აეროპორტში უამრავი ხალხი მაცილებდა, ზოგმა ამისათვის სამსახური გააცდინა, საჩუქრები მომართვეს, ჯიბეში ფული ჩამიკუჭეს, მოკლედ, ქართული გაცილება გვქონდა.
მარიამი და დეა-ბელა კისკისით დარბოდნენ. მარიამის დედიკო ცდილობდა თავი ყოჩაღად სჭეროდა და ნაძალადევად იცინოდა.
დრო დადგა გამომშვიდობებისა და ყველაფერი აირია. დედიკო მოიფშხალა, ცრემლები გადმოყარა, მარიამი კი განწირული ხმით აკივლდა.
დაბნეული ვდგავარ მესაზღვრეებით გარშემორტყმული. ხელში მარიამი მიჭირავს, ხელბარგი საბავშვო ეტლში მიწყვია და ბავშვს იქ ვერ ჩავსვამ. მესაზღვრეები კი დინჯად, აუჩქარებლად მსინჯავენ, ფეხსაცმელების გახდას მთხოვენ. ამათ ხომ არ ჰგონიათ, რომ პატარას განგებ ვატირებ.
გავეშურეთ თვითმფრინავისაკენ, მარიამი კი ვერა და ვერ მშვიდდება, რადგან ვერ გაუგია, რა ხდება მის თავს, რატომ დააშორა ბაბუკამ დედიკოს.
ძლივს მივაღწიეთ ავიალაინერის კარამდე. სტიუარდესა ბავშვს მართმევს, რათა ეტლი დავკეცო და ხელბარგი სალონში შევიტანო. მარიამს ჰგონია, ბაბუც მტოვებსო და ისტერიკაში ვარდება.
სალონი ნახევრად ცარიელია, ყველაფერს არეულ-დარეულად ვყრი, სავარძელში ვჯდები და ვცდილობ მარიამი დავაწყნარო.
უცბად აგუგუნდა ავიაძრავები. ეს გრიალი პატარისათვის ბოლო წვეთი აღმოჩნდა და ხელებში მოცელილივით ჩამივარდა... ჩაეძინა... ძილი საშიშროებას არიდებს გოგონას, იმას უკვე არაფერი ესმის.
ვზივარ ამ ანგრეულ ბარგში, ვერ ვახერხებ მილაგებას. ღამე მოკლეა, რადგან მზისაკენ მივფრინავთ. მრავალი საათი ვფხიზლობ ვენამდე... დასვებამდე ერთი საათით ადრე ვაღვიძებ, პამპერსს ვუცვლი, რაც არც ისე იოლია.
ბარგში ვერაფრით მოვძებნე მარიამისათვის წინასწარ გამზადებული საჭმელი. თვითმფრინავში მორთმეული უგემური სადილიდან იციცქნება.
ვენის აეროპორტში გამოცოცხლდა. წინდაუკან დარბის. იმის თავიც არა მაქვს, გამოვეკიდო. ქართველი ახალგაზრდა დამემგზავრა, ამის ტოლა ბიჭუნა მყავსო და ის დასდევს.
რამდენიმე საათის შემდეგ აირზენას ბოინგზე ავდივართ. მარიამს არ მოსწონს ეს გრიალი, ჭუჭყუნებს, მაგრამ საქმე ჯღავილამდე არ მიდის. აფრენისთანავე იძინებს ბაბუს მკლავებში. მე კი კვლავ ვფხიზლობ.
გარეთ მზე კაშკაშებს, უკვე ნაშუადღევია.
თბილისში ხუთისთვის ჩამოვფრინდით. ახალგაზრდა თანამგზავრი მეხმარება, მე მარიამი მომყავს. იმას ჩემი ხელბარგი მოაქვს.
როგორც კი დარბაზში შევედი, გზის მთელი დაღლილობა და მოთენთილობა მომეხსნა. მარიამი ისე აცელქდა, სანამ საბუთებს ვაფორმებდი, მებაჟეების ხელიდან ხელში გადადიოდა.
გარეთ გავედით და ვხედავ, მთელი ნათესაობა მეგებება, ისინი, ვინც ბავშვებად დავტოვე, უკვე დაზრდილან.
თბილისი შეცვლილი დამხვდა, უფრო ნათელი და მზიანი...
მოკლედ, "ბაი-ბაი" ამერიკა და "ჰელოუ" საქართველოვ!

დასასრული

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts: 3503
Registration date: 09.11.08

PostSubject: Re: ჯემალ ქირია   Tue Jan 29, 2013 6:44 pm



2010-02-25 18:09:58

სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში პროზაიკოს ჯემალ ქირიას დაბადებიდან 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
საღამოზე მწერლის 11-ტომეულის პრეზენტაცია გაიმართა.
საიუბილეო საღამო მწერალთა კავშირისა და საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით მოეწყო.

Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 

ჯემალ ქირია

View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) ::  :: -