არმური (ნისლი მთათა ზედა)
არმური
არმური (ნისლი მთათა ზედა)

არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა
Armuri (scotch mist over mountains) - literary Arena from Georgia (country)


Forum started: Sun 9 Nov 2008
 
HomeHome  PortalPortal  CalendarCalendar  GalleryGallery  FAQFAQ  SearchSearch  MemberlistMemberlist  UsergroupsUsergroups  RegisterRegister  Log inLog in  
* თამარ გელოვანი"სიმღერიდან სიტყვამდე". * მიხო მოსულიშვილი„ჰელესა“ (კინორომანი). * თამარ ლომიძე"ზღვარი" (ლექსები).
* ანრი გიდელი"პიკასო" (ბიოგრაფიული რომანი) * გიგი სულაკაური"ხეტიალი" (ლექსები. რჩეული) * ბელა ჩეკურიშვილი"შეკითხვად სიზიფეს" (ლექსები)
* ლაშა ბუღაძე"ნავიგატორი" (პიესა). * ნინო ქაჯაია (მთარგმნელი)უილიმ გოლდინგი - "ბუზთა ბატონი" (რომანი) * ზაზა თვარაძე"სიტყვები" (რომანი).
* მიხეილ ანთაძე"საიდუმლოებით მოცული უ.შ", "სინქრონისტულობის პრინციპი". *
* რადიარდ კიპლინგი - "აი ასეთი ამბები" (თორმეტი და კიდევ ერთი ზღაპარი), მთარგმნელი ანი მოსულიშვილი * ვახტანგ ჯავახაძე"ვახტანგური" (ლექსები. რჩეული)
* მიხო მოსულიშვილი"დიდი ძუ დათვი" (რომანი). * ნინო ნადირაძე"VIA SOLIS" (ლექსები). * მარიამ ხუცურაული"სანათა" (ლექსები და ჩანაწერები).
* Zurab Karumidze"Dagny or a Love Feast" (English brushed up and fine-tuned by Amy Spurling). * გივი ალხაზიშვილი"ეპისტოლეთა წიგნი" (ლექსები).
* ბესიკ ხარანაული"მთავარი გამთამაშებელი". * მიხო მოსულიშვილი"სულის მდინარე" (თორმეტი ნოველა). * ნინო სადღობელაშვილი"ფრთები და ხელები" (ლექსები).
* მამუკა ხერხეულიძე„ომში, როგორც ომში“ (მოთხრობები). * ნატა ვარადა – „დედის კერძი“ (მოთხრობები). * ზაალ სამადაშვილი – „ავტოპორტრეტი წიგნების ფონზე“ (მოთხრობები). * ვაჟა ხორნაული – „როგორც ბაღიდან...“ (ლექსები). * ირაკლი ლომოური – „ავტონეკროლოგი“ (მოთხრობები).
* მანანა ანთაძე (მთარგმნელი)ტენესი უილიამსი - Camino Real (პიესა). * თამარ ბართაია, დავით გაბუნია, ნინო მირზიაშვილი, მიხო მოსულიშვილი, ნანუკა სეფაშვილი, ირაკლი ცხადაია„ქართული პიესა 2012“ (ექვსი პიესა).
* ნატა ვარადა – "დედის კერძი" (მოთხრობები). * თამრი ფხაკაძე – "ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" (მოთხრობა). * რიუნოსკე აკუტაგავა – "დიალოგი წყვდიადში" (მოთხრობები).
* გიორგი კაკაბაძე"ნიკო ფიროსმანი" (ბიოგრაფიული რომანი). * მიხო მოსულიშვილი – "ვაჟა-ფშაველა" (ბიოგრაფიული რომანი).

Share | 
 

 გოგლა – გიორგი ლეონიძე

View previous topic View next topic Go down 
AuthorMessage
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: გოგლა – გიორგი ლეონიძე   Thu Mar 31, 2011 7:06 pm


Giorgi Leonidze (1899–1966)

გოგლა – გიორგი ლეონიძე

გიორგი ლეონიძე (დ. 27 დეკემბერი, 1899, საგარეჯოს რაიონი, სოფელი პატარძეული, ახლანდელი საგარეჯოს რაიონი — გ. 9 აგვისტო, 1966, თბილისი) - ქართველი მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე. საქართველოს სახალხო პოეტი (1959), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.


ბიოგრაფია

მამა - ნიკო ლეონიძე, ასევე ცნობილი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი, ვაჟა-ფშაველას დიდი მეგობარი იყო. მას გორის სემინარია ჰქონდა დამთავრებული და სიცოცხლის ბოლო წლებში სასულიერო მოღვაწეობას ეწეოდა. დედა - სოფიო გულისაშვილი, ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და ხალხური სიტყვიერების საუკეთესო მცოდნედ ითვლებოდა. სოფიოს მამა ნინოწმინდის სამიტროპოლიტო ტაძრის წინამძღვარი იყო. ბიძა - ზაქარია გულისაშვილი - ხალხოსანი მწერალი, „შაქროს“ ფსევდომინით იბეჭდებოდა.

ნიკო ლეონიძის ოჯახში იკრიბებოდნენ ქართული საზოგადოების გამოჩენილი წარმომადგენლები. ასეთ გარემოში აღზრდილ გიორგი ლეონიძეს ბავშვობიდანვე გამოჰყვა ქვეყნისა და მშობლიური ლიტერატურის სიყვარული. გიორგი ლეონიძის სწავლა-აღზრდაზე დიდი გავლენა მოახდინა მამის დანატოვარმა მდიდარმა ბიბლიოთეკამაც. გიორგის მამა ორი წლის ასაკში გარდაეცვალა და ხუთი და-ძმის აღზრდა დედამისს დააწვა მხრებზე.

1907 წელს გ. ლეონიძე თბილისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ამ პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად ლიტერატურული წრე ჩამოაყალიბა. 1913 წელს მან სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც 1918 წელს დაასრულა. აქ მას ასწავლიდნენ ისეთი გამოჩენილი პიროვნებები, როგორებიც არიან: ვასილ ბარნოვი, ნიკო სულხანიშვილი, კორნელი კეკელიძე და სხვ. 1911 წლიდან უკვე პრესაში გამოჩნდა მისი პირველი ლექსები და წერილები. იგი რედაქტორობდა ხელნაწერ ჟურნალებს "გვირგვინი" და "ფანდური", რომლებიც სემინარიაში გამოდიოდა. 1916 წელს გიორგი ლეონიძემ გამოსცა ლიტერატურული ალმანახი "საფირონი".

პირველი ლექსი „მცხეთა“ ყრმობის ჟამს გამოაქვეყნა (1911, გაზეთ „სინათლე“). ერთი წლის შემდეგ ლექსი უძღვნა ვაჟა-ფშაველას, რომელიც საპასუხო ლექსით (1912, დაიბეჭდა გაზეთ „განათლებაში“) გამოეხმაურა პოეტს. 1912 წლიდან ლეონიძის ლექსები სისტემატურად იბეჭდებოდა ჟურნალ-გაზეთებში, თუმცა პოეტი თავისი შეგნებული სამწერლო მოღვაწეობის დასაწყისად 1915 წელს ასახელებდა. ამ წელს დასტამბულ ლეონიძის ლექსებში, წერილში „ოსკარ უალდი“ (ჟურნალი „თეატრი და ცხოვრება“, № 51) და სხვა აშკარად გამოჩნდა პოეტის მოდერნისტული განწყობილებანი. 1918 წელს იგი დაუახლოვდა „ცისფერყანწელებს“, რომლებთანაც ანათესავებდა ქართულ ნიადაგზე მოდერნიზმის გადმონერგვის სურვილი და ლექსის ტექნიკური სრულყოფისაკენ სწრაფვა. ეს წლები ერთგვარი „ოსტატობის სკოლა“ გამოდგა ახალგაზრდა პოეტისათვის, რომელიც გარკვეული ხარკი მიუზღო სიმბოლიზმს (ლექსები: „ოფორტი“, 1919; „მზე ტაბასტა“, 1922; „ავტოპორტრეტი“ და სხვა წერილები და ნარკვევები). 1919 წელს პოეტმა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტში განაგრძო სწავლა. 1921 წელს ლეონიძემ ტ. ტაბიძესთან ერთად გამოსცა პოეტური კრებული „რევოლჲიუციის პოეტები“. 1922-1923 წლებში იგი „ცისფერყანწელთა“ ყოველკვირეულ სალიტერატურო გაზეთ „ბახტრიონს“ რედაქტორობდა. ლეონიძე მაინც შორს იყო ორთოდოქსული სიმბოლიზმისაგან. შემდგომ პოეტის ღრმა პატრიოტულმა განწყობილებამ და ქართველ კლასიკოსთა ძლიერმა ზეგავლენამ ჩამოაშორა ესთეტიზმს.

ლეონიძე თვითმყოფი და ღრმად ეროვნული პოეტია, რომლის ადრინდელი ლირიკულმა შედევრებმა („ნინოწმინდის ღამე“, „სიმღერა პირველი თოვლისა“, 1926; „მყვირალობა“, „ყივჩაღის პაემანი“, „ყივჩაღის რამე“, 1928; „ოლე“, 1931 და სხვა) იმთავითვე განსაზღვრა პოეტის როლი XX საუკუნის ქართულ პოეზიაში.

საქართველოს ისტორიის წარსულისადმი მიძღვნილ ლექსთა ციკლი „ქართლის ცხოვრება“ პატარა ერის ისტორიის ტრაგიკული ფურცლებია. პოეტი წარსულშიც მომავალს განჭვრეტს; ამიტომაც მისი თუნდაც ყველაზე ტრაგიკული სტრიქონები ნათელი ოპტიმიზმით არის გამსჭვალული («წიგნი „ქართლის ცხოვრება“», «მინაწერი „ქართლის ცხოვრებაზე“», „წინაპრებს“, 1928; «მე ვკითხულობდი „ქართლის ცხოვრებას“», 1929; „დიდ თამარს“, „დავით აღმაშენებელს“, 1941 და სხვა). ლეონიძის ღრმა პატრიოტიზმი, მისი მოქალაქეობრივი პროგრამაა ჩამოყალიბებული ლექსში „ვუმღერ სამშობლოს“, პოეტის იდეალია „ადიდებული, დამწიფებული“ სიცოცხლე, ამავე დროს, ლექსის ის უჭკნობი სიჭაბუკე, რომლის საწინდარია ლექსისა და მისი წარმომშობი ეპოქის თანხმოვანება („სიჭაბუკე და ლექსი ერთია“). საქართველოს მიუძღვნა ლექსთა ციკლი „თბილისის განთიადები“ („მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა“, 1926; „თბილისის განთიადი“, 1935; „თბილისი, ჩვენო თბილისო“, 1940; „თბილისს“, 1947 და სხვა).

პოეტი გამოეხმაურა მეორე მსოფლიო ომს („მხედარი პირტახია“, 1941; „შინმოუსვლელო, სადა ხარ?“, 1943; „არ დაიდარდო, დედაო“, 1944 და სხვა). ძნელბედობის ჟამს შექმნილი ზოგიერთი მისი ლექსი ხალხურ სიმღერად იქცა.

ლეონიძის ლირიკულ-ეპიკურ პოემებში „სამგორი“ (1960) და „ფორთოხალა“ (1951; სსრკ სახელმწიფო პრემია, 1952) თანამედროვეობის, „ახალი ქართლის“ თემა გადაწყვეტილი ისტორიის თემასთან თავისებურ მიმართებაში. „ფორთოხალა“ ისტორიის შემოქმედი ხალხისადმი, უსახელო გლეხის ქალისადმი მიძღვნილი ჰიმნია. ლეონიძეს ეკუთვნის აგრეთვე პოემები „ბავშვობა და ყრმობა“ (1933, სტალინური პრემია, 1941), „ბერშოულა“ (1943), „რატომ არის საქართველო ლამაზი და მდიდარი“ (1957) და სხვა. 60-იანი წლების ზღურბლიდან შეიმჩნევა ლეონიძის პოეზიის ახალი აღორძინება.

ლეონიძის მოთხრობების წიგნმა „ნატვრის ხემ“ (1962, იმავე სახელწოდების ფილმი - 1976, რეჟისორი თენგიზ აბულაძე) სრულიად ახალ მხატვრულ სამყაროს აზიარა მკითხველი, პოეტის ყრმობის ხორცშესხმული აჩრდილები, გააზრებულნი დიდი მხატვრის ღრმა ინტელექტით, თანამედროვე ოსტატის თვალთახედვით წარმოგვიდგებიან. ერთმანეთთან დაუკავშირებელი მცირე მოთხრობების ეპიკურობა მძლავრი პოეტური ნაკადით არის გაჯერებული.

ლეონიძე ნაყოფიერად იღვწოდა ლიტერატურათმცოდნეობაშიც. იყო ქართული ლიტერატურის, განსაკუთრებით ძველი ქართული მწერლობის მკვლევარი, ძველიხელნაწერების დაუცხრომელი მაძიებელი და გამომცემელი. 30-იან წლებში მისი ინიციატივით დაარსდა მთაწმინდის მწერალთა მუზეუმი, რომელიც მოგვიანებით საქართველოს სახელმწიფო ლიტერატურულ მუზეუმად გადაკეთდა (ამჟამად გ. ლეონიძის სახელობისა), იგი წლების მანძილზე ამ მუზეუმის დირექტორად მუშაობდა. მისი დაარსებულია ი. ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი საგურამოში, აგრეთვე ალმანახი „ლიტერატურული მემკვიდრეობა“, რომელსაც თვითონვე რედაქტორობდა. 1940-1948 წლებში „ლიტერატურული მატიანის“ რედაქტორი იყო, 1951-1953 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს მწერალთა კავშირს. 1957-1966 წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ისტორიის ინსტიტუტს.

ლეონიძემ სათანადო კომენტარებითა და გამოკვლევებითურთ გამოსცა მამუკა ბარათაშვილი „ჭაშნილი“ (1920), სულხან-საბა ორბელიანის „სიბრძნე-სიცრუისა“ (1928), იოსებ თბილელის „დიდმოურავიანი“ (1939) და სხვა. ლეონიძეს ეკუთვნის გამოკვლევები ვეფხისტყაოსნის, ვახტანგ VI-ის, დავით გურამიშვილის, ბესიკის, საიათნოვას, ანთიმოზ ივერიელის, მ. გურიელის, ა. ყაზბეგის, ი. ჭავჭავაძის, ა. წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ვ. ბარნოვის და სხვათა შესახებ.

დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ბმულები:
* http://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ლეონიძე

* http://home.ner.ge/?p=2186#more-2186

* http://lit.400.ge/board/1-1-0-48


ვაჟა-ფშაველა

გიორგი ლეონიძეს

სიჭაბუკის დროს პირველად
როს ვახილებდი თვალებსა
და ვუცქეროდი მტირალი
სამშობლოს განაწვალებსა.
ვეძებდი აქეთ-იქითა
ქვეყნის დამხმარე ძალებსა
არავინ უჩნდა დარაჯად
ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა,
ვტიროდი უფრო ძალიან,
ცრემლებს ვაფრქვევდი მწარესა
დღეს ვხედავ გაჰმრავლებიან
მშობელ ქვეყანას შვილები
მტერს არ მისცემენსათელად
თავის სამშობლოს გმირები,
მირჩება წყლული გულისა,
ვყუჩდები ანატირები.

1912 წ. 29 ნოემბერი

გიორგი ლეონიძემ როგორც პოეტმა, პირველი ნათლობა ვაჟა-ფშაველასაგან მიიღო. ვაჟა-ფშაველამ "დამსკდარი ხელი თავზე დამადო",- იხსენებს გიორგი ლეონიძე. როგორც ჩანს, მასზე დიდ იმედებს ამყარებდა მთის არწივი.
1912 წლის 29 ნოემბრითაა დათარიღებული ლექსი "გიორგი ლეონიძეს", რომელიც ვაჟამ თორმეტი წლის გოგლას მიუძღვნა.

study
Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
Admin
Into Armury
Into Armury


Male
Number of posts : 3867
Registration date : 09.11.08

PostSubject: Re: გოგლა – გიორგი ლეონიძე   Thu Mar 31, 2011 7:20 pm

მიხო მოსულიშვილი

ჯვარ-ხიანი წიგნის პარაბოლა

ეს წიგნი პატარაობიდან მიყვარს.
მე რომ დავბადებულვარ, იმის მეორე წელს უყიდია დედაჩემს და შინ მოუტანია.
ასე რომ, მე და ეს წიგნი ერთად ვიზრდებოდით.
რაკი კითხვა არ ვიცოდი, ჯერ იმისი ნახატები შემიყვარდა.


ყდაზე დაბეჭდილ ნატვრის ხეს ჯვრად აღვიქვამდი - ეტყობა, არცთუ უსაფუძვლოდ და ჩემი ჯვარ-ხიანი წიგნი რა იქნა, სად წაიღეთ მეთქი, სულ იმის გადაკარგვასა ვჩიოდი.
გადავშლიდი და გორაზე შემოსკუპებული ციხე-კოშკის ნანგრევი და პატარა ეკლესია გადაჰყურებდა სოფელს, რომელშიც გზა ამოდიოდა და იმ გზაზე ორცხენშებმული ეტლი მიირწეოდა.


მეორე მხარეს, წითელი წარწერის ქვეშ, ისევ ის ჯვრიანი ხე ეხატა, მე რომ მიყვრდა.
და მერე იყო, რაც იყო: ყოველ მოთხრობას თავიდან ნახატი ჰქონდა.


ჯერ შავი ტყის ფონზე თეთრი ხე ეხატა, მლოცველივით თეთრი ხე.


იქით, სოფლის ხეებში სამი ჩემნაირი ბიჭი იდგა - ნეტავი, რას თათბირობდნენ...


მერე მზე ამოდიოდა და ცხენშებმულ მარხილს, რომელზედაც ის სამი ბიჭი წამოსკუპებულიყო, ვეება კაცი მოჰყვებოდა.


შემდეგ ნახატზე ხის ძირში სოფლის ჭორიკანა ქალები ისხდნენ და ვიღაც ქოლგიანი ქალი უახლოვდებოდათ. ეგ ფუფალააო, - მეუბნეოდნენ ჩემიანები.


აქ, ქვის ყორესთან ჯოხზე დაბჯენილი, კარტუზის ქუდიანი კაცი ეხატა - ბედკრული და საბრალო.


იქით ოთხ კაცს მხრებზე გაედო კუბო, სასაფლაოსკენ თუ მიჰქონდა და უკან შავებიანი ქალი ასდევნებოდა ტირილით.


აქ ოჯახის მამას დიდი ხარი მიჰყავდა, ხარს კისერი მოეღრიცა და დედასთან მდგარ ბიჭს უყურებდა დარდით.


მერე ჩამობურული გორები იყო - კოკისპირული წვიმა ასხამდა, თან ქარიშხალიც ამოვარდნილიყო და ერთი პატარა ტოტი გადაეზნიქა.


შემდეგ მოდიოდა თეთრი გორები, თეთრი სახლები და ფოთლებგაცვევნილი სამი ხე - აქ ზამთარი იყო.


ცხენით მიმავალი მხედარი წაქცეულ და შეშინებულ კაცს უყურებდა, - ეგენი ჩირიკი და ჩიკოტელა არიანო, - მიხსნიდნენ.


აქ კიდევ საფლავებზე გადასულიყო ხალხი “სახელის მისალოცად”.


აი, ამ დარბაზში ლხინობდნენ გლეხები და სუფრის თავში მჯდომ კაცს ღვინჯუა ერქვა, თურმე.


ესეც დედაჩემის მსგავსი ქალი ეხატა აყვავებულ ხეებში და პატარა გოგონას ეფერებოდა.


აი, აქ კი მღვდელი მიდიოდა სოფლის შარაზე და კახური ქუდის მოხდით ესალმებოდა ვიღაც გლეხი.
სოფლის სახლების ფონზე რომ ჩოხა-ქალამნებიანი და ხელჯოხიანი ბერიკაცი იდგა, მაგრად ნაგები და მტკიცე, ეს ციციკორე ყოფილიყო...


აი, ამ ნახატზე მეტირებოდა ხოლმე - დაბღვერილი და გაბრაზებული სახლები მოჩანდა და სოფლის შარა, სადაც ვირზე უკუღმა შეესვათ ულამაზესი ქალი, უკან კი ხალხი, კაცებიცა და ქალებიც მისდევდნენ და, ქვასა და ტალახს უშენდნენ. ცაც კი მრისხანებდა ამის მნახველი, ისე ჩამომხობოდათ თავზე. ამას ჯერ ვერ გაიგებ, რომ გაიზრდები, მერე აგიხსნითო, - ამ პასუხით მიშორებდნენ ხოლმე ჩემი უთავბოლო შეკითხვებით გაბეზრებული შინაურები.


აი, ესეც რა საინტერესო ვიღაცა ჩანდა, ერთფანჯრიან ოთახში, მაგიდასთან მიმჯდარი, წიგნების კითხვისგან თვალებამოღამებული კაცი - ამასაც კარგი სახელი ერქვა, ჩორეხი.


ამ გორაზე რომ ხელჯოხიანი კაცის სილუეტი მოჩანდა და აქეთ ტანდაკორძილი მუხა - ესეც მომწონდა: საით წავიდოდი და როგორ ვითამაშებდი აქ, მიმართულებებს ვირჩევდი ხოლმე.


აი, ამ საფლავის ქვაზე რაღაცა ეწერა, თან დოქი, ყანწი, შოთი პურები და მტევნები ეხატა. ეს მაინც წამიკითხეთ მეთქი, ვიხვეწებოდი ხოლმე და იქიდან მახსოვს: “სიკვდილო, შე დაწყევლილო, უცაბედად მიგდე მახე, პურ-მარილის ტკბილი მამა რა უჭმელად დავიმარხე!” ეს კიდევ ჭამპურა იყო.


ესეც მებრალებოდა - ორ ფორმიანსა და შეიარაღებულ კანონის დარაჯს შუაში ჩაეყენებინა, გაეკავებინა და ქვაფენილიანი ქუჩით მიჰყავდა სადღაც - ალბათ, მეტეხის ციხეში, რადგან გარშემო ქალაქის კოხტა-კოხტა, აივნიანი და, ალბათ, წითელკრამიტიანი სახლები მოჩანდა...
არა, არც მინდოდა იმათი წაკითხული...
სულ არ მინდოდა, სულ არა...
ეჰ, ნეტავი, მალე მესწავლა ანბანი, კითხვა რომ შემძლებოდა და თავადვე გამეგო ამ ნახატების ამბავი ამ მშვენიეირ ჯვარ-ხიანი წიგნიდან, - ალბათ, რა მაგარი უნდა ყოფილიყო!..
ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც ეს ნატვრა ამიხდა.


ეს ჯვარ-ხიანი წიგნი გიორგი ლეონიძის “ნატვრის ხე” არის, ქვესათაურად “ყრმობის მოგონებები” აწერია და 1964 წელს მეორედ არის გამოცემული გამომცემლობა “ნაკადულის” მიერ, ხუტა ბერულავას რედაქტორობითა და თენგიზ მირზაშვილის მხატვრობით. აი, თურმე, ვისი ყოფილა ეს ნახატები! შემდეგ გავიგებ, რომ სწორედ ხუტა ბერულავას დიდი თხოვნითა და მონდომებით დაწერილა ეს წიგნი, რომელიც, გულახდილად ვიტყვი, არც კი მეგონა ადამიანის შექმნილი, ისეთი იყო.



რამდენჯერ მივბურნებივარ, მომნატრებია და მოვფერებივარ - ელიოზსა თუ ფუფალას, მეეტლე იაგორასა თუ ჩალხიას, ნათავადარ ყადორსა თუ გუთნისდედა ნინიას, ჩირიკსა და ჩიკოტელას, გიტარა-მაიორსა თუ მედუქნე ჩარირამას, პროვიზორ ანთიასა თუ თეთრუას სატრფოს საკვირველად ხმოვანი სახელით - კიკრიკიკოს; ღვინჯუასა თუ თაყას, დეიდა მაიკოს თუ ანარქისტ იორამს, ციციკორეს თუ ჩორეხს, ჭამპურასა თუ ბუნბულა დალაქს...
და როგორ მწარედ, რა ძალიან მიყვარდა და მტკიოდა მარიტა - მისი ტრაგიკული სიყვარულის ამბავი, ახლაც რომ ვერ წამიკითხავს უცრემლოდ.
მერე, გოგლას პროზის სტილისა თუ რიტმის, მისი მადლიანი ენის ღრმად შესწავლას რომ ვცდილობდი, მთელი გვერდებიც კი გადამიწერია ხოლმე ამ ჯვარ-ხიანი წიგნიდან, სადაც აბობოქრებული სიტყვის ისეთი ზეიმი იდგა და დგას ახლაც, რომ ვერას დააკლებს ვერაგი დრო-ჟამი.
მანანა გიგინეიშვილის გადმოქართულებული ხუან რამონ ხიმენესის “პლატერო და მე” რომ წავიკითხე, ჯვარ-ხიანი წიგნი გამახსენდა, მერე ერთმანეთს დავატოლე ეს ორი ნაწარმოები და მივხვდი, “ნატვრის ხის” კარგი ესპანური თარგმანი რომ არსებობდეს, კაი ხნის დაკარგული და მერე შინ მიბრუნებული ძმასავით ამოუდგებოდა მხარში.
ახლა კი, როცა პოეტის დაბადებიდან საუკუნეზე მეტია გამომხდარი, ის ეპიზოდი მინდა გავიხსენო ამ წიგნიდან, სადაც მარიტა ეხვეწება მთხრობელს - მომეცი შენი ლექსები, ამ ფარდაგზე ამოვქსელო, აქეთ-იქიდან კი ვარდები ამოვუქარგოო, და ავტორი დაიჩივლებს, - სად მქონდა ისეთი ლექსი, რომ ღირსი ყოფილიყო მარიტას გულისყურისა თუ მისი თითების შრომისაო; ახლაც კი ვერ დავარწმუნებდი მარიტას, რომ იმის ხალიჩაზე ამოქსოვის ღირსი ლექსი ჯერაც არ დამიწერიაო.



დარწმუნებული ვარ, გიორგი ლეონიძეს ეს თავმდაბლობით მოსდის, თორემ მარიტას ხალიჩაზე თუ ფარდაგზე ამოსაქარგავი ერთი კი არა, რამდენი ლექსი დაუწერია და უჩუქებია თავისი მკითხველისთვის, - ამას რა ჩამოთვლის. ხოლო თუ მაინცდამაინც მე უნდა შევარჩიო მარიტას ხალიჩაზე ამოსაქარგავი ლექსი, ცოტას ვიყოყმანებდი თუ ბევრს, თან იმასაც გავითვალისწინებდი, რომ ხალიჩაზე დატეულიყო და მარიტასაც ძალიან მოსწონებოდა, აი, ამას შევთავაზებდი:

ციცარი

“გადამაგდე და დამკარგე,
როგორც ჩერქეზმა ისარი”,
ასე გავარდა სამგორში,
ცას დაეხალა ციცარი.

ვაი, ნაგზაურო ციცარო,
გაზრდილო ჩემის ხელითა,
შენ სადღეგრძელოს აღარ ვსვამ
ქაფქაფა საწნახელიდან.

არც დაგიღებავ ფრჩხილებსა
ზაფრანა-დარიჩინითა,
წადი და იმას აკოცე,
ვინც მინდვრად გაგაჯირითა!

ის ბაზიერი გიყვარდეს,
გაჭმევდეს აღჯანაბადსა;
მე ჩემს გზას გამოვუდგები,
ცხენზე დავაკრავ ნაბადსა.

სათათრეთს გადავვარდები,
დამკვრელად ვივლი თარისა;
ჩოხა წვიმისა მეცმევა
და ყაბალახი მთვარისა...

აქვე ისიც შეიძლება დავძინო, რომ ეს ლექსი 1925 წელს არის დაწერილი, ესე იგი, სწორედ მაშინ, როცა მარცხიანად დასრულდა ბოლშევიკური რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს აჯანყება და ქაქუცა ჩოლოყაშვილიც, თავის შეფიცულთა რაზმიანად “სათათრეთს” გადაიხვეწა...
და ბოლოს, ამ ჯვარ-ხიანი წიგნის კიდევ ერთი ინტეგრალი, რომელიც პირადად ჩემთვის მხოლოდ შეგრძნების დონეზეა და ჯერაც ბოლომდე ამოუხსნელი, ის არის, რომ - “ნატვრის ხე” ისეა დაწერილი, როგორც ნიკო ფიროსმანაშვილი დაწერდა, მხატვარი კი არა, მწერალი რომ ყოფილიყო. და ეს შეგრძნება უცანაური სულაც არ მოგვეჩვენება, თუ გავითვალისწინებთ, რომ გოგლამ ლამის მთელი ცხოვრება შეალია ამ გენიალური მხატვარზე მასალების შეგროვებას და, მართალია, იმ ჩანაწერების ნაწილი კი მეტად უცნაურ ვითარებაში დაკარგა, მაგრამ დანარჩენი ხომ მაინც მოასწრო და გამოაქვეყნა სათაურით - “ცხოვრება ფიროსმანისა”.

1999



Back to top Go down
View user profile http://armuri.4forum.biz
 
გოგლა – გიორგი ლეონიძე
View previous topic View next topic Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
არმური (ნისლი მთათა ზედა) :: მთქმელი და გამგონებელი :: ლიტერატურა უსაზღვრებოდ-
Jump to: